შაბათი, აპრილი 11, 2026
11 აპრილი, შაბათი, 2026

ბერძნული მითები ყოველდღიურობაში, ანუ როგორ გავაცოცხლეთ იდიომები?

0

ბავშვობაში ძალიან ხშირად ვკითხულობდი ბერძნულ მითებს, ერთგვარი გატაცებითაც კი და ისე აღმაფრთოვანებდა, დიდხანს ამ შთაბეჭდილებებით ვცხოვრობდი.

უცნაური ღმერთების უცნაური სამყარო, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, უყვარდათ, ეჭვიანობდნენ, ნექტარს და ამბროზიას მიირთმევდნენ, კინკლაობდნენ, მზაკვრობდნენ, ქიშპობდნენ და მტრობდნენ ერთმანეთს, რეალური ხდებოდა და თან ერთგვარად სატელევიზიო შოუს ჰგავდა მათი ყოფა. ოლიმპოს მთა კი ჰგავდა ადგილს, სადაც შოუს მოქმედება და გადაღება მიმდინარეობდა. კითხვისას ცოცხლდებოდნენ გმირები, ქალღმერთები, ღმერთები და ნახევრად ღმერთები. ხან მათი პიროვნული თუ ფიზიკური თვისებები იწვევდა აღფრთოვანებას, ხან – მათი გამჭრიახობა და გონიერება, განვიცდიდი მათ გასაჭირს და თანავუგრძნობდი მათ.

თვეების წინ უკვე ჩემს შვილებთან ერთად ვკითხულობდი ბერძნულ მითებს. ვფიქრობ, თანამედროვე ბავშვებს, ჩვენი თაობისგან განსხვავებით, უფრო მეტად აქვთ ფუფუნება და არჩევანი, მრავალფეროვანი ლიტერატურიდან მათთვის სასურველი, უფრო იოლად გასაგები, მარტივი ენით დაწერილი წიგნები იკითხონ. ასე შემოგვეკითხა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის „ბერძნულ-რომაული მითები და მათთან დაკავშირებული ფრთიანი გამოთქმები“, რომლის წაკითხვის შემდეგ ფაქტობრივად მითების თვალებით დავუწყეთ სამყაროს ყურება. ვცდილობდით, მისი ფრაზები დაგვემკვიდრებინა ჩვენს მეტყველებაში და გაოცებული ვიყავით, როგორ ვყოფილვართ დავალებული ბერძნული მითოლოგიისგან, როგორი მძლავრი ყოფილა მისი გავლენა სხვადასხვა კულტურასა და ჩვენს მეტყველებაზე.

ბერძნული მითების პერსონაჟები ბავშვებს სასკოლო პროგრამაშიც ხვდებათ, ამიტომ დამატებითი ლიტერატურის გაცნობა კიდევ უფრო დაეხმარება მათ, მრავალფეროვანი შთაბეჭდილებებით გაიმდიდრონ წარმოსახვა, ამასთან ერთად გაიმდიდრონ ლექსიკა სხვადასხვა ფრაზითა თუ ფიგურალური გამოთქმით.

ჩვენი ყოველდღიური მეტყველება, რომელიც დღითიდღე უფრო მეტად ხდება პრაქტიკული, ტექნიკური, ორგანიზაციული შინაარსის და უფრო მეტად არის გაჯერებული ინგლისური სიტყვებით, მიგვანიშნებს, რომ ჩვენი სამეტყველო ლექსიკის გამდიდრებაზე უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ. თუ ჩვენ ბერძნული მითოლოგიიდან მომდინარე ხატოვან გამოთქმებზე გავამახვილებთ ბავშვების ყურადღებას, ისინიც კარგად დაინახავენ, როგორ ცოცხლდება ამბები გამონათქვამებში და მდიდრდება მათი ლექსიკა მსგავსი გამოთქმებით. მრავალფეროვანი ლიტერატურის გაცნობა კი ლექსიკური სიმწირის უებარი წამალია.

როდესაც მითებს წაიკითხავ და გამოთქმებზეც დაფიქრდები, მიხვდები, როგორ გარდაიქმნებიან ამბები ხატოვან გამოთქმებად: „ჰერაკლესავით ღონიერი“, „გიგანტივით დიდი“, „ტიტანურად მშრომელი“, „პანიკური შიშით შეპყრობილი“, „ოლიმპიური სიმშვიდით გამორჩეული“ და ა.შ.

გთავაზობთ, რამდენიმე ცნობილ იდიომს და მათ ისტორიას ბერძნული მითოლოგიიდან:

აქილევსის ქუსლი – ადამიანის ყველაზე სუსტი ადგილის სინონიმია. მითის თანახმად, ბერძნული მითოლოგიის საყვარელი გმირის, აქილევსის მოკვლა ძნელი საქმე ყოფილა, რადგან როცა დაიბადა, დედამისმა, ზღვის ქალღმერთმა – თეტიდამ მას ქუსლში ჩაავლო ხელი და ქვესკნელის სამეფოს ჯადოსნურ მდინარე სტიქსში ამოავლო. ბერძნული მითოლოგიის თანახმად სტიქსის წყალი ადამიანის სხეულს უვნებელს ხდიდა და მისი მოკვლა არავის შეეძლო. აქილევსის სხეულიც უვნებელი გახდა, მხოლოდ ქუსლი იყო მისი სუსტი ადგილი, რომელსაც წყალი არ მიჰკარებია. აქილევსი სწორედ ქუსლში მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვლება, მას ტროას მეფის ვაჟი, პარისი სუსტ ადგილში ისარს სტყორცნის და სასიკვდილოდ დაჭრის.

გორდიას კვანძი – გადაუჭრელი, რთული და დაუძლეველი საქმისა და პრობლემის ერთი ხელის მოსმით გადაჭრის შემთხვევაში ამბობენ, გორდიას კვანძივით გადაჭრაო. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ყოფილა ერთი უბრალო გლეხი კაცი, რომელიც გზაზე მიდიოდა ურმით და მოულოდნელად მეფედ აირჩიეს. გლეხმა მადლობის ნიშნად ზევსს თავისი ურემი უსახსოვრა, საჩუქარი კი ისე გამონასკვა, რომ საუკუნეების განმავლობაში ვერავინ ხსნიდა. მხოლოდ ალექსანდრე მაკედონელმა მოახერხა მისი მახვილით გადაჭრა.

ოლიმპიური სიმშვიდე – ეს გამოთქმა გამოიყენება მაშინ, როდესაც კონკრეტული ადამიანის სიმშვიდის აღწერა სურთ. ამ ხატოვან გამოთქმას საფუძვლად უდევს ძველი ბერძნული წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც, ღმერთები იმყოფებოდნენ ოლიმპოს მთაზე, სადაც სულ სიმშვიდე სუფევდა და ისინიც განცხრომასა და ნებივრობაში ატარებდნენ დღეებს.

და როდესაც ბერძნულ მითებს ვკითხულობდით, აღვნიშნე კიდეც, ყველაფერს ამ თვალით ვუყურებდით. ერთ დღესაც, როდესაც პარკში ჩავედით მე და ჩემი შვილები და ზიპლაინის ჯაჭვი საშინლად გამოკვანძული დაგვხვდა, ვეწვალეთ და რომ ვერაფრით გამოვხსენით, ჩემმა უფროსმა შვილმა ალექსანდრე მაკედონელის ხმალი ინატრა, რომ ზიპლაინის გორდიას კვანძი ერთი დარტყმით გადაეჭრა და ასე გადაეწყვიტა პრობლემა. შემდეგ უეცრად ამოტივტივდა „პანიკური შიში“ ჩვენს საუბარში და გავიხსენეთ, რომ პანიკური შიში თავზარდამცემი შიშის სიმბოლოა. ბერძნული მითოლოგიის თანახმად პანი იყო ტყის, ჯოგისა და მწყემსების მფარველი ღმერთი, რომელიც გრძელწვერა და თხისფეხება დაიბადა და მის დანახვაზე ყველას თავზარი ეცემოდა. ერთ საღამოსაც სახლში მამამ ბავშვებს „ჟელიბონი“ მოუტანა, რომლის გაყოფამ და-ძმას შორის დიდი არეულობა გამოიწვია და ანდრიამ დაასკვნა, რომ ეს ნამდვილად განხეთქილების ვაშლი უფრო იყო, ვიდრე ჟელიბონი, ან შეიძლება განხეთქილების ჟელიბონიც ყოფილიყო. იცით, რა შინაარსი აქვს თასზე ან კვერთხზე დახვეული გველის გამოსახულებას და ვინ იყო ასკლეპიოსი? როდესაც თქვენს შვილებთან ან მოსწავლეებთან ერთად ბერძნულ მითებს გაეცნობით, სთხოვეთ ბავშვებს, დააკვირდნენ სამედიცინო დაწესებულებებს, იქნებ მათთვის ნაცნობი სიმბოლო იპოვონ. ასკლეპიოსის კვერთხი სულ მარტივად იპოვა ანდრიამ მითების დასრულების შემდეგ ერთ-ერთი აფთიაქის აბრაზე და გახარებულმა მამცნო ეს ამბავი.

ბერძნული მითების სამყარო უზარმაზარი და საოცრად შთამაგონებელია, მისით საზრდოობდა დასავლური ხელოვნება და კულტურა, მხატვრობა და ლიტერატურა. ბერძნული მითები გაბნეულია ჩვენს მეტყველებაში. თუ კარგად დავაკვირდებით, მათ ამოცნობასაც ვისწავლით.

 

 

 

 

CLIL მეთოდი ბუნებისმეტყველების სწავლებაში

0

მეორე ნაწილი

2020 წელს საქართველოში დაიწყო საერთაშორისო პროექტი ESTA (Educating Science Teachers for All), რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს საქართველოს 2 უნივერსიტეტი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის ფარგლებში გადამზადდნენ მასწავლებლები, მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამისთვის შეიქმნა სასწავლო კურსი, რომელიც მიმართულია ბუნებისმეტყველების სწავლების პროცესში ენობრივი უნარების განვითარებაზე ორიენტირებული პროცესის დასაგეგმად იმ მოსწავლეთათვის, რომელთათვისაც ქართული მეორე ენაა. დაიგეგმა საბუნებისმეტყველო საგნებისა და ქართული ენის ინტეგრირებული მოდული CLIL-ის მეთოდის გამოყენებით. და დაინერგა ის პროექტში ჩართული სკოლების დაწყებით საფეხურზე, თბილისსა და უმცირესობით დასახლებულ რამდენიმე მუნიციპალიტეტში. პროექტის ფარგლებში ითარგმნა და ჩვენი რეალობისთვის ადაპტირდა დამხმარე სახელმძღვანელო დაწყებითი სკოლის მასწავლებლებისთვის – „ლილუს სახლი – ენობრივი უნარების განვითარება და საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტები“. აღნიშნულ სახელმძღვანელოში მოცემული მასალის დახმარებით მასწავლებელი იოლად შეძლებს მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობის გაზრდასა და სწავლის მოტივაციის ამაღლებას, საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესებასა და აღფრთოვანებას სწავლების ადრეულ საფეხურზე.

სასწავლო რესურსი „ლილუს სახლი“ მასწავლებლებს სთავაზობს იდეებსა და ინსტრუმენტებს სასწავლო პროცესში დასანერგად. აღნიშნული რესურსი გამორჩეულია იმით, რომ ეხმარება ენობრივი სირთულეების მქონე მოსწავლეებს, განივითარონ ენობრივი კომპეტენციები საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტებზე დაყრდნობით. ტექსტები და დავალებები სხვადასხვა დონისაა. შესაბამისად, მათი გამოყენება შესაძლებელია ენობრივი კომპეტენციების მიხედვით ჰეტეროგენულ კლასებში. „ლილუს სახლში“ წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების მიერ დაგეგმილი და საკლასო სივრცეში გამოცდილი გაკვეთილები. ყოველი თემა უკავშირდება მოსწავლეთა ყოველდღიურ ცხოვრებას. მოქმედებები ხდება სახლში, სახელმძღვანელოს ორი პერსონაჟი – ლილუ და ალინა ერთად აკვირდებიან და ცდილობენ ამოხსნან ისეთი საიდუმლოებები, როგორიცაა, მაგალითად, აბაზანაში დანამული სარკეები და კედლები, მისაღებში მოხტუნავე ლობიოს მარცვლები და სამზარეულოში საფუვრის მოქმედებები. სახელმძღვანელოში სახლის სივრცეების შემოტანა ხელს უწყობს კვლევასა და აღმოჩენაზე დაფუძნებული სწავლების განვითარებას. ამავდროულად, ხდება ენობრივი ერთეულების გავარჯიშებაც – მუშავდება ექსპერიმენტთან დაკავშირებული ლექსიკა, წინადადებების ნიმუშები, ხელი ეწყობა წაკითხულისა და მოსმენილის გაგება-გააზრებასა და ა.შ. პერსონაჟები, ლილუ და ალინა აღტაცებულნი არიან მეცნიერებით და მუდმივად ექსპერიმენტების ჩატარების სურვილი აქვთ, სულ სიახლეების ძიებაში არიან და ახალ-ახალი აღმოჩენებისაკენ მიილტვიან.

სახელმძღვანელოში შეხვდებით: ლილუს მიერ დაგუბებულ წყალში სარკის ეფექტის აღმოჩენასა და არეკვლის მოვლენის გაცნობას, სარკის დახმარებით ხატვის მეთოდს, აორთქლებისა და კონდენსაციის მოვლენების აღმოჩენას, ექსპერიმენტებს საფუარსა და ცომზე, ხახუნის განმარტებას ფეხმოტეხილი დივნის გათრევის მაგალითზე, მცენარეებისთვის საჭირო პირობების კვლევას, სხვადასხვა თამაშსა და სხვა. სახელმძღვანელოში მოსწავლეები გაეცნობიან ლილუსა და ალინას მეგობრებს და მათთან ერთად მეცნიერების სამყაროში იმოგზაურებენ.

