პარასკევი, აპრილი 3, 2026
3 აპრილი, პარასკევი, 2026

სამედიცინო კონსილიუმი – ქეისებით სწავლება

0

სტატიაში განხილულია, როგორ შეიძლება ენდოკრინული სისტემის სწავლებისას ქეის-სტადის (Case Study)  გამოყენება  და გაკვეთილის გარდაქმნა ინტერაქციულ, კვლევით და არგუმენტაციაზე დაფუძნებულ პროცესად.

ქეისებით სწავლება (Case-based Learning) ბიოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია, რადგან თეორიულ ცოდნას რეალურ ცხოვრებასთან აკავშირებს. ენდოკრინული სისტემის სწავლებისას ეს განსაკუთრებით მუშაობს, რადგან ჰორმონალური დისბალანსი  პირდაპირ აისახება ადამიანის გარეგნობასა და ქცევაზე.სტრუქტურა ხელს უწყობს ცოდნის სიღრმისეულად გააზრებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მეცნიერული მსჯელობის კულტურის ჩამოყალიბებას.ენდოკრინული სისტემის შესწავლა ხშირად რთულია მოსწავლეებისთვის ტერმინოლოგიის სიმრავლის გამო. ქეის-მეთოდი კი საშუალებას გვაძლევს, მოსწავლე “დიაგნოსტიკოსის” როლში ჩავაყენოთ.

  1. რატომ არის ეს მეთოდი ეფექტური?
  • ასაკობრივი ფსიქოლოგია: მოზარდებს (განსაკუთრებით მე-9 კლასში) აინტერესებთ საკუთარი სხეული და ცვლილებები. რეალური ისტორიები მათში ემპათიასა და ინტერესს აღვიძებს.
  • ეროვნული სასწავლო გეგმა: ხელს უწყობს ფუნქციური უნარების განვითარებას (ანალიზი, მიზეზ-შედეგობრიობა).

ენდოკრინული სისტემის სწავლების მეთოდოლოგიური ჩარჩო :

მასწავლებელი პროცესს  იწყებს  დაკვირვებით, შემდეგ გადადის ანალიზზე, ახსნაზე და ბოლოს არგუმენტაციაზე, მოსწავლე თანდათანობით იძენს უნარს დაინახოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და დაასაბუთოს საკუთარი აზრი.

ასეთი მიდგომა განამტკიცებს სწავლების აქტიურ, კვლევით ხასიათს და აყალიბებს მოსწავლეს როგორც აზროვნების დამოუკიდებელ სუბიექტს.

  1. მიზნობრივი ორიენტირები
  • ცოდნა: ჰორმონების როლი ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში.
  • გააზრება: კავშირი ჯირკვლის ფუნქციასა და ორგანიზმის გარეგნულ/ფიზიოლოგიურ მდგომარეობას შორის.
  • ანალიზი: კლინიკური სიმპტომების საფუძველზე ჰიპოთეზის ჩამოყალიბება.

I ეტაპი        

აქტივობა-დაკვირვება,აღწერა, დაჯგუფება

თემა: ენდოკრინული ჯირკვლები

მიზანი: სხვადასხვა ტიპის ჯირკვლების სტრუქტურის ამოცნობა,დაჯგუფება და განსხვავებების დანახვა

მოსწავლეების აკვირდებიან ფოტოებს ,ამოიცნობენ მათზე დატანილ ჯირკვლებს, აჯგუფებენ ეგზოკრინულ და ენდოკრინულ ჯგუფებად.პასუხობენ კითხვებს.

  1. ჩამოთვალეთ ენდოკრინული სისტემის ჯირკვლების ძირითადი განმასხვავებელი ნიშნები?
  2. რომელი ჯირკვლებია წარმოდგენილი ვიზულაურ მასალაზე?
  3. რომელ ჯგუფებად დაყავით მოცემული ჯირკვლები?
  4. განსაზღვრეთ მულაჟზე ჯირკვლის დაახლოებითი მდებარეობა?

შედეგი: მოსწავლე სწავლობს ინფორმაციის ვიზუალურ აღქმას, აღწერასა და ცოდნის მობილიზებას.

I I ეტაპი

აქტივობა 2 — ანალიზი და ახსნა

თემა: ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქცია
მიზანი: სტრუქტურისა და ფუნქციის ურთიერთკავშირის გააზრება/ქეისის წარდგენა: მოსწავლის ინტერესის გაღვიძება და პრობლემის იდენტიფიცირება.
ფორმატი: წყვილებში ან მცირე ჯგუფებში

ჯგუფები ირჩევენ ქეისების ბარათებს და ახდენენ მასში მოცემული ანამნეზის იდენტიფიცირებას.https://docs.google.com/document/d/1qlVGhErkmH0JBV4_70x1KW0Ivsf3Ybr8/edit?usp=sharing&ouid=116950393428726554398&rtpof=true&sd=true

რჩევა მსაწავლებლისთვის:

 ანამნეზის (ქეისის) სტრუქტურა

კარგი ანამნეზი უნდა შედგებოდეს სამი ნაწილისგან:

  • კონტექსტი (პერსონა): ვინ არის ის? (მაგ. 10 წლის გოგონა, 40 წლის მამაკაცი). ასაკს მნიშვნელობა აქვს ენდოკრინოლოგიაში.
  • ობიექტური ნიშნები: რასაც თვალით ვხედავთ (მაგ. კანის ფერი, სიმაღლე, თვალების ფორმა).
  • სუბიექტური ჩივილები: რას გრძნობს პაციენტი (მაგ. წყურვილი, შიში, დაღლილობა).

მოსწავლე გამოყოფს მთავარ სიმპტომებს მეორეხარისხოვანისგან.

აქტივობა 3 — ახსნიდან არგუმენტაციამდე

თემა: ჰორმონების როლი ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში

მეთოდი: “არგუმენტირებული დებატები”
მიზანი: ჰორმონების მუშაობის  მნიშვნელობის გააზრება .

ჯგუფები არჩეული ქეისების მიხედვით პასუხობენ კითხვებე.

  1. აქტივობის არსი: “რა მოხდება, თუ…?”/ ,,როგორი იქნება შენი რეკომენდაციები პაციენტებისთვის?“

მოსწავლეებმა უნდა ახსნან, რომელი ჰომეოსტაზური ბალანსი დაირღვა მათ მიერ განხილულ ქეისებში და რატომ ვერ აღადგინა ორგანიზმმა ის დამოუკიდებლად.რა რეკომენდაციების გაცემა შეუძლიათ მოცემული ქეისების მიხედვით -კონკრეტული პაციენტისთვის.

შემდეგ მოსწავლეები აყალიბებენ არგუმენტირებულ დასკვნებს — ახსნიდან გადადიან არგუმენტაციაზე.

აქტივობის შედეგი :

  • მოსწავლემ შეძლო: სიმპტომის მიღმა დაინახა სისტემური დარღვევა.
  • არგუმენტაცია: მოსწავლე იყენებს ტერმინებს: კონცენტრაცია, რეაქცია, კომპენსაცია, უკუკავშირი.
  • გააზრება: ჰორმონი არ არის “კეთილი” ან “ბოროტი” ნივთიერება – ის არის სიგნალი, რომლის სიჭარბეც ან ნაკლებობაც ანგრევს სისტემას.
  • ცოდნის პრაქტიკულ გამოყენება:ბიოლოგიური თეორია აქციოს “ჯანმრთელობის ფორმულად”, რაც ზრდის მის პასუხისმგებლობას საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობის მიმართ.

აქტივობა 4: სტრატეგიული დისკუსია(„ენდოკრინოლოგთა  კონსილიუმი: ვინ მართავს სხეულს?“)

მიზანი: კრიტიკული აზროვნება, ჰიპოთეზების შეჯერება და ეთიკური ბიოლოგიური მსჯელობა.

  1. სადისკუსიო საკითხი (პროვოკაციული კითხვა)  – არის თუ არა ადამიანი თავისი ჰორმონების “მძევალი”? (მაგალითად: თუ მოზარდის აგრესია ჰორმონების ბრალია, არის თუ არა ის პასუხისმგებელი თავის საქციელზე?).

დისკუსია რომ “მშრალი” არ იყოს, ჯგუფებს გაანაწილეთ როლები: მაგალითად, “ბიოლოგები” (რომლებიც ამართლებენ ქცევას ჰორმონებით), “ეთიკოსები” (რომლებიც პასუხისმგებლობაზე საუბრობენ)

შედეგი: მოსწავლე სწავლობს არგუმენტირებულად მსჯელობას, განსხვავებული აზრის პატივისცემას და მეცნიერული მსჯელობის წესებს.

. მოსწავლე აანალიზებს ენდოკრინული სისტემის გავლენას ადამიანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

საბოლოოდ კონსილიუმის მონაწილეების ავსებენ ოქმს,, ენდოკრინოლოგის სამუშაო ოქმი“-(თანდართული აქვს ქეისებს-იხ.ბმულზე)თითოეული ქეისის მიხედვით .ეს არის ე.წ. “რეფლექსიის” საუკეთესო ფორმა. ექიმის ამპლუაში შესვლა (როლური თამაში) ზრდის მოტივაციას და პასუხისმგებლობას. თანაც, დოკუმენტაციის შევსება მათში იმ “სერიოზულობის” განცდას ბადებს, რაც ასე ძალიან უყვართ მოზარდებს.

შეფასების რუბრიკა:https://docs.google.com/document/d/1-VK4Skd-pdKB6DQN9fDTPMWdGYMjf2HF/edit?usp=sharing&ouid=116950393428726554398&rtpof=true&sd=true

 დაკვირვებიდან არგუმენტაციამდე გამართული სწავლება ქმნის სრულ შემეცნებით ციკლს, სადაც მოსწავლე თანდათანობით ვითარდება შემხედვარედან მკვლევარად.
თვალსაჩინოება ამ პროცესში წარმოადგენს იმ ხიდს, რომელიც აკავშირებს თეორიას პრაქტიკასთან, ტექსტს რეალობასთან და ცოდნას აზროვნებასთან.

მასწავლებელი, რომელიც იყენებს ამ მოდელს, ხელს უწყობს არა მხოლოდ ბიოლოგიური ცოდნის დაუფლებას, არამედ კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარების განვითარებას — უნარებს, რომლებიც განსაზღვრავენ მოსწავლის მომავლის ინტელექტუალურ და სოციალურ წარმატებას.

„ასეთი გაკვეთილების მერე ბავშვებს ბიოლოგია კი არ ეზარებათ, არამედ აფასებენ მას, როგორც სიცოცხლის მართვის ხელოვნებას.“

 

 

სახლი, რომელშიც ყველანი ვცხოვრობთ

0

„ამბობენ, რომ ადამიანები ჰგვანან თავიანთ სახლებს და პირიქით, სახლები ემსგავსებიან ადამიანებს, რომლებიც ამ სახლებში ცხოვრობენ“

ქიაჩელის ქუჩაზე, შინდისფერ კარს მიღმა ერთი საუკუნის წინ დაწყებული ამბავი მერვე კლასელებისთვის განსაკუთრებულ თავგადასავლად იქცა.

ამ წერილში ერთ წიგნზე გიამბობთ, უფრო სწორედ, ერთი ქალაქის ერთ სახლზე, რომლის მაქმანიან, ლურჯ აივნებს, მზენაკრავ შუშაბანდებსა და ფოტო-სურათებიან კედლებს ჯერ კიდევ ტიფლისური დედაქალაქი ახსოვთ.

რა რა და 21-ე საუკუნის თინეიჯერისთვის არც თუ დამაჯერებელი არგუმენტია წიგნის წაკითხვის მიზეზად მარტოოდენ პატრიოტულ მოტივზე საუბარი. „წავიკითხო მხოლოდ იმისთვის რომ ვიცოდე, უშედეგოა“… „რატომ უნდა დავინტერესდე ლამის ორი საუკუნის წინანდელი ამბებით?“… „ჩემხელებს სხვა რაღაცები გვაინტერესებს“… მათი გულწრფელობისთვის თვალის გასწორება არცთუ მარტივი ამბავია, მაგრამ აუცილებელი.

სწორედ მსგავსი შესავალი „აღიმართა“ იმ წიგნის წინ, რომლის გმირები ერთ დროს ჩვენსავით ცხოვრობდნენ ჩვენსავე დედაქალაქში, და ალბათ ვერც კი წარმოედგინათ ათეული წლების შემდეგ, თაობა „ალფა“ თუ გადაშლიდა ნახატ-ხატებად მოთხრობილ მათ ამბებს, ამბის ბოლოს კი საკუთარ ანარეკლებსაც აღმოაჩენდნენ.

წიგნი „რას გვიამბობს სახლი“ (გამომცემლობა „პანდა“) გამოცემისთანავე შევიძინე. სოფო კირთაძის არაჩვეულებრივ ილუსტრაციებს დიანა ანფიმიადის გულხმიანი ტექსტი ენაცვლებოდა, ამბავი კი საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელი გახლდათ და გედევანიშვილების ოჯახზე გვიამბობდა. და რადგან  ხელისგულისტოლა ჩვენს ქვეყანაში ამბავი არასოდეს ეკუთვნის მხოლოდ ერთ ოჯახს, არც გედევანიშვილების ისტორია ყვებოდა მარტოოდენ მიხეილსა და ანასტასიაზე – წიგნი იმდროინდელი საზოგადოების მისწრაფებებს, მიზნებს, ნატვრებს ასახავდა და მასპინძლობდა ილიას, აკაკის, ვაჟას, ჯავახიშვილს, მარო მაყაშვილს, პირველ პარლამენტარ ქალებს, თავის წიაღში კი ექიმს, რეჟისორსა და მხატვარს ზრდიდა.

მთავარი საფიქრალი ის გახლდათ, როგორ მიმეწოდებინა ეს ამბავი ჩემი თინეიჯერი მოსწავლეებისთვის ისე, რომ ლიტერატურისა და ისტორიული ფაქტების სიმბიოზი ძალდაუტანებლად, გულწრფელად და ხალისით გაეაზრებინათ? ამ საფიქრალმა დიდხანს იწრიალა და საბოლოოდ სწავლა-კეთების სილუეტი გამოიკვეთა.

  • დღეს ახალ წიგნს ვიწყებთ, ოღონდ მხოლოდ კი არ წავიკითხავთ, პერსონაჟებს შევქმნით!
  • ანუ? – თვალებს წკურავს ანა.
  • თერთმეტნი ვართ, ამიტომ თერთმეტი გმირი გვეყოლება!
  • ვინ უნდა ვიყოთ? – იოცებს ტასო.
  • რომელიმე – ან ილია, ან ვაჟა, ექვთიმე, მარო, ანასტასია, მიხეილი, იქნებ ბარბარე!

ვხედავ – რამდენიმე სახელი ეცნოთ, ზოგ მათგანს პირველად იგებენ.

სანამ წიგნს გადავშლით, ჩემი სახლის ამბავს ვუყვები, ჩემი ბავშვობის შემომნახველზე – მაჟალოსფერკედლებიან სახლზე, რომლის მისაყურადებლად ყოველ წელს ჩავდივართ ნაგრამი და ისიც, დაუსრულებელ თხრობაში ლოცვასავით იმეორებს ჩვენს სახელებს.

შემდეგ მათი სახლების ჯერი დგება:

  • როგორია თქვენი სახლი?
  • რას გიამბობთ ის?
  • ადამიანი რომ იყოს თქვენი სახლი, როგორი იქნებოდა (გარეგნულად/შინაგანად)?
  • აასაუბრე შენი სახლი და მოაყოლე ბინადართა ისტორიები.
  • შენ რომ სახლი იყო, როგორი იქნებოდი?
  • დახატე „სახლი, რომელშიც ვცხოვრობთ“

დავალების მიცემისას მოსწავლეების თვალებში ცნობისმოყვარეობის ნაპერწკლები საინტერესო პროცესის წინა პირობაა და მოლოდინის გამართლება ახლავს. ამჯერადაც ასე მოხდა – ყველამ თავისი მყუდრო საცხოვრისი შექმნა.

ამ დავალების შემდეგ დიანა ანფიმიადის წიგნის ჯერი დგება – A4 ფორმატის ფერადი ყდიდან სანდომიანი სახეები იმზირებიან – მიხეილ და ანასტასია გედევანიშვილები სამ ვაჟთან და ქალიშვილთან ერთად. ამბავი მეცხრამეტე საუკუნის „ტიფლისური“ ფოლორცივით მრავალფეროვანი, მრავალამბიანი და საინტერესოა.

წიგნის უდიდესი ნაწილი ილუსტრაციებს ეთმობა, ტექსტი პერსონაჟივით ჩნდება  და სურათ-ნახატების დაწყებულ სათქმელს აგრძელებს. წიგნის ყველა დეტალსა და სიუჟეტს ამჩნევია ავტორისა და ილუსტრატორის დამოკიდებულება ეპოქისა და ადამიანების მიმართ.

წიგნში ნარატიულ თხრობას კომიქსური დიალოგები ენაცვლება, რაც ეპოქის აღქმას უმარტივებს XXI საუკუნის მოზარდს.

მხატვრულ-პროზაულ ტექსტს კი ფურცლის კიდეებზე აღმოჩენილი „ივერიის“ ცნობები ეხმიანება და იმდროინდელ მოვლენებს გვიდასტურებს.

წიგნის მერამდენეღაცა თვალიერების შემდეგ როლები დავითითოეთ და პერსონაჟების უკეთ გაცნობას ვიწყებთ: ანასტასია და მიხეილ გედევანიშვილებს ელენე და ტასო ქმნიან, მარო მაყაშვილი ვერავის დაუთმო ანამ, ვაჟა მე უნდა გავაკეთოო – გიომ, იოანემ – მე ექვთიმე ვიქნებიო, დავითმა ივანე ჯავახიშვილობა იდო თავთ, იაკობი თათამ ძერწა, ბარბარე ჯორჯაძე ჩიხტიკოპითა და ქართული სამზარეულოს წიგნით – ანნამ ითავა, ილიასა და აკაკის შექმნა ყველამ მოვინდომეთ, განსაკუთრებული ხალისით კი გედევანიშვილების სახლი იქმნებოდა.

საოცარი განცდა იღვიძებდა ყოველ ორშაბათს, როდესაც ვიკრიბებოდით და „შემოქმედებით მაგიდას“ ვშლიდით, თითოეული მოზარდი იწყებდა საკუთარი გმირების გათავისებას – შეხვედრის განმავლობაში 11 თინეიჯერი ეცნობოდა პერსონაჟთა ბიოგრაფიებს, ეძებდა ცნობებს მათ შესახებ, უზიარებდნენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, იოცებდნენ ქვეყნის თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობასა და ევროპულ სტანდარტებზე მეოცნებე ადამიანების შეუპოვარ ამბებს.

წიგნი ნიჭიერი ექიმ-რენტგენოლოგის მიხეილისა და მისი მშვენიერი მეუღლის ანასტასიას ახდენილი პარიზული ოცნებით იწყება. წყვილი ევროპაში მიემგზავრება და შინ ახალი ცოდნითა და  გამოცდილებით ბრუნდება. სწორედ მიხეილის წყალობით აღმოჩნდება რენტგენის პირველი აპარატი თბილისში, და ვიდრე ახალგაზრდა წყვილს ქიაჩელის 20 ნომერში სახლი აუშენდება, ვინ თუ არა ილია ჭავჭავაძე ითავებს და საკუთარ ჭერქვეშ გამოუყოფს საცხოვრებელ ბინას ახალგაზრდა ოჯახს. წლების შემდეგ კი სწორედ მიხეილ გედევანიშვილი ითავებს ილიას თხზულებათა გამოცემას.

მალე გედევანიშვილების სახლი იქცა იმ დროინდელი საზოგადო მოღვაწეების შეკრების ადგილად, აქვე უმასპინძლებენ საქართველოს პირველ პარლამენტარ ქალებს, ანასტასია იქნება ერთ-ერთი, ვინც ხმას აღიმაღლებს ქალთა უფლებების დასაცავად. მისივე თაოსნობითა და დაჟინებული მოთხოვნით დაარსდება პირველი ქართული საბავშვო ბაღი.

წიგნში ერთი ოჯახის ისტორიით მოთხრობილი ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მოვლენები კარგად ასახავს, თუ რა პასუხისმგებლობა ენიჭება მცირერიცხოვანი ერის თითოეულ მოქალაქეს ხელისგულისტოლა სამშობლოს წინაშე. ამ წიგნის წაკითხვის მიზანიც ამ პასუხისმგებლობის გააზრების მცდელობა გახლდათ – წაგვეკითხა, გაგვეცნო და ხელით შეგვექმნა თითოეული პერსონაჟი, ამ შემოქმედებით პროცესში კი  გაგვეაზრებინა თითოეული მათგანის როლი საერთო სახლად ქცეული სამშობლოს წინაშე.

პროექტის დასასრულს კი უზარმაზარი მაკეტითა და 10 პერსონაჟით 11 მოზარდთან ერთად აღვმოჩნდით  ჯადოსნურ სივრცე „თამაშობანაში“, სადაც გამომცემლობა „პანდამ“ გვიმასპინძლა ავტორთან ერთად.

პროექტის დასასრულს მოსწავლეებს შთაბეჭდილების გაზიარება ვთხოვე:

გიო – აუ, მას, ამის შემდეგ წიგნი როგორღა წავიკითხოთ კეთების გარეშე!

ელენე – მთელ სკოლაში მარტო ჩვენ ვიცით ვინ იყვნენ გედევანიშვილები! (ელენეს სიტყვებმა ბევრ რამეზე დამაფიქრა…)

ამ პროქტის დასასრულს გვსურდა გედევანიშვილების სახლ-მუზეუმში სტუმრობა, სამწუხაროდ ვერ შევძელით გაგვეცნო მიხეილისა და ანასტასიას შვილიშვილი ქ. მანანა, წერილის დასასრულს დავურთავ ვიდეო-არქივს, სადაც ის იხსენებს ჯადოსნურ ბავშვობას და გვიამბობს იმ საქართველოზე, რომელზე ოცნებაც თითოეულ ჩვენგანს მემკვიდრეობით ერგო.

https://www.youtube.com/watch?v=32i-ck-K_eo&t=77s

თერმოდინამიკა, იდეალური აირის კანონების სწავლება

0

სტატიაში გაეცნობით, ფიზიკის  გაკვეთილზე   ის  ძირითადი დებულებების, ცნებების და დასკვნების განმტკიცების აქტივობებს – საგაკვეთილო და  დამოუკიდებელი მუშაობის დროს (თერმოდინამიკა იდეალური აირის კანონები).

თერმოდინამიკა პრაქტიკულად მეტად საჭირო მეცნიერებაა, მისი თეორიული და უფრო მეტად პრაქტიკული ცოდნა სჭირდება ნებისმიერი დარგის მუშაკს, ბუნებას, მისი ფლორისა და ფაუნის არსებობისათვის, მცენარეებს ზრდა – განვითარებისათვის.

მ კ თ – ის მიხედვით, აირში მიმდინარე პროცესების აღწერა მასში შემავალი მოლეკულების ურთიერთქმედების ხასიათის გათვალისწინებით, თეორიული და ურთიერთქმედების რაოდენობრივი, მათემატიკური შეფასებები არა თუ რთული, არამედ შეუძლებელია. გამოუვალი მდგომარეობიდან მოიძებნა გამოსავალი – აირის მდგომარეობის თუ მიმდინარე პროცესების აღწერა მისი შესაბამისი პარამეტრების საშუალებით.

განაგრძე კითხვა

STEAMing მუსიკაში: ტექნოლოგიისა და ხელოვნების სინთეზი

0

„სრულყოფილი  გონების   გასავითარებლად   შეისწავლე   ხელოვნების   მეცნიერება, შეისწავლე   მეცნიერების   ხელოვნება.  ისწავლე,   თუ  როგორ  დაინახო  და   გაიგონო. გაიგე, რომ ყველაფერი ერთმანეთთან  დააკავშირო.“

/ლეონარდო და ვინჩი/

XXI საუკუნე მუსიკალური ინდუსტრიისთვის რევოლუციური ეპოქაა. ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ და STEAM (Science, Technology, Engineering, Arts, Mathematics) მიდგომის დანერგვამ მუსიკალურ განათლებაში ახალი ჰორიზონტები გახსნა. ასეთი ინტეგრირებული მიდგომა მუსიკას აკავშირებს მეცნიერებასთან, ტექნოლოგიასთან, ინჟინერიასთან და მათემატიკასთან, რაც ქმნის უნიკალურ საგანმანათლებლო გარემოს. იმისათვის, რომ STEAM  კვლევები   მუსიკაში  ტარგეტული  და  ადეკვატური იყოს, აუცილებელია    სასწავლო  პროგრამაში   ჩართული  იყოს  მასალები   ბგერის   კვლევის   ოთხ   თვისებაზე. სივრცითი, დროითი, ონტოლოგიური  თუ   კვანტური  განზომილებები ,  სწორედ,   ბგერის  ოთხივე  თვისებიდან   გამომდინარეობს. სიმაღლე, სიძლიერე,   ხანგრძლივობა  და   ტემბრი  მუსიკალური   კონტექსტების  ფორმირების  მთავარი  კომპონენტებია,  კონტექსტები  კი   ეპოქისა   და   ისტორიული  პარადიგმების   სიმბოლოებს  განაზოგადებენ.
საინტერესოა, თუ   როდის   გაჩნდა  იდეა   STEM აკრონიმში  ჩაემატებინათ  მუსიკა  და   ესთეტიკა – ART-ი. 2006   წელს  STEAM  განათლების   ინიციატივის  დამფუძნებელმა-მკვლევარმა  და  შემქმნელმა  ჯორჯეტ  იაკმანმა  აღიარა  ამ  დისციპლინათა  კოორდინირების   აუცილებლობა  კომბინაციების  მრავალფეროვნებიდან   გამოდინარე, რომელიც საგანთა  შორის  კავშირებს კიდევ უფრო   მკაფიოდ   გამოკვეთდა.  თუმცა, სამართლიანად უნდა   აღინიშნოს, რომ  ინტერდისციპლინური სწავლება   სათავეს   იღებს  ჯერ კიდევ  ანტიკური  ბერძნულ-რომაული   ცივილიზაციდან . მიმოვიხილოთ  ცივილიზაციათა ეპოქალური  მიღწევები. ამ  ჩამონათვალიდან  თქვენ  შეგიძლიათ შეარჩიოთ  მოსწავლეზე  ორიენტირებული   საკითხები,  კლასისთვის   მისაღები  თემები,  შეათანხმოთ   STEAM საგნობრივ  ჯგუფთან  და  ერთობლივად შეიმუშაოთ  ინტერდისციპლინური სასწავლო  კურიკულუმი. რა თქმა უნდა, დავიწყებთ   პითაგორას  აღმოჩენებით  მუსიკასა   და   მათემატიკაში:
პითაგორა (ძვ.. 570-495)  იყო პირველი ფილოსოფი, რომელმაც აღმოაჩინა მუსიკისა და მათემატიკის კავშირი. მისი ექსპერიმენტები მონოქორდზე აჩვენებდა, რომ ჰარმონიული ინტერვალები შეესაბამება მარტივ მათემატიკურ თანაფარდობებს:

  • ოქტავა – 1:2 თანაფარდობა – სრულყოფილების ჰარმონია;
  • კვინტა – 2:3 თანაფარდობა – ენერგია და ძალა;
  • კვარტა – 3:4 თანაფარდობა – წონასწორობა და სტაბილურობა.

არისტოქსენე (ძვ.. 375-300) – პირველი მუსიკოლოგი, რომელმაც სისტემატურად შეისწავლა ინტერვალები  და მოდუსები. მისი ნაშრომი “ჰარმონიული ელემენტები” ემყარებოდა მათემატიკურ ანალიზს.

ევკლიდეს (ძვ.წ. 300) ნაშრომი “Sectio Canonis” მუსიკალურ ინტერვალებს მათემატიკურ ტერმინებში განიხილავდა. ეს ნაშრომი მუსიკოლოგიური  ტრაქტატია, რომელიც  პითაგორას  სკოლის  იდეებს იზიარებს. ევკლიდე ცდილობს, ბგერების ინტერვალებში  აჩვენოს  გეომეტრიული  და   არითმეტიკული  თანაფარდობა. ნაშრომში გამოიყენება ისეთი ცნებები, როგორიცაა:

  • პროპორცია;
  • შუამდგომი რიცხვები;
  • სეგმენტების გაყოფა განსაზღვრული თანაფარდობით.

რომაელები მუსიკაში პირველად გამოიყენებენ   საინჟინრო  მიდგომებს:

  • ჰაიდრავლისი – პირველი ორგანი, რომელიც მუყაოს პრინციპზე  მუშაობდა;
  • ამფითეატრების აკუსტიკა – ინჟინერიული გამოთვლებით შექმნილი ბუნებრივი მიკროფონები;
  • ტუბები  და   ბუკები (Tubae და Buccinae)  – ტექნოლოგიურად   გაუმჯობესებული სასულე  ინსტრუმენტები,  რომლებიც დაკავშირებული  იყო   ძველ რომსა და ანტიკურ მუსიკალურ კულტურასთან, განსაკუთრებით  კი  სამხედრო და საზეიმო    ცერემონიალებთან.

რაც  შეეხება  შუა  საუკუნეების   ინოვაციებს – ბიზანტიურ  კულტურას, უნდა  აღინიშნოს  ბიზანტიური ნოტაციის  გამოგონების მნიშვნელობის  შესახებ. ბიზანტიელები  პირველები  შეიმუშავებენ   ნოტაციის სისტემას – ნევმურ ნოტაციას, რომელიც ტექნოლოგიური მიღწევა იყო მუსიკის შენახვისა და გადაცემა-გავრცელებისათვის.
იტალიელი  ბერის  გვიდო დ’არეცოს (990-1050) სახელს  უკავშირდება სისტემების  შექმნა, კერძოდ:

  • ჰექსაქორდული სისტემა – მათემატიკური მიდგომა ინტერვალების სწავლებისთვის;
  • სოლმიზაცია – Do-Re-Mi-Fa-So-La სისტემა;
  • ნოტაცია – ტექნოლოგიური ინოვაცია მუსიკის ჩაწერისთვის.

რა იყო  რენესანსის   მწვერვალი? – კვადრიუმი (Quadrivium)

შუა საუკუნეების უნივერსიტეტებში კვადრიუმი იყო ოთხი მათემატიკური დისციპლინის  გაერთიანება, ყურადღება  მივაქციოთ  იმას,  რომ  რენესანსის   ეპოქაში  მუსიკა   მათემატიკის   დარგად   ითვლებოდა:

  1. არითმეტიკა – რიცხვები თავისთავად;
  2. გეომეტრია – რიცხვები სივრცეში;
  3. ასტრონომია – რიცხვები დროსა და სივრცეში;
  4. მუსიკა – რიცხვები ბგერაში.

მუსიკა მიჩნეული იყო მათემატიკურ მეცნიერებად  და  არა მხოლოდ  ხელოვნებად.
აუცილებლად   უნდა  აღინიშნოს  ის   გარემოება,  რომ  იოანე პეტრიწი — XI–XII საუკუნის ქართველი ფილოსოფოსი, თეოლოგი, მთარგმნელი და მწერალი, კვადრიუმს  თვლიდა  გელათის   აკადემიის   კურიკულუმის   საფუძვლად, პეტრიწი აღიქვამდა კვადრიუმს არა უბრალოდ „სასწავლო საგნებად“, არამედ ღვთის შემეცნების ერთ-ერთ საშუალებად. მისი განმარტებები ფილოსოფიასა და ბუნებისმეტყველებაში ხშირად ეფუძნებოდა არითმეტიკულ-მუსიკალურ ჰარმონიას, რაც ბადებს პარალელებს პითაგორელთა და პლატონური კოსმოლოგიის იდეებთან.

საინჟინერ მიღწევები რენესანსში

ორან განვითარება – ლეონარდო და ვინჩის ჩანახატები აჩვენებენ   ჰიდრავლიკური და მექანიკური ორგანების  სქემებს.

ლუტე და ვიოლის ფამილია (მუსიკალური ინსტრუმენტების ორი ძველი, მაგრამ განსხვავებული ოჯახია, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარული იყო შუა საუკუნეებიდან ბაროკოს ეპოქამდე) – საინჟინრო სიზუსტით შექმნილი ინსტრუმენტები, რომლებიც ითვალისწინებდნენ:

  • ბგერის რეზონანსს;
  • სიმების დაძაბულობას;
  • ანატომიურ ერგონომიას (შრომის  კანონები).

ბაროკოს   ეპოქა: მუსიკალური მათემატიკა

იოჰან სებასტიან ბახი (1685-1750)

ბახი მუსიკაში გამოიყენებდა რთულ მათემატიკურ სტრუქტურებს და  გამოთვლებს:

           ოქროს კვეთის პრინციპი – ფუგების    არქიტექტონიკაში;

სიმეტრიული ქანონები – “ფუგის   ხელოვნება’’;

ნუმერიული (რიცხობრივი)  სიმბოლიზმი – პერსონალური ხელმოწერა მუსიკაში.

 ბაროკოს   აღმოჩენები

ჟუზეპ სავერი (1653-1713) – ფრანგი მუსიკოსი, რომელმაც შეისწავლა:

  • ობერტონული სპექტრი;
  • ტემპერაციის მათემატიკა;
  • ჰარმონიულ პროპორციების ფიზიკა.

XVII-XVIII საუკუნეები: ინსტრუმენტული ინჟინერია

ანტონიო სტრადივარი (1644-1737)

სტრადივარი პირველი იყო, რომელმაც მუსიკალურ ინსტრუმენტებში გამოიყენა:

  • მე-16 საუკუნის ინჟინერული სიზუსტ– ვუდის სიმკვრივისა და ვიბრაციული თვისებების ანალიზი;
  • ,,ალემსთრო’’ მეთოდები (ALCHEMISTRO Methods)- ლახის ქიმიური შედგენილობის ოპტიმიზაცია, მოდელირების ან სიმულაციისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამული მეთოდის/პლატფორმის სახელწოდებაა, რომელიც გამოიყენებოდა:
  • ქიმიური პროცესების გამოთვლით ანალიზში;
  • ეხმარებოდა მეცნიერებს ქიმიური ნივთიერებების თვისებების პროგნოზირებაში.
  • მათემატიკური პროპორციები – ოქროს კვეთის გამოყენება კორპუსის ზომებში.

ინსტრუმენტული   ინჟინერიის  აღმოჩენების  გვირგვინი იყო  ბართოლომეო    კრისტოფორის  პიანინო, რომელიც გამოიგონა 1700 წელს   და მის კონსტრუქციაში გამოიყენა:

  • მექანიკური ინჟინერია – ჰამერ (ჩაქუჩის მსგავსი)  მექანიზმი;
  • მასალათმცოდნეობა –  სტრუქტურისთვის შესაფერისი ქსოვილი/მასალა;
  • ფიზიკური ანალიზი – ძალისა და მოქმედების ურთიერთობა.

XIX საუკუნე: ინდუსტრიული რევოლუციისა და მუსიკა
ტექნოლოგიური რევოლუცია

ფონოგრაფი (1877) – ტომას ედისონის გამოგონება პირველი ტექნოლოგიური ნაბიჯი იყო მუსიკის შენახვისთვის:

  • ბგერის მექანიკური ფიქსაცია;
  • მასობრივი რეპროდუქციის შესაძლებლობა.

ელექტრონული ინსტრუმენტების დაბადება

  • ლევ ტერმენი (1896-1993) – რუსი ინჟინერი, რომელმაც 1920 წელს შექმნა ტერემინი – პირველი ელექტრონული ინსტრუმენტი;
  • 1930-40-იან წლებში — გაჩნდა ონდიენო, ელექტრონული კლავიშიანი ინსტრუმენტი, რომლის ტონები წარმოიქმნებოდა ციფრული სიგნალების საშუალებით.

მოდულარული სინთეზატორის შექმნა

  • 1950-60-იან წლებში — ამერიკელი ინჟინერი რობერტ მუგი ამკვიდრებს ელექტრონული მუსიკის ახალ მიღწევას,  ეს იყო მოდულარული სინთეზატორი.

მოდულარული სინთეზატორი — სისტემა, სადაც სხვადასხვა მოდულები (გენერატორები, ფილტრები) შეიძლება დაკავშირებულ იქნას განსხვავებულად, რათა მიღებული იქნას სხვადასხვა ტიპის ხმები.

მუგის სისტემამ მუსიკოსებს მისცა შესაძლებლობა, შეექმნათ  ხმები დამოუკიდებლად, განსხვავებული ტემბრები და ტექსტურები.

  • 1970-80-იან წლებში — სინთეზატორები გახდნენ უფრო კომპაქტური და ხელმისაწვდომი, მაგალითად:
  • Minimoog — პორტატული სინთეზატორი, რომელიც სწრაფად გახდა პოპულარული როკ და ჯაზ მუსიკოსებს შორის.
  • ანალოგიური სინთეზატორები  მუშაობდნენ ელექტრული სიგნალების ტალღებით, რაც გამოიხატებოდა “გერმშორთულ” (გერმანულ მოდელთან შერწყმულ) ანალოგიურ ხმებში.

ციფრული ეპოქა და MIDI

  • 1980-იან წლებში — გაჩნდა ციფრული სინთეზატორები და MIDI (Musical Instrument Digital Interface) სტანდარტი, რომელმაც შესაძლებელი გახადა სხვადასხვა მუსიკალური მოწყობილობების კომუნიკაცია.
  • ციფრულმა სინთეზატორებმა გაამდიდრეს ხმის პალიტრა და ინტეგრაცია გაამარტივეს კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან.

დღევანდელი მდგომარეობა

დღეს სინთეზატორები მრავალფეროვანია – ანალოგიური, ციფრული, მოდულარული, ვირტუალური (პროგრამული), ჰიბრიდული.  ისინი გამოიყენება ყველა ჟანრში, დაწყებული ელექტრონული მუსიკიდან კლასიკურ, კინო  და პოპ-მუსიკაში.
გზა, რომლის მცირე ისტორიული  მიმოხილვა  შემოგთავაზეთ, პედაგოგებს   გამოგადგებათ   მომავალში   მუსიკის    ენის, სიმბოლოების,  პარადიგმების, მიღწევების,  მუსიკალური   ინჟინერიის    ევოლუციური   სურათის   მკაფიოდ   დანახვაში, რომელიც დაგეხმარებათ  იპოვოთ   მარტივი   გზები  ტექნოლოგიებთან,  მათემატიკასთან, მეცნიერებებთან  და   ესთეტიკასთან. მაშასადამე,
რა არის STEAM მიდგომა მუსიკაში?

STEAM მიდგომა მუსიკაში ნიშნავს ინტერდისციპლინურ  განათლებას, რომელიც აერთიანებს:
მეცნიერებას (Science) – ბგერის ფიზიკა, აკუსტიკა, ფსიქოაკუსტიკა;
ტექნოლოგიას (Technology) – ციფრული ინსტრუმენტები, პროგრამული უზრუნველყოფა ;
ინჟინერიას (Engineering) – ინსტრუმენტების კონსტრუირება, ბგერის ტექნიკური დამუშავება;
ხელოვნებას (Arts) – მუსიკალური შემოქმედება, ესთეტიკა;
მათემატიკას (Mathematics) – რიტმი, ჰარმონია, ალგორითმები.

ტექნოლოგიური ინოვაციები მუსიკაში

ციფრული ინსტრუმენტები და DAW

თანამედროვე მუსიკოსები იყენებენ Digital Audio Workstation (DAW) პროგრამებს, როგორიცაა Ableton Live, Logic Pro, FL Studio. ეს ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა:

  • გამოვიყენოთ ვირტუალური ინსტრუმენტები;
  • გავაციფრულოთ   ბგერა;
  • შევასრულოთ მრავალშრიანი ჩაწერა და რედაქტირება;
  • ადეკვატურები   ვიყოთ   დროსა  და   სივრცეში.

ხელოვნური ინტელექტი მუსიკაში

AI ტექნოლოგიები მუსიკალურ ინდუსტრიაში ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ეს  შესაძლებლობები ასე   გამოიყურება:

  •  კომპოზიციის   ავტომატური   შექმნა;
  • ბგერის ანალიზი და კლასიფიკაცია;
  • მუსიკალური რეკომენდაციების სისტემები;
  • ინტელექტუალური მიქსინგი და მასტერინგი.

მათემატიკა  მუსიკალურ  შემოქმედებაში

ალგორითმული კომპოზიცია

მუსიკოსები მათემატიკური ალგორითმებს იყენებენ შემოქმედებითი პროცესისთვის:

  • ფრაქტალური სტრუქტურები;
  • ვერსბილობის  (რეალისტური)  თეორია;
  • სტოქასტური (შემთხვევითი) პროცესები;
  • ჰარმონიული პროგრესიები.

რიმისა და მეტრი მათემატიკა

რიტმული სტრუქტურები ემყარება მათემატიკურ  ლოგიკას:

  • პოლირიტმია და კროსრიტმები;
  • ასიმეტრული მეტრი;
  • ფაზური ცვლილებები;
  • ტემპორალური (დროის  აღქმა) მოდულაცია.

ინჟინერიული ასპექტები
ინსტრუმენტების დიზაინი

ინჟინერიული ცოდნა აუცილებელია:

  • ელექტრონული ინსტრუმენტების შექმნისთვის;
  • აკუსტიკური ინსტრუმენტების ოპტიმიზაციისთვის;
  • MIDI კონტროლერების დაპროექტებისთვის;
  • ინტერაქტიული ინსტალაციების შექმნისთვის.

ბგერის ტექნიკური დამუშავება
ინჟინერიული მიდგომა მოიცავს:

  • სიგნალის დამუშავების ალგორითმებს;
  • ფილტრაციას  და ეფექტებს;
  • სპატიალიზაცია ( სივრცითი   განლაგება)  და 3D ბგერა;
  • რეალურ დროში პროცესინგი;
  • ბგერის  კოდირება/დეკოდირება.

https://www.youtube.com/watch?v=cs1pWHxj4vw

მომავლის პერსპექტივები  STEAMing-ში

  • ვირტუალური და აუგმენტირებული რეალობა;
  • ჰაპტიკური (შეხება, ტაქტილური  აღქმითი)  ტექნოლოგიები;
  • ნეირომუსიკა;
  • კვანტური (ლოგიკის, დრო-სივრცის აღქმის და მიზეზობრიობის  მიხედვით) კომპიუტერული მუსიკა.

და ბოლოს, STEAMing მუსიკაში წარმოადგენს ინოვაციურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს ტრადიციულ მუსიკალურ განათლებას თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს ინტეგრაცია ქმნის ახალ შესაძლებლობებს შემოქმედებითი თვითგამოხატვისთვის და მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებისთვის.

მუსიკალური განათლება STEAM მიდგომით ამზადებს ახალ თაობას 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის, სადაც ტექნოლოგიური ცოდნა და შემოქმედებითი უნარები ერთმანეთს ავსებს. ეს არის გზა მუსიკალური ხელოვნების მდგრადი განვითარებისკენ და ახალი ხელოვნების ფორმების შექმნისკენ.
STEAM მუსიკალურ განათლებაში მუსიკა დარჩება ცოცხალ, რელევანტურ ხელოვნების ფორმად, რომელიც ყოველთვის  ითვალისწინებდა   და   მომავალშიც  გაითვალისწინებს ტექნოლოგიურ პროგრესს და საზოგადოებრივ  ცვლილებებს. ჩემი  სტატია   მსურს  დავასრულო  ამონარიდით    სტატიიდან:  ,,Comparing STEM vs. STEAM: Why the Arts Make a Difference”. STEM სწავლება საჭიროა ტექნიკური საფუძვლების  გასამყარებლად, მაგრამ STEAM აძლიერებს მას ადამიანური და შემოქმედებითი უნარებით, რაც თანამედროვე სამყაროში წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. არც STEM და არც STEAM არის “სწორი” ან “მცდარი” გზა. საუკეთესო კარიერული გზა არის ის, რომელიც აერთიანებს ტექნიკურ უნარებს და ადამიანურ-შემოქმედებით მიდგომებს, რაც დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნად პროფილს ქმნის.’’

 

გამოყენებული  ლიტერატურა:

 

 

 

სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისთვის

0

სასწავლო სემესტრის ბოლოს მოსწავლეებთან ხშირად ვსაუბრობთ შეფასებებზე, თუმცა ძალიან იშვიათად ვეკითხებით – როგორი ემოციით ასრულებენ ამ სემესტრს.

„ემოცია ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაა, რომელიც გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას საკუთარ თავთან, სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროს მოვლენებთან“ (ფილოსოფიური ლექსიკონი 1987წ.).

მარკ ბრეკეტი (Marc Brackett) – იელის ემოციური ინტელექტის ცენტრის დამფუძნებელი დირექტორი და “Permission to Feel: Unlocking the Power of Emotions to Help Our Kids, Ourselves, and Our Society Thrive”-ის ავტორია. მან და მისმა გუნდმა შეიმუშავეს სისტემა სახელწოდებით RULER, რომელიც წარმოადგენს ემოციების შეცნობის სწრაფ და ეფექტურ მეთოდს. მისი აზრით, ემოციების გაღვივების წინაპირობას წარმოადგენს საკუთარი „გრძნობებისთვის თავისუფლების მიცემა“.

მოსწავლის აღზრდის პროცესში მნიშვნელოვანია ემოციური ინტელექტის განვითარება. მოსწავლეს უნდა შეეძლოს საკუთარი ემოციებისთვის სახელის სწორად დარქმევა და გამოხატვა. ამჟამად, ჩვენს სკოლებში არ არსებობს საგანი, რომელიც ემოციების განვითარებაზე იმუშავებდა, თუმცა მასწავლებლებს შეგვიძლია სხვადასხვა საგნის ჭრილში ამ უნარის განვითარებაზე ზრუნვა.

ილია ჭავჭავაძის პედაგოგიური მოძღვრების თანახმად „სავსება ერთობ ადამიანისა იმაშია, რომ მის გონების აღმატებულებას შეწონილ ჰქონდეს აღმატებულება ზნე-ხასიათისაცა“ (ილია ჭავჭავაძე „პედაგოგიკის საფუძვლები“ 1888წ.).

გარდამავალ ასაკში მყოფი მოზარდების ცხოვრებაში მშობლებისა და მასწავლებლების როლი ძალიან მნიშვნელოვანია. მოზარდები უფროსებისგან უნდა გრძნობდეს მხარდაჭერას, რათა თავი დაცულად იგრძნონ. სწორედ უსაფრთხო, დაცულ გარემოში შევძლებთ დამოუკიდებელი ინდივიდის აღზრდასა და ჩამოყალიბებას.

აქტივობა კლასში

ჩემს სადამრიგებლო კლასში მერვეკლასელი მოსწავლეებისთვის შევქმენით უსაფრთხო, დაცული, მყუდრო გარემო.

მშობლებმა იზრუნეს საჭირო რესურსისა და სასუსნავების მომარაგებაზე. საკლასო ოთახი მოვაწყვეთ, კომფორტულად მოვკალათდით და განვლილი სემესტრი შევაჯამეთ – მოსწავლეებმა ვერბალურად გამოხატეს ამ დროის განმავლობაში დაგროვილი ემოციები.

მოსწავლეებს საორიენტაციოდ მივეცი შეკითხვები:

აღნიშნული აქტივობის განხორციელება შეგვიძლია სამივე საფეხურზე.

გვახსოვდეს, რომ აქტივობაში ყველა მოსწავლე თანაბრად არ იქნება ჩართული და ეს სრულებით ნორმალურია.

გამოყენებული ლიტერატურა:

https://digitallibrary.tsu.ge/book/2024/July/reader/kharadze-lideroba-da-emociuri-rideri.pdf

https://mastsavlebeli.ge/?p=30348

 

პირველი დღე – პირველი განცდა

0

როცა სკოლის კარი პირველად იღება, ბავშვები შემოდიან არა მხოლოდ ჩანთებით, არამედ უამრავი ფიქრით, ემოციითა და მოლოდინით. ზოგი მოდის ღიმილით და ცნობისმოყვარეობით, ზოგს კი გული მღელვარებით აქვს სავსე: „როგორი წელი მელის?“ სწორედ ამ დღეს, პირველივე წუთებში, ჩვენ შეგვიძლია, ბავშვს დავანახოთ, რომ:

  • აქ თითოეული თქვენგანი მნიშვნელოვანია!
  • შენი ხმა ისმის!
  • შენს გზას ჩვენ ერთად გავივლით!

პირველი დღე არ არის უბრალოდ გაცნობის ან სახელების დამახსოვრების დღე – ის შეიძლება იქცეს დასაწყისად იმ ისტორიისა, რომელსაც ბავშვები მთელი წლის განმავლობაში გულით ატარებენ.

 

სანამ რამდენიმე აქტივობის იდეას გაგიზიარებთ, მინდა, ერთი წიგნის შესახებ გიამბოთ, რომელმაც ამ ზაფხულს საფიქრალი გამიჩინა. თინეიჯერების მასწავლებლებო და მშობლებო, გაგაცნობთ საინტერესო წიგნს, რომელშიც ბევრ ისეთ დეტალს აღმოაჩენთ, მოზარდებთან კარგი ურთიერთობის დამყარებაში რომ დაგეხმარებათ.

მარიანე კაურინის „ჩვენი სამხრეთი“ მეექვსეკლასელების თავგადასავლებს გვიამბობს.

მათი სასკოლო და პირადი ცხოვრების ამბები ჩააფიქრებს მკითხველ მასწავლებელს, თინეიჯერს, დედას, ბებიას. წიგნი მოგვითხრობს მეგობრობის, სიყვარულის, გულწრფელობისა და სიმართლის მნიშვნელობაზე. მაგრამ მე მინდა, ყურადღება გავამახვილო მის იმ მხარეზე, რომელიც სასკოლო ცხოვრებას აღწერს.

წიგნის დასაწყისშივე ჩნდება ღიმილიანი, მხიარული მასწავლებელი ვიგდისი ვარდისფერი ტუჩსაცხით, მრგვალი სათვალით, სოკოსავით შეკრული თმითა და კაშკაშა ყვითელი კაბით. ის მაშინაც კი არ ბრაზობს, როდესაც მოსწავლეები გამოაჯავრებენ. პირიქით, გულიანად იცინის.

მთავარი პერსონაჟი ინა, რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობს ღარიბულ უბანში, ულამაზო და პირქუშ კორპუსში, სევდიანი, გულჩათხრობილი და არც ისე კომუნიკაბელური გოგონაა. სწორედ ის გვიყვება თავისი და თანაკლასელების საინტერესო საზაფხულო ამბებს.

წიგნის კითხვისას მასწავლებელმა ბევრ საინტერესო რამეზე შეიძლება გაამახვილოს ყურადღება და ჩაფიქრდეს, გადახედოს საკუთარ მიდგომებს, მოსწავლეებისადმი დამოკიდებულებას და ვიგდისის როგორც კოლეგის მიმართ მეტი სიახლოვე იგრძნოს, რადგან ხშირად თავადაც ყოფილა მის ადგილას. ძნელია, თინეიჯერებს ბოლომდე გაუგო, მათი სიყვარული თუ ვერა, პატივისცემა და ნდობა მაინც მოიპოვო.

წიგნში განვითარებული ამბები მასწავლებლებს საშუალებას გვაძლევს, შორიდან შევხედოთ ჩვენ მიერ შეთავაზებულ სასწავლო პროცესს. დავინახთ, რომ უბრალო, თითქოსდა უწყინარი აქტივობა, რომელსაც მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს, ზოგი მოსწავლისთვის შესაძლოა უსიამოვნო და სტრესულიც კი აღმოჩნდეს, რაც საგრძნობლად შეცვლის სკოლისადმი მოსწავლის განწყობას. მაგალითად, ერთი შეხედვით უწყინარმა კითხვამ: „რას გეგმავ ზაფხულის არდადეგებზე?“ – ააფორიაქა ინა, რომელიც სიღარიბის გამო არც არაფერს გეგმავდა, გარდა სახლში ყოფნისა, კლასის წინაშე ამის თქმის კი მოერიდა, ამიტომ გამოსავალი იპოვა და იცრუა. სწორედ ამ ტყუილით იწყება ყველაფერი. ჩვენ თვალწინ განვითარებული ყველა მოვლენა ტყუილზე იგება და პერსონაჟს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს. ამის საფუძველი კი სწორედ სასკოლო ამბებია.

ამიტომ სწავლის დაწყებისას სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს ნუ მივახლით კითხვას: „როგორ გაატარე ზაფხულის არდადეგები?“ – მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ და ისეთი აქტივობები შევთავაზოთ, რომლებიც თითოეულ მათგანს, უპირველეს ყოვლისა, დაამშვიდებს.

 

შემოქმედებითი და შინაარსიანი აქტივობები სწავლის პირველი დღისთვის

 

  1. „სკოლის კარი და ჩემი გასაღები“

დაფაზე დახატული დიდი კარის წინ თითოეული ბავშვი აკრავს ქაღალდისგან გამოჭრილ გასაღებს, რომელსაც აწერს, რა აბედნიერებს სკოლაში – მეგობრობა, თამაში, ცოდნა… ასე იქმნება დიდი კარი, სადაც თითოეულს თავისი „გასაღები“ აქვს.

 

  1. „ხმის კედელი“

თითოეულ მოსწავლეს ვაძლევთ პატარა ფურცელს, რომელზეც მან უნდა დაწეროს ერთი წინადადება საკუთარი თავის შესახებ. ეს შეიძლება იყოს თუნდაც სურვილი, პირობა ან სიტყვა, რომელიც მას მთელი წლის განმავლობაში გზამკვლევად ექნება.
მაგალითად:

  • „მე გავაზიარებ მეგობრობას“.
  • „მე გავბედავ და ვცდი“.
  • „მე ყოველთვის თანავუგრძნობ“.

შემდეგ ამ ფურცლებს ბავშვები აკრავენ საერთო „ხმის კედელზე“, რომელიც კლასის შესასვლელთან რჩება.

ასე იქმნება ადგილი, სადაც თითოეული ბავშვის ხმა ისმის და ჩანს. ეს არ არის უბრალო დეკორაცია – კედელი მათ ყოველდღე შეახსენებს, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია და რომ კლასი მათი ერთიანობით იქმნება.

  1. სკოლის კივრი ჩემი სიმდიდრე

სკივრი ყოველთვის სიმდიდრესთან, ფასეულობებსა და საგულდაგულოდ შენახულ ნივთებთან ასოცირდება. მაგრამ რა არის ბავშვის ნამდვილი სიმდიდრე სკოლაში? ეს არის ცოდნა, გამოცდილება, მეგობრობა, სითბო და ის პატარა მოგონებები, რომლებსაც ყოველდღე აგროვებენ.

თითოეულ ბავშვს აქვს „სკოლის სკივრი“. ეს შეიძლება იყოს ლამაზი საქაღალდე ან ხელნაკეთი კონვერტი. ბავშვი ამ სკივრში ყოველკვირა ამატებს ერთ „სიმდიდრეს“, მაგალითად, ფურცელზე დაწერილ მიღწევას („ამ კვირაში მე ხმამაღლა წავიკითხე“), მეგობრის მიერ მისთვის ნათქვამ თბილ სიტყვას, პატარა ნახატს ან სიტყვას, რომელმაც გააბედნიერა.

წლის ბოლოს სკივრი სავსე იქნება სიხარულითა და გამარჯვებებით და ბავშვები თავად დაინახავენ, როგორ „გამდიდრდნენ“ სკოლაში.

ეს აქტივობა ბავშვებს აჩვენებს, რომ ნამდვილი სიმდიდრე არა ნივთები, არამედ ცოდნა, ადამიანური ურთიერთობები და ყოველდღიური გამარჯვებებია.

მასწავლებელს მხოლოდ ცოდნის გადაცემა კი არა, ბავშვების გულისა და შესაძლებლობების კარის გაღება ევალება და სკოლის პირველი დღე ამ გზის მნიშვნელოვანი დასაწყისია. უკვე მოიფიქრეთ, როგორი იქნება თქვენი დასაწყისი?

თუ ჯერ ისევ შთაგონების ძიებაში ხართ, ესტუმრეთ ფეისბუქჯგუფს – „ინას განათლების სადგური“.

 

დაბრუნება სკოლაში

0

– როგორია პირველი დღე სკოლაში?

– ხანდახან მასწავლებლისთვისაც ისეთივე მღელვარე, როგორიც მოსწავლისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ჩვენგანი მრავალი წელია ასწავლის სკოლაში, სასწავლო წლის პირველ დღეს, ჩვეულებრივ, თან ახლავს მღელვარება. ღელავენ მოსწავლეებიც, განსაკუთრებით – პირველკლასელები, რომლებიც პირველად შემოაბიჯებენ სკოლაში. მათ უდარდელ ცხოვრებას საქმიანი, ვალდებულებებით აღსავსე დღეები ენაცვლება და ბავშვებს ახალი სოციალური სტატუსი – მოსწავლის სტატუსი – ენიჭებათ. ამიტომ პირველკლასელების დახმარება ახალ, საქმიან გარემოსთან შეგუებაში ძალიან მნიშვნელოვანია.

პატარები დაბნეულები არიან: არ იციან, როგორ მოიქცნენ, როგორ შეიძინონ მეგობრები, როგორი იქნება მასწავლებელი, რას მოითხოვს მათგან. ეს გაურკვევლობა ზოგჯერ ყველაზე თამამ მოსწავლეებსაც კი აშფოთებს. ამიტომ მასწავლებლის განსაკუთრებული ამოცანაა, პირველივე დღეს შექმნას თბილი, უსაფრთხო და პოზიტიური გარემო.

სასწავლო წლის პირველ დღეს მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს ერთმანეთის გაცნობისკენ უბიძგოს, ხელი შეუწყოს მათ შორის საუბრის წარმართვას, განმუხტოს სხვა მასწავლებელთან უთანხმოება და ა.შ. სწორედ პირველ დღეს უნდა გამოიყენოს მან სახალისო, კრეატიული აქტივობები, რომლებიც დაძაბულობის გაფანტვაში დაეხმარება.

პირველი დღე ქმნის მთელი წლის განწყობას. თუ მასწავლებელი ბავშვებს თავდაჯერებას, სითბოს და თამაშით დაწყებულ ურთიერთობას აჩუქებს, სწავლა უფრო მარტივი და სასიამოვნო იქნება.

გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომლებიც თავად გამომიყენებია და რომლებიც შეგვიძლია მოვარგოთ როგორც პირველკლასელებს, ისე უფრო მაღალი კლასების მოსწავლეებს.

 

  1. იპოვე მეგობარი

იპოვე მეგობარი სახალისო თამაშია, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ მოსწავლემ კომფორტულად იგრძნოს თავი ახალ კლასელებთან. ყველა მოსწავლეს ვურიგებთ სამუშაო ფურცლებს, რომლებზეც გამოსახულია სხვადასხვა კატეგორიის (სპორტი, საკვები, თამაშები და ა. შ.) ელემენტები. ბავშვებმა უნდა აირჩიონ მათი საყვარელი ერთი ან მეტი ელემენტი.

 

დაურიგეთ მოსწავლეებს სამუშაო ფურცლები და მიეცით ხუთი წუთი, რათა მათთვის საყვარელი ელემენტები კალმით ან ფანქრით მონიშნონ (შეგიძლიათ, შექმნათ საკუთარი ფურცელი ან გამოიყენოთ შემოთავაზებული ვარიანტი).

შემდეგ სთხოვეთ ბავშვებს, იპოვონ თანაკლასელები, რომელთა არჩევანიც მათ არჩევანს ჰგავს. ეს თავისთავად გააჩენს მეგობრულ ურთიერთობას. შემდეგ ეტაპზე, როდესაც ისინი უფრო ახლოს იქნებიან, მაგ., შესვენებაზე, მოსწავლეებს არ გაუჭირდებათ სასაუბრო თემის პოვნა.

 

  1. მადლობა კომპლიმენტისთვის!”

ეს მარტივი და მსუბუქი აქტივობა თავდაჯერებას მატებს მოსწავლეებს, ალღობს ყინულს მათ შორის და უბიძგებს, უთხრან ერთმანეთს კომპლიმენტები, რასაც ხშირად არ აკეთებენ.

თავდაპირველად ყველა ბავშვი იღებს ცარიელ ფურცელს, რომელიც უნდა დაიმაგროს ზურგზე (თანაკლასელის ან მასწავლებლის დახმარებით).

მომდევნო ეტაპზე მოსწავლეები ერთმანეთს ზურგზე დამაგრებულ ფურცლებზე აწერენ ქათინაურებს.

მას შემდეგ, რაც თითოეული მათგანი შეაქებს თანაკლასელს წერილობით, ბავშვები ზურგზე დამაგრებულ ფურცლებს იძრობენ და ეცნობიან მიღებულ კომპლიმენტებს მასწავლებლის გასაგონად, რათა გაარკვიონ, ნამდვილად არის თუ არა ყველა სიტყვა ქათინაური.

მერწმუნეთ, შედეგი საოცარი იქნება. თქვენც გაგახარებთ თქვენი მოსწავლეების გაბრწყინებული სახეების დანახვა, როდესაც ისინი მოისმენენ ჯადოსნურ სიტყვებს, რომლებითაც მათ თანაკლასელები ამკობენ.

კიდევ რა არის საჭირო ყინულის გასალღობად და თავდაჯერების ასამაღლებლად?

 

  1. ნადირობა საკლასო ოთახში

გააგზავნეთ თქვენი მოსწავლეები ახალ საკლასო ოთახში სანადიროდ. დაეხმარეთ მათ ახალი საკლასო სივრცის გაცნობაში.

მიაწოდეთ საკლასო ოთახში განლაგებული საგნების სია, სადაც დატოვებთ ადგილს მოსწავლეების პასუხებისთვის. დაწერონ მოკლე აღწერა, სად იპოვეს ესა თუ ის ელემენტი.

ნადირობის დასრულების შემდეგ ეს ფურცლები შეიძლება გამოიყენონ სწავლის პირველ კვირას, რათა იცოდნენ, სად იპოვონ საჭირო ნივთები.

შეგიძლიათ, თავად შეადგინოთ თქვენი სია ან გამოიყენოთ თანდართული ნიმუში.

  1. მაღალი მარი

ეს აქტივობა ხალისს შემოიტანს კლასში. გარდა ამისა, მოსწავლეები მეტად დაფიქრდებიან თავიანთ თვისებებზე, გაივარჯიშებენ გრამატიკაში, შეივსებენ ლექსიკურ მარაგს.

როგორ?

მოსწავლეები ჩააყენეთ წრეში და თქვენც შეუერთდით. დაავალეთ, მოიფიქრონ ზედსართავი სახელები საკუთარი თავის დასახასიათებლად, ოღონდ გაითვალისწინონ ერთი რამ: ზედსართავი სახელი უნდა იწყებოდეს იმ ასო-ბგერაზე, რომელზეც იწყება მათი სახელი. მაგ.: ნინო – ნაზი ნინო, შორენა – შარმიანი შორენა და ა.შ.

  1. საუკეთესო საკლასო ოთახი

ეს არის აქტივობა, რომლის ჩატარების შემდეგ გეცოდინებათ, როგორია თქვენი მოსწავლეების წარმოდგენაში საუკეთესო საკლასო ოთახი, როგორ დაახასიათებდნენ მას.

ფლიფჩარტზე ან დაფაზე დაწერეთ აქტივობის სახელწოდება: საუკეთესო საკლასო ოთახი“. შემდეგ გაყავით დაფა სამ ნაწილად და თითოეული ნაწილი  დაასათაურეთ, მაგალითად: “როგორ გამოიყურება”, “რისი ხმა ისმის”, “რა შეგრძნებებს იწვევს”. როგორც უკვე მიხვდით, მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ ის სიტყვები, რომლებითაც აღწერდნენ თავიანთ წარმოდგენაში საუკეთესო კლასს. როგორ გამოიყურება ეს კლასი? რისი ხმა ისმის იქიდან? რა შეგრძნებებს უნდა იწვევდეს მათში საუკეთესო კლასი?

მოსწავლეების პასუხები შეგიძლიათ დაწეროთ ფერადი მარკერებით ან ფერადი ცარცით. ასევე შეგიძლიათ დაწეროთ ფერად წებოვან ფურცლებზე და მიამაგროთ დაფაზე, როგორც ნიმუშზეა ნაჩვენები:

  1. სკოლა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ

ამ აქტივობის დროს მოსწავლეები იმსჯელებენ იმაზე, რატომ არის სკოლა მნიშვნელოვანი, რას აძლევს მათ, რისი მოლოდინი აქვთ, რას მიიღებენ სკოლისგან ისეთს, რაც მათი განვითარებისთვის გადამწყვეტი იქნება.

აქტივობისთვის გთავაზობთ რესურსის ნიმუშს, რომელიც Power Point-ის პროგრამაში ავაწყვე და ჩემს მოსწავლეებთან შარშან დისტანციურად გამოვიყენე.

 

7. ჩვენი კლასი ყოველდღე უნდა იყოს…

ეს აქტივობა მოსწავლეებისგან მოითხოვს იმაზე დაფიქრებას, როგორი სურთ იყოს მათი კლასი ყოველდღე. ამაზე ფიქრისა და ერთმანეთისთვის აზრების გაზიარებისას მოსწავლეები იმასაც გააცნობიერებენ, რომ სასურველი კლასის შექმნაში თავადაც შეუძლიათ მასწავლებელთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.

მოსწავლეთა მოსაზრებების ჩასაწერად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფლიფჩარტი ან დაფა, რომელსაც თქვენი ინტერპრეტაციით ან მოცემული ნიმუშის მიხედვით გააფორმებთ.

 

8. “ჩემი მიზნები

ნებისმიერი საქმის დაწყებისას თითოეული ჩვენგანი ისახავს მიზანს, რომლისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. მოსწავლეებიც ყოველი სასწავლო წლის დამდეგს უნდა ისახავდნენ მიზნებს, რომელთა მიღწევაც სურთ იმ წელს. შეგვიძლია, მიზნების ფორმულირებაში ჩვენც დავეხმაროთ. თუნდაც იმ პროგრამის მოკლე შინაარსის გაცნობით, რომლის შესწავლაც უწევთ მიმდინარე სასწავლო წელს.

ეს აქტივობაც სწორედ იმ მიზნების ფორმულირებას ემსახურება, რომელთა მისაღწევად მოზარდები უნდა გაისარჯონ მთელი წლის განმავლობაში.

როცა ვიცით, რისკენ მივდივართ, ვცდილობთ, სწორად ვიაროთ და ფინიშის ხაზი გამარჯვებულის ოვაციებით გადავკვეთოთ.

ქვემოთ მოვიყვან ნიმუშს, რომელიც ჩემს მოსწავლეებს შევთავაზე:

 

 

  1. ყველაფერი ჩემ შესახებ

აღნიშნული აქტივობა წარმოადგენს საკუთარი თავის პრზენტაციას. ის მოსწავლეებისგან მოითხოვს თანაკლასელებთან საუბარს იმ თვისებებისა თუ ინტერესების შესახებ, რომლებიც შესაძლოა მხოლოდ მან იცის საკუთარ თავზე.

აქტივობის მიზანი მხოლოდ თანაკლასელების მიერ ერთმანეთის უკეთ გაცნობა არ არის. ეს აქტივობა ბავშვების გაცნობაში დაეხმარება პედაგოგსაც, რომელიც პირველად შედის უცნობ მოსწავლეებთან. გაიგებს, ვინ არიან მათი მეგობრები, რა უყვართ, რა ახარებთ ან როდის არიან კარგად, რა არის მათი საყვარელი საქმიანობა, რა გეგმები აქვთ მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით და ა.შ.

მოსწავლეებისთვის, ეს აქტივობა სახალისო იქნება – ბავშვებს ხომ ძალიან უყვართ საკუთარ თავსა და გამოცდილებაზე საუბარი, ეს აქტივობა კი მათ ამის შესაძლებლობას მისცემს.

მასწავლებელსაც შეუძლია, გააცნოს საკუთარი თავი მოსწავლეებს. ეს კიდევ უფრო მეტად გაალღობს ყინულს, რომელიც ახალ მასწავლებელთან ურთიერთობის საწყის ეტაპს ახლავს თან.

ნიმუში N1.

ნიმუში N2.

 

  1. მატარებელი

ეს აქტივობა პირველკლასელებთან განსაკუთრებით გამოგვადგება. მათი უმრავლესობა ხომ ერთმანეთს არ იცნობს, ამ გზით კი მათ ერთმანეთის გაცნობაში დავეხმარებით.

აქტივობას იწყებს მასწავლებელი. მიდის რიგის მიხედვით მჯდომ პირველ მოსწავლესთან და იწყებს დიალოგს:

– მე მქვია თამუნა. შენ რა გქვია?

– მე მქვია ნია.

– სასიამოვნოა, ნია.

მასწავლებელი ხელს ჰკიდებს ნიას და მასთან ერთად გადაინაცვლებს მომდევნო მოსწავლესთან. ამჯერად იმავე შინაარსის დიალოგს ნია იწყებს მასთან, პასუხის მოსმენის შემდეგ კი ხელს ჰკიდებს და შემდეგ მოსწავლესთან მიჰყავს. ასე გრძელდება, სანამ მატარებელი ბოლო მოსწავლესთან არ მივა. შემდეგ ასევე რიგრიგობით ყველა „ვაგონი“ უბრუნდება მერხს.

 

სწავლის პირველ დღეს მასწავლებელმა მხოლოდ ახალი საგნების გაცნობა კი არა, მთელი წლის განწყობის ჩამოყალიბება უნდა მოახერხოს. თუ ამ დღეს პოზიტიურად და კრეატიულად წარვმართავთ, ბავშვებს გავუადვილებთ შფოთვის დაძლევას, ერთმანეთთან დაახლოებას და სწავლისადმი ინტერესსაც გავუღვივებთ.

წარმატებულ, ნაყოფიერ, მხიარულ, ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ!

ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“ – იმიტირებული სასამართლო პროცესი

0

„აწმყო, შობილი წარსულისგან, არის მშობელი მომავალისა“, – ლაიბნიცის ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავს აზრს, რომლის მიხედვითაც, ადამიანს ადრეული ასაკიდანვე სჭირდება გათვითცნობიერება ისეთ საკითხებში, რომელთა ცოდნითაც იგი შეძლებს, საკუთარი აგური დადოს ქვეყნის აღმშენებლობაში, გაიაზროს, რომ ადამიანის ცხოვრების ადრეული წლები ხდება წარმმართველი მისი მომავლისა.

გთავაზობთ რესურს, რომლის ფარგლებშიც ქალაქ მარნეულის V საჯარო სკოლის IXა კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნიკა ბურძენიძემ ჩაატარა იმიტირებული სასამართლო ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „სარჩობელაზედ“ მიხედვით. პროცესზე გასამართლდა ბეჟანის ძმა.

ღონისძიების პერსონაჟები:

  • მოსამართლე
  • მოსამართლის ასისტენტი
  • ბრალმდებელი
  • პირველი ადვოკატი;
  • მეორე ადვოკატი;
  • პეტრე კეთილკაციშვილი (გლეხო);
  • მეზობელი – ლამარა სხვისსაქმეშივერჩავერევიშვილი
  • მასწავლებელი – სალომე განათლებისაშვილი
  • ბეჟანის ჩამოხრჩობის მაყურებელი – კირილე სანახაობია
  • ბადრაგი – დილარ მესაკნე
  • დედა
  • ექსპერტ-კრიმინალისტი
  • ბრალდებული – ვინმე დაჩაგრულაშვილი

 

სასამართლოს დასასრულს ნაფიცმა მსაჯულებმა (შეთავაზებული ვარიანტებიდან) გადაწყვიტეს ბრალდებულის ბედი. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რა განსხვავებული ბავშვობა შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს, რა სირთულეების გადალახვა შეიძლება უწევდეთ მათ თანატოლებს.

აღნიშნული რესურსი დაგეხმარებათ ბავშვის უფლებების დარღვევასა და საზოგადოების გულრილობასთან დაკავშირებული მოვლენების გააზრება-გაანალიზებასა და მსგავსი ღონისძიების დაგეგმვა-განხორციელებაში.

 

  • ღონისძიება:

პირველი მოწმე – პეტრეკეთილკაციშვილი (გლეხო)

ადვოკატი იძახებს მოხუც პეტრეს, რომელიც დაწვრილებით იხსენებს, სად და რა ვითარებაში შეხვდა პირველად ძმებს, რა ინციდენტი გადახდა თავს.

მეორე მოწმე – ლამარა სხვისსაქმეშივერჩავერევიშვილი

ადვოკატი იძახებს ძმების მეზობელს, რომელიც მათ პატარაობიდანვე იცნობდა. ის ჰყვება, როგორ გარემოში იზრდებოდნენ ძმები, როგორი იყო მათი ოჯახი თავდაპირველად და რა შეიცვალა მამის გარდაცვალების და მამინაცვლის გამოჩენის შემდეგ. მაყურებელი ისმენს, რომ მამინაცვალი ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ტერორს უწყობდა მთელ ოჯახს, რის გამოც ძმები მცირე ასაკშივე ყოველგვარ უფლებას მოკლებულნი იყვნენ.

მესამე მოწმე – სალომე განათლებისაშვილი

როგორც ირკვევა, რამდენიმე ხნის შემდეგ მამინაცვალმა ძმები თავიდან მოშორა და ისინი „სალდათის სკოლაში“ გაამწესა. მასწავლებლის ჩვენებიდან ვიგებთ, რომ ძმების ცხოვრება იქ არათუ გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა კიდეც, რადგან მათ ჩაგრავდნენ როგორც სხვა მოსწავლეები, ისე მასწავლებლებიც, რომლებიც საერთოდ არ ზრუნავდნენ მოსწავლეებზე. ძმებს სკოლიდან გაქცევა მოუწიათ. მთავარი კი ის არის, რომ ძმებისთვის არასოდეს არავის მიუკითხავს სკოლაში (დანართი – 1).

მეოთხე მოწმეპეტრე კეთილკაციშვილი (გლეხო) – მეორე შემოსვლა

ადვოკატი მოხუც პეტრეს მეორედ გამოიძახებს, რათა მოაყოლოს, როდის და რა ვითარებაში შეხვდა იგი მეორედ ერთ-ერთ ძმას. დაკითხვისას მოხუცი პეტრე ლაპარაკობს საზოგადოების დამოკიდებულებაზე ჩამოხრჩობის მიმართ. ირკვევა, რომ ხალხისთვის ეს მორიგი სანახაობა იყო. ასევე, იგი იხსენებს ბრალდებულის წერილს (დანართი – 2), რომელშიც დაწვრილებით არის აღწერილი ძმების თავგადასავალი. ბოლოს მოხუცი პეტრე გამოთქვამს მოსაზრებას, როგორი შეიძლება იყოს ბრალდებულისთვის გამოტანილი განაჩენი.

მეხუთე მოწმე – კირილე სანახაობია

ამჯერად ბრალდების მხარე გამოიძახებს ჩამოხრჩობის ერთ-ერთ მაყურებელს, რომელთან საუბრისას მოხუც პეტრეს განუმტკიცდება აზრი საზოგადოების გულგრილობის შესახებ, რადგან მოწმე გამოხატავს მიმღებლობას სიკვდილით დასჯის მიმართ.

მეექვსე მოწმედილარ მესაკნე

ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღსაწერად დაცვის მხარე იძახებს ბადრაგს, რომელთან საუბრისას აღმოჩნდება, რომ ბრალდებულს ჯერ კიდევ არ გამოსულა ბავშვობის ტრავმებიდან. მას მიაჩნია, რომ ყველამ დაივიწყა და თავს მეორე ნაპირზე დარჩენილად აღიქვამს.

მეშვიდე მოწმე – მშობელი (დედა)

დაცვის მხარე იძახებს ბრალდებულის დედას, რომელთან საუბრისას ნათელი ხდება, რომ მამინაცვალი არა მხოლოდ გერებზე, არამედ მეუღლეზეც ძალადობდა და შვილების დაცვის საშუალებას არ აძლევდა.

მერვე მოწმეექსპერტ-კრიმინალისტი

ექსპერტ-კრიმინალისტი აღუწერს სასამართლოს, რა ტიპის დაზიანებები ჰქონდა მიყენებული მამინაცვალს და რა გახდა უშუალოდ გარდაცვალების მიზეზი (დანართი – 3).

ბოლო სცენა – ბრალდებული, ვინმე დაჩაგრულაშვილი

ბოლოს თავად ბრალდებულს გადაეცემა სიტყვა. ის იხსენებს მკვლელობის საღამოს – რა ვითარებაში და რა მიზნით მივიდა ის ძმასთან ერთად მამინაცვალთან, როგორ დაიწყო და განვითარდა მოვლენები.

დასკვნითი ნაწილი

მაყურებელმა ყველაფერი მოისმინა. მოსმენილის საფუძველზე მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტენ, რა სახის სასჯელი დაეკისროს ბრალდებულს (დანართი – 4).

მოსწავლეებისთვის ინფორმაციის ამ ფორმით მიწოდება მეტად ეფექტურია, რადგან წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მათზე. სხვადასხვა როლის საკუთარ თავზე მორგების შემდეგ ყოველი მონაწილე და მათთან ერთად მაყურებელიც გაცილებით უკეთ გაიაზრებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, არ მოაკლონ სითბო და სიყვარული, მისცენ სათანადო განათლება, მოექცნენ როგორც თანასწორს, რათა ის მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების მქონე პიროვნებად აღიზარდოს.

 

მთლიანი სცენარის გადმოწერა შესაძლებელია ამ ბმულის საშუალებით:

სარჩობელაზედ – გაგრძელება – იმიტირებული სასამართლო

 

 

სამაგიდო თამაში „რიცხვობანა“

0

დაწყებით კლასებში სწავლა ბავშვისთვის მხოლოდ ინფორმაციის დამახსოვრებას არ გულისხმობს. ეს მხოლოდ პირველი საფეხურია, სადაც ის ეჩვევა აზროვნებას, პრობლემების გადაჭრასა და სწავლისადმი ინტერესის გამოვლენას. სწორედ ამიტომ, თამაშით სწავლება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მიდგომაა მათემატიკის შეყვარებისა და ინტერესის გაღვივების მიზნით. ბავშვი მაშინ სწავლობს უკეთესად, როცა სასწავლო გარემოში თავს დაცულად, თავისუფლად და ლაღად გრძნობს.

თამაში ხელს უწყობს ალგორითმული, ლოგიკური აზროვნების განვითარებას. იზრდება მოტივაცია და თვითრწმენა. თამაშები ჯგუფებში, წყვილებში ხელს უწყობს თანამშრომლობასა და კომუნიკაციას. დასამახსოვრებელი გამოცდილება კი ქმნის ღრმა და სტაბილურ ცოდნას.

ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთეების გამო, მე მათემატიკის გაკვეთილზე, ასევე შესვენებებზე ხშირად ვიყენებ სხვადასხვა სახალისო და სააზროვნო თამაშს, რომლებსაც თავად ვქმნი მოსწავლეებისთვის.

წარმოგიდგენთ ერთ-ერთ სამაგიდო თამაშს: „რიცხვობანა“.

თამაში შეიძლება ითამაშონ წყვილებში, ჯგუფებში;

თამაშის მსვლელობა 1

ფერად ფურცლებზე ვწერ რიცხვებს კლასისა და ცოდნის დონის მიხედვით. მაგალითად, რიცხვები 1-დან 100-მდე.

  • რიცხვებს ვალაგებ მაგიდაზე.
  • გამოდის ორი მოსწავლე, რომლებიც იღებენ ამ ფურცლებს, იმაგრებენ შუბლზე, ისე, რომ თავად ვერ ხედავენ საკუთარ რიცხვს და იწყებენ მეწყვილისთვის მინიშნებების მიცემას.
  • ერთ მოსწავლეს აქვს რიცხვი – 45, მეორე მოსწავლეს – 72
  • მოსწავლეები მორიგეობით აძლევენ ერთმანეთს თითო დახმარებას, ვიდრე არ გამოიცნობენ დამალულ რიცხვს.

45- შენი რიცხვი არის კენტი. დამალული რიცხვის უახლოესი ოცეულია – ორმოცი.

72- შენი რიცხვი არის ლუწი, მისი უახლოესი ათეულია 70.

მეწყვილე ეუბნება თავის ვერსიას და თუ ვერ გამოიცნობს მოსწავლე კვლავ აგრძელებს დახმარებას.

45- თუ შენს დამალულ რიცხვს შევამცირებთ 17-ით, მივიღებთ 28-ს.

72- თუ შენს დამალულ რიცხვს გავზრდით 18-ით, მივიღებთ 90-ს.

მოსწავლეები თამაშსა და მითითებების მიცემას აგრძელებენ რიცხვის გამოცნობამდე. როცა რიცხვს ორივე მოსწავლე გამოიცნობს, თამაშს აგრძელებს შემდეგი წყვილი. ეს თამაში შესაძლებელია, ითამაშოს მთელმა კლასმა ერთად.

თამაშის მსვლელობა 2

მოსწავლეები სხდებიან წრეზე. ყველა მოსწავლე იღებს თითო ფურცელს და იმაგრებს შუბლზე. თამაში იწყება საათის ისრის მიმართულებით. ერთმანეთის გვერდით მსხდომი მოსწავლეები ჯაჭვურად თითო მინიშნებას ეუბნებიან გვერდით მჯდომ მოსწავლეს. როცა ყველა ერთმანეთს გადაუჩურჩულებს მინიშნებას, შემდეგ სათითაოდ ყველა ამბობს თავის ვერსიას და თამაში გრძელდება მანამდე, სანამ ყველა მოსწავლე არ გამოიცნობს საკუთარ რიცხვს.

თამაშის მიზანი

მოსწავლეები შეძლებენ რიცხვების კლასიფიცირებას, მათზე მოქმედებების შესრულებას.

გაიმყარებენ ცოდნას კენტი/ლუწი რიცხვების, უახლოესი ხუთეულების, ათეულებისა და ოცეულების შესახებ. შეძლებენ მარტივი არითმეტიკული მოქმედების შესრულებას. იმუშავებენ გუნდურად. ბავშვი ივითარებს სივრცით და ლოგიკურ ხედვას. გონებაში ამუშავებს, სად „ზის“ მისი რიცხვი. მოსწავლეები სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას, ინფორმაციის სწორად დახარისხებასა და გამოყენებას.

რას ვფიქრობ ინკლუზიაზე – მასწავლებლების დამოკიდებულებები ინკლუზიური განათლების მიმართ

0

ინკლუზიური განათლება ბოლო რამდენიმე ათწლეულია, რაც ვითარდება და გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ მხარდამჭერი, სოციალურად მიმღები და სრულად ინტეგრაციული საზოგადოება, რომელიც აღიარებს და აფასებს შესაძლებლობათა მრავალფეროვნებას. საერთო საჯარო საგანმანათლებლო სივრცეში განათლების ხელმისაწვდომობა ყველასთვის, მიუხედავად დარღვევისა და შესაძლებლობების შეზღუდვისა, არის ინკლუზიის ფუნდამენტური პრინციპი (UNESCO, 1999), რომლის ეფექტურად განხორციელებასაც კანონთან ერთად სხვა, არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტორები განაპირობებს. ის, თუ როგორ სწავლობენ და ასწავლიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვებს საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მნიშვნელოვნად არის განპირობებული ინკლუზიის მიმართ მასწავლებლების დამოკიდებულებით. მასწავლებელი ამ პროცესის ეფექტურობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სტატიაში მოხმობილ ყველა კვლევაში სწორედ ეს უმნიშვნელოვანესი კავშირია ხაზგასმული. საინტერესოა, რომ ეს საკითხი ღრმად და ფართოდაა ნაკვლევი სხვადასხვა ქვეყანაში. აღნიშნული სტატიის მიზანი, სწორედ ამ კვლევების მიმოხილვისა და ანალიზის საფუძველზე, ინკლუზიური განათლების ეფექტური განხორციელების პროცესში მასწავლებლის დამოკიდებულების ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი როლი და ამ დამოკიდებულებაზე მოქმედი ფაქტორების წარმოჩენაა.

საგანმანათლებლო დაწესებულება სოციალური ცვლილებებისა და საზოგადოების განვითარების ბიძგის მიმცემი ადგილია. მასწავლებელი კი – ამ პროცესში ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. სწორედ ის განსაზღვრავს, თუ აკადემიურად და სოციალურად რამდენად ხარისხიანი, ეფექტური და ნაყოფიერი იქნება ეს პროცესი. სწორედ ასეთივე არსებითი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლების დამოკიდებულებას ინკლუზიური განათლების მიმართ. ის, თუ რას ფიქრობს მასწავლებელი ზოგადად ინკლუზიისა და ამავე დროს, კონკრეტულად სსსმ ბავშვის საერთო კლასში სწავლებაზე, განაპირობებს ამ პროცესის ნაყოფიერებას. უფრო კონკრეტულად, ეს გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე, პროცესში ჩართვის ხარისხზე, მისი შესაძლებლობების დანახვაზე, გამოვლენასა და გაძლიერებაზე და უფრო ფართოდ, იმ მიკროსისტემაზე, რომელშიც ეს პროცესი ხორციელდება.

სოციალურ მეცნიერებებში დამოკიდებულებები ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ ნაკვლევი კონსტრუქტია. მის ფორმირებაზე სხვადასხვა ფაქტორები ახდენს გავლენას. თავად დამოკიდებულებები კი მნიშვნელოვნად განაპირობებს და ხსნის ადამიანის ქცევას. აღნიშნული კონცეპტი მკვლევრების ინტერესს განათლების კონტექსტშიც იმსახურებს. სტატიაში მოხმობილი უკლებლივ ყველა კვლევა ადასტურებს ინკლუზიის მიმართ მასწავლებლის დამოკიდებულების კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაში. საინტერესოა, რაში ვლინდება ინკლუზიური განათლების მიმართ მასწავლებლის დამოკიდებულება, როგორს ვუწოდებთ დადებითს, რა შეიძლება მივიჩნიოთ უარყოფით დამოკიდებულებად და რა ფაქტორები ახდენენ გავლენას მის ფორმირებაზე.

  • პოზიტიური დამოკიდებულების დროს, მასწავლებელი იზიარებს ინკლუზიური განათლების არსებით პრინციპებს, სჯერა, რომ ყველას შეუძლია და უნდა სწავლობდეს ჩვეულებრივ სკოლასა და ბაღში და ამ პროცესის განხორციელება თავისუფლად არის შესაძლებელი. ამ დროს მასწავლებელი ფიქრობს, რომ ინკლუზიას მაღალი სოციალური სარგებელი აქვს, როგორც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, ისე ტიპური განვითარების მქონე ბავშვებისთვის და იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას, რომ თავისი სსსმ მოსწავლე ეფექტურად იყოს ჩართული სწავლა-სწავლების პროცესში.
  • ნეგატიური დამოკიდებულება კი ვლინდება იმგვარ მსჯელობებში, როგორიცაა, მაგალითად; სსსმ ბავშვის სწავლება მასწავლებლის დროის სრულ მონოპოლიზებას მოითხოვს; ინკლუზიას არ მოაქვს სარგებელი სხვა ბავშვებისთვის; იზოლირებულ კლასებში სსსმ ბავშვების სწავლება უფრო ეფექტურია და არ აქვს ნეგატიური გავლენა მათ სოციალურ ან ემოციურ განვითარებაზე და ა. შ…

აღნიშნული დამოკიდებულებები მასწავლებლის ყოველდღიურ საქმიანობაში ვლინდება, სწორედ აქ ჩანს დამოკიდებულებების კრიტიკული მნიშვნელობა. მასწავლებელი, რომელსაც სწამს, რომ მის სსსმ მოსწავლეს შეუძლია წარმატებას მიაღწიოს, განვითარდეს და ისწავლოს საერთო კლასში, რომ ეს პროცესი მნიშვნელოვანია როგორც მისთვის, ისე დანარჩენი ბავშვებისთვის, რადგან სასკოლო განათლება უპირველესად სოციალური აქტია, ავლენს ინტერესს და მოტივაციას, რომ მეტი გაიგოს სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიებისა და პროცესში მოსწავლის ეფექტურად ჩართვის შესახებ, თანამშრომლობს სხვადასხვა სპეციალისტთან, ცვლის გარემოსა და პირობებს; მოიძიებს, გამოიკვლევს, დაგეგმავს და ახორციელებს მოდიფიკაციებსა და აკომოდაციებს იმგვარად, რომ მისი მოსწავლე ჩართული იყოს პროცესში და მიიღოს მაქსიმალურად მეტი სარგებელი სხვა ბავშვებთან ერთად სწავლის დროს, ანუ მისი დამოკიდებულება რეპრეზენტირდება ქცევაში. ეს კი პირდაპირ აისახება ბავშვზე. ამის საპირისპიროდ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორ გამოვლინდება საგანმანათლებლო სივრცესა და პროცესში მასწავლებლის უარყოფითი დამოკიდებულება. ის გადაჯაჭვულია დაბალ მოტივაციასთან. ამ დროს პედაგოგი მოუმზადებელია აქტივობებითა და რესურსებით, ვლინდება გამოყენებული ხერხებისა და სტრატეგიების სიმწირე, სპონტანურობა და იმპულსურობა სხვადასხვა ქცევითი სირთულეებისა და აკადემიური გამოწვევების წინაშე აღმოჩენისას, რაც არ არის შედეგის მომტანი ბავშვისთვის და რთულია თავად მასწავლებლისთვისაც.

რატომ ან როგორ უყალიბდებათ მასწავლებლებს უარყოფითი ან დადებითი დამოკიდებულება ინკლუზიური განათლების მიმართ? რატომ შეიძლება პედაგოგი ფიქრობდეს, რომ სსსმ ბავშვს არ შეუძლია და არ უნდა იყოს ჩართული საერთო-საკლასო და ჯგუფურ საგანმანათლებლო პროცესში? ან პირიქით, რატომ შეიძლება მიიჩნევდეს, რომ განათლება საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, მიუხედავად დარღვევისა და შეზღუდვისა? განათლების მკვლევრები სხვადასხვა კავშირს იკვლევენ. დამოკიდებულებები არაა სტატიკური და ერთმნიშვნელოვანი მოვლენა. ის მრავალწახნაგოვანი საკითხია და მასზე გავლენას სხვადასხვა ფაქტორი ახდენს. კვლევების მეტაანალიზი აჩვენებს საინტერესო პრედიქტორებს და ავლენს მნიშვნელოვან კავშირებს სხვადასხვა კონსტრუქტებსა და ინკლუზიის მიმართ მასწავლებლის დამოკიდებულებებს შორის. ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასწავლებლის დამოკიდებულებებზე გავლენა შესაძლოა, მოახდინოს კულტურულ-ისტორიულმა კონტექსტმა, მუშაობის ხანგრძლივობამ, განათლებამ, შშმ პირებთან ან სსსმ ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილებამ, პიროვნულმა მახასიათებლებმა და ღირებულებებმა, თვითეფექტურობის აღქმამ, თვითშეფასებამ და მხარდაჭერამ. ასევე, შესაძლებელია, ის დაკავშირებული იყოს მასწავლებლის პროფესიულ სტრესთან და გადაწვასთან. თითოეული მათგანი მეტ-ნაკლები სიძლიერით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ან ერთად, შეიძლება, იყოს დაკავშირებული ინკლუზიის მიმართ მასწავლებლების დამოკიდებულებების ფორმირებასთან, ეს კი გვაძლევს საინტერესო და საგულისხმო ინფორმაციას, რომელთა გათვალისწინება ამ პროცესის ეფექტურობისთვის არსებითად მნიშვნელოვანია.

აღმოჩნდა, რომ პერსონალური ღირებულებები მნიშვნელოვანია დამოკიდებულების ჩამოყალიბების პროცესში. ტოლერანტულობა, სხვისი ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება, ღიაობა ცვლილებებისადმი და საკუთარი ინტერესებისა და ღირებულებებისადმი ერთგულება გავლენას ახდენს ჩვენს დამოკიდებულებებზე, გადაწყვეტილებებსა და, შესაბამისად, ქცევაზე, რაც მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობაზე პირდაპირ აისახება. პერსონალური მახასიათებლებიდან (დიდი ხუთიანი) დადებითი დამოკიდებულება ღიაობას (openness) უკავშირდება (Todorovic, J., Stojiljkovic, S., Ristanic, S., Djigic, G., 2011) , რაც ბუნებრივიცაა, რადგან ღიაობა დაკავშირებულია კრეატიულობასთან, ცნობისმოყვარეობასთან, ცოდნისა და სწავლისადმი მოტივაციასთან. ასევე, ძალიან საინტერესოა, რომ მასწავლებლების დამოკიდებულების განმსაზღვრელი, შესაძლოა, იყოს დარღვევის სირთულე. კვლევებიდან ჩანს, რომ პედაგოგები ინკლუზიის ეფექტურობას სკეპტიკურად უყურებენ ADHD-ს, სხვადასხვა ქცევითი-ემოციური სირთულეების, აუტიზმის, სმენისა და მხედველობის და სხვა ნევროლოგიური დარღვევების დროს. ხოლო უფრო პოზიტიურ დამოკიდებულებას ავლენენ სწავლის სპეციფიკური დარღვევების და ენისა და მეტყველების სირთულეების დროს. მსგავსი დიფერენცირება შეგვიძლია ამგვარად ავხსნათ – დიაგნოზის სირთულე ჩარევისა და მუშაობის სირთულეს უკავშირდება, რაც პედაგოგების შფოთვასა და ღელვას ზრდის და უარყოფით დამოკიდებულებაში ვლინდება, რაც ბუნებრივია პროფესიული გადაწვის ასეთი მაღალი რისკის მქონე საქმიანობის დროს. კვლევების მიხედვით (Galaterou, Antoniou, 2017), სამსახურებრივი სტრესი და გადაწვა გავლენას ახდენს ინკლუზიის იმპლემენტაციის მიმართ პედაგოგების დამოკიდებულებაზე, თუმცა მისი გავლენა სუსტდება, შესაბამისი დარღვევებისა და ჩარევების შესახებ ცოდნის არსებობის შემთხვევაში. აღნიშნულ ფაქტორს, როგორც გამოსავალს, თავად მასწავლებლები ასახელებენ. რაც შეეხება კულტურულ ფენომენს, დამოკიდებულებების ამ თვალსაზრისით ახსნის საინტერესო მაგალითია გერმანია, სადაც მაშინაც კი, როდესაც საკანონმდებლო პოლიტიკა არ იყო ინკლუზიური განათლების მიმართ ლოიალური, მასწავლებლების დამოკიდებულებები დადებითი იყო და ისინი სსსმ ბავშვების საჯარო სკოლებში სწავლების მზაობას ავლენდნენ, რაც, ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობებისადმი და უმცირესობებისადმი გერმანელების განსაკუთრებით მგრძნობიარე დამოკიდებულებით შეიძლება აიხსნას (Leyser, Kapperman and Keller, 1994). ამ დროისთვის არსებულ კვლევებში ვლინდებოდა, რომ პედაგოგების დამოკიდებულებებზე გავლენას ახდენდა საკანონმდებლო ვალდებულებები. გერმანიაში კი მასწავლებლების პოზიტიური დამოკიდებულება კანონით ვერ იქნებოდა განპირობებული. მკვლევრების ნაწილმა კი აღმოაჩინა, რომ მასწავლებლები, რომელთა სამუშაო გამოცდილება მოიცავს 31-39 წელს, უარყოფით დამოკიდებულებას ავლენენ ინკლუზიის მიმართ, რაც, ავტორთა ვარაუდით, შესაძლოა, იყოს პროფესიული გადაწვის და ასევე, ცვლილებებისადმი მაღალი რეზისტენტობის შედეგი, რადგან მათი პროფესიული საქმიანობის დასაწყისში სხვა საგანმანათლებლო პოლიტიკა იყო და სსსმ ბავშვები სპეცსკოლებში სწავლობდნენ (Todorovic, J., Stojiljkovic, S., Ristanic, S., Djigic, D. 2011).

ასევე, საინტერესოა, როგორ უკავშირდება მასწავლებლის თვითეფექტურობის აღქმა ინკლუზიის მიმართ მის დამოკიდებულებებს. თვითეფექტურობა, ზოგადად, მნიშვნელოვანია მასწავლებლის საქმიანობაში და ამ თვალსაზრისითაც მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული მასთან. თვითეფექტურობა გულისხმობს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას. ის უბიძგებს ადამიანს, მიიღოს გამოწვევები და გაუმკლავდეს მათ, წარუმატებლობა კი აღქმულია, როგორც არასაკმარისი ძალისხმევა ან ცოდნა, რომლის შეძენაც შესაძლებელია (Bandura, 1998). ამ მიმართულებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ, რაც უფრო მაღალია მასწავლებლის თვითეფექტურობის აღქმა, მით უფრო პოზიტიურ დამოკიდებულებას ავლენს ის ინკლუზიური განათლების მიმართ. ამ თვალსაზრისით, საინტერესო მიგნებას ვხვდებით ერთ-ერთ კვლევაში (Avramidis, E., Toulia, A., Tsihouridis, C., Strogilos, V., 2019). ინკლუზიური განათლების კონტექსტში უფრო მეტ ეფექტურობას ავლენენ სპეციალური მასწავლებლები, ვიდრე საგნის პედაგოგები, რაც, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათი ცოდნითაა განპირობებული. მაღალი თვითეფექტურობა პოზიტიურ დამოკიდებულებას ზრდის, ეს კი უშუალოდ ინკლუზიის განხორციელების ნაყოფიერებაზე აისახება. უკანასკნელი მსჯელობა არის ის მიგნება და მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ათეულობით კვლევაში გამოვლინდა.

ყველა ქვეყანაში, სადაც იკვლიეს კავშირი მასწავლებლების დამოკიდებულებასა და ინკლუზიური განათლების შესახებ მათ ცოდნას შორის, გამოჩნდა, რომ ეს კავშირი არის პოზიტიური, ძლიერი და მნიშვნელოვანი. რაც უფრო მეტადაა მასწავლებელი ინფორმირებული დარღვევების, სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიების შესახებ, გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგი და კურსი ინკლუზიურ განათლებაში, მით უფრო დადებითია მისი დამოკიდებულება სსსმ მოსწავლის მიმართ, მხარს უჭერს ინკლუზიის განხორციელებას და ავლენს მზაობასა და მიმღებლობას ამ პროცესის მიმართ. იყენებს მიღებულ ცოდნას სსსმ მოსწავლესთან მუშაობისას და ქცევითი თუ აკადემიური სირთულეების წინაშე აღმოჩენისას ორიენტირებულია მის გადაჭრაზე.

ამავე დროს, ჩნდება საინტერესო კომპონენტი, რომელიც დადებითი დამოკიდებულების მქონე მასწავლებლებისთვისაც მნიშვნელოვანია, ეს არის მხარდაჭერა, რომელშიც იგულისხმება თანადგომა ადმინისტრაციის მხრიდან, ფსიქოლოგის, სპეცმასწავლებლის, ოკუპაციური თერაპევტის და ასისტენტის მხრიდან, როგორც უშუალოდ პროცესში, ისე ზოგადად, კოლაბორაციის, საგანმანათლებლო რესურსების და ინფორმაციის მოძიების, მიღების, პრობლემის განხილვისა და გადაჭრის პროცესში. პოზიტიური დამოკიდებულების მქონე მასწავლებლები აღნიშნავენ და ხაზს უსვამენ, რომ მხარდაჭერა აუცილებელია მათი საქმიანობის ეფექტურობისთვის. ისინი ხშირად მარტო გრძნობენ თავს ამ პროცესში, რაც, რა თქმა უნდა, მათ დამოკიდებულებასა და მოტივაციაზე აისახება.

სფეროში დაგროვილი ცოდნა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ საგანმანათლებლო პოლიტიკის დაგეგმვისას გათვალისწინებული იყოს სტრატეგიები, რომლებიც მასწავლებლებს ინკლუზიური განათლების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებების ფორმირებაში დაეხმარებათ:

  • რაც შეიძლება მეტი აქტუალური ცოდნის მიწოდება მასწავლებლებისთვის სხვადასხვა დარღვევის შესახებ;
  • ტრენინგები და კურსები სწავლების სხვადასხვა სტრატეგიის, ხერხისა და მათი ეფექტური გამოყენების შესახებ;
  • წარმატებული ინკლუზიის პრაქტიკის გაზიარება;
  • მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამებში, შესაძლოა, საჭირო იყოს შეზღუდვის, დარღვევის სიმულაციის სტრატეგიების გამოყენება (Salend, 2005), რაც მათ დაეხმარება, იყვნენ მაქსიმალურად ემპათიურები ამ სიტუაციაში. ამ სტრატეგიის ინტეგრირება, შესაძლოა, საინტერესო იყოს მოქმედი მასწავლებლების ტრენინგებშიც.
  • თანატოლთა სწავლების(Peer-Teaching), როგორც ეფექტური სტრატეგიის დანერგვა;
  • პროფესიული მხარდაჭერა: სპეცმასწავლებლის, ფსიქოლოგის, ოკუპაციური თერაპევტის და სხვა სპეციალისტების მხრიდან დახმარების აღმოჩენა, როგორც უშუალოდ პროცესში, ისე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით…

ათეულობით კვლევა ხაზს უსვამს ინკლუზიური განათლების შესახებ ცოდნისა და უნარების, როგორც ეფექტური ინსტრუმენტის მნიშვნელობას მასწავლებლის ხელში, რაც მას ეხმარება სიმშვიდის მოპოვებაში, რათა იგრძნოს, რომ მას შეუძლია გამოწვევას თავი გაართვას, იყოს თვითეფექტური და ამგვარად მოტივირებული, ბუნებრივია, ავლენს პოზიტიურ დამოკიდებულებას და მზადაა ითანამშრომლოს შესაბამის სპეციალისტებთან, დასვას კითხვები და მიიღოს რეკომენდაციები, მოიძიოს სხვადასხვა სტრატეგია ეფექტური ინკლუზიის განსახორციელებლად, შეცვალოს სწავლების ტაქტიკა და დაგეგმოს აკომოდაციები და ადაპტაციები და თავად იყოს იმ მნიშვნელოვანი სოციალური ცვლილებების აქტიური შემოქმედი, რომლის დანახვაც სურს საზოგადოებაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა

Avramidis,E., Toulia, A., Tsihouridis, C., & Strogilos, V. (2019, August)Teachers’ Attitudes Towards Inclusion and Their Self-Efficacy for Inclusive Practices as Predictors of Willingness to Implement Peer Tutoring. Journal of Research in Special Educational Needs.

Avramidis, E., Norwich, B. (2002) Teachers’ Attitudes Towards Integration/Inclusion: a Review of the Literature..

Avramadis, E., Kalyva, Efrosini. (2007) The Influence of Teaching Experience and Professional Development on Greek Teachers’ Attitudes Towards Inclusion. European Journal of Special Needs Education

Ajzen, I. (1993) Attitude Theory and The Attitude-Behavior Relation. Walter and Gruyter

Bandura, A. (1977) Self-Efficacy: Toward a Unifying Theory of Behavioral Change . Psychological Review

Dias, P.C., Camile, I. (2015, November) Effects of Personal and Professional Factors on Teachers’ Attitudes Towards Inclusion in Perschool. Uuropean Journal of Special Needs Education

Todorovic, J., Stojiljkovic, S., Ristanic, S., Djigic, G., (2011) Attitudes Towards Inclusive Education and Dimentions of Teacher’s Personality. Procedia – Social and Behavioral Sciences

Rizkiah, C., Kurniawati, F., (2018) Relationship Between Personality Treats and Attitude Toward Inclusive Education in Indonesian Preschool Teachers. Advances in Social Science, Education and Humanities Research

Kalyva, a., Gojkovic, D., Tsakiris, V. (2007) Serbian Teachers’ Attitudes Towards Inclusion. Internationa Journal of Special Education

Sari, H., Celikoz, N., Secer, Z. (2009) an Analysis of Pre-School Teachers’ and Student Teachers Attitudes to Inclusion and Their Self-Efficacy. International Journal of Special Education

Reusen, A.k., shoho, A.R., Berker, K.S. (2001) High School Teacher Attitudes Toward Inclusion. University of North Carolina Press.

Jerald, H.R., Amuta, A.J. (2001) Personality Traits of Teachers and Their Attitude Towards Inclusive Education. International Journal of Scientific and Research Publications

Taylor, R. W., Ringlaber, R.P. (2012) Impacting Pre-Service Teachers’ Attitudes Toward Inclusion. Higher Education Studies

Wilkins, T. Nietfeld, J.L. (2004) The Affect of a School-Wide Inclusion Training Programme Upon Teachers’ Attitudes About Inclusion. Journal of Research in Special Educational Needs

Schwarz, N., Bohner, G. (2001) The Construction of Attitudes. Blackwell Handbook of Social Psychology: Intraindividual Processes

Perrin, A.L., Jury, M., Dedombre, C. (2021) Are Teachers’ Personal Velues Related to Their Attitudes Toward Inclusive Education? A Correlational Study. Social Psychology of Education

Shatri, S. (2017) The Impact of Trainings and Experience on Teachers’ Attitudes Towards the Inclusion of Children with Special Educational Needs in the Ordinary and Comprehensive Schools. Academic Journal of Interdisciolinary Studies

You, S., Kim, E.K., S, K. (2019) Teachers’ Belief and Efficacy Toward Inclusive Education in Early Childhood Settings in Korea. Sustainability

Elhoweris, H., Alsheikh, N. (2006) Teachers’ Attitudes Toward Inclusion. International Journal of Special Education

Leyser, Y., Kapperman, G., Keller, R. (1994) Teacher Attitudes Toward Mainstreaming: a Cross-Cultural Study in Six Nation. European Journal of Special Needs Education

Galaterou, J., Antoniou, A.S. (2017) Teachers’ Attitudes Towards Inclusive Education: The Role of Job Stressors and Demographic Parameters. International Journal of Special Education

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...