შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ელექტრონული რესურსების  გამოყენება გაკვეთილზე

პედაგოგი ყოველთვის ოროენტირებული უნდა იყოს, რომ მოსწავლეებში გაზარდოს მოტივაცია, ინტერესი და ჩართულობა. მიმაჩნია რომ,  ციფრული ტექნოლოგიები ჩვენი მომავალი თაობისთვის  ძირითად ინტერესის სფეროს წარმოადგენს, ამიტომ ვთვლი, რომ ელექტრონული რესურსების შექმნა და მისი გამოყენება საგაკვეთილო პროცესში არამარტო სახალისოა მოსწავლეებისთვის, არამედ ამ დროს შეძენილი ცოდნა დიდხანს ამახსოვრდებათ მოსწავლეებს, რაც საწინდარია მყარი და საფუძვლიანი განათლების. პედაგოგის მიზანიც ხომ ესაა, რომ მოსწავლეს საშუალება მისცეს  პროცედურული ცოდნა გადააქციოს პირობისეულად.

ელექტრონული რესურსები შედგენილი მაქვს wordwall.net პროგრამაში, მოსწავლესთვის ძალზედ ადვილად  გასაგები ინსტრუქციით, ასევე აქტივობის დასრულებისთანავე მოსწავლე ამოწმებს საკუთარ ნამუშევარს და არასწორი პასუხის შემთხვევაში შეუძლია კიდევ სცადოს.

ჩემს მიერ წარმოდგენილი ელექტრონული რესურსები მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს, როგორც ახალი მასალის ახსნის დროს, ასევე ცოდნის განმტკიცების ფაზაზე და მასალის შეჯამების დროს.

რესურსი 1.   ცხოველური უჯრედი        კლასი- 10

ეს რესურსი  განკუთვნილია მეათე კლასის მოსწავლისათვის. ის ითვალისწინებს ცხოველი უჯრედის ვიზუალური მასალაში  სტრუქტურების ამოცნობასა და მის დაკავშირებას ფუნქციებთან. მოგეხსენებათ, რომ იმას რასაც მოსწავლე თვალით ვერ ხედავს უჭირს აღქმა და დამახსოვრება, ჩვენ თუ ამ სახით მივაწვდით მასალას, ვფიქრობ, რომ სახალისოც იქნება და ადვილად დასამახსოვრებელიც.

 

რესურსი 2.    ადამიანის ჩონჩხი

ეს რესურსი მერვე კლასის მოსწავლისთვისაა განკუთვნილი.  მოსწავლემ უნდა ამოიცნოს ძვლები და წარმოდგენილ ფოტოს ხაზებით სწორად  დაუკავშიროს  მისი  დასახელება.

რესურსი 3.    პოლიმერები და მონომერები 

წარმოდგენილი რესურსი პედაგოგმა შესაძლებელია გამოიყენოს როგორც მე-9,   ასევე  მე-10 კლასში. ამ აქტივობით  მოსწავლე ამოწმებს  ცოდნას და აჯგუფებს მარტივ და რთულ ორგანულ ნივთიერებებს.

რესურსი 4.   ყურის ანატომია.

ეს რესურსი შესაძლებელია გამოვიყენოთ  მერვე კლასში, როგორც ახალი მასალის ახსნის დროს, ასევე გამოკითხვის დროს.   ეს საშუალებას მოგვცემს მოსწავლემ ადვილად აითვისოს ყურის  ანატომიური აგებულება, სიტყვებს  ხაზებით  დაუკავშირებს   ვიზუალურ მასალაზე მონიშნულ წრეებს.

რესურსი 5.  მიტოზი.

აღნიშნული რესურსი,  განკუთვნილია მერვე და მეცხრე კლასებითვის. ის, როგორც წინა რესურსები საინტერესოა მოსწავლეებისთვის,  მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს ორივე ეტაპზე, მოსწავლემ უნდა ამოიცნოს ფოტოზე მიტოზის ფაზები და სწორად დაუკავშიროს მეორე სვეტში ჩამოთვლილ სიტყვებს, რომელიც მიტოზის ფაზებს შეეხება.

ყველა აქტივობას მოტივაცია უდევს საფუძვლად. მოტივაცია არის ქცევის განხორციელების ფსიქოლოგიური საფუძველი. რაც უფრო მეტად მოტივირებულნი არიან მოსწავლეები, მით მეტია სწავლის ხარისხი, რაც ნაკლებად არიან – შესაბამისად, სწავლის ხარისხიც იკლებს.  მოსწავლის სასწავლო აქტივობები შეიძლება განპირობებული იყოს მისი შინაგანი და გარეგანი მოტივაციით. შინაგანად მოტივირებული მოსწავლისათვის უფრო მნიშვნელოვანია თავად აქტივობა, ვიდრე მოსალოდნელი ჯილდო.

გარეგან მოტივაციას კი მაშინ აქვს ადგილი, როცა მოსწავლე შესრულებული სასწავლო აქტივობისათვის მოელის წახალისებას, ჯილდოს (კარგი ქულა, შექება, კლასში გარკვეული სტატუსის მოპოვება და ა.შ.) ამ დროს განხორციელებული სასწავლო აქტივობა შესაძლებელია მოსწავლისთვის არ იყოს საინტერესო.

ზოგიერთი მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით ეკიდება სწავლას, რადგან მას აინტერესებს საგანი და სწავლის პროცესი. მაგრამ არიან ისეთი მოსწავლეები, რომლებიც მასწავლებლის მხარდაჭერის გარეშე სწავლისადმი დიდ ინტერესს არ იჩენენ. მათ მუდმივად სჭირდებათ შექება, სტიმული და თანადგომა.

ამრიგად მოსწავლის სასწავლო აქტივობას განაპირობებს როგორც გარეგანი, ისე მისი შინაგანი მოტივაცია. ამიტომ პედაგოგმა სასწავლო პროცესის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის მოტივაცია, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის წარმატებებს.

ელექტრონული, სასწავლო რესურსები საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეთა მოტივირებისთვის გაკვეთილის ნებისმიერ ეტაპზე და ეხმარება მასწავლებელს უფრო მეტად მოსწავლეზე ორიენტირებული გახადოს სასწავლო პროცესი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი