კვირა, ივნისი 22, 2025
22 ივნისი, კვირა, 2025

დაიჭირე ამბები

0

ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა ამბებით. მთავარია, მათი დანახვა და გაზიარება შევძლოთ. ამბავს სურათ-ხატებად აღვიქვამთ, სიტყვებით ვფუთავთ, ფოტოკადრებად ვაფიქსირებთ. სასწავლო პროცესის რუტინის, მოსწავლეთა სიმრავლის, სწრაფი რიტმის ფონზე რთულია ერთმანეთის მოსმენა. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ძალიან კარგ მეთოდს, რომელსაც მე და ჩემმა მოსწავლეებმა „დაიჭირე ამბები“ ვუწოდეთ. ამბების მოსაგროვებლად უბანში სიარულიც კი საკმარისია. აუცილებლად გაეცანით თემო სუყაშვილის სტატიას ფეხტურის შესახებ. ტერმინი “ფეხტური” თემოს შემეცნებით სტატიაში ამოვიკითხე და ძალიან მომეწონა. არაფორმალური და ფორმალური გარემოების მონაცვლეობა სასწავლო პროცესს ხალისს მატებს, ბავშვებს სიხარულით ავსებს და ყოველივე ეს მათ აკადემიურ მიღწევებზეც აისახება.

შემოდგომის მიწურულს ვირუსი რომ გავრცელდა, მოსწავლეთა რაოდენობამ იკლო. თუკი მასწავლებლობის საწყის ეტაპზე ვწუწუნებდი მოსწავლეთა სიმრავლის გამო, ბოლო დროს მივხვდი, რომ გუნდურობის განცდისთვის, მრავალი აქტივობის წარმატებით განსახორციელებლად სწორედ რომ მოსწავლეთა სიმრავლეა საჭირო. ერთ დღეს კლასში შესულს მხოლოდ შვიდი მოსწავლე დამხვდა. ასეთ დროს თითქოს საკლასო ოთახიც კარგავს თავის როლს. ბოლო გაკვეთილი იყო, გარეთ მზიანი ამინდი იდგა და მოსწავლეებს გაკვეთილის სკოლის ეზოში ჩატარება შევთავაზე. სკოლის კარს რომ გავცდით, ახალი იდეა დამებადა. ვფიქრობ, თემოს სტატიამ, არაფორმალური გარემოს სიყვარულმა, მოსწავლეების ახალი შთაბეჭდილებებით ავსების სურვილმა თავი ერთად მოიყარა და უბნის ფეხტურის იდეა დამებადა. მსგავსი აქტივობა ადრეც შემითავაზებია უფროსკლასელებისთვის, თუმცა ბევრი ბავშვის ღია სივრცეში მარტო გაძღოლას თავი ვერ მოვაბი.

ჩვენი სკოლა თბილისის გარეუბანშია. მდინარეც კი ჩამოუდის – გლდანულა. იქვეა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, ავტობუსების გაჩერება, სასურსათო მაღაზიები, კერძო სახლები, რამდენიმე კორპუსი, ულამაზესი სკვერები, ფეხსაცმელების შემკეთებლის ჯიხური, აქა-იქ – “ლარიანი” მაღაზიები, პატარა სალონები, თონე და სამკერვალოები – დაკვირვებისთვის მშვენიერი, მყუდრო, უსაფრთხო გარემო გვაქვს და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო მიზნებს მორგებული აქტივობებით სავსე ფეხტური შემეთავაზებინა. რამდენიმე თვის წინ სკოლის გვერდით ჩემი მოსწავლის დედამ ავტოფარეხის შენობაში კაფეც გახსნა. “ჰაკუნა მატატამ” ხელმისაწვდომი ფასებითა და ულამაზესი გარემოთი მალევე შეგვაყვარა თავი.

სკოლის ჭიშკარს რომ გავცდით, გზადაგზა ფეხტურის მიზანი ავუხსენი. ვთხოვე, დაჰკვირვებოდნენ ადამიანებს, შენობებს, მოვლენებს. ასეთ დროს ყველაფერი მნიშვნელოვანი ხდება. ხმამაღალი ფიქრის გამოყენებით ჩემი თვალით დანახულ გარემოს აღვწერდი, სიტყვებად ვაჟღერებდი. ვჩერდებოდით, ვაკვირდებოდით. ჩვენი უბნის შუაგულში ერთი უზარმაზარი შენობაა, შორიდან უსახური და შეუხედავია, ახლოს რომ მიხვალ, სულ სხვაგვარად დაინახავ. ამ შენობასთან მისულებმა ვისაუბრეთ ორ შუშებჩამსხვრეულ ფანჯარაზე. ერთი მათგანიდან ხე ამოზრდილიყო და ნოემბრის მიწურულს მწვანე ფოთლები გამოესხა. აქტიური სიცოცხლის მეტაფორად მივიჩნევ და ვცდილობ, ბავშვებსაც ავუხსნა, დავაფიქრო, სხვაგვარად დავანახო. ამ დღის შესახებ დაწვრილებით ჩემი დღის ჩანაწერში გაეცნობით, რომელსაც სტატიას ბოლოს დავურთავ.

რა არის საჭირო ფეხტურისთვის?

  • მოსანახულებელი ადგილის წინასწარ შერჩევა;
  • მოსწავლეებისთვის მიზნისა და სამოქმედო გეგმის გაცნობა;
  • რვეული და კალამი;
  • დანახულის ერთმანეთისთვის გაზიარება;
  • ხალისიანი განწყობა;
  • 20-30 წუთის განმავლობაში ფეხით სიარული;
  • შთაბეჭდილებების გაზიარებისთვის მყუდრო ადგილის შერჩევა, სადაც დღის ჩანაწერს დავწერთ.

მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებიც გულმოდგინედ ვწერთ და მერე ხმამაღლა ვუკითხავთ ერთმანეთს.

ერთი კვირის შემდეგ მეორე მეექვსე კლასშიც 7 მოსწავლე დამხვდა და მათთანაც მოვაწყვე ფეხტური, სახელად „დაიჭირე ამბები“. ჩვენი დაკვირვებით, ამ პროცესში უფროსებიც ებმებიან, მაგალითად, რეზის დედა, რომელიც შვილებს სკოლასთან ელოდა, მომსწრე გახდა ჩვენი საინტერესო ამბებისა; თინა, სანდროს დედა და კაფეს მეპატრონე, ხომ არაფორმალურ დამკვირვებლად იქცა და ყველაზე მეტად მან დაინახა, რა არაჩვეულებრივი თავგადასავლები გადაგვხდა; ნათია, ინგლისურის მასწავლებელი, რომელიც კაფედან გამოსულებს შემოგვხვდა – ბავშვებს ქართულის შემდეგ სწორედ მისი გაკვეთილი ჰქონდათ, მეც მშვიდად გადავაბარე 7 მოსწავლე და სხვა გაკვეთილის ჩასატარებლად გავიქეცი; შოთას და გელას მზრუნველი ბიძები; გამვლელები, რომლებმაც ღიმილი გვაჩუქეს და ჩვენი კარგად ყოფნაც იგრძნეს. დაბოლოს, დაუვიწყარი იყო „გლოვოს“ კურიერთან შეხვედრა. შორიდან დავინახეთ ბიჭი სადარბაზოსთან მოტოციკლზე დამაგრებული „გლოვოს“ ყუთით. გადავწყვიტეთ, გვეკითხა, რა შეკვეთა მოიტანა და ჩვენი ამბებისთვის მიგვემატებინა, თავქუდმოგლეჯილები გავიქეცით მისკენ –  ქუსლებზე ამხედრებული მასწავლებელი და მისი შვიდი მოსწავლე. გზადაგზა სიცილი წაგვსკდა. ცისკენ თავგადაგდებულები, მთელი გულით ვიცინოდით. ხშირად ვიხსენებთ ამ მომენტს და ისევ სიცილი გვიტყდება. ნეტავი, რა იფიქრა „გლოვოს“ კურიერმა? ნეტავი, თუ ვახსოვართ?

როცა სკოლაში სხვა მოსწავლეებიც დაბრუნდნენ, სინანულით აღნიშნეს, მაინცდამაინც მაშინ ხდება კარგი ამბები, როცა ვაცდენთო. მათი განცდები კი ჩემთვის იმის მანიშნებელია, რომ მასწავლებლობისას სწორი გზით მივდივარ.

თქვენც გირჩევთ ამბების დასაჭერად უბანში ხეტიალს, დღის ჩანაწერის დაწერას, ერთმანეთისთვის გაზიარებას და სკოლის დღეების დაუვიწყარი თავგადასავლებით ავსებას. გარდა ამისა, ხელს შეუწყობთ ზეპირმეტყველებითი და წერითი უნარების განვითარებას, ამბის თხრობის უნარის გამომუშავებას, ღირებულებების განვითარებას (საკუთარი იდენტობის გააზრება საცხოვრებელი მიკროსოციუმის გაცნობითა და შეყვარებით, გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ფიქრი, ადამიანების შრომის დაფასება).

ფეხტურის ბოლოს დროს ვინიშნავთ და პირადი მაგალითის გამო მოსწავლეებთან ერთად ვწერ დღის ჩანაწერს. მეც ერთი სული მაქვს, როდის წავუკითხავ მათ ჩემს ნაწერს. ამავე დროს, საინტერესოა ერთი და იმავე ამბების შესახებ რამდენიმე ადამიანის მიერ დაწერილი ტექსტი.

გიზიარებთ მოსწავლეებთან ერთად დაწერილ ჩემს ორ ჩანაწერს, მეექვსეკლასელების დაჭერილი ამბების შესახებ კი შეგიძლიათ წაიკითხოთ ბლოგზე.

 

18 ნოემბერი, 2022 წელი

ბოლო, მეხუთე გაკვეთილი დაიწყო. პირველი სართულისკენ მივრბივარ. მე-6 კლასში მხოლოდ 7 მოსწავლე მხვდება. მზე ჩახჩახებს. გარეთ გვიხმობს. ბავშვებს ეზოში გასვლასა და  გაკვეთილის იქ ჩატარებას ვთავაზობ. აჟრიამულდნენ. ელვის უსწრაფესად ჩაალაგეს ჩანთები. ეზოში რეზის დედა გვხვდება. ჩავუარეთ კაფეს ჰაკუნა მატატა“. სანდროს დედა დავინახეთ და გაგვიხარდა. წითელი ძაფით რაღაცას ქსოვდა. ნეტავი, რას? მიტოვებული შენობისკენ მივდივართ. ერთად ყოფნა გვიხარია. „2 ნაბიჯის“ წინ ნარინჯისფერი მანქანა კვახითა და კარტოფილით არის სავსე. ვფიქრობთ, რა ხდებოდა იმ დღეს ოჯახში, რომელმაც კარტოფილი დათესა მინდვრად. შენობა ძველი, დანგრეული, ცოტა საშიში და ამავე დროს ძალიან ლამაზია. წარმოვიდგინე, რა საინტერესო სივრცის მოწყობა შეიძლება აქ. რკინის ჭერს შუშით ამოვავსებდი. ორი ბნელი ფანჯარა გვერდიგვერდ მიტუზულა. ერთ-ერთიდან ხე ამოზრდილა. ნოემბრის ბოლოა და ხეს მწვანე ფოთლები გამოუსხამს. უცნაური სანახავია. მწვანეფოთლებიან ხეზე ბეღურა ჩამოსკუპებულა. ფოტოებს ვიღებთ წიგნებთან ერთად და მერე მდინარე გლდანულას სანახავად მივდივართ. შოთიკოს და სევგის საკუთარ უბანში მდინარე არასდროს უნახავთ. მდინარე რუს ჰგავს და ნაგვით არის ამოვსებული.

– გინდათ, დავასუფთაოთ, მასწავლებელო? – მეკითხებიან.

351 ნომერ ავტობუსთან თეთრი ძაღლი წევს. ანასტასიამ მითხრა, მამა ავტობუსის მძღოლიაო. მამაჩემიც ავტობუსის მძღოლი იყო-მეთქი, ვუპასუხე და ავტობუსის მძღოლების შვილ გოგოებს გულიანად გაგვეცინა. ვამჩნევთ ხილის ყუთებისგან აშენებულ ძაღლის ბუნაგს, სადაც ლეკვები გვხვდებიან. სკოლაში კიბით ვბრუნდებით. სკოლის სახურავზე ყვავები სხედან. „ჰაკუნა მატატაში“ ვასრულებთ ფეხტურს. სანდროს დედა რძიან ყავაზე გვეპატიჟება. ვწერთ თემას სახელად „დაიჭირე ამბები“. კედლებს ვათვალიერებ. ძალიან მომწონს ავტოფარეხში გახსნილი პატარა კაფე მოხატული კედლებით და საინტერესო გარემოთი. კედელზე ნახატს ვამჩნევ – ვიღაცას თინა დაუხატავს. ხმამაღლა გამოვხატავ მოწონებას და თინა სევგისკენ მანიშნებს, მან დამხატაო. კაფეში მოგვაკითხეს გელას და შოთიკოს ბიძებმა, სხვა მეექვსეკლასელებმა… წავედით, სანამ დედები, მამები, მამიდები, დეიდები და ბებიებიც არ მოსულან.

 

1 დეკემბერი, 2022 წელი

უბნის პატარა კაფეში ვართ მე და ჩემი 7 მეექვსეკლასელი. წარმოიდგინეთ, მესამე გაკვეთილია და ჩვენ უკვე დაუვიწყარი თავგადასავლები გადაგვხდა თავს. თავქუდმოგლეჯილებმა ვდიეთ „გლოვოს“ კურიერს, ვიყიდეთ ერთი ცალი ბროწეული და ვისაუბრეთ აჰმეტისთვის ნაყიდ ბროწეულზე. მიტოვებულ შენობაში ფოთლებშემხმარი ხე დავინახეთ. ვიღაც ქალი მომესალმა, მომიკითხა. ახლაც არ ვიცი მისი ვინაობა. იქნებ ჩვენმა ამაღლებულმა განწყობამ მიიქცია მისი ყურადღება? გულიანმა მოკითხვამ დღე გამილამაზა. მერე ველოსიპედიანი მამაკაცი დავინახეთ. გამოველაპარაკეთ. ჯუმბერ ლეჟავას თანასოფლელი აღმოჩნდა. ახლა რძიან ყავას ველოდებით. თინა, ნეონისფერსვიტერიანი გოგონა, თეთრი ძაფით ქუდს ქსოვდა და გიომ გაიხსენა ტომ და ტაპენს ბერესფორდები აგათა კრისტის წიგნიდან „ნ თუ მ“. ერთ პერსონაჟს უთქვამს, ვინც ქსოვს, ყველაზე მაგარი ადამიანები არიანო. თქვენ რას ფიქრობთ? მე ვეთანხმები.

ერთი ფიქრით

0

***

მარტი იყო და არც იყო. ერთი ფიქრით გათავდა ეს თვე.

***

მარსელ გ. ლამის ყოველდღე დებს ნაირფერი ზამბახების ფოტოებს.  წარმომიდგენია, როგორ ელოდა გაზაფხულს.

***

ერთ სანერგეში შარშან პატარა ცაცხვი ვიყიდეთ და მებაღემ, მერე რა, შვილო, პატარა რომ არის, გაიზრდება და გასიამოვნებთო. ისე, ამ ზომას ბევრი არ ყიდულობს, როდის ეს ჩრდილს გაიკეთებს, ან მოვესწრები ან არაო. აბა, ეგრე ლაპარაკი როგორ შეიძლება, ადამიანმა ყველაფერს იმედით უნდა შეხედოო. შენ თვალწინ რომ გაიზრდება, ეგ კიდევ სხვა ამბავიო. მეტი რა ეთქვა, გული მოგვეცა, პატარა ცაცხვის დარგვისაც და ცხოვრებისაც.

წელსაც იმავე სანარგეში წავედით კოპიტისთვის. ის ქალი ისევ საქმეში იყო, იარლიყებს ამაგრებდა ნარგავებს. ეგ ხე ჯერ აქ არავის მოუკითხავს, პირველები ხართო და სხვა ფოთლოვანი აყლაყუდები შემოგვთავაზა. აბა, ესენი არა ჯობია, პატარა როდის გაიზრდება, ახლა იმას ელოდეო.

ღმერთო, მომეცი ნიშანი, როგორ გავარჩიო ერთმანეთისგან ვაჭარი და ქოუჩი.

***

ჰოთმეილს იშვიათად ვამოწმებ ხოლმე და დამხვდება ოდესღაც გამოწერილი საინფორმაციო ფურცლები, მაგალითად, 2002 წლიდან მომდის National Cherry Blossom Festival-ის ახალი ამბები. ყოველ წელს ვიცი, როდის დაიწყება ვაშინგტონში ალუბლების ყვავილობა.

***

იმერეთისკენ მიმავლებს ავტობანზე საბურავი დაგვეშვა. მანქანა გაჩერებული არ იყო, მძღოლის მხარეს ვიღაც გაჩნდა, ფანჯარა ჩაწიეო და ლევანს ჰკითხა:

– დედმამიშვილი გყავს?

– ერთი ძმა.

– დღეიდან ორი გეყოლება.

***

ჩემი იმერელი ბებია ხელჩანთით ატარებდა ფრონტიდან გამოგზავნილ ბარათებს. ერთ წერილში ბაბუა ემშვიდობებოდა თურმე, ალბათ ცოცხალი ვერ ჩამოვალ, ბიჭებს მიხედე და გაზარდეო. მეორე წერილი ბოდიშის ყოფილა, მაპატიე, შევშინდი, თორემ აბა, ის რამ მომაწერინაო. წლების მერე მატარებელში ხელჩანთა მოპარეს და წერილებიც დაიკარგა. ბაბუა არ დაბრუნებულა. ბებია ელოდა სიბერემდე, ჭრელი კაბით, ქვრივი ხომ არ ვარო.

 

***

რიგის და ჭავჭავაძის კუთხეში პურის მაღაზია იყო, ეწერა კიდეც – „პური“. იქ გვაგზავნიდა ხოლმე დედაჩემი და გვაფრთხილებდა, იცოდეთ, ხურდაში არ მოგატყუონო. მე და ჩემმა დამ თვლა კარგად ვიცოდით, მაგრამ მაინც ყოველთვის გვერიდებოდა თეთრწინსაფრიანი გამყიდველისთვის გვეთქვა, რომ კაპიკები კიდევ გვეკუთნოდა. თან ძალიან არ გვინდოდა, რომ დედაჩემს ადვილად გასაბრიყვებლები ვგონებოდით. ამიტომაც ყოველთვის გვქონდა მცირე დანაზოგი ნაკლული ხურდის შესავსებად.

 

***

 

ერთი კლასელი მყავდა. ნიშნის გამოსასწორებლად მთელი გაკვეთილი ხელაწეული იჯდა. ბოლოს მასწავლებელი შეწუხდა და უსაყვედურა, ჟურნალი მეტყვის, ვინ გავიძახოო. ამან, აგერ, მე განიშნებთ და ვერ მიგახვედრეთ და ჟურნალი რას გაგაგებინებთო.

***

ოდესღაც ჯიპაში სწავლისას, ტელევიზიის კურსისთვის მომზადებული სიუჟეტის ტექსტი უნდა გვეთარგმნა ჩვენი ფრანგი ლექტორისთვის. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ არ მივადექით სიმწრით მოპოვებული რესპონდენტის ფრაზას –  „დაგვეცნენ ბიჭები აქა.“

***

ჟამი ქანისნა?  – დედაჩემს შემოაწვება ხოლმე ავლაბრის მონატრება. ორი ხდება-მეთქი.

***

ბებიაჩემის სახლს ავლაბარში ძველი თბილისური კარი ჰქონდა, ორნამენტული „რეშოტკით“. ხვეულებს შორის ერთი ჯადოსნური ადგილი იყო, სადაც ხელს ვატევდით დასაბრახუნებლად  – ოღონდ მუშტს კი არა, არამედ გაშლილი მტევნის კიდეს. საღებავიც ეგრე მოგრძოდ ჰქონდა გადაქექილი. მომხდარა ისეც, რომ იმ კარზე ბრახუნს სიზმრიდან ცხადში გადმოვუგდივარ და ძილიდან აყოლილი სევდით გამღვიძებია.

***

იყო ისეთი დღეები, როდესაც დედას სამსახურიდან აგვიანდებოდა. ორთაჭალიდან ავლაბრისკენ გზას ფეხით აუყვებოდა ხოლმე. ჩვენ ბებიას დავურეკავდით, ვითომ მოსაკითხად. ხმაში ისეთი სიხარული ეტყობოდა, პასუხი უკითხავადაც ცხადი იყო. ჯერ გაგვეთამაშებოდა და დაგვიმალავდა, მერე გვეტყოდა –  აქ არის, აქა, მაშ, სად წავიდოდა. მერე დედას გადასცემდა ყურმილს და ისიც ხალისიანად გვკითხავდა –  რა იყო, ვერ ძლებთ უჩემოდ? იმ დღეს განსხვავებული ბრუნდებოდა, უფრო ლაღი, ალბათ ისეთი, როგორიც ჩვენამდე იყო.

***

შავი თაროები, თეთრი თაროები, ნიშა, საძინებლების თაროები, ტუმბოები, საწერი მაგიდა, ნიჩბისის თაროები, სამზარეულოს თაროები, კიბის საფეხურები – ერთ წიგნს ვეძებ და გონებაში თვალს ვავლებ სათავსოებს.

***

წამლის ძველ კოლოფზე ერთი ქალის ტელეფონის ნომერი მიწერია. ნაილი ხანუმი რამდენიმე წლის წინ ბაქოში, ძველ უბანში ბოდიალისას გავიცანი. დიდი ბებია მყავდა ქართველი, ჩემმა დიდმა ბაბუამ რომ მოიყვანა ცოლად, მონათლეს და სახელიც შეუცვალეს, გაზაფხულის ყვავილი უწოდეს, მაგრამ თვალები მაინც ქართული დარჩაო. თუ კიდევ ჩამოხვალ, შეეშვი ამ park inn-ებს და ჩემთან იცხოვრეო. ბევრი ვილაპარაკეთ. სად წამსვლელი და დამრჩენი ვარ, მაგრამ იმ კოლოფს  იშვიათი შეხვედრის სახსოვრად ვინახავ.

 

იმ წამალს მხოლოდ ასეთი ადამიანები ანაცვლებენ.

 

***

მომცრო დოქს უნგრულად „შესვი, გაამოს“ თუ რაღაც ამდაგვარი აწერია, ძირზე – 73 წელი. საჩუქარია, გულით მიძღვნილი. წამოუღიათ ჩვენს ვაჭრებს ბელგია-ჰოლანდიიდან და ჩამოუტანიათ მცხეთაში. ძალიან მიყვარს მოხეტიალე ნივთების შეფარება.

***

განმარტება ორნითოფობებისთვის – ჩემს ბოლო წიგნში ბევრი ჩიტია, მაგრამ არცერთი ნამდვილი.

***

გოგოს უხდება ყურები და კუდი, – ერთ ჯგუფში თემო წერს ინესას.

 

ძაღლებზეა ლაპარაკი.

 

***

სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტის საათობრივი დატვირთვა მომდის მეილზე, შეცდომით. ქალბატონო რუსუდან, ასე და ისეო. ეს იმიტომ, რომ ყველა ჭეშმარიტი რუსუდან რუხაძე ჯანდაცვის სფეროშია.

***

შენი ძმაკაცი მოვიდა, წარბის აწევით მანიშნებს ექთანი, რადგან მე და მ. ალიევი ბევრს ვმუსაიფობთ ხოლმე.

***

ერთმა შეწუხებულმა პაციენტმა რიგის მოწესრიგება ითავა, თან ყველას ეკითხება ჩივილებს. მოაგროვა ამბები და ბოლოს ყველას გასაგონად დაიძახა  – ხალხო, გათიშეთ ტელევიზორი! სულ რომ იადერნი აფეთქდეს, არ გაინტერესებთ! აიღეთ ასფურცლიანი და წერეთ!

***

სააღდგომოდ, საფლავებზე გასვლის წინ, წითელ კვერცხებს გადავთვლი და ვიტყვი – ეს ხოტელაშვილისთვის, ესეც პოლიაკოვისთვის. კუკიის „მეზობლები“ არიან, მიტოვებულები.

***

ხანდახან შეიძლება ისიც საკმარისი იყოს დღე-ღამის შესაჯამებლად, ბოლოს რა დაგუგლე.

***

სანამ ტელევიზორიდან საძაგელი ჟურნალისტის ხმა გესმით, დედამიწა ცოცხალია!

 

 

მოსწავლეთა სამართლებრივი კულტურის ფორმირება  სკოლის საგანმანათლებლო პროცესში

0

ახალგაზრდები ფსიქოლოგიურად და პრაქტიკულად მზად უნდა იყვნენ საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებისთვის. ასევე მზად უნდა იყვნენ სოციალური პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებელი ქცევისთვის  სამართლებრივი ნორმების საზღვრებში.

აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა გამოისახება ახალგაზრდების სამართლებრივი კულტურის დონის მიზანმიმართულ ზრდაში, რაც ხელს შეუწყობს სოციალურად აქტიური პიროვნების ჩამოყალიბებას, რომელსაც შეუძლია კომპეტენტურად დაამყაროს ურთიერთობა საზოგადოებასთან, სახელმწიფოსთან და სხვა ადამიანებთან. ამ საკითხის აქტუალობა განისაზღვრება იურიდიული კულტურის განსაკუთრებული დომინანტური როლით ინდივიდის სოციალიზაციის პროცესში. თანამედროვე საზოგადოებაში იურიდიული კულტურა წარმოადგენს ადამიანის ზოგადი კულტურის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. განათლების მთავარ შედეგად განიხილება სკოლადამთავრებული ახალგაზრდების მზადყოფნა და უნარი იკისრონ პირადი პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი კეთილდღეობისთვის, ასევე საზოგადოების კეთილდღეობისთვის. განათლების მნიშვნელოვან ამოცანებად უნდა გახდეს სამართლებრივი კულტურის მაღალი დონის ფორმირება, ფუნდამენტური სამართლებრივი ნორმების ცოდნა და სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის შესაძლებლობების გამოყენების უნარი, საკუთარი უფლებების დაცვის უნარი.

როგორც პიროვნების სოციალიზაციის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი, საგანმანათლებლო დაწესებულება განსაკუთრებულ როლს ასრულებს სტუდენტის სამართლებრივი კულტურის ფორმირების პროცესში, მიზანმიმართულად აყალიბებს საზოგადოების სრულფასოვან წევრს, რომელსაც შეუძლია იურიდიულ გარემოში ორიენტირება და მოქმედება საკუთარ გადაწყვეტილებებზე და ქმედებებზე პასუხისმგებლობის სრული გაცნობიერებით. სამართლებრივი ცოდნის ათვისება უფრო ეფექტური ხდება, თუ ისინი ცხოვრებისეულ რეალიებთან ერთად შეისწავლება. ახლა მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს სამართლებრივი ინფორმაციის მოპოვებასა და მის გამოყენების უნარს, რაც გულისხმობს აზროვნებას, გადაწყვეტილების მიღებას, ცხოვრებისეული პრობლემების ეფექტურად და უკონფლიქტო გადაწყვეტას, რაც მოსწავლეს აჩვევს სკოლის შემდეგ დამოუკიდებელ და ავტონომიურ არსებობას.

სკოლის მოსწავლის სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბება წარმოადგენს მის სოციალურ და სამართლებრივ გარემოში გაცნობის კომპლექსურ პროცესს, რომელზეც მრავალი განსხვავებული ფაქტორი ახდენს გავლენას. სოციალურ-სამართლებრივი ცნობიერება იწყებს ფორმირებას მოზარდობის ასაკში. თავდაპირველი იდეა და გაგება ისეთი ცნებების შესახებ, როგორიცაა კანონი, წესრიგი, თავდაპირველად ოჯახში ვითარდება, ხოლო შემდეგ კი  სკოლაში. არასრულწლოვანთა სამართლებრივი განათლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანამედროვე საზოგადოებაში. მოზარდებში სამართლებრივი კულტურის სწორი და დროული განათლება და, შესაბამისად, მორალურად ზნეობრივი ორიენტირები ხელს შეუწყობს ბავშვში ინდივიდუალობის გამომუშავებას, მისი ძლიერი სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბებას და ადეკვატურ განვითარებას.

 

სკოლის მოსწავლისა და მასწავლებლის სამართლებრივი კულტურის მოდელი

 

სამართლებრივი კულტურის კომპონენტები კრიტერიუმები მაჩვენებლები
პედაგოგები მოსწავლეები
კოგნიტური ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტების ცოდნა;

– ცოდნა ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის სფეროდან

–  საკუთარი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების იურიდიული დაცვის შესაძლებლობების, პროცედურებისა და მოთხოვნების ცოდნა.

ცოდნის სწორი გამოყენება, მათი ურთიერთკავშირი და გადაყვანა (ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სიტუაციებში). სამართლებრივი ცოდნისა და წარმოდგენების ათვისების მოცულობა და სიღრმე
ემოციურ-ფსიქოლოგიური სამართლებრივი შეხედულებებისა და მოსაზრებების არსებობა, რაც საშუალებას აძლევს საზოგადოების სამართლებრივი სფეროს, საკუთარ საქმიანობაში სამართლებრივი ასპექტების ამოცანებისა და მნიშვნელობის ადეკვატურ გაგებას, სწორად განმარტოს უფლებები და მოვალეობები, გაიგოს მათი საზღვრები, სამართლებრივი პასუხისმგებლობა და მათი საქმიანობის განხორციელების აუცილებლობა კანონების დარღვევის გარეშე.

 

კანონის მოთხოვნების აღიარება, მათი პატივისცემა, როგორც უმაღლესი ღირებულებების, რომლებიც ნორმატიულად ადასტურებენ მორალს და იცავენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, მდგრადი მოტივაცია განახორციელონ საკუთარი საქმიანობა სამართლებრივი დარღვევების გარეშე, ასევე აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია.

  – დამოკიდებულება სამართლისადმი, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობისადმი;

– დამოკიდებულება სამართლებრივი ნორმების დარღვევისა და სამართალდამრღვევთა მიმართ ;

– მოსწავლის სამართლებრივი იდეალები;

მოტივაციურ ღირებულებითი სამართლებრივი სწავლების, სამართლებრივი განათლების და სამართლებრივი თანააღზრდის მიზანმიმართული საქმიანობის მიზნებზე ორიენტირებული საქმიანობის არსებობა სამართლებრივ სწავლებაში, სამართლებრივი განათლებასა და სამართლებრივი თვითგანათლებაში, რომელიც ეფუძნება ჰუმანურ დამოკიდებულებას და პიროვნულ მზადყოფნას ამ სახეობის საქმიანობის მიმართ. დადებითი ემოციური დამოკიდებულება კანონის მოთხოვნების შესაბამისი საქმიანობის მიმართ, სამართლებრივ საკითხებზე ცოდნის გაღრმავების, პიროვნული თვისებებისა და უნარების გაუმჯობესების სურვილი. მოსწავლის სამართლებრივი იდეალები;

– რწმენა საკუთარი სამართლებრივი პოზიციის სისწორეში

ქცევითი სამართლებრივი ცნობიერების განვითარების დონე, ჩამოყალიბებული პიროვნული თვისებების არსებობა, რომლებიც უზრუნველყოფენ სამართლებრივ ქცევას; სამართლებრივი კულტურის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების მოტივები, საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა, ასევე სამართლებრივი კომპეტენციისა და კულტურის უწყვეტი გაუმჯობესების აუცილებლობა. შეძენილი სამართლებრივი ცოდნისა და უნარების ეფექტური გამოყენება, მიზანშეწონილობა, სიცხადე, სიზუსტე, მოვალეობების დროული შესრულება, სასკოლო განათლების განსახორციელებლად აუცილებელი იურიდიული უნარ-ჩვევების ფლობა, მათი განხორციელების შემოქმედებითი მიდგომა. – სამართლებრივი ქცევა;

– სამართლებრივი აქტივობა

 

ზემოაღნიშნულზე დაფუძნებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სკოლის მოსწავლის სამართლებრივი კულტურის კომპონენტებია ერთიანობაში მყოფი კოგნიტური, ემოციურ-ფსიქოლოგიური, მოტივაციურ-ღირებულებითი, ქცევითი კომპონენტები.

ამასთან დაკავშირებით, პრაქტიკა მკაცრად კარნახობს სკოლის მოსწავლეებისთვის სამართლებრივი განათლების სისტემის შექმნის აუცილებლობას, რომელიც მიზნად ისახავს მორალური და სამართლებრივი ღირებულებებისა და პრინციპების ათვისებაზე დაფუძნებული დემოკრატიული სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბებას.

გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლის სამართლებრივი კულტურა არის თვისება, რომელიც ყალიბდება: არსებული სამართლებრივი ცოდნის, წარმოდგენების,  შეხედულებების, ინტერესებისა და იდეალების, მოთხოვნილებების, მოტივების საფუძველზე. მოსწავლის სამართლებრივი კულტურა   გამოიხატება –  მოსწავლის სამართლებრივ ურთიერთობებში საზოგადოების, კოლექტივის მიმართ.

ამგვარად, სკოლის გამდიდრებული საგანმანათლებლო სივრცე სამართლებრივი კულტურის კომპონენტებით უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების მიერ სამართლის საფუძვლების ათვისებას, იურიდიული წიგნიერებით გამდიდრებას, ნასწავლის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების უნარს, ვინაიდან აღნიშნული ცოდნა თან ახლავს მოსწავლეებს მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში, ასევე იქნება წიგნიერი და კომპეტენტური პიროვნების განვითარების განუყოფელი პროცესი. სკოლის მოსწავლეების სამართლებრივი კულტურის ფორმირების პროცესი შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით. აქ მოცემულია რამდენიმე  მაგალითი:

  • სწავლება სკოლაში სამოქალაქო განათლებისა და სამართლის საფუძვლების გაკვეთილებზე. ამ გაკვეთილებზე მოსწავლეები იძენენ ცოდნას კანონებისა და სამართლებრივი სისტემის მუშაობის შესახებ, სწავლობენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
  • განათლება კლასგარეშე აქტივობების დროს: კლუბები, წრეები, ექსკურსიები, სასწავლო ტურები, ტრენინგები, კურსები, სემინარები. ასეთ მეცადინეობებზე იმართება დისკუსიები, მრგვალი მაგიდები, სამართლის სხვადასხვა დარგის დეტალური მიმოხილვა და შესწავლა.
  • სამართლებრივი თვითგანათლება. მაღალი კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მიიღონ ინფორმაცია სასწავლო ლიტერატურის, საცნობარო სისტემებისა და ელექტრონული რესურსების კითხვით. ასევე მათ შეუძლიათ მიღებული ინფორმაციის დამოუკიდებლად გააზრება და სამართლებრივი ფენომენების არსში ჩაღრმავება.

 

გამოყენებული წყაროები:

  1. სამართლებრივი კულტურა, PH International, https://iuristebi.files.wordpress.com/2012/12/e183a1e18390e1839be18390e183a0e18397e1839ae18394e18391e183a0e18398e18395e18398-e18399e183a3e1839ae183a2e183a3e183a0e18390-e1839b.pdf
  2. სამართლებრივი კულტურა, დამხმარე სახელმძღვანელო საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელთათვის, ლია გიგაური, მაკა ფერაძე, გიორგი გახელაძე, გიორგი მშვენიერაძე, თბილისი 2015, https://elfiles.emis.ge/uploads/39343/conversions/IX-კლასი-მოსწავლის-სახელმძღვანელო-სამართლებრივი-კულტურა-compressed.pdf
  3. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები – თანაცხოვრება კულტურულად მრავალფეროვან დემოკრატიულ საზოგადოებაში © მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი https://rm.coe.int/georgie-competences-for-democratic-culture-geo/16808b391a

 

როგორ დავეხმაროთ მოზარდებს ჰობის პოვნაში

0

მოზარდებისთვის საინტერესო ჰობის შერჩევა არც ისე ადვილია. ყველა მოზარდი განსხვავებულია, გატაცება კი ძალიან პირადი ამბავია. ჰობი საინტერესო უნდა იყოს ბავშვისთვის, რათა მან ცოტა ხნის შემდეგ არ მიატოვოს ის, რაც საკმაოდ ხშირად ხდება, რადგან მოზარდები თავიანთ არჩევანში არასტაბილური არიან. გარდა ამისა, მოზარდების უმეტესობას შინაგანი ბრძოლები აქვს საპირისპირო სურვილებთან: მათ თან უნდათ, რომ ყველასავით იყვნენ, თან იყვნენ გამორჩეულებიც. მათთვის უჩვეულო ჰობი თითქოს მაგარია, მაგრამ, მეორე მხრივ, მოსაწყენია თანამოაზრეების გარეშე. შესაბამისად, მოზარდების პოპულარული ჰობი არა იმდენად თავად საქმიანობას, არამედ საზოგადოებას ეხება. სპორტი იქნება ეს თუ მუსიკა, მთავარია, რომ ისინი ერთად გრძნობდნენ თავს კომფორტულად.

ერთი სიტყვით, ჰობის პოვნა თინეიჯერული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს არის როგორც კარგი გარემოს პოვნის შესაძლებლობა, ასევე შესაძლებლობა, საფუძველი ჩაუყარო მომავალ პროფესიას ან უბრალოდ, დროებით მაინც განერიდო ტელეფონში ტოტალურ ჩართულობას, რომელიც არცთუ სასარგებლო ინფორმაციულ ქარბორბალებში დაგაქროლებს. საბედნიეროდ, დაეხმარო მოზარდს ჰობის არჩევაში განხორციელებადი ამოცანაა. ზოგჯერ საკმარისია მოზარდისთვის საინტერესო აქტივობის ჩვენება და ადამიანების გაცნობა, რომლებიც მას მოხიბლავენ და შთააგონებენ.

 

მოზარდისთვის ჰობის არჩევ

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ თინეიჯერები იშვიათად გრძნობენ თავს ახალგაზრდებად, რომლებსაც მთელი ცხოვრება წინ აქვთ. მოზარდების უმეტესობა თავს ისე გრძნობს, თითქოს ბევრი იცხოვრა და ბევრი ნახა, თან აქვს რამდენიმე ცრურწმენა, მაგალითად, ასეთი: რომ უკვე გვიანია რაღაცის კეთება დაიწყოს, ის პატარა აღარ არის. ასევე ის ამბობს, რომ მისთვის ზოგადად ყველაფერი მოსაწყენია, ყველაფერი, გარდა ფართებისა. ამიტომ იმისათვის, რომ მოზარდს ჰობის არჩევაში დავეხმაროთ, ჯერ ეს მითები უნდა დავუნგრიოთ.

პროფესიონალურად ბევრი კონკურენტული რამ მართლაც შეიძლება ცოტათი დაგვიანებული იყოს მოზარდობის ასაკისთვის. სამწუხაროდ, მოზარდი ვერ გახდება ბალეტის მოცეკვავე ან მსოფლიო დონის მუსიკოსი, თუ ამას ადრეული ბავშვობიდან არ დაიწყებს. მაგრამ თქვენ უნდა შეახსენოთ, რომ ჰობი გატაცებაა და მასზე მომავალი დიდი მიღწევების იმედებს არ ამყარებენ. თუ მოზარდი ოცნებობს გიტარაზე ან დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრა ისწავლოს, მისი სწავლა გვიანი არ არის. მისნაირი ბევრია. ამის დადასტურება ინტერნეტითაც შეიძლება, სადაც ეს ყველაფერი საკმაოდ მოთხოვნადია.

რაც შეეხება მითს „პატარაობის“ შესახებ, ესეც სადავო საკითხია. მაგალითად, მოზაიკის კეთება თითქოს პატარების გასართობია, მაგრამ სინამდვილეში არსებობს მოზაიკის შემსწავლელი კოლეჯები, სადაც ამ იშვიათ სპეციალობას სიღრმისეულად ასწავლიან და არსებობენ შემკვეთები, რომლებიც ასეთ სამუშაოში დიდ ფულს იხდიან. ამიტომ არც ამის დაწყებაა გვიანი. უბრალოდ, იპოვეთ ის ჰობი, რომელიც მოზარდს მიიზიდავს.

„ფართიც“ ცალკე თემაა. თუ ბავშვს არ უნახავს ადამიანები, რომლებსაც საერთო გატაცება აქვთ, ის ბევრ რამეს ვერ გაიგებს. მაგალითად, შეიძლება მოზარდმა არ იცოდეს, რომ არსებობენ ზრდასრული მამაკაცები, რომლებიც სათამაშო რკინიგზებს აწყობენ და ეს მათთვის ძალიან სერიოზული გატაცებაა. მეტიც, ამ ადამიანებს ჰობისთვის კარგადაც უხდიან, მაგალითად, გერმანიის რკინიგზის სადგურების მუზეუმები რკინიგზის გრანდ მაკეტებს უკვეთენ. ბევრი ჰობი დაკავშირებულია მოგზაურობებთან და ლაშქრობებთან, ვთქვათ, არქეოლოგია და ბიოლოგია. უბრალოდ, გააცანით თქვენ შვილებს საინტერესო ადამიანები, რომლებიც მზად იქნებიან აჩვენონ მათ, რა უნდა გააკეთონ და მითები თავისთავად გაქრება.

 

ჰობის იდეები მოზარდისთვის

ხშირად თინეიჯერები ჩვენ გარეშეც მშვენივრად ახერხებენ ჰობის შერჩევას, მაგრამ თუ თქვენი შვილი აშკარად მოწყენილია და არ იცის, საიდან დაიწყოს, ან ეშინია ახალი ადამიანების, დაეხმარეთ მას. შედეგად ის იპოვის ახალ მეგობრებს და გააქტიურდება. თქვენ შეგიძლიათ ურჩიოთ:

 

სპორტული ჰობი

ჰობი არ ნიშნავს პროფესიონალურად რაღაცის შესწავლას, მაღალი დონის სპორტს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ სპორტში, თუნდაც სამოყვარულოში, არის შეჯიბრის მომენტი. ბევრი სპორტი, რომელსაც ადრე სერიოზულად არ აღიქვამდნენ, ახლა უკვე ოლიმპიური გახდა, მაგრამ მაინც ღირს, რომ მოზარდმა აირჩიოს სპორტი, რომელიც განავითარებს და ემოციურად მიიზიდავს მას.

  • სროლა. ეს სპორტი შესაფერისია მათთვის, ვისაც არ უყვარს ფიზიკური კონტაქტი. ის ავარჯიშებს გამძლეობასა და ყურადღების კონცენტრაციას. ძალადობის აზრისგან განსხვავებით, სროლა ნამდვილად არ გიბიძგებთ, აიღოთ იარაღი და მოკლათ ყველა. ის უბრალოდ ასწავლის ემოციების კონტროლს. და თუ ბავშვს უყვარს რაიმე სახის ფენტეზი, მას შეიძლება მოეწონოს მშვილდოსნობა და მისი სხვა ანალოგები, რომლებიც ფანტასტიკურ სამყაროებს მოგვაგონებენ.
  • ცხენით ჯირითი. ეს არ არის იაფი სპორტი, მით უფრო, თუ საქმე დიდ ქალაქებს ეხება, მაგრამ ძალიან სასარგებლოა ბავშვის ფსიქოლოგიური ბალანსის თვალსაზრისით. ცხოველთან კონტაქტი მოითხოვს გამძლეობასა და ყურადღებას. ეს არის ასევე კარგი ფიზიკური დატვირთვა და ემოციური აქტივობა.
  • სკეიტბორდი. გაგიკვირდებათ, მაგრამ ყველაფერი, რაც ჩვენთვის სკეიტბორდია, სპორტის სამყაროში დაყოფილია მრავალ სხვადასხვა სპორტად. ზოგიერთი დაფა ბორბლებით გრძელი გზისთვისაა, ზოგი ტრიუკებისთვის და თითოეულ დაფას ჰყავს თავისი თაყვანისმცემლები, ფანკლუბები სუბკულტურით. სავსებით შესაძლებელია, რომ მოზარდი ერთ-ერთ მათგანით დაინტერესდეს.
  • სკუტერები, ველოსიპედები არა მშვიდად ტარებისთვის, არამედ ტრიუკებისთვის. რატომ მოსწონს ერთს სკეიტბორდი, მეორეს სკუტერი, მესამეს კი BMX – თქვენ უბრალოდ ამას ვერ გაიგებთ, მაგრამ ღირს ბავშვის წაყვანა სპეციალურ პარკში და ნახვა, როგორ ვარჯიშობენ სხვა გოგო-ბიჭები. იქნებ ეს მისთვის შთაგონებად იქცეს.
  • კლდეზე ცოცვა. ეს არის ძალიან მიმზიდველი სპორტის სახეობა. ის ძალიან კარგად არის გააზრებული უსაფრთხოების თვალსაზრისით და აერთიანებს როგორც სპორტსმენებს, ისე ინტელექტუალური პროფესიის ადამიანებს, რომლებსაც დასვენება სჭირდებათ. როგორც ამბობენ, მთაში ყველა თანასწორია.

 

შემოქმედებითი ჰობი

ატარეთ თქვენი შვილი ბაზრობებზე, სადაც ადამიანები თავიანთ პროდუქტებს ყიდიან: ნახატებიდან და ნაქარგებიდან დაწყებული, ფეხსაცმლითა და ჩანთებით დამთავრებული. ხშირად ასეთ ბაზრობებზე მოვაჭრეები ატარებენ მცირე მასტერკლასებს დამწყებთათვის. არ არის გამორიცხული, რომ მოზარდს რამე მოეწონოს.

  • მინის ნაწარმი. ბევრ ბავშვს სიამოვნებს ჩირაღდნით შუშის დნობა და ფორმირება. ცეცხლის ყურება დამამშვიდებლად მოქმედებს, გამდნარი შუშის დანახვა კი სასიამოვნოა და შეიძლება თვითგამოხატვის ორიგინალურ საშუალებად იქცეს.
  • დეკუპაჟი. გარედან ჩანს, რომ ყველას შეუძლია ხელსახოცების სადმე დაწებება. სინამდვილეში, დეკუპაჟი შეიძლება იქცეს ხელოვნებად. და ეს, რა თქმა უნდა, საინტერესო ჰობი იქნება გოგოებისა და ბიჭებისთვის, რადგან ის შეგიძლიათ ავეჯსაც ჩაუტაროთ.
  • ბიჭებსაც და გოგოებსაც უყვართ საავტორო წიგნებისა და ხელნაკეთი ალბომების დამზადება. აქ თავის გამოჩენა ნებისმიერ მოზარდს შეუძლია.
  • ჭედურობა. ბევრს მოსწონს მეტალთან მუშაობა. ქალაქში სამჭედლოს პოვნა არც ისე ადვილია, მაგრამ თუ იპოვეთ, ძალიან მოიხიბლებით.
  • ძერწვა, თიხასთან მუშაობა – საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობაა. ამავე დროს მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.

 

უჩვეულო ჰობი

  • გადამუშავების ხელოვნება. ნივთების დამზადება იმისგან, რაც გამოუსადეგარია. მაგალითად, პლასტმასის ბოთლებისგან დამზადებული ტანსაცმელი ან სამკაულები.
  • ფრინველებზე დაკვირვება. იშვიათი ფრინველების ძებნა, მათი ყურების დროს ძალიან საინტერესო ადამიანების გაცნობა.
  • Trainspotting – მატარებლებზე დაკვირვება, მოგზაურობა გარკვეულ წერტილში, რათა ნახოთ და გადაიღოთ რომელიღაც მატარებლის შემადგენლობა. ეს ძალიან უჩვეულო და გაატაცებადი ჰობია.
  • Planespotting – იგივე ჰობი, ოღონდ თვითმფრინავებზე. ამ ჰობით გატაცებული ადამიანები ხანგრძლივად უთვალთვალებენ თვითმფრინავების აფრენასა და დაშვებას, იღებენ მათ ფოტოებს, თვალყურს ადევნებენ სპეციალური სატელეფონო აპლიკაციების გამოყენებით. აქ არის ექსტრემის ელემენტიც – ხანდახან კარგი კადრისთვის ისინი წესებს არღვევენ და კანონით აკრძალულ ზონაში გადადიან.
  • სათამაშოს მოგზაურობა. ბევრი ადამიანი ყოველთვის თან ატარებს საყვარელ სათამაშოს, უხსნის გვერდს სოციალურ ქსელში და იღებს მის მოგზაურობას. ეს ჰობი მოუხდება კრეატიულ თინეიჯერებს, რომლებიც სიამოვნებით იგონებენ და იძირებიან ვირტუალურ სამყაროში.

ჰობი, რომელიც შეიძლება გახდეს პროფესია

ზოგადად, ნებისმიერი ჰობი შეიძლება გახდეს პროფესია. კაცი მავთულისგან სამკაულებს ქსოვდა, შემდეგ კი მათი გაყიდვა დაიწყო; ვიღაც ძაღლებზე ზრუნავდა და ცხოველების სასტუმრო გახსნა. აი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება.

  • რობოტექნიკა. ყველაფერი იწყება მღელვარებით იმის გამო, რომ მუყაოს რობოტს თვალები გაუნათდა, შემდეგ კი ბავშვი ელოდება შეჯიბრებებს, ოლიმპიადებს, ჩაბარებასა და პროფესიულ კარიერას. მას მოსწონს იმ სასკოლო საგნების შესწავლა, რომლებიც საჭიროა რობოტის შესაქმნელად.
  • კომპიუტერული თამაშები. ბევრი მშობელი ჩივის, რომ მათი შვილები დიდხანს თამაშობენ. მაგრამ ახლა კარიერა კიბერსპორტში რეალობაა. ადამიანები თამაშობენ და ამაში იღებენ ფულს როგორც სტრიმინერები, ისინი აარსებენ გუნდებს, ატარებენ ჩემპიონატებს, იღებენ პრიზებს მათ რეკლამებში. ყოველთვის ადვილი არ არის იმის გაგება, როგორ მოქმედებს კომპიუტერული თამაშები ბავშვის ფსიქიკასა და განვითარებაზე, მაგრამ ნამდვილად ღირს ყურადღებით დავაკვირდეთ, არის თუ არა ეს მისი მდგრადი ჰობი.
  • ჩაცმა. ბევრი მშობელი ამბობს, რომ მათ შვილს აწუხებთ მისივე გარეგნობა. მაგრამ თუ ბავშვი ატარებს ტანსაცმლის გადაკეთების ექსპერიმენტებს და აშკარად ავლენს ფანტაზიას – ეს უკვე სერიოზული განაცხადია პროფესიისთვის. ნუ გაუწყრებით მეორადი ტანსაცმლის უჩვეულო კომბინაციის გამო, იქნებ სახლში მომავალი დიზაინერი გყავთ?

სინამდვილეში, ბევრი ვარიანტია საინტერესო ჰობისთვის, მაგრამ მოზარდის ნაცვლად არჩევანს ჩვენ ვერ გავაკეთებთ. მშობლების ამოცანაა მხოლოდ შვილის თანადგომა და მისი ცოდნის თვალსაწიერის გაფართოება, როცა ის თავად ვერ პოულობს ჰობის. უაღრესად მნიშვნელოვანია ყურადღების მიქცევა მის მიდრეკილებებზე, რაც შეიძლება გახდეს გატაცების წყარო ან მომავალი პროფესიაც კი.

 

 

 

აკაკი

0

აკაკი მონუმენტური ფიგურაა ქართული პოეზიისთვის. რუსთაველის მერე ის იყო პირველი, ჭეშმარიტად სახალხო პოეტი. „ვეფხისტყაოსნის“ მრავალსაუკუნოვანი მიმბაძველობის შემდეგ გურამიშვილის, „კლასიცისტებისა“ და „რომანტიკოსების“ შემოქმედებაში პოეზია მკვეთრად ელიტური გახდა, მას აღარაფერი ჰქონდა საერთო უბრალო მკითხველ-მსმენელთან. გრიგოლ ორბელიანს და ალექსანდრე ჭავჭავაძეს ჰქონდათ მცდელობა, რომ ელიტურობის საბურველი ჩამოეხსნათ პოეზიისთვის და „გაეხალხურებინათ“, მაგრამ მათი წარმატებული მცდელობები მხოლოდ პოეზიის წიაღშივე დარჩა მნიშვნელოვან თემატურ თუ ფორმობრივ ნოვაციებად. აკაკიმ კი ეს ყველაფერი პრაქტიკაში განახორციელა, მან პოეზია უბრალო ხალხამდე მიიტანა. ეს არ ყოფილა დეკლარირებული, გააზრებული რეფორმა, აკაკი არ იყო თეორიული ცოდნით აღჭურვილი კაცი, მას, უბრალოდ, ასე ეწერებოდა. აკაკიმ პოეტური მეტყველება უკიდურესად გაამარტივა და მისი პოეზიის ორ უმთავრეს პოეტურ საზომს – მაღალ და დაბალ შაირს – სრულიად მოდერნიზებული ინტონაცია შესძინა. ამ ყველაფერმა კი განაპირობა მისი უსაზღვრო პოპულარობა, მიმბაძველების მთელი არმია ჰყავდა. აკაკის ლექსი იქცა ერთგვარ პოეტურ მოდუსად, ლექსს თუ წერდი, აკაკისებურად უნდა გეწერა, სხვანაირად თუ წერდი, საერთოდ არ უნდა გეწერა. ადრინდელ გალაკტიონშიც, როცა ის მაღალი შაირით წერს, მკვეთრად საცნაურია, ლამის ეპიგონიზმამდე მისული, ინტონაციური გავლენა აკაკისეული მაღალი შაირისა. მეტიც, გვიანდელი, ასაკოვანი გალაკტიონის მაღალ შაირშიც მძაფრად ისმის აკაკი ალაგ-ალაგ. რამდენადაც გალაკტიონის მხრიდან ბარათაშვილის რეცეფცია სრულიად გააზრებული იყო, იმდენადვე გაუაზრებლად ჰბაძავდა ის აკაკის და ეს ჩანს მის ადრინდელ ლექსებში. ცხადია, ის მალევე დასხლტა აკაკის ორბიტიდან და საკუთარი რეფორმა განახორციელა, რომელიც მტკივნეული გახლდათ, რადგან მკითხველთა უმეტესობისთვის, რომლებიც ჩვეულებრივი კონფორმისტები და რეტროგრადები იყვნენ, აკაკისა და ვაჟას პოეტიკებიდან გადახვევა ჩვეულებრივ მკრეხელობას და თავხედობას ნიშნავდა (აბა, ვნახოთ, დღესაც რამდენი ასეთი კონფორმისტი და რეტროგრადი მკითხველია, რომლებისთვისაც, ამჯერად უკვე თვითონ გალაკტიონის და ცისფერყანწელების პოეტური ორბიტებიდან გადახვევა ითვლება გაუგონარ მკრეხელობად. როგორც თვითონ ლიტერატურას ახასიათებს მემკვიდრეობითობა-სუქცესიურობა, ასევე ახასიათებს სხვადასხვა თაობის მკითხველსაც. ასეთი მდარე მკითხველი სულ იქნება).

მე აკაკის რეგულარული მკითხველი ვარ. მისი სრულიად უნიკალური პოეზია ისეთივე ტკბობას მანიჭებს, როგორც შემდგომდროინდელი რომელიმე ჩემი საყვარელი პოეტის კითხვა. ჩემი ნება რომ იყოს, ყველა დამწყებ პოეტს, სხვა რამდენიმე პოეტთან ერთად, სწორედ აკაკის კითხვას ვაიძულებდი ყოველდღე, რომ გაითავისონ პოეტური მეტყველების სილაღე და „დიადი სიმარტივე“. დროითმა სიშორემ არ უნდა შეაშინოს ახალგაზრდა მკითხველი, პირიქით, ამ ქრონოსკოპული დისტანციიდან გაცილებით უფრო განსაცვიფრებელია აკაკის პოეტური ენერგეტიკისა და ექსპრესიის ემანაციის სიმძლავრე, რომლის ტალღა ისე მძაფრად აღწევს ოცდამეერთე საუკუნის მკითხველამდე, თითქოს თანამედროვე დიდ პოეტს კითხულობდეს.

კომპლექსური დავალება ,,კვებითი ჯაჭვები“ და  მისი ადაპტირება

0

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის სწავლა-სწავლების პროცესში ჩართული პირებისთვის ზოგჯერ გამოწვევაა სასწავლო მიზნების კომპლექსურ დავალებაზე მორგება და ადაპტირება. მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებისთვის ჩამოაყალიბოს კომპლექსური დავალების სხვადასხვა პირობა მათი ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით. უბრალოდ, სსსმ მოსწავლისთვის კომპლექსური დავალების ადაპტირების პროცესში უფრო მეტი ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო.

ჩემს გამოცდილებას ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ V კლასის ბუნებისმეტყველების საგნის  მაგალითზე.

ცნება-ცოცხალი სამყარო(ბუნ.დაწყ.(II).1,2,3,4,5.)

მკვიდრი წარმოდგენები:

1-ცოცხალი სხეული/ორგანიზმი შედგება  ორგანოებისგან, რომელთაც თავისი აგებულება და დანიშნულება გააჩნიათ.​

2.ორგანიზმები იკვებებიან, იზრდებიან, ვითარდებიან, სუნთქავენ, მოძრაობენ და მრავლდებიან;  ორგანიზმები იყოფა ჯგუფებად  აგებულების, კვების, გამრავლების  თავისებურებების, საარსებო გარემოსთან  შეგუების და ცხოვრების ნირის მიხედვით..​

3.სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა სტადიაზე  ორგანიზმებს განსხვავებული  აგებულება და სასიცოცხლო მოთხოვნილებები ახასიათებთ.​

4.ყველა ორგანიზმს სჭირდება  მისთვის შესაბამისი საარსებო გარემო,საიდანაც იღებს საკვებს,ჰაერს და წყალს,იწყობს თავშესაფარს.​

  1. ადამიანიზრუნავსმისი ჯანმრთელობისთვის  აუცილებელი სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად.ადამიანის ზემოქმედებას ,შესაძლოა ,მოჰყვეს სხვა ორგანიზმების ან მათი საარსებო გარემოს დაზიანება.

 ჩემს მიზანს წარმოადგენდა, რომ მოსწავლეები მიახლოებოდნენ ხუთივე მკვიდრი წარმოდგენის ჩამოყალიბებას და მაქსიმალურად ჩამერთო  სამივე სსსმ მოსწავლე. სამივე მოსწავლეს აქვს განსხვავებული შესაძლებლობები და საჭიროებები. კომპლექსური დავალების როგორც ადაპტირების, ასევე განხორციელების პროცესში მაქსიმალურად ვცდილობდი გამეთვალისწინებინა  მათი მიღწევის აქტუალური დონე და საჭიროებები. ნაბიჯ-ნაბიჯ კონსტრუქტივიზმის პრინციპით და კარგად დაგეგმილი აქტივობებით მიზანი უფრო იოლი მისაღწევი ყოფილიყო. კომპლექსურ დავალებებთან დაკავშირებით ვიცით, რომ ორი ეტაპისაგან შედგება: პირობის გაცნობა და დავალებაზე მუშაობა. პირველ ეტაპზე მოსწავლეებს მივაწოდე ბარათები, გავაცანი დავალების პირობა და  შეფასების ინსტრუმენტები, რა უნდა წარმოეჩინათ დავალებაში. ბარათს თან ახლდა ინსტრუქცია, თუ რა ნაბიჯები უნდა გაევლოთ, რა რესურსები გამოეყენებინათ და რა შემოქმედებითი პროდუქტი წარმოედგინათ.

ძირითადი ვარიანტი
 ალბათ ყველას გჭერიათ ხელში  ლამაზი ჭიამაია, რომელიც  წყნარად დაცოცავდა  თქვენს თითებზე და შესაძლოა აზრად არ მოგსვლიათ, რომ იგი

სხვა, უფრო პაწაწინა  მწერებისთვის – ბუგრებისთვის მრისხანე მტაცებელია.

დააკვირდი   ილუსტრაციას და ნახეთ ინფორმაცია

ეკოსისტემაში არსებული კვებითი კავშირების შესახებ.  შეარჩიეთ რომელიმე 

ეკოსისტემის ბინადარი ორგანიზმებიგამოძერწეთ ან დახატეთ მუყაოს ქაღალდზე,

 გამოჭერით  და მიღებული ფიგურებით ააწყვეთ  ოთხწევრიანი კვებითი ჯაჭვის მოდელი. 

მოდელის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:​

·       რომელი ორგანიზმებია გავრცელებული თქვენ მიერ შერჩეულ ეკოსისტემაში და როგორ ეგუებიან ისინი არსებულ გარემო პირობებს? ​

·       აღწერეთ თქვენ მიერ შერჩეულ ეკოსისტემაში არსებული კვებითი კავშირები;

·       რა მოხდება,თუ თქვენ მიერ შექმნილ კვებით ჯაჭვში რომელიმე წევრი 

ამოვარდება?

·       რამ შეიძლება გამოიწვიოს კვებით ჯაჭვში რომელიმე წევრის ამოვარდნა?​

·       რა კავშირშია ეკოსისტემის მდგრადობა მის ბიომრავალფეროვნებასთან?

 

I ადაპტირებული ვარიანტი
ალბათ  გჭერია ხელში  ლამაზი ჭიამაია. ის  წყნარად დაცოცავდა შენს  თითებზე. იცი,ის სხვა,პაწაწინა მწერებისთვის – ბუგრებისთვის საშიში მტაცებელია. შეხედე

ილუსტრაციას და გაეცანი ინფორმაციას ეკოსისტემაში არსებული კვებითი კავშირების

შესახებ. ტყის ან მდელოს  ეკოსისტემის ბინადარი ორგანიზმების სურათებით  ააწყვე სამწევრიანი კვებითი ჯაჭვის მოდელი.

მოდელის პრეზენტაციისას :​

·      მიუთითე შენი  შერჩეული ორგანიზმები.

·      თანმიმდევრობით დაალაგე კვებითი კავშირის ჯაჭვი.

·      შენი  კვებითი ჯაჭვიდან მეორე წევრი რომ ამოვიღოთმესამე წევრი მოკვდება?

 

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

1.თვალსაჩინოებაზე დაყრდნობით შემდეგი ორგანიზმების: ბალახი, მატლი, ჩიტის ამოცნობა.​

2.მდელოს ეკოსისტემების კვებითი ჯაჭვის თანმიმდევრობით დალაგება.​

3.მიუთითოს კვებითი ჯაჭვის კანონზომიერებების დარღვევის/შენარჩუნების შემთხვევაზე.

 

როგორც ვხედავთ, ცვლილებაა პირობის ფორმულირებაში და პროდუქტში, შეცვლილია შეფასების კრიტერიუმის ფარგლებში მოსწავლისთვის განსაზღვრული მოთხოვნები და შემდეგ, მათზე დაყრდნობით, დავსახე მოკლევადიანი მიზნები, რომელთა მიღწევაც კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის დასრულებისთვის მაქვს დაგეგმილი.

II ადაპტირებული ვარიანტი
ალბათ  გჭერია  ხელში  ლამაზი ჭიამაია, რომელიც  წყნარად დაცოცავდა   თითებზე. იცი, რომ იგი სხვა, უფრო პაწაწინა მწერებისთვის – ბუგრებისთვის მრისხანე მტაცებელია? დააკვირდით ილუსტრაციას და უყურეთ ინფორმაციას ეკოსისტემაში არსებული კვებითი კავშირების შესახებ.  შეარჩიეთ ტყის ან მდელოს  ეკოსისტემის ბინადარი ორგანიზმები, გამოძერწეთ ან დახატეთ მუყაოს ქაღალდზე, გამოჭერით  და მიღებული ფიგურებით ააწყვეთ  სამწევრიანი კვებითი ჯაჭვის მოდელი.

მოდელის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

  • რომელი ორგანიზმებია გავრცელებული თქვენ მიერ შერჩეულ ეკოსისტემაში?
  •   როგორ ეგუებიან შენი შერჩეული ეკოსისტემის ორგანიზმები  გარემო პირობებს?
  • აღწერეთ თქვენ მიერ შერჩეულ ეკოსისტემაში არსებული კვებითი კავშირები;
  • რა მოხდება, თუ თქვენ მიერ შექმნილ კვებით ჯაჭვში რომელიმე წევრი ამოვარდება?

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

·          შერჩეულ ეკოსისტემაში გავრცელებული ორგანიზმების ჩამოთვლა.​

·          შერჩეულ ეკოსისტემაში არსებული ორგანიზმების გარემო პირობებთან შეგუებულობაზე მსჯელობა.​

·          ეკოსისტემის კვებითი კავშირების  აღწერა.​

·          კვებითი ჯაჭვიდან რომელიმე წევრის ამოვარდნის  შესაძლო მიზეზის დასახელება.​

 

III ადაპტირებული ვარიანტი
ალბათ  გჭერია ხელში  ლამაზი ჭიამაია,რომელიც  წყნარად დაცოცავდა  შენს თითებზე .

იცი რომ იგი სხვა, უფრო პაწაწინა მწერებისთვის – ბუგრებისთვის საშიში მტაცებელია?

დააკვირდი ილუსტრაციას და უყურე ინფორმაციას ეკოსისტემაში არსებული კვებითი

კავშირების შესახებ.  შეარჩიე რომელიმე ეკოსისტემის ბინადარი ორგანიზმები, გამოძერწე ან

დახატე მუყაოს ქაღალდზე, გამოჭერი  და მიღებული ფიგურებით ააწყვე  სამწევრიანი კვებითი 

ჯაჭვის მოდელი.

მოდელის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე:​

·    რომელი ორგანიზმებია გავრცელებული შენ  მიერ შერჩეულ ეკოსისტემაში?​

·      როგორ ეგუებიან შერჩეული ეკოსისტემის ორგანიზმები არსებულ გარემო პირობებს? ​

·    აღწერე შენ  მიერ შერჩეულ ეკოსისტემაში არსებული კვებითი კავშირები;​

·    რა მოხდება, თუ შენ  მიერ შექმნილ კვებით ჯაჭვში რომელიმე წევრი ამოვარდება?​

·    რამ შეიძლება გამოიწვიოს კვებით ჯაჭვში რომელიმე წევრის ამოვარდნა?​

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

·          შერჩეულ ეკოსისტემაში გავრცელებული ორგანიზმების ჩამოთვლა.​

·          შერჩეულ ეკოსისტემაში არსებული ორგანიზმების გარემო პირობებთან შეგუებულობაზე მსჯელობა.​

·          ეკოსისტემის კვებითი კავშირების  აღწერა.​

·          კვებითი კავშირების კანონზომიერების დარღვევა/შენარჩუნებაზე მსჯელობა.​

·          კვებითი ჯაჭვიდან რომელიმე წევრის ამოვარდნის მიზეზის დასახელება.​

პირველი ეტაპი, ძირითადად, დეკლარაიული ცოდნის გააქტიურებაზე იყო ორიენტირებული.  მათ აქვთ წინარე ცოდნა თუნდაც ცხოვრებისეული მაგალითებიდან გამომდინარე. გაკვეთილზე მოხდა ანიმაციური ფილმის ჩვენება, რის შემდეგაც მოსწავლეებს ვთხოვ, ბარათებზე ამოიცნონ/ჩამოთვალონ  ანიმაციაში ნაჩვენები ცხოველები. მომდევნო გაკვეთილებზე, თანდათანობით, მოხდა საკითხების გააზრება და სრულყოფა.საგნობრივი ქვესაკითხების გააზრების პარალელურად, მოსწავლეები მუშაობდნენ კომპლექსური დავალების მე-2 ეტაპზე, რომელთა გააზრება და შესრულება პროცედურული ცოდნის გააქტიურებას მოიაზრებდა.  შესრულებულ იქნა შესაბამისი აქტივობები.

აქტივობა – საარსებო გარემო. მოსწავლემ  შეთავაზებული 3 ბარათიდან უნდა აარჩიოს, თუ რომელი ორგანიზმი იყენებს საარსებოდ წყალს, მიწას, ხეს.

აქტივობა – კვების ტიპები. ბარათზე მოცემული ორგანიზმები უნდა დაალაგოს კვების ტიპების მიხედვით.

აქტივობა – ვირტუალური საჰაერო ბუშტი. ვითომ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობ საჰაერო ბუშტით. თან წაღებული გაქვს 6 სხვადასხვა ყუთი. მათ ერთნაირი წონა აქვთ. საჰაერო ბუშტი გაფუჭდა. შენ რომ  გადარჩე,  კალათიდან ყუთები უნდა გადაყარო. მხოლოდ 2 ყუთი დატოვე.

აქტივობა – ისრებით დააკავშირე ორგანიზმის შეგუებულობის შესაბამისობა საარსებო გარემოსთან.

აქტივობა – მცენარის ნაწილებზე დასახელების მიწერა.

აქტივობა – სახამებლის აღმოჩენა.

აქტივობა – კვების ტიპის მიხედვით ორგანიზმთა განლაგება შესაბამის სვეტებში.

აქტივობა – მოცემული სურათების მიხედვით კვებითი ჯაჭვის აგება.

აქტივობა- სამეცნიერო ტექსტის ანალიზი.

კომპლექსური დავალების ბოლო ნაბიჯი იყო კომპლექსური დავალების პრეზენტაცია, მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი კვებითი ჯაჭვის მოდელები.

ამრიგად, წარმოდგენილი კომპლექსური დავალებით ცოდნის სამივე კატეგორიის გააქტიურება მოხდა. მოსწავლეების მიერ დამზადებული ,,კვებითი ჯაჭვის” მოდელები   ცოდნის მესამე კატეგორიის – პირობისეულის – რეალიზებას  გულისხმობდა, რადგან მოსწავლეებმა წამოჭრეს  გლობალური პრობლემები და მოუწოდეს თანაკლასელებს, რომ  მნიშვნელოვანია კვებითი ჯაჭვის მდგრადობის შენარჩუნება, ბუნების დაცვა ჩვენი საცხოვრებელი ადგილიდან იწყება და ამით  ნაბიჯს ვდგამთ  ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების  და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების გზაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მოსწავლეთა  ნამუშევრები.

ინტეგრირებული გაკვეთილი

0

განათლების სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევები, ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამები და გამჭოლი კომპეტენციები მასწავლებელს შედეგზე ორიენტირებული ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარებისკენ უბიძგებს.

ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ სწავლების პირველ საფეხურზე მოსწავლეებს უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება, ანალიზი, განზოგადება. რაც უფრო დაქუცმაცებულია სამყარო მოსწავლისათვის სხვადასხვა „საგნად“, მით უფრო უჭირს მისი ჰოლისტური აღქმა და შესწავლა. მათ უძნელდებათ სხვადასხვა საგანში ნასწავლი საკითხების სინთეზი. ასაკთან ერთად ხდება მოსწავლის კოგნიტური განვითარება  და ზემოთ აღნიშნული სირთულის დაძლევა. ამ სიძნელის გადალახვაში კი ინტეგრირებულ გაკვეთილებს დიდი ფუნქციური დატვირთვა აქვთ. მნიშვნელოვანია, გამოვყოთ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული რომელიმე სასწავლო დისციპლინის შიგნით არსებული ინტეგრაცია და სხვადასხვა საგნის ფარგლებში საკითხის სწავლების ინტეგრირებული მიდგომები.

USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენერთა გუნდის მიერ ჩატარებული ტრენინგების ფარგლებში გავეცანით  კონსტრუქტივისტული  და ინტეგრირებული სწავლების სახალისო, საინტერესო, ინტერაქტიური სასწავლო რესურსების შექმნის და გამოყენების  ვიდეინსტრუქციებს, რომლებიც განთავსებულია USAID საბაზისო განათლების პროგრამის პორტალზე https://chemiskola.emis.ge/

ჩემი სტატია ინტეგრირებული სწავლების აქტივობებს ეხება. ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტურობას განაპირობებს ის, რომ მოსწავლე საკითხს განიხილავს სხვადასხვა დისციპლინის კუთხით; ამყარებს საგანთა შორის კავშირებს; საკითხს განიხილავს როგორც ერთ მთლიანობას; ახდენს საგანთა შორის ტრანსფერს.

სასწავლო საგნებს შორის კავშირის დამყარება მოსწავლეებისთვის სასარგებლოსთან ერთად ძალიან საინტერესოცაა,  განსაკუთრებით, დაწყებით საფეხურზე.

გთავაზობთ  ჩემ მიერ ჩატარებულ ინტეგრირებულ გაკვეთილს  1-ელ კლასში.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში – სასწავლო თემის შერჩევის შემდეგ, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელთან ერთად დეტალურად განვსაზღვრეთ სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო (როგორც საკლასო, ისე საშინაო) აქტივობები, მათ შორის სსსმ მოსწავლისათვის, მისი ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

   ინტეგრირებული საგნები:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

ძირითადი რესურსი/ტექსტი :   იაკობ გოგებაშვილის “ოთხი სურვილი”

თემა:     წელიწადის დროები

საკითხი:  იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის   – ,,ოთხი  სურვილი“ – ეპიზოდების მიხედვით დიორამების შექმნა

საკვანძო შეკითხვები:

  • როგორ შევქმნა დიორამა  მოთხრობა – ,,ოთხი სურვილის“ მიხედვით?
  • რამდენად  შეესაბამება ჩემ მიერ შექმნილი დიორამა ტექსტის ეპიზოდს?
  • რა ტექნიკა და მასალა გამოვიყენო დიორამის შესაქმნელად?
  • როგორ გამოვიყენო სხვადასხვა ფორმა და ხაზი გამოსახულებებში?

სამიზნე ცნებები:

  1. ქართული ენა და ლიტერატურა

              ტექსტი (ჟანრი)  (შედეგები:  (I). 1, 2, 3, 4, 5)

  • ქვეცნება – მხატვრული ტექსტიმოთხრობა
  • ქვეცნება – ტექსტის შინაარსობრივი მხარე – ეპიზოდი
  • ქვეცნება – სტრატეგიები – კითხვის სტრატეგიები

 სსსმ მოსწავლისათვის    (უცვლელია სამიზნე ცნება და ქვეცნებები)

ტექსტი (ჟანრი)

(შედეგები:  (I). 1, 2, 3, 4, 5)

  • ქვეცნება: მხატვრული ტექსტი – მოთხრობა
  • ქვეცნება: ტექსტის შინაარსობრივი მხარე – ეპიზოდი
  • ქვეცნება: სტრატეგიები – კითხვის სტრატეგიები
  1. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
  • სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები (ელემენტები) და  ხერხები (პრინციპები) 

                                  (შედეგები: ს. გ. დაწყ.(I).1,4,5)

  • სახვითი ხელოვნების ტექნიკა (შედეგები: ს.გ.დაწყ.(I).2,4)
  • ქვეცნება: ტექნიკა – აპლიკაცია, ფერწერა,  ძერწვა

 

 სსსმ მოსწავლისათვის:      

  •   სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები (ელემენტები) და  ხერხები (პრინციპები)   

           (შედეგები: ს. გ. დაწყ.(I).1,4,5) 

  •   სახვითი ხელოვნების ტექნიკა  (შედეგები: ს.გ.დაწყ.(I).2,4) 
  • ქვეცნება: ტექნიკა – აპლიკაცია,  ძერწვა

 

სამიზნე ცნების  მკვიდრი წარმოდგენები

  • ტექსტი(ჟანრები)
  1. ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.
  1. ტექსტში მოცემული მინიშნებების  საფუძველზე შესაძლებელია მისი სიღრმისეულად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.
  1. ტექსტი  შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის; ჟანრის ტექსტს აქვს თავისებური შინაარსი, ენა და  სტრუქტურა/აგებულება.

 

 სსსმ მოსწავლისათვის:   (შემცირებულია მკვიდრი წარმოდგენები)

  1. ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.
  2. ტექსტი  შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის; ყოველი ჟანრის ტექსტს აქვს თავისებური შინაარსი, ენა და სტრუქტურა/აგებულება. 

 

  •   სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები (ელემენტები) და  ხერხები (პრინციპები)     

სათქმელის (ამბის, გრძნობის, აზრის, შთაბეჭდილების, განწყობილების, ემოციების, დამოკიდებულებების, დაკვირვების შედეგების), მხატვრული ჩანაფიქრის გადმოსაცემად ადამიანი იყენებს ხელოვნების ენას, ანუ სახვითი ხელოვნების ელემენტებს (ფერი, ხაზი, ფორმა) და პრინციპებს (მაგ., რიტმი, ძირითადის გამოყოფა, კონტრასტი და სხვ.)

 

  სსსმ მოსწავლისათვის:

  • სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობითი  საშუალებები (ელემენტები) და  ხერხები (პრინციპები)   

სათქმელის (ამბის, გრძნობის, აზრის, შთაბეჭდილების, განწყობილების, ემოციების, დამოკიდებულებების, დაკვირვების შედეგების), მხატვრული ჩანაფიქრის გადმოსაცემად ადამიანი იყენებს ხელოვნების ენას, ანუ სახვითი ხელოვნების ელემენტებს – ფერი, ფორმა.

  • სახვითი ხელოვნების ტექნიკა
  • ქვეცნება: ტექნიკა – აპლიკაცია, ფერწერა,  ძერწვა

ადამიანი ხელოვნების ნიმუშის  შესაქმნელად    იყენებს  სხვადასხვა მასალასა და ტექნიკას.

 სსსმ მოსწავლისათვის:

  • სახვითი ხელოვნების ტექნიკა 
  • ქვეცნება: ტექნიკა – აპლიკაცია,  ძერწვა

ადამიანი ხელოვნების ნიმუშის  შესაქმნელად  იყენებს  სხვადასხვა მასალასა და ტექნიკას.

კომპლექსური დავალების პირობა:

              შექმენი დიორამა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა – “ოთხი სურვილის” –                      

                ერთ-ერთი  ეპიზოდის მიხედვით. შეგიძლია, შენი სურვილებიც დაამატო. 

                ნამუშევარი დაასათაურე.

დიორამის შესაქმნელად შეგიძლია გამოიყენო: 

           მცირე ზომის მუყაოს ყუთი, წებო, საძერწი მასალა,  ფერადი ფურცლები, ქსოვილები,

           ფერადი  ფანქრები ან ფლომასტერები, გამხმარი  ფოთლები,  ტოტები და ა. შ.

შეფასების კრიტერიუმები:

ნამუშევრის წარდგენისას  ისაუბრე, ხაზგასმით წარმოაჩინე :

  • რით უკავშირდება შენი  დიორამა  მოთხრობის ეპიზოდს, რა მინიშნებები  გამოიყენე მის  შესაქმნელად;
  • რით არის ეს ეპიზოდი შენთვის საინტერესო, რას გახსენებს იგი;
  • რომელი სიტყვა ან სიტყვები მოგეწონა ამ ეპიზოდში ყველაზე მეტად და რატომ;
  • როგორ უკავშირდება შენი სათაური  მოთხრობის  შინაარსს ან მწერლის მთავარ სათქმელს;
  • რომელი ტექნიკა გამოიყენე დიორამის შესაქმნელად – ძერწვა,  აპლიკაცია თუ ორივე მასალა ერთად?
  • რომელი ფორმები გამოიყენე – გეომეტრიული თუ ბუნებრივი?

ადაპტირებული კომპლექსური დავალების პირობა

სსსმ მოსწავლისათვის:

მოთხრობიდან „ოთხი სურვილი“- შეარჩიე წელიწადის ერთ-ერთი   დრო და შექმენი დიორამა. ნამუშევარი დაასათაურე.

დიორამის შესაქმნელად გამოიყენე აპლიკაციისა და ძერწვის ტექნიკა: აპლიკაციისთვის –

ფერადი ქაღალდები, მაკრატელი და წებო, ძერწვისთვის – პლასტილინი და მუყაოს ქაღალდი.

შეფასების კრიტერიუმები სსსმ მოსწავლისათვის

ნამუშევრის წარდგენისას უპასუხე შეკითხვებს:

  • წელიწადის რომელი დრო აირჩიე?
  • რა არის გამოსახული შენს დიორამაზე?
  • რას აკეთებს შენს დიორამაზე გამოსახული პერსონაჟი?
  • რა მასალა  გამოიყენე ძერწვისთვის ?
  • რა მასალა გამოიყენე აპლიკაციისთვის?
  • რა ფერები გამოიყენე?

 

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები

 ეტა­პი 1. მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბის გაც­ნო­ბა

 I ეტაპზე ყველა მოსწავლემ უნდა მიიღოს დავალება და შეათანხმოს, რა ფორმით წარმოადგენს დავალებას. შესაძლებელია კომპლექსური დავალების პირობის ადაპტირება მოსწავლის საჭიროებების მიხედვით.

და­ვა­ლე­ბის მოთხოვ­ნე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა:

  • თქვე­ნი სიტყ­ვე­ბით ახ­სე­ნით, რას მო­ითხოვს თქვენ­გან ეს და­ვა­ლე­ბა?
  • რის შეს­წავ­ლა დაგ­ჭირ­დე­ბათ?
  • რა ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­გად­გე­ბათ?

ეტა­პი 2. კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა

 ამ ეტაპზე მასწავლებელი და მოსწავლეები მუშაობენ კომპლექსური დავალების შესრულებაზე.

სასწავლო პროცესში:

  • ეცნობიან და განიხილავენ დავალებასთან დაკავშირებულ რესურსებს;
  • ხორციელდება შესაბამისი საკლასო აქტივობები და საშინაო დავალებები.

მუშაობის პროცესში მოსწავლეები მუდმივად იღებენ განმავითარებელ კომენტარს. სწავლება და შეფასება არ წარმოადგენს ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნულ პროცესს

  რესურსი 1.   იაკობ გოგებაშვილი   ,,ოთხი სურვილი“  (გვ.: 58-61)

  რესურსი  2.   საპრეზენტაციო მასალა წელიწადის დროებზე

აქტივობა 1:   „უცნაური ყუთი“ – წინარე ცოდნის გააქტიურება (კითხვა-პასუხი);

აქტივობა 2:    ვარაუდის გამოთქმა ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;

აქტივობა 3.    ლექსიკაზე მუშაობა/სქემის შევსება;

აქტივობა 4.    ტექსტის „ოთხი სურვილი“- წაკითხვა- დამუშავება (კითხვის სტრატეგიები).

               ქვეცნება:    კითხვის სტრატეგიები, ეპიზოდი     

რესურსები/აქტივობები

აქტივობა 1.  სიუჟეტის აღდგენა შეკითხვების დასმით, ტექსტთან მიბრუნება მინიშნებებზე დასაკვირვებლად;

აქტივობა 2.  ეპიზოდების შერჩევა და დასათაურება ;

აქტივობა 3.  მკითხველთა თეატრი;

აქტივობა 4.  თხრობა მთხრობლის შეცვლით;

აქტივობა 5. „ჩემი საყვარელი წელიწადის დრო“.

 

მომზადება დიორამის შესაქმნელად

ქვეცნება:  ეპიზოდი,   კითხვის სტრატეგიები;

ტექნიკა – აპლიკაცია, ფერწერა, ძერწვა;

ელემენტები  – ხაზი – სწორი, ტალღოვანი, ტეხილი; ფერი – სხვადასხვა ფერი, ფორმა – (მარტივი გეომეტრიული და ბუნებაში არსებული).

რესურსები/აქტივობები

რესურსი:  სხვადასხვა დიორამა

აქტივობა 1. საერთო მახასიათებლების პოვნა დიორამებს შორის;

აქტივობა 2.  მომზადება დიორამის  შესაქმნელად.

 მუშაობა დიორამაზე

ნამუშევრების წარდგენა კლასის წინაშე.

 მოსწავლეთა  ნამუშევრები

სსსმ მოსწავლის ნამუშევარი

კომპლექსური დავალება

იაკობ გოგებაშვილის „ოთხი სურვილის“ ერთ-ერთი ეპიზოდის მიხედვით

დიორამის შექმნა

მოსწავლეთა ნამუშევრები (ვიდეო ჩანაწერები)

წარმოდგენილ მოსწავლეთა ნამუშევრებს თან ახლავს შეფასება.

 

 

 

 

სსსმ მოსწავლის ნამუშევარი

 

კითხვები განმავითარებელი შეფასებისთვის:

  • რატომ ფიქრობთ, რომ შენ მიერ შექმნილი დიორამა დავალების პირობას აკმაყოფილებს?
  • აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი, რა ნაბიჯები გადადგი, რა თანამიმდევრობით;
  • რა დაბრკოლებებს წააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ გადაჭერი? რატომ ვერ გადაჭერი? როგორ მოიქცევი მომავალში, რომ მსგავსი პრობლემა გადაჭრა?  რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით?
  • რას გააკეთებდი განსხვავებულად,  ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?

როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით  გააუმჯობესებდი  მიღწევებს/როგორ მიაღწევ

უკეთეს შედეგს?

 დიორამაზე მუშაობა განსაკუთრებით მოეწონათ ბავშვებს. ხალისით და დიდი მონდომებით მუშაობდნენ ტექსტის გაცოცხლებაზე, რამაც ხელი შეუწყო ტექსტის გაგება-გააზრებას, დეტალების დამახსოვრებას, ვიზუალურად აღიქვეს წაკითხული, შეისწავლეს ახალი სიტყვები. თითოეულმა შეძლო საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა. 

 

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შესრულების დროს:

მოსწავლე:

  • აქტიურია, ჩართულია ძიებაში, შემოქმედებით პროცესში, წინარე ცოდნაზე დაყრდნობით ახდენს ახალი ცოდნის კონსტრუირებას,
  • კომპლექსურ დავალებას ცხოვრებისეულ, ყოფით გამოცდილებას უკავშირებს;
  • დიდი ყურადღება ექცევა სწავლის სწავლას;
  • აქტიურია ინტერაქცია მოსწავლე-მასწავლებელსა და მშობელს შორის;
  • მოსწავლე ამთლიანებს ცოდნას;
  • უვითარდება კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნება, იმატებს მოტივაცია, თვითსწავლისა და ურთიერთსწავლის ხარისხი.
  • კომპლექსური დავალების პრეზენტაციით მოსწავლე საკუთარ ცოდნას იმ სამიზნე ცნებებთან მიმართებით ადასტურებს, რომლებსაც საგნობრივი საკითხი უკავშირდება.

 

კომპლექსური დავალების განხორციელება მასწავლებელს

ეხმარება სწავლა-სწავლების პროცესის მოსწავლისთვის სახალისოდ და საინტერესოდ წარმართვაში; აფიქრებს არა ცალკეული გაკვეთილის გეგმაზე, არამედ გრძელვადიან მიზნებზე:  რა მიზნით ასწავლის საგანს; როგორ გამოიყენებს მოსწავლე ნასწავლს ცხოვრებაში;  როგორ დაუკავშირებს კლასში  შეძენილ ცოდნას მის  ირგვლივ არსებულ რეალობას, როგორ მოახერხებს ცოდნის  ტრანსფერს სხვადასხვა სიტუაციებში.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024

 

  1. ქართული ენა და ლიტერატურა – დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) გზამკვლევი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით – 2022;

 

  1. ინტეგრირებული გაკვეთილები – მასწავლებლის წიგნი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი – 2021 https://mastsavlebeli.ge/wp-content/uploads/2021/10/Mastsavleblis-Tsigni-2021-2-web.pdf

 

  1. სოლო ტაქსონომია ანუ სად ვარ მე? – მანანა ბოჭორიშვილი

https://mastsavlebeli.ge/?p=32092

 

 

 

თაობა Z ანუ „დაჰაკე სისტემა“

0

„შეინ მაკკონკი ჩემი კერპია. მე ის შემიყვარდა, რადგან ის მსოფლიოში საუკეთესო მოთხილამურეა. მაგრამ ერთ დღეს მივხვდი, რა მომწონდა შეინში. ის იყო ჰაკერი. არა კომპიუტერული ჰაკერი, მაგრამ მან „დაჰაკა სათხილამურო სპორტი“. მისმა შემოქმედებითობამ და გამოგონებებმა თხილამურები ისეთი გახადა, როგორიც მე მიყვარს“.

Logan LaPlante – TED -ზე: „მე მინდა ვიყო ბედნიერი და ჯანმრთელი!“ (GEN.Z)

მაინც რა გამოარჩევს Gen. Z და Alpha თაობას წინა თაობებისგან? დამეთანხმებით, რომ ეს თაობები ყველაზე მეტად არიან „ციფრულები“. ისინი თითქოს სმარტფონებით და შესაბამისი მზა უნარებით დაიბადნენ და ორ განზომილებაში ცხოვრობენ თანაბრად: რეალურსა და ვირტუალურში. ფაქტობრივად, კიბორგები არიან.

პირველი მნიშვნელოვანი თავისებურება, რომელსაც მკვლევრები გამოყოფენ, ეს არის – ციფრულობა და მათი დამოკიდებულება დროის კონცეპტთან და მომავალთან.

ამ თაობისთვის განსხვავებულია დროის აღქმა. გამუდმებული სქროლვის ჩვევა მათში „მოკლე მეხსიერებას“ გამოიმუშავებს. შესაბამისად, ამ თაობებს არ შეუძლიათ / არ სურთ მომავლის ხედვა გრძელვადიან პერსპექტივაში. თუ წინა თაობები 5-10 წლით გეგმავენ მომავალს, ჯენზისთვის ეს წარმოუდგენელია. ისინი არიან მუდმივად ცვალებადი სამყაროს შვილები და უკვე ადაპტირდნენ ამ მოცემულობასთან.

ამ თავისებურებებიდან გამომდინარე:

  • ჯენზის არასდროს არ უნდა ჰკითხოთ: როგორ წარმოგიდგენია შენი თავი 10 წლის შემდეგ?
  • ისინი ცოდნას არ ინახავენ და არ აგროვებენ;
  • მათ არ სჭირდებათ ისწავლონ რაღაც, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალში გამოადგებათ;
  • ეს თაობა არის აწმყოს, პროცესის თაობა;
  • მათთვის გაუგებარია: „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“.

ასეთი სიბრძნეების მიმართ მათი დამოკიდებულება არის ირონიული.

შესაბამისად, პროფესიებთან ზუმერების (იგივე თაობა Z) დამოკიდებულება ცვალებადი და სპონტანურია. მათ კარგად იციან, რომ ციფრულ სამყაროში ტრადიციული პროფესიები ქრება და ახალი პროფესიები ჩნდება. ამიტომ ისინი წლებს არ დაკარგავენ იმ პროფესიის შესწავლაში, რომელიც ხვალ აღარ იქნება! ამასთანავე, უპირატესობას ანიჭებენ ციფრულ და უწყვეტ განათლებას.

თაობა Z არ ცნობს იერარქიასა და ავტორიტეტს. ციფრულ სამყაროში ისინი ყველა ადამიანს თანასწორად მიიჩნევენ. მათი აზრით, პატივისცემას იმსახურებს ადამიანის პიროვნული თვისებები და არა მისი ოჯახური მდგომარეობა და სტატუსი.

ზუმერებს განსაკუთრებით არ მოსწონთ დაწესებული გრაფიკით სწავლა ან მუშაობა. ისინი საკუთარ გრაფიკს ადგენენ.

ერთი შეხედვით, ამ თაობას არ უყვარს კომუნიკაცია, რაც ასე სულაც არ არის. უბრალოდ, კომუნიკაცია გადანაცვლებულია ციფრულ სამყაროში, სადაც საკმაოდ აქტიური არიან და სხვა თაობებისგან განსხვავებით, გამოირჩევიან ციფრული კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარებით.

ზუმერების მამოძრავებელი ცხოვრებაში არის ინტერესი. თუ ისინი არ დაინტერესდნენ, არც ისწავლიან და არც იმუშავებენ, რაც არ უნდა დიდი ხელფასი და ჯილდო შესთავაზოთ.

ზუმერებისთვის აუცილებელია, გაიგონ, რას აკეთებენ და რატომ აკეთებენ. მოვალეობის გამო არ ელოდოთ, რომ რამეს გააკეთებენ. ისინი არ ისწავლიან მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მნიშვნელოვანია მისი კარიერისთვის ან მშობლების გასახარებლად. მათ სჭირდებათ ცოდნა ყოველდღიური ამოცანების გადასაჭრელად და არა შესანახად.

ზუმერების კლასიკური ნიმუშია 13 წლის Logan LaPlante-ს 11 წუთიანი გამოსვლა TEDx Talks -ზე: „მე მინდა ვიყო ბედნიერი და ჯანმრთელი!“. ამ გამოსვლას 10 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა და რეიტინგების სამეულში იყო. რაც ზემოთ დავწერე და რის დაწერასაც ვაპირებდი, ყველაფერი ამ გამოსვლაშია. თინეიჯერი სფიჩს ასე იწყებს:

„ბავშვებს უსვამენ ერთსა და იმავე მომაბეზრებელ კითხვას: „ვინ გინდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები?“ უფროსები იმედოვნებენ, რომ გაიგონებენ, მაგალითად, რომ მე მინდა, გამოვიდე კოსმონავტი ან ნეიროქირურგი. ოჰ, ეს უფროსები და მათი ოცნებები. ბავშვი დიდი ალბათობით უპასუხებს, რომ სურს, გახდეს პროფესიონალი სკეიტბორდისტი, სერფერი ან Minecraft-ის მოთამაშე. ეს კითხვა ჩემს უმცროს ძმას დავუსვი და მან მიპასუხა: „მეგობარო, 10 წლის ვარ და წარმოდგენა არ მაქვს, ალბათ მოთხილამურე. წავიდეთ, ნაყინი ვჭამოთ!”.

გაიგეთ, რომ ჩვენ, ბავშვები, ვსაუბრობთ იმაზე, რაც გვაინტერესებს, რასაც ვთვლით, რომ მაგარია! ის, რაც ჩვენ გამოვცადეთ, ჩვეულებრივ არ ემთხვევა იმას, რისი მოსმენაც ჩვენგან უფროსებს სურთ. მაგრამ თუ ბავშვს ჰკითხავთ, გაქვთ შანსი, მიიღოთ საუკეთესო პასუხი, ერთი შეხედვით, მარტივი და აშკარა, მაგრამ ძალიან ღრმა – როცა გავიზრდები, მინდა ვიყო ბედნიერი.

13 წლის მოზარდი ენთუზიაზმით საუბრობს თანამედროვე მოსაწყენ განათლებაზე და მხოლოდ კი არ საუბრობს, მან თავისთვის გამოსავალიც ნახა.

ლოგანი 9 წლის იყო, როცა მშობლებმა სკოლიდან გამოიყვანეს და მას კარგად ახსოვს დედამისის ცრემლები, როცა ამის გამო ახლობლებმა შეაჩვენეს და უთხრეს, რომ თვითონ გიჟი იყო და ბავშვის სკოლიდან გამოყვანა კი – სულელური აზრი. როგორც ცხოვრებამ აჩვენა, (დღეს ლოგანი 20 წლის წარმატებული და ბედნიერი ახალგაზრდაა) არც დედა შემცდარა და არც შვილი. ასე ხდება, როდესაც ღრმა შინაგან და გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას იღებ.

ამ გამოსვლაში[1] Logan LaPlante ერთ უნიკალურ მეთოდზე გვიყვება, რომელიც, ჩემი აზრით, აღწერს, როგორ უყურებენ ზუმერები განათლებას. ამ მეთოდს იგი „ჰაკერულ აზროვნებას“ უწოდებს. ჰაკერი აქ მეტაფორაა, როგორც თქვენც მიხვდებოდით, მეტაფორა, რომელიც უზუსტესად გვაჩვენებს თაობის სულისკვეთებას, რომ ყველაფერი გააკეთონ სწრაფად და მაღალი შედეგებით. ამისთვის კი საუკეთესო გზაა, იფიქრო, როგორც ჰაკერმა. არსებობს მოსაზრება, რომ ჰაკერი „ყველაფრის მცოდნეს“ ნიშნავს. იმისათვის, რომ ადამიანმა სწრაფად მიაღწიოს საუკეთესო შედეგს, საჭიროა, „დაჰაკოს“ ის სისტემა, რომელიც ასე საინტერესოა მისთვის.

ეს ვრცელი ამონარიდიც თქვენთვის ვთარგმნე ქართულად ამ გამოსვლიდან: „ბევრი ფიქრობს, რომ ჰაკერები კომპიუტერით შეპყრობილები არიან, რომლებიც მშობლებთან ერთად ცხოვრობენ და კომპიუტერულ ვირუსებს უშვებენ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ჰაკერები ინოვატორები არიან. ჰაკერები არიან ადამიანები, რომლებიც ცვლიან სისტემას, რათა მან იმუშაოს სხვაგვარად, უკეთესად. ისინი აზროვნებენ, მათ აქვთ ტვინის საწყობი.

მე ვიზრდები სამყაროში, რომელსაც სჭირდება მეტი ჰაკერულად მოაზროვნე ადამიანი და არა მხოლოდ ტექნოლოგიაში. ყველაფერს ჰაკი სჭირდება, თხილამურებით სრიალსაც კი, განათლებაც კი.

აიღეთ სტივ ჯობსი, მარკ ცუკერბერგი ან შეინ მაკკონკი – ჰაკერულ აზროვნებას შეუძლია შეცვალოს სამყარო. ჯანმრთელობა, ბედნიერება, შემოქმედებითობა და ჰაკერული აზროვნება – ეს არის ჩემი განათლების დიდი ნაწილი. მე ამას ვეძახი „ჰაკერულ სწავლებას“. მე არ მაქვს რაიმე კონკრეტული პროგრამა და არ მივყვები ვინმეს კონკრეტულ მიდგომას. ვჰაკავ ჩემს განათლებას. ვიყენებ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ჩემი საზოგადოება, მეგობრები და ოჯახი მაძლევს. ვიყენებ შესაძლებლობას, განვიცადო ის, რასაც ვსწავლობ. მე არ მეშინია, ვეძებო მოკლე გზები და ჰაკები იმისათვის, რომ სწრაფად მივიღო საუკეთესო და სასურველი შედეგი. ეს ჰგავს ცოდნის რემიქსს ან კოლაჟს. ეს არის მოქნილი, დაგეგმვის გარეშე მიდგომა, რომლის თვალთახედვის არეში ყოველთვის არის: ბედნიერება, ჯანმრთელობა და შემოქმედებითობა. მაგრამ ყველაზე მაგარი თავად აზროვნების ფორმატია და არა განათლების სისტემა. ყველას შეუძლია გამოიყენოს „ჰაკერული განათლება“, თუნდაც ჩვეულებრივ სკოლებში“.

ამ გამოსვლაში ყველაფერი თქვა ლოგანმა, რაც მე მიფიქრია, მიკვლევია და დამიწერია განათლებაზე.

ჰოდა, ძვირფასო მასწავლებლებო, ჩვენ ამ თაობას ვასწავლით…

 

[1] https://www.youtube.com/watch?v=h11u3vtcpaY&t=489s

 

თეთრი სპილო

0

ძველად ლაოსში, ბირმასა და ტაილანდში თეთრი სპილო სამეფო ფუფუნებისა და ძალაუფლების სიმბოლო იყო. ასეთ სპილოს მხოლოდ ფუფუნებაში უნდა ეცხოვრა, მისი სამუშაოდ გაყვანა და დაღლა არ შეიძლებოდა. ამიტომ, როცა ვინმე დიდგვაროვანი მეფის რისხვას დაიმსახურებდა, მეფე მას თეთრ სპილოს სჩუქნიდა. საჩუქრის ადრესატი სპილოს ვერც გაყიდიდა, ვერც საქმეში გამოიყენებდა. სამაგიეროდ, მეფურად უნდა შეენახა და ასეთი ხარჯით ზოგიერთი ბოლოს კოტრდებოდა კიდეც. სწორედ აქედან მოდის გამოთქმა „თეთრი სპილო“, რაც ძალიან ძვირად ღირებულ და აბსოლუტურად უსარგებლო ნივთს ნიშნავს.

მე-18 საუკუნეში ცნობილ პარიზელ იუველირებს ბომერსა და ბასანჟს სწორედ „თეთრი სპილო“ შერჩათ ხელში. ეს „სპილო“ ბრილიანტის მასიური კოლიე გახლდათ, რომელიც საფრანგეთის მეფის დაკვეთით შექმნეს.

საქმე ასე იყო: 1772 წელს 62 წლის ლუდოვიკო მეთხუთმეტემ ორ იუველირს თავისი საოცნებო ქალისთვის, მადამ დიუბარისთვის, კოლიე შეუკვეთა. მარტო ბრილიანტების მოგროვებას რამდენიმე წელი დასჭირდა. მსხვილი ბრილიანტი 647 იყო, საშუალო და პატარა – გაცილებით მეტი. კოლიე 2 მილიონ ლივრად შეაფასეს, რაც თანამედროვე ფულზე დაახლოებით 14 მილიონი დოლარი გამოდის.

როდესაც კოლიე, ბოლოს და ბოლოს, დასრულდა, ლუდოვიკო მეთხუთმეტე უკვე აღარ იყო ცოცხალი, მადამ დიუბარი სადღაც გააქრეს, ახალ მეფეს ლუდოვიკო მეთექვსმეტეს კი ამ ზღაპრულად ძვირი კოლიეს გაგონებაც არ უნდოდა. არადა, საიუველირო ფირმამ მასში მთელი ქონება ჩადო. ვალები რომ გადაეხადათ, იუველირებმა მარია-ანტუანეტას შესთავაზეს კოლიეს ყიდვა, მაგრამ დედოფალმა იუარა, ჯობს, ქვეყანამ ეს ფული გემების შეძენაში დახარჯოსო. არა, მარია ანტუანეტა სამკაულების მოძულე არ ყოფილა. უბრალოდ, როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, ისე სძულდა მადამ დიუბარი, რომ მისთვის დამზადებული კოლიეს ტარებაც კი არ სურდა.

საბრალო იუველირებმა მთელი ევროპა მოიარეს და ყველა მდიდარს შესთავაზეს სამკაული, ფასიც გვარიანად დააკლეს. კინაღამ თურქეთის სულთანს შეაჩეჩეს, მაგრამ გარიგება ჩაიშალა.

1784 წელს პარიზში ახალი ვარსკვლავი, კარდინალ რაგანის ახლობელი, გრაფინია დელამოტ-ვალუა გამოჩნდა. ქალმა ყველა დაარწმუნა, რომ დედოფლის უახლოესი მეგობარი იყო,  თუმცა მოგვიანებით გაირკვა. რომ ცრუობდა. იუველირებმა მისი თაღლითობის შესახებ არაფერი იცოდნენ და მსუყე საკომისიოს სანაცვლოდ სთხოვეს, სამკაული როგორმე დედოფალს შეაჩეჩეო. გრაფინია დათანხმდა და საქმე ისე დახლართა, კოლიე კარდინალ რაგანს ორწლიანი განვადებით შეაძენინა. ყელსაბამი მაშინვე ინგლისში გააქანეს, დაშალეს და ქვები შავი ბაზრის გზას გაუყენეს.

ამის შემდეგ სად გაქრა ბრილიანტები, არავინ იცის. ოფიციალურად არსად გამოჩენილა. ფიქრობენ, რომ ხელახლა დააწახნაგეს და ასე სახეცვლილი გაყიდეს.

მთელი ეს დავიდარაბა კი მხოლოდ და მხოლოდ კრისტალური ნახშირბადის გამო ატყდა. სწორედ იმ ნახშირბადისა, რომელიც მურს, ჭვარტლს და ნახშირს წარმოქმნის.

ალმასებს, რომლებსაც დამუშავებით და დაწახნაგებით ბრილიანტად გარდაქმნიან, სხვადასხვა შეფერილობა აქვს: ნარინჯისფერი, ცისფერი, ვარდისფერი, ყვითელი, ყავისფერი, რძისფერი, ლურჯი, მწვანე, რუხი და შავიც კი. ფერთა სიმრავლე, ერთი მხრივ, მათ კრისტალურ სტრუქტურაში არსებული დეფექტებით, მეორე მხრივ კი ბორის, აზოტისა და ალუმინის ატომებით ნახშირბადის ატომების ჩანაცვლებით აიხსნება. რუხ და შავ ფერს გრაფიტის ჩანართები განაპირობებს.

დაწახნაგებული ალმასი ბრილიანტია, რომელსაც იუველირი სიმეტრიულ ფორმას აძლევს. ბრილიანტს ორი შეთავსებული პირამიდის ფორმა აქვს. ერთი მათგანი წაკვეთილია. გვირგვინისა და პავილიონის წახნაგები რამდენიმე რიგად არის განლაგებული. გავრცელებულია წახნაგთა სამრიგოვანი განლაგება. კლასიკური დაწახნაგების დროს ბრილიანტს 56 გვერდითი წახნაგი აქვს. წახნაგები იმგვარად არის განლაგებული, რომ პარალელურ სხივთა კონა, რომელიც მის ზედაპირს ეცემა, სრულ შინაგან არეკვლას განიცდის და მაღალი დისპერსიის გამო სპექტრის ფერად სხივებად იშლება, ამიტომ არეკლილ სინათლეში ბრილიანტი ნაირფერად ელვარებს. ბრილიანტის მასას კარატებით ზომავენ (1 კარატი – 0,2გ).

ნახშირბადი ბუნებაში გავრცელებულია როგორც მარტივი ნივთიერებების (ალმასი, გრაფიტი), ისე ნაერთების (ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი და სხვა) სახით. დედამიწის ქერქში არსებული ელემენტების საერთო რაოდენობიდან ნახშირბადის წილად მოდის მხოლოდ 0,14%. მიუხედავად ამისა, იგი ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.

ცნობილია ნახშირბადის ხუთი ალოტროპიული მოდიფიკაცია: ალმასი, გრაფიტი, კარბინი, გრაფინი, ფულერენი. ალმასისა და გრაფიტის კრისტალური სტრუქტურა ატომურია, მაგრამ ისინი მესერში ატომების განლაგებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ალმასის კრისტალურ მესერში ნახშირბადის თითოეული ატომი სხვა ატომებთან ახორციელებს ოთხ კოვალენტურ ბმას ტეტრაედრის წვეროების მიმართულებით. ამით აიხსნება ალმასის დიდი სიმაგრე.

გრაფიტში ნახშირბადის ატომები განლაგებულია წესიერი ექვსკუთხედების წვეროებში, რომლებიც შრეებს ქმნიან. მეზობელ პარალელურ შრეებს შორის მანძილი გაცილებით დიდია, ვიდრე ერთსა და იმავე შრეში მეზობელ ატომებს შორის. ეს იწვევს შრეებს შორის კავშირის შესუსტებას, რის გამოც უბრალო მექანიკური ზემოქმედებითაც კი გრაფიტი ადვილად იშლება ფენებად, რომლებიც თავისთავად ძალიან მტკიცეა.

ალმასის სიმკვრივეა 3510კგ/მ3, გრაფიტის სიმკვრივე – 2250კგ/მ3.

ალმასი ელექტრულ დენს და სითბოს არ ატარებს. გრაფიტს ახასიათებს ლითონური ბზინვარება, ელექტრული დენისა და სითბოს კარგი გამტარია. ალმასი ყველა ბუნებრივ ნივთიერებაზე მაგარია, გრაფიტი კი ქაღალდზე სუსტი ხახუნითაც კი იშლება და ტოვებს კვალს. ალმასი და გრაფიტი მაღალ ტემპერატურაზე ურთიერთგარდაიქმნება. გრაფიტი ალმასად გარდაიქმნება 2000 გრადუზე, 100 000 ატმოსფერული წნევის პირობებში, ხოლო ალმასი გრაფიტის სახეს იღებს უჰაეროდ გახურების დროს 1500 გრადუსზე.

ალმასი როგორც განსაკუთრებით მაგარი ნივთიერება გამოიყენება სპეციალური საჭრისებისა და ბურღებისთვის, საავტომობილო და საავიაციო ძრავების დეტალების, ფერადი ლითონებისა და ზემაგარი შენადნობების დასამუშავებლად.

გრაფიტი დიდი რაოდენობით გამოიყენება ელექტროდების, ტიგელების, საპოხი მასალების, საღებავების, ფანქრების დასამზადებლად. მას იყენებენ ბირთვულ რეაქტორებში ნეიტრონების მოძრაობის შესანელებლად.

კოქსი გამოიყენება როგორც აღმდგენი და სათბობი სპეციალური ფოლადების მეტალურგიაში. ხის ნახშირს ფართოდ იყენებენ როგორც საუკეთესო ადსორბენტს, მურს კი – რეზინის მრეწველობაში საბურავებისა და სხვა საგნების დასამზადებლად.

სკანდალი კი კოლიეს გაყიდვიდან ექვსი თვის შემდეგ ატყდა: როდესაც საფასურის მორიგი ნაწილის გადახდის დრო მოვიდა, სასოწარკვეთილი იუველირები თავად დედოფალს ეახლნენ საქმის გასარკვევად. მარია ანტუანეტამ ქოში უკუღმა ყარა, მე არავითარი კოლიე არ მიყიდიაო. დაიჭირეს ყველა, ვინც კი ამ აფიორაში იყო გარეული. გაიმართა დიდი და ხმაურიანი სასამართლო პროცესიც. ხმაურმა დედოფლის რეპუტაცია ძალიან დააზიანა, რადგან ბრბომ მისი მონაწილეობაც დაიჯერა და ქვეყნის ფულის ფლანგვაც. ამ პროცესმა ერთგვარი კატალიზატორის როლი შეასრულა, რომ ამბიდან ორი წლის შემდეგ დედოფალი ეშაფოტზე აეყვანათ. მისი ბოლო სიტყვები იყო:

– მაპატიეთ, უნებურად მომივიდა…

ეს რეპლიკა ჯალათს ეკუთვნოდა, რადგან დედოფალმა შემთხვევით მას ხელზე ფეხი დაადგა.

ერთი ჩვეულებრივი მუსიკის გაკვეთილის ისტორია

0

მუსიკა – ჰარმონიული კავშირია გონებასა და გრძნობებს შორის. ის ადამიანის სულის სიღრმეში იჭრება და თავისი ხმოვანებით, ბგერებითა და რიტმით პიროვნებას სიმშვიდესა და თავისუფლებას აგრძნობინებს. ის მეორეხარისხოვან საგნად აღიქმება, არადა მუსიკის როლი მოსწავლის განვითარებაში, მის პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საკუთარი ესთეტიკური შეხედულებების ფორმირებაში მნიშვნელოვანია.

ამ ეგრეთწოდებულ  ,,მეორეხარისხოვან საგანს‘’, ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ბავშვის თანდაყოლილი ნიჭისა და უნარების გამოვლენისა და გახსნის საკითხში. თუ ჩვენ ბავშვებს თავიდანვე შევასწავლით მათი უნარებისა და შესაძლებლობების სწორად მართვას, მომავალში მივიღებთ მაქსიმალურ შედეგს, რადგან მუსიკა ავითარებს შემოქმედებით და აღქმით უნარს. დაწყებით კლასებში არ არის აუცილებელი რთული სიტყვებითა და სიმბოლოებით სხვადასხვა  თემის მიწოდება. ბავშვს უჭირს მუსიკის აბსტრაქტული სახეების აღქმა, მას სჭირდება მისთვის ახლობელ, ადვილად გასაგებ ენაზე,  საინტერესო ხილული ანალოგების დახმარებით სწავლა-სწავლების პროცესი. ამის განხორციელება კი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ისეთი აქტივობებით, როგორიცაა: სიმღერა, ცეკვა, იმპროვიზაცია, თამაში, ხატვა და ა.შ. ამით მათში მუსიკისადმი ინტერესსა და სიყვარულს გავაღვივებთ და ჩვენი მიზანი, გავაუმჯობესოთ სწავლა-სწავლების ხარისხი, ხელი შევუწყოთ მომავალი ტოლერანტული და ჯანსაღი თაობის ჩამოყალიბებას, მიღწეული იქნება.

თემა, რომლის შესახებაც მინდა ვისაუბრო, ერთი შეხედვით რთულია. მოგეხსენებათ, რომ მესამე კლასელისთვის რთულია სანოტო დამწერლობის შესწავლა, მთელი თავისი კომპლექსური სიმბოლოებითა და დამწერლობით. აქ მასწავლებლის მიზანია, მათ შეასწავლოს ნოტების გარჩევა, ნაწარმოების შექმნა, წაკითხვა. ამიტომ, თავიდანვე მათში უნდა ჩავნერგოთ სწორი აღქმის უნარი. როდესაც მოსწავლეს არ აქვს წილადები ნასწავლი, მისთვის რთულია მთელი, ნახევარი, მეოთხედი, მერვედი, მეთექვსმეტედი ნოტების გრძლიობების აღქმა. მას შემდეგ, რაც მე მოსწავლეებს ვესაუბრე გვიდო არეცოელზე, სანოტო დამწერლობის შექმნასა და მის თავდაპირველ სახეზე, მე მათ წარვუდგინე წინასწარ გამზადებულ ფურცლებზე დახატული ნოტები, რომელიც, მუსიკის ფონზე, ფერადი ფანქრებით გააფერადეს. ამ აქტივობის მიზანი ახალი მასალის უკეთ გააზრება და მოსწავლეში ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გაღვივება იყო. მთელი კლასი აქტიურად ჩაერთო ამ დავალებაში, მათ თავად შექმნეს (გააფერადეს) და გამოჭრეს ის ნოტები, რომლის დახმარებითაც შემდეგ „შექმნეს“ მუსიკა.

ნოტების ამოჭრისას მოსწავლე უკვირდება მათ მოხაზულობას, განსხვავებულობას. დიდი დატვირთვა აქვს გაჟღერებული მუსიკის ფონსაც, რადგან ამით ჩვენ ვასწავლით მუსიკის ენის ჟღერადობასა და დამწერლობას. ორივეს ერთად გააზრება ეხმარება მოსწავლეს,  გაეცნოს უნივერსალურ ენას, რომელიც სამყაროს შექმნისთანავე არსებობდა. აქტივობა შედეგიანია, როდესაც მოსწავლეს არა დაზეპირებული, არამედ გათვითცნობიერებული აქვს სანოტო დამწერლობა და ყოველივე ეს მას ბედნიერებას ანიჭებს, რაც მასწავლებლის საბოლოო მიზანია.

იმისთვის, რომ გაკვეთილი მეტად დასამახსოვრებელი და სახალისო ყოფილიყო, შემოვიტანე დამატებითი აქტივობა. წებოვანი ლენტებით იატაკზე სანოტო სისტემა შევქმენი. დავალება მასზე ნოტების კუთვნილი ადგილის მინიჭება იყო. ბავშვებმა უკვე იციან ნოტების აგებულება, მნიშვნელობა და მდებარეობა სანოტო სისტემაზე, ამიტომ ისინი თავდაჯერებულად შეუდგნენ თავიანთი დავალების შესრულებას. აქტივობაში ჩართული იყო მთელი კლასი, რაც კიდევ უფრო შედეგიანს ხდიდა ამ აქტივობას. ნოტების განლაგება მხიარული ეტაპი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. ისინი ეძებდნენ და ალაგებდნენ მათ მიერ ამოჭრილ ნოტებს. იყო შეცდომები, თუმცა შევძელით და ყოველივე გავაანალიზეთ და გავასწორეთ.

პრობლემის სწორად აღქმა და გამკლავება მოსწავლისთვის უმნიშვნელოვანესია. მათ უნდა იცოდნენ, რომ შეცდომის დაშვება მისაღებია. ამით ჩვენ მათ თვითშეფასებას ავამაღლებთ და შეცდომების გამოსწორებას შევასწავლით. აქტივობის ბოლოს კი მივაღწიეთ მიზანს. მოსწავლეებმა თამაშ-თამაშით, რუტინისა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სიღრმისეულად შეისწავლეს სანოტო დამწერლობა და სისტემა, ამის შემდეგ  გადავედი დავალების ბოლო ეტაპზე. ჩვენ მიერ შექმნილი მარტივი მუსიკალური ნაწარმოები შევასრულეთ ტაშით, რომელიც აგებული იყო მხიარული ნოტების აღმავალი და დაღმავალი მოძრაობებით, გაორმაგებული, ხან კი გამოტოვებული საფეხურების გამოყენებით.  ამით მოსწავლეს არამარტო მოსმენა, არამედ ბგერის შეგრძნება და მასთან თამაში შეუძლია. მუსიკა არ არის ცეკვის გარეშე, ამიტომ მთელი კლასი უკვე დასწავლილი, მარტივი ქორეოგრაფიული ილეთებისა და ტაშით აჰყვა მათ მიერ შექმნილ მელოდიას.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მუსიკის როლი უმნიშვნელოვანესია მოსწავლის განვითარებასა და წინსვლაში. ამ აქტივობით მივაღწიე  თავდაპირველ მიზანს, რომელიც  მოსწავლის შემოქმედებითი და აღქმითი უნარის გაუმჯობესებას გულისხმობდა. ამ აქტივობების წყალობით მთელი კლასი გაერთიანდა და რაც მთავარია, თავი ბედნიერად, წარმატებულად იგრძნო.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...