სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

პირველკლასელთა პირველი დღეები სკოლაში

ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის ემოციების მრავალფეროვნებით გამოირჩევა  როგორც ბავშვებისთვის, განურჩევლად მათი ასაკისა, ასევე მშობლებისთვისაც. თუმცა, ეს პერიოდი, სკოლასთან და პედაგოგებთან შეხვედრა, სასწავლო პროცესში ჩართვა, სასკოლო სწავლების დაწყება პირველკლასელისთვის მაინც განსაკუთრებით შთამბეჭდავია. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული მოვლენის მიმართ ყველა პირველკლასელის დამოკიდებულება ერთგვაროვანი ნამდვილად არ არის. ბავშვების უმრავლესობა, როგორც წესი, სიხარულით ელის სკოლაში წასვლას. მოსწავლის სტატუსის მიღება მისთვის ძალიან მიმზიდველია, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ პირველ დღეს სკოლაში სიხარულით წასული ბავშვი მეორე დღეს უარს აცხადებდეს იქ დაბრუნებაზე და სერიოზულ პროტესტს გამოხატავდეს საგაკვეთილო პროცესში ჩართვაზე. გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როცა პირველ დღეს ბავშვი ტირილით მიჰყავთ სკოლაში, დედის გარეშე არ ჩერდება გაკვეთილზე, მეორე დღეს კი სიხარულით გარბის სკოლაში და მშობლის გარეშე ესწრება გაკვეთილებს. პირველკლასელებს შორის არცთუ ისე მცირეა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც მოუთმენლად, სიხარულით ელიან სასკოლო სწავლების დაწყებას და ყოველგვარი პრობლემის, გართულების გარეშე ირგებენ მოსწავლის სტატუსს.

რა ფაქტორები განაპირობებს ბავშვის სკოლასთან და სასწავლო პროცესთან დამოკიდებულების ხასიათს სკოლაში ყოფნის პირველივე დღეებში:

  • ბავშვის „დაშინება“ სკოლით და სწავლით. არის შემთხვევები, როცა ოჯახში ყველა დაკავებულია თავისი საქმით, 5-6 წლის პატარა კი აქეთ-იქით დარბის, ყველას ეხვეწება, რომ მასთან ერთად ითამაშონ, ამ დროს ოჯახის რომელიმე წევრის მიერ ნათქვამმა ერთმა ფრაზამ – „აი, წახვალ სკოლაში და ვნახოთ, მაშინაც თუ მოახერხებ ასე თავისუფლად სირბილს და თამაშს, იქ იმდენ დავალებას მოგცემენ, რომ თავს ვერ აიღებ წიგნებიდან და ჩვენც მოვისვენებთ“, – შეიძლება სამუდამოდ შეაძულოს ბავშვს სკოლაც და სწავლაც. რატომ უნდა მოსწონდეს მას ის ადგილი, ის საქმიანობა, რაც მის თავისუფლებას შეზღუდავს და იმის კეთების საშუალებას არ მისცემს, რაც ყველაზე მეტად სიამოვნებს – ვეღარ ითამაშებს, მულტფილმებს ვერ უყურებს და საერთოდ, ვერ „დატკბება“ თავისუფლებით;
  • სკოლამდელ პერიოდში თანატოლებთან სოციალური ურთიერთობის დეფიციტი. თუ ბავშვი საბავშვო ბაღში არ დადის, ამასთან, დედისერთაა და მოკლებულია თანატოლებთან ურთიერთობის შესაძლებლობას, დიდი ალბათობით მას  სერიოზული სირთულეები ექნება თანაკლასელებთან ურთიერთობაში, რაც სკოლას და სასწავლო პროცესს ნამდვილად დაუკარგავს მომხიბვლელობას;
  • სკოლისათვის მზაობის არასათანადო დონე. თუ ბავშვი სათანადოდ არ არის მომზადებული სკოლისათვის როგორც ინტელექტუალურად, ასევე ფიზიკურად და სოციალურად, მას გაუჭირდება იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც სკოლა წაუყენებს, ხშირად დაიმსახურებს შენიშვნებს და საყვედურებს. ეს ყოველივე კი სკოლას მიმზიდველად და საყვარელ ადგილად ნამდვილად არ აქცევს;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ ბავშვი ამა თუ იმ ქრონიკული დაავადების მატარებელია და არ ხდება ამის გათვალისწინება სასკოლო გარემოში, რაც პატარას სერიოზულ სირთულეებს უქმნის, სკოლა ნამდვილად ვერ იქცევა ისეთ ადგილად, სადაც ის სიხარულით გაეშურება;
  • არასწორი ოჯახური აღზრდა, ჰიპერმზრუნველობა. თუ სკოლამდელ პერიოდში ბავშვი  ოჯახის წევრების მხრიდან საყოველთაო ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა, კვარცხლბეკზე ჰყავდათ შემოსმული და მის ყველა სურვილს სიტყვაშეუბრუნებლად ასრულებდნენ, ნაკლებია  იმის ალბათობა, რომ სკოლა, სადაც ის ერთ-ერთი რიგითი მოსწავლე იქნება და საყოველთაო ყურადღების ცენტრში ვერ აღმოჩნდება,   მიმზიდველი და მოსაწონი ადგილი აღმოჩნდეს მისთვის;
  • წერა-კითხვის წინასწარ სწავლება. ბევრი მშობლის სურვილია, რომ მისმა შვილმა სკოლაში შესვლამდე შეისწავლოს წერა-კითხვა, თვლა, უმარტივესი, თუმცა სკოლამდელისათვის შეუსაბამო და არასაჭირო მათემატიკური ოპერაციების შესრულება; ამისათვის, მან შეიძლება მასწავლებელიც კი დაიქირაოს ბავშვისთვის გაკვეთილების ჩასატარებლად. ძნელი წარმოსადგენია, რომ პირველკლასელისთვის საინტერესო იყოს იმ გაკვეთილზე ჯდომა, სადაც მასწავლებელი პატარებს თითო-თითო ასოს ცნობას და ამოკითხვას ასწავლის, მას კი უკვე საკმაოდ დიდი მოცულობის ტექსტების კითხვა შეუძლია. ამასთან ერთად, თუ წერა-კითხვის სწავლება სკოლამდელ პერიოდში ძალდატანებით ხასიათს ატარებს და ნაცვლად თამაშისა და გართობისა ბავშვს „გაკვეთილზე უწევს ჯდომა“, დიდი ალბათობით მას სკოლა და სწავლა ჯერ კიდევ სკოლაში შესვლამდე შეიძლება შესძულდეს. სკოლამდელ პერიოდში ხომ თამაშია ქცევის წამყვანი ფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროს ბავშვი სწორედ თამაშის პროცესში ვითარდება;  და თუ ამ დროს ჩვენ თამაშს სწავლით ჩავანაცვლებთ, შეიძლება მომავალში ეს ბავშვის განვითარებაში სერიოზული პრობლემების აღმოცენების მიზეზიც კი გახდეს;
  • ზედმეტი დატვირთვა და მკვეთრი ცვლილებები ბავშვის ცხოვრებაში- თუ აქამდე სულ თამაშობდა, ახლა სულ უნდა ისწავლოს. ნებისმიერი ასაკის ადამიანის და, მით უმეტეს, ბავშვის ფსიქიკას უჭირს ასეთი ნახტომის გაკეთება.

რეკომენდაციები – რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბავშვს სკოლაში ყოფნის პირველივე დღეებიდან დადებითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს სკოლის, მასწავლებლის და სასწავლო პროცესის მიმართ:

  • უპირველეს ყოვლისა, სასურველია, გავითვალისწინოთ, რომ მართალია, ბავშვი სკოლაში მოვიყვანეთ, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის მოსწავლე და გარკვეული დრო დასჭირდება მოსწავლის როლის უმტკივნეულოდ მისაღებად. ამდენად, არ იქნება გამართლებული მას ისეთივე მოთხოვნები წავუყენოთ და სასკოლო წესების ისეთივე დაცვა მოვთხოვოთ, როგორც თუნდაც მეორეკლასელ მოსწავლეს მოვთხოვდით;
  • მოვერიდოთ ბავშვის „შეშინებას“ სკოლით და სწავლით. შევეცადოთ, სკოლა საინტერესო და მიმზიდველ ადგილად „დავუხატოთ“ – ვუთხრათ, რომ სკოლაში ის ბევრ რამეს ისწავლის, ახალს და საინტერესოს გაიგებს, თუმცა, თამაშის დროც ექნება და არ მოუწევს მხოლოდ სწავლით დაკავება;
  • შევეცადოთ, შევისწავლოთ ბავშვის მოლოდინები სკოლის მიმართ და ეს მოლოდინები, შეძლებისდაგვარად, რეალობასთან დავაახლოოთ იმედგაცრუების და სკოლისადმი უარყოფითი დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად;
  • მოვერიდოთ ბავშვის გადატვირთვას მეცადინეობით, დამატებით წრეებზე სიარულით. შევეცადოთ, დღის რეჟიმი ისე შევუდგინოთ, რომ თამაშის და დასვენების დროც დარჩეს;
  • შევუქმნათ ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობის, მათთან თამაშის პირობები. ამის გაკეთება განსაკუთრებით მაშინ არის საჭირო, თუ ის საბავშვო ბაღში არ დადიოდა;
  • კარგი იქნება, თუ უარს ვიტყვით ჰიპერმზრუნველობაზე და ბავშვს გარკვეულ სიტუაციებში (ტანსაცმლის ჩაცმა, გახდა, ჭამა, სათამაშოების დალაგება, სასკოლო ნივთების ჩალაგება ჩანთაში) დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას მივცემთ. ეს მხოლოდ სასიკეთოდ იმოქმედებს მის განვითარებაზე და სასკოლო გარემოსთან  უმტკივნეულოდ ადაპტაციასაც შეუწყობს ხელს;
  • მოვერიდოთ ბავშვისთვის წერა-კითხვის წინასწარ სწავლებას; რა თქმა უნდა, თუ ის განსაკუთრებულ ინტერესს არ იჩენს და თავად არ ცდილობს ასოების ამოკითხვას. ასეთ შემთხვევაში შევეცადოთ ასოების ამოცნობის სწავლებას თამაშის სახე მივცეთ და ეს პროცესი სახალისოდ ვაქციოთ მისთვის. სკოლაში კი პირველივე დღეებიდან საჭირო იქნება დამატებითი აქტივობების გამოყენება ასეთ ბავშვთან სწავლისადმი ინტერესის შესანარჩუნებლად;
  • დროულად ვიზრუნოთ ბავშვში სასწავლო და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაზე. ეს მას დიდ დახმარებას გაუწევს სკოლისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და მოსწავლის როლის უმტკივნეულოდ, სირთულეების გარეშე მიღებაში.

ვფიქრობ, ზემოაღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება უფრო მიმზიდველად და საინტერესოდ აქცევს სკოლას და სასწავლო პროცესს ბავშვისთვის, უფროსებს კი უამრავ პრობლემას აგვაცილებს თავიდან.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“