ყველა პედაგოგმა იცის, რომ ბავშვის სწავლა-აღზრდის პროცესში აღმოცენებული სირთულეების დაძლევა მშობლებთან თანამშრომლობის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია. მშობლებთან ურთიერთობის ყველაზე გავრცელებულ ფორმას კი მშობელთა კრება წარმოადგენს. ის სასკოლო ცხოვრების აუცილებელი ელემენტი და სკოლის მასწავლებლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. თუმცა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მშობელთა უმრავლესობას მაინცდამაინც არ უყვარს მშობელთა კრებებზე სიარული. რისი ბრალია ეს და როგორ მოვიქცეთ, რომ მშობლები უფრო აქტიურად ჩავრთოთ ბავშვთან დაკავშირებული სირთულეების თავიდან აცილებისა თუ დაძლევის პროცესში?
მშობელთა კრების ძირითადი ამოცანაა პედაგოგისა და მშობლის ურთიერთთანამშრომლობა ბავშვის სწავლებასა და აღზრდაში აღმოცენებული პრობლემების გადაჭრის გზების მოსაძიებლად და შესათანხმებლად. გარდა ამისა, მშობელთა კრება შეიძლება აქტიურად იქნეს გამოყენებული მშობელთა პედაგოგიური და ფსიქოლოგიური კულტურის დონის ასამაღლებლად, კლასის ცხოვრებით დასაინტერესებლად და ბავშვის აღზრდაში მათი პასუხისმგებლობის გასაძლიერებლად. მაგრამ იმისთვის, რომ ეს ამოცანები წარმატებით გადაიჭრას, უნდა ვიცოდეთ, რა ამოძრავებს მშობელს, როცა ის მშობელთა კრებაზე დასასწრებად მოდის:
- მშობლებს სურთ, პედაგოგისა და სკოლის ადმინისტრაციისგან მიიღონ ინფორმაცია შვილზე, მის სასწავლო წარმატებებსა და ქცევაზე. ფსიქოლოგიურად ამის მიღმა იმალება იმაში დარწმუნების გაუცნობიერებელი სურვილი, რომ მათი შვილი სხვებზე ნაკლები არ არის.
- მშობლებს ასევე სურთ, შვილის შესახებ საყვედურების მოსმენის ნაცვლად, პედაგოგებისგან მიიღონ კონკრეტული რეკომენდაციები იმის თაობაზე, რას მიაქციონ ყურადღება, რას ადევნონ თვალყური და აკონტროლონ ბავშვის სასწავლო და არასასწავლო საქმიანობაში.
- მშობლისთვის სკოლაში მისვლის ერთ-ერთი მოტივია იმ ადამიანთა გაცნობა და მათ შესახებ შთაბეჭდილების შექმნა, რომლებთანაც ბავშვი ურთიერთობს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში.
- მშობელთა კრება ბევრი მშობლისთვის ძალიან კარგი საშუალებაა შვილის თანაკლასელთა მშობლების გასაცნობად, მათთან საურთიერთობოდ, ინფორმაციის გასაცვლელად მოსწავლეთა საერთო პრობლემების გადაჭრის პროცესში.
აღნიშნული მოტივების გაცნობიერება, გაანალიზება და გათვალისწინება, ვფიქრობ, დაეხმარება პედაგოგს მშობელთა კრებისთვის მომზადებაში, მისი სტრუქტურის სწორად აგებასა და წარმატებით ჩატარებაში.
როგორ ჩავატაროთ მშობელთა კრება ეფექტიანად:
- უპირველეს ყოვლისა, შევარჩიოთ ყველაზე ხელსაყრელი დღე და საათი, დრო, როდესაც არც მშობლებს და არც ჩვენ არ გვექნება დაგეგმილი რაიმე მნიშვნელოვანი საქმე.
- გავითვალისწინოთ, რომ მშობელთა კრებაზე განსახილველი საკითხების და თემის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აჯობებს, წინასწარ იყოს განსაზღვრული კლასის მოსწავლეებთან დაკავშირებული ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და მის განხილვაზე ავაგოთ მშობლებთან საუბარი. თემის შერჩევისას შეიძლება შემდეგი მიმართულებებიდან ერთ-ერთზე შევჩერდეთ:
- პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების ერთობლივი საქმიანობის შედეგების შეჯამება ნახევარი ან მთელი წლის განმავლობაში;
- მშობელთა პედაგოგიური და ფსიქოლოგიური კულტურის დონის ამაღლება, მათი ცოდნის გამდიდრება ოჯახსა და სკოლაში ბავშვის სწავლებისა და აღზრდის საკითხებზე;
- მოსწავლეთა სასწავლო მიღწევების ანალიზი და მათი პოტენციური შესაძლებლობების განსაზღვრა;
- წარმატებული ოჯახური აღზრდის გამოცდილების გაცნობა-გაზიარება;
- ბავშვის მიმართ მშობელთა არასწორი მოქმედებების პრევენცია.
- მშობელთა კრების წინა დღეს მიზანშეწონილი იქნება კლასის ხელმძღვანელის შეხვედრა და გასაუბრება კლასში შემსვლელ სხვა მასწავლებლებთან, მათგან ინფორმაციის მიღება მოსწავლეთა სასწავლო მიღწევებისა და გაკვეთილზე მათი ქცევის თავისებურებების შესახებ. მიღებული ინფორმაცია მშობელთა კრებაზე შეიძლება ძალიან კარგად იქნეს გამოყენებული საგანმანათლებლო პროცესში მოსწავლეთა მონაწილეობის პრაქტიკის ანალიზისა და განზოგადებისთვის.
- სასურველია ასევე წინასწარ განვსაზღვროთ მშობელთა კრების საორგანიზაციო ფორმა: ტრადიციული, მრგვალი მაგიდა, კონფერენცია, აქტიური დისკუსია თუ სხვა. საორგანიზაციო ფორმების მრავალფეროვნება დაგვეხმარება მშობელთა მოზიდვასა და განსახილველ საკითხებზე მსჯელობის პროცესში მათ ჩართვაში.
- მიუხედავად იმისა, რომ მშობელთა კრების მომზადებას და ჩატარებას შემოქმედებითი ხასიათი აქვს და სხვადასხვა პედაგოგი მას შეიძლება სრულიად სხვადასხვანაირად უდგებოდეს, მაინც სასურველია, ის მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს:
- კლასის ხელმძღვანელის შესავალი სიტყვა – ამ ეტაპზე მშობლებს უნდა გავაცნოთ შეხვედრის მიზნები და ამოცანები, მის მონაწილეთა ერთობლივი მუშაობის წესები, დავუსაბუთოთ განსახილველი საკითხების აქტუალურობა. მართალია, შეხვედრის ეს ნაწილი არ უნდა იყოს ხანგრძლივი, მაგრამ სასურველია შეიცავდეს საკმარის ინფორმაციას იმისთვის, რომ მშობლებს შეექმნათ წარმოდგენა შეხვედრის მიზნებზე, ამოცანებსა და საორგანიზაციო საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ კრების პირველივე წუთებიდან მოვახერხოთ მშობელთა მობილიზება, დაინტერესება და მოვამზადოთ ისინი კრების ჩატარებაში აქტიური მონაწილეობისთვის;
- მოსწავლეთა სასწავლო მიღწევების ანალიზი – კრების ამ ნაწილში მშობლებს უნდა გავაცნოთ კლასის სასწავლო საქმიანობის ზოგადი შედეგები. საჭიროა, თავიდანვე გავაფრთხილოთ ისინი, რომ მათი შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს მიიღებენ ცალკე, პერსონალური შეხვედრისას. გავითვალისწინოთ, რომ მასწავლებლის მოსაზრებებისა და შეფასებების მოსმენისას კრების მონაწილე მშობლები ზომაზე მეად შფოთავენ, ამიტომ ბავშვის სწავლისა და ქცევის შესახებ მათთვის ინფორმაციის მიწოდებისას ჯობს უარი ვთქვათ სუბიექტურ შეფასებებზე. საუბარი უნდა ეხებოდეს არა იმდენად ნიშნებს, რამდენადაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხს;
- კლასში არსებული ემოციურ-ფსიქოლოგიური კლიმატის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მშობლებისთვის. ამ ეტაპზე ვაანალიზებთ ბავშვების ქცევას მათთვის მნიშვნელოვან სიტუაციებში – გაკვეთილებზე, შესვენებებზე, სასადილოში, ექსკურსიებზე და ა.შ. საუბრის თემა შეიძლება იყოს მოსწავლეთა ურთიერთობა, მათი ლექსიკა, გარეგნული სახე და ბავშვის ქცევასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური საკითხები. კარგი იქნება, თუ მშობლებს დავეხმარებით, გააცნობიერონ სკოლის როგორც ურთიერთობის ინსტიტუტის მნიშვნელობა, სადაც ბავშვი იღებს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილებას. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ბავშვებისთვის გარკვეული ოდენობის მეცნიერული ცოდნის გადაცემა. მოვერიდოთ კონკრეტული მოსწავლის და მით უმეტეს მშობლის უარყოფით შეფასებას;
- ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური კულტურის და აღნიშნულ საკითხებზე მშობლების ინფორმირებულობის დონის ამაღლება. სასურველი არ არის, ეს კომპონენტი ცალკე პუნქტად გამოიყოს განსახილველ საკითხებს შორის. ის ბუნებრივად უნდა იყოს ჩართული სხვა საკითხების სტრუქტურაში. კარგი იქნება, თუ მშობლებს შევთავაზებთ ინფორმაციას პედაგოგიური და ფსიქოლოგიური ლიტერატურის სიახლეებზე, საინტერესო გამოფენებზე, ფილმებზე, რომლებიც შეიძლება ნახონ შვილებთან ერთად. ცალკეული საკითხების უკეთესად გასაშუქებლად კარგი იქნება კრებაზე ფსიქოლოგის, ექიმის, ლოგოპედის ან ბავშვის სწავლასა და აღზრდასთან დაკავშირებული რომელიმე სხვა სპეციალისტის მოწვევა. მშობელთა კრება შესანიშნავი საშუალებაა აღნიშნული სპეციალისტების მუშაობის შინაარსის გასაცნობად და მათთან ურთიერთობის დასამყარებლად;
- პირადი საუბრები მშობლებთან – ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღების ობიექტები ხდებიან იმ ბავშვების მშობლები, რომლებსაც სწავლისა და განვითარების პრობლემები აქვთ. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ხშირად ეს მშობლები, კრიტიკის შიშით, გაურბიან კრებებს. შევეცადოთ შევუქმნათ მათ უსაფრთხო გარემო, გავაგებინოთ, რომ კი არ ვსაყვედურობთ შვილების ცუდი საქციელის გამო, არამედ დახმარებას ვცდილობთ. ფსიქოლოგიურად ეფექტიანია საუბრის დროს შემდეგი ფრაზის გამოყენება: „მე მესმის თქვენი“. სასურველია, წინასწარ ვიცოდეთ, რა შეიძლება ვუთხრათ თითოეული ბავშვის მშობელს. მათთან ნდობით აღსავსე ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია ვიპოვოთ ქცევის ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც შექმნის ურთიერთგაგების და პატივისცემის ატმოსფეროს.
- კარგი იქნება, თუ მშობლებთან შეხვედრის წინ თავად მოვიხსნით დაძაბულობას, ვიქნებით მშვიდი და ორგანიზებული. ეს დაგვეხმარება კრების მსვლელობისას მშობლებთან კეთილი და ნდობით აღსავსე ურთიერთობის დამყარებაში.
- მშობელთა კრებას უნდა დაეთმოს არა უმეტეს 1,5 საათისა. უპირველეს ყოვლისა ეს ის დროა, რომლის განმავლობაშიც მშობელს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას ინფორმაცია, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ საკითხის განხილვაში. გარდა ამისა, საჭიროა გავუფრთხილდეთ კრებაზე მოწვეული ადამიანების პირად დროს. ამიტომ კარგი იქნება რეგლამენტის დაწესება და დაცვა.
- მშობელთა კრების დაწყების წინ აუდიტორიას უნდა გავაცნოთ ის საკითხები, რომელთა განხილვასაც ვგეგმავთ მათთან ერთად. ფსიქოლოგიურად გამართლებული იქნება საუბრის დაწყება პოზიტიურით, შემდეგ ვისაუბროთ ნეგატიურზე, საუბრის დასრულება კი მიზანშეწონილი იქნება რეკომენდაციებით და რჩევებით ნაკლოვანებების გამოსასწორებლად. შევეცადოთ, ნაკლოვანებებზე ვისაუბროთ ზოგადად, ბავშვების გვარების დასახელების გარეშე; „ცუდ“ მოსწავლეში ვიპოვოთ კარგი და შევაქოთ ის ამ კარგი თვისების ან საქციელისთვის ყველას თანდასწრებით. გამართლებული და შედეგიანია კარგზე საუბარი ყველას თანდასწრებით, ხოლო ნაკლოვანებებზე – თითოეულ მშობელთან ინდივიდუალურად.
- აუცილებელია, მშობლებთან საუბარი წარვმართოთ მათთვის გასაგებ ენაზე, სპეციალური ტერმინების გარეშე. მეტყველების, ინტონაციის, ჟესტების, მიმიკის და სხვა საშუალებების დახმარებით მშობლებმა უნდა იგრძნონ პედაგოგის პატივისცემა და ყურადღება მათ მიმართ. შევეცადოთ გავუგოთ მათ, სწორად განვსაზღვროთ საკითხები, რომლებიც მათ აღელვებთ. დავარწმუნოთ იმაში, რომ სკოლასა და ოჯახს ბავშვის სწავლებისა და აღზრდის მიმართულებით საერთო ამოცანები აქვთ.
დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ მშობელთა კრება მშობლებთან უკუკავშირის საკმაოდ ეფექტური ფორმაა. ის ეფუძნება ბავშვთან დაკავშირებული მათი ინტერესებისა და განცდების ერთობას. კარგად ორგანიზებული და ეფექტიანად ჩატარებული მშობელთა კრება ნებისმიერ მშობელს უნერგავს რწმენას, რომ ბავშვის აღზრდის პროცესში მას ყოველთვის შეიძლება ჰქონდეს კლასის ხელმძღვანელის და სკოლის სხვა მასწავლებლების დახმარების იმედი.