კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

ხმამაღალი ფიქრი, როგორც მოდელირების სტრატეგია

 

ფიქრი ადამიანის ის თვისებაა, რომლითაც ის განსხვავდება ყველა დანარჩენი ცოცხალი არსებისაგან. ეს საკმაოდ რთული პროცესია. კიდევ უფრო რთულია საკუთარი ფიქრების სწორად და ნათლად გადმოცემა. მაგრამ მიზანი მიღწევადია, რადგან არსებობს მიდგომები, წესები, “გასაღებები” და კანონებიც კი, რომლებიც გვეხმარებიან, ჩვენი მოსაზრებებიდან გონივრულად ავაგოთ მსჯელობები, ტექსტები.

  • და მაინც რა არის ფიქრი?
  • რა ნიშნებით გამოირჩევა აზროვნების ეს ტიპი?
  • რაშია მისი განსაკუთრებულობა?
  • როგორიამისი აგებულება?
  • როგორია მისი მთავარი კითხვები?

ფიქრი ადამიანის გონებაში მიმდინარე უხილავი პროცესია, რომელიც მნიშნელოვანი ინსტრუმენტია ტექსტის გაგება- გაზრებისათვის.   ფიქრი იგივე სიტყვაა, რომელიც მხოლოდ შენ გესმის, სანამ გაახმოვანებ, სანამ სხვას გაუზიარებ.

მნიშვნელოვანია მოსწავლეებს “ვასწავლოთ ფიქრი” და ამის  საუკეთესო საშუალებაა  მასწავლებლის მიერ ფიქრის მოდელირება – ,, ხმამაღალი ფიქრის მეთოდი“.  იგი  გამჭვირვალეს ხდის კოგნიტურ პროცესებს. გაკვეთილებზე მასწავლებლის მიერ ხმამაღალი ფიქრის დემონსტრირება ფრიად საინტერესო პროცესია მოსწავლეთათვის; განსაკუთრებით, თუ ეს პროცესი პაუზებით კითხვის დროს მიმდინარეობს. ხოლო თუ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შემდეგი პაუზების დროს თვითონ გააგრძელონ ხმამაღლა ფიქრი, მაშინ ისინი აცნობიერებენ ამ სტრატეგიის მნიშვნელობას და ასიტყვებენ თავიანთ ფიქრებს, განცდებს,   ,,აგემოვნებენ“  წაკითხულის გაგების პროცესს.

მოსწავლის ხმამაღალი ფიქრი ანელებს კითხვის პროცესს და მასწავლებელს ეხმარება დააკვირდეს მოსწავლის გააზრების პროცესს,  თუ რამდენად სწორი და ლოგიკურია ის. აქვე იბმება ძაფები ფიქრს, კითხვასა და წერას შორის. ამავდროულად, მოსწავლე ხდება ეფექტური მოდელი მეორე მოსწავლისთვის.  ხმამაღალი ფიქრის მეთოდის გამოყენება დადებითად აისახება მოსწავლის შედეგებზე.

ხმამაღალი ფიქრის მეთოდით მოდელირება ეფექტურად შეიძლება გამოიყენო ნებისმიერ გაკვეთილზე. წარმოგიდგენთ ხმამაღალი ფიქრის გამოყენების ნიმუშებს ქართულისა და მათემატიკის გაკვეთილებზე დაწყებით კლასებში:

იაკობ გოგებაშვილი – მეზობლები

ერთხელ ივანეს ცხენი მეზობლის ყანაში გადავიდა. მეზობელი გაბრაზდა, დაიჭირა ცხენი და პატრონს ზარალი ერთი სამად გადაახდევინა.

გავიდა რამდენიმე დღე. ახლა იმ მეზობლის ხბო გადმოვიდა ივანეს ბოსტანში და მწვანილი სულ გაუოხრა.

ივანემ დაიჭირა ხბო, მიუყვანა მეზობელს და უთხრა: – აი შენი ხბო, ჩემი ბოსტნიდან მოგიყვანე. ჩაიბარე, მეზობლებს ჩხუბი არ შეგვშვენისო .

გაახსენდა მეზობელს თავისი საქციელი, შერცხვა და ივანეს გადახდილი ფული უკანვე დაუბრუნა.

ბავშვებო, დღეს მე გამოგზაურებთ ჩემი ფიქრების სამყაროში, დაგანახებთ, რა ხდება ჩემს გონებაში, როცა მე ვიწყებ კითხვას. ყველა კარგი მკითხველი სათაურზე ფიქრით იწყებს კითხვას.

ფიქრები სათაურთან დაკავშირებით   იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის სათაურია ,,მეზობლები“, ალბათ,  ეს მოთხრობა მეზობლების ურთიერთობაზე იქნება, სად ცხოვრობენ? სოფელში თუ ქალაქში? ჩემი მეზობლები ძალიან მიყვარს და მეიმედება. თავისუფალ დროს მათთან ერთად ვატარებ.
I ეპიზოდი.ერთხელ ივანეს ცხენი მეზობლის ყანაში გადავიდა. ალბათ გააოხრებს ყანას, მეზობელი კი ძალიან გაბრაზდება, წაეჩხუბება ივანეს. ერთი წამით თვალები დავხუჭოთ და წარმოვიდგინოთ სოფელი, სიმინდის ყანა, რამდენი მოვლა ჭირდება და მერე ცხენი რომ გაგვიოხრებს, როგორ ხასიათზე დავდგებით? მაინტერესებს , გამართლდება ჩემი ვარაუდი? მოდი, წავიკითხავ.
II ეპიზოდი.მეზობელი გაბრაზდა, დაიჭირა ცხენი და პატრონს ზარალი ერთი სამად გადაახდევინა. ასეც ვიცოდი, რომ გაბრაზდებოდა, მაგრამ სამმაგად თუ გადაახდევინებდა ზარალს, არ მეგონა! მე ასე ვერ გავაკეთებდი, ვერ გავიმეტებდი მეზობელს, მასთან ურთიერთობა ხომ უნდა გავაგრძელო?

გავაგრძელებ კითხვას.

III ეპიზოდი

გავიდა რამდენიმე დღე. ახლა იმ მეზობლის ხბო გადმოვიდა ივანეს ბოსტანში და მწვანილი სულ გაუოხრა.

 ძალიან მაინტერესებს, ივანე როგორ მოიქცევა. ალბათ ისიც წაეჩხუბება და ზარალს აანაზღაურებინებს.    შეიძლება აპატიოს კიდეც, ან ის მეზობელი რას იტყვის, ნეტა თუ შერცხვება?

როგორ მაინტერესებს! ერთი სული მაქვს გავიგო…

 

 

                                                                                                                                                    

V ეპიზოდი

ივანემ დაიჭირა ხბო, მიუყვანა მეზობელს და უთხრა: – აი შენი ხბო, ჩემი ბოსტნიდან მოგიყვანე. ჩაიბარე, მეზობლებს ჩხუბი არ შეგვშვენისო

 

რა კეთილშობილი ადამიანი ყოფილა ივანე, ნამდვილი მეზობელი, გონიერი და წინდახედულია, იცის, რომ მეზობელი კარისა- სინათლეა თვალისა. მეზობელთან ისე არ უნდა მოიქცე, რომ შენვე შეგრცხვეს.  მაინტერესებს, თუ მიხვდება შეცდომას მეზობელი?

VI ეპიზოდი

გაახსენდა მეზობელს თავისი საქციელი, შერცხვა და ივანეს გადახდილი ფული უკანვე დაუბრუნა.

 

თურმე მიხვდა და გამოასწორა თავისი დანაშაული.  რა ბედნიერებაა ივანესნაირი მეზობლები რომ გყავს!

ვიყოთ კეთილები და არ ვაწყენინოთ მეზობლებს! ადამიანებს შორის თბილი დამოკიდებულება  ძალიან მნიშნელოვანია, რადგან ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით!

              მათემატიკის გაკვეთილზე ხმამაღალი ფიქრის  მეთოდის გამოყენებისას  მასწავლებელს ზედაპირზე ამოაქვს რთული სააზროვნო პროცესები. იგი მოსწავლეებს უჩვენებს, რომ პრობლემის/ამოცანის გადასაჭრელად შეიძლება დასჭირდეს ერთზე მეტი ნაბიჯის განხორციელება, რამდენიმე ოპერაციის თანმიმდევრულად  შესრულება, და თუ ის ამას მასწავლებლის მსგავსად განახორციელებს, ამოცანის ამოხსნა სულაც არ იქნება მისთვის შეუძლებელი  და მიუწვდომელი.

მნიშვნელოვანია, მასწავლებელი ხმამაღლა ფიქრისას განიხილავდეს რამდენიმე ალტერნატიულ გზას, ან რაიმეს დაშვებას, რომლის გამორიცხვაც შეიძლება  გზადაგზა მოუხდეს.

 

1 ამოცანა 1-ელი კლასი

 

8+4

როგორ მივუმატო 8-ს    4? ერთის ბიჯით რომ მივუმატო: 9,10,11,12. პასუხი 12-ია. უი, ასე შარშან ვაკეთებდი, გამახსენდა! ათეულამდე შევსებით უფრო მაგარია!   8  ათეულამდე რომ შევავსო,  მჭირდება 2. აგერ მეორე შესაკრები  4 უნდა დავშალო:  4 შედგება 1-ისა  და 3-სგან, მაგრამ 8 რომ ათამდე შევავსო, ამისთვის 2 გამომადგება,  ანუ 8 +4=8+2+2.  10-თვის 2-ის მიმატება ადვილია, მივიღე 12.

 

2. ამოცანა  მე-2 კლასი

 

დაასახელე 27-ის უახლოესი ათეული.

როგორ ვიპოვო 27 -ის უახლოესი ათეული? გამოვიყენებ რიცხვით სხივს, აი, რიცხვით სხივზე 27 მდებარეობს 20-სა და 30-ს შორის. ანუ მისი მეზობელი ათეულებია 20 და  30.  27 დან 30-მდე რომ მივიდე,  3 ნაბიჯია, 27 დან 20-თან რომ დავბრუნდე – 7. სწორი იქნება: 27 -ის უახლოესი ათეული არის 30.
3. ამოცანა მე-6 კლასი

ნავის სიჩქარე ტბაზე  17         კმ/სთ-ია, მდინარის სიჩქარე  2კმ/სთ.

რამდენ კმ-ს გაივლის ნავი მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით 3 საათის განმავლობაში?

 

ტბაში წყალი არ მოძრაობს, მდინარის წყალი კი დაღმართს მიყვება, ესე იგი, მდინარის წყალს აქვს სიჩქარე. მაშინ გამოდის, რომ ნავის სიჩქარე ტბაზე იგივეა, რაც მისი საკუთარი სიჩქარე- 17 კმ/სთ.

მაგრამ როცა ნავი მდინარეში მიცურავს,   მას მდინარის სიჩქარე ეხმარება, რომ უფრო სწრაფად იმოძრაოს. ამოცანაში წერია  მდინარის სიჩქარე 2 კმ/სთ-იაო, ეტყობა არც ისე დამრეცი კალაპოტი აქვს და მდორედ მიედინება.  მაგრამ რადგან ნავი მდინარის საწინააღმდეგოდ მიცურავს, წყლის სიჩქარე მას ხელს კი არ უწყობა, არამედ უშლის, ანელებს 2 კმ/სთ-ით.

აქ უკვე ნავის სიჩქარე 17-2 , ანუ 15 კილომეტრი იქნება, 3 საათში კი ნავი მდინარის დინების საწინააღმდეგოდ გაივლის 15 x 3=45 კმ-ს.

4. ამოცანა   მე2 კლასი

ოთახის სიგრძე მეორეკლასელი ნინოს 14  ნაბიჯის ტოლია, გადაზომა სიგრძე მაღაზიაში 14 ნაბიჯით დედამ და  მოიტანა ხალიჩა, რომელიც ოთახში არ დაეტია! თუ არის შესაძლებელი  ასეთი რამ? რატომ?

 

 

 

 

 

 

ამოცანაში წერია, რომ ოთახის სიგრძე   ნინოს 14 ნაბიჯის ტოლია.   ხალიჩის სიგრძეც 14 ნაბიჯია,  მაშინ რატომ არ დაეტია ხალიჩა? მაგრამ ეს  ხომ დედის ნაბიჯებითაა გაზომილი. დედის ნაბიჯები უფრო დიდი იქნება.  დავფიქრდი, გამახსენდა,მე რომ პატარაობისას დედას გვერდით მივყვებოდი, მის თითო ნაბიჯზე მე ორის გადადგმა მიწევდა, რომ დავწეოდი. ამიტომაც არ დაეტია ხალიჩა ოთახში, შესაძლებელი ყოფილა ასეთი რამ. სხვა დროს ჯობია ზუსტი საზომით- მეტრით გაზომონ ოთახის და ხალიჩის სიგრძე.

 

ხმამაღალი ფიქრის სტრატეგია ეფექტურად შეიძლება გამოიყენონ სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმა, ასევე,  შესაძლებელია მასალის ვიზუალიზება ტექნოლოგიების გამოყენებით,  რაც კიდევ უფრო  გაუადვილებს მოსწავლეებს მიღებული ინფორმაციის გაგება-გააზრებას.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი