კვირა, ნოემბერი 9, 2025
9 ნოემბერი, კვირა, 2025

უნივერსალური ენა (ლაიბნიცის ენის ფილოსოფია)

0

ლაიბნიცის სამეცნიერო მემკვიდრეობა ძალიან მრავალფეროვანია: ალგებრული კალკულაცია გინდათ თუ ლოგიკური დასკვნის ფორმები, ნატურალური მაგია თუ კაბალას სიბრძნე; დავამატოთ ამას იურისპრუდენცია, პოლიტიკური თეორია, დიპლომატია, სამთო მომპოვებელი მრეწველობა, პოეზია და მუსიკა, ინჟინერია, გეოლოგია, არქეოლოგია, ისტორია, სინოლოგია და ა.შ. იგი, უბრალოდ, ახალი დროის ინტელექტუალი კი არ იყო, არამედ შეიძლება აღორძინების ეპოქის მოაზროვნედ ჩაითვალოს, რომელმაც სცადა, სიტყვა ეთქვა კულტურის თითქმის ყველა სფეროში. ესაა მისი უნივერსალიზმი და ასე ხედავდა მას მისი მფარველი გერმანული ელიტა.

ვერანაირად ვიტყვით, რომ უნივერსალური ენის აგების პროექტი ლაიბნიცის ორიგინალურობის ნაყოფია. ამ ზოგადადამიანური ენის რეკონსტრუქცია ახალი დროის მრავალი ავტორისთვის იყო მნიშვნელოვანი. ამიტომ ლაიბნიციც თავისი ამ მხრივ გაწეული შრომით ფართო მეცნიერულ თანამაგობრობასა და წრეებში ჩაერთო.

უნივერსალური ენის კონსტრუირების ამოცანა მე-17 საუკუნეში მეტად და მეტად საკვლევი გახდა, ვიდრე ამ კვლევების მეტნაკლებად წარმატებულმა ფუნდამენტმა დასახული მიზნების უტოპიურობა და არაადეკვატურობა არ წარმოაჩინა. ერთადერთი დადებითი შედეგი იყო ენის გაცილებით ღრმა და რთული სტრუქტურების ექსპლიკაცია (პირობითი ნიშნების, სიმბოლოების ასახსნელი ტექსტი), ვიდრე ეს ამ საუკუნის ზედაპირულ განწყობას წარმოედგინა.

რამ გამოიწვია მე-17  საუკუნეში ასეთი დაინტერესება უნივერსალური ენით? მეცნიერების, განსაკუთრებით კი, საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარების თანამდევი იყო ლათინური ენის მაგივრად ნაციონალური სამეცნიერო ენების ინტენსიური გამოყენება. წამოიჭრა მეცნიერთა შორის საერთაშორისო კომინიკაციის პრობლემა, რადგან დეგრადაციის, კვდომის გზაზე დამდგარი ლათინური ვეღარ ასრულებდა სამეცნიერო საზოგადოების ურთიერთკონტაქტისა და შრომებისთვის გამოსაქვეყნებლად ყველა ევროპელი ინტელექტუალისთვის გასაგები ენის ფუნქციას.

უნივერსალური ენის აგებისთვის ევპროპელი სწავლულების ძიებაში გამოიკვეთა სამი ძირითადი მიმართულება;

  • ეს მიმართულება მიზნად ისახავდა ჩაწერის უნივერსალური სისტემის შემოღებას. იდეაში, ეს ქარაქტერებს (წარმოდგენილ ციფრულ აღნიშვნებს) უნდა გამოესახათ –რეალური ობიექტებიც და ადამიანთა აზრებიც ამ ობიექტების შესახებ. ასევე, ქარაქტერებს უნდა შეედგინათ არა ახალი ენობრივი სისტემა, არამედ მხოლოდ ჩაწერის ახალი სახე, რომელიც იქნებოდა უნივერსალური, ანუ მას ყველა ნაციონალურ ენაზე წაიკითხავდნენ. ეს თვალსაზრისი ენობრივ სიმბოლოებს რეალური საგნების ანალოგიით წარმოადგენდა;
  • ეს პროექტი ახალი ენის კონსტრუირების საჭიროებას განიხილავდა; – ეს ენა უნდა გამხდარიყო, რაღაცა, ესპერანტოს მსგავსი, მთელი თანმხლები ატრიბუტიკით. მისი შემუშავებისას უნდა გაეთვალისწინებინათ ევროპული ენების ბუნებრივი სტრუქტურა, რომელიც შეასრულებდა ერთგვარი მოდელის როლს ახალი ენის კონსტრუირების პროცესში;
  • მესამე ვერსია ფილოსოფოსებისა და ლინგვისტების განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდა, ეს ლიტერატურაში „ფილოსოფიური ენის“ სახელითაა ცნობილი. ამ პროეტს ჰქონდა მრავალრიცხოვანი ვარიაციები და გულისხმობდა რეალობის მეცნიერულ გააზრებას, დაფიქსირებას, ობიექტთა კლასიფიკაციასა და რეპრეზენტაციას იკონური (ხატოვანი) ტიპის გამოთქმებში. ეს უკანაკნელნი, თავის მხრივ, რაოდენობრივად შესაბამისნი, თანხვედრილნი იქნებოდნენ ცნებების რაოდენობასთან. გამოთქმებს, ამავე დროს, უნდა გამოეხატა თვისებები და დაეფიქსირებინა ცნება-ობიექტების ადგილი ენობრივ იერარქიაში.

შემუშავებული იყო ამ ტიპის ენის სრულყოფილი მოდელები, ე.წ. ფილოსოფიური გრამატიკის აღწერით.

უნივერსალური ენის ჩინური მოდელი

უნივერსალური ენის აგების შესაძლებლობების ანალიზისას ჩამოყალიბდა რამდენიმე კონკრეტული მოდელი, რომელთა შორისაა ჩინური, ბაზისური ენობრივი მოდელი და მისი ორიენტირი ჩინური დამწერლობა იყო.

ჩინური აზროვნებით ფრენსის ბეკონი იყო დაინტერესებული, მაგრამ არა მარტო იგი, – სხა ევროპელი მოაზროვნეებიც.

ევროპულმა საზოგადოებამ ჩინეთს მას შემდეგ მიაგო ყურადღება, რაც იქ პორტუგალიელებმა ჩააღწიეს, 1560 წელს. 1588 წელს კი გამოიცა ხოსე დე აკოსტას შრომა „ინდიელთა მორალური და ბუნებრივი ისტორია“, რომელშიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად იყო ჩინური ანბანის აღწერა. ამ ნაშრომით ევროპელებმა გაიგეს, რომ ჩინურ ანბანში ასოები კი არა, იეროგლიფი/სიმბოლოებია, როგორებსაც, ვთქვათ, ასტრონომები იყენებენ სხვადასხვა პლანეტის აღსანიშნად. ეს სიმბოლოები, ევროპელთა აზრით, პირდაპირ ობიექტებს, ცალკეულ საგნებს აღნიშნავდნენ. როგორც, მაგალითად, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ევროპელები ერთნაირად აღიქვამდნენ არაბულ ციფრებს, ასევე სხვადასხვა დიალექტზე მოლაპარაკე ჩინელები თავ-თავიანთ დიალექტზე კითხულბდნენ ჩინურ დამწერლობას. იმავე დამწერლობის შესატყვისი ფორმით ჩინეთში საუბრობდა მხოლოდ მანდარინების ვიწრო წრე, მსგავსად იმისა, როგორც ბერძნულსა და ლათინურს იყენებდნენ ევროპის ინტელექტუალთა ვიწრო წრეებში.

ჩინური დამწერლობის შესახებ მნიშვნელოვანი წერილის ავტორი იყო იტალიელი წარმოშობის იეზუიტი, 1615 წელს ჩინეთში იეზუიტების ორდენის დამაარსებელი, მატეო რიჩი. ხოლო მისი ტრაქტატის ზეგავლენით მეორე იეზუიტი, ჰოლანდიელი სწავლული, ჰერმანუს ჰუგო უფრო უფრო საქმიანად შეუდგა უნივერსალური ენის პროეტზე მუშაობას და ევროპაში ჩაწერის ახალი სისტემის შემოტანას. თუმცა ამ უკანასკნელის არგუმენტაცია დიდი ორიგინალურობით არ გამოირჩეოდა; ჰუგოს აზრით, რამდენადაც საგნები (სიტყვაზე, მაგიდა, სკამი და ა.შ.) ყველა ადამიანისთვის ერთგვარია, შესაბამისად კი, ისინი ერთნაირი კონცეპტებით გამოიხატება, საჭირო იყო მხოლოდ უნიფიცირებული (გაერთიანებული, საერთო ნორმებზე გადაყვანილი) ჩაწერის სისტემის შემოტანა, რომელიც არა მარტო კომუნიკაციისთვის იქნებოდა ხელსაყრელი, არამედ მეცნიერული კვლევების შედეგების დასაფიქსირებლადაც. თუმცა არც ჰერმანუს ჰუგო და არც მისი აქტიური მხარდამჭერი, კიდევ ერთი ჰოლანდიელი სწავლული, გერარდუს იოანეს ვოსიუსი, არ მიიჩნევდნენ ახალი დამწერლობის შემოტანისას გადაულახავ წინააღმდეგობად იმ უხერხულობას, ჩინურ დამწერლობას თან რომ  ახლდა: სიმბოლოების უზომოდ დიდ რაოდენობა, რომლებიც არანაკლები სირთულისაა სასწავლად, ვიდრე რომელიმე უცხო ენა.

აქვე უნდა მოვიყვანოთ ათანასიუს კირხერის ნაშრომი „Cina monumentis“, რომელშიც გარდა ჩინური კულტურისა და ისტორიის საკითხებისა, წარმოდგენილი იყო ჩინური ენისა და დამწერლობის ბევრად ობიექტური სურათი. კირხერი მიუთითებდა, რომ თავის დროზე ჩინური ქარაქტერები, მართლაც, რეალური ობიექტების რეპრეზენტაციისთვის იყო განსაზღვრული და შეიცავდა პოტენციალს კომპლექსური სიმბოლიკის ასაგებად. მაგრამ როგორც კირხერი აღნიშნავდა ასევე, ჩინური დამწერლობის ეს თვისება დრომ შეცვალა და ობიექტებთან უშუალო კავშირი თანამედროვე ჩინური ქარაქტერების მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობასღა შემორჩა.

კირხერის ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ კიდევ გაგრძელდა უნივერსალური ენის ჩინურ მოდელზე მუშაობა, მაგრამ ევროპელები ჩინური ჩაწერის სისტემას უკვე კრიტიკულად აფასებდნენ, ადრინდელთან შედარებით. გარდა იმ სიძნელისა, რომ საჭირო იყო 6 000 სიმბოლოს დამახსოვრება, მთავარი ფაქტორი, რომელმაც ჩინური პროექტის განუხორციელებლობა აჩვენა, იყო ის, რომ მითიური აღმოჩნდა ჩინური ქარაქტერების ობიექტებთან პირდაპირი კავშირის ვერსიაც. ასე რომ, ჩინურმა ჩაწერის სისტემამ დაკარგა ძირითადი უპირატესობა, რომელიც მას ჰქონდა ლათინურთან მიმართებით.

უნივერსალური ენის მოდელი

ბოლოს კი, განვიხილოთ მოდელი, რომლის რეალიზაციისთვის ლაიბნიცი ძალიან ატიურობდა. იგი უნივერსალური ენის აგების („lingua universalis“; „lingua rationalis“; „lingua philosophica“) ორ გზას გამოყოფდა:  ა) როცა რომელიმე არსებული ენის გამარტივებით კვლევა უნდა მისულიყო იდეალურ ენამდე; 2) ლაიბნიცს თავად უნდა აეგო ახალი ხელოვნური ენა, რასაც ის კომბინატორიკის (მათემატიკის ერთ-ერთი ნაწილია) მეშვეობით ვარაუდობდა. ლაიბნიცი გულისხმობდა, რომ უნივერსალური ენა ენციკლოპედიური ინფორმაციის მატარებელი უნდა ყოფილიყო.

ლაიბნიცს ამ მხრივ დიდი შრომა აქვს გაწეული, მაგრამ ძნელი იქნება დასახელდეს ერთი რომელიმე ნაშრომი, რომელშიც შეჯამებული და თავმოყრილი იქნებოდა გაერთიანებული მასალა. ამიტომ ეს გახდა წინაპირობა იმისა, რომ სხვადასხვა გემოვნების მკვლევრები  სრულიად განსხვავებულ ინტერპრეტაციას აძლევდნენ  ლაიბნიცის ნაღავწს და ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ ლაიბნიცი ხან თანამდეროვე მათემატიკური ლოგიკის წინამორბედთა სიაშია, ხანაც სემიოტიკის (ტერმინებისა და სიმბოლოების თეორია-შესწავლა) კლასიკოსებისა. თუმცა ერთი რამ კი ფაქტია: მისი მემკვიდრეობა უფრო ე.წ. „ნედლი“ მასალაა მრავალფეროვანი ინტერპრეტაციებისთვის.

არსებობს ტრადიცია, რომელიც ორი ტიპის გრამატიკას განასხვავებს: ბუნებრივი, ნაციონალური ენების გრამატიკა და ე.წ. ფილოსოფიური გრამატიკა, რომელიც ყველა ბუნებრივი ენის გრამატიკის საფუძვლად მოიაზრებოდა.

ფილოსოფიური გრამატიკის სპეციფიკაზე, პრობლემატიკაზე მსჯელობდნენ როგორც რენესანსის პერიოდში, ასევე ახალ დროშიც (ბეკონი, კამპანელა, ლობკოვიცი). ამ ავტორთა უმრავლესობა იზიარებდა მოსაზრებას, რომ მსოფლიოს ყველა ენა შეიცავს განსხვავებულ იდიომებს (იდეის გამომხატველ ფიგურულ გამოთქმებს), თუმცა, ამავე დროს, ერთსა და იმავე სიღრმისეულ და არა სხვადასხვა გრამატიკას…

უნივერსალური ენის საკითხის სრულყოფილი გამოკვლევები ეკუთვნით ინგლისელებს (დალგარნოსა და უილკინსს). თუმცა ამ და ასევე მე-18 საუკუნის სხვა შრომების პრაქტიკული მნიშვნელობა, თუკი ორიენტირად ზოგადადამიანური ენისთვის გრამატიკული საფუძვლის შექმნის ამოცანას დავსახავთ, ნულოვანი, უშედეგო აღმოჩნდა და ერთენოვანი განათლებული ევროპაც ჩაბარდა ისტორიას.

 

 წყარო –  რიდერი სტუდენტებისთვის

 

 

 

 

 

 

 

 

 

სიკვდილი გოდერძი ჩოხელის რომანში „წითელი მგელი“

0

გოდერძი ჩოხელის პროზაში სიკვდილი ერთ-ერთი მთავარი მეტაფორაა. კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე მიიჩნევს, რომ  სიკვდილის შესახებ ყველაზე მეტს და ყველაზე თამამად ქართულ ლიტერატურაში გოდერძი ჩოხელი წერს: „გოდერძი ჩოხელის დამოკიდებულება სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემასთან წააგავს ვაჟა-ფშაველას დამოკიდებულებას: „ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა“  (ბრეგაძე 2012, 282).

სიკვდილისადმი მწერლის დამოკიდებულება განსაზღვრა გუდამაყრის სოფლების რეალობამ. მაგალითად, გოდერძი ჩოხელის ბებიას რვა ჩვილი გარდასცვლია. ამგვარ მოცემულობაში ცხოვრებამ სიკვდილის მიმღებლობა განაპირობა. სიკვდილის გასულიერება ასახულია ქართულ ზეპირსიტყვიერებაშიც, თითქოს ამ გზით სიკვდილის მოშინაურებას ცდილობენ:

„ხალხურ ლექსებში სიკვდილი ხშირად პერსონიფიცირებულადაა წარმოდგენილი. მისი არსი  ქართველ გლეხკაცს ფილოსოფიურად აქვს მოაზრებული“ (ალიბეგაშვილი 1992, 173).

რომანში „წითელი მგელი“ სიკვდილი პირველივე გვერდებიდან ჩნდება – სტუდქალაქის საცხოვრებელ კორპუსში დაბინავებული ლუკას თვალწინ კვდება სამხედროს მასწავლებელი. საავადმყოფოში ლუკა კვლავ შეესწრება ორი ადამიანის სიკვდილს. ეს პირქუში განწყობა რომანს თავიდან ბოლომდე გასდევს.

მართალია, რომანში  პერსონაჟები ხშირად იხოცებიან, მაგრამ სხვადასხვანაირია სიკვდილის განცდა. მაგალითად, განსაკუთრებული სიმძაფრით ჩნდება სიკვდილი თევდორეს მონათხრობში, როდესაც იგი მგლების მიერ დახოცილ ადამიანებსა თუ ცხოველებზე ჰყვება. სიკვდილი ამ დროს დაუნდობელია. ის არ არჩევს შეყვარებულ გოგოს, ყინულში ჩარჩენილი გარდაცვლილი შვილის ნაფეხურებს დაკონებულ დედას, ჯარჯის დას, რომელსაც, მოხუცი მამამთილის ნებით სალოცავში მიმავალს, დაესხმებიან თავს მშიერი მგლები, წისქვილში მყოფ პატარძალივით მორთულ დედაბერს… სიკვდილი მარცხდება მამაცი გარსიას ლანდად ქცევით და თანდილას აყვავებით.

რომანში გვხვდება ქართული ხალხური ზღაპრების მოტივებიც. მაგალითად, იმქვეყნად მოგზაურობისას მოხუც ანუელს ეტყვიან სამ სიტყვას, რომელთა დავიწყებაც სიკვდილს იწვევს. მამაც ჯარჯის კუდიანი ქალი დორაისხეველებისგან დაიხსნის და გააფრთხილებს, როგორც კი დორაისხევში ნანახს ვინმეს გაუმხელ, მოკვდებიო. დაუტეველი დარდის დედისთვის გამხელას, საიდუმლოს განდობას ჯარჯის სიკვდილი მოჰყვება.

საინტერესოა გოდერძი ჩოხელის მოგონება, რომელშიც ასახულია სიკვდილისადმი მისი დამოკიდებულება. მწერალი იხსენებს სოფელ დუმაცხოს თოვლში ჩაფლულ სასაფლაოებს:

„ერთ-ერთ ფოლკლორულ ექსპედიციას სოფელ დუმაცხოში გავყევი. გაზაფხული იდგა, თოვლი ალაგ-ალაგ იყო ჩამდნარი. დუმაცხოს საფლავებზე გავიარეთ. საოცრება ვნახე: თოვლი დნებოდა. საფლავის ქვის ნახატებზე ზოგს თავი ჰქონდა თოვლში ამოშვერილი, ზოგისა მხოლოდ გუთანი ჩანდა… მთელი ეს სასაფლაო ფიროსმანის დიდ ტილოს მოგაგონებდათ. მაშინ გამიჩნდა სურვილი, ეს ყველაფერი ეკრანზე გადამეტანა, შემექმნა მხატვრული ფილმი და სხვებსაც დაენახათ ეს სილამაზე. საფლავებს რომ ვიღებდი, ეპიტაფიებს წავაწყდი. „სხვამ რომ გველი შეგიწვას, შენ კალმახი შეუწვიო“, – მიცვალებულის პირით საუბრობდა ქვა. დამებადა აზრი, რომ ფილმში მიცვალებული ამელაპარაკებინა – სიკეთეზე, სიყვარულზე, სიკვდილ-სიცოცხლეზე. სახარებისეული სიბრძნის, სიკეთისა და სიყვარულის ქადაგება მომინდა მიცვალებულების პირით. ისინი თავისებურად საუბრობენ მცნებებზე, თუ როგორ უნდა იცხოვროს კაცმა ამ ქვეყანაზე“ (ჩოხელი 2012, 106).

დუმაცხოს სასაფლაოების ნახვისას გაჩენილ იდეას გოდერძი ჩოხელი ხორცს შეასხამს ფილმში აღდგომა“, მერე კი სიკვდილს კიდევ უფრო გამორჩეულ მხატვრულ სახედ აქცევს რომანში „ადამიანთა სევდა“: ხატში შეკრებილ სოფელს ცოცხალი ადამიანის სახით ევლინება სიკვდილი, რომელსაც შემდეგ მოკლავენ და დაიტირებენ.

გაცოცხლებული სიკვდილის მხატვრული სახე გვხვდება გაბრიელ გარსია მარკესის რომანში „პატრიარქის შემოდგომა“, რომლის ბოლო ეპიზოდში პატრიარქს – იმავე გენერალს/პრეზიდენტს – სიკვდლის წინ გაცოცხლებული სიკვდილი ეწვევა:

„ვინ არის, იკითხა შემკრთალმა, რადგან ძილში აშკარად ჩაესმა, ვიღაც ეძახდა სახელით, რომელიც მისი არ იყო. ნიკანორ, მეორედაც, ნიკანორ. ამ ვიღაცას, ეტყობა, შეუძლია, მის ოთახში ისე შევიდეს და გამოვიდეს, საკეტებს ხელი არ ახლოს, პირდაპირ კედლიდან. ბერიკაცმა სიკვდილი დაინახა. ეს თქვენი სიკვდილი იყო, ჩემო გენერალო, მონანიე ცოდვილი კაცის მოსასხამში გახვეული და თავმოკაუჭებული კომბლით ხელში. თავის ქალაზე საფლავის ბალახი შემოვლებოდა, ძვლებს შორის მიწისქვეშა ყვავილებს ამოეყოთ თავი, უძველესი თვალების ფოსოებში გაოცება ჩაჰბუდებოდა, ცხვირის ადგილას ორი პატარა ხვრელი ჩანდა შავად. როცა გენერალმა თავის წინ მთელი ტანით აღმართული სიკვდილი იხილა, მაშინღა მიხვდა, რატომ ეძახდა – ნიკანორ, ნიკანორო (მთარგმნელის შენიშვნა: გამარჯვების მხილველი). ამ სახელით ხომ სიკვდილი იმას უხმობს, ვისი სულის წარტაცებაც აქვს ჩაფიქრებული. მაგრამ ბებერი გენერალი არ გატყდა, ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა, სიკვდილო, მე ძილში მოვკვდები ჩემს ჩამრუმებულ კაბინეტში. ოდესღაც, უხსოვარ დროში, ასე მიწინასწარმეტყველა ერთმა უსინათლო მკითხავმა ქალმა, რომელმაც პირველქმნილ წყალში დაინახა ჩემი სიკვდილი. არა, გენერალო, უპასუხა სიკვდილმა, თქვენ ახლა მოკვდებით, სწორედ აქ მოკვდებით ფეხშიშველი. აი, ასე, ბოგანოსავით ჩაცმული, თუმცა ვინც თქვენს გვამს პირველი იპოვის, ის უსათუოდ ეცდება, ყველა დაარწმუნოს, რომ სწორედ კაბინეტში გიპოვათ მკვდარი“.  (მარკესი 2021, 338).

„პატრიარქის შემოდგომა“ სიკვდილის მოლოდინით არის გაჯერებული. გენერალს, რომლის მითოსურ, ზღაპრულ სახეში დიქტატურის ზოგადი სახე აღწერა მარკესმა, მხოლოდ მოულოდნელი სიკვდილის ეშინია და იმ სისასტიკის ფონზე, რომელსაც სჩადის, უეცარი სიკვდილის შიში მის ძალაუფლებას საყრდენს აცლის. საგულისხმოა ჩვენ მიერ აღწერილი გადაკვეთა გოდერძი ჩოხელისა და გაბრიელ გარსია მარკესის რომანებში სიკვდილის მეტაფორის გააზრებისას. ამ ჭრილში ასევე საინტერესოა მექსიკელი მწერლის ხუან რულფოს რომან „პედრო პარამოსა“ და გოდერძი ჩოხელის „წითელ მგელს“ შორის პარალელების გავლება. ამ ორი მწერლის მხატვრული სამყაროებისთვის სიკვდილის მეტაფორა ნიშანდობლივია. რომანში „პედრო პარამო“ მიცვალებულები საფლავებიდან ერთმანეთს ცოცხლებივით ესაუბრებიან, ისინი კვლავ დარდობენ, მარტოობას განიცდიან, სხვებს უსმენენ, მსჯელობენ. „წითელ მგელშიც“ სიკვდილის მეტაფორის გამოყენებით დარღვეულია დრო და სივრცე – პერსონაჟები საიქიოში მოგზაურობენ და ისევ ამქვეყნად ბრუნდებიან. გარისას ლანდი თიბავს, არჩევნებში მონაწილეობს, ლუკას ალყის გარღვევაში ეხმარება.

ამგვარად, სიკვდილის მეტაფორა გოდერძი ჩოხელის რომანში შეგვიძლია მივიჩნიოთ მაგიური რეალიზმის იმგვარ გამომსახველობით ფორმად, როგორადაც მას იყენებენ გაბრიელ გარსია მარკესი და ხუან რულფო, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გოდერძი ჩოხელთან სიკვდილი  გამორჩეული ესთეტიზმით ვლინდება. სიკვდილის მეტაფორა მწერლის სუბიექტური პოზიციით არის განპირობებული.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. გაბრიელ გარსია მარკესი, პატრიარქის შემოდგომა. რედ. ნატო გორდელაძე. თბილისი, ინტელექტი, 2021
  2. გოდერძი ჩოხელი, წითელი მგელი. რედ. რუსუდან მოსიძე. თბილისი, ბაკმი, 2007
  3. გოდერძი ჩოხელი, პროზა, პოეზია, წერილები. რედ. ელენე სარალიძე. თბილისი, პალიტრა L, 2022
  4. ლევან ბრეგაძე, სამი ეტიუდი გოდერძი ჩოხელზე. გოდერძი ჩოხელი, თხზულებანი 5 ტომად, 2012

ვისაც სამშობლომ არაფერი მისცა

0

(ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონის“ პერსონაჟ კვირია მათურელის სახის დეკოდირებისთვის)

 ჩვენი ბობოქარი XXI საუკუნე გასულ საუკუნეებს შორის უდავოდ ყველაზე მეტად არის ორიენტირებული ადამიანის ბედნიერებისკენ. პიროვნული კეთილდღეობა ასე გაფეტიშებული მანამდე არასდროს ყოფილა. ცივილიზაციის არნახულმა განვითარებამ პიროვნების ინდივიდუალიზმის, უნიკალურობისა და განუმეორებლობის დაცვისა და პატივისცემის იდეალები მოიტანა, რაც, თავისთავად, დიდ კომფორტს გვიქმნის თანამედროვე ადამიანებს, მაგრამ, ვფიქრობ, ყოველთვის უნდა მოვიხედოთ უკან და დავინახოთ, როგორ მოდიოდა კაცობრიობა ამ იდეალებისკენ, რამდენი ადამიანური ტანჯვა, ტკივილი და ბრძოლები გამოიარეს თაობებმა, რომ დღეს ადამიანს თავი დაცულად და კომფორტულად ეგრძნო.

ისტორიაზე მეტად ადამიანის სულის ხვეულებზე ლიტერატურა გვესაუბრება. ვაჟა-ფშაველა არა მხოლოდ ბუნების მესაიდუმლე და მგოსანი, არამედ ჰუმანისტური იდეალების მსოფლიო მასშტაბის მაესტროა. მისი პოემების პერსონაჟთა გალერეა მდიდარია დაუვიწყარი სახეებით, რომლებიც უკვდავ არქეტიპებად იქცნენ და მათ ჩვენ ყოველთვის მღელვარებითა და სიამაყით ვიხსენებთ.

ჩვენი ვირტუალური გაკვეთილის თემაა კვირია მათურელის სახე ვაჟას ისტორიული პოემა „ბახტრიონიდან“, რომელიც 1659 წლის კახეთის აჯანყებას მიეძღვნა.

დავიწყოთ პერსონაჟის სახელზე ფიქრით. „კვირია ქართული მითოსური ღვთაებაა. ქართველი მთიელების წარმოდგენით ის ხვთისშვილთა წინამძღოლია, შუამავალია ღმერთსა და ადამიანებს შორის და სამართლის შემოქმედია. მისი ეპითეტებია „კარავიანი“ და „ხმელთმოურავი“. ამ ღვთაებას დღესასწაულებს უწყობდნენ: კვირიცხოვლობა, ხალარჯობა ღამისთევით, მსხვერპლის შეწირვით და საკულტო ნადიმებით. დღესასწაულების დროს მწვანე ტოტებით ქოხებს აშენებდნენ. დასავლეთ საქართველოს მთიელებში კვირია ბუნების ნაყოფიერების მამაკაცური ღვთაებაა. მას ეძღვნებოდა ადრეული საგაზაფხულო დღესასწაულები, რომლებიც რვა ცალკეულ რიტუალს შეიცავდა. დღესასწაულთა დროს აშენებდნენ თოვლის კოშკს, აწყობდნენ მეზობელ სოფლებს შორის შეჯიბრებებს, მღეროდნენ ჰიმნებს, თამაშდებოდა სცენები, რომლებშიც თვალნათლივ ჩანდა ღვთაების ფალოსური ბუნება. დასავლეთ საქართველოს მთიელთა ცალკეულ სიმღერებში კვირია აგრეთვე უზენაეს ღვთაებად გვევლინება, რომელიც ზეცასა და ზეციურ წყალს განაგებს. კვირიას ჰიმნს გვალვის დროს მღეროდნენ, რომ წვიმა მოსულიყო” (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი მე-5; ზურაბ კიკნაძე, ქართული მითოლოგია, თბილისი, გამომცემლობა „ბაკმი“, 2007).

ასევე კვირიას სახელთან შეიძლება დავაკავშიროთ ქართული ეთნოგრაფიის ნიმუში, კვერი, პატარა ჩაქუჩი, რომელიც ხელოსნობაში გამოიყენებოდა. მას ბევრნაირი ფუნქცია ჰქონდა. უძველეს წერილობით ძეგლებში კვერი ნიშნავს “საგვემელ იარაღს”, რომლითაც “კვერვა” ანუ “სანგვა” ხდებოდა. გამოკვერვა ნიშნავს რისამე გამოყვანას, შექმნას, გამოჭედვას. ასევე მრგვალტარიან დაკბილულ კვერს იყენებდნენ ხუროთმოძღვრებაში ქვის ზედაპირის დასაკბილავად, გათეგვისთვის. ვაჟა პოემა “სტუმარ-მასპინძლის” ფინალურ სცენაში იყენებს ამ სიტყვას, როცა ქისტები ზვავისგან ნაგალ გორაში ჯოყოლას, აღაზასა და ზვიადაურს ხედავენ ხოლმე, იქვე ჩნდება “ჯანღი რამ, კურუმად შავის ფერითა, რომელიც “დაეფარება სანახავს წერა-მწერელის წერითა, ზედ აწევს ჯადოსავითა, არ დაიმტვრევა კვერითა”… ამ სიტყვასთან და ამ სიტყვით გამოხატულ იარაღთანაც შეიძლება დავაკავშიროთ კვირია მათურელის სახე სიმბოლურ-ალეგორიულად. ის მტრისთვის ნამდვილი კვერია, ურო, ჩაქუჩი, რომელიც გველეშაპს თავს გაუჭეჭყავს და ასევე არის დაკბილული კვერი, რომელიც ქვაზე აქანდაკებს ახალ საქართველოს, მტრისგან თავისუფალს, მკვდრეთით აღმდგარს.

სიმბოლურია, რომ პოემა “ბახტრიონის” სიუჟეტი იწყება ფშავის სოფელ ხოშარაში უკაცრიელი ხატობის სცენით. როგორც სანათა ამბობს, ხოშარელებს სპარსელები დასხმიან თავს და მთელი სოფლის კაცები გაუწყვეტიათ, რის გამოც წმინდა გიორგის ხატს ქალი ემსახურებოდა, რაც აკრძალული იყო.  შვიდი ვაჟისა და ქმრის დამკარგავ სანათას კვირიას გამოჩენა ეამა და მას ასე მიესალმა: “მოხვედი, შვილო, მშვიდობით, შვილო, წყალობა ხატისა! აღარ  მეგონა, თუ მამრი კიდევ მიწაზე დადისა”. კვირია ზეცით მოვლენილს გავდა სანათასთვის. ის წარმოშობით სოფელ მათურიდანაა, გივი მათურელის შვილია, უსახლკარო ფშაველი ოცი წლის წინ იძულებული გამხდარა, რომ მშობლიური ფშავი დაეტოვებინა და მწყემსად თუშეთს წასულიყო. კვირიას პორტრეტი სულისშემძვრელია. მკითხველს თვალწინ წარმოუდგება ალალ-მართალი, გულწრფელი, მამაცი, დაუზარელი, სამშობლოს მხსნელი მესია-გმირი. კვირია ასე ეცნობა სანათას:

“დედაო, დედა-შვილობამ, მეც ბევრი ვნახე ჭირია.

ოც წელს სრულ სხვის შვილადა ვარ, სამშობლო გამიწირია,

მათურელი ვარ ძირადა, სახელად მქვიან კვირია,

ჩემფერა უკეთურები ყუნჭებიც ბევრი ჰხირია.

ფშავს უბინადროდ რჩენილი წაველ საძებრად ბედისა, –

ვაჰ, მოგონება ჩემის დღის დამსხმელი არი რეტისა!

მზიდველი არი ეს ქედი ტანჯვისა მეტის-მეტისა.

ჩემი ამბავი შორს წავა, მოკლედ რო მოვსჭრა სჯობია:

ვინ არ გეტყოდა ჩემს ამბავს, ვინაც კი ჩემი მცნობია,

ობლობის, ბეჩაობისა დღესაც ზედ მაძე ობია…

ოცი წელია მწყემსად ვარ თუშეთს, უცხოსა მხარესა

და ფშავის ხევის სტუმარსა მარტო ვხედავდი მთვარესა.

საბაროდ გადმამავალთა ამბავს ვკითხავდი წეროთა, –

რა წერილობას გაგვიწევს, თოვლზე ამბავი ვწეროთა?

ოც წელს მიწა მაქვ ლოგინად, ცა მახურია საბნადა;

ავდარში შავი ნისლები ტანზე მეხვევა ნაბდადა”.

ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, კვირია მეოცნებე და ესთეტია. სხვას ვის შეუძლია, ასე პოეტურად აღიქვას სამყარო? გამორჩეულ პერსონაჟებში მკითხველი ყოველთვის ხედავს ავტორთან სულიერ ნათესაობას. ვაჟას თავისი რჩეული გმირებიდან ბევრი ენათესავება, მაგრამ მაგრამ, ვფიქრობ, კვირია მათ შორის უპირველესია.

ვაჟას შემოქმედებაში მრავლად გვხვდებიან ღირსებისა და ამაღლებული იდეალების სიმბოლოდ ქცეული პერსონაჟები, მაშ, რა აქვს კვირია მათურელს ისეთი, რაც მას გამოარჩევს ყველასგან? კვირია მათურელი ის კაცია, რომელსაც სამშობლომ არაფერი მისცა, სრულიად არაფერი, დატოვა საყვარელი კუთხის, საყვარელი ხალხის, ოჯახის, სახლის, ბედნიერი ცხოვრების შესაძლებლობის გარეშე. ამ კაცს ერთი დღეც არ გაუხარია. უცხოობაში მხოლოდ ღარიბული ლუკმა-პურისთვის შრომობდა, თბილი ლოგინი, მშვიდი გარემო და მზრუნველი ხელი არ ღირსებია, მაგრამ მისი სული კი არ გაუხეშებულა, გაბოროტებულა და დაბოღმილა, პირიქით, ამდენ ტკივილსა და ტანჯვას აბრეშუმივით გაუფაქიზებია მისი სულიერება, მსოფლაღქმა, ნაცვლად იმისა, რომ უყველაფროდ დარჩენილი ლუზერად, ხელმოცარულ მონსტრად ქცეულიყო, მისი სიყვარული ხალხისა და სამშობლოსადმი უცნაურად, გაუგებრადაც კი, გაღრმავებულა, გაფართოებულა და უკიდეგანო ფრთები შეუსხამს. კვირიას სიცოცხლის გარდა, სხვა არაფერი აბადია, სრულიად არაფერი, დაკონკილ-ჩამოძონძილი დადის, ხეირიანი იარაღიც არ აქვს. როცა სანათას ემშვიდობება, ვაჟა იტყვის: “ქვით გაისმა ლოდებზე მგზავრის ხმლის ბუნის ჩხარაო”… ეს ფრაზა მიგვანიშნებს, რომ კვირიას იაფფასიანი იარაღი აქვს, მიწაზე დასთრევს ხმლის ბუნი. როგორც ეთნოგრაფები ამბობენ, ხმლის ბუნიკი მზადდებოდა რკინის, თითბრის, ვერცხლისა ან ზოგჯერ ოქროსგანაც. მეტალის ფასი და ხარისხი მფლობელის მატერიალურ შეძლებასთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, ალუდა ქეთელაური ხატობაზე “თითბრით ნაზიკი” ხმლით ცხადდება, რაც მოწმობს, რომ ალუდა არ არის მდიდარი კაცი. მდიდრებს, მაგალითად, ბლოელ შარაგზის ყაჩაღს, აფშინა მინდოდაურს ვერცხლით მორთული ცხენი ჰყავს და მისი იარაღიც ვერცხლით ნაზიკია, გმირი გოგოთური კი იაფფასიანი იარაღით დაიარება.

ვაჟა თავის უნიკალურ წერილში “გმირის იდეალი ფშაურ პოეზიის გამოხატულებით” გვიხატავს გმირის პორტრეტს და იქაც ხაზგასმით ამბობს: “გმირისთვის გარეგანი სამკაული, ფშავლის აზრით, ფუჭია, საქმე შინაგანი ღირსებაა. გმირი ამიტომ იარაღის საზიკებს – ოქრო-ვერცხლს არ მიჰხედავს ტანზე სატარებლად”.

საოცარია კვირიას თავგანწირვა და დაუზარელობა. ზეზვა გაფრინდაულმა თუშეთიდან ის გამოგზავნა მზირად, ფშაველ-ხევსურთა შემკრებად, რადგან, როგორც ჩანს, იცოდა კვირიას საქვეყნო გულისცემის ამბავი. დიახ, მხოლოდ სიცოცხლე აბადია კვირიას და იმასაც დაუნანებლად წირავს თავის სამშობლოს, თავისი ხალხის კეთილდღეობას. მას ხომ არაფერი ახარებს? არც არაფერს ელის ცხოვრებისგან. მისმა ახალგაზრდობამ ჩაიარა ტანჯვასა და სიღატაკეში. ის კი წამს არ კარგავს, დაპყრობილ კახეთზე დარდი არ ასვენებს, პირადი ღირსების საკითხად მიაჩნია ოკუპირებული კახეთის ხსნა. ხატობაზე სანათას მოთქმას თრთოლვით ისმენს. როცა სანათა ღამე დასვენებას სთავაზობს, კვირია უარზეა, დაქანცულია, მაგრამ მუხლჩაუხრელად აგრძელებს ფშავიდან ხევსურეთში მაცნედ სვლას.

კვირია თავმდაბალი კაცია. მან თავისი პირველი მისია აასრულა, ფშავ-ხევსურეთი შემოიარა და შეკრიბა მეომრები. ახლა კი, როცა ლუხუმის, ხოშარეულისა და გივი სუმელჯის დარი გმირები უდგანან სათავეში ჯარს, ის ჩუმადაა, თავჩახრილი ზის. სიზმარიც ისეთი წინასწარმეტყველური ნახა, სამშობლოსა და პირადი ბედისწერაც განჭვრიტა. იწინასწარმეტყველა, რომ გველეშაპს დასცემდა და ქვეყანას გაათავისუფლებდა, ხოლო თავად სულეთს შევიდოდა ამაყად, როგორც ლექს “კაი ყმაში” იტყვის ვაჟა კვირიას მსგავს სხვა გმირზე: “სულეთს შავიდეს ხმლიანი ლაღი, ლაღისა ცხენითა, წინ მიუძღოდეს არწივი ხმით მოყაშყაშე, ფრენითა, ქება უყივლონ გმირებმა, გარდასულებმა ჩვენითა”…

კვირიას სიზმარში სულეთში ჩასულ გმირს არა არწივი, ქედანი ხვდება… ის ჭადრის ხეზე ზის და დაჰღუღუნებს კვირიას. ქედანი, იგივე  Columba palumbus, მტრედისებრთა ოჯახის ფრინველია. მითოსიდან წამოსული ქედნის სახე  ღვთიური ენერგიის, სულიწმინდის სიმბოლოდ ითვლება. კვირიამ თავადაც იცოდა, რომ ბახტრიონის ომი სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა, ეს თავისმა სიზმარმაც უწინასწარმეტყველა და იმ მეორე მისიამაც, რომელიც ფშავ-ხევსურეთის მოვლის შემდეგ საკუთარ თავს დააკისრა – ლელა ბაჩლელთან ერთად დესანტად შეპარვა ბახტრიონის ციხეში, რათა თავისი ხალხისთვის მტრის წიაღში შესასვლელი კარი შეეღო. კარის შეღება გადამწყვეტია საშიში მტრის დასამარცხებლად. “ვეფხისტყაოსანშიც” ქაჯეთის ციხის აღების ჟამს მთავარი ციხის კარის შეღება იყო. კვირიამ, რასაკვირველია, კარგად იცოდა, რომ ციხეში შეპარვითა და მოძმეთათვის კარის გაღებით საკუთარ სიცოცხლეს სამსხვერპლოზე დებდა, მაგრამ წამითაც არ დანანებია, არც დაუჩივლია, არც დაფიქრებულა, არც შეჩერებულა. გენიალური გეგმა მოიფიქრა და ხორციც შეასხა.

როცა კვირია ლელასთან ერთად გაიპარა ჯარიდან, მასში ეჭვი შეიტანეს, ხოშარაული ცხარობდა, ვინ იცის, ნათრევი და ღარიბი კაცია, მტერთან არ გაგვყიდოსო: “იფიქრეთ, ფშაველ-ხევსურნო, ეგრე არ გარგებთ ტარება, მზირმა მზირობა არ გვიყოს, თავს არ მოგვხვიოს წვალება, ვინ იცის, ნათრევ კაცია, არ იყოს ღალატიანი, დუშმანი არ გაგვიფრთხილოს, საქმე ქნას ნახლართიანი”. ხოშარეულისა და სუმელჯის ეჭვები ლუხუმმა გააქარწყლა. ლუხუმი განსაკუთრებული ლიდერია, დიდი ფსიქოლოგი, კარგად სცნობს ადამიანებს, არ ეშლება კაი კაცისა და ავკაცის გარჩევა.  “კაცს მაგის მეტად ვერ იცნობთ, მაგის მეტ არ გაქვთ შნოება?” – შეუძახა მან ფშავლებს და ყველა დამშვიდდა.

ასე უშურველად სიცოცხლის სამშობლოს სამსხვერპლოზე მიტანა მხოლოდ რჩეულ კაი ყმას შეუძლია. ბახტრიონის ომიდან მომავალი გამარჯვებული ფშავლები სწორად აფასებენ კვირიას როლს. “ჩვენთვის სისხლდათხეულები”, – ასე იხსენიებენ ისინი კვირიასა და ლელას. მათ თავგანწირვას ასე ხსნიან: “მძიმეა თავის ქვეყანა, თავის წყალ-ჭალა ძლიერა! მიწაც ტკბილია მშობლური, გულს რომ ეყრება ფხვიერა”.

ასეთი პატრიოტიზმი მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ. დღეს ხშირად გვესმის ადამიანთა ჩივილი: რა მომცა ჩემმა ქვეყანამ? წავალ და იქ ვიცხოვრებ, სადაც თავს კარგად ვიგრძნობ! ასე მოაზროვნე ადამიანებს არ აქვთ გააზრებული, რომ ეს ქვეყანა ჩვენი ყველას ასაშენებელია. თუკი ყველამ იმაზე ვიფიქრეთ, თუ რას მომცემს სამშობლო და არ გვექნება ილიას “მგზავრის წერილების” გმირის ფიქრები (“შევძლებ კი, რომ მას (სამშობლოს) ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და იმ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო?”), მაშინ ყველაფერი ამაოა.

გმირის იდეალზე ვაჟას ზემოხსენებულ წერილში ასევე ვკითხულობთ: “გმირი ფშაურს ლექსებში „ვაჟკაცად”, „კაი ყმად” იხსენიება; იგი თემიდამ გამოდის, გმირის მაღალი ზენობა და საგმირო საქმენი თემს ემსახურება, იმის გულისათვის იბრძვის… მისი საგმირო საქმენი თემს დასტრიალებს თავზედ… გმირი იმდენად თავის თავისთვის არ ცოცხლობს და იმდენს არ აკეთებს, რამდენსაც თემისთვის, მაგრამ ამ სამსახურისათვის სახელის მეტი არაფერი ჰრჩება. მხოლოდ ხატობის დროს ხევისბერი განსაკუთრებულ დიდის თასით გმირს საკარგყმოს ასმევს. გმირი ხდება საგნად ქება-დიდებისა ლექსებში. სიკვდილს შემდეგ მთელი თემი ჰგლოვობს, ხატობის დროს ოფიციალურად ისმის გმირის შესანდობარი. ჯერ ხევისბერი იტყვის და მერე დიდი და პატარა მოაყოლებს შესანდობარს. დიაღ, გმირი მსხვერპლია სოფლისა: სხვას აძღობს, თითონ მშიერია, სხვის სიცოცხლისათვის მებრძოლი თითონ სიკვდილს ეძლევა პირში… დიაღ, გმირი სხვისთვის იბრძვის თავგანწირული და თითონ კი „მშიერა მგელია”.

ასეთი “მშიერა მგელია” კვირია მათურელი. მისთვის სამშობლომ – ვერაფერი, მაგრამ კვირიამ დაუნანებლად გაიმეტა სამშობლოსთვის ერთდერთი რამ, რაც ებადა, ყველაზე ძვირფასი და სასურველი – სიცოცხლე. სამშობლო ის ობიექტი არ არის, რომელსაც შეგვიძლია ვუსაყვედუროთ ჩვენ მიმართ გულგრილობა. სამშობლო ხშირად თავადვე “ჭამს” თავის რჩეულ შვილებს, იმდენი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია ჩვენი ისტორიული და ლიტერატურული გმირების ცხოვრებიდან, რომ სინთეზის პროცესი ძალზე შორს წაგვიყვანს, ამიტომაც ამჯერად მხოლოდ კვირიაზე შევჩერდეთ. ეს გმირი ნამდვილად იმსახურებს, რომ მასზე ბევრი ვიფიქროთ, პატივი მივაგოთ, ხშირად ვახსენოთ, როგორც უანგარო პატრიოტიზმის უზენაესი ღვთაება.

არქტიკის მილიტარიზაცია

0

არქტიკის რეგიონში მიმდინარე გლობალური კლიმატური ცვლილებები თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებზე სერიოზულ გავლენას ახდენს. “ზემო-ჩრდილოეთში” ყინულის რაოდენობის მკვეთრი შემცირება და ტექნოლოგიური განვითარება, ამ რეგიონში მინერალური და ენერგო რესურსების მოპოვების და გამოყენების ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ყინულის მასიური დნობა, ტრანს-არქტიკური გადაზიდვების ხაზების გახსნას გახდის შესაძლებელს, რაც გლობალური ტრანსპორტიზაციის არსებულ მოდელს საფუძვლიანად შეცვლის. ჩრდილოეთში მიმდინარე მკვეთრი კლიმატური ცვლილებები ამ რეგიონის განვითარების უზარმაზარ პოტენციალს შეიცავს და ეკონომიკურად ათვისების წინაპირობაა. ეს უკვე აისახება რეგიონის მიმართ დიდი კომპანიების ღია დაინტერესებით.

რეგიონის მნიშვნელობა იზრდება უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.  რუსეთი და აშშ  სამხედრო ინფრასტრუქტურასა და რესურსების კონტროლის საშუალებებს აძლიერებენ არქტიკაში. იმის მიუხედავად, რომ ჩინეთი არ არის არქტიკული ქვეყანა, იგი აქტიურად ცდილობს რეგიონში თავისი ინტერესების გაფართოებას.  ეს რეგიონი შესაძლოა მომავალი სამხედრო და პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრადაც იქცეს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, არქტიკა განიხილებოდა პოლიტიკურად ნეიტრალურ ზონად, რომელიც გამოირჩეოდა მეცნიერთა მშვიდობიანი საერთაშორისო თანამშრომლობით. მაგრამ როცა არქტიკული ყინული დნება და უფრო მეტი ხმელეთი და ზღვა ხელმისაწვდომი ხდება, რესურსების მოპოვებისა და საზღვაო ვაჭრობის გზები იხსნება, რაც მას სულ უფრო მიმზიდველს ხდის მეტოქე გლობალური ძალებისთვის. ზოგიერთი დამკვირვებელი ეჭვქვეშ აყენებს მის სტაბილურობას.

2022 წელს რუსეთის შეჭრა უკრაინაში არქტიკულ ურთიერთობებში გარდამტეხ მომენტად ითვლება. ომის დაწყების დროს რუსეთი თავმჯდომარეობდა არქტიკულ საბჭოს, სამთავრობათაშორისო ფორუმს, რომელიც ხელს უწყობს არქტიკული ქვეყნების თანამშრომლობას და მოიცავს მთელ რიგ საკითხებს. ფორუმი ფოკუსირებულია „არქტიკის მდგრად განვითარებასა და გარემოს დაცვაზე.“ საბჭო მიზანმიმართულად არ ეხება უსაფრთხოების საკითხებს.

არქტიკული საბჭო შეიქმნა 1996 წლის 19 სექტემბერს, როდესაც კანადის, დანიის სამეფოს, ფინეთის, ისლანდიის, ნორვეგიის, რუსეთის ფედერაციის, შვედეთის და შეერთებული შტატების მთავრობებმა ხელი მოაწერეს ოტავას დეკლარაციას . არქტიკული საბჭოს დაარსებას წინ უძღოდა არქტიკული გარემოს დაცვის სტრატეგია (1991 წლის ივნისი), დეკლარაცია არქტიკული გარემოს დაცვის შესახებ.

2022 წელს არქტიკული საბჭოს რვა წევრიდან შვიდმა, ყველამ რუსეთის გარდა, სასწრაფოდ გადაწყვიტა ბოიკოტი გამოეცხადებინა ომის გამო და შეხვედრები შეაჩერა. მხოლოდ 2023 წელს შეიკრიბა, რათა თავმჯდომარეობა ნორვეგიისთვის გადაეცათ. 2024 წელს რუსეთმა შეაჩერა ორგანიზაციის ყოველწლიური გადახდები, სანამ საბჭოს სრული საქმიანობა არ განახლდება ყველა წევრის მონაწილეობით.

რუსეთი არქტიკაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი სამხედრო ძალის მქონე სახელმწიფოა. კრემლი პრეტენზიას აცხადებს რეგიონის ყველაზე დიდ ნაწილზე, რადგან ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის სანაპიროს დაახლოებით 50%-ს აკონტროლებს.

რუსეთი ახორციელებს ინვესტიციებს და აუმჯობესებს თავის საბჭოთა ეპოქის ობიექტებს. Chatham House, დიდი ბრიტანეთის ანალიტიკური ცენტრი, ამბობს, რომ ეს თავდაცვითი ხასიათისაა და რომ კრემლი ეწინააღმდეგება არქტიკაში კონფლიქტის დაწყების იდეას. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის თანახმად, მოსკოვი უფრო მეტად „ახორციელებს ეკონომიკურ ამბიციებს, იცავს თავის მეორე დარტყმის ბირთვულ შესაძლებლობებს და აპროექტებს ძალას ცენტრალურ არქტიკაში, ბერინგის ზღვასა და ჩრდილო ატლანტიკაში“.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ არქტიკის გეოპოლიტიკა მნიშვნელოვნად შეცვალა. ომმა გავლენა იქონია ორი ნეიტრალური ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებზე. კერძოდ, რუსეთის ქმედებების შედეგად, აქტიკული ქვეყნები ფინეთი და შვედეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდნენ. ამით ნატომაც გაზარდა თავისი გავლენა არქტიკაზე. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ის აკვირდება განვითარებულ მოვლენებს და აუმჯობესებს სათვალთვალო და ადრეული გაფრთხილების სისტემებს უზარმაზარ რეგიონში, რათა „უზრუნველყოს არქტიკა არ გახდეს სტრატეგიული ბრმა ტერიტორია“. Foreign Policy-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ ევროპაში ნორვეგიას აქვს 13 არქტიკული ბაზა, მათ შორის ახალი დანამატი, Camp Viking, ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ქვეითთა კომანდოს საწვრთნელი მოედანი. რუკაზე ჩანს, რომ აშშ-ს აქვს ცხრა ბაზა ალასკაში, გარდა გრენლანდიისა და ისლანდიის ბაზებისა. მას შემდეგ რაც აშშ-ს პრეზიდენტმა  დონალდ ტრამპმა კუნძულ გრენლანდიის ყიდვის სურვილი გამოთქვა, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ არ აპირებს იქ აშშ-ის ამჟამინდელი სამხედრო ბაზების გაზარდას.

ამ რუკაზე სამხედრო ბაზები მოიცავს საზღვაო, საჰაერო ძალების და სახმელეთო ძალების ბაზებს.

ნატოს და რუსეთის არქტიკის მილიტარიზაცია

არქტიკაში სამხედრო და გეოპოლიტიკური დაძაბულობა სულ უფრო მეტად იზრდება, რადგან ქვეყნები ცდილობენ სტრატეგიული უპირატესობების მოპოვებას.

არქტიკა გეოპოლიტიკური შესაძლებლობაა, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ალტერნატიულ სავაჭრო მარშრუტებს. ნატოს წევრი ქვეყნებისა და რუსეთის გარდა ჩინეთიც გამოხატავს მზარდ ინტერესს რეგიონის მიმართ და ინვესტიციებით ცდილობს გავლენის მოპოვებას ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

პოლარული წყლების ათვისება ჩინეთს ევროპასა და ამერიკასთან დამატებითი მარშრუტებით უკეთესად დააკავშირებს. ამჟამინდელ სავაჭრო მარშრუტებთან შედარებით, პოლარული საზღვაო გზა პეკინს უსაფრთხო ალტერნატივაა. მაგალითად, მალაკის სრუტე, რომელიც საზღვაო აბრეშუმის გზის ერთ-ერთი კვანძია, მეკობრეობის შემთხვევების მაღალი მაჩვენებლის გამო მსოფლიოში ყველაზე საშიშ საზღვაო მარშრუტად მიიჩნევა. გარდა ამისა, პოლარული აბრეშუმის გზა 40%-ით შეამოკლებს მანძილს ჩინეთიდან ევროპამდე და მნიშვნელოვნად შეამცირებს ხარჯებსაც. ამრიგად, პეკინისთვის ჩრდილოეთის საზღვაო გზის ათვისება ძალიან დიდ სარგებლის მომტანია ჩინური „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის მომავალი განვითარებისათვის.

ჩინეთის მზარდი ჩართულობა უფრო მეტ სირთულის მატებს არქტიკის უსაფრთხოების დინამიკას. მიუხედავად იმისა, რომ იგი, უპირველეს ყოვლისა, ფოკუსირებულია ეკონომიკურ ინვესტიციებსა და სამეცნიერო კვლევებზე თავისი „პოლარული აბრეშუმის გზის“ იდეით, მისი მზარდი დაინტერესება რეგიონში არც თუ ისე სასიამოვნოა  სხვა დიდი მოთამაშეებისთვის, რადგან ჩინეთის ჩართულობა და გაცხადებული ინტერესები უფრო მეტ სირთულის მატებს არქტიკის უსაფრთხოების დინამიკას.

არქტიკაში რუსეთის მზარდი გავლენა, ჩინეთის საზღვაო ძალების გამოჩენა და პირველი ყინულმტეხების მშენებლობა დასავლეთში ბევრ კითხვას აჩენს რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნებისა და შესაძლო კონფლიქტების პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით. არქტიკაში უსაფრთხოების ასეთი დინამიკა დასავლელ მოკავშირეებს შორის კამათის საგანი არაერთხელ გამხდარა. აშშ ყველაზე მეტადაა დაინტერესებული რეგიონში რუსეთის აგრესიის დემონსტრირებისა და ჩინეთის „მშვიდობიანი აღზევების“ შეკავებით. პოლარული ყინულის დნობა, როგორც ჩანს, ჯერჯერობით შეუქცევადი მოვლენაა, ახლო მომავალში მაინც. ამის გამო ნატომ რეგიონისთვის უნდა შეიმუშაოს თანმიმდევრული სტრატეგია, რომელიც მიზნად დაისახავს არა მხოლოდ კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებას, არამედ მტრულად განწყობილი აქტორების გავლენის შემცირებას. ამასთანავე, ნატომ შვედეთისა და ფინეთის წევრობა არქტიკის რეგიონში რუსული და ჩინური მზარდი საფრთხეების შესაჩერებლად ეფექტიანად უნდა გამოიყენოს.

რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად გადამწყვეტია საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა, სამხედრო საქმიანობის გამჭვირვალობა და მრავალმხრივი დიალოგის წარმართვა. ეს ფაქტორები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შემცირდეს ესკალაციის რისკები და ხელი შეეწყოს გრძელვადიან მშვიდობასა და თანამშრომლობას არქტიკაში.

 

საინტერესო ინფორმაციებს გაეცნობით შემდეგ ინეტერნეტგვერდებზე:

არქტიკული საბჭო – https://arctic-council.org/about/;

https://forbes.ge/arqtika-ekologiuri-problemidan-geopolitikur-saphrthkhemde/

https://www.thearcticinstitute.org/china-polar-silk-road-long-game-failed-strategy/

https://ria.ru/20250219/lavrov-2000285113.html

https://www.statista.com/chart/33824/military-bases-in-the-arctic-belonging-to-nato-and-russia/

 

 

 

 

ციფრული ტრანსფორმაცია განათლებაში

0

ციფრული ტრანსფორმაცია განათლებაში გულისხმობს ტექნოლოგიებისა და ციფრული ინსტრუმენტების სკოლაში ინტეგრირების პროცესს.

მისი მიზანია, მოსწავლეებისთვის განათლება გახდეს უფრო ხელმისაწვდომი, მოქნილი და პერსონალიზებული.  ამასთან, მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, იმუშაონ უფრო ეფექტურად. ეს გულისხმობს სწავლების ტრადიციული მეთოდების გადახედვას და  ახალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებთან ადაპტაციას.

განვიხილოთ ციფრული ტრანსფორმაციის რამდენიმე მიმართულება.

აპარატურა და მოწყობილობები

ტექნოლოგიურმა მიღწევებმა  საკლასო ოთახების ძირითადი ინსტრუმენტები, ტრადიციული ცარცის დაფებიდან და სახელმძღვანელოებიდან გარდაქმნა ციფრულ დაფებამდე და ელექტრონულ მოწყობილობებამდე.

სკოლები ახლა იყენებენ ლეპტოპებს, პლანშეტებსა და სმარტფონებს სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

ტექნიკისა და მოწყობილობების ინტეგრაციამ საკლასო ოთახებში სწავლა ინტერაქტიული, მიმზიდველი და ხელმისაწვდომი გახადა

ონლაინ და შერეული სწავლება

ონლაინ და შერეული სწავლება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ინტერნეტის, მობილური მოწყობილობების და ონლაინ პლატფორმების (Microsoft Teams, Google Classroom, Zoom) გამოყენებით მიიღონ საგანმანათლებლო რესურსები და ჩაერთონ სასწავლო აქტივობებში ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს.

სწავლის ეს მოდელი უფრო მეტად მოქნილია მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სურთ, ისწავლონ მათზე მორგებული გრაფიკით.

 

პერსონალიზებული სწავლება

პერსონალიზებული სწავლება არის განათლების მიდგომა, რომელიც აღიარებს, რომ თითოეულ მოსწავლეს აქვს უნიკალური სასწავლო საჭიროებები, ინტერესები და ძლიერი მხარეები. ეს მიდგომა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, მათზე მორგებული ინსტრუქციების შესაბამისად წარმართონ სასწავლო პროცესი, ნაცვლად ერთი  მიდგომისა, რომელიც ხშირად გამოიყენება ტრადიციულ საკლასო ოთახებში.

პერსონალიზებულ სწავლებაში მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების როლი და ადაპტური სასწავლო პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მასალის სირთულის დონე მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისწინებით.

კვლევების მიხედვით, სწავლისადმი  პერსონალიზებული მიდგომით გაუმჯობესდა მოსწავლეთა ჩართულობა, მოტივაცია და აკადემიური მოსწრება.

 

ხელოვნური ინტელექტი (AI) ChatGPT

AI-ს ჩატბოტები  მოსწავლეებს  სთავაზობენ მყისიერ და მათზე მორგებულ მხარდაჭერას, პერსონალურ დახმარებას, უამრავ კითხვაზე პასუხს, რაც საბოლოოდ აუმჯობესებს მათი სწავლის დონეს და მისაღწევ შედეგებს.

AIს ასევე შეუძლია დაეხმაროს მასწავლებლებს გაკვეთილებისა და პროექტების მომზადებაში, ტესტების, სამუშაო ფურცლების, შეფასებებისა და სხვა სასწავლო მასალების შექმნაში.

ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების მეშვეობით საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ, გააანალიზონ დიდი რაოდენობით მონაცემები და გააკეთონ პროგნოზები შაბლონებსა და ტენდენციებზე დაყრდნობით.

გემიფიკაცია

განათლებაში გემიფიკაცია ნიშნავს თამაშების ელემენტების დამატებას, როგორიცაა ქულები, სამკერდე ნიშნები ან ლიდერები, რათა სწავლა უფრო სახალისო და საინტერესო გახდეს. გაიზარდოს მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა.

გემიფიკაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ელემენტია სამკერდე ნიშნების და ლიდერბორდების გამოყენება, რომელსაც შეუძლია, წაახალისოს ჯანსაღი კონკურენცია მოსწავლეებს შორის, ასევე, ხელი შეუწყოს მოსწავლეებს შორის თანამშრომლობის უნარების განვითარებას, რადგან ისინი ერთად მუშაობენ საერთო მიზნების მისაღწევად.

Duolingo, ენის შემსწავლელი აპლიკაცია, სწავლაში გემიფიკაციის ცნობილი მაგალითია. ის იყენებს ჯილდოების სისტემას,  სამკერდე ნიშნებს და პროგრესის ტრეკერებს.

ვირტუალური და გაძლიერებული რეალობა

ვირტუალური რეალობა (VR) საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, შეისწავლონ 3D სამყარო, ხოლო გაძლიერებული რეალობა (AR) ციფრულ ინფორმაციას რეალურ სამყაროში ათავსებს. ეს ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა საგანმანათლებლო გარემოში, ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა სამეცნიერო ექსპერიმენტები ან ვირტუალური საველე ვიზიტები.

მაგალითად, მოსწავლეებს შეუძლიათ, გამოიყენონ VR უძველესი ცივილიზაციების მოსანახულებლად. AR-ის საშუალებით შესაძლებელია სახელმძღვანელოს სტატიკური გამოსახულების გაცოცხლება.

ონლაინ მოკლე კურსები

ონლაინ მოკლე კურსები მოსწავლეებს სთავაზობს უამრავ სარგებელს, მათ შორის: აცნობს ისეთ თემებსა და საგნებს, რომლებიც შეიძლება არ იყოს დაფარული ტრადიციული სწავლების პროცესში. მათ შეუძლიათ, განავითარონ ახალი უნარები, როგორიცაა კოდირება, გრაფიკული დიზაინი ან საჯარო გამოსვლა, რაც შეიძლება იყოს ღირებული, როგორც საკლასო ოთახში, ასევე მის გარეთ.

მონაცემთა ანალიტიკა

სწავლის მართვის სისტემები (LMS) მნიშვნელოვან როლს ასრულებს  საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მასწავლებლებს შეუძლიათ, მიიღონ ინფორმაცია მოსწავლეთა დასწრებისა და სწავლის ქცევის შესახებ, თვალყური ადევნონ მათ პროგრესს.

მაგალითად, თუ მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას უჭირს კონკრეტული კონცეფცია, მასწავლებელს შეუძლია, შეცვალოს გაკვეთილის გეგმები, გამოიყენოს სწავლების განსხვავებული მიდგომა.

განათლებაში ციფრული ტრანსფორმაციის საბოლოო მიზანია სწავლის შედეგების გაუმჯობესება, მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა და   მუდმივად განვითარებად ციფრულ სამყაროში წარმატების მისაღწევაად მომზადება.

 

გამოყენებული რესურსები:

https://diplomasafe.com/digital-transformation-trends-in-education/

https://www.twentyideas.com/blog/top-digital-transformation-trends-education

 

კომიქსი, როგორც სწავლების ინსტრუმენტი

0

კომიქსი მათემატიკის შესწავლის სახალისო და კრეატიული ინსტრუმენტია. კომიქსები და გრაფიკული ამბები თავისთავად ხელოვნების ფორმაა, რომელიც ლამაზ ილუსტრაციებსა და ისტორიებს აერთიანებს, თუმცა მათ უფრო მეტის შეთავაზება შეუძლიათ – კომიქსი სწავლის გასაოცარი საშუალებაა. ვიზუალური ელემენტები და საინტერესო სიუჟეტები მოსწავლეებს აბსტრაქტული ცნებების გაგებაში ეხმარება და სწავლას უფრო საინტერესოს ხდის.

მოსწავლეების მიერ კომიქსების შექმნა, სადაც მთავარი გმირები მოგზაურობენ ან სპორტულ შეჯიბრში მონაწილეობენ, ალგებრული ცოდნის, ლოგიკური აზროვნებისა და კრეატიულობის განვითარებას უწყობს ხელს. დავალება, სათაურით “შექმენი შენი მათემატიკური კომიქსი დროის, სიჩქარისა და მანძილის ფორმულების გამოყენებით” თემატურ ბლოკს “ალგებრას” ეფუძნება და ისეთ საკვანძო ცნებებს მოიცავს, როგორიცაა ასოითი გამოსახულება, განტოლება, შესაბამისობა და დამოკიდებულება. მოსწავლეებმა კომიქსი უნდა შექმნან, რომელიც რეალური მოძრაობის პროცესის მათემატიკურ მოდელს ასახავს და აჩვენებს, როგორ უკავშირდება ერთმანეთს სიჩქარე, მანძილი და დრო. ამ დავალების მიზანია, მოსწავლეებმა არა მხოლოდ ფორმულები ისწავლონ, არამედ გააცნობიერონ მათი პრაქტიკული გამოყენება სხვადასხვა სიტუაციაში. მათ უნდა შეძლონ ცვლადის შემცველი გამოსახულების/განტოლების შედგენა, სიდიდეებს შორის შესაბამისობისა და დამოკიდებულების დამყარება, რეალური ვითარების შესაბამისი მათემატიკური მოდელის შექმნა და პრობლემის გადაჭრა.”

კომიქსის შექმნის პროცესი მოსწავლეებისგან კრეატიულობას, ფანტაზიასა და ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს. მათ უნდა მოიფიქრონ საინტერესო სიუჟეტი, შექმნან ორიგინალური პერსონაჟები, დახატონ მოქმედების განვითარების სივრცე და, რაც მთავარია, სწორად გამოიყენონ სიჩქარის, მანძილისა და დროის ფორმულები.”

ვრცლად, წაიკითხეთ

რიცხვების „შემცირების ხელოვნება“ – გამოკლება 10-ის ფარგლებში

0

რიცხვები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ისინი გვეხმარებიან დავითვალოთ, შევადაროთ, გავზომოთ და გადავჭრათ ამოცანები. მათემატიკის სამყაროში ერთ-ერთი ფუნდამენტური ოპერაცია გამოკლებაა, რომელიც რიცხვების „შემცირების ხელოვნებას“ გვიხსნის. პირველ კლასში, როდესაც ბავშვები პირველ ნაბიჯებს  დგამენ მათემატიკის სამყაროში, მნიშვნელოვანია, რომ მათთვის გამოკლება გახდეს არა მხოლოდ ფორმალური პროცედურა, არამედ საინტერესო და გასაგები. ამ სტატიაში გაგიზიარებთ გამოცდილებას, თუ როგორ შეიძლება პირველ კლასელებთან 10-ის ფარგლებში გამოკლების სწავლება, როგორ გავააქტიუროთ მათი წინარე ცოდნა, როგორ ვასწავლოთ კომპონენტების ამოცნობა, კანონზომიერებების აღმოჩენა და რაც მთავარია, როგორ გავხადოთ ეს პროცესი სახალისო და ეფექტური.

იხილეთ ვრცლად…

მოგონებანი სკოლაზე – სიხარული თუ ტკივილი?

0

„განათლება არ ახდენს ცვლილებას სამყაროში. განათლება ცვლის ადამიანს. ადამიანი კი ცვლის სამყაროს”.

პაულუ ფრეირი (XX საუკუნის ბრაზილიელი მოაზროვნე, განმანათლებელი)

 

„განათლება არ გახლავთ ფაქტების შესწავლა, ის გონების სავარჯიშოა, რომელიც გვასწავლის ფიქრს“.

ალბერტ აინშტაინი (XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე,

ფიზიკოსი, ფარდობითობის თეორიის ავტორი)

 

ფსიქოლოგიის პროფესორები, პიტერ გრეი და კირსტენ ოლსენი, სასკოლო გამოცდილებასა და მოგონებებზე

ქვემოთ გთავაზობთ ამონარიდებს ტექსტიდან, რომლებიც სკოლასა და სასკოლო მოგონებებს შეეხება. ეს მოთხრობა, ბოსტონის კოლეჯის პროფესორმა (მასაჩუსეტსის შტატი, აშშ), ფსიქოლოგიის დოქტორმა, პიტერ გრეიმ შემოგვთავაზა თავის ბლოგში – Psychology Today (https://www.psychologytoday.com/). დოქტორი გრეი გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს, თავის კოლეგასთან, დოქტორ კირსტენ ოლსონთან (ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, მიწვეული ლექტორი) შეხვედრის შესახებ.

 საკითხი, რომელსაც დოქტორი გრეი ეხება, საჭირბოროტო და ყურადსაღებია:

  • რა კვალს ტოვებს სკოლა და სასკოლო წლები ადამიანზე?
  • რამდენად კარგია სასკოლო გამოცდილება ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც სკოლას ამთავრებს და „ზრდასრულ“ ცხოვრებაში მიდის?
  • რამდენად საჭიროა „სასკოლო გამოცდილება“ მომავალი ცხოვრებისთვის?

ეს იმ საკითხთა მოკლე ჩამონათვალია, რომლებსაც ეხებიან ავტორი და მისი რესპონდენტი, დოქტორი ოლსონი.

პიტერ გრეი: გაიცანით დოქტორი კირსტენ ოლსონი. ის არის განათლების მკვლევარი, აქტივისტი, კონსულტანტი და მწერალი, რომელსაც გულით აწუხებს ბავშვების, სწავლებისა და ჩვენი სკოლების მდგომარეობა. ის, სხვათა შორის, გახლავთ IDEA-ს (ამერიკის ინსტიტუტი დემოკრატიული განათლებისთვის) დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტი.

მე მას პირველად ორი კვირის წინ შევხვდი ლანჩზე, შემდეგ კი დიდი ინტერესით წავიკითხე მისი ბოლო წიგნი „სკოლით დაჭრილნი: როგორ დავიბრუნოთ სწავლების სიხარული და დავუპირისპირდეთ ძველი სკოლის კულტურას” [1]. თუ ოდესმე სკოლაში გივლიათ, გყავთ სკოლის მოსწავლე ბავშვი ან უბრალოდ ზრუნავთ სკოლაში მყოფ ბავშვებზე, ამ წიგნის წაკითხვას გირჩევთ.

წიგნი „სკოლით დაჭრილნი“ არის კვლევის შედეგი, რომლის წერაც ოლსონმა ჰარვარდის უნივერსიტეტში, განათლების კურსის დოქტორანტურაში სწავლისას დაიწყო. როგორც ადამიანს, რომელიც დიდად აფასებდა სწავლასა და განათლებას, ოლსონს სურდა, გამოეკვლია სასწავლო პროცესში მიღებული სიხარული და შთამაგონებელი გამოცდილებები, დაკავშირებული სწავლისა და სწავლების პროცესებთან. მაგრამ როდესაც მან დაიწყო ადამიანების გამოკითხვა მათი დადებითი სასკოლო გამოცდილების შესახებ, აღმოაჩინა, რომ ისინი უფრო მეტად სკოლით მიყენებულ ტკივილზე საუბრობდნენ…

აი, როგორ აღწერს ამას კირსტენ ოლსონის დისერტაციის ხელმძღვანელი, სარა ლოურენს-ლაიტფუტი, წიგნის წინასიტყვაობაში: „პირველად ამ თემაში ღრმად ჩასახედად ავტორმა სიღრმისეული ინტერვიუები ჩაატარა გამოჩენილ არქიტექტორთან (რომელიც საერთაშორისო არქიტექტურული პრემიის ლაურეატია), ღვაწლმოსილ პროფესორთან, გამოჩენილ მწერალთან და დიდი კორპორაციის მარკეტინგის დირექტორთან. ოლსონი, უდავოდ, ელოდა რომ მათგან მოისმენდა საინტერესო და ხალისიან ისტორიებს ნაყოფიერ სწავლებაზე, რომლის დროსაც ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული სერიოზულობა და თავგადასავალი, სიამოვნება და შრომა, სურვილი და საქმისადმი ერთგულება… ამ ყველაფრის ნაცვლად, დოქტორი ოლსონი, მისთვის მოულოდნელად, რესპონდენტთა მიერ გადმოცემულ მკვეთრ და ხატოვან სასკოლო მოგონებებში, დაეჯახა ტკივილით, იმედგაცრუებითა და ზოგჯერ, ცინიზმით გაჯერებულ აჩრდილებს. იგი ელოდა ნათელს და შეეჯახა ბნელს. თან, ეს მონათხრობი არ გახლდათ ძველი, დიდი ხნის დავიწყებული და უკვე შეხორცებული ჭრილობების გახსენება! ძველი, სასკოლო ისტორიები რესპონდენტს ახსენებდნენ იმ ღრმა იარებს, რომლებიც ჯერ კიდევ იწვევდნენ ტკივილს.

თავისი პროექტის გაფართოებისას, ოლსონმა დაიწყო ინტერვიუების ჩატარება ყველა ასაკის ადამიანთან – დაწყებული სკოლის მოსწავლეებიდან დამთავრებული ბებია-ბაბუებით – რომლებიც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფისა და განსხვავებული პროფესიული გამოცდილების ადამიანები იყვნენ.

დოქტორი ოლსონი გაოცებული იმ გულწრფელობითა და ემოციურობით, რომლითაც ადამიანები სკოლის წლების შემდეგ დარჩენილ ჭრილობებზე საუბრობდნენ. ის, ფაქტობრივად შეუდგა ახალ, უცნობ გზას, რომელიც საშუალებას იძლეოდა გაგვეცნობიერებინა, როგორ მოქმედებს სკოლა ადამიანის ფსიქოლოგიურ განვითარებაზე. მსგავსი გამოცდილების რესპონდენტებს პირდაპირ უსვამდა კითხვას: როგორ იმოქმედა სკოლამ მათზე?

„საშუალო ბავშვი, რომელიც სკოლაში არ იღებს სპეციალურ ინსტრუქციას, ან სათანადო ყურადღებას, ალბათ, ჩვენი სკოლის სისტემაში ყველაზე ნაკლებად იდენტიფიცირებული, [სისტემის გულგრილობით] „დაჭრილი“ ბავშვია. ბევრი მოსწავლე, სკოლას იმ შეგრძნებით ტოვებს, რომ ის არ არის ჭკვიანი და მისი შესაძლებლობები შეზღუდულია. ბევრი განიცდის სირცხვილის გრძნობას, რაც ტკივილად და მწველ მოგონებებად რჩება მის გონებაში. ბევრს ეუფლება ბრაზი და რისხვა, მასწავლებლებისა და ხელისუფლების მიმართ. „სწორად“ მოქცევა და რისკის თავიდან აცილების გრძნობა, ბავშვს მარტივი დავალების შესრულებისკენ უბიძგებს, რაც დაბალი მოთხოვნებით დაკმაყოფილებას იწვევს…  განათლებისა და სწავლის ირგვლივ დაუმუშავებელი, ძლიერი გრძნობები მოსწავლეებში რჩება და ისინი ამ შეგრძნებებით შედიან ზრდასრულ სამყაროში. ეს ჭრილობები, ძირითადად არსად არ განიხილება და ყურადღების მიღმა რჩება სკოლის განვითარებისა და განათლების რეფორმის დისკურსში. მოსწავლეები კარგავენ ხალისს სწავლის მიმართ და ამ საკითხებთან შეხებისას თავს უხერხულად გრძნობენ. ისინი ადვილად კარგავენ მოტივაციას და მოკლებულნი არიან სწავლისგან მიღებულ სიამოვნებას“, – წერს წერს თავის მიმოხილვაში, ბლოგერი და მწერალი, დაგ უილიამ გრინი, კირსტენ ოლსონის წიგნის ერთ-ერთ მიმოხილვაში.

„თავის ახალ და პროვოკაციულ წიგნში, განათლების სფეროს მკვლევარი და კრიტიკოსი, კირსტენ ოლსონი ააშკარავებს იმ დამანგრეველ შედეგებს, რომლებიც თან ახლავს განათლების სფეროში გაბატონებულ ისეთ მიდგომებს, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ კონფორმიზმს; თრგუნავს სტუდენტთა ინტერესებს და აქრობს განსხვავებებს მოსწავლეებს შორის. ის ასევე გვიზიარებს იმ მოსწავლეთა გამოცდილებებს, რომლებმაც შეძლეს ამ მტკივნეული განცდების დაძლევა. ოლსონი გვიჩვენებს, თუ რის გაკეთება შეუძლიათ მასწავლებლებს, მშობლებსა და სტუდენტებს იმისთვის, რომ შეინარჩუნონ წონასწორობა და დარჩნენ საღი, – წერს თავის მიმოხილვაში დოქტორი ოლსონი წიგნის გამომცემელი, Teachers College Press (ნიუ იორკი, ნიუ იორკი, აშშ).

(პირველი ნაწილის დასასრული)

[1] Wounded by School: Recapturing the Joy in Learning and Standing Up to Old School Culture. იხ. ბმული: https://www.amazon.com/Wounded-School-Recapturing-Learning-Standing/dp/0807749559

საგზაო უსაფრთხოების სწავლება პრაქტიკული მეთოდით

0

საქართველოში საგზაო შემთხვევების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. სამწუხაროდ, მზარდია გარდაცვლილთა რიცხვიც. 2024 წელს ქვემო ქართლის რეგიონში 501 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა აღირიცხა, რომელთა შედეგადაც გარდაიცვალა 56 და დაშავდა 715 ადამიანი.

2022 წლის 23 ნოემბერს მარნეულში, კოსტავას ქუჩაზე, მე-12 კლასის მოსწავლეს სიჩქარის გადაჭარბებით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. 2024 წლის 30 დეკემბერს მარნეული-ბოლნისის გზაზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მარნეულში ბოლო ხანს განსაკუთრებით დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა. მოუწესრიგებელია საავტომობილო გზები, ტროტუარები და საფეხმავლო ბილიკები, გადატვირთულია მოძრაობა.

ზემოთ მოყვანილი მონაცემები და აღწერილი პრობლემები კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებსა თუ სკოლებში საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების სწავლება, სკოლის გარეთ არსებულ საფრთხეებზე ინფორმაციის მიწოდება. მიზნის მისაღწევად საჭიროა ისეთი დავალებების მოფიქრება, რომელთა შესრულებისას მოსწავლეებს მოუწევთ დაფიქრება საფრთხის წყაროებზე, მათი აღმოფხვრის გზებზე.

VII კლასში საგან „მოქალაქეობაში“ უსაფრთხოების სწავლებას რამდენიმე პარაგრაფი ეთმობა.

დავალების პირობა:

ორი კვირის განმავლობაში დააკვირდი თემში/სოფელში/ქუჩაზე საგზაო მოძრაობისა და ინფრასტრუქტურის კუთხით არსებულ პრობლემებს და აღრიცხე:

  • დაზიანებული გზები, საფეხმავლო ტროტუარები;
  • მონაკვეთები, სადაც, შენი აზრით, საჭიროა დამატებითი ნიშნების განთავსება;
  • მონაკვეთები, სადაც წაშლილია ზებრა გადასასვლელები;
  • საგზაო ნიშნები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით ცუდად ჩანს.

გააკეთე ჩანაწერები, მოამზადე პრეზენტაცია და დაასაბუთე, როგორ ახდენს გავლენას ყოველივე ეს საგზაო მოძრაობაზე.

დავალებაზე მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებს გავაცანი მარი მიხელიძის მინი-კვლევა საგზაო უსაფრთხოება ბოლნისის მუნიციპალიტეტში. კვლევაში წარმოჩენილი პრობლემები მოსწავლეებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. ამასთან ერთად, ერთობლივად დავაკვირდით მარნეულის მე-5 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიას, შევისწავლეთ და გავაანალიზეთ არსებული პრობლემები.

მომდევნო ეტაპზე მოსწავლეებმა დამოუკიდებლად დაიწყეს საცხოვრებელ ქუჩებზე დაკვირვება. საბოლოოდ თავი მოიყარა სასარგებლო რესურსებმა. მეშვიდეკლასელებმა დავალებების შესასრულებლად პლატფორმა Canva შეარჩიეს. აპლიკაციის გადმოწერა ჭკვიან მოწყობილობებშიც შესაძლებელია. რაც მთავარია, საკმაოდ ადვილია პრეზენტაციების მომზადება მზა შაბლონების მიხედვით და მასწავლებელთან გაგზავნა. პედაგოგს, თავის მხრივ, შეუძლია, ნაშრომს დაურთოს განმავითარებელი კომენტარები.

ასეთი დავალებები მორგებულია მოსწავლეთა ინტერესებს, ითვალისწინებს მათ მიერ თემში ან ქალაქში საგზაო მოძრაობისა და ინფრასტრუქტურის პრობლემების დოკუმენტირებას. მოზარდები ორი კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ დაზიანებულ გზებს, გაუმართავ ტროტუარებს, მოუწესრიგებელ ზებრა გადასასვლელებსა და მოუხერხებლად განთავსებულ საგზაო ნიშნებს. ფოტომასალისა და ჩანაწერების საფუძველზე მომზადებული პრეზენტაციები  მათ არა მხოლოდ კვლევითი უნარების განვითარებაში დაეხმარა, არამედ რეალური პრობლემების ანალიზის შესაძლებლობაც მისცა.

ამგვარი მიდგომა მოსწავლეებს უვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას და კრიტიკული აზროვნების უნარს. სწავლებაში ასეთი პრაქტიკული მიდგომის დანერგვა ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობასა და ცნობიერების ამაღლებას. ისინი სწავლობენ, როგორ უნდა დაიცვან თავი გზებზე, როგორ უნდა იპოვონ პრობლემები, როგორ შეიძლება მათი მოგვარება და ვისთან ითანამშრომლონ ამისთვის.

ამიტომ სკოლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სწავლება არ უნდა დარჩეს თეორიულ ჩარჩოებში. საჭიროა უფრო პრაქტიკული, კვლევაზე დაფუძნებული მეთოდების დანერგვა, რათა ბავშვებმა არა მხოლოდ მიიღონ ცოდნა, არამედ პრაქტიკაშიც გამოიყენონ ის. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ მომავალში უფრო უსაფრთხო საგზაო გარემოს შექმნას და ტრაგიკული შემთხვევების თავიდან აცილებას.

 

 

თბილისელი სომხები

0

ბევრი ვთანხმდებით, რომ თბილისი მხოლოდ ქართული ქალაქი არ არის. საქართველოს დედაქალაქს კავკასიური და ინტერნაციონალური განზომილებაც აქვს. მრავალი ერის თვალსაჩინო წარმომადგენელმა თბილისში აიდგა ფეხი და ჩვენი ქალაქის სრულიად განსაკუთრებული კულტურული ატმოსფეროს წყალობით მოახერხა საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენა.

უკვე მრავალი საუკუნეა, სომხები დედამიწის თითქმის ყველა კონტინენტზე ცხოვრობენ. სომხურ უბნებსა თუ დასახლებებს შორეულ და ეგზოტიკურ ინდოეთშიც იპოვით და მზიან კალიფორნიაშიც. მიუხედავად ამისა, თბილისს მსოფლიოს თითქმის ვერცერთი დიდი დასახლება ვერ გაუწევს კონკურენციას. საქართველოს დედაქალაქი ყველაზე გამორჩეული სომეხი გენიოსების მშობლიური ქალაქია. სულ რამდენიმე მათგანის გახსენებაც კი საკმარისია, რათა თბილისის ნებისმიერი ეროვნების შვილები განსაკუთრებული სიამაყით ავივსოთ.

1.

გვიან საღამოს, შინ დაბრუნებული, დაღლილ-დაქანცული ვჯდები სავარძელში და განსატვირთავად მუსიკას ვუსმენ. ნულოვანი მუსიკალური მონაცემების მიუხედავად, შემიძლია კარგი ნაწარმოების ცნობა და მისგან სიამოვნების მიღება. ბოლო ხანს ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის არხი ამოვიღე მიზანში. დაუსრულებლად შემიძლია ვუსმინო გუსტავო დუდამელის დირიჟორობით შესრულებულ შტრაუსის კომპოზიციას „ასე იტყოდა ზარატუსტრა“. ბერლინელ ხელოვანთა მიერ შესრულებული კინომუსიკითაც აღფრთოვანებული ვარ. ისინი ხან „ინდიანა ჯონსის“ მელოდიას აცოცხლებენ, ხან კი „ვარსკვლავური ომების“ მარშს აჟღერებენ. შეუძლებელია, ჩემი თაობის ადამიანმა გულგრილად მიადევნოს თვალი ორკესტრის მიერ დადგმულ პერფორმანსს, რომელსაც თან ახლავს სკოტ ბრედლის მუსიკა მულტსერიალიდან „ტომი და ჯერი“.

ბერლინის ფილარმონიის გვერდზე ასობით ჩანაწერს მოუსმენთ, მაგრამ ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური ცენტრის არქივში ყველაზე მეტი ნახვა აქვს არამ ხაჩატურიანის ბალეტის, „გაიანესთვის“ დაწერილ კომპოზიციას „ცეკვა ხმლებით“. მილიონობით სხვა მომხმარებლის მსგავსად, მეც ხშირად ვუსმენ ხაჩატურიანის შედევრს და სიცოცხლის ხალისი, საქმეების ბოლომდე მიყვანის ჟინი მიბრუნდება, თან სიამაყე მეუფლება, რომ გენიოსი თბილისის ახლოს, კოჯორში დაიბადა და რომ არა თბილისის მრავალენოვანი მუსიკალური გარემო, შესაძლოა, მის შემოქმედებას რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ტონი დაჰკარგვოდა.

არამ ხაჩატურიანის სახელი მუსიკასთან თუნდაც მცირედი კავშირის მქონე ნებისმიერ ადამიანს გაუგონია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის საქართველოს მიწაზე დაიბადა. ხაჩატურიანი საქართველოს მემკვიდრეობის ნაწილია.

2.

ვანიდან თბილისში სასწავლებლად ჩამოსული ბაბუაჩემი რუსთაველის გამზირთან ახლოს მდებარე მოსკოვის ქუჩაზე (ამჟამინდელი ძმები კაკაბაძეების ქუჩა) დასახლდა, სადაც მისი მამიდაშვილები ცხოვრობდნენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი დიდ ქალაქში თავს ჭადრაკის კარგი თამაშით იწონებდა. იმერეთის პატარა ქალაქის არაფორმალური ჩემპიონი ვერაზეც მოწინავე მოასპარეზე გახლდათ. ერთხელ მომავალ იურისტს დამარცხებულმა და გაბრაზებულმა ქალაქელებმა უცნაური სანაძლეო შესთავაზეს: „პიონერთა სასახლიდან მოგიყვანთ ერთ ბიჭს, ჩვეულებრივი მეეზოვის შვილს… ის ხუთივეს ერთად გვეთამაშება და ხუთივეს დაგვამარცხებს. მერე მაინც ხომ დაანებებ თავს ბაქიაობასო?!“. სამეზობლოს საუკეთესო მოთამაშე დაუფიქრებლად დათანხმდა სანაძლეოს. ბიჭებმა მართლაც მოიყვანეს მეეზოვის ობოლი შვილი, რომელსაც უფროსი და ზრდიდა. ხუთი დაფა გაიშალა, ხუთივეზე უმალვე მოიპოვა უპირატესობა პატარა ბავშვმა. ბაბუაჩემმა პაიკის მოპარვაც კი სცადა, რათა ქალაქის მასშტაბით სირცხვილი არ ეჭამა… მისი დაფისკენ მიბრუნებულმა პიონერმა პაიკის ქურდს ფიგურის თავის ადგილზე დაბრუნება სთხოვა. შემდეგ იყო ქიში და შამათი.

წლების შემდეგ ოფიცერთა სასახლის პატარა ოთახში მცხოვრებმა ტიგრან პეტროსიანმა ოთხჯერ გაიმარჯვა საბჭოთა კავშირის პირველობაში, რამდენჯერმე მოიგო საჭადრაკო ოლიმპიადა, მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის სტატუსიც და ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თეორეტიკოსად ჩამოყალიბდა.

დღეს პატარა მემორიალური დაფის გარდა არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ტიგრან პეტროსიანი არა მხოლოდ ჭადრაკისა და სომეხი ხალხის, არამედ საქართველოს, მისი დედაქალაქის ისტორიის ნაწილიცაა.

რამდენიმე თვის წინ ერთმა თბილისელმა ხელოვანმა საკუთარი სახსრებითა და ერთი-ორი კეთილი ადამიანის თანადგომით გამოსცა წიგნი „ნაცნობი და უცნობი ფარაჯანოვი“. წიგნის ფურცლებზე გია ყანჩელი, გიორგი შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, ელდარ შენგელაია, გივი შაჰნაზარი, რობიკო სტურუა, იური მეჩითოვი და სხვები დიდ რეჟისორს იხსენებენ. ცხადია, წიგნის გადაკითხვამდე ფარაჯანოვის რამდენიმე ნამუშევარი მეც მქონდა ნანახი, ჩემზეც ახდენდა შთაბეჭდილებას მისი ფილმების ფერწერა, მეც ვხედავდი თითოეულ კადრში დამოუკიდებელ მხატვრულ ნამუშევარს, მაგრამ არ ვიცოდი, რომ მთაწმინდელი სომხის შემოქმედებას ევროპის ყველა კუთხეში გაეთქვა სახელი. არც ის, რომ ფარაჯანოვს ასეთი ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართული ხელოვნების კორიფეებთან. ისინი მუდმივად ურთიერთქმედებდნენ და ერთმანეთის მიღწევების შუქზე აფასებდნენ თავიანთ შემოქმედებას.

სამწუხაროდ, დღეს თბილისში დიდი რეჟისორის მუზეუმი არ ფუნქციონირებს, თბილისიდან წაღებული რეკვიზიტებით მემორიალი ერევანშია მოწყობილი. თუმცა ბოლო ხანს იმედის სხივი თბილისშიც გამოკრთა. წიგნის „ნაცნობი და უცნობი ფარაჯანოვი“ ავტორმა ხოსე მაჯინერემ (გია ალავიძემ) უდიდესი შრომა გასწია. მან სერგო ფარაჯანოვის ნაცნობებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან, თაყვანისმცემლებსა და მკვლევრებთან ასამდე ვიდეოინტერვიუ ჩაწერა (სხვათა შორის, გაზეთ „ვრასტანისა“ და „კავკასიური სახლის“ ხელშეწყობითაც) და სრულიად უნიკალური არქივი შექმნა. არქივი თბილისთან დიდი ხელოვანის კავშირის მრავალ ნიუანსს, უამრავ დეტალსა და არაერთ უმნიშვნელოვანეს თავგადასავალს აერთიანებს. თბილისისა და ფარაჯანოვის ურთიერთობას ამ არქივის სახით ძეგლი უკვე დაუდგეს.

არქივის შექმნასა და წიგნის გამოცემასთან ერთად, ხოსემ მთელ ქალაქში მოაგროვა ხელმოწერები, ბევრი იბრძოლა და საწადელს მიაღწია: თბილისის საკრებულომ მთაწმინდაზე ერთ პატარა შესახვევს, კოტე მესხის ქუჩის ჩიხს, სერგო ფარაჯანოვის სახელი უწოდა, რადგან სწორედ ამ აღმართზე იყო გენიალური რეჟისორის ბინა.

ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს თბილისში გადმოსახლებული ბასკების შთამომავალი მუშაობას არ წყვეტს. ცდილობს, ყოველთვე ერთი ახალი ჩანაწერით მაინც გაამდიდროს არქივი, გეგმავს წიგნის მეორე და მესამე ტომების გამოცემას და ფარაჯანოვის ქუჩაზე ფარაჯანოვის მუზეუმის დაარსებაზე ოცნებობს.

 

ცალკეული ადამიანებისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლა პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ თბილისელი გენიოსების მემკვიდრეობის შეგროვებაზე ზრუნვა სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილიც უნდა იყოს.

ჩვენ მხოლოდ სამი თბილისელი, სამი სომეხი გავიხსენეთ. არადა ამ ქალაქს მრავალი ეროვნების კიდევ არაერთი დიდი მოღვაწე ჰყავს აღზრდილი, რომელთა შესახებ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მსჯელობა შეიძლება შემწყნარებლობისა და სოლიდარობის, საერთო სიმდიდრის დაფასების უნარის გაღვივებაში დაგვეხმაროს.

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“-ს შესახებ თუკი საქართველოს ცნების ერთ კონკრეტულ პიროვნებაში განსხეულებას დავაპირებთ, უსათუოდ და უპირველესად, ალბათ დავით აღმაშენებელი მოგვაგონდება - დიდი ხელმწიფე, რომელმაც საქართველოს...