ხუთშაბათი, ივლისი 25, 2024
25 ივლისი, ხუთშაბათი, 2024

როგორ დავეხმაროთ მოზარდებს ჰობის პოვნაში

მოზარდებისთვის საინტერესო ჰობის შერჩევა არც ისე ადვილია. ყველა მოზარდი განსხვავებულია, გატაცება კი ძალიან პირადი ამბავია. ჰობი საინტერესო უნდა იყოს ბავშვისთვის, რათა მან ცოტა ხნის შემდეგ არ მიატოვოს ის, რაც საკმაოდ ხშირად ხდება, რადგან მოზარდები თავიანთ არჩევანში არასტაბილური არიან. გარდა ამისა, მოზარდების უმეტესობას შინაგანი ბრძოლები აქვს საპირისპირო სურვილებთან: მათ თან უნდათ, რომ ყველასავით იყვნენ, თან იყვნენ გამორჩეულებიც. მათთვის უჩვეულო ჰობი თითქოს მაგარია, მაგრამ, მეორე მხრივ, მოსაწყენია თანამოაზრეების გარეშე. შესაბამისად, მოზარდების პოპულარული ჰობი არა იმდენად თავად საქმიანობას, არამედ საზოგადოებას ეხება. სპორტი იქნება ეს თუ მუსიკა, მთავარია, რომ ისინი ერთად გრძნობდნენ თავს კომფორტულად.

ერთი სიტყვით, ჰობის პოვნა თინეიჯერული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს არის როგორც კარგი გარემოს პოვნის შესაძლებლობა, ასევე შესაძლებლობა, საფუძველი ჩაუყარო მომავალ პროფესიას ან უბრალოდ, დროებით მაინც განერიდო ტელეფონში ტოტალურ ჩართულობას, რომელიც არცთუ სასარგებლო ინფორმაციულ ქარბორბალებში დაგაქროლებს. საბედნიეროდ, დაეხმარო მოზარდს ჰობის არჩევაში განხორციელებადი ამოცანაა. ზოგჯერ საკმარისია მოზარდისთვის საინტერესო აქტივობის ჩვენება და ადამიანების გაცნობა, რომლებიც მას მოხიბლავენ და შთააგონებენ.

 

მოზარდისთვის ჰობის არჩევ

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ თინეიჯერები იშვიათად გრძნობენ თავს ახალგაზრდებად, რომლებსაც მთელი ცხოვრება წინ აქვთ. მოზარდების უმეტესობა თავს ისე გრძნობს, თითქოს ბევრი იცხოვრა და ბევრი ნახა, თან აქვს რამდენიმე ცრურწმენა, მაგალითად, ასეთი: რომ უკვე გვიანია რაღაცის კეთება დაიწყოს, ის პატარა აღარ არის. ასევე ის ამბობს, რომ მისთვის ზოგადად ყველაფერი მოსაწყენია, ყველაფერი, გარდა ფართებისა. ამიტომ იმისათვის, რომ მოზარდს ჰობის არჩევაში დავეხმაროთ, ჯერ ეს მითები უნდა დავუნგრიოთ.

პროფესიონალურად ბევრი კონკურენტული რამ მართლაც შეიძლება ცოტათი დაგვიანებული იყოს მოზარდობის ასაკისთვის. სამწუხაროდ, მოზარდი ვერ გახდება ბალეტის მოცეკვავე ან მსოფლიო დონის მუსიკოსი, თუ ამას ადრეული ბავშვობიდან არ დაიწყებს. მაგრამ თქვენ უნდა შეახსენოთ, რომ ჰობი გატაცებაა და მასზე მომავალი დიდი მიღწევების იმედებს არ ამყარებენ. თუ მოზარდი ოცნებობს გიტარაზე ან დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრა ისწავლოს, მისი სწავლა გვიანი არ არის. მისნაირი ბევრია. ამის დადასტურება ინტერნეტითაც შეიძლება, სადაც ეს ყველაფერი საკმაოდ მოთხოვნადია.

რაც შეეხება მითს „პატარაობის“ შესახებ, ესეც სადავო საკითხია. მაგალითად, მოზაიკის კეთება თითქოს პატარების გასართობია, მაგრამ სინამდვილეში არსებობს მოზაიკის შემსწავლელი კოლეჯები, სადაც ამ იშვიათ სპეციალობას სიღრმისეულად ასწავლიან და არსებობენ შემკვეთები, რომლებიც ასეთ სამუშაოში დიდ ფულს იხდიან. ამიტომ არც ამის დაწყებაა გვიანი. უბრალოდ, იპოვეთ ის ჰობი, რომელიც მოზარდს მიიზიდავს.

„ფართიც“ ცალკე თემაა. თუ ბავშვს არ უნახავს ადამიანები, რომლებსაც საერთო გატაცება აქვთ, ის ბევრ რამეს ვერ გაიგებს. მაგალითად, შეიძლება მოზარდმა არ იცოდეს, რომ არსებობენ ზრდასრული მამაკაცები, რომლებიც სათამაშო რკინიგზებს აწყობენ და ეს მათთვის ძალიან სერიოზული გატაცებაა. მეტიც, ამ ადამიანებს ჰობისთვის კარგადაც უხდიან, მაგალითად, გერმანიის რკინიგზის სადგურების მუზეუმები რკინიგზის გრანდ მაკეტებს უკვეთენ. ბევრი ჰობი დაკავშირებულია მოგზაურობებთან და ლაშქრობებთან, ვთქვათ, არქეოლოგია და ბიოლოგია. უბრალოდ, გააცანით თქვენ შვილებს საინტერესო ადამიანები, რომლებიც მზად იქნებიან აჩვენონ მათ, რა უნდა გააკეთონ და მითები თავისთავად გაქრება.

 

ჰობის იდეები მოზარდისთვის

ხშირად თინეიჯერები ჩვენ გარეშეც მშვენივრად ახერხებენ ჰობის შერჩევას, მაგრამ თუ თქვენი შვილი აშკარად მოწყენილია და არ იცის, საიდან დაიწყოს, ან ეშინია ახალი ადამიანების, დაეხმარეთ მას. შედეგად ის იპოვის ახალ მეგობრებს და გააქტიურდება. თქვენ შეგიძლიათ ურჩიოთ:

 

სპორტული ჰობი

ჰობი არ ნიშნავს პროფესიონალურად რაღაცის შესწავლას, მაღალი დონის სპორტს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ სპორტში, თუნდაც სამოყვარულოში, არის შეჯიბრის მომენტი. ბევრი სპორტი, რომელსაც ადრე სერიოზულად არ აღიქვამდნენ, ახლა უკვე ოლიმპიური გახდა, მაგრამ მაინც ღირს, რომ მოზარდმა აირჩიოს სპორტი, რომელიც განავითარებს და ემოციურად მიიზიდავს მას.

  • სროლა. ეს სპორტი შესაფერისია მათთვის, ვისაც არ უყვარს ფიზიკური კონტაქტი. ის ავარჯიშებს გამძლეობასა და ყურადღების კონცენტრაციას. ძალადობის აზრისგან განსხვავებით, სროლა ნამდვილად არ გიბიძგებთ, აიღოთ იარაღი და მოკლათ ყველა. ის უბრალოდ ასწავლის ემოციების კონტროლს. და თუ ბავშვს უყვარს რაიმე სახის ფენტეზი, მას შეიძლება მოეწონოს მშვილდოსნობა და მისი სხვა ანალოგები, რომლებიც ფანტასტიკურ სამყაროებს მოგვაგონებენ.
  • ცხენით ჯირითი. ეს არ არის იაფი სპორტი, მით უფრო, თუ საქმე დიდ ქალაქებს ეხება, მაგრამ ძალიან სასარგებლოა ბავშვის ფსიქოლოგიური ბალანსის თვალსაზრისით. ცხოველთან კონტაქტი მოითხოვს გამძლეობასა და ყურადღებას. ეს არის ასევე კარგი ფიზიკური დატვირთვა და ემოციური აქტივობა.
  • სკეიტბორდი. გაგიკვირდებათ, მაგრამ ყველაფერი, რაც ჩვენთვის სკეიტბორდია, სპორტის სამყაროში დაყოფილია მრავალ სხვადასხვა სპორტად. ზოგიერთი დაფა ბორბლებით გრძელი გზისთვისაა, ზოგი ტრიუკებისთვის და თითოეულ დაფას ჰყავს თავისი თაყვანისმცემლები, ფანკლუბები სუბკულტურით. სავსებით შესაძლებელია, რომ მოზარდი ერთ-ერთ მათგანით დაინტერესდეს.
  • სკუტერები, ველოსიპედები არა მშვიდად ტარებისთვის, არამედ ტრიუკებისთვის. რატომ მოსწონს ერთს სკეიტბორდი, მეორეს სკუტერი, მესამეს კი BMX – თქვენ უბრალოდ ამას ვერ გაიგებთ, მაგრამ ღირს ბავშვის წაყვანა სპეციალურ პარკში და ნახვა, როგორ ვარჯიშობენ სხვა გოგო-ბიჭები. იქნებ ეს მისთვის შთაგონებად იქცეს.
  • კლდეზე ცოცვა. ეს არის ძალიან მიმზიდველი სპორტის სახეობა. ის ძალიან კარგად არის გააზრებული უსაფრთხოების თვალსაზრისით და აერთიანებს როგორც სპორტსმენებს, ისე ინტელექტუალური პროფესიის ადამიანებს, რომლებსაც დასვენება სჭირდებათ. როგორც ამბობენ, მთაში ყველა თანასწორია.

 

შემოქმედებითი ჰობი

ატარეთ თქვენი შვილი ბაზრობებზე, სადაც ადამიანები თავიანთ პროდუქტებს ყიდიან: ნახატებიდან და ნაქარგებიდან დაწყებული, ფეხსაცმლითა და ჩანთებით დამთავრებული. ხშირად ასეთ ბაზრობებზე მოვაჭრეები ატარებენ მცირე მასტერკლასებს დამწყებთათვის. არ არის გამორიცხული, რომ მოზარდს რამე მოეწონოს.

  • მინის ნაწარმი. ბევრ ბავშვს სიამოვნებს ჩირაღდნით შუშის დნობა და ფორმირება. ცეცხლის ყურება დამამშვიდებლად მოქმედებს, გამდნარი შუშის დანახვა კი სასიამოვნოა და შეიძლება თვითგამოხატვის ორიგინალურ საშუალებად იქცეს.
  • დეკუპაჟი. გარედან ჩანს, რომ ყველას შეუძლია ხელსახოცების სადმე დაწებება. სინამდვილეში, დეკუპაჟი შეიძლება იქცეს ხელოვნებად. და ეს, რა თქმა უნდა, საინტერესო ჰობი იქნება გოგოებისა და ბიჭებისთვის, რადგან ის შეგიძლიათ ავეჯსაც ჩაუტაროთ.
  • ბიჭებსაც და გოგოებსაც უყვართ საავტორო წიგნებისა და ხელნაკეთი ალბომების დამზადება. აქ თავის გამოჩენა ნებისმიერ მოზარდს შეუძლია.
  • ჭედურობა. ბევრს მოსწონს მეტალთან მუშაობა. ქალაქში სამჭედლოს პოვნა არც ისე ადვილია, მაგრამ თუ იპოვეთ, ძალიან მოიხიბლებით.
  • ძერწვა, თიხასთან მუშაობა – საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობაა. ამავე დროს მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.

 

უჩვეულო ჰობი

  • გადამუშავების ხელოვნება. ნივთების დამზადება იმისგან, რაც გამოუსადეგარია. მაგალითად, პლასტმასის ბოთლებისგან დამზადებული ტანსაცმელი ან სამკაულები.
  • ფრინველებზე დაკვირვება. იშვიათი ფრინველების ძებნა, მათი ყურების დროს ძალიან საინტერესო ადამიანების გაცნობა.
  • Trainspotting – მატარებლებზე დაკვირვება, მოგზაურობა გარკვეულ წერტილში, რათა ნახოთ და გადაიღოთ რომელიღაც მატარებლის შემადგენლობა. ეს ძალიან უჩვეულო და გაატაცებადი ჰობია.
  • Planespotting – იგივე ჰობი, ოღონდ თვითმფრინავებზე. ამ ჰობით გატაცებული ადამიანები ხანგრძლივად უთვალთვალებენ თვითმფრინავების აფრენასა და დაშვებას, იღებენ მათ ფოტოებს, თვალყურს ადევნებენ სპეციალური სატელეფონო აპლიკაციების გამოყენებით. აქ არის ექსტრემის ელემენტიც – ხანდახან კარგი კადრისთვის ისინი წესებს არღვევენ და კანონით აკრძალულ ზონაში გადადიან.
  • სათამაშოს მოგზაურობა. ბევრი ადამიანი ყოველთვის თან ატარებს საყვარელ სათამაშოს, უხსნის გვერდს სოციალურ ქსელში და იღებს მის მოგზაურობას. ეს ჰობი მოუხდება კრეატიულ თინეიჯერებს, რომლებიც სიამოვნებით იგონებენ და იძირებიან ვირტუალურ სამყაროში.

ჰობი, რომელიც შეიძლება გახდეს პროფესია

ზოგადად, ნებისმიერი ჰობი შეიძლება გახდეს პროფესია. კაცი მავთულისგან სამკაულებს ქსოვდა, შემდეგ კი მათი გაყიდვა დაიწყო; ვიღაც ძაღლებზე ზრუნავდა და ცხოველების სასტუმრო გახსნა. აი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება.

  • რობოტექნიკა. ყველაფერი იწყება მღელვარებით იმის გამო, რომ მუყაოს რობოტს თვალები გაუნათდა, შემდეგ კი ბავშვი ელოდება შეჯიბრებებს, ოლიმპიადებს, ჩაბარებასა და პროფესიულ კარიერას. მას მოსწონს იმ სასკოლო საგნების შესწავლა, რომლებიც საჭიროა რობოტის შესაქმნელად.
  • კომპიუტერული თამაშები. ბევრი მშობელი ჩივის, რომ მათი შვილები დიდხანს თამაშობენ. მაგრამ ახლა კარიერა კიბერსპორტში რეალობაა. ადამიანები თამაშობენ და ამაში იღებენ ფულს როგორც სტრიმინერები, ისინი აარსებენ გუნდებს, ატარებენ ჩემპიონატებს, იღებენ პრიზებს მათ რეკლამებში. ყოველთვის ადვილი არ არის იმის გაგება, როგორ მოქმედებს კომპიუტერული თამაშები ბავშვის ფსიქიკასა და განვითარებაზე, მაგრამ ნამდვილად ღირს ყურადღებით დავაკვირდეთ, არის თუ არა ეს მისი მდგრადი ჰობი.
  • ჩაცმა. ბევრი მშობელი ამბობს, რომ მათ შვილს აწუხებთ მისივე გარეგნობა. მაგრამ თუ ბავშვი ატარებს ტანსაცმლის გადაკეთების ექსპერიმენტებს და აშკარად ავლენს ფანტაზიას – ეს უკვე სერიოზული განაცხადია პროფესიისთვის. ნუ გაუწყრებით მეორადი ტანსაცმლის უჩვეულო კომბინაციის გამო, იქნებ სახლში მომავალი დიზაინერი გყავთ?

სინამდვილეში, ბევრი ვარიანტია საინტერესო ჰობისთვის, მაგრამ მოზარდის ნაცვლად არჩევანს ჩვენ ვერ გავაკეთებთ. მშობლების ამოცანაა მხოლოდ შვილის თანადგომა და მისი ცოდნის თვალსაწიერის გაფართოება, როცა ის თავად ვერ პოულობს ჰობის. უაღრესად მნიშვნელოვანია ყურადღების მიქცევა მის მიდრეკილებებზე, რაც შეიძლება გახდეს გატაცების წყარო ან მომავალი პროფესიაც კი.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“