სახელმძღვანელოში მოცემული კვლევაზე დაფუძნებული გაკვეთილები ეყრდნობა კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო მიდგომას. წიგნიერების სტრატეგიის გამოყენებით ვითარდება ისეთი უნარები, როგორებიცაა – კრიტიკული აზროვნება, შეკითხვების დასმით სიღრმისეული კავშირების დამყარება, გამოკვლევის, გააზრების, რეფლექსიის უნარი და სხვა. ამბავი და მასთან დაკავშირებული საბუნებისმეტყველო აქტივობები მოსწავლეს ეხმარება, მათ გარშემო სამყაროს შემეცნებაში, ამავდროულად, გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება საბუნებისმეტყველო გაკვეთილები ეფექტურად გამოვიყენოთ წიგნიერების (წერა, კითხვა, ლაპარაკი, მოსმენა) განვითარების მიზნით. ყოველი ამბავი იყოფა ქვეთემებად, რაც საშუალებას აძლევს ბავშვებს, დაამუშაონ შინაარსი ნაწილ-ნაწილ. ამ დროს მათ უმარტივდებათ ინფორმაციის აღქმა. თითოეული თემა ფოკუსირებულია სპეციფიკურ საბუნებისმეტყველო პრობლემაზე, რომელიც უნდა გადაჭრან მოსწავლეებმა. თითოეული თემა მოიცავს:

  • მოქმედებას, რომელიც ხდება მთავარი პერსონაჟის სახლის რომელიმე ოთახში;
  • კონკრეტულ სიტუაციურ ამბავს (ლილუს, ალინასა და მათი მეგობრების შესახებ);
  • მეცნიერულ კვლევა-ძიებას, ექსპერიმენტს;
  • კითხვის, წერისა და მეტყველების სტრატეგიებს ყოველდღიურ და საბუნებისმეტყველო კონტექსტში.

ლილუსა და ალინას მონაწილეობით სახლში ჩატარებული ექსპერიმენტები და კვლევები ხელს უწყობს ბუნებისმეტყველებისათვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას. კერძოდ, შეკითხვების იდენტიფიცირებას, ვარაუდების გამოთქმას, კვლევის დიზაინის შემუშავებას, მტკიცებულებების მოპოვებას, ინტერპრეტაციას, მსჯელობას, მონაცემების ანალიზს, დასკვნების გაკეთებასა და შესწავლილის გადმოცემა/გაზიარებას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმძღვანელოში მოცემული ამბების წაკითხვის შემდეგ, მოსწავლეს უჩნდება სურვილი, თვითონ დასვას შეკითხვა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხი. ამ პროცესში გამოიყენება საზომ-სახაზავი ხელსაწყოები, კეთდება წერილობითი ჩანაწერები, ცხრილები, გრაფიკები და ნახატები. სახელმძღვანელო ხელს უწყობს კლასიფიკაციის უნარ-ჩვევის განვითარებას, როგორიცაა, სხვადასხვა სხეულის მახასიათებლების, მსგავსება-განსხვავებების ამოცნობა, კლასიფიკაციის ყველაზე მოხერხებული მეთოდის პოვნა და სხვა.

საუბარსა და თანატოლებთან თანამშრომლობით ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს სასწავლო პროცესში, რასაც, აგრეთვე, ხელს უწყობს სახელმძღვანელო „ლილუს სახლი“. მსჯელობა, მოსაზრებების გაზიარება და საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბება ეხმარება მოსწავლეებს ბუნებისმეტყველებაში შესასწავლი მოვლენებისა და პროცესების კონცეპტუალურ აღქმა-გაგებაში. დისკუსია ეხმარება ბავშვებს აზროვნებისა და მსჯელობის უნარის განვითარებაში. კონცეპტუალური გაგება და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გააზრების უნარი საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მთავარი მიზანია. სწავლების დაწყებით საფეხურზე პრიორიტეტულია ისეთი მეცნიერული უნარების განვითარება, როგორიცაა: აღწერა, განხილვა, პროგნოზირება, ახსნა, ჰიპოთეზების ჩამოყალიბება, მოსაზრებების ანალიზი და სხვა. სახელმძღვანელოში შემოთავაზებულია ამ უნარების განვითარების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი პედაგოგიური მიდგომები, მაგალითად, სამუშაო ფურცელზე აღწერის ან კომენტარის დართვა მოსწავლის ქმედებების შესახებ; სპეციალური ჩარჩოს გამოყოფა, რომელშიც მოსწავლეები აღწერენ, როგორ იძენენ ცოდნას, როგორ მიდიან გადაწყვეტილებებამდე; ამბის თხრობა, როლური თამაში, სიტყვების ბარათების გამოყენება და სხვა.

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, სახელმძღვანელო „ლილუს სახლი“ ეფექტიანია იმ მოსწავლეებთან მუშაობისთვის, რომელთათვისაც ქართული მეორე ენაა, თუმცა დიფერენცირებისა და მოდიფიცირების პრინციპებზე დაყრდნობით, მასწავლებელს მასში მოცემული შინაარსისა და აქტივობების გამოყენებაც შეუძლია.

პროექტის ESTA შესახებ იხილეთ ბმული:

  1. https://esta-project.eu/
  2. https://www.facebook.com/groups/764030350800443

მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელო ლილუს სახლი“ იხილეთ ბმულზე:

  1. https://www.science-on-stage.eu/sites/default/files/material/lilus-sakhli-enobrivi-unarebis-ganvitareba-da-sabunebismetkvelo-eqsperimentebi.pdf

 დამარცხებულთათვის

0

„თუ ამ უკანასკნელმა გადაწყვეტილებებმა გაიმარჯვა,

მაშინ უკვე დრო არის სიკვდილის ან იუბილეის“

პაოლო იაშვილი

ერთი ძველი ნაცნობი ამასწინათ ფეისბუკზე ანგარიშობდა, – 7 წელი რომ ფეხბურთზე დავდიოდი, რაც მე მაგაში დრო მაქვს წაგებული, სამ ენას ვისწავლიდი და უახლეს ტექნოლოგიებსაც ზედ მივაყოლებდიო. მერე ვიღაცამ შეახსენა, – შენ ის გავიწყდება, მაგ დროს ბედნიერიც რომ იყავი, ჯიგაროო.

მოგების და მიღწევების აღნუსხვა ამ საუკუნის გატაცებად იქცა. ყველა ითვლის. სქილების გაუმჯობესებას უწესებს ყველა საკუთარ თავს. წარმატება. წარმატება. წარ-მა-ტე-ბები! ქლინ შით. პეტრ ჩეხს პრემიერლიგაში 202 ქლინ შითი ჰქონია. მარიო ვარგას ლიოსამ ყველა ლიტერატურული პრემია აიღო. კრისტიანო რონალდოს ინსტაგრამზე ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს, მამა. ქოპატონ!

ჩემმა ქოუჩმა დამარიგა, – სისუსტე არ შეგეტყოსო. სინანულმა არ მოგიცვას. შენი გაიტანე ყოველთვის. სხვის აზრს ეჭვი შეაგებე. უახლოესსაც ნუ ენდობი. გულს ბოლომდე კი არა, ოდნავადაც ნუ გაუხსნი იმასაც კი, ვისთანაც რაღაც საიდუმლო გაკავშირებს. მომთმენი იყავიო. სიხარული და ბედნიერება დიდხანს არ მიიკარო გულთან. ნიჭს უნდა დამიზნება. შრომას დაემოწაფე. ქებას ნუ აჰყვები. მაქებრის სიტყვებს ღიმილი და დუმილი შეაგებე. თვითტკბობამ არ დაგაბრკოლოსო. მარცხს ნუ მიეჩვევი. სანამ არ დაიმსახურებ, არავის არაფერი სთხოვო. გამარჯვება და წარმატება მიიღე საკვებივით – არა იმისთვის, რომ გაგაძღოს და მოიმატო, არამედ იმის გამო, შიმშილით სული არ ამოგხდესო. სხვების დახმარება ისე უნდა შეძლო, გზაში დაივიწყო – ვინმეს რომ ეხმარები! არ შეუშინდე არავის და არაფრის გამო – შენზე მეტად ზოგჯერ ეს სხვებს სჭირდებათ, ყოყმანს აყოლილ დამფრთხალ ადამიანებსო.

მე ვუთხარი რომ ძნელია, ხშირად არ გამოდის. ამიტომ ლუზერებს ისღა დაგვრჩენია, ბედნიერებას ჩავებღაუჭოთ. მარცხს. „ის სუსტები უფრო მაინტერესებს მე“. ბანალურობების მაგია, რომელიც წარმატებისთვის ატეხილ დოღში სადღაც თავისთვის მიიყუჟება ხოლმე. ჩემი მეზობელი ცისფერთვალება გოგო, რომელიც საუკეთესო მორბენალი იყო და მშობლებმა სამართალმცოდნეობისთვის გაიმეტეს, არასდროს იხსენებს იმას, რომ ბედნიერების შეგრძნება ვერ დაიცვა სხვებისგან. ის ალბათ ჩემპიონიც იქნებოდა, ცოტა უხეში სხეულისკენ მიიპყრობდა მამაკაცების მზერას, სოფელში თასებსაც ჩამოიტანდა, მაგრამ მას ალბათ არავისთვის უთქვამს, რომ სიხარული მხოლოდ მაშინ ედგა გულში, როცა ჰაერს უსწრაფესად ჭრიდა და კანიდან დაძრულ ტალღას თავს მიანდობდა.

– მას, ის ალბათ დამარცხებულია, – მითხრა მერვეკლასელმა გოგომ სხვა სოფლის სკოლაში, სადაც ეს ამბავი გავიხსენე, – თქვენ ხომ ამის თქმა გინდოდათ?

– არა, მე არაფრის თქმა არ მინდოდა… ზოგჯერ… უბრალოდ… ჰო, დამარცხება… ზოგჯერ დამარცხება უფრო უკეთ ჰყვება ადამიანის ამბავს.

P.S. ბებიაჩემს, ისტორიკოს ვარო თოლორაიას ოცნებად ჰქონდა თურმე, სტამბოლი – კონსტანტინოპოლი – ენახა. ეს საბჭოთა მოქალაქისთვის თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ მან ხომ მთელი 17 წელი იცოცხლა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ! სისტემის მარწუხები, ხელმოკლეობა და პირადი სურვილების უგულებელყოფა – ის განაჩენი აღმოჩნდა, რამაც ძლიერი ქალის ნატვრა ჩანასახშივე გაახმო.

ხელოვნური ინტელექტი, ჩვენ და მომავლის განათლება

0

 

ხელოვნური ინტელექტის (AI) შექმნა შესაძლ, უდიდესი მოვლენა გახდეს

კაცობრიობის ისტორიაში. თუმცა, იგი შეიძლება უკანასკნელიც იყოს,

თუ რისკებისგან თავდაცვას არ ვისწავლით“.

სტივენ ჰოკინგი (1942-2018),

ბრიტანელი მოაზროვნე და ფიზიკოსი,

კემბრიჯის უნივერსიტეტის თეორიული კოსმოლოგიის ცენტრის დირექტორი

 

ბოლო რამდენიმე წელია, საზოგადოება აქტიურად ბჭობს ხელოვნური ინტელექტის თაობაზე. ხელოვნური ინტელექტი კომპიუტერული ტექნოლოგიების პირმშოა. მას აქვს პოტენციალი, რევოლუციური ცვლილებები გამოიწვიოს როგორც ტექნოლოგიების სამომავლო განვითარების ვექტორზე, ისე – ადამიანთა საზოგადოების მომავალ განვითარებაზე.

ხელოვნური ინტელექტი (ინგლ. Artificial Intelligence- AI) გახლავთ კომპიუტერული ტექნოლოგია, რომელიც კომპიუტერებს საშუალებას აძლევს, ჩაატარონ/შეასრულონ ისეთი ოპერაციები, რომლებიც ადრე მხოლოდ ადამიანს შეეძლო. ის მუშაობისთვის იყენებს მრავალგვარ არსებულ ალგორითმსა და მეთოდს, რომლებიც მას [კომპიუტერს] ეხმარებიან ისწავლონ და მიიღონ გადაწყვეტილებები მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

სხვა სიტყვებით, ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს ადამიანის ინტელექტუალური პროცესების სიმულაციას (იმიტაციას, მოდელირებას, მიბაძვას), რომელსაც მანქანები ახორციელებს. შემსრულებელი უმეტესწილად, დღეს არსებული კომპიუტერული სისტემები არიან, რომლებიც სხვადასხვა ტექნოლოგიურ ცენტრში, ადამიანის დახმარებით „სწავლობენ“ აზროვნებას, ფიქრს, საუბარს (სხვადასხვა ენაზე) და ზოგ შემთხვევაში (თუ პროგრამა ამას ითვალისწინებს) გადაწყვეტილებების მიღებასაც(!). ხელოვნური ინტელექტის სპეციალური აპლიკაციები მოიცავს საექსპერტო სისტემებს, ენებისა და საუბრის პროცესის დამუშავება-დასწავლას, ტექსტის შინაარსის ამოცნობასა და მანქანურ ხედვას.

ხელოვნური ინტელექტი ფაქტობრივად წარმოადგენს ციფრულ კომპიუტერს ან კომპიუტერის მიერ კონტროლირებად რობოტს, რომელიც ისეთ ამოცანებს ასრულებს, რომლებიც ადრე მხოლოდ მოაზროვნე არსებებთან ასოცირდებოდა.

დედამიწაზე ათასობით ენის არსებობის გამო, ტერმინი „ხელოვნური ინტელექტი“ ამ ენებზე განსხვავებულად ჟღერს: Künstliche Intelligenz (გერმანულად), intelligence artificielle (ფრანგულად), kunstig intelligens (ნორვეგ.), inteligência artificial (პორტუგალ.), искусственный интеллект (რუსულად), sztuczna inteligencja (პოლონ.), штучны інтэлект (ბელარუს.), штучний інтелект (უკრაინ.), вештачка интелигенција (სერბულად), mesterséges intelligencia (უნგრულ.), yapay zeka (თურქ.), süni intellekt (აზერბაიჯ.), արհեստական բանականություն (სომხურ.), мағзи маслуӣ (ტაჯიკ.), sun’iy intellekt (უზბეკურად).

მიუხედავად ლინგვისტური სიმრავლისა და მრავალფეროვნებისა, ჯერჯერობით ყველაზე ხშირად, ხელოვნური ინტელექტის აღნიშვნისას, ინგლისურ ენაზე დამკვიდრებულ ტერმინს, Artificial intelligence, ან მის აბრევიატურას – AI-ს – იყენებენ და ცდილობენ, სხვადასხვა ენაზე შეიმუშაონ მისი შინაარსის ისეთი განმარტება, რომელიც გასაგები და მისაღები იქნებოდა ყველა ერისა და კულტურის წარმომადგენლისთვის.

გლობალური მასშტაბის საერთაშორისო ორგანიზაციების OECD (ეკონომიკური თანამშრომლობისა და კოოპერაციის ორგანიზაცია – შედგება მსოფლიოს 37 ეკონომიკურად განვითარებული, საბაზრო ურთიერთობებზე დამყარებული, დემოკრატიული ქვეყნისგან, Organization for Economic Cooperation and Development, ლ.ა.) და UNCTAD-ის (გაეროს კონფერენცია ვაჭრობისა და განვითარების საკითხებზე, ლ.ა.) მიხედვით, ხელოვნური ინტელექტი (AI) განისაზღვრება, როგორც „მანქანებისა და სისტემების შესაძლებლობა, მიიღონ და გამოიყენონ ცოდნა და იმოქმედონ გონიერების შესაბამისი წესებით“.

ტერმინი AI ხშირად გამოიყენება ისეთი პროექტების აღსანიშნავადაც, რომლებიც მიმართულია ადამიანისთვის დამახასიათებელი გონებრივი და ინტელექტუალური აქტივობებისა და პროცესების (როგორებიცაა – განსჯა, აზროვნება, აწონ-დაწონვა, შედარება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა, მნიშვნელობის კვლევა, განზოგადება, წარსულის გამოცდილების გამოყენება და სხვა) მანქანური მოდელების ან ანალოგების შესაქმნელად. გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც პირველი კომპიუტერული პროგრამა დაიწერა, ადამიანები მიხვდნენ, რომ შესაძლებელია კომპიუტერების პროგრამირების გამოყენება რთული და ძალიან კომპლექსური ამოცანების (მაგ. მათემატიკური თეორემებისა და ამოცანების ამოხსნა, ან ჭადრაკის თამაში) საკმაოდ (ან მეტ-ნაკლებად) წარმატებით გადასაჭრელად.

„მიუხედავად წარმატებებისა და კომპიუტერების მუშაობის სისწრაფეში მიღწეული ტექნოლოგიური წინსვლისა, ჯერჯერობით არ არსებობს პროგრამები, რომლებიც სრულად გაიმეორებდნენ ადამიანის გონების ან ინტელექტის მოქნილობასა და მოხერხებულობას სხვადასხვა სფეროში, ან შეედრებოდნენ ადამიანის გონების ადაპტაციურ თვისებებს ყოველდღიური ცოდნის მიღებაში, სწავლის უნარში ან ცვალებადი და უცნობი ამოცანების გადაჭრაში.

ამავე დროს აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი პროგრამა უკვე ისეთ დონეზე არის წინ წასული, რომ შეუძლია იმუშაოს ადამიანი-ექსპერტებისა და პროფესიონალების დონეზე გარკვეულ სპეციფიკურ სფეროებში. ეს ალბათ, შეიძლება ითქვას, რამდენიმე სპეციფიკურ დარგსა და სფეროზე, სადაც ხელოვნური ინტელექტის მიღწევები შთამბეჭდავია: სამედიცინო დიაგნოსტირება, ძებნის კომპიუტერული პლატფორმები, ხმის ან ხელწერის ამოცნობის პროგრამები და სასაუბრო ბოტები (ე.წ. chatbots – პროგრამირებული რობოტები, ონლაინ სასაუბროდ, ლ.ა.)“, – აღნიშნავს ენციკლოპედია „ბრიტანიკა“.

სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრების განსაზღვრებით, ხელოვნური ინტელექტი შეიძლება დავახასიათოთ როგორც [მანქანის] შესაძლებლობა, ისწავლოს და გამოიყენოს შესაბამისი ტექნიკური არსენალი იმ პრობლემების გადასაჭრელად და მიზნების მისაღწევად, რომლებიც შეესაბამებიან უცნობი, მუდმივად ცვალებადი სამყაროს კონტექსტს. სრულიად წინასწარ პროგრამირებულ საქარხნო რობოტს შეუძლია, იყოს მანევრირებადი, ადაპტირებადი ცვლადი გარემოებების მიმართ, ზუსტი და თანმიმდევრული, მაგრამ არა გონიერი.

საკუთრივ, ტერმინი და მისი შინაარსი, პირველად გამოიყენა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა – ემერიტუსმა, ჯონ მაკკარტიმ, 1955 წელს და ის ასე განმარტა, რომ ეს არის – „მეცნიერება და საინჟინრო ხელოვნება გონიერი მანქანების დასამზადებლად“. ადამიანებმა უამრავი კვლევა და მეთოდი შეიმუშავეს მანქანების ისე დასაპროგრამებლად, რომ მას [მანქანას] საშუალება მისცემოდა მოქცეულიყო ჭკვიანურად და რაციონალურად, მაგ. ჭადრაკის თამაშისას, მაგრამ დღეს, ჩვენ უკვე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ უკვე გვყავს მანქანები, რომლებსაც გარკვეულწილად, შეუძლიათ ისევე ისწავლონ, როგორც ადამიანმა.

გლობალური ტექნოლოგიების გიგანტი, სავაჭრო და ტექნოლოგიური პლატფორმა, Amazon.com, თავისი ოპერაციების დიდ ნაწილს მანქანური სწავლების მიმართულებით ახორციელებს. „ამაზონის“ აზრით, ხელოვნური ინტელექტის“ განსაზღვრა ასე შეიძლება: „AI არის კომპიუტერული მეცნიერების დარგი, რომელიც მიმართულია კოგნიტიური პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც საზოგადოდ, ადამიანის ინტელექტთან არიან ასოცირებულნი და მოიცავს (და)სწავლას, პრობლემების გადაჭრასა და სტრუქტურების, კონფიგურაციებისა და სხვადასხვა სახის მოდელების – შაბლონების, ტრაფარეტების, მოდელების, ნიმუშების (ე.წ. „პატერნების“) ამოცნობას“. „მანქანური სწავლების (ტერმინი Machine learning) გარეშე, amazon.com ვერ გაზრდიდა თავის ბიზნესს, ვერ დახვეწდა ცოდნას მომხმარებლის გამოცდილებასა და შერჩევაზე, და ვერ შეძლებდა მისი ლოგისტიკის სიჩქარისა და ხარისხის ოპტიმიზაციას”, – ამბობს „ამაზონი“.

სახელგანთქმული ამერიკელი ინტელექტუალი, პროფესორი ნოამ ჩომსკი (Dr. Avram Noam Chomsky – ლინგვისტი, პოლიტიკური პუბლიცისტი და ფილოსოფოსი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ლინგვისტიკის პროფესორი; ფორმალური ენების კლასიფიკაციის ავტორი, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი თანამედროვე კოგნიტიური მეცნიერებების განვითარებაში. ცნობილია თავისი რადიკალური მემარცხენე შეხედულებებით და აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მკვეთრი კრიტიკით) ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე გვეუბნება: „მოსაუბრე „ჩატ-ბოტის“ (Generative Pre-trained Transformer ChatGPT) გამოჩენამ, ადამიანების დიდი ყურადღება მიიპყრო მთელ მსოფლიოში… აქვე დავძენ, რომ ადამიანის გონება არაფრით არ წარმოადგენს ChatGPT-ის ან მისი ანალოგების მსგავს მოუქნელ, სტატიკურ მექანიზმს, რომელიც ერთმანეთს ადარებს და მოიხმარს ინფორმაციის ასობით ტერაბაიტს და ექსტრაპოლირებს სასაუბრო პასუხის ყველაზე შესაძლებელ (ალბათობით) ვარიანტს, ან ექსტრაპოლირებს ყველაზე შესაძლებელ პასუხს რომელიმე სამეცნიერო შეკითხვაზე“.

ჩომსკის აზრით, „დღევანდელი, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების თითქოს „რევოლუციური“ მიღწევები ადამიანებში იწვევს ოპტიმიზმსაც და შეშფოთებასაც. ოპტიმიზმს იმის გამო, რომ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შეგვიძლია პრობლემების გადაწყვეტა; ხოლო შფოთს იმიტომ, რომ ხელოვნური ინტელექტის ყველაზე მოდურ მიმართულებას – სამანქანო სწავლებას (ML) – შეუძლია დააზიანოს ჩვენი მეცნიერება, დააზიანოს არსებული ეთიკა (მათ შორის სამეცნიერო ეთიკაც), რადგან ხელოვნური ინტელექტი ენისა და ცოდნის საფუძველშივე იყენებს არასწორ კონცეფციებს“. ჩომსკი აგრძელებს: „ChatGPT-OpenAI, Bard-Google და Sydney-Microsoft მანქანური სწავლების შესანიშნავი მაგალითები არიან. თუ უხეშად ვიტყვით, ისინი სერვერებიდან იღებენ მონაცემების უზარმაზარ მოცულობებს, ეძებენ მათში კანონზომიერებებს და იძენენ გამოცდილებას სტატისტიკურად შესაძლებელი შედეგების შესახებ, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა, ადამიანის ენა და აზროვნება. ამ პროგრამებს უკვე უწოდეს საყოველთაო, „ზოგადი ხელოვნური ინტელექტის“ (AGI – artificial general intelligence) ჰორიზონტზე გამოჩენილი პირველი ნიშნები. ზოგიერთის აზრით, AGI ისეთი სისტემა იქნება, რომელიც გადააჭარბებს ადამიანის გონებას/ტვინს არა მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებლებით (ინფორმაციის გადამუშავების სისწრაფე და მოცულობა), არამედ თვისობრივადაც და აჯობებს ადამიანს ინტელექტით, შემოქმედებითა და სხვა თვისებებით. „როგორი სასარგებლოებიც არ უნდა იყვნენ ეს პროგრამები, საქმიანობის რომელიმე შეზღუდულ სფეროში (მაგალითად, მარტივი ლექსებისთვის რითმის შეთავაზება და გენერირება), ლინგვისტიკიდან და ფილოსოფიიდან ვიცით, რამდენად შორს იმყოფებიან ეს [მანქანები] იმისგან, თუ როგორ ფიქრობენ და ურთიერთობენ ადამიანები. ეს განსხვავებები, მნიშვნელოვან დაღს ასვამენ ამ პროგრამების შესაძლებლობებს“.

ChatGPT-ჩატბოტი (ონლაინმოსაუბრე რობოტი) ონლაინსცენაზე პირველად 2022 წლის ნოემბერში გამოვიდა. OpenAI-ის ვებსაიტის მიხედვით, „ჩატბოტის მიერ შემოთავაზებული საუბრის ღია ფორმატი შესაძლებელს ხდის, რომ [მანქანამ] უპასუხოს და გაჰყვეს დასმულ შეკითხვებს, აღიაროს დაშვებული შეცდომები, იკამათოს არასწორ განმარტებებზე ან დებულებებზე და უარყოს შეუსაბამო მოთხოვნები“. მოდელს ასევე აქვს რამდენიმე სერიოზული შეზღუდვაც (ლიმიტი), რომლებიც აღნიშნულია OpenAI-ის ვებსაიტ-ზე.

(პირველი ნაწილის დასასრული)

 

მასალა მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

 

 

არაფორმალური განათლება – ერთი პროექტის მაგალითზე

0

რა არის არაფორმალური განათლება?

ენციკლოპედიურ ლექსიკონში  არაფორმალური განათლება სამგვარადაა განმარტებული:

  1. მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება, რომლის დროსაც პიროვნებას არსებული რესურსებისა და ყოველდღიური გამოცდილების შედეგად (ოჯახი, მეზობლები, ბაზარი, ბიბლიოთეკა, მასმედია, სამსახური, თამაშები და ა.შ.) უყალიბდება დამოკიდებულებები, ფასეულობები, უნარ-ჩვევები და ცოდნა.
  2. ინდივიდუალური და სოციალური განათლების ნებისმიერი დაგეგმილი პროგრამა, რომელიც არ არის ოფიციალური სასწავლო პროგრამების ნაწილი და რომელიც მიზნად ისახავს ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას.
  3. პროფესიული განათლება, გარდა პროფესიული უმაღლესი განათლებისა, რომელიც პირმა მიიღო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან დამოუკიდებლად ან არააკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად.

მაშასადამე  არაფორმალური განათლება გამოიყენება ფორმალური, ეროვნული სასწავლო გეგმის მიღმა არსებული განათლებისათვის, რომლის ამოცანაც

მოსწავლის  სხვადასხვა მიმართულებით განვითარება და მათთვის 21 საუკუნისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაა.

დღევანდელი სკოლა და მასწავლებელი ვალდებულია იზრუნოს, მოსწავლეს განუვითაროს კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობის, საკითხის გაგება-გააზრების, პრობლემის იდენტიფიკაციისა და მოგვარების თანამშრომლობისა   და სხვა უმნიშვნელოვანესი უნარები.

სწავლების ამგვარ ხერხს ადრეც ხშირად მივმართავდი. 2016 წლიდან მე და ჩემი მოსწავლეები ჩართული ვართ eTwinning-ის პროგრამაში, ამავე წელს გავხდი და დღემდე მაქვს მაიკროსოფტის ექსპერტ ტრენერის სტატუსი (Microsoft Innovative Educator Expert). სწორედ ამან შემიწყო ხელი მცოდნოდა გაცილებით მეტი არაფორმალურ გნათლებასა და მის სიკეთეზე. ამ დროიდან დღემდე ჩემს მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე და ვახორციელებ  ბევრ პროექტს.  ზოგი  ინიცირებული იყო, ზოგთან ვთანამშრომლობდი. ძირითადად ევროპელ კოლეგებთან ერთად ვგეგმავდი და ვახორციელებდი საინტერესო თემატიკის პროექტებს.

მინდა, წარმოგიდგინოთ,  როგორ შეიძლება, ჩვენი მუშაობა უფრო საინტერესო და სახალისო გავხადოთ, დავაინტერესოთ და „მოვხიბლოთ“ მოსწავლეები და ასე ცნობიერებაც ავუმაღლოთ რიგ საკითხებში და საჭირო უნარებიც გამოვუმუშაოთ.

eTwinning“-ი მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომას ეყრდნობა და ხელს უწყობს მოსწავლეებში 21-ე საუკუნისათვის საჭირო უნარების განვითარებას.

დღეს უმნიშვნელოვანესი საკითხია მედიაწიგნიერება და დეზინფორმაცია. რადგან ბევრი ჩვერნგანი ერთხელ მაინც გამხდარა დეზინფორმაციის მსხვერპლი, არც ინტერნეტის უსაფრთხოებაზე დავფიქრებულვართ დიდად, გადავწყვიტე, ჩემი მოსწავლეების ცნობიერების ამაღლიბის მიზნით, განმეხორციელებინა პროექტი „მედიაწიგნიერება და დეზინფორმაცია (ციფრული წიგნიერება და დეზინფორმაცია)“  („Media literacy and disinformation ( digital literacy and disinformation“)მოვიწვიე უცხოელი კოლეგები. პროექტში ჩაერთო 15 პედაგოგი სხვადასხვა ქვეყნიდან:

თურქეთი(7), საქართველო(3), ხორვატია(2), ლატვია(1), რუმინეთი(1), საბერძნეთი(1)

მოსწავლეთა ასაკის იყო 11-16. საგნები: ტექნოლოგია, სოციალური კვლევები / ლიტერატურა. სოციოლოგია, მედია განათლება, ისტორია, გეოგრაფია, უცხო ენები, გარემოსდაცვითი განათლება, მოქალაქეობა.

პროექტის მიზანი იყო:  მოსწავლეებს შეძლებოდათ  მედიაწიგნიერების არსში გარკვევა, მაგალითებზე დაყრდნობით ჩასწვდომოდნენ  მის ტიპებს, ყალბი ამბების ამოცნობა მარტივად შეძლებოდათ. აემაღლებინათ საკუთარი და სხვისი ცნობიერება საკითხთან დაკავშირებით; მიეღოთ  ახალი ცოდნა (და არა მხოლოდ) Web 2 ინსტრუმენტების გამოყენებით. განევითარებინათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები; გამოიმუშავებდნენ  პასუხისმგებლობის გრძნობას, ისწავლიდნენ გუნდურ, თანამშრომლობით მუშაობას  და გახდებოდნენ  უფრო თავდაჯერებულები. გარდა ამისა,  დაუმეგობრდებოდნენ  უცხოელ თანატოლებს. უკეთ დაეუფლებოდნენ უცხოურ  ენას (პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისით).

გავწერეთ საინტერესო აქტივობები, რომელიც ეტაპობრივად უნდა შეგვესრულებინა.

ნებისმიერი პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა მშობლებისგან აღებული ნებართვა, რომლის თანახმადაც უფლება გვაქვს მოსწავლეების სურათებისა და  ვიდეოების გამოქვეყნება  ჩვენს eTwinning პროფილზე, TwinSpace-ში, ჯგუფებში და ა.შ. eTwinning-ი  სერიოზულად ეკიდება მოსწავლეთა კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას. ამ ნებართვის ასლები ჩავაშენეთ ჩვენი პროექტის შესაბამის გვერდზე.

თავიდანვე გავწერეთ პროექტის ქცევის წესები, რომელიც საერთო იყო მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის. მაგალითად: ინტელექტუალური საკუთრება –  უნდა დავრწმუნდეთ, რომ კონტენტი, რომელსაც ავტვირთავთ პლატფორმაზე, არ არღვევს საავტორო უფლებას. სურათების, ვიდეოების, დოკუმენტების ან სხვა რესურსების გაზიარებამდე დავრწმუნდეთ, რომ გაქვთ ამის უფლება. არანაირი პირდაპირი ან ირიბი მუქარა, ბულინგი, შევიწროება.

იმისათვის, რომ მივიღოთ ადგილობრივი თუ ევროპის ხარისხის ნიშანი ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა პროექტის კურიკულუმთან კავშირი. შესაბამის გვერდზე ყველა მასწავლებელმა შეასრულა ეს დავალება.

ცალ-ცალკე გვერდი დაეთმო მოსწავლეებისა და მასწავლებლების წარდგენას, რათა გაგვეცნო ერთმანეთი. ამავე მიზნით წარვადგინეთ საკუთარი სკოლა და ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობთ.

შემდეგი ეტაპი იყო ლოგოს კონკურსი. ყველა პროექტს სჭირდება თავისი ლოგო და თითოეულმა ჩართულმა სკოლამ წარმოადგინა ერთი, შიდა კონკურსის შედეგად გამარჯვებული ლოგო, რომელთა შორის მოსწავლეებს საუკეთესო უნდა შეერჩიათ. კონკურსის მთავარი პირობა  იყო პროექტის სათაურისა და თემატიკის შესაბამისი ლოგოს გამორჩევა.

პროექტის წევრები რეგულარულად ვხვდებოდით ერთმანეთს ZOOM-ის პლატფორმაზე, საკონტაქტოდ ვიყენებდით WhatsApp-ს და Facebook-ში შექმნილ ჯგუფს. თითოეული წევრის  შესაძლებლობის გათვალისწინებით  გადავანაწილეთ დავალებები და იმ კონკრეტულ აქტივობას ჰყავდა ერთი ან ორი პასუხისმგებელი პირი.

იმისათვის, რომ ყველა მასწავლებელი აქტიურად ყოფილიყო ჩართული და არ გამორჩენოდა  რომელიმე აქტივობა, ჩავატარეთ შუალედური და საბოლოო მონიტორინგი.

პროექტის ფარგლებში გვყავდა მოწვეული სტუმრები, ვატარებდით გამოკითხვებს მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის, ჩავატარეთ ესეების, ნახატების კონკურსები.

აქტივობები იყო თემატიკის შესაბამისი. შევქმენით ბუკლეტები, ელექტრონული წიგნები. გვქონდა შეხვედრები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან, მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით ვურიგებდით ბუკლეტებს (ყოველივე ამან დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში).

მეტი ხალისისთვის, ინტერესისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, რადგან პროექტი დაიწყო ნოემბერში და გაგრძელდა ივნისამდე, ცალკე აქტივობები მივუძღვენით საახალწლო მილოცვას, ერთმანეთს გვუგზავნეთ მისალოცი ბარათები, აღვნიშნეთ დედამიწისა (22 აპრილი) და  eTwinning-ის (9 მაისი) საერთაშორისო დღეები (ხანდახან პროექტის თავდაპირველი გეგმის მოდიფიცირებაც გვიწევს ან შეგვაქვს დამატებითი აქტივობები. ეს უფრო საინტერესოს ხდის ჩვენს პროექტს).

პროექტის საბოლოო პროდუქტი იყო ბლოგი, რომელიც მოიცავდა პროექტის ყველა აქტივობის თეორიულ და ვიზუალურ მასალას, რომელიც, დაინტერესებისა და საჭიროების შემთხვევაში,  დაეხმარება ჩემს კოლეგებს და არა მხოლოდ.

პროექტის დასასრულს, ჩვენი ბლოგი წარვუდგინეთ სასკოლო საზოგადოებას და განვათავსეთ სკოლის გვერდზე.

თუ ევროპაში, თავდაპირველად, არაფორმალური განათლება აღიქმებოდა ინოვაციად, დღეს ის ჩვენი ყოველდღიურობაა, რაც განაპირობა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებამ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, დაძლიოთ სივრცე და დრო და ჩვენმა მოსწავლეებმა  მიიღონ იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ოდესმე მიუღიათ.

 

ყველაფერი ჟურნალ „National Geographic“-ის შესახებ

0

იმ დროს, როცა   ახალი ამბები  ზებგერითი სიჩქარით არ ვრცელდებოდა ინტერნეტ სივრცეში, და არც თუ ისე დიდი ხსნის წინ იყო ასეთი დრო, ცოდნის ძირითად წყაროს  ბეჭდვითი გამოცემები წარმოადგენდა.

თითოეული გაზეთი თუ ჟურნალი  საკუთარ მიმართულებას –  პოლიტიკას, სამეცნიერო აღმოჩენებს,  მოდას და სხვ. ირჩევდა.  თავისი ნიშა   ჟურნალმა „National Geographic“-მაც მოძებნა და დაიკავა,  რომელიც  აგერ  უკვე 135  წელია  თავის მკითხველს საინტერესო ფაქტებს უზიარებს  ბუნების, გეოგრაფიის,  ისტორიის, კულტურისა და მეცნიერების შესახებ.

ეს ამბავი კი სრულიად სხვანაირად  დაიწყო.   ჟურნალ  „National Geographic“-ის დაარსება არა ამბიციურ  რედაქტორებსა და  ფოტოგადაღებების მოყვარულებს უკავშირდება, არამედ აშშ-ს ეროვნულ გეოგრაფიულ საზოგადოებას, რომელიც 1888 წლის 27 იანვარს ვაშინგტონში, თეთრ სახლთან  ახლოს, ლაფაიეტის მოედანზე   დაარსდა.

არაკომერციული ორგანიზაციის დამფუძნებლებს შორის იყვნენ მეცნიერები და მკვლევრები (სულ 33 ადამიანი), რომლებიც ამერიკულ ელიტას წარმოადგენდნენ და რომელთა ძირითადი მიზანი და ამოცანა გეოგრაფიული ცოდნის გავრცელება და  პოპულარიზაცია იყო.  მათ შორის იყო  გარდინერ გრინი ჰაბარდი, რომელიც  საზოგადოების საპატიო პრეზიდენტის პოსტზე დაინიშნა.  1888 წლის სექტემბერში ჟურნალის პირველ ნომერს, რომელიც თხელ ყავისფერყდიან გამოცემას წარმოადგენდა,  მხოლოდ 217  გამომწერი ჰყავდა.

ჟურნალ  „National Geographic“-ის დამაარსებელი და პირველი ნომერი

შემდეგი შვიდი წლის განმავლობაში  ჟურნალი პრაქტიკულად  მთლიანად გაკოტრდა და გეოგრაფიის პოპულარიზაციის იდეა კიდევ დიდხანს დარჩებოდა აუხდენელ  ოცნებად, რომ არა ერთი ფოტორეპორტაჟი.

1905 წელს,  „National Geographic“-მა, რომელსაც არც თუ ისე კარგი დღეები ედგა, გადაწყვიტა  გამოექვეყნებინა ფოტორეპორტაჟი ლხასაზე (ტიბეტი), მაგრამ   მასალის საყიდელი და, მით უფრო, საკუთარი ექსპედიციის ორგანიზების  სახსრები ჟურნალს არ ჰქონდა.  ჟურნალს ტიბეტის ფოტოები ორმა  მოგზაურმა უსასყიდლოდ გადასცა.

იმ პერიოდში ტიბეტში შესვლა უცხოელებისთვის მკაცრად აკრძალული იყო და  ამ კანონის დამრღვევებს შესაძლოა  ეს სიცოცხლის ფასადაც კი დასჯდომოდათ, მაგრამ  ყალმუხელმა ობშე ნორზუნოვმა და ბურიატელმა გომბოჯაბ ციბიკოვმა, რომლებმაც თავი ბუდისტ  მომლოცველებად  „გაასაღეს“,  ცენტრალურ ტიბეტში  შეღწევა მოახერხეს და რამდენიმე ფოტოც გადაიღეს.  შემდგომში ეს ფოტოები  რუსეთსა და საფრანგეთში გამოქვეყნდა და ყველგან მკითხველის  უზარმაზარ ინტერესს  იწვევდა.

მართალია,  „National Geographic“-მა  სხვა გაზეთების მიერ უკვე გამოქვეყნებული ფოტოები გამოიყენა, მაგრამ მათ ეს  საკუთარი უნიკალური მანერით შეასრულეს:  ფოტოები  მთელ  განშლაზე იყო განთავსებული, ხოლო სიუჟეტს დამატებული ჰქონდა მცირე კომენტარები. შემდგომში  ეს სტილი მრავალი წლის განმავლობაში  ჟურნალის  სავიზიტო ბარათად იქცა –  ფოტორეპორტაჟები გეოგრაფიის, ბუნების, მეცნიერების შესახებ.

ფოტოინფორმაცია  ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ჟანრია  ფოტოჟურნალისტიკაში. ამის მიზეზი მარტივი და გასაგებია – კორესპონდენტი ვალდებულია  დააფიქსიროს მიმდინარე მოვლენები. ფოტოინფორმაციული ჟანრისგან განსხვავებით „National Geographic“-ი  თავისი თანამშრომლებისგან არ მოითხოვს  „ფიქსაციას“.  მათი სამუშაო უფრო რთული და ჩახლართულია:  თემების შესახებ ხანგრძლივი სერიოზული შემოქმედებითი კვლევებია საჭირო.   თუ ფოტოილუსტრაციას არა აქვს რაიმე მხატვრული  საწყისი,  მას „National Geographic“-ში არ აქვეყნებენ.

ჟურნალ „National Geographic“-ში გამოქვეყნებული ზოგიერთი ფოტო

 

ფოტორეპორტაჟში პრაქტიკულად მთლიანად  უარყოფილია  თანმხლები ტექსტი, ამიტომ ეს ჟანრი  თანამედროვე ჟურნალისტიკაში არც თუ ისე  ხშირად გამოიყენება. საკმაოდ რთულია, ისე წარმოადგინო  გამოსახულების გალერეა, რომ მკითხველისთვის უსიტყვოდ იყოს  ყველაფერი გასაგები.

რეპორტაჟმა ტიბეტის შესახებ ჟურნალი გაკოტრებას გადაარჩინა, არადა  ეს  მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. მოგვიანებით  ალმანახის  ფურცლებზე   უამრავი უნიკალური ფოტო გამოქვეყნდა. მათ შორის მთვარეზე  ასტრონავტების „აპოლონ 12“-ისა და  იმ წყალქვეშა ექსპედიციების დროს გადაღებული   ფოტოები, რომლებიც თავად გამოცემის მიერ იყო ორგანიზებული.  ასევე  „ტიტანიკის“  ნამსხვრევების,  იშვიათი ცხოველების, მცენარეების, პეიზაჟების და სხვა ფოტოსურათები.

მიუხედავად იმისა, რომ „National Geographic”-ის ისტორია  მარტივი არ ყოფილა, ის დღესაც  ძველებურად  პოპულარულია, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი  სამეცნიერო გამოცემაა და მისი სავიზიტო ბარათი  კვლავაც მაღალი ხარისხის უნიკალური ფოტოებია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ჟურნალი მილიონობით ეგზემპლარად გამოდის თითქმის 40 ენაზე, 100-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება და მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 100 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.

„National Geographic“-ი  ქართულ ენაზე 2012 წლიდან გამოდის და  ჟურნალს პირველივე დღიდან აღებული აქვს განათლებისა და ცოდნის გავრცელების პასუხისმგებლობა.  იგი ავრცელებს და ხელმისაწვდომს ხდის მსოფლიოში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური მოვლენის შესახებ სანდო ინფორმაციას ქართულ ენაზე.

ჟურნალის ძირითადი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნებისმიერი საბუნებისმეტყველო, გეოგრაფიული, ისტორიული თუ სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების, აგრეთვე ტექნოლოგიების სფეროებში.  “National Geographic-ი  საქართველო” უმაღლესი დონის ფოტოგრაფიის თანხლებით სახალისოდ მოგვითხრობს ძალიან საინტერესო ამბებს ისეთი სფეროებიდან როგორიცაა, ისტორია, არქეოლოგია, ანთროპოლოგია, ეთნოგრაფია, რელიგიათმცოდნეობა, ახალი ტექნოლოგიები, მედიცინა, ბიოლოგია, ფიზიკა, ასტრონომია და  ასტროფიზიკა, გეოგრაფია, მეტეოროლოგია და კლიმატოლოგია, გეოლოგია, ველური ბუნება და არქიტექტურა. ჟურნალის მიერ გაშუქებულ ყველა თემას „ზურგს უმაგრებს“ აკადემიური ცოდნა.

კომპანია „სილქნეტის“ ინიციატივით ჟურნალი უსასყიდლოდ გადაეცემა სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებს, საგანმანათლებლო პროექტების მონაწილეებს, პენიტენციარულ სისტემას, ოკუპირებულ ზოლთან ახლომდებარე სასწავლებლებს და სხვ.

 

გამოყენებული ლიტერატურა“

https://www.nationalgeographic.com/

 https://www.nationalgeographic.com/magazine/

 https://nationalgeographic.ge/

არ უნდა გაბრაზდე, რადგან უკვე დიდი ხარ

0

როდესაც კლასში პირველად შევდივარ, მოსწავლეებს კითხვებს ვუსვამ და უფლებას ვაძლევ, მსგავსი კითხვები მეც დამისვან. თავდაპირველად კითხვები მარტივია, მაგალითად, საყვარელ ფერზე, წიგნზე, მოგონებაზე და ა.შ. ეს მათზე მცირე წარმოდგენის შექმნაში მეხმარება. ოღონდ არა იმის მიხედვით, რას დაასახელებენ, არამედ იმის მიხედვით, როგორ გასცემენ ჩემს კითხვას პასუხს. ზოგს უნდა, პირველმა თქვას ყველაფერი, ზოგს დაფიქრება სჭირდება, ზოგი მორცხვობს, ზოგიც ეჭვით გიყურებს და პასუხის გაცემაზე საერთოდ არ ფიქრობს. ასაკის მატებასთან ერთად სკეპტიკური გამომეტყველება უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. რასაკვირველია, პირველკლასელის გულის მოგება უფრო ადვილია, ვიდრე, პირობითად, მეშვიდეკლასელისა, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ თავიდანვე უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე: მოსწავლეებს, ყველაზე პატარებსაც კი, თავიანთი ხასიათი, პიროვნება და სიამაყე აქვთ. სწორედ ამიტომ უნდა ვესაუბროთ მათ როგორც თანასწორებს და არ გვეწყინოს, თუ შემთხვევით (ან არც ისე შემთხვევით) გამოხატეს, რომ არ მოვწონვართ.

ბავშვები გულწრფელები არიან. ადამიანებს ხშირად ერთმანეთი არ მოგვწონს. ეს ბუნებრივია. ამას საყვარელი წიგნის თემას შევადარებდი. ჩემთვის საყვარელი წიგნი ვიღაცამ შუა გზაზე მიატოვა, ან წაიკითხა, ახლა კი დგას და ილანძღება – ეს რა იყოო. ადამიანებთან ურთიერთობაშიც იგივე პრინციპი მოქმედებს: ის, ვინც მე ძალიან მომწონს, სხვას გულზე სულაც არ ეხატება. ვთქვათ, ვხვდები ახალ თანამშრომელს, ვიწყებ მასთან ურთიერთობას და უცებ აღმოვაჩენ, რომ მასთან უფრო მეტი საერთო მაქვს, ვიდრე ძველთან. ეს არ მიკვირს, რადგან დიდი ვარ და ვხვდები, რომ ადამიანური კავშირები ჩვენი პიროვნების, შესაბამისად, ინტერესების, შეხედულებებისა და გატაცებების თავსებადობით მყარდება. რასაკვირველია, მე დიდი ვარ და ჩემს ძველ თანამშრომელს არ ვეუბნები, შენ ისე კარგად ვერ გეწყობი, როგორც ამ ახალს-მეთქი. ჩვენი არათავსებადობა არც გუნდურ სამუშაოსა და ურთიერთპატივისცემაზე მოქმედებს. თუკი ვეტყვი ან თუკი იმოქმედებს, ე.ი. ბავშვობაში კარგად არ უსწავლებიათ და არ გამოუმუშავებინებიათ ცხოვრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ – თანამშრომლობის უნარი.

რაკი ბავშვები ძალიან გულწრფელები არიან, ზოგჯერ ზედმეტადაც კი, შეიძლება გაგრძნობინონ, რომ მაინცდამაინც არ მოსწონთ შენი „ვაიბი“, თუმცა ჩვენ დიდები იმისთვის ვართ, რომ ამის გამო მათზე კი არ გავბრაზდეთ, არამედ ვასწავლოთ, რომ, ჰო, არა უშავს, ცხოვრების მანძილზე უამრავი ადამიანი შეხვდებათ, რომელიც მათი ფავორიტი ვერ გახდება, თუმცა მათთან თანამშრომლობა მაინც უნდა შეძლონ. ასეთი ადამიანები ყველგან იქნებიან: სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც, სამსახურშიც და სანათესაოშიც კი. ამავე დროს, აუცილებელია, მოსწავლე მივახვედროთ, რომ თავადაც შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვისი „ვაიბიც“ არ მოსწონთ, თუმცა, ისევ და ისევ, ამან ხელი არ უნდა შეუშალოს თანამშრომლობით ურთიერთობაში, თუკი ეს საქმეს სჭირდება. ყველა ჩვენი საუკეთესო მეგობარი ვერ გახდება და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მტრები არიან.

მეორე მხრივ, რასაკვირველია, ძნელია, როცა კლასში გულანთებული შედიხარ და უცებ გრძნობ, რომ ვიღაცაზე ამან არ იმოქმედა. თუმცა შენ დიდი ხარ და უნდა მიხვდე, რომ ეს არაფერია, ამის გამო მოსწავლეზე არ უნდა განაწყენდე. მის განწყობას უფლება არ უნდა მისცე, შენზე იმოქმედოს და გაიძულოს, სხვებისგან გამოარჩიო, აითვალწუნო, ქულებით მანიპულაციას მიმართო – ასე უფრო მეტად შეიყვან ჩიხში თქვენს ურთიერთობას. ნაცვლად ამისა, უნდა სცადო და საერთო ენა გამონახო მასთან. შესაძლოა, ეს არ იქცეს დიდ სიყვარულად და შენ მაინც ვერ გახდე მისი საყვარელი მასწავლებელი, მაგრამ მან შენს მაგალითზე უნდა ისწავლოს ასეთ სიტუაციებთან მშვიდად და ცივილიზებულად გამკლავება.

და რა მოხდება, თუ გეშლება? რა მოხდება, თუ გგონია, რომ მოსწავლეს არ მოსწონხარ? გული გწყდება, ბრაზობ, მასთან მკაცრი ხდები? დარწმუნებული ხარ, რომ მას სწორედ შენი ეს განწყობა არ აფრთხობს? იქნებ იმის გამო, რომ თავიდან რაღაც გეგონა, ახლა შენი განწყობით მოქმედებ მასზე და აფიქრებინებ, რომ არაფრის გამო ამოჩემებული გყავს? მით უმეტეს, რომ ეს ბავშვებში ყველაზე გავრცელებული ფიქრია: „მაგ მასწავლებელს ამოჩემებული ვყავარ“. ბავშვი, რომელსაც გგონია, რომ არ მოსწონხარ ან ნამდვილად არ მოსწონხარ, ის ბავშვია, რომელიც მეორე წამს დედას ურეკავს და სთხოვს, ფეხმოტეხილი ყვავი შეიფარონ, ან ის ბავშვია, რომელიც სკოლის ეზოში შემოხეტებულ ლეკვს თავისი ბოთლიდან ასმევს წყალს, ან კიდევ ის, რომელიც შესვენებაზე პირველკლასელ დას აკითხავს, კიდევ ხომ არ ტირისო, რომელიც უამრავ სხვა რამეს აკეთებს, რომელიც უბრალოდ შენ თვალწინ არ ხდება.

„და საერთოდაც, მოსწავლესთან ბრძოლა არ უნდა წამოიწყო, რადგან ის თოთხმეტი წლისაა, შენ კი ოცდათოთხმეტის“, – წერია თამარ გეგეშიძის წიგნში „ჩუმად უნდა იჯდე“. ჰოდა, სიმართლეა, მოსწავლესთან ომი არ უნდა წამოიწყო, რადგან შენ ოცდარაღაცის ხარ, ან ორმოცდარაღაცის, იქნებ სამოცდარაღაცისაც, ის კი ჯერ თვრამეტისაც არ გამხდარა. უბრალოდ, დაანახე მას, რომ, მიუხედავად სხვადასხვა „ვაიბისა“, შენ კარგი ადამიანი ხარ და მის პატივისცემას იმსახურებ, რადგან, პირველ რიგში, პატივს სცემ მას.

ადამიანები ხშირად ცდებიან. მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც. რაღაც კარგი კი ყველაშია. შენ ამას უნდა მიხვდე და არ უნდა გაბრაზდე, რადგან უკვე დიდი ხარ.

 

 

ერიკ ვუიარის „დღის წესრიგი“ – რა ვისწავლეთ?  

0

პატარა წიგნია. გულდასაწყვეტად პატარა. როგორი გამოზოგვითაც უნდა იკითხო, ორ დღეზე მეტს ვერ მოანდომებ. იმის იმედად უნდა იყო, რომ ხანი გამოხდება და თავიდან დაიწყებ, თავიდან გაბრაზდები ადამიანთა ბრიყვულ სიბრმავესა თუ სამარცხვინო ანგარიშიანობაზე. ძველი შეცდომების დათვლასაც ყოველთვის მოეძებნება გამართლება, მით უფრო, თუ ამას კარგი მწერალი აკეთებს, საკუთარი ამოცანის ბოლომდე გაცნობიერებითა და იმ იმედით, რომ მკითხველი დასანახს დაინახავს, გაჰყვება, სხვასაც გაიყოლებს.

2017 წლის ოქტომბერში, როცა ევროპაში ახალი ომი წარმოუდგენლად გვესახებოდა, ფრანგი მწერლის ერიკ ვუიარის „დღის წესრიგმა“ გონკურის პრემია მიიღო. წიგნში აღწერილი ამბები, 1933 წლისა თუ 1938-ის, შორეულად მოჩანდა – მეორე მსოფლიო ომის წინ ავბედითად გარინდებული ევროპის ქვეყნები, მანიპულატორთა უხვსიტყვაობა და სხვადასხვაგვარ სარგებელს დახარბებულთა გათვლები… რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ისტორია ხშირად მეორდება, მაგრამ გვერდიდან გვერდზე მაინც მშვიდად გადავდიოდით – რა ხელი უნდა ჰქონოდა დღევანდელობასთან ვენელი ნაცისტების მგზნებარებას, 1938 წლის 12 მარტის საღამოს ჰიტლერის დასახვედრად რომ ემზადებოდნენ?

არც ერიკ ვუიარის ეს სიტყვები ჰგავდა გაფრთხილებას: „ამ ომში ყველაზე გასაოცარი თავხედობის გაუგონარი წარმატებაა. აქ ერთი რამ უნდა დავიმახსოვროთ: მსოფლიომ ბლეფს დაუჯერა. ყველაზე სერიოზულმა, მკაცრმა, ძველი ყაიდის სამყარომ, რომელიც სამართალსა და ამბოხებულ ხალხს არად აგდებდა, ბლეფის წინაშე მოიდრიკა ქედი“. როგორ გახდა შესაძლებელი ასეთი რამ? რამ აიძულა ადამიანები, რომ მოახლოებული კატასტროფის ნიშნებს მეტ-ნაკლები სიმშვიდით შეხვედროდნენ, ზოგჯერ კი ხელიც შეეწყოთ ურჩხულის გაძლიერებისთვის?

წიგნში იმ საიდუმლო შეკრებაზეც აღმოვჩნდებით, რომლის შემდეგაც მსხვილმა მეწარმეებმა ნაცისტური პარტიის საარჩევნო კამპანია დააფინანსეს. გავიდა რამდენიმე წელი და ხელგაშლილობა ერთიათად დაუფასდათ: „ომი სარფიანი საქმე იყო. Bayer-ი მუშახელს მაუთჰაუზენში შოულობდა, BMW – დახაუში, პეპენბურგში, ზაქსენჰაუზენში, ნაცვაილერ-შტრუტჰოფსა და ბუხენვალდში, Daimler-ი – შირმეკში. IG Farben-ს ხალხი აჰყავდა დორა-მიტელბაუში, გროს-როზენში, ზაქსენჰაუზენში, ბუხენვალდში, რავენსბრუკში, დახაუში, მაუთჰაუზენში და გიგანტური ქარხანა ჰქონდა აუშვიცის ბანაკშივე. […] Agfa დახაუდან მარაგდებოდა მუშახელით. Shell-ი – ნოიენგამედან. Schneider-ი – ბუხენვალდიდან. Telefunken-ი – გროს-როზენიდან. Siemens-ი – ბუხენვალდიდან, ფლოსენბურგიდან, ნოიენგამედან, რავენსბრუკიდან, ზაქსენჰაუზენიდან, გროს-როზენიდან და აუშვიციდან. ყველა დაეშურა უფასო მუშახელს“.

მძიმეა. თვალი მეურჩება, მაგრამ მაინც ვაიძულებ, რომ გაჩერდეს, შეეჩვიოს.

ანშლუსის ისტორიასაც, წესით, რაღაც უნდა ესწავლებინა. ვკითხულობ 1938 წლის მარტის დღეების ქრონიკას და შარშანდელი, შარშანწინდელი ამბები მახსენდება. ცხადია, სხვა დროა და ევროპის ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც სხვაგვარია, მაგრამ მაინც მაქვს საფრთხის სიახლოვის განცდა – მაშინაც ხომ იყვნენ გონიერი ადამიანები, სურათის მკაფიოდ დანახვა რომ შეეძლოთ, წარსულის გაკვეთილები რომ ესწავლათ და სწორი დასკვნებიც გამოეტანათ, თუმცა საბოლოოდ ვერაფერს გახდნენ.

12 მარტის ღამეს ვენელი ნაცისტები ჩირაღდნებიანი მსვლელობის მოწყობას აპირებდნენ, გერმანელების ჩამოსვლას მოუთმენლად ელოდნენ, ისინი კი, რატომღაც, იგვიანებდნენ. მერე სამი ჯარისკაცი გამოჩნდა, რომლებსაც არმიის დასაბანაკებელ ადგილზე უნდა ეზრუნათ. „ავსტრიელები ისე მოუთმენლად ელოდნენ დაპყრობას, მთელი ქალაქი მოატარეს ტრიუმფალური სვლით, – გვიყვება ერიკ ვუიარი და ხმაში დამცინავი ინტონაცია ეპარება: – საწყლებმა ვერ გაიგეს, რატომ გამოიწვიეს ასეთი ვნებათაღელვა. არ ეგონათ, რომ მათი ამგვარი სიყვარული შესაძლებელი იყო. ცოტა შეშინდნენ კიდეც… სიყვარული ზოგჯერ შემზარავია“.

ამ შემზარავ სიყვარულზეა მისი წიგნი. ნებაყოფლობით დაბრმავებასა და დაყრუებაზე. და იმაზეც, როგორ უახლოვდებოდა ევროპა კატასტროფას ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორ მძიმდებოდა ჰაერი და საშინელი, დაუჯერებელი ამბები ერთმანეთს ცვლიდა. მაშინ, ოცდაათიანებში.

მასწავლებლის გავლენის ასპექტები

0

მოზარდზე ბევრი რამ ახდენს ემოციურ თუ ინტელექტუალურ გავლენას. მათ შორის, რა თქმა უნდა, პედაგოგიც. არაერთი მაგალითი ვიცით ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან, როცა მათი ცხოვრებისეული არჩევანი დიდწილად სწორედ ამა თუ იმ მასწავლებლის მიბაძვამ განაპირობა. ეს გავლენა, რასაკვირველია, არ არის ყოველთვის პირდაპირი და უშუალო. პედაგოგი წინასწარ ვერც იმას განსაზღვრავს, რომელ მოსწავლეზე როგორ ემოციურ გავლენას მოახდენს. მაშასადამე, მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მისმა ქცევამ, ჟესტ-მიმიკამ თუ ხმის ტონალურმა გრადაციებმა შეიძლება გარკვეული ემოციური ზემოქმედება მოახდინოს მოსწავლეზე და, შესაბამისად, ან ხელი შეუწყოს მას, ან დააბრკოლოს სწავლისა და შემეცნების გზაზე.

საზოგადოდ, მოსწავლეების სიყვარული სწავლების პროცესის მამოძრავებელია, ამასთანავე, დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაცაა. პედაგოგმა უნდა შეძლოს და არა მხოლოდ უანგაროდ, ხშირად უპასუხოდაც შეიყვაროს მოსწავლე, არამედ სრული გულგრილობის, ხანდახან სიძულვილის ბარიერიც გადალახოს და საკლასო სივრცის უარყოფით ენერგიას თავისი სიკეთის უშურველი, ბნელის სინათლედ გარდამქმნელი ძალა შეაგებოს. ამგვარად უნდა დაძლიოს თავისივე შინაგან სამყაროში წარმოშობილი დაეჭვების რთული და ნაირგვარი წინააღმდეგობაც. სხვა შემთხვევაში, ის არჩევანის სისწორეზე უნდა დაფიქრდეს და სხვა საქმე მოძებნოს, რათა ტანჯვა-წამებად არ ექცეს არა მხოლოდ გარე და უცხო სამუშაო სივრცის, არამედ საკუთარ სულიერ სამყაროში მომრავლებულ შიშის დემონებთან ბრძოლა. ამ შიშს კი უსუსურობის, პრობლემებთან ვერგამკლავების შეგრძნება წარმოშობს. „შენ ვერავის შეასწავლი წერა-კითხვას, ვიდრე თვითონ არ ისწავლი მას. მით უმეტეს, ეს ითქმის სიცოცხლის შესახებ“, – წერს მარკუს ავრელიუსი თავის ცნობილ მედიტაციურ ჩანაწერებში „ფიქრები“. სიცოცხლის სწავლა კი ურთულესია ყოველივე იმისგან, რასაც ადამიანი შეიმეცნებს. სიცოცხლის სწავლა გულისხმობს სინათლისა და სიბნელის, სიკეთისა და ბოროტების, სიყვარულისა და სიძულვილის როგორც არსებობის ფერადოვნების განმაპირობებლის მიღებას. „სიძულვილი უფრო იოლია, ვიდრე სიყვარული“, როგორც ჯემალ ქარჩხაძე წერს მოთხრობაში „ანტონიო და დავითი“. მასწავლებელმა ჯერ თვითონ უნდა ისწავლოს, როგორ უყვარდეს და მერე მოსწავლეებსაც გაუკვალოს აქეთ გზა, რადგან სიყვარულის გზა არასოდეს მთავრდება. „ჰამლეტის“ ერთ ეპიზოდში, რომელშიც აღწერილია მოხეტიალე მსახიობთა დასის სტუმრობა ელსინორის სასახლეში, პოლონიუსი ეუბნება ჰამლეტს: „მე ისე მივიღებ მაგათ, ხელმწიფის შვილო, როგორც ეკადრებათ“. დანიის უფლისწული კი სტუმარმასპინძლობისთვის სრულიად ჩვეულებრივ ამ წინაპირობას განსხვავებული რაკურსით შეგვახედებს. იგი ეუბნება პოლონიუსს: „უცნაურს ამბობ; ბევრად უკეთესად უნდა მიიღო. ყველას რომ ისე მოექცე, როგორც ეკადრება, არავის ასცდება გამათრახება. შენის სახელისა და ღირსების კვალობაზედ უნდა დაუხვდე მაგათ. რაც უფრო ნაკლების ღირსნი არიან, შენი სიკეთე მით უდიდესი გამოჩნდება“ (ივანე მაჩაბლის თარგმანი). პედაგოგისთვისაც, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის, ჰამლეტის ამ სიტყვებში მორალურ-ზნეობრივი ქცევის მთავარი პრინციპია ჩამოყალიბებული – ყველას უნდა მოექცე არა მათი, არამედ შენი ღირსებისამებრ.

ქცევის ამგვარი მაგალითი (განსაკუთრებით მაშინ, როცა უდისციპლინო მოსწავლეს თავისი არაადეკვატური, უგუნური მოქმედებით პროვოკაციულად გამოჰყავს მასწავლებელი წყობიდან) რაც უფრო ხშირად გამეორდება გაკვეთილზე, რა თქმა უნდა, მით უფრო დიდ გავლენას მოახდენს მოსწავლეებზე. ეს პედაგოგისგან დიდ სიმტკიცესა და ნებისყოფას მოითხოვს, რომელიც, თავის მხრივ, სწორედ ამგვარი გამოწვევების შედეგად გამოიწრთობა.

მასწავლებელმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მოსწავლეზე:

  • ჩაცმის სტილით, ელეგანტურობით, გარეგნობაზე ზრუნვის ზომიერებით;
  • მეტყველების კულტურით, დახვეწილობით;
  • თავშეკავებულობით, მოთმინების უნარით;
  • ჟესტ-მიმიკით;
  • ხმის ტონალობით;
  • შეხედულებებით;
  • იუმორის გრძნობით;
  • სტერეოტიპებისადმი თავისუფალი დამოკიდებულებით;
  • ცოდნა-განათლებით;
  • ინტერესებით.

ეს სია კიდევ შეიძლებოდა გაგვეგრძელებინა. რა თქმა უნდა, ჩამონათვალი პირობითია. მოსწავლესაც ისეთივე სუბიექტური მზერა აქვს, როგორიც ნებისმიერ სხვა ადამიანს, ამიტომ მისთვის შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს მასწავლებლის მკაფიოდ შესამჩნევი ხასიათის თვისება ან გარეგნული მახასიათებელი, სამაგიეროდ, ისეთი მცირე ნიუანსი თუ დეტალი შეამჩნიოს მისი ბუნებისა, რომელსაც პედაგოგი საგანგებოდ ნიღბავს.

ემოციურ გავლენას ზოგჯერ პედაგოგი სხვადასხვა სასკოლო აქტივობისთვის იყენებს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ზომიერება მართებს. მაგალითად, ბრუკლინელი მასწავლებელი ემილი კაპლანი ერთ საინტერესო გამოცდილებას იხსენებს – თავისდა უნებურად როგორ „აიძულა“ მეორეკლასელები, ეტირათ. მაშინ ის ახალბედა მასწავლებელი იყო და მცირე გამოცდილების გამო უნებლიე შეცდომები ხშირად მოსდიოდა. მას საგაკვეთილო გეგმაში ჰქონდა იდეების მოდელირება. წერის სწავლებისთვის დეტალებზე უნდა დაეფიქრებინა მოსწავლეები. მან ურჩია ბავშვებს, გრძნობის გულწრფელად გამოსახატავად გაეხსენებინათ ცხოვრების ის წუთები, როდესაც ბედნიერები ან მოწყენილები, გაბრაზებულები ან გახარებულები იყვნენ, მაგალითად კი საკუთარი გამოცდილება მოიყვანა: უთხრა, რომ კარგად ახსოვდა, როგორ ეტკინა გული, დანაღვლიანდა, მოიწყინა, როდესაც გაიგო, რომ ბებია მოუკვდა. შესაბამისი ჩანაწერიც გააკეთა: „ბებია გარდაიცვალა. მოწყენილი ვარ“. შემდეგ გააგრძელა, რომ დაწვრილებით დაწერდა ამ ამბის შესახებ, აღწერდა ცრემლებით სავსე თვალებს, იმას, თუ როგორ ეფერებოდა კატას ნაღვლიანი. ბავშვები უჩვეულოდ დაძაბული ყურადღებით უსმენდნენ. მოულოდნელად ერთმა მოსწავლემ ჩუმად თქვა: „პაპაჩემი გარდაიცვალა“. ეს ბავშვი თითქმის ყოველთვის ჩუმად იჯდა, ახლა კი მასწავლებლის გაკვირვებულ, კითხვით სავსე მზერას შეაგება მთრთოლვარე ხმით წარმოთქმული პასუხი: „მას ესროლეს და მოკლეს“. დუმილი ჩამოვარდა. მასწავლებელმა დაინახა, როგორ ჩამოსდიოდა მოსწავლეს სახეზე ცრემლები წვრილ ნაკადულად. მან სცადა, მოულოდნელად უარყოფითად დამუხტული სიტუაცია თანაგრძნობის გამოხატვით განემუხტა და გაკვეთილი გაეგრძელებინა, მაგრამ კლასში ახლა გოგონას ხმა გაისმა: „ბაბუაჩემი კიბოთი გარდაიცვალა“. მის მიმართაც თანაგრძნობა გამოხატა მასწავლებელმა და რომ ეგონა, შვებით ამოისუნთქა, კლასი ახმაურდა. ერთმა თქვა, რომ მისი დეიდაშვილის შვილი დაბადებამდე მოკვდა, მეორემ – დეიდა გარდამეცვალაო, მესამემ, მეოთხემ… ყველას აღმოაჩნდა ტკივილიანი გასახსენებელი. მალე კლასში თავშეუკავებელი ტირილის ხმა გაისმა, თითქოს ერთმანეთისგან გადაედოთო. ერთი ყველაზე მგრძნობიარე აცრემლებული ბავშვი კი ოთახის კუთხეში დაჯდა და თავი მუხლებში ჩარგო. ცრემლების ღვარღვარში მასწავლებელი მიხვდა, რომ მისმა გემმა ზღვაში გეზი დაკარგა. ზარის დარეკვამდე მათ დამშვიდებას მოუნდა.

ეს ამბავი ნებისმიერი საგნის მასწავლებლისთვის შეიძლება იქცეს განსახილველ საქმედ, ე.წ. ქეისად. მსჯელობისთვის სასურველია, პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს:

  • ქეისის „ჟანრის“ განსაზღვრა (ამ შემთხვევაში – მასწავლებლის ემოციური ზეგავლენა მოსწავლეზე, ემოციური ინტელექტის როლი სასწავლო პროცესში);
  • პრობლემის იდენტიფიცირება; რამ გამოიწვია გაკვეთილის ჩაშლა?
  • რა იყო პრობლემის გამომწვევი მიზეზი? (რა შეცდომა დაუშვა მასწავლებელმა?)
  • პრობლემის გადაჭრის გზა (რა უნდა გაეკეთებინა მასწავლებელს პრობლემის მოსაგვარებლად?).

ფსიქოლოგი ქეთევან ოსიაშვილი,  თავის სტატიაში,  ემოციური ინტელექტის შემდეგ ძირითად კომპონენტებს საუბრობს:

  • თვითცნობიერება – ადამიანის უნარი, სწორად გაიგოს საკუთარი ემოციები, შეაფასოს საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, განსაზღვროს მიზნები და ცხოვრებისეული ღირებულებები;
  • თვითრეგულაცია – ემოციების კონტროლისა და იმპულსების შეკავების უნარი;
  • მოტივაცია – მიზნისკენ სწრაფვის უნარი თავად მისი მიღწევის ფაქტის გამო;
  • ემპათია – იმ ემოციების გაგების უნარი, რომლებსაც განიცდიან გარშემო მყოფები, გადაწყვეტილების მიღებისას სხვა ადამიანების გრძნობების გათვალისწინების, თანაგანცდის უნარი;
  • სოციალური უნარ-ჩვევები – ადამიანებთან ურთიერთობისა და მათი ქცევის სასურველი მიმართულებით წარმართვის უნარი.

 

თავად ემილი კაპლანს ისე ღრმად ჩაებეჭდა მეხსიერებაში ეს გაკვეთილი, რომ წლების შემდეგაც ვერ ივიწყებდა, ამიტომ ცდილობდა, გაერკვია, ერთი მხრივ:

  • იყო თუ არა დამნაშავე იმაში, რომ მოსწავლეები ატირდნენ?
  • რა ინფორმაცია მიაწოდა მან თავისი სიტყვებით, ქმედებით, რეაქციით?
  • ასაკის გაუთვალისწინებლობა ხომ არ იყო მიზეზი?

მეორე მხრივ, ამან ასწავლა, რომ სასწავლო პროცესში „გულის“ ჩართვით შეიძლება დასახული ამოცანების განხორციელება. მართლაც, ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი გზა შემეცნებისა. ისედაც ხომ ცნობილია, რომ გონებასთან ერთად ადამიანი გულითაც და სულითაც შეიმეცნებს, რაც ხშირად სიტყვებით ვერც აიხსნება და ვერც გადმოიცემა. მასწავლებელი ყოველდღიურად ხვდება ბავშვების ემოციათა ნაირფერ სპექტრს, განწყობილებათა გრადაციებს. მას მართებს ამ განწყობილებათა ერთ ჰარმონიულ კონტექსტში მოქცევა, დირიჟორივით შემოკრება განსხვავებული ემოციური ფერებისა, რათა გაკვეთილს სწორედ ეს თანხმიერი ემოციურობა დაედოს უჩინარ ფონად. ეს კი ურთულესი ამოცანაა, რომელსაც ხან თავს გაართმევს მასწავლებელი, ხან კი გაუჭირდება, მაგრამ, ამასთანავე, ამ დამარცხება-გამარჯვების, იმედგაცრუებისა და ეჭვების ჭიდილში გამოიწრთობა, დაოსტატდება.

გამოცდილება თვითონ მასწავლებელსაც ასწავლის ემოციის მართვას, უპირველეს ყოვლისა, შინაგანი ემოციური დისბალანსის დაძლევას, იმას, სკოლის კარის შეღებისთანავე როგორ მოათვინიეროს გული და „მომართოს“ ისე, რომ მასში ემპათიამ იმძლავროს. აქ მისი მოსწავლეები არიან, ასეთი განსხვავებულნი, მაგრამ მათ აერთიანებთ ერთი რამ: ისინი მისგან სწავლობენ. როგორი სკეპტიკურიც უნდა იყოს მასწავლებლის წინასწარი დამოკიდებულება, როგორც არ უნდა ეშინოდეს, რომ გავლენას ვერ მოახდენს მათ განწყობილებებზე, მაინც უნდა ეცადოს და არასოდეს დაყაროს ფარ-ხმალი.

სოციოლოგიის პროფესორი არლი რასელ ჰოხშილდი თავის წიგნში „გულის მართვა“ ფუნდამენტურად განიხილავს ემოციურ ინტელექტთან დაკავშირებულ საკითხებს. მისი აზრით, საკუთარი გრძნობების მართვის გზით ადამიანი სხვის ემოციებთან გამკლავებასაც შეძლებს. სწორედ მან ურჩია ემილი კაპლანს, ყველა ღონე ეხმარა, რომ თავისი მოსწავლეები „პატარა ემოციურ მენეჯერებად“ აღეზარდა. მასწავლებელს არა მხოლოდ ის ევალება, გაუგოს და თანაუგრძნოს მოსწავლეს, არამედ ისიც, რომ უარყოფითი ემოციების გადალახვაში დაეხმაროს. ეს, რა თქმა უნდა, ერთი დღის საქმე არ არის, ბევრი დრო სჭირდება იმას, რომ მასწავლებელმაც და მოსწავლეებმაც შეძლებისდაგვარად მოახერხონ ემოციების კონტროლი. ეს აზრი შესანიშნავად ჩამოაყალიბა რუსთაველმა: „რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა“. მასწავლებელმა მოსწავლეებს პირადი მაგალითით საკუთარ ემოციებთან ბრძოლა კი არა, მორიგება უნდა ასწავლოს. ამგვარად, მოსწავლეები მიეჩვევიან სხვების მოსმენას, მოთმინებას, თავშეკავებას, პატიებას, თანაგრძნობას და განივითარებენ იმ უნარებს, რომლებიც მაღალი თვითშეგნების მქონე, პასუხისმგებლობიან, ჰუმანურ საზოგადოებას სჭირდება იმისთვის, რომ ღირებულებათა ფუნდამენტი არ დაიშალოს და ადამიანმა ავ-კარგის გარჩევა სამართლიანად, მიუკერძოებლად შეძლოს.

 

 

უნივერსალური დიზაინი სენსორული დარღვევების დროს

0

„ხელმისაწვდომი მოხმარების პროდუქტებისა და გარემოს დიზაინი უნდა იყოს მაქსიმალურად გამოსადეგი ყველა ადამიანისთვის ყოველგვარი ადაპტირებისა და სპეციალიზებული დიზაინის საჭიროების გარეშე“, – ასე განმარტავს ინგლისელი არქიტექტორი რონალდ მეისი ტერმინს „უნივერსალური დიზაინი“[1], თუმცა განათლების სისტემაში უნივერსალური დიზაინი არ ნიშნავს მხოლოდ მოსწავლის საჭიროებებზე სრულად მორგებულ შენობა-ნაგებობას. საზოგადოდ, უნივერსალური დიზაინი გულისხმობს ისეთი გარემოს შექმნას, რომლის გამოყენებისთვის არ არის აუცილებელი სპეციალური ადაპტირება. სწავლების პროცესში უნივერსალური დიზაინი არის მიდგომა, რომლის მიზანიც მულტიმოდალური სასწავლო გარემოს ფორმირება, მოქნილი საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა და, საბოლოოდ, მოსწავლეების წინაშე არსებული შემაფერხებელი ბარიერების აღმოფხვრაა.

განათლებაში უნივერსალური დიზაინი გულისხმობს ყველა მოსწავლისთვის რელევანტურ სასწავლო მეთოდებს, მასალას და შეფასების სისტემას.

სწავლების პროცესისადმი ეს მიდგომა ყველა მოსწავლისთვის, განურჩევლად მათი საჭიროებებისა და მათ შორის განსხვავებებისა, ქმნის სწავლის თანაბარ პირობებს;

უნივერსალური დიზაინი შვიდ პრინციპს ეფუძნება. ესენია:

 

  1. თანასწორობა და გამოყენება: დიზაინი გამოსადეგია და სასარგებლო განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
  2. მოქნილობა: დიზაინი მიესადაგება ინდივიდუალური უპირატესობებისა და შესაძლებლობების ფართო სპექტრს.
  3. სიმარტივე და ინტუიციური მოხმარება: დიზაინის გამოყენება მარტივია და არ არის დამოკიდებული გამოცდილებაზე, ცოდნაზე, ენობრივ უნარებსა თუ კონცენტრაციის არსებულ ხარისხზე.
  4. აღსაქმელი ინფორმაცია: დიზაინი ეფექტიანად გადასცემს საჭირო ინფორმაციას მომხმარებელს გარემო პირობებისა და სენსორული შესაძლებლობებისგან დამოუკიდებლად.
  5. უსაფრთხოება: დიზაინი ამცირებს საფრთხეებს და შემთხვევითი ან განზრახული ქმედებების არასასურველ შედეგებს.
  6. მცირე ფიზიკური ძალისხმევა: დიზაინის გამოყენება შესაძლებელია ეფექტიანად და კომფორტულად მინიმალური ძალისხმევის გაწევით.
  7. ზომა და სივრცე მიახლოებისა და გამოყენებისთვის: გათვალისწინებულია მიახლოების, მიღწევის, მანიპულაციისა და გამოყენებისთვის შესაბამისი ზომა და სივრცე მომხმარებლის სხეულის ზომის, პოზისა და მობილობისგან დამოუკიდებლად.

ნებისმიერი დიზაინის პროექტირებისას თავიდანვე უნდა იყოს ნაფიქრი უნივერსალურ დიზაინზე. განვიხილოთ რამდენიმე გასათვალისწინებელი მომენტი: შენობის საერთო ფართობი, სასწავლო თუ სხვა ნაგებობის მდებარეობა ქუჩასა და ტროტუართან მიმართებით, დაქანების დონე, პირდაპირი მისასვლელი შენობის მისაწვდომ კარსა და უკანა, შემაღლებულ შესასვლელთან, სწორი, მისაწვდომი ტროტუარები მთავარ შესასვლელებსა და მიმდებარე სივრცეებში მოსახვედრად, ბუნებრივი სინათლის გამოყენება განათების გასაძლიერებლად.

სტატიაში ვისაუბრებთ დიზაინის იმ საკვანძო ელემენტებზე, რომლებიც სენსორულ დარღვევებზეა ორიენტირებული[2].

 

დიზაინის ძირითადი/საკვანძო ელემენტები:

 

  1. განლაგება

 

მოცემული სივრცის ლოგიკური, მარტივი მოწყობა, კარგად განსაზღვრული სივრცეები, სწორი ხაზები, სწორი კუთხეები სავალ ბილიკებზე, მხედველობის სწორი ხაზები წარმოადგენს საკვანძო კომპონენტებს სმენის, მხედველობის ან ორივე სენსორის ერთდროული დარღვევის მქონე, ყრუ-უსინათლო ადამიანების სივრცეში ორიენტაციისთვის. ბევრი ყრუ-უსინათლო პირისთვის ღია სივრცეებში ორიენტირება რთულია. ღია სივრცეებში, როგორებიცაა მისაღები, საკლასო, სასადილო და მოსასვენებელი ოთახები სასკოლო თუ საოჯახო ტიპის ნაგებობებში, ავეჯის გადაადგილება, კედლებისა და იატაკის ფაქტურების შეცვლა, მაღალკონტრასტული ფერების გამოყენება, სივრცეების განმსაზღვრელ და სხვა დამხმარე საშუალებებთან ერთად, გაუმარტივებდა ორიენტაციას ყრუ-უსინათლო პირებს.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ სივრცე თავისუფალი უნდა იყოს ზედმეტი, უსარგებლო ნივთებისგან. კედლებისა და იატაკის ტექსტურა, ტაქტილური ნიშნები, ავეჯის სათანადო განთავსება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ინდივიდების მიერ სივრცეში ორიენტაციისას.

მხედველობის დაზიანების მქონე ბევრ ადამიანს შეუძლია სივრცის აზრობრივი/წარმოსახვითი რუკის შექმნა და მისი საშუალებით საგნების სივრცეში და მათ მიმართ განლაგების გაგება. მნიშვნელოვანია, რომ საგნებმა შეინარჩუნონ თავიანთი ადგილმდებარეობა და ისინი არ გადააადგილონ.

 

  1. განათება

 

კარგი განათება ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ფუნქციური მხედველობის მქონე ყრუ-უსინათლო პირებისთვის. განათებასთან დაკავშირებული საჭიროებები განსხვავებულია და დამოკიდებულია კონკრეტული ყრუ-უსინათლო პირის მხედველობის მდგომარეობაზე. ადამიანთა უმრავლესობას სივრცეში ორიენტაციასა და ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში ხელს შეუწყობდა გაზრდილი/ძლიერი განათება. სინათლის ოდენობის დასარეგულირებლად გამოყენებულ უნდა იქნეს განათების მარეგულირებლები. რეკომენდებულია სამუშაო განათების უზრუნველყოფა სამუშაო მაგიდებთან.

არსებობს შენობებში განათებასთან დაკავშირებული შემდეგი რჩევები:

  • პასტელის ფერებში შეღებილი კედლები შუქს აირეკლავს.
  • გამოიყენეთ ბუნებრივი განათება, შეამცირეთ ბზინვარება ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ჟალუზების მეშვეობით.
  • ხელოვნური განათების წყაროები არ უნდა წარმოქმნიდეს ბზინვარებას.
  • აბაჟურები უნდა უზრუნველყოფდეს სინათლის გავრცელებას.
  • კედლებსა და ჭერზე მიზანშეწონილია გაბნეული განათება.
  • მიზანშეწონილია განათება კარადების ქვეშ და კარადებში.

 

 

  1. ფერის/სიკაშკაშის კონტრასტი

 

ვიზუალური კონტრასტი მოიცავს ორ კომპონენტს: სიკაშკაშის კონტრასტს და ფერთა განსხვავებას. მცირედ მხედველი პირებისთვის სიკაშკაშის კონტრასტი არსებითად მნიშვნელოვანია. ფერთა ან ტონალობათა განსხვავებამ შესაძლოა გაზარდოს სიკაშკაშის კონტრასტი.

ფერთა მაღალი კონტრასტის გამოყენება სხვადასხვა მახასიათებლისა და სივრცეების განსაზღვრის მიზნით ხელს შეუწყობს სივრცეში ორიენტირებასა და მისაწვდომობის გაზრდას.

კარებისა და მათი ჩარჩოების ფერები მკვეთრად უნდა განსხვავდებოდეს კედლებისა და იატაკის ფერებისგან. კიბის საფეხურების კიდეები კონტრასტული ფერით უნდა იყოს გამოყოფილი. მოაჯირების ფერი კედლების ფერისგან მკვეთრად უნდა განსხვავდებოდეს. გარდა ამისა, ავეჯის, კარების, კარადების კარების, მათი აქსესუარებისა და ტექნიკის ფერები გარემომცველ სივრცეებთან მკვეთრ კონტრასტს უნდა ქმნიდეს. სასწავლო ან საცხოვრებელ სივრცეებში ტექნიკის სამართავი ღილაკები ფერით მკვეთრად უნდა გამოირჩეოდეს ამ ტექნიკისგან.

ანალოგიურად, ავეჯის ფერი კონტრასტს უნდა ქმნიდეს გარემომცველი კედლებისა და იატაკის ფერთან. გარემომცველი სივრცეებისგან მკვეთრად განსხვავებული ფერის ავეჯის იდენტიფიცირება შესაძლოა უკეთ მოახერხონ ადამიანებმა, რომელთაც სიღრმის აღქმა უჭირთ. ამის საპირისპიროდ, ძნელი იქნება გარემომცველი სივრცეებისგან მცირედით განსხვავებული ფერის ავეჯისა და სხვა საგნების აღმოჩენა.

ფერთა კონტრასტი არის ფერთა პალიტრაზე ორ ფერს შორის განსხვავების ხარისხი. რაც უფრო მეტად განსხვავდება ერთი ფერი მეორისგან ვიზუალურად, მით უფრო მეტია კონტრასტი.

სიკაშკაშის კონტრასტი არის რომელიმე საგნის ან ზედაპირის სიკაშკაშის მეორე საგნის ან ზედაპირის სიკაშკაშისგან განსხვავების დონე. სიკაშკაშე იზომება უფრო ნათელი საგნის ზემოთ (B1), შემდეგ – უფრო ბნელი ადგილის ზემოთ (B2), მერე კი ეს საზომები გამოიყენება ფორმულაში:

ფერის/სიკაშკაშის კონტრასტი = B1−B2 ×100B1

B1 არის განათებული ადგილის სინათლის არეკვლის კოეფიციენტის მნიშვნელობა.

B2 არის უფრო ბნელი ადგილის სინათლის არეკვლის კოეფიციენტის მნიშვნელობა.

რაც უფრო მეტია სხვაობა სიკაშკაშის დონეებს შორის, მით უფრო დიდია კონტრასტი. სინათლის მზომები შეიძლება გამოვიყენოთ ერთი საგნის ზედაპირიდან მეორეზე არეკლილი სიკაშკაშის გასაზომად.

იმისთვის, რომ ერთმანეთისგან განირჩეოდეს ძირითადი ელემენტები და გარშემო არსებული სივრცე, ერთმანეთის გვერდით რეკომენდებულია ისეთი შესამჩნევად განსხვავებული ფერების გამოყენება, როგორიცაა:

  • შავი/თეთრი,
  • ყვითელი/შავი,
  • მუქი ყავისფერი/თეთრი ან კრემისფერი,
  • მუქი იასამნისფერი/თეთრი,
  • ნარინჯისფერი/თეთრი,
  • მუქი წითელი/თეთრი,
  • ყვითელი/მწვანე,
  • მუქი ნაცრისფერი/თეთრი,
  • მუქი მწვანე/თეთრი.

 

სიკაშკაშის ცუდი კონტრასტის მქონე ფერებია:

  • ყვითელი/ნაცრისფერი,
  • ღია ნაცრისფერი/თეთრი,
  • ყვითელი/თეთრი,
  • ლურჯი/წითელი,
  • ცისფერი/თეთრი.

არსებობს ფერთა კომბინაციები, რომლებიც არ უნდა გამოვიყენოთ, რადგან ფერების ამოცნობის სირთულეების მქონე პირებს უჭირთ მათი გარჩევა. ესენია:

  • წითელი/მწვანე,
  • ლურჯი/მწვანე.

 

  1. ტექსტურა

 

შეხება გარემოს შესახებ ინფორმაციის მიღებისა და სივრცეში ორიენტაციის მნიშვნელოვანი საშუალებაა, განურჩევლად იმისა, რამდენად აქვს ყრუ-უსინათლო ადამიანს დაქვეითებული მხედველობა ან სმენა. შეხება ერთგვარი შემოწმების საშუალებაცაა, რომლის დახმარებითაც ყრუ-უსინათლო ადამიანი გარემოში გადაადგილდება. ტაქტილურ სიმბოლოებთან ერთად, კედლებსა და იატაკებზე სხვადასხვა ტექსტურის თანმიმდევრული გამოყენებით შეიძლება შეიქმნას საორიენტაციო მინიშნებების სისტემა.

ტექსტურა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა სივრცის სიმბოლიზებისთვის. როცა ტაქტილურ/ტექსტურულ მინიშნებებსა და მონიშვნებს განვიხილავთ, ყურადღება უნდა შევაჩეროთ იმაზე, რომ ტექსტურებს შორის იყოს საკმარისი განსხვავება, ისეთი, როგორიცაა მონიშვნის ან მინიშნების ზომა და ფორმა. ზოგი ტექსტურა მარტივი ამოსაცნობია, ზოგი კი – არა. ზუმფარის ქაღალდი უხეშია და უბრალო შეხებაც საკმარისია მის ამოსაცნობად, არ მოითხოვს ზედაპირზე ხელის ხანგრძლივ მოძრაობას.

იატაკის სხვადასხვა ტექსტურა ყოველთვის გამოიყენებოდა მხედველობის სირთულეების მქონე ან ყრუ-უსინათლო პირების დასახმარებლად სივრცეში დამოუკიდებლად ორიენტირებისთვის. გვერდიგვერდ განლაგებული იატაკის მოსაპირკეთებელი განსხვავებული ტექსტურები: პარკეტი, ხე, კერამიკის ფილები, კორპი, – შესაძლოა სივრცის განსაზღვრაში დაეხმაროს ინდივიდს. მაგალითად, ხისა და კორპის იატაკები, კერამიკისა და პარკეტის იატაკებისგან განსხვავებით, ფეხქვეშ სირბილის შეგრძნებას აჩენს. ამ იდეის ერთ-ერთი განხორციელებაა ხალიჩის დაფენა, დერეფნებისა და სხვა ოთახების ხით, ხოლო ტუალეტისა და სამზარეულოს კერამიკის ფილებით მოპირკეთება. აქვე უნდა ითქვას, რომ ინდივიდისთვის შესაძლოა რთული აღმოჩნდეს ბევრი (სამზე მეტი) სხვადასხვა სახეობის იატაკის ზედაპირის ტექსტურებს შორის განსხვავების დამახსოვრება.

ტექსტურები მთელი სივრცისთვის თანმიმდევრულად უნდა იქნეს გამოყენებული, რათა შესაძლებელი გახდეს სივრცის „მენტალური რუკის“ არსებობა. კედლის ზედაპირის სხვადასხვა ტექსტურა შეიძლება გამოვიყენოთ ორიენტირებისა და ინდივიდუალური ოთახების იდენტიფიცირებისთვის; კედლის ფილები, ნაირგვარი ტექსტურის გამოყენებით, შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობით დავტვირთოთ, ასევე შესაძლებელია სხვადასხვა მასალით შელესილი კედლებისა და კედლის თეფშების გამოყენებაც. კედლის მოაჯირები შეზღუდულად უნდა იქნეს გამოყენებული ორიენტაციის მიზნით, რადგან, როცა ასეთი მოაჯირები გვაქვს, ყველა სივრცე ერთმანეთის მსგავსია. გაითვალისწინეთ, რომ ერთი მოაჯირი უნდა დამონტაჟდეს დერეფანში ორიენტაციისა და მხარდაჭერისთვის. მოწყობილობები, რომლებიც უნიკალურ ვიბრაციას წარმოქმნის შემოსასვლელ კართან, კარის გვერდით ან კარის ქვეშ იატაკზე, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სივრცის განმსაზღვრელად.

 

  1. აკუსტიკა

 

სივრცე, რომელიც აკუსტიკურად ცოცხალია, შეიძლება ადამიანს ორიენტირებაში დაეხმაროს, თუმცა მეტისმეტად ბევრი ხმა შესაძლოა პრობლემურიც იყოს, განსაკუთრებით – ყრუ ადამიანისთვის. ხმის გამოყენებით შეიძლება სივრცის შესახებ სასარგებლო ინფორმაცია მივიღოთ, მაგალითად, რამდენად ფართოა სივრცე, სად არის განლაგებული ნივთები და სად გვხვდება ღიობები. შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს არეკლილი ხმის გამოყენება საორიენტაციო მიზნებისთვის. ამას ექოლოკაციას უწოდებენ. ექოლოკაციის მიღწევა შესაძლებელია ისეთი ხმოვანი სიგნალის შექმნით, როგორიცაა თითების ტკაცუნი ან ჯოხის კაკუნი. ადამიანს შეუძლია, განასხვაოს მყარი ზედაპირიდან, მაგალითად, მინიდან ან ბეტონიდან არეკლილი ხმა ისეთი ზედაპირიდან არეკლილი ხმისგან, როგორიცაა ხალიჩა ან კორპი.

ხალიჩების, მუყაოსა და პლასტიკატის გამოყენებით შეიძლება ხმის შთანთქმა და ჩახშობა. ორმაგი მინა-პაკეტი შეიძლება დაგვეხმაროს გარედან სახლში შემომავალი ხმის შესუსტებაში. ხმის შემნიღბავი მოწყობილობები შეიძლება ეფექტურად იქნეს გამოყენებული არასასურველი ხმების ინტენსივობის შესამცირებლად. მთავარია, კარგი ბალანსი შეიქმნას ხმის მშთანთქმელ და ხმის ამრეკლავ მასალებს შორის, რათა ინდივიდს, რომელსაც ამის უნარი გააჩნია, შეეძლოს სივრცის ინტერპრეტირება. სასწავლო ოთახებში, სადაც არ არის ხალიჩების დაგების საშუალება, ფონური ხმების შესამცირებლად რეკომენდებულია მერხებისა და სკამის ფეხების ხელნაკეთი შალითებით დაფარვა.

აღნიშნული მიდგომები გულისხმობს ყველა მოსწავლისთვის წარმატების თანაბარი შესაძლებლობის მიცემას. ამგვარი მიდგომისას სხვადასხვა რესურსის გამოყენება, ინფორმაციისა და შინაარსის წარდგენის გზების მრავალგვარობა უზრუნველყოფს ინფორმაციის ეფექტურ აღქმას, გაგებასა და გადამუშავებას. მოქმედების, აქტივობისა და გამოხატვის საშუალებათა მრავალფეროვნება მოქნილობას მატებს მოსწავლეებისათვის მასალის მიწოდების, მათ მიერ მასალაზე მუშაობისა და საკუთარი ცოდნის დემონსტრირების ფორმებს, ქმნის საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის, მოტივირების მრავალნაირ შესაძლებლობას.

ამგვარი მიდგომით დაგეგმილი სასწავლო პროცესი ხელსაყრელია ყველა მოსწავლისთვის, მაგრამ განსაკუთრებით სასარგებლო იქნება იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სენსორული პრობლემები აქვთ და სივრცეების სათანადოდ ადაპტირება სჭირდებათ.

 

[1] ჩრდილოეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსალური დიზაინის ცენტრი

 

[2] მისაწვდომობის სახელმძღვანელო სენსორული დარღვევისთვის |DeafBlind Ontario Services 2020.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...