შაბათი, ივლისი 19, 2025
19 ივლისი, შაბათი, 2025

რეალურისა და იდეალურის „კონსენსუსზე“

0

იცვლება განა რამე ამ წუთისოფელში? განა ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველი არ არის?! არსებობს კი გრძნობა, რომელიც არასდროს განუცდიათ ან ქმედება, რომელიც არ ჩაუდენიათ? ტკივილი, რომელსაც კათარზისი მოსდევს, ტანჯვას კი – იქნებ უკვდავებაც?.. ტატო გავიხსენოთ, ბარათაშვილი, დარჩენილი ჩვენს ისტორიაში სწორედ ამ სასიყვარულო სახელით, რომლითაც ასე ცოტას გამოარჩევს ხოლმე ერი, და მისი „თავგანწირული სულისკვეთება“:

„ეს ღამეც წავიდა, ვითარცა სიზმარი. კიდევ მომნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ. ვისაც საგანი აქვს, ჯერ იმისი სიამოვნება რა არის ამ საძაგელს ქვეყანაში, რომ ჩემი რა იყოს, რომელიც, შენც იცი, დიდი ხანია ობოლი ვარ.

არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლე მამძულებია ამდენის მარტოობით. შენ წარმოიდგინე, მაიკო, სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში!
ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა, იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არ ჰქონია; ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი ცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა!

სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი?

ვიცი, გაიცინებ, ასე გეგონება, დამწვარი ვლაპარაკობ. ჭეშმარიტად, მაიკო, ასე გულცივად ჯერ განსჯა არა მქონია. ასეთი თავისუფალი ფიქრი მაქვს და ასეთი მტკიცე გული, რომ სამოცი წლის მოხუციც ვერ იქნება ჩემისთანა უსყიდელი მსაჯული.

მოიგონე ცოტას ხანს დრონი წარსულნი და მაშინ შემიბრალებ. ყმაწვილობითვე შეჩვეული რაზედმე სული ძნელადღა გარდაიცვლის ჩვეულებას და, ვიდრემდის სრულიად გარდაეჩვევა, მწარეა ტანჯვა და ბრძოლა მისი.

„ძნელი არის მარტოობა სულისა:
მას ელტვიან სიამენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა!“

შენი ავადმყოფობა შევიტყვე, რა დაგემართა? თუ ფიქრობ, ასეთს რას იფიქრებ, რომ ბოლო არა ჰქონდეს, ასეთს რას მიიღებ, რომ არ დაკარგო? მიჩვენე კაცი, რომ მადლიერი იყოს ამ წუთის სოფლისა.

დაიმარხე მშვენიერება სულისა, უმანკოება გულისა! აი ჭეშმარიტი ბედნიერება, უმაღლესი სიამე, რომელსაც კი კაცი წაიღებს ამ სოფლისაგან. სხვათა ბედნიერებათა სოფლისათა უყურე გულგრილად, ამაყად და გრწამდეს, რომ იგინი შეურჩენელნი არიან!

თუმცა აქიმბაში არა ვარ, მაგრამ ეს წამალი სიზმარშიც მაქვს ნასწავლი და, თუ დამიჯერებ, იმედი მაქვს, რომ გარგოს“.

ქალი – გასაგებია, მას გრძნობებზე აქცენტირება თვით ბუნებისგან აქვს ბოძებული, მაგრამ კაცი რომანტიკოსი ძალიან ცოდოა, რადგან შეიძლება, გადაყლაპოს, შთანთქას რეალობამ. ამიტომ კაცი უნდა იყოს რეალისტი, მაგრამ რომანტიკის დამფასებელი, რასაკვირველია.

ლიტერატურული მიმდინარეობა „რომანტიზმი“ და მსოფლმხედველობრივი, ცხოვრებისეული რომანტიზმი სხვადასხვა რამაა და „შუა უზის დიდი ზღვარი“. ჩვენი რომანტიკოსები ლიტერატურულად იყვნენ წარსულზე მეოცნებენი, მსოფლიო სევდით, მაგრამ რეალიზმის გარეშე ვერანაირად იქცეოდნენ მწერლებად, ვერანაირად დაიმკვიდრებდნენ თავს ქართულ, მარად ხისტ სინამდვილეში. ამიტომ იყო, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი ქმნიდა „ცისა ფერს“ და თან წერილებს სწერდა ბიძას, გრიგოლ ორბელიანს – სთხოვდა, სამსახური ეშოვა მისთვის, რომ სიღარიბის ჭაობიდან ამოსულიყო, ვალები გაესტუმრებინა, მაღალი პოეზიის საუფლოში ხშირად მოხვედრილიყო. ცალკე წერდა „ბედი ქართლისას“, ცალკე კი რუსულ ცენზურას უხვევდა თვალს ორაზროვანი ლექსით „საფლავი მეფის ირაკლისა“. თავის მხრივ, გრიგოლ ორბელიანი ცალკე 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობდა, ცალკე რუსეთის იმპერიის ჩინ-მედლებით იმშვენებდა გულმკერდს. სამწუხარო რეალობაა, როცა ზნეობრივ კომპრომისებს გთხოვს ცხოვრება ადამიანური სახის შესანარჩუნებლად. თუმცა ზღვარი აქაც საჭიროა, რასაკვირველია…

ახლა „ჩამოვალაბორანტებ“ ჩემს მსჯელობას ყოფითამდე, რუტინულამდე, სადაც, ჩემი აზრით, ცოტაოდენი რომანტიზმი მაინც საჭიროა. ქართველმა კაცმა ვაი რომ იცის, რა არის დღეს ოჯახის რჩენა, თუ მისი წინამძღოლობა უნდა, თავმოყვარეობა თუ არ დაუკარგავს და ქალისთვის არ დაუთმია ეს საპატიო, ტრადიციული მისია. თუნდაც სქესთა ურთიერთობა ავიღოთ – აქაც ბალანსია საჭირო. ერთია ყოფითობის „მჭრელი“ მერკანტილიზმი, რომელმაც მთლად ზნეობა არ უნდა დაგათმობინოს, მაგრამ მძიმე რეალობაში ლავირება კაცს უფრო მოეთხოვება, ვიდრე ქალს (სადაც პირიქითაა, აქ ვერ არის ადეკვატურობა თუნდაც ქალურ-კაცური ბუნების გაგება/განხორცილებისა). მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ კაცმა არ იცოდეს, რას ამბობდა გალაკტიონი ამ ლექსში:

 

შორეული ქალის ეშხი

მოვა… მაგრამ როდის?

სიყვარული სასახლეში

მხოლოდ ერთხელ მოდის!

ასეთია ნაზი ბედი,

ბედი რჩეულ ფერის;

სიცოცხლეში თეთრი გედი

მხოლოდ ერთხელ მღერის!

ყვავილები უხვად არის

დენდის… მეფე მონის.

ქარში ათრობს არემარეს

ოხვრა ტრიანონის.

და ლანდებად თეთრ სარკეზე

ჩნდება სახე მკრთალი

შუაზელი, ესტარგეზი

და თვით დედოფალი.

ზრდილი, ნაზი და მეფური,

ჩემი ძველისძველი

ლექსი არის უნებური

სიზმრით შემმოსველი.

მხოლოდ თეთრი შადრევნებით

მე ვერსალის ბროლი,

მაცდურ თვალის გადევნებით

მტანჯავს მსუბუქ-მქროლი.

 

დედოფალო! ლურჯა რაში

მიჰქრის საშიშ-ჩქარი

და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში

მიაქვს მძაფრი ქარი!

 

მიჰქრის დალალგადაყრილი:

დოვინ, დოვენ, დოვლი…

თოვლი, ფიფქი და აპრილი,

ვარდისფერი თოვლი.

 

…ანდა ისე იყოს კაცი გაუხეშებული შიანაგანად, რომ „გულის თვალი არ უწყლიანდებოდეს“ ამ სიტყვების გახსენებაზე: „ძევახ, სიცოცხლეო ჩემო..“
მოკლედ და კონკრეტულად კი ასე ვიტყოდი – ადამიანს თუ არ შეუძლია რეალურისა და რომანტიკულ-იდეალურის დაბალანსება საკუთარ თავში თუ მის გარეთ, „გასტანჯავს წუთისოფელი“, რეალისტურად დაუცველ იდეალიზმსაც „გასტანჯავს“, გალახავს თუ შელახავს.

ყველაფრის დახარისხება შეიძლება, რაც მატერიალურია. ტიპებად, ჯგუფებად, ქვეჯგუფებად, ჟანრებად, კატეგორიებად და ასე შემდეგ.

ყველაფერი დიდია ან პატარა ვიზუალურად, შინაარსობრივად თუ ფაქტობრივად.

მაგრამ არა ადამიანი! როცა ადამიანების „დახარისხება“ იწყება, იქ კვდება ადამიანობაც. კაცობრიობის ისტორიაში ვინც ადამიანების დიფერენციაცია, მათ შორის განსხვავებების პოვნა და ადამიანის ამით შეფასება სცადა (კანის ფერის, წარმომავლობის, სისხლის „მეტაფიზიკისა“ თუ სოციალური კუთხით), – ულიანოვი იყო ეს თუ შიკლგრუბერი, – იქ დადგა კრახი ცივილიზაციისა თუ სააზროვნო კულტურისა.

ადამიანი ადამიანია – ის ავაზაკიც, რომელმაც იესოს გვერდით ჯვარზე გაკრულმა შეიმეცნა უდიდესი ჭეშმარიტება და თავად განკაცებული ღმერთიც, რომელიც სწორედ ამ განსხვავებულობის არარსებობის საჩვენებლად ჩამოვიდა მიწაზე – შეგვახსენა, რომ საკაცობრიო სიყვარულმა არ იცის განსხვავებები; იდეაში ისე უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც ღმერთს ვუყვარვართ: იუდაც და ურწმუნო თომაც, ლაზარეც, საბრალო მეზვერეც, ძე შეცდომილიც და პავლედ გარდასახული სავლეც.

„დიდი და პატარა“ ადამიანები არ არსებობენ – ყველა დიდია, როგორც ღვთის ქმნილება და ყველა პატარა, როცა საკუთარი ცოდვილი ბუნების ძლევაზე მიდგება საქმე. ანუ „მიწაცაა“ ყოველი ჩვენგანი და „ზეცაც“.
ნიცშეს ყველაზე დიდი შეცდომა ზეკაცობის თეორია იყო, რომლითაც ღვთის დაკნინება, დაძლევა სცადა – რით სრულდება ხოლმე ასეთი ხდები, ვიცით, და დასრულდა კიდეც.

დიდი ადამიანობა რა არის?
ღმერთთან მსგავსება – მაღალი სულიერება, სწორი ღირებულების ერთგულება, თავმდაბლობა, უბრალოება, ღვაწლი, მსხვერპლი, თავგანწირვა იდეის, ქვეყნისა თუ კაცისთვის!
ხშირად სულის ასეთი დიდებულება არც აღიარებს თავს განსაკუთრებულად.
„დიდ კაცთან პატარა კაცსაო“ ადამიანმა ამოთქვა სწორედ გამრუდებულ თვალთახედვაზე, შეზღუდულ თვალსაწიერზე, მიწისკენ, ტალახისკენ სწრაფვაზე, პატივმოყვარეობაზე, ამპარტავნებასა და ყოველივე სატანურ-მეფისტოფელურზე.
საკუთარი თავის – ვნებების, განდიდების მანიის, საკუთარი მნიშვნელოვნების „გაბერილი“ შეგრძნების – დაძლევას გისურვებთ, ადამიანებო, რომ საკუთარ შინაგან სამყაროში ღმერთი გამუდმებით არ ვაცვათ ჯვარს. ეს „ომიც“ საშიშია და ზოგჯერ – მისგან მოგვრილი „მშვიდობაც“.

სიწმინდეებს რაც შეეხება.

ჩვენ ვართ კავკასიელები და, ამასთან, ქართველები, ანუ ჩვენ გვაქვს არა აზიური, არამედ ევროპული ბუნება. ევროპა ნიშნავს შინაგან და გარეგან კულტურას, განათლებას, ცივილიზაციას, რომლის სათავეებთანაც ვდგავართ როგორც ერი. ეს მათთვის, ვისაც ევროპა მსოფლიოსთვის იდეოლოგიურად თავს მოხვეული, გლობალურად ზნეობრიობის დაკნინებისკენ მიმართული ტენდენცია ჰგონია.
ანუ ევროპელობა ნიშნავს სააზროვნო, სოციალურ, ყოფით კულტურას, წესრიგს.

კავკასიელობა ნიშნავს ტრადიციების ერთგულებას, კონსერვატიულობას, პატიოსნებისა და ზნეობის გაფეტიშებას.
ქართველობა ყოველივე ამას დამატებული სიწმინდეების დომინირებაა. უამისოდ ერთ წუთს არ უცხოვრია ჩვენს ერს და საზოგადოებრივი ფორმაციების პროგრესის გზით ამ სააზროვნო მოდელმა ქრისტიანული ფორმა მიიღო, რომელზე მაღლა ასული ცნობიერებაც არ იცის კაცობრიობამ.

ქართველი კაცი, რაც უნდა დაბეჩავდეს და დაკნინდეს, სიწმინდეს არასდროს შეურაცხყოფს, თუ ის ჯანმრთელია მენტალურად ანუ ტრადიციული ფასეულობების პატივისმცემელია. ლეჩაქს არ დაიხურავს ჩვენი კაცი, არათუ ლიფით ან ტანგით გაივლის… და არც გაატარებს არავის ასეთს გვერდით, სანამ პირში სული უდგას. ეს ურყევი მოცემულობაა და ვინც ამას ვერ გაიგებს, მან არც საქართველო იცის. მაშასადამე, ჩვენ არ გვემუქრება გარედან გამრუდებული „კონცეფციის“ თავს მოხვევა, რადგან ამ მხრივ არ ვმერყეობთ.

ოჯახი ანუ კერია კი ჩვენთვის სამყაროს მოდელია, სახელმწიფოსიც, არსებობის უცვლელი ფორმაც, ანუ ფრანგებივით თავისუფლები ნაკლებად ვიქნებით ამ მხრივ და ყოველთვის ვაღიარებთ ამ პირობითობას, რომელსაც ეყრდნობა ჩვენი ეროვნულობაც – დემოგრაფიული მომენტი თუნდაც, ან იმ წიაღის პატივისცემა, რომელშიც ეს ეროვნული ითესება და ღვივდება; მერე სკოლაა, მერე საზოგადოება და ა.შ.

სიწმინდეებით დავიწყე და ამითვე დავამთავრებ – ეს არის ის საყრდენი, რამაც გადაგვარჩინა. ჩვენ მაღალი სააზროვნო კატეგორიების მაღიარებელი და მათი მოწიწებით პატივისმცემელი ერი ვართ. თუ ასე აღარ ვიაზროვნებთ, აღარც ვიქნებით, როგორც ერი. უფრო მარტივად ვიტყვი – ჩვენთვის ზნეობრიობა სახელმწიფოებრივ დონეზეა აყვანილი, ხოლო ის, რაც ზნეობრივია, არასდროს არის წარსული – მარადი აწმყოა, შესაბამისად, მომავალიც. ისევ ჩემს საყვარელ ვაჟა-ფშაველას ვახსენებ – სანამ იცოცხლებს ვაჟა და მისი ღირებულებები, იქნება საქართველოც.

აი, რას უნდა გავუფრთხილედეთ! აი, რა არ უნდა გავაყალბოთ! ეს არის დამღუპველი და არა თვალებშეღებილი კაცები თუ საწყალი, ქალობადაკარგული, გაკაცებული ქალები. მიმიხვდით ალბათ, სად არის საჭირო სიმტკიცე – ეროვნულობა და სწორი ღირებულებები, ორიენტირები, რომელთა შორის არის თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ც! ეს უკანასკნელი უძვირფასესი განძია ქართველისთვის და მისი დაკარგვა სქესობრივი ორიენტაციის შეცვლაზე მძიმე ტრაგედიაა.
ნურც ბომონთა (ფულისა თუ პიროვნებების) მონები ვიქნებით, ნურც მავნე შიშებისა, რომ ერთი მხარის უარყოფა ნიშნავს, მეორეს „ბაბაიას“ ვეძახდეთ და სანუკვარ თავისუფლებას ვუძღვნიდეთ ხონჩით. „ბაბაია-გველეშაპს“ რაც უნდა მიართვა ნარჩევი ქალ-ვაჟები, დროებით გადარჩები, ბოლოს მაინც მის სისხლით გაუმაძღარ სტომაქში ამოყოფ თავს. ქვეყნის ჩუქების უფლება კი არავის აქვს – ის ღვთაებრივ ანუ ისევ სიწმინდეების სიბრტყეზე განსახილველი არსია, ყველასიცაა და კონკრეტულად არავისი საკუთრებაც.

ზემოთქმულის გაფრთხლება ნიშნავს, „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“ და არა მსოფლიოსგან განცალკევებას. ღმერთს ვაბარივართ კარგა ხანია ქართველები და ვებარებოდეთ!

ეს არის ჩემი სათქმელი დღეს.

პროექტი „იყო და არა იყო რა“

0

შეარჩიო მოსწავლეებზე მორგებული, საინტერესო და შესრულებადი პროექტი, არც ისე ადვილი საქმეა, თუმცა არც შეუძლებელი. საზოგადოდ, მასწავლებლებს ხომ ყველაფერი შეგვიძლია და  ვაკეთებთ კიდეც ჩვენი მოსწავლეებისთვის. ვიგონებთ, ვაკავშირებთ, ვაერთიანებთ და ვქმნით ისეთ აქტივობებს, დავალებებსა თუ პროექტებს, რომელიც მოსწავლეთა საჭიროებებს მიესადაგება.

ერთ დღეს მეგობრის წერილი მივიღე. ჩემი მეგობარი ელენე სოზიაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მასწავლებელია და ქართულს როგორც მეორე ენას ასწავლის აზერბაიჯანელ ბავშვებს. ერთობლივი პროექტის განხორციელება გადავწყვიტეთ. ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ ასეთი რამ მოვიფიქრეთ: ჩვენს მოსწავლეებს აზერბაიჯანული და ქართული ზღაპრები გაეცნოთ ერთმანეთისთვის. დავიწყეთ მუშაობა და დისტანციურად მოვახდინეთ ჩვენი კლასების ინტეგრაცია.

პროექტის მიზანი: აზერბაიჯანული და ქართული ზღაპრების გაცნობა ჩვენს კლასებში

პროექტის ეტაპები:

  1. მოსწავლეების გაცნობა. საწყის ეტაპზე მოსწავლეებს ერთმანეთი გავაცანით. ამისთვის ჩავწერეთ ვიდეო, სადაც მოსწავლეები საუბრობენ საკუთარ თავზე, ამბობენ თავიანთ ვინაობას, ჰყვებიან, რა მოსწონთ, რა უყვართ. ამით გამოიკვეთა საერთო ინტერესები. მე და ელენემ ვიდეოები ერთმანეთს გავუცვალეთ და საკლასო ოთახში მოსწავლეებს ვაყურებინეთ. ამის შემდეგ ვიდეოზარით დავუკავშირდით ერთმანეთს და მოსწავლეებს ურთიერთობის დამყარებაში დავეხმარეთ.
  2. მშობლის ჩართულობა. ვინაიდან კლასში მეც მყავდა აზერბაიჯანელი მოსწავლე, გადავწყვიტე, პროექტში მისი მშობელიც ჩამერთო. ვთხოვე, ჩვენთვის ესწავლებინა მისალმება და რამდენიმე წინადადება აზერბაიჯანულ ენაზე. ვიდეოზარის დროს ჩვენ აზერბაიჯანულად მივესალმეთ მეგობარი სკოლის მოსწავლეებს, ისინი კი ქართულად მოგვესალმნენ. ამით ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოვხატეთ.

  1. ზღაპრების წაკითხვა. ჩემმა მოსწავლეებმა, თბილისის 126-ე საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, ქართული ხალხური ზღაპარი „ლომი და კურდღელი“ წაიკითხეს, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა – აზერბაიჯანული ზღაპარი „ფადიშაჰი და ვეზირი“.
  2. ზღაპრების დამუშავება. ამის შემდეგ ზღაპრები კლასში განვიხილეთ. განვმარტე უცხო სიტყვები. დედააზრის უკეთ გასაგებად დავსვი რამდენიმე კითხვა:
  • ვინ არიან ზღაპრის პერსონაჟები?
  • რა თვისებები აქვთ პერსონაჟებს? წაგვიკითხეთ ტექსტის შესაბამისი ადგილები.
  • დაგვისახელეთ ზღაპრის დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული.
  • შეცვლიდით თუ არა დასასრულს? როგორ?
  1. ილუსტრაციების შექმნა. მოსწავლეებმა დახატეს წაკითხული ზღაპრების პერსონაჟები.

  1. ზღაპრების გაცვლა. მე და ელენემ ერთმანეთს გავუცვალეთ ზღაპრები, რომლებიც მოსწავლეებს წავუკითხეთ.
  2. ილუსტრაციების შექმნა (2). ზღაპრები დავყავით მონაკვეთებად: დასაწყისად, შუა ნაწილად და დასასრულად, – რომელთა მიხედვითაც მოსწავლეებმა ჯგუფურად შექმნეს ილუსტრაცია და პრეზენტაციის დროს იმსჯელეს, რომელი მონაკვეთის შინაარსს გადმოსცემდა ნახატი.
  3. შეფასება. პროექტის დასასრულს კვლავ დავუკავშირდით ერთმანეთს ვიდეოზარით. მოსწავლეებმა ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს, წარუდგინეს პრეზენტაცია შექმნილი ილუსტრაციებს გამოყენებით და ჩვენი დახმარებით ისაუბრეს.

საქართველოს სხვადასხვა კუთხის სკოლებისა და მოსწავლეების ერთმანეთთან დაკავშირება, ერთმანეთის კულტურის გაცნობა და გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ორივე სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო გამოცდილება მიიღეს. ასეთი პროექტები ტოლერანტობის ხელშემწყობი ძლიერი ფაქტორია.

დაიჯერეთ „პლაცებოს ეფექტი“

0

თვალის ჩინი სამი წლის ასაკში დაკარგა. 17 წლის კი მთელს ავსტრიასა და მის გარეთ,  უკვე ცნობილი იყო როგორც პიანისტი, კომპოზიტორი და მომღერალი.  ეს მარია-ტერეზა პარადისი გახლდათ, რომლის განკურნება არა ერთმა ექიმმა სცადა. ვერ განკურნეს. თუმცა, ერთხელ ერთი გამონათება მაინც ჰქონდა, რამაც მცირედი იმედი მისცა მას და მის ოჯახს.

1777 წელს, როდესაც ახალგაზრდა მუსიკოსი 18 წლის შესრულდა, მის განკურნებას ერთი ახალგაზრდა ექიმი შეეცადა. მისი კარიერა და პოპულარობა მხოლოდ იწყებოდა და ამტკიცებდა, რომ ცოცხალ ორგანიზმებში მიედინება უხილავი მაგნიტური ტალღები. ამ ტალღების მართვით, ადამიანი შეიძლება ყველა დაავადებისგან განკურნო, რადგან დაავადებები არის ცხოველური მაგნეტიზმის ფლუიდების თავისუფალი დინების მიმართულების დარღვევა. თუ მაგნეტიზმის მიმართულება იცი, შეგიძლია ეს გზაკვალარეული ფლუიდები ნორმალურ კალაპოტში ჩააგდო და მორჩა, ავადმყოფი მორჩენილია. ჰო, ამას გამოცდილი ექიმი ხელის გადასმითაც გააკეთებს. ამ ექიმს ფრანც ანტონ მესმერი ერქვა.

ახალგაზრდა მუსიკოსს მხედველობა ვერ აღუდგა. თუმცა, მკურნალობის სეანსის დროს, ამბობდა, ვხედავო.  როგორც კი ექიმი მის სახლს ტოვებდა, უცებ მოსული მხედველობაც ტოვებდა მარიას. ბოლო-ბოლო მესმერი შარში გაეხვა და სასწრაფოდ ვენიდან პარიზისკენ აიღო გეზი. აქ  დედოფალი მარია-ანტუანეტა ელოდა.

მესმერი 1734 წელს დაიბადა. მეტყევის შვილი იყო. სკოლის შემდეგ ჯერ იურისპრუდენციას სწავლობდა, შემდეგ კი სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა. 1766 წელს სადოქტორო დისერტაცია გამოაქვეყნა ლათინური სათაურით: „Deplanetarum influxu Humanum“ (პლანეტების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე). სხვათა შორის, ეს ჩვენი მესმერი მსგავსი აბსურდების წერასთან ერთად მოცარტსაც ემეგობრებოდა და თავისი სახლის ბაღში კლასიკური მუსიკის სალონურ კონცერტებსაც მართავდა.

და აი, სწორედ მესმერმა ჩამოაყალიბა „ცხოველური მაგნეტიზმის“ თეორია. თეორიის მთავარი არსი  ადამიანის ორგანიზმში ბუნების მსგავსად, არის ტალღების მიქცევა და მოქცევა და ამის მართვა -დამაგნიტებაა შესაძლებელი. სხვათა შორის, მაგნიტებს პარაცელსუსიც იყენებდა. ჰოდა, მე-17-ე საუკუნეში სწამდათ, რომ მაგნიტს შეუძლია სხვადასხვა ელემენტების მიზიდვა და სწორად განთავსება ორგანიზმში. მიადეთ მაგნიტი ადამიანს და რკინას სწორად გადაანაწილებს, შესაბამისად, განიკურნება ანემიისგან…

მესმერი უფრო შორს წავიდა, რკინას ფქვავდა, მერე წყალში ხსნიდა, პაციენტს ასმევდა და მაგნიტს ადებდა. ასეთი სეანსის დროს, ერთ-ერთმა ქალბატონმა ნამდვილი ცირკი-ისტერიკა მოაწყო. ყვიროდა, რომ გრძნობდა, რკინის მოძრაობას სხეულში. როდესაც ცოტა დაწყნარდა, გამოაცხადა, ყველაფრისგან განვიკურნე და ლომივით ჯანზე ვარო.

მოგვიანებით კი, მესმერმა მაგნიტთან და რკინის ფხვნილთან თამაში შეწყვიტა და გამოაცხადა, რომ თავად მის ხელებში იყო „მაგნეტიზმი“. ამიტომ, როგორც კი ხელებს მორიგი პაციენტისკენ მიმართავდა, ყველა ირწმუნებოდა, სხეულში მოძრავ ტალღებს ვგრძნობთო.  სწორედ ეს ტალღები კურნავდა მათ. არა, ყველაფერი ვერ იკურნებოდა, მაგრამ ტკივილი და დეპრესია ქრებოდა.

მალე მესმერი ისეთი მოთხოვნადი გახდა, პაციენტების ნაკადს ვეღარ აუდიოდა და სპეციალური აბაზანა გამოიგონა. თავად აბაზანაში მის მიერ დამაგნიტებულ წყალში ჩამაგრებული იყო რკინის მოხრილი მილები. გარშემო ისხდნენ პაციენტები, რომლებიც რკინის მილებს მტკივან ადგილას იდებდნენ, ექიმი კი მათ გარშემო დადიოდა და უფრო მეტად „ამაგნიტებდა“.

 

უნდა აღინიშნოს, რომ მაგნიტით და მაგნეტიზმით მესმერამდეც იყვნენ დაინტერესებულნი. უ. ჰილბერტი (1544-1603, დედოფალ ელიზაბეტ I -ის ექიმი) „მაგნეტიზმის მამად“ წოდებული, დედამიწას დიდ მაგნიტს უწოდებდა. ქარვას, ალმასს, ოპალს კი-„ელექტრობის მინერალებს“. თავად მოვლენის გამომწვევ მიზეზს კი ელექტრობა უწოდა.

ო. ჰერიკემ (1602-1682) პირველმა შექმნა ელექტრო-მაგნიტური მანქანა-მოძრავი გოგირდის ბურთი, რომელზეც ხელის ხახუნის შედეგად ხდებოდა მისი დაელექტროება-დამაგნიტება, რაც სუსტ ნათებას იწვევდა. ნათება ღამით უფრო შესამჩნევი იყო.

მესმერი ამ ნაშრომებით დაინტერესდა და „მაგნეტიზმის“ მეცნიერების რანგში აყვანა მოახერხა, რითაც ბუნებრივია სხვა პარიზელი ექიმების შური და რისხვა დაიმსახურა. თუმცა, მიმდევარ-მოწაფეებიც გაუჩნდა. სკოლაც გახსნა, სადაც სხვა ექიმებს მათივე „მაგნეტიზმის“ გაღვიძება-გამოყენებას ასწავლიდა.

ერთ დღესაც, საფრანგეთის მაშინდელმა მეფემ ლუდოვიკო XVI-მ და დედოფალ მარია-ანტუანეტას მეუღლემ, მესმერს აკრედიტაციის გავლა შესთავაზა.

მოკლედ, შეუთვალა, შეგამოწმებთო. თუ სამეფო კარის კომისია დარწმუნდება, რომ ყველა სამედიცინო კრიტერიუმს აკმაყოფილებთ, მაღალ სტიპენდიას დაგინიშნავთო.

მესმერი კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა. არ ჩათვალა შემოწმება საჭიროდ და განაცხადა, რომ „მაგნეტიზმის“ სიკეთეს არც შემოწმება სჭირდებოდა და  არც კომისიის წინაშე დაცვა, რადგან პაციენტების განკურნების ფაქტები სახეზე იყო. შედეგად, მესმერი მართლაც არასდროს შეუმოწმებიათ. თუმცა, შეამოწმეს მისი მოწაფე-შარლ ნიკოლა დესლონი. ეს უკანასკნელი თავიდან მესმერის დიდი მაქებარი გახლდათ, რამდენიმე წელში კი დამოუკიდებელი პრაქტიკა მოინდომა და ცალკე მოიწყო კაბინეტი. სწორედ მან შეიტანა განაცხადი აკრედიტაციის მიღებაზე.  1784 წელს, მეფე ლუდოვიკო XVI-მ შექმნა სპეციალური კომისია „მესმერიზმის “ მიმართულების შესამოწმებლად. სინამდვილეში, ორი კომისია შეიქმნა. ერთი ე.წ. „ფრანკლინის“ ჯგუფი, რომელიც მეცნიერებისგან შედგებოდა, მეორე ჯგუფში კი მხოლოდ ექიმები იყვნენ.

ფრანგ მხატვარს და მწერალს ანრი ტესტელინის ტილოც კი აქვს მიძღვნილი ამ ფაქტისადმი. როგორ წარუდგინეს მეფეს შექმნილი კომისია.

ამ კომისიაში „ქიმიის მამად“ წოდებული ანტუან ლორან ლავუაზიეც გახლდათ. სწორედ მათ შექმნეს დოკუმენტი, სადაც უარყვეს „მაგნეტიზმის“, იგივე „მესმერიზმის“ კავშირი ჭეშმარიტ მეცნიერებასთან და საფუძველი ჩაუყარეს მიუკერძოებელ და პატიოსან კვლევებს მეცნიერებაში. უნდა ითქვას, რომ ჯგუფს ფრანკლინი ხელმძღვანელოდა, თუმცა იმ დროისთვის ის 78 წლის იყო და თავს არც თუ  ისე კარგად გრძნობდა.  ძირითად საქმეს სწორედ ლავუაზიე აკეთებდა.

საბოლოო დასკვნა ასეთი იყო, „მესმერიზმს“, იგივე „მაგნეტიზმს“ არავითარი საერთო არ აქვს ჭეშმარიტ მეცნიერებასთან და თუ ადამიანები მართლაც ჯანმრთელდებიან, ეს მხოლოდ შთაგონების წყალობით ხდება. ასე ჩაისახა ე.წ. „პლაცებოს ეფექტი“, როდესაც განწყობა ქმნის გამოჯანმრთელებისკენ მიმართულ ქმედებას.  დასკვნა რამდენიმე ენაზე ითარგმნა და გავრცელდა. შედეგად, როგორც დესლონის კლინიკამ განიცადა კრახი, ასევე თავად მესმერს შემოეცალა პაციენტები. თუმცა, ფიქრობთ ხალხმა დაიჯერა? პირიქით, მე-19-ე საუკუნეში „მესმერიზმი“ ამერიკაში განსაკუთრებულად პოპულარული გახდა. ამის დასტურად, თუნდაც ედგარ ალან პოს „Mesmeric Relevation” გამოდგება.

ადამიანები კი დღესაც მუხტავენ წყალს და ატარებენ სპეციალურ დამაგნიტებულ სამაჯურებს წნევისგან თავის დასაღწევად.

მე კიდევ გეტყვით, გამოიყენეთ  „პლაცებოს ეფექტი“, დაიჯერეთ ბედნიერება,  ჯანმრთელობა და …

იყავით!

 

 

 

 

 

 

    არაბული ლიტერატურა

0

ჯერ კიდევ „ ჯაჰილიის“ , როგორც მუსლიმები უწოდებენ უმეცრების ხანაში, სანამ მოციქული გამოჩნდებოდა, ბედუინები  მღეროდნენ და გამოთქვამდნენ ლექსებს, სიმამაცეზე, კეთილშობილებასა და სტუმართმოყვარეობაზე. ეს სამივე თვისება აუცილებელი იყო უდაბნოს მკაცრ ყოფაში გასაძლებად.  არაბული პოეზიის ჩაწერა მისი წარმოშობიდან საკმაოდ გვიან,  ჰიჯრის I-II საუკუნეებში, ქრისტიანული წელთაღრიცხვით კი VII-VIII საუკუნეებში დაიწყეს. მანამდე ეს პოეზია ზეპირად გადაეცემოდა ბედუინთა თაობებს.

ისლამამდელი არაბული პოეზია ორ ლიტერატურულ ფორმას ცნობდა: ყასიდას და კიტ-ას. კიტა მცირე ლექსია და მარტივი კომპოზიციით და ახასიათებს ერთი თემა. კიტას ფორმით იქმნებოდა არაბული პოეზიის უძველესი ნიმუშები: გლოვაზე „ მარსია“ და საძულველი მტრების გაკილვაზე „ ჰიჯა“.

ყასიდაც ისეთივე სალექსო ფორმა იყო როგორიც კიტა, ოღონდ ბევრად უფრო ვრცელი.ის ზოგჯერ 100 ბეითისგანაც შედგებოდა. „ ბეითი „ არაბული ლექსის სტრიქონია, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება,  თან, რაც ყველაზე მთავარია, ყასიდა კიტასგან თემების სიმრავლით განსხვავდება. კიტა  მოიცავდა ერთ თემას, ყასიდა მოიცავდა ერთ დასრულებულ ლექსში სხვადასხვა განსხვავებულ თემებს: „ ნასიბს“ -სატრფოს გახსენებას; „ მადიჰს“-ოდას; „ ვასფის“-ბუნებისა და ცხოველის აღწერას; „ მუფახარას“-საკუთარი ტომის განდიდებას; „ ხამრიას“ – ლხინს; „ ტარდს’’-ნადირობის აღწერას. აგრეთვე, ბრძნულ შეგონებებს, სენტენციებს, აფორიზმებს. იმ პერიოდში  შექმნილ პოეზიას ჰქონდა ერთი თავისებურება, არაბი პოეტები აღწერდნენ საგნის თვისებებს და არაფრით არ ახსენებდნენ საგანს. ასეთი ლექსი თითქოს რაღაცით რებუსს ანდა ლექს-გამოცანას ჰგავდა.

ისლამამდელი არაბული პოეზია იგივე „ მუალაკები“,  ერთგვარი ანთოლოგია შეუდგენიათ ქრისტიანული წელთაღრიცხვით VII საუკუნეში. ჩვენამდე მოღწეულ ანთოლოგიაში შესულია შვიდი გამოჩენილი პოეტის თითო-თითო ყასიდა. ეს პოეტები არიან:  იმრუ ლ-კაისი;  ტარაფა; ზუჰაირი;  ანთარა; ამრ იბნ ქულსუმი ;  ჰარის იბნ ჰილიზა და  ლაბიდი .

რაც შეეხება თვითონ „მუალაკას“  მნიშვნელობას, მასზე სხვადასხვა აზრი არსებობს. მუალაკას ( რომლის ერთ-ერთი მნიშვნელობაა – ჩამოკიდებული ) უწოდებდნენ მექის მახლობლად, უქაზის ბაზრობაზე გამართულ პოეტთა პაექრობაში გამარჯვებულ ყასიდას, რომელსაც ძვირფას ქსოვილზე წერდნენ და ქააბის კედელზე კიდებდნენ. ეს მოსაზრება მოგვიანებით ბევრმა მეცნიერმა უარყო. არაბული ენის დიალექტით მუალაკა  ყელსაბამის, მეორე დიალექტით კი  წყობილი მარგალიტის , ანუ ლექსის სინონიმია. ანდა ეს არის ძვირფასი რაღაც, რომელიც მაღლა უნდა დააყენო, ფართოდ გამოაჩინო.

იმრუ ლ-კაისი ( 500-540 წწ) – მისი სატრფიალო და პეიზაჟური ლირიკა სიყვარულითა და სიცოცხლის წყურვილით არის გაჯერებული. მისი ენის უბრალოება და გამომსახველობა ისლამამდელ პოეტთა სორის პირველ ადგილას აყენებს. ბევრი მკვლევარი მას კასიდის შექმნასაც მიაწერს.

ტარაფა – მისი სრული სახელია ტარაფა იბნ ალ-აბადი. მასზე მხოლოდ ის ვიცით, რომ მოღვაწეობდა მეექვსე საუკუნეში. იცნობენ ალ-იშრინის ( ძე ოცისა)  მეტსახელით. გადმოცემის თანახმად მეფის დისთვის მიძღვნილი ექსპრომტის გამო, ცოცხლად დაუმარხავთ.

ანთარა იბნ შადადის ( 525-615 წწ.) – გადმოცემის თანახმად ანთარა სახელოვანი მეომრის და შავკანიანი ეთიოპიელი მონის შვილი ყოფილა. ისლამამდელ არაბებში მონისგან შეძენილი შვილი, მონად ითვლებოდა. ის უიმედოდ ყოფილა შეყვარებული ვინმე ქალ აბლაზე.

მისი კასიდებისთვის დამახასიათებელია ფაქიზი ლირიზმი, რომელიც ერწყმის გმირულ მოტივებს.  მისი ლექსები ომაიანთა დინასტიის დროს საბრძოლო სიმღერებად იქცა.

იბნ აბუ სულმა ზუჰაირს( 530-627წწ) –   ის თურმე დიდ ხანს მუშაობდა ს ყველა ნაწარმოებზე. მაგალითად, ერთ  კასიდაზე მას მთელი წელი უმუშავია. ამის გამო ის კასიდა ლიტერატურაში ცნობილია ერთწლიანი კასიდით.

აბუ აკილ ლაბიდ იბნ რაბია ( 560-661წწ) – ისლამამდელი  ეპოქის უკანასკნელი ბედუინი პოეტია, მუალაკთა კრებულის ყველაზე გვიანდელი ავტორი. ის მოესწრო ისლამის დამკვიდრება და აღიარა კიდეც. თუმცა მისი შემოქმედება მთლიანად ისლამამდელ ხანას ეკუთვნის.

მეშვიდე საუკუნის შუა ხანებში დაიწყო მძლავრი კულტურული ამაღლება აბასიანთა სახალიფოში. ეს პერიოდი არაბული ლიტერატურის ოქროს ხანაა. ირანელმა იბნ ალ-მუკაფამ ფალაურიდან არაბულზე თარგმნა „ ქილილა და დამანა“, რითაც საფუძველი ჩაუყარა პროზას არაბულ ენაზე.

ისლამის გამოჩენამ მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია არაბულ პოეზიას. ახლა პოეტების უმეტესობა ხოტბას მუჰამედს, უზენაესი ღმერთის მოციქულს უძღვნიდნენ. ომაიანთა ხანაში შეიქმნა კიდევ ერთი ახალი „ პოლიტიკური ჟანრი“, რომელიც ხელისუფალთა განდიდებას ემსახურებოდა. აგრეთვე, იყო სატრფიალო ლირიკაც, რომლის უდიდესი წარმომადგენლები არიან  უმარ იბნ აბუ რაბია-  არაბთა შორის “უდიდესი სიყვარულის მომღერალი“ და მაჯნუნად წოდებული  კაის იბნ მულავაჰი.

განსაკუთრებით საინტერესოა  მამუნ იბნ კაისი ( 570-625 წწ ), ის ცნობილია   ალ აშას მეტსახელით, რაც ბეცს ნიშნავს. ბრმა პოეტს, გადმოცემის თანახმად, თავის გასატანად სახოტბო პოეზიის წერა უწევდა.

იდეალები ისლამის შემდეგაც, რა თქმა უნდა დარჩა, თუმცა ახლა ამოსავალი წერტილი ყურანი და მისი სწავლება გახდა.  ყურანი კი არა მარტო არაბული, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პოეტური წიგნია. ეს წმინდა წიგნი მუჰამედის მექასა და მედინაში წარმოთქმული ქადაგებების კრებულია. ის ისეთივე ძვირფასი წიგნია მუსლიმებისთვის, როგორც „თალმუდი“ იუდეველებისთვის და „ ბიბლია“ ქრისტიანებისთვის. ყურანი შეიცავს ლოცვებს., შელოცვებს, წინასწარმეტყველებებს ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ, იუდაისტური და ქრისტიანული მითოლოგიის სიუჟეტებს, არაბულ ფოლკლორს. ყურანის პირველი ჩაწერილი ტექსტი მუჰამედის სიკვდილის შემდგომი პერიოდისაა.

„ ყურანი“ მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი,მაგრამ ვერც ერთი, თვით ყველაზე უნაკლო თარგმანიც კი, ვერ გადმოსცემს სრულად იმ უფაქიზეს ლირიზმს, ექსტაზსა და აღტყინებას, ღვთაებრივ სიმშვიდეს, რასაც მუსლიმს ამ წიგნის არაბულ ენაზე წაკითხვა განაცდევინებს. ამიტომაც ყველა მუსლიმს ევალება არაბული ენა ისწავლოს.

შეუძლებელია ისაუბრო არაბულ ლიტერატურაზე და არ ახსენო „ ათას ერთი ღამე“, ამ ულამაზეს ზღაპარს დიდი კავშირი აქვს უძველეს ინდურ კულტურასთან და მისი გავლენა აქვს შუა საუკუნეების ევროპულ მხატვრულ ნიმუშებსაც, თუნდაც იტალიელი მწერლის ჯოვანი ბო კაჩოს “დეკამერონს”.

„ ათას ერთი ღამე“  ერთ სიუჟეტში გაერთიანებული მრავალფეროვანი მოთხრობების კრებულია. ზღაპარი იწყება მეფე შაჰრიარის ამბით, რომელსაც პირველმა ცოლმა უღალატა, ხოლო ამით განრისხებულმა მეფემ, ქალებზე შურისძიება გადაწყვიტა. ის ყოველდღე ირთავდა ცოლს, მეორე დღეს კი კლავდა. ერთხელ, ვეზირის ქალიშვილის, შაჰრაზადის დროც დადგა. ჭკვიანმა შაჰრაზადმა დაიფიცა, რომ საშინელი ხვედრისგან იხსნიდა ქალებს. ქორწინების შემდეგ, ღამით, მან ზღაპრის მოყოლა დაიწყო და როცა გათენდა, მოყოლა შეწყვიტა. მეფეს ისე მოუნდა ზღაპრის გაგრძელების მოსმენა,  რომ შაჰრაზადი სიკვდილით არ დასაჯა  იმ დღეს. შაჰრაზადი კი ყოველღამე უყვებოდა მეფეს ზღაპრებს და ყველაზე საინტერესო ადგილას წყვეტდა მათ, რომ შემდეგ ღამესაც გაეგრძელებინა. მეფეს კი, ამასობაში, თავისი ცოლი შეუყვარდება და აღარ მოკლავს მას.

 

 

Borgues-ი, Orwell-ი, Lomouri, King-ი — პრობლემის პრობლემები თუ როგორ მშობიარობენ ტექსტები

0

ჩვენი ტექსტის სათაურის შუა ნაწილი ხორხე ლუის ბორხესის 1939 წელს შექმნილი, ერთი ძალიან საყურადღებო ფიქციიდანაა და მას ჰქვია[1] „პიერ მენარი, „დონ კიხოტის“ ავტორი“.  ამბავი ასეთია:  ბორხესის მიერ გამოგონილ-რეალური მწერლის, პიერ მენარის ნაშრომთა ჩამონათვალში, თითქოსდა იძებნება 1917 წელს დაწერილი, მრავალთაგან ერთ-ერთი ტექსტი „Les problemes d,un probleme”, რომელშიც ქრონოლოგიურადაა წარმოდგენილი აქილევსისა და კუს საქვეყნოდ ცნობილი პარადოქსის ამოხსნის შესაძლო ვარიანტები, თან ახლავს ლაიბნიცის რჩევა, კუ, ბატონო, ნუ შეგაშინებთო[2]  (თუმცა ქართულად, შესაძლოა, უფრო უპრიანი იყოს ამგვარად თარგმნა: კუ, ბატონო, კინუ შეგაშინებთო).

თუკი მენარი ფიქციაა,  აქილევსის და კუს შესახებ გამოთქმა  ნამდვილად არსებობს და იგი ძველბერძენი ფილოსოფოსისზენონ ელეელის[3] (ძვ. წ. მე-5 ს.), ერთ-ერთი აპორიაა (ბერძნ. Άπορία). მეც მკითხველს აღარ შევახსენებ, რომ აპორია ანტიკურ ფილოსოფიაში რაიმე პრობლემის გადაჭრისას დაუძლეველ, ლოგიკურ წინააღმდეგობას ნიშნავს, არც ზემონახსენები აპორიის აზრს, რომ ფეხმარდი აქილევსი ვერასდროს დაეწევა აუჩქარებელ კუს, თუკი მოძრაობის დასაწყისში კუ აქილევსზე წინაა;  მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ პარადოქსის ერთ-ერთი შესაძლო ახსნაა მცდარი წარმოდგენა დროისა და მანძილის უსასრულო დაყოფის შესახებ.

აი, თურმე რატომ ახსენებს იმ აპორეას ხორხე ბორხესი, რომლის ხსენებულ ფიქციას ლიტერატურის კრიტიკოსები შედევრს უწოდებენ[4],  – პიერ მენარი თითქოს რეალური მწერალია და იგი სწორედ სერვანტესის „დონ კიხოტის“ შექმნას ცდილობს თავიდან, მაგრამ არა მექანიკურ გადაწერას  ეხება საქმე, არამედ შექმნას ახალი რომანისა, რომელიც არ იქნება ორიგინალის ასლი, თუმცა სიტყვა-სიტყვით დაემთხვევა სერვანტესის ქმნილებას.  დასახულის მიზნის მისაღწევად კი ავტორმა ძალიან კარგად უნდა შეისწავლოს ესპანური, მთელი მისი ბიოგრაფიით იქცეს სერვანტესად და ასე დაწეროს, თუმცა სიმარტივის გამო პიერ მენარი ამ მეთოდს თავიდანვე უარყოფს, რამდენადაც ავტორი ასე პიერ მენარად ვერ დარჩება, მაგრამ ფაქტია – პიერ მენარი ქმნის „დონ კიხოტს“, რომანს, რომელიც სიტყვა-სიტყვით ემთხვევა სერვანტესის ნაწარმოებს, თუმცა იდენტური სიტყვებით გადმოცემული აზრები აბსოლუტურად სხვადასხვაა[5], მიუხედავად სოფისტიკურად გადმოცემული მცდარი აზრებისა. ჯულიენ ბენდას[6], ბერტრან რასელის[7] თუ უილიამ ჯემსის[8] თანამედროვე, პიერ მენარის ტექსტი კრიტიკოსი ქალბატონებისაგან გმირის ფსიქოლოოგიისადმი მორჩილებად ან ნიცშეს გავლენად ფასდება. სერვანტესისა და მენარის ტექსტები სიტყვების მხრივ იდენტურია, თუმცა მეორე გაცილებით ჯაბნის პირველს შინაარსის თვალსაზრისითო (ბოროტ ენებს კი  ათქმევინებს, უფრო ორაზროვნებითო), მაგრამ სიმდიდრე ხომ სწორედაც ორაზროვნებააო, — იუმორით დასძენს ხორხე ბორხესი და თავის ამ გენიალურ ქმნილებას „შეგნებული ანაქრონიზმისა“ და ირონიის წყალობით  მოსაწყენ სწავლებებისაგან გათავისუფლების ხალისიან გზად გვისახავს.

ახლა ჩვენი სათაურის წინა ნაწილისაკენ გადავინაცვლოთ. ამისწინ, ორუელის „ესროლე სპილოს“ შესახებ მეთოდოლოგიური წერილი მოვამზადე,  როგორ გამოიყენონ ანტიტოტალიტარისტული და საყოველთაოდ აღიარებული ესეი ქართველმა ინგლისურის მასწავლებლებმა ესეის შესასწავლ რესურსად. წესით, სხვა რამ მინდოდა დამეწერა, მაგრამ ისეთი დღეები იყო, ვერ გავბედე, მთრგუნავდა ყოველდღე ჩაფხუტებიან-ფორმებიანთა მწკრივების დანახვა, არადა  ინგლისელი პოლიციის ოფიცრის ხატიც[9] თავს არ მავიწყებდა, არც ხმები, მას ბრბო რომ აგონებდა, არც მოვალეობანი.   ჰოდა, ბორხესული იუმორის ნატვრაში მყოფს, მწერალმა ირაკლი ლომოურმა სოციალური ქსელით შემოგვძახა, ჩემი და ჩემი დის[10] ახალი, ერთობლივი წიგნის — „პარალელური საქართველოს ქრონიკები და ნარატივები“ —  პრეზენტაციაზე მეწვიეთო. ახალ კრებულში, რომლის ყდაზევე ამ ორი საინტერესო მწერლის შემოქმედებას მებიუსის ლენტი აერთიანებს, ბატონი ირაკლის მანამდელი მოთხრობებიც (ისინიც, რომლებიც 2010-ში ცალკე წიგნად გამოიცა) შესულა. აქვეა „ორუელის სპილოც“. მენიშნა, გავხალისდი და ლენტმაც სხვა ქრონოტოპში,[11] ანუ, დრო-სივრცულ კონტინუუმში[12] გადამისროლა.

საოცარია, მაგრამ დროში მოგზაურობის მსურველები თითქმის აღარ არიან. თუ არ ჩავთვლით მეცნიერ-ისტორიკოსებს, მაგრამ ისინიც კი თითქოს მოვალეობის მოხდის გამო დაფრინავენ წარსულში, ნამდვილი: შმაგი, ცინცხალი, დაუოკებელი ინტერესი დაიკარგაო, — ჩვეული იუმორით იწყებს თავის სიურრეალისტურ[13] მოთხრობას  მწერალი ირაკლი ლომოური და ქრონოსკოპისტის (ანუ —ქრონოპილოტის როლით) აღწერს მისი „თანამედროვე“, 2215 წლის ამბებს, დროისა, როცა ქრონოსკოპ „ბუმქრორის“ გამოგონების გამო  დედამიწას სამი მილიონიღა კაცი შემორჩა და ჩამომსვლელი ტურისტების რაოდენობაც წლიდან წლამდე მცირდება, კოსმოსში გადახვეწილ ადამიანებს კი სენტიმენტალური გრძნობების ნატამალიც აღარ შერჩენიათ მშობლიურ პლანეტაზე თუნდაც სიცოცხლის მერე დასაბრუნებლად. ჰოდა ძალიან საინტერესოდ გვიყვება ორუელთან შეხვედრის თუ საკუთარი გაორუელების  ამბავს. თუ რა მიზეზით, თუ რა მიზნით, — ამას თავადაც წაიკითხავთ. მე მხოლოდ ერთ ამონარიდს მოვიტან: ,,როდესაც თეთრკანიანი ადამიანი ტირანი ხდება, იგი საკუთარ თავისუფლებას სპობს და ანადგურებს“.

როგორ ფიქრობთ, დაუშვებს მწერალი ირაკლი ლომოური  ჯორჯ ორუელის იმპერიალისტის ხელში მარიონეტად დარჩენას? აბა, რას მოიმოქმედებს იგი? პასუხი აქაა[14]. უნდა ნახოთ და უმცროს მეგობრებსაც გაუზიაროთ, თან ჰკითხოთ, სპილო მათთვის რისი მეტაფორაა.

კლასში რომ დამაყენონ, მათთვის კიდევ ერთ ამონარიდს ხმამაღლა წავიკითხავდი ფრანც ფანონის ცნობილი ნაშრომიდან: „ბედკრულნი ამა ქვეყნისა — ძალადობის შესახებ“[15]: „ კოლონისტის ფეხებს ვერასდროს შეამჩნევ, იქნებ ზღვაზე მოგეხერხებინა, მაგრამ იქაც ვერასდროს მიუახლოვდები საკმარისად. ამ ფეხებს მყარი ფეხსაცმელი იცავს… კოლონისტის ქალაქი მაძღარი, გაზულუქებულია… კოლონიზებულის ქალაქი წელში მოხრილი, დაჩოქებულია[16]… აქ ღირებულებები მიივიწყეს[17],  კოლონიზებული შურიანია. [ის ღირებულებების მტერია, ამ აზრით, კოლონიზებული აბსოლუტური ბოროტებაა[18]]. კოლონისტმა ეს იცის. რამდენჯერაც კოლონიზებულის შეპარულ მზერას ჩაიჭერს, სიმწრით, მაგრამ მუდამ შემართული დაადგენს: „მათ უნდათ, ჩვენი ადგილი დაიკავონ“. ეს სიმართლეა, არ არსებობს კოლონიზებული, რომელიც დღეში ერთხელ მაინც არ ოცნებობს კოლონისტის ადგილას დამკვიდრებაზე… ამ ისტორიაში მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი კი — რჩეულ[19].

აკი ბატონი ირაკლის მოთხრობაშიც სერ ჰერკულეს ლაიონელლიც ეუბნება ნიკ ნიკოლსონს, ორუელმა იხსნა ცივილიზაცია, თქვენ კი არც გაგიგიათ, რას გასწავლიან ქრონოპილოტების აკადემიაშიო.  ჩვენს მოწაფეებსაც იგივე რომ არ უთხრან, ეს ამბები კიდევ ერთხელ ვურჩიოთ წასაკითხად, ხორხე ბორხესიც  რედუპლიკაციასავით მოვაგონოთ და დავამახსოვროთ, იხალისებენ. სტივენ კინგის[20]  ნოველის — „11.22.63-ის“  ეკრანიზაცია თუ უკვე უნახავთ, ვუთხრათ მაინც, რომ ქრონოსკოპისტობა ქართველმა მწერალმა აშკარად დაასწრო ამერიკელ მწერალსა და “King of Horror“-ს. კარგი იქნება, იხალისებენ, პარალელურ სამყაროში მოგზაურობით გაერთობიან, იქნებ მათაც გაუჩნდეთ კითხვა,  აკლიათ  თუ არა მეცნიერული ცნობისწადილი და მერე იქნებ თავადაც გამოიცნონ, მართლა რატომ არ უნდა შეუშინდნენ კუს.

 

 

[1] მის შესახებ იხ. https://en.wikipedia.org/wiki/Pierre_Menard,_Author_of_the_Quixote

[2] „Ne craignez point, monsieur, la tortue”

[3] ყოველ შემთხვევაში, მას მიეწერება, თუმცა დიოგენე ლაერტელი ამ ცნობილი აპორიის ავტორად მიიჩნევდა პარმენიდეს, ზენონის მასწავლებელს[1]. კუ, როგორც პერსონაჟი, ჩასმულია მოგვიანებით კომენტატორის მიერ. არისტოტელეს „ფიზიკაში“ მოყვანილი აპორიის ტექსტში ფეხმარდი აქილევსი სხვა მორბენალს მისდევს.

[4] იხ.: Oliver Tearle, A Summary and Analysis of Jorge Luis Borges’ ‘Pierre Menard, Author of the Quixote’, Loughborough University, https://interestingliterature.com/2021/02/jorge-luis-borges-pierre-menard-author-of-the-quixote-summary-analysis/

ასევე: Howard Giskin, Borges’ Revisioning of Reading in “Pierre Menard, Author of the Quixote”, Variaciones Borges, No. 19 (2005), pp. 103-123 (21 pages), Published By: Borges Center, University of Pittsburgh.

[5] ლიტერატურის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სწორედ ასე, პარადოქსულად, არის აგებული მთელი მოთხრობა, რომელზეც ბორხესი 1938 წელს ბიბლიოთეკის სარდაფში მუშაობდა და რომლიდანაც წამოვიდა მთელი პოსტმოდერნული ლიტერატურა. პოსტმოდერნისტულ კონტექსტში, მოთხრობა ეძღვნება იმას, რომ ახალი ტექსტები შეუძლებელია. მეტიც, ტექსტების რიცხვი შეზღუდულია, ისინი დათვლილია და ყველაფერი უკვე დაწერილია. ანუ, ახალი წიგნების დაწერას აზრი არა აქვს და პრინციპში, შეუძლებელიც კია. ამასთანავე, დონ კიხოტი უფრო რეალურია, ვიდრე პიერ მენარი, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. რა თქმა უნდა, ლიტერატურა ბევრად უფრო რეალურია, ვიდრე თავად მწერალი. ანუ მწერალი კი არ წერს წიგნებს, არამედ უკვე მზა წიგნები, რომლებიც უნივერსალურ ბიბლიოთეკაშია განთავსებული, იწერება, მეორდება მწერლების მიერ. სწორედ ამის პრინციპული შესაძლებლობა დაამტკიცა პიერ მენარმა. აი ასე, ხორხე ლუის ბორხესი, რომელსაც ინდოეთის აღმოჩენა უნდოდა, აღმოაჩენს ამერიკას”, –  ლევან ბერძენიშვილი, ხორხე ლუის ბორხესი – კაცი, რომელმაც მკითხველი მწერლად აქცია, ჟურნალი „ლიბერალი“, თბილისი, 09 მაისი, 2019.

 

[6] Julien Benda (1867–1956)  ფრანგი ნოველისტი და კრიტიკოსი.

[7] ბერტრან არტურ უილიამ რასელი (1872-1970), ბრიტანელი ფილოსოფოსილოგიკოსიმათემატიკოსი, საზოგადო მოღვაწე, მნიშვნელოვანი ევოლუციის ავტორი ფილოსოფიაში, მიიჩნევა ინგლისური ლოგიკური პოზიტივიზმისა და ნეორეალიზმის ერთ-ერთ მთავარ დამაარსებლად.

[8] უილიამ ჯეიმსი (William James — 1842-1910) განიხილავდა ცნობიერებას, როგორც ინდივიდუალურ ნაკადს, რომელშიაც ერთი და იგივე შეგრძნებები ან აზრები არასოდეს ორჯერ არ წარმოიშობიან (მსგავსად ჰერაკლიტეს დებულებისა ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ შესვლის შეუძლებლობის შესახებ). ცნობიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებლად ჯეიმსი თვლიდა მის შერჩევითობას. ჯეიმსის თვალსაზრისით, ცნობიერება არის ფუნქცია, რომელიც, „ერთობ სავარაუდოა ისევე, როგორც სხვა ბიოლოგიური ფუნქციები, ისინი ვითარდებოდა იმიტომ, რომ სასარგებლოა“.

[9] ორუელის იმ ცნობილ ესეიში პროტაგონისტი ხომ ბრიტანელი ოფიცერია.

[10] პროფესორ მარინა ლომოურის (თუმცა, თავად ეს არ უთქვამს, არც პრეზენტაციასა ან წიგნშია ნახსენები სადმე).

[11]  ბერძნულიდან: χρόνο — დრო,  τοποσ — სივრცე.  ქრონოტოპი — დრო და სივრცე ერთად.

[12]  Continuum, ლათ. — უწყვეტი” — მოვლენების, პროცესების უწყვეტობა, ერთობლიობა.

[13] ფრანგ. სიურრეალიზმი — „ზერეალობა“.  სიურრეალისტების მიზნად სახავენ სამყაროს შეცვლას. მათი აზრით, მართალია, შემოქმედება მოდის არა რეალობიდან, არამედ  — ქვეცნობიერიდან და არის სრულიად თავისუფალი, მაგრამ შემოქმედს აკისრია, როგორც პოლიტიკური, ასევე — მორალური პასუხისმგებლობა, ამიტომ მან აუცილებლად უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. როგორც მიმდინარეობა, სიურრეალიზმი მტკიცდება ბრეტონის მანიფესტში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში —„სიურრეალისტური რევოლუცია“ — 1922 წელს.

[14] https://newsaunje.ge/index.php?do=full&id=69

[15] შრომა შესულია თარგმანების კრებულში „სამხრეთიც არსებობს, ნაწ. 1, თბილისი, 2019.

[16] იქვე, გვ. 12.

[17] იქვე, გვ. 14.

[18] იქვე, გვ. 15.

[19] იქვე, გვ. 15.

[20] https://en.wikipedia.org/wiki/Stephen_King

კუთხის თვისებები სახალისო აქტივობებით

0

მათემატიკის სწავლება რომ სახალისო გადეს, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ის სასიამოვნო, შინაარსიანი და პოზიტიური აქტივობებით დავტვირთოთ.

ყველასათვის ცნობილია, რომ მოსწავლეები განსხვავებულად სწავლობენ, ეს ნიშნავს რომ ისინი გაკვეთილებზე განსხვავებული გზითა და ტემპით ერთვებიან, ანუ არ არსებობს ერთი ჯადოსნური რეცეპტი, რომელიც გაზრდის ყველა მოსწავლის ჩართულობისა და საკითხის გააზრების დონეს მათემატიკის გაკვეთილებზე. არსებობს მოდგომები,  მრავალფეროვანი სახალისო აქტივობები , სავარჯიშოები – კომპიუტერით და მის გარეშე, რომელსაც შეუძლია „გააცოცხლოს“ მათემატიკის გაკვეთილები.

მოგითხრობთ, როგორ შეუძლია ტექნოლოგიებს, კერძოდ ონლაინ ინტერაქტიულ სახალისო თამაშებს დაეხმაროს მოსწავლეებს   მათემატიკის სწავლისა და ჩართულობის ხარისხის ამაღლებაში, ტრადიციული სახელმძღვანელოების მიღმა.

გიზიარებთ რამდენიმე ონლაინ მათემატიკურ თამაშს, რომელიც მარტივად დავაკავშირე სასწავლო პროგრამასთან და გამოვიყენე საგაკვეთილო პროცესში, პოზიტიური გარემოს შესაქმნელად, ჩართულობის ზრდისა და მათემატიკის სწავლებასთან დაკავშირებული შფოთვის შესამცირებლად. პლათფორმა mathnook.com -ზე თქვენ შეხვდებით უამრავ მათემატიკურ თამაშს კატეგორიების მიხედვით, სხვადასხვა სასწავლო თემაზე, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის.  თამაშები უფასოა, არ საჭიროებს რეგისტრაციას და ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის. თამაში შესაძლებელია, როგორც კომპიუტერზე, ასევე მობილურ ტელეფონზე ტაბლეტზე (ასევე, სკოლაში ინტერნეტის გაზიარებით მარტივად შესაძლებელია მოსწავლეებმა გამოიყენონ ბუკები, ან მობილური ტელეფონები)

კლასი მე-5

სამიზნე ცნება: მათემატიკური მოდელი; კანონზომიერება; ლოგიკა.

ქვეცნება: კუთხე

ქვესაკითხი: კუთხის სახეები, კუთხეების ზომის შეფასება, კუთხის  გაზომვა

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ კუთხეების ზომების შეფასებით, კუთხეების გაზომვითა და კუთხეთა თვისებების გამოყენებით კონტექსტის შესაბამისი პრობლემის გადაჭრას.

ქვემოთ გთავაზობთ სამი თამაშის მოკლე აღწერას, თამაშები მოიცავს კუთხის შეფასებისა და გაზომვის შესანიშნავ სავარჯიშოებს, რომელსაც  ხალისით ასრულებდნენ მოსწავლეები, შეცდომის დაშვების შიშის გარეშე. ამ ტიპის საძიებო სწავლება სასარგებლოა მათი კოგნიტური განვითარებისა და ემოციური კეთილდღეობისთვის,

გიზიარებთ ჩემი მოსწავლეების თამაშის პროცესში გადაღებულ ზოგიერთ ფოტო და ვიდეო მასალას:  https://www.youtube.com/watch?v=TfU2q-Q5UCE

მოსწავლეებს უყვარს მათემატიკის გაკვეთილებზე სახალისო აქტივობები, ისინი უკეთ სწავლობენ როცა მხიარულობენ, როცა „ახალ უნარებს“ თამაშ-თამაშში განმეორებით აკეთებენ, ამ დროს არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ სიამოვნებასაც ღებულობენ პროცესით.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. მათემატიკის გზამკვლები მე-5 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში.

https://math.ge/mekhute-klasi/

 

 

 

 

 

 

 

შემაჯამებელი დავალება და  სწავლების პროცესი ბიოლოგიაში

0

შეჯამებითი დავალებები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, წარმოაჩინონ ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ შეიძინეს სასწავლო პროცესის განმავლობაში. ამ დავალებების მეშვეობით მასწავლებელს შეუძლია უფრო სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასოს მოსწავლეთა მიღწევები და პროგრესი.

სწავლის პროცესის ანალიზი – შეჯამებითი დავალებები ეხმარება მასწავლებელს გააანალიზოს, რამდენად ეფექტიანი იყო სასწავლო მეთოდები და მასალები. თუ მოსწავლეები წარმატებით ასრულებენ დავალებებს, ეს მიანიშნებს, რომ სწავლების პროცესი კარგად მიმდინარეობდა. თუ არა, მასწავლებელს შეუძლია შესაბამისი კორექტივები შეიტანოს მომავალი გაკვეთილებისთვის.

ცოდნის კონსოლიდაცი – მოსწავლეებს ეხმარება  საკითხის ჰოლისტურ გააზრებაში. ის აძლევს მათ საშუალებას, გააცნობიერონ და გააძლიერონ შესწავლილი მასალა, რაც უზრუნველყოფს  ცოდნის გამოყენებას.

კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება – შემაჯამებელი დავალებები ხშირად მოითხოვს მოსწავლეებისგან  კრიტიკულად და შემოქმედებითად იფიქრონ, დააკავშირონ სხვადასხვა ცოდნა და ინფორმაცია, გადაჭრან პრობლემები და წარმოაჩინონ ახალი იდეები.

სწავლის მოტივაცია – როდესაც მოსწავლეები იციან,  მათი ნამუშევარი რა კრიტერიუმებით  შეფასდება, ისინი უფრო მოტივირებული არიან, რომ ისწავლონ და ყურადღებით იყვნენ სასწავლო პროცესში.

მოსწავლეთა დამოუკიდებლობა – შემაჯამებელი დავალებები ხშირად მოითხოვს მოსწავლეებისგან დამოუკიდებლად მუშაობას, რაც ეხმარება მათ განვითარებაში, უვითარებს მათ  პასუხისმგებლობის გრძნობას და მოტივაციას სწავლის მიმართ.

 ცოდნის გრძელვადიანი დამახსოვრება – როდესაც მოსწავლეები ცოდნას აქტიურად იყენებენ პრაქტიკულ დავალებებში,  ამ ცოდნას ინარჩუნებენ გრძელვადიან პერსპექტივაში.

მინდა გაგიზიაროთ შემაჯამებელი დავალების პირობა ბიოლოგიაში, რომელიც მოსწავლეს აძლევს არჩევანის საშუალებას.

მიზანი: მოსწავლემ გაიაზროს საჭმლის მომნელებელი სისტემის სტრუქტურა და ასევე იმსჯელოს როგორ შეესაბამება საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების აგებულება მის ფუნქციებს, აღწეროს ფერმენტების როლი საკვების დამუშავებაში.

კომპლექსური დავალების პირობა – წარმოიდგინე  რომ  პაწაწინა ფერმენტი ხარ, სახელად ,,ამილაზა’’, რომელიც საჭმლის გადამამუშავებელ ფაბრიკაში მუშაობს. შენთან ერთად მუშაობენ შენი მეგობარი ფერმენტებიც (მაგ ,ლიპაზა, პროტეაზა და სხვები) .ისინი თავდაუზოგავად შრომობენ, რომ საკვები ზედმიწევნით კარგად გადამუშავდეს. გაეცანი საჭმლის მომნელებელი სისტემის აგებულებასა და ფუნქციებს, კვების თავისებურებებს და  აღწერე  ერთი სამუშაო დღე საკვების მიღებიდან მის საბოლოო გადამუშავებამდე. პრეზენტაცია წარმოადგინე PP-ის სახით ან ან მატერიალური სახით ან მულტიმედიის სახით.

ამ შემაჯამებელი   დავალების პირობის შესაბამისად მოსწავლემ შეიძლება მოამზადოს: პრეზენტაცია,მოდელი, ვიდეო, პოსტერი, ინფოგრაფიკა.

პრეზენტაცია – მოსწავლეებმა უნდა შექმნან პრეზენტაცია, რომელიც აჩვენებს საჭმლის მომნელებელი სისტემის სტრუქტურას (ორგანოების აგებულება და მდებარეობა) და აღწერს, თუ როგორ შეესაბამება თითოეული ორგანოს აგებულება მის ფუნქციას.

 მოდელი – მოსწავლეებმა შეიძლება შექმნან საჭმლის მომნელებელი სისტემის მოდელი, რომელიც აჩვენებს სისტემის ძირითად ორგანოებს (მაგალითად, პირის ღრუ, საყლაპავი, კუჭი, წვრილი ნაწლავი, მსხვილი ნაწლავი).

საჩვენებელი ვიდეო – მოსწავლეებმა შეიძლება შექმნან ან მოძებნონ მოკლე ვიდეო, რომელიც ხსნის ფერმენტების როლს საკვების დამუშავებაში და ინტეგრირებენ მას პრეზენტაციაში.

წერილობითი რეფლექსია – მოსწავლეებმა უნდა დაწერონ მოკლე რეფლექსია, რომელშიც ისინი აღწერენ, რა ისწავლეს ამ დავალებიდან, როგორ ესმით საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქცია და ორგანოების როლი.

ამ ტიპის დავალებები ეხმარება მოსწავლეებს უკეთ გააცნობიერონ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქცია, ორგანოების აგებულება და ფერმენტების როლი, ამავდროულად ამ დავალებაზე მუშაობისას მოსწავლეს განავუვითარებს კრიტიკულ აზროვნებას, ანალიზისა და პრეზენტაციის უნარებს.

აქვე გიზიარებთ ერთ-ერთი მოსწავლის მიერ მომზადებულ ვიდეომასალას.

აქ არის SOLO ტაქსონომიის შეფასების ცხრილი საჭმლის მომნელებელი სისტემის  შემაჯამებელი დავალებისთვის:

დონე აღწერა სტრუქტურული დონე ორგანოების ამოცნობა ფუნქციების ახსნა ფერმენტების როლი პრეზენტაცია
პრესტრუქტურული

1-2

მინიმალური ან არასწორი წარმოდგენა საჭმლის მომნელებელი სისტემის შესახებ მინიმალური ცოდნა ორგანოების გადაუცნობლობა ფუნქციების მცდარად ახსნა ფერმენტების როლის არასწორი ან არარსებული გაგება მინიმალური პრეზენტაცია ან მოდელის მცდარი შინაარსი
უნისტრუქტურული

3-4

ერთ მარტივ ინფორმაციას აძლევს საჭმლის მომნელებელი სისტემის შესახებ ერთი ცოდნის ფრაგმენტი ერთ ორგანოს ამოცნობა ორგანოს ფუნქციის მარტივი ახსნა ფერმენტების როლის ზერელე გაგება პრეზენტაცია ერთ თემაზე
მულტისტრუქტურული

5-6

რამდენიმე ინფორმაციის წვდომა, მაგრამ ისინი არ არის კავშირში მრავალი ცალკეული ცოდნის ფრაგმენტი რამდენიმე ორგანოს იდენტიფიცირება თითოეული ორგანოს ფუნქციის ცალკე ახსნა ფერმენტების ფუნქციის რამდენიმე ასპექტის ახსნა სხვადასხვა თემის ნაწილები  პრეზენტაციაში
მიმართებითი

7-8

ორგანოების ფუნქციების ერთმანეთთან დაკავშირება და ფერმენტების როლის კონტექსტში ახსნა ცოდნის ფრაგმენტების დაკავშირება ორგანოების ურთიერთდაკავშირებული ამოცნობა ორგანოების ფუნქციების ერთმანეთთან დაკავშირება ფერმენტების ფუნქციის დაკავშირება ორგანოებთან ორგანიზებული პრეზენტაცია/პოსტერი/მულტიმედია
გაფართოებული

9-10

ღრმა და კომპლექსური გაგება, არგუმენტირებულად და კრეატიულად წარუდგენს მასალას კომპლექსური ცოდნის ინტეგრაცია და ახალი იდეების შექმნა ორგანოების სრული და დეტალური ამოცნობა ორგანოების და ფუნქციების სრული გაგება ფერმენტების როლის სრული და დეტალური ახსნა კრეატიული და კომპლექსური პრეზენტაცია არგუმენტებით

შემაჯამებელი დავალებები ბიოლოგიის სასწავლო პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, რადგან ის ეხმარება მასწავლებლებს და მოსწავლეებს შეაფასონ და გააანალიზონ სასწავლო პროცესის შედეგები. ისინი უზრუნველყოფენ ცოდნის კონსოლიდაციას, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას, მოტივაციას და დამოუკიდებლობის განვითარებას, რაც მთლიანობაში აუმჯობესებს სწავლა-სწავლების ხარისხს.

 

 მუჰამედ მართალი

0

იესო ქრისტეს დაბადებიდან დაახლოებით ექვსასი წლის შემდეგ ქვიშიან და ცხელ არაბეთში, ცხოვრობდა კაცი რომელსაც მუჰამედი ერქვა, მას მშობლიურ მხარეში კეთილშობილების გონიერების გამო მართალს  და სანდოს „ ალ ამინს“ ეძახდნენ. მას მამა დაბადებამდე გარდაეცვალა, დედა კი  ექვსი წლისას, ბიძამ იშვილა და ვაჭრობა შეასწავლა.

იმ დროინდელი არაბები ციურ სხეულებს და ქვას სცემდნენ თაყვანს, რომელიც მათი რწმენით ასევე ზეციდან იყო ჩამოვარდნილი.   ამ დროს ჯაჰილიას- უმეცრების- ხანას უწოდებენ. „ ჩვენზე ღარიბი არავინ იყო,ბევრი ჩვენგანი საკუთარ ასულს ცოცხლად მარხავდა, რომ ჩვენი საჭმელი არ ეჭამა, შემდეგ ღმერთმა ცნობილი კაცი გამოგვიგზავნა“,-წერს მუჰამედის ერთ-ერთი მეომარი. არაბებს  თავისი ქარიზმითა და კეთილშობილებით სწორედ  მუჰამედი სწორედ რომ საჭირო დროს გამოუჩნდა.

მუჰამედის ტომის კურაიშის წევრები  სწორედ ამ ქვის „ ქააბას“  დარაჯები იყვნენ.მისი გვარი ჰაშიმიანი კი იმდროინდელ მექაში ყველაზე გავლენიანი ნამდვილად არ ყოფილა, წარმომავლობის მიუხედავად,  მუჰამედ მართალს მემკვიდრეობით სულ რამდენიმე აქლემი ერგო, ეს კი იმ დროსაც კი ძალიან მცირე ქონება იყო. ამიტომ მუჰამედი იძულებული გახდა ერთ მდიდარ კაცთან თხის არვეს მწყემსვა დაიწყო.

როგორც ყველა დიდი კაცის ცხოვრებაში მასაც მშველელად ქალი გამოუჩნდა.  ოცი წლის მუჰამედი მასზე ბევრად უფროსმა ხადიჯამ,  ქარავნების მთავარ  გამყოლად დანიშნა და მოგვიანებით ცოლადაც გაჰყვა. გაუჩინა ექვსი შვილი და ამასთან ერთად მისი უპირველესი მხარდამჭერიც იყო.

მუჰამედი ძლიერი შავთმიანი და შავწვერა კაცი ყოფილა, დიდ პატივივსაც სცემდნენ მშობლიურ მხარეში სანამ ის ახალ რელიგიას იქადაგებდა.

ქარავნებით ოაზისიდან ოაზისში სიარულისას მუჰამედი ბევრ იუდეველ და ქრისტიან პილიგრიმს ხვდებოდა რომლებიც იერუსალიმში თავთავიანთი ტაძრების მოსალოცად მიდიოდნენ. მათმა მონაყოლმა ერთადერთ ყოვლისშემძლე ღმერთზე მუჰამედზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ინტერესით ისმენდა ამბებს იესოზე და მარიამზე, აბრაამსა და იოსებზე.

ერთხელაც მუჰამედს  მთავარანგელოზი მიქაელი გამოეცხადა და ყურში მჭექარე ხმით ჩასძახა „ წაიკითხე“!  მუჰამედი შეძრწუნდა, მან კითხვა არ იცოდა.  მთავარანგელოზმა მეორედაც და მესამედაც გაუმეორა დ უბრძანა  უფალი ღმერთის სახელით ელოცა. სამი წლის შემდეგ ისევ გამოეცხადა შარავანდმოსილი  მიქაელ მთავარანგელოზი და მას ისევ უბრძანა : „ განადიდე უფალი შენი“.

სწორედ ხადიჯამ დაარწმუნა ქმარი ხილვის სიმართლეშიც და საკუთარ თავშიც.  მუჰამედმაც დაიჯერა რომ ის ღმერთის წინასწარმეტყველი იყო.

დაიწყო კიდევაც ქადაგება ერთადერთი და ყველაფრისშემძლე ღმერთის შესახებ, და მოსალოდნელი ჯოჯოხეთის შესახებ. ხალხი მას დასცინოდა, მისი მხოლოდ უახლოეს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს სჯეორდათ. „ წინასწარმეტყველებს“ თავიანთ ქალაქებში არ სწყალობენ“.  როცა მექელებმა მასში საფრთხე დაინახეს, სახლში მკვლელები მიუგზავნეს, მუჰამედი იძულებული გახდა „ იასრიბში“ გაქცეულიყო.

ამგვარ გაქცევას არაბულად „ ჰიჯრა“ ჰქვია და სწორედ აქედან დაიწყეს მუსლიმებმა თავიანთი წელთაღრიცხვა. როგორც ქრისტიანებმა ქრისტეს დაბადებიდან, ძველმა ბერძნებმა ოლიმპიური თამაშებიდან, რომაელებმა კი რომის დაარსებიდან.

მუჰამედი იასრიბში დიდი სიხარულით მიიღეს და მოგვიანებით თავიანთ ქალაქსაც „ მედინა“ ანუ წინასწარმეტყველის ქალაქი დაარქვეს. იასრიბელები მას მასპინძლობას სთავაზობდნენ და რადგან მუჰამედს არავის წყენინება არ უნდოდა პასუხობდა რომ იქით წავიდოდა საითაც მისი აქლემი გასწევდა. ეს ხომ ის კაცი იყო , ხელის ჩამორთმევის დროს პირველი არასოდეს გაუშვებდა.

მუჰამედი შთააგონებდა ახლად მოქცეულებს არავისი და არაფრის უნდა შინებოდათ გარდა ერთადერთი ღმერთისა „ ალაჰისა. რომ მის ყოვლისშემძლე ნებას უნდა დაჰყვნენ და დაემორჩილონ. ღვთისადმი ასეთ მორჩილებას, მინდობას არაბულად ისლამი ჰქვია და ამიტომაც მუჰამედმა თავის ახალ მოძღვრებას ისლამი უწოდა.    ის ერთი ღმერთის თაყვანისცემას, სამართლიანობასა და თანასწორობას, უმანკოების წეს ქადაგებდა. დავითს, სოლომონს, მოსეს, იესოს დიდ წინასწარმეტყველაბად აღიარებდა , თუმცა მიიჩენვდა ის მათზე უპირატესი იყო. ის ამბობდა რომ ვინც ამ მოძღვრებისთვის თავს გაწირავდა სამოთხეში მოხვდებოდა. ის კი სამოთხეს ყველასათვის საოცნებო ადგილად უხატავდა. ღარიბ არაბებზე რომლებსაც არაფერი ენახათ ქვიშის მეტი მზად იყვნენ სამოთხეში მოსახვედრად  თავის გასაწირად. ნელნელა ქვიშავით მრავლდებოდა მუსლიმების „ მინდობილების“ რიცხვი. მუჰამედმა ის ქალაქიც დაიპყრო საიდანაც გააძევეს, შური მხოლოდ ძველ კერპებზე იძია და არა იმათზე ვინც ის განდევნა. ყველა მხრიდან მოდიოდნენ  მასთან თაყვანის საცემად, კაცმა რომლისაც თავიდან მხოლოდ ცოლსა და მეგობრებს სჯეროდად, სიკდვილის წინ ორმოციათასი ადამიანის წინ იქადაგა. ისევ მოუწოდა მათ რომ არავინაა ღმერთი ალაჰის გარდა და ისაა მისი ერთადერთი მოციქული. მოუწოდა რომ ებრძოლათ ურჯულოების წინააღმდეგ, დღეში ხუთჯერ მექისკენ პირშებრუნებულებს ელოცათ და მუდამ მხნედ ყოფილიყვნენ. თხის მწყემსი, ვაჭარი და წინასწარმეტყველი ექვსასოცდათორმეტ წელს, სამოცდაორი წლისა გარდაიცვალა. გარდაიცვალა.

მინდობილმა არაბებმა მალევე პალესტინა, სპარსეთი და ეგვიპტე დაიპყრეს და მარავალი სისხლიც დაღვარეს მუჰამედის სწავლების გასავრცელებლად.  რომ არა კარლოს მარტელი ალბათ ევროპა ახლა მუსლიმური იქნებოდა.

დაგვიპყრეს ჩვენც, მუსლიმები ვერ გაგვხადეს , მიუხედავად იმისა რომ ბაღდადელი მურვან ყრუ მოუძღოდათ. სამაგიეროდ ბევრი თავინათი სიტყვა დაგვიტოვეს :   ბულბული, ვადა, ზანდუკი, თაბახი, თილისმა, მიტკალი, სიფათი, ქათინაური და ბევრი სხვა..      დაგვიტოვეს მენლასაცხებლე აბო, ჩვენ ადიდებული ცხენისწყალი,  დავით და კონსტანტინე მხეიძეების, გობრონ მიქაელი დავახვედრეთ.  ისლამის გასავრცელებლად მუსლიმებმა ბევრი სისხლი დაღვარეს,  როგორც ქრისტიანებმა ქრისტიანობის გასავრცელებლად.

ისტორიის სისხლიანი ფურცლების გარდა არაბებმა დატოვეს „ ქიმია და ალგებრა, ჩინელებისგან ნასწავლი ქაღალდის წარმოება, არაბული ციფრები, თვითონ სიტყვა ციფრიც კი არაბული სიტყვაა. და ყველაზე მთავარი ყველა დროის, ყველა დროის ყველაზე მომხიბლავი ზღაპარი „ ათას ერთი ღამე“.

რაც შეგვეხება ჩვენ, რაც უფრო მეტი გვეცოდინება სხვა ხალხებისა თუ ღმერთების შესახებ, უფრო ნაკლები ადგილი იქნება ჩვენს გულში შიშისა და სიძულვილისთვის.

 

„ შეიძინეთ ცოდნა,. ეს საშუალებას აძლევს განათლების მფლობელს, განასხვაოს სწორი და არასწორი; გაინათოს გზა სამოთხისაკენ; განათლება არის მეგობარი უდაბნოში; გნათლება არის თანამგზავრი,  როცა უმეგობროდ ხარ; განათლება გვაბედნიერებს, განათლება გვამხნევებს გაჭირვებაში და გვიცავს მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში. „ ქადაგებდა მოციქული მუჰამედი განათლების შესახებ.

 

 

 

წერა ყველა ბავშვს შეუძლია

0

„ჩემი აზრით, წერა თვითგამოხატვისა და თვითაღმოჩენის ერთ-ერთი დამაკმაყოფილებელი, ღირებული და ეფექტური საშუალებაა“.

ვაიოლეტ ოკლანდერი

 

ბავშვობაში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ლიტერატურის კურსზე დავდიოდი. 90-იან წლებში გარეუბანში გაზრდილი გოგოსთვის ეს იყო უდიდესი მოტივაცია და თვითგამოხატვის საშუალება. ერთხელ მასწავლებელმა დაგვავალა, მომდევნო შეხვედრისთვის დაგვეწერა თავისუფალი თემა ქარში მფრინავ ცელოფნის პარკზე. სკოლიდან შინ ვბრუნდებოდი და ვწუხდი, რა დამეწერა. ერთი წინადადებაც კი არ მაფიქრდებოდა. მახსოვს მტანჯველი შეგრძნება, რომ დავალებას თავს ვერ ვართმევდი. ეს მოგონება ამ სტატიაზე ფიქრისას ამომიტივტივდა და ახლა, როცა თავად ვასწავლი წერას, დავფიქრდი, როგორ შეიძლება დააბრკოლოს ბავშვი თუნდაც ერთმა წერითმა ინსტრუქციამ და მისი შფოთვის შესახებ მასწავლებელმა ვერასდროს შეიტყოს. საკუთარ ბავშვობასთან მიბრუნება მასწავლებლობისას კიდევ უფრო მეტი სიფრთხილისკენ მიბიძგებს და წერის სწავლების მრავალფეროვანი ტექნიკის მოძიების სურვილს მიჩენს.

ჩემი ფიქრების კვალდაკვალ კიდევ ერთი ამბავი უნდა მოგითხროთ, რომელიც წერის სირთულის საილუსტრაციო მაგალითია. დილას ვკითხულობდი მეშვიდეკლასელი მოსწავლის საშინაო დავალების რვეულს. თუ მთელი წლის შრომის შედეგის ჩვენებას განვიზრახავ, ამისთვის მეშვიდეკლასელი ანდრიას რვეული ნამდვილად არ გამომადგება გამოტოვებული დავალებების, გაკრული ხელნაწერის, გაუმართავი წინადადებების გამო, თუმცა მის რვეულში არის ჩანაწერები, რომლებმაც გული გამითბო, მასზე ფიქრებით ამავსო და დამარწმუნა, რომ შეფასებისას მხოლოდ იდეალურ შედეგზე არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. რამდენიმე წინადადება გავხაზე კიდეც. ასეთი წინადადებები მაგონებს სერფინგის დაფას, რომელსაც რამდენიმემეტრიანი ტალღის ქვეშ შეუძლია გაძვრომა. მოსწავლის გულწრფელობით სავსე წინადადებებსაც შეუძლია, მასწავლებლის შფოთვა ჩააცხროს. მერე ჩემი ორი თვის ბიჭი ეზოში ჩავიყვანე სასეირნოდ. კლასელებთან ერთად მომავალი ანდრია რომ დავინახე, თვალწინ მისმა ჩანაწერებმა გამიელვა. ბავშვები გამომელაპარაკნენ, მე ანდრიას ჩემი შთაბეჭდილებები გავუზიარე და გავახსენე დღის ათწუთიანი ჩანაწერი, სადაც წერს, რომ მის ტვინს კარანტინი დაემართა და საზღვრები ჩაეკეტა. ორივეს გაგვეღიმა. მერე ბიჭებმა საბავშვო ეტლი ლიფტამდე ამატანინეს და სადარბაზოში მარტო დარჩენილი ისევ ანდრიაზე ვფიქრობდი – ნეტავ, მართლა თუ ახსოვდა ის ჩანაწერი ან როდის გაიაზრებს მთელი სისავსით მასწავლებლის მცდელობას-მეთქი. ახლა უკვე ვიცი, რომ ჩემი ფიქრები, ზეპირი თუ წერილობითი კომენტარები მისთვის აუცილებლად იქცევა ზურგის ქარად.

წლის ერთ-ერთი დავალება ამგვარი იყო – უნდა დაეწერათ თავფარავნელი ჭაბუკიდან ლირიკული გმირის, გოგოს, დღიური. ანდრია წერს:

„დღეს როგორც ყოველი დღე არის უბრალო. ვზივარ წისქვილის კენწეროში და ვუყურებ ზღვის შემდეგ რომ დგას სახლი. იქ ცხოვრობს ერთი ბიჭი, რომელიც ცოტათი მიყვარს. ვფიქრობ მასზე სულ“.

13 წლის ბიჭს ჩანაწერისთვის თავისივე სურვილით დაურთავს ნახატი – წისქვილი, ზღვის ტალღებში მისი ანარეკლი, მთვარე და ვარსკვლავები.

ანდრიას წერითი უნარების გამომუშავებამდე იყო ოთხწლიანი შრომა და მიდგომები, რომლებიც სწავლა-სწავლებისას თანდათან აღმოვაჩინე, მოვსინჯე, დავნერგე და ახლა უკვე მტკიცედ შემიძლია ვთქვა, რომ წერა ყველა ბავშვს შეუძლია. „დღეს როგორც ყოველი დღე არის უბრალო“ – ამ წინადადებამ დროში დამაბრუნა, წარმოვიდგინე, როგორ ზის, ფიქრობს და წერს ანდრია. ამ ჩანაწერმა მისდამი თანაგანცდა გამიღვივა და უფრო მეტად შემაყვარა იგი.

ასე რომ, გამოცდილებაზე დაყრდნობით, იმისთვის, რომ ბავშვს წერა შევაყვაროთ, აუცილებელია:

* მივცეთ პირადი მაგალითი – თავად დავწეროთ ის, რასაც დავავალებთ;

* მოვუსმინოთ გულისყურით;

* მივცეთ აუდიტორიის (კლასის) წინაშე ნაწერის წაკითხვის საშუალება;

* შევაქოთ, წავახალისოთ;

* ვიპოვოთ წინადადება, რომელსაც მოსმენისას  ჩავიწერთ და უკუკავშირისას გამოვიყენოთ;

* დავუწეროთ განმავითარებელი კომენტარი;

* ყურადღება ნაკლებად გავამახვილოთ შეცდომებზე და რჩევები დიდი სიფრთხილით მივცეთ.

უბნის ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე ვაიოლეტ ოკლანდერის წიგნი სახელად „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“, რომელიც ბავშვთა განვითარების მრავალ თემას ეხება. წიგნში ერთი თავი წერის სწავლებას ეთმობა. ვაიოლეტ ოკლანდერი წერს:

„ვფიქრობ, ბავშვებს ხშირად ეზარებათ წერა, რადგან სკოლები, პირველ რიგში, ყურადღებას აქცევენ მართლწერას, ფორმას, წინადადების აგებულებას, და ხელწერასაც კი. ეს ახრჩობს და გუდავს ბავშვის შემოქმედებით ნაკადს. ჩემი აზრით, გრამატიკა და მართლწერა უნდა განცალკევდეს ნამდვილი წერისგან, ცალკე ან, შესაძლოა, მოგვიანებით უნდა ისწავლებოდეს, მას მერე, რაც ბავშვი წერას გაუშინაურდება. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ახლად ალაპარაკებული ბავშვისთვის პირველივე სიტყვაზე დაჟინებით რომ მოგვეთხოვა წინადადებების სრულყოფილი სისწორით დალაგება! ბავშვები სწორ ლაპარაკს გარშემო მყოფი მოზრდილების მიბაძვით სწავლობენ. თუკი ბავშვებს თავს დავანებებთ და არ შევაშინებთ, იმგვარადვე ისწავლიან წერას, როგორც ლაპარაკს სწავლობენ“.

ვაიოლეტ ოკლანდერი ამ მოსაზრებით გამოეხმაურა ჩემს ბოლოდროინდელ ფიქრებს. კერძოდ, მეშვიდეკლასელების საშინაო დავალებების კითხვისას უფრო და უფრო მიჭირდა გრამატიკული შეცდომების გასწორება – ბავშვების ნაწერში დატოვებული შესწორებები თითქოს „ყვიროდა“. ვდარდობდი, თვალიერებისას თვალში რომ მოხვდებოდათ გასწორებული სიტყვები და ჩემი დაწერილი სასვენი ნიშნები, ამას მათი შემოქმედებითი უნარები არ ჩაექრო. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რა შედეგს გამოიღებდა შეცდომების გასწორება? გაითვალისწინებდნენ თუ არა შემდეგში რჩევებს? როგორი ფორმა შემერჩია შეცდომებზე ყურადღების გასამახვილებლად? სტატიაში მოყვანილი მონაკვეთის წაკითხვისას მივხვდი, რომ გუმანი არ მღალატობდა და სწორი გზით მივდიოდი. წერის სწავლებისას მასწავლებლებმა აუცილებლად უნდა დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა, რა არის ჩვენი მიზანი – ბავშვმა თავისი თავი გამოხატოს, გრძნობები გაასიტყვოს, გაგვენდოს, მოგვენდოს, გვიამბოს, გაგვეცნოს თუ ცარიელი ფურცელი მოგვიტანოს ან მისი წერითი დავალება მშობლისთვის თავსატეხად იქცეს?

ამგვარად, მთავარია, ბავშვებს წერის სურვილი გავუღვივოთ და ხშირად წერონ. დროსთან ერთად მათთვის აკადემიური წერითი უნარების გამომუშავებას აუცილებლად შევძლებთ.

აქვე უნდა გამოვყოთ კიდევ ერთი გავრცელებული მოსაზრება. კერძოდ, ხშირად მომისმენია, რომ კლასში რამდენიმე მოსწავლე გამორჩეულად კარგად წერს, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ კლასის დანარჩენ ნაწილს წერა არ გამოსდის. ჩემი აზრით, ამის ხაზგასმა აუცილებლად ჩაუქრობს დანარჩენ მოსწავლეებს წერის სურვილს. ისინი აუცილებლად იგრძნობენ მასწავლებლის წინარეგანწყობას და დაიჯერებენ, რომ წერა არ შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ჯერ თავად უნდა ვირწმუნოთ მასწავლებლებმა, რომ წერა ყველა ბავშვს შეუძლია და შემდეგ ბავშვებიც დავარწმუნოთ ამაში.

მაინც როგორ მოვახერხოთ მცირე საგაკვეთილო დროში ყველა მოსწავლეს გავწვდეთ, ყველა წერის სურვილით ავანთოთ?

  • დავიწყოთ საკუთარი აზრის ერთი წინადადებით ჩამოყალიბების სწავლებით. ამისთვის ხშირად ვთავაზობ წინადადების დასრულებას, მაგალითად:

ჩემი აზრით, ეს სიტყვა ნიშნავს…

ჩემი აზრით, ყუთში დევს…

შემდეგ ყველა ბავშვი კითხულობს საკუთარ მოსაზრებას. ამგვარად თითოეულის მოსმენას და უკუკავშირს ვახერხებ. ძალიან მიყვარს, როდესაც საშინაო დავალების რვეულების თვალიერებისას საკუთარი აზრის გამომხატველი საკლასო ჩანაწერები მხვდება:

  • ასეთივე დატვირთვისაა, როდესაც წერენ მოთხრობის სავარაუდო გაგრძელებას ან წიგნის სათაურის მიხედვით მთავარი თემის გამოცნობას ცდილობენ.
  • შევთავაზოთ მკაფიო ინსტრუქცია, ერთგვარი ქარგა, რომლის მიხედვითაც გაუადვილდებათ აზრის ჩამოყალიბება, აბზაცების გამოყოფა. ბავშვები სიხარულით წერენ შეთავაზებული ქარგის მიხედვით დღის ჩანაწერებსა და პირად წერილებს:

  • დავასრულებინოთ წინადადებები – ამ მეთოდის შესახებ ვაიოლეტ ოკლანდერი წერს:

„დაუსრულებელი წინადადებების დასრულება საუკეთესო გზაა ბავშვების წასაქეზებლად, რომ გააკეთონ დეკლარაციული განაცხადი საკუთარ თავზე, გაიაზრონ თავიანთი ნატვრები, სურვილები, საჭიროებები, იმედგაცრუებები, ფიქრები, იდეები და გრძნობები“.

მეც ხშირად მივმართავ ამ მეთოდს და დიდი ინტერესით ვეცნობი ბავშვების ნაწერებს. ვაიოლეტ ოკლანდერი დაუსრულებელ წინადადებებსაც გვთავაზობს:

„უსამართლობაა, როცა… მიხარია, როცა… ვდარდობ, როცა… სამი მნიშვნელოვანი რამ, რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, არის… საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შემიძლია, არის… მე რომ მასწავლებელი ვიყო… ამქვეყნად ყველაზე ლამაზი რამ არის…“

 

  • კომენტარი – წერილობითი კომენტარის დაწერა ხელს უწყობს წაკითხულის გააზრებას, ბავშვებს უადვილდებათ შეფასება, პარალელების გავლება, უკეთესად ამახსოვრდებათ მოვლენების განვითარება. ამასთანავე, წერილობითი კომენტარი უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, რაც გულისხმობს აზრის განვითარებას, წინადადებების ლოგიკურ გადაბმას:

  • პერსონაჟის მესენჯერ-ჩატი ბავშვების ინტერესებს მორგებული წერითი დავალებაა. ვინაიდან სოციალურ ქსელს ყოველდღიურად იყენებენ, მას მარტივად უკავშირებენ ლიტერატურულ ტექსტს. მასწავლებლისთვისაც სახალისოა, როდესაც მოსწავლის რვეულში აბესალომისა და ეთერის, პირქუშისა და ხოგაის მინდის წარმოსახვით მიმოწერას კითხულობს:

  • შევავსებინოთ გასასვლელი ბილეთები. გასასვლელი ბილეთების ქარგას ხშირად ვცვლი. რესურსებს ყოველთვის ვინახავ და გასასვლელ ბილეთებს ყველაზე ხშირად ვუბრუნდები. ვფიქრობ, ღია კითხვები და დაუსრულებელი წინადადებებისგან აკინძული ბილეთი ყველაზე მეტად ეხმარება ბავშვს, შთაბეჭდილებები წერილობით გამოხატოს.
  • თავისუფალი თემა. თავისუფალი თემის დაწერამდე ზემოთ ჩამოთვლილი წერილობითი აქტივობებით ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. თუ ხშირად ვაწერინებთ ბავშვებს, თავისუფალი თემის დაწერა გაუადვილდებათ.
  • დღიური. პერსონაჟთა დღიურიდან პირადი დღიურის წერამდე ერთი ნაბიჯია. პირადი მაგალითისთვის ხშირად ვიყენებ ჩემი ბავშვობის დღიურებს და ხმამაღლა ვუკითხავ ჩანაწერებს.

ამგვარი მუშაობის შედეგად აუცილებლად მივალთ ვრცელი წერითი ნაშრომების დაწერამდე. ვგულისხმობ არგუმენტირებულ და ანალიტიკურ ესეებს, საკონფერენციო და საკონკურსო თემებს. მრავალფეროვანი მეთოდების დასწავლის შემდეგ ბავშვები თავად ირჩევენ საყვარელ წერით ინსტრუქციას. მათ რვეულებზე დაკვირვებისას ვამჩნევ, რომელი წერითი აქტივობა მოსწონთ. რაც მთავარია, ყველამ უნდა მიაგნოს მათთვის საინტერესო დავალებას, ძიებისას კი მასწავლებლის თანადგომა სჭირდებათ.

სტატიას კიდევ ერთი პირადი მაგალითით დავასრულებ. ერთ მშვენიერ დილას, სანამ ჩემს შვილებს ეძინათ, აგუსტინ ფერნანდეს პასის „მეკობრეთა სკოლას“ ვკითხულობდი. ამ ბოლო დროს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა თანამედროვე ესპანურენოვანი საბავშვო წიგნები, რომლებიც ჩემმა მეგობარმა, თინა ბატიაშვილმა, შესანიშნავად თარგმნა. ერთი სული მაქვს, სანამ თინას თარგმანებისთვის დროს მოვიხელთებ ხოლმე. ჩემი სტუდენტობის დროინდელი დღიური გადავსებულია თინას ჩანაწერებით. ახლა კი მისმა შესანიშნავმა წერის უნარმა თარგმანებში გაიბრწყინა.

ვკითხულობ „მეკობრეთა სკოლას“ და იმდენ საერთოს ვხედავ მთავარ პერსონაჟთან, მასწავლებელ ანასთან, მიხარია. გაბმული წვიმების გამო გალისიაში მოსწავლეები და მასწავლებელი ერთნაირად გაბეზრებულან. ანა მასწავლებელი პროგრამას არ მიჰყვება, მარტას და მის კლასელებს ზღაპრებს უამბობს, მათთვის საინტერესო თემაზე დიდხანს ჩერდება, რის გამოც დირექტორი საყვედურობს. ბავშვები განიცდიან დირექტორის აგრესიისგან ჩამქრალი ანა მასწავლებლის დანახვისას, თუმცა იციან, რომ მათი საყვარელი ადამიანი მალე დაივიწყებს უსიამოვნო შეხვედრას და ჩვეულებისამებრ გააგრძელებს გაკვეთილს. მალევე შეამჩნევენ ძალიან უცნაურ რამეს – სკოლის შენობის ამოძრავებას და მდინარის დინების მიმართულებით სვლას. მეტს აღარ მოგიყვებით. „მეკობრეთა სკოლა“ უკარგესი წიგნია ბევრი საგულისხმო მომენტით, წიგნის მთავარი სათქმელი კი ის არის, რომ სკოლა დაუვიწყარი თავგადასავლების ადგილი უნდა იყოს.

„თუ არ ვცდები, სწორედ თქვენ ხართ ის ძრავა, რომელიც ამ შენობას ამოძრავებს. წარმოსახვას გაცილებით დიდი ძალა აქვს, ვიდრე გვგონია. სინამდვილეში, ეს ერთადერთი ძალაა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია, მით უმეტეს, თუ ადამიანები შეთანხმებულად მოქმედებენ… თქვენ „საშიში“ პიროვნება ხართ, მეგობარო. ერთ რამეს ვერ ვხვდები: ეს ყველაფერი მოსწავლეებს თქვენ ჩააგონეთ თუ, პირიქით, მათ ჩაგაგონეს? თუმცა ამ შემთხვევაში ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, – ამ სიტყვებს ანას სკოლაში განვითარებული მოვლენების გამოსაკვლევად მისული ანიტა ეუბნება.

ვკითხულობ და გული მითბება. მერე რა, რომ წიგნში შევხვდი ადამიანს, რომელმაც იმ დილას ანასთან ერთად მეც გამამხნევა. დიახ, მასწავლებლები ნამდვილად ვართ ჯადოსნური თავგადასავლების მამოძრავებელი ძრავები – ეს შედარება ძალიან მომწონს, ვჩერდები, ვფიქრობ და მეღიმება.

რამდენიმე ფურცელი მაშორებს თხელტანიანი წიგნის დასასრულს. ვამჩნევ პატარა ბარათებს, რომლებზეც ჩემი მოსწავლეების ნაწერებია. ეტყობა, რომელიმე გაკვეთილის დასრულების შემდეგ „მეკობრეთა სკოლაში“ ჩავდე და აქ შემორჩა. მაინტერესებს, რა წერია, მაგრამ გადავწყვიტე, წიგნის დასრულების შემდეგ წავიკითხო.

„უკვე იცოდა, რამხელა ძალა ჰქონდათ მათ ყველას ერთად“. –

წიგნის ბოლო აბზაციც მიილია. ისევ მეღიმება კითხვით მოგვრილი სიხარულისგან. ვიღებ ბარათებს და პირველივე წინადადება სახეს ცრემლებით მისველებს: „ლელა მასმა გაიღიმა“, – თავბრუს მახვევს მეხუთეკლასელი ლიზის ნაწერი. ლიზი ის გოგოა, შესვენებებზე რომ მოდიოდა და მეკითხებოდა: შეიძლება, ჩაგეხუტოთო? ლიზის თითქოს მუხტავდა ჩახუტება და ჩემს ენერგიას გაკვეთილებზე მიიყოლებდა. ახლა კი ის სულ ერთი წინადადებით ჩემთან ერთად არის და მე მართლა ვიღიმი სკოლის, ბავშვების, ჯადოსნური თავგადასავლების გამო.

მერე დანარჩენ ბარათებს ვკითხულობ. მახსენდება დავალების ინსტრუქციაც. პირველი სემესტრის დასაწყისში ბავშვებს შევთავაზე, გაკვეთილების დასრულების შემდეგ ერთი წინადადებით დაეწერათ, რა გაუხარდათ იმ დღეს. აი, დანარჩენი წინადადებებიც:

„ბუნების გაკვეთილზე ძალიან ბევრი ვიცინეთ“.

„მე მომეწონა, რომ ბავშვები ერთობოდნენ“.

„ბუნების გაკვეთილი კარგად მოვყევი“.

„ჩემმა მეგობრებმა მომაკითხეს და ბევრი ვილაპარაკეთ“.

„მასწავლებელს ჩემი საჩუქარი მოეწონა“.

„ბუნება ვისწავლე“.

„ბარათები მოგვცეს კალათბურთის და ცეკვის“.

„დღეს მასწავლებელს შევეცოდეთ, როგორ დაიღალეთო და დავალება არ მოგვცა. ჩვენი ყველაზე საყვარელი და კეთილი მასწავლებელი“.

მინდა, ამ ნაწერების ჩვილი ბავშვივით ხელში აყვანა და გულში ჩახუტება შემეძლოს. ნამდვილად ყველა ბავშვს შეუძლია წერა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ოკლანდერი, ვაიოლეტ. ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ. თარგმანი მარიამ და ნინო ქაჯაიებისა. რედაქტორები – მზიკო დალაქიშვილი, გვანცა შუბითიძე. გამომცემლობა „არტანუჯი“, 2020.
  2. პასი, ფერნანდეს ავგუსტინ. მეკობრეთა სკოლა. თარგმანი თინა ბატიაშვილისა, რედაქტორი – ნინო ილაშვილი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2023.

ბავშვები და მეგობრობასთან დაკავშირებული პრობლემები

0

 

ვფიქრობ, ყველა, ვისაც ბავშვებთან აქვს ურთიერთობა და მათი სწავლა-აღზრდით არის დაკავებული, დამეთანხმება, რომ პრობლემები მეგობრულ ურთიერთობაში ძლიერ გავლენას ახდენს მოზარდის ქცევასა და სწავლაზე.

მეგობრობასთან დაკავშირებულ რა პრობლემებს ეჯახებიან ბავშვები და როგორ დავეხმაროთ მათ მოგვარებაში?

* ზოგიერთ ბავშვს უჭირს თანატოლებთან კომუნიკაცია, რაც ხელს უშლის მეგობრების შეძენაში. კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვთარებაზე მცირე ასაკიდანვე უნდა ვიზრუნოთ. თუ ეს დროულად არ გავაკეთეთ, მოგვიანებით ისეთ პრობლემებს შევეჯახებით, რომელთა დასაძლევად გაცილებით მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება.

ბავშვები ერთმანეთთან კომუნიკაციას ჯერ კიდევ ენის ამოდგმამდე იწყებენ. 6-დან 18 თვემდე ასაკის პატარებს, როგორც წესი, უკვე შეუძლიათ ერთმანეთთან არავერბალური ურთიერთობა, რომ გაიცნონ, მხარი დაუჭირონ ერთმანეთს და თავიანთ თამაშში ჩართონ. დაახლოებით ერთი წლის ასაკში მათ შეუძლიათ, დაამშვიდონ მათზე უმცროსი შეშინებული ბავშვი. თუმცა ასეთი ურთიერთობები ჯერ კიდევ ვერ ჩაითვლება მეგობრობად. სამ წლამდე ასაკის ბავშვები ამჯობინებენ სხვა ბავშვების გვერდით, მაგრამ არა მათთან ერთად თამაშს. ამ პროცესს პარალელური თამაში ეწოდება. ამ დროს საფუძველი ეყრება სოციალური უნარების განვითარებას, ხოლო პირველი მეგობრები, რომლებსაც ბავშვი ახლობელ ადამიანებად აღიქვამს, მას სამი წლიდან უჩნდება. ამ ასაკში უკვე შეიძლება, მივიყვანოთ პატარა საბავშვო ბაღში ან რომელიმე წრეზე, რათა მიეჩვიოს სხვა ბავშვებთან ურთიერთობას და მათთან კონფლიქტების მოგვარებას. ის თანდათან მიხვდება, ვისთან უფრო მოსწონს მეგობრობა.

* არის შემთხვევები, როდესაც ბავშვს, მიუხედავად ასაკისა (უკვე სამი წლისაა) და იმისა, რომ უფროსებთან კომუნიკაცია არ უჭირს, თანატოლებს შორის მეგობრები არ ჰყავს. გავითვალისწინოთ, რომ სამი წლის შემდეგაც ყველას არ უნდა სხვა ბავშვებთან თამაში. ზოგიერთს ურჩევნია, უწინდებურად მარტო გაატაროს დრო, ზოგს ურთიერთობა ძალიან ღლის. ეს ნორმალურია. ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია – ერთს შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს თანატოლებთან დასაახლოებლად, მეორეს კი გაცილებით ნაკლები. თუ პატარა უკვე დადის საბავშვო ბაღში, ახალ გარემოსთან ადაპტაციის პერიოდში შეგვიძლია, უქმე დღეებში მისი ჯგუფელები სტუმრად მოვიწვიოთ. ასე სხვა ბავშვების მშობლებსაც უფრო ახლოს გავიცნობთ.

არ არის საჭირო ხმაურიანი წვეულებების გამართვა, სანამ ბავშვს არ ჩამოუყალიბდება ურთიერთობათა მყარი, სტაბილური წრე.

თუ პატარა ჯერ კიდევ არ დადის საბავშვო ბაღში, წაიყვანეთ ხოლმე სათამაშო მოედანზე, შეძლებისდაგვარად დაასწარით განმავითარებელ მეცადინეობებს, წრეების, სპორტული სექციების მუშაობას. რა თქმა უნდა, ბავშვი მაშინვე ვერ მიხვდება, რომ სხვა ბავშვები, რომლებსაც ის თავის გარშემო ხედავს, შესაძლოა მისი მეგობრები გახდნენ, მაგრამ შეეჩვევა თანატოლების გარემოცვას და აუცილებლად დაიმახსოვრებს იმათ, ვინც განსაკუთრებით მოეწონება. მთავარია, არ ვაიძულოთ თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ ვინმესთან ურთიერთობა. თუ მას ახლა მხოლოდ ჩვენთან თამაში სურს, ამაში საგანგაშო არაფერია.

* ბევრს პრობლემად მიაჩნია, რომ მის მოზარდ შვილს მხოლოდ ერთი მეგობარი ჰყავს. მაინც რამდენი მეგობარი სჭირდება ბავშვს? ეს დამოკიდებულია მის ტემპერამენტზე, საცხოვრებელ პირობებზე, კომუნიკაციის საჭიროებაზე, ურთიერთობის მოთხოვნილებაზე. ზოგისთვის ერთი მეგობარიც საკმარისია, ზოგს კი დიდი კომპანია სჭირდება, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს. ასე რომ, ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, მაგრამ მაინც შეიძლება, დავასახელოთ მიხლოებითი რიცხვი. მოზარდი უნდა ურთიერთობდეს სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა სოციალური სტატუსის, სხვადასხვა შეხედულებების ადამიანებთან. მისი მეგობრები შეიძლება იყვნენ მეზობლები, მასთან ერთად სხვადასხვა წრეზე მოსიარულე ბავშვები, მასზე უფროსები ან მასზე უმცროსები. ასე რომ, მას ხუთი მეგობარი მაინც უნდა ჰყავდეს, მათ შორის – მეგობარი მეზობელი, მეგობარი სპორტსმენი, მასზე უფროსი ასაკის მეგობარი, საპირისპირო სქესის მეგობარი და მეგობარი, რომელსაც ბავშვი თავად აირჩევს. რაც უფრო მრავალფეროვანია მეგობრების წრე, მით უფრო მდიდარია ბავშვის ემოციური გამოცდილება.

ნუ მოვახდენთ ზეწოლას ბავშვზე, ნუ ვაიძულებთ იმეგობროს ამა თუ იმ თანატოლთან, უბრალოდ დავუკვირდეთ, როგორ შეიცნობს სამყაროს ჩვეული ოჯახური წრის მიღმა კომუნიკაციის გზით.

* არის შემთხვევები, როცა ბავშვს არ სურს თანატოლებთან ურთიერთობა, მაგრამ ინტერესდება უფროსი ბავშვებით. ბევრ აღმზრდელს ეს საგონებელში აგდებს. მათ არ იციან, როგორ მოიქცნენ, დართონ თუ არა აღსაზრდელს უფროსი ასაკის ბავშვებთან მეგობრობის ნება, წაახალისონ თუ არა მათი ურთიერთობა. უფროსი ძმებისა და დების, მათი მეგობრების, ოჯახის მეგობრების შვილების წრე მოზარდს ხშირად უფრო მიმზიდველი და საინტერესო ეჩვენება – უფროს ბავშვებს ხომ მეტი თავისუფლება, მეტი ცოდნა და უნარ-ჩვევა აქვთ. ბავშვის ქცევაზე დაკვირვებით ჩვენ ძალიან მალე შევამჩნევთ, რა შედეგი მოაქვს უფროსებთან მის მეგობრობას – შესაძლოა, გახდეს უფრო დამოუკიდებელი, უფრო სერიოზული ან პირიქით – უხეში, მოჩხუბარი, აგრესიული. მხოლოდ ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ შეიძლება გადავწყვიტოთ, ღირს თუ არა უფროსებთან ბავშვის მეგობრობის წახალისება.

* ბავშვი პრობლემებს ეჯახება მაშინაც, როცა მეგობრად ირჩევს თანატოლს, რომელიც მის მშობლებს არ მოსწონთ. როგორ მოვიქცეთ – ავუკრძალოთ მასთან ურთიერთობა თუ არ ჩავერიოთ? ხანდახან ჩვენ, უფროსები, იმთავითვე უარყოფითად ვართ განწყობილი ბავშვის ახალი მეგობრის მიმართ, თუმცა მას შესაძლოა არც კი ვიცნობდეთ. გვეჩვენება, რომ ის ჩვენი შვილის შესაფერი არ არის – მეტისმეტად ხმაურიანია, ან მეტისმეტად წყნარი, მეტისმეტად დამოუკიდებელი ან მშობლებზე მეტისმეტად დამოკიდებული. შესაძლოა, ისიც გვაშინებდეს, რომ ეს ბავშვი სრულიად განსხვავდება ჩვენი შვილისგან. კარგი იქნება, თუ გავიხსენებთ, რომ განსხვავებული ბავშვები, როგორც წესი, დადებით გავლენას ახდენენ ერთმანეთზე. მაგალითად, მშვიდები აგრესიულებს მრისხანების მოთოკვაში ეხმარებიან, მამაცები მშიშრებს უფრო გამბედავებს ხდიან.

* არის შემთხვევები, როცა კომპლექსები და ფსიქოლოგიური ტრავმები მოზარდს თანატოლებისგან იზოლირებას აიძულებს და მათთან დამეგობრებაში ხელს უშლის. მაგალითად, დაბალი თვითშეფასება, რომელიც ხშირად ყალიბდება ოჯახში ბავშვზე გადაჭარბებული ზეწოლის გამო. შიში, რომ მშობლების მოლოდინს გაუცრუებს, ბევრ რამეში უშლის ხელს მოზარდს. მას ასევე გაუჭირდება მეგობრების შეძენა, თუ მშობლები გამუდმებით აკრიტიკებენ მის მეგობრებს, უკრძალავენ შვილს „ცუდ“ კომპანიასთან ურთიერთობას. საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების უქონლობა, რომელთა გამომუშავებაც ბავშვობაში ვერ მოახერხა, ბუნებრივად ურთულებს მოზარდს თანატოლებთან დაახლოებას და დამეგობრებას.

* მეგობრული ურთიერთობისთვის ხელის შემშლელი კიდევ ერთი მიზეზია მშობლების ჰიპერმზრუნველობა – თუ ბავშვს გავანებივრებთ, მივალთ იქამდე, რომ ის შეეცდება, ურთიერთობის ასეთივე მოდელი დანერგოს გარეშე პირებთანაც, რომლებიც მზად არ არიან თამაშის ასეთი წესების მისაღებად.

* მეგობრული ურთიერთობების დამყარებას შესაძლოა ხელი შეუშალოს აგრესიამ, რომელიც ბავშვს ოჯახიდან მოჰყვება, თუ იქ მიღებულია ძალადობა, არაჯანსაღი კომუნიკაცია, ერთმანეთის შეურაცხყოფა.

 

თუ ბავშვი სოციალიზაციის პროცესში სირთულეებს შეეჯახა, კარგი იქნება, ვითარების გამოსწორება საკუთარი თავიდან დავიწყოთ. გვახსოვდეს, რომ ბავშვის ქცევასა და ღირებულებებზე გავლენას ახდენს გარშემო მყოფი უფროსების, უპირველეს ყოვლისა, მშობლების ცხოვრების წესი. ეს მეგობრობასაც ეხება. თუ ბავშვს არ აქვს მშობლებისა და მათი მეგობრების ურთიერთობის ჯანსაღი მაგალითი, ნაკლებსავარაუდოა, გაუჩნდეს თანატოლებთან დამეგობრების, სოციალურად აქტიური ცხოვრების სურვილი. მნიშვნელოვანია, ვესაუბროთ ბავშვს, განსაკუთრებით – გარდატეხის ასაკში, კონფლიქტებზე მეგობრებს შორის, მეგობრობასთან დაკავშირებულ ღირებულებებზე, ფასეულობებზე, მეგობრების როლზე ადამიანის ცხოვრებაში; ავუხსნათ, რომ ურთიერთობაში მონაწილეობს განსხვავებული ინტერესების მქონე რამდენიმე ადამიანი, ამიტომ სხვისი თვალით ყურებაც უნდა შეგვეძლოს. ბავშვი ყოველთვის არ არის მზად იმისათვის, რომ საკუთარ პრობლემებზე გვესაუბროს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია, თავად განვიხილოთ მასთან მსგავსი მაგალითები ჩვენი ცხოვრებიდან. საუბრის კარგი დასაწყისი იქნება ბავშვისთვის რჩევის თხოვნა – ამით ვუბიძგებთ, ჩამოაყალიბოს საკუთარი პოზიცია, მერე კი განხილავთ მას.

ამრიგად, თუ დროულად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ბავშვს საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები განვუვითაროთ, თუ განვითარების ადრეული პერიოდიდანვე აქტიურად ვიქნებით ჩართული მის ცხოვრებაში, მისი პიროვნების ფორმირებაში, ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, შვილს მეგობრობასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც ავაცილებთ თავიდან.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...