პარასკევი, მაისი 16, 2025
16 მაისი, პარასკევი, 2025

პროფესია – მასწავლებელი

0

ალბათ ყველა მასწავლებელს ერთხელ მაინც სმენია ფრაზა: „თქვენ მთელი ზაფხული ისვენებთ“. ალბათ ისიც უთქვამთ, თქვენი სამუშაო დღე მალე მთავრდებაო. ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, რომ ეს პროფესია გაცილებით მეტია, ვიდრე გაკვეთილზე მოსწავლეებთან ერთად გატარებული 45 წუთი დღეში მაქსიმუმ ექვსჯერ.

მასწავლებლები სკოლაში ადრე მიდიან ან შინ გვიან ბრუნდებიან; ხშირად ორივე ერთადაა, რადგან გაკვეთილებს დაგეგმვა სჭირდება, რესურსებს – მოპოვება, სამუშაო ფურცლებს – დაქსეროქსება, დახარისხება და აკინძვა, დავალებებს და ტესტებს კი – გასწორება. ხშირად მასწავლებლებს ტესტები და რვეულები სახლში დააქვთ, რომ მაშინაც კი იმუშაონ, როცა მათი სამუშაო დღე დიდი ხნის დასრულებულია. გინახავთ ის ცნობილი ნახატი? – ღამით ჩაბნელებული კორპუსია გამოსახული, ყველას სძინავს და მხოლოდ ერთი ფანჯრიდან გამოდის სინათლე. ამ ფანჯარას ხშირად აწერია ხოლმე: მხატვარი, მთარგმნელი, მწერალი… არასდროს – მასწავლებელი. თუმცა ცოტა თუ ხვდება, რომ ფანჯრის უკან სწორედ მასწავლებელი ზის და ტესტებს ასწორებს, ან რვეულებს, ან გაკვეთილს გეგმავს და რესურსებს ახარისხებს. რადგან მისი „მოკლე“ სამუშაო დღე არასდროსაა საკმარისი ყველა იმ პასუხისმგებლობისა და საქმისთვის, რაც ჩაბარებული აქვს.

მასწავლებლები ზოგჯერ ღამის თერთმეტ საათზეც კი პასუხობენ მშობლების ზარს. ეს ზარი კი მათ მომდევნო დღისთვის მოსამზადებელ რუტინას აწყვეტინებთ, რომელიც აგრეთვე სამუშაო დღესთანაა დაკავშირებული. სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, სიმართლე კი ერთია: მასწავლებლის მოკლე სამუშაო დღე სინამდვილეში ძალიან გრძელი და აუნაზღაურებელია, რადგან, როგორც წესი, მასწავლებლის ანაზღაურება მოსწავლეებთან გაკვეთილზე გატარებული 45 წუთის სიმრავლით განისაზღვრება. ამის შემდეგ რაც ხდება, ის ე.წ ოვერთაიმია, რაზე უარის თქმაც მასწავლებელს არ შეუძლია, რადგან შუაში მოსწავლე დგას, მოსწავლე კი მასწავლებლისთვის პირველია და ამ ყველაფერში ბრალი არ მიუძღვის. მას ვერ გაემიჯნები, ვერ გაიფიცები. ყოველთვის, როცა მასწავლებელი საკლასო ოთახის კართან დგას, ყველა წყენას, ბრაზს და იმედგაცრუებას კართანვე ტოვებს. ვინც კარს იქით ხვდება, მუდამ ღიმილიანს ხედავს და ზოგჯერ ვერც წარმოუდგენია, რომ შეიძლება, მასწავლებელს რამე აწუხებდეს. ერთი მხრივ, ეს აუცილებელიცაა, თუმცა მეორე მხრივ…

მასწავლებლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ცხოვრება სკოლის კედლების გარეთაც აქვთ, რისი გააზრებაც მშობლებს ხშირად მოსწავლეებზე არანაკლებ უჭირთ. როგორც ყველა ადამიანს, მასწავლებლებსაც ხშირად უწევთ პირად პრობლემებთან გამკლავება. თუმცა, პროფესიის ბუნებიდან გამომდინარე, ამის დამალვა უხდებათ. ადამიანების უმეტესობას ჩვევად აქვს, გაღიზიანება სხვა ადამიანებზე გადაიტანოს. წარმოიდგინეთ, რამდენი შინაგანი ძალის მობილიზებაა საჭირო, რომ ეს დათრგუნო და არ შეგეშალოს, არ გაღიზიანდე მეასედ დასმულ ერთსა და იმავე შეკითხვაზე, ხმაურზე, დაუმორჩილებლობაზე, არსაიდან მოსულ უკმაყოფილებაზე და ა.შ. რადგან თუ გაღიზიანდი, მერე შენვე ინანებ, მომდევნო კვირებს იმაზე ფიქრში გაატარებ, რომ ბავშვებს (შენგან განსხვავებით, – შენ ხომ ზრდასრული ხარ) თავიანთი ემოციებისა და საქციელის კონტროლი ხშირად არ შეუძლიათ და ამის გამო ტკივილი არ უნდა მიაყენო, თუნდაც სულ მცირე. იქნებ რა უჭირდათ მაშინ, როცა შენიშვნა მიეცი, იქნებ რა უჭირდათ მაშინ, როცა მათ ვერ ხედავდი, იქნებ რა უჭირთ მაშინ, როცა სკოლიდან მიდიან, იქნებ რა უჭირთ მაშინ, როცა სკოლას აცდენენ… და ასე გადადის მასწავლებლის განცდები უკანა პლანზე.

მასწავლებელი მუდამ თავის თავს ადანაშაულებს, თუმცა მისთვის მაინც გულდასაწყვეტია, როცა მედიაც და მედიის გავლენით ხალხიც პრობლემას ყოველთვის მასწავლებელში ხედავს. შუქდება ნეგატიური ამბები იმის შესახებ, რომ ერთეულებს რაღაც შეეშალათ, რაღაცას თავი ვერ გაართვეს… რატომ არ ჰყვებიან მათზე, ვინც წლების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობს, დადის წრეზე, რომელიც მოსწავლის ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე მიყვანას გულისხმობს? ამ თავდაუზოგავი შრომის პარალელურად ყველა თითს გიქნევს, რომ საკმარისად კარგი არ ხარ და ბევრს არ აკეთებ, რომ თან, აი, ეს უნდა ქნა, კიდევ, აი, ეს და, აი, ესეც. მოსწავლეების უმეტესობაც ხომ, სამწუხაროდ, ძალიან გვიან ხვდება, თურმე რამდენს აკეთებდა ესა თუ ის მასწავლებელი მისთვის.

ამიტომ ყველანი ფრთხილად უნდა ვიყოთ მასწავლებლის პროფესიის შეფასებისას. მათ ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ ბრძოლა საკუთარ განცდებსა თუ ემოციებთან. მათ მუდამ უწევთ, რაღაცები წერონ სამუშაო საათების შემდეგ, ზოგჯერ ისეთი რამეებიც კი, რაც სწავლებასთან არაფერ კავშირშია. მათ მუდამ უწევთ, ისეთ ადამიანებს უსმინონ (სამუშაო საათების შემდეგაც) და თავი უქნიონ, ვინც კლასში ერთხელაც კი არ შესულა გაკვეთილის ჩასატარებლად. მათ მუდამ უწევთ, განვითარებაზე იზრუნონ და მაინც უპერსპექტივობას აწყდებოდნენ.

რაღაც გაგებით, კარგი მასწავლებელი კარგი მსახიობია. უოცნებია თუ არა ამაზე ბავშვობაში, მაინც მოუწია, რომ სცენაზე იდგეს. ოღონდ ეს სცენა სხვანაირი დეკორაციებითაა, შენ წინ ფარდაა არ არის, ის არასდროს დაიხურება, რომ ამოისუნთქო. ყველა გამომცდელი თვალით გაკვირდება, ისიც კი, ვინც ყოველდღიურ მაყურებლებს შორის არ ზის. მასწავლებლობა ინტროვერტების პროფესია ნამდვილად არ არის, თუმცა დროთა განმავლობაში ინტროვერტები წარმატებით ვითვისებთ ექსტრავერტების სოციალურ უნარებს და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ყოველდღიურად მართლა სცენაზე ვდგავართ.

ერთი დამღლელი დღის ბოლოს ჩემმა მეგობარმა, რომელიც ფარმაცევტია, მკითხა, რომელი პროფესია უფრო რთულიაო. მე ვუთხარი: შენი, რადგან აფთიაქში შემოსული მომხმარებელი ხშირად გეჩხუბება, მე კი დაღლას და გადაწვას მოსწავლეების მიერ უკან დაბრუნებული სიყვარული მიწონის-მეთქი. დღემდე ასე ვფიქრობ. თუმცა მაინც ნურასდროს ეტყვით მასწავლებელს, შენ რა გენაღვლებაო – ხშირად ისინიც ისხამენ დასამშვიდებლად სახეზე ცივ წყალს გაკვეთილზე შესვლის წინ, თუ, რა თქმა უნდა, საპირფარეშოში შესვლა მოსწრეს და დღის ბოლოს არ გაახსენდათ, რომ დღეს ეს არც კი გახსენებიათ.

ყავა კი მუდამ მაგიდაზე დევს და ცივდება.

ჩამოჯექი, მასწავლებელო.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომელმაც გადაიტანა მძიმე სტრესი

0

სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ მოზარდებთან სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციებში, გვაძლევენ რჩევებს, როგორ შეუძლიათ მშობლებსა და ნათესავებს, დაეხმარონ ბავშვს, რომელმაც განიცადა ძლიერი სტრესი და მწუხარება.

  1. მნიშვნელოვანია, იპოვოთ ან მოაწყოთ სპეციალური ადგილი, სადაც ბავშვი მაქსიმალურად დაცულად იგრძნობს თავს. ჩვეულებრივი საყვარელი ადგილების გარდა, ეს შეიძლება იყოს ბაღში სხვათა თვალთა ხედვიდან დაფარული სკამი, ორ სკამს შორის გადაჭიმული საბანი, აბაზანა და ა.შ. მთავარია, ბავშვი იქ მშვიდად და მარტო იყოს ან შეძლოს იქ მისთვის სასურველი ადამიანების მოპატიჟება.
  2. უმცროსი ბავშვები მშვიდდებიან შეხებისგან. შეგიძლიათ შესთავაზოთ ჩახუტება, ზურგზე მოფერება, თავზე ხელის გადასმა. ასეთ დროს ისინი უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. ამ შემთხვევაში, ბავშვი იგრძნობს მხარდაჭერას. ამ პერიოდში ყველაზე ანჩხლ თინეიჯერებსაც კი იზიდავთ ფიზიკურ კონტაქტი, ნუ შეგეშინდებათ მათი უფრო ხშირად ჩახუტება. მაგრამ თუ ბავშვი ან მოზარდი თავიდან გიშორებთ და არ სურს ფიზიკური კონტაქტი, მაშინ უმჯობესია ეს არ მოვთხოვოთ. დროდადრო გაუწოდეთ ხელი, ერთად მიუჯექით ტელევიზორს, შესთავაზეთ გვერდით დაწოლა. დროთა განმავლობაში ბავშვი მიგანიშნებთ, როცა ამისათვის მზად იქნება.

ზრდასრულმა, რომელიც ურთიერთობს ან თუნდაც მუშაობს ბავშვებთან, არ უნდა განიხილოს მათთან ემოციურად საკუთარი საზრუნავი, შფოთვა და ტრავმები. ეს აშინებს ბავშვებს და მათ არ სურთ, შეაწუხონ და გაანაწყენონ საყვარელი ადამიანები, ამიტომ შეუძლიათ საკუთარ თავში ჩაიკეტონ და არ იცხოვრონ თავიანთი ტრავმული გამოცდილებით. კრიზისში მყოფი ბავშვებისთვის ყველა ზრდასრული უნდა ეცადოს, გახდეს ნდობის კუნძული, რომელიც ახლა სჭირდება ბავშვს. დროთა განმავლობაში, როდესაც ბავშვი მზად იქნება, თქვენ, რა თქმა უნდა, უამბობთ, რამდენად შეშინებული იყავით და როგორ გრძნობდით თავს. მაგრამ ახლა, გამონახეთ რესურსი და მხარდაჭერა და შესთავაზეთ ბავშვს ან მოზარდს სივრცე თავისი განცდებისთვის.

მნიშვნელოვანია, შეეცადოთ აღადგინოთ ყოველდღიური რუტინა, რომელსაც ბავშვი მიეჩვია. მაშინაც კი, თუ ბავშვი ან მოზარდი არ დადის სკოლაში და არ ეწევა რაიმე რეგულარულ საქმიანობას, შეეცადეთ უზრუნველყოთ, რომ ის იძინებდეს ერთსა და იმავე დროს, ჭამდეს თუნდაც მცირე ულუფებით, იყოს ჰაერზე და თანდათან დაუბრუნდეს თავის ჩვეულ დღის წესრიგს. ბავშვისთვის გადამწყვეტია სტაბილურობის შენარჩუნება. ამიტომ, მშვიდი ყოველდღიური რუტინა ეხმარება ბავშვებს დარწმუნდეს, რომ ცხოვრება კვლავ გრძელდება.

ბავშვები სხვადასხვაგვარად განიცდიან მწუხარებას, სხვადასხვანაირად რეაგირებენ სტრესზე. ასე რომ, თუ ბავშვი მშვიდი ჩანს, ან თამაშობს სხვა ადამიანებთან, ან როგორღაც ყურადღების ცენტრშია, მნიშვნელოვანია ამის მხარდაჭერა. ნუ ეცდებით ბავშვის ყურადღების გადატანას, მიეცით მას გარკვეული დრო.

  1. თუ ბავშვი ან მოზარდი მზად არის ისაუბროს იმაზე, რაც ხდება, მნიშვნელოვანია, ესაუბროთ ამის შესახებ, გაარკვიოთ დეტალები და გააკეთოთ კომენტარი, გამოეხმაუროთ. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ ბავშვი არ არის დამნაშავე იმაში, რაც ხდება და მიეცით საშუალება, გამოავლინოს გრძნობა. მოუსმინეთ. შეეცადეთ გრძლად არ ესაუბროთ, რადგან ეს რთულად ასათვისებელია ბავშვებისთვის, განსაკუთრებით ტრავმულ სიტუაციაში.

თუ ბავშვი, პირიქით, იხურება და არ სურს არაფერზე ლაპარაკი, ესეც მისი უფლებაა, არ მოახდინოთ მასზე ზეწოლა. თუ ის მზად არ არის ინფორმაციის აღსაქმელად, სჯობს ჩუმად ისხდეთ ჩახუტებულები და მისცეთ აზრზე მოსვლის შესაძლებლობა.

მეგობრებთან სოციალიზაცია ხელს შეუწყობს მის რეაბილიტაციას, მაგრამ თუ ბავშვს ან მოზარდს ამჟამად მარტო ყოფნა ურჩევნია, მიეცით ეს შესაძლებლობა. ფრთხილად შესთავაზეთ ვარიანტები, მაგრამ ნუ აიძულებთ კომუნიკაციას.

ნუ გადატვირთავთ ინფორმაციით. ტრაგედიის შესახებ ახალი ამბების ყურება და კითხვა, ვიდეოებისა და პოსტების ნახვა ინტერნეტში არ უწყობს ხელს მის რეაბილიტაციას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უნდა აუკრძალოთ, არ წაართვათ ბავშვს გაჯეტები, მაგრამ ისაუბრეთ იმაზე, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, იზრუნოს საკუთარ თავზე.

ცალკე ყურადღება მიაქციეთ ადგილს, სადაც მოხდა ტრაგედია, სად იმალებოდა ბავშვი, სად იმყოფებოდა მომხდარის დროს. თუ სკოლაზე ვსაუბრობთ, უმჯობესია, თავიდან ბავშვმა მოძებნოს ალტერნატიული გზები, რომლებზეც წინასწარ ისაუბრებთ. და ცოტა მოგვიანებით, დაეხმარეთ ბავშვს ან დარწმუნდით, რომ სკოლის მასწავლებლები ან ასისტენტები დაეხმარებიან მას ამ ადგილების მონახულებაში – დარჩით იქ ბავშვებთან, იმსჯელეთ. ეს ძალიან რთულია და შეიძლება გამოიწვიოს პანიკის შეტევები, ფსიქოსომატური რეაქციის შეტევები, ცრემლები, ბრაზი და სხვა ემოციები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვიც და მოზარდიც მარტო არ დარჩნენ თავიანთ განცდებთან.

იტარეთ ბავშვი ბავშვთა ან მოზარდთა კრიზისულ ფსიქოლოგთან. განსაკუთრებით თუ ხედავთ მის მწვავე რეაქციებს – ტანჯვას, თვითდაზიანებას, კოშმარებს, ჭამაზე უარს – და მოზარდებში ფსიქოტროპული ნივთიერებების, ალკოჰოლის მიღებას, სუიციდურ აზრებს მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ დრო გავიდა და ბავშვი მშვიდია. ეს შეიძლება სულაც არ იყოს ასე. ტრავმის გადახარშვა განსხვავებულად ხდება და ის შეიძლება მას დიდი ხნის განმავლობაში თავს სხვადასხვა გზით ახსენებდეს. როგორი მზრუნველი მშობლებიც არ უნდა იყოთ, უმჯობესია დახმარებისთვის მიმართოთ სპეციალისტს. ბავშვები და განსაკუთრებით მოზარდები ყოველთვის მზად არ არიან მშობლებთან ისაუბრონ იმაზე, რაც მოხდა, მაგრამ ფსიქოლოგის დახმარებით ისინი უფრო ადვილად მოინელებენ ამ მტკივნეულ გამოცდილებას.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

 

რესურსები არაძალადობრივ ქმედებებსა და მშვიდობის სწავლებაზე

0

 

 პროტესტის მშვიდობიანი ფორმები დასაბამს უძველესი დროიდან იღებს. ძველ რომში ძვ. წ. 494 წელს დაიწყო დაბალი სოციალური ფენის, პლებეების, გამოსვლები, რომლებიც რომის სამეფოს მაშინდელ სოციალურ სტრუქტურას აპროტესტებდნენ. როგორც ცნობილია, პროტესტი 287 წლამდე გაგრძელდა და სისტემის ცვლილებით დასრულდა.

სუფრაჟისტები, როზა პარკსი, მარტინ ლუთერ კინგის ისტორიული სიტყვა და მარში ვაშინგტონისკენ, მაჰათმა განდი და მისი მშვიდობიანი ბრძოლა ბრიტანეთის იმპერიისგან თავის დასაღწევად – ეს ყველაფერი ჩვენი მოსწავლეებისთვის შთაგონების წყაროა.

სასკოლო განათლების (ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები) ერთ-ერთი მიზანია, აღზარდოს მოქალაქე, რომელსაც შეუძლია საკუთარი და სხვათა უფლებების დაცვა ყველა კანონიერი საშუალებით. ამდენად, არაძალადობრივი საპროტესტო ქმედებების შესახებ ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით – საქართველოში, რომელიც ჯერ კიდევ დემოკრატიზაციის პროცესშია და სადაც მყარი ინსტიტუტების მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა.

სტატიაში მიმოვიხილავ რამდენიმე ვებგვერდს, რომლებზეც თავმოყრილია მრავალფეროვანი რესურსები პროტესტის არაძალადობრივ ფორმებსა და მშვიდობის მშენებლობაზე. მასწავლებლების მიერ მათი დამუშავება, აღსაზრდელთა საჭიროებებზე მორგება და მოსწავლეებამდე მიტანა ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას წინააღმდეგობის სხვადასხვა ფორმის შესახებ.

მასწავლებლები ყოველთვის განვიცდით ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი რესურსების სიმწირეს. არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრი (ICNC) გვთავაზობს ქართულად თარგმნილ მულტიმედია რესურსებს. ორგანიზაციის რესურსებიდან აღსანიშნავია დოკუმენტური ფილმი „დიქტატორის ჩამოგდება“ და საკითხავი მასალა „სამოქალაქო წინააღმდეგობის სამი ძირითადი პრინციპი: ერთიანობა, დაგეგმვა, დისციპლინა“.

ვებგვერდზე ასევე ხელმისაწვდომია დოკუმენტური ფილმი „ყველა იარაღზე უფრო ძლიერი“ (ქართული სუბტიტრებით). ფილმის პირველ ეპიზოდებში მოთხრობილია მაჰათმა განდის განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორია, მეთოდები და წარმატების საიდუმლო. ასევე ნაჩვენებია, როგორ გამოიყენეს განდის მეთოდები ფერადკანიანთა კოლეჯის სტუდენტებმა 1960 წელს აშშ-ის ქალაქ ნეშვილში დისკრიმინაციისა და რასობრივი ჩაგვრის წინააღმდეგ. მეორე ეპიზოდი ეთმობა 1980 წელს პოლონეთში კომუნისტური რეჟიმის და 1983 წელს ჩილეში სამხედრო დიქტატურის  წინააღმდეგ დაწყებულ არაძალადობრივ საპროტესტო მოძრაობებს. შედეგად, პოლონელმა ერმა თავი დააღწია კომუნისტურ პარტიას და საბჭოთა კავშირისგან ხელდასხმულ მთავრობას, ხოლო ჩილემ – აუგუსტო პინოჩეტის დიქტატურას.

ქართული რეალობიდან აღსანიშნავია გუდიაშვილის მოედნის გადასარჩენად დაწყებული მრავალწლიანი ბრძოლა, რომელსაც სათავეში „ტფილისის ჰამქარი“ ედგა. ორგანიზატორებმა პროტესტის მშვიდობიანი ფორმების გამოყენებით, კარგად დაგეგმილი მედიაკამპანიით შემოიკრიბეს თანამოაზრეთა დიდი არმია და დანგრევას გადაარჩინეს თბილისის ერთ-ერთი უძველესი მოედანი. ის გარდაიქმნა საჯარო სივრცედ, სადაც იგეგმება და ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები: პრეზენტაციები, კონცერტები, ფესტივალები და ა.შ.

ვრცლად იხილეთ: https://shorturl.at/hxFIY

ქართულ რეალობაში კიდევ ერთი წარმატებული კამპანიაა მშვიდობიანი მოძრაობა ვაკის პარკის გადასარჩენად. მისი წარმატება განაპირობა სწორად წამოყენებულმა მოთხოვნებმა, პროტესტის მშვიდობიანი ფორმების (პეტიცია, აქციები, კარვების გაშლა და ა.შ.) გამოყენებამ, საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებამ და ა.შ.

ვრცლად იხილეთ: https://shorturl.at/hjp27