ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
9 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

ჩაძინებული დროის სიზმრები  

0

(ირაკლი სამსონაძის „წერილები მეგობარს“)

 ეს არის წიგნი-შთაბეჭდილება, რომელიც შემოქმედებითი პროცესის იდუმალებასა და მის მიღმა მიმალულ მწერლის სამზარეულოს, შედეგიანი თუ უშედეგო ძიებების პერიპეტიებს მოიცავს. „ურწმუნო მორწმუნის“ ამ აღსარების ადრესატი მეგობარი – მწერალი შადიმან შამანაძეა და მისი ინტერნეტჟურნალი, რომელიც საშუალებას იძლევა ტექნოკრატიულ ეპოქაშიც კი სათქმელის მივიწყებული, გარდასული დროის სურნელის მქონე ეპისტოლარული ფორმით გადმოცემისა. ეს მწერალს უბიძგებს, იყოს მოწოდების სიმაღლეზე საკუთარი გულწრფელობით (დრომ ესეც ატავიზმად არ აქცია?) და შვებად იქციოს საკუთარ „კარგამოკეტილ, ყოფითი პრობლემებით დახუნძლულ…სიმარტოვეში“.

ჩვენ მწერლის გულისთქმას მივყვებით ფეხდაფეხ, მის შემოქმედებით აღმაფრენებსა და იმედგაცრუებებს ვიზიარებთ. ეს, მართლაც, იდუმალებით აღსავსე „მრომეოგზაურობაა“, რომელიც ხანდახან წრეზე ბრუნვაა, ხანაც მწერლის ილუზიების ლაბირინთებში გზის გაკვლევა, ისე გაშინაურება მათთან, „როგორც ძველი მობინადრე უშინაურდება ბინაში კარგა ხნის წინ განლაგებულ ავეჯს“ (7). მოწმენი ვხდებით, რომ მწერალიც ცხოვრების და ხშირად საკუთარი ნაწარმოებების შეიძლება სულაც შეუმჩნეველი პერსონაჟია, რომელმაც შემოქმედებითი პროცესის ალქიმია ყველაზე უკეთ იცის. ისიც მოეხსენება, რომ ეს პროცესი „კარგამოკეტილ სიმარტოვეში ვითარდება. ხანგრძლივი სიმარტოვის შენივე ნებით არჩეული ეს მდგომარეობა ასოციალურს გხდის, ცრუმორწმუნეობაც არაა შორს, სხვა სინამდვილეში გაცხოვრებს, სადაც ილუზიები დამაჯერებელ ნიღაბს ირგებენ, გარწმუნებენ, რომ თუკი ასე და ამგვარად მოიქცევი, შენი ჭმუნვა-ფიქრის ობიექტის, შენი თვალწარმტაცი მტანჯველის იმედისმომცემ მზერასაც ეღირსები ოდესმე“(11).

ფორმაც ამორფულია ზოგჯერ: ხდება, რომ რომანად ჩაფიქრებული მოთხრობად ან ნოველად იქცევა, ჩანახატად ან ნოველად ჩაფიქრებული, რომანის ფორმას იძენს. ეპისტოლარულ ფორმას რაც შეეხება, ასე მონატრებულს, მეტ გულწრფელობას, რომანტიკულობას  გულისხმობს და გარდასული ეპოქის დაკარგული ეშხიც მოაქვს, წერილის ფურცლის თითქოს სუნამონაპკურები სურნელი, როგორც თუნდაც გასულ საუკუნეებში. აქ ირაკლი სამსონაძის „დაკარგული თაობის“ თითქმის ყველა სატკივარი და განცდაა წარმოჩენილი და ბებერ როსინანტზე ამხედრებული მწუხარე სახის კითხვა: „გვეშველება რამე?!“ ეს კითხვა რიტორიკულიცაა და პასუხგაუცემელიც; ან შეიძლება პასუხს არც მოითხოვს, ამიტომ ჩვენ ვუსმენთ შემოქმედის მონოლოგს, პირველი წინადადებიდან დაწყებული, მწერლური ინსტინქტით რომაა ნაკარნახევი.

ავტორს მეგობარი გვერდით წარმოუდგენია, თითქოს მისი ხელით დაწურულ ჩინებულ ღვინოს, ქვიშხეთურას, შეექცევიან და მას წერის პროცესის საიდუმლოებებსა თუ წვრილმანებსაც უზიარებს: „სიარულს ახლიდან სწავლობ მუდამ, მეც ამ დღეში ვარ, ერთ მუხლებაკანკალებულ ნაბიჯს მეორე ასეთივე ნაბიჯი მოვაყოლე, შეძახილის იმედადღა ვარ – გაიარა, დადისო!“ (21). უყვება მწერლურ ახირებებზეც, როგორებიცაა თუნდაც უჯრედიან რვეულში წერა და ე.წ. „ზაპოის“ გაძლება („ცხოვრება არ იმართება მხოლოდ ცოდნით, ცხოვრება ნერვებია, ემოციები, ვერგასრულებული საქმის მტანჯველი სიმძიმე, ვერგამოთქმული სიტყვის მწარე გახირვა ყელში, ბევრი სხვა რამ, რასაც ერთ დღეს, მიუხედავად მრავალწლიანი გამოცდილებისა, მაინც მივყავარ არასასურველ მდგომარეობამდე, მუხთლად, ვერაგულად „მკიდებს ზაპოის“ – 49). ჰო, კიდევ უცნაური სურვილიც თუ „ოცნება“, სახელად „ცხოვრების ლაზათი“ ნუგზარ შატაიძის გადასახედიდან: „ჯიხური მინდა მქონდეს, „საპოჟნიკი“ ვიყო, ჩაქუჩი, სადგისი, რამე, რაც სჭირდება „საპოჟნიკს“, ძველი ფეხსაცმელები შევაკეთო, ვიჯდე ჯიხურში და ვიყო ჩემთვის, ორი შაური მინდა, ბევრი არაფერი, ერთი ნაჭერი ყველი, პომიდორი, რამე, კოხტად გაჭრილი, ცოტა პური და ერთი ბოთლი ღვინო, აი, ეგ მინდა ყველაზე მეტად“ (26) – ეს არ არის „ფიროსმანობის“ თამაში, ეს პროფესიული სისავსე თუ სიამაყე არ სჯობს მთელ პოსტმოდერნისტულ კრიზისსა და გაუგებრობას?!

მწერალი სიტყვით მხედველია, ფოლკნერისა არ იყოს. ქართულ სინამდვილეში ვიცით, რომ ეს არის „მე ცა მნიშნავს“ ანუ არა მხოლოდ ოსტატობა, არამედ ამაზე ამაღლებული – „გამტარობა“, რომ ზემოხსენებული ოსტატობით „შექმნა ახალი პლანეტა – დაკარგული სიტყვების ოაზისი“ (29). აქვე ქართული მწერლობის მთავარ „პერსონაჟს“, მძიმე რეალობასაც ნუ დავივიწყებთ: „ოთხსულიან ოჯახს არსებობა უნდა, ვჯახირობ, ვწვალობ, პიესა სარჩოს მიჩენს – შეურაცხმყოფლად მცირედს, აქა-იქ ასაკენკს, მაგრამ სარჩო ჰქვია მაინც, პროზა სრულიად უიმედოა ამ თვალსაზრისით“ (31). სული კი თავისას ითხოვს, თუ მოითხოვს, რაც მწერალს ყოფაში ნაკლებად დაეხმარება.  დროებით უნაყოფობას, „ტლუ სიბეჯითით გამოჯახირებულ წინადადებებს“, რომელთა მიღმა სუნთქვა არ იგრძნობა, მოსდევს პიესის პერსონაჟების პროტოტიპ ცოცხალ, ცხოვრების „პერსონაჟებთან“ შეხვედრაც (4-5 წლის იეზიდი ბიჭუნა არტურჩიკა ან „ყურთბალიში“).

„უკანმოუხედავ სინაღდესა“ და სევდაში, თუნდაც გაზაფხულზე ახლადშეფეთქებული ნუში რომ გაჩუქებს, იქმნება მწერლური მარტოსულობა. ეს სევდა გვეხმარება, ადამიანად რომ დავრჩეთ „ამ აბორგებულ, ზოგ შემთხვევაში აწყვეტილ, პირსისხლიან, ზნეცვლილ, გადაშლეგებულ სამყაროში“. ისინი, მწერლები, ცხოვრობენ ისე, რომ იდეალს რეალობაში განასხეულებენ, მათი შექმნილი გმირებივით – სამართლიანობის განცდით, ადამიანური ხიბლითა და სიამაყით, ასე შორს რომაა ნიჰილიზმის, პატივმოყვარეობისგან და ქმნიან კაცის ღირსეულ ცხოვრებას. თუმცა, ტარკოვსკის არ იყოს, კაცობრიობა შეპყრობილია ნიჰილიზმით, ის ადამიანობისგან გამოიფიტა, რადგან მატერიალიზმმა „ჩაყლაპა“ სულიერება. აქ მწერლის, შემძახებელისა თუ მოძღვრის, ლიტერატურის წიაღში თავშერგულის, როლია თვალსაჩინო. მან სწორედ ისე უნდა გააანალიზოს თანამედროვეობა თუ ახლო წარსული, როგორც ამას ირაკლი სამსონაძე აკეთებს: „…იმპერიის რღვევას ჩვენი აღტყინება და იმედი (მოჰყვა – მ.ი.), რომ – ჰა, აღსრულდა, ახდა ლელთ ღუნიას ოცნება, თავისუფალი ვართ, ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის, მაგრამ თურმე სად ხარ, რომელი ხარისხის გულუბრყვილობიდან იცქირები? ცალკე იმპერიულმა რევანშიზმმა, ცალკე ჩვენმა გაუტანლობამ, სულსწრაფობამ, უცოდინარობამ და ხანგრძლივ მონობაში შეთვისებულ-შესისხლხორცებულმა უამრავმა მავნე თვისებამ იჩინა თავი, სამოქალაქო ომში რომ გამოგვატარა, სხვაც ბევრი მოგვკერძა, – რაღა შორს წავიდე, მათ შორის სულ ახლო წარსულში თავს მოხვეული ფსევდოლიბერალური „მიდგომებიც“ ისეთ სათუთ საკითხებთან, რომლის ზერელე ხელყოფაც ძალზე საფრთხილოა, თუკი საერთოდ გვსურს  ჩვენი სახის, ჩვენი ეროვნულობის შენარჩუნება“(77). მწერალი ზუსტი აქცენტებიცაა და ვინ-ვინ, თუ არა მან, იცის, რომ ევროპა ფსევდოლიბერალიზმი კი არაა, საშიში და სახიფათო მსოფლმხედველობით, არამედ ტრადიციული, კონსერვატიული სამყარო, რომელზეც ასე ვოცნებობდით საბჭოურ „ჭაობში“. ასეთი ევროპაა ჩვენი ბუნებრივი სივრცე, ის ვიყავით და იქ უნდა დავბრუნდეთ, როგორც ირაკლი სამსონაძე ამბობს.

ეს წიგნი არც ესეისტიკაა, ამ სიტყვის აკადემიური გაგებით, მწერლის აზრით, არც მემუარული ლიტერატურაა – მათი ნაზავია („იქნებ მხატვრობას დავესესხო, „წავიხულიგნო“ და ავტოპორტრეტის შექმნა ვცადო-მეთქი“), ეს მომავლის განჭვრეტაცაა, „ვერმოჩანჩალებულისა და ვერმოხელთებულისა“…ამგვარად, ესაა ლიტერატურული ავტოპორტრეტი ირაკლი სამსონაძისა.

მწერალი ოსტატობაა და მარტოობა კი მისი ხვედრი – „პირველი თავდაუზოგავი შრომის ფასად მიიღწევა (ნიჭი თავისთავად იგულისხმება, ნიჭის გარეშე ოსტატობაც ვერ მოვა)…მეორე საზოგადოებისგან დისტანცირების ფასად და არა იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან უნდა მოწყდეს მწერალი. დისტანცირება მოწყვეტას არ ნიშნავს, დისტანცირება საჭიროა, რათა მასშტაბში დაინახო მოვლენა, სურათი, გარემო (გმირები) და დრო (ეპოქა)“ (93). მწერლის პოზიცია პირუთვნელი უნდა იყოს, თუმცა „პოზად“ არ უნდა იქცეს. პერსონაჟებს რაც შეეხება, მწერლისთვის უმნიშვნელო, მეორეხარისხოვანი გმირი არ არსებობს, ყოველი მათგანის გულის ხმა, ტკივილი თუ იმედგაცრუება უნდა გაითავისოს, რომ მერე „მოქსოვოს“ ლიტერატურული ქსოვილი. მწერალი ნამდვილი რაინდი უნდა იყოს, ამაღლებული დროსა და გარემოებებზე და არა „ნიჰილისტი რაინდი“, რომელიც მან უნდა ამოიცნოს უტყუარი ალღოს წყალობით: „ვერ ვიგებ მის „გულამრეზილ პოზას“, ჩაფხუტად რომ ჩამოუმხვია თავზე; ვერ ვიღებ ცინიზმს, რასაც ამ ტიპის „რაინდი“ მახვილგონიერებად მიიჩნევს; ვერ ვიღებ ტკივილისგან მაქსიმალურ დისტანცირებას, რადგან ტკივილისგან დისტანცირებას მოსდევს ხოლმე ფალსიფიცირებული ტკივილების მოზღვავება, ანდა, მოსდევს სრულიად გარიდება ტკივილისგან და იმავე „მწერლური პოზის“ სხვა რაკურსით წარმოჩენა – „ღლიცინითა“ თუ არაფრისმომცემი, არაფრისდამტოვებელი უხვსიტყვაობის ჩანაცვლება, სადაც ჭარბადაა ზერელე დამოკიდებულება სიტყვასთან; ვერ ვიღებ ამ ტიპის „რაინდებს“ (137).

„ვიყავი კი? ეს მე ვიყავი?!“ – სემუელ ბეკეტის აბსურდის მსოფლმხედველობაა, ადამიანთა ურთიერთგაუცხოებიდან ამოზრდილი, – „იქნებ იმის მტკიცების სასოწარკვეთამდე მისული ჟინიცაა მწერლობა, რომ ოდესღაც, სადღაც მართლა ვიყავით, მართლა გვიყვარდა, ვცხოვრობდით, ვქმნიდით…“(139).

ცხოვრება სვამს მარადიულ კითხვებს, „ყველაზე ღირებული, ყველაზე დაფასებული კითხვები პასუხგაუცემელი კითხვებია,“ – წერს საპასუხო წერილში შადიმან შამანაძე მეგობარს – „ჯადოსნური მთის“, „იოსები და მისი ძმების“, „დოქტორი ფაუსტუსის“ და სხვათა შექმნის ისტორიებს, განმარტებებსა და კომენტარებს – რასაც შენ „მწერლური სამზარეულოს შიდა ამბებს“ უწოდებ – თომას მანმა პირდაპირ მოხსენებები დაარქვა და პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ლექციების სახე მისცა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ახალგაზრდა ლექტორების, გინდაც, ახალბედა ავტორებისთვისაა განკუთვნილი ამგვარი წერილები. წესით, შემოქმედებითი პროცესის ლაბირინთებიდან გამოღწევაში უნდა  დაეხმარო, მწერლური ჟინისა და სიჯიუტის, რიტმის შეგრძნების, დროის კონსტრუირების კიდევ სხვა საჭირო უნარების გამომუშავებაში. აქ ხომ შემოქმედებითი პროცესის გამოსადეგი დეტალებია განხილული – მხატვრული და ფსიქოლოგიურიც“(191).

თქვენი მონა მორჩილიც, როგორც ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის შემოქმედებისა და კრიტიკის კურსდამთავრებული, ვთვლი, რომ მწერლობა დიდი ნიჭი და ოსტატობაა, შრომა და მსოფლმხედველობა, მაგრამ სწორი გამოხატვის ფორმის საცოდნელად შესაბამისი ცოდნაცაა საჭირო, რომელიც ჩვენთან არ ისწავლება სრულყოფილად. ამიტომ მწერლური გამოცდილება, ამ მხრივ, საუკეთესო „სახელმძღვანელოა“. ამიტომ „წერილები მეგობარს“ არა მარტო „ჩემი“ წიგნია, ბევრისთვისაცაა კიდევ ასე საჭირო და აუცილებელი „ბევრი მწერლის“ და „შემოქმედებითი სინდრომით“ დაავადებულთა რეალობაში სწორი ორიენტაციისა და ბალანსისთვის…

 

მაია იანტბელიძე

ციტატები წიგნიდან – ირაკლი სამსონაძე „ წერილები მეგობარს“, „ინტელექტი“ – 2022 წელი

 

გაკვეთილები  ეროვნული ბიბლიოთეკის რესურსების დახმარებით

0

ბოლო წლებია საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნსაცავთან ერთად  მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსების, მულტიმედია მასალების, სხვადასხვა თემატური მუზეუმებისა და კაბინეტების, განათლებისა და ინტერაქციის ცოცხალ სივრცედ იქცა.

რასაკვირველია, საქართველოში უამრავი ბიბლიოთეკაა და ყველა მათგანის გამოყენება შეიძლება გაკვეთილების დასაგეგმად, მასალების მოსაძიებლად თუ სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად, მაგრამ ეროვნული ბიბლიოთეკა იყო და არის ერთგვარი ცენტრი, სადაც ერთიანდება ქართული წიგნის გამოცდილება, შესაბამისად, მოსწავლეების აქ სტუმრობა კურიკულუმის ისეთ მნიშვნელოვან ნაწილად მიმაჩნია, როგორც, ვთქვათ, ეროვნული მუზეუმის მდიდარი კოლექციების დათვალიერება.

გაგანდობთ რამდენიმე გაკვეთილისა თუ პროექტის იდეას, რომელთა განხორციელება ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნსაცავის, კაბინეტებისა და მუზეუმების თუ ელექტრონული რესურსების დახმარებით შეგიძლიათ.

დავიწყოთ ელექტრონულით, ეს უფრო მარტივია, თქვენივე კლასიდან თუ სამუშაო სივრციდან შეგიძლიათ იშვიათ, უმდიდრეს წყაროებსა და მასალებთან წვდომა.

  1. მოგზაურობა დროში, რა ხდებოდა საუკუნის წინ ან კიდევ უფრო ადრე?

ბიბლიოთეკის ელექტრონულ რესურსებში ყველაზე ფასდაუდებელი ალბათ პრესის არქივია, რომელიც გაკვეთილების იმდენნაირ იდეასა და შთაგონებას იძლევა, რომ არ იცი, საიდან დაიწყო.

აბა, წარმოიდგინეთ,  გაკვეთილზე თერგდალეულთა ამბებს ხსნით და საშუალება გაქვთ,  ვირტუალური  პირდაპირი რეპორტაჟები გადმოსცეთ მათი საპროგრამო პერიოდული გამოცემების საშუალებით.  ან მოსწავლეებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ესაუბრებით და უცებ, შეგიძლიათ ერთი საუკუნის წინ გამოცემული გაზეთიდან წაუკითხოთ მაშინდელი ტექნოლოგიური სიახლეები, ვთქვათ, ისეთი კალმის გამოგონება, რომელსაც ცალკე მელანში ჩაწობა არ სჭირდება, ან პირველი ავტომანქანა, ან გრამოფონი, ან სულაც ამბავი მიხეილ გედევანიშვილის რენტგენის კაბინეტის  შესახებ… მოკლედ, რაც გინდათ, სულო და გულო!

მსოფლიო ისტორიას ან გეოგრაფიას სწავლობთ? ისევ საუკუნის წინანდელ პრესაში ჩაიხედეთ და ისეთ სახალისო სტატიებს წააწყდებით მაშინდელი მსოფლიოს სიახლეების შესახებ.

უფრო სერიოზულად? იქნებ პირველი რესპუბლიკის, მარო მაყაშვილისა და კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპული იუნკრების გარდაცვალების ამბავი პირდაპირ 1921 წლის პრესიდან ამოიკითხოთ? ან  სწორედ იქ მოძებნოთ, როგორ „სდუმდა სიონი და სდუმდა ხალხი“.

მოკლედ, უამრავი თემაა, რაშიც პრესის ეს უმდიდრესი არქივი დაგეხმარებათ, ამ მასალის გაციფრება ნამდვილად დიდი და მნიშვნელოვანი საქმეა.

  1. ისევ დროში მოგზაურობა- ადამიანები წარსულიდან

ელექტრონული ბიბლიოთეკის ფოტოარქივი ჩემი უსაყვარლესი ვირტუალური სივრცეა. რას არ იპოვი აქ, რამდენი იდეა არ დაგებადება!

“ივერიელის” ფოტოფონდში დაცულია დავით გურამიშვილის, ლუარსაბ ტოგონიძის, ბაადურ ქობლიანიძის კოლექციები, ასევე კოლექცია სახელწოდებით “ეროვნული ფოტომატიანე”, სადაც სხვადასხვა ოჯახებში დაცული უნიკალური ფოტოები და მრავალი ცნობილი პიროვნების პირადი არქივია შესული.

ჯერ ხომ ყველა იმ ადამიანის ფოტოს მოძებნა შეგიძლიათ, რომელთა მოღვაწეობას და შემოქმედებას ვასწავლით მოსწავლეებს,  მერე აქ ისტორიული ფოტოების უმდიდრესი საგანძურია – როგორი იყო თბილისი საუკუნის წინ, როგორ იცვამდნენ ადამიანები, როგორი იყო ყოფითი კულტურა, როგორი სპექტაკლები იდგმებოდა, როგორ სახლებში ცხოვრობდნენ…

გაკვეთილების დაგეგმვაში ფოტოგანყოფილებები დაგეხმარებათ, მაგალითად, ეროვნული სამოსის კოლექცია ქართული ყოფისა და ეთნოგრაფიის სამყაროში გამოგზაურებთ, ულამაზეს პორტრეტებს ნახავთ,  საინტერესო დეტალებს გააცოცხლებთ საქართველოს წარსულის შესახებ…

შეგიძლიათ ცნობილი ქართული ფილმების გადაღებებზე იმოგზაუროთ და ლეგენდარული მსახიობები მუშაობის პროცესში ნახოთ, იქნებ სპორტის ისტორია უფრო გაინტერესებთ, არქეოლოგიური გათხრების  ან სულაც ემიგრაციის ამბები. მოკლედ, აქ ყველაფერია, მთავარია, გაკვეთილის იდეა მოგივიდეთ და მასალას მრავლად იპოვით.

  1. გაკვეთილები ემიგრაციის მუზეუმში

ყველას, ვისაც პირველი რესპუბლიკის ამბები წაუკითხავს, ვისაც იმ განსაკუთრებული სამი წლით უამაყია,  ალბათ  ერთხელ მაინც უფიქრია – რა მოხდებოდა, 1921 წლის წითელი თებერვალი რომ არ ყოფილიყო.

როგორ გააგრძელებდა ცხოვრებას თოთო რესპუბლიკა, რომლის შექმნას თავისი სიცოცხლე ქვეყნის ინტელექტის საუკეთესო ნაწილმა უწილადა.  სადღაც, წარმოსახვით ალტერნატიულ ისტორიაში დამოუკიდებელი საქართველო 70 წლიანი ბოლშევიკური ბატონობის გარეშე აგრძელებს ცხოვრებას, განვითარებას.

სად არის ეს ალტერნატიული ისტორია? – წიგნებში? ფოტოებში?  ალბათ ყველაზე მეტად ქართული ემიგრაციის წარმოსახვაში და არა მხოლოდ წარმოსახვაში, მათ პოლიტიკურ, სამეცნიერო თუ ლიტერატურულ მოღვაწეობაში, მათ მიერ შენახულ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებში, ეპისტოლარულ მემკვიდრეობასა და, რაც მთავარია,  დაბრუნებაზე ოცნებაში.   ქართული კულტურული და პოლიტიკური ემიგრაციის ყოველდღიურობაში, რომლის შესახებ დიდხანს არაფერი ვიცოდით, რადგან რკინის ფარდა და სისტემის შიში ცნობისმოყვარეობის უფლებასაც კი არ გვიტოვებდა.

საბედნიეროდ, ახლა უკვე დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობთ, რომლის ერთ-ერთი მთავარი საგანმანათლებლო ცენტრის, ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში ქართული ემიგრაციის მუზეუმმა დაიდო ბინა, რომელმაც ემიგრაციის კვლევის ორი მნიშვნელოვანი ცენტრი გააერთიანა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ემიგრაციის მუზეუმი და ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზი, რომელიც ბოლო დროს უმდიდრესი მასალებითა და არქივებით შეივსო.  ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუზეუმის საბოლოო განთავსება თავად გურამ შარაძეს ჰქონდა გადაწყვეტილი,  მამის სურვილი გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ შეასრულა. მნიშვნელოვანი საარქივო დოკუმენტების გარდა, აქ ბინა დაიდო გურამ შარაძის კაბინეტმა, მემორიალური ნივთებითა და ბიბლიოთეკით.

მუზეუმი მოიცავს ვრცელ სამყაროს – თემატურად თუ გეოგრაფიულად: პერიოდიკა, მეცნიერება, ლიტერატურა, პოეზია, თარგმანი, ეპისტოლური ჟანრი, ფოტომატიანე, ყველაფერი, რაც კვლევას და აღმოჩენას მოითხოვს, აქ იგეგმება გამოფენები, კონფერენციები, შეხვედრები, ექსკურსიები, კარი ღიაა ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, სტუდენტებისთვის და, რაც მთავარია, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.

ამ შესანიშნავ სივრცეში შეგვიძლია ქართული ემიგრაციის  ცხოვრების ერთგვარ რეტროსპექტივას გავადევნოთ თვალი, დიდი მოღვაწეების ფოტოებს, მნიშვნელოვანი ქართული ნაწარმოებების თარგმანებსა და უცხოურ გამოცემებს, მიმოწერას მსოფლიო პოლიტიკურ ელიტასთან, საზოგადოებრივ, ლიტერატურულ, სამეცნიერო და პოლიტიკურ პერიოდიკას, გამოხმაურებებს,  ემიგრანტთა პოეზიასა და პროზას, ისტორიულ დოკუმენტებს, ხელნაწერებს  და, საქართველოს ალტერნატიულ ისტორიას, რომლის მოქმედი გმირები არიან ვიკტორ ნოზაძე, კალისტრატე სალია, მიხაკო წერეთელი, კიტა ჩხენკელი,  სიმონ ბერეჟიანი, სამსონ ფირცხალავა, გიორგი ყიფიანი, ვარლამ ჩერქეზიშვილი და სხვანი და სხვანი, ქართული საზოგადოებისთვის გვიან დაბრუნებული დიდი სახელები.

Olabs რესურსი ფიზიკისა და ინტეგრირებული სწავლებისთვის

0

Olabs-რესურსი ეფუძნება იდეას, რომ ლაბორატორიული ექსპერიმენტები შესაძლებელია, განხორციელდეს ონლაინრეჟიმში, გაცილებით უფრო ნაკლები დანახარჯით, ვიდრე რეალურ სიტუაციაში. ასევე ხელმისაწვდომია მაშინ, როცა სკოლას ან მოსწავლეს არ აქვს შესაბამისი აღჭურვილობა, თუმცა ვიზუალური ეფექტის ნახვა უმნიშვნელოვანესია. რესურსი ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროსა და სივრცეში, მაშინ, როცა რეალური ექსპერიმენტისთვის საჭიროა განსაზღვრული დრო, ისიც შეზღუდული მოცემულობით. ვირტუალური ლაბორატორია საშუალებას აძლევს ყველა მოსწავლეს, ინტერნეტში ჩართული ტელეფონით (სმარტფონით) თავად ჩაატაროს ნებისმიერი ექსპერიმენტი. მასალა მუდმივად განახლებადია და მის ტექნიკურ გაუმჯობესებაზე მუდმივად მუშაობენ ინჟინრები. მასში გამოყენებულია მათემატიკური კანონზომიერებები. ონლაინლაბორატორიაში შესაძლებელია მიკროსკოპის გამოყენება, გაზომვების ჩატარება, მონაცემების შეგროვება, დამუშავება და გაანალიზება.

გთავაზობთ რამდენიმე საკითხს:

  1. ფიზიკა – 7 კლასი – ჰუკის კანონი: https://cdac.olabs.edu.in/?sub=74&brch=9&sim=68&cnt=4

ვიდეო ინსტრუქცია;

  1. ფიზიკა – 8 კლასი – ნივთიერების კუთრი სითბო ტევადობის გამოთვლა:

https://amrita.olabs.edu.in/?sub=1&brch=5&sim=323&cnt=4

ვიდეო ინსტრუქცია;

  1. ფიზიკა – 9 კლასი – სიჩქარის დროზე დამოკიდებულების განხილვა

https://amrita.olabs.edu.in/?sub=1&brch=1&sim=368&cnt=4

ვიდეო ინსტრუქცია;

  1. მეცნიერება – წყლის ელექტროლიზი https://amrita.olabs.edu.in/?sub=96&brch=49&sim=317&cnt=4

ვიდეო ინსტრუქცია;

  1. მეცნიერება – გულმკერდის მოდელი https://amrita.olabs.edu.in/?sub=96&brch=46&sim=419&cnt=4 ვიდეო ინსტრუქცია;
  2. მეცნიერება – სოკოების გამრავლება https://amrita.olabs.edu.in/?sub=96&brch=46&sim=318&cnt=4 ვიდეო ინსტრუქცია.

 

მასწავლებლის სახე ალბერ კამიუს „სტუმარში“

0

ალბათ მემილიონედ ვკითხულობთ და ვეკითხებით ერთმანეთს: მაინც როგორი უნდა იყოს მასწავლებელი? გარდა ცოდნის გადაცემის მისიისა, კიდევ რა როლი უნდა შეასრულოს მან მოსწავლის ცხოვრებაში? ვფიქრობ, ამ კითხვას პასუხობს ალბერ კამიუს მოთხრობა „სტუმარი“, რომელიც ყველა მასწავლებელმა უნდა წაიკითხოს.

ამას წინათ თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი ფეისბუქზე წერდა, რომ კაბინეტში რამდენიმე მეშვიდეკლასელი ესტუმრა. დირექტორი მოემზადა რამე პრობლემის, ნებართვის ან სათხოვრის მოსასმენად, მაგრამ ბავშვებმა უთხრეს, რომ მსგავსი არაფერი აწუხებდათ, უბრალოდ მოუნდათ, რომ დირექტორს ჩახუტებოდნენ; ეთქვათ მისთვის, რამდენად ძვირფასი იყო, რომ უყვარდათ, სურდათ სითბოს მიღება და გაცემა. ქალბატონმა თამარმა ჩაიხუტა ბავშვები და ემოციური პოსტით მიმართა თავის მოსწავლეებს, უთხრა, რომ მისი კარი ყოველთვის ღიაა ყოველი მათგანის მოსასმენად.

რამდენად ვართ ჩვენ მზად საიმისოდ, რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის ვიყოთ საიმედო ადამიანები, თანამდგომნი, გამგებნი, მიმღებნი, მომფერებელნი? ბავშვებს ყველაზე მეტად ეს სჭირდებათ ჩვენგან. საგნის სწავლა მეორეხარისხოვანია, ყველას ყველა საგანი არ აინტერესებს, არც სურვილი აქვს და არც უნარები, რომ მაღალ აკადემიურ დონეზე აითვისოს პროგრამა. თუკი ბავშვი გრძნობს, რომ მასწავლებლის თვალში ის მხოლოდ წარუმატებელი მოსწავლე და კლასში ბალასტია, რომლის თავიდან მოშორებასაც ცდილობს ყველა, დამრიგებელიც, დირექციაც და თანაკლასელებიც, ეს მის დემოტივირებას იწვევს.

რატომ აყოლებს ჯერომ სელინჯერი თავის რომანში „კლდის პირზე ჭვავის ყანაში“ ჰოლდენ კოლფილდს პენსის პრივილეგირებული სკოლიდან გარიცხვის ამბებს? ბიჭმა ოთხი საგანი „ჩააფლავა“, ამიტომაც სკოლას მისი თავიდან მოშორება სურდა. ჰოლდენისთვის ეს უკვე მეოთხე სკოლიდან გარიცხვა იყო. ბიჭს ამ სკოლების ადმინისტრაციისა და მასწავლებლებისადმი ნდობა სრულიად დაკარგული ჰქონდა, მისთვის სულერთი იყო მათი შეფასებები, მათთან ურთიერთობა სრული სიყალბე იყო. როცა მისტერ სპენსერი მორალისტურ შეგონებებს ეუბნებოდა, ჰოლდენი მისგან თავის დაძვრენაზე ფიქრობდა, მიაჩნდა, რომ „თუკი ნაღდი მასწავლებელი რამეს ამოიჩემებს, თავისას ყოველთვის გაიტანს“. „გამოღმით ის იყო, გაღმით – მე“, – ამბობს ჰოლდენი. ბიჭს არ აქვს მოლოდინი, რომ დირექტორს მისი მოსმენა, მიღება და გაგება შეუძლია, ამიტომ ამბობს: „მოდი, ახლა აუხსენი ამას, რატომ და რისთვის, მაინც ვერ გაიგებს“. ის თავიდან მოსაშორებლად ასეთ ტრაფარეტულ ფრაზას ეუბნება მისტერ სპენსერს: „უბრალოდ, ახლა ეგეთ დინებაში ვარ მოხვედრილი, ყველა ხვდება ხოლმე რაღაც დინებაში და თვითონ უნდა გამოაღწიოს იქიდან“. ჰოლდენს აღარ უნდა მისტერ სპენსერის სინდისის ქენჯნის გამომხატველი ტექსტების მოსმენა და არც მის მიერ მორთმეული ცხელი შოკოლადი, მისი გონება ნიუ-იორკის სენტრალ-პარკის სამხრეთით მდებარე გაყინულ ტბაზე მიუსაფრად დარჩენილ იხვებს დასტრიალებს. და სწორედ რომ მოყინულ ტბაზე უმწეოდ დარჩენილი იხვი ალეგორიულად განასახიერებს გარშემომყოფთა უგულობით „სულგაყინულ“ მოსწავლეს, რომელმაც არც კი იცის, რა გზას უნდა დაადგეს.

„შევხედოთ სიმართლეს თვალებში – მასწავლებლები გონებაჩლუნგების ხროვაა“, – ათქმევინებს თავის გმირს, კაფკა თამურას, ჰარუკი მურაკამი. თუკი 15 წლის ბიჭი, გონიერი და გულიანი ადამიანი, ასე ფიქრობს, ცხადია, მასწავლებლები სცოდავენ…

ალბერ კამიუს „სტუმარში“ მოქმედება ალჟირში ხდება. დარუ ერთ-ერთი პროვინციის სკოლაში მასწავლებლად მუშაობს და იქვე ცხოვრობს. მისი ღატაკი მოსწავლეები პლატოზე გაფანტულ სოფლებში ცხოვრობენ და ოქტომბერში უეცრად თოვლი რომ მოვიდა, უამინდობის გამო სკოლაში აღარ დადიან. მასწავლებელი სკოლაში მარტო დარჩა. მთავრობა მას უზიდავს ხორბალს, რომ მოსწავლეების ოჯახებს გაუნაწილოს. ცხოვრება ამ ხრიოკ ადგილას ჯოჯოხეთია, მაგრამ „დარუ აქ დაიბადა და სხვაგან რომ ეცხოვრა, გადასახლებაში ეგონებოდა თავი“. მასწავლებელი უდავოდ მისიონერია. ალბათ მისიონერი ყოველი ადამიანია, მაგრამ, მასწავლებლისგან განსხვავებით, ყველას არ აქვს სამსახურებრივი და მორალური ვალდებულება, რომ სხვებს მიუძღვნას თავისი ადამიანური რესურსები თუ უნარ-ჩვევები.

და აი, როცა სკოლა დაცლილი იყო მოსწავლეებისგან, დარუს მოხუცმა კორსიკელმა ჟანდარმმა ბალდუჩიმ ტყვედ მოუყვანა დამნაშავე არაბი, რომელსაც ნასესხები ხორბლის გამო გაჩაღებული კონფლიქტის დროს საკუთარი ბიძაშვილისთვის ნამგლით ყელი გამოეჭრა. გარშემო ომიანობის მოლოდინში იყო ყველა. ბალდუჩი ჩიოდა, რომ ელ ამერში პოლიციის მთელ დეპარტამენტს 12 კაცი იცავდა და რესურსი არ ჰყოფნიდათ, ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ ელ ამერიდან ტანგიტამდე დამნაშავის მიყვანა დარუსთვის ეთხოვათ. მას ტყვესთან ერთად 20 კილომეტრი უნდა გაევლო და დამნაშავე მართლმსაჯულებისთვის ჩაებარებინა. ბალდუჩი წუხდა, დამნაშავის სოფელი დრტვინავს და თანამოძმის გათავისუფლებას ითხოვსო. თვითონ დამნაშავე ერთი უწყინარი, საწყალი ახალგაზრდა კაცი იყო, ძალიან ეშინოდა სამართალდამცველებისა. მის მზერაში შიში და მუდარა ირეკლებოდა. რას მიზამენ? – ეკითხებოდა მასწავლებელს. დარუს იმის გაგება აინტერესებს, ნანობს თუ არა დამნაშავე დანაშაულს. მასწავლებელი უარს ეუბნება ბალდუჩის ტყვის დატოვებასა და სამართალდამცველებისთვის გადაცემაზე. კი, ის მკვლელია, მაგრამ დარუსთვის ადამიანი იყო და არ სურდა მის გაცემაში მონაწილეობა. „ვერა, ვერ გავცემ!“ – ეუბნებოდა მასწავლებელი ჟანდარმს. თუმცა სხვა გზაც არ იყო. დარუ ენდო მკვლელს. ღამე თავისთან დაიტოვა, შეკრული ხელები გაუხსნა, გულუხვად მიართვა სასმელ-საჭმელი. მიუხედავად ჟანდარმის გაფრთხილებისა, უიარაღოდ იყო მის გვერდით, არ შეშინებია მის სიახლოვეს დაძინების. მეორე დილასაც კარგად ასაუზმა და გზას გაუყენა. მისთვის მომარაგებული ჰქონდა ფულიც, საკვებიც და როცა გზაგასაყართან დადგნენ, დარუმ ტყვეს ორი გზა აჩვენა, გზა, რომელიც აღმოსავლეთით, ტანგიტისკენ, ციხისკენ, მიდიოდა და მეორე გზა – სამხრეთისკენ, პლატოზე, საიდანაც მომთაბარეთა იალაღები იწყებოდა და ტყვეს შეეძლო იქ ეპოვა თავშესაფარი. მასწავლებელმა სტუმარი ამ გზაგასაყარზე დატოვა და თავად სკოლაში დაბრუნდა. დაფაზე მის მიერ დახატულ საფრანგეთის მდინარეთა ხვეულებს შორის ვიღაცას გაუწაფავი ხელით წაეწერა: „შენ ჩვენი ძმა გაეცი და იცოდე, გაზღვევინებთ!“. მასწავლებელი მარტო იყო შურისმაძიებელი ბრბოს წინაშე, ხოლო იმ ბრბომ არც იცოდა, რა გააკეთა მასწავლებელმა მათი თანამოძმისთვის.

მოთხრობის იდეა სწორედ დარუს მიერ მკვლელისთვის შეთავაზებულ არჩევანთან არის დაკავშირებული. მასწავლებელმა დაინახა, რომ დამნაშავემ მართლმსაჯულების გზა აირჩია. დარუ ხედავდა, როგორ მიაბიჯებდა არაბი აღმოსავლეთისკენ: „დარუს გული შეეკუმშა, როცა ამ მსუბუქ ნისლში თვალი მოჰკრა არაბს, მძიმედ რომ მიაბიჯებდა ციხისაკენ მიმავალ გზაზე“.

ღირსეული მასწავლებელი მოსწავლეს იმპერატიულად კი არ კარნახობს გზასა და არჩევანს, არამედ უთითებს, ასწავლის არჩევას თავისუფალი ნებით.

ნდობის მოპოვება, ღირებულებების სწავლება, ჰუმანიზმის, სიყვარულისა და თავისუფლების შეთავაზება, ცხოვრების გზის ჩვენება – მასწავლებლის საქმეა.

რევაზ ინანიშვილის ნოველა „შორ, თეთრ მწვერვალში“ ვხვდებით შინდელაშვილის მეოცნებე ბიჭს, რომელიც ფიქრებით თავისი სოფლის სანახებში დაფრინავს, ხოლო მასწავლებელს მისი არაფერი ესმის, მხოლოდ გრამატიკულ ნორმას ეკითხება. ბიჭს თვალებში გაურკვევლობის ბურუსი უდგას, მასწავლებლის კომენტარი კი გამგმირავია. „ვაი, შენს პატრონს, უბედურს, ჰგონია სკოლაში გამოგგზავნა შენც!“- ზიზღით თქვა მასწავლებელმა, მაგიდიდან ბლოკნოტი აიღო და წითელი ავტოკალმით რაღაც ჩაინიშნა“. ასეთი მასწავლებლებიც არიან და არიან რეზო ინანიშვილის ნოველა „დამრიგებლის“ მთავარი გმირის მსგავსი ადამიანებიც, რომლებიც ცხოვრების გზის მანათობლად რჩებიან თავიანთი მოსწავლეებისთვის.

კამიუს „სტუმარი“ დარუს სახით გვთავაზობს იდეალური მასწავლებლის სახეს. მისთვის ღვთის მიერ გამოგზავნილი სტუმარია ყოველი ადამიანი, ყოველ მათგანში სიკეთის მარცვლების დანახვა სურს, სწამს ადამიანთა გაკეთილშობილების იდეისა. ძალაც შესწევს საიმისოდ, რომ გავლენა მოახდინოს, შეცვალოს, გააჯანსაღოს ადამიანთა სულები. ალბათ ეს არის მაღალი მისია მასწავლებლისა, რომლისთვისაც ღირს სიცოცხლეც და ენერგიის გაღებაც.

ნივთები მხატვრული ლიტერატურიდან

0
A pile of books on wooden table

გახსოვთ, ჰაკლბერი ფინი ჯიმთან ერთად ორსართულიან მცურავ სახლში ბალთებმოგლეჯილ სამგზავრო ჩემოდანს, თუნუქის ძველ სანათს, ბამბის დაძენძილ საბანს, ირმის დახვეულ ტყავს რომ იპოვის? ალბათ, თქვენც გააცოცხლებდით გონებაში პეპის სკივრიდან ამოქექილ ნივთებს: ტანსაცმელს, ჭოგრიტს, ძველებურ წიგნებს, ოქროს ფულით სავსე ტომარას… დედამიწის ცენტრის გამოსაკვლევად პროფესორი ლიდენბროკი საჭირო ხელსაწყოებს რომ იმარაგებს, თუ დაჰკვირვებიხართ? ეიგელის თერმომეტრი, მანომეტრი, ქრონომეტრი, წერაქვები, კომპასები, ღამის ჭოგრი, რუმკორფის აპარატი – ასე ერთად თავმოყრილი უცნაური სახელწოდებები სხვაგან არ შემხვედრია. სიერა-მორენას მთებში ფათერაკების საძებრად მიმავალმა დონ კიხოტმა ნახევრად დამპალ ჩემოდანში ჰოლანდიურ ტილოს პერანგებთან და ოქროს ფულთან ერთად ძვირფასყდიანი უბის წიგნაკი რომ იპოვა, ეს ეპიზოდიც ჩემს მეხსიერებაში დაილექა.

წიგნის კითხვისას დიდ სიამოვნებას მანიჭებს ნივთების ჩამონათვალი. სათითაოდ ვხაზავ, ვაკვირდები და ვცდილობ, გამოვიცნო მწერლის ჩანაფიქრი. მის ინტელექტსაც კიდევ უფრო ნათლად ვხედავ და მრავალფეროვანი ნივთები წიგნის გარემოს მეტ ინდივიდუალიზმს ანიჭებს.

წიგნებში აღმოჩენილი ნივთების მიხედვით მოსწავლეებისთვის საინტერესო გაკვეთილის ჩატარების სურვილი გამიჩნდა. სხვადასხვა ხერხით შეიძლება ნივთების ირგვლივ გაკვეთილის აკინძვა, მაგალითად:

  1. სახალისო დავალებების შეთავაზება;
  2. წიგნის გაცნობა;
  3. ცნობისმოყვარეობის აღძვრა;
  4. ახალი სიტყვების სწავლება;
  5. ნივთების ჩამონათვალზე ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა და თარგმანზე დაკვირვება-შედარება;
  6. კეთებით სწავლების ჩართვა – დიორამის ან ნივთების კოლაჟის დამზადება.

მოსწავლეთა ასაკის მიხედვით შევარჩიოთ წიგნები. ამოვბეჭდოთ ეპიზოდი, სადაც ნივთებია ჩამოთვლილი. დავურიგოთ ჯგუფებს და დავავალოთ, დააკვირდნენ ნივთების ნუსხას, გამოიცნონ წიგნის ჟანრი, პერსონაჟის ადგილმდებარეობა და მიზანი, გააანალიზონ ეპიზოდში აღწერილი სიტუაცია.

შემდეგ ამოწერონ უცნობი სიტყვები. განვუმარტოთ და შევავსებინოთ სიტყვის რუკა, მოიფიქრონ ახალი წინადადებები. მოვამზადოთ უცხო სიტყვათა პოსტერი და ფერადი ბუშტის გამოყენებით წყვილებში ვათამაშოთ მოსწავლეები. დაფაზე გაკრული პოსტერიდან უნდა ამოიკითხონ ერთი სიტყვა და მეწყვილეს გადაუგდონ ბუშტი. ასე სათითაოდ იქამდე უნდა ითამაშონ, სანამ სიტყვებს არ ამოწურავენ. ამ თამაშის წესები შეგიძლიათ სიტუაციის მიხედვით ცვალოთ, მაგალითად, ცოტა ხნის შემდეგ დაფიდან ჩამოხსნათ პოსტერი და რისი დამახსოვრებაც შეძლეს, იმ სიტყვების გამოყენებით განაგრძონ თამაში.

სიტყვების შესწავლის შემდეგ დაფაზე ვაკრავთ პოსტერს, რომელზეც დახატული იქნება  წიგნების  ყდები. იმ ეპიზოდის მიხედვით, რომელშიც ნივთებია ჩამოთვლილი, თითოეული წიგნის შესახებ ვესაუბროთ მოკლედ, ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი კითხვით დავიწყოთ და შემდეგ ყურადღება გავამახვილოთ წიგნის პერსონაჟებსა და მთავარ სათქმელზე.

 „ჯადოქრის ქუდი“ – ტუვე იანსონი

„დედა მუმინმა ბარგის ჩალაგება დაიწყო. მან ერთ ადგილას დაახვავა პლედები, ქვაბები, ყავადანი, უამრავი საჭმელი, მზესუმზირას ზეთი, ასანთი… შემდეგ ჩაალაგა ქოლგები, თბილი ტანსაცმელი, სათქვეფელა, ბალიშები, კოღოების ბადე, საბანაო კოსტიუმები, სუფრა და თავისი ჩანთა“. – გვ. 57-58

გაიხსენეთ, როდესაც პიკნიკზე მიდიხართ, რა ნივთებს ამზადებს დედა? – ამ კითხვით დავიწყებდი წიგნის შესახებ საუბარს. პასუხების მოსმენის შემდეგ კი ტუვე იანსონის „ჯადოქრის ქუდს“ გავაცნობდი: წარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მეგობრებთან ერთად იპოვეთ ცილინდრი, მოგრძო ფორმის ქუდი და თქვენი ზაფხული ათასი საინტერესო, სახალისო, ცოტა საშიში და ამავე დროს, კეთილი ამბებით დაიხუნძლა. ამ ეპიზოდში მწერალმა დედა მუმინის ხასიათი გამოკვეთა. ის ძალიან მზრუნველი და თადარიგიანია. თუკი გსურთ, შეიტყოთ, რისთვის ამზადებდა დედა მუმინი ნივთებს, წაიკითხეთ წიგნი და თავად აღმოაჩინეთ.

ეპიზოდის მიხედვით შევთავაზოთ დავალების ინსტრუქცია:

  • წარმოიდგინე, რომ დედა პიკნიკისთვის ემზადება. მოიფიქრე ათი საჭირო ნივთი, რომლებსაც დედა წასაღებად მოაგროვებდა და ჩამოწერე.
  • თითოეულ ნივთს შეურჩიე ერთი შესაბამისი ზედსართავი სახელი, მაგალითად, თუკი ჩაწერ პლედს, როგორი იქნებოდა იგი: ჭრელი, ნაქსოვი, კუბოკრული თუ დალაქავებული?

 

„გედის საყვირი“ – ე.ბ. უაითი

„ბანაკში გამგზავრების წინა საღამოს სემი ზურგჩანთის ჩალაგებას შეუდგა. ჩაალაგა კედები და მოკასინები, ჩადო მაისურები, რომლებსაც გულზე ბანაკი „კუკუსკუსი“ ეწერა, პირსახოცში გაახვია და ჩადო ფოტოაპარატი, ჩააწყო ანკესი, კბილის ჯაგრისი, სავარცხელი და თმის ჯაგრისი, სვიტერი, პონჩო და ჩოგბურთის ჩოგანი; ასევე, ერთი დასტა ფურცლები, ფანქრები და საფოსტო მარკები, სამგზავრო აფთიაქი და წიგნი სათაურად „როგორ გავარჩიოთ ფრინველები ერთმანეთისგან“.

ოდესმე თუ ყოფილხარ ბანაკში ან რა იცი ბანაკების შესახებ? წიგნში „გედის საყვირი“ შენი ტოლი ბიჭი, სემი, ბანაკში მიემგზავრება. როგორც ხედავ, ძალიან საინტერესოდ გამოიყურება მისი ზურგჩანთა. ალბათ, იფიქრებ, ეს წიგნი ბანაკში თავსგადახდენილ თავგადასავლებზეა, თუმცა, ეს მხოლოდ ერთი მონაკვეთია. სემთან ერთად შენ გაიცნობ გედების ოჯახს და მის ერთ-ერთ წევრს, ლუის. პატარა გედს ლაპარაკი არ შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერავის მოხიბლავს და თავსაც გარიყულად გრძნობს. ლუი დედ-მამის ბუდიდან გაიქცევა და დამოუკიდებლად შეეცდება თავის დამკვიდრებას. შეიძლება, გაგიკვირდეს, როცა გაიგებ, რომ გედმა, სახელად ლუიმ, საყვირზე დაკვრა ისწავლა და საკუთარი შესაძლებლობებით ადამიანებიც მოხიბლა. სემი კი ლუის ერთგული მეგობარია. მუსიკოსი გედის ზღაპრული ამბების მიღმა ეს წიგნი სიკეთეს, მეგობრობას, გულწრფელობას, დანაშაულის აღიარებას გასწავლის, თავგადასავლებისა და საკუთარი ძალების სურვილს აღგიძრავს, ისეთი ადამიანების შემჩნევას გასწავლის,  რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ და მათი ცხოვრების წესის გაცნობა კარგ მოქალაქედ გაქცევს.

დავალების ინსტრუქცია:

  • წარმოიდგინე, რომ ბანაკში მიდიხარ. დახატე ზურგჩანთა და ის ნივთები, რომლებსაც ბანაკში წასაღებად მოამზადებდი.
  • სემმა ბანაკისთვის ერთი წიგნი წაიღო, სახელად „როგორ გავარჩიოთ ფრინველები“. შენც შეარჩიე ერთი წიგნი ბანაკში წასაკითხად. დაწერე წიგნის ავტორი და სათაური. პასუხი წერილობით დაასაბუთე, რატომ წაიღებდი შენ მიერ შერჩეულ წიგნს?

 

„ექიმ დულიტლის მოგზაურობა“ – ჰიუ ლოფტინგი

„ამ ძებნაში მათ ბევრი საოცარი ნივთი აღმოაჩინეს, რომლებიც, სავარაუდოდ, მეკობრეებს გემების ძარცვით მოეგროვებინათ. რა აღარ იყო აქ: ობობას ქსელივით ნაზი ქიშმირის შალი – ოქრომკედით ნაქარგი და ყვავილებით მორთული; იამაიკური თამბაქოს ქილები; სპილოს ძვლის, ჩუქურთმიანი, არომატული ჩაით სავსე ყუთები; ძველი, მოხატული ვიოლინო, მარჯნისა და ქარვისაგან გამოთლილი ჭადრაკის ფიგურები; ხელჯოხი, რომლიდანაც სახელურს თუ ამოსწევდი, ხმალი ამოდიოდა; ფირუზისა და ვერცხლის არშიით დამშვენებული, ობოლი მარგალიტისგან დამზადებული ღვინის ჭიქები, მარგალიტებისგან გაკეთებული დიდი, ლამაზი საშაქრე… მაგრამ, აი, გასაღები კი, მთელ გემზე ვერსად იპოვეს“.

 შენ თუ იცნობ ვეტერინარს, ცხოველების მკურნალს? „ექიმ დულიტლის თავგადასავალი“ გაგაცნობს მსოფლიო ლიტერატურაში  ერთ-ერთ ყველაზე კეთილ ექიმს, რომელიც ფულს მეგობრისგან ისესხებს და დაავადებული მაიმუნების გამოსაჯანმრთელებლად შორეულ აფრიკაში გაემგზავრება. გზაში ბევრ ხიფათში გაეხვევა, თუმცა დამხმარე ძალებიც მყისიერად გამოუჩნდებიან ხოლმე. ერთხელ დელფინებმა წყალმცენარეებისგან მოქსოვილი ბადით ხახვი მიუტანეს, მერცხლებმა კი საბაგირო თოკი წვრილად დაშალეს, ნისკარტებზე გამოიბეს და ექიმის ძველი გემი მთელი სისწრაფით გააქროლეს. რას გვასწავლის ეს წიგნი? იმას, რომ სიკეთის კეთება მარტივი არ არის. სიკეთის გზის არჩევისას ბევრი ფათერაკი ხვდება ადამიანს, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს. სამყარო საჭირო დროს მუდამ გვიგზავნის კეთილ ძალებს და უფრო უშიშრებიც ვხდებით.

დავალების ინსტრუქცია:

  • ექიმი დულიტლი და მისი ცხოველები მეკობრეების მიტოვებულ გემის განჯინაში ბევრ უცხო ნივთს იპოვიან. წარმოიდგინე, რომ მეგობრებთან ერთად მიტოვებულ გემზე აღმოჩნდი. ჩამოწერე ნივთები, რომლებსაც შენი წარმოდგენით იქ იპოვიდი. შეეცადე ნივთებს ზედსართავი სახელები შეურჩიო.

შემაჯამებელი დავალების ინსტრუქცია:

  • შენ რომ მწერალი იყო, რის შესახებ დაწერდი წიგნს? შეარჩიე თემა – ზღვაზე, მთაში ან უცხო ქვეყანაში მოგზაურობა, მიტოვებულ კუნძულზე აღმოჩენა, მეკობრეობა, განძის პოვნა… დაწერე ერთი ეპიზოდი, რომელშიც აღწერდი მთავარი პერსონაჟის ზურგჩანთას. მოიფიქრე, რა ნივთებს წაიღებდა შენი გამოგონილი პერსონაჟი მოგზაურობის დაწყებისას.

ვფიქრობ, ნივთების ირგვლივ აკინძული გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეები თავადაც დაიწყებენ წიგნებში ნივთებზე დაკვირვებას, გაზიარებას და დროსთან ერთად წიგნებში აღმოჩენილი ნივთებით ავტორებისა და სათაურების კოლაჟს შექმნიან.

 

შეკრების სტრატეგიები. გაკვეთილის გეგმა

0

დაწყებით საფეხურზე მნიშვნელოვანია შეკრების სტრატეგიების დაუფლება. ეს სტრატეგიები არის დამხმარე ხელსაწყოები იმისთვის, რომ მოსწავლეებმა გამოთვლები უფრო ადვილად და სწრაფად აწარმოონ. ამიტომ მათ ხშირად ზეპირი ანგარიშის ხერხებსაც უწოდებენ.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რჩევებს, დაწყებით კლასში შეკრების რამდენიმე სტრატეგიის სწავლებისთვის.

თემატური ბლოკი: რიცხვები და მოქმედებები

სამიზნე ცნება: მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა

ცნება: მიმატება

საკითხები:

1.       100-მდე რიცხვების მიმატება. მიმატება ვიზუალური მოდელების გამოყენებით;

2.       შეკრება სხვადასხვა ხერხის (შეფასება, ზეპირი ანგარიში, წერითი ალგორითმები) გამოყენებით.

თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით; მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  1. 100-ის ფარგლებში შეკრების ცოდნის დემონსტრირება ვიზუალური მოდელების, სათვლელი ნივთების, სქემისა და შესაბამისი ჩანაწერის გამოყენებით (მათ.მოდ., კანონზ., ლოგ.);
  2. 100-ის ფარგლებში შეკრება სხვადასხვა ხერხის გამოყენებით (ზეპირი ანგარიშით, ვიზუალური მოდელით, წერითი ალგორითმით) (მათ.მოდ., კანონზ., ლოგ.);
  3. განახევრების და გაორმაგების მოქმედების შესრულება და მათი დაკავშირება შეკრებასთან (კანონზ., ლოგ.).

სტანდარტის მიხედვით მისაღწევი შედეგი: მათ.დაწყ.(I).2

მკვიდრი წარმოდგენები:

  • შეკრების თვისებების ცოდნა ხელს უწყობს გამოთვლების შესრულებას. შესრულებისას აუცილებელია მოქმედებათა თანმიმდევრობის დაცვა.

 

  • რიცხვების შეკრების რამდენიმე სტრატეგია არსებობს; შედეგი არ არის დამოკიდებული სტრატეგიის არჩევაზე.

კლასი მე-2

მიზანი:

მოსწავლეები შეძლებენ 100-ის ფარგლებში რიცხვების შეკრებას ვიზუალური მოდელების, ზეპირი ანგარიშის, სქემებისა დაწერითი ალგორითმის გამოყენებით.

წინარე ცოდნა: რიცხვის თანრიგი. რიცხვის დაშლა სათანრიგო შესაკრებთა ჯამის სახით.

აქტივობა 1. რიცხვების შეკრება დაშლის მეთოდით

რიცხვების შეკრების ერთ-ერთი გზა არის რიცხვის „დაშლა“. მოსწავლეები ჯერ რიცხვებს დაშლიან სათანრიგო შესაკრებთა ჯამის სახით და შემდეგ შეკრებენ შესაბამის თანრიგებს. გაკვეთილზე გამოვიყენე სხვადასხვა თვალსაჩინო მასალა, მანიპულატივი, მოდელი და ა.შ. მათი დახმარებით მოსწავლეებმა მათემატიკური სამუშაოების უმეტესი ნაწილი თავად შეასრულეს.

განვიხილოთ შეკრების მაგალითი:

37+46 =

კითხვა-პასუხი: – იფიქრეთ თითოეული ციფრის მნიშვნელობაზე თითოეულ რიცხვში.

– 37 შედგება 30 და 7-ისგან (3 ათეული, 7 ერთეული);

– 46 შედგება 40 და 6-ისგან;

შევკრიბოთ ათეულები (30 + 40 = 70);

შევკრიბოთ ერთეულები (7 + 6 = 13);

70 + 13 = 83;

ასე რომ, 37 + 46 = 83.

 

ვიყენებთ მანიპულატივებს

(გამოიყენეთ ვირტუალური მანიპულატივები

https://mathigon.org/polypad#number-tiles)

ბარათებით

(სასურველია დაამზადოთ თითოეული მოსწავლისათვის. შესაძლებელია ვირტუალური მანიპულატივების გამოყენებაც https://mathigon.org/polypad#number-cards)

სქემატურად მისი გამოსახვა ასეთნაირად შეიძლება.

 

ქვეშმიწერით რიცხვების შეკრება.

მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მსჯელობა წერითი ალგორითმის შესრულების დროს

ამ ორი რიცხვის დამატების პროცესი ასე გამოიყურება:

ვკრებთ ერთეულებს: 7+6=13

ერთეულებში დავწერთ 3-ს. 1-ს გადავიტანთ ათეულებში.

ვკრებთ ათეულებს 3+4=7. დავამატებთ გადატანილ 1-ს, მივიღებთ 8-ს.

შედეგი არის 83

 

აქტივობა 2: სავარჯიშოების შესრულება

მომდევნო აქტივობებით მოსწავლეები ასრულებენ შეკრების სავარჯიშოებს რიცხვების დაშლის მეთოდით, ცხრილი ეხმარება მათ სწრაფად მოქმედების შესრულებაში

მაგალითი შესაკრებები დავშალოთ სათანრიგო შესაკრებთა ჯამის სახით. დავაჯგუფოთ შესაბამისი თანრიგები. პასუხი
22+25 20+2+20+5 20+20+2+5=40+7 47
66+34
14+23
50+47

 

აქტივობა 3. შეკრების თვისებები

მოსწავლეებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში აქტიური ჩართულობითა და სხვადასხვა მანიპულატივის გამოყენებით, დაკვირვებისა და მსჯელობის საფუძველზე თავად უნდა ჩამოაყალიბონ შეკრების თვისებები; გაიაზრონ, რომ შეკრების თვისებები ეხმარებათ მათ სწრაფად ანგარიშში.

მაგალითი დავაკავშიროთ შესაკრებები
შეკრების თვისებების

გამოყენებით

იპოვეთ ჯამი

1+26+99=
2+24+33+36  

 

აქტივობა 4. სავარჯიშოების შესრულება

მოსწავლეები შეკრების თვისებების გამოყენებით ვარჯიშობენ გამოთვლებზე

ა) 4+25+56= ბ) 35+16+45=
გ) 74+8+16=

 

დ) 41+38+19=

 

ე) 7+33+13=

 

ვ) 42+18+37=

 

ზ) 43+28+7+12= თ) 3+29+27+11=

 

აქტივობა 5. „გაორმაგების“ სტრატეგია

25+27 ჯამის საპოვნელად, შეგვიძლია გამოვიყენოთ „გაორმაგების“ სტრატეგია. გაორმაგებული 25 არის 50. შემდეგ დავამატებთ 2-ს და ვიღებთ 52-ს.

  1. სავარჯიშოების შესრულება: ნიმუშის მიხედვით შეასრულე შეკრება
მაგალითი გავაორმაგოთ შევავსოთ ჯამი პასუხი
25+27 25+25=50 დავამატოთ კიდევ 2 52
15+19 15+15= დავამატოთ კიდევ 4
26+26 25+
50+59
30+35

 

 

აქტივობა 6: „ნახტომის“ სტრატეგია

შეგვიძლია გამოვიყენოთ „ნახტომის“ სტრატეგია რიცხვით სხივზე.

მაგალითად 50+52=

პასუხი: 50+52=102

 

აქტივობა 7: სავარჯიშოების შესრულება

მოსწავლეები ვარჯიშობენ ნახტომის სტრატეგიის გამოყენებით ჯამის პოვნაზე.

აქტივობა 8: „კომპენსაციის“ სტრატეგია

დამატების კიდევ ერთი გონივრული სტრატეგია არის „კომპენსაციის სტრატეგია“, სადაც შესაკრების დამრგვალებაა საჭირო. 74+19 მაგალითში, შეიძლება 19 დავამრგვალოთ 20-მდე და წარმოვადგინოთ ასე: 74+20, შეავსეთ ნიმუშის მიხედვით ცხრილი.

 

მაგალითი დაამრგვალეთ შესაკრები/ები აღვადგინოთ „წონასწორობა“ პასუხი
74+19 74+20=94 გამოვაკლოთ 1 93
56+41 56+40=96 დავუმატოთ 1
25+69 25+70=95 გამოვაკლოთ 1
136+198 136+
195+249
1238+501
1645+1998

 

 

აქტივობა 9: გასასვლელი ბარათები:

გაკვეთილის შეჯამებაში გასასვლელი ბარათები დამეხმარა, რომლის ანალიზის საფუძველზე შევაფასე საკითხის გაგების ხარისხი და მომდევნო გაკვეთილიც დავგეგმე.

ბარათი თითოეული მოსწავლისათვის უნდა დამზადდეს.

1)      გამოიყენე „შესაკრებთა თანრიგებად დაშლის“ სტრატეგია ჯამის საპოვნელად:

მაგალითი შესაკრებები დავშალოთ სათანრიგო შესაკრებთა ჯამის სახით დავაჯგუფოთ შესაბამისი თანრიგები პასუხი
25+32 20+5+30+2
55+34

2)      გამოიყენე „ნახტომის“ სტრატეგია ჯამის საპოვნელად:

ა) 43+38 =

 

ბ) 64+27 =

 

3)      გამოიყენე „კომპენსაციის“ სტრატეგია, ჯამის საპოვნელად:

ა) 35+29

ბ) 24+41

 

მოსწავლეთა ჩართულობის მაღალი მაჩვენებელი მაფიქრებინებს, რომ მოსწავლეებმა საკითხი გაიაზრეს. შეკრების სხვადასხვა სტრატეგის გამოყენების შემთხვევაში შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა. სტრატეგიების გამოყენება ხელს უწყობს რიცხვის ცნებისა და შეკრების მოქმედების უფრო ღრმა გაგებას და არა უბრალოდ ფაქტების დამახსოვრებას. დამეთანხმებით, ამ ბალანსის მიღწევაში მნიშვნელოვანია პროცედურის დაუფლებაც. ის დაეხმარა მოსწავლეებს სწორედ სტრატეგიების ცოდნისა და მისი საჭიროებისამებრ გამოყენების დაუფლებაში.

გაკვეთილის გეგმა შესაძლებელია მცირედი მოდიფიცირებით გამოიყენოთ დაწყებითი საფეხურის სხვა კლასებშიც.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198;

  1. მათემატიკის გზამკვლევი დაწყებითი საფეხურის. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/;
  2. https://luckylittlelearners.com/14-strategies-for-teaching-addition/.

 

როგორ მუშაობს სკოლამდელი განათლება თურქეთში

0

თურქეთში მუშაობს როგორც კერძო, ასევე საჯარო საბავშვო ბაღები. სახელმწიფო ბაღში მოსახვედრად თქვენ უბრალოდ წინასწარ უნდა წარადგინოთ განცხადება თქვენი საცხოვრებელი რაიონის ადმინისტრაციაში და თან დაურთოთ ცნობა ჯანმრთელობისა და ვაქცინაციის შესახებ. თქვენ შეგირჩევენ იმ ბაღს, რომელშიც თავისუფალი ადგილები ექნებათ. საბავშვო ბაღებში მოსახვედრად თურქეთშიცაა რიგები, თუმცა, როგორც წესი, არცთუ დიდი. უმჯობესია, რაიონის ადმინისტრაციაში განცხადება ივნისში შეიტანოთ, სექტემბრისთვის კი ბაღში ადგილი უკვე გექნებათ. სახელმწიფო საბავშვო ბაღი თვეში დაახლოებით 100 ლირა ღირს (დაახლოებით 15 ლარი).

თუ ვსაუბრობთ კერძო ბაღებზე, სხვადასხვა ბაღში ფასი განსხვავებულია და საშუალოდ თვეში 2000 თურქული ლირიდან (დაახლოებით 280 ლარი) იწყება. ასევე, სურვილისამებრ, თქვენ იხდით დამატებითი მომსახურების საფასურსაც – ბავშვების წაყვანა ბაღში და უკან მოყვანა სკოლის ავტობუსით, დაახლოებით 500 თურქული ლირა ჯდება (დაახლოებით 70 ლარი). ასევე თურქულ ბაღებში ცალკე ფულს კრებენ საკანცელარიო ნივთების, ლაშქრობებისა და ექსკურსიებისთვის.

თურქეთში კერძო საბავშვო ბაღებს კრეშს უწოდებენ. ასევე შეგიძლიათ იპოვოთ მონტესორისა და რეჯიოს სისტემით მომუშავე ბაღები, მაგრამ ისინი გაცილებით ძვირი დაჯდება.

საჯარო საბავშვო ბაღებში ბავშვებს 3 წლიდან იღებენ, კერძო საბავშვო ბაღებში კი შეგიძლიათ ბავშვი 2 წლის ასაკშიც მიაბაროთ. თურქეთში არ არსებობს ბაგა-ბაღები.

თურქეთში 5 წლის ასაკში ბავშვები სკოლის მოსამზადებელ კლასებში დადიან – მათ ანაოკულუ ჰქვია, 7 წლის ასაკში კი – სკოლაში გადადიან.

თურქეთში საბავშვო ბაღების სამუშაო საათები საკმაოდ სტანდარტულია. საჯარო ბაღები 16:00 საათამდე მუშაობენ. გარდა ამისა, არის ორი ცვლა: 9-დან ლანჩამდე და ლანჩიდან 16-მდე. კერძო ბაღები კი 9:00-დან 18:00 საათამდე მუშაობენ.

თურქეთში დეკრეტი მხოლოდ 4 თვე გრძელდება.ა ქალები აქ უპირატესად შვილებთან ერთად რჩებიან სახლში. არიან, რა თქმა უნდა, ისეთი ოჯახებიც, სადაც ბავშვის მოვლა ბებიებსა და დეიდებს ბარდება, დედები კი სამსახურში დადიან.

საინტერესოა, რომ თურქულ საბავშვო ბაღებში ბავშვებს არ აძინებენ. ბაღებს არ აქვთ საძინებლები. თუ გინდათ, რომ თქვენმა ბავშვმა საბავშვო ბაღში დაიძინოს, კერძო ბაღის მოძებნა მოგიწევთ.

თურქეთში ჰიგიენას ბევრად უფრო მარტივად უყურებენ. ყველაფერი დამოკიდებულია ბაღის ხელმძღვანელობასა და მასწავლებელზე. სადღაც ჰიგიენას მკაცრად იცავენ და მშობლებს ბახილების ჩაცმას ავალდებულებენ, სადღაც კი თვალს ხუჭავენ ბაღის სტუმრების დაუბანელ ხელებზე.

თურქულ საბავშვო ბაღში ღამის ქოთნის გამოყენებას ბავშვს არავინ ასწავლის, მაგრამ აქ არის ძიძა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ბავშვს პამპერსსაც გამოუცვლის და გულმოდგინედ დაბანს კიდეც. ინდივიდუალური სავარცხელი და პირსახოცი ბავშვებს იმ შემთხვევაში აქვთ, თუ მშობლები ამ ყველაფერს სახლიდან მოიტანენ.

რაც შეეხება ჯანდაცვის მუშაკებს, საბავშვო ბაღს ისინი არ ჰყავს. გაციებული ბავშვით აქ ვერავის გააკვირვებ. ბაღში არის პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები და თუ ბავშვს სიცხე აქვს, დამწევ საშუალებას მისცემენ, ხოლო თუ ბავშვმა რაიმე დაზიანება მიიღო, სასწრაფოსა და მშობლებს ერთდროულად გამოიძახებენ.

სახელმწიფო ბაღებში ორჯერადი კვებაა – საუზმე და ლანჩი, კერძო ბაღებში კი სამჯერადი. ეს განპირობებულია ბაღის სამუშაო გრაფიკით. ამავდროულად, ბაღებში არ არსებობს სპეციალურად შემუშავებული საბავშვო მენიუ.

ბაღებში იკვებებიან ისევე, როგორც სახლში. საუზმეზე აქვთ კიტრი, პომიდორი, ზეთისხილი და ყველი. ტიპური თურქული საუზმეა ბევრი ბოსტნეულითა და ახალი პურით. ზოგჯერ შეიძლება იყოს კვერცხი, კარაქი და ჯემი. ლანჩისთვის კი ყოველთვის არის წვნიანი და მეორე კერძი. მეორე კერძი საკმაოდ მრავალფეროვანია. ეს შეიძლება იყოს ლობიო ბრინჯით და სოიას კატლეტი, ჩაშუშული კომბოსტო, ისპანახი კვერცხით, ძეხვეული. თურქები ბევრ მაკარონსა და პურს მიირთმევენ.

თურქეთში სკოლისთვის ძირითადი სამზადისი 5-7 წლის ასაკში იწყება, როდესაც ბავშვები უკვე მიდიან ანაოკულში. საბავშვო ბაღში ისინი ბევრს ხატავენ, ძერწავენ, უყურებენ მულტფილმებს, სწავლობენ ანბანს, თვლას, გეომეტრიულ ფორმებსა და მათ გარშემო არსებულ სამყაროს, მაგრამ საკმაოდ მარტივი ფორმატით. თუ საბავშვო ბაღი კერძოა, შეიძლება ინგლისური ან სხვა ენა ასწავლონ.

სახელმწიფო ბაღში უცხო ენებს არ ასწავლიან. საჯარო საბავშვო ბაღებში დამატებითი გაკვეთილები გათვალისწინებული არ არის.

მაგრამ ის, რაც ხალხს ნამდვილად უყვარს თურქეთში, დღესასწაულებია. აქ აუცილებლად აღნიშნავენ ბავშვთა დღეს (23 აპრილი). როგორც წესი, ბავშვები ამ დღეს წითელ-თეთრებში არიან გამოწყობილი (თურქეთის დროშის ფერებში), ამბობენ ლექსებს, მღერიან ჰიმნს, აღნიშნავენ ათათურქის გარდაცვალებას წუთიერი დუმილით, ემზადებიან ბაირამისთვის. მაისში აღინიშნება დედის დღე. სასწავლო წლის დასასრულს კი ყოველთვის დიდი კონცერტია, რომელზეც ყველა ნათესავი იყრის თავს. მშობლებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ საკონცერტო კოსტიუმების მომზადებაში, ოღონდ მხოლოდ საკუთარი სურვილით. როგორც წესი, ყველაფერს აღმზრდელები ამზადებენ, მშობლები კი მხოლოდ საპატიო მაყურებლები არიან.

ამავე დროს, პარადოქსულია, რომ აქ მიუღებელია დაბადების დღის აღნიშვნა. თუმცა, ამ მხრივ ბავშვების დაბადების დღეები გამონაკლისია. მათ იხდიან საჩუქრების გარეშე. მაქსიმუმ შეგიძლიათ ბაღში ტორტის მოტანა.

სხვა ამბავია პიკნიკები, რომლებსაც საბავშვო ბაღები საკმაოდ ხშირად აწყობენ. მშობლებს შეუძლიათ სახლიდან მოიტანონ კერძები. აქ ყველა ერთად ილხენს. საბავშვო ბაღების ეზოები პატარაა, მაგრამ გასართობები მაინც აქვთ. ზოგიერთ ბაღს აქვს ბოსტანი და ბავშვებს მცენარეები მოჰყავთ.

ზოგადად, ბევრი რამ დამოკიდებულია კონკრეტულ ბაღზე და იქ მომუშავე ადამიანებზე. ყველა ბაღი განსხვავდება ერთმანეთისგან, თუ პიკნიკების სიყვარულს არ ჩავთვლით.

 

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

 

 მოქნილი ელექტრონული რესურსების შექმნა – გამოყენება   

0

სწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.  შესაბამისად,  ყველა პედაგოგი ცდილობს, გაკვეთილზე გამოიყენოს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსები. ამ რესურსებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ელექტრონულ რესურსებს. დაწყებითი კლასებისათვის მომზადებული ელექტრონული რესურსები, ვიზუალური მხარის გარდა, შეიცავს თამაშის ელემენტებს, რაც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, გახალისებას და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას განსაკუთრებით უწყობს ხელს.

გთავაზობთ საგანმანათლებლო ელექტრონულ რესურსებს, რომელთაც წარმატებით გამოიყენებთ სწავლების სხვადასხვა ეტაპზე: გაკვეთილის ახსნის, გააზრების, განმტკიცების დროს, ან უბრალოდ ხალისიანი განწყობის შესაქმნელად.

ქვემოთ წარმოდგენილი ელ. რესურსები მომზადებულია wordwall.net პროგრამაში. ეს პროგრამა სხვა პროგრამებისაგან იმით განსხვავდება, რომ უკვე ერთ ფორმატში  გამზადებული რესურსი პედაგოგს შეუძლია სხვა ფორმატით წარმოადგინოს. მაგალითად, „დაწყვილება“ შეიძლება გადააქციოს „კროსვორდად“ და ა. შ.  ეს პროგრამა ასევე იძლევა საშუალებას, რომ რესურსი ან პირდაპირ დავბეჭდოთ, ან  PDF ფაილის სახით შევინახოთ, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია დამოუკიდებელ რესურსად.

https://wordwall.net/ru/resource/29149001        მათემატიკა  I კლასი

ეს რესურსი  ვიქტორინის სახითაა წარმოდგენილი. მოსწავლემ ყურადღებით უნდა შეასრულოს სხვადასხვა მათემატიკური ოპერაცია და სავარაუდო პასუხებს შორის ამოირჩიოს სწორი პასუხი. შეცდომის შემთხვევაში რესურსი ავტომატურად მონიშნავს სწორ პასუხს.

https://wordwall.net/ru/resource/29148138            იპოვე სიტყვები

მოცემულია ასოების ცხრილი. ამ ცხრილში უნდა აღმოაჩინოთ სიტყვები ან ვერტიკალურად, ან ჰორიზონტალურად, ან დიაგონალზე. სიტყვების მოძებნაში დაგეხმარებათ მინიშნებები, რომლებიც სურათების სახითაა მოცემული. იპოვით სიტყვას და შემდეგ მონიშნავთ სურათს.

https://wordwall.net/ru/resource/29147886             დაალაგე სიტყვები

ამ რესურსში მოცემულია წინადადებები, რომლებშიც სიტყვები არეულია. მოსწავლემ უნდა გადააადგილოს სიტყვები ისე, რომ მიიღოს გამართული წინადადება.

 

https://wordwall.net/ru/resource/29295137             შეამოწმე შენი ცოდნა

https://wordwall.net/ru/resource/29150258             ტყუილი თუ მართალი     

ორივე რესურსი მოსწავლეს ეხმარება ცოდნის გააქტიურებაში. პირველი ვიქტორინის სახით არის მოცემული, მეორე კი სთხოვს, წაიკითხოს მორბენალ სტრიქონზე გამოსული წინადადება, ამოიცნოს ტყუილია თუ მართალი და მონიშნოს შესაბამისი კატეგორია. ვფიქრობ, ორივე რესურსი საკმაოდ სახალისოა.

https://wordwall.net/ru/resource/53609550        გამოიცანი ნაწარმოები პერსონაჟის მიხედვით

არანაკლებ სახალისო დავალებაა, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები პერსონაჟის სურათის მიხედვით ამოიცნობენ ნაწარმოებს და მონიშნავენ. შეცდომის შემთხვევაში, რესურსი იძლევა შეცდომის გამოსწორების საშუალებას.

https://wordwall.net/ru/resource/53731018        ანტონიმები

ამ რესურსში მოსწავლეებმა მოძრავ სიტყვას ჩამონათვალიდან უნდა მოუძებნონ საწინააღმდეგო მნიშვნელობის სიტყვა. ანტონიმური წყვილის  სწორად მოძებნის შემთხვევაში ორივე სიტყვა გაქრება. შეცდომის შემთხვევაში კი მოსწავლეები შეძლებენ გამოსწორებას.

https://wordwall.net/ru/resource/53731195           გავიმდიდროთ ლექსიკური მარაგი

ეს რესურსი შეიძლება გამოიყენოთ მესამე, მეოთხე კლასში ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით.  შეცდომის შემთხვევაში, რესურსი ავტომატურად გიჩვენებთ სწორ პასუხს.

შემდეგი რესურსები შეგიძლიათ წარმატებით  გამოიყენოთ ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე.

https://wordwall.net/resource/53608628                 მცენარის ნაწილები

ამ რესურსში მოსწავლემ მცენარის ნაწილის სახელწოდება სწორად უნდა შეაერთოს მცენარის მონიშნულ ადგილთან.

https://wordwall.net/ru/resource/54053683           მოვიაროთ საქართველო

ამ რესურსშიც, წინა რესურსის მსგავსად, უნდა შევაერთოთ საქართველოს კუთხეების სახელწოდებები მათ  სწორ ადგილებთან.

https://wordwall.net/ru/resource/53505392            ცხოველების მოძრაობა

      კონკრეტულ მოძრაობას შეუსაბამებთ ცხოველს. რესურსი არ ასწორებს დაშვებულ შეცდომას. შეცდომის შემთხვევაში, გთხოვთ, ხელახლა ყურადღებით შეასრულოთ დავალება.

https://wordwall.net/ru/resource/53662134            ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება

       რესურსი საშუალებას იძლევა, მოსწავლემ  გაიხსენოს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება და წარმოდგენილი საგნები შესაბამის ჯგუფებში განათავსოს. წინა რესურსის მსგავსად, ეს რესურსიც არ იძლევა შეცდომის გამოსწორების საშუალებას.

https://wordwall.net/ru/resource/53507355           კოსმოსში მოგზაურობა

ეს რესურსი კროსვორდის სახით არის მოცემული. უპასუხებთ კითხვას და ჩაწერთ შესაბამის უჯრებში.

https://wordwall.net/resource/54055363              წყლის ბინადრები

ბოლო რესურსი ძალიან სახალისოა, რადგან უხვადაა თამაშის ელემენტებით დატვირთული და მოსწავლეებისაგან ითხოვს ყურადღებას, წყლის ბინადრების სწრაფად ამოცნობას, სწორად მონიშვნას. დონეების მიხედვით თამაში თანდათან რთულდება. მოსწავლეებს გზადაგზა შეუძლიათ,  ბონუსების სახით, დროის ლიმიტის გაზრდაც.  ასევე შეუძლიათ დონეების რაოდენობისა და სიჩქარის ცვლილებაც.

 

ვფიქრობ, wordwall.net  პროგრამაში შექმნილი რესურსები თქვენც გაგიმარტივებთ და გაგიხალისებთ  შესაბამისი თემების შესწავლას.

 

 

 

 

ვანილი და ვანილინი

0

ადრე ასპირანტობისას უნივერსიტეტში ხშირად ვხედავდი ერთ სადად ჩაცმულ კაცს, დაბერილი ჯიბეებით. დერეფანში მოგიახლოვდებოდა და ყურში რაღაცას ჩაგჩურჩულებდა. რატომღაც ყველა ხელებს უქნევდა, თავი დამანებეო. მოსაუბრეც მორჩილად მიდიოდა და ახლა სხვა საჩურჩულო ობიექტს ეძებდა. მერე სადღაც დაიკარგებოდა ხოლმე. ალბათ სხვა დაწესებულებაში თუ მიდიოდა საჩურჩულოდ. ცოტა ხანში ისევ გავახსენდებოდით და გამოჩნდებოდა. ერთ დღესაც სამ სხვადასხვა სართულზე მიჩურჩულა ყურში. ვავიწყდებოდი ეტყობა და ახალ სართულზე, ახალი ადამიანი ვეგონე. რა მიჩურჩულა?

  • საუკეთესო ვანილი მაქვს და იაფად მოგცემო.

როცა მეც ხელი გავიქნიე, არ მინდა-მეთქი, კვლავ მიჩურჩულა:

  • გოგონა, ვანილი მაქვს, ვანილინში არ შეგეშალოსო.

ეტყობა, ვიღაცები მართლაც ყიდულობდნენ, რადგან მერე ერთი-ორმა თქვა, კარგი ხარისხის გამოდგაო.

ჰოდა, დღეს ვანილზე და ვანილინზე მოგიყვებით.

 

ვანილის შესახებ ამოიკითხავთ, რომ ის კლასიკური სანელებელია. კლასიკურში ვგულისხმობ მის საყოველთაო გავრცელებას. მაგ. ინგლისურ ენაში სიტყვა Vanilla რაღაც ჩვეულებრივ ამბავს ნიშნავს. ანუ, ამბავს, რომელსაც წარმოსახვა აკლია (lacking distinction: Plain, Ordinary, Conventional-Merriam-Webster). არადა, ვერც ვანილის ისტორიას, ვერც მისი მოპოვების ტექნოლოგიას და ვერც მის ადგილს ბაზარზე მოსაწყენს და ჩვეულებრივს ვერ უწოდებ.

ვანილი მცენარეული წარმოშობის გახლავთ და მას სამი სახეობის ორქედეასებრთა ოჯახის ლიანების ნაყოფისგან იღებენ. ჯადვარისებრთა ოჯახის გვარის წარმომადგენელია. მცოცავი ლიანაა და საჰაერო მისაკიდი ფესვები აქვს. ცნობილია მისი 100-მდე სახეობა, რომლებიც ტროპიკებშია გავრცელებული. ზოგიერთ სახეობას განსაკუთრებული სურნელი აქვს, ამიტომ პარფიუმერიასა და კვების მრეწველობაში იყენებენ. ამ საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Vanilla planifolia-ს ნაყოფი. 0, 00000000002გ/1ლ. საკმარისია, რომ მისი სურნელი გავრცელდეს.

თავად სანელებელი ან ამ ნაყოფის დასრესვით შეგიძლიათ მიიღოთ, ან სუპერმარკეტში მისი სპირტხსნარი შეიძინოთ. აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ შეძენილი სპირტხსნარის 90% ვანილისგან კი არა ვანილინისგან არის დამზადებული. ეს უკანასკნელი ლაბორატორიაში სინთეზური გზით მიღებული ნივთიერებაა. მიღების გზები განსხვავებულია. მაგ. შესაძლებელია მისი მიღება ქაღალდის წარმოების ნარჩენების გადამუშავების გზით.

აქ პრუსტის კანონიც გავიხსენოთ, რომ მიღების გზასა და წყაროს მნიშვნელობა არ აქვს. ყოველთვის ერთნაირი შემადგენლობის პროდუქტი მიიღება, ოღონდ სინთეზური. მოკლედ, ეს იგივე ნივთიერებაა, რასაც ვანილის ნაყოფი შეიცავს, თუმცა ეს მხოლოდ ერთი ქიმიური კომპონენტია. ბუნებრივ ვანილში სხვა უამრავ სასარგებლო ნივთიერებას იპოვით. ამიტომ, სინთეზური ვანილინის ფასი ბევრად იაფია. აი, მთლიანი ნაყოფის ფასი კი მხოლოდ შაფრანს ჩამორჩება სიძვირეში. ამიტომ, ძალიან ბევრი ადამიანი მსოფლიოში ვანილით ვაჭრობისა და სპეკულაციის ხარჯზე საკმაოდ გამდიდრდა. მათ ხუმრობით „ვანილიარდერებსაც“ კი უწოდებენ. იმ ქვეყნებში, რომლებშიც ვანილი ხარობს, ამ ამბავმა ახალი სამუშაო ადგილები გააჩინა, მაგრამ დამატებითი სოციალური პრობლემებიც შექმნა. ძალიან ბევრ მოზარდს ვანილის ქურდობისთვის გაუსამართლებლად პირდაპირ ციხეში უშვებენ, ზოგს კი ლინჩის წესით ადგილზე კლავენ; ეროვნული მნიშვნელობის ტყეებსა და ნაკრძალებს ანადგურებენ (რომ შემდეგ იქ ვანილის პლანტაცია გააშენონ).

თავად ვანილის სამშობლო მექსიკაა. ადგილობრივი მოსახლეობა მას საუკუნეების განმავლობაში იყენებდა, როგორც არომატიზატორს, ასევე ადგილობრივი ვალუტის სახითაც. ევროპელებმა ვანილი ესპანელებისგან გაიცნეს. ესპანელებმა აცტეკების იმპერია დაიპყრეს და მას შემდეგ ვანილი შოკოლადთან ერთად ევროპაში ჩამოიტანეს. მას შემდეგ, დაახლოებით 300 წლის განმავლობაში, ფრანგები, ინგლისელები, ბელგიელები ცდილობდნენ ვანილი თავიანთ მიწებზე მოეყვანათ. პრინციპში თავად ვანილი თბილ ადგილებში წარმატებით ხარობდა და როგორც ლიანა, ორანჟერეებშიც ცოცავდა კედლებზე. მერე ყვავილობდა და მორჩა… ნაყოფს აღარ იკეთებდა.

ერთადერთი ადგილი მექსიკა, იგივე ესპანეთის იმპერია იყო, რომელიც ვანილს ისეთ მაღალ ფასს ადებდა, როგორიც მოესურვებოდა. ვანილს არცერთ სხვა ქვეყანაში ნაყოფის მოცემა არ სურდა. იმ დროისთვის საუკეთესო ბოტანიკოსები თავს იტეხდნენ და ვერავინ ვერაფერს აკეთებდა.

1838 წელს ბელგიელმა ბოტანიკოსმა შარლ მარენმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერდა, რომ ვანილი იმტვერება ერთადერთი მწერის მიერ. ეს არის პატარა ფუტკარი, რომელიც მხოლოდ მექსიკაში ცხოვრობს. ამიტომ, იქ სადაც ეს ფუტკარი არ იყო, ვანილი ხელოვნურად, ხელით უნდა დაემტვერათ. სრულიად ევროპის ბოტანიკოსებმა მოიმარჯვეს ფუნჯები და შეუდგნენ ვანილის დამტვერვას. თუმცა, უშედეგოდ. ის ნაყოფს მხოლოდ ზოგჯერ და ისიც იშვიათად ისხამდა.

1841 წელს კუნძულ რეუნიონზე საინტერესო ამბავი მოხდა. ეს კუნძული წყნარ ოკეანეშია და დღესაც საფრანგეთს ეკუთვნის. 12 წლის შავკანიანმა მონა ბიჭუნამ, სახელად ედმონდმა, ვანილის წარმატებულად დამტვერვის მეთოდს მიაგნო. ამ ბიჭის პატრონი ენთუზიასტი ბოტანიკოსი – ბელიე მონონი იყო. სწორედ თავისი პატრონისგან ჰქონდა ნასწავლი ვანილის დამტვერვის ძირითადი და უშედეგო მეთოდი. ჰოდა, მიირბინა მუსიე ბელიესთან და თავის აღმოჩენაზე უამბო.

საქმე ვანილის თავისებურ ანატომიაში გახლდათ.

ეს მცენარე ჰერმაფროდიტია და მისი დამტვერვა მართლაც თავისებურ ტექნოლოგიას საჭიროებდა. თვითდამტვერვის თავიდან ასაცილებლად ბუნებამ მტვრიანებსა და ბუტკოს შორის ბუნებრივი ტიხარი შექმნა. ამ ტიხრის ქვეშ შეძრომა მხოლოდ პატარა მექსიკელ ფუტკარს შეუძლია, რომელიც სხვა მცენარე ვანილის მტვერშია უკვე ამოგანგლული. პატარა ედმონდმა თხელი წკირით მოახერხა ტიხრის აწევა და მცენარის სწორად დამტვერვა.

ბელიე მონონმა არა მხოლოდ მოუსმინა და დაუჯერა ბიჭს, მის მიერ აღმოჩენილი ტექნოლოგია არ მიისაკუთრა და ყოველთვის ყველგან აღნიშნავდა მეთოდს ედმონდმა მიაგნოო.

ბრავო, მუსიე მონონ!

ედმონდი ცნობილი ბიჭი გახდა. მალე მას თავისუფლება აჩუქეს და გვარად ამბიუსი უბოძეს. ედმონდ ამბიუსი ვანილის დამტვერვის ტექნოლოგიის აღმომჩენია. ვანილს დღესაც ედმონის მეთოდით ამტვერიანებენ. თითოეულ მცენარეს სათითაოდ. ყვავილობს მხოლოდ ერთ დღეს, ოღონდ სადილის შემდეგ ყვავილი ჭკნება. ასე რომ, ვანილის მთელი პლანტაცია უნდა დაიმტვეროს ერთ დღეს, ისიც დილის 11 საათიდან დაახლოებით 14 საათამდე. დღემდე ვერ შეუძლებელია ამ პროცესის მოდერნიზება და ავტომატიზება. ამის შემდეგ, წარმოიქმნება ნაყოფი, რომელსაც ჯერ კიდევ მწვანეს აგროვებენ და მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ხან აშრობენ და ფერმენტაციას ატარებენ, მერე კვლავ აშრობენ და ა.შ. ამ პროცესის დაჩქარება შესაძლებელია ხარისხის ხარჯზე.

ფერმენტაციის დროს ვანილინი შესაბამისი გლიკოზიდისგან მიიღება, რომლის მოლეკულაში ვანილინი შაქრის ფუძესთან არის დაკავშირებული.

დღეს ვანილის წარმოების ლიდერი კუნძული მადაგასკარია. ვანილმა კუნძულის მოსახლეობას პროგრესიც მოუტანა და პრობლემებიც. ვანილზე ფასების ზრდამ გამოიწვია ის, რომ მოსახლეობას გაუჩნდა ფული და შეძლეს ცხოვრების პირობების გაუმჯობესება. მეორეს მხრივ, იმატა ქურდობამ. ქურდები ძირითადად მოზარდები არიან, რომლებიც ცდილობენ, ფერმერს ერთი-ორი დღით ადრე დაასწრონ და მოსავალი დაუკრიფონ. არადა, ვანილი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ისხამს ნაყოფს და გამოდის, რომ ქურდი ფერმერს მთელი წლის შრომას წყალში უყრის. ამიტომ, თუ ქურდს წაასწრებენ, ადგილზე კლავენ. თუ პოლიცია მიუსწრებს, მაშინ აპატიმრებენ. გარდა ამისა, ფერმერები ცდილობენ, მოსავალი ქურდზე მალე აიღონ და სულ უფრო და უფრო ადრე კრეფენ ვანილს. ეს კი აისახება მის ხარისხზე.

გარდა ამისა, ცდილობენ უფრო მეტ ტერიტორიაზე იყოს ვანილის პლანტაციები. ამიტომ ჩეხენ ტყეებს, რასაც ეწირება მადაგასკარის უნიკალური ფლორა და ფაუნა. შედეგად, მადაგასკარში უკვე ტყის საფრის 90% დაიკარგა, რამაც შეცვალა ნიადაგი და უნიკალური ფლორა.

ვანილინის ქიმიურმა წარმოებამ ვანილი ვერ ჩაანაცვლა, რადგან ბუნებრივ ვანილში ვანილინის გარდა, კიდევ 199 აქტიური ნივთიერება გახლავთ, რაც მას თავისებურ უნიკალურ სურნელსა და დამატებით თვისებებს ანიჭებს.

ზემოთ უკვე დავწერე, რომ ვანილინს სხვადასხვა გზით იღებენ. ქაღალდის წარმოების ნარჩენებიც ვახსენეთ. თუმცა, შესაძლოა ნავთობის წარმოებიდანაც მიიღონ. ყველაზე სუფთა და ბუნებრივი გზა დაფნის ფოთლის გადამუშავებაა, რადგან ვანილინი ევგენოლიდანაც იწარმოება.

პირველად კი, 1874 წელს, გერმანელმა ქიმიკოსმა ვილჰელმ ვააგმა ვანილინი წიწვოვანი ხის ქერქისგან მიიღო. შემდეგ უმეტესად ლიგნინისგან დაიწყეს წარმოება. ეს ნივთიერება ხის ქერქში ერთმანეთთან აკავშირებს ცელულოზის ბიჭკოებს. სინთეზს 13 საათი სჭირდება.

სახლში ვანილის ერთი ნაყოფი მეც მაქვს. 2015 წელს ერთმა მექსიკელმა მოსწავლემ მაჩუქა საერთაშორისო ოლიმპიადაზე. მასწავლებელო, აი, ამის სურნელი კარგ ხასიათზე დაგაყენებთ და კარგად შეგვაფასებთო, შემომცინა. მეც გამოვართვი და მთელი ოლიმპიადა თან დავატარებდი, ყველა კარგად, რომ შემეფასებინა.

ეს ხუმრობით… თუმცა ვანილის ნაყოფი ზოგჯერ დღესაც მახსენდება და მისი სურნელი მეხმარება, ამ გაბოროტებულ სამყაროში სიკეთე შევინარჩუნო.

 

 

 

კონკურსი სკოლებისთვის- გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური

0

შესარჩევი კონკურსი თბილისის სკოლებისათვის
საერთაშორისო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად

კონკურსის აღწერა:

GOPA Intec, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის (GESRP)“ ფარგლებში, თბილისის სკოლებისათვის აცხადებს შესარჩევ კონკურსს საერთაშორისო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად.
4-თვიანი კამპანია დაეხმარება სკოლებს ენერგიის დაზოგვის ევროპული პრაქტიკის შემოღებასა და ენერგოეფექტურობის წახალისებაში. კამპანია ასევე ხელს შეუწყობს მოსწავლეებისა და მასწავლებლების ენერგოეფექტურობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის ცვლილებას.
კონკურსის შედეგად შეირჩევა 10 სკოლა, რომელიც ჩაერთვება 4-თვიან კამპანიაში და მონაწილეობას მიიღებს შემდეგ აქტივობებში:
– ტრენინგები ენერგოეფექტურობასა და განახლებად ენერგიაზე მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის;
– სკოლების აუდიტი ენერგეტიკული და წყლის რესურსების გამოყენების გაუმჯობესებაზე (აუდიტი ხორციელდება ევროკავშირში დანერგილი მოხალისეობრივი ინსტრუმენტის – Energy Display-ის,- გამოყენებით, რომლის მიზანია, წაახალისონ ქვეყნები, გახადონ შენობები მეტად ენერგოეფექტური და გარემოსადმი მეგობრული);
– 4-თვიანი კამპანია სკოლებში ენერგეტიკული და წყლის რესურსების გამოყენებაზე (კამპანიის დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩაერთვებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები).
კამპანიის დასრულების შემდეგ:
– გაიცემა სერტიფიკატები შერჩეული 10 სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის;
– საუკეთესო კამპანიის ავტორი 3 სკოლა დაჯილდოვდება პროექტ GESRP-ისგან ტექნიკური აღჭურვილობითა და სხვა თემატური საჩუქრებით.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილე სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები გამოიყენონ ნერგების (ქულების) დასაგროვებლად.
კონკურსის პირობები და მონაწილეობის კრიტერიუმები
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სკოლებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი. კამპანიაში მონაწილე 10 სკოლის შერჩევა მოხდება როგორც სამოტივაციო წერილით, ისე აღწერილი აქტივობების შესაბამისად.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:
(1) სკოლა უნდა იყოს დარეგისტრირებული თბილისში (მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს);
(2) სკოლას უნდა ჰყავდეს სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული მოხალისეთა, მინიმუმ, 10-წევრიანი გუნდი;
(3) სკოლის მოხალისეთა გუნდს უნდა ჰყავდეს, მინიმუმ, ერთი პასუხისმგებელი მასწავლებელი.
შესარჩევი კონკურსის ვადები: 5-20 მარტი, 2023
კამპანიის განხორციელების ვადები: მარტი – ივნისი, 2023
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/dmh4zNukFM5qgcd66

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...