ორშაბათი, ივლისი 22, 2024
22 ივლისი, ორშაბათი, 2024

ერთი ფიქრით

***

მარტი იყო და არც იყო. ერთი ფიქრით გათავდა ეს თვე.

***

მარსელ გ. ლამის ყოველდღე დებს ნაირფერი ზამბახების ფოტოებს.  წარმომიდგენია, როგორ ელოდა გაზაფხულს.

***

ერთ სანერგეში შარშან პატარა ცაცხვი ვიყიდეთ და მებაღემ, მერე რა, შვილო, პატარა რომ არის, გაიზრდება და გასიამოვნებთო. ისე, ამ ზომას ბევრი არ ყიდულობს, როდის ეს ჩრდილს გაიკეთებს, ან მოვესწრები ან არაო. აბა, ეგრე ლაპარაკი როგორ შეიძლება, ადამიანმა ყველაფერს იმედით უნდა შეხედოო. შენ თვალწინ რომ გაიზრდება, ეგ კიდევ სხვა ამბავიო. მეტი რა ეთქვა, გული მოგვეცა, პატარა ცაცხვის დარგვისაც და ცხოვრებისაც.

წელსაც იმავე სანარგეში წავედით კოპიტისთვის. ის ქალი ისევ საქმეში იყო, იარლიყებს ამაგრებდა ნარგავებს. ეგ ხე ჯერ აქ არავის მოუკითხავს, პირველები ხართო და სხვა ფოთლოვანი აყლაყუდები შემოგვთავაზა. აბა, ესენი არა ჯობია, პატარა როდის გაიზრდება, ახლა იმას ელოდეო.

ღმერთო, მომეცი ნიშანი, როგორ გავარჩიო ერთმანეთისგან ვაჭარი და ქოუჩი.

***

ჰოთმეილს იშვიათად ვამოწმებ ხოლმე და დამხვდება ოდესღაც გამოწერილი საინფორმაციო ფურცლები, მაგალითად, 2002 წლიდან მომდის National Cherry Blossom Festival-ის ახალი ამბები. ყოველ წელს ვიცი, როდის დაიწყება ვაშინგტონში ალუბლების ყვავილობა.

***

იმერეთისკენ მიმავლებს ავტობანზე საბურავი დაგვეშვა. მანქანა გაჩერებული არ იყო, მძღოლის მხარეს ვიღაც გაჩნდა, ფანჯარა ჩაწიეო და ლევანს ჰკითხა:

– დედმამიშვილი გყავს?

– ერთი ძმა.

– დღეიდან ორი გეყოლება.

***

ჩემი იმერელი ბებია ხელჩანთით ატარებდა ფრონტიდან გამოგზავნილ ბარათებს. ერთ წერილში ბაბუა ემშვიდობებოდა თურმე, ალბათ ცოცხალი ვერ ჩამოვალ, ბიჭებს მიხედე და გაზარდეო. მეორე წერილი ბოდიშის ყოფილა, მაპატიე, შევშინდი, თორემ აბა, ის რამ მომაწერინაო. წლების მერე მატარებელში ხელჩანთა მოპარეს და წერილებიც დაიკარგა. ბაბუა არ დაბრუნებულა. ბებია ელოდა სიბერემდე, ჭრელი კაბით, ქვრივი ხომ არ ვარო.

 

***

რიგის და ჭავჭავაძის კუთხეში პურის მაღაზია იყო, ეწერა კიდეც – „პური“. იქ გვაგზავნიდა ხოლმე დედაჩემი და გვაფრთხილებდა, იცოდეთ, ხურდაში არ მოგატყუონო. მე და ჩემმა დამ თვლა კარგად ვიცოდით, მაგრამ მაინც ყოველთვის გვერიდებოდა თეთრწინსაფრიანი გამყიდველისთვის გვეთქვა, რომ კაპიკები კიდევ გვეკუთნოდა. თან ძალიან არ გვინდოდა, რომ დედაჩემს ადვილად გასაბრიყვებლები ვგონებოდით. ამიტომაც ყოველთვის გვქონდა მცირე დანაზოგი ნაკლული ხურდის შესავსებად.

 

***

 

ერთი კლასელი მყავდა. ნიშნის გამოსასწორებლად მთელი გაკვეთილი ხელაწეული იჯდა. ბოლოს მასწავლებელი შეწუხდა და უსაყვედურა, ჟურნალი მეტყვის, ვინ გავიძახოო. ამან, აგერ, მე განიშნებთ და ვერ მიგახვედრეთ და ჟურნალი რას გაგაგებინებთო.

***

ოდესღაც ჯიპაში სწავლისას, ტელევიზიის კურსისთვის მომზადებული სიუჟეტის ტექსტი უნდა გვეთარგმნა ჩვენი ფრანგი ლექტორისთვის. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ არ მივადექით სიმწრით მოპოვებული რესპონდენტის ფრაზას –  „დაგვეცნენ ბიჭები აქა.“

***

ჟამი ქანისნა?  – დედაჩემს შემოაწვება ხოლმე ავლაბრის მონატრება. ორი ხდება-მეთქი.

***

ბებიაჩემის სახლს ავლაბარში ძველი თბილისური კარი ჰქონდა, ორნამენტული „რეშოტკით“. ხვეულებს შორის ერთი ჯადოსნური ადგილი იყო, სადაც ხელს ვატევდით დასაბრახუნებლად  – ოღონდ მუშტს კი არა, არამედ გაშლილი მტევნის კიდეს. საღებავიც ეგრე მოგრძოდ ჰქონდა გადაქექილი. მომხდარა ისეც, რომ იმ კარზე ბრახუნს სიზმრიდან ცხადში გადმოვუგდივარ და ძილიდან აყოლილი სევდით გამღვიძებია.

***

იყო ისეთი დღეები, როდესაც დედას სამსახურიდან აგვიანდებოდა. ორთაჭალიდან ავლაბრისკენ გზას ფეხით აუყვებოდა ხოლმე. ჩვენ ბებიას დავურეკავდით, ვითომ მოსაკითხად. ხმაში ისეთი სიხარული ეტყობოდა, პასუხი უკითხავადაც ცხადი იყო. ჯერ გაგვეთამაშებოდა და დაგვიმალავდა, მერე გვეტყოდა –  აქ არის, აქა, მაშ, სად წავიდოდა. მერე დედას გადასცემდა ყურმილს და ისიც ხალისიანად გვკითხავდა –  რა იყო, ვერ ძლებთ უჩემოდ? იმ დღეს განსხვავებული ბრუნდებოდა, უფრო ლაღი, ალბათ ისეთი, როგორიც ჩვენამდე იყო.

***

შავი თაროები, თეთრი თაროები, ნიშა, საძინებლების თაროები, ტუმბოები, საწერი მაგიდა, ნიჩბისის თაროები, სამზარეულოს თაროები, კიბის საფეხურები – ერთ წიგნს ვეძებ და გონებაში თვალს ვავლებ სათავსოებს.

***

წამლის ძველ კოლოფზე ერთი ქალის ტელეფონის ნომერი მიწერია. ნაილი ხანუმი რამდენიმე წლის წინ ბაქოში, ძველ უბანში ბოდიალისას გავიცანი. დიდი ბებია მყავდა ქართველი, ჩემმა დიდმა ბაბუამ რომ მოიყვანა ცოლად, მონათლეს და სახელიც შეუცვალეს, გაზაფხულის ყვავილი უწოდეს, მაგრამ თვალები მაინც ქართული დარჩაო. თუ კიდევ ჩამოხვალ, შეეშვი ამ park inn-ებს და ჩემთან იცხოვრეო. ბევრი ვილაპარაკეთ. სად წამსვლელი და დამრჩენი ვარ, მაგრამ იმ კოლოფს  იშვიათი შეხვედრის სახსოვრად ვინახავ.

 

იმ წამალს მხოლოდ ასეთი ადამიანები ანაცვლებენ.

 

***

მომცრო დოქს უნგრულად „შესვი, გაამოს“ თუ რაღაც ამდაგვარი აწერია, ძირზე – 73 წელი. საჩუქარია, გულით მიძღვნილი. წამოუღიათ ჩვენს ვაჭრებს ბელგია-ჰოლანდიიდან და ჩამოუტანიათ მცხეთაში. ძალიან მიყვარს მოხეტიალე ნივთების შეფარება.

***

განმარტება ორნითოფობებისთვის – ჩემს ბოლო წიგნში ბევრი ჩიტია, მაგრამ არცერთი ნამდვილი.

***

გოგოს უხდება ყურები და კუდი, – ერთ ჯგუფში თემო წერს ინესას.

 

ძაღლებზეა ლაპარაკი.

 

***

სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტის საათობრივი დატვირთვა მომდის მეილზე, შეცდომით. ქალბატონო რუსუდან, ასე და ისეო. ეს იმიტომ, რომ ყველა ჭეშმარიტი რუსუდან რუხაძე ჯანდაცვის სფეროშია.

***

შენი ძმაკაცი მოვიდა, წარბის აწევით მანიშნებს ექთანი, რადგან მე და მ. ალიევი ბევრს ვმუსაიფობთ ხოლმე.

***

ერთმა შეწუხებულმა პაციენტმა რიგის მოწესრიგება ითავა, თან ყველას ეკითხება ჩივილებს. მოაგროვა ამბები და ბოლოს ყველას გასაგონად დაიძახა  – ხალხო, გათიშეთ ტელევიზორი! სულ რომ იადერნი აფეთქდეს, არ გაინტერესებთ! აიღეთ ასფურცლიანი და წერეთ!

***

სააღდგომოდ, საფლავებზე გასვლის წინ, წითელ კვერცხებს გადავთვლი და ვიტყვი – ეს ხოტელაშვილისთვის, ესეც პოლიაკოვისთვის. კუკიის „მეზობლები“ არიან, მიტოვებულები.

***

ხანდახან შეიძლება ისიც საკმარისი იყოს დღე-ღამის შესაჯამებლად, ბოლოს რა დაგუგლე.

***

სანამ ტელევიზორიდან საძაგელი ჟურნალისტის ხმა გესმით, დედამიწა ცოცხალია!

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“