სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025
28 ოქტომბერი, სამშაბათი, 2025

ტექსტი, როგორც თვითმიზანი

0

სკოლაში მხატვრული ლიტერატურის შესწავლასა და დამუშავებას დიდი დრო ეთმობა; კითხვასა და წიგნიერების ხელშეწყობას – ნაკლები.

რა არსებითი განსხვავებაა შესწავლა-დამუშავებასა და წიგნიერების ხელშეწყობას შორის?

არსებითი.

სავალდებულო საპროგრამო თხზულებების შესწავლა თვითმიზნადაა ქცეული და ამის გამო სწავლა-სწავლება უფრო მეტად ემსგავსება ფილოლოგიის ფაკულტეტის მოსამზადებელი ეტაპის სამუშაოს, და ნაკლებად – წიგნიერების ხელშეწყობას.

ვამბობ წიგნიერებას და ვგულისხმობ:

  • აზროვნებისა და მისი განვითარების კვალდაკვალ სამყაროსთან დიალოგის უნარს;
  • ფიქრის სტიმულირებას, ნაფიქრის მოწესრიგების უნარს ზეპირად და წერილობით;
  • ცოცხალ ურთიერთობას ტექსტთან და საკუთარ თავთან;
  • ანალიზის, მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების უნარს;
  • წიგნებიდან მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში გამოყენების უნარს;
  • პრობლემების გადაჭრის, დასახული მიზნების შესაბამისად ქმედების უნარს;
  • უნარს, განსჯითი შეფასებების მიღმა, კატეგორიზაციის მიღმა მსჯელობისა, პროაქტიულად ფიქრის, დაგეგმვისა და ქცევის;
  • საკუთარ სხეულთან, გონთან, საკუთარ თავთან მოლაპარაკების უნარსა და თვითდისციპლინას;
  • ემპათიის უნარის გაღვივებას. ხედვის სხვადასხვა კუთხის შემჩნევის უნარს. როცა შეგიძლია „აღიარებულ ჭეშმარიტებას“ შეხედო განსხვავებულად, განახლებული მზერით, „დამწყების თვალით“, „განულებული“ (სტერეოტიპებისგან დაცლილი) მეხსიერებით.

 

 

წიგნიერების თანმდევი ყველა ჩამოთვლილი სიკეთე მუშავდება წიგნების კითხვით და საუკეთესო ასპარეზად ამისთვის საოცნებო საკლასო ოთახები შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. მოსწავლეები ამ კლასებში ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით აღვსილნი სხედან, რადგან მათ „დასასწავლი“ და „დასამუშავებელი“ კი არ აქვთ „პროგრამა“, არამედ კითხვის, ფიქრისა და მსჯელობის შესანიშნავი წუთები ელით.

მათ იციან – მხატვრული ტექსტი მოაზროვნე ადამიანისთვის (ჩვენი სახეობის მთავარი მახასიათებელი კი სწორედ ესაა) სხვა სამყაროებში ტელეპორტაციის საშუალებაა. იქ ისეთ კითხვებზე შეიძლება პასუხების მოძიება, რომლებიც ჩვენც გვაქვს, გვაწუხებს ან გვაინტერესებს. სხვების თავგადასავლებში მონაწილეობის, სხვათა განცდების გათავისების შესაძლებლობა გვაქვს, საკუთარი „მეს“ საზღვრებს შეგვიძლია გავცდეთ და თან ისე, რომ არ გავითქვიფოთ, უკან დავბრუნდეთ „იმაზე უკეთესები, ვიდრე წაკითხვამდე ვიყავით“.

 

 

 

 

ვამბობ „დასწავლა-დამუშავებას“ და ვგულისხმობ იმას, რომ სასკოლო პროგრამა, სახელმძღვანელოების „საბაზისო პაკეტი“, მხატვრულ ტექსტთან ურთიერთობის მთავარ მიზნად ამ ტექსტის შესწავლას ისახავს. ეს მიზანი ამ სიტყვათშეთანხმებით შეგვიძლია გადმოვცეთ: „ტექსტი-თვითმიზანი“.

რას ნიშნავს ეს?

წაკითხვის შემდეგ მოსწავლე გაგება-გააზრების დონის კითხვებს უპასუხებს (კითხვები შინაარსის გაგებასა და გააზრებაზეა ორიენტირებული).

ჩვენი პროგრამული ტექსტების უმრავლესობა ენობრივად საკმაოდ რთული და ლექსიკურად გადატვირთულია, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი ნაწილია და დიდ დროსაც საჭიროებს. ამის შემდეგ სამუშაო წარიმართება ამ მიმართულებებით:

  • რა არის ტექსტის მთავარი სათქმელი;
  • რის თქმა სურდა ავტორს.

 

ამ ეტაპზე ხშირად მნიშვნელოვანია ისტორიული, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, სხვადასხვა დარგის თეორიული მასალის/ცნობების მიწოდება, რათა „მთავარი სათქმელი“ სწორ კონტექსტში იქნეს გააზრებული. ეს ყველაფერი ისწავლება და მუშავდება ტექსტის გაგება-გააზრებისთვის, ტექსტისვე კონტექსტში, ტექსტის შესასწავლად.

 

ამ მიდგომაში არაფერია მიუღებელი.

ეს კლასიკური ტექსტოლოგიური და ანალიტიკური მეთოდია, ფილოლოგიური პრაქტიკა სწორედ ამ სამუშაოებს მოიცავს და წაკითხულის „სწორად“ გაგებისა და გააზრებისთვის ეს უმნიშვნელოვანესია. პრობლემად ის მაშინ იქცევა, როდესაც ენისა და ლიტერატურის სასკოლო კურსის წარმმართველ პრინციპად რჩება. რატომ? იმიტომ, რომ მკითხველის როლი ამ სამუშაოში „რეპროდუქციულია“, ინტერპრეტაცია იზღუდება ავტორის სათქმელის ამოცნობით, მისაღებია მხოლოდ „სწორი“ წაკითხვა.

ახლა დავსვათ მნიშვნელოვანი კითხვა:

არის თუ არა სკოლის ამოცანა (ოდენ) ფილოლოგიური დისციპლინისთვის მნიშვნელოვანი უნარების ჩამოყალიბება?

პასუხია, რასაკვირველია – არა.

გადახედეთ სასკოლო სახელმძღვანელოებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში საშუალო (დამამთავრებელ) საფეხურზე.

დასასწავლი მასალის მიწოდების ერთადერთი და უალტერნატივო მეთოდი ეფუძნება ისტორიზმის პრინციპს. ეს გულისხმობს იმას, რომ, ლიტერატურის ისტორიის (ფილოლოგიის ფაკულტეტზე ამ საგანში ცალკე კურსი იკითხება) კვალდაკვალ, ტექსტები ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა დალაგებული.

 

წიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ინტერპრეტაციების უნარების ჯეროვნად ჩამოსაყალიბებლად საკმარისი რაოდენობის სავარჯიშოები და აქტივობები სახელმძღვანელოებში არ არის.

პროგრამული მასალა მოცულობითია და გამოყოფილი საათების რაოდენობა არ არის საკმარისი ამ რაოდენობის ტექსტებისთვის.

 

ჩვენს ინტერნეტგაზეთში გამოქვეყნებულ ამ წერილში დეტალურადაა ყურადღება გამახვილებული იმ ძირითად პრობლემებზე, რომლებიც აქტუალურია ლიტერატურის სასკოლო კურსის კონტექსტში. აქ ამაზე ვრცლად აღარ შევჩერდებით.

 

როლან ბარტი ნაშრომში „ტექსტისგან მოგვრილი სიამოვნება“ აღნიშნავს, რომ ტექსტის „სტანდარტიზება“ და „ნორმატიული ინტერპრეტირება“ დაუშვებელია. კითხვა ინტიმური, სუბიექტური აქტია და „სწორი წაკითხვა“ არ არსებობს. მკითხველებს ის ორ დიდ ჯგუფად ყოფს – ტექსტის მეგობრები და ტექსტის მტრები. „ტექსტის მეგობართა საზოგადოებას არაფერი ექნება საერთო, მტრების გარდა. ესენი არიან აბეზარი მუდოები, რომლებიც ტექსტებს ხელშეუხებლობის ბეჭედს ასვამენ და მისგან სიამოვნების მიღებას კრძალავენ. ამას ტექსტის მტრები სხვადასხვა მიზეზით ამართლებენ – კულტურული კონფორმიზმი, შეზღუდული თვალსაწიერის რაციონალიზმი, პოლიტიკური მორალისტობა, ბლაგვი პრაგმატიზმი, სხვადასხვა ჯურის „კეთილგონივრულობა“.

ხისტი და უხეში მახვილგონივრულობაა, არა?

მაგრამ შემაფხიზლებელი, საინტერესო და საჭიროც – უდავოდ.

გვაიძულებს გავიმეოროთ „მარტივი ჭეშმარიტებები და დავფიქრდეთ, რომ:

 

მხატვრული ლიტერატურის მნიშვნელობის „დავიწროება“ ტექსტის დასწავლა-დამუშავების თვითმიზნამდე საცოდაობაა.

ფილოლოგიური სამეცნიერო მეთოდოლოგია ენისა და ლიტერატურის სასკოლო კურსს არ უნდა განსაზღვრავდეს.

წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების გამომუშავებას იმაზე მეტი დრო სჭირდება თანამედროვე სამყაროში, ვიდრე ჩვენ ვუთმობთ.

დიად მიზნებსა და ესგ-ში გაწერილ შესანიშნავ, ბრწყინვალე ამოცანებს რამდენად ვასრულებთ იმ პროგრამით, იმ საათობრივი ბადითა და მეთოდოლოგიით, რაც დღეს გვაქვს – საკითხავია.

როდის ვიკვლიეთ ბოლოს თანამედროვე მოზარდების ინტერესები, საჭიროებები, ასაკობრივი განვითარების თანმდევი ფაქტორები, რომელთა მიხედვითაც საჭიროა სტანდარტის რევიზია?

 

ამ საკითხებზე დაფიქრებისა და სამოქმედო ნაბიჯების შესაბამისად დაგეგმვის გარეშე კი ლიტერატურის სასკოლო კურსი სწორედ ტექსტების დასწავლა-დამუშავების ასპარეზად გვაქვს ქცეული.

 

„ისმინე, სწავლის მძებნელო“,  ანუ როგორ გავზარდოთ სწავლის მოტივაცია ბავშვებში

0

რატომ ვსწავლობთ? ამ კითხვას სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოაზროვნე განსხვავებულად სცემდა პასუხს. ძველი ბერძნები ამბობდნენ: „შეიცან თავი შენი“ – ეს ითვლებოდა ყველაზე მნიშვნელოვნად სწავლის პროცესში. ცოდნის შეძენა გეხმარება საკუთარი თავის აღმოჩენაში. „მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“ – რუსთაველის მიერ გამოთქმული ეს მოსაზრება, იმიტომ ვსწავლობთ, რომ ვცხონდეთო, ძალიან დიდხანს იყო ალბათ ერთადერთი პასუხი ამ კითხვაზე. მსგავს თვალსაზრისს ბევრგან და ხშირად შევხვდებით. მოგვიანებით დაბრუნდა ანტიკური პოსტულატი, ოღონდ ქრისტიანობასთან შერწყმული. გავიხსენოთ დავით გურამიშვილის ცნობილი სიტყვები:

„ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო:

ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო?

ვინცა ქმნა თიხა ჭურჭელად, რას უძღვნის ხელფასადაო?

ვით რემა ხნარცვს არ ჩავარდეს ულაგმო და უსადაო?“

ადამიანი საკუთარი თავის შესაცნობად სწავლობს, თუმცა თავის შეცნობა მის ღვთიურ წიაღთან კავშირს გულისხმობს უცილობლად.

ასეა თუ ისე, სწავლა ნამდვილად გვეხმარება საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობაში. ის გვაძლევს პიროვნული განვითარების საშუალებას, გვივითარებს კრიტიკულ აზროვნებას, გვასწავლის ანალიზს, გადაწყვეტილებების მიღებას, ინფორმაციის შეფასებასა და დამოუკიდებლად ფიქრს. ახალი ცოდნა აძლიერებს ფანტაზიას, პრობლემების თავისებურად გადაჭრის უნარს, ცოდნა გვაძლევს თავისუფლებას, გამოვთქვათ აზრი, ავიღოთ პასუხისმგებლობა და ვგრძნობდეთ თავს კომფორტულად სხვადასხვა სიტუაციაში. ყოველი სასწავლო გამოცდილება გვასწავლის სირთულეების დაძლევას სისტემატურად და ლოგიკურად. ცოდნა გვეხმარება, სწრაფად ავუღოთ ალღო ცვლილებებს. განათლება კარს გვიღებს მომავლისკენ, აფართოებს სოციალურ წრეს, აუმჯობესებს ადამიანებთან ურთიერთობის უნარს. სწავლა აყალიბებს ეთიკურ პრინციპებს, ეხმარება ადამიანს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში. გვაძლევს საშუალებას, უკეთ გავიგოთ სხვადასხვა კულტურა და თვალსაზრისი. გვეხმარება, ვიცნოთ საკუთარი ინტერესები, ნიჭი და მიზნები. ახალი რამის სწავლა ბუნებრივად იწვევს შინაგან კმაყოფილებას… კიდევ უამრავი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება, რატომ არის მნიშვნელოვანი ცოდნის შეძენა, რატომ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი სწავლა, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, ჩვენი გაჯეტებზე დამოკიდებული ან სხვა ინტერესებით დაკავებული მოსწავლეები ამაში დავარწმუნოთ. ალბათ დამეთანხმებით, ამისთვის მხოლოდ ლაპარაკი არ კმარა, საჭიროა, ჩვენს ბავშვებს სწავლის მოტივაცია გავუღვივოთ, ცოდნა მოვაწყუროთ.

სწავლის მოტივაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებული განათლებისთვის. როდესაც მოსწავლეებს რეალურად ესმით, რატომ არის სწავლა მნიშვნელოვანი, ისინი უფრო აქტიურად, ინტერესით და პასუხისმგებლობით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში.

რატომ არის სწავლის მოტივაცია მნიშვნელოვანი? სწავლის მოტივაცია უზრუნველყოფს გრძელვადიან ინტერესს ცოდნის მიღების პროცესისადმი, თვითონ სწავლის პროცესის ღირებულების გაცნობიერებას, აკადემიური წარმატებების გაუმჯობესებას, კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას, მომავალი კარიერის გზის წარმატებით დაგეგმვას…

რა შეიძლება გავაკეთოთ მოტივაციის ასამაღლებლად? ვფიქრობ, ბევრი საინტერესო აქტივობის მოფიქრება შეიძლება. პირველი, რასაც ჩვენი ბავშვები ყურადღებას აქცევენ, ნებისმიერი რამის პრაქტიკასთან, ყოველდღიურობასთან ბმაა: „სად ან რაში გამოვიყენებ?” – ალბათ ხშირად გვესმის მათგან. ჩვენც ნებისმიერი საგნისთვის უნდა შევქმნათ კონკრეტული მაგალითები: მათემატიკაში შესაძლოა ბიუჯეტის დაგეგმვა, არქიტექტურა, მუსიკის თეორია… ფიზიკაში ჩავრთოთ: ტექნოლოგიები, სპორტი, ყოველდღიური მოვლენები… ისტორია თანამედროვე მოვლენების გასაგებად გამოვიყენოთ, ხოლო ლიტერატურა კომუნიკაციის უნარების, ემპათიისა თუ კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად.

შესაძლოა, მოსწავლეებს შევაქმნევინოთ „მომავლის რუკა“ – დავეხმაროთ კარიერული მიმართულებების კვლევაში. ყოველ მოსწავლეს დავავალოთ აირჩიოს სამი მისთვის საინტერესო სფერო; დააკვირდეს, რა საგნები და უნარები დასჭირდება; ეცადოს, შეხვდეს ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალს; შექმნას „სწავლის რუკა” – რომელი საგნები როგორ დაეხმარება მის ოცნებებს. შესაძლოა, გრძელვადიანი პროექტები დავგეგმოთ, რომლებიც რეალურ პრობლემებსა და რამდენიმე საგნის ინტეგრაციას მოითხოვს (სკოლის ეკოპროექტი (ბიოლოგია + მათემატიკა + საზოგადოებრივი მეცნიერებები; ადგილობრივი ისტორიის კვლევა და დოკუმენტური ფილმის შექმნა; ბიზნეს-გეგმის შემუშავება…). აუცილებლად ვამუშაოთ მოსწავლეები თვითრეფლექსიაზე – შესაძლოა, გააკეთონ ჩანაწერები – რა ისწავლეს ახალი, სად ან როგორ გამოიყენებენ ამ ცოდნას, რომელი უნარები განუვითარდათ, რა გამოწვევები შეხვდათ და როგორ გაუმკლავდნენ… ჩვენ კი, ტრადიციული ქულების ნაცვლად, შეგვიძლია, სხვადასხვა განმავითარებელი რუბრიკა, თვითშეფასება და რეფლექსია, თანატოლთა შეფასება გამოვიყენოთ.

ყველას კარგად გვახსოვს, როგორ გვიზიდავდა დიდობანა. ჩვენს ბავშვებსაც შევთავაზოთ, გახდნენ უმცროსების მენტორები, ან, პირიქით, მოვიწვიოთ პროფესიონალები მათთან შესახვედრად, გავაცნოთ ყოფილი კურსდამთავრებულების ისტორიები და, რაც მთავარია, მშობლებსაც ვთხოვოთ, გაუზიარონ მათ გამოცდილება.

მოტივაციის გასაზრდელად კონკურსებში მონაწილეობაც არანაკლებ ეფექტურია. შეიძლება მოვაწყოთ გუნდური კონკურსები ცოდნაზე, „ჰაკათონები” სხვადასხვა საგნის მიხედვით, მოსწავლეთა კონფერენციები, ინოვაციური იდეების კონკურსები…

ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ მასწავლებელს მოსწავლის მაჯაზე უდევს ხელი, რომ მისი პულსაცია ესმის გამუდმებით. ჰოდა, მთავარია, არ გამოგვრჩეს მოსწავლეების ინტერესების კვლევა – რეგულარულად ჩავატაროთ გამოკითხვები, შევთავაზოთ მრავალფეროვანი სწავლის სტილები – ვიზუალური, აუდიო, კინესთეტური მეთოდების კომბინირება, მივცეთ დიფერენცირებული დავალებები – სხვადასხვა სირთულის დონეების გათვალისწინებით, არჩევანის თავისუფლება – მოსწავლეებს მიეცეთ ალტერნატიული დავალებები, მივაჩვიოთ, რომ – შეცდომები არის სწავლის ნაწილი, წავახალისოთ თანამშრომლობითი ატმოსფერო და გუნდური მუშაობა, მივაჩვიოთ კითხვების დასმას, დავაფასოთ მათი მცირე წარმატებაც, გამოვიყენოთ ის ონლაინპლატფორმები, მათ რომ ასე ძალიან უყვართ, მოვაწყოთ ფიზიკური და ვირტუალური ექსკურსიები…

ვფიქრობ, მსგავსი მუშაობა მოგვცემს როგორც მოკლევადიან (გაიზრდება ჩართულობა, საკლასო ატმოსფერო გაუმჯობესდება, დავალების შესრულების ხარისხი მოიმატებს), ისე – გრძელვადიან შედეგს (აკადემიური შედეგების მდგრადი გაუმჯობესება, თვითმოტივაციის გაზრდა, კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება, მომავალი განათლებისა და კარიერის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება…).

რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ მცირე ნაწილი შემოგთავაზეთ იმ აქტივობებისა, რომელთა გამოყენებაც მასწავლებელს საგაკვეთილო პროცესში შეუძლია მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად. ყველა მასწავლებელმა კარგად იცის საკუთარი მოსწავლეების ინტერესები და შესაძლებლობები. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებაც.

მთავარია, არ დაგვავიწყდეს ის, რასაც საუკუნეების განმავლობაში არ აქვს ალტერნატივა – სწავლის მოტივაცია აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ჩვენს მოსწავლეებში, რადგან განათლება საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარება, „განათლება თავისუფლებაა“.

როცა ფილმმა დაგამშვიდა

0

იყო იდეალური მასწავლებელი – ეს ერთგვარი მახე და ჩიხია. ამ დროს ვცდილობთ, ყველაფრისთვის მზად ვიყოთ, ვუპასუხოთ ყველა კითხვას, ვიყოთ მომთხოვნები და, ამასთანავე მეგობრულები. მაგრამ სად გადის ზღვარი?

ფილმი „The Kindergarten Teacher“ არ არის ტიპური სასწავლო დრამა. მასწავლებელი, რომელიც შთაგონებულია მოსწავლის პოეზიით, იმდენად ეძლევა მის იდეალს, რომ გასცდება ზღვარს. მან გააზრებული გადაწყვეტილება მიიღო? – არა. მაგრამ რა უდევს საფუძვლად ამ გადაცდომას – პედაგოგის სიგიჟე თუ მისი უმწეობა სამყაროს წინაშე, სადაც პოეზია დაკარგულია?

ამ ფილმმა რაღაც უცნაური სიმშვიდე მომიტანა. არა იმიტომ, რომ პერსონაჟი გავამართლე, არამედ იმიტომ, რომ ვიგრძენი: მასწავლებელიც ცდება. და ეს შეცდომა სულაც არ შლის მის განცდას, რომ სილამაზეს ეძებდა. ის უბრალოდ დაიღალა. და ეს სევდიანი ადამიანური დაღლა ძალიან მეცნო.

მასწავლებლობა ემოციური გზაა: ზოგჯერ ვერ ვხედავთ მოსწავლის ნიჭს, ზოგჯერ ვაფერხებთ. ზოგი შეცდომა ჩვენს პროფესიულ ბიოგრაფიაში არ იწერება, მაგრამ გულში გვრჩება. ფილმი გვეუბნება: ესეც ნაწილია. და სანამ პასუხს ვეძებთ, მთავარია, საკუთარ თავში საკმარისი ადგილი დავიტოვოთ შეცდომისთვისაც.

ეს გვხდის ადამიანებად. და სწორედ ამიტომ ვართ მასწავლებლები – ადამიანები, რომლებსაც უფლება აქვთ, გზას ასცდნენ, რათა ეს გზა სანდოდ გააგრძელონ ბავშვებმა.

ამ ფილმის ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი ისაა, რომ მასწავლებელიც ცდება.

რას გვასწავლის შეცდომა?

  1. შეცდომა ფოკუსის შეცვლის სიგნალია. როცა გაკვეთილზე მიდიხარ ერთი მოლოდინით, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად ვითარდება, ეს არ არის პროფესიული მარცხი. ეს არის მიწვევა ცვლილებაზე.
  2. შეცდომა ინდივიდუალური მიდგომის საწყისია. ზოგჯერ მასწავლებელი სტანდარტს ებღაუჭება და ავიწყდება, რომ ბავშვებს განსხვავებული საჭიროებები აქვთ. შეცდომა გვაჩვენებს, რომ ერთი ჩარჩო ყველას ვერ მოერგება.
  3. შეცდომის აღიარებით ურთიერთობა მყარდება. როცა მოსწავლესთან გულწრფელად ვაღიარებთ: შეიძლება, ამჯერად არასწორად მოვიქეცი, – ის იწყებს ნდობას.
  4. შეცდომა ზრდის მოდელია. თუ გვინდა, რომ მოსწავლეებს არ შეეშინდეთ მარცხის, პირველ რიგში მასწავლებელს უნდა ჰქონდეს საკუთარ შეცდომასთან მშვიდად ყოფნის გამბედაობა.

როგორ გამოვიყენოთ ეს?

* ჩვევა გაკვეთილის შემდეგ: დღის ბოლოს საკუთარ თავს დაუსვით სამი კითხვა:

. რა გამომივიდა კარგად?

.  რა ვისწავლე მოსწავლეებისგან?

 

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას !

0

ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო,  ჩვენო მკითხველებო, ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge” და ჟურნალი “მასწავლებელი” გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!  ნაყოფიერი სასწავლო წელი გვქონდეს! ვისურვოთ, კიდევ უფრო მეტად დაეფასებინოთ მასწავლებლის  შრომა, რომელიც ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო და მნიშვნელოვანია. ვისურვოთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს უფრო უხაროდეთ სკოლაში მოსვლა და ჰქონდეთ ახლი ცოდნის მიღების სურვილი მშვიდობიანი, ღირსეული, ევროპული მომავლისთვის!

რაზე ფიქრობენ ზვიგენებთან მოცურავე მოზარდები…

0

და სიყმაწვილე, თუ სხვა არ მტრობს, თავის თავს ებრძვის“…

„ჰამლეტი“, ივანე მაჩაბლის თარგმანი

 „რატომ სჩადიან მოზარდები ამდენ სულელურ, სიცოცხლისთვის სახიფათო და გონიერი არსებისთვის აშკარად შეუსაბამო საქციელს? უყურებენ სალ კლდეს და ხედავენ შესანიშნავ კადრებს ვიდეოს გადასაღებად. ჩვენც ვუყურებთ იმავე კლდეს, ოღონდ შფოთვა და სიფრთხილის განცდა გვეუფლება.

და ეს ყველაფერი არაა… ისინი ხშირად არიან საძაგელ ხასიათზე, არიან აუტანლები და სრულიად შეურაცხადები. ფეთქდებიან სულ ციცქნა საყვედურებზე და იმისთანა ემოციურ ქარაშოტს ატრიალებენ, მოგვრილი ბიძგები რიხტერის სკალით შეგვიძლია შევაფასოთ. განუზომელი რაოდენობით ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებს ეტანებიან, ისეთ მუსიკას უსმენენ და ისე იმოსებიან, მშობლებს საღი აზროვნების უნარს აკარგვინებენ…“.

ამ კითხვებსა და დასკვნებს გვიზიარებს ნაიჯელ ლატა წიგნში „სანამ თქვენი მოზარდები ჭკუიდან გადაგიყვანენ“.

მოზარდობა განსაკუთრებული ხანაა ადამიანის ცხოვრებაში. გარდატეხის ასაკის თანმდევი ფიზიოლოგიური, ანატომიური, ბიოლოგიური ცვლილებები, ძვრები განსაზღვრავს ქცევას, სოციალურ ურთიერთობებს, ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას და… უფროსების დამოკიდებულებებსაც მათ მიმართ (ან წინააღმდეგ).

მნიშვნელოვანი კი არა, აუცილებელია იმის ცოდნა, რა ემართებათ მოზარდებს გარდატეხის ასაკში, რა განაპირობებს მათ ქცევას, განწყობებს, მიმართებებს.

რით განსხვავდება მოზარდების ტვინი ამავე „მოწყობილობის ზრდასრული ვერსიისგან“ – ანუ რა თავისებურებებით ხასიათდება მოზარდის „მართვის სისტემა“.

რამდენიმე ფაქტი:

ადამიანის თავის ტვინის განვითარება 20 წლის ასაკამდე გრძელდება. თავის ტვინის პრეფრონტალური ქერქი 19-20 წლის ასაკშია მხოლოდ საბოლოოდ ჩამოყალიბებული. პრეფრონტალური ქერქი „პასუხისმგებელია“ შეგნებული გადაწყვეტილების მიღებაზე, გააზრებული, რაციონალური მოტივების შემუშავებასა და ქცევაში ასახვაზე, დაგეგმვასა და დაგეგმილი ქმედებების შედეგების გააზრებაზე, პრობლემების გადაჭრასა და იმპულსების გაკონტროლებაზე. „მოდი, შევყოვნდეთ და დავუფიქრდეთ, გვინდა თუ არა ამის გაკეთება. სანამ აქედან ისკუპებ, აბა, დაუკვირდი, რა შეიძლება მოჰყვეს ამას!“ – ჩვენს გონებაში მაფრთხილებელი ხმა რომ ისმოდეს და ყოველი სარისკო ქმედების ჩადენის წინ იმაღლებდეს ტონალობას, ეს ხმა სწორედ პრეფრონტალურ ქერქში იქნებოდა ჩასახლებული, სწორედ ისაა გონიერი გადაწყვეტილებების სამყოფელი. მისი წყალობით დავისწავლით სწორ ქცევას, წესებს, შეგვიძლია ვარიანტების გათვლა, მომავლის პროგნოზირება.

ნაიჯელ ლატა წერს:

„სქესობრივი მომწიფების ხანაში თავის ტვინი აყვავებულ ბაღნარს ემსგავსება. უეცრად ყველაფერი იწყებს გაფურჩქნას, აყვავებას, ზრდას. როგორც ყველა ბაღში, სხვლისა და ზედმეტის ჩამოჭრა-ამოძირკვის დროც დგება. იგივე ხდება მოზარდის ტვინშიც – არასაჭირო ნეირონული კავშირები უქმდება, საჭირო და მნიშვნელოვანი კავშირები იკვრება და მტკიცდება. ახლა, როცა ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად იცით (თავის ტვინზე ოპერაციის ჩატარებას ამ ცოდნით ვერ შეძლებთ, მაგრამ მთავარი აზრი ხომ ჩაიჭირეთ…), ისიც უნდა იცოდეთ, რომ ამ საყოველთაო „ქსელში“ ყველაზე ბოლოს პრეფრონტალური ქერქი ერთვება და მეტიც, სქესობრივი მომწიფების საწყის ხანაში ის საერთოდაც, ზომაში იკლებს. ეს ნიშნავს, რომ „გონიერი, გააზრებული გადაწყვეტილებების მიმღები პუნქტი“ სქესობრივი მომწიფებისას ნახევარი სიმძლავრით მუშაობს და მიერთებულიც კი არაა „სხვა მნიშვნელოვან უბნებთან“. ჯანდაბა! შესძახებთ თქვენ და მართლაც! მაგრამ აქ მთავარია, გახსოვდეთ, რომ მოზარდებს ხშირად უბრალოდ არ აქვთ სათანადო მოწყობილობა ამუშავებული სრული დატვირთვით. კერძოდ, ის მოწყობილობა, რომელიც სწორი გადაწყვეტილებების მისაღებადაა აუცილებელი. მაგრამ ეს ყველაფერი არაა. მოზარდებთან სხვა რამეებიც ვერაა რიგზე…“.

მოზარდებს არ აქვთ მუხრუჭები

ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი – მოზარდებსა და უფროსებს კომპიუტერულ სიმულატორზე მანქანის მართვა დაავალეს. ისინი იღებდნენ ქულებს, თუ ყვითელ შუქნიშანზე ასწრებდნენ გზის გადაკვეთას და კედელთან დროულად დამუხრუჭებას. რასაკვირველია, მოზარდები რისკავდნენ უფრო ხშირად, ვიდრე უფროსები, მაგრამ ამაზე უფრო საინტერესო არის ის, რომ მოზარდები რისკავდნენ აუცილებლად, თუ ექსპერიმენტს ესწრებოდნენ მათი თანატოლები.

ერთი-ერთზე, მშვიდ სიტუაციაში, ნებისმიერი მოზარდი კეთილგონივრულად გიპასუხებთ – რა თქმა უნდა, არ ჩავუჯდები მანქანაში მეგობარს, თუ ის ნასვამი იქნება. რეალურ სიტუაციაში ნასვამი მეგობრებისთვის უარის თქმას გაბედავენ ერთეულები.

ნახსენებ წიგნში აღწერილია ასეთი ექსპერიმენტებიც: უფროსებსა და მოზარდებს აჩვენებდნენ ადამიანების გამოსახულებებს. ფოტოებზე შეშინებული სახეები იყო გამოსახული. მოზარდების ტვინის უბნების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ პრეფრონტალურ ქერქში აქტივობა ნაკლები იყო, სამაგიეროდ აქტიურდებოდა ამიგდალა, იგივე ნუშისებრი სხეული, ლიმბური სისტემის ქერქქვეშა სტრუქტურა, რომელიც თავის ტვინში ღრმადაა მოთავსებული. ამიგდალა პასუხისმგებელია ემოციების ფორმირებაზე, ემოციური მეხსიერების კონტროლზე, ემოციების ამოცნობაზე. ამასთან, მოზარდები ხშირად სცდებოდნენ და შიშის ნაცვლად ბრაზთან, დაბნეულობასთან, მოწყენილობასთან აიგივებდნენ გამოსახულებებს. ეს ნიშნავს, რომ სხვა ადამიანების ემოციების ამოცნობა გარკვეულ ასაკამდე მოზარდებისთვის რთულია, ამოცნობისას ისინი ემოციური ცენტრით ხელმძღვანელობენ და არა რაციონალურით და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმპულსური, „დაუფიქრებელი“, ხისტი ქმედებები მათგან გასაკვირი აღარ უნდა იყოს.

კიდევ ექსპერიმენტი: მოზარდებსა და უფროსებს აწვდიდნენ სხვადასხვა შინაარსის შემცველ წინადადებებს. „ზვიგენებთან ერთად ცურვა“ – ერთ-ერთი ასეთი წინადადებათაგანი იყო. საცდელ პირებს უნდა გადაეწყვიტათ, წინადადება „კარგი იდეაა“ თუ „ცუდი“ და შესაბამის ღილაკზე უნდა დაეჭირათ. „კარგ წინადადებებზე“ უფროსები და მოზარდები ერთნაირად რეაგირებდნენ, „ცუდი იდეების“ ამოსაცნობად და რეაგირებისთვის კი მოზადებს მეტი დრო სჭირდებოდათ. რასაკვირველია, ზვიგენებთან ერთად ცურვა არც მოზარდებს მოსჩვენებიათ მომხიბვლელ იდეად, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მისაღებად მათ მეტი დრო დასჭირდათ! ამასთან, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის მეშვეობით მკვლევრები აკვირდებოდნენ პროცესებს, რომლებიც ტვინში მიმდინარეობდა გადაწყვეტილებების მიღებისას. უფროსებში აქტიურდებოდა უბნები, რომლებიც ქმედების თანმდევ შედეგებზეა პასუხისმგებელი და ისინი მიზეზშედეგობრივ კავშირებს სწრაფად ამყარებდნენ, მოზარდები კი იყენებდნენ იმ უბნებს, რომლებიც მსჯელობისა და აწონ-დაწონისას გვიაქტიურდება. გამოდის, უფროსები მყისიერად „ხედავენ“, რა შეიძლება მოჰყვეს ზვიგენებთან ერთად ჭყუმპალაობას, მოზარდებს კი სჭირდებოდათ ამ „ღონისძიების“ მარტივ მამრავლებად დაშლა, აწონ-დაწონა, მსჯელობა და გადაწყვეტილების ამის შედეგად მიღება. ანუ, უფროსები მომენტალურად ხედავდნენ დაახლოებით ისეთივე კადრებს, რომლებიც ყბადაღებულ ფილმ „ყბებშია“, მოზარდების ტვინი კი აუჩქარებლად მიუყვებოდა საფიქრალს“ ჰმ, ზვიგენებთან ერთად ცურვა. დაიცა, მოვიფიქრო…იქნებ…“.

ლაბორატორიულ პირობებშიც კი მოზარდები ასე იქცევიან. ახლა დააყენეთ ნებისმიერი მოზარდი მისივე თანატოლების გარემოცვაში და წარმოიდგინეთ მისი ქცევა, ქმედება, ფიქრები ამ ვითარებაში.

რა უნდა ვუყოთ ამ ცნობებს, ამ გარდაუვალ მოცემულობას, ამ ფაქტებს?

რა ავკრძალოთ, რა გავამკაცროთ, სად მოვუჭიროთ თავისუფლების სადავეებს?

როგორ მივუდგეთ ამ ცოდნას?

ერთადერთი სწორი და უტყუარი დასკვნა, რომელიც უნდა გავაკეთოთ, ესაა – მოზარდის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები სტიქიასავითაა – ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ვერ გადავასხვაფერებთ იმას, რაც მოცემულია. აკრძალვას, მარწუხებს, მოკლე საბელსა ან კალთაზე გამობმას ვერ შევძლებთ. ჩვენი ერთადერთი სამარჯვი შეიძლება იყოს მოთმინება და მხარდაჭერა. უპირობო მხარდაჭერა როგორც სისულელეების ჩადენამდე, ისე (და განსაკუთრებით!) მათი ჩადენის შემდეგ.

სამყაროს შესწავლის, შეცნობის, კვლევის ეს ეტაპი ყველაზე წარმტაცი და მრავლისმომცემი ეტაპი შეიძლება გახდეს. უფროსის მეგზურობა ამ გზაზე ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მოზარდს აქვს ჩვენი ნდობა, რომ მას ჩვენთან მოესვლება ნებისმიერ სიტუაციაში, რომელშიც არ უნდა ჩავარდეს.

დანარჩენს – მოევლება.

ყველაფერს მოევლება, მთავარია, ვიქცეთ ისეთ უფროსებად, რომლებსაც ენდობიან, ვისთანაც მიდიან, ვისგანაც განსჯას, სასჯელს, განჩინებას, ვერდიქტს კი არა, უპირობო დახმარებასა და მხარდაჭერას მიიღებენ.

 

 

როგორ დავგეგმოთ ავტორთან შეხვედრა

0

მასწავლებლები ყოველთვის ვცდილობთ მოსწავლის წიგნთან მიყვანის სხვადასხვა გზების პოვნას. ერთ-ერთი ნაცადი და ეფექტური მეთოდია მოსწავლის დაინტერესება წიგნის წაკითხვით, რომელსაც შემდეგ მოსდევს ამ წიგნის ავტორთან შეხვედრა. ხშირად, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, გაოცებას იწვევს ეს ფაქტი, ინტერესს აღძრავს და ბავშვები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით იწყებენ წიგნის კითხვას. რა ეტაპები უნდა გავითვალისწინოთ მასწავლებლებმა, როდესაც გადავწყვეტთ, რომ წიგნის ავტორი უნდა მოვიწვიოთ?

პირველ რიგში, მასწავლებელი უნდა გაეცნოს წიგნის ავტორის ბიოგრაფიას. მოიძიოს მის შესახებ ინფორმაცია – აქვს თუ არა სურვილი აუდიტორიასთან შეხვედრის, აქვს თუ არა ამის მზაობა. მას შემდეგ, რაც მასწავლებელი თავად გადაამუშავებს ავტორზე ინფორმაციას, უნდა წარუდგინოს მოსწავლეებს, რათა შეუქმნას მათ ერთგვარი წარმოდგენა ავტორზე. პრეზენტაციის დროს სთხოვოს მოსწავლეებს, ჩამოწერონ რამდენიმე შეკითხვა ავტორთან ან ავტორის შესახებ და შეინახონ.

წიგნის არჩევა და გაცნობა

თუ ავტორს რამდენიმე წიგნი აქვს, მასწავლებელს შეუძლია, გააცნოს მოსწავლეებს და ერთობლივად გადაწყვიტონ, რომელ წიგნს წაიკითხავენ, ან თავად აარჩიოს მოსწავლეების მზაობის მიხედვით. წიგნის არჩევის შემდეგ მასწავლებელმა აუცილებლად კლასს უნდა გააცნოს ის. მისი ყდა, დიზაინი, ავტორი, გამომცემლობა. ზოგადად წიგნის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია – რისგან შედგება ის, რა გზას გადის შექმნამდე.

ვიზიტი სტამბაში

სასურველია მასწავლებელმა დაგეგმოს ვიზიტი სტამბაში, სადაც მოსწავლეები რეალურად აღიქვამენ, როგორ ხდება დაწერილი ტექსტიდან ხელშესახებ წიგნამდე გარდაქმნა. სტამბაში ვიზიტი მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი და საინტერესო იქნება, ვინაიდან ნახავენ, როგორ იბეჭდება გვერდები და იქმნება წიგნი.

კითხვის პროცესი

წიგნის კითხვის პროცესს აუცილებლად დაუსახეთ მიზნად ვადა. მოსწავლეებს დაუწესეთ, რა დროში უნდა დაასრულონ წიგნი. აიღეთ რამდენიმე დღე, რომლის გარკვეულ დროსაც წიგნის განხილვას მოაწყობთ. სთხოვეთ მოსწავლეებს ამოიწერონ პარალელურად ახალი სიტყვები, საინტერესო ფრაზები, ან უბრალოდ მარკირების მეთოდით ამუშავეთ. განხილვის პროცესი მასწავლებელს დაეხმარება, მოსწავლეებს უკეთ გააანალიზებინოს წაკითხული, დაეხმაროს მათ კითხვის პროცესში და მონიტორინგი გაუწიოს, როგორ მიმდინარეობს კითხვის პროცესი.

ნამუშევრების შექმნა

წიგნის კითხვა არ უნდა დარჩეს მხოლოდ წაკითხულ ეტაპად. სასურველი იქნება, თუ პროდუქტს მოსწავლეები თავად შექმნიან. ამისთვის მასწავლებელს შეუძლია დაგეგმოს რამდენიმე აქტივობა:

  • სთხოვეთ მოსწავლეებს, შექმნან გმირის თოჯინები (თოჯინების თეატრისთვის), რომლებსაც შემდეგ როლებში გაითამაშებენ;
  • მოსწავლეებს ეპიზოდების მიხედვით დაავალეთ დიორამების შექმნა;
  • მისწერეთ წერილი გმირებს;
  • შექმენით კითხვების კოლექტიური ყუთი, სადაც წიგნის წაკითხვამდე და მისი დასრულების შეკითხვებს ერთად მოაგროვებთ – ამას გამოიყენებთ ავტორთან შეხვედრის დროს;
  • დადგით მინი-სპექტაკლი – მოსწავლეებმა გაითამაშონ როლებში რომელიმე ეპიზოდი;
  • შექმენით მოსწავლეებთან ერთად ხელნაკეთი წიგნები, ელექტრონული ხმოვანი წიგნები;
  • გადაიღეთ მცირე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სადაც მოსწავლეებს ექნებათ საშუალება, გამოიყენონ უკვე გათამაშებული როლები;
  • მოსწავლეებთან ერთად შექმენით ეპიზოდების კომიქსი.

აქტივობები შეგიძლიათ გადაანაწილოთ უშუალოდ წიგნის კითხვის პროცესის დროს, რათა იყოს უფრო საინტერესო და ინტერაქციული.

როდესაც წიგნის კითხვა დასასრულს მიუახლოვდება, დაგეგმეთ ავტორთან შეხვედრა, რომლისგანაც მზაობა შეხვედრისთვის უკვე გაქვთ. რა მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გაითვალისწინოთ ავტორთან შეხვედრის დაგეგმვის დროს?

  • შეუთანხმდით ავტორს მისთვის სასურველ თარიღზე და შეხვედრის ხანგრძლივობაზე;
  • შეათანხმეთ, ხომ არ სჭირდება ტრანსპორტირება, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყავით ის;
  • გააცანით ავტორს დღის წესრიგი, რას გეგმავთ, რა ფორმატში უნდა წარიმართოს შეხვედრა (დისკუსია, კითხვა-პასუხი, მონაკვეთის კითხვა და განხილვა თუ სხვა);
  • აიღეთ ნებართვა ფოტო-ვიდეო გადაღების შესახებ;

ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ ავტორის მიმართ გამოვხატავთ რაიმე ფორმით მადლიერებას გაწეული შრომისთვის და არ შემოვიფარგლებით მხოლოდ მადლობის გადახდით.

ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების გათვალისწინებით ორგანიზებული და ნაყოფიერი შეხვედრა წარიმართება. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ წიგნის ავტორები არიან ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენსავით მრავალი საზრუნავი აქვთ, დრო ძალიან ძვირფასია და შეხვედრისთვის ისინი ყოველთვის ხარჯავენ როგორც ადამიანურ რესურსს, ისე მატერიალურს. შესაბამისად, მაქსიმალურად შეეცადეთ კომფორტული გარემო და პირობები შესთავაზოთ, რადგან ისინი თავის მხრივ იხარჯებიან თქვენი მოსწავლეების განვითარებისთვის.

ვინ გამოიგონა ველოსიპედი?

0

მაისში ერთ ჩემს მეგობარს მანქანაზე მუხრუჭებმა და კიდევ რაღაცებმა უმტყუნეს. ეს ყველაფერი გაშლილ ტრასაზე მოხდა, მაგრამ გაუმართლა და მანქანა მაინც დაიმორჩილა. მერე ევაკუატორებით აქეთ-იქეთ ატარა და აღმოაჩინა, რომ თბილისში ბევრი თვითმარქვია ოსტატი ყოფილა. მერე ერთ ცენტრში მიყვანა ურჩიეს. ამ ცენტრში მხოლოდ ასეთ მანქანებს აკეთებდნენ და უცხოეთის მთავარი ოფისის წარმომადგენლობა იყო. ჯერ ხომ ერთი კვირა იმათ მენეჯერს ურეკა და ათასჯერ მოუყვა პრობლემის შესახებ, მერე როგორც იქნა შეხვედრა და დიაგნოსტიკა ჩაინიშნა, მიიყვანა ეს საბრალო მანქანა „ობობათი“, ცენტრმა კი ჰოპ… და არ მიიღო. მენეჯერი გადამალეს, ლობიოს საჭმელად გავიდაო… მერე ძალიან ფერხორციანი (სავარაუდოდ, უკვე წლების ლობიონაჭამი) დირექტორი გამობრძანებულა და ცინიკურად უთქვამს, აქ რას მოდიოდით ბაზრობაზე ნაყიდი მეორადი მანქანითო… მესმის, ჩვენი შოურუმინდან გეყიდათო. ეს ჩემი მეგობარიც აკადემიური წრის წარმომადგენელია და უთქვამს, არ გვაქვს, ბატონო, პროფესორებს შოურუმიდან მანქანის საყიდელი ფულიო და… ჰოდა, ფეხით იარეთ ან ველოსიპედითო, უთქვამს დიდ დირექტორს.

 

ჰმ… რას ერჩი, კაცმა ლობიო ჭამა და ცხოვრება აიწყო და შენ თუ მოკრძალებულხელფასიანი პროფესორი ხარ, რა მანქანები და შეკეთებები აგიტყდა, ვაჰ!

 

და ის ღლაპი მენეჯერი რაღას ეპატიჟებოდა? ბავშვია, შეცდა, რა მოხდა მერე!

 

რომელი ცენტრი იყო?

 

9;8;44;66;53 – ეს ელემენტების რიგობრივი ნომრებისგან შედგენილი შიფრია, ლათინური სიმბოლიკით წარმოიდგინეთ და თვალის ჩაპაჭუნების კაცუნაც არ დაივიწყოთ.

 

რა თქვა, იმ კარგმა კაცმა? ჯერ ველოსიპედით იარეთო?

 

 

1974 წელს იტალიელმა ისტორიკოსმა აუგუსტო მარინიონიმ ლეონარდო და ვინჩის ხელნაწერის „ატლანტიკუსის კოდექსის“ რესტავრაციაში მიიღო მონაწილეობა და განაცხადა, რომ ორ ერთმანეთზე მიწებებულ ფურცელს შორის აღმოაჩინა ნახატი, რომელზეც ველოსიპედი იყო გამოსახული. ჰო, უნდა ითქვას, ძალიან ჰგავდა.

სურათი აღებულია გვერდიდან https://portolanero.neocities.org/bicycle

ამ განცხადებამ სენსაცია გამოიწვია. გამოდის, რომ და ვინჩიმ დროს 300 წლით გაუსწრო და ველოსიპედი გამოიგონა? 1997 წელს ექსპერტებმა თქვეს, არაო, სურათი ნამდვილი არ არისო… ისე, ჩემი აზრით, ლეონარდო უფრო კარგადაც ხატავდა და უფრო ზუსტადაც, ვიდრე ამ სურათზეა. მთელი ოცი წელი კი კამათი და კვლევა მიდიოდა. განსაკუთრებით, იტალიელ მეცნიერებს სურდათ, რომ სურათი ნამდვილი ყოფილიყო.

 

როდესაც ამ სტატიის თემას ჩავუჯექი, აღმოჩნდა, რომ საკითხზე, თუ ვინ გამოიგონა ველოსიპედი, სერიოზული კვლევა-კამათი ყოფილა. ნამდვილი ველოსიპედის გამოგონებამდე, ჯერ კიდევ 100 წლით ადრე ადამიანები ცდილობდნენ, შეექმნათ ტრანსპორტი, რომელსაც ადამიანი ცხენის გარეშე აამოძრავებდა და სწრაფიც იქნებოდა.

 

როდესაც საბოლოო მოდელი შეიქმნა, იმდენად სრულყოფილი გამოდგა, რომ გაჩნდა განცდა, ამის შექმნას რა უნდოდაო. აქედან იღებს სათავეს გამოთქმა: „ველოსიპედის გამოგონება“.

 

თუმცა, სანამ საბოლოო სრულყოფილი მოდელი შეიქმნებოდა, 1696 წელს ფრანგმა მათემატიკოსმა ჟაკ ოზანამ თავის წიგნში „მათემატიკისა და ფიზიკის თავსატეხები“ დაწერა, რომ ვინმე მუსიე რიშარის ცნობის თანახმად, პარიზში უკვე რამდენიმე წელია არსებობს სავარძელი, რომელიც ბორბლებზე მოძრაობს და აქვს პედალის მსგავსი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც მსახურს შეუძლია მგზავრი გადააადგილოს. არავინ იცის, ეს მუსიე რიშარი არსებობდა თუ არა, თუმცა, ოზანამ ეს ე.წ. სავარძელი ისე აღწერა, რომ ბოლოს მართლაც შექმნეს მსგავსი რამ. თუმცა, მათ მოძრაობაში მოსაყვანად ღონიერი მსახურები იყო საჭირო. თან ისე ნელა დადიოდა, რომ ყოჩაღი კაცი ფეხით იოლად გაასწრებდა. რიქშები ამ გამოგონებაზე უფრო ადრეც იყვნენ და უფრო ყოჩაღადაც გარბოდნენო, წერენ.

 

1817 წელს გერმანელმა გამომგონებელმა კარლ დრეზმა ტრანსპორტის სფეროში რევოლუცია მოახდინა და „მორბენალი“ მანქანა შექმნა. ეს იყო ორბორბლიანი ტრანსპორტი, რომელიც ფეხის მიწაზე გაკვრით მიქროდა. მოუხერხებელი კი გახლდათ, მაგრამ იმ დროს ფერმერებს ქერის მოსავალი ვერ მოეწიათ და ცხენის შენახვა ძვირი ჯდებოდა. ასე რომ, ხალხმა არჩია, სჯობს ველოსიპედით ვირბინოთ, ვიდრე ცხენითო..

სურათი აღებულია ვიკიპედიიდან

ამ სატრანსპორტო საშუალებას „დრეზინები“ შეარქვეს. სწორედ ამ პერიოდში დამკვიდრდა ტერმინი Velocipede – ლათინურად ჩქარი ფეხები. „დრეზინზე“ ფულის გამომუშავებას ვინმე ინგლისელი ბიზნესმენი დენის ჯონსონი ცდილობდა. დრეზმა თავისი სატრანსპორტო საშუალების დაპატენტება ინგლისში ვერ მოახერხა. ამით ისარგებლა ჯონსონმა და 1818 წელს ველოსიპედის თავისი ვერსია შესთავაზა ხალხს. ანუ, ისარგებლა „დრეზინის“ დიზაინით და რაღაცები დაამატა. ხალხმა მის გამოგონებას “Hobby Horse” – სათამაშო ცხენი შეარქვა. ჯონსონმა თავისი გამოგონების ტარების კურსებიც გახსნა და საფასურად 1 შილინგი დააწესა. “Hobby Horse” რკინისგან და ხისგან იყო დამზადებული და 25 კგ-ს იწონიდა. ცნობისთვის, თანამედროვე ველოსიპედი ორჯერ ნაკლებს, ხოლო ულტრა მსუბუქი სპორტული კი, ოთხჯერ ნაკლებს იწონის. ჰოდა, მძიმე იყო, მუხრუჭიც არ ჰქონდა და მტრისას, თუ დაღმართზე ჩახვიდოდი და ფეხებით სიჩქარეს აკრეფდი, სერიოზული ტრავმის მიღება წუთების საქმე იყო. ამიტომ, ექიმებმა ველოსიპედი სახიფათო ტრანსპორტად გამოაცხადეს, ხოლო ჟურნალისტებმა გაზეთებში მისი და მომხმარებლების (ვინც მაინც აგრძელებდა ჯირით-სირბილს) კარიკატურების ბეჭდვით შეიქციეს თავი. ის კი არა, გასართობ შეჯიბრებებსაც აწყობდნენ. მაგ. ნიუ-იორკში მოეწყო შეჯიბრება ვირსა და “Hobby Horse”-ს შორის, სადაც ვირმა გაიმარჯვა, რადგან ველოსიპედი შუა გზაზე გატყდა.

 

ამერიკის დიდ ქალაქებში, ქუჩებში ველოსიპედები აკრძალეს, რადგან ყველას ფეხებში ედებოდა და ეჯახებოდა. დაახლოებით ისე, როგორც ჩვენს ქუჩებში მოტოციკლები.

 

1821 ლუის ჰომპერცმა საზოგადოებას ხელის მუხრუჭის დამატება შესთავაზა.

 

1867 წელს კი ფრანგმა მჭედელმა პიერ მიშომ დაახლოებით თანამედროვე ველოსიპედის მსგავსი მოდელი შექმნა. ესეც არ იყო მარტივი მოდელი. ჯერ უნდა გარბენით გაჰყოლოდი, მერე შეხტომოდი, უკვე ამოძრავებული პედალი ფეხებით დაგეჭირა და ტრიალი დაგეწყო. სამაგიეროდ, ჩქარი იყო. პრესაში იმასაც წერდნენ, ორმა ველოსიპედისტმა ელისეს მინდვრებზე, როგორ დაიჭირა ქურდი, რომელსაც პოლიცია ვერ ეწეოდა.

სურათი აღებულია შემდეგი გვერდიდან https://encycloduvelo.fr/2518-2/

აქ უკვე აღარ ჩავუღრმავდები, იმ კამათსა და დავიდარაბას, რითაც ველოსიპედის ამბები გაგრძელდა. ვინ აღარ დაიბრალა, ეს ერთი შეხედვით უბრალო მოდელი პირველად მე მოვიფიქრე, პრაქტიკული განხორციელება დამასწრესო. მათ რიგებში იყო პიერ ლალმანი, ძმები ოლივიები და ა.შ. აქედან, ლალმანმა ამერიკაში გაითქვა სახელი. დღეისთვის საქმე ასეა – ფიქრობენ, რომ ლალმანმა გამოიგონა, მაგრამ ამერიკაში წასვლამდე საფრანგეთში შექმნა ვერ განახორციელა. მაშინ როცა, ძმებმა ოლივიებმა ისარგებლეს და ლალმანიდან მოპარულ იდეას მიშოს ხელით შეასხეს ფრთები.

 

1870 წელს ქუჩებში ე.წ. „პენი ფარტინგები“ გამოჩნდნენ. ცოტა მოუხერხებელი იყო, მაგრამ პირველი სერიოზული მუხრუჭები ჰქონდათ. უფრო მეტიც – იყო სამუხრუჭე სითხის შექმნის მცდელობაც.

სურათი აღებულია ვიკიპედიიდან: https://en.wikipedia.org/wiki/Penny-farthing

დაბოლოს, 1880 წელს უკვე ის ველოსიპედი გამოჩნდა, რომელსაც დღემდე ვიცნობთ და ვიყენებთ.

 

დღეს უმუხრუჭო არაფერი ვარგა. იმ ჩემს მეგობარსაც ჯერ სამუხრუჭე სითხემ და მერე სხვა დეტალებმა უმტყუნა.

 

სამუხრუჭე სითხის (brake fluid) მთავარი კომპონენტი პოლიგლიკოლები მაღალი სიბლანტით ხასიათდებიან, ამიტომ განზავებისთვის ურევენ შედარებით დაბალი სიბლანტის პოლიეთილენგლიკოლის ეთერებ და ესტერებს. ეს არის ორგანული ნაერთები, რომლებიც გახსნიან პოლიგლიკოლებს და სხვა არსებულ კომპონენტებს, რათა მიღებულ იქნას ერთფაზიანი სითხე, რომელიც გამძლე და კარგი საპოხი მასალაა, როგორც მაღალ, ისე დაბალ ტემპერატურაზე. მისი სიბლანტე კი შენარჩუნებული იქნება.

 

დამატებით კომპონენტებად გვხვდება:

 

სტაბილიზატორები, რომლებიც მაღალი ტემპერატურის პირობებში სითხის სტაბილურობას განაპირობებენ;

 

ანტიკოროზიული დანამატები, რომლებიც ჟანგვისგან იცავენ მილისა და ცილინდრის მეტალურ ნაწილებს;

 

საპოხი ნივთიერებები, ამცირებენ ხახუნს და რეზინის დეტალების გამოშრობას უშლიან ხელს;

 

ასევე გვხვდება, ე.წ. წყლის მშთანმთქმელი ნივთიერებები, რომელთა მეშვეობით ტენის გაკონტროლებაა შესაძლებელი.

 

სითხის შეცვლა სტანდარტულად რეკომენდებულია ორ წელიწადში ერთხელ. თუმცა, ალბათ მოხმარების, გზის ხარისხსა და ტარების სიხშირეს გააჩნია და შესაძლოა ყოველ წელსაც დასჭირდეს.

 

ველოსიპედებს რაც შეეხება, ბოლო თაობის მოდელები ჰიდრავლიკური მუხრუჭებით არის აღჭურვილი და შესაბამისად, სამუხრუჭე სითხეც აუცილებელია. ზოგიერთი მწარმოებელი უპირატესობას მინერალური ზეთის გამოყენებას ანიჭებს. ეს უკანასკნელი ნაკლებად შთანთქავს წყალს და უფრო სტაბილურია. უნდა აღინიშნოს, რომ ზეთი და სითხე ერთმანეთის შემცვლელი არ არის, უბრალოდ, ტრანსპორტის სისტემას უთავსდება ან ერთი ან მეორე.

 

მახასიათებელი მინერალური ზეთი (Shimano, Meguro და სხვ.) DOT სითხე (SRAM, Hope, Avid და სხვ.)
ქიმიური საფუძველი გადამუშავებული მინერალური ზეთი + დანამატები პოლიგლიკოლები და ესტერები (სინთეზური ნაერთები)
ჰიგროსკოპურობა (ტენიანობის შთანთქმა) არ შთანთქავს წყალს შთანთქავს წყალს
 ხანგრძლივობა უფრო გრძელვადიანია, შედარებით იშვიათად სჭირდება გამოცვლა საჭიროებს გამოცვლას საშუალოდ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ.
თერმული გამძლეობა დუღილის წერტილი შედარებით დაბალია, მაგრამ სტაბილურია დუღილის მაღალი წერტილი (DOT 4, DOT 5.1) → უკეთესია ინტენსიური დამუხრუჭებისთვის
ზემოქმედება რეზინზე რბილი მოქმედება აქვს და ნაკლებად აზიანებს უფრო აგრესიულია, შეიძლება დროთა განმავლობაში დააზიანოს რეზინის ნაწილები
შერევა/თავსებადობა მხოლოდ იმავე ბრენდის/ტიპის მინერალური ზეთი DOT სითხეები (3, 4, 5.1) ზოგადად ერთმანეთთან თავსებადია, მაგრამ არასოდეს უნდა შეერიოს მინერალურ ზეთს.
მოვლა  მარტივად ინახება ტენს იწოვს, ამიტომ გახსნილი ჭურჭლით დიდხანს ვერ ინახება
გამოყენება სამოყვარულო ველოსიპედები სპორტული და მაღალი დატვირთვის სისტემები

 

 

აქვე უნდა დაიწეროს, ე.წ. DOT სითხეზე. DOT (Department of Transportation) ამერიკული სტანდარტია, რომელიც სამუხრუჭე სითხის თვისებებს ადგენს და შესაბამისად, რამდენიმე სახის არსებობს.

 

ტიპი ქიმიური კომპონენტი დუღილის წერტილი (მშრალ პირობებში) დუღილის წერტილი (ტენის დროს) ტენიანობის შთანთქმა გამოყენება
DOT 3 გლიკოლი ~205°C ~140°C მაღალი ძველი მანქანები, მსუბუქი დატვირთვა
DOT 4 გლიკოლი + ესტერები ~230°C ~155°C მაღალი თანამედროვე ავტომობილები, ველოსიპედები.
DOT 5 სილიკონი ~260°C არ იწოვს წყალს პრაქტიკულად 0% სამხედრო/სპეცტექნიკა, იშვიათად სამოქალაქო ტრანსპორტში
DOT 5.1 გლიკოლი ~260°C ~180°C მაღალი სპორტული მანქანები, downhill MTB და სხვა მაღალი დატვირთვის მუხრუჭები

 

სანამ ველოსიპედებს ქმნიდნენ, სამყაროში ერთი სიმბოლური დამთხვევა მოხდა.

 

დრეზი 1851 წელს სრულ სიღარიბეში გარდაიცვალა. კარლ დრეზის გარდაცვალებისას, მისი სახლიდან ერთი დამუხრუჭების მანძილზე საცხოვრებლად ახალი ოჯახი გადმოვიდა, სადაც 7 წლის ბიჭუნა იზრდებოდა და ის…

 

კარლ ბენცი გახლდათ – ბენზინის ძრავის მქონე მანქანის გამომგონებელი!

 

 

ბუნება – ჩვენი შვილების მკურნალი

0

მიეცით ბავშვებს თავისუფლება, გაამხნევეთ ისინი; დართეთ ნება, ირბინონ წვიმაში და შეტოპონ გუბეში; მიეცით თავისუფლება, ფეხშიშველმა ირბინონ ცვრიან ბალახზე; ნუ დაუშლით, მშვიდად ჩაძინებას ხის გრილ ჩრდილში და იცინონ და იყვირონ დილაობით, როდესაც მათ მზის პირველი სხივები გააღვიძებენ“.

მარია მონტესორი (Maria Montessori, 1870–1952),

იტალიელი ექიმი, პედაგოგი და განათლების რეფორმატორი

 

საქართველოში ჩვენებური ზაფხული, აგვისტოს ცხელი დღეები დგას და შვებულებების პერიოდიც დაიწყო! ბევრი ჩვენგანი, თბილისური ხვატისგან თავის დასაღწევად, დედაქალაქის გარშემო მდებარე მთებს აფარებს თავს, ბევრი კი უფრო შორეულ მარშრუტებს ირჩევს და შვებულებას ტაბაწყურის, ბაკურიანის, ბორჯომისა თუ რაჭის გრილი საღამოების გარემოცვაში ატარებს, ახლობლების წრეში.

მოკლედ რომ ვთქვათ, ბუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქოლოგიურ-ემოციური ჯანმრთელობისა და რეკრეაციისთვის. არდადეგებიც სწორედ ამისთვის „გაჩნდა“ ადამიანის ცხოვრებაში: როგორც მოგეხსენებათ, ძველ რომში, ივლისისა და აგვისტოს ყველაზე ცხელ დღეებს, ლათინურ სიტყვას „კანიკულას“ უწოდებდნენ, რაც „პატარა ძაღლს“ ნიშნავს. ამის მიზეზი გახლავთ ბუნებრივი მოვლენა, უფრო სწორად, ასტრონომიული კანონზომიერება – ივლისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე, მზის ამოსვლასთან ერთად ადამიანები ცაზე ხედავდნენ მცირე ძაღლის თანავარსკვლავედის კაშკაშა ვარსკვლავს, სირიუს-კანიკულას. სწორედ ამიტომ, ძველმა რომაელებმა, წლის ყველაზე ცხელ პერიოდს „კანიკულა“ უწოდეს და ამ დროს იმპერიაში საგრძნობლად მცირდებოდა საქმიანობა და აქტივობები. შესაბამისად, ეს საზაფხულო „პაუზა“ რომის იმპერიისა და მის ფარგლებს გარეთაც ცნობილი გახდა და ადამიანებმა (დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ლ.ა.) „ძაღლის დღეები“ (ლათ. Dies caniculares), არაფორმალურად, უქმ, არასადაგ დღეებად დაადგინეს.

დღეს, ისევე როგორც ადრე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი შვილების ფსიქო-სოციალურ მდგომარეობას და იმ გარემოს, რომლებშიც ბავშვები იზრდებიან. XXI საუკუნემ და ციფრული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ, მშობლები (და ჩვენი შვილები) სრულიად ახალი და მოულოდნელი გამოწვევების წინაშე დააყენა. უეცრად, სულ რამდენიმე წელიწადში, ადამიანები სმარტ-ტელეფონების, პლანშეტებისა და სხვა ციფრული მოწყობილობების (ე.წ. „გაჯეტების“) გარემოცვაში აღმოჩნდნენ. ბევრი გამოკვლევა ტარდება და ბევრი იწერება სმარტფონებისა და სხვა ციფრული მოწყობილობების მავნე გავლენაზე, ბავშვების მიერ ონლაინ გატარებულ დროზე, მოზარდებში (და მოზრდილებშიც) ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტზე, სხვა დარღვევებზე, რომელთა მიზეზადაც ვირტუალური სამყარო და ბავშვების იქ „ყოფნის“ ხანგრძლივობა სახელდება.

„ჩვენ ძალიან ვღელავთ ყურადღების უნარების შემცირებაზე და იმაზე, როგორ ავიცილოთ თავიდან მათი დეგრადაცია. ამავე დროს, პარალელურად, იზრდება ყურადღება გარესასკოლო აქტივობების და საგანმანათლებლო აპლიკაციების მიმართ, რომლებიც უკავშირდება ბავშვების აქტივობებს სკოლის კედლებს გარეთ, ეზოსა თუ ბუნებაში. სულ უფრო მზარდი სამეცნიერო მტკიცებულებები გვიდასტურებს, რომ შედარებით მარტივი, ეფექტური და ადვილად დასანერგი გამოსავალია ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მძლავრი დადებითი ზემოქმედების „დავიწყებული“ საშუალება: ბუნებასთან კონტაქტი“, – წერს ამერიკელი ფსიქოლოგი, დოქტორი ალიზა პრესმანი.

გთავაზობთ ამონარიდს დოქტორი ალიზა პრესმანის პოდკასტიდან, Raising Good Humans („როგორ აღვზარდოთ კეთილი ადამიანი“), რომელშიც ბავშვების განვითარებაზე გვესაუბრება ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი მარკ ბერმანი. ის გარემოსდაცვითი ნეირომეცნიერების სფეროს პიონერი და ახალი წიგნის Nature and the Mind: The Science of How Nature Improves Cognitive, Physical, and Social Well-Being (ბუნება და გონება: როგორ შეუძლია ბუნებას გააუმჯობესოს კოგნიტური, ფიზიკური და სოციალური კეთილდღეობა) ავტორიცაა. გვიყვება, როგორ შეუძლია ბუნების ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებას, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ადამიანის ყურადღება, მეხსიერება და ზოგადი კეთილდღეობა როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში.

გარემოსდაცვითი ნეირომეცნიერება აერთიანებს რამდენიმე კომპლექსურ სფეროს, რომელიც ადამიანისა და მის გარშემო არსებული გარემოს კვლევას შეეხება. გარემოს ფსიქოლოგია და კოგნიტიური ნეირომეცნიერება, იკვლევს ჩვენს ტვინსა და ქცევაზე ფიზიკური გარემოს ზემოქმედებას და ჩვენი ტვინისა და სხეულის რეაქციებს ამ ზემოქმედებაზე. დოქტორ ბერმანის კვლევის თანახმად, უბრალოდ ბუნებაში დროის გატარება ადამიანის ყურადღებას 20%-ით უმჯობესდება. ის ამბობს – ეს მხოლოდ კარგი განწყობა არ არის. ეს არის ტვინის ფუნქციის ობიექტურად გაზომვადი გაუმჯობესება.

ბუნებაში ყოფნის შედეგად მიღებული ფსიქოლოგიური სიკეთე და „სარგებელი“ მხოლოდ ეროვნულ პარკებში ექსკურსიებსა და მთებში ხანგრძლივ ლაშქრობებს არ უკავშირდება. არ არის აუცილებელი მთელი ოჯახი დავრაზმოთ, აღვჭურვოთ და საკმაოდ ძვირადღირებულ „სამთო ლაშქრობაში“ წავიდეთ. მით უმეტეს ჩვენთვის უცნობ ადგილებში… ბუნებაში გატარებული თუნდაც 15-20-წუთიანი სეირნობა მნიშვნელოვან დადებით შედეგს იძლევა. ძალიან საინტერესო და მოულოდნელია ისიც, რომ ბუნების ფოტოების ყურებაც კი, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, იძლევა მსგავს (თუმცა შედარებით ნაკლებად გამოხატულ) ემოციურ სიკეთეს. „მთავარი კი ის არის“, – ამბობს დოქტორი ბერმანი – „რომ ხშირად ესტუმროთ ადგილობრივ პარკებსა თუ მწვანე სივრცეებს, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ, და გონებას მოდუნების საშუალებას მისცემთ“.

მიიღეთ და აღიქვით ბუნებრივი ფორმები – დოქტორი ბერმანი და მისი კოლეგები მიიჩნევენ, რომ ბუნების ფრაქტალურობა (ინგლ. Fractalness), ანუ მისი ფორმების განმეორებითობა, რომლებიც ბუნებაში ყველგან გვხვდება, მაგალითად, ხის ტოტების განშტოება, ფიფქის სტრუქტურა, მდინარის დინება თუ ტბის ზედაპირი — ადამიანისთვის განსაკუთრებით ადვილად აღსაქმელია. ტბების, ტყეების, ოკეანეების, უდაბნოებისა და მთების ხედები, თუნდაც იქ არ იმყოფებოდეთ, იმეორებს ამ მნიშვნელოვან ფრაქტალურ დიზაინს.

იქონიეთ მცენარეები სახლში. თუ გარეთ გასვლა ყოველთვის არ არის შესაძლებელი, მაშინ შემოიტანეთ ბუნება სახლში! მცენარეების განთავსება ინტერიერში და თქვენს ყოველდღიურ საცხოვრებელ გარემოში, თუნდაც ხელოვნურის, ბუნების ფორმებს იმეორებენ და დადებით გავლენას ახდენენ თქვენს გონებასა და შეგრძნებებზე, რადგან ისინი თქვენთვის ნაცნობი და აღქმადი ბუნებრივი ფორმებია! ავეჯისა და ხალიჩების შერჩევისას გაითვალისწინეთ დიზაინები, რომლებიც ამ ფრაქტალურ სტრუქტურებს მოიცავს. ზედმეტად ნუ გადააჭარბებთ (ბუნებრივი ფორმებისთვის საცხოვრებელი სივრცის 15–20% გამოიყენეთ), მაგრამ ყვავილები და მწვანე მცენარეები ჩართეთ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია.

ხშირად იყურეთ ფანჯრიდან. გაიხედეთ გარეთ და დააკვირდით, როგორი ხედია თქვენი ფანჯრიდან. კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტები, რომლებიც ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ბუნების მოკრძალებულ ხედებს უყურებდნენ, ერთი დღით ადრე გამოჯანმრთელდნენ და ნაკლები ტკივილგამაყუჩებელი დასჭირდათ, ვიდრე მათ, ვინც აგურის კედელს უყურებდნენ. ასევე, დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ კომპლექსებში მცხოვრებმა ბავშვებმა, რომლებსაც ფანჯრიდან ბუნების ხედები ჰქონდათ, კვლევების შედეგად მეტი ყურადღება და თვითკონტროლის უნარები გამოავლინეს; იგივე შედეგი იყო მოზრდილებშიც — მათ ნაკლები აგრესია და დანაშაულის დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ! ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ ბუნებასთან თუნდაც პასიური შეხება, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის მდგომარეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის პირობებში ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი, ეცადეთ, თქვენი ფანჯრიდან ხედები ბუნებას უყურებდნენ.

დაანებეთ თავი რადიოს ან პოდკასტების მოსმენას! ირონიულია, მაგრამ გეტყვით, თუ ბუნებაში ხართ, პოდკასტებისა და მუსიკის მოსმენა დროებით უნდა შეწყვიტოთ — ბუნების ხმებს და მათ მოსმენას დიდი აღდგენითი (რეკრეაციული) ეფექტი აქვთ. სეირნობისას მოიხსენით ყურსასმენები და უბრალოდ მოუსმინეთ გარემოს. თუ ეს რეალური ბუნების ხმები არ არის, სახლში ოჯახის წევრებთან ერთად სცადეთ ბუნების ხმების ჩანაწერის მოსმენა.

ჩაანაცვლეთ დღის მეორე ნახევრის გაღიზიანება სეირნობით – დოქტორი ბერმანი ამბობს, რომ ბუნებაში დასვენება ყველაზე ეფექტურია. შუადღის ის პერიოდი, როცა ყურადღება ქვეითდება და გაღიზიანება მატულობს, იდეალური დროა ბუნებაში გასასვლელად; შეწყვიტეთ „დროის გატარება“ ტელე-სმარტფონ-ეკრანების „სქროლინგში“, ან სოციალურ ქსელების უსასრულოდ ფურცვლაში! ეს კიდევ უფრო ფიტავს თქვენს გონებას და მეტად გაღიზიანებთ. თუ თქვენს შვილებს ყურადღების დეფიციტის ან გაღიზიანების ნიშნებს შეატყობთ, ბუნებაში მცირე გასეირნება შეიძლება, სწორედ ის წამალი იყოს, რომელიც მათ სჭირდებათ. გახსოვდეთ, მცირე გასეირნებაც კი გამოსავალია — ადგილობრივი პარკი, ეზო ან თუნდაც ყვავილების სურნელზე გაჩერება. ეს ყველაფერი სიკეთეს მოიტანს!

„ბავშვებს უყვართ ბუნება“ – უნდა ითქვას, რომ ეს საკმაოდ გავრცელებული მცდარი შეხედულებაა. კვლევები აჩვენებენ, რომ ოთხი-ხუთი წლის ასაკის ბავშვებს ურბანული გარემოსა და ბუნებისადმი დამოკიდებულება და პრეფერენციები ასაკთან ერთად უყალიბდებათ. თუმცა ეს არ აკნინებს იმ დადებით ეფექტს, რომელსაც ბუნება ახდენს ადამიანზე. ბუნებაში დროის გატარების წახალისება, ან ბუნების სახლში შემოტანა სასიკეთოა ჩვენი შვილებისთვის.

ემოციების მართვის სტრატეგიები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის

0

“ფერადი ურჩხული”, ანუ ემოციების მართვის სტრატეგიები 3-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის

ამ სტატიაში გიზიარებთ ესპანელი ავტორის, ანა ლიენასის სამი წიგნის გამოყენებით, ემოციების თემაზე ჩატარებული პრაქტიკული აქტივობების გამოცდილებას. ეს ჯადოსნური წიგნები შესანიშნავი რესურსია ადრეული განათლების მიმართულებით და მთელი რიგი პედაგოგიური აქტივობის ჩატარების შესაძლებლობას გვაძლევს. ეს გამოცემები მრავალ ენაზეა ნათარგმნი და ფართოდ გამოიყენება ბევრ ქვეყანაში. სამივე გამოცემა ეხება ფერადი ურჩხულისა და გოგონას ამბებს. გთავაზობთ აქტივობების რამდენიმე მიმართულებას ამ გამოცემების გამოყენებით.

სანამ სტატიის კითხვას დაიწყებთ, სულ რამდენიმე წუთით დახუჭეთ თვალები, ჩაისუნთქეთ ღრმად და ამოისუნთქეთ. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას ვგრძნობ?

ამ შეკითხვის სისტემატიურად დასმა ჩვენი თავისთვის დაგვეხმარება საკუთარი ემოციების ამოცნობასა და მათ მიღებაში. რაც უფრო კარგად მოვახერხებთ ამას თავად, მით უკეთ შევძლებთ ბავშვების დახმარებას. ბავშვების ემოციურ ინტელექტზე მუშაობა ჩვენი თავიდან იწყება.

წიგნიერება

ამ სამგანზომილებიანი, უნიკალური, ფერადილუსტრაციებიანი, ჯადოსნური წიგნების აღმოჩენა ბავშვებში დიდ ინტერესს იწვევს. მათ არასოდეს ბეზრდებათ მათი თვალიერება. ყოველ ჯერზე ახალ-ახალ დეტალებს აღმოაჩენენ.

 

ფერადი ურჩხული

ფერადი ურჩხული ბავშვების საყვარელი პერსონაჟია. მათ მის მიმართ უჩნდებათ თანაგანცდის ემოცია გოგონას მსგავსად. ბავშვები დიდი სიამოვნებით ამზადებენ მუყაოსგან ურჩხულს, სასურველი ფერებით აფერადებენ, განასახიერებენ, თამაშობენ  როლურ თამაშებს.

 

როდის ხარ მოწყენილი/გახარებული/…?

ფერადი ურჩხულის მსგავსად, ბავშვებიც უამრავ და შერეულ ემოციებს განიცდიან. ამ ემოციების ამოცნობა, სახელდება მათ გამოხატვასა და მიღებაში გვეხმარება.

წიგნის შინაარსის გაცნობის შემდეგ შეგვიძლია ბავშვებს ვესაუბროთ მათ ემოციებზე, თითოეული ემოციაზე შევჩერდეთ და დავუსვათ დამაზუსტებელი შეკითხვები, რომლებიც მათ დაეხმარება თვითდაკვირვებაში. გამოვიყენოთ აქტიური მოსმენის სტრატეგია. მაგ.:

  • როდის ხარ გახარებული?
  • როცა მეგობრებთან ერთად ვთანაშობ.
  • როცა ერთად თამაშობთ. ხომ? ამ დროს რას გრძნობ ხოლმე?
  • გაცინებული ვარ და დავრბივარ.
  • დარბიხარ ხომ? და როგორი სახე გაქვს?
  • ასეთი. (იცინის)
  • ამ სურათზე მაჩვენე როგორი სახე გაქვს როცა გახარებული ხარ.

და ა.შ.

რა ფერია სიხარული?

წიგნში თითოეული ემოციისთვის მინიჭებული ფერი გვეხმარება ფერების თემის გააქტიურებასა და ემოციების მახასიათებლების განსაზღვრაში. დავაკვირდეთ, რა ფერები შეუსაბამა წიგნის ავტორმა თითოეულ ემოციას. შეგვიძლია ბავშვებთან ერთად დავაკვირდეთ თითოეული ფერის თავისებურებას, ვკითხოთ, რა ემოციას იწვევს ეს ფერი, როგორ განწყობაზე გვაყენებს. გარემოდან რა შეგვიძლია დავუკავშიროთ ამ ფერს. ასევე როცა ვსაუბრობთ ემოციებზე, შეგვიძლია ვკითხოთ, მათთვის რა ფერია ესა თუ ის ემოცია. რატომ შეუსაბამებენ ამ ემოციას ამ ფერს.

ემოციების/ფერების დალაგება

ამბის ერთ-ერთ ეტაპზე ურჩხული მეგობრის დახმარებით ფლაკონებში ალაგებს ფერებს და ემოციებს, რის შემდეგაც მშვიდდება. მცირე ზომის ჭურჭელში დახარისხების აქტივობა, ან დადებითი ემოციების შეგროვება ბავშვებისთვის სახალისო და შემეცნებითი აქტივობაა.

ჩემი ემოციების წიგნი

ბავშვები ქმნიან ემოციების წიგნის საკუთარ ვერსიას. იმეორებენ არსებულს, ან ირჩევენ ემოციების ახალ ჩამონათვალს, შეუსაბამებენ ფერს და ილუსტრაციებით გამოხატავენ სიტუაციებს, როდის განიცდიან სიხარულს, ბრაზს და ა.შ.

გამოცემა “ფერადი ურჩხული სკოლაში მიდის” სასკოლო მზაობის თემაზე სამუშაო შესანიშნავი რესურსია. ის გვაძლევს შესაძლებლობას, ბავშვებთან განვიხილოთ ეს თემა, მოვუსმინოთ მათ, დავეხმაროთ თავისი ემოციების გამოხატვასა და მიღებაში.

შესაძლებელია, ასევე შევქმნათ სხვადასხვა თემაზე მსგავსი შინაარსის წიგნები. მაგ.: ურჩხული სტომატოლოგთან მიდის, ან სხვა და ასე დავეხმაროთ ბავშვებს სხვადასხვა მათთვის სტრესული გამოცდილების შესახებ საუბრით.

 

მესამე გამოცემაში “ფერადი ურჩხული, ემოციების ექიმი” ხდება. პირველი გამოცემისგან განსხვავებით, იგი და მისი მეგობარი როლებს იცვლიან. თუ პირველ წიგნში, გოგონა ეხმარება ურჩხულს, ამ ახალ ამბავში ახლა იგი თავად ხდება მეგობრის მხსნელი. ეს ცვლილება ბავშვებს ეხმარება იმის გააზრებაში, რომ შესაძლოა ის, ვინც ადრე სხვას ეხმარებოდა დღეს თვითონაც საჭიროებდეს მხარდაჭერას, რომ  მხარდამჭერისა და დახამრების საჭიროების მქონეს როლები ცვალებადია.

ემოციების სამაგიდო თამაშები

ამ გამოცემას შესაძლოა ვუწოდოთ თერაპიული სახელმძღვანელო ბავშვებისთვის. მისი ორმაგი განშლა მოიცავს თერაპიულ აქტივობების ვიზუალიზაციას.

ეს განშლა შეგვიძლია გავაცოცხლოთ და ვაქციოთ თამაშად. შეგვიძლია შევქმნათ მსგავსი შინაარსის ბარათები, რომლებსაც ბავშვები შემთხვევითობის პრინციპით ამოიღებენ და შეასრულებენ შესაბამის მოქმედებას. შესაბამისი აქტივობების ველის მომზადება (მაგ,: საპნის ბუშტების გასაბერი, სასიამოვნო მელოდიის მოსმენა, რბილი სასიარულო ზედაპირი და სხვა) თამაშს უფრო რეალურსა და სახალისოს გახდის.

შესაძლებელია შევქმნათ ამ განშლის მსგავსი სამაგიდო თამაში. ბავშვები კამათლის გაგორებით, გადაადგილდებიან ემოციების დაფაზე, ისაუბრებენ შესაბამის ემოციასა თუ აქტივობაზე, ჟესტებით განასახიერებენ აქტივობას, მოჰყავთ მაგალითები თავიანთ გამოცდილებიდან.

ჩემი დამხმარე ჩემოდანი

არის ინსტრუმენტი, რომელსაც ფერადი ურჩხული იყენებს გოგონას დასახმარებლად. მსგავსი ინსტრუმენტი შეგვიძლია შევქმნათ ინდივიდუალურად ან ჯგუფისთვის და შევაგროვოთ დადებითი ემოციები, ფოტოები, მოგონებები ნივთები… ამგვარად შეგროვილი ემოციები ამხნევებს და ახალისებს ბავშვებს, უბიძგებს დადებითი აზროვნებისკენ.

დამხმარე ჩემოდანი შეგვიძლია დავამზადოთ მეორადი მუყაოს ყუთისგან, ძველი ჩემოდნისგან, რომელსაც გავაფორმებთ. ემოციების ფლაკონების მსგავსად, ამ ინსტრუმენტით შეგვიძლია გავააქტიუროთ დადებითი ემოციები, რაც ბავშვთა კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.

გთავაზობთ რამდენიმე სტრატეგიას თემაზე: როგორ ვმართო ემოციები?

  • ემოციის იდენტიფიცირება – სისტემატიურად, ვკითხოთ ბავშვს: რას გრძნობ? რამ გამოიწვია ეს ემოცია? ვაქციოთ ეს შეკითხვა რუტინის ნაწილად.
  • ვერბალური, არავერბალური გამოხატვა – ბავშვებთან ერთად დავაკვირდეთ ამოციების ვერბალურ და არავერბალურ გამოხატვის ნიშნებს, მიხარია, ნაწყენი ვარ, გაბრაზებული ვარ…
  • მართვა – გამოვიყენოთ ემოციის მართვის მარტივი სტრატეგიები მაგ.: ჩავისუნთქე, დავითვალე ათამდე, ამოვისუნთქე.
  • სხვისი ემოციის ამოცნობა – დააკვირდი, რას გრძნობს? დაკვირვება ემოციების ვიზუალურ, აუდიო, მიმიკურ თუ სხვა ნიშნებზე.
  • ემოციების გამოხატვის ჩვეულება უსაფრთხო გარემოში – შევქმნათ ემოციების გამოხატვის რუტინა მაგ.: დილის წრის, აქტივობის შეჯამების დროს…
  • ბავშვის მიერ ემოციის გამოხატვის და დადებითი კომუნიკაციის წახალისება…
  • დრამატული თამაშები – ბავშვი განასახიერებს სხვადასხვა პერსონაჟს და სხვადასხვა ემოციას, იყენებს შესაბამის ხმის ტემბრს, მიმიკას, ჟესტიკულაციას, ლექსიკას.
  • მოდელირება – ზრდასრულები ბავშვებისთვის ქცევის მოდელებს ვქმნით, ამიტომ მნიშვნელოვანია გამოვხატოთ ემოციები (მაგ.: ძალიან გახარებული ვარ, მეწყინა, გული დამწყდა და ა.შ.), რათა ბავშვებისთვის ვიყოთ ემოციის გამოხატვის მოდელი.

ჩატარებული სესიის  ბოლოს:

  • მოსწავლე ამოიცნობს და ასახელებს რამდენიმე ემოციას(სიხარული, ბრაზი…)
  • ამბობს ემოციის გამომხატველ ფრაზებს(მიხარია, მოწყენილი ვარ…)
  • აზუსტებს ემოციასთან დაკავშირებულ აქტივობას, მომენტს, დეტალებს (მიხარია, როცა.., როცა მეშინია…)
  • უკავშირებს ემოციას რომელიმე ფერს და განმარტავს რატომ
  • განასახიერებს პერსონაჟს, ასრულებს თეატრალურ ინტერპრეტაციებს ემოციების თემაზე
  • დამხმარე მასალების გამოყენებით ქმნის წიგნს ემოციების თემაზე.

მადლობა ქეთი წულუკიძეს ინსპირაციისთვის

გამოყენებული წყაროები:

 

„ალგორითმული ლევიათანი“ ანუ როცა ალგორითმი გაკონტროლებს

0

თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, სადაც ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ონლაინ პლატფორმებზე მიმდინარეობს, სულ უფრო ხშირად ვაწყდებით  უხილავ, მაგრამ ყოვლისშემძლე ძალას – ალგორითმს. რა ხდება, როდესაც ეს ავტომატიზებული სისტემა, კონტექსტის გააზრების გარეშე, ჩვენს მსაჯულად, ცენზორად და ზოგჯერ დამსჯელადაც გვევლინება? და საერთოდ, საით მივყავართ ალგორითმების ასეთ „ქცევას“?

ალგორითმების „შავი ყუთი“

ალბათ ყველას გქონიათ გამოცდილება, როდესაც რომელიმე პლატფორმა „გსჯით“ იმ დანაშაულის გამო, რომელიც არ ჩაგიდენიათ და მიგანიშნებთ რაღაცა ტიპის დარღვევაზე, რომელზეც წარმოდგენა არ გაქვთ. მაგალითად, მახსოვს ერთხელ რაღაც ტესტი დავდე ფეისბუკზე, სურათზე გამოსახული იყო: ძროხა, ქათამი და ბალახი და მომხმარებლებს ვთხოვდი, დაეჯგუფებინათ. ვინც კი სიტყვა „ქათამი“ დაწერა კომენტარში, ფეისბუკის ალგორითმმა ყველას კომენტარი წაშალა და გაფრთხილება მისცა, მათ შორის, მეც. ვერაფრით ვერ მივხვდი და დავიწყე გამოკვლევა, რა მოხდა და რატომ დავისაჯეთ. აღმოჩნდა, რომ სიტყვა „ქათამი“ რაღაც კოდური სიტყვაა, რომელიც ფეისბუკის „შავ სიაშია“ შეტანილი. „შავი სია“ ნიშნავს იმ აკრძალულ სიტყვებს, რომელთა გამოყენებაზეც მომხმარებლებს ბანი ედებათ. ჩვენ არ ვიცით ყველა სიტყვა, რომლის გამოყენებაც „ისჯება“ და ზოგს მაშინ ვიგებთ, როცა შეტყობინება მოგვდის.

ცოტა ხნის წინ კი Open AI – ის ალგორითმმა მოულოდნელად მთელი 2 წლის ანგარიში წამიშალა (თავისი ჩატებით, თასქებით, ჯიპიტებით, ასობით ჩატით, სტატიით, სამუშაო საქაღალდეებით და ასე შემდეგ). მეილზე მომწერა, რომ ჩემს კონტენტში აღმოაჩინეს ძალადობის შემცველი სიტყვები. რა თქმა უნდა, გავასაჩივრე და პასუხად მივიღე, რომ განიხილეს და ძალაში ტოვებენ გადაწყვეტილებას ანგარიშის წაშლის შესახებ და რომ აპელაცია აღარ განიხილება.  მხოლოდ ამ მოკლე აბსტრაქტული განცხადებით შემოიფარგლნენ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა (განვიხილე ეს თემა სხვა ჩატბოტებთან), იმ დასკვნამდე მივედი, რომ ChatGPT -ის ალგორითმმა დამსაჯა საბავშვო წიგნისთვის ილუსტრაციების შექმნის გამო; კერძოდ, პრომპტში გამოყენებული ისეთი სიტყვებისთვის, როგორიცაა: ბავშვი ნაძვის ხეს ჩაეხუტა, გოგონა დაწვა საწოლში და ბებომ ზღაპარი წაუკითხა, ლეკვმა ბიჭუნა ალოკა…  რაც არ უნდა ვიმეორო, რომ ალგორითმი უსამართლოდ მომექცა, არაფერს არ ცვლის ეს აღშფოთება. ალგორითმისთვის არ არსებობს სამართლიანი/უსამართლო ქცევა, მისთვის არსებობს აკრძალული ლექსიკის „შავი ყუთი“, რომლის შესახებაც მომხმარებელს უმეტესად წარმოდგენა არა აქვს. ამ დიდი „კაპიტალის“ დაკარგვის შემდეგ (2 წლის ჩატები), გადავწყვიტე, უფრო დეტალურად შემესწავლა ეს თემები და საზოგადოებისთვისაც ინფორმაცია მიმეწოდებინა, რადგან სხვაგვარად თავდაცვა უბრალოდ არ არსებობს. ალგორითმს არ აინტერესებს შენი ქცევები, ის რეაგირებს შენს ლექსიკაზე, რომლის კონტექსტში აღქმაც კი არ შეუძლია, თორემ ნახავდა, რომ როცა ვწერდი პრომპტში: „ბავშვი თამაშობს“, მართლა ბავშვის თამაში მქონდა მხედველობაში. ეს რომ ერთეული და მხოლოდ ჩემი შემთხვევა ყოფილიყო, განხილვად არ ეღირებოდა, მაგრამ ასე ხდება მასიურად.

ალგორითმული მმართველობა

ამ საკითხის კვლევისას მივადექი  ახალ თემას: ეს არის ალგორითმული მმართველობა. ალგორითმი გაიძულებს, გაითვალისწინო მისი შეზღუდვები, ის გიწესებს სოციალურ პლატფორმაზე თავისი თამაშის წესებს და თან ისე, რომ ბოლომდე და ღიად ამის შესახებ ინფორმაციას არ გაწვდის.

ეს ყველაფერი უფრო შორსაც მიდის, სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს უკვე „ალგორითმული პოლიცია“, რომელიც სავარაუდო დამნაშავეების იდენტიფიცირებას ახდენს დანაშაულის ჩადენამდე.

პრობლემას ამძიმებს ის, რომ ციფრული ინდექსები ხშირად ცდომილებითაა სავსე. სტატისტიკურად, ალგორითმული ფილტრები მნიშვნელოვანი რაოდენობით ცრუ დადებით სიგნალებს (false positives) გამოიმუშავებენ. მაგალითად,  predictive policing-ის სისტემაში 94,000-დან მხოლოდ 277 შემთხვევა დადასტურდა სწორ პროგნოზად.[1]

ზემოთ განხილული პრევენციული და სემიოტიკური მექანიზმების შერწყმით წარმოიშობა პარადოქსული რეალობა, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „ლინგვისტური დანაშაული“. ეს არის სიტუაცია, როდესაც საწყისი „დანაშაული“ მხოლოდ ენაში/ლექსიკაში არსებობს: მომხმარებლის მიერ დაწერილ სიტყვებში, ან ალგორითმის მიერ მათთვის მინიჭებულ ინტერპრეტაციაში  და არა ობიექტურ რეალობაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ენობრივი გამოხატულება იქცევა „დანაშაულად“, მიუხედავად იმისა, რომ არანაირ უკანონობას ადგილი არ ჰქონია.

ეს ტენდენცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას და თავად სამართლიანობის პრინციპებს ციფრულ სივრცეში. როცა ალგორითმი ხდება მოსამართლე, ჩნდება ე.წ. „ალგორითმული ლევიათანი“, რომელიც უსამართლოდ უზღუდავს მომხმარებლებს უფლებებს. კვლევები ადასტურებენ (Algorithmic Arbitrariness in Content Moderation Juan Felipe Gomez , Caio Vieira Machado, Lucas Monteiro Paes, Flavio P. Calmon)[2] რომ მასშტაბური ავტომატური მოდერაცია ქმნის ისეთი გარემოს, სადაც ალგორითმი დომინანტურად აკონტროლებს ადამიანის ძირითად უფლებებს, მათ შორის თავისუფალ კომუნიკაციას. მაგალითად, დიდ პლატფორმებზე არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა ავტომატურმა ფილტრმა უაპელაციოდ დაბლოკა ლეგიტიმური კონტენტი ან განარიდა დისკუსიიდან მომხმარებელი პროცედურული გამჭვირვალობის გარეშე. ასეთი შემთხვევა განმარტებულია, როგორც „ალგორითმული თვითნებობა“, სადაც კოდით დაწესებული ენა/ალგორითმი სჯის ცოცხალ ადამიანს სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობის გარეშე.

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, კარენ იეუნგი, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც  ტერმინი „ალგორითმული ლევიათანი“ აკადემიურ დისკურსში დაამკვიდრა (Karen Yeung – “‘Hypernudge’ and the ‘Algorithmic Leviathan’”). ნაშრომში ის აანალიზებს, თუ როგორ იყენებენ ალგორითმული სისტემები „ჰიპერ-ბიძგის“ (Hypernudge) ტექნიკას ადამიანების ქცევის სამართავად ფაქტობრივად უხილავად და ავტომატიზებულად. ის პირდაპირ უკავშირებს ამ ახალ მარეგულირებელ ძალას ჰობსის ლევიათანის განახლებულ, უფრო ყოვლისმომცველ და ნაკლებად ანგარიშვალდებულ ფორმას.

„ავტომატიზებული გადაწყვეტილების მიმღები სისტემები, რომლებიც დიდ  სექტორზე უნიფიცირებულ შეფასებებს აკეთებენ  და რომლებსაც მოკლედ შეგვიძლია ვუწოდოთ „ალგორითმული ლევიათანები“ – მორალურად შემაშფოთებელი გზებით ზღუდავენ ადამიანების შესაძლებლობებს.“[3]

„შესაძლებლობების მონოპოლია“ არის ძალიან მძლავრი მეტაფორა, რომელსაც იყენებს Karen Yeung და  რომელიც აღწერს სისტემას, სადაც ინდივიდს აღარ აქვს ალტერნატივა და მისი ცხოვრების ტრაექტორია ერთიანი, უხილავი ძალაუფლების მიერ კონტროლდება.

Antoinette Rouvroy & Thomas Berns – “Algorithmic Governmentality and the End of the World”  ავტორები ამ ნაშრომში ფუკოს „მმართველობის“ (Governmentality) იდეას ავითარებენ და თანამედროვე ციფრულ სამყაროს არგებენ. ისინი აღწერენ „ალგორითმულ მმართველობას“, როგორც მართვის ახალ რეჟიმს, რომელიც უგულებელყოფს სოციალურ ნორმებს, კანონებსა და რეფლექსიას და მათ ნაცვლად ეყრდნობა მონაცემთა კორელაციებსა და ავტომატიზებულ გადაწყვეტილებებს. [4]

რუვრუა და ბერნსი აანალიზებენ მმართველობის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას, რომელიც ფუკოს მიერ აღწერილ დისციპლინარულ და ბიოპოლიტიკურ საზოგადოებებს ცვლის. მათი მთავარი არგუმენტებია:

გადასვლა ნორმებიდან სიგნალებზე: ტრადიციული მმართველობა ეფუძნებოდა კანონებს, წესებსა და ნორმებს (ანუ იმას, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ადამიანი). „ალგორითმული მმართველობა“ კი ამას გვერდს უვლის და პირდაპირ მონაცემთა უწყვეტ ნაკადზე – „სიგნალებზე“ – ოპერირებს. ის არ გეუბნება, რა არის სწორი, არამედ პროგნოზირებს, თუ რას გააკეთებ სავარაუდოდ მომავალში.

არანორმატიული კონტროლი: ეს მმართველობა არ არის მორალური ან იდეოლოგიური. მისი მიზანი არ არის ინდივიდის გამოსწორება ან დასჯა, არამედ სისტემის ოპტიმიზაცია და პოტენციური რისკების წინასწარ მართვა. ის არ კრძალავს, არამედ „პროფილაქტიკურად“ ზღუდავს არასასურველ ქცევას, სანამ ის მოხდება.

კრიტიკისა და სუბიექტის დასასრული: რადგან ეს სისტემა არ ეფუძნება გასაგებ წესებს (არამედ გაუგებარ კორელაციებს „შავ ყუთში“), ინდივიდს არა აქვს კრიტიკის შესაძლებლობა. შენ ვერ შეეწინააღმდეგები იმას, რისი ლოგიკაც არ გესმის. ეს იწვევს ტრადიციული, რაციონალური სუბიექტის გაქრობას. სწორედ ეს არის სათაურში ნახსენები „სამყაროს დასასრული“ –  იმ სამყაროსი, რომელიც საერთო მნიშვნელობებსა და კრიტიკულ აზროვნებაზე იდგა.

ალგორითმული ლევიათანის ონტოლოგია

ალგორითმული ლევიათანი  უბრალოდ ხელისუფლების ახალი ფორმა კი არ არის, არამედ რადიკალურად განსხვავებული ონტოლოგიური ფენომენია, რომელსაც რამდენიმე უნიკალური მახასიათებელი აქვს:

  • უსხეულობა (Incorporeality): ალგორითმულ ლევიათანს არ გააჩნია მატერიალური სხეული, ფიზიკური ფორმა. ეს მის წინააღმდეგ წინააღმდეგობას უკიდურესად ართულებს – როგორ ვებრძოლოთ იმას, რასაც სხეული არ გააჩნია?
  • ყველგანმყოფობა (Omnipresence): ის ყველგანაა, სადაც კი ციფრული ტექნოლოგია არსებობს. ის არ მოძრაობს სივრცეში; ის თავად არის სივრცე – ციფრული სივრცე.
  • კვაზი-ყოვლისმცოდნეობა (Quasi-omniscience): მისი „ცოდნა“ მონაცემთა მასივების ანალიზს ემყარება. ის მომხმარებლის ქცევას ხშირად თავად მომხმარებელზე უკეთ „იცნობს“. 

ძალაუფლების ახალი არქიტექტურა

ალგორითმული ლევიათანი ძალაუფლების სრულიად ახალ არქიტექტურას ქმნის: ის არ აყალიბებს ძალაუფლების კლასიკურ ვერტიკალს. მის ნაცვლად, ის ქმნის ქსელურ, რიზომულ (rhizomatic) სტრუქტურას, სადაც კონტროლი ყველგანაა და, ამავდროულად, არსად. მიშელ ფუკოს ტერმინოლოგიით, ალგორითმული ლევიათანი მიკრო-ძალაუფლების ლოგიკით მოქმედებს: იგი არა მხოლოდ კრძალავს, არამედ აწარმოებს და მიმართულებას აძლევს სურვილებსა და ქცევებს. ეს არის პანოპტიკონი 2.0: – ბენთამის პანოპტიკონის იდეის ციფრული ევოლუცია, სადაც მეთვალყურეობის მექანიზმი დეცენტრალიზებული და ინტერნალიზებულია — სუბიექტი თავად ხდება საკუთარი თავის მაკონტროლებელი.

დასკვნის მაგიერ:

აი, ასეთ მოცემულობაში ვართ ციფრული ეპოქის კონტექსტში, სადაც უხილავი კოდი ჩვენი სოციალური ქსოვილის არბიტრად იქცევა. კრიტიკული აზროვნება და სიფხიზლე აუცილებელია, რათა ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე ტექნოლოგიურმა გიგანტმა წყალში არ ჩაგვიყაროს წლების ნაშრომი და ჩვენს ციფრულ იდენტობას არ დაეწეროს ERROR.

ამ მოცემულობიდან შეგვიძლია დავასკვნათ:

  1. ტექნიკური იმპერატივი: ციფრული ავტონომია. ყველაზე პირდაპირი და პრაგმატული გაკვეთილი მონაცემთა სუვერენიტეტის აუცილებლობაა. ყოველთვის ჩამოტვირთეთ, დააარქივეთ და შეინახეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები ლოკალურ ან პირად ღრუბლოვან საცავში. ინსტრუმენტებზე დამოკიდებულება სტრატეგიული სისუსტეა. ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება არ უნდა იყოს ერთი კომპანიის კეთილ ნებაზე დამოკიდებული.
  2.  დაკარგული კონტექსტის კრიზისი. „ალგორითმული ლევიათანი“ ქმნის სემანტიკურ ვაკუუმს, სადაც სიტყვები მოწყვეტილია თავის კონტექსტს, განზრახვასა და კულტურულ ნიუანსებს. ჩვენი ამოცანაა, ვიბრძოლოთ მნიშვნელობის შენარჩუნებისთვის. ეს ნიშნავს ახალი „ციფრული წიგნიერების“ სტანდარტების შემუშავებას, რომელიც მომხმარებელსაც და დეველოპერსაც კონტექსტის კრიტიკულ მნიშვნელობას ასწავლის.
  3. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნა. ჩვენ, როგორც მომხმარებლებმა და ციფრულმა მოქალაქეებმა, უნდა მოვითხოვოთ ალგორითმული პროცესების გამჭვირვალობა. „შავი ყუთი“ უნდა გაიხსნას. აუცილებელია შეიქმნას დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები და ადამიანური ჩართულობით მოქმედი სააპელაციო მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ მანქანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იყოს საბოლოო და უპირობო განაჩენი.
  4. ცნობიერების ბრძოლა ავტომატიზაციის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, ეს ბრძოლა სცილდება ტექნოლოგიურ და სამართლებრივ ჩარჩოებს. ეს არის ბრძოლა ადამიანური ნების, კრიტიკული აზრისა და ცნობიერი გადაწყვეტილების დასაცავად მზარდი ავტომატიზაციის საპირისპიროდ. „ალგორითმული ლევიათანი“ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენს მონაცემებს, არამედ ჩვენს უნარს, ვიყოთ რაციონალური, მორალური და თავისუფალი სუბიექტები. ამიტომ, ამ უხილავ ძალასთან დაპირისპირება ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეგზისტენციალური ამოცანაა.

  პირველი ნაწილის დასასრული…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

[1] https://algorithmwatch.org/en/algorithmic-policing-explained/#:~:text=Some%20findings%20on%20the%20rate,3%20per%20cent

[2]https://ar5iv.labs.arxiv.org/html/2402.16979v1#:~:text=model%20multiplicity%20compares%20to%20unambiguous,discussed%20and%20passed%20in%20many

[3] Karen Yeung – “‘Hypernudge’ and the ‘Algorithmic Leviathan’” – https://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=3786377

[4] https://shs.cairn.info/revue-reseaux-2013-1-page-163?lang=fr

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...