გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომლებიც გეოგრაფიის გაკვეთილზე მოსწავლეებს დაეხმარება მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობასა და მათი მნიშვნელობის გააზრებაში.
აქტივობა N 1
გაკვეთილის დასწყისში მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის მოკლე ინფორმაციას, მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ. მაგ; „გაერო-ის წევრმა ქვეყნებმა 2015 წლის 25-27 სექტებერს ნიუ-იორკში (აშშ) გამართულ მდგრადი განვითარების სამიტზე მიიღო მდგრადი განვითარების მიზნები. გაერო-ის 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით – „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ინიციატივა მიზნად ისახავს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას, სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრის, კლიმატისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და მშვიდობიანი და სამართლიანი საზოგადოების დამკვიდრების გზით. მდგრადი განვითარების ახალი სამოქმედო გეგმა 17 მიზანსა და 169 ამოცანას მოიცავს“.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, იმუშაონ ჯგუფებში. მათ უნდა გაიხსენონ, მდგრადი განვითარების რომელი მიზნების შესახებ სმენიათ და რა ინფორმაცია აქვთ მათ შესახებ. მოსწავლეები ჯგუფებში წერენ მათთვის ცნობილი მიზნების შესახებ.
სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას. შემდეგ მასწავლებელი აცნობს კლასს მდგრადი განვითარების ჩვიდმეტივე მიზანს. ჯგუფები ადგენენ, რამდენად დაემთხვა მათი პასუხები სწორ ვერსიას.
აქტივობა N2 – „ მდგრადობის კომპასი“
საჭირო მასალა: 17 ცალი სხვადასხვა ფერის მეტაპლანის ბარათი, წინასწარ მომზადებული სქემა „მდგრადობის კომპასი“; ფლიფჩარტი.
ვარიანტი ა. მასწავლებელი სხვადასხვა ფერის მეტაპლანის ბარათებზე წერს მდგრადი განვითარების მიზნებს – თითო ბარათზე ერთი მიზანი. ეს მიზნები მას ბარათებზე აქვს დაწერილი და იატაკზე ყრია. მასწავლებელს კოლეგებისთვის უნდა გაეცნო, თუ როგორ არის ეს მიზნები გადანაწილებული მიმართულებების მიხედვით, მაგრამ შემთხვევით ძირს დაეყარა, აერია და აღარ ახსოვს სწორი პასუხი. მას დიდი იმედი აქვს, რომ მოსწავლეები მას დაეხმარებიან, რომ სწორად დაალაგოს ისინი სქემაზე. მოსწავლეები იღებენ ბარათებს, ეცნობიან მის შინაარსს და აწყობენ სქემას, ე.წ. „მდგრადობის კომპასს“.
სამუშაოს დასრულების შემდეგ ხდება მათ მიერ შექმნილი სქემის განხილვა და საჭიროების შემთხვევაში მეტაპლანების გადაადგილებით შეცდომების გასწორება.
ვარიანტი ბ. ჯგუფური მუშაობისას ბარათების კომპლექტების რაოდენობა ჯგუფების რაოდენობის შესაბამისი იქნება. მასწავლებელი ურიგებს ჯგუფებს კონვერტებს, რომლებშიც დევს მეტაპლანის ბარათები და სთხოვს მათ, გაეცნონ მიზნებს და დაახარისხონ ისინი რაიმე ნიშნის მიხედვით. მოსწავლეები ეცნობიან მიზნებს, ახარისხებენ და ფლიფჩარტზე ქმნიან საპრეზენტაციო სქემას. სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ შესრულებულ ნამუშევრებს.
პრეზენტაციების შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს სქემის სწორ ვარიანტს, ე.წ. „მდგრადობის კომპასს“ და ჯგუფები მეტაპლანების გადაადგილებით თავიანთ სქემებზე შეცდომებს ასწორებენ.
აქტივობა N3 „გალერეა“
საჭირო მასალები: ფლიფჩარტის ქაღალდები, მარკერები, ძველი ჟურნალები, მაკრატელი, წებო.
მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეებს, რომ საზოგადოებაში მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საჭიროა პოსტერების დამზადება. შემდეგ კლასს ჰყოფს ოთხ ჯგუფად და ურიგებს მათ ფლიფჩარტის ქაღალდებს, მარკერებს, ძველ ჟურნალებს. ჯგუფებს მინიჭებული აქვს სახელები. მაგ: პირველი ჯგუფს ჰქვია „ბუნება“, მეორეს – „ეკონომიკა“, მესამეს – „საზოგადოება“ და მეოთხეს – „კეთილდღეობა“.
თითოეული ჯგუფის დავალებაა, შექმნან პოსტერი მდგრადი განვითარების იმ მიზნების შესახებ, რომლებიც მათი ჯგუფის სახელთანაა დაკავშირებული. სამუშაოს დამთავრების შემდეგ მოსწავლეები, ე.წ. „გალერეაში“ თავიანთ ნამუშევრებს გამოფენენ. თითოეული ჯგუფი მიდის სხვა ჯგუფების პოსტერთან. პოსტერის ავტორები ან სპიკერი აცნობს დანარჩენებს მათი ჯგუფის მდგრადი განვითარების მიზნების შინაარსს, არსს, საჭიროებასა და ამოცანებს.
აქტივობა N 4 – სიბრძნის ხე
საჭირო მასალა: წებოვანი ფერადი სტიკერები, ფლიფჩარტზე დახატული ხე.
მასწავლებელი ან მოსწავლეები ფურცლებზე ან წებოვან ფერად სტიკერებზე წერენ კითხვებს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ და მათ უკანა მხრიდან „სიბრძნის ხეზე“ ამაგრებენ, რომელიც ფლიფჩარტზე წინასწარაა დახატული. შემდეგ მორიგეობით თითოეული მოსწავლე ან რამდენიმე ერთად მიდის ხესთან, „წყვეტს“ ბარათს და შეძლებისდაგვარად სრულყოფილად პასუხობს იქ დაწერილ კითხვას. დანარჩენი მოსწავლეები უსმენენ და აფასებენ პასუხს.
აქტივობა N 5 – მომხრე და მოწინააღმდეგე
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს პრობლემას: „მძლავრმა და მდიდარმა ბრიტანულ-ამერიკულმა კომპანიამ ქ.თბილისის მერიას შესთავაზა სიგარეტის დიდი და თანამედროვე საწარმოს მშენებლობა. საჭიროა პრობლემის გადაწყვეტა – აშენდეს თუ არა საწარმო?“.
მოსწავლეებს მოუწევთ ამ პრობლემის გადაწყვეტა. კლასი უნდა დაიყოს დაინტერესებულ მხარეებად. ამისათვის კი საჭიროა განისაზღვროს, ვინ შეიძლება იყვნენ ეს მხარეები.
მოსწავლეები ჩამოთვლიან დაინტერსებულ მხარეებს. (სავარაუდო პასუხები: ბრიტანულ-ამერიკული კომპანიის წარმომადგენლები, ქ. თბილისის მერია, ექიმები, უმუშევრები, გარემოს დაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, საზოგადოება ქ. თბილისის იმ უბნის მოქალაქეების წარმომადგენელთა კავშირი „ჩემი უბანი“, სადაც ამ საწარმოს მშენებლობა იგეგემება, მწეველები, დამოუკიდებელი ექსპერტები).
კლასი იყოფა 3-6-კაციან 8 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ეძლევა სახელი, იმისდა მიხედვით, თუ რომელ დაინტერსებულ მხარეს წარმოადგენს. მაგ; 1 ჯგუფი – ბრიტანულ-ამერიკული კომპანიის წარმომადგენლები, მე-2 ჯგუფი – ექიმები და ა.შ. 10 წუთის განმავლობაში ჯგუფებმა უნდა მოიფიქრონ და წარმოადგინონ თავიანთი პოზიციების დამადასტურებელი მოსაზრებები და არგუმენტები. ისინი თავიანთ ძირითად თეზისებს, ლოზუნგებს, მომხრე ან საწინააღმდეგო არგუმენტებს წერენ ფლიფჩარტზე. დროის ამოწურვის შემდეგ თითოეულ ჯგუფს ეძლევა 3 წუთი პრეზენტაციისთვის.
ქ. თბილისის იმ უბნის მოქალაქეების წარმომადგენელთა კავშირი „ჩემი უბანი“, სადაც ამ საწარმოს მშენებლობა იგეგემება, ისმენს ყველა მოსაზრებას, სვამს კითხვებს. მათ სწორედ ამ არგუმენტებზე დაყრდნობით უნდა გამოიტანონ დასკვნა ამ წამოწყების მიზანშეწონილობისა და სავარაუდო ზიანის შესახებ, მიიღონ გადაწყვეტილება და შემდეგ გააცნონ „თავისი უბნის მოქალაქეებს“ და დაარწმუნონ მის სისწორეში.
დამოუკიდებელი ექსპერტები აფასებენ დისკუსიის და გადაწყვეტილების მიღების მთელ პროცესს და აკეთებენ პროგნოზს, თუ რა შედეგები მოჰყვება ქალაქის მერიის გადაწყვეტილებას.