შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

დამოკიდებულებები, რომლებიც სწავლაში ხელს გვიშლის

ახალი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად გაჯეტები უფრო ღრმად აღწევს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. დღეს წარმოუდგენელია ცხოვრება შეტყობინებების, სოციალური ქსელების, ელფოსტის, ახალი ამბების გარეშე. ამ ყველაფერში მობილურ ტელეფონებს განსაკუთრებული ადგილი უკავია. სმარტფონებს თითქმის ყველა იყენებს გამონაკლისის გარეშე, განურჩევლად სოციალური და ფინანსური მდგომარეობისა. მობილური ტელეფონი, ფაქტობრივად, აუცილებლობად იქცა. მეორე მხრივ, სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 40% იტანჯება ნომოფობიით – ტელეფონზე პათოლოგიური დამოკიდებულებით, რომელთა შორისაა ბავშვები და მოზარდები. როგორ ამოვიცნოთ დაავადება დროულად? რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც დამოკიდებულების სიმპტომები ჩნდება?

ტელეფონზე დამოკიდებულება ძირითადად ბავშვებსა და მოზარდებში გვხვდება და ეს გასაკვირი არ არის, რადგან მყიფე ფსიქიკა ძალიან მგრძნობიარეა ინფორმაციის ნაკადის მიმართ. ამიტომ, ბავშვისთვის ასეთი „სათამაშოების“ შეძენისას, წინასწარ უნდა ვიფიქროთ პრევენციაზე, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ სმარტფონი მხოლოდ კომუნიკაციის, ახალი ცოდნის მიღებისა და საგანმანათლებლო საკითხების გადაჭრის საშუალება იყოს. გარდა ამისა, ბევრ ქვეყანაში არსებობს მშობლის მიერ ბავშვების კონტროლის დისტანციური მართვის პროგრამები, რომლებიც ზღუდავს გაჯეტზე დახარჯული დროსა და დაინსტალირებული აპლიკაციების რაოდენობას.

არსებობს ასეთი ცნებაც „ციფრული დეტოქსი“, რაც არის ინტერნეტთან, კომპიუტერებთან და ტელეფონებთან მოშორებით გატარებული დრო, როდესაც შეგიძლიათ დაისვენოთ ინფორმაციის გაუთავებელი და უკონტროლო ნაკადისგან. ინტერნეტის უნივერსალური ხელმისაწვდომობის ფონზე, ადამიანებს მუდმივად უვითარდება ახალ-ახალი სინდრომები, მათ შორის, ნომოფობია – ტელეფონთან განშორების შიში, ან „ხელიდან გაშვებული სიახლის სინდრომი“ – რაიმე მნიშვნელოვანის ხელიდან გაშვების, ინფორმაციის ნაკადისგან გარკვეული ხნით გათიშვის შიში. ბევრი ტელეფონში მაშინაც კი თავჩარგულია, როდესაც ვინმეს ცოცხლად ესაუბრება. ამ ჩვევას ფუბინგი ჰქვია. ზოგს შეიძლება განუვითარდეს ფანტომური ვიბრაციის სინდრომი, როდესაც გეჩვენება, რომ ტელეფონი რეკავს და ვიბრირებს.

ამბობენ, რომ ნომოფობიის სტრესის ხარისხი უტოლდება საქორწილო მღელვარებას. როდესაც ტელეფონი მიუწვდომელია, ადამიანი ღიზიანდება და მას უჩნდება სტრესორის ზემოქმედების ფიზიკური ნიშნები – ოფლიანობა, ჰაერის უკმარისობა, აჩქარებული გულისცემა. ახალგაზრდა თაობა განსაკუთრებით დაუცველია ნომოფობიისგან. ის ტექნოლოგიებთან ჩვილობიდან მეგობრობს. მაგალითად, მოზარდები მოწონების დოზას სოციალური ქსელებიდან იღებენ, რაც თანატოლების თვალში მათ სტატუსს ზრდის. ტელეფონის ქონა მათთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია.

ნებისმიერ ინდივიდს, რომელიც მუდმივად იყენებს ტელეფონს, შეიძლება ჰქონდეს ზემოაღნიშნული სტრესის ნიშნები, მაგრამ თუ ისინი ზედმეტად არის გამოხატული, მაშინ საჭიროა დავფიქრდეთ იმაზე, რომ შესაძლოა ადამიანს არც აქვს ნომოფობია. ფობია ხომ არარაციონალური პასუხია კონკრეტულ მოვლენაზე. შესაბამისად, აუდიოწიგნის მოსმენის ან ზარის განხორციელების შეუძლებლობის გამო უკმაყოფილება არ შეიძლება ჩაითვალოს ნომოფობიად. პირებს, რომლებსაც ტელეფონის დაკარგვის შიში ნამდვილ ფობიაში აქვთ გადაზრდილი, უნდა ჰქონდეთ აშლილობის კლასიკური გამოვლინებები – პანიკური შიში, დაბნეულობა, ჰიპერჰიდროზი, გახშირებული გულისცემა, შემცივნება.

გამოძახებული აბონენტის ხელმიუწვდომლობამ, ქსელის არქონამ, დაცლილმა ბატარეამ, გაჯეტის უნებლიე დაბლოკვამ – შეიძლება მოზარდი ისეთ პანიკაში ჩააგდოს, რომ გამოიწვიოს სომატური გამოვლინებები. ფიქსირდება ასობით შემთხვევა სმარტფონის არაადეკვატური აღქმისა, რაც მოზარდებში იწვევს წნევის დავარდნას, თავის ტკივილს, გულისრევას. ფობიის გაანალიზებული ვარიაციით დაავადებული ადამიანი ვერ დამშვიდდება მანამდე, სანამ მოწყობილობას არ აიღებს ხელში.

ყველასათვის ცხადია, რომ ვირტუალური სივრცეები, რომლებიც მუდმივად ხელმისაწვდომია სმარტფონების წყალობით, ბევრად უფრო ფერადოვანი და მიმზიდველია, ვიდრე თანამედროვე რეალობა. „ქსელის“ სამყაროში შეგიძლიათ მოირგოთ ნებისმიერის როლი, გახდეთ ცნობილი, გახდეთ „სხვა“. მკაცრი რეალობა კი ასეთ შესაძლებლობებს არ იძლევა საფუძვლიანი მუშაობის გარეშე. თინეიჯერებისთვის ინტერნეტსამყარო საკუთარი თავის განმტკიცების, რეალიზების, შემოქმედებითად გამოხატვის შესაძლებლობაა, თუმცა ასევე მას შეუძლია მათი შემოტყუება ვირტუალურ ქსელებში, დამონება, რეალური ცხოვრების ჩანაცვლება სუროგატით.

ნომოფობია, ისევე როგორც ფობიური აშლილობის სხვა ვარიაციები, თავისთავად შეიცავს საფრთხეს, მათ შორისაა: ინტელექტის დაქვეითება, მუდმივი დაღლილობა, სოციალური ფობია, ნევროზულობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, აღქმისა და თვითშემეცნების დამახინჯება, უძილობა, აგრესიულობა და სხვა.

ინფორმაციის არასისტემური შთანთქმა, სხვების სავარაუდო წარმატებულ ცხოვრებაზე სოციალურ ქსელებში დაკვირვება, ონლაინკომუნიკაციის ხელმისაწვდომობა ზრდის შფოთვას, საკუთარი თავით უკმაყოფილებას, სტრესის დონეს და დეპრესიის რისკფაქტორიც კი ხდება. ამიტომ ზოგჯერ ტელეფონი უნდა გადავადებინოთ არა მხოლოდ ბავშვებსა და მოზარდებს, არამედ მშობლებსა და მასწავლებლებსაც. როგორ გავაკეთოთ ეს?

  1. დავალებების რანჟირება

რა თქმა უნდა, შეუძლებელია კომუნიკაციაზე მთლიანად უარის თქმა. საბოლოო ჯამში, ბევრისთვის სწავლა და მუშაობა ინტერნეტთან არის დაკავშირებული. სანამ ტელეფონს გამორთავთ, ჩაიწერეთ ყველაფერი, რასაც აკეთებთ თქვენს გაჯეტებზე: უყურებთ ფილმებს, დაპოსტეთ სოციალურ ქსელებში, გქონდეთ ურთიერთობა, იმუშავეთ. შემდეგ გადახაზეთ ის ამოცანები, რომლებზეც შეგიძლიათ უარი თქვათ დღეს, ხვალ, რამდენიმე დღით ან თუნდაც ერთი კვირის განმავლობაში.

  1. იფიქრეთ იმაზე, რით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ინტერნეტი

დაიწყეთ მცირედით: იმის ნაცვლად, რომ თქვენს პლანშეტზე უყუროთ ვიდეოებს, უყურეთ ფილმს. თუ ჩართავთ მას დიდ ეკრანზე, ეს კიდევ უკეთესია და თუ მთელ ოჯახთან ერთად შეიკრიბებით, შემდეგ ასევე განიხილავთ პერსონაჟებსა და სიუჟეტს, ჩათვალეთ, რომ დღის დავალება შესრულებულია.

მეგობრებთან მიმოწერის ნაცვლად, დაურეკეთ ან შეხვდით. სოციალური ქსელების ნაცვლად, წაიკითხეთ, დახატეთ ან იპოვეთ სხვა საინტერესო აქტივობა.

  1. გამოწერებისა და აპების გაფილტვრა

გააუქმეთ გამოწერა, რაც ქმნის ფონურ ხმაურს და ქმნის წაუკითხავ და დაუთვალიერებელ შინაარსს თქვენს ვოლზე. მინიმუმამდე შეამცირეთ გამოწერების რაოდენობა. დაიტოვეთ ერთი საინფორმაციო არხი ხუთის ნაცვლად, წაშალეთ ზოგიერთი აპი, რომელიც თქვენს დროს ხარჯავს და სანაცვლოდ არაფერს გაძლევთ, მოიშორეთ თამაშები თქვენს ტელეფონსა და ტაბლეტზე.

  1. გამორთეთ შეტყობინებები

როგორც კი სმარტფონის ეკრანი განათდება, მაშინვე ვიღებთ ტელეფონს შესამოწმებლად – რა მოხდა? ვიღაცამ ატვირთა სასაცილო სურათი, ვიღაცამ მოიწონა, ზოგიერთმა აპლიკაციამ ავტომატური შეტყობინება გამოაგზავნა… და ასე უსასრულოდ. თუ წაშლით არასაჭირო გაფრთხილებებს და დატოვებთ ყველაზე მნიშვნელოვანს – მაგალითად, მხოლოდ სამსახურის ან სკოლის ამბებს – ტელეფონი ნაკლებ ყურადღებას მიიპყრობს.

  1. დააინსტალირეთ ბლოკერი

არსებობს არაერთი ვებსაიტისა და აპლიკაციის ბლოკერი. ყველა მათგანი ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას: ისინი დროებით ბლოკავენ ვებსაიტებსა და აპლიკაციებს თქვენს კომპიუტერსა ან სმარტფონზე. შეგიძლიათ დაბლოკოთ სოციალური ქსელები მთელი დღის განმავლობაში, რათა ყოველ ნახევარ საათში არ შეამოწმოთ ვინ, რა და სად დაწერა. ეს დაგეხმარებათ სამსახურზე ფოკუსირებაში, ეკრანთან გატარებული დროის შემცირებაში. თქვენც თანდათანობით თავს დააღწევთ მუდმივ ონლაინ ყოფნას.

  1. ჩართეთ მონოქრომული რეჟიმი

ეს მეთოდი შემოგვთავაზა Google-ის ყოფილმა დეველოპერმა ტრისტან ჰარისმა, რომელმაც დააარსა ორგანიზაცია Time Well Spent. მონოქრომული ეკრანი ამცირებს სმარტფონზე გამოსახულების მიმზიდველობას და თქვენ აღარ გინდებათ დიდხანს უყუროთ სურათებს და ვიდეოებს ონლაინ. შავ-თეთრი რეჟიმის ჩართვა თქვენი ტელეფონის პარამეტრებში შეგიძლიათ.

  1. არ გამოიყენოთ გაჯეტები ძილის წინ და ჭამის დროს

ეკრანის შუქი ხელს უშლის დაძინებას და მელატონინის გამომუშავებას, ხოლო ძილის წინ ინფორმაციის, ვიდეო და ხმის ჭარბი შემცველობა ზრდის აგზნებადობას, რის გამოც ცუდად გვძინავს. ხოლო როცა ჭამის დროს ვკითხულობთ ახალ ამბებს ან ვუყურებთ ვიდეოებს, ვერ ვამჩნევთ როგორ, რა სიჩქარით და კონკრეტულად რას ვჭამთ – ამის გამო იზრდება ჭარბი ჭამის რისკი. ძილის წინ ეცადეთ წაიკითხოთ ქაღალდზე ნაბეჭდი ან სპეციალური ელექტრონული წიგნები (ისინი არ ასხივებენ ასეთ ნათელ შუქს). ხოლო ჭამის დროს ყურადღება მიაქციეთ კვების პროცესს. ძალიან კარგია, თუ შეგიძლიათ ვინმეს გაუზიაროთ სადილი ან ვახშამი და ისიამოვნოთ ამ დროით.

  1. გადადეთ გაჯეტები თქვენგან მოშორებით

თუ არ ელით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ზარებს და ელ.წერილებს, გადაიტანეთ თქვენი ტელეფონი და ტაბლეტი რაც შეიძლება შორს, რომ თვალში არ გეჩხირებოდეთ. ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კონცენტრაცია მცირდება, მაშინაც კი, თუ სმარტფონი მისაწვდომ ადგილას დევს. ჩატარდა ექსპერიმენტი, რომლის დროს 800 სტუდენტი სამ ჯგუფად დაიყო: პირველმა გადართო ტელეფონი ჩუმ რეჟიმში, მეორემ ჯიბეში ჩაიდო, მესამემ კი სხვა ოთახში წაიღო. ამის შემდეგ ყველა სუბიექტს ტესტირება ჩაუტარდა. მონაწილეებმა, რომლებსაც ტელეფონები სხვა ოთახში ჰქონდათ, უკეთესად გაართვეს თავი ამოცანებს, ვიდრე დანარჩენებმა.

ძნელია ახალი ჩვევების ჩამოყალიბება, ამიტომ სჯობს ეტაპობრივად იმოქმედოთ – უარი თქვით ერთ რამეზე, გაძელით ერთი დღე, შემდეგ სამი, შემდეგ ერთი კვირა. რა თქმა უნდა, ინტერნეტსა და გაჯეტებზე უარის თქმა არ გამოვა. ასეთი მიზანი არც არსებობს. მიზანი სტრესის შემცირებაა. შეეცადეთ, ფოკუსირება მოახდინოთ დადებით ცვლილებებზე: შფოთვის დონის შემცირებაზე, მეტ თავისუფალ დროზე, რომელსაც ბავშვებთან გაატარებთ ან უბრალოდ მარტო იქნებით, მეტს ისეირნებთ, მიხედავთ პირად საქმეებს. გაჯეტებზე ცოტა ხნით უარის თქმით, ბავშვებს უჩვენებთ, რომ შეგვიძლია გავერთოთ ტელეფონის გარეშეც, ვისწავლოთ რაიმე ახალი კომპიუტერის გარეშე და მეგობრებთან ტაბლეტის გარეშე გავაგრძელოთ ურთიერთობა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი