შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ლექსიკის სწავლების ასპექტები უცხო ენის გაკვეთილზე

ტექსტი უცხო ენის სწავლების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მას მრავალფუნქციური დატვირთვა აქვს საგაკვეთილო პროცესში. ტექსტის საშუალებით ხდება მოსწავლის შეხედულებების ფორმირება, თვალსაწიერის გაფართოება, მორალური ღირებულებების მიწოდება, მხატვრული თუ არამხატვრული გემოვნების დახვეწა; საფუძველი ეყრება თანმიმდევრულ, კონსტრუქციულ, კრიტიკულ, ანალიტიკურ თუ კრეატიულ აზროვნებას და ა.შ. ტექსტის დასწავლა ტვინში ასევე ააქტიურებს და წარმოქმნის ახალ ნეირონულ კავშირებს, აუმჯობესებს კოგნიტიურ პროცესებს და ხელს უწყობს მეხსიერების შენარჩუნებას. ეს თავის მხრივ, დემენციისა და ალცჰაიმერის პრევენციის წინაპირობაა. უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ისიც, რომ ასაკისა და გონებრივი რესურსის პოტენციალის გათვალისწინებით შერჩეული ტექსტი მოსწავლეს შინაგან მოტივაციას უჩენს და აზროვნებას კონკრეტული სფეროს ათვისებისაკენ მიმართავს. და ყველაზე მთავარი – ტექსტი არის ლექსიკური ერთეულებისა და ყველა იმ გრამატიკული წესის ერთობლიობა, რომლებიც მოსწავლეს სხვადასხვა პერიოდში უსწავლია. ეს ასპექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ენის შემსწავლელი უცხო ენას არაავთენტურ გარემოში ითვისებს.

ტექსტის ექსპლიციტური და იმპლიციტური ინფორმაციის გაგება წარმოუდგენელია ლექსიკური კომპონენტების კარგად აღქმისა და გააზრების გარეშე. ტექსტის სწავლების პარალელურად, ვფიქრობ, აქცენტი უნდა გავაკეთოთ ლექსიკის საინტერესო და მართებული ფორმით მიწოდებაზე.

გერმანულ ენაში ძირითადად უფროსკლასელებთან და მოზრდილებთან ვმუშაობ და შესაბამისად, ამ სტატიაში განვიხილავ მათთან მუშაობისა და სიტყვების სწავლება-მიწოდების ჩემებურ მეთოდებს.

ბოლო პერიოდში უცხო ენის ჯგუფებსა თუ ფორუმებზე ხშირად ვაწყდები ტექსტის ქვემოთ მიწერილ ლექსიკურ ერთეულებს, რაც, რა თქმა უნდა, წინგადადგმული ნაბიჯია. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ინგლისურისგან განსხვავებით, გერმანულ ენაში არ არის ქართულენოვან შემსწავლელთათვის საკმარისი მასალა თუ სახელმძღვანელო. ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ უფრო ეფექტურია ტექსტის მიხედვით ლექსიკური კომპონენტების წინასწარ, საგაკვეთილო პროცესამდე მომზადება. გაკვეთილზე ჩაწერილი სიტყვებისგან განსხვავებით, ასეთ მასალაში არ გვხვდება გადმოწერისას ან სხვა მიზეზების გამო დაშვებული ორთოგრაფიული შეცდომები და დიდი პლუსია ისიც, რომ უამრავი დრო იზოგება. გერმანული ენა იმ ენებს მიეკუთვნება, რომლებიც კონკრეტიკასა და სიზუსტეს საჭიროებს. ლექსიკის სწორი ფორმით მიწოდება დიდ როლს თამაშობს არა მარტო უბარიერო კომუნიკაციასა და ყოველდღიურობასთან გამკლავებაში, არამედ მაღალი დონის გამოცდების (TestDaF, Goethe B1-C2, Telc და ა.შ) წარმატებით დაძლევაშიც. ეს კი პროფესიული წინსვლის წინაპირობაა. ხშირად ამ კონტექსტში ვიხსენებ და ვიმოწმებ ლუდვიგ ვიტგენშტაინის სიტყვებს: „ჩემი ენის საზღვრები ჩემი სამყაროს საზღვრებია“.

 

შეცდომები, რომლებიც ხშირად მხვდება:

1) არსებითი სახელების სწავლება მათი არტიკლისა და მრავლობითი რიცხვის გარეშე;

2) ზმნები უმჯობესია ისწავლებოდეს მათ ძირითად ფორმებთან ერთად (Infinitiv; Präteritum; Partizip II);

3) ზმნასთან ერთად მნიშვნელოვანია ვასწავლოთ შესაბამისი არსებითი სახელიც.

ზოგადად, სიტყვათწარმოება ტექსტის პარალელურად, ეტაპობრივად უნდა ისწავლებოდეს. მოსწავლე უნდა იცნობდეს ვერბალიზაციის, ნომინალიზაციისა თუ ადვერბალიზაციის პრინციპებს, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს Sprachgefühl-ის განვითარებას.

შეიძლება შეცდომა არ არის სიტყვების სინონიმებისა და ანტონიმების გარეშე სწავლა, თუმცა მე უკვე A1 დონიდან ვიყენებ ამ მეთოდს და ვუხსნი მათ ნიუანსურ განსხვავებებს. ამას გარდა, კონკრეტულ სიტყვასთან მიმართებაში აუცილებლად ვაწვდი ასოციაციურად ყველაზე გავრცელებულ მყარ შესიტყვებებს – იდიომატურს თუ არაიდიომატურს და ა.შ. რაც მთავარია, ლექსიკური ერთეულების სწავლებისას მოსწავლეებს ვურჩევ იოლად დამახსოვრებადი, მარტივი, პირველ პირში შედგენილი წინადადებები გამოიყენონ და აუცილებლად კონტექსტურად ისწავლონ.

ლექსიკის მიწოდების ჩემებური გზები სცილდება ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს. ჩემთან სიტყვების სწავლა ერთგვარი თამაშია და მოიცავს პოლისემიას, ჰიპერონიმულ და ჰიპონიმურ პირამიდებს, ომონიმებს, სადაც დეტალურად განვმარტავ ომოფონებსა და ომოგრაფებს. ანტონიმების სწავლებაც ერთგვარი საინტერესო პროცესია, ზედმიწევნით ვარკვევთ თითოეული მათგანი კონტრადიქტორულია თუ კონტრარული. ვიყენებ ასოციაციურ ტექნიკასაც და ა.შ. გაკვეთილზე ვახარისხებთ ასევე ახსნილი ლექსიკა აქტიურ მინიმუმს მიეკუთვნება, პასიურს თუ პოტენციურს.

ენა ფონეტიკურ-ფონოლოგიური, ორთოგრაფიულ-ორთოეპიული, ლექსიკურ-გრამატიკული სისტემაა და მისი სწავლების პროცესი მუდმივად საჭიროებს კომპლექსურ აზროვნებას.

ლექსიკური ერთეულების სწავლება რამდენიმე ეტაპისგან შედგება და, პირველ რიგში, აქცენტს ვაკეთებთ მისი გამოხატვის პლანსა და ჟღერადობაზე, შემდეგ მის მნიშვნელობაზე, ანუ შინაარსის პლანზე და სულ ბოლო ეტაპი არის გამოყენება, იგივე – დისტრიბუციის პლანი.

სიტყვების განმტკიცების თვალსაზრისით უამრავი მეთოდით ვსარგებლობ. ძალიან ეფექტური აღმოჩნდა ერთ-ერთი მეთოდური მიდგომა: „თარგმნე ჩემი წინადადებები“. ამ პრინციპის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ერთ-ერთი მოსწავლე ან გერმანულის კურსის მონაწილე უკვე ნასწავლი ტექსტისა და სიტყვების მიხედვით, საკუთარი გამოცდილების, ბიოგრაფიის, შეხედულებებისა და განვლილი მასალის საფუძველზე, მშობლიურ ენაზე ადგენს წინადადებებს, რომლებიც ჯგუფს მიეცემა როგორც საშინაო დავალება და შემდეგ დეტალურად სწორდება. აღნიშნულ გრამატიკულ-მთარგმნელობით მეთოდს უამრავი დადებითი მხარე აქვს და ხელს უწყობს:

1) მოსწავლის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაცნობასა და მათი თვითრეფლექსიის უნარის განვითარებას;

2) კრეატიულ აზროვნებას;

3) ცოდნის ტრანსფერს;

4) მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში;

5) ერთმანეთის უკეთ გაცნობასა და ერთსულოვნების გრძნობის ჩამოყალიბებას;

6) ხშირად ეს მეთოდი ემპათიისა და ტოლერანტობის წინაპირობაც გამხდარა.

ჩემი დაკვირვებით, თარგმნის პროცესი უცხო ენის გაკვეთილზე ძალიან ეფექტურია. ამ დროს მოსწავლეები არამარტო განიმტკიცებენ უცხო ენას, არამედ უღრმავდებიან მშობლიურსაც. ამ კონტექსტში მახსენდება გოეთეს სიტყვები : „ვინც არ იცის უცხო ენები, მას მშობლიური ენისაც არაფერი გაეგება!“. ზემოთ აღნიშნული მეთოდის გამოყენებისას აუცილებელია მასწავლებლის დიდი ჩართულობა ენათშორისი ინტერფერენციის დასაძლევად.

თითოეული გაკვეთილის დაგეგმვა გულისხმობს მოსწავლეების ფსიქოლოგიური ტიპოლოგიის, ასაკობრივი თავისებურებების, განწყობის, აზროვნების განვითარებისა და სხვა ასპექტების გათვალისწინებას. მიუხედავად ყველა დეტალის მხედველობაში მიღებისა, ცალკეული საინტერესო გაკვეთილი მაინც სპონტანური პროცესია და ეს სპონტანურობა მხოლოდ საკუთარ თავზე რუტინული მუშაობითა და მრავალმხრივი თვითგანვითარებით მიიღწევა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

შავერდაშვილი ე. – უცხოური ენების სწავლების საფუძვლები (2014);

მუმლაძე ა. – როგორ ვასწავლოთ? უცხო ენა უცხოდ რომ არ დარჩეს. „ივერიონი“ (2020).

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი