ორშაბათი, მაისი 5, 2025
5 მაისი, ორშაბათი, 2025

მოძრაობითი აქტივობის როლი ბავშვის განვითარებაში

0

ბავშვის განვითარებაზე საუბრისას, მისი მდგომარეობის გაანალიზებისა და შეფასების დროს, როგორც წესი, განიხილება სამი ძირითადი მიმართულებით – ფიზიკური, ინტელექტუალური და სოციალურ-ემოციური – დაფიქსირებული ცვლილებები. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი განცალკევებულია ერთმანეთისაგან. პირიქით, ერთი მიმართულებით მომხდარი ცვლილებები სერიოზულ გავლენას ახდენს სხვა მიმართულებით ბავშვის განვითარების მიმდინარეობაზე. სწორედ ამიტომ, ბავშვის განვითარება ერთ მთლიანობაში მოიაზრება და ფსიქოფიზიკური განვითარების ცნებით აღინიშნება. აქედან გამომდინარე, როცა ბავშვის განვითარების პროცესში მომხდარ ცალკეულ არასასურველ ცვლილებაზე ვსაუბრობთ და მის გამომწვევ მიზეზებს ვეძებთ, კარგი იქნება იმის გარკვევა ხომ არ არის ეს განპირობებული ბავშვის ამა თუ იმ მიმართულებით განვითარების არახელსაყრელი პირობებით.

ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასასურველი მდგომარეობაა შექმნილი ბავშვის ფიზიკური განვითარების მიმართულებით. ეს პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით იჩენს თავს დიდ ქალაქებში, სადაც ბავშვების თავშეყრისა და თამაშისათვის საჭირო ღია სივრცეების სერიოზულ ნაკლებობასთან, ცალკეულ შემთხვევებში კი ფაქტობრივ არარსებობასთან გვაქვს საქმე. ალბათ დღეს ეს უკვე აღარავის აკვირვებს იქ, სადაც ბავშვებისთვის სათამაშო ადგილების ნაკლებობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ხშირად ფეხით მოსიარულესაც კი უჭირს ქუჩებში თავისუფლად გადაადგილება. თუმცა, ისიც საინტერესოა, მრავლად რომ გვქონოდა ისეთი ადგილები, სადაც ბავშვები თავისუფლად მოახერხებდნენ ღია ცის ქვეშ თამაშს, გადადებდნენ თუ არა ისინი გვერდით თავიანთ სმარტფონებს, იტყოდნენ თუ არა უარს კომპიუტერულ თამაშებზე და დაკავდებოდნენ თუ არა მოძრავი თამაშებით. საეჭვოა მათ ეს გაეკეთებინათ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მაშინაც კი, როცა ისინი თანატოლებთან, ან მშობლებთან ერთად ქალაქგარეთ იმყოფებიან, ნაცვლად იმისა, რომ დატკბნენ ბუნების სილამაზით და მეტი იმოძრაონ, სმარტფონების ეკრანს თვალს ვერ წყვეტენ. შემთხვევითი არ არის, რომ დღევანდელი ბავშვებისთვის სრულიად უცხოა ის მოძრავი თამაშები, რომლებიც წინა თაობის ადამიანებისთვის ბავშვობაში უსაყვარლეს გასართობ საშუალებად ითვლებოდა. დღეს ბავშვების მოძრაობითი აქტივობის ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორია გადამეტებული სასკოლო დატვირთვა. ხშირად ეს დატვირთვა ისეთ სახეს იღებს, რომ ბავშვს არათუ მოძრავი თამაშის, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დროც კი შეიძლება აღარ დარჩეს. პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა პანდემიის პირობებში, როდესაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ოთხკედელშუა გამოკეტილ და ონლაინგაკვეთილზე მყოფ ბავშვს თითქმის მთლიანად მოაკლდა ელემენტარული მოძრაობითი აქტივობის შესაძლებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობ ნებისმიერი აღმზრდელისთვის, როგორც მშობლებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის საინტერესო იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა როლს ასრულებს მოძრაობითი აქტივობა ბავშვის ცხოვრებაში და რა გავლენა შეიძლება იქონიოს მისმა დეფიციტმა ბავშვის საერთო ფსიქოფიზიკურ განვითარებაზე.

მოძრაობა, მოძრაობითი აქტივობა ბავშვის, როგორც ფიზიკური, ასევე ინტელექტუალური და ემოციურ-ნებელობითი სფეროს განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. საკმაოდ ადრეული ასაკიდან პატარას ესაჭიროება სამყაროს შემეცნება, ამაში კი მას დიდ დახმარებას სწორედ მოძრაობითი აქტივობა უწევს. ბავშვი ჯერ კიდევ ჩვილობის პერიოდში მოძრაობის საშუალებით იწყებს მის გარშემო არსებული სამყაროს შეცნობას, ურთიერთობს მასთან, ემოციების საშუალებით გამოხატავს მის მიმართ დამოკიდებულებას. ასე რომ, პირველი წარმოდგენები სამყაროს შესახებ ბავშვს სწორედ მოძრაობების საშუალებით უჩნდება. რაც უფრო მრავალფეროვანია ეს მოძრაობები, მით უფრო მეტი ინფორმაცია გადაეცემა ტვინს და მით უფრო ინტენსიურია ინტელექტუალური განვითარება. მზარდი ორგანიზმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოძრაობით აქტივობას. ის დადებითად მოქმედებს მთელს ორგანიზმზე და განსაკუთრებით ტვინის ფუნქციონირებაზე. მოძრაობითი აქტივობა ხელს უწყობს გონებრივი შრომისუნარიანობის ამაღლებას, მეტყველების განვითარებას, ნებელობითი მოძრაობებისა და მოქმედებების ფორმირებას, რომლებიც საფუძვლად უდევს მოტორულ ქცევას. მოტორული აქტივობა, თავის მხრივ, წარმოადგენს აუცილებელ და განმსაზღვრელ ფაქტორს, რომელიც განაპირობებს ბავშვის სრულფასოვან ფიზიკურ განვითარებას.

მოძრაობის მოთხოვნილება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან იჩენს თავს ბავშვში. მოძრაობის შეზღუდვა, საფენებში გახვევა ან ტანზე მჭიდროდ მომდგარი ტანსაცმლის ჩაცმა პატარაში მოუსვენრობის, შფოთვისა და ტირილის მიზეზია. და, პირიქით – საფენების ან მჭიდრო ტანსაცმლისგან განთავისუფლება და თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობის გაჩენა ამშვიდებს პატარას. ცოტა უფრო მოზრდილ ბავშვთან თითოეული შესრულებული მოძრაობის (ხოხვა, სიარული, ხტუნვა) თანმხლებია ნათელი ემოციური რეაქციები. როგორც დაკვირვება გვიჩვენებს, ბავშვები, რომლებიც მოკლებულნი არიან თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობას, ნაკლებად განვითარებული, არაემოციური არიან. ყველაფერი ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ჯანმრთელობის განსამტკიცებლად, ბავშვის ნორმალური ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისთვის უკვე საკმაოდ ადრეული ასაკიდან სასიცოცხლოდ აუცილებელია მოძრაობითი აქტივობა.

რამდენადაც მოძრაობითი აქტივობა ბავშვის ბიოლოგიურ მოთხოვნილებას და ნორმალური განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი შეზღუდვა. მოძრაობის შეზღუდვის პირობებში მკვეთრად ნელდება, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური განვითარება. მოძრაობითი აქტივობა, განსაკუთრებით ხელის მოძრაობა და წვრილი მოტორიკის განვითარება წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ პირობას მეტყველებისა და აზროვნების განვითარებისთვის.

სამწუხაროდ, დღეს ბავშვები 2-ჯერ ნაკლებ დროს ხარჯავენ მოძრაობით აქტივობაში, ვიდრე ეს მათი ასაკობრივი ნორმებით არის გათვალისწინებული. ჰიპოდინამია – არასაკმარისი მოძრაობითი აქტივობა საკმაოდ ხშირად ფიქსირდება მოზარდებში. ჰიპოდინამია პირველ რიგში აზიანებს კუნთოვან სისტემას – მუშაობის გარეშე კუნთები სუსტდება, შემდეგ კი ატროფირდება, ქვეითდება კუნთოვანი ტონუსი, შრომისუნარიანობა, ამტანობა, გამძლეობა, მცირდება კუნთების მასა და მოცულობა, ირღვევა მოძრაობების კოორდინაცია, თავს იჩენს დეპრესია და ნერვული სისტემის სხვა დარღვევები. ჰიპოდინამიის დროს სერიოზული ცვლილებები ფიქსირდება გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მუშაობაში. რადგანაც არ მუშაობს კუნთები, რომლებიც სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევას ეხმარება, თავის ტვინს საჭირო რაოდენობით არ მიეწოდება სისხლი, შედეგად აღმოცენდება თავის ტკივილი, დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება, გულისცემის აჩქარება. გამომდინარე იქიდან, რომ სასკოლო ასაკში ჰიპოდინამია ჩვეულებრივ დაკავშირებულია ბავშვის არარაციონალურ დღის განრიგთან, სასწავლო საქმიანობით მის გადატვირთვასთან, ჰიპოდინამიის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალება იქნება ფიზიკური ვარჯიში, დღის რეჟიმის სწორად შედგენა, სპორტით დაკავება, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ფიზიკური შრომა, სრულფასოვანი კვება, ტელევიზორთან და კომპიუტერთან გატარებული დროის შეზღუდვა, დროულად დაძინება, რადგან ძილის დეფიციტი გამანადგურებელია ნებისმიერი ასაკის ადამიანის და მით უმეტეს ბავშვის ორგანიზმისთვის.

ყოველ მშობელს სურს, ხედავდეს საკუთარ შვილს ჯანმრთელს, მხიარულს, ფიზიკურად განვითარებულს. ამისათვის კი აუცილებელია მისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომ მან შეძლოს ასაკის შესაბამისი მოძრაობების დაუფლება. მოძრაობები მრავალმხრივ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და ეს გავლენა განუზომლად მნიშვნელოვანია მზარდი და განვითარებადი ორგანიზმისთვის. მოძრაობითი აქტივობა არის ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური, მისი ფსიქოფიზიკური განვითარების მთავარი ფაქტორი, ჯანმრთელობის შენარჩუნების აუცილებელი პირობა – მოძრაობის გარეშე ბავშვი ჯანმრთელი ვერ გაიზრდება. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო ადრე დაიწყება ბავშვთან მუშაობა მოტორული სფეროს განვითარებაზე, მით უფრო ნაკლები იქნება მის მოტორიკაში გადახრების აღმოცენების ალბათობა და მით მეტ დადებით გავლენას მოახდენს მოძრაობითი აქტივობა მის ფსიქოფიზიკურ განვითარებაზე. გავითვალისწინოთ, რომ გაცილებით ადვილია მოტორულ განვითარებაში მოსალოდნელი სირთულეების თავიდან აცილება, ვიდრე აღნიშნული მიმართულებით არსებული პრობლემების დაძლევა.

 

 

 

მასწავლებლის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში

0

სწავლება მეტად რთული და საპასუხისმგებლო პროცესია. მრავალფეროვანი გამოცდილება და მეთოდებია საჭირო, რომ წარუძღვე და შედეგზე ორიენტირებული გახადო სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი. მასწავლებელი – ეს არის მთავარი ღერძი, საყრდენი და საფუძველი მომავალი თაობის ფორმირების პროცესში.

საზოგადოდ, პიროვნების აღზრდა მრავალ ასპექტს მოიცავს, მაგრამ თავისუფალი და დემოკრატიულად მოაზროვნე  მოქალაქის ჩამოყალიბება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა თანამედროვე საზოგადოებისთვის.

მაინც რას გულისხმობს დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქის აღზრდა?

ასეთმა მოქალაქემ იცის თავისი მოვალეობები, უფლებები და პატივს სცემს სხვის უფლება-მოვალეობებს. მას შეუძლია გონივრული არჩევანის გაკეთება, შეუძლია, აირჩიოს ის, რაც ამ მომენტისთვის საუკეთესოა ან არჩევანი გააკეთოს უკეთესსა და უარესს შორის.

რა გასაკვირიც უნდა მოგეჩვენოთ, დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქეს შეუძლია, მისცეს თავს შეცდომის უფლება და ნაკლებად ღელავს საზოგადოების მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ ჭორ-მართალზე.

დემოკრატიულობა ნიშნავს თანასწორუფლებიანობას, კაცისა და ქალის თანაბარი შესაძლებლობების აღიარებას, სტერეოტიპებისგან თავისუფალ აზროვნებას და ნებისმიერი განსხვავებული აზრის პატივისცემას. შესაძლოა არ ეთანხმებოდე, არ იზიარებდე სხვის მოსაზრებას, მაგრამ პატივს სცემდე მას, აუგად არ მოიხსენიებდე და არ აკნინებდე. დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქე პაექრობის, დავის, დებატების დროს აღიარებს სამართლიან მარცხს, იზიარებს მეტოქის გამარჯვების სიხარულს. ის კანონმორჩილია და კანონის უზენაესობის წინაშე თავი დამცირებულად არ მიაჩნია. და კიდევ ბევრი, ბევრი რამ…

ალბათ მიხვდით, რაოდენ აღმატებულია მასწავლებლის როლი. ასეთი თვისებებით შემკული მოქალაქე რომ აღზარდოს, თავად მასწავლებელი უნდა იყოს დემოკრატიული. აი ასე, დემოკრატიული მასწავლებელი დემოკრატიული მოქალაქისთვის!

მასწავლებლის როლი თავისუფალი და დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქის ფორმირების პროცესში სწავლების ყველა საფეხურზე უდიდესია, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დემოკრატიული მოქალაქის ფორმირება დაწყებითი სწავლების ეტაპზევე დავიწყოთ. სწორედ ეს ეტაპია საყრდენი, აქ ეყრება მყარი საფუძველი დემოკრატიულ ღირებულებებს. რაც უფრო ძლიერი ფუნდამენტი აქვს შენობას, მით უფრო გამძლე და მაღალი შეიძლება აშენდეს იგი. აშენება, დაშენება და დამშვენება კი ყოველთვის შესაძლებელია.

ჩემი პედაგოგიური დაკვირვების საფუძველზე შემიძლია დავასახელო რამდენიმე მიგნება, რომლებიც ხელს უწყობს დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

პატარები თამაშით სწავლობენ, ამიტომ მათ „ბარათებით დაწყვილების“ მეთოდის ვარიაცია შევთავაზე. მოსწავლეების ნაწილს მკერდზე ვამაგრებ ბარათს მათემატიკური გამოსახულებით, ხოლო ნაწილს – გამოსახულების პასუხით. თითო მაგალითს აქვს თითო პასუხი. ბავშვები ამ ბარათებით პოულობენ ერთმანეთს და წყვილდებიან. დაწყვილებულმა მოსწავლეებმა კლასის წინაშე უნდა ისაუბრონ ერთმანეთზე.

ეს სავარჯიშო საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, მშვიდობიანად დაამყარონ კონტაქტი სხვებთან. აღმოაჩინონ ახალი და საინტერესო მხარეები, აჩვევს ერთმანეთის პატივისცემას და კომუნიკაციის ეფექტურად დამყარებას, ეს კი თავისუფალი და დემოკრატიული მოქალაქის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ძალიან კარგი შედეგი აქვს კიდევ ერთ აქტივობას: ერთ ფურცელზე ხატვას წყვილებში. ეს საინტერესო და სახალისო აქტივობაა დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის. თაბახის ფურცელი გაიკეცება სამ თანაბარ ნაწილად, შემდეგ გაიშლება. მოცემულ ფურცელზე ორი მოსწავლე ფურცლის გარეთა მესამედებზე ცალ-ცალკე ხატავს იმას, რაც სურს, ხოლო რას დახატავენ შუაში, ამის თაობაზე უნდა შეთანხმდნენ და ერთობლივი ნამუშევარი წარმოადგინონ.

ეს აქტივობა იმით არის კარგი, რომ ხელს უწყობს მოლაპარაკების, დათმობის, შეთანხმების, ეფექტური კომუნიკაციისა და სხვისი აზრის პატივისცემის უნარების ჩამოყალიბებას, ეს უნარები კი აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. მასწავლებელი სახალისო ფორმით ავითარებს დემოკრატიული კულტურის ელემენტებს მოსწავლეებში.

საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ კლასისთვის წესების შემუშავება ქმნის წესრიგის წინაპირობას. მოსწავლეები, რომლებიც თავად ქმნიან წესებს ან წესების შექმნაში მონაწილეობენ, უფრო მეტად ცდილობენ მათ დაცვას. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ თუ გვინდა, ვასწავლოთ მოსწავლეს კანონის მორჩილება, აუცილებელია, დაწყებით კლასებში ამ წესების შემუშავებას, მათ დაცვას და განხორციელებას მივაჩვიოთ.

დაწყებით კლასებში, მიზანშეწონილია, შევთავაზოთ მოსწავლეებს წესის რამდენიმე ვარიანტი, ხოლო პატარები დემოკრატიული გზით შეთანხმდნენ, რომელია მათთვის უფრო მისაღები და რომლის შესრულებას შეძლებს ყველა. მათ წვლილს დიდი მნიშვნელობა აქვს. მოსწავლეებს უჩნდებათ „საკუთრების“ შეგრძნება და კლასის როგორც მიკროსაზოგადოების ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის გამოცდილებას იძენენ, აცნობიერებენ კავშირს უფლებებსა და პასუხისმგებლობას შორის.

აღზრდაზე საუბრისას ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ მთელი წყება ფაქტორებისა, რომლებიც ამ პროცესზე დადებით ან უარყოფით გავლენას ახდენს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სხვადასხვა გარემოში ცხოვრობენ და ეს გარემო გავლენას ახდენს თითოეული მათგანის ჩამოყალიბებაზე. ყველა მოსწავლე ცხოვრობს ოჯახში. ოჯახი პატარა საზოგადოებაა, სადაც ბავშვები ყველაზე მეტ დროს ატარებენ. შესაბამისად, მოსწავლეებზე მისი გავლენა ძალიან დიდია. თუ ოჯახმა სწორი ღირებულებების დამკვიდრებისთვის მასწავლებელთან არ ითანამშრომლა და ხელი არ შეუწყო ამ პროცესს, ცხადია, მასწავლებლის ძალისხმევა ნაკლებშედეგიანი იქნება. სწორედ ამიტომაა მასწავლებლის როლი მნიშვნელოვანი. მან სწორად უნდა შეაფასოს თითოეული მოსწავლის გარემოცვა და დაგეგმოს შესაბამისი ნაბიჯები. კარგია ოჯახის წევრებთან ხშირად შეხვედრა და გულახდილი საუბარი, ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული სხვადასხვა აქტივობის ჩართვა.

შევაჯამოთ: რა შეგვიძლია ჩვენ, მასწავლებლებს? ჩვენ შეგვიძლია, სწორი ღირებულებები ჩავუნერგოთ მოსწავლეებს, ვასწავლოთ მათ კლასში საკუთარი თავის გამოვლენა, მივცეთ შეცდომის უფლება და მისი გამოსწორების შესაძლებლობა, მოვსინჯოთ სხვადასხვა გზა, მეთოდი, სტრატეგია, რათა აღვზარდოთ ისინი თავისუფლად მოაზროვნე დემოკრატიულ მოქალაქეებად, მოვამზადოთ საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

როლფ გოლობი, პიტერ კრაფი. დემოკრატიის სწავლება. წიგნი VI

„რა რისკებს შეიცავს ბავშვების ზედმეტად დაცულ გარემოში აღზრდა, როცა ისინი უსაფრთხოების მიზნით სახლში გამოკეტილები არიან“

0

ინტერვიუ რიჩარდ ლოუვთან

რიჩარდ ლოუვი არის ჟურნალისტი და 10 წიგნის ავტორი, რომელთა შორისაა “უკანასკნელი ბავშვი ტყეში: როგორ დავიცვათ ჩვენი ბავშვები ბუნების დეფიციტის სინდრომისგან” და “ბუნების პრინციპი: როგორ აღვადგინოთ კავშირი ბუნებასთან ვირტუალურ ეპოქაში.”  რიჩარდ ლოუვის წიგნები თარგმნილია ოც ენაზე.  იგი გახლავთ თანადამფუძნებელი და  საპატიო თავჯდომარე  არასამთავრობო ორგანიზაციის “Children & Nature Network”, რომელიც ეხმარება ბავშვებს ბუნებასთან დაახლოებაში. ცხოვრობს ჯულიანში, კალოფორნიაში. ინტერვიუ ჩაიწერა ჯურნალისტმა პამელა დრანკერმანმა

რატომ არის ბუნება ასეთი მნიშვნელოვანი ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის? რას  ნიშნავს “ბუნების დეფიციტის სინდრომი”?

კვლევებმა გვიჩვენა,  რომ როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის, ბუნებასთან ურთიერთობა სარგებლის მომტანია ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის და აუმჯობესებს სწავლის უნარს. ბუნებაში კონტაქტი ამშვიდებს ბავშვებს, ეხმარება მათ ყურადღების კონცენტრირებაში, ამცირებს  ჰიპერაქტიურობის და ყურადღების დეფიციტის სინდრომებს. ასევე, ხელს უწყობს კოგნიტური უნარების განვითარებასა და ჭარბი წონის პრობლემის გადაჭრას; ამცირებს მიოპიას (ახლომხედველობას).

“ბუნების დეფიციტის სინდრომი” სამედიცინო დიაგნოზი არ არის, თუმცა თვალსაჩინო ტერმინი, მეტაფორაა, რომელიც გვეხმარება ზუსტად აღვწეროთ ის მოვლენა, რაც კაცობრიობისთვის ბუნებასთან გაუცხოებამ მოიტანა. აღნიშნულს ბოლოდროინდელი სამეცნიერო კვლევებიც ადასტურებს. ბუნება, რა თქმა უნდა, ყველაფრის წამალი ვერ იქნება, მაგრამ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია, განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის, რომლებიც მათთვის სტრესულ გარემოში, მათდაუნებურად აღმოჩნდნენ.

შეგიძლიათ უფრო ზუსტად განგვიმარტოთ, რას გულისხმობთ როდესაც                “ბუნებაზე” საუბრობთ? „ბუნებაში“ გულისხმობთ ველურ ტყეს, თუ ეს უბრალოდ გამწვანებული სათამაშო მოედანიც შეიძლება იყოს?

ბუნება შეიძლება აღმოვაჩინოთ როგორც ბუნების წიაღში, ასევე ქალაქის შუაგულში.   ეს შეიძლება იყოს პარკი ან მყუდრო კუთხე, სადაც ერთი ხე დგას; ღია სივრცეში მოთავსებული ქოთნები, სადაც ბოსტნეული მოყავთ; ან თუნდაც ღია სივრცე, საიდანაც ცა და ღრუბლები მოსჩანს. ბუნება მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ სივრცეშიც შეიძლება ვიპოვოთ.

ბუნებასთან ურთიერთობა ყოვედღიური ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს. თუ ქალაქების დაგეგმარებისას ბუნებასთან ჰარმონიულ ურთიერთობას და ბიომრავალფეროვნებას გავითვალისწინებთ, ეს ურთიერთობა მართლაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდება.

 თქვენ აღნიშნავთ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ბავშვების ურთიერთობა და დამოკიდებულება ბუნებასთან რადიკალურად შეიცვალა. შეგიძლიათ მიზეზებზეც გვესაუბროთ?

მიზეზი მრავალია, გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადები, არასათანადოდ მოწყობილი საცხოვრებელი რაიონები, ტოქსინებით დაბინძურებული და განადგურებული საცხოვრებელი გარემო. ტექნოლოგია თავისთავად არ წარმოადგენს საფრთხეს, თუმცა რაც მეტად ხდება ჩვენი ყოველდღიურობა ტექნოლოგიით გაჯერებული, მით უფრო გვესაჭიროება მეტი სიახლოვე ბუნებასთან. ბუნებაში თამაშის ნაცვლად, დღესდღეისობით, ბავშვები  მეტ დროს სხვადასხვა ელექტრო ხელსაწყოებთან ატარებენ.

თქვენ ასევე აღნიშნავთ, რომ  უფროსები ზედმეტ სიფრთხილეს იჩენენ და გადამეტებულად ზრუნავენ ბავშვების უსაფრთხოებაზე. როგორ აისახება ეს ბავშვების ბუნებასთან ურთიერთობაზე?

დიახ, მედია ხშირად აღვივებს გადამეტებულ შიშს უცხო ადამიანების მიმართ, წერენ რა იმ საშიშროებაზე, რაც ბავშვების უცნობებთან ურთიერთობას ახლავს. ზოგიერთი უბანი, მართლაც ნაკლებ უსაფრთხოა, თუმცა რაიონების უმეტესობა არც ისე საშიშია, როგორც მედია საშუალებები ამას წარმოაჩენენ. ოჯახები, სკოლები და მთლიანად საზოგადოება, ცდილობს, რომ პატარებისთვის “რისკებისგან დაცული” გარემო შექმნან. ეს კი, შემდგომში, ბავშვებისთვის  კიდევ უფრო დიდი საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს.

სწორად უნდა ავწონოთ, რა უფრო საზიანოა ბავშვებისთვის. შეიძლება სახლის გარეთ ბავშვები არ იყვნენ საფრთხისგან სრულად დაცული, თუმცა ბავშვების   სახლში გამოკეტვა უსაფრთხოების მიზნით, მომავალი თაობების ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სულიერი განვითარებისთვის შეიძლება იყოს ზიანის მომტანი. ბავშვების სახლში გამოკეტვა იწვევს, მაგალითად, ჭარბწონიანობას; ასევე, ძლიერდება  ბავშვებში მარტოსულობის განცდა.

როგორ უნდა ვუზრუნველვყოთ ბავშვებისა და მათი მშობლების მეტად დაახლოება ბუნებასთან? რა პრაქტიკულ აქტივობებს შემოგვთავაზებდით?

ამჟამად ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია “Children & Nature Network”-ი თანამშრომლობს ქალაქების ეროვნულ ლიგასთან და ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებისა და სოფლების 19,000 მერთან. ჩვენი ამოცანაა დავეხმაროთ მათ, რომ  ქალაქებში ბუნება მეტად იყოს დაცული იყოს; მეტი  “მწვანე” სივრცე შეიქმნას ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით წარმატება მეტწილად ჩვენს პირად არჩევანზეა დამოკიდებული. როგორც მშობლებმა, ასევე განათლების სფეროში ჩართულმა პირებმა, მეტი დრო უნდა გაატარონ ბუნებაში ბავშვებთან ერთად. ადგილობრივ პარკში რეგულარული, მოკლე გასეირნება, პიკნიკების ორგანიზება, ან ღია სივრცეში ქოთნებში მცენარეების დარგვაც კი, საკმარისია ბუნებასთან მეტი სიახლოვისთვის. თავიდან, გამიზნულად უნდა დავგეგმოთ აქტივობები  გარე სივრცეში, შემდგომ კი ეს,  თანდათანობით, ყოვედღიურობის ნაწილი გახდება.

თუკი  კალენდარში, მაგალითად, ფეხბურთის თამაშებს ვინიშნავთ, რატომ არ შეიძლება კალენდარში ბუნების წიაღში განსახორციელებელი აქტივობებიც დავიტანოთ. არასოდეს არ არის ძალიან ადრე ან ძალიან გვიან ვასწავლოთ ბავშვებსა და უფროსებს ბუნებასთან კავშირის დამყარება.

ხედავთ წინსვლას ამ მიმართულებით?

როდესაც ვმუშაობდი წიგნზე  “უკანასკნელი ბავშვი ტყეში”,  მხოლოდ 60 ნაშრომი მქონდა ხელთ, რაც წერაში მეხმარებოდა. ამჟამად, Children& Nature Network–ის სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1,000 ნაშრომს მოიცავს. ეს რა თქმა უნდა კარგი ნიშანია, რომ არაფერი ვთქვათ ისეთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების  მზარდ რაოდენობაზე, რომლებიც ბუნებასთან ურთიერთობის ამ ახალი პრინციპებით ხელმძღვანელობენ. ასევე, უფრო და უფრო პოპულარული ხდება მოძრაობა, რომელიც სკოლების ეზოების მეტად გამწვანებაზეა ორიენტირებული.

როგორ უნდა მივაწოდოთ ბავშვებს ინფორმაცია კლიმატურ ცვლილებებზე, ისე, რომ “გარდაუვალი კატასტროფების” შიში არ გავუღვიძოთ?

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია ეკოლოგიურ პრობლემებით გამოწვეულ შფოთვას “გარდაუვალი ეკოლოგიური კატასტროფების შიშს” უწოდებს. როგორც 2020 წელს “Lancet-“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, “კლიმატური კატასტროფებით გამოწვეული შფოთვა  მოიცავს  პანიკურ შეტევებს, უძილობას და აკვიატებულ ფიქრებს”. ასეთი სიმპტომები შეიძლება ბავშვებშიც გამომჟღავნდეს.

მხოლოდ სტატისტიკური მონაცემების გაცნობა ადამიანებს ქმედებისკენ არ უბიძგებს. ბავშვები  უნდა იყვნენ ინფორმორებული ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ სჭირდებათ ინფორმაციის მიღება ბუნების შესახებ უშუალოდ ბუნების წიაღში. ეს მათ ბუნების აღქმასა და მის შესახებ ცოდნას ნაკლებ აბსტრაქტულს გახდის. ბავშვები შეიძლება კარგად იყვნენ ინფორმირებული შორეული ამაზონის გაჩეხილი ტროპიკული ტყეების შესახებ, თუმცა  არაფერი იცოდნენ ადგილობრივი პარკებისა  და ტბების ბინადრებზე.

ჩვენი და ჩვენი ბავშვების დაახლოება  და უშუალო კავშირის დამყარება ბუნებასთან, არამარტო დაგვანახებს გზებს, თუ როგორ ვიბრძოლოთ ბუნების გადასარჩენად, არამედ  დაგვეხმარება ‘დავთესოთ მარცვლები,’ როგორც ირიბი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით, მეტად “გამწვანებული” მომავლის უზრუნველსაყოფად.

სტატიის ინგლისური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: earlychildhoodmatters.online/2021-18.

 

 

საათის კუთხეები – გაკვეთილის გეგმა

0

ისრებიანი საათის გამოყენებით კუთხის ზომის განსაზღვრა მათემატიკური პრობლემაა, რომელიც დაკავშირებულია ორ მნიშვნელოვან ცნებასთან: კუთხეებთან და დროსთან. საათის ისრებს შორის კუთხის ზომის დადგენა ხელს უწყობს კუთხის კონცეფციის გააზრებას და პროცედურული ცოდნის განმტკიცებას, ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას.

წარმოგიდგენთ საინტერესო გაკვეთილის გეგმას მეშვიდეკლასელთათვის.

სამიზნე ცნება: მათემატიკური მოდელირება, კანონზომიერება, ლოგიკა

საკითხი/ქვესაკითხი: კუთხე. კუთხის ზომის დადგენა

სტანდარტის მიხედვით მისაღწევი შედეგი:

  • მსჯელობა-დასაბუთების მეშვეობით გეომეტრიული ფიგურის ელემენტებს შორის კავშირის დადგენა (მათ.საბ.1,2,3);
  • ფიგურების ან მათი ელემენტების ზომების მოძებნა/შეფასება და მათი გამოყენება პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას (მათ. საბ. 1, 2, 5, 6, 7, 8);
  • ტექნოლოგიების გამოყენებით ნახაზის აგება ან / და პრობლემის გადაჭრა (მათ. საბ. 11).

 

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ კუთხის ინტერპრეტაციას ციფდერბლატზე გამოსახული დროის მიხედვით ან/და პირიქით. შეძლებენ ცოდნათა ურთიერთდაკავშირებით კუთხეების ზომების განსაზღვრასა და შეფასებას.

აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურება

ისრებიანი საათის ციფერბლატს წრიული ფორმა აქვს, ამიტომ პირველი, რასაც საათს დავუკავშირებთ, არის წრე და მისი გრადუსული ზომა.

ვიხსენებთ, რომ წრე არის სრული კუთხე და შეადგენს 360°-ს.

მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს:

  • რამდენი საათია ციფერბლატზე?
  • ერთი საათი წრის რა ნაწილია?
  • რამდენი წუთია ციფერბლატზე?
  • ერთი წუთი წრის რა ნაწილია?
  • როგორ მოძრაობენ საათის მოდელზე ისრები?
  • რას იტყვით ისრების მოძრაობის სიჩქარეზე?

ასევე გავიხსენებთ მართი, მახვილი, ბლაგვი კუთხის სახეებსა და მათ ზომებს.

აქტივობა 2. პატარა ისარი

  • რა კუთხეა საათის ისრებს შორის პირველ საათზე?

კითხვები, რომლებიც მოსწავლეებს დავუსვი:

  • ციფერბლატზე რა რიცხვს აჩვენებს წუთების ისარი?
  • ციფერბლატზე რა რიცხვს აჩვენებს საათების ისარი?

ამიტომ უნდა ვიპოვოთ კუთხე 12-სა და 1-ს შორის.

დაიხმარეთ ციფერბლატის მოდელი:

  • რამდენი ასეთი კუთხეა, სრულ კუთხეში?

მოსწავლეები თავად აღმოაჩენენ, რომ სრულ შემობრუნებაში არის 12 საათი და საათის თითოეული დანაყოფი მთელის მეთორმეტედია, ანუ 360°:12=30°.

ამის შემდეგ მარტივად უპასუხებენ კითხვებს ციფერბლატის გამოყენებით:

რამდენგრადუსიან კუთხეს ქმნის საათის წუთებისა და საათების ისრები:

. 2 საათზე?

. 16 საათზე?

. 5 საათზე?

. 19 საათზე?

 

ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ მოსწავლეები თავად ახდენენ საათების ისრის მოძრაობის მათემატიკურ მოდელირებას კუთხეებში:

 

საათების (პატარა) ისარი
1 საათში 30°
2 საათში 30°·2=60°
5 საათში 30°·5=150°
. . .
n- საათში 30°·n=30n°

 

აქტივობა 3. პატარა ისარი

მოსწავლეები ციფერბლატის გამოყენებით უპასუხებენ კითხვებს:

რა ზომის კუთხეს ქმნის წუთების ისარი წუთიდან წუთზე გადასვლისას?

რამდენი ხანი სჭირდება წუთების ისარს სრული კუთხის „გასავლელად“? (60 წთ)

1 საათში რამდენ გრადუსს „გაივლის წუთების ისარი?

1 წუთში რამდენ გრადუსს „გაივლის“ წუთების ისარი?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ მოსწავლეები თავად ახდენენ წუთების ისრის მოძრაობის მათემატიკურ მოდელირებას კუთხეებში და  ჩაიწერენ გამოსახულებას.

წუთების (დიდი) ისარი
1 საათში 360°
1 წუთში (სრული კუთხის 1/60) 360°-ის 1/60=6°
5 წუთში 6·5=30°
10 წუთში 6·10=60°
n- წუთში 6°·n=6n°

 

აქტივობა 4. დიდი და პატარა ისრები

ჩვენ ვიცით, რომ ციფერბლატზე დიდი და პატარა ისრები სინქრონულად მოძრაობენ. გამოვიკვლიოთ, როგორ?

მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს:

 

რამდენი გრადუსი იქმნება ციფერბლატზე 12-სა და 1 -ს შორის? (30°)

რამდენი ხანში „გაივლის“ 30°-ს პატარა ისარი? (1 სთ)

რამდენ ხანში „გაივლის“ 30°-ს დიდი ისარი? (5 წთ)

პატარაზე რამდენჯერ სწრაფად მოძრაობს დიდი ისარი? (12-ჯერ)

რამდენგრადუსიან კუთხეს „გაივლის“ პატარა ისარი, თუ დიდი 1 წუთით წინ წავა?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ მოსწავლეები თავად ადგენენ ურთიერთდამოკიდებულებას:

 

საათების (პატარა) ისარი
1 წუთში გადის საათის 1/60 -ს. ე.ი 30°-ის 1/60-ს 30°:60=0,5°
2 წუთში 0,5°·2=1°
5 წუთში 0,5·5=2,5°
20 წუთში 0,5·20=10°
n- წუთში 0,5°·n=0,5n°

 

შეიძლება პროპორციის გამოყენებაც:

 

წუთების ისარი საათის ისარი
1სთ 60° 30°
½ საათი 30° 15°
1/3 20° 15°
1/4 15° 7,5°
. . .

 

აქტივობა 5 (განმტკიცება). კუთხე ისრებს შორის

თვალსაჩინო მოდელების გამოყენებით იპოვე კუთხე საათის ისრებს შორის, როცა საათზე 2:30-ია.

სად მდებარეობს ციფერბლატზე თითოეული ისარი?

 

თითოეული ლურჯი სექტორი მთელი წრის 1/12 ანუ 30°-ია

კუთხე საათის ისარსა და „3“ ის წარმოსახვით ხაზს შორის არის 15°, რადგან ნახევარი საათი, ანუ 30°-ის ნახევარი „გაიარა“ პატარა ისარმა. ნახევარი კვლავ გასავლელი დარჩა

ანუ: 3·30°+15°=105°

ან:

3·30°+15°=105°

 

 

იპოვე კუთხე საათის ისრებს შორის, როცა საათზე 10:15-ია.

სად მდებარეობს ციფერბლატზე თითოეული ისარი?

 

 

(დამხმარე კითხვები)

რამდენი გრადუსია თითოეული ლურჯი სექტორი?

რამდენგრადუსიანი კუთხე „გაიარა“ პატარა ისარმა საათის მეოთხედში?

იპოვეთ საათის ისრებს შორის კუთხე.

 

აქტივობა 6. მუშაობა ჯგუფებში

მოსწავლეებს დაევალათ საათის ისრებს შორის კუთხის გამოთვლა:

I ჯგუფი:

იპოვე კუთხე საათის ისრებს შორის, როცა საათზე 6:45-ია

II ჯგუფი

იპოვე კუთხე საათის ისრებს შორის, როცა საათზე 2:40-ია

III ჯგუფი:

იპოვე კუთხე საათის ისრებს შორის, როცა საათზე 4:50-ია

IV ჯგუფი:

იპოვე კუთხე საათის ისრებს შორის, როცა საათზე 1:36-ია

მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად. მუშაობის დროს მათ ვაძლევდი განმავითარებელ შეფასებებს. კლასის წინაშე თითოეულმა ჯგუფმა საინტერესოდ გადაწყვეტილი პრობლემა გამოიტანა. იყო პასუხების მრავალფეროვნება, ისმებოდა კრიტიკული კითხვები, მოსწავლეთა ჩართულობა იყო მაღალი.

 

აქტივობა7. სწრაფი წერა (ქვიზი)

https://www.geogebra.org/m/wv2byjcq

მოსწავლეებს შეუძლიათ, გამოიყენონ გეოგებრას პროგრამის ბმული: https://www.geogebra.org/m/wv2byjcq

სიმულაცია საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, სწრაფად მოახდინონ ფიქსირებული დროის ვიზუალიზაცია, რის შემდეგაც ევალებათ, იპოვონ კუთხე საათის ისრებს შორის.

ქვემოთ მოცემულია დიფერენცირებული შეკითხვები მოსწავლეთა მზაობის გათვალისწინებით.

დაბალი მზაობის მოსწავლეთათვის:

1)   4 საათია. რისი ტოლია კუთხე საათებისა და წუთების ისრებს შორის ?

ა) 60°

ბ) 120°

გ) 30°

დ) 90°

ე) 180°

2)   გიორგი ცდილობს, დაადგინოს საათის ისრებს შორის კუთხე. საათი აჩვენებს 9:00-ს. რა ზომის კუთხეს ქმნიან საათის ისრები?

ა) 200°

ბ) 180°

გ) 30°

დ) 90°

ე) 100°

 

საშუალო მზაობის მოსწავლეთათვის:

1)   რისი ტოლია კუთხე საათებისა და წუთების ისრებს შორის 3:10 საათზე?

ა) 55°

ბ) 60°

გ) 35°

დ) 72°

ე) 65°

 

2)   რისი ტოლია კუთხე საათებისა და წუთების ისრებს შორის 4:40 საათზე?

ა) 120°

ბ) 110°

გ) 100°

დ) 90°

ე) 105

 

მაღალი მზაობის მოსწავლეთათვის:

1)   რამდენგრადუსიან კუთხეს ქმნის საათებისა და წუთების ისრები 4:45-ზე?

ა) 127,5°

ბ) 142,5°

გ) 120°

დ) 150°

ე) 157,5

2)   იპოვე კუთხე საათის ისრებს შორის 3:46 საათზე:

ა) 160°

ბ) 150°

გ) 156°

დ) 163°

ე) 157°

 

სწრაფი წერის ანალიზის შედეგად დავგეგმე მომდევნო გაკვეთილი.

საშინაო დავალებად ეძლევათ საინტერესო კითხვა:

·      დღის რომელ საათებში ძევს საათის ისრები სწორ ხაზზე? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდისაა საათის ისრებს შორის 180° ?  

 

 

 

 

 

ერთი აშკარა პასუხი 6 სააათია, მაგრამ სხვა პასუხებიც შეიძლება არსებობდეს.

გაკვეთილი შეჯამდა 3-2-1 აქტივობით:

3 რამ, რაც ვისწავლე

2 რამ, რაც გავიგე

1 რამ, რაც მინდა გითხრათ

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198

  1. მათემატიკის გზამკვლევი, მე-7 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში.

https://math.ge/meshvide-klasi/

3. https://mathigon.org/task/clock-angles

როგორ დავიწყოთ გაკვეთილი არამოსაწყენად

0

ჩვენ არ მოვუწოდებთ მასწავლებლებს, უარი თქვან თავიანთ მასწავლებლურ ყოველდღიურობაზე და ყოველი გაკვეთილის დასაწყისი შოუდ აქციონ. პირიქით, რუტინა საჭიროა, ოღონდ არა მოსწავლეთა დასაშინებლად. რუტინა მნიშვნელოვანია ბავშვებთან კონტაქტის დასამყარებლად და კლასში სასწავლო ატმოსფეროს შესაქმნელად, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გაკვეთილი უფრო კომფორტული გახადოთ, ამისათვის:

არასოდეს შეურაცხვყოთ ან დავამციროთ მოსწავლეები. მათი პირადი სივრცე მასწავლებლის მხრიდან დაცული უნდა იყოს. მასწავლებელი ვალდებულია, მთელი თავისი სირთულეები, პირადი ემოციები, ბრაზი და სევდა კლასის გარეთ დატოვოს, ან გულწრფელად აღიაროს ეს მოსწავლეებთან და გადადოს გაკვეთილი. უპირველეს ყოვლისა, ის უნდა იყოს ადამიანი, რომლისთვისაც უცხო არ არის თანაგანცდა და სხვისი გრძნობების სწორად აღქმა.

თქვენ შეგიძლიათ შუქნიშნის წესების დაწესება. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები ბავშვისთვის შუქნიშნისა და საგზაო მოძრაობის ძირითადი პრინციპები გასაგებია. ამის გამოყენება წარმატებით შეგვიძლია საკლასო ოთახშიც. შუქნიშნის თემა მარტივი და გასაოცარია. წითელი შუქი ნიშნავს, რომ მხოლოდ მასწავლებელი საუბრობს ან სრულდება ინდივიდუალური დავალება. ყვითელი შუქი ნიშნავს კომუნიკაციას და იმას, რომ ყველას შეუძლია რიგრიგობით უპასუხოს (მასწავლებელს აქ არ აქვს უფლება შეაჩეროს მოსწავლე!). მწვანე შუქი კი გამოგვადგება წყვილებში ან გუნდური მუშაობის დროს, რაც ნიშნავს კომუნიკაციის, ურთიერთობის რეალურ თავისუფლებას.

კიდევ ერთი იდეა, რომელსაც შეგიძლიათ ერთი გაკვეთილი მიუძღვნათ: შეათანხმეთ ბავშვებთან, როგორ იმუშავებენ უფრო კომფორტულად. შეადგინეთ წესების სია, მოაწერეთ ხელი ამ ყველაფერს და ჩამოკიდეთ კლასის შესასვლელთან. ეს იქნება მათი და თქვენი კომფორტის ზონა. მოსწავლეები ძალიან სწრაფად მიხვდებიან, რას ითხოვთ მათგან. ასევე, დაიმახსოვრეთ, რომ ამ წესების დარღვევა თქვენთვისაც არ შეიძლება. თუ შეთანხმდით, რომ თქვენ გაკვეთილზე არ ყვირით, არ უნდა იყვიროთ, რაც არ უნდა მოხდეს.

აუცილებელია, გაიწეროს, რა ელის ბავშვებს წესების დარღვევისთვის. ასევე, არც მასწავლებელი უნდა მოეკიდოს გაკვეთილს გულგრილად, არ გააუქმოს ის და კარგად მოემზადოს. ბავშვები მოუმზადებელ მასწავლებელს „გრძნობენ“ და ხშირად გაკვეთილზე მათი სიცელქე ამითაა გამოწვეული.

გვახსოვდეს, რომ კლასი არის პოზიტიური განწყობის, სინათლისა და დიახ, ხალისით სწავლის ტერიტორია. ყველა ღონე იხმარეთ ასეთი ატმოსფეროს შესაქმნელად, მაშინ თავად მოსწავლეებს მოუნდებათ თქვენთან მოსვლა. მათ ეცოდინებათ, რომ თქვენგან ყოველთვის შეძლებენ მხარდაჭერის მიღებას.

ყოველთვის აღნიშნეთ ბავშვების თუნდაც მცირე წარმატებების შესახებ, ასევე, აღნიშნეთ საკუთარი წარმატებების შესახებაც! ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ წარმატებული მასწავლებელი ჰყავთ, არაფერია მოსარიდებელი. თუ თქვენ გუშინ კაფეში მეგობრებთან ერთად მშვენივრად გაატარეთ დრო – ამის შესახებაც უამბეთ ბავშვებს, როგორ გიხაროდათ, გაუზიარეთ თქვენი სასიხარულო გრძნობები. ისინი დაინახავენ, როგორ ენდობით. თქვენ იქნებით მათთვის სიკეთის მაგალითი და საპასუხოდ ისინიც შეეცდებიან, იყვნენ გახსნილი, გულწრფელი და კეთილგანწყობილი.

გაკვეთილის დაწყება ყოველთვის რთულია. მასწავლებელმა პირველივე წუთიდან უნდა დააინტერესოს ბავშვი. შესვენების შემდეგ ბავშვები ზოგჯერ არ არიან მზად, მშვიდად მოუსმინონ მასწავლებელს და ახალი რამ ისწავლონ. გაკვეთილის დაწყება უკვე შეიძლება იყოს მოტივაცია. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, როგორ შეგვიძლია დავიწყოთ გაკვეთილი. შინაგანი მოტივაციის პირველი ტიპი არის შემოქმედებითი. მას საფუძვლად უდევს საკუთარი თავის გამოხატვის, აზრის გამოხატვისა და შინაგანი სამყაროს დემონსტრირების სურვილი. შემდეგ საწყის აქტივობებს შეუძლიათ გააღვივონ კრეატიულობა:

რეცეპტი – შეეცადეთ ბავშვებთან ერთად წარმოიდგინოთ თემა რეცეპტად: რა ინგრედიენტები იქნება საჭირო თემის მოსამზადებლად (დასაუფლებლად), რა ხელსაწყოები დაეხმარებათ და როგორ უნდა გავიგოთ, რომ „კერძი“ სწორად მომზადდა.

ნახატი – გაკვეთილის დასაწყისში სთხოვეთ მოსწავლეებს, დახატონ ის, რაც თემასთან დაკავშირებით თავში მოუვათ. აქ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ პირობების ნაკრები: მაგალითად, შექმენით ნახატი მხოლოდ ერთი გეომეტრიული ფორმის გამოყენებით, ფერების გარკვეული პალიტრის გამოყენებით და სხვ.

დავა – მოამზადეთ გაკვეთილის თემაზე ისეთ საკითხები, რომლებსაც ბავშვები აპრიორი არ დაეთანხმებიან, ანუ მათ მოუწევთ თქვენთან დავა და დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.

შინაგანი მოტივაციის მეორე წყარო არის ძიების სურვილი და აი, აქ უკვე ერთვება კვლევითი აქტივობები:

პროვოკაცია – შექმენით საგანმანათლებლო პროვოკაცია გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით, აირჩიეთ მასალა, რომელიც იქნება დამაინტრიგებელი და გააჩენს კითხვებს. პროვოკაციული ელემენტები იქნება: ბუნებრივი მასალა, ფოტოები, წიგნები, სურათები, ხმები.

„შავი ყუთი“ – მოამზადეთ შავი ფერის ჩანთა გაკვეთილის თემასთან დაკავშირებული საგნებით. სთხოვეთ ბავშვებს, გამოიცნონ, რა დევს ჩანთის შიგნით, გახსნის გარეშე, მათ შეუძლიათ მხოლოდ შეეხონ. შემდეგ აჩვენეთ საგნები და განიხილეთ, თუ როგორ უკავშირდება ისინი გაკვეთილის თემას.

პასუხები – კვლევის რუტინისთვის შესანიშნავი ვარიანტია გაკვეთილის დასაწყისში ორი წუთის დახარჯვა ბავშვის შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. მოსწავლეები წინასწარ წერენ შეკითხვებს და ტოვებენ კლასში, სპეციალურ უჯრაში.

დაბოლოს – კომპეტენტურობის მოტივაცია, როდესაც ვეხმარებით ბავშვს დაინახოს, რომ მან შეიძინა ახალი ცოდნა და უნარები, უკან მოიტოვა ტრადიციული საშინაო დავალება და საკონტროლოები. აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ:

გაკვეთილის რუკა – თქვენ შეგიძლიათ შექმნათ გაკვეთილის რუკა. მასწავლებელი ამ რუკაზე უკვე მიღწეულ მიზნებს ვარსკვლავებით აღნიშნავს, ადგენს შემდგომი მოქმედების მარშრუტს და ბავშვებთან ერთად განიხილავს მას.

კითხვები – სწავლის ერთ-ერთი გასაღები არის კითხვების დასმის უნარი. შეარჩიეთ გაკვეთილის თემასთან დაკავშირებული ერთი სიტყვა და სთხოვეთ ბავშვებს ამ სიტყვის გამოყენებით მოიფიქრონ კითხვები.

რა აერთიანებს კლასს? არ დაგავიწყდეთ, რომ კლასი არის პატარა საზოგადოება, სადაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ყველამ მოახერხოს საკუთარი თავის წარმოჩენა და გამოხატვა, არამედ თავი იგრძნოს ამ საზოგადოების ნამდვილ ნაწილად. ამისათვის თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ სიტყვის ღრუბელი იმ სიტყვებისგან, რომლებსაც ბავშვები უკავშირებენ თავიანთ განწყობას ან შესასწავლ თემას იმ მომენტში.

შესთავაზეთ ბავშვებს, რომ გაგიზიარონ დღის სამი სიხარული: ის, რაც სკოლაში შეემთხვათ, ან ის, რაც მოხდა სახლში, კლუბში ან სპორტულ ღონისძიებაზე.

შესაძლოა სასიამოვნო რუტინად იქცეს ერთწუთიანი კითხვა კლასში, თავად ბავშვებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი ტექსტი. ეს შეიძლება იყოს სიახლე, ლექსი, მოკლე პოსტი სოციალურ ქსელებში. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, რას აირჩევთ. მთავარია, რომ ეს ყველაფერი დაგეხმაროთ ბავშვებთან „ერთ ტალღაზე“ ყოფნაში, რომ მოსწავლე თქვენგან იყოს რაღაც კარგის მოლოდინში, რომ სჯეროდეს – მასწავლებელი მას გზას უხსნის ახალი აღმოჩენებისკენ!

 

 

ტყუილ-მართალ-ფოლკლორ შერეული ამბები

0

გახსოვთ, ერთხელ ვამპირებზე დავწერე. სინამდვილეში ნიორზე მსურდა მომეთხრო და მისაბმელ ამბად ამაზე კარგს, რას ვიპოვიდი https://mastsavlebeli.ge/?p=23771

ახლა იმავე თემას კვლავ მინდა მივუბრუნდე. ნიორს კი არა, ვამპირებს. ოღონდ ისე, რომ ქიმიაც არ დავივიწყოთ და მცირე რამ ტყუილ-მართალ ფოლკლორშერეული ამბიდანაც მოვყვეთ.

მაშ ასე…

1892 წელს, ამერიკის  ჩრდილო-აღმოსავლეთით ერთ პატარა ქალაქში უცნაური და უსიამოვნო ამბავი მოხდა. იქ ცხოვრობდა ბრაუნების ოჯახი, რომლის ყველა წევრი ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ეს დაავადება იმ ხანად ამერიკაში მოდებული ყოფილა. პირველი  მერი-ოჯახის დედა წავიდა, შემდეგ უფროსი ქალიშვილი ოლეფი, რამდენიმე წლის შემდეგ კი უმცროსი გოგონა მერდი გარდაიცვალა.   დარჩა ყველაზე უმცროსი ვაჟი სახელად ედვინი, რომელსაც ასევე ტუბერკულოზი ჰქონდა და დღითიდღე უფრო სუსტდებოდა და უძლურდებოდა. მეზობლებმა დაასკვნეს, რომ მისი ახალგარდაცვლილი და მერდი, ღამღამობით საფლავიდან დგებოდა და ძმას სისხლს წოვდა. სწორედ ამით ახსნეს მისი ავადმყოფობა და არა იმ ბაქტერიით, რომელიც ჯერ კიდევ ათი წლის წინ იქნა აღმოჩენილი გერმანელი ექიმი რობერტ კოხის მიერ.

თანაქალაქელების ზეწოლის შედეგად, ოჯახის მამა ჯორჯი დათანხმდა ოჯახის წევრების ექსჰუმაციას. პროცესს უამრავი უსაქმური ესწრებოდა, იქ იყო ადგილობრივი ექიმი და ჟურნალისტები. სწორად მათი წყალობით შემორჩა გაზეთის ფურცლებს ამ ამბის დეტალები.  წინა წლების მიცვალებულთა სხეულები ფაქტობრივად მთლიანად გახრწნილიყო. აი, მერდის რაც შეეხება, მისი სხეული მთლიანად ხელუხლებლად შენახულიყო. თმებიც კი ადგილზე გახლდათ. ამ ამბის ახსნა ძალიან იოლად შეიძლებოდა. ჯერ ერთი, სიკვდილიდან მხოლოდ ოთხი კვირა იყო გასული. გარდა ამისა, ძალიან მკაცრი ზამთარი მდგარა და იმის ნაცვლად, რომ დაეკრძალათ, რაღაც გამოქვაბულის მსგავს სკლერში დაუსვენებიათ, სანამ ნიადაგი მოლღვება აქ იყოსო. ჰოდა, სიცივემ სხეული კარგად შეინახა. ქალაქის მცხოვრებლებმა კი სხვა იფიქრეს.  მათ დაასკვნეს, რომ მერდი სიკვდილის შემდეგ ვამპირად გადაიქცა და ღამ-ღამობით ძმის სისხლს წოვდა. ეს აზრი იმანაც გაამყარა, რომ ადგილობრივმა ექიმმა გოგონას სხეულში ჯერ კიდევ თხევადი სისხლის კვალი იპოვა. საბრალო გოგოს გული ამოგლიჯეს, დააქუცმაცეს , რაღაც მცენარეების ფესვებთან ერთად მოადუღეს და უმცროს ძმას დაალევინეს, გადარჩენის მიზნით. ბიჭი რამდენიმე თვეში მაინც გარდაიცვალა. დიახ, ტუპერკულოზს იმ დროს ვერ კურნავდნენ.

ეს ამბავი გაზეთებმა გააშუქეს. ერთი გაზეთი მწერალ ბრემ სტოკერის ხელში აღმოჩნდა. მან კი მერდი ბრაუნის სევდიანი ამბავი თავისი წიგნის „დრაკულას“ ინსპირაციად გამოიყენა.  ამ ამბამდე დაახლოებით თორმეტი სხვა ისტორია იყო, როდესაც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ამერიკაში ვამპირების სჯეროდათ, მიწიდან იღებდნენ ეჭვმიტანილ მიცვალებულებს და ან გულს აცლიდნენ, ან ძვლებს უმტვრევდნენ, რომ საფლავიდან ვეღარ ამოსულიყვნენ. ზოგიერთს კი, საკონტროლოდ, საფლავზე დიდ ლოდებს ადებდნენ. ეს არის პერიოდი, როცა ელექტრონათურა და კინო გამოგონილია და ცივილიზაციის გზას ადგას ხალხი და ის, ის არის  ტელეგრაფის გაყვანას აღარაფერი უკლია.

ტრადიციული ევროპული ვამპირის სახე ასწლეულები იხვეწებოდა და რამდენიმე კულტურის და ფოლკლორის შერწყმით ჩამოყალიბდა. ძალიან ბევრი ქვეყნის ფოლკლორში ადამიანებს სწამდათ ბოროტი სულების და ე.წ. მშიერი მიცვალებულების, რომლებიც სხვა ცოცხლების სისხლს სვამდნენ. გარდა ამისა, ადამიანებს ეშინოდათ, რომ ისინი შეიძლება ცოცხლად დაემარხათ. დიახ, სიკვდილის დადგენის ფრიად საეჭვო მეთოდები გახლდათ შემორჩენილი იმ საეჭვო პერიოდში.  ედგარ პო თავის მოთხრობებში იყენებს კიდეც ამ ისტორიებს, რომ მავანმა საფლავში გაიღვიძა და…

ალბათ ამიტომ, დამკრძალავი ბიუროები ე.წ. უსაფრთხო კუბოებს ამზადებდნენ, სადაც ნახვრეტები იყო ჰაერისთვის და თოკმობმული ზარი. შიგნით თუ გაეღვიძებოდა ადამიანს, საშველად, რომ მოეხმო, ვინმეს თუ გააგებინებდა ზარის წკრიალს. ასეთი ამბები გაზეთებშიც იწერებოდა. ჰოდა, შიშს ხომ დიდი თვალები აქვს. ნაწილს ეშინოდა, რომ ცოცხლად დამარხავდნენ, სხვას კი იმის ეშინოდა, რომ გარდაცვლილი ხალხი, სანახევროდ ცოცხლები რჩებოდნენ და ვამპირად გარდაიქმნებოდნენ. ამ შიშს დაუსრულებელი ეპიდემიები და უამრავი ადამიანის ნაადრევი სიკვდილიც კარგ ნიადაგს უქმნიდა.

მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში ავსტრიამ  თურქეთს სლავებით დასახლებული ევროპის მიწები წაართვა. დღეს ეს მიწები უნგრეთ, სერბეთს, რუმინეთს ეკუთვნის. ავსტრიის ხელმძღვანელობამ შენიშნა, რომ ახლად დაპყრობილი ქვეყნების ხალხი საფლავებიდან მიცვალებულებს თხრიდნენ და ათას სულელურ რიტუალს ასრულებდნენ. ამბობდნენ, ვამპირებს ვებრძვითო. ისტორიულ წყაროებში წერია, რომ სიტყვა ვამპირს უფრო სერბული ძირი აქვს, თუმცა, ზუსტად საიდან წამოვიდა სიტყვა, არავინ იცის.   არსებობს წყაროები,  სადაც საწყისად ძველ თურქულ ენას ასახელებენ, ასევე არის ვერსია, სადაც გერმანული ენა სახელდება. ასეა თუ ისე, ამ ტერიტორიებზე ვამპირიზმის შიშის  ნამდვილი ეპიდემია გავრცელდა.

საქმე იქამდე მივიდა, რომ იმპერატორმა მარია ტერეზამ თავისი პირადი ექიმი ჰერარდ ვან სვიტენი მიავლინა ამბის გასარკვევად, მკვდრები მართლაც ვამპირები ხდებოდნენ, თუ არა. ეს ექიმი განათლებული კაცი ყოფილა და იმპერატორს მოახსენა, არავითარი ვამპირი არ არსებობს, ყველაფერი ცრუ რწმენის ბრალიაო. რის შემდეგაც გამოიცა ბრძანება, რომელიც საფლავის და მიცვალებულის ამოთხრას და შეურაცხყოფას კრძალავდა. თუმცა, დააგვიანდათ, ტრანსილვანია და მისი მიმდებარე ადგილები მთელს ევროპაში ვამპირების ბუდედ აღიქმებოდა.

შუა საუკუნეებში ფიქრობდნენ, რომ ვამპირებად კი არ ხდებოდნენ, არამედ იბადებოდნენ. დიახ, ასეთ ადამიანებს გარკვეული ანატომიური დეფექტები შეიძლება ჰქონოდათ. ასევე, თვითმკვლელები, ბოროტი და უხეში ადამიანები ვამპირებად გადაქცევის კანდიდატები იყვნენ.  უკვე მერე გავრცელდა მოსაზრება, რომ გარდაცვლილებს შიოდათ და ამიტომ სვამდნენ სისხლს. თან ამ ამბავს ოჯახის წევრებისგან და მეგობრებისგან იწყებდნენ. ინფექციების გავრცელებაც ხომ ასე იწყება, სეზონურ გრიპს ჯერ ოჯახის წევრს გადადებ, შემდეგ მეზობელს და უკვე შემდეგ შემთხვევით გამვლელს.

ევროპის რამდენიმე  სამედიცინო სახლი  ვამპირიზმს პორფირიას უკავშირებდა. თუმცა, ეს იშვიათი გენეტიკური დაავადებაა და არა ინფექციური. თუმცა, ამ ვერსიასაც არსებობის უფლება აქვს. სწორედ ამ დაავადების მატარებელ ადამიანებს ეშინიათ სინათლის და უცნაურადაც გამოიყურებიან.

რა არის პორფირინი? პიროლის ოთხი ბირთვისგან შემდგარ მაკროციკლურ ნაერთს პორფინს უწოდებენ. პორფირინები სისხლში შემავალი ჰემოგლობინის ჰემინური ჯგუფის შემადგენელი ნაწილია. შარდში პორფირინების რაოდენობის მომატებას პორფირინურიას ან, უბრალოდ პორფირიას უწოდებენ. ანუ, ამ დროს ზომაზე მეტი რაოდენობის ჰემოგლობინი იშლება და ადამიანს სისხლნაკლებობა აღენიშნება. არჩევენ პირველად, ანუ თანდაყოლილ და მეორეულ, ანუ შეძენილ პორფირიას.

პირველადი პორფირიების მიზეზია ჰემის ბიოსინთეზში მონაწილე ამა თუ იმ ფერმენტის სინთეზის გენეტიკური დეფექტი. პირველადი პორფირიების უმრავლესობისთვის დამახასიათებელია აუტოაომურდომინანტური ტიპის მემკვიდრეობა.

იმისდა მიხედვით, თუ რომელ ორგანოსა ან უჯრედებშია მოშლილი ჰემის ბიოსინთეზი, პორფირიები იყოფა: ერითროპოეტიკურ (სინთეზი ბლოკირებულია ძვლის ტვინში), ჰეპატიკური (სინთეზი ბლოკირებულია ღვიძლში) და შერეულ, ანუ ერითროჰეპატიკურ პორფირიებად.

ძალიან საინტერესოა პირველადი პორფირიის ისეთი სახე, როგორიცაა კანის მოგვიანებითი პორფირია. ის ამავდროულად შეიძლება შეძენილიც იყოს ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანების გამო. ჰეპატიკური პორფირიაა. მისი მიზეზია ღვიძლის უჯრედებში უროპორფირინოგენდეკარბოქსილაზას გენეტიკური ან შეძენილი დეფიციტი. წამყვანი სიმპტომია კანის ფოტომგრძნობელობის მომატება, რაც ფოტოდერმატოზის განვითარებას იწვევს. ასეთი ადამიანების შარდი მოწითალო-მოვარდისფრო შეფერილობისაა, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავენ უროპორფირინოგენ III-ს და I-ს, რომლებიც ჰაერზე იჟანგებიან და მოწითალო ფერს იღებენ.

შეძენილ, ანუ მეორეულ პორფირიას ინტოქსიკაციური პორფირია მიეკუთვნება. იგი ვლინდება სხვადასხვა პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, რის გამოც ღვიძლის ფერმენტები ითრგუნება და პორფირინების ჭარბი რაოდენობა გროვდება. იგივე შეიძლება განვითარდეს ტყვიით, მერკურით და სხვა მძიმე ლითონებით მოწამვლისას.

სხვა ვერსია ზემოთ ნახსენებ ტუბერკულოზს ემხრობოდა. დაავადებული ადამიანები დღითი დღე სუსტდებოდნენ, ღამე ჰალუცინაციები ჰქონდათ, სისხლს ახველებდნენ და… მიამსგავსეს ვამპირებს.

საერთოდაც, გადამდებ დაავადებებს და ვამპირიზმს ერთმანეთს უკავშირებდნენ. მაგ. ალბერ კამიუს „ჭირი“ ერთი დიდი მეტაფორაა, საზოგადოებაში  მორალური გახრწნის ინფექციასავით გავრცელების შესახებ.

მეთვრამეტე საუკუნეში ევროპას ცოფის ეპიდემიამ გადაუარა.  ამან ვამპირიზმის ლეგენდაზეც იქონია გავლენა, რადგან: ვამპირიზმი კბენით გადადის, დაკბენილებს ეშინიათ წყლის, ეშინიათ სინათლის. მათი საქციელი კი არაადეკვატურია. ფაქტობრივად, ცოფის სიმპტომები ჩამოვთვალე.  ამავე პერიოდიდან ვამპირიზმის ლეგენდებს მაქციობაც ემატება და პირველ რიგში, ღამურებად გადაქცევის უნარს იძენენ, მერე მგლებად და ძაღლებადაც შეუძლიათ გარდაქმნა. ანუ, იმ ცხოველებად, რომლებიც ცოფის ძირითადი გამავრცელებლები იყვნენ.

ადრე არ ვიცი და დღეს ვამპირები ნამდვილად არსებობენ, ენერგეტიკული ვამპირები, რომლებიც თქვენი ენერგიის მითვისებით ხარობენ. ჰოდა, სოციალურ ქსელებში უხერხული კომენტარების ავტორებს, ტრანსპორტსა და ქუჩაში ჭკუის მოქილიკე დამრიგებლებს, ჩასაფრებულებს ნუ აჰყვებით, ამით მათ ენერგეტიკულ ვამპირიზმს გააძლიერებთ და მათგან განაწყენებული თავადაც ვამპირად არ იქცეთ.

 

 

 

არ დაწვა ფოთოლი

0

ბავშვობიდან ბევრი ტკბილი მოგონება მომყვება. ერთადერთი, რაც დღემდე ცუდად მახსენდება, შემოდგომის საღამოებია. მეზობლის ეზოდან ამოსული კვამლი, რომელიც სუდარასავით ეფარებოდა ატმოსფეროს ქვედა ფენას და დაუკითხავად იჭრებოდა ჩვენს სასუნთქ ორგანოებში. ის უსიამოვნო სუნი დღემდე მახსოვს…

 

***

შემოდგომა წელიწადის ულამაზესი დროა. ფოთოლცვენა, ფერები… ბუნებრივი იქნება, მოსწავლეებს ვკითხოთ, სად მიაქვთ ეზოებში, ქუჩებში, ბაღებში მოგროვილი ფოთლები, მუშავდება თუ არა ორგანული ნარჩენები?

მათი ნაწილი ბუნებრივი ლპობის სახით უკან, ბუნებაშივე ბრუნდება, ნაწილი, სხვა ნარჩენებთან ერთად, ნაგავსაყრელებზე ხვდება. გავრცელებულია კიდევ ერთი, გაცილებით საზიანო პრაქტიკა – ფოთლების დაწვა. ფოთლების წვის შედეგად ჰაერში მავნე ნივთიერებები გამოიყოფა, რომლებიც საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. იმავდროულად, იზრდება ხანძრის გავრცელების საშიშროება. ფოთლების დაწვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება და ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. ნარჩენების კოდექსის მიხედვით, ქუჩაში, ეზოსა თუ ბაღში ფოთლების დაწვის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უფლებამოსილია, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი და კანონდამრღვევს დააკისროს 500 ლარის ოდენობის ჯარიმა.

დამეთანხმებით, რომ სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. მთავარია მოტივაცია, ხელშეწყობა და დრო. ამაზე ბევრს ვსაუბრობთ მასწავლებლები. მოდი, ერთად ვიკითხოთ: მაინც რისი გაკეთებაა შესაძლებელი სკოლის პირობებში?

ხშირად სკოლაში არსებულ თუნდაც მწირ რესურსს ეფექტურად ვერ ვიყენებთ. შეგიძლიათ, საკლუბო თუ საგაკვეთილო ფორმატში მოიწვიოთ ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელიც ისაუბრებს ფოთლების დაწვის შედეგად გამოყოფილი კვამლის მავნებლობაზე. შემდეგ უკვე მოქალაქეობის მასწავლებელი ან სამოქალაქო კლუბის მეურვე გაშლის ნარჩენების კოდექსით გათვალისწინებული სანქციების თემას. სასურველია, ასეთ გაკვეთილს მოჰყვეს რაიმე შეთანხმება – მაგალითად, კომპოსტის წარმოების დაწყება.

 

ჩვენი გამოცდილება

ყველა სკოლას აქვს ჩამოწერილი ან დაზიანებული მერხები. მათი გამოყენებით შესაძლებელია კომპოსტის მარტივი ყუთის დამზადება. ამის უამრავი თვითმასწავლებელი არსებობს ინტერნეტში.

ქალაქ მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში 2021 წლიდან მოქმედებს კომპოსტის ყუთი. შარშან მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე მოგროვებული ფოთლების კომპოსტირება შევძელით. ჩვენ მიერ წარმოებული ნიადაგი უკვე გამოვცადეთ. ყოველგვარი დანამატების გარეშე, განათლების ბაღში, სადაც ნაყოფიერი ნიადაგი არ არის და მხოლოდ ბეტონია, ვეებერთელა მცენარეები გავახარეთ.

 

კომპოსტის ყუთი სკოლაში ჩამოწერილი ნივთებისგან, გატეხილი მერხებისგან დავამზადეთ. 2022-2023 სასწავლო წლის დაწყების შემდეგ კიდევ ერთი ყუთი შევმატეთ ბაღს.

სამოქალაქო კლუბში ვმსჯელობდით მისი ავსების შესაძლო ვარიანტებზე. ერთ-ერთ მოსწავლეს მოუვიდა იდეა, დაგვეწყო ფართომასშტაბიანი კამპანია „არ დაწვა ფოთოლი – მოიტანე სკოლაში“. სამოქალაქო კლუბთან ერთად პროექტში აქტიურად ჩაერთო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა. მან კლასებში გაავრცელა ინფორმაცია, სამოქალაქო კლუბმა კი დაწყებითი საფეხურის კლასის დამრიგებლებთან ითანამშრომლა.

ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო ფოთლების შემოდინება. იმავდროულად, დაწყებითი საფეხურის ოთხ კლასში განვათავსეთ დამატებითი ნაგვის ურნები ორგანული ნარჩენებისთვის. ყოველი დღის ბოლოს ერთი მოსწავლე და ერთი სამოქალაქო კლუბის წევრი აგროვებდნენ ორგანულ ნარჩენებს და კომპოსტის ყუთში ყრიდნენ.

ფოთლების და სხვა ორგანული ნარჩენების კომპოსტირება შეგიძლიათ დაუკავშიროთ მდგრადი განვითარების მე-11 და მე-13 მიზნებს. მსგავსი მიდგომით ვასწავლით, რომ ლოკალურ ნაბიჯებს (ქმედებებს) გლობალური შედეგი მოჰყვება. სწორედ ამას გულისხმობს მდგრადი განვითარების მიზნების პრაქტიკაში განხორციელება. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით ეფექტურია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან. ისინი თავიდან ბოლომდე არიან ჩართულნი პროცესში. უყურებენ სრულ სურათს, ფოთლებისა თუ სხვა ორგანული ნარჩენების მობილიზებით დაწყებული, კომპოსტის ყუთებში მათი განთავსებით გაგრძელებული. შემდეგ შეგიძლიათ, სხვადასხვა ინტერვალით მიიწვიოთ მასწავლებელთან ერთად და აჩვენოთ, როგორ იქცევა ნელ-ნელა ორგანული ნარჩენები ნაყოფიერ ნიადაგად.

დამეთანხმებით, ეს შთაბეჭდილება სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრებათ.

ამგვარად შევძლებთ, ავამაღლოთ მოსწავლეთა ცნობიერება ამ კუთხით, ვასწავლოთ, როგორ გაუფრთხილდნენ ატმოსფეროს, გარემოს დაბინძურების ნაცვლად როგორ გაამდიდრონ ნიადაგი სასარგებლო ნივთიერებებით და გაახარონ მცენარეები.

გამოყენებული მასალა:

https://sustainability.ge/burning-leaves/ – ფოთლების დაწვის მავნებელი პრაქტიკა

https://www.sustainability.ge/sdgs/ – მდგრადი განვითარების მიზნები

გავლენის აპოლოგია – ვაჟა-ფშაველა, ანდრე ჟიდი და უმბერტო ეკო

0

ვაჟა-ფშაველა, ანდრე ჟიდი და და უმბერტო ეკო მსოფლიო ლიტერატურის გამორჩეული ფიგურები არიან. საერთო კონტექსტში ისინი ერთი მნიშვნელოვანი და ყოველთვის აქტუალური თემის გამო მოვაქციეთ – ეს არის გავლენა. სამივეს საგულისხმო წერილი აქვს დაწერილი ამ პრობლემაზე. ესენია: ვაჟა-ფშაველას „Pro domo sua“, ანდრე ჟიდის „ლიტერატურული გავლენის გამო“ და უმბერტო ეკოს „გავლენის რაობაზე: ეკო და ბორხესი“.

ვაჟა-ფშაველას სიცოცხლეშივე ხშირად საუბრობდნენ და წერდნენ კიდეც იმის შესახებ, ვისი გავლენა ეტყობოდა მის შემოქმედებას, ასახელებდნენ უმთავრესად რაფიელ ერისთავს და ხალხურ პოეზიას. ვაჟამ გადაწყვიტა, ნათელი მოეფინა ამ საკითხისთვის და საგანგებოდ დაწერა „Pro domo sua“ (ლათინური გამოთქმაა და ნიშნავს: ჩემ შესახებ, ჩემი ინტერესებისთვის), რომელშიც რამდენიმე საგულისხმო საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.

ვაჟას საკუთარ პიროვნებაზე საუბარი საჩოთიროდ მიაჩნია, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. მას უნდა, რომ მომავალში „ლიტერატურის ისტორიკოსი“ შეცდომისგან დააზღვიოს, ამიტომ საჭიროდ მიიჩნევს, გამოეხმაუროს გრიგოლ ყიფშიძეს და დააზუსტოს მისი შეხედულებანი (ყიფშიძემ „მოამბესა“ და „ნოვოე ობოზრენიეში“ დაბეჭდა წერილები):

  1. ვაჟას სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლა;
  2. რაფიელ ერისთავის პოეზიის გავლენა ლუკა და ბაჩანა რაზიკაშვილებზე.

ვაჟამ გრიგოლ ყიფშიძის მოსაზრება სალიტერატურო ასპარეზზე მის გამოსვლასთან დაკავშირებით ჩაასწორა და ზუსტად მიუთითა იმ ჟურნალ-გაზეთების ნომრები, რომლებშიც მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა.

უფრო მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, გავლენის საკითხი იყო. ვაჟა, პირველ რიგში, არ ეთანხმება საყოველთაოდ გავრცელებულ თვალსაზრისს, რომ მწერალზე სხვისი გავლენა სათაკილო და დამამცირებელია. თავად მას ეს „წესიერ, საღ, ნორმალურ და აუცილებელ მოვლენად“ მიაჩნია. იგი ახსენებს „თანდათანობის კანონს“, რომელიც მწერლობაში მოქმედებს და მწერლის განვითარებას განსაზღვრავს. იგი, როგორც სჩვევია, იმოწმებს ავტორიტეტებს და მაგალითებით ამდიდრებს წერილს, რათა თვალსაჩინო გახადოს საკუთარი შეხედულება. ის მაგალითად მოიხმობს სამოციანელთა შორის პოპულარული რუსი კრიტიკოსის, ბელინსკის, თვალსაზრისს: „დერჟავინი რომ არ ყოფილიყო, პუშკინიც არ იქნებოდაო“. ვაჟას აზრით, გენიოსი პოეტები შემოქმედების დასაწყისში ხშირად უნიჭო პოეტებს ბაძავდნენ, მაგრამ ეს მათ არ აკნინებდა და არც ვნებდა. პირიქით, „ზემოქმედება მწერალზე აუცილებლად საჭიროა, უამისოდ მწერალი ცარიელი, უშინაარსო არსება იქნებოდა, თუ, ამასთანავე, იგი ცოცხლად გამომსახავი არ იყოს შთაბეჭდილებათა. რამ უნდა ააჟღეროს მისი ჩანგი, თუ ან ამბავი არ გაიგონა, ან ლექსი, ან საქმე, გარემოება ცხოველებისა არა ნახა ამაღელვებელი, ან ბუნების მოვლენათ მიუყრუა ყური? აი, ეს გარეგანი ფაქტორებია, ხოლო შინაგანი გული გახლავთ, რომელიც ამათ ითავისებს, ყალიბში ასხამს“. მსჯელობას კი ასეთი მოსწრებული და ღრმააზროვანი მეტაფორით აჯამებს: „ზღვაში ბევრი წყალი ერევა, მაგრამ ზღვას მაინც ზღვა ჰქვია და ზღვაც იმიტომ არის, რომ ყველა იმ მდინარეთ იტევს, ისისხლხორცებს და საკუთარს დიდებულს სახელს არა კარგავს“.

ვაჟა ზოგადად საუბრობს იმაზე, რომ ხელოვნების ნიმუშებს ხშირად მოუგვრია მისთვის აღტაცება. განსაკუთრებით გამოყოფს რაფიელ ერისთავის შემოქმედებას: „თ. რაფიელის ლექსებმა, როგორც საერო კილოთი ნაწერმა და ისიც ჩვენებურ მთის კილოთი, სხვანაირად ააჩქროლა ჩემი გული, სხვანაირად შეძრა იგი. ამასთანავე, ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ თუმც მაშინ შეგირდი გახლდით, მაგრამ ხალხური, ფშაური, ხევსურული ლექსები ბევრი ვიცოდი; ეს კილო მიყვარდა, ჩემს გულში განსაკუთრებული კუთხე ეჭირა“.

ვაჟა ფოლკლორს მოიხსენიებს როგორც „საერო კილოს“, რომელიც იზიდავდა, მაგრამ ამ კილოზე წერას ვერ ბედავდა: „ჯერ დღესაც სჭირს ამ ფშაურს კილოზე ნაწერის ლექსების საზოგადოებისაგან ყურის დაგდება და მაშინ ხომ უფრო საძნელო იქნებოდა“. რაფიელ ერისთავი პირველი იყო, ვინც თამამად გამოიყენა ეს კილო, „ჟურნალმა „ივერიამ“ გზა დაუთმო, მეც გაბედულება მომემატა“.

აქ ერთი მნიშვნელოვანი ამბავიც არის, რომელიც ვაჟას პირველი ნაწერების გამოქვეყნებას შეეხება. დღეს შესაძლოა დაუჯერებელიც კი მოგვეჩვენოს – როგორ შეიძლება, ლიტერატორს ვერ შეემჩნია ვაჟას ნიჭი. სწორედ ეს სიბრმავე და სიყრუე დაემართა „ნობათის“ რედაქტორს ანდ. ღულაძეს, რომელსაც ვაჟამ 1883 წელს ამავე წელს დაწერილი „შვლის ნუკრის ნაამბობი“ და „მოხუცის ნათქვამი“ მიუტანა დასაბეჭდად. რედაქტორმა „შვლის ნუკრის ნაამბობს“, ისიც მხოლოდ ნახევარს, მესამე წელს აღირსა დაბეჭდვა, „მოხუცის ნათქვამი” კი საერთოდ არ დაუბეჭდავს: „ეს პოემა სამი თუ ოთხი წელი უქმად იდვა „ნობათის“ რედაქციაში და მე სოფლიდამ გულის ფანცქალით თვალყურს ვადევნებდი, როდის ვნახავდი იმას დაბეჭდილს“. ვაჟამ პოემა სწორედ იმ ხანებში გაზეთად გადაკეთებულ „ივერიაში“ მიიტანა. ილიამ „ნობათის“ რედაქტორის დაწუნებული პოემა არათუ აღტაცებით მიიღო და დაბეჭდა, არამედ დაეხმარა და გზა გაუკვალა ახალგაზრდა ნიჭიერ შემოქმედს.

ვაჟა მკითხველს უმხელს, რამ შთააგონა ეს პოემა: „უნდა გატეხილი მოგახსენოთ, რომ თუმც არავითარი მსგავსება არ არსებობს, და იქნება ვერცა ვის შეენიშნოს, „მოხუცის ნათქვამსა“ და თ. ილია ჭავჭავაძის „დიმიტრი თავდადებულს“ შორის, მაგრამ ამ პოემის წერის დროს „დიმიტრი თავდადებულს“ ჰქონდა ჩემზე გავლენა, ვიდრე სხვა რომელიმე მშობელ ლიტერატურის ნაწარმოებს, უფრო კი მის ფორმას“.

ვაჟას ასეთი გავლენები „წერის საიდუმლოებად“ მიაჩნია. მას მოჰყავს ლევ ტოლსტოის ჩანაწერი: „მთელ ჩემს სიცოცხლეში მხოლოდ ორს რუსის მოაზრე კაცს ჰქონდა დიდი ზნეობრივი გავლენა, გამიფართოვეს აზრი და ნათლად დამიხატეს ჩემი შეხედულება ქვეყანაზე. ეს კაცები არ იყვნენ არც რუსის პოეტები, არც სწავლულები, მქადაგებელნი; ეს კაცები იყვნენ და დღესაც ცოცხალნი არიან, მიწის მუშა გლეხკაცნი: სიუტაევი და ბონდარევი, რომლებიც მთელ სიცოცხლეს მიწის მუშაობას ალევენ“. ამის კომენტირებისას ვაჟა ირონიულად აღნიშნავს: „ვინ იქნება ისეთი თავხედი და გაუგებარი, რომ აქაო და სიუტაევს და ბონდარევს ჰქონდათ გავლენა ტოლსტოიზე, ამიტომ ყველა ტოლსტოის ნაწერები მისი კი არა, გლეხთა, სიუტაევისა და ბონდარევის, გონების ნაწარმოებიაო“. მკითხველი უფრო მეტად რომ დააჯეროს თავის თვალსაზრისში, ვაჟა კიდევ არაერთ მაგალითს იმოწმებს. მაგალითად: „პუშკინი ეუბნება ერთს გამოჩენილს საერო ნაწარმოებთა მკრებელს, როცა იგი მოვიდა მასთან: იცით, მე თქვენს ლექსებს ვიპარავო. ჩვენებმა რომ ეს გაიგონონ, დაიძახებენ: „ბიჭოს! პუშკინი ქურდი ყოფილა, ხალხისათვის უპარნია ლექსებიო!“ დიაღ, პუშკინის შემოქმედებაზე საერო ნაწარმოებთა, ვინც კი იცნობს რუსეთის საერო ლიტერატურას, დამეთანხმება, რომ დიდი ზემოქმედება ჰქონდა. იმან შეისისხლხორცა ერის სულიერი სალარო და ამაშია კიდეც მისი დიდებულება, ამას ნაკლად კი არა, უდიდეს ღირსებად უთვლიან ჭკუათმყოფელნი“.

ვაჟა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მასზე დიდი გავლენა აქვს ხალხურ თქმულებებს: „უმეტესი ჩემი პოემებისა ხალხში გაგონილ ორ-სამ სიტყვაზეა აშენებული. იქნება ეს ჭირიც იყოს? რა ვქნათ, ასე კია და… ნათქვამია: კაცმა ჭირი მალა, ჭირმა თავი არ დამალაო“.

ვაჟა-ფშაველა კიდევ ორ პოეტს ასახელებს, შოთა რუსთაველსა და დავით გურამიშვილს, რომელთა კეთილისმყოფელ გავლენაზეც საუბრობს წერილში „ენა“. ამ თემის გაგრძელებას ვხვდებით წერილში „კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი“, რომელშიც მწერალი კონკრეტულად ასახელებს იმ ხალხურ გადმოცემებს, რომლებიც საფუძვლად დაედო მის პოემებს: „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“, „ბახტრიონი“, „გოგოთურ და აფშინა“, „გველისმჭამელი“. ამავე წერილში ვაჟა ახსენებს გოეთესა და შექსპირს, რომლებმაც გამოიყენეს მანამდე დაწერილი ნაწარმოებები, თქმულებები და გადმოცემები.

 

1900 წლის 30 მარტს ანდრე ჟიდმა ბრიუსელის „ლიბრ ესთეტიკაში“  წაიკითხა მოხსენება სახელწოდებით „ლიტერატურული გავლენის გამო“. მწერალმა გამოსვლა იმით დაიწყო, რომ მსმენელებს უთხრა, გავლენის აპოლოგიას ვაპირებო. გაიხსენა გოეთეს ნათქვამიც: „ხარბად ვშთანთქავდი ყველაფერს, რასაც ჰერდერი მასწავლიდაო“.

როგორც ჩანს, მეოცე საუკუნის დასაწყისში საფრანგეთში მწერალთა ნაწილს გავლენა ინდივიდუალურობის შელახვად მიაჩნდა. ანდრე ჟიდი ვრცლად მსჯელობს ინდივიდუალურობის განმსაზღვრელ ნიშნებზე და სასაცილოდ მიაჩნია გავლენის აღიარების შიში. იგი ყურადღებას ამახვილებს ყოველგვარ გავლენაზე, მაგალითად, იმაზე, როგორ განაპირობებს გეოგრაფიული გარემო ხალხის ზნე-ჩვეულებებს. იხსენებს გოეთეს, რომელსაც რომში ჩასვლისას უთქვამს: „როგორც იქნა, მეღირსა დაბადება. იტალიაში რომ შევდგი ფეხი, ჩემს სიცოცხლეში პირველად შევიცანი საკუთარი თავი და არსებობაო“. ანდრე ჟიდი წერს: „დელაკრუა იმისთვის კი არ მიდიოდა მაროკოში, რომ აღმოსავლეთმცოდნე გამხდარიყო, არამედ იმისთვის, რომ იცოდა, უფრო ცოცხალ, ნატიფ და დახვეწილ ჰარმონიებთან სჭირდებოდა ზიარება, რათა სრულყოფილად შეეცნო საკუთარ თავში ფერმწერი“. ჟიდი ლესინგის ცნობილ ფრაზასაც მოიხმობს, რომელიც გოეთემ რომან „შერჩევით ნათესაობაში“ ჩართო: „პალმების ჩრდილში ამაოდ არავის უსეირნია“, „ჩრდილიდან გამოსული ისეთი აღარა ხარ, როგორიც მანამდე იყავი“. იგი ხუმრობით იხსენებს იმ რამდენიმე ახალგაზრდას, რომლებიც ამბობდნენ, არ წავიკითხავთ იბსენს, გოეთეს და სხვა კლასიკოსებს, რათა ჩვენზე გავლენა არ მოახდინონო. ადამიანი, რომელიც გავლენას უფრთხის, ანდრე ჟიდისთვის სულიერად ღატაკია. მისი თქმით, ტალანტებს არ ეშინიათ გავლენისა. იგი იხსენებს მონტენს, რომელიც ხშირად მიმართავდა ანტიკურ მწერლებს და საკუთარ თავს ფუტკარს ადარებდა, რომელიც ყვავილიდან ყვავილზე გადაინაცვლებს, მისი ნადავლისგან გაკეთებული თაფლი კი ეს აღარც ქონდარია და აღარც მაიორანი – „მთლიანად საკუთარი ქმნილებაა“ (ეს წერილი ფრანგულიდან თარგმნეს სოფიკო ბენდიაშვილმა და ნინო ქაჯაიამ).

 

უმბერტო ეკოს წერილში (რომელიც მან მოხსენებად წაიკითხა ერთ-ერთ კონფერენციაზე) „გავლენის რაობაზე: ეკო და ბორხესი“ საკითხი უფრო სისტემატიზებულია. ეკო გავლენას საკმაოდ მნიშვნელოვან ცნებად მიიჩნევს კრიტიკის, ლიტერატურის ისტორიისა და ნარატოლოგიისთვის, თუმცა, ამასთანავე, საკმაოდ „საშიშ კონცეპტადაც“ მიაჩნია. ის ფიქრობს, რომ „შესაძლებელია გავლენების ფსიქოანალიზის შემუშავებაც“. „მაგალითად, – წერს ის, – ჩემს შემოქმედებაში შემჩნეულია ისეთი გავლენები, რომელთა შესახებაც მშვენივრად ვიცოდი, ისეთებიც, რომლებსაც გავლენა ვერ ეწოდება, რადგან მათი წყარო ჩემთვის ცნობილი არ იყო და ისეთებიც, რომელთა არსებობამ გამაკვირვა“. მისი აზრით, მწერლის წარმოსახვაში ბევრი რამ ილექება, შეიძლება, ბავშვობაში წაკითხულმა შემდეგ რომელიმე ნაწერში გაუცნობიერებლად ამოყვინთოს. ეკოს აზრით, „წიგნებს ერთმანეთთან საუბრის უნარი აქვთ“. ის ქმნის ზოგად სქემას იმისთვის, რომ მკითხველმა კარგად წარმოიდგინოს, რა ვარიანტები იგულისხმება, როდესაც „ორ ავტორს – A-სა და B-ს შორის გავლენაზე ვსაუბრობთ“:

  1. „A და B ერთ პერიოდში წერდნენ. შეგვიძლია, მაგალითად, ვიდავოთ, იყო თუ არა ურთიერთგავლენა პრუსტსა და ჯოისს შორის. რეალურად, არ იყო. მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ და ერთმანეთზე მეტ-ნაკლებად ამგვარი მოსაზრებისა იყვნენ: ,,არ მომწონს იგი, მის შემოქმედებასაც ძალიან ცუდად ვიცნობ“.
  2. „A ქრონოლოგიურად წინ უსწრებს B-ს, შესაბამისად, საუბარია მხოლოდ A-ს გავლენაზე B-ზე“.

უმბერტო ეკოს მსჯელობაში შემოაქვს X-იც, რომელსაც „ენციკლოპედიის სამყაროს“ უწოდებს. ეკოს ეს X აუცილებლად მიაჩნია ბორხესის შემთხვევაში, რომელიც, „ჯოისის მსგავსად, (თუმც კი განსხვავებული ხერხით) უნივერსალურ კულტურას თამაშის ინსტრუმენტად გამოიყენებდა“. ეკო საინტერესოდ, ღრმააზროვნად განიხილავს, როგორ წარმოჩნდა ბორხესის გავლენა მის შემოქმედებაში. ის იხსენებს, როგორ იპოვა უჯრაში 1942 წელს დაწერილი თავისი მოთხრობა „კალენდარი“, რომელიც საკმაოდ ბორხესისეულია, თუმცა აშკარაა, რომ 10 წლის ასაკში მას ბორხესი წაკითხული ვერ ექნებოდა (მით უმეტეს, უცხო ენაზე). იგი ფიქრობს, რომ „ადრინდელი წაკითხული უცნაურ ქიმიურ რეაქციებს იწვევს წარმოსახვაში“. ეკოს მიაჩნია, რომ რადგან თემები სინამდვილიდან მოდის, ისინი შეიძლება სხვადასხვა მწერალთან „გამეორდეს“. მან 16 წლის ასაკში (დაახლოებით, 1948 წელს) დაწერა „კოსმოკომიქსის“ მსგავსი მოთხრობა პლანეტებზე: მთავარი მოქმედი გმირები არიან დედამიწა, მთვარე, ვენერა, რომელსაც მზე უყვარდება და ა.შ. მერე კი კალვინომაც დაწერა მსგავსი რამ. ამაზე ასე ხუმრობს ეკო: „როგორ მოახერხა კალვინომ წლების შემდეგ ჩემი სახლის დაყაჩაღება და ამ მოთხრობის ერთადერთი ეგზემპლარის აღმოჩენა“. იგი იხსენებს, რამდენ რამეს დაუკავშირეს კრიტიკოსებმა მისი „ვარდის სახელი“: „ამ წიგნთა უმრავლესობა კი წაკითხულიც არ მქონდა“.

ეკო განიხილავს ბორხესთან ურთიერთობის სამ ტიპს: 1. როცა გააზრებული ჰქონდა ბორხესის გავლენა; 2. როცა გააზრებული არ ჰქონდა, მაგრამ მკითხველებმა აიძულეს, ეღიარებინა, რომ ქვეცნობიერად ბორხესის გავლენის ქვეშ იყო; 3. ორივე საზრდოობდა საერთო წყაროთი: კულტურით. სამივე ტიპთან დაკავშირებით ის ძალიან ვრცელ და კონკრეტულ მასალას მოიხმობს. მისი აზრით, „ბორხესი ის ავტორია, რომელმაც თავისი შემოქმედებით ყველაფერი მოიცვა. კულტურის ისტორიაში ვერ ნახავთ ისეთ საკითხს, ბორხესს გაკვრით მაინც რომ არ ჰქონდეს ნახსენები“.

დასარულ, უმბერტო ეკო ჩვეული ირონიით აღნიშნავს: „თუმცა, იმედი მაქვს, ჩემი სიკვდილის შემდეგ მაინც გამოჩნდება ვინმე ჩემზე სულელი, რომლის წინამორბედადაც ჩამთვლიანო“ (ეს წერილი იტალიურიდან თარგმნა ნათია აბრამიშვილმა და ჟურნალ „არილშია“ დაბეჭდილი).

ამგვარად, ვაჟა-ფშაველა, ანდრე ჟიდი და უმბერტო ეკო ერთმანეთს ეხმიანებიან იმაში, რომ:

  1. არ არსებობს კარგი მწერალი, რომელზეც გავლენა ვინმეს (რაიმეს) არ მოუხდენია;
  2. ნამდვილი მწერალი აღიარებს იმ გავლენებს, რომლებიც გაცნობიერებული აქვს და იმ გავლენებსაც, რომლებზეც არ უფიქრია (კრიტიკოსები მიუთითებენ, აღმოაჩენენ);
  3. გავლენა კი არ აკნინებს ინდივიდუალურობას, არამედ გამოკვეთს;
  4. გავლენა ამდიდრებს მწერალს. რაც უფრო ნიჭიერია მწერალი, მით უფრო მეტ გავლენას იყენებს წარმატებით საკუთარი ორიგინალური ხელწერისა და ესთეტიკის შესაქმნელ წყაროდ.

როგორ მოქმედებს ოჯახური სცენარი ბავშვის ცხოვრებაზე

0

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ შვილები ხშირად მშობლების ბედს იმეორებენ. ბევრი მათგანი კი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მშობლის ბედი არ გაიზიაროს, მათნაირად არ იცხოვროს, არამედ გახდეს მათი უკეთესი „ვერსია“.

პირველად ცხოვრებისეული, კერძოდ, ოჯახური სცენარი ფსიქოლოგმა და ტრანზაქციული ანალიზის დამფუძნებელმა, ერიკ ბერნმა ახსენა. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ბავშვები გაუცნობიერებლად კოპირებენ მშობელთა ქცევის მოდელს, რადგან ისტორიულად სწორედ ეს არის გადარჩენისა და ადაპტაციის გზა ამ რთულ სამყაროში – ანუ მოიქეცი ისე, როგორც უფროსები/შენი მშობლები იქცევიან, უფრო დაცული იქნები და არაფერი შეგემთხვევა.

თუმცა ახლა გადარჩენისთვის ბრძოლა ნაკლებადაა საჭირო და ადამიანი სასარგებლო უნარ-ჩვევეზე მეტად (მაგალითად, როგორიცაა ნადირობა, მტრისგან დამალვა, მიწის დამუშავება, სახლის შენება), სწავლობს სოციალურ დამოკიდებულებებს. ისინი კი უმეტესად არაუნივერსალური და უფრო სუბიექტურია.

ერიკ ბერნის განმარტებით, ოჯახური სცენარი ქცევების ერთობლიობაა, რომელსაც ბავშვები ოჯახში აკვირდებიან, ითავისებენ და შემდეგ დამოუკიდებელ ცხოვრებაში იყენებენ. ქცევების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ დედისა და მამის ქმედებების, არამედ ბავშვისთვის მნიშვნელოვანი სხვა მოზრდილების ქცევაც: ბიძის, დეიდის, ბებია-ბაბუის და სხვ. სცენარი აყალიბებს ბავშვის გარე სამყაროსთან ურთიერთობის გზებს და იდეებს იმის შესახებ, თუ რა შეუძლია და რისი გაკეთება არ შეუძლია ადამიანს. პარტნიორთა შერჩევა, ბავშვების აღზრდა, სამსახურისადმი და საქმისადმი დამოკიდებულება და ცხოვრებაში სხვა უამრავი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ოჯახურ სცენარებთან, დამოკიდებულებებთან, რომლებიც ჩვენ ხშირად მემკვიდრეობით გვერგება. ამ დამოკიდებულებებს შეუძლიათ დაგვეხმარონ საზოგადოებაში ადაპტაციაში, ან პირიქით, მოგვაქციონ გარკვეულ ჩარჩოებში.

კარგია თუ ცუდი ოჯახური სცენარით ცხოვრება? ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ მშობლების ნებისმიერი დამოკიდებულება ხელს უშლის ბავშვს საკუთარი ცხოვრების აშენებაში. თუმცა, ასე როდია. ოჯახურ სცენარებს შეუძლიათ არა მხოლოდ ზიანი მიაყენონ, არამედ დაეხმარონ კიდეც ბავშვს. სამყაროს შესახებ ცოდნის უმეტეს ნაწილს ბავშვი ხომ ოჯახიდან იძენს. ოჯახური სცენარები ეხმარება ბავშვს, მიხვდეს, რა არის კარგი და რა არის ცუდი.

სცენარები განსაზღვრავენ ღირებულებათა სისტემას. მათი წყალობით ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, ვიყოთ წესიერი, მოვექცეთ საყვარელ ადამიანებს სიყვარულით, პატივი ვცეთ სხვა ადამიანების უფლებებს, ხარისხიანად ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მუდმივად განვვითარდეთ და სხვა.

ზოგჯერ საოჯახო სცენარი უბრალოდ ძველდება. თანამედროვე საზოგადოება სწრაფად ცვალებადია. მაგალითად, თუკი შევადარებთ თანამედროვე ახალგაზრდების ცხოვრებას მათი ბებია-ბაბუის ცხოვრებას, ორ სრულიად განსხვავებულ რეალობას მივიღებთ. ოჯახის იმიჯი, ქალისა და მამაკაცის როლები, ბავშვების აღზრდის პრინციპები, შრომისადმი დამოკიდებულება – ყველაფერი იცვლება. ამიტომ, ძველი სცენარი შეიძლება ახალ პირობებს ვერ მოერგოს და არაეფექტიანი იყოს.

მაგალითად, ვთქვათ, ოჯახში სამი თაობის ექიმები ცხოვრობენ. როცა ბავშვი ასეთ ოჯახში იზრდება, ისიც ამ სპეციალობას ირჩევს, რადგან მისთვის ექიმობა ბავშვობიდანვე ახლობელი და საინტერესოა. ამ შემთხვევაში ოჯახის სცენარი ემთხვევა პიროვნების მიზნებს.

მაგრამ, მაგალითად, სხვა ოჯახში მიაჩნიათ, რომ ქალი მხოლოდ დიასახლისი უნდა იყოს და ბავშვების აღმზრდელი. როგორც წესი, ამ ქალის ქალიშვილიც იზრდება პრინციპით, რომ მისი მთავარი ამოცანა იღბლიანად გათხოვება უნდა იყოს. ამავდროულად, შეიძლება მას ამის შინაგანი მოთხოვნილება არ ჰქონდეს. შესაძლოა, მას ძალიან სურდეს სწავლა, მოგზაურობა, მარტო ცხოვრება, მაგრამ მისი ოჯახური სცენარის მიხედვით, მას არ შეუძლია თავისი სურვილის მიხედვით მოქმედება. ამ შემთხვევაში ოჯახური სცენარი ეწინააღმდეგება ამ გოგონას საჭიროებებსა და ოცნებებს.

ცხოვრების რომელ სფეროებზე მოქმედებს ოჯახური სცენარი? მაგალითად, ის მოქმედებს მშობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობაზე. ზოგიერთ ოჯახში მიღებულია ყველა შორეულ და ახლო ნათესავთან კონტაქტის შენარჩუნება, ტრადიციულად ოჯახურ შეხვედრებზე მოსვლა. ასეთი ოჯახში გაზრდილი ბავშვი უფრო მეტად ინარჩუნებს კავშირს ყველა ნათესავთან. ოჯახებში, სადაც არ არის მიღებული ასეთი ტიპის კომუნიკაცია, გაზრდილ ბავშვებს თავისუფლად შეუძლიათ ცალკე ცხოვრება.

ხშირად მშობლები ისე ზრდიან თავიანთ შვილებს, როგორც მათ ზრდიდნენ და რა დამოკიდებულებასაც კარნახობდნენ თავიანთი მშობლები, ისინიც მასვე კარნახობენ შვილს. მაგალითად, „შვილები ბედნიერებაა და ცხოვრების მიზანი“, ანდა „ჩვენ მშობლები მკაცრად გვექცეოდნენ, მაგრამ ნორმალურ ადამიანებად გავიზარდეთ. თქვენც (შვილებს) მკაცრად უნდა მოგექცეთ“. ხშირად ახალბედა დედები სწორედ თავიანთი მშობლების სცენარებს მისდევენ. მათთვის სამაგალითო ხდება მათი ან მეუღლის მშობლის განვლილი გზა და გამოცდილება.

განვიხილოთ ფულთან დამოკიდებულება. არსებობს ასეთი სცენარები: „ჩვენს ოჯახში ფული არავის გვიჩერდებოდა“, „ფულს ყოველთვის იოლად ვშოულობთ“ ან „ყველანი ბევრს ვშრომობთ, მაგრამ ცოტა ფულს გვიხდიან“. ამავდროულად, მშობლების სცენარები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს რეალობას. თუ დედ-მამა სულ უყვება ბავშვს, რომ მათ ოჯახს ფული ყოველთვის აკლდა, მაშინ დამოუკიდებელ ცხოვრებაში ბავშვს შეუძლია ეს ამბები მთავარ ხაზად აქციოს – კარგი განათლებაც მიიღოს, თავის პროფესიაშიც რეალიზდეს, მაგრამ ფული იოლად დახარჯოს და ვერ მიხვდეს, რატომ ვერ ახერხებს დიდი თანხის დაგროვებას.

ავიღოთ მუშაობისადმი დამოკიდებულება. მშობლებს შეუძლიათ თქვან: „მუშაობა ძალიან დამღლელი რამაა“, „შრომამ უნდა მოიტანოს ფული და არა სიამოვნება“. ეს უკანასკნელი სცენარი ხშირად გვხვდება 90-იანი წლების ბავშვების თაობაში. მათი მშობლები უმეტეს დროს სამსახურში ატარებდნენ და მცირე ხელფასს იღებდნენ. ეს რწმენა, რომ სამუშაო რთულია, უინტერესო და ცუდად ანაზღაურებადი, შეიძლება მომავალ თაობას გადაეცეს. ბავშვი სამომავლოდ არც იფიქრებს, რომ მისთვის საინტერესო სამუშაო მოიძიოს. პირველ რიგში ის აირჩევს სპეციალობას, რომელიც მხოლოდ სტაბილურ შემოსავალს მოუტანს.

როგორ გავიგოთ: ვცხოვრობ ისე, როგორც მინდა, თუ მივყვები ჩემი მშობლის სცენარს?

ჩვენ ფაქტობრივად ვისისხლხორცებთ მშობლების სცენარებს. ასეთი სცენარის მიმდევარი ადამიანი მშობლების, ბებია-ბაბუის, ზოგჯერ კი მისი წინაპრების სცენარებსაც კი ითავისებს.

არის შემთხვევები, როცა ადამიანი მშობლების სცენარის საპირისპიროდ იქცევა და ამას შეგნებულად აკეთებს. ეს მისი პირადი არჩევანია ან ერთგვარი პროტესტი. უმეტესად ამ დროს პიროვნება რაღაც შეზღუდვების წინააღმდეგ ილაშქრებს. ამ შემთხვევაში პიროვნებამ მეტ-ნაკლებად იცის, რომ მის ოჯახში ყველა ერთსა და იმავე გზას მიჰყვება და მთელი ძალით ცდილობს, თავიდან აიცილოს ეს ბედი, დინების საწინააღმდეგოდ გაცუროს. თუ მისი მშობლები იურისტები არიან, ის სამსახიობოზე აბარებს. თუ ოჯახს ბევრი შვილი ჰყავს, ის გვიან ქორწინდება და ერთი შვილით შემოიფარგლება. თუ მკაცრ ოჯახში იზრდებოდა, ის უფრო რბილ და ლიბერალურ მეთოდებს იყენებს.

თუ გაგიჭირდათ იმის დადგენა, სად მთავრდება თქვენი სურვილები და იწყება ნათესავების სურვილები ან პროტესტის გამო ქმედებები, შეეცადეთ, დააკვირდეთ საკუთარ თავს. ყურადღება მიაქციეთ, რას აკეთებთ, რატომ, რა მიზანი და მისწრაფება გაქვთ. დაუსვით საკუთარ თავს კითხვები, როგორიცაა: „მართლა მსიამოვნებს კლასიკური მუსიკის კონცერტებზე სიარული? იმიტომ, ხომ არ მივდივარ იქ, რომ მშობლებმა მითხრეს, რომ მხოლოდ ასე გავხდები განვითარებული პიროვნება?“.

შესაძლებელია თუ არა ბავშვის აღზრდა ისე, რომ თავს არ მოვახვიოთ ოჯახური სცენარი?

მაშინაც კი, როცა ძალიან ვცდილობთ, ეს არ გავაკეთოთ, მაინც შევქმნით რაიმე სახის სცენარს. იმის შესაბამისად, თუ როგორ ვამყარებთ ურთიერთობას მშობლებთან, პარტნიორთან, მეგობრებთან, როგორ დავდივართ სამსახურში, ყალიბდება გარკვეული ნიმუშები. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ესაუბროთ ბავშვს ამაზე: „დიახ, ჩვენ გვაქვს ფულთან ურთიერთობის, ერთმანეთთან ურთიერთობის ასეთი გამოცდილება. თუ დაგჭირდა, გამოიყენე ეს გამოცდილება, მაგრამ ამის გაკეთება შენ სხვაგვარადაც შეგიძლია. ამით შენ რაღაც ახალს შემატებ ჩვენს ოჯახს“.

რა უნდა გააკეთოს ბავშვმა, თუ ნათესავებს არ ესმით მისი, მას კი არ სურს იცხოვროს ოჯახის სცენარის მიხედვით? შეგიძლიათ სცადოთ მშვიდად ახსნათ თქვენი შეხედულებები, ისაუბროთ თქვენს გრძნობებზე, არავინ დაადანაშაულოთ. მიიღება თუ არა თქვენი განმარტებები, ეს თქვენს ნათესავებზეა დამოკიდებული და არა თქვენზე. ოჯახმა შეიძლება მოგისმინოს ან არ მოგისმინოს.

თუ ოჯახი მხარს არ გიჭერთ იმაში, რომ არ გინდათ მეხუთე თაობის ექიმი გახდეთ, დროს ნუ დაკარგავთ, იმიტომ, რომ დაკარგული დრო შეიძლება მთელ ცხოვრებას უდრიდეს. თქვენ კი შეიძლება მაინც ვერ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ. ჩვენ არ შეგვიძლია, ვაიძულოთ სხვა ადამიანები იფიქრონ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. მთავარია, თქვენ შემოხაზოთ პირადი საზღვრები და გადაწყვიტოთ, სად დახარჯავთ თქვენს დროსა და ენერგიას.

 

 

 

რა არის და როგორ შევქმნათ ლეპბუკი?

0

ლეპბუკი ინფორმაციის გადმოცემის და ორგანიზების ძალიან ორიგინალური და ინოვაციური საშუალებაა, ამავე დროს ლამაზიცაა და სასარგებლოც.  მისი პოპულარობა სულ უფრო და უფრო იზრდება, როგორც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ასევე მშობლებს შორისაც.  წიგნების მაღაზიებში სხვადასხვა სახის ლეპბუკის შეძენა    შესაძლებელია, თუმცა მისი შექმნა  მოსწავლეს საკუთარი ხელითაც შეუძლია.

ლეპბუკის იდეის  ავტორად  ამერიკელი ტემი დიუბი ითვლება. მან  არც თუ ისე დიდი ზომის  საქაღალდეზე  პატარა ჯიბეები დაამაგრა, თითოეულ „ჯიბეს“ სახელი დაარქვა  და მათში ის სურათები, ლექსები, პატარა კომიქსები და სხვ. რესურსები თუ ინფორმაციის წყაროები შეინახა, რომელსაც თავის შვილებთან იყენებდა ანუ  „ჯიბეებიანი“  საქაღალდე  დახარისხებული ინფორმაციის  შესანახად გამოიყენა.

დღეს ლეპბუკები  სასწავლო პროცესში ინოვაციურ ტექნოლოგიად მიიჩნევა, რომელსაც ძალიან ბევრი ღირსება აქვს. ლეპბუკი ანუ როგორც მას ხშირად უწოდებენ  ინტერაქტიური  თემატური საქაღალდე –  ხელნაკეთი ქაღალდის  ჯიბეებიანი, ფანჯრებიანი, კარებიანი , სხვადასხვა მოძრავი დეტალებით  შექმნილი წიგნია.  ბავშვს მისი გამოყენებისას შეუძლია  ამ  განყოფილებებში  ჩალაგებული ინფორმაციის ამოღება, გადატანა, თავისი შეხუდულებისამებრ გადალაგება და  ჩალაგება.  ლეპბუკში თავმოყრილია მასალა ერთი რომელიმე კონკრეტული თემის  შესახებ. ამასთან, ლეპბუკი ესაა მოსწავლის დამოუკიდებელი  კვლევითი მუშაობის დასკვნითი ეტაპი, რომელიც მან მოცემული საკითხის/თემის შესწავლისა და კვლევის ფარგლებში გაიარა. ამ საქაღალდის შესავსებად მოსწავლემ სხვადასხვა დავალება უნდა შეასრულოს, აწარმოოს დაკვირვება, ჩაატაროს ცდა, სხვადასხვა წყაროდან დეტალურად შეისწავლოს  საკითხი,  აღრიცხოს დაკვირვების შედეგები,  დაახარისხოს ინფორმაცია და სხვ.

ლეპბუკის შექმნა მოსწავლეს შესასწავლი საკითხის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში, სისტემატიზაციაში დაეხმარება.  შემდგომში კი,  ამ საქღალდეების  გადახედვისას    იგი ადვილად  გაიხსენებს  გავლილ საკითხს/თემას და მარტივად მოიძიებს მისთვის იმ დროისთვის საჭირო და მნიშვნელოვან კონკრეტულ  მასალას.

სიტყვა ლეპბუკი  (lapbook)   ინგლისურიდან ითარგმნება,  როგორც  „დასაკეცი წიგნი“,  „მუხლების წიგნი“, ამასთან ორივე ვარიანტი  მისაღებია, რადგან ლეპბუკი დიდი ზომის არააა. იგი დაკეცილი А4 ფორმატის ზომისაა და გამოყენებისას მოსწავლესთვის მოსახერხებელია მისი კალთაში ჩადება.  გარდა ამისა ეს საოცარი წიგნები სავსეა  საიდუმლოებებითა და გამოცანებით. ისინი იშლება და აქვთ მრავალი ჯიბე, ჩანართი, ბლოკნოტი, რომლებიც თავის მხრივ  მოიცავს თემატურ ინფორმაციას, რაც ძალიან მოსწონთ და  იზიდავს  პატარა გამომძიებლებსა და საიდუმლოებების მოყვარულთ.

ლეპბუკის ნიმუშები


ლეპბუკს ორი მკვეთრად გამოხატული უპირატესობა გააჩნია:

  • ინტერაქტიურობა – მოსწავლე არა მხოლდო ათვალიერებს  მას,  არმედ ურთიერთობს  კიდეც  საქაღალდესთან. ბავშვის ეფექტური მონაწილეობა მნიშვნელოვნად ზრდის მის  ინტერესს ამ დამხმარე სასწავლო რესურსის მიმართ.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი დამოკიდებულება  კინესთეტიკური სწავლის სტილის მქონე მოსწავლეებისთვის, რადგან ყველასთვის ცნობილია თუ რაოდენ დიდი როლი აკისრია თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესში  როგორც ვიზუალური რესურსების (ილუსტრაციების, ვიდეოების, სლაიდების  და სხვ. დემონსტრირება), ასევე მუსიკისა და აუდიოჩანაწერების გამოყენებას.
  • თემატურობა – მცირე საქაღალდეში სხვადასხვა თემების შესახებ ინფორმაციის შეგროვება არც თუ ისე მარტივია. დაწყებით საფეხურზე, პირველ და მეორე კლასებში, ბავშვებისთვის რთული იქნება მისი ასიმილაცია და გაგება, ამიტომ ლაპბუკები ჩვეულებრივ ერთ რომელიმე კონკრეტულ თემას ეძღვნება, მაგალითად, დაწყებით საფეხურზე ეს შეიძლება იყოს ისეთი თემები, როგორიცაა  “შემოდგომა”, “ფრინველები”, “ოჯახი”, „სოკოები“, „კოსმოსი“, „ამინდი“, და სხვ.  უფრო მაღალ კლასებში (3-6 კალსები), როცა მოსწავლეები  თემებს  შედარებით სიღრმისეულად სწავლობენ, შესაძლებელია ლეპბუკში უფრო კონკრეტული ქვეტექსტების გაშუქება, მაგალითად,  “შემოდგომის ნობათი”, “გადამფრენი ფრინველები”, “ოჯახური დღესასწაულები”, „მზის სისტემის პლანეტები“, „ამინდის ცვლილება“ სხვ.

 

ასევე განსხვავებული ლეპბუკების გამოყენების მიზნებიც.  ესაა როგორც  პროექტის განხორციელების პროცესში  შესწავლილი მასალის განმტკიცება, ასევე ინფორმაციის შეგროვებისა და სისტემატიზირების შესწავლა, შემოქმედებითობისა და კრეატიულობის  განვითარება,  პროდუქტის მიმართ მზრუნველობითი დამოკიდებულება,  ჯგუფური მუშაობისას კომუნიკაციური უნარების განვითარება და სხვისი შრომის პატივისცემა. ასევე მეტად მნიშვნელოვანია, რომ ლეპბუკების საშუალებით ხდება მოსწავლეებში შემოქმედებითი აქტიურობის სტიმულაცია, მოტივაციის ამაღლება და სწრაფვა ახლის გაგებისა   და შემეცნებისკენ.

მოსწავლეებმა  ლეპბუკები შეიძლება გამოიყენონ  კომპლექსურ დავალებაზე  მუშაობისას, როგორც დამხმარე რესურსი (მაგალითად, ლეპბუკის თითოეულ უჯრაში  შეინახონ ერთი რომელიმე  შეფასების ინდიკატორის შესატყვისი მასალა) ან შექმნან, როგორც კომპლექსური დავალების საბოლოო პროდუქტი

ლეპბუკები დანიშნულების მიხედვით  შეიძლება იყოს   გასართობი (სათამაშო), სასწავლო, მისალოცი, ბიოგრაფიული და სხვ.

გასართობი (სათამაშო) ლეპბუკი გამიზნულია  ჯგუფური ან დამოუკიდებელი თამაშისთვის, ამიტომ ძირითადი აქცენტი მასში  გადატანილი უნდა იქნეს გართობაზე, ინფორმაციის ადვილად აღქმაზე. ამ ტიპის ლეპბუკში მოძრავი სათამაშო ელემენტების (ფანჯრები, წრეები, გასაწევი ჯიბეები) გარდა,  შესაძლებელია დავამატოთ ბარათები ისეთი ლოგიკური თამაშებსითვის, როგორიცაა „გამოიცანი ვინ ვარ?“, „რა ჩავიფიქრე“ და სხვ.

სასწავლო ლეპბუკი არაჩვეულებრივი საშუალებაა ორგანიზებული  სასწავლო საქმიანობისთვის და  ინდივიდუალური მუშაობისთვის. ამ ტიპის ლეპბუკში შეიძლება  მოთავსდეს არა მხოლოდ  სასწავლო თამაშები, ინფორმაციული ბარათები, ანდაზები,  სტატისტიკური  მასალები, თემატური ფოტოები და რუკები, არამედ ასევე სხვა საინტერესო ფაქტებიც,  კითხვები და სხვ.

გეოგრაფიული შინაარსის   ლეპბუკები

ამრიგად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლეპბუკი წარმოადგენს თემატურ ინტერაქტიურ საქაღალდეს (წიგნს), რომელიც სისტემატიზირებულ და მრავალფეროვან ინფორმაციას მოიცავს.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...