სამშაბათი, ივლისი 14, 2026
14 ივლისი, სამშაბათი, 2026

ქართული საგუნდო მუსიკა და ლინგვისტურ-სემანტიკური ლექსემა

0

ქართული ზეპირსიტყვიერება და ტრადიციული მუსიკალური ფოლკლორი, დღემდე, ქართული იდენტობის მთავარ მსაზღვრელად რჩება. ქართულ ტრადიციულ სიმღერისა და საგუნდო მუსიკის ტექსტებში ხშირად შევხვდებით ლექსემებს.

„ვიდრე ისი არ გარდაიჴადოს, ნუცა ეკლესიასა, ნუცა ლასკარსა, ნუცა ანჯუმანსა, ნუცა სადა გამოუშვებთ ძმაი ძმასა“. ერთიანობის ასეთი ფორმულირება გვხვდება ძველ ქართული სამართლისა და კანონიკურ ძეგლებში. ქართული საგუნდო მუსიკის კონცეფცია, პოლიფონიური ფაქტურა, ტექსტის სემანტიკა, სწორედ, ამ ერთიანობიდან გამომდინარეობს. ამ ერთიანობის განცდით, ზესივრცული და ზედროული განზომილებითაა ნაკარნახევი „ჩაკრულო“, „ოდოია“, „ხასანბეგურა“, „ლილეო“ – ნებისმიერი კუთხის სიმღერა, რომლებიც ეპოქისა და დროის მეტაფორებად შეგვიძლია განვიხილოთ.

შემთხვევით არ მიხსენებია ლინგვისტურ-სემანტიკური ლექსემების მნიშვნელობა ქართულ ტრადიციულ კულტურაში. ზემოთ ნახსენები ძველი ქართული კანონიკური ტექსტის ფრაგმენტი საინტერესოა თავისი რიტუალური დატვირთვით. რიტუალის სემანტიკა თავისთავად არის მარადიული გაგების ცნება. რიტუალური წარმოდგენებით და მასში აღწერილი და გადმოცემული ამბის საფუძველზე იქმნება უწყვეტი კავშირი წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის. ცხადია, რიტუალს შეუძლია ლოცვებს, დღეობებს, ხატობების დღესასწაულებს შეუნარჩუნოს ისეთი მნიშვნელობა და სისოცხლისუნარიანი მუხტი, რომელიც დღესაც, XXI საუკუნეში არ დაკარგავს თავის აზრობრივ და მხატვრულ ფუნქციას. საინტერესოა, სვანეთში გავრცელებული თვალსაზრისი სიტყვა „ლასკრას“ შესახებ, რომელიც სანათესავოს, ოჯახს უკავშირდება. ძველად ის თურმე ფუტკრების დიდ ოჯახსაც ნიშნავდა („სკრა“, „სკა“).

ეს შესავალი ეძღვნება გოგონათა აკადემიურ გუნდ „ლასკრას“ შექმნის ისტორიას. ძველ ქართულ ტექსტში ნახსენები სიტყვა „ლასკარი“ თანამედროვე ქართულ ენაზე ლაშქარს ნიშნავს: რელიგიურ დღესასწაულზე რამდენიმე ოჯახის ერთად ლოცვა – ლაშქარს, შეკრებას, თავყრილობას, კრებას, ოჯახს, სანათესავოს, ფუტკრების დიდ ოჯახსაც აღნიშნავს ძველ და თანამედროვე სვანურ დიალექტში. ოჯახს, სანათესავოს, ლაშქარს, კრებას, თავყრილობას ერთიანობის ღვთიური განცდა ახლავს. ეს ისტორიული პარადიგმა დღემდე მოგვყვება ქართველებს და გვამხნევებს ლაშქრულ-ლასკრული შემართებით, რომელიც შეგვძახებს გლოსოლალიების, ზეციური მადლიერებით გამსჭვალული მეტაფორულ-სემანტიკური პათოსით: „ჰარულალო….“.

უაღრესად დასაფასებელია გოგონათა გუნდ „ლასკრას“ მხატვრული ხელმძღვანელის, ქალბატონ მარი მუხაშავრიას გამოცდილებით ნაკარნახევი მიდგომები და მეთოდები. აკადემიური გუნდის რეპერტუარი პოლიჟანრულია. გუნდი მღერის როგორც აკადემიურ-საგუნდო, საესტრადო, კლასიკურ, ასევე ქართულ ფოლკლორულ ნიმუშებსაც. ანსამბლ „რუსთავის“ ახალი თაობა – გოგონათა გუნდი „ლასკრა“ ხუთი წლის წინ, 10 ივნისს ჩამოყალიბდა. ის აქტიურად მონაწილეობს ეროვნულ თუ საერთაშორისო საგუნდო ფესტივალებსა თუ კონკურსებში. გოგონათა გუნდის მხატვრული ხელმძღვანელის ქალბატონ მარი მუხაშავრიას სამუშაო გამოცდილება მოიცავს კლასიკურ აკადემიურ განათლებას, კონსერვატორიის წლებს. ის დღემდე უზიარებს თავის გამოცდილებას ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ახალგაზრდა თაობებს.

ქალბატონი მარი ქართული საგუნდო მუსიკის უდიდესი წარმომადგენლის, ბატონი იოსებ კეჭაყმაძის შემოქმედებითი ხაზის გამგრძელებელია. ბატონი იოსები ქალბატონ მარის ახლობელი გახლდათ დედის მხრიდან. შემთხვევითი არ იყო, რომ ბათუმის მუსიკალური სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების კურსდამთავრებულმა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე ჩააბარა. ეს „ტრანსფორმაცია“ უკავშირდებოდა ქალბატონი მარის უიშვიათეს ნიჭს და პოლიფონიურ აზროვნებას, რომელიც საგუნდო მუსიკოსის მთავარი პრიორიტეტია. ამიტომაც, არ არის გასაკვირი ქალბატონ მარი მუხაშავრიას მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობით შექმნილი ახალი თაობის გოგონათა გუნდ „ლასკრას“ გამოჩენა აკადემიური მუსიკის სივრცეში. ეს სახელწოდება გუნდს ერთი წლის წინ მიენიჭა. გუნდში გაერთიანებულია 55 ნიჭიერი გოგონა, რომელთაგანაც უმეტესობას მუსიკალური განათლება არ აქვს. მიუხედავად ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გუნდის რეპერტუარი მოიცავს აკადემიურ-კლასიკურ, საესტრადო, ასევე თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებებს. გუნდის რეპერტუარის ერთ-ერთი ავთენტური ნაწილია ქართული ფოლკლორი. შესაბამისად, გოგონების უმეტესობა უკრავს ფანდურზე, გიტარასა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე. მეცადინეობები ტარდება „არტოს“ ბაღში ანსამბლ „რუსთავის“ შენობაში.

ყველაფერი რაღაცით იწყება, ყველაფერი გენიალური მარტივია, ყველაფერი კარგი და საინტერესო შენ გვერდითაა და უნდა დაინახო და შეამჩნიო, უნდა გეფიქრებოდეს, ყველაფერი დიდი და გრანდიოზულიც პატარ-პატარა ნაბიჯებით მიიღწევა. თავდაპირველად, ქალბატონ მარის მომღერალი გოგონები სახელდახელოდ შეუგროვებია, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის დარბაზის გახსნის დღის აღსანიშნავად, რომელიც „არტოს“ ბაღში მდებარეობს. როგორც ცნობილია, საკონცერტო დარბაზის გახსნამდე „არტოს ბაღს’’ „ყანჩელის ბაღი’’ დაერქვა. გოგონათა გუნდმა უდიდესი მაესტროს სახელის უკვდავსაყოფად კონცერტზე „ყვითელი ფოთლები“ შეასრულა. ესეც ნიშანდობლივი ფაქტია გუნდის ისტორიისთვის. გოგონათა გუნდის შექმნის იდეა ბატონ ანზორ ერქომაიშვილს ეკუთვნის. იდეის განხორციელებაში, ბატონი ანზორის გარდაცვალების შემდეგ, უდიდესი წვლილი მიუძღვის ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ გიორგი ნატროშვილს.

ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ საგუნდო საზოგადოება ქართული მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით ეროვნულ საქმეს აკეთებს. ამ საზოგადოების ნებისმიერი ფესტივალი თუ კონკურსი დამშვენებულია გოგონათა გუნდ „ლასკრას“ საშემსრულებლო ოსტატობითა და მღერის მაღალი აკადემიური კულტურით, რომელიც კონკურსზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

https://www.facebook.com/photo?fbid=417354224377333&set=pcb.417358624376893

გუნდის პატარა ისტორიის ულამაზესი ფურცელია ქართული და ბერძნული მუსიკის კოლაბორაციული ნამუშევრები, რომელიც 2024 წლის ივნისის ბოლოს კუნძულ კრეტაზე გაიმართა. საკონცერტო ნამუშევრის პრეზენტაცია დაიწყო ალექსანდრე რაქვიაშვილის სულისშემძვრელი მუსიკით კინოფილმიდან „ფესვები“. გოგონათა გამორჩეული ხმების ამპლიტუდა თითქოს ქარის ღელვას მიჰყვებოდა. „ლასკრას“ ლექსემის ალუზია სიმღერის კულმინაციურ ნაწილში კიდევ ერთხელ გასხივოსნდა სიტყვებზე: „ფესვები ჩემია… სიცოცხლეს ელიან’’.

https://www.facebook.com/reel/7792714737432809

კლასიკურ აკადემიურ მუსიკას ცვლიდა აჭარული ფერხული, თემო ნაცვლიშვილის „საქართველოო, ლამაზოს“, „სულიკოს“ ქალაქური ენის ახლებური ინტერპრეტაცია, აღმოსავლური კილოს „შენ ხარ ვენახი“ და გია ყანჩელის უკვდავი მუსიკა.

2025 წლის 17 ივნისი მნიშვნელოვანი თარიღია გოგონათა გუნდის ისტორიაში. ეს იყო დღე, როდესაც ქართულმა კულტურამ აღნიშნა დიდი ქართველი კომპოზიტორის შოთა მილორავას დაბადების 100 წლის იუბილე. გუნდს წილად ხვდა პატივი ამ საღამოზე გაეჟღერებინა კომპოზიტორის უკვდავი სიმღერა „მასწავლებელი“ პეტრე გრუზინსკის ტექსტზე. მართლაც, ამაღელვებელი იყო სიმღერის სრულყოფილი შესრულება, ემოციური მუხტი და გოგონათა ხმის ტემბრალური ფერადოვნება.

https://www.facebook.com/reel/1233432175081327

გოგონათა გუნდ „ლასკრას“ხვდა წილად დიდი მისია, როდესაც დიდმა მაესტრომ – ვახტანგ მაჭავარიანმა, „ქართული ანბანის“ იდეის საფუძველზე საერთაშორისო კულტურის სივრცის დამფუძნებელთან მარიამ ლომთათიძესთან და ქალბატონ მარი მუხაშავრიასთან ერთად განახორციელა პროექტი, ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის გუნდთან ერთად. პროექტის იდეა მოიცავდა ემიგრაციაში მყოფი ქართველი ბავშვებისა და საქართველოში მცხოვრები არაქართულენოვანი მოსწავლეების ქართული დამწერლობის ხმოვან-ფონოლოგიური მასალის შესწავლას, რომლის მოსმენით ბავშვები ეზიარებიან გაციფრებულ-ავთენტური, ქართული ანბანის ჟღერადობას. https://www.youtube.com/watch?v=61hd2UWZ5rI&list=RD61hd2UWZ5rI&start_radio=1

2025 წლის 9 ივლისს საეტაპო ნაბიჯი გადაიდგა საერთაშორისო აღიარების მიმართულებით. ონლაინკონკურსში London Award | Golden Time Talent – Season 69 გოგონათა გუნდი „ლასკრა“ I-II ადგილით დაჯილდოვდა ნომინაციაში Vocal Ensemble (Mixed). გუნდი სულმოუთქმელად ელოდება ლონდონში მიწვევას და ქართული კულტურის წარდგენას ბრიტანული საზოგადოების წინაშე.
https://www.facebook.com/photo?fbid=122214014456103862&set=pcb.122214014498103862

2025 წლის 21 ივნისს საერთაშორისო კულტურის სივრცის და „წინაპრის“ ქველმოქმედებით, ისტორიულ ციხე-გალავანში შედგა ვიდეორგოლების გადაღება, სადაც შესრულდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ქართული მუსიკის კლასიკოსის, ოთარ თაქთაქიშვილის საგუნდო „ნანები“, რომელიც თავისი კონტენტით, საგუნდო შესრულების სპეციფიკურობით და მაღალმხატვრულობით მიემართება „ლასკრას“ სემანტიკურ ლექსემასთან. გუნდი რეპერტუარის არცერთ ნაწილში არ წყვეტს კავშირს წარსულთან და ამით აშენებს მომავლის ხიდს შორეული მილენიუმისკენ.

https://www.facebook.com/reel/1504417284055524

„ლასკრას“ საერთაშორისო წარდგენა XI ფესტივალზე უდიდესი აღიარებით დაგვირგვინდა -Concert of the – 11th MRF Wien Music Festival.Ehrbar Saal – 2025. ფესტივალზე შესრულდა ბიძინა კვერნაძის „გულო, რა გემართება“, მარი მუხაშავრიას არანჟირებით ასევე შესრულდა გიორგი სალუქვაძის „გურული ნანა“.

https://www.facebook.com/reel/857862970314590

https://www.facebook.com/reel/895486986771731

ბოლო საილუსტრაციო მასალად შემოვიტოვე ამონარიდი ალექსი მაჭავარიანის სიმღერიდან „ოფოფი“, სადაც სრულფასოვნად გამოვლინდება გოგონათა გუნდის დიდი საშემსრულებლო პოტენციალი, გუნდის ხელმძღვანელის შემოქმედებითი და მეცნიერული მიდგომები ქართული ფოლკლორული თუ აკადემიურ-კლასიკური მუსიკის მიმართ, რომ არ დაიკარგოს ქართული კულტურის ავთენტურობა, ყოფითი მახასიათებლები და თავისთავადობა, რომელსაც ემსახურებოდნენ ჩვენი დიდი ეთნომუსიკოლოგები.

 

საშინაო დავალება და ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში

0

დღეს განათლების სისტემა დიდი გამოწვევის წინაშე დგას – ციფრული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ შეცვალა სწავლის პარადიგმა. ხელოვნური ინტელექტის გამოჩენამ განათლების სფეროში ეპოქალური ცვლილებები გამოიწვია. ახალი გამოწვევების საფუძველზე ტრადიციული მეთოდები ცვლილებებს საჭიროებს. იზრდება მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხი და პასუხისმგებლობის გრძნობა.

ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციამ საგანმანათლებლო სივრცეში შექმნა ახალი რეალობა – მოსწავლეებს შეუძლიათ არა მარტო სწრაფად მოიძიონ ინფორმაცია და ჰქონდეთ მზა პასუხები, არამედ AI-ის მეშვეობით შექმნან მაღალ დონეზე დაწერილი ესეები და ანალიტიკური დავალებები. ხელოვნურმა ინტელექტმა დაარღვია სწავლა-სწავლების კლასიკური მოდელი – მოსწავლე გახდა ალგორითმზე დამოკიდებული, ინდივიდუალიზმი და პირადი გამოცდილება ჩაანაცვლა შაბლონურმა პასუხებმა. უახლესი კვლევების თანახმად, საგრძნობლად გაიზარდა საშინაო დავალებების შესრულებისას ხელოვნური ინტელექტის როლი – მოსწავლეები გამოკითხვისას აღიარებენ ციფრულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებას, რაც, მათივე აზრით, ხელს უშლის კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ვითარებას ართულებს კიდევ ერთი ფაქტორი – შეფასების სანდოობა – რას ვაფასებთ? მოსწავლის მიერ შექმნილ პროდუქტს თუ ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებულ დავალებას? საშინაო დავალება, როგორც სასწავლო ინსტრუმენტი, გადახედვას საჭიროებს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, საჭიროა საშინაო დავალების ფორმატის ცვლილება — მისი ფუნქციის გაფართოება და ისეთი ფორმით ჩამოყალიბება, რომელიც შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს და ჩვენ კვლავ შევძლებთ მოსწავლის აზროვნების უნარის განვითარებას.

საშინაო დავალება აღარ უნდა იყოს მხოლოდ კლასში მიღებული ცოდნის განმტკიცების საშუალება. ციფრულ ეპოქაში საშინაო დავალება დამოუკიდებელი სწავლის კულტურის ფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

თანამედროვე საგანმანათლებლო კვლევები მიუთითებს, რომ საშინაო დავალება უნდა განიხილებოდეს, როგორც სწავლების პროცესის ორგანული ნაწილი და არა როგორც დამატებითი აქტივობა. მისი მთავარი მიზანია არა მხოლოდ ცოდნის განმტკიცება, არამედ ისეთი უნარების განვითარება, როგორებიცაა: თვითრეგულაცია, დროის მართვა, პასუხისმგებლობა და დამოუკიდებელი აზროვნება.

ცოდნის გამეორებასა და მექანიკურ ქმედებაზე ორიენტირებული დავალებები თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ პასუხობს, ასეთი ტიპის დავალებები არ მოითხოვს ღრმა გააზრებას და ხშირად აგდებს კიდეც მოსწავლის მოტივაციას. თანამედროვე საშინაო დავალებები მოსწავლეს უბიძგებს ფიქრისკენ, აძლევს არჩევანის შესაძლებლობას, ქმნის სივრცეს ინდივიდუალური აზრის გამოსახატად. ასეთი დავალებები ხელს უწყობს როგორც აკადემიურ, ისე პიროვნულ განვითარებას.

დაწყებით საფეხურზე რეკომენდებულია მოკლე და მკაფიო დავალებები, ზომიერი დატვირთვა („დროის ეკონომიის“ პრინციპი), თამაშზე დაფუძნებული სწავლება, ვიზუალური და პრაქტიკული აქტივობები, რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული დავალებები, დავალების ფორმატის არჩევანის საშუალება, დიფერენცირებული მიდგომა და თვითრეფლექსიის ელემენტები. მშობელი უნდა იყოს პროცესის მხარდამჭერი და არა დავალების შემსრულებელი.

საბაზო საფეხურზე საშინაო დავალებები მიმართული უნდა იყოს აზროვნების უნარის გაღრმავებაზე, პრობლემასა და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებაზე, კვლევით დავალებებზე, კრიტიკულ აზროვნებასა და მედიაწიგნიერებაზე, ციფრულ კომპეტენციებსა და აკადემიურ პატიოსნებაზე. მნიშვნელოვანია არგუმენტირებული მსჯელობა, ინდივიდუალური პოზიციის ჩამოყალიბება, თანამშრომლობითი სწავლება, თვითშეფასება და თანატოლთა შეფასება.

კვლევების მიხედვით, ამ საფეხურზე იზრდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სიხშირე საშინაო დავალებების მომზადებისას. მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ვასწავლოთ მისი გამოყენება გააზრებულად — ხელოვნური ინტელექტი უნდა მოიაზრებოდეს, არა როგორც მზა პასუხების წყარო, არამედ როგორც კოგნიტიური პროცესის მხარდამჭერი.

შეფასების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია შეფასების კრიტერიუმების ახლებურად გააზრება – შეფასდეს არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტი, არამედ პროცესიც.

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში საშინაო დავალება და ხელოვნური ინტელექტი განუყოფელია. მათი ეფექტიანი ინტეგრაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავალება იქნება აზროვნებაზე ორიენტირებული და ტექნოლოგიას გამოვიყენებთ გონივრულად.

საბოლოოდ, განათლების მთავარი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლის ჩამოყალიბებას დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებელ პიროვნებად, რომელსაც შეუძლია ეფექტური ნავიგაცია თანამედროვე, ციფრულ სამყაროში. საშინაო დავალება უნდა პასუხობდეს თანამედროვეობის გამოწვევას.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Sevim Güven, Demet Şahin Kalyon,Homework in Primary School: Investigation of Teachers’ Perspectives, European Journal of Education Studies,Volume 12, Issue 5, 2025
  2. Mátyás Turós, What percentage of secondary school students do their homework with the help of artificial intelligence? – A survey of attitudes towards artificial intelligence, Computers and Education: Artificial Intelligence, (DOI): 10.1016/j.caeai.2025.100394
  3. Heather L. Schwartz, Melissa Kay Diliberti, More Students Use AI for Homework, and More Believe It Harms Critical ThinkingResearchPublished Mar 17, 2026

 

აღიარება როგორც სტიმული: ვასწავლოთ მოსწავლეს საკუთარი პროგრესის მართვა

0

მასწავლებლის პროფესიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მოსწავლის შინაგანი სამყაროს იმგვარად გააქტიურებაა, რომ მან სწავლა არა ვალდებულებად, არამედ საკუთარი თავის აღმოჩენისა და განვითარების პროცესად აღიქვას. ჩემი პრაქტიკის განმავლობაში დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები) აღმოვაჩინე მეთოდი, რომელიც მოსწავლეს ეხმარება, ყურადღება ნიშნებიდან რეალურ პროგრესზე გადაიტანოს.

 

კონკურენცია საკუთარ თავთან

ინგლისური ენის გაკვეთილებზე ჩემი მთავარი გზავნილია: „ნუ გაეჯიბრები სხვას, ეცადე, დღეს იყო იმაზე უკეთესი, ვიდრე გუშინ იყავი“. ეს მიდგომა ხსნის დაძაბულობას და ბავშვს აძლევს საშუალებას, საკუთარ შესაძლებლობებზე კონცენტრირდეს.

 

მცირე ნაბიჯების ძალა

ხშირად ბავშვებს აფრთხობთ დიდი მოცულობის მასალა, განსაკუთრებით კი სიტყვების დაზეპირება აშინებთ, ამიტომ ჩვენ ხუთი სიტყვით ვიღებთ სტარტს. ყოველი გაკვეთილისთვის ნასწავლი ხუთი სიტყვა ერთი სმაილია, რომელიც მათ სამუშაო რვეულებში საპატიო ადგილს იკავებს. ის კი, ვინც ამასთან ერთად დავალებებსაც პირნათლად ასრულებს, რვეულში თითო ვარსკვლავს იკრავს.

ეს მარტივი ვიზუალური სიმბოლოები მოსწავლისთვის აღიარების პირველი საფეხურია. ათი სმაილი „ქების წერილად“ იქცევა, ხოლო ათი ვარსკვლავი — „ქების სიგელად“.

 

მშობელი როგორც თანამებრძოლი

ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია მშობლის როლი. ქების წერილებსა და სიგელებში ყოველთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მშობლებს მხარდაჭერისთვის. ეს მცირე ჟესტი აგრძნობინებს მათ, რომ მათ ჩართულობას აფასებენ და მატებს მოტივაციას, უფრო აქტიურად დაუდგნენ გვერდით შვილებს სასწავლო პროცესში.

 

თვითრეგულაცია და შედეგი

შედეგი, რომელსაც ამ მეთოდით ვაღწევთ, შთამბეჭდავია. ბავშვები, რომლებიც ხუთი სიტყვით იწყებდნენ, წლის ბოლოს უკვე თავისუფლად სწავლობენ ოცდაათამდე ახალ სიტყვას ყოველი გაკვეთილისთვის. თუმცა რაოდენობა არ არის მთავარი. მთავარია ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ უყალიბდებათ:

  • მოსწავლეები თავად აკონტროლებენ საკუთარ პროგრესს.
  • რვეული, რომელშიც სმაილები და ვარსკვლავები გროვდება, მათთვის უძვირფასეს ნივთად იქცევა, რომელიც სახლში არასოდეს რჩებათ.
  • ბავშვები ცდილობენ, არ გააცდინონ გაკვეთილი, რათა არ დაკარგონ წინსვლის შესაძლებლობა.

ეს არის თვითრეგულაციისკენ გადადგმული პირველი მტკიცე ნაბიჯები, რომელთა ნაყოფს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ვიმკით. ათი ქების წერილის მფლობელი წლის ბოლოს სერტიფიკატს იღებს, ხოლო ათი სიგელისა – სერტიფიკატთან ერთად სიმბოლურ საჩუქარსაც.

 

მზადება მომავლისთვის

ეს მეთოდი მოსწავლეებს მხოლოდ დაწყებით საფეხურზე კი არ ეხმარება, არამედ საბაზო საფეხურისთვისაც ამზადებს. ისინი სწავლობენ, რომ მთავარია შინაარსობრივი წინსვლა და არა ციფრები ჟურნალში. როდესაც ბავშვი ხედავს, როგორ გადაიზრდება მისი „ხუთი სიტყვა“ დიდ ცოდნაში, მას უყალიბდება რწმენა, რომ შეუპოვრობით ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.

ჩვენი, მასწავლებლების, მისია ხომ სწორედ ეს არის – დავანახოთ მათ საკუთარი შესაძლებლობები და დავეხმაროთ, ყოველდღიურად შექმნან საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

ამ მეთოდის გამოყენება მასწავლებლისგან საწყის ეტაპზე დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა ნელ-ნელა ის სასიამოვნო და შედეგზე ორიენტირებულ საქმიანობად იქცევა, შედეგების გათვალისწინებით კი ცდად ნამდვილად ღირს.

 

გამოყენებული და რეკომენდებული რესურსები:

  1. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი – მუხლები, რომლებიც ეხება მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნასა და მოტივაციის ამაღლების სტრატეგიებს
  2. ეროვნული სასწავლო გეგმა (I-IV კლასები) – დაწყებით საფეხურზე თვითრეგულაციისა და პასუხისმგებლობის უნარების განვითარების პრიორიტეტულობა
  3. საგანმანათლებლო პორტალი mastsavlebeli.ge – სტატიები და მეთოდური რეკომენდაციები პოზიტიური დისციპლინისა და წახალისების ფორმების შესახებ
  4. კეროლ დუეკი, „აზროვნების წესი“ (Growth Mindset) – თეორიული საფუძველი იმისა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ძალისხმევის და არა მხოლოდ ნიჭის შექება
  5. განვითარებადი შეფასების ინსტრუმენტები – სიმბოლოების (სმაილები, ვარსკვლავები) გამოყენება როგორც უკუკავშირის ეფექტური საშუალება დაწყებით კლასებში

 

 

ქების წერილის შაბლონი

ქების წერილი

ძვირფასო ______________________,

მინდა, გულწრფელად მოგილოცო შენი შრომა და მონდომება.
შენ შეძელი და ნაბიჯ-ნაბიჯ, საკუთარი ძალისხმევით მიაღწიე მნიშვნელოვან პროგრესს ინგლისური ენის სწავლაში.

შენ არ შეეჯიბრე სხვებს – შენ გააუმჯობესე საკუთარი გუშინდელი შედეგი, რაც ნამდვილი წარმატებაა.

განსაკუთრებული მადლობა მშობლებს მხარდაჭერისა და მუდმივი თანადგომისთვის, რომელიც ბავშვის წარმატების მტკიცე საფუძველია.

