შაბათი, ივლისი 20, 2024
20 ივლისი, შაბათი, 2024

გაზაფხული ვერცხლის ქუჩაზე

„წინ, ხუთივე ჩემო გრძნობავ,

თვალ-ყურო და ცხვირ-პირ-კანო!“

ფრანსუა ვიიონი

 

თვალი

 

გაზაფხულია, გული გულს ეძებს, მე კი ზურგშექცეულ მეგობრებს ვხედავ. მართალია, ისინიც ნელა მისეირნობენ, მაგრამ ჩემი სიარულის ტემპი კიდევ სხვაა, საგანგებოდ უნდა მოინდომო მხარდამხარ გაყოლა. კოტე აფხაზის ქუჩაზე ტურისტებისთვის გამოფენილ ფარდაგებს, თიხის ნაკეთობებს და ნუგბარს გვერდს გულგრილად ვუვლით. პატარა სანაყინე  კი ყველა უბანს უხდება, ნაყინი სულ რომ არ გიყვარდეს მაინც. არასოდეს მინახავს მოწყენილი იყოს ადამიანი, რომელსაც ვაფლის სამკუთხა ჭიქა უჭირავს ხელში და ფერადი ბურთულების შესათვალიერებლად თავს გვერდულად ხრის. მერე ძველი ამბავი მახსენდება. სტატიის მასალისთვის მოხეტიალე ჟურნალისტებს ერთხელ ისე მოგვშივდა, ამ უბნელმა ქალმა უთქმელად შეგვატყო და ცხელი თონის პური გვიწილადა. იმ ქალის სახე არ მახსოვს, მხოლოდ ხალათი – ხელგაუყრელად, მხრებზე მოხურული და პურზე შემოხვეული გაზეთი, რომლისთვისაც დღედაღამ ვშრომობდით.

ყური

თავისუფლების მოედნისკენ მიმავლები ლაპარაკში ვერთობით და გზიდან მოულოდნელად ვუხვევთ. სახლში არავის გვეჩქარება, თორემ შეცვლილ მარშრუტს ასე ადვილად არ მივენდობოდით. კაფე-ბარების მუსიკა, მანქანების ხმაური და მოსეირნეთა მხიარულება თანდათან შორს გვრჩება. ახლა ჩვენი ხმები უკეთ გვესმის. ხან ძველ ამბებს ვიხსენებთ, ისეთებს, ყველამ კარგად რომ ვიცით, მაგრამ ხელახლა წარმოსახვა და განცდა გვაბედნიერებს. ხანაც ახალს ვიტყვით, ამ ქალაქის გადასხვაფერებისას და ისევ ძველი დროის სურათებს ავედევნებით. დროდადრო კიბის მოაჯირი, აივნის რიკული ან ჭიშკრის ორნამენტი გვტაცებს თვალს და ვდუმდებით. მერე ისევ ერთმანეთის გამოჯავრებით ვერთობით და ხმამაღლა ვიცინით. გასეირნებას ლაიტმოტივად გასდევს ღია ფანჯრიდან გამომავალი პიანინოს ხმა, ნაცნობი მელოდიით მუსიკალური შვიდწლედის რეპერტუარიდან. შესაძლოა, ლისტიც იყოს.

ცხვირი

ვერცხლის ქუჩაზე გაზაფხულის სუნია და კიდევ ცხოვრების. აქაურები ახლომდებარე რესტორნებში არ ვახშმობენ, ამიტომაც ღია ფანჯრებიდან შინაურული კერძების სურნელი იფრქვევა. შეიძლება, ერთ სუფრაზე სულაც არ იდოს შებრაწული სოსისი, ტაფამწვარი და ახალი კარტოფილი მწვანე ტყემლით, მაგრამ ქუჩაში გამვლელისთვის ეს ერთი დიდი ტრაპეზია, რომელსაც მთელი უბანი შემოსხდომია. მართალია, ეს ყველაფერი ბარიდან დაუნაყრებლად გამობრუნებულის მცდარი აღქმაა, მაგრამ წარმოსხვაც დიდებული თავშესაქცევია. ატელიეს აბრის დანახვაზე უნებლიედ ძველი „პარტნოი“ მახსენდება, რომელიც ამ ქუჩის ერთ-ერთ ეზოში იჯდა და ჯინსებს კერავდა, მონტანას მარკებით. ახალი, მოუთელავი ჯინსის, მკერავის ცარციანი თითების და მუშამბის სანტიმეტრის სუნი ერთმანეთში ირევა, მაგრამ მალევე ქრება. ყნოსვას ვერ მიენდობა მეხსიერება, როცა აკაციის ყვავილობის დროა.

პირი

მენიუდან მწვანე კოქტეილის არჩევა ვერ გავრისკე. როგორც ყოველთვის, ახალ ადგილებს, უცნობ ადამიანებს და უცხო გემოებს ვუფრთხი. რადგან იმ საღამოს სამეგობროს ყოველკვირეულმა „პარასკეობამ“ ჩვენი ბინიდან შარდენზე, ახლადგახსნილ ბარში გადაინაცვლა, კიტრისა და ნიახურის ნაზავი ჩემთვის მეტისმეტი იქნებოდა. ასეთ დროს ჩემი სასმელი კაპუჩინოა, შავი შოკოლადის და დარიჩინის მოსალოდნელი სიმწარით. ისე კი, გირჩის მურაბა ჩვენი შეკრებების ყველზე უჩვეულო გემო იყო. ბორჯომის ხეობაში ვინც კი მოხვდებოდა, თითო ქილას მაინც გამოიყოლებდა ხოლმე და დიდ ჩაის სმას გავმართავდით. ახლა, ბევრი წლის მერე, ალბათ ყველას სხვადასხვას იტყვის, რა ატკბობდა იმ საღამოებს, მაგრამ უგემური და წყალწყალა არცერთი შეკრება არ ყოფილა. ჯერ კიდევ გოგო-ბიჭები გვეთქმოდა და ცხოვრებას სხვა გემოს ვატანდით.

კანი

კანით ვგრძნობ, რომ საუკეთესო დროა, არც ცივა და არც ცხელა. გაზაფხულის თბილისი კიდევ სხვა ქალაქია, რომელსაც ვერცერთ რუკაზე ვერ იპოვი.  სულ ასე უნდა იყოს, ვფიქრობ და ვიცი, რომ სულ ასე არ იქნება. დროდადრო შარვლის ჯიბეში ხელს ვაცურებ და პრიალა სარჩულთან შეხება მსიამოვნებს. სიარულის ეს უდარდელი მანერა თითქოს უფრო ხელშესახებს ხდის  წუთიერ განცდას იმისა, რომ სანუკვარ მომენტს განსაკუთრებული მონდომების გარეშე ჩავავლე – აქ ვარ და ამჟამად… ხელკავით მოსეირნეები ბარათაშვილზე, კონკასთან ვიკრიბებით, მომდევნო შეხვედრას ვგეგმავთ და ქალაქის სხვადასხვა უბნისკენ მივემგზავრებით. ახლა უკვე დარწმუნებით ვიცი: არასოდეს უნდა შეგეშინდეს გზიდან გადახვევის, რადგან ხანმოკლე გასეირნებაცა და ხანგრძლივი ხეტიალიც ბოლოს მაინც მთავარ ქუჩაზე გაგიყვანს.

ხანდახან გაზაფხული ვერცხლის ქუჩით მოდის.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“