შეარჩიო მოსწავლეებზე მორგებული, საინტერესო და შესრულებადი პროექტი, არც ისე ადვილი საქმეა, თუმცა არც შეუძლებელი. საზოგადოდ, მასწავლებლებს ხომ ყველაფერი შეგვიძლია და ვაკეთებთ კიდეც ჩვენი მოსწავლეებისთვის. ვიგონებთ, ვაკავშირებთ, ვაერთიანებთ და ვქმნით ისეთ აქტივობებს, დავალებებსა თუ პროექტებს, რომელიც მოსწავლეთა საჭიროებებს მიესადაგება.
ერთ დღეს მეგობრის წერილი მივიღე. ჩემი მეგობარი ელენე სოზიაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მასწავლებელია და ქართულს როგორც მეორე ენას ასწავლის აზერბაიჯანელ ბავშვებს. ერთობლივი პროექტის განხორციელება გადავწყვიტეთ. ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ ასეთი რამ მოვიფიქრეთ: ჩვენს მოსწავლეებს აზერბაიჯანული და ქართული ზღაპრები გაეცნოთ ერთმანეთისთვის. დავიწყეთ მუშაობა და დისტანციურად მოვახდინეთ ჩვენი კლასების ინტეგრაცია.
პროექტის მიზანი: აზერბაიჯანული და ქართული ზღაპრების გაცნობა ჩვენს კლასებში
პროექტის ეტაპები:
- მოსწავლეების გაცნობა. საწყის ეტაპზე მოსწავლეებს ერთმანეთი გავაცანით. ამისთვის ჩავწერეთ ვიდეო, სადაც მოსწავლეები საუბრობენ საკუთარ თავზე, ამბობენ თავიანთ ვინაობას, ჰყვებიან, რა მოსწონთ, რა უყვართ. ამით გამოიკვეთა საერთო ინტერესები. მე და ელენემ ვიდეოები ერთმანეთს გავუცვალეთ და საკლასო ოთახში მოსწავლეებს ვაყურებინეთ. ამის შემდეგ ვიდეოზარით დავუკავშირდით ერთმანეთს და მოსწავლეებს ურთიერთობის დამყარებაში დავეხმარეთ.
- მშობლის ჩართულობა. ვინაიდან კლასში მეც მყავდა აზერბაიჯანელი მოსწავლე, გადავწყვიტე, პროექტში მისი მშობელიც ჩამერთო. ვთხოვე, ჩვენთვის ესწავლებინა მისალმება და რამდენიმე წინადადება აზერბაიჯანულ ენაზე. ვიდეოზარის დროს ჩვენ აზერბაიჯანულად მივესალმეთ მეგობარი სკოლის მოსწავლეებს, ისინი კი ქართულად მოგვესალმნენ. ამით ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოვხატეთ.
- ზღაპრების წაკითხვა. ჩემმა მოსწავლეებმა, თბილისის 126-ე საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, ქართული ხალხური ზღაპარი „ლომი და კურდღელი“ წაიკითხეს, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა – აზერბაიჯანული ზღაპარი „ფადიშაჰი და ვეზირი“.
- ზღაპრების დამუშავება. ამის შემდეგ ზღაპრები კლასში განვიხილეთ. განვმარტე უცხო სიტყვები. დედააზრის უკეთ გასაგებად დავსვი რამდენიმე კითხვა:
- ვინ არიან ზღაპრის პერსონაჟები?
- რა თვისებები აქვთ პერსონაჟებს? წაგვიკითხეთ ტექსტის შესაბამისი ადგილები.
- დაგვისახელეთ ზღაპრის დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული.
- შეცვლიდით თუ არა დასასრულს? როგორ?
- ილუსტრაციების შექმნა. მოსწავლეებმა დახატეს წაკითხული ზღაპრების პერსონაჟები.
- ზღაპრების გაცვლა. მე და ელენემ ერთმანეთს გავუცვალეთ ზღაპრები, რომლებიც მოსწავლეებს წავუკითხეთ.
- ილუსტრაციების შექმნა (2). ზღაპრები დავყავით მონაკვეთებად: დასაწყისად, შუა ნაწილად და დასასრულად, – რომელთა მიხედვითაც მოსწავლეებმა ჯგუფურად შექმნეს ილუსტრაცია და პრეზენტაციის დროს იმსჯელეს, რომელი მონაკვეთის შინაარსს გადმოსცემდა ნახატი.
- შეფასება. პროექტის დასასრულს კვლავ დავუკავშირდით ერთმანეთს ვიდეოზარით. მოსწავლეებმა ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს, წარუდგინეს პრეზენტაცია შექმნილი ილუსტრაციებს გამოყენებით და ჩვენი დახმარებით ისაუბრეს.
საქართველოს სხვადასხვა კუთხის სკოლებისა და მოსწავლეების ერთმანეთთან დაკავშირება, ერთმანეთის კულტურის გაცნობა და გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ორივე სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო გამოცდილება მიიღეს. ასეთი პროექტები ტოლერანტობის ხელშემწყობი ძლიერი ფაქტორია.