ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

აკაკი

აკაკი მონუმენტური ფიგურაა ქართული პოეზიისთვის. რუსთაველის მერე ის იყო პირველი, ჭეშმარიტად სახალხო პოეტი. „ვეფხისტყაოსნის“ მრავალსაუკუნოვანი მიმბაძველობის შემდეგ გურამიშვილის, „კლასიცისტებისა“ და „რომანტიკოსების“ შემოქმედებაში პოეზია მკვეთრად ელიტური გახდა, მას აღარაფერი ჰქონდა საერთო უბრალო მკითხველ-მსმენელთან. გრიგოლ ორბელიანს და ალექსანდრე ჭავჭავაძეს ჰქონდათ მცდელობა, რომ ელიტურობის საბურველი ჩამოეხსნათ პოეზიისთვის და „გაეხალხურებინათ“, მაგრამ მათი წარმატებული მცდელობები მხოლოდ პოეზიის წიაღშივე დარჩა მნიშვნელოვან თემატურ თუ ფორმობრივ ნოვაციებად. აკაკიმ კი ეს ყველაფერი პრაქტიკაში განახორციელა, მან პოეზია უბრალო ხალხამდე მიიტანა. ეს არ ყოფილა დეკლარირებული, გააზრებული რეფორმა, აკაკი არ იყო თეორიული ცოდნით აღჭურვილი კაცი, მას, უბრალოდ, ასე ეწერებოდა. აკაკიმ პოეტური მეტყველება უკიდურესად გაამარტივა და მისი პოეზიის ორ უმთავრეს პოეტურ საზომს – მაღალ და დაბალ შაირს – სრულიად მოდერნიზებული ინტონაცია შესძინა. ამ ყველაფერმა კი განაპირობა მისი უსაზღვრო პოპულარობა, მიმბაძველების მთელი არმია ჰყავდა. აკაკის ლექსი იქცა ერთგვარ პოეტურ მოდუსად, ლექსს თუ წერდი, აკაკისებურად უნდა გეწერა, სხვანაირად თუ წერდი, საერთოდ არ უნდა გეწერა. ადრინდელ გალაკტიონშიც, როცა ის მაღალი შაირით წერს, მკვეთრად საცნაურია, ლამის ეპიგონიზმამდე მისული, ინტონაციური გავლენა აკაკისეული მაღალი შაირისა. მეტიც, გვიანდელი, ასაკოვანი გალაკტიონის მაღალ შაირშიც მძაფრად ისმის აკაკი ალაგ-ალაგ. რამდენადაც გალაკტიონის მხრიდან ბარათაშვილის რეცეფცია სრულიად გააზრებული იყო, იმდენადვე გაუაზრებლად ჰბაძავდა ის აკაკის და ეს ჩანს მის ადრინდელ ლექსებში. ცხადია, ის მალევე დასხლტა აკაკის ორბიტიდან და საკუთარი რეფორმა განახორციელა, რომელიც მტკივნეული გახლდათ, რადგან მკითხველთა უმეტესობისთვის, რომლებიც ჩვეულებრივი კონფორმისტები და რეტროგრადები იყვნენ, აკაკისა და ვაჟას პოეტიკებიდან გადახვევა ჩვეულებრივ მკრეხელობას და თავხედობას ნიშნავდა (აბა, ვნახოთ, დღესაც რამდენი ასეთი კონფორმისტი და რეტროგრადი მკითხველია, რომლებისთვისაც, ამჯერად უკვე თვითონ გალაკტიონის და ცისფერყანწელების პოეტური ორბიტებიდან გადახვევა ითვლება გაუგონარ მკრეხელობად. როგორც თვითონ ლიტერატურას ახასიათებს მემკვიდრეობითობა-სუქცესიურობა, ასევე ახასიათებს სხვადასხვა თაობის მკითხველსაც. ასეთი მდარე მკითხველი სულ იქნება).

მე აკაკის რეგულარული მკითხველი ვარ. მისი სრულიად უნიკალური პოეზია ისეთივე ტკბობას მანიჭებს, როგორც შემდგომდროინდელი რომელიმე ჩემი საყვარელი პოეტის კითხვა. ჩემი ნება რომ იყოს, ყველა დამწყებ პოეტს, სხვა რამდენიმე პოეტთან ერთად, სწორედ აკაკის კითხვას ვაიძულებდი ყოველდღე, რომ გაითავისონ პოეტური მეტყველების სილაღე და „დიადი სიმარტივე“. დროითმა სიშორემ არ უნდა შეაშინოს ახალგაზრდა მკითხველი, პირიქით, ამ ქრონოსკოპული დისტანციიდან გაცილებით უფრო განსაცვიფრებელია აკაკის პოეტური ენერგეტიკისა და ექსპრესიის ემანაციის სიმძლავრე, რომლის ტალღა ისე მძაფრად აღწევს ოცდამეერთე საუკუნის მკითხველამდე, თითქოს თანამედროვე დიდ პოეტს კითხულობდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი