იცნობთ ადამიანებს, რომლებიც სულმოუთქმელად მიისწრაფვიან შედეგისკენ? ან მათ, ვინც ხშირად ცდილობს ადგილმონაცვლეობას? მათ, ვისი მოფუსფუსე, მოუსვენარი მოძრაობები გაფიქრებინებთ, რომ მათი სხეული ცდილობს, რაღაცას დაუსხლტეს?
უსაფრთხოების განცდა მდგომარეობაა, რომლის სიუხვით ან ნაკლებობით, პირველ რიგში, ჩვენი სხეულია გაჟღენთილი. სხეული გასცემს როგორც მის არსებობას, ასევე – მის არარსებობას ან ნაკლებობას. უსაფრთხოების განცდა წარმოადგენს არა საფრთხეების არსებობის უგულებელყოფისგან ან მათთან დაკავშირებული, სავარაუდო ან წარმოსახული ზიანის გაზვიადებისგან გამომდინარე მდგომარეობას, არამედ, იმის სხეულებრივ რწმენას, რომ „საფრთხეებთან გამკლავება შემიძლია“ და ამ სიმტკიცისგან გამომდინარე მჭიდრო კავშირს სინამდვილესთან.
დაჰკვირვებიხართ, როგორ სხვადასხვანაირად შეისწავლიან ადამიანები უცხო გარემოს? ზოგიერთი მათგანი გაბედულად იკვლევს ახალ სივრცეებს, საკუთარ თავს ხეტიალის, დაკარგვის ფუფუნებას აძლევს, ზოგიერთი კი მფრთხალად მიიწევს წინ, თითქოს, წონასწორობის დაცვის სირთულით, რაც, სინამდვილეში, ახალთან მიახლოება – განრიდების დაპირისპირებითაა გამოწვეული: „ერთი მხრივ, მინდა, შევიმეცნო, თუმცა, მეორე მხრივ, მეშინია სიახლეებს მივუახლოვდე.“ ამიტომ, ყველა ჩემი ნაბიჯი მერყევია, ფეხქვეშ მიწა – მყიფე, სხეული – საფრთხის მოლოდინით გაჯერებული. ამიტომ, სიახლეებს თავს ვარიდებ.
თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც, პირიქით: სიახლეებისკენ ლტოლვა შფოთვისგან თავდაცვის გზაა.
„სიახლეები მიყვარს. ყველაფერი სწრაფად მბეზრდება.“
იცნობთ ადამიანებს, რომლებიც ხშირად იცვლიან საქმიანობას და ცნობისმოყვარეობის სამიზნეებს?
როგორც წესი, ასეთ ადამიანებს ირგვლივმყოფები ცნობისმოყვარე ადამიანებად აფასებენ და ისინიც ამ დადებითი იარლიყის ქვეშ ჩქმალავენ უსაფრთხოების განცდის დანაკლისისგან გამომდინარე, ზოგჯერ გაუცნობიერებელ შფოთვას. სიახლეების ძიებაც, ხშირად, შფოთვასთან გამკლავებისა და მისგან გათავისუფლების გზაა.
იმისათვის, რომ განსაზღვრულ საქმიანობაში დავხელოვნდე, მარცხის განცდისადმი მედეგობა მჭირდება. თუმცა, რაც უფრო დიდი ხნის მანძილზე დავყოვნდები ერთი და იმავე საქმიანობის წიაღში, თუ შედეგიანად შევძლებ გამოწვევების დაძლევას, ჩემს დაოსტატებასთან ერთად, უნარიანობის განცდაცა და შესატყვისი ჯილდოც – კმაყოფილების განცდაც – გაიზრდება.
მარცხის განცდის დატევისათვის, ყოველ ჯერზე, როდესაც დავმარცხდები, მჭირდება საკუთარ თავშივე მეგულებოდეს საკუთარი თავი, რომელსაც მივაკითხავ თანაგრძნობა – თანაგანცდისთვის, ნუგეშისცემისთვის და დაფიქრებისთვის: „რა გჭირდება იმისათვის, რომ ის, რაც ამჯერად ვერ შეძელი, მომავალში შეძლო? რით შემიძლია შენი მხარდაჭერა?“
რომ შევაჯამოთ, მჭირდება საკუთარი თავის მიყურადების უნარი: საკუთარ თავს მოვუსმინო, ვანუგეშო და მარცხის განცდის მიუხედავად, იმასთან დაბრუნება შევძლო, რამაც თავი დამარცხებულად მაგრძნობინა.
ხშირად, ადამიანები ვერ ამთლიანებენ საკუთარი საქმიანობის იმედგამაცრუებელ და დამაჯილდოებელ მხარეებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები საკუთარ საქმიანობასთან მხოლოდ დამაჯილდოებელი ურთიერთობისკენ მიილტვიან და უჭირთ საქმიანობასთან ურთიერთობაში იმედგამაცრუებელი გამოცდილებების მართვა. მაგალითად, შესაძლოა, მე ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანების ნაწილი მარტივად და დაუბრკოლებლად გამომდიოდეს, თუმცა, მათგან ნაწილი ჩემგან მეტ ძალისხმევას, ზოგჯერ დაძაბულობას, მეტ ყურადღებას მოითხოვდეს და, გარდა ამისა, არსებობდეს ამოცანები, რომელთაც ჯერ – ჯერობით დამაკმაყოფილებლად ვერ ვასრულებ. რამდენად დავხელოვნდები განსაზღვრულ საქმიანობაში, ზუსტად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გავიშინაგნე ჩემი საქმიანობა, როგორც დიდწილად, დამაჯილდოებელი ურთიერთობა და, როდესაც მარცხს, იმედგაცრუებას ან უსუსურობას განვიცდი, მახსოვს თუ არა ჩემი საქმიანობა როგორც მთლიანი: როგორც ისეთი, რომელიც, ერთი მხრივ, მოიცავს დადებითი განცდების აღმძვრელი გამღიზიანებლების ერთობლიობას, მეორე მხრივ – უსიამოვნო განცდების აღძვრის შესაძლებლობას.
ზოგიერთი ადამიანი საკუთარ საქმიანობას ახასიათებს ან როგორც მხოლოდ დამაჯილდოებელ, დადებითი განცდების აღმძვრელ ურთიერთობას, ან როგორც მხოლოდ უსიამოვნო, იმედგამაცრუებელი განცდების აღმძვრელ კავშირს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ის საქმიანობას განიცდის როგორც დანაწევრებულს და არა – როგორც მთლიანს.
ამიტომ, როდესაც საქმიანობაში მარცხის განცდის აღმძვრელ ნაწილს გადაეყრებიან, მყისიერად ებადებათ მისგან განშორების ძლიერი ლტოლვა, რადგან არ შეუძლიათ, თავი ანუგეშონ და ნუგეშცემული დაბრუნდნენ შედეგის გაუმჯობესებისთვის.
შესაბამისად, სიახლისკენ ილტვიან, როგორც ისეთისკენ, რომელსაც აკისრებენ უსიამოვნო ემოციებისგან გათავისუფლების პასუხისმგებლობას; მორიგი სიახლისკენ მიისწრაფვიან, რადგან მისგან ელიან, რომ სწორედ ის შეძლებს უსაფრთხოების განცდის უზრუნველყოფას.
„რადგან შენ მეგულები, როგორც მოსიყვარულე…“
დამოუკიდებლად მოძრაობისა და გადაადგილების უნარის განვითარებასთან ერთად, ჩემი, როგორც ცოცხალი არსების მოთხოვნილება, „დავაგემოვნო“ გარესამყარო, შევიმეცნო საკუთარი და სხვისი სხეული და შინაგანი სამყარო, იზრდება და ფართოვდება. მშობლებისგან განცალკევებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ცხოვრების საწყის საფეხურზე ბევრი რამ მაკლია: მათ შორის, საფრთხეების შესატყვისად შეფასების უნარი და ასევე, საკუთარი ყოვლისშემძლეობის ფესვგადგმული განცდაც ჯერ – ჯერობით არ „შეუკვეცავს“ გარემოსგან დაწესებულ შეზღუდვებს: ჩემგან არ გამოუწვრთნია საკუთარი შესაძლებლობების საზღვრების მცოდნე ადამიანი. მაგალითად, ჯერ კარგად არ ვიცი, რომ ზოგიერთი ქცევა ნამდვილად საფრთხეს შეიცავს ჩემი სიცოცხლისთვის ან დამაზიანებელია, მაგრამ არც ის ვიცი, რომ ზოგიერთი ქცევა საკუთარი მოთხოვნილებების უსაფრთხოდ დაკმაყოფილების საშუალებას მაძლევს და, როგორც ჩემთვის, ასევე, სხვისთვის უვნებელი და უსაფრთხოა; ზოგიერთი რამ შესაძლებელია, ზოგიერთი – არა.
ერთ – ერთი, რაც ისევე როგორც საკუთარ თავში, ასევე გარემოში ხეტიალის, ჩაკარგვის და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალებას მაძლევს დაუგეგმავი, წინასწარ განსაზღვრული წესების არმქონე თამაშია[1]: ანუ, თამაში, რომლის დროსაც, არ ვიცი, რა მოჰყვება ჩემს ქმედებებს, მაგრამ უსაფრთხო გარემოში, თავად შემიძლია, ნივთებს, ჩემივე წარმოსახვით მივანიჭო სხვადასხვა დატვირთვა, საკუთარ თავს მოვუთხრო სხვადასხვა რამ როგორც ჩემზე, ასევე იმაზე, რაც გამოვიგონე, ანუ „შევქმენი,“ შემიძლია, ვიხეტიალო და მივენდო აღმოჩენებს.
თამაში შესაძლებელი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მე ახლოს, შემდგომში კი გაშინაგნებული განცდის სახით მეგულები შენ – ჩემზე მზრუნველი პირი − მისაწვდომი როგორც ჩემი მარცხისა და ჩემი მიღწევის, ასევე – ჩემი მიგნებების, ჩემი შემოქმედების გაზიარებისთვის. თამაშში ჩაკარგვის საშუალებას სწორედ შენი, როგორც მისაწვდომი მზრუნველი პირის არსებობა მაძლევს. მისაწვდომობა კი იმას ნიშნავს, რომ როდესაც დავმარცხდები და შენთან მოვალ ნუგეშისცემისთვის, თანაუგრძნობ ჩემს ტანჯვას, ოღონდ, ამით არ შემოიფარგლები და მეტყვი: „მოდი, ერთად ვცადოთ, გავიგოთ, რა გჭირდება იმისთვის, რომ ეს სირთულე დაძლიო ან შესაძლებელია თუ არა ამ სირთულის დაძლევა,“ რადგან შენ ისიც გესმის, რომ მე აუცილებლად მჭირდება დავბრუნდე და ვცადო იმ სირთულეებთან გამკლავება, რომელიც შემხვდა. ამ მიდგომით მასწავლი, რომ, ერთი მხრივ, როცა ვმარცხდები, ვიღებ თანაგრძნობა – თანაგანცდას და ეს იმას ნიშნავს, რომ მარცხი მისაღებია და ზოგჯერ გარდაუვალი. მეორე მხრივ, მასწავლი, რომ შემიძლია, ვცადო სირთულეების დაძლევა. შენი სიმშვიდე ჩემთვის გადამდები იქნება. თუმცა, ისიც გასაგებია, რომ როგორც მშობელი ყოველთვის შეიძლება ვერ შეხვდე ჩემს მარცხს ერთნაირი მოთმინებით და ესეც ადამიანურია. ამ შემთხვევაში, რაც დამეხმარება, ესაა: „მაპატიე, რომ მოთმინება დავკარგე და გეუხეშე [გიყვირე, ხმას ავუწიე და ა. შ.]. მოდი, ერთად ვცადოთ [თავსატეხის გადაწყვეტა].“
არანაკლებ მნიშვნელოვანია, შენ, როგორც ჩემს მზრუნველ პირს, შეგეძლოს, ჩემი სიხარულის გაზიარება, რომელსაც ჩემი მიგნებები აღძრავს ჩემში.
„მოვიწყინე… ახლა რა ვქნა?“
სიმშვიდეს მიუჩვეველი ადამიანები, ხშირად, მას მოწყენილობასა და საფრთხესთან აიგივებენ. მაშინ, როდესაც თვალის ცეცებით ვეძებ ჩემს მზრუნველ პირს ან მუდმივად დაძაბული ვარ, ჩემი სხეულის წინაშე გადაუჭრელი ამოცანა დგას: რადაც არ უნდა დამიჯდეს, შევინარჩუნო ჩემი მზრუნველი პირის კეთილგანწყობა იმისათვის, რომ არ მიმატოვონ[2]. თუმცა, როდესაც მეგულები და ჩემი სხეული სასიცოცხლო ძალას არ ხარჯავს შენთან კავშირის უწყვეტობისა და გულისხმიერების შენარჩუნებისათვის, ან არ ევალება შენი შინაგანი მდგომარეობების მართვა – მეთვალყურეობა, ის დუნდება, მშვიდდება და თავისუფალი სასიცოცხლო ძალა იწყებს სიახლეების ძალდაუტანებლად ძებნას. იმისათვის, რომ შემოქმედებითობა შევძლო და ახალი უნარის განვითარებაზე გადავინაცვლო, რაღაც ნამდვილად უნდა მომყირჭდეს, მომბეზრდეს და სიახლე ძალდაუტანებლად დაიბადოს ჩემი მოწყენილობიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიახლეებით გატაცებაც ძალდატანებული და იძულებითია. სადღაც, ყრუდ კი, მუდმივად მახსენებს თავს უუნარობის განცდა, რადგან საკუთარ უნარიანობაში დაურწმუნებელმა, სიახლეებისკენ გზაზე, ვერ შევძელი კმაყოფილება განმეცადა, რომელსაც მხოლოდ თავდადებისა და თავის მიძღვნის პასუხად გასცემს საკუთარი თავი საკუთარი თავისთვის და დაუსრულებლობისა და დაუკმაყოფილებლობის განცდით ნატანჯი საკუთარი უუნარობის განცდას სიახლეების სიყვარულს ვაფარებ.
…
და თუ სიახლეებისკენ ლტოლვით დღემდე ვცდილობ შენი სიყვარულის დაცვას?
…
[1] დაუგეგმავი თამაში, ფართო გაგებით, მოიაზრებს ნებისმიერ ქმედებას; ზოგადად, განწყობას, რომელიც მოიცავს დაუგეგმავობას და ეყრდნობა უსაფრთხოების განცდას: მე შემიძლია, ვითამაშო, რადგან შემიძლია, გავუმკლავდე გაუთვალისწინებელს, რადგან საკმაოდ მშვიდად ვგრძნობ თავს ამისთვის.
[2] ხშირ შემთხვევაში, მიტოვება წარმოსახული, თუმცა, ადამიანის სხეულისთვის უკიდურესად მტკივნეული და უკიდურესად ნამდვილი შედეგი და გამოცდილებაა.