ოთხშაბათი, ივნისი 3, 2026
3 ივნისი, ოთხშაბათი, 2026

ფინეთის განათლების სისტემა – რა არის მასში განსაკუთრებული?

0

ფინურ სკოლებსა და განათლების სისტემაზე  Google-ის საძიებო სისტემაში ათასობით სტატია შეიძლება მოვიძიოთ. როგორც წესი, „ფინურ განათლებას“ ფენომენად მოიხსენიებენ. ბევრს სურს ამ სისტემის დანერგვა. ბევრმა ქვეყანამ სცადა, მაგრამ შედეგები არ ემთხვევა სასურველს. მიუხედავად ფინეთის დემოკრატიულობის, ღიაობისა და კეთილგანწყობისა, „ფინური“ სისტემა სხვა ქვეყნებში ძნელად დასანერგი აღმოჩნდა. თითქოს ყველაფერი ნათელია, ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი; ჩატარებულია ათასობით სწავლება, სემინარი; დაწერილია ასობით წიგნი „ფინურ სასწაულზე“, მაგრამ განათლების ფინური გამოცდილების თუ წესების წარმატებულად გადატანა სხვაგან, სხვა კულტურაში ჯერჯერობით არ ხერხდება… ყველას სმენია, რომ ფინეთში განათლების საკითხები უკეთ არის მოგვარებული, ვიდრე მათზე არანაკლებად მდიდარ ქვეყნებში და ბოლო ათწლეულში ეს ქვეყანა ლიდერობს განათლების ხარისხისა და მიღწევების საერთაშორისო რეიტინგებში. მაგრამ შეკითხვა რჩება: მაინც რა არის საყურადღებო და განსაკუთრებული ფინელების მიერ დანერგილი განათლების სისტემაში? როგორ შევძლოთ, რომ ის, რაც ფინეთში კარგად მუშაობს, ჩვენთანაც „ამუშავდეს“?

 

ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მომუშავე ფინელი მოქალაქეების მიერ არის დაწერილი.

კატია კაილა – ფინელი ლინგვისტი, ფემინისტი

ფინეთის განათლების სისტემის დადებითი მხარეები:

 

  • ფინეთის განათლების სისტემამ შეძლო, რომ ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სოციალური მობილობა. განათლების მიღება არ არის დამოკიდებული ოჯახის სიმდიდრესა თუ სოციალურ სტატუსზე.
  • მასწავლებლები ფინეთში მაღალი ნდობითა და საუკეთესო განათლებით აღჭურვილი სპეციალისტები არიან. სწორედ ისინი წარმოადგენენ განათლების სისტემის საფუძველს. მათი სამუშაო დიდად ფასდება და საზოგადოება აცნობიერებს ამას.
  • მასწავლებელების უმეტესობას შედარებით მოკლე სამუშაო დღე აქვს, რაც მათ საშუალებას აძლევს მეტი ყურადღება დაუთმონ საკლასო სწავლების დაგეგმვას. მათ სრული თავისუფლება აქვთ მინიჭებული, გამოსცადონ ახალი სასწავლო მეთოდები, აიღონ პასუხისმგებლობა ცოდნის შეფასებისას და აირჩიონ სწავლების ის ფორმატი, რომელიც ყველაზე მეტად ერგება მათ და მათ მოსწავლეებს.
  • ფინეთში, ბავშვებისთვის სკოლაში სიარული ნაკლებ დაძაბულობასთან არის დაკავშირებული, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ფინეთში არ არსებობს სტანდარტიზებული ტესტები (გამოცდები). მასწავლებელი, მოსწავლის განვითარებასა და ცოდნის მიღების პროცესს არასაგამოცდო საშუალებებით აფასებს (ვებპორტფელები, ჯგუფური სამუშაოები). ჩემი პერსონალური გამოცდილებით, ეს დიდად ამცირებს სტრესს ბავშვებში.
  • ფინეთში გავრცელებული იდეოლოგიის მიხედვით, ბავშვები ბავშვებად უნდა დარჩნენ რაც შეიძლება დიდი პერიოდის განმავლობაში (თუმცა მათ არავინ უჩლექს ენას). სკოლა ბავშვებისთვის მხოლოდ 7 წლის ასაკიდან იწყება, ამასთან, სკოლამდელ „ბაღში“ წერას და კითხვას ბავშვებს არ ასწავლიან, ხოლო დაწყებით კლასებში, ძირითადად თამაშით ხდება სწავლება – ყოველი 45-წუთიანი გაკვეთილის შემდეგ კი პატარები გარეთ გაჰყავთ ჰაერზე სათამაშოდ. დაწყებით კლასებში საშინაო დავალებების მოცულობა სხვა ქვეყნებთან შედარებით მცირეა.
  • მოსწავლეთა მხარდაჭერა (თუ ეს მათ ესაჭიროებათ) სისტემის სხვადასხვა საფეხურზე, სხდასხვანაირად ხდება. მაგალითად, სრული სასკოლო კურსის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს მოსამზადებელი კურსი პროფესიული სწავლებისათვის ან ასეთივე მოსამზადებელი კურსი დამამთავრებელი კლასებისათვის (ე.წ. „ჰაი-სქულისათვის) – ეს იმ პირობით, თუ მოსწავლეს ესაჭიროება ასეთი დახმარება სხვადასხვა მიზეზის გამო. ასევე არსებობს სპეციალიზებული სწავლება ფინურ/შვედურ ენებზე (როგორც მეორე ენა) იმიგრანტთა ბავშვებისათვის.

ფინეთის განათლების სისტემის უარყოფითი მხარეები:

  • დღევანდელ მთავრობას განზრახული აქვს შეკვეცოს საბიუჯეტო თანხები განათლებისათვის, რაც აუცილებლად გამოიწვევს კლასებში ბავშვების რაოდენობის გაზრდას და სკოლებისთვის დაფინანსების შემცირებას (საუბარია ფინეთის 2017 წლის სამთავრობო კრიზისზე, რომლის დროსაც მემარჯვენე ჯგუფებმა განათლებისთვის სუბსიდიების შეკვეცა მოითხოვეს, ლ.ა.).
  • მიუხედავად ფინეთის სასკოლო სისტემის ნაკლები სტრესულობისა, ყველა ბავშვს არ მოსწონს სკოლაში სიარული. მიუხედავად სკოლებში არსებული მცირე იერარქიულობისა, სკოლაში „ბულინგის“ წინააღმდეგ მიმართული ზომებისა, მაინც არსებობს სხვადასხვა სახის ზეწოლა თანატოლებისგან, რაც ქვეყანაში არსებულ მრავალ სკოლაში კვლავ პრობლემად რჩება.
  • კიდევ ერთი დიდი პრობლემაა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებისთვის არსებული წესები: სტუდენტად გახდომისათვის აუცილებელია საუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება. ეს წესები გარკვეულწილად ზღუდავს მისაღები სტუდენტების რაოდენობას. ასევე, არიან ფაკულტეტები, რომლებიც განცხადების შემომტან აბიტურიენტთა მხოლოდ ნაწილს იღებენ უმაღლეს სასწავლებელში, ფაკულტეტის წესების მიხედვით. ეს იწვევს იმას, რომ სკოლადამთავრებულ ახალგაზრდებს, მაღალი საგამოცდო მოთხოვნების გამო, ხშირად წლების განმავლობაში უწევთ ლოდინი სტუდენტობამდე. იყო საუბარი უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ნაცვლად, შემოღებულიყო სასკოლო გამოცდების შედეგებზე დამყარებული სიტემა, მაგრამ უნივერსიტეტებმა უარი თქვეს, რადგან სურთ შეინარჩუნონ უნივერსიტეტისთვის სტუდენტთა შერჩევის არსებული წესები.

 

 

ქრისტიან ფაგერლუნდი, 17 წლის სკოლის მოსწავლე ფინეთიდან

ჩვენთან, ფინეთში, არ არის კერძო სკოლები, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა. იმ რამდენიმე სკოლაშიც კი, კანონით აკრძალულია მოსწავლეთათვის სწავლის საფასურის გამორთმევა. სწავლა უფასო უნდა იყოს ყველასთვის. ზოგადად, გამოდის, რომ ყველა ბავშვი საჯარო სკოლაში დადის. დაწყებით და საშუალო საფეხურის სკოლებში ყველაფერი უფასოა – მოსწავლე არაფერს იხდის წიგნებში, საკვებში თუ სკოლამდე ტრანსპორტირებაში, ტაქსის ჩათვლით (თუ ვინმე სკოლიდან მოშორებით ცხოვრობს). დამამთავრებელ კლასებში მოსწავლე უკვე იხდის ფულს სახელმძღვანელოებში, მაგრამ თვითონ სწავლა ისევ ყველასთვის უფასოა. ასეთი წესები ყველას თანაბრად უზრუნველყოფს განათლებით და მოსწავლის ოჯახის შემოსავლებსა და მდგომარეობას ამ მხრივ არაფერი ემუქრება.

  • ყველა მასწავლებელს, რომლებიც ფინეთის სკოლაში ასწავლის, მოეთხოვება, ჰქონდეს სამაგისტრო ხარისხი უნივერსიტეტიდან – ეს მასწავლებლად გახდომის აუცილებელი პირობაა. შესაბამისად, მასწავლებლები მართლაც ძალიან განათლებული ხალხია. მათ ზუსტად იციან, რას აკეთებენ და როგორ ასწავლონ. მასწავლებლები პატივისცემით ექცევიან მოსწავლეებს და ქედმაღლობა ამ სივრცეში გამორიცხულია. ისინი არ თრგუნავენ ბავშვებს და ასწავლიან მათ შეკითხვების დასმას, მოვლენებისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას.
  • მასწავლებლები არ არიან ძალიან მომთხოვნი მოსწავლეებისათვის. დაწყებით კლასებში დღე შეიძლება 5-საათიანი იყოს. საშუალო საფეხურის სკოლაში – 6 საათი. მასწავლებლები აძლევენ ბავშვებს საშინაო დავალებებს, მაგრამ მათ შესრულებას არ სჭირდება დიდი დრო. მე, როგორც საშუალოზე კარგი მოსწრების მოსწავლეს, დავალების გასაკეთებლად წუთები მჭირდებოდა ხოლმე. შესაბამისად, მოსწავლეს ყოველთვის რჩება საკმარისი დრო თავისი ჰობისა თუ სხვა ინტერესებისათვის.
  • თუ მოსწავლეს რომელიმე საგნის ათვისება უძნელდება, მას სკოლა ყველანაირ დახმარებას სთავაზობს. მასწავლებელი ყოველთვის მზად არის, დაეხმაროს ბავშვს მისთვის ძნელი მასალის გაგება-ათვისებაში. ამ დროს, დროში შეზღუდვა არ არსებობს.
  • მოსწავლეებს აზრის გამოხატვის სრული თავისუფლება აქვთ. ამერიკული სკოლებისგან განსხვავებით (რაც გამიგონია ჩემი უცხოელი მეგობრებისგან), მოსწავლე არასდროს მიიღებს ცუდ ნიშანს თხზულებაში, რადგან ყველას აზრი და დამოკიდებულება საკითხისადმი, ფასეულია და შეიძლება მთლიანად განსხვავდებოდეს მასწავლებლის მოსაზრებებისგან.
  • განათლების სტანდარტები ყოველთვის განახლებულია და ხორციელდება ყველა საჭირო და დროული ცვლილება. ინფორმაციაც ყოველთვის ახალია და გამორიცხულია ძველი (ვთქვათ, 80-იანი წლების) წიგნებით სწავლება.

ეს გახლავთ, ჩემი აზრით, ის რამდენიმე მთავარი თავისებურება, რომლებიც ფინეთის განათლების სისტემას ახასიათებს და მსოფლიოში მის წამყვან მდგომარეობას განაპირობებს.

(პირველი ნაწილის დასასრული)

 

მასალა მოამზადა ლევან ალფაიძემ

  წიგნის შექმნა – წიგნიერების ხელშეწყობისთვის

0

წიგნიერება პიროვნული განვითარებისა და თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა.  იმისათვის, რომ მოზარდებს კითხვის სიყვარული  მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვეთ, საჭიროა ამ თემაზე  ბავშვობიდანვე ვიზრუნოთ.

კითხვისა და წერის ფუნდამენტურ უნარებს საფუძველი დაწყებითი კლასებიდან ეყრება.  მოსწავლე ეუფლება კითხვის ტექნიკას, ეცნობა სხვადასხვა ტიპის ტექსტს, უყალიბდება მხატვრული გემოვნება. წიგნიერება მოიცავს ტექსტების წაკითხვის, შექმნის, განხილვისა და გადამუშავების უნარებს. არსებობს უამრავი მეთოდი თუ აქტივობა, რომელშიც მოსწავლე ხალისით  ერთვება  და   კითხვისა და ზოგადად, სწავლის სურვილი უჩნდება.

ეს ხდება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსწავლე თვითონ ქმნის, აკეთებს, აღმოაჩენს. სწორედ ამ დროს არის სწავლება უფრო საფუძვლიანი და წარმატებული.

 

გლასერის მიხედვით, გართობა სწავლის შედეგია. მოსწავლეებს სწავლის სურვილი მაშინ უჩნდებათ, როდესაც სწავლა და გართობა ერთმანეთთანაა შერწყმული.

გართობაც შინაგანი მოტივაციის ერთ-ერთი ფორმაა. ამიტომ სასწავლო აქტივობები უნდა დაიგეგმოს მოსწავლეთა ინტერესისა და საჭიროების გათვალისწინებით, რაც მათ სათანადო   განწყობასა და მონდომებას უნდა განაპირობებდეს.

 

ბევრი მიფიქრია იმაზე, თუ როგორ დამეგეგმა სასწავლო პროცესი იმგვარად, რომ მოსწავლეებს გასჩენოდათ კითხვისა და წერის სურვილი. ვახორციელებდი წერა-კითხვის მრავალფეროვან აქტივობებს: „ერთობლივი კითხვა და მისი ვარიაციები“, „ერთობლივი წერა“, „სიტყვების გარითმვა“, „RAFT”, „ხუთსაფეხურიანი წერა“, ,,წერა ილუსტრაციების მიხედვით“, „მოთხრობის ჩარჩო“(G-PRIED-ის მეთოდები და აქტივობები) და ა. შ.

 

როგორც ჩემთვის, ასევე მოსწავლეებისთვისაც ნათელი გახდა, რომ აღნიშნულ აქტივობებზე მუშაობის შემდეგ უკეთ წერდნენ, კითხულობდნენ, თხზავდნენ. შევამჩნიე, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი ინტერესი წიგნის მიმართ.

 

ცხადი გახდა, ისინი უკვე მზად იყვნენ იმისთვის, რომ თავად გამხდარიყვნენ „მწერლები და პოეტები“, გაუჩნდათ სურვილი იმისა, რომ შეექმნათ წიგნები – წიგნის ყველა მახასიათებლის  გათვალისწინებით. ამ პროცესში კი ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთო.

 

„ჩვენ ვართ მწერლები“ – ეს არის სლოგანი, რომელიც გაკრულია ჩვენს საკლასო ოთახში და პერიოდულად გადმოინაცვლებს ხოლმე დაფაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიწყებთ საავტორო ტექსტზე მუშაობას, ხან ჯგუფურად, ხანაც – ინდივიდუალურად.

გთავაზობთ ერთ-ერთ ნიმუშს აქტივობათა სერიიდან – „ჩვენ ვართ მწერლები“ – მოსწავლეები ინდივიდუალურად ქმნიან საავტორო ტექსტებს, რომლებიც ერთ დიდ წიგნში აიკინძება.

ამ პროცესის მიმდინარეობა შემდეგნაირია:

  1. თავდაპირველად მოსწავლეები შეარჩევენ ტექსტის თემას;
  2. შემდეგ – ჟანრს (ზღაპარი, მოთხრობა, ლექსი);
  3. შემდეგ  მასწავლებელი ურიგებს მათ ფურცლებს, რომელზეც მოცემულია შეკითხვები, რომელთა დახმარებით მოსწავლეები იწყებენ ტექსტების შექმნას:

სად და როდის ხდება მოქმედება?

ვინ არის მთავარი პერსონაჟი?

როგორ გამოიყურება ის?

ვინ არის მთავარი პერსონაჟის მეგობარი?

ვინ არის მთავარი პერსონაჟის მოწინააღმდეგე?

რა მოხდა?

როგორ განვითარდა მოვლენები?

რას გრძნობენ პერსონაჟები?

როგორ დასრულდა ამბავი?

  1. მოსწავლეები იწყებენ წერას. შეკითხვების დახმარებით გადმოსცემენ საკუთარი თხზულების შინაარსს;
  2. წერის დასრულების შემდეგ ჩუმად კითხულობენ საკუთარ ნაწერს. საჭიროების შემთხვევაში ახდენენ გაუმართავი წინადადებების რედაქტირებას, ასწორებენ სასვენ ნიშნებს – აკეთებენ კორექტურას;
  3. ამის შემდეგ ნაწერებს აბარებენ მასწავლებელს, რომელიც  საბოლოო  კორექტირების  შემდეგ –  მეორე დღეს უბრუნებს მოსწავლეებს;
  4. მოსწავლეები ტექსტს სუფთად გადაწერენ ახალ ფურცელზე;
  5. შემდეგი ეტაპი არის ილუსტრაციების შექმნა  საკუთარი საავტორო ტექსტისთვის;
  6. შემდეგ თითოეული მოსწავლე ჩუმად კითხულობს საკუთარ ნაწერს, ემზადება საავტორო ტექსტის პრეზენტაციისთვის, რომელიც ამ აქტივობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, დამაგვირგვინებელი ეტაპია;
  7. პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები აფასებენ საკუთარ და თანაკლასელთა ნამუშევრებს. მსჯელობენ იმის შესახებ, თუ რა გააკეთეს კარგად, რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად.

 

მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად კინძავს ნამუშევრებს და აქცევს წიგნად, მისი ყველა მახასიათებლის გათვალისწინებით: ყდა, თავფურცელი, სარჩევი და ა. შ.

 

შექმნილი წიგნი საბოლოოდ განთავსდება საკლასო ბიბლიოთეკაში და პერიოდულად, თითოეულ მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, წაიღოს შინ და წაიკითხოს ის.

აღნიშნული აქტივობა შესაძლებელია განხორციელდეს იმგვარად, რომ თითოეულმა მოსწავლემ თხზულებისა და ილუსტრაციების შექმნისა და კორექტურის შემდეგ თავად აკინძოს ფურცლები, სუფთად გადაწეროს ტექსტი, გააფორმოს შესაბამისად წიგნის ყველა მახასიათებლისა და ტექსტის მაორგანიზებელი ელემენტის გათვალისწინებით და ამგვარად, თავად შექმნას თავისი საავტორო წიგნი.

 

განხორციელებული აქტივობის გამოყენება მოსწავლეებს უვითარებს:

  • წერა-კითხვისა და ზეპირმეტყველების;
  • ტექსტის დამოუკიდებლად შექმნის;
  • ტექსტის სტრუქტურული ელემენტების შერჩევის;
  • ლიტერატურული ტექსტის მიხედვით ილუსტრაციის შექმნის;
  • შემოქმედებითი, წარმოსახვითი, ფანტაზიისა და თვითგამოხატვის;
  • პრაქტიკული სამუშაოს შესრულების;
  • საკუთარი და სხვისი ნამუშევრის შეფასების უნარებს.

 

განხორციელებული აქტივობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დამყარდეს კავშირი სწავლასა და გართობას შორის.  ვფიქრობ, აქტივობა – ,,ჩვენ ვართ მწერლები“, სხვა აქტივობებთან ერთად,  ერთ-ერთი ნაბიჯია წიგნიერების განვითარების გზაზე.

როდესაც მოსწავლე საკუთარ თავს მწერლის ამპლუაში დაინახავს, ის მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება სხვა მწერლების ნაწარმოებების კითხვას.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული – G-PRIED 2015;

წიგნიერება – გამოცდების ეროვნული ცენტრი – 2008 წელი.

კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები

0

ისტორია, როგორც საზოგადოებრივი მეცნიერების ნაწილი, მოსწავლეებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სივრცეში თავისუფლად ორიენტირებასთან ერთად გაიაზრონ ისტორიული ეპოქა. საზოგადოებრივი მეცნიერებები ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას, რაც აუცილებელია მოზარდის თავისუფალ პიროვნებად და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებისათვის. საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლით ადამიანი სწავლობს პიროვნების პატივისცემასა და ადამიანის უფლებების დაცვას, საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შენარჩუნებას. ამ ყველაფრის განხორციელებაში დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება პედაგოგს, რადგან თითოეული საგაკვეთილო პროცესისათვის მან უნდა შეარჩიოს სწავლების სწორი მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ჩართავს მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში და ხელს შეუწყობს სამომავლოდ მისი პიროვნების ჩამოყალიბებას. მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობები და უფლებები დემოკრატიული საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის წინაშე.
ამ შემთხვევაში სწავლა-სწავლების მრავალი მეთოდიდან მნიშვნელოვნად მივიჩნევთ როლურ და სიტუაციურ თამაშებს, რომლებიც მოსწავლეებს ეხმარება და საშუალებას აძლევს, სხვადასხვა პოზიციიდან განიხილონ საკითხი და მკაფიოდ ჩამოაყალიბონ საკუთარი შეხედულება. ისტორიის გაკვეთილზე ჩემ მიერ VII კლასში გამოყენებული როლური თამაშის მეთოდი „ისტორიული პიროვნების იმიტირებული სასამართლო“ უკავშირდებოდა კონკრეტულ საგაკვეთილო თემას: ,,კარდინალ რიშელიეს მმართველობას საფრანგეთში“. მეთოდი გამოყენებულ იქნა გაკვეთილის მეორე ფაზაზე, მოსწავლეები გადანაწილდნენ სამ ჯგუფად (თავდაპირველად მოხალისეობის საფუძველზე სურვილის მიხედვით შერჩეულ იქნა 12 მონაწილე, ხოლო ამის შემდეგ „რიცხვების ტალღის“ მეშვეობით დანარჩენ ორ ჯგუფში). აქტივობა დაეფუძნა დემოკრატიულ პრინციპს: ჯგუფის ლიდერებმა წევრებთან ერთად თავად აირჩიეს ყუთები ფერების მიხედვით, რომლებშიც გადანაწილებული იყო დავალებები „დროში მოგზაურობის“ პრინციპით (მოხდა კონკრეტული ეპოქის გაცოცხლება, რიშელიე გასამართლდა თანამედროვე სასამართლო სისტემის საფუძველზე):
N1 ჯგუფი: შესწავლილი მასალა უნდა წარმოედგინათ შემდეგი სახით:
მოსწავლეები შესაძლებლობებიდან გამომდინარე ირჩევენ ჯგუფის იმ წევრს, რომელიც განასახიერებს ისტორიულ პიროვნებას, კერძოდ კი რიშელიეს, რომელიც უნდა გასამართლდეს. დავალების მიხედვით, რიშელიეს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ადვოკატი. ამავე ჯგუფმა უნდა აირჩიოს მოსამართლე (საერთო სასამართლოების თანამდებობის პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არჩეული ან დანიშნულია მოსამართლედ და ერთპიროვნულად ან კოლეგიის შემადგენლობაში ახორციელებს მართლმსაჯულებას) და პროკურორი – პირი, რომელიც სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი. მან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალი უნდა დასდოს რიშელიეს.
პროცესის დაწყების წინ მოსამართლე აუდიტორიას აცნობს საქმის ვითარებას, თუ ვინ არის კარდინალი რიშელიე, მისი წოდებითა თუ რეგალიებით; რაში ედება მას ბრალი, ასევე, წარადგენს მის დამცველს და ბრალმდებელს. რიშელიეს ეძლევა საშუალება დაიცვას თავი როგორც საკუთარი თავის, ასევე ადვოკატის მეშვეობით. რაც შეეხება ადვოკატს, არგუმენტირებულად აყალიბებს რიშელიეს გამამართლებელ ფაქტებს. ამ აქტივობით მოსწავლეები სწავლობენ კანონის უზენაესობას, ადამიანის სიცოცხლის უფლებისა და მისი ხელშეუხებლობის პატივისცემას, პარალელებს ავლებენ თანამედროვეობასთან.
N2 ჯგუფი: აღნიშნული ჯგუფი წარმოადგენს ნაფიც მსაჯულებს, ისინი არიან ხალხის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ მართლმსაჯულების განხორციელებაში. როგორც წესი, ქმნიან დამოუკიდებელ კოლეგიას, რომელიც ვერდიქტის გამოტანით წყვეტს მხოლოდ ბრალდებულის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის საკითხს. ბრალეულად ცნობის შემთხვევაში განაჩენს ადგენენ და სასჯელს ნიშნავენ პროფესიონალი მოსამართლეები, დამოუკიდებლად ან ნაფიც მსაჯულებთან ერთად. ამ ჯგუფის წარმომადგენელი მოსწავლეები უშუალოდ იღებენ ინფორმაციას ნაფიცი მსაჯულების შესახებ, კერძოდ, კი ეცნობიან აღნიშნული ინსტიტუტის დანიშნულებას, მათ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს საზოგადოების წინაშე. მოსწავლეებმა მასწავლებლისგან მიღებული ინსტრუქციით იციან, რომ ნაფიცი მსაჯულები ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, რომელთაც არ აქვთ იურიდიული განათლება. ისინი პროცესს აფასებენ და სასჯელს დებენ ბრალდებულს პიროვნული და ობიექტური შეფასებების, პროცესზე მოყვანილი ფაქტებისა თუ მტკიცებულებებიდან გამომდინარე ერთად მსჯელობის შემდეგ.
N3 ჯგუფი: ექსპერტთა ჯგუფი აფასებს N1, N2 ჯგუფების მიერ როლური თამაშის ფორმატში მოცემულ წარდგინებებს. ჯგუფი ყურადღებით აკვირდება, რამდენად თანმიმდევრულად ასრულებენ დავალებებს, დაშვებული იქნა თუ არა შეცდომები ისტორიული თარიღების და ფაქტების თვალსაზრისით, რა რჩევებს მისცემენ ორივე ჯგუფის წევრებს, ასევე აფასებენ აღნიშნული აქტივობის მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს მიღებული ცოდნის ტრანსფერს.
თვითშეფასება  და შეფასება ორივე მნიშვნელოვანი მეთოდია, რომელიც მოსწავლეს ეხმარება თავადვე შეაფასოს საკუთარი თავი, ასევე ჯგუფის წევრები. ის უფრო მეტად მოტივირებულს ხდის მოსწავლეს დასძლიოს დაბრკოლებები, გახდეს არა ცოდნის პასიური მიმღები, არამედ აქტიური, დამოუკიდებელი. ამ ჯგუფის მონაწილე მოსწავლეები სწავლობენ სწორ შეფასებას, რაც ხელს უწყობს ანალიზის, სწორი დასკვნების ჩამოყალიბების უნარს.
VII კლასის მოსწავლეებმა შეძლეს, დაედგათ მინი-სასამართლო პროცესი, სადაც აქტიურად ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში. სასამართლოს ჰყავდა მოსამართლე, რომელიც წარმართავდა პროცესს, ასევე – ბრალდებული კარდინალი რიშელიე, მისი ადვოკატი, ბრალმდებელი და ნაფიცი მსაჯულები.
„ისტორიული პიროვნების იმიტირებული სასამართლო“ – მეთოდის გამოყენებით მოსწავლეებმა იმსჯელეს რიშელიეს ვინაობის შესახებ, წარმოაჩინეს მისი უარყოფითი და დადებითი მხარეები, შეისწავლეს იმ დროის ისტორიული ვითარება, შეძლეს დამოუკიდებლად წარმოედგინათ ვითარება, დაეცვათ ბრალდებული და არგუმენტებით გაემყარებინათ თავიანთი მოსაზრებები, რომლის მიხედვითაც საბოლოოდ გამოუტანეს განაჩენი კარდინალს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რიშელიე არ დასაჯეს სიკვდილით და მის მიერ ჩადენილი ქმედებების გამო მოსამართლემ ნაფიც მსაჯულებთან ერთად მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, ვინაიდან წარმოდგენილი ბრალდებები მეტად მძიმე იყო.
როგორც ვხედავთ, აღნიშნული აქტივობა პრაქტიკულად ქმედითს ხდის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საბაზო საფეხურის მოსწავლეებში გათვალისწინებული უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობის პროცესს.
(ისტ. VII 4.) მოსწავლეს უნდა შეეძლოს ქვეყნის ისტორიაში პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე მსჯელობა.
შეძლოს შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა;
უნდა მოახდინოს ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია;
ადამიანის სიცოცხლის, ღირსებისა და უფლებების პატივისცემა;
ერთმანეთისადმი თანაგრძნობის, მზრუნველობის, ურთიერთთანამშრომლობის სწავლება.
ამასთანავე მინდა აღვნიშნო, რომ მოცემული აქტივობა ემსახურება მოსწავლეთა მოტივაციის, კომუნიკაციის, მოსმენის, თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განვითარებას.
ვფიქრობ, მსგავსი მეთოდით პერიოდულად საგაკვეთილო პროცესის წარმართვა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მოსწავლეს მიეცეს საშუალება თავისუფლად გამოხატოს აზრი და მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, ცოდნის ტრანსფერი.
მასწავლებლის საქმიანობა რთული და საპასუხისმგებლოა. მას ყოველდღიურად უწევს სწავლებისთვის საჭირო მეთოდებისა და სტრატეგიების შერჩევა, რომლებიც მოსწავლის არა მარტო ცოდნაზე, არამედ მოტივაციასა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეც არის ორიენტირებული. მოდელირების, ანუ თამაშით სწავლის გაკვეთილები სახალისოა, ხელს უწყობს ლოგიკური აზროვნებისა და კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის განვითარებას, ფაქტობრივი ცოდნის ათვისებას, აზროვნების გაფართოებას, განვლილი მასალის განმეორება-შეჯამებას, რაც წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში. აღნიშნული მეთოდი წარმატებით იქნა გამოყენებული მრავალრიცხოვან კლასში.
პედაგოგის მიერ გამოყენებული ხარაჩოს (სკაფოლდინგის) პრინციპი უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია, ვინაიდან, როდესაც ხარ ფასილიტატორი, მიმართულებას აძლევ მოსწავლეებს, დამოუკიდებლად შეძლონ ცოდნის კონსტრუირება. ვფიქრობ, აღნიშნული მეთოდი ხელს შეუწყობს მოსწავლე პასიური სწავლების პროცესიდან გადაიყვანოს აქტიური სწავლების ფაზაში. სწავლა-სწავლების პროცესი შედეგზე მაშინ გადის, როდესაც პედაგოგი პატივს სცემს მოსწავლეთა აზრს, ითვალისწინებს მათ დამოკიდებულებებს სწავლების პროცესში, ხელს უწყობს მათში ანალიტიკური უნარების განვითარებას.
ლიტერატურა:
1.საზოგადოებრივი მეცნიერებები, ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი
https://ncp.ge/ge/sazogadoebrivi-metsnierebebi/sazogadoebrivi-metsnierebebis-stsavlebis-miznebi-da-amotsanebi
2. გაკვეთილი-შეჯიბრება, როგორც თამაშით სწავლის აქტიური ფორმა, მაია ფირჩხაძე, 7 აგვისტო, 2013 წელი; https://mastsavlebeli.ge/?p=2302

3. Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი https://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=1819

შეფასება, როგორც მოსწავლის სასჯელი

0

სკოლიდან გახარებული დაბრუნდა. ტესტებში უმაღლესი კატეგორიის შეფასება მიუღია და აღფრთოვანებული იყო. მიზიარებდა ემოციებს, მიყვებოდა, რომ ერთი შეცდომაც არ ჰქონდა დაშვებული. ხო, კარგია – მეთქი. ზერელედ ვუთხარი და საქმე გავაგრძელე. თავისი აღტაცების შესაბამისი რეაქცია, რომ ვერ მიიღო, გაუკვირდა! შენ რა, არ გაგიხარდაო?! როგორ არ გამიხარდა, მაგრამ ქულების გარეშეც მჯეროდა, რომ იცოდი და დიდად მოულოდნელი არ ყოფილა-მეთქი.

რაღაც პერიოდის შემდეგ, უხასიათოდ მოვიდა სახლში. რომ ვკითხე ამბავი, ტესტში დაბალი ქულა მივიღე და ვნერვიულობო. რატომ ნერვიულობ, ტესტი გამოითხოვე, ნახე რა შეცდომები გაქვს დაშვებული და იმუშავე, რომ გამოასწორო-მეთქი.

– ანუ არ გაბრაზდი? –  მიყურებდა ალმაცერად.

– ქულების გამო რატომ უნდა გავბრაზდე? ბავშვი ხარ, სკოლაში იმიტომ დადიხარ, რომ ისწავლო; სწავლის პროცესში შეცდომებს დაუშვებ, ეს სრულიად ნორმაა და არაფერია გასაკვირი. მთავარია, შეცდომა გაანალიზო და გაიაზრო. თან არც ტესტი მინახავს, არ ვიცი რა სირთულის იყო, რამდენად ერგებოდა შენს გავლილ პროგრამას, რამდენი დრო გქონდა მოცემული დავალებების ამოსახსნელად და ა.შ. ქულების რაოდენობა ცოდნის გარდა ბევრ რამეზეა დამოკიდებული და ამის გამო ნერვების მოშლა არ ღირს. – ავუხსენი ჩემი სიმშვიდის საფუძველი.

– აუ, შენ რაღაც სხვანაირი დედა ხარ. არც კარგი ნიშნები გიხარია, არც ცუდი ნიშნები გწყინს. შეფასებას საერთოდ არ აქცევ ყურადღებას, რაღაც გამიმართლა მგონი! – გულზე მოეშვა და ჩამეხუტა.

მშობელთა დიდ ნაწილს სკოლაში შვილის წარმატების ერთადერთ ინდიკატორად  შეფასება მიაჩნია, კერძოდ ქულები/ნიშნები. რაც უფრო მაღალია ბავშვის აკადემიური მოსწრება ძირითად საგნობრივ კომპეტენციებში, მით უფრო ამაყია მშობელი. არადა შეფასება, ზოგადი განათლების სისტემის აქილევსის ქუსლია.

მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ მშობლების ინტერესი ფიქსირებულ შეფასებას არ სცილდება. გასაკვირი არც არის, რადგან სკოლა არ აფასებს მოსწავლის უნარებს, ღირსებებს, მორალს, ეთიკას.  რაც გაზომვადია, ეს არის საგნობრივი კომპტენციების ქულებით შეფასება. შესაბამისად, მშობლების ინტერესიც ქულებზე ფოკუსირდება.

ჩვენს რეალობაში ქულებს იმდენად დიდი დატვირთვა აქვს, რომ ზოგჯერ მოსწავლე მაღალი შეფასების მოპოვებაზე უფრო მეტ დროს და ენერგიას ხარჯავს, ვიდრე გააზრებულ სწავლაზე. ზოგიერთ მათგანს სხვა არჩევანი არც აქვს, რადგან მშობელი მისგან უპირობო ათოსანს მოითხოვს. დაწყებითი საფეხურიდანვე ამზადებს საბაზო საფეხურის ბოლოს მისაღები კომპიუტერისთვის, რომელსაც განათლების სამინისტრო ყველაზე წარჩინებულ მოსწავლეებს გადასცემს. თავის მხრივ, ზოგი მასწავლებელიც მათრახივით იქნევს ქულებს მოსწავლეთა დასასჯელად. შედეგად, უამრავი ბავშვი კერძოდ ემზადება რეპეტიტორთან და ამ ფორმით დახარჯული დროის და ფულის მიზანი, სწორედ მაღალი ნიშნების მიღებაა. წლები გადის დაბალი ნიშნების შიშში და არავინ ზომავს, როგორ მოქმედებს  მშობლებისა და მასწავლებლების არასწორი მიდგომები ბავშვების პიროვნულ განვითარებაზე.

მოსწავლის ობიექტური შეფასება, სკოლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ჩარჩო განმარტებების მიუხედავად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვერ ნახავთ ჩანაწერს, რა შემთხვევაში იწერება მაღალი (9-10 ქულა), საშუალოზე მაღალი (8-7 ქულა), საშუალო (6-5 ქულა), საშუალოზე დაბალი (4-3 ქულა) და დაბალი (2-1 ქულა) შეფასება. ის, რომ ყველა შესაძლო წვრილმანი განმარტებული არ არის, კარგია, რადგან გაკვეთილი ცოცხალი პროცესია და რაც ნაკლებ ჩარჩოში მოვაქცევთ, უკეთესია. თუმცა ამ მედალს მეორე მხარეც აქვს, რაც ყველა მოსწავლის მშობელმა/მეურვემ უნდა იცოდეს, მასწავლებელმა კი ზედმიწევნით შეასრულოს.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლეთა ქულებით შეფასება მე-5 კლასის II სემესტრიდან იწყება, მაგრამ არც თუ იშვიათად პედაგოგები ნიშნებით უფრო დაბალი კლასის მოსწავლეებსაც აფასებენ. მართალია, არაოფიციალურად, თუმცა ბიუროკრატიულ საკითხებს ბავშვებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ცდილობენ, მიიღონ კარგი ნიშნები და განიცდიან, როცა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, მიზანს ვერ აღწევენ. მეტიც, შეფასების სისტემაში არსებული ჩიხები  უარყოფითად მოქმედებს ბავშვის თვითშეფასებაზე, სწავლის მოტივაციასა და მასწავლებელი-მოსწავლე-მშობლის ურთიერთობებზე.

იმისთვის, რომ მოსწავლის ობიექტური შეფასება მოხდეს, თითოეულ გაკვეთილს თავისი მიზანი უნდა ჰქონდეს. მოსწავლემ წინასწარ უნდა იცოდეს, რას აფასებს მასწავლებელი. შეფასების კრიტერიუმები იმდენად მკაფიო უნდა იყოს, რომ ბავშვმა შეძლოს თავად დაადგინოს, რა ქულა მიიღო. თუმცა შეფასების კრიტერიუმების დადგენა იმ პირობებში, როცა პედაგოგს გაკვეთილის მიზანიც არ აქვს განსაზღვრული, წარმოუდგენელია.  მოსწავლეთა შეფასება, უმეტესად, მასწავლებლის სუბიექტური დამოკიდებულებით ხდება. ასეთ დროს პროფესიონალი პედაგოგის მიერ დაწერილმა შეფასებამაც კი შეიძლება უსამართლობის განცდა გამოიწვიოს მოსწავლეში.

მშობლები ხშირად დარწმუნებით ამბობენ, რომ მასწავლებელი მიკერძოებულად წერს ნიშნებს და ესა თუ ის ბავშვი ამოჩემებული ჰყავს. არგუმენტად მოაქვს, რომ გაკვეთილი წინა საღამოს თავად ჩაიბარა, პედაგოგმა მისი შვილი გამოკითხა და დაბალი ქულა დაუწერა. მშობლებმა არ იციან და არც არავინ უხსნით, რომ გაკვეთილზე სამი კატეგორიის ცოდნა მოწმდება: დეკლარაციული (მაგ., როცა მოსწავლემ იცის წესები, ფორმულები, განმარტებები .. ), პროცედურული (მაგ., წესებისა და ფორმულების მიხედვით ხსნის ამოცანებს, წერს თემებს..) და პირობისეული (მაგ., როცა მოსწავლე ნასწავლს ცხოვრებისეულ პრაქტიკაში იყენებს). თითოეულ გაკვეთილზე შეიძლება სხვადასხვა კომპონენტის შემოწმება ხდებოდეს. მასწავლებელი შეიძლება აფასებდეს, რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას. ასევე, რამდენად გააზრებულ და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად; რამდენად ახერხებს, ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენებას და ა.შ.

ბევრმა მოსწავლემ და მშობელმა არც ის იცის, რომ ქულებით ფასდება მხოლოდ მიმდინარე საშინაო დავალება, მიმდინარე საკლასო დავალება და შემაჯამებელი დავალება. მოსწავლის დისციპლინა გავლენას არ უნდა ახდენდეს ქულებზე, რადგან განმსაზვრელი შეფასების მიზანი არა მოსწავლის დასჯა ან გამოსწორება, არამედ სწავლა-სწავლების ხარისხის მართვაა. დისციპლინის გამო ქულის/ნიშნის დაკლება დაუშვებელია.

და ბოლოს, თუ გვინდა სკოლა ნამდვილად გახდეს ბავშვზე ორიენტირებული, მასწავლებელმა დაინახოს თავისი შრომის შედეგი, უკიდურესად მნიშვნელოვანია, მცირე დრო და ენერგია მშობლებთან სწორ და სისტემურ კომუნიკაციას დაეთმოს. მშობელმა ის მაინც უნდა იცოდეს, რომ მოსწავლის ნიშნებით და ქულებით შეფასებას განმსაზღვრელი შეფასება ჰქვია. პირველიდან მეოთხე კლასამდე და მეხუთე კლასის პირველ სემესტრში ამ ტიპის შეფასების გამოყენება დაუშვებელია. მითითებულ პერიოდში მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს, გამოიყენოს მხოლოდ განმავითარებელი შეფასება, რომლის ფორმაც ზეპირსიტყვიერი ან წერილობითი უკუკავშირი და სხვა სიმბოლური დატვირთვის მქონე სიმბოლოებია. მეხუთე კლასის მეორე სემესტრიდან სკოლა იწყებს მოსწავლის შეფასებას 1-დან 10-მდე ქულებით. თუმცა ნიშნები მხოლოდ საგნობრივ კომპეტენციებში იწერება. ბავშვის შესაძლებლობების შესაფასებლად კი გაცილებით მნიშვნელოვანია, ყურადღება დაეთმოს მის უნარებს, ადამიანურ თვისებებს, ღირსების გრძნობას, ეთიკის საკითხებს, თვითშეფასებას, მოქალაქეობრივ შეგნებას, კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას და ა.შ.

ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში არ წერია, რომ სკოლამ რეპეტიტორების დახმარებით მომზადებული ათოსანი მოსწავლეები უნდა გამოუშვას. სკოლის მიზანია, გაზარდოს კარგი მოქალაქეობრივი უნარებით აღჭურვილი განათლებული ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ კრიტიკული აზროვნება და გადაწყვეტილების მიღება.

ზოგჯერ მგონია, რომ ეს მიზნები აღარც მასწავლებლებს ახსოვთ და არც მშობლებმა იციან.

როცა ყველას ერთად ამდენი საქმე გვაქვს, ქულებზე მთელი აქცენტის გადატანა  მხოლოდ აზიანებს საერთო მიზანს. ბავშვებს არ უნდა ეშინოდეთ შეფასების. ქულებისთვის სწავლა მოსაბეზრებელია, დამღლელია, სტრესულია. გააზრებულად, საკუთარი თავისთვის სწავლა კი პროცესია, რომლითაც სიამოვნების მიღება შეიძლება.

ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ განათლება თავისუფლებაა.

ბაღდათელი მოსწავლეების მედიაკლუბი „Generation Z/ახალი თაობა“

0

თუ რამე ძალიან მოინდომე, აუცილებლად მიაღწევ. უბრალოდ, ბევრი უნდა იშრომო. სულ მინდოდა, ბავშვებისთვის საინტერესო პროექტი გამეკეთებინა, რომელშიც აქტიურად ჩაერთვებოდნენ და რომელიც მალე არ დასრულდებოდა. ამ იდეის ხორცშესხმაშიც მშვიდობის კორპუსის მოხალისე დამეხმარა, თუმცა თავიდან ვიდეოკამერები სულ სხვა მიზნით შევიძინეთ. თუმცა მოდი, თავიდან დავიწყებ…

გარდა იმისა, რომ სკოლაში ვასწავლი, ბაღდათის ინოვაციების ცენტრის მენეჯერადაც ვმუშაობ. მშვიდობის კორპუსის მოხალისე, სახელად რაიანი, ცენტრში 2015 წელს მოვიდა. ყოველთვის მზად იყო დასახმარებლად. იმ დროს ჩვენი ინოვაციების ცენტრი ტურიზმის განვითარების ფონდს ექვემდებარებოდა. გვინდოდა, ბაღდათის ტურისტული ადგილების პოპულარიზაციაში წვლილი შეგვეტანა და ამისთვის ტექნოლოგიებიც გამოგვეყენებინა. დავწერეთ პროექტი ვიდეოკამერებისა და ტრიპოდების შესაძენად, დავასაბუთეთ ყველა დეტალი, გავწერეთ ბიუჯეტი და რაიანმა თხოვნით მიმართა მშვიდობის კორპუსს, მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაეფინანსებინა ჩვენი პროექტი. მალე დადებითი პასუხიც მივიღეთ და შევიძინეთ Soni-ს ორი ვიდეოხკამერა, მიკროფონები და ტრიპოდები. მომდევნო ეტაპი იყო ტრენერის მოძიება, რომელიც ბავშვებს ვიდეოგადაღებასა და მონტაჟს ასწავლიდა. მივმართეთ ინოვაციების სააგენტოს. ვერავინ დაგვეხმარა. ადგილობრივმა ფოტო- და ვიდეოოპერატორებმაც უარი გვითხრეს. ამაო ძებნის შემდეგ ისევ ჩემს შვილს, რომელიც ერთი წელი ოპერატორობას სწავლობდა, ვთხოვე, ჩვენი ცენტრის მოსწავლეებისთვის ვიდეომონტაჟი და გადაღება ესწავლებინა. სიამოვნებით დამთანხმდა და სრულიად უსასყიდლოდ რამდენიმე კვირაში შეასწავლა ჩვენს ბიჭებს ვიდეოგადაღება და მონტაჟის ტექნიკა. ჩემმა ნიჭიერმა ბიჭებმაც ადვილად აითვისეს ყველაფერი. შემდეგ ისევ მოხდა ცვლილებები და ტურიზმის განვითარების ფონდი სხვა უწყებაში გადავიდა. არ მინდოდა, ბავშვების ცოდნა და ტექნიკა გამოუყენებელი დარჩენილიყო, ამიტომ ვიფიქრე, რომ დადგა დრო, დიდი ხნის ოცნება ამეხდინა და საბავშვო ინტერნეტტელევიზია დამეარსებინა.

მეორე დღეს სკოლაში კლასები ჩამოვიარე და ბავშვებს, რომლებსაც ჟურნალისტიკა აინტერესებდათ, ვთხოვე, ჩემთან მოსულიყვნენ პროექტის გასაცნობად. რა თქმა უნდა, ჩვენი ოპერატორი ბიჭებიც შემოგვიერთდნენ. ჩვენი გუნდი ბაღდათის მეორე საჯარო სკოლისა და დიმის საჯარო სკოლის მოსწავლეებს აერთიანებს. ბავშვებს ავუხსენი, რა მინდოდა და მათაც სიხარულით აიტაცეს იდეა. დავიწყეთ ფიქრი პროექტის სახელზე, ლოგოზე, მიზანზე, ფორმატზე. როდესაც ყველაფერზე შევთანხმდით, სახელიც მოვიფიქრეთ: Generation Z/ახალი თაობა. ლოგოც გავაკეთეთ პროფესიონალი პროგრამისტის დახმარებით, გადაცემის ქუდების გაკეთებაც ვისწავლეთ და სიუჟეტებიც დავგეგმეთ. ბავშვები დიდი მონდომებით შეუდგნენ ახალი „პროფესიის“ ათვისებას.

მეტი პროფესიონალიზმისთვის მათ თავიანთი სახელობის ბეიჯებიც დავუმზადე და მიკროფონიც გავაკეთეთ ჩვენივე ლოგოთი. ძალიან უხარიათ, მიკროფონით და კამერებით რომ გადიან გადასაღებად. ჩვენი მოხალისის დახმარებით ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი ნატალია ქაჯაია გვესტუმრა, ბავშვებს მასტერკლასი ჩაუტარა და გადაღების ტექნიკა ასწავლა. ბავშვებმა ძალიან კარგი გამოცდილება მიიღეს და ბევრი სპეციფიკური ტერმინიც ისწავლეს.

ჩვენი პირველი სიუჟეტი იყო ჩემი და რაიანის ვიდეომიმართვა ახალ პროექტთან დაკავშირებით. მას მოჰყვა რუბრიკები „კვირის დაიჯესტი“, „ნიჭიერი ბავშვები“, „სასკოლო პროექტები“, „ქუჩის გამოკითხვები“ და სხვა. რამდენიმე ხანში ისევ დავიწყეთ ფიქრი ბაღდათის ტურისტული პოტენციალის გაშუქებაზე, თანაც ინგლისურ ენაზე. გადავიღეთ სიუჟეტი კურორტ საირმის შესახებ, ბაღდათის ვლადიმირ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის შესახებ. ინგლისურ ენაზე სიუჟეტების მომზადების მიზანი იყო, ბავშვები ენას უკეთ დაუფლებოდნენ, გამოთქმა გაეუმჯობესებინათ და ლაპარაკის კომპლექსიც დაეძლიათ. ბოლო ხანს გაგვიჩნდა სურვილი, ახალგაზრდა მეწარმეებზე მოგვემზადებინა სიუჟეტი, რომელსაც ინგლისურ ტიტრებს დავადებდით. მოგზაურთა კლუბ „იაგუნდთან“ ერთად სოფელ ხანში ჩვენმა ბიჭებმა შესანიშნავი სიუჟეტი მოამზადეს ჭურის ყველის შესახებ „რუსთავი 2“-ის ოპერატორთან ერთად. ეს სიუჟეტი დიდი პოპულარობით სარგებლობს და ბევრი მოწონებაც აქვს.

https://www.facebook.com/GZtaoba/videos/385659322233368/

ახლახან დავიწყეთ პროექტი „ინტერვიუ სკოლის დირექტორებთან“. მუნიციპალიტეტის დირექტორები თავიანთი სკოლების წარმატებებსა თუ პრობლემებზე გვიყვებიან. გვაქვს ჩვენი პატარა სტუდიაც, სადაც სტუმრებს ვიწვევთ და ბიჭები იქვე ამონტაჟებენ გადაღებულ მასალას. ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო აშშ-ს კულტურის ატაშე იულიუს ცაიც, რომელიც აღფრთოვანებული დარჩა პატარა ოპერატორების და ჟურნალისტების მუშაობით და საელჩოშიც მიგვიწვია.

მოკლედ, ბავშვები დიდი სიამოვნებით არიან ჩართული ამ პროექტში, რომელსაც 10 მაისს ერთი წელი შეუსრულდება. ამ პროექტმა ისინი პროფესიულად გაზარდა. ბავშვები უფრო გახსნილები გახდნენ და ადვილად შედიან კონტაქტში ადამიანებთან. განუვითარდათ კრიტიკული აზროვნების უნარი და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება აღარ უჭირთ, ადვილად ახერხებენ უცხო გარემოში ადაპტაციას და აუღელვებლად მუშაობენ სტრესულ სიტუაციაში.

თუ დაგაინტერესებთ და ეწვევით ჩვენს გვერდს Generation Z/ახალი თაობა, აუცილებლად ნახეთ ჩვენი გუნდის გადაღებული სიუჟეტები, მოიწონეთ და გაუზიარეთ მეგობრებს.

ექსკურსია, როგორც სასწავლო მეთოდი

0

ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზანია მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბება; მისი აუცილებელი ცოდნით აღჭურვა და მათში კულტურულ ფასეულობათა პატივისცემის გრძნობის გაღვივება. ამ მიზნის მიღწევაში გადამწყვეტი როლი ენიჭება ზოგადსაგნმანათლებლო დაწესებულებას – სკოლას, რომელმაც მოსწავლეს უნდა განუვითაროს საკუთარი შესაძლებლობების მუდმივი განვითარება-გამოვლენის, ინფორმაციის მოპოვების, დახარისხების, ინტერპრეტაციისა და ტრანსფერის, დამოუკიდებლობისა და შემოქმედებითობის  უმნიშვნელოვანესი უნარები. ამ მიზნების მისაღწევად სწავლა-სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდები და სტრატეგიები გამოიყენება. მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო, მოსწავლეების მაღალი ჩართულობით გამორჩეული აქტივობაა სასწავლო ექსკურსია, რომელიც გარდა იმისა, რომ საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ვიზუალურად აღიქვან ესა თუ ის ობიექტი და საკლასო სივრცის გარეთ შეიგრძნონ და განიცადონ ნასწავლი მასალა, მათში მნიშვნელოვნად ავითარებს სოციალურ და თანამშრომლობით, სამუშაოს დაგეგმვისა და განხორციელების, დამოუკიდებლობისა და შემოქმედებით  უნარებს. ამავდროულად ექსკურსია საუკეთესო საშუალებაა პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისათვის.

ექსკურსია, როგორც სასწავლო მეთოდი, ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმის  პრინციპს:

  1. სწავლა-სწავლება ხელს უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებასა და ორგანიზებას (მოსწავლე ერთმანეთთან აკავშირებს სკოლაში და სკოლის გარეთ შეძენილ ცოდნას);
  2. მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს – მასწავლებელმა იცის, თუ როგორ სწავლობს მოსწავლე სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით და აცნობიერებს მათ მნიშვნელობას მოსწავლის ხელშესაწყობად. (ექსკურსია სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიაა სწავლის ხელშესაწყობად);
  3. მასწავლებელი აცნობიერებს პასუხისმგებლობას თითოეული მოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაზე (ექსკურსიის დროს მოსწავლეებს უვითარდებათ პიროვნული თვისებები, ზრუნავენ ერთმანეთზე, სხვადასხვა პიროვნებებთან ურთიერთობებით უვითარდებათ სოციალური უნარები).

შინაარსის მიხედვით ექსკურსიებს ყოფენ ორ ნაწილად: მიმოხილვითი და თემატური ექსკურსიები, თემატურს მიეკუთვნება – ისტორიული, ეკოლოგიური, ლიტერატურული, არქიტექტურული, ხელოვნებათმცოდნეობითი ექსკურსიები. ისტორიული თავის მხრივ მოიცავს მხარეთმცოდნეობით, არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, ისტორიულ-ბიოგრაფიულ და სხვა ექსკურსიებს. თითოეული თემა ნაცნობია და ექსკურსიაც, როგორც სასწავლო მეთოდი თითქოს სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ უმნიშვნელო ახალ ნიუანსსაც კი შეუძლია შეცვალოს და გააუმჯობესოს ექსკურსიის შინაარსობრივი და თემატური დატვირთვა.

მართლია ისტორია არ არის ერთადერთი სასწავლო დისციპლინა, რომლის სწავლასაც ხელს უწყობს ექსკურსია, მაგრამ, ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მეთოდი ისტორიის სწავლა-სწავლების პროცესში. სწორად დაგეგმილი და განხორციელებული სასკოლო ღონისძიება – თემატური ექსკურსიის სახით, ამა თუ იმ საკითხის ფუნდამენტურ შესწავლას, მოსწავლის თვალსაწიერის გაფართოებასა და მასში მრავალმხრივი უნარების განვითარებას გულისხმობს და პირდაპირ კავშირშია ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან, რომლის მიხედვითაც ისტორიის სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს: ხელი შეუწყოს მოსწავლის ჰუმანურ, პატრიოტ მოქალაქედ ჩამოყალიბებას და მასში ისტორიის კვლევისთვის საჭირო უნარების განვითარებას.

მინდა კოლეგებს მოკრძალებულად გავუზიარო ჩემი, როგორც ისტორიის მასწავლებლის გამოცდილება ამ კუთხით და შევთავაზო პრაქტიკაში ჩემ მიერ განხორციელებული ექსკურსიების არასრული ჩამონათვალი, რომელთა დაჯგუფებაც შემდეგნაირად გადავწყვიტე:

  1. ექსკურსია, რომელიც მოიცავს ორ ან მეტ თემას;
  2. ექსკურსია, სადაც მოსწავლე ასრულებს გიდის როლს;
  3. ექსკურსია – გადმოვიტანოთ მუზეუმი სასკოლო სივრცეში;
  4. დავგეგმოთ გაკვეთილი ექსკურსიის მასალებით.
  5. შინაარსობრივად საინტერესო და მრავალფეროვანი ექსკურსიები, რომლებიც აერთიანებს ორ ან მეტ თემას. ასეთი ექსკურსიები ხელს უწყობს როგორც ცოდნის გამდიდრებას, ასევე თანამშრომლობას სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს შორის და ინტერდისციპლინურ კავშირებს (ისტორია, ქართული, ხელოვნება, გეოგრაფია და სხვა…).
N მარშრუტი თემა  ობიექტი, რომლის ნახვაც  შევძელით მიზანი
1 საჩინო-დმანისი-ბოლნისი-საჩინო

 

ისტორია-(არქეოლოგია, ისტორიული-ბიოგრაფია) ლიტერატურა, არქიტექტურა დმანისის ნაქალაქარი, ბოლნისის

სიონი, დმანისის სიონი, სულხან-საბას სახლ-მუზეუმი.

მოსწავლეები გაეცნონ დმანისის ნაქალაქარს, არქეოლოგიურ განათხარ მასალას, ბოლნისის სიონის წარწერას, სულხან-საბას  ბიოგრაფიას.
2. საჩინო-თბილისი-საჩინო ისტორია-ეთნოგრაფია, არქეოლოგია, მხარეთმცოდნეობა, ლიტერატურა, ხელოვნებათმცოდნეობა თბილისის ეროვნული მუზეუმი, მთაწმინდის პანთეონი, დიდუბის პანთეონი მოზარდებმა დაათვალიერონ და ნაწილობრივ შეისწავლონ მუზეუმში განთავსებული მდიდარი მასალა, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი.
3. საჩინო-მესტია-საჩინო ისტორია-მხარეთმცოდნეობა, ეთნოგრაფია. ხელოვნებათმცოდნეობა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი გაეცნონ მხარის ისტორიასა და ეთნოგრაფიული საკითხებს, ხელოვნების ნიმუშების.
4. საჩინო-კახეთი ისტორია, ლიტერატურა არქიტექტურა, ისტორიული ბიოგრაფია დავით გარეჯი, გრემი, ალავერდი, ძველი და ახალი შუამთა, გურჯაანის ყველაწმინდა, ბოდბე, წინანდალი, ყვარელი გაეცნონ კახეთის ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და მათი არქიტექტურული სტილს, მოისმინონ ისტორიული პიროვნებების, მწერლების ბიოგრაფიები.
5. საჩინო-ვარძია ისტორია, არქიტექტურა, ლიტერატურა, ხელოვნებათმცოდნეობა კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, ვანის ქვაბები, ხერთვისის

ციხე, რაბათი. აწყურის ციხე

გაეცნონ ვარძიის ისტორიას, თამარის ფრესკის, ძეგლების არქიტექტურული სტილის მასალებს
6. საჩინო-უფლისციხე ისტორია, არქიტექტურა, ლიტერატურა, ხუროთმოძღვრება უფლისციხე, ყინწვისი, გორისციხე, ვარიანი, დაათვალიერონ კლდეში ნაკვეთი ქალაქი, გაეცნონ ხუროთმოძღვრების ძეგლის ყინწვისისა და თამარ მეფის ფრესკას.
7. საჩინო-სქური-ჯვარი ისტორია, ეკოლოგია კურორტი სქური, სქურჰესი, ენგურჰესი. მოემზადებიან სქურის, როგორც კურორტისა და მცირე ჰესის ადგილის შესასწავლად. დაათვალიერებენ ენგურჰესის კაშხალს,მოემზადებიან, ეკოლოგიური პრობლემების ანალიზისათვის.

 

  1. კიდევ უფრო მეტის მომცემი ხდება ექსკურსია, როცა მოსწავლე ითავსებს გიდის როლს. ამ ფუნქციის შესასრულებლად მოსწავლეს უწევს მოსანახულებელი ობიექტის სხვადასხვა ასპექტში დამუშავება, ინფორმაციის მოძიება, დახარისხება გადმოცემა, ითავისებს დავალებას მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით და თავს კომფორტულად გრძნობს გიდის როლში. ამ ტიპის ექსკურსია მოვაწყვეთ მეზობელ რაიონში ჩხოროწყუში, რომლისთვისაც თანატოლების რეკომენდაციით შევარჩიეთ მოსწავლე – გიდი, მე-9 კლასის მოსწავლე გიორგი ბერიშვილი დაუკავშირდა ჩხოროწყუს ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომელს სპალეოლოგ იგორ ფიჩხაიას, მოიძია მასალები და გაგვაცნო მუზეუმი და ამ მხარეში მდებარე მღვიმეების კომპლექსი. https://www.blogger.com/blogger.g?tab=mj&blogID=7373221958420762354#editor/target=post;postID=3587922626872934650;onPublishedMenu=allposts;onClosedMenu=allposts;postNum=0;src=postname
  2. ხშირად პრობლემას წარმოადგენს ექსკურსიაში ყველა მოსწავლის ჩართვა. ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზაა, მოსწავლის ან მოსწავლეთა ჯგუფის მიერ საექსკურსიო მასალის სასკოლო სივრცეში გადმოტანა სხვადასხვა საშუალების გამოყენებით. „გადმოვიტანოთ მუზეუმი სკოლაში“ ამ სახელწოდებით მომზადებულმა მე-9 კლასელთა პრეზენტაციამ პროექტ „კოლხური ოდაბადეს“ ფარგლებში ნათელი წარმოდგენა შეუქმნა აუდიტორიას ეთნოგრაფიულ მუზეუმში განთავსებულ მასალებზე. https://www.blogger.com/blogger.g?tab=mj&blogID=7373221958420762354#editor/target=post;postID=4468990964910956857;onPublishedMenu=allposts;onClosedMenu=allposts;postNum=2;src=postname
  3. არანაკლებ საინტერესოა ექსკურსია – რომლის საფუძველზეც იგეგმება გაკვეთილი, მსვლელობისას ნანახი ისტორიული ობიექტების ირგვლივ ინფორმაციის ან კიდევ ექსკურსიის მასალებით შექმნილი რესურსის გამოყენებით.

ისტორიულ-ბიოგრაფიულ თემას შეეხება სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმში ვიზიტის შემდეგ დაგეგმილი და ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი „ვახტანგ VI   და სულხან-საბა“.

https://fiqriakvirikadze2.blogspot.com/p/blog-page_19.html

ექსკურსია ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისთვის საინტერესო და საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელი აქტივობა, რომელიც არა მარტო თვალსაწიერის გაფართოების, არამედ ინფორმაციის აღქმის, ანალიზისა და სხვადასხვა სახით წარმოდგენის, შესასწავლი საკითხის მიმართ ინტერესის აღძვრის, სოციალური და თანამშრომლობითი უნარების განვითარების საუკეთესო საშუალებაცაა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა;
  2. კანონი ზოგადი განათლების შესახებ;
  3. ეტალონი.ჯი – მაია თათეშვილი, რა გავლენას ახდენს სასკოლო ექსკურსიები მოსწავლეებზე.https://www.etaloni.ge/geo/main/index/912;
  4. მასწავლებლის გზამკვლევი: ექსკურსიის მომზადება, ექსკურსიის ჩატარება.

აზროვნების  განვითარების  აქტივობები  ფიზიკის  გაკვეთილზე.

0

როგორ  განვუვითაროთ  მოსწავლეს  აზროვნება?  რა  პროცესებია  საჭირო  აზროვნების  ჩამოყალიბება- განვითარებისათვის?  ეს  საკითხი  ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესია პედაგოგებისთვის,  ასევე  უპირველესი  ამოცანაა   ფსიქოლოგებისთვის.      სააზროვნო  (შემეცნებითი)  უნარები  ის  საშუალებებია, რომლებიც  დაეხმარება  მასწავლებელს,  უკეთ  დაგეგმოს  სწავლების  პროცესი  და  მოახდინოს  მოსწავლის  აზროვნების  აქტივიზაცია.   ბლუმმა  1956წ. შეიმუშავა  სააზროვნო  (შემეცნებითი)  უნარების  კლასიფიკაცია (დაჯგუფება)- მან    გამოყო  აზროვნების  ზედა  და  ქვედა  დონეები  და  თითოეულ  დონეს  შეუსაბამა  სამ-სამი საფეხური.  ქვედა  დონე–ცოდნა,  გაგება, გამოყენება.  ზედა  დონე–ანალიზი,  სინთეზი,  შეფასება.  აზროვნების  ყოველ  საფეხურზე  გადასვლისას  ის  რთულდება  და  ყოველი  ზემდგომი  საფეხურის  გავლისათვის  აუცილებელია  ქვემდგომი  საფეხურის (ების)  გავლა.

ბლუმის  სააზროვნო  უნარების  კლასიფიკაცია  სქემატურად  შემდეგი  სახით შეიძლება  წარმოვიდგინოთ. (ნახ. 1  ბლუმის  ტაქსონომია).

ნახ.  1

განვიხილოთ  აზროვნების  დონეებისა  და  საფეხურების  გავლა  ფიზიკის  გაკვეთილზე  ერთი  ამოცანის  განხილვის  საფუძველზე.

    ამოცანის  პირობა;  გვაქვს  ორი  ერთნაირი  გამჭვირვალე  ჭიქა . თითოეულში  ასხია  ტოლი  250გ.  მასის  ცივი -00C   (ჭიქა N 1)  და  თბილი  500C   (ჭიქა N 2) ტემპერატურის  წყლები.

ამოცანის  პირობა  უცვლელია, იცვლება  მისი  მოთხოვნილება, შესაბამისად  იცვლება  მისი ამოხსნის  სიძნელის  ხარისხი,  რისთვისაც  გავივლით  ტაქსონომიის  თითოეულ  საფეხურს.

      I -ეტაპი:  ცოდნა– ნიშნავს რაიმეს  შესახებ  ინფორმაციის  ქონას  და  რაიმე  საქმის  ან  ქმედების  შესასრულებლად  საჭირო  ხერხების  ფლობას.

ამოცანის  მოთხოვნა  1.  არა  გვაქვს  არავითარი  ხელსაწყო,  როგორ  დავადგინოთ,  რომელშია  ცივი  და  თბილი  წყალი? (უშუალო  კონტაქტის  გზა).

პასუხის  შესაძლო  ვარიანტები:  ა)  შევეხოთ  ხელით  ჭიქას  და ადვილად  დავადგენთ,  რომელშია  ცივი  და  თბილი  წყალი.  ბ)  ამოცანის  გადაწყვეტა  შესაძლებელია რომელიმე  ჭიქაში  არსებულ  წყალში  თითის  ერთხელ  ჩაყოფით.

ცხადია,  ამ  კითხვაზე  პასუხს  გასცემს  ნებისმიერი  მოსწავლე.  როცა  ეს ამოცანა  გავაცანი  სსსმ-ის  მოსწავლეს,  მან  დაუფიქრებლად  უპასუხა  ამ  კითხვას. აქ  არ  არის  საჭირო  წიგნიერი  ცოდნა, ეს  ცოდნა მას  მიღებული  აქვს  პრაქტიკული  ცხოვრებიდან  და არ  სჭირდება  მისი  წიგნიდან  წაკითხვა , ესაა  ის  საბაზისო  ცოდნა, რომელზეც  მიუთითებს  ბლუმი.

II -ეტაპი  გაგება– არის  ნასწავლი  მასალის  მნიშვნელობაზე  წვდომა

ამოცანის  მოთხოვნა  2.  შესაძლოა  თუ  არა,  შეხებისა  და  ხელსაწყოების  გამოყენების  გარეშე  დავადგინოთ,  რომელ   ჭიქაშია   ცივი  ან  თბილი  წყალი(გარეგანი  დაკვირვების  გზა)?

ამოცანის  გადაწყვეტა  ასეთი  პირობით  მოითხოვს  ფიზიკური  მოვლენის  კარგ  ცოდნას,  მოსწავლემ  უნდა  იცოდეს  და  შეეძლოს დაკვირვება  კონდენსაციის  მოვლენაზე,  იცნობდეს  სითბური  გაფართოების  ეფექტებს.

ამოხსნის  ვარიანტებია:  ა) შევხედოთ  ორივე  ჭიქას  გვერდიდან.  იმ  ჭიქის  გარე  ზედაპირზე,  რომელშიც  ცივი  წყალია,  შეიმჩნევა  „ცვარი“, ჭირხლი  (ზედაპირი  დანამულია). მიზეზი– ჭიქის  გარშემოკრული  ჰაერის  შემადგენლობაში  არსებული  წყლის  ორთქლი  ხდება  გამაჯერებელი.

ბ)  თუ  ჭიქებს  ახლოს  მივიტანთ  ერთმანეთთან,  მაშინ  იმ  ჭიქაში,  რომელშიც  თბილი  წყალია,    წყლის დონე  იქნება  უფრო  მაღალი  (გათბობისას  სხეულის  ზომები  იზრდება).  თუმც  ეს  მოვლენა  შედარებით  ძნელად  დასაკვირვებელია.

გვაქვს  ჰეტეროგენული  მოტივაციის  მაგალითი. ეტაპებია:  ცოდნა,  გაგება.

III-ეტაპი  გამოყენება–გულისხმობს ადრე  ათვისებული  ცოდნის  გამოყენებას, მისი  დასკვნებისა  და  შედეგების  მოხმარებას.   

ამოცანის  მოთხოვნა  3.    შეხების  გარეშე  ხელსაწყოს  ერთხელ  გამოყენებით  გავარჩიოთ   ერთმანეთისაგან  რომელ  ჭიქაშია  ცივი  ან  თბილი  წყალი(ხელსაწყოს  გამოყენების  გზა).

მოთხოვნის  გადაწყვეტისათვის  აუცილებელია  მოსწავლემ  იცოდეს  თერმომეტრის  გამოყენება. სითბოგამტარობის  და  დიფუზიის  მოვლენებზე  დაკვირვება,  მათი  პრაქტიკული  გამოყენება.

ამოხსნის  ვარიანტები:  ა)  პასუხი  პრაქტიკულია.  მოსწავლე  განსაზღვრავს  წყლის  გათბობის  ხარისხს,   ჩადებს  თერმომეტრს  რომელიმე  ჭიქაში  და  გაზომავს  წყლის  ტემპერატურას.

ბ)  ლითონის  გამტარი  (ალუმინი,   სპილენძი …) მოვღუნოთ  900 -იანი  კუთხით, ერთი  ბოლო  ჩავდოთ   წყალში,  მეორეზე  მივამაგროთ  პლასტელინის  ბურთულები  წვრილი  ლურსმნებით,  მაშინ  თბილ  წყალში  ჩაშვებული  ლითონის  ღეროდან  უფრო  ადრე  მოწყდება  ბურთულები,  რითაც  მივხვდებით,  რომელშია  თბილი  და  ცივი  წყალი.

გ)   ჩავასხათ  ჭიქებში  ფერადი  სითხე  (მაგ. ჩაის  ნაყენი)  და  დავაკვირდეთ  დიფუზიის  სიჩქარეს,  რომელ  ჭიქაშიც  ის  უფრო  სწრაფად  მოხდება,  იქ  იქნება  თბილი  წყალი.

ამ  ეტაპზე  მოსწავლეს   სჭირდება-  ცოდნა , გაგება  და  გამოყენების  უნარები.

IV- ეტაპი. ანალიზი — სააზროვნო  უნარ–ჩვევაა,  რომლის  დროსაც  ხდება  მთლიანი  საგნის  ან  მოვლენის  ცალკე  ნაწილების,  მხარეების და  თვისებების  გამოყოფა.

ამოცანის  მოთხოვნა  4.  განსაზღვრეთ  სითბოს  რაოდენობა,  რომელიც  საჭიროა  ცივი  და  თბილი  წყლების:

ა) ერთი და იგივე  ტემპერატურით  გასათბობად;

ბ) 75 0C-მდე  გასათბობად.

რომელ  წყალს  დასჭირდება  მეტი  სითბო  და  რამდენჯერ?

ამ  მოთხოვნის  გადაწყვეტისათვის   მოსწავლემ  უნდა  მოახდინოს  ჭიქებში  არსებული  წყლის: ა) ერთი და იგივე  ტემპერატურით  გათბობისათვის საჭირო  სითბოს  რაოდენობის  შეფასება.  ბ) გამოთვალოს  თითოეულ ჭიქაში  წყლის  75 0C-მდე  გათბობისათვის  საჭირო სითბოს  რაოდენობები  და შეადაროს  ისინი  ერთმანეთს.

პასუხის  შესაძლო  ვარიანტები:  ა) რადგანაც  წყლები  ტოლი  მასისაა, ამიტომ  სითბოს  რაოდენობა მხოლოდ  ტემპერატურის  ცვლილების  პროპორციულია.  და  მათი  ერთი და იმავე  ტემპერატურით  გათბობისათვის  დაგვჭირდება  სითბოს  ერთი და იგივე  რაოდენობა.

ბ) თითოეული  სითხის 75 0C-მდე  გასათბობად  საჭიროა:  ცივისათვის – Q1=C m(750C – 00C).

ცხელისთვის – Q2=C m(750C – 500C). ამიტომ     = 3.

ბ)-ს  პასუხი  ასეც  შეგვეძლო  მიგვეღო.  თუკი  თბილი  წყალი  უნდა  გათბეს  25 0C-თი,(50 0C-დან    75 0C -მდე)  და ცივი  75 0C-ით.  (75 0C -დან   -00C -მდე).  ცხადია,  ცივ  წყალს  დასჭირდება  3 – ჯერ  მეტი  სითბო  ვიდრე  თბილს.

ანალიზის  უნარისათვის  საინტერესოა  ასეთი  ვარიანტიც, თუ  ამოცანის მოთხოვნა  იქნებოდა.

41    სითბოს რა რაოდენობაა „საჭირო“,  რომ  ჭიქებში  წყლის  ტემპერატურა  შევცვალოთ   25 0C-ით?

ამ  ამოცანის  შინაარსს  სჭირდება  საკმაოდ  ღრმა  ანალიზი.   კონკრეტულად:

ა) თუ  სითხეებს  გადავცემთ სითბოს, მაშინ  ორივე  ჭიქას  უნდა  გადაეცეს  ტოლი  სითბოს  რაოდენობა.

Q=C m(t20C—t10C) =4200. 0,25 .25 =26,25კჯ.

ბ) თუ  თბილ  წყალს  ავართმევთ   სითბოს  მაშინ:      Q1=C m(t20C—t10C)  =26,25კჯ.

თუ  0 0C-ის  ტემპერატურის  წყალს  ავართმევთ  სითბოს  მისი  -25 0C-მდე    გაციებისთვის,   მაშინ;

Q=r m +Cm(00C – (-250C))= r m +Cm 250C=3,4. 105  0,25 + 2100. 0,25 .25= 105ჯ =100კჯ..

( აქ    r=3,4. 105    ყინულის  დნობის  კუთრი  სითბოა             C= 2100   ყინულის კუთრი სითბოტევადობაა)

ამოცანის  ამოხსნისას  ჩანს  პირობისა  და  პროცესის  ანალიზის  ღრმა  ცოდნა,  მოსწავლეს  შეუძლია  მოვლენათა  ანალიზი, პროცესის  თვისებრივი  და  რაოდენობრივი  შეფასება.

( აქ  გვაქვს _  ცოდნა-გაგება-გამოყენება-ანალიზი_  უნარების  ფლობა.)

V  ეტაპი.  სინთეზი– სააზროვნო  უნარ–ჩვევაა,  რომელიც  გულისხმობს ცალკე  მოცემული  ელემენტებისაგან (მოვლენის  ცალკეული  თვისებებით) გონებაში  მოვახდინოთ მათი გაერთიანება ახალი სტრუქტურული  მთლიანობის  სახით. (ამ აზრით სინთეზი  ანალიზის საწინააღმდეგო პროცესია).

ამოცანის  მოთხოვნა  5.  როგორ  განვსაზღვროთ  ჭიქებში  სითხეთა ტემპერატურა?  რას  ემყარება  თერმომეტრის  მოქმედების  პრინციპი?  გამოთქვით  ვარაუდი,  როგორი  იქნება  ტემპერატურა  სითხეთა  შერევისას  (ეს შეიძლება  მივაკუთვნოთ  გონებრივ  იერიშის პროცესს)?

მოსწავლეს უნდა  შეეძლოს  ტემპერატურის  გაზომვა თერმომეტრით, გონებაში  სითბოცვლის  პროცესის გაანალიზება, ივარაუდოს  შედეგი,  რაოდენობრივი  გათვლებით დარწმუნდეს  თავის  ვარაუდში.

პასუხი:  ტემპერატურას  განსაზღვრავენ  თერმომეტრით.  თერმომეტრის  მოქმედების  პრინციპი  ემყარება  გათბობისას  სხეულის  გაფართოების  პრინციპს  (00C  –ყინულის  დნობის  ტემპერატურაა,   1000C –წყლის  დუღილს).

სითბური  ბალანსის  განტოლების  შედგენით  გამოითვლება  ნარევის  ტემპერატურა.  მაგრამ  ამ  შემთხვევაში  შეიძლება  დავასკვნათ,  რომ  ნარევის  ტემპერატურა  იქნება  250C .  ცივი  წყალი  ღებულობს  იმდენ  სითბოს,  რამდენსაც  გასცემს  თბილი, ვინაიდან  წყალთა  მასები  ტოლია,  ნარევის  ტემპერატურა  იქნება–  250C.  ამ  ამოცანის  ამოხსნის  შემდეგ  შეიძლება  გაჩნდეს  კითხვები.

  1. შეიძლება  თუ არა,  ნარევის  ტემპერატურა  იყოს:  ა) 230C,     ბ) 250C,    გ) 280C.  თუ  ცივი  წყლის  მასა   მეტია  თბილი  მასაზე?
  2. შეიძლება თუ არა,  ნარევის  ტემპერატურა  იყოს:  ა) 230C,     ბ) 250C,    გ) 280C.  თუ  ცივი  წყლის  მასა    ნაკლებია  თბილი  მასაზე?

სინთეზის  ეტაპისათვის  საინტერესოა იგივე  ამოცანა ასეთი  კითხვებით.

51   რა  არის  ტემპერატურის  ფიზიკური  არსი? რომელ ჭიქაში მყოფ  წყალს  აქვს  მეტი  შინაგანი  ენერგია  და  რამდენით?

ამ  ამოცანის  ამოხსნისათვის  საჭიროა  ცოდნა,  გაგება,  გამოყენება   ანალიზისა და სინთეზის    კარგი  უნარი.

ისტორიული  ექსკურსი.  ტემპერატურის  გაზომვას  ადამიანი  ახერხებს  მე-17-ე  საუკუნიდან,  ხოლო  ტემპერატურის  რაობა  გაირკვა  მე-19-ე  საუკუნეში,  როცა  დამუშავდა  მკთ–თეორია.

არსი  ასეთია.  ტემპერატურით  განისაზღვრება  ნივთიერების  შემადგენელი  ნაწილაკების  ქაოსური  მოძრაობის  საშუალო  ენერგიის  ზომა.   მოძრაობის  საშუალო  ენერგია  საშუალო  კვადრატული  სიჩქარის  პროპორციულია (E  V2 ),  ხოლო   საშუალო  კვადრატული  სიჩქარე  ტემპერატურის  (V2  T).  მაშინ,  რა  იქნება,  თუ  მოლეკულების  საშუალო  კვადრატული  სიჩქარე  გახდება  0-ის  ტოლი?   გამოთვლებით  დადგინდა,  რომ  ასეთი ტემპერატურა  ცელსიუსის  სკალის  მიხედვით  არის  -273,160C .  თუკი  ამ  ტემპერატურას  მივიღებთ  0- ად  (საწყისად) თერმომეტრის  -273 0C შეუსაბამებთ– 00C   მაშინ  ასეთ  თერმომეტრზე  არ  აღირიცხება  უარყოფითი  ტემპერატურა,  ამიტომაც  ასეთ  თერმომეტრებს  ეწოდებათ  აბსოლუტური   ტემპერატურის  სკალიანი  თერმომეტრები. კავშირი  ცელსიუსისა  და  კელვინის  სკალით  განსაზღვრულ  ტემპერატურებს  შორის  ასეთია :

T K=t0C +2730.

შინაგანი  ენერგია  მეტი  აქვს  ჭიქას,  რომელშიც  50 0C  ტემპერატურის  წყალია.

ჩვენი  ამოცანის  პირობიდან  გამომდინარე  ტემპერატურათა  ცვლილება  მცირეა,  ამიტომ  ურთიერთქმედების  ენერგია  პრაქტიკულად  ერთნაირია  (II- ეტაპი    ბ) ნაწილი)  და  შინაგანი  ენერგია  იქნება  მხოლოდ  T-ტემპერატურაზე  დამოკიდებული.  რის  გამოც  შინაგანი  ენერგიის  ცვლილება ასე  განისაზღვრება :

∆U=C m(t20C—t10C) =4200. 0,25 . 50 =52,5კჯ.

(ეს ჰეტეროგენული  მოტივაციაა,  კარგად  ჩანს  ცოდნა-გაგება-გამოყენება-ანალიზისა და სინთეზის  უნარები.)

VI  ეტაპი  შეფასება–  სააზროვნო  უნარ–ჩვევაა,  ზოგადად იგი  გულისხმობს  არჩეული  კრიტერიუმების  გარკვეული  კატეგორიებისადმი  მიკუთვნებას,  რაიმე  მოვლენაზე  დაყრდნობით  მსჯელობას  და დასკვნების  გამოტანას.

შეფასების ეტაპისათვის ამოცანის  მოთხოვნა  შეიძლება  იყოს:

ამოცანის  მოთხოვნა  6.      სითხეთა  ტემპერატურა  შეიცვალა  25 0C-თი,  როგორ  შეიცვალა  მათი  სითბოს  რაოდენობა?

პასუხი:  კითხვის  ასე დასმა  ყოვლად  გაუმართლებელია,  ვინაიდან  ის  არ  ასახავს  რეალურ პროცესს.  სითბოს  ცვლილებითაა  განპირობებული  ტემპერატურათა  ცვლილება  და  არა  პირიქით.  ამრიგად,  რეალური  პროცესის  მიმდინარეობა  ასეთია:

მაშინ  როგორ  დავსვათ  სწორად  კითხვა?    პასუხია:

როგორი სითბოს რაოდენობა მიიღო ან გასცა სითხემ, თუ მისი  ტემპერატურა  შეიცვალა  25 0C-ით?          ან:

სითხის  ტემპერატურა  შეიცვალა  25 0C-თი,  როგორი  სითბოს  რაოდენობა  მიიღო  ან  გასცა  მან?

შეიძლება  ამოცანის  მოთხოვნა  ასეც  ჩამოყალიბდეს;

სითხეთა  ტემპერატურა  შეიცვალა  25 0C-თი,  როგორ  შეიცვალა  მათი  შინაგანი  ენერგია?

(აქ  ჰეტეროგენული  მოტივაცია,  გვაქვს  ცოდნა-გაგება-გამოყენება-ანალიზის –  სინთეზის  და შეფასების     უნარების  გამოყენების  მაგალითები.)

 

სტატიაში  ფიზიკის ერთი მარტივი ამოცანაა აღებული და თითოეული სააზროვნო საფეხურის გავლისას არ იცვლება ამოცანის პირობა, მაგრამ აზროვნების სიძნელის შესაბამისად იცვლება მისი სირთულე. ამოცანის თითოეული საფეხურის გავლისას აქვს მოთხოვნის შესაბამისი ამოხსნები ( თითოეულ საფეხურზე ამოხსნის რამდენიმე ვარიანტია) ამოხსნები ისეა შერჩეული, რომ ის შეიძლება პრაქტიკული გამოცდილებითაც გადავწყვიტოთ. საინტერესოდაა ნაჩვენები აზროვნების ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლის მომენტი და შესაბამისად, როგორ იზრდება ფიზიკურ მოვლენებზე წვდომის სიღრმე.

 

ლიტერატურა:

  1. მელიქიშვილი მ. „კონსტრუქტივიზმი“- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი-2012 წ.
  2. ჭანტურია თ. „მრავალმხრივი ინტელექტის თეორია“მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი-2012 წ.
  3. ჭაღიაშვილი თ. „ჰუმანისტური თეორია“მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი-2012 წ.
  4. Dewey J. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი-2012 წ.
  5. Llewellyn D. Teaching high school science through inquiry: A case study approach. Corwin Press USA. (2005)

 

 

 

 

 

მესამე სამეცნიერო კონფერენცია- „განათლება გლობალური და ციფრული მოქალაქეობისათვის“.

0

ძვირფასო კოლეგებო,

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საინფორმაციო საგანმანათლებლო რესურსების,  სამეცნიერო რეფერირებადი  ჟურნალის „განათლების მეცნიერების“ პროგრამის ფარგლებში, 2019 წლის 19 ოქტომბერს, ატარებს მესამე სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „განათლება გლობალური და ციფრული მოქალაქეობისთვის“.

განათლების მეცნიერების მკვლევრებს ექნებათ შესაძლებლობა, კოლეგებს  გაუზიარონ კვლევის შედეგები,   საერთაშორისო და  პირადი გამოცდილება   განათლების მნიშვნელობაზე გლობალური და ციფრული მოქალაქეობისთვის  და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში მათთვის საინტერესო საკითხებზე.

კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული.

მოხსენება შესაძლებელია წარმოადგინოთ, როგორც  ზეპირი ასევე  პოსტერული სახით. კონფერენციის სტატიები გამოქვეყნდება მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში – „განათლების მეცნიერება“, jes.org.ge.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ კონფერენციის საიტი :

სამეცნიერო “კონფერენცია-განათლება გლობალური და ციფრული მოქალაქეობისათვის”

როგორ ვაქციოთ მოსწავლის ინტერესები სასწავლო პროექტად

0

მოსწავლეები ხშირად აპროტესტებენ რომელიმე საგნის სწავლას, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მათ არ დასჭირდებათ, ვერაფერში გამოიყენებენ, ან უბრალოდ, ის ყველაფერი, რასაც სკოლაში სთავაზობენ, არ აინტერესებთ. ასევე, შესაძლოა, ზოგადად, სასწავლო პროცესი, სასკოლო ცხოვრების ყოველდღიურობა მათთვის მოსაწყენი იყოს.

განწყობას კი დიდი მნიშვნელობა აქვს. მოსწავლეებში სწავლის მოტივაციისა და ენთუზიაზმის მაღალი დონე მათი წარმატების საფუძველია.  მასწავლებელზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. რას და როგორ შესთავაზებს მოსწავლეებს მათი ინტერესებიდან გამომდინარე, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოს და მათ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები განუვითაროს.

სულ ვცდილობ, საკუთარი თავი ჩემი მოსწავლეების ადგილას წარმოვიდგინო, მათი ფიქრებით ვიფიქრო და მათი აზროვნებით ვიაზროვნო. ერთ საღამოს მომივიდა იდეა, რომ ჩემი მოსწავლეებისთვის შემეთავაზებინა პროექტი, რომელიც მათი ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელდებოდა. მინდა, გაგიზიაროთ ამ წამოწყების შესახებ, რადგან მან ძალიან წარმატებული შედეგი გამოიღო.

პროექტის სახელწოდება: ,,ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს“.

პროექტის მიზანი: მოსწავლეებში ინფორმაციის მოძიების, შეგროვების, დახარისხების, პრეზენტაციის, აუდიტორიის წინაშე გამოსვლის, შემოქმედებითი, სათქმელის არგუმენტირებულად გადმოცემის უნარ-ჩვევების განვითარება.

პროექტის აღწერილობა:

ბავშვებს ვთხოვე, დაეწერათ ერთი კითხვა, რომელზე პასუხიც ყველაზე მეტად აინტერესებდათ და რომლის შესახებ ინფორმაციის მოსმენაც არასდროს მობეზრდებოდათ. კითხვა შეიძლებოდა ყოფილიყო არასასკოლო მასალიდანაც.  მათ ძალიან საინტერესო შეკითხვები ჩამოწერეს:

  • როგორ იზრდება ფრჩხილი?
  • როგორ მზადდება ბარბი?
  • როგორ არის წიგნებში ასეთი ლამაზი ნაწერი?
  • როგორ იცვლება ადამიანი, როცა იზრდება?
  • როგორ შემიძლია ვიყო ,,ფლეშივით” სწრაფი?
  • როგორ მზადდება წიგნის ყდა?
  • როგორ იზრდება ხე?
  • არსებობენ თუ არა ქალთევზები?
  • როგორ იზრდება თმა?
  •  როგორ იკვებებიან მწერები?

მოკლედ, ჩემს ხელში იყო 28 ძალიან საინტერესო თემა. ამავე დროს, ჩემს ხელთ იყო შესაძლებლობა, რომ ჩემს მოსწავლეებს აეღოთ წიგნები, გამოეყენებინათ google, დაეხმარებინათ უფროსები და თითოეულს მისთვის საინტერესო თემაზე შეეგროვებინა ინფორმაცია, შემდეგ კი ეს ყველაფერი დიდი აუდიტორიისთვის გაეცნო.

ყოველი კვირის ბოლოს,  ჩვენი საკლასო ოთახი იქცევა ხოლმე “კონფერენციის” დარბაზად, იდგმება ტრიბუნა (რომელიც ერთ-ერთი მოსწავლის მამამ საკუთარი ხელით დაგვიმზადა), ტრიბუნაზე მაგრდება მიკროფონები, ასევე, გვყავს შესანიშნავი აუდიტორია, რომელსაც წარმოადგენენ მოსწავლეთა მშობლები, ხანდახან და-ძმები და ბებია-ბაბუებიც, მასწავლებლები და მომხსენებელი, რომელიც გვაცნობს საინტერესო ინფორმაციას. გვაცნობს მთელი მონდომებით, დიდი ენთუზიაზმით, რადგან სასაუბრო თემა მისი ინტერესის სფეროა და ცდილობს მსმენელამდე დაწვრილებით მიიტანოს მასზე ინფორმაცია.
გარდა იმისა, რომ თითოეულ მათგანს საშუალება ეძლევა იყოს “მომხსენებელი”, ასევე ყველას ეძლევა საშუალება დაეუფლოს აუდიტორიაში მოქცევის წესებს, მოსმენის, ბოლოს კი კითხვების დასმის კულტურას.

სახელი ,,კონფერენცია”, ნამდვილის მსგავს ტრიბუნაზე დგომა, რომელსაც ასევე ნამდვილის მსგავსი მიკროფონი აქვს მიმაგრებული, დარბაზის მსგავსი გარემო და მაყურებელი, რომელიც შენთვის ძვირფასია და მათი აზრი და დამოკიდებულება შენთვის ფასეულია და, რა თქმა უნდა, იმ თემების მოსმენა, რომლებიც განა ვინმემ მოგახვია თავს და გავალდებულებს, რომ გინდა თუ არა მოუსმინო, არა! თავად აირჩიე და შენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს.  აი, სწორედ ამ ფაქტორების გაერთიანებაა ჩვენი პროექტი – “ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს”, რომელსაც ყოველ პარასკევს ვახორციელებთ.

პროექტმა მიზანს მიაღწია. მოსწავლეებმა წინასწარ იციან საკუთარი გამოსვლის თარიღი, რაც საშუალებას აძლევს მათ, დროულად დაიწყონ მუშაობა. სასიამოვნოა მათზე თვალ-ყურის დევნება, როცა ვხედავ, როგორ მუშაობენ საკუთარ თემებზე, როგორ აგროვებენ ინფორმაციებს, ცდილობენ, რაც შეიძლება საინტერესოდ წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე, რომ ის თემა, რაც მათ აინტერესებთ, სხვებისთვისაც საინტერესო გახადონ, როგორ ამარცხებენ ნერვიულობას, განცდებს, შიშს, როგორი გამბედავები და მონდომებულები არიან. ასევე, მიხარია, როდესაც ვხედავ, როგორი პროგრესი აქვთ ,,აუდიტორიაში” მსხდომ მსმენელებს, როგორ იზრდება მათი ინტერესი, როგორ იხვეწება მათი ქცევა, აზროვნება. მნიშვნელოვანიც ეს არის, რომ ყველაფერმა, რასაც ვაკეთებთ, პროგრესი და წინსვლა გვაჩვენოს.

 

მარტივი პასუხები რთულ კითხვებზე

0

მოზარდებს მოზარდობის პერიოდში აქვთ გარკვეული კითხვები: რა ხდება ჩემ ირგვლივ? როგორ იქცევიან სხვები? რა მომწონს მე? რა განმასხვავებს სხვებისგან? რას წარმოვადგენ ამ საზოგადოებაში? ამ კითხვებზე პასუხები  დიდწილად განსაზღვრავს პიროვნების ფორმირებას, უყალიბებს მას საზოგადოებაში არსებული რეალობის, პრობლემების აღქმა-შეფასებისა თუ სიკეთის მიმღებლობის უნარს. აღქმა კი ყოველთვის ერთნაირი არ არის, სამწუხაროდ, ხშირად დამახინჯებულია. ამიტომაც მოზარდებს სკოლისა და მშობლების დახმარება სჭირდებათ, ჩვენ კი – მათზე  პასუხისმგებლობის განცდის  ამაღლება.

სოციალურ-კულტურული გარემო მოზარდის კოგნიტური განვითარების უმნიშვნელოვანეს პირობად მიიჩნია ცნობილმა ფსიქოლოგმა ლევ ვიგოტსკიმ (1896-1934). მისი აზრით, სწორედ ამ ასაკში იძენს მოზარდი თვითრეგულირების უნარს, ხოლო სოციალური კომუნიკაცია განსაზღვრავს ბავშვის განვითარებას. მნიშვნელოვანი ცნება ვიგოტსკის თეორიაში არის MKO (More Knowledgeable Other)  – მეტად მცოდნე სხვა, ე.ი. ჩვენ, მასწავლებლები და მშობლები.

ცნობილი შევეიცარიელი ფსიქოლოგის ჟან პიაჟეს (1896-1980) აზრით, ბავშვი თვითმოტივირებული არსებაა, რომელიც თავად იკვლევს გზას და ასე შეიმეცნებს სამყაროს, თვითონ მართავს თავისი შემეცნების განვითარების პროცესს. იგი ბუნებრივად ეგუება გარემოს და შემეცნებითი სტრუქტურების – სქემების საშუალებით გადაამუშავებს მიღებულ ინფორმაციას.

ორივე ფსიქოლოგის აზრით, გარემო  მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანის ჩამოყალიბების პროცესში. პიაჟესთვის განმსაზღვრელი თავად სუბიექტია, ხოლო ვიგოტსკისთვის – გარემო, მაგრამ პიაჟეს სუბიექტს კონკრეტულ გარემოში უწევს საკუთარი შემეცნებითი უნარების განვითარება. ასე რომ, სასკოლო ასაკში მოზარდის განვითარებაზე გარემოს (პირდაპირ თუ ირიბად) მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ სივრცე, სადაც ბავშვი იზრდება, უნდა იყოს მისთვის კომფორტული, ჩვენთვის – რაციონალური.

სკოლაში, სადაც მე ვასწავლი, ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლების დიდი ნაწილი ორიენტირებულია, რომ სასკოლო ცხოვრება მოსწავლეთათვის გახდეს უფრო  საინტერესო, კეთილგანწყობილმა გარემომ მოიზიდოს მოსწავლე სკოლაში ცოდნის  და მისი პრაქტიკულად გამოყენების უნარების შესაძენად. ამ კუთხით ვახორციელებთ როგორც სასწავლო, ასევე აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებს, კერძოდ –

სასწავლო დარგში:

მთელი სასწავლო წლის განმავლობაში კათედრის ფარგლებში ხორციელდება კათედრათაშორისი და საერთო სასკოლო მონიტორინგი სწავლა-სწავლების ეფექტურობის ამაღლების კუთხით; ვგეგმავთ და ვაანალიზებთ ყოველწლიურ გამოცდებს საფეხურების პრიორიტეტების გათვალისწინებით;  ვთანამშრომლობთ მშობლებთან  ამა თუ იმ საგანში მოსწავლის მხარდასაჭერი აქტივობების დაგეგმვის კუთხით; მასწავლებლები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ განვითარებასა და სრულყოფაზე.

სააღმზრდელო დარგში:

განვახორციელეთ სასკოლო პროექტები ძალადობის მინიმიზაციისათვის; საქველმოქმედო აქტივობები, რომელთა მიზანი მოსწავლეთა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებაა; მშობელთა ჩართულობისა და თემის გააქტიურების ხელშემწყობი ღონისძიებები; გაცდენა-დაგვიანების პრევენციისა და მინიმუმამდე დაყვანის ქტივობები, ვცდილობთ, შევქმნათ სკოლაში მშვიდი და თანამშრომლობითი გარემო.

თუმცა თვალნათლივ ჩანს, რომ სასურველ მდგომარეობამდე ჯერ კიდევ შორსაა: კვლავ გვყავს დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები, მნიშვნელოვნად იკლო აგრესიის შემთხვევებმა, მაგრამ მაინც შეინიშნება, განსაკუთრებით საბაზო და საშუალო საფეხურზე; მოსწავლეებს ურთიერთობისათვის ურჩევნიათ სკოლის გარე სივრცე; მოსწავლეების მხრიდან ასევე აღინიშნება სკოლის მიმართ გულგრილი დამოკიდებულების მაგალითები. ყველა ჩამოთვლილ ქმედებასა და ქცევაზე სკოლა რეაგირებს დაუყოვნებლივ, ცდილობს სხვადასხვა აქტივობით მინიმუმამდე დაიყვანოს არასასურველი შედეგი და ქმედება. არ გვაქვს მოლოდინი, რომ აბსოლუტური დადებითი და ზედმიწევნით უნაკლო გარემოს შექმნა იყოს შესაძლებელი, თუმცა იმ ხარისხის რეაგირებას, რასაც სკოლა ახორციელებს უარყოფითი მაჩვენებლების აღმოსაფხვრელად, შედეგი უკეთესი უნდა მოჰყოლოდა.

დავგეგმეთ კომპლექსური კვლევა, რომელიც გაგვცემდა პასუხებს კითხვებზე: რა იწვევს სასკოლო ცხოვრების ერთგვარ სტაგნაციას მოსწავლეთა გადასახედიდან? რას შეცვლიდნენ XXI საუკუნის ახალგაზრდები სასკოლო სისტემაში იმისთვის, რომ სკოლა გახდეს მეტად სასურველი და მიმზიდველი ადგილი სწავლისთვის,  ურთიერთობისა და ფსიქო-ემოციური მდგომარეობის განვითარებისათვის?

სასკოლო სუბიექტების კომპლექსურმა გამოკითხვებმა ასეთი შედეგი მოგვცა:

  • მოსწავლეებს ყველაზე მეტად აწუხებთ სასკოლო და საკლასო გარემო, რომელსაც არ მიიჩნევენ კომფორტულად;
  • არ მიიჩნევენ სახალისოდ სასწავლო პროცესს;
  • ვერ ხედავენ საკუთარ როლს და ფუნქციას სასკოლო ცხოვრების შეცვლის საქმეში;
  • მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას მიიჩნევენ სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე პასუხისმგებელ პირებად;
  • მშობელი და მოსწავლე ამ პრობლემის მოგვარებაში მიაჩნიათ ნაკლებ მნიშვნელოვან რგოლებად.

მოსწავლეებთან კვლევითი ინტერაქციით დადგინდა:

  • დაბალია პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დაბალია სასკოლო ცხოვრებაში თანამონაწილეობის შემთხვევაში სასიკეთო ცვლილებების მოლოდინები;
  • მოსწავლეებს შორის ურთიერთობის ხარისხი სასურველზე დაბალია;
  • მოსწავლეებს სკოლა მიაჩნიათ მხოლოდ კონკრეტული საგნების შესწავლისა და მასწავლებლებთან აკადემიური ურთიერთობების ადგილად;
  • ადმინისტრაციას აკისრებენ პრაქტიკულად ყველა ტიპის პასუხისმგებლობას და არ მიიჩნევენ მშობელთა ჩართულობას აუცილებლად.

მშობლების შეხედულება ასეთია:

  • მიიჩნევენ, რომ მათი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში სასიკეთო იქნებოდა, მაგრამ ამის განხორციელების ბერკეტები არ აქვთ (არ აქვთ დრო, მუშაობენ დილიდან საღამომდე);
  • მიაჩნიათ, რომ მათი შვილების წარმატება ძირითადად აკადემიური მოსწრებით განისაზღვრება;
  • სკოლა და მისი საჭიროება არის სახელმწიფო სტრუქტურების საზრუნავი, ხოლო მშობელს ნაკლები რესურსი აქვს რაიმეს შესაცვლელად;
  • მიესალმებიან სკოლის მიერ დანერგილ ყველა სიახლეს – განხორციელებულ პროექტებს, თუმცა განსაკუთრებით საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მშობლები მათში სუბიექტად ვერ მონაწილეობენ, არც  დრო აქვთ და ვერც აუცილებლობას ხედავენ;
  • სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობენ კონკრეტული მშობლები დაწყებითი საფეხურიდან საბაზო საფეხურის ჩათვლით, იშვიათად საშუალო საფეხურზეც.

პედაგოგების მოსაზრებები ასეთია:

  • მიაჩნიათ, რომ მათი საქმიანობა ძალიან შრომატევადია, მოტივაცია – დაბალი;
  • დაბალი მოტივაცია ხელს უშლის მათ სასკოლო ცხოვრებაში სიახლეების განხორციელებასა და იდეების გენერირებაში;
  • მშობლებისა და მოსწავლეების ერთიანობის გარეშე შეუძლებელია სასკოლო ცხოვრების – გარემოს, სწავლის ხარისხისა და პოზიტიური დამოკიდებულების დანერგვა/გაუმჯობესება.

მიღებულმა შედეგებმა ნათელი სურათი გვაჩვენა, სად გვიჭირს, რა უნდა გავაუმჯობესოთ. ასევე აშკარაა, რომ პრობლემებს კომპლექსური და სისტემური ცვლილებები სჭირდება სახელმწიფოს, სკოლისა და ოჯახის როლის გათვალისწინებით. მაგრამ ვინაიდან ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, ჩვენ კი სწორედ ამ მაღალი ინტერესის გამო ჩავატარეთ კვლევა, მივიჩნიეთ, რომ  სხვადასხვა მეთოდით წარმოჩენილი ნაკლოვანებებისა და სუსტი მხარეების გაანალიზების საფუძველზე დაგვეგეგმა ინტერვეციის აქტივობები, რომელთა მიზანი იყო:

  1. სწავლებისა და აღზრდის საკითხებზე თანაბარი ზრუნვის ხელშეწყობა;
  2. მოსწავლეთათვის სკოლისა და სასწავლო პროცესის მიმართ პოზიტიური განწყობის შექმნა არასტანდარტულ სასკოლო გარემოში;
  3. ტრადიციული საგანმანათლებლო გარემოს შეცვლა მოსწავლის მოტივაციის ამაღლებისათვის;
  4. მოსწავლეთა თვითდამკვიდრების არაძალადობრივი საშუალებების ხელშეწყობა.

ამ კონკრეტული მიზნების მისაღწევად დავგეგემთ აქტივობები:

  • საკლასო და სასკოლო გარემოს შეცვლა; სასკოლო სივრცის – როგორც მყუდრო, კომფორტული და ყურადღებიანი გარემოს ჩამოყალიბების ხელშემწყობი ღონისძიებები;
  • გაკვეთილზე მუშაობის ორგანიზების ფორმების გამრავალფეროვნება – კოლაბორაციული, თანამშრომლობითი გარემოს უზრუნველყოფა;
  • მოსწავლეთა მიერ სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესების შესახებ გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების დამუშავება პროპორციული და ეფექტური უკუკავშირისათვის;
  • სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებს შორის მჭიდრო, კეთილგანწყობილი და თანამშრომლობითი ურთიერთობის ხელშემწყობი ღონისძიებები;
  • პროფესიული ზონების მოწყობა მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით;
  • თემის/მშობლების გააქტიურების ღონისძიებები სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ამაღლებისათვის – გაკვეთილებზე მოწვევა, მათი პროფესიული გამოცდილების გაზიარება მოსწავლეებისათვის და სხვ.;
  • მასწავლებლების წამახალისებელი რეგულაციების დანერგვა სკოლაში – კონკურსები წლის საუკეთესო მასწავლებლის, საუკეთესო დამრიგებლის, ყველაზე კრეატიული მასწავლებლის პოზიციებზე.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კვლევისა და ვითარების შესწავლის ეტაპზე გამოვლინდა, არის ის, რომ მოსწავლეებს აქვთ მზაობა, შეცვალონ სასკოლო ცხოვრება უკეთესობისკენ, მხოლოდ ასეთ ცვლილებებს დამოუკიდებლად ვერ განახორციელებენ, მათ უფრო მეტი მონდომება და ინიციატივა სჭირდებათ ჩვენი მხრიდან. მოზარდი, რომელიც ჩვენი პასუხისმგებლობის სივრცეში ატარებს ყოველდღიურად რამდენიმე საათს, ჩვენს მოტივაციას ვერ გაზომავს, მას ახლა და აქ, სკოლაში, სჭირდება ჩვენი ყურადღება, სიახლეებისადმი ინტერესი, თბილი და ყურადღებიანი გარემო. იმისათვის, რომ საჯარო სკოლაში ცხოვრება უფრო საინტერესო და მიმზიდველი გავხადოთ, დავიწყოთ დიაგნოსტირებით, ვეძებოთ მიზეზები, რომლებიც ხელს უშლის მოსწავლეს, აღიქვას სკოლა პირად სივრცედ, დავადგინოთ მისი დისკომფორტის გამომწვევი ფაქტორები, წავახალისოთ ბავშვის ნებისმიერი სასიკეთო წამოწყება და ინიციატივა, რაც აუცილებლად შეცვლის გარემოს თქვენს სკოლაშიც.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/86197-w:channel თინათინ მამულაშვილი. ლევ ვიგოტსკის სოციო-კულტურული თეორია;

  1. ნათია ჯანაშია, ნათელა იმედაძე, სოფიო გორგოძე – „განვითარებისა და სწავლის თეორიები“.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...