გისურვებ, არ შეჩერდე და ყოველთვის იამაყო შენი პროგრესით!

პატივისცემით,
მასწავლებელი ____________________

საგანი: ინგლისური ენა

თარიღი: ______________________

 

ქების სიგელის შაბლონი

ქების სიგელი

ენიჭება
________________________________

სწავლაში გამოვლენილი მაღალი პასუხისმგებლობის,
დავალებების პირნათლად შესრულებისა
და საკუთარი პროგრესის მართვის უნარისთვის.

შენ დაამტკიცე, რომ მცირე ნაბიჯებს დიდ შედეგებთან მივყავართ.

მადლობას ვუხდით მშობლებს
აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის.

მასწავლებელი: ____________________

სკოლა / კლასი: ____________________

თარიღი: ______________________

(ბეჭედი / ხელმოწერა)

 

სერტიფიკატის შაბლონი

სერტიფიკატი

ენიჭება
________________________________

სასწავლო წლის განმავლობაში საკუთარი პროგრესის მართვაში,
თვითრეგულაციის განვითარებასა და ინგლისური ენის სწავლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მონდომებისთვის.

მასწავლებელი: ____________________

საგანი: ინგლისური ენა

სასწავლო წელი: ____________________

თარიღი: ______________________

(ბეჭედი / ხელმოწერა)

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს, დარჩეს სააზროვნო პროცესის ლიდერად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას

0

თანამედროვე ეპოქაში ხელოვნური ინტელექტი ხშირად აღიქმება, როგორც მზა პასუხების ინსტრუმენტი. სწორედ ამიტომ, მასწავლებლების მთავარი ამოცანაა, AI ვაქციოთ არა კარნახის, არამედ პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების ინსტრუმენტად.

სტატიაში განვიხილავთ კონკრეტულ მოდელს – როგორ შეიძლება VII კლასის მოქალაქეობის გაკვეთილზე ტექნოლოგიამ ხელი შეუწყოს კრიტიკულ აზროვნებასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ისეთი მნიშვნელოვანი თემის შესასწავლად, როგორიცაა ჯანსაღი ცხოვრება.

VII კლასში მოქალაქეობის საგნის ერთ-ერთ სავალდებულო თემა არის ჯანსაღი ცხოვრება. თემა გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების წესის (ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობები, ჰიგიენა, ძილი, დასვენება) დანერგვას; ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის აუცილებელი სოციალური, პიროვნული და ფსიქოემოციური უნარ-ჩვევების (მაგალითად, დღის რეჟიმის დაგეგმვა) განვითარებაზე ზრუნვას; ადიქციის (კიბერდამოკიდებულება, თამბაქოზე, ალკოჰოლზე, აზარტულ თამაშებზე, ნარკოტიკებზე დამოკიდებულება) უარყოფითი შედეგების გაანალიზებას და სხვ.

საკითხი: ჯანსაღი ცხოვრების წესი – ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობები, ჰიგიენა, ძილი, დასვენება

სამიზნე ცნება: საზოგადოება

საკვანძო კითხვა: როგორ დამეხმარება ჩემი „ციფრული დღიურის“ მონაცემები და ხელოვნური ინტელექტის ანალიზი, გავაცნობიერო ჩემი ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორც სამოქალაქო პასუხისმგებლობა?

შეფასების ინდიკატორები – მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • პირადი ჰიგიენისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის საჭიროებაზე მსჯელობა; მათი დაცვისას წარმოქმნილი (ჯანსაღი კვება, ასაკობრივი თავისებურებები) სირთულეების გაანალიზება;
  • საკუთარი ფიზიკური აქტივობებისა და ჯანსაღი კვების რეჟიმის დაგეგმვა.

დავალების პირობა:

წარმოიდგინე, რომ ხარ მკვლევარი, რომელიც სწავლობს კავშირს ინდივიდუალურ ჩვევებსა და საზოგადოებრივ კეთილდღეობას შორის. შენი მიზანია თანატოლებს დაუმტკიცო, რომ პირადი ჩვევები არ არის მხოლოდ პირადი საქმე, არამედ სამოქალაქო ვალდებულებაა.

ერთი კვირის განმავლობაში ნაწარმოები „ციფრული დღიურის“ მონაცემებზე დაყრდნობით, NotebookLM-ის დახმარებით შექმენი ვიდეო-რეპორტაჟი ან ინტერაქციული ციფრული პოსტერი, სადაც ახსნი და დაასაბუთებ, რომ შენი პირადი ჯანმრთელობა სამოქალაქო პასუხისმგებლობაა.

ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინე:

  • როგორ დაგეხმარა AI -NotebookLM შენი „ციფრული დღიურის“ მონაცემებისა და სამეცნიერო წყაროების შედარებაში და რა კანონზომიერებები აღმოაჩინე?
  • რატომ და როგორ მოქმედებს შენი ჯანსაღი ან არაჯანსაღი არჩევანი საზოგადოებრივ რესურსებზე? (მაგ: 1 საათით ადრე დაძინება, ყველაზე მეტად რომელი საზოგადოებრივი რესურსის დაზოგვაში დაგეხმარება?)
  • რატომ არის ჯანსაღი მოქალაქე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და როგორ ეხმარება ენერგიულობა ადამიანს, რომ ჩაერთოს მოხალისეობრივ თუ სამოქალაქო აქტივობებში?
  • დაასაბუთე, რატომ არის შენი ფიზიკური ენერგიულობა პირდაპირ კავშირში საზოგადოებრივ აქტიურობასთან. აღწერე ერთი კონკრეტული სამოქალაქო აქტივობა მაგ: გარემოსდაცვითი აქცია, მოხალისეობა, რომლის განხორციელებასაც მეტი ფიზიკური და მენტალური მზაობა სჭირდება.

ზოგჯერ ასეთი ტიპის დავალებების შესრულებისას მოსწავლეს „ციფრული დღიური“ საბოლოო პროდუქტი ჰგონია, სინამდვილეში კი ის მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტია საბოლოო ვიდეო-რეპორტაჟის ან ინტერაქციული ციფრული პოსტერის/ინფოგრაფიკის შესაქმნელად.

მასწავლებლისთვის სწორედ აქ ჩნდება საკვლევი კითხვა – AI გამოყენებისას როგორ დარჩეს მოსწავლე სააზროვნო პროცესის ლიდერად?

NotebookLM-ის გამოყენება ამ დავალებაში ტექნოლოგიური მიღწევაა. ეს არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კვლევითი ასისტენტი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება, თავისი მონაცემები მეცნიერულ და სამოქალაქო კონტექსტში გააანალიზოს.

NotebookLM არის Google-ის მიერ შექმნილი ინოვაციური, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული „ჭკვიანი ნოუთბუქი“. მისი მთავარი განსხვავება სხვა AI-ჩატებთან შედარებით არის ის, რომ ის მუშაობს მხოლოდ თქვენ მიერ მიწოდებულ წყაროებზე დაყრდნობით.

მოსწავლეები კვირის განმავლობაში აგროვებენ მონაცემებს: ძილის საათები, დღიურად დალეული წყალი, საკვები, ფიზიკური აქტივობის დრო, ჰიგიენის წესები, შემდეგ ამ მონაცემებს გარდაქმნიან ვიზუალურ ინფოგრაფიკად-პოსტერად, სადაც ჩანს პროგრესი ან ხარვეზები.

სანამ მოსწავლე მონაცემებს შეიყვანს, NotebookLM-ში უნდა აიტვირთოს დამხმარე მასალა – მასწავლებლის მიერ შექმნილი ან კონკრეტული სახელმძღვანელოდან მითითებული, მაგ: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები მოზარდების ძილზე, კვებასა და აქტივობაზე. სტატიები ჯანსაღი ცხოვრების წესის ეკონომიკურ და სამოქალაქო გავლენაზე.

მოსწავლე თავის კვირის მონაცემებს ტექსტური ფაილის სახით ტვირთავს პროგრამაში და პროგრამას უსვამს კითხვებს:

  1. ჩემი მონაცემებიდან გამომდინარე, კვირის რომელ დღეებში მაქვს ყველაზე დიდი გადახრა ჯანმრთელი ცხოვრების ნორმებიდან?
  2. დამიწერე 3 კონკრეტული რეკომენდაცია ჩემი ძილის რეჟიმის გასაუმჯობესებლად ატვირთული წყაროების მიხედვით.

AI ეხმარება მოსწავლეს, რომ მონაცემები უბრალო ციფრებად კი არ დარჩეს, არამედ პერსონალიზებულ რჩევებად იქცეს.

მოსწავლე სთხოვს პროგრამას – ჩემი მონაცემების საფუძველზე, შემირჩიე 3 მთავარი სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც ყველაზე კარგად გამოაჩენს ჩემს პროგრესს პოსტერზე/ინფოგრაფიკაზე. პროგრამა გამოყოფს მთავარ აქცენტებს, მაგ: წყლის სმის 80%-იანი შესრულება, რაც ინფოგრაფიკას უფრო აზრიანს ხდის.

მასწავლებლის მიერ მიწოდებული მასალები, რომ მოსწავლისთვის უფრო საინტერესო და მამოტივირებელი გავხადოთ, აქვე უნდა გამოვიყენოთ სწორედ NotebookLM-ს უნიკალური ფუნქცია დიალოგის გენერირება. მაგ: მასალა, სადაც ახსნილია, რომ პრევენცია – ჯანსაღი კვება, აქტივობა – ბევრად იაფია სახელმწიფოსთვის, ვიდრე ქრონიკული დაავადებების მკურნალობა. რომ ჯანმრთელი მოქალაქე ნიშნავს ნაკლებ დანახარჯს ჯანდაცვის სისტემისთვის და დაზოგილი სახელმწიფო ბიუჯეტი შეიძლება მოხმარდეს სხვა სამოქალაქო საჭიროებებს, მაგალითად, განათლებას ან ინფრასტრუქტურას. შეგვიძლია, გამოვიყენოთ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პუბლიკაციები, რომლებიც ეხება ცხოვრების ჯანსაღ წესს. ეს რთული დოკუმენტები კი მოსწავლეებისთვის საინტერესო მარტივ მასალად გარდაიქმნება.

ვინაიდან NotebookLM მუშაობს ატვირთულ ფაილებზე, საუკეთესო გზაა, მომზადდეს ერთი PDF დოკუმენტი, მაგ: ჯანმრთელობის ეკონომიკა მოზარდებისთვის, სადაც მოკლედ იქნება ჩამოწერილი ძირითადი საკითხები:

  • რამდენს ხარჯავს სახელმწიფო საშუალოდ ერთი დაავადებული ადამიანის მკურნალობაზე;
  • როგორ ამცირებს სპორტი და სწორი კვება ამ ხარჯებს;
  • რა კავშირია მოსწავლის ენერგიულობასა და მის პროდუქტიულობას შორის.

ეს მასალა NotebookLM-ს მისცემს საშუალებას, აუდიოდისკუსიაში დაუკავშიროს მოსწავლის პირადი „ციფრული დღიური“ ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას.

მოსწავლეები უსმენენ თავიანთი ნაშრომების პოდკასტს, რაც მკვეთრად ზრდის მოტივაციასა და ჩართულობას.

აქტივობების მიმდინარეობის ჯაჭვი საბოლოოდ ამ დავალებისთვის ასე გამოიყურება

  1. ნაბიჯი 1: მონაცემების შეგროვება

ცხრილის ნიმუში:

დღე ძილის ხანგრძლივობა ფიზიკური აქტივობა (წუთი) დალეული წყალი (ჭიქა) ეკრანთან გატარებული დრო (სთ)
ორშაბათი 7 სთ 20 წთ (ფეხით სიარული) 4 ჭიქა 5 სთ
სამშაბათი 6 სთ 0 წთ 3 ჭიქა 6 სთ
ოთხშაბათი 8 სთ 60 წთ (ფეხბურთი) 6 ჭიქა 4 სთ
ხუთშაბათი 7 სთ 15 წთ 5 ჭიქა 5 სთ
პარასკევი 6 სთ 0 წთ 4 ჭიქა 7 სთ
შაბათი 9 სთ 90 წთ (ლაშქრობა) 8 ჭიქა 3 სთ
კვირა 8 სთ 30 წთ (ვარჯიში) 6 ჭიქა 6 სთ

 

  1. ნაბიჯი 2: ატვირთვა NotebookLM-ში + სამეცნიერო წყაროების დამატება
  2. ნაბიჯი 3: AI-სთან დიალოგი ანალიზი და დასკვნები
  3. ნაბიჯი 4: ციფრული ვიზუალიზაცია სხვადასხვა პროგრამებში
  4. ნაბიჯი 5: პრეზენტაცია და კლასში დისკუსია

ხელოვნური ინტელექტი მოქალაქეობის გაკვეთილზე არის ინსტრუმენტი, რომელიც მოსწავლეს ეხმარება, საკუთარ ცხოვრებას შეხედოს, როგორც მკვლევარმა და გააცნობიეროს, რომ ციფრები და მონაცემები რეალური სამოქალაქო ქმედებების საფუძველია. ჩვენი მიზანია, AI-მა გამოათავისუფლოს დრო, რათა მოსწავლემ შეძლოს ყველაზე მნიშვნელოვანი – ფიქრი, ჩვენ კი ამ ფიქრის კონსტრუირებაში დავეხმაროთ.

იმისათვის, რომ მოსწავლე დარჩეს სააზროვნო პროცესის ლიდერად, აუცილებლად უნდა უპასუხოს შემდეგ კითხვებს:

  • რა კონკრეტული ბრძანება, პრომპტი მისცა AI-ს და რატომ?
  • რა შეცდომა დაუშვა AI-მა ან რა მნიშვნელოვანი კონტექსტი გამორჩა?
  • შეადარა თუ არა AI-ის პასუხი სახელმძღვანელოსთან ან მასწავლებლის მიერ მოწოდებულ PDF-თან?
  • როგორ შეცვლიდა მის სამოქმედო გეგმას, AI რომ არ ჰქონოდა?

სამოქალაქო პასუხისმგებლობა იწყება იმ წერტილში, სადაც მოსწავლე ხედავს კავშირს საკუთარ თეფშსა და გარემოცვას შორის. ნაცვლად სტანდარტული კითხვისა – რა არის ჯანსაღი კვება და რატომ არის ის სასარგებლო? AI-სთვის დასასმელი ტრანსფორმირებული კითხვა იქნება – თუ კლიმატის ცვლილების გამო ჩვენს რეგიონში ტემპერატურა მოიმატებს და ხილის ხარისხი გაუარესდება, რამდენად გაიზრდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯები და რა როლი მაკისრია მე, როგორც მოქალაქეს, ამ რესურსების დაზოგვაში?

ამგვარი კითხვის დასმა მოსწავლეში ავითარებს სამ უმნიშვნელოვანეს კომპეტენციას:

სისტემური აზროვნება – მოსწავლე ხვდება, რომ მისი იმუნიტეტი არ არის იზოლირებული მოვლენა. ის დამოკიდებულია რეგიონის ეკოლოგიაზე, ეკოლოგია კი საზოგადოებრივ ქცევაზე.

რესურსების მართვა – ჯანმრთელი მოქალაქე არის ქვეყნის სოციალური კაპიტალი. როცა მოსწავლე სვამს კითხვას ხილის ხარისხსა და იმუნიტეტზე, ის სინამდვილეში იკვლევს, რამდენად მედეგი იქნება მისი თემი მომავალი გამოწვევების წინაშე.

სწორი კითხვა ბადებს მოქმედებას. თუ მე ვიცი, რომ ტემპერატურის მატება ჩემს იმუნიტეტს საფრთხეს უქმნის, მე უკვე მაქვს მოტივაცია, ჩავერთო სასკოლო „მწვანე პროექტებში“ ან ნარჩენების მართვაში.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • ინგოროყვა, ნ. (2026). ალგორითმის „აღსარება“ რატომ არ ნიშნავს ინფორმაცია პასუხს? თანამედროვე განათლების დილემა. Mastsavlebeli.ge
  • ინგოროყვა, ნ. (2026). მედიაწიგნიერების ახალი გაკვეთილები. Mastsavlebeli.ge
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. მდგრადი განვითარების მიზნები. მიზანი 3: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა
  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. ჯანმრთელობის ხელშეწყობის გლობალური სამოქმედო გეგმა: ინდივიდუალური ჩვევების გავლენა საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე
  • ევროპის საბჭო. (2016). დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩო
  • Google. (2024). NotebookLM: კვლევისა და მონაცემთა ანალიზის მეთოდოლოგიური გზამკვლევი

 

ოდნაობითობის სემანტიკის გააზრება გაკვეთილზე: პრაქტიკული აქტივობები და ანალიზი

0

ქართული ენის სწავლებისას მნიშვნელოვანია, რომ გრამატიკული საკითხები არ ისწავლებოდეს მხოლოდ წესებისა და ტერმინების დონეზე. როდესაც მოსწავლე ფორმას აკვირდება კონტექსტში, ადარებს, აანალიზებს და თავად იყენებს, სწავლება გაცილებით შედეგიანი ხდება. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობა აძლიერებს როგორც ენობრივ კომპეტენციას, ისე მოსწავლის ინტერესს.

ხარისხის ფორმების სწავლებისას მოსწავლეები, როგორც წესი, მხოლოდ ზედსართავი სახელის ხარისხებს ეცნობიან, რამეთუ საგნის ნიშან-თვისება, რომელსაც გამოხატავს ზედსართავი სახელი, შესაძლოა იყოს მეტი ან ნაკლები ოდენობის, სხვადასხვა ხარისხის. თუმცა, პრაქტიკაში აშკარად იკვეთება, რომ ხარისხის ცნების სემანტიკა სცდება ზედსართავი სახელის სფეროს და თვალსაჩინოა ზოგიერთი ზმნისწინის მეტ-ნაკლები როლი მოქმედების სიმცირის, სიცოტავის, ანუ ოდნაობითობის აღნიშვნა-გადმოცემაში ზმნებთან და რიგ ფორმებში სახელზმნებთანაც.

ოდნაობითი ხარისხის ფორმა, დადებითთან შედარებით, საგნის ნიშნის ნაკლები ოდენობით გამომხატველია. ეს ის შემთხვევაა, როცა სემანტიკა განაპირობებს სახელწოდებას. ოდნაობითი საგნის მახასიათებელს გამოხატავს ნაკლები ოდენობით, მაგრამ ერთგვარი განსაზღვრით, მიახლოებით, ოდნავ. მაგ.: მო-თეთრ-ო თეთრს უახლოვდება, სითეთრის ნიშნები აქვს, ანუ ოდნავ თეთრია.

რაქტიკაში მოსწავლეებს განსაკუთრებით უადვილდებათ ოდნაობითობის გაგება ფერისა და ზომის აღმნიშვნელ სიტყვებზე დაკვირვებით. მაგალითად: მოლურჯო, მომწვანო, მოვარდისფრო — ეს ფორმები მკაფიოდ გამოხატავს მიახლოებით ფერს. ამიტომ, სასურველია, მასწავლებელმა დაწყებით კლასებში მოსწავლეებს შესთავაზოს ისეთი სახის აქტივობები, სადაც მათ თავად მოუწევთ ფერთა ან საგანთა აღწერა ოდნაობითის ფორმებით.

მაგალითად, აღწერონ სურათი ოდნაობითის ფორმების გამოყენებით: მოლურჯო ცა, მოთეთრო ღრუბლები, მოყვითალო ფოთლები…

ამგვარი პრაქტიკული მუშაობა ხელს უწყობს არა მხოლოდ გრამატიკული ფორმების დამახსოვრებას, არამედ სიტყვათა სემანტიკური ნიუანსების აღქმასაც.

საყურადღებოა, რომ ხარისხის გადმოსაცემად ენას მოეპოვება ასევე აღწერითი წარმოებაც, როდესაც ნიშნის ან თვისების გადმომცემ სახელთან ჩვეულებრივ გამოყენებულია ზმნიზედები. აღწერითი წარმოება, მართალია, საგნის ნიშნის მეტი ოდენობის შინაარსობრივი გადმომცემია, თუმცა ზოგჯერ ოდნაობითის, სიმცირის გადმოცემაც შეუძლია (ოდნავ დიდი და მისთ.).

ოდნაობითობის გაგება სცდება ზედსართავი სახელის სფეროს და ენაში ნათლად იკვეთება ზოგიერთი ზმნისწინის მეტნაკლები როლი მოქმედების სიმცირის, სიცოტავის, ანუ ოდნაობითობის აღნიშვნაგადმოცემაში ზმნებთან და რიგ ფორმებში სახელზმნებთანაც.

ამგვარ სემანტიკას გამოხატავს მო- ზმნისწინიანი ფორმები: მო-რბილდება, მო-მწარდება, მო-მჟავდება, მო-ისუსტებს, მო-იდიდებს… თუ ერთმანეთს შევადარებთ ფორმებს: მოათბო და გაათბო, მოალბო – გაალბო, მოაცოცხლა – გააცოცხლა… ცხადია, ეს უკანასკნელნი თავის ძირითად შინაარსს სისავსით წარმოგვიდგენს, ეს სისრულე უკვე აღარ იგრძნობა ამავე ზმნათა მო- ზმნისწინიან ფორმებში, სადაც მოქმედების შესრულება მცირე დოზით ხასიათდება. ასეთი ზმნები თანამედროვე ქართულში მრავლადაა: მოასველებს – ცოტათი დაასველებს; მოიზარმაცებს – ოდნავ ზარმაცია; მომხიარულდება – თანდათან გამხიარულდება; მოიკოჭლებს – ოდნავ კოჭლია; მოიძუნწებს – ცოტა ძუნწია და სხვ.

ოდნაობითის მნიშვნელობით ვხვდებით წაზმნისწინიან წარმოებასაც: წა-იმუშავა, წა-ითამაშა, წა-იმღერა, წა-თვლიმა, წა-იბორძიკა, წა-ივარჯიშა, წა-ისაუზმა, წა-იეშმაკებს, წა-იკოჭლებს, წა-იპოეტებს და ა.შ.

ამავე ფუნქციით გვხვდება წამოზმნისწინიც, რომელიც აღნიშნავს მოქმედების (ნიშან-თვისების) ოდნაობითობას: წამო-წითლდა, წამო-იზარდა, წამო-იჩიტა, წამო-წვიმა, წამო-ნამა, წამო-სტკივდა და სხვ.

მოქმედების სიცოტავის, ოდნაობის და ხარისხის ან მოცულობის შედარებითი სიმცირის გამოსახატად ასევე შეზმნისწინი გამოიყენება: შე-მწიფდა, შე-ბინდდა, შე-ტკბა, შე-ხმა, შე-შრა, შე-იმღვრა, შე-ამცივნა და სხვ.

მაშასადამე, მოქმედება, რომელიც ცოტაა ზომით ან მოცულობით, ან ნაკლებია ხარისხით, შეგვიძლია მოსწავლეებს გავაგებინოთ ზმნურ ფორმათა შედარებით: გა-წითლდა და შე-წითლდა (გაწითლდა – წითელი შეიქმნა, შეწითლდა – ოდნავ წითელი შეიქმნა), გა-ხურდა და შე-ხურდა, და-თვრა და შე-თვრა, გა-თხელდა და შე-თხელდა, გა-თბა და შე-თბა, გა-თეთრდა და შე-თეთრდა და მისთ. შე- ზმნისწინიან ფორმებში ოდნაობითობა ზოგჯერ დაკავშირებულია დროის გაგებასთან: შე-აგვიანდა, შე-ყოვნდა, შე-ჩერდა და მისთ.

შედარებით ნაკლებადაა გამოხატული, თუმცა ოდნაობითობის გამოხატვა იშვიათად შეუძლია ჩაზმნისწინსაც: ჩა-იცინა, ჩა-ილაპარაკა, ჩა-იღიმა, ჩა-იბურდღუნა…

მრავალფეროვანი ენობრივი მასალის გააზრება ეხმარება მოსწავლეს, უკეთ შეიგრძნოს ქართული ენის ლექსიკური სიმდიდრე და ზუსტად გამოიყენოს სიტყვები მეტყველებაში. ამიტომ, მასწავლებელმა შეიძლება შეადარებინოს სხვადასხვა ზმნისწინიანი ფორმები და დააკვირვოს მოსწავლე, რომ პირველ შემთხვევაში მოქმედება სრულადაა განხორციელებული, ხოლო მეორე შემთხვევაშინაწილობრივ, ოდნავ, მცირე ხარისხით. ასეთი შეპირისპირებები საუკეთესო გზაა სემანტიკური განსხვავების დასანახად.

ასევე შეუძლია გამოიყენოს მზა ცხრილები, სადაც ნაჩვენები იქნება ორივენაირი ფორმები: სრული მოქმედებისა და ოდნაობითი მოქმედების გამომხატველი. ამ აქტივობის შემდეგ, სასურველია, მოსწავლეებმა თავად შეადგინონ წინადადებები ორივე ფორმის გამოყენებით.

მაგალითად: მზემ ოთახი გაათბო. – მზემ ოთახი მოათბო, შეათბო (ოდნავ გაათბო).

ამ გზით ისინი თავად დააკვირდებიან და უკეთ აღიქვამენ მნიშვნელობათა სხვაობას.

როგორც აღმოჩნდა, ოდნაობითის შინაარსი ზმნისწინების საშუალებით შეიძლება გადმოიცეს არა მარტო ზედსართავებთან და ზმნებთან, არამედ სახელზმნებთან, უფრო მეტად მიმღეობებთან, რამეთუ მიმღეობა, როგორც სახელზმნის ერთ-ერთი სახე, თანაბრად შეიგუებს როგორც სახელურ, ისე ზმნურ ნიშნებს. ზმნისწინის საშუალებით ხარისხის შინაარსს გადმოსცემენ ის პირველადი ზმნები და მათგან წარმოებული სახელზმნები, რომლებიც აღნიშნავენ მოქმედებას ან თვისებას, რომელიც რეალურად შესაძლებელია მოხდეს მეტი ან ნაკლები ინტენსივობით, სიღრმით (გაიყინა – შეიყინა, გაყინვა – შეყინვა, გაყინული – შეყინული).

ღირებულებათა ფორმირება VaKE მეთოდით. დილემაზე დაფუძნებული სწავლება

0

სწავლა-სწავლების პროცესის ფუნდამენტური მიზანი ყოველთვის იყო არა მხოლოდ ცოდნის გაზიარება, არამედ მოსწავლისთვის ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბებაც.

მეთოდი, რომლის სახელწოდებაა VaKE (Values and Knowledge Education), გულისხმობს ღირებულებით განათლებას, მაშასადამე, შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეს, ამა თუ იმ საგნის შესწავლასთან ერთად ღირებულებებიც განივითაროს.

მასწავლებელს შეუძლია, აიღოს დილემა და მასზე ააგოს გაკვეთილი. დილემა ხომ ამბავია, რომელსაც ჰყავს პერსონაჟები. ეს პერსონაჟები აღმოჩნდებიან რთულ სიტუაციაში, სადაც ღირებულებები სასწორზე დევს.

დილემაზე ფიქრის დროს მოზარდები ააქტიურებენ საკუთარ ემოციურ ინტელექტს, გონების ზედაპირზე ამოდის მათი ღირებულებები და იწყება ჭიდილი. ამ ჭიდილში იჭედება მათი აზრებიც. პროცესი გადაიზრდება მსჯელობაში, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება საკუთარი აზრის გამოხატვაში, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში, მეტყველების, წერის, არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარებაში.

მასწავლებლისთვის კი ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, შეაფასოს მოსწავლეები, დაინახოს მათი ძლიერი და სუსტი მხარეები; არის კარგი წინაპირობა სწავლების იმგვარად დაგეგმვისა, რომ პროცესში გათვალისწინებულ იქნეს თითოეული მოსწავლის საჭიროებები და შესაძლებლობები. მასწავლებელი ხედავს, როგორ მეტყველებენ, როგორ წერენ მოსწავლეები, როგორ მუშაობენ თანაკლასელებთან, შეუძლიათ თუ არა პარტნიორთან მუშაობა, აქვთ თუ არა პრეზენტაციის უნარი და ა.შ.

მეთოდ VaKE–ს გამოყენებით შეგვიძლია ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვა. საგნების არჩევანი შესაძლოა დამოკიდებული იყოს დილემაზე, რომელზეც განზრახული გვაქვს გაკვეთილის აგება. ისიც შესაძლოა, დილემა შევარჩიოთ იმ საგნების მიხედვით, რომელთა ინტეგრირებაც გვსურს.

საჭიროა, გაკვეთილის ყოველი აქტივობა ზედმიწევნით გვქონდეს გააზრებული და დაგეგმილი. გავითვალისწინოთ, რომ დილემაზე აგებული ინტეგრირებული გაკვეთილისთვის ყოველთვის არ არის საკმარისი 1 საგაკვეთილო საათი და თავიდანვე ორზე გავთვალოთ.

გთავაზობთ ინტეგრირებულ გაკვეთილს ინგლისურსა და ბიოლოგიაში.

 

ინტეგრირებული გაკვეთილი: ინგლისური-ბიოლოგია

თემა: Atomic Power Plant Dilemma (ატომური ელექტროსადგურის დილემა)

კლასი:VIII-IX

მასწავლებელები:

ჩატარების ადგილი და თარიღი:

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები გარემოს დაცვაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ენერგიის წყაროებზე, ეთიკურ არჩევანზე. განივითარებენ არგუმენტირებული მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების უნარებს. მოსწავლეები ისწავლიან კონფლიქტურ სიტუაციაში გააზრებული არჩევანის გაკეთებას. გააუმჯობესებენ ინგლისურად აზრის გამოთქმის, მეტყველების, წერის უნარებს. გამოიყენებენ dilemma vocabulary–ს (დილემისთვის დამახასიათებელ ლექსიკას). მოსწავლეები შეძლებენ, იმსჯელონ გარემოსა და ჯანმრთელობაზე ატომური ენერგიის გავლენის შესახებ, აღწერონ რადიაციის თანმხლები საფრთხეები, გაიაზრონ ადამიანის ჯანმრთელობის კავშირი გარემოსთან.

საჭირო რესურსები: დილემის ტექსტი, დაფა/პროექტორი, ფურცლები, მარკერები, ფოტოები

შეფასების ტიპი: განმავითარებელი შეფასება

 

 

N აქტივობა

 

მეთოდი კლასის ორგანიზება დრო
1 პედაგოგი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, სტრუქტურას და წესებს. დაურიგებს მათ სამუშაო რესურსებს, შესაბამისად მოაწყობს კლასს (მერხების განლაგება და ა.შ). 5 წუთი
2 Warm-up აქტივობა. მასწავლებელი დაფაზე წერს წინადადებას: „Would you choose money for your family or safety for society?“ მოსწავლეები პასუხობენ: „yes/no“; ასახელებენ მოკლე მიზეზებს. დისკუსია მთელი კლასი 5 წუთი
3 გაკვეთილისწინა ლექსიკის გაცნობა: მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვებს და სთხოვს ბაშვებს გააკეთონ განმარტებები. რაც არ იციან მასწავლებელი უხსნი მათ.

·         radiation

·         environment

·         disease

·         safety

·         unemployment

·         pollution

·         responsibility

·         difficult choice

·         dilemma

წინარე ცოდნის გააქტიურება მთელი კლასი 10 წუთი
3 მასწავლებელი ეკრანზე აჩვენებს ბავშვებს ფოტოებს, რომლებზეც აღბეჭდილია ატომური ელექტროსადგური, დაბინძურებული გარემო, საავადმყოფო, პროტესტი და სთხოვს, აღწერონ, რას ხედავენ ფოტოებზე. სურათების აღწერა მთელი კლასი 10 წუთი
4 ბიოლოგიასთან ინტეგრაცია: მასწავლებელი მოკლედ განიხილავს ატომური ელექტროსადგურის რადიაციის მნიშვნელობას; იმას, თუ როგორ მოქმედებს რადიაცია უჯრედებზე (იონიზაცია, დნმ-ს დაზიანება), რომელი ორგანოებია ყველაზე მგრძნობიარე რადიაციის მიმართ (ფარისებრი ჯირკვალი, ძვლის ტვინი), რა გრძელვადიანი შედეგი აქვს რადიაციით დაბინძურებას (კიბო, გენეტიკური ცვლილებები), რა მაგალითები ვიცით (ჩერნობილი, ფუკუშიმა). მეორე მხრივ, უხსნის იმასაც, რა დადებითი მხარე აქვს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას, როგორ მოქმედებს ის ქვეყნის ეკონომიკაზე, ადამიანების დასაქმებაზე და ა.შ. ამის შემდეგ კლასს დაყოფს ჯგუფებად (2 ან 3 მოსწავლე) და სთხოვს ბავშვებს, ჩამოწერონ ატომური ელექტროსადგურის დადებითი და უარყოფითი მხარეები T-CHART ის გამოყენებით. (advantages: produces a lot of energy, less air pollution than some fuels creates jobs. Disadvantages: radiation risks, possible environmental damage, health problems, dangerous accidents).

 

T-CHART ჯგუფური მუშაობა 15 წუთი
5 გაგრძელება. კლასი ისევეა მოწყობილი, როგორც წინა გაკვეთილზე და მოსწავლეებიც ისევე არიან განაწილებული ჯგუფებში).

ეკრანზე ჩანს დილემის ტექსტი.

მოსწავლეები კითხულობენ დილემას. მასწავლებელი აძლევს დროს, რომ დილემის კარგად გააზრება შეძლონ.

კრიტიკული აზროვნება, მსჯელობა ჯგუფური მუშაობა 10 წუთი
6 მასწავლებელი კლასს ყოფს ორ ჯგუფად: მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. ამ ჯგუფებში ანაწილებს როლებს:

·         თავართქილაძეების მამა

·         ექიმი

·         გარემოს დამცველი

·         ქალაქის მერი

·         ადგილობრივი მცხოვრები

სთხოვს მოსწავლეებს, თავიანთი როლების მიხედვით იმუშაონ სხვადასხვა წყაროზე (რადიაციის, ენერგეტიკის, ეთიკური არჩევანის შესახებ და ა.შ.) და მოამზადონ ცოდნაზე დაფუძნებული არჩევანი.

კვლევა/ცოდნის მოძიება

Role-play – როლური თამაში

 

15-20 წუთი
7 როდესაც ბავშვები დაასრულებენ მუშაობას, გაიმართება მათი არგუმენტირებული არჩევანის წარდგენა. შეფასება მოხდება ტაშით. 10 წუთი

 

დილემა:

Atomic Power Plant Dilemma

The Tavartkiladze family lives in a small one-and-a-half-room apartment in a block of flats. The father is a construction worker, but he has been unemployed for a year because the company he worked for went bankrupt. Every day he looks for a job, but so far he has not found one and there seems to be little hope of employment.

The mother takes care of the house and looks after their three children. Giorgi is 13 years old, Tina is 12, and Mishiko is 3 years old. In addition to their financial problems, Mishiko suffers from a serious illness and needs expensive medication. Relatives try to help the family, but their support is not enough. The family can no longer cope with their difficulties. If the father does not find a job soon, Mishiko’s life may be in danger.

A nuclear power plant, which has been planned for many years, is about to be built in their city. The construction company needs workers, and Mishiko’s father has the opportunity to get a well-paid job there.

However, many local people are protesting against the construction of the power plant. They believe that it is too close to residential areas and that the necessary safety standards are not being properly protected. A public survey is being conducted to decide whether the power plant should be built or not.For the Tavartkiladze family, the well-paid job is extremely important.

1.Should the father accept the job, even though many people are protesting? 2.Should the city allow the construction of the power plant, considering its impact on families like the Tavartkiladzes?

 

შეფასების კრიტერიუმები:

 

კრიტერიუმები დაბალი საშუალო მაღალი
გაკვეთილში ჩართულობა არ არის ჩართული გაკვეთილში, უჭირს ჯგუფში მუშაობა და არგუმენტირებული მსჯელობა. საშუალოდ ჩართულია გაკვეთილში, საშუალოდ მუშაობს ჯგუფთან, მეტ-ნაკლებად შეუძლია არგუმენტირებული მსჯელობა. მაქსიმალურად ჩართულია გაკვეთილში, კარგად მუშაობს ჯგუფში, შეუძლია არგუმენტირებული მსჯელობა.
ლექსიკა არ აქვს საკმარისი ლექსიკური მარაგი და ვერ ახერხებს კომუნიკაციას გაკვეთილზე. აქვს საშუალო ლექსიკური მარაგი და ხშირად ახერხებს კომუნიკაციას გაკვეთილზე. აქვს ძალიან კარგი ლექსიკური მარაგი და ყოველთვის ახერხებს კომუნიკაციას გაკვეთილზე.
პრეზენტაციის უნარი არ შეუძლია პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა. ახერხებს პრეზენტაციის მომზადებას და წარდგენას კლასის წინაშე. ძალიან კარგად ახერხებს პრეზენტაციის მომზადებას და წარდგენას კლასის წინაშე.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ეკატერინე შავერდაშვილი, თამარ მოსიაშვილი. ცოდნა და ღირებულებითი განათლება. თბილისი, 2018

ინჰიბიცია და ხელოვნური ინტელექტი: მუხრუჭის როლი ბუნებასა და ტექნოლოგიაში

0

თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკა უფრო და უფრო მეტად იხრება ინტეგრირებული სწავლებისკენ, რაც გულისხმობს სასწავლო დისციპლინებს შორის კავშირების წარმოჩენას და ცოდნის ტრანსფერს. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც აბსტრაქტული ცნებები მოსწავლეებს ეძლევათ მათთვის გასაგები, რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული მაგალითებით. ამ კონტექსტში საინტერესოა ინჰიბიციის ცნების განხილვა.

ინჰიბიცია, მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიასა და ქიმიაში დამკვიდრებული ტერმინია, მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე ტექნოლოგიებშიც, მათ შორის – ხელოვნურ ინტელექტშიც.

მეცნიერებაში ინჰიბიცია გულისხმობს პროცესის შენელებას, შეზღუდვას ან შეჩერებას. ქიმიურ და ბიოლოგიურ სისტემებში ინჰიბიტორები ამცირებენ რეაქციის სიჩქარეს ან ბლოკავენ ფერმენტების აქტივობას, რითაც არეგულირებენ სისტემის ფუნქციონირებას. ამ მექანიზმის გაგებას აადვილებს მეტაფორა, რომლის მიხედვითაც ფერმენტს წარმოვიდგენთ „გაზის პედალად“, ხოლო ინჰიბიტორს – „მუხრუჭად“. ეს ანალოგია მოსწავლეებს დაეხმარება, ყოველდღიური გამოცდილების გამოყენებით გაიაზრონ რთული ბიოქიმიური პროცესები.

ადამიანის ნერვულ სისტემაში ინჰიბიცია წარმოადგენს კოგნიტიური კონტროლის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მექანიზმს. ის უზრუნველყოფს იმპულსების შეკავებას, ემოციების რეგულაციას და მიზანმიმართული ქცევის არჩევას. აღნიშნული უნარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასწავლო გარემოში, სადაც მოსწავლეს ხშირად უწევს საკუთარი ქცევის მართვა. მაგალითად, იმპულსური რეაგირების ნაცვლად პასუხის ორგანიზებულად გაცემა წარმოადგენს ინჰიბიტორული კონტროლის პრაქტიკულ გამოხატულებას. ამგვარი პროცესები დაკავშირებულია აღმასრულებელ ფუნქციებთან და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც აკადემიურ მიღწევებზე, ისე სოციალურ ადაპტაციაზეც.

ხელოვნური ინტელექტის განვითარება, რომელიც ადამიანის კოგნიტიური პროცესების მოდელირებას ეფუძნება, ასევე საჭიროებს კონტროლის მექანიზმებს. მხოლოდ მონაცემთა დამუშავება ვერ უზრუნველყოფს ეფექტურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას; აუცილებელია ისეთი სისტემების არსებობა, რომლებიც ზღუდავს არასასურველ, არასწორ და სახიფათო ქმედებებს. ამ თვალსაზრისით ინჰიბიციის პრინციპი ტექნოლოგიაში ტრანსფორმირდება სხვადასხვა ალგორითმულ და არქიტექტურულ გადაწყვეტილებად.

AI სისტემებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მონაცემთა ფილტრაცია და კონტენტის მოდერაცია. თანამედროვე ჩატბოტები და სხვა ციფრული პლატფორმები ახორციელებენ ინფორმაციის შერჩევას და ზღუდავენ ისეთი მოთხოვნების დამუშავებას, რომლებიც შეიძლება მავნე ან არაეთიკური იყოს. სისტემა ფლობს ინფორმაციას, მაგრამ არ იყენებს მას და ასე იქცევა მიზანმიმართულად, რაც შეიძლება ინჰიბიციის ფუნქციურ ანალოგად განვიხილოთ.

ინჰიბიციის მექანიზმი ვლინდება კომპიუტერული ხედვის სისტემებშიც, სადაც ალგორითმები არჩევენ მნიშვნელოვან ვიზუალურ მახასიათებლებს და თრგუნავენ მეორეხარისხოვან დეტალებს. ეს პროცესი უზრუნველყოფს ობიექტის ეფექტურ ამოცნობას და ამცირებს ინფორმაციულ გადატვირთვას. ანალოგიური პრინციპი მოქმედებს რეკომენდაციის სისტემებშიც, რომლებიც მომხმარებლის ქცევის ანალიზის საფუძველზე ფილტრავენ კონტენტს და ამცირებენ ნაკლებად რელევანტური ინფორმაციის წილს.

ხელოვნურ ინტელექტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნიკური გამოწვევაა ე.წ. ზედმეტი სწავლა (overfitting), როდესაც მოდელი ზედმეტად ეყრდნობა კონკრეტულ მონაცემებს და ვერ ახდენს განზოგადებას. ამ პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენება რეგულარიზაციის მეთოდები, მათ შორის ისეთი მიდგომები, რომლებიც დროებით ამცირებს ნეირონების აქტივობას. აღნიშნული პროცესი შეიძლება განვიხილოთ როგორც ინჰიბიციის ტექნიკური ფორმა, რომელიც ხელს უწყობს სისტემის გენერალიზაციის უნარის გაუმჯობესებას.

ინჰიბიციის მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ისეთ ავტონომიურ სისტემებში, როგორიცაა თვითმართვადი მანქანები. ასეთ სისტემებში გადაწყვეტილების მიღება ეფუძნება გარემოს ანალიზს და შესაბამისი ქმედებების შერჩევას. საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში სისტემა ზღუდავს ან სრულიად აჩერებს მოქმედებას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. აქ ინჰიბიცია წარმოადგენს კრიტიკულ მექანიზმს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას.

ზემოაღნიშნული თეორიული ასპექტების გათვალისწინებით, ინჰიბიციის ცნების ინტეგრირება სასწავლო პროცესში ქმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ინტერდისციპლინური სწავლებისთვის. პრაქტიკაში ეს შეიძლება განხორციელდეს გაკვეთილის ისეთი მოდელის გამოყენებით, რომელიც აერთიანებს ბიოლოგიას, კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და ენობრივ კომპონენტს. მაგალითად, VI–VIII კლასებში შესაძლებელია 45-წუთიანი გაკვეთილის დაგეგმვა, რომელიც დაიწყება მოსწავლეთა გამოცდილებაზე დაფუძნებული შეკითხვით („შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს აკეთოთ ყველაფერი, რაც გინდათ?“) და გადავა ინჰიბიციის ცნების გააზრებაზე. მომდევნო ეტაპზე მასწავლებელი წარმოაჩენს ბიოლოგიურ და ტექნოლოგიურ პარალელებს, რის შემდეგაც მოსწავლეები ერთვებიან ჯგუფურ აქტივობაში და განიხილავენ ჰიპოთეტურ სიტუაციას „რა მოხდებოდა, ხელოვნურ ინტელექტს რომ არ ჰქონდეს ინჰიბიცია?“ აღნიშნული დავალება ხელს უწყობს პრობლემის იდენტიფიკაციას და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. გაკვეთილის შემოქმედებითი ნაწილი შეიძლება მოიცავდეს ვიზუალური სქემების ან მოდელების შექმნას, ხოლო დასკვნით ეტაპზე განხორციელდეს რეფლექსია, რომელიც შეაჯამებს მიღებულ ცოდნას და მის პრაქტიკულ მნიშვნელობას.

ამრიგად, ინჰიბიცია შეიძლება განვიხილოთ როგორც უნივერსალური პრინციპი, რომელიც ერთნაირად მოქმედებს როგორც ბიოლოგიურ, ისე ტექნოლოგიურ სისტემებში. ადამიანის ტვინში იგი უზრუნველყოფს ქცევის რეგულაციას, ხოლო ხელოვნურ ინტელექტში – სისტემის უსაფრთხო და ეფექტურ ფუნქციონირებას. აღნიშნული პარალელების გააზრება მხოლოდ მოსწავლეთა ცოდნას კი არ ამდიდრებს, არამედ ავითარებს მათ უნარსაც, დაინახონ კავშირები სხვადასხვა დარგს შორის და კრიტიკულად შეაფასონ თანამედროვე ტექნოლოგიების როლი საზოგადოებაში.

სწავლის ტრანსფორმაცია: პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება

0
თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე სულ უფრო მეტად ხდება ორიენტირებული თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ინკლუზიური განათლების პრინციპები მოითხოვს სწავლების ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა ბავშვის აქტიურ ჩართულობასა და განვითარებას. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (Problem-Based Learning – PBL), რომელიც ქმნის შესაძლებლობას სსსმ მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ ცოდნის მიღების თვალსაზრისით, არამედ უნარების რეალური განვითარებისათვისაც.
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება წარმოადგენს კონსტრუქტივისტულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც ცოდნა არ გადაეცემა მოსწავლეს მზა სახით — ის თავად აგებს მას გამოცდილების საფუძველზე. სწავლა იწყება პრობლემით, რომელიც მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია და უკავშირდება რეალურ ცხოვრებას.
PBL-ის ძირითადი პრინციპებია:
  • მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება;
  • აქტიური შემეცნებითი პროცესი;
  • კოლაბორაციული სწავლა;
  • თვითრეგულაციის განვითარება.
სსსმ მოსწავლეები საჭიროებენ ინდივიდუალურ მიდგომებს, რომლებიც ითვალისწინებს მათ კოგნიტიურ, ემოციურ და სოციალურ თავისებურებებს. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
  • პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლა;
  • ვიზუალური და გამოცდილებითი აქტივობები;
  • თანატოლებთან ურთიერთობა;
  • მოტივაციის შენარჩუნება.
სსსმ მოსწავლეები ხშირად აწყდებიან ბარიერებს ტრადიციულ სასწავლო გარემოში. მათთვის რთულია აბსტრაქტული მასალის აღქმა, ხანგრძლივი ყურადღების შენარჩუნება და დამოუკიდებელი მუშაობა. შესაბამისად, აუცილებელია ისეთი მიდგომების გამოყენება, რომლებიც:
  • ამცირებს ბარიერებს;
  • ზრდის მოტივაციას;
  • უზრუნველყოფს პრაქტიკულ გამოცდილებას;
  • აძლიერებს სოციალურ ინტერაქციას.
PBL-ის როლი სსსმ მოსწავლეთა განვითარებაში
  • სწავლა გამოცდილებაზე დაყრდნობით
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება ეფუძნება პრაქტიკულ აქტივობებს, რაც განსაკუთრებით ეფექტურია სსსმ მოსწავლეებისთვის. ისინი უკეთ ითვისებენ მასალას მაშინ, როცა მონაწილეობენ პროცესში და არ არიან მისი მხოლოდ დამკვირვებლები.
  1. სოციალური უნარების განვითარება
PBL ხელს უწყობს ჯგუფურ მუშაობას, რაც ავითარებს:
  • კომუნიკაციის უნარებს;
  • თანამშრომლობის კულტურას;
  • კონფლიქტების მართვის სტრატეგიებს.
სსსმ მოსწავლეებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათ ხშირად უჭირთ სოციალურ გარემოში ადაპტაცია.
  1. ინდივიდუალური შესაძლებლობების რეალიზება
PBL იძლევა დიფერენცირების საშუალებას. თითოეულ მოსწავლეს შეუძლია, იმუშაოს საკუთარი ტემპისა და შესაძლებლობების ფარგლებში, ეს კი ამძაფრებს წარმატების განცდას.
  1. კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარები
პრობლემის ანალიზი, ჰიპოთეზების ჩამოყალიბება და გადაწყვეტილების მიღება ხელს უწყობს მაღალი დონის აზროვნებითი უნარების განვითარებას, რაც ეხმარება სსსმ მოსწავლეებს, გახდნენ უფრო მეტად დამოუკიდებელი.
  1. მოტივაციის ზრდა
როდესაც სწავლა უკავშირდება რეალურ ცხოვრებას, მოსწავლეები მეტად ინტერესდებიან და აქტიურად ერთვებიან პროცესში. PBL ამ მხრივ ქმნის ძლიერ შიდა მოტივაციას.
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა სსსმ მოსწავლეებთან მუშაობაში არაერთ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. ერთ-ერთი მთავარი სირთულე არის კლასში არსებული მრავალფეროვანი საჭიროებების მართვა. როდესაც მასწავლებელს ერთდროულად უწევს განსხვავებული შესაძლებლობებისა და სწავლის სტილის მოსწავლეებთან მუშაობა, რთულდება ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი და ეფექტური იქნება. განსაკუთრებით პრობლემურია ის შემთხვევები, როდესაც სსსმ მოსწავლეებს სჭირდებათ დამატებითი დრო, ინდივიდუალური ინსტრუქცია ან სპეციალური რესურსები.
სირთულეს წარმოადგენს დროის მართვაც. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება მოითხოვს უფრო ხანგრძლივ და სიღრმისეულ მუშაობას, ვიდრე ტრადიციული მეთოდები, რაც ხშირად არ ემთხვევა სასწავლო პროგრამით განსაზღვრულ დროით ჩარჩოებს. ამასთან, რესურსების სიმწირე – იქნება ეს ვიზუალური მასალები, ადაპტირებული დავალებები თუ ტექნოლოგიური მხარდაჭერა – კიდევ უფრო ართულებს პროცესის ეფექტურად წარმართვას.
არანაკლებ მნიშვნელოვანია მასწავლებლის პროფესიული მზაობა. PBL მოითხოვს არა მხოლოდ მეთოდური ცოდნის ფლობას, არამედ მოქნილობას, შემოქმედებით მიდგომასა და უნარს, მართოს დინამიკური სასწავლო გარემო. იმ პირობებში, როდესაც მასწავლებელს არ აქვს სათანადო ტრენინგი ან გამოცდილება, ამ მიდგომის სრულფასოვანი განხორციელება რთულდება.
თუმცა, აღნიშნული გამოწვევების მიუხედავად, არსებობს ეფექტური გზები მათი გადაჭრისთვის. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია აქტივობების წინასწარი და დეტალური დაგეგმვა, რაც გულისხმობს დავალებების დიფერენცირებას მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. ეს საშუალებას აძლევს თითოეულ მოსწავლეს, ჩაერთოს პროცესში საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში და მიაღწიოს წარმატებას.
ასევე ეფექტურია ვიზუალური და სტრუქტურირებული ინსტრუქციების გამოყენება, რაც განსაკუთრებით ეხმარება სსსმ მოსწავლეებს ინფორმაციის უკეთ აღქმასა და ორგანიზებაში. მცირე ჯგუფებში მუშაობის ორგანიზება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიაა, რადგან იგი ამარტივებს პროცესის მართვას და ზრდის თითოეული მოსწავლის ჩართულობას.
გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამშრომლობას სხვა პროფესიონალებთან – სპეციალურ მასწავლებლებთან, ფსიქოლოგებთან და მშობლებთან. ასეთი კოლაბორაციული მიდგომა უზრუნველყოფს მოსწავლის საჭიროებების უფრო სრულყოფილ გააზრებას და შესაბამისი მხარდაჭერის დაგეგმვას.
საბოლოოდ, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მიზანმიმართული და გააზრებული გამოყენება შესაძლებელს ხდის ინკლუზიური გარემოს შექმნას, სადაც სსსმ მოსწავლეებს ეძლევათ რეალური შესაძლებლობა, განივითარონ უნარები და აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში.
გამოყენებული ლიტერატურა:
  1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. (2020). ინკლუზიური განათლების გზამკვლევი. თბილისი.
  2. Tomlinson, C. A. (2014). The Differentiated Classroom: Responding to the Needs of All Learners. Alexandria, VA: ASCD.
  3. (2017). A Guide for Ensuring Inclusion and Equity in Education. Paris: UNESCO Publishing.
  4. Florian, L., & Black-Hawkins, K. (2011). Exploring Inclusive Pedagogy. Cambridge Journal of Education, 41(4), 495–510.
  5. (2018). Equity in Education: Breaking Down Barriers to Social Mobility. Paris: OECD Publishing.

ყურადღების ეკონომიკა –   ვის ეკუთვნის  მოსწავლის ყურადღება?

0

ადამიანის ცხოვრების წესს მეტწილად  განსაზღვრავს ის, თუ რას უთმობს ის ყველაზე მეტ ყურადღებას. ამიტომაც, მნიშვნელოვანი ადამიანური  რესურსი, რომელსაც  ვფლობთ,  მხოლოდ ინფორმაცია კი არა, ყურადღებაა.

მოდით, ვკითხოთ ჩვენს მოსწავლეებს: „რამდენჯერ აგიღიათ ტელეფონი მხოლოდ დროის დასადგენად  და შემდეგ აღმოგიჩენიათ, რომ 20 წუთი TikTok-ზე სქროლვაში გაატარეთ?“ კლასში მოსწავლეების დიდ ნაწილს გაეღიმება. აღმოჩნდება, რომ თითქმის ყველას აქვს მსგავსი გამოცდილება.

ეს უბრალოდ სახალისო ეპიზოდი არ არის. ეს ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური გამოწვევის გამოვლინებაა. ჩვენ ვცხოვრობთ დროში,  სადაც ყოველდღიურად ათასობით პლატფორმა, ალგორითმი და ხელოვნური ინტელექტის სისტემა იბრძვის, ერთი შეხედვით, უხილავი, მაგრამ უაღრესად ძვირფასი რესურსისთვის – ჩვენი ყურადღებისთვის. სწორედ ამიტომ, თუ წარსულში სკოლა ცოდნის გადაცემის სივრცე იყო, დღეს ის სულ უფრო მეტად ხდება ყურადღების შენარჩუნებისა და აზროვნების დაცვის სივრცე.

დეფიციტური რესურსი

ხშირად ვამბობთ, რომ თანამედროვე ბავშვები და ახალგაზრდები „ინფორმაციის სამყაროში“ ცხოვრობენ. სინამდვილეში, ეს ფრაზა უკვე საკმარისი აღარ არის. მოსწავლეს შეუძლია, რამდენიმე წამში მიიღოს პასუხი თითქმის ნებისმიერ კითხვაზე: მოძებნოს ინფორმაცია Google-ში, ჰკითხოს ChatGPT-ს, უყუროს ვიდეოგაკვეთილს YouTube-ზე ან გაეცნოს ასობით სტატიას.

პრობლემა სხვა რამაა. თუ ინფორმაციის რაოდენობა უსასრულოდ იზრდება, ადამიანის ყურადღება კვლავ შეზღუდული რჩება. დღე-ღამე ისევ 24 საათს მოიცავს, ტვინის შესაძლებლობები კი უსასრულო არ არის. ამიტომ, თანამედროვე სამყაროში დეფიციტური რესურსი აღარ არის ინფორმაცია- დღეს მთავარი დეფიციტი ყურადღებაა.

გაკვეთილზე  ხშირად გვგონია, რომ მოსწავლის ყურადღების გაფანტვა მხოლოდ დისციპლინის ან მოტივაციის პრობლემაა, თუმცა რეალობა გაცილებით რთულია. როდესაც მასწავლებელი გაკვეთილს ატარებს, მოსწავლის ყურადღებისთვის მას კონკურენციას უწევენ: TikTok, Instagram, YouTube, ონლაინ თამაშები, რეკლამები და ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები. ამ სისტემების უკან დგანან მონაცემთა მეცნიერები, პროგრამისტები, ფსიქოლოგები და დიზაინერები, რომელთა მთავარი ამოცანაა მომხმარებლის შენარჩუნება პლატფორმაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კლასში მასწავლებელი ხშირად კონკურენციას უწევს მრავალმილიარდიან  ონლაინ-ინდუსტრიას.

ორი სამყაროს კონფლიქტი

შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ სოციალურ ქსელებსაც აქვს თავისი „პედაგოგიკა“. ის მომხმარებელს ასწავლის სწრაფ რეაგირებას, მცირე მოცულობის ტექსტის აღქმას, სიახლეზე დამოკიდებულებასა და მყისიერი კმაყოფილების მოლოდინს. სკოლა, თავის მხრივ, ცდილობს განავითაროს სიღრმისეული გააზრება, კონცენტრაცია, მოთმინება და ცოდნის გადაცემისა თუ დამახსოვრების ხერხები.

ამ ორი სამყაროს შეხვედრა ხშირად კონფლიქტურია. თუ მოსწავლე ყოველდღიურად საათობით უყურებს 15 წამიან ვიდეოებს, მისთვის გაცილებით რთული ხდება 15 გვერდიანი ტექსტის გააზრება. ეს არ ნიშნავს, რომ თანამედროვე თაობა ნაკლებად ინტელექტუალურია; ეს ნიშნავს, რომ მათი ყურადღების ჩვევები სრულიად განსხვავებულ გარემოში ყალიბდება.

ალგორითმები და ემოციების ეკონომიკა

თანამედროვე ალგორითმები მხოლოდ ინფორმაციას აღარ გვაწვდიან. ისინი გვაკვირდებიან.   ღილაკზე ყოველი თითის დაჭერა, გაჩერება, მოწონება და გაზიარება მონაცემად იქცევა. ალგორითმი სწავლობს, თუ რა გვაინტერესებს, რა გვაღელვებს, რა გვაღიზიანებს ან გვახარებს. ამ პროცესში იქმნება დეტალური ციფრული პროფილი. ზოგჯერ ალგორითმი მოზარდის ინტერესებს უფრო სისტემურად და ზუსტად სწავლობს, ვიდრე ნებისმიერი ზრდასრული მის გარემოცვაში. სწორედ ამიტომ ხდება მოწოდებული შინაარსი  სულ უფრო პერსონალიზებული.

ყურადღების ეკონომიკა მხოლოდ ინფორმაციის ეკონომიკა არ არის.  ის ემოციების ეკონომიკაცაა. ალგორითმები განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებენ იმ შინაარსს, რომელიც იწვევს გაბრაზებას, შიშს, გაოცებას ან აღფრთოვანებას. მიზეზი მარტივია: ემოციური რეაქცია ზრდის ჩართულობას, ჩართულობა ზრდის პლატფორმაზე გატარებულ დროს, ხოლო გატარებული დრო კომპანიების შემოსავალს ქმნის. ამიტომ, თანამედროვე საინფორმაციო სივრცეში, ხშირად, ყველაზე მეტად ვრცელდება არა მნიშვნელოვანი, არამედ  ემოციურად გაჯერებული ინფორმაცია.

 ყურადღების ეკონომიკის თვალსაჩინოდ  ჩვენებისთვის  გთავაზობთ მათემატიკურ ფორმულას, რომელიც ასახავს ემოციური მუხტის გარდაქმნას.

ემოციური მუხტი  მოქმედებს როგორც მულტიპლიკატორი, რომელიც ზრდის ჩართულობას.  ჩართულობა ზრდის პლატფორმაზე გატარებულ დროს.  პლატფორმაზე გატარებული დრო უშუალო გავლენას ახდენს კომპანიის შემოსავალზე.  ინფორმაციული მნიშვნელობა  არის მნიშვნელში, რადგან, რაც უფრო დაბალია შინაარსის მნიშვნელობა და მაღალია მისი ემოციური მუხტი, მით უფრო იზრდება ყურადღების ეკონომიკის მაჩვენებელი.

ხელოვნური ინტელექტი (AI) ახალი მძლავრი მოთამაშეა ყურადღების ბაზარზე. თუ სოციალური მედიის ეპოქაში ალგორითმები ძირითადად არჩევდნენ მზა ინფორმაციას, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ისინი თავად ქმნიან მას. AI-ს შეუძლია დაწეროს ტექსტი, შექმნას ფოტო, დააგენერიროს ვიდეო და წარმოქმნას ხმა. ეს ნიშნავს, რომ ბრძოლა ყურადღებისთვის ახალ ეტაპზე გადავიდა. დღეს უკვე შესაძლებელია თითოეული მომხმარებლისთვის ინდივიდუალური, უნიკალური შინაარსის შექმნა მისი ინტერესებისა და ქცევის მიხედვით.

 

ყურადღების წიგნიერება.  მომავლის კომპეტენცია

რატომ უნდა აინტერესებდეს ეს მასწავლებელს? იმიტომ, რომ ყურადღება სწავლების საფუძველია. ყურადღების გარეშე ვერ მოხდება აღქმა, გააზრება, დამახსოვრება და, შესაბამისად, სწავლა. თუ განათლება ცოდნის მშენებლობის პროცესია, ყურადღება მისი საძირკველია. სწორედ ამიტომ, თანამედროვე მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ხდება არა მხოლოდ საგნის სწავლება, არამედ ყურადღების კულტურის განვითარება.

ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად გამოიყენება ტერმინი — ყურადღების წიგნიერება. ეს არის უნარი:

  • გავაცნობიეროთ, ვინ და როგორ ცდილობს ჩვენი ყურადღების მოპოვებას;
  • ამოვიცნოთ მანიპულაციური სტრატეგიები;
  • ვმართოთ საკუთარი ციფრული ჩვევები;
  • შევინარჩუნოთ კონცენტრაცია მნიშვნელოვან საქმიანობაზე.

თუ წარსულში წიგნიერება ნიშნავდა კითხვასა და წერას, ხოლო მოგვიანებით, ინფორმაციის კრიტიკულ შეფასებას, დღეს მას ახალი, უმნიშვნელოვანესი უნარი, საკუთარი ყურადღების მართვა, ემატება. მომავალში წარმატებას მიაღწევენ ისინი, რომლებიც შეძლებენ საკუთარი ყურადღების, აზროვნებისა და არჩევანის კონტროლს.

როდესაც ვსვამთ კითხვას − „რატომ უჭირთ მოსწავლეებს გრძელი ტექსტის წაკითხვა?“, პასუხი ყოველთვის მოტივაციის ნაკლებობაში არ არის. ყურადღების დეფიციტი ტვინს სწრაფ ცვლილებებს, მოკლე სტიმულებსა და მუდმივ სიახლეს აჩვევს, სკოლა კი მათგან მოთმინებას, კონცენტრაციასა და ღრმა ანალიზს მოითხოვს.

პრაქტიკული აქტივობები კლასისთვის

მედიაწიგნიერების თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, შეგვიძლია მოსწავლეებს რამდენიმე ეფექტური აქტივობა შევთავაზოთ:

  1. „რატომ ვხედავ ამას?“ კვირაში ერთხელ მოსწავლეებს დავავალოთ, აირჩიონ ერთი ვიდეო (TikTok, Instagram ან YouTube) და უპასუხონ კითხვებს: რატომ მაჩვენა ეს ალგორითმმა? რა ემოციას იწვევს ჩემში? რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს მის ავტორს ან პლატფორმას?
  2. ყურადღების დღიური − ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლე აკვირდება და დღიურში იწერს: რამდენჯერ ამოწმებს ტელეფონს, რამდენ შეტყობინებას იღებს და რა დროს ატარებს სოციალურ ქსელებში. შემდგომ ხდება ამ მონაცემების ერთობლივი ანალიზი.
  3. AI პასუხების შემოწმება − მოსწავლეები დავალების შესრულებისას კითხვას უსვამენ ხელოვნურ ინტელექტს, თუმცა ვალდებულები არიან, მოიძიონ კიდევ ორი დამოუკიდებელი წყარო და შეადარონ პასუხები. ასე ისინი სწავლობენ, რომ AI არ არის უშეცდომო და საბოლოო ავტორიტეტი.
  4. კითხვის საათი  კვირაში ერთხელ მოვაწყოთ 20-30 წუთიანი კონცენტრირებული კითხვის დრო ტელეფონების გარეშე, რასაც მოჰყვება ერთობლივი დისკუსია. ეს პრაქტიკა საუკეთესო ინსტრუმენტია ყურადღების კულტურის გასავითარებლად.

თანამედროვე მასწავლებელი ერთგვარი „ყურადღების არქიტექტორია“. ის ეხმარება მოსწავლეს, შეინარჩუნოს კონცენტრაცია, გაარჩიოს მნიშვნელოვანი უმნიშვნელოსგან, დაიცვას საკუთარი აზროვნება და იპოვოს ოპტიმალური ბალანსი ტექნოლოგიებსა და ადამიანურ შესაძლებლობებს შორის. სკოლამ ისეთი ადამიანები უნდა  აღზარდოს, რომლებსაც საკუთარი ყურადღების, აზროვნებისა და არჩევანის გაცნობიერებული მართვა შეუძლიათ. სწორედ ეს არის XXI საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი წიგნიერება.

გამოყენებული ლიტერატურა:

World Economic Forum – Future of Jobs Report 2025

Stanford HAI – AI Index Report 2025

https://dl.acm.org/doi/10.1145/3685680

UNESCO – Think Critically, Click Wisely

OECD Artificial Intelligence and Skills Resources

ინტეგრირებული გაკვეთილი „სიცოცხლის ექო – ხმელი წიფელი“

0

ინტეგრირებული გაკვეთილი თანამედროვე განათლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მიდგომაა, რომელიც სასწავლო პროცესს უფრო დინამიკურს, საინტერესოსა და პრაქტიკულს ხდის. მისი არსი მდგომარეობს სხვადასხვა საგნის ცოდნისა და უნარების გაერთიანებაში ერთი საერთო თემის ან პრობლემის ირგვლივ.

ინტეგრირებული სწავლების მნიშვნელობა რამდენიმე ძირითად ასპექტში ვლინდება:

 

  1. ცოდნის ჰოლისტური (მთლიანობითი) აღქმა

ტრადიციული სწავლებისას მოსწავლეები ხშირად აღიქვამენ სასწავლო დისციპლინებს იზოლირებულად (მაგალითად, ბიოლოგიასა და მათემატიკას შორის კავშირს ვერ ხედავენ). ინტეგრირებული გაკვეთილი დაანახებს მათ, რომ სამყარო არ არის დაყოფილი საგნებად და ნებისმიერი მოვლენა მრავალგანზომილებიანია.

  1. კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარები

როდესაც მოსწავლე ერთი საკითხის გამოსაკვლევად იყენებს სხვადასხვა დისციპლინის ინსტრუმენტებს, მას ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარი უვითარდება. ეს მიდგომა ხელს უწყობს SOLO ტაქსონომიის მაღალ დონეებზე (მიმართებითი და გაფართოებული აბსტრაქტული) გადასვლას.

  1. მოტივაციის ზრდა და პრაქტიკული გამოყენება

ინტეგრირებული გაკვეთილები ხშირად ეფუძნება რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებს. როდესაც მოსწავლე ხედავს, როგორ ეხმარება მას, მაგალითად, ლიტერატურული ნაწარმოები ბიოლოგიური პროცესების გაგებაში, სწავლის პროცესი მისთვის უფრო აზრიანი და რელევანტური ხდება.

ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვის ძირითადი კომპონენტები:

  • საერთო თემა – საკითხი, რომელიც ბუნებრივად აკავშირებს ორ ან მეტ საგანს;
  • ესგ-ს სტანდარტებთან შესაბამისობა – თითოეული საგნისთვის წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული მისაღწევი შედეგები (ინდიკატორები);
  • შეფასების რუბრიკა – მნიშვნელოვანია ისეთი კომპლექსური რუბრიკის შემუშავება, რომელიც ობიექტურად შეაფასებს მოსწავლის მიერ სხვადასხვა საგნიდან მიღებული ცოდნის სინთეზს.

გთავაზობთ ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმას.

საგანი: ბიოლოგია/ქართული ენა და ლიტერატურა (შორენა გოგალაძე /ნათია ხურცილავა)

სწავლების საფეხური/კლასი:  VII

გაკვეთილის თემა: სიცოცხლის ექო – ხმელი წიფელი“

სამიზნე ცნებები: სტრუქტურა, ფუნქცია, მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნება

გაკვეთილის მიზანი:

. მოსწავლემ დაინახოს კავშირი მხატვრულ სახესა და რეალურ ბიოლოგიურ პროცესებს შორის;

. გააანალიზოს მხატვრული ხერხები (ეპითეტი, გაპიროვნება) და იმსჯელოს ავტორის სათქმელზე;

. გააცნობიეროს გამხმარი ხის როგორც ეკოსისტემის ნაწილის მნიშვნელობა, იმსჯელოს ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

 

ესგ-ით განსაზღვრული შედეგი/ინდიკატორი

ბიოლ. საბ. 1: ორგანიზაციის სხვადასხვა დონეზე მყოფი ცოცხალი სისტემების სტრუქტურა, ფუნქცია, სტრუქტურისა და ფუნქციის დახასიათება (ცნებები: სტრუქტურა, ფუნქცია)

ბიოლ. საბ. 2: ორგანიზმების საერთო სასიცოცხლო თვისებების დახასიათება, მათში მიმდინარე ენერგიისა და ნივთიერებების გარდაქმნებზე არგუმენტირებული მსჯელობა (ცნებები: სასიცოცხლო თვისება)

ბიოლ. საბ. 3: ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მისი ცვლილების მნიშვნელობის გააზრება (ცნებები: ბიომრავალფეროვნება)

ბიოლ. საბ. 5: ბიოლოგიური ობიექტების/პროცესის შესწავლის მიზნით კვლევის დაგეგმვა (ცნებები: მდგრადობა, ჯანმრთელობა)

ბიოლ. საბ. 6: ბიოლოგიური ობიექტების/პროცესების კვლევისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება (ცნებები: დაავადება)

ქართ. საბ. 1. ტექსტში მოცემული ფაქტობრივი და კონცეპტუალური ინფორმაციის ამოცნობა-გააზრება

ქართ. საბ. 2. ტექსტის ცალკეულ ნაწილებს შორის არსებული მიმართებების გაანალიზება და სათანადო დასკვნების გამოტანა

ქართ. საბ. 3. ტექსტის ჟანრობრივი და კომპოზიციური ელემენტების გააზრება მთლიანი ტექსტის ფარგლებში

ქართ. საბ. 4. ტექსტის კრიტიკული გააზრება კონტექსტური ფაქტორების გათვალისწინებით

ქართ. საბ. 5. ტექსტის ინტერპრეტაცია პირად ან/და ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით (მაგ., ხედვის პერსპექტივის შეცვლით, დროისა თუ სივრცის გადანაცვლებით)

ქართ. საბ. 6. ერთსა და იმავე თემაზე/საკითხზე, პრობლემატიკაზე შექმნილი სხვადასხვა ტიპისა და ჟანრის ტექსტების შედარება, მსჯელობა მათ მსგავსება-განსხვავებებზე სხვადასხვა კუთხით (მაგ., ტიპობრივი, ჟანრობრივი, ინტერტექსტობრივი მიმართებები) და სათანადო დასკვნის გამოტანა

ქართ. საბ. 7. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ტექსტის შეფასება, ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა-დასაბუთება

აქტივობა N1

გამოწვევა: ლიტერატურული პასაჟის მოსმენა და ბიოლოგიური „პროვოკაცია“ (ხმელი ტოტის ჩვენება); კითხვა ხის ბიოლოგიურ „სიკვდილზე“ და მის როლზე ტყეში

გამოყენებული მეთოდი: დემონსტრირება / ალეგორიული საუბარი

ორგანიზაციის ფორმა: საერთო საკლასო

რესურსი: ვაჟა-ფშაველას ტექსტი

აქტივობა N2

ტექსტის გაშიფვრა. მოსწავლეები იყოფიან 2 ჯგუფად: ლიტერატორებად, რომლებიც მუშაობენ ტექსტის მიხედვით „ხმელი წიფლის“ ლიტერატურულ სახეებზე, ქმნიან საპრეზენტაციო მასალას „ხმელი წიფლის ჩივილი“, და ბიოლოგებად, რომლებიც მუშაობენ ტესხტის მიხედვით ხმელ წიფელში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესების იდენტიფიცირებაზე, ქმნიან საპრეზენტაციო მასალას „ხმელი წიფლის სამედიცინო ბარათი“.

გამოყენებული მეთოდი: კვლევა / ტექსტზე მუშაობა.

ორგანიზაციის ფორმა: ჯგუფური (ლიტერატორები/ბიოლოგები)

რესურსი: ბიოლოგიის სახელმძღვანელო, ამონარიდები ტექსტიდან, მზა ფოტოები (წიფელი), ფორმატი – 2 ცალი.

 

აქტივობა N3

ჯგუფური მუშაობის შედეგების წარდგენა. ჯგუფების წარმომადგენლები ატარებენ ნამუშევრის პრეზენტაციას.

ორგანიზაციის ფორმა: ჯგუფების წარმომადგენლები

რესურსი: წინასწარ მომზადებული ფორმატები ბარათებით

 

აქტივობაN4

ადამიანის ჩარევის გავლენა ეკოსისტემაზე. მოსწავლეები ფოტო- და ვიდეომასალის მიხედვით მსჯელობენ ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

გამოყენებული მეთოდი: დისკუსია

ორგანიზაციის ფორმა: საერთო საკლასო /ინდივიდუალური

 

აქტივობა N5

შეჯამება: ორგანზომილებიანი ცხრილის შევსება (ემოცია /ბიოლოგიური პროცესი)

მეთოდი: გრაფიკულ მაორგანიზებელზე მუშაობა

ორგანიზაციის ფორმა: ინდივიდუალური

რესურსი: სამუშაო ფურცლები

შეფასება:  თვითშეფასების რუბრიკა მოსწავლეებისთვის

 

ჯგუფური შეფასების რუბრიკა

SOLO დონეები დონის აღწერა (ბიოლოგია & ქართული ენა) მოსწავლის მიღწევის ინდიკატორი (პრაქტიკული მაგალითი)
პრესტრუქტურული მოსწავლეს საერთოდ არ ესმის საკითხი ან მოჰყავს შეუსაბამო არგუმენტები. ვერ აკავშირებს ტექსტს ბიოლოგიურ პროცესებთან; ვერ გამოკვეთს მხატვრულ სახეებს.
უნისტრუქტურული მოსწავლეს აქვს მხოლოდ ერთი, იზოლირებული წარმოდგენა საკითხზე. ასახელებს მხოლოდ ერთ ტერმინს (მაგ., ფესვები) ან ერთ მხატვრულ ხერხს (მაგ., გაპიროვნება), მაგრამ ვერ ხსნის მათ მნიშვნელობას.
მულტისტრუქტურული მოსწავლეს აქვს რამდენიმე ცალკეული ინფორმაცია, თუმცა მათ შორის კავშირის დამყარება უჭირს. ჩამოთვლის ხმელი წიფლის „სიმპტომებს“ (ქერქის დასკდომა, ტოტების ხმობა) და რამდენიმე მხატვრულ ხერხს, თუმცა ვერ ხსნის მიზეზშედეგობრივ კავშირს მათ შორის.
მიმართებითი მოსწავლე აკავშირებს ნაწილებს ერთმანეთთან და ხედავს მთლიან სურათს. ზუსტად აკავშირებს ვაჟას მხატვრულ აღწერებს ბიოლოგიურ პროცესებთან: ხსნის, რომ „ქერქის დასკდომა“ ქსილემის ფუნქციის მოშლაა, რაც იწვევს წყლისა და მინერალების დეფიციტს. მსჯელობს ეკოსისტემისთვის ხმელი ხის მნიშვნელობაზე.
გაფართოებული აბსტრაქტული მოსწავლე ახდენს ცოდნის განზოგადებას და ტრანსფერს ახალ კონტექსტში. განაზოგადებს ვაჟასეულ ეკოფილოსოფიას: მსჯელობს ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე; პარალელს ავლებს თანამედროვე ეკოლოგიურ კრიზისსა და ნაწარმოების სათქმელს შორის; წარმოადგენს გარემოს დაცვის გზებს.

 

 

დამატებითი მასალა:

ინტეგრირებული გაკვეთილის სამუშაო ფურცელი

საგანი: ბიოლოგია / ქართული ენა და ლიტერატურა

თემა: „სიცოცხლის ექო – ხმელი წიფელი“

მოსწავლის სახელი, გვარი: _______ _______________

თარიღი: ________________

ინსტრუქცია: ვაჟა-ფშაველას ტექსტსა და ბიოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით შეავსეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი. შეეცადეთ, თითოეულ ემოციურ აღწერას მოუძებნოთ შესაბამისი მეცნიერული ახსნა და პირიქით.

ორგანზომილებიანი ცხრილი: მხატვრული სახე vs ბიოლოგიური პროცესი

რას გრძნობს/ამბობს წიფელი? (ლიტერატურული პასაჟი) რა ემართება წიფელს სინამდვილეში? (ბიოლოგიური პროცესი)
ნივთიერებათა ცვლის შენელება: მინერალური და ორგანული ნივთიერებების ტრანსპორტირების შეფერხება
„ტანზე გამხმარი  ქერქი ასძრობია…“ (სულიერი და ფიზიკური ტკივილი)
„ტოტები მოსტყდება, წაიქცევა, გვერდზე წაწვება…“ (უძლურება)
მერქნის ლპობა: მიკროორგანიზმებისა და სოკოების მოქმედება, რაც ქმნის ფუტუროს (საცხოვრებელს სხვა ორგანიზმებისთვის).

 

აირჩიეთ ორი კითხვიდან ერთი და უპასუხეთ

  1. ბიოლოგიური თვალსაზრისით, მკვდარია თუ არა „ხმელი წიფელი“ ეკოსისტემისთვის? დაასაბუთეთ 1-2 წინადადებით:

____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

  1. რატომ არის ვაჟა-ფშაველას „ხმელი წიფლის“ დაცვა იგივე, რაც საკუთარი თავის დაცვა?

____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

 

 

თვითშეფასების რუბრიკა:

კრიტერიუმი შევძელი () ნაწილობრივ შევძელი () გამიჭირდა ()
ამოვიცანი ტექსტში ბიოლოგიური სიმპტომები და ლიტერატურული პასაჟი.
გამოვიყენე სწორი ბიოლოგიური ტერმინოლოგია და მხატვრული გამოხატვის საშუალებები.
ავხსენი გამხმარი ხის როლი ტყის ბიომრავალფეროვნებაში / აღვწერე მისი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა.

 

მოსწავლეთა ნამუშევარი:

ამრიგად, ინტეგრირებული გაკვეთილი არ არის მხოლოდ ორი ან მეტი საგნის მექანიკური გაერთიანება; ეს არის სტრატეგიული მიდგომა, რომელიც მოსწავლეს ეხმარება სამყაროს ერთიანი, მთლიანობითი სურათის დანახვაში. დისციპლინებს შორის ხელოვნური ბარიერების მოხსნით ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თეორიული ცოდნა პრაქტიკულ უნარებად გარდაიქმნება.

ინტეგრირებული სწავლება უზრუნველყოფს:

* ცოდნის გაღრმავებას – მოსწავლეები სწავლობენ არა ფაქტების დაზეპირებას, არამედ მათ შორის მიზეზშედეგობრივი კავშირების ძიებასაც;

* უნარების კომპლექსურ განვითარებას – ხელს უწყობს კვლევითი, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების სინთეზს, რაც გადამწყვეტია 21-ე საუკუნის გამოწვევების პირისპირ;

* პროფესიულ ზრდას – მასწავლებლებისთვის ეს არის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაცვლა-გამოცვლის საუკეთესო პლატფორმა, რაც პირდაპირ აისახება სწავლების ხარისხზე.

საბოლოო ჯამში, მსგავსი მიდგომა მოსწავლეს აქცევს აქტიურ მკვლევრად, რომელიც მზად არის, მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში, არასტანდარტული პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენოს. ეს არის გზა ზედაპირული სწავლებიდან სიღრმისეულ, გააზრებულ განათლებამდე.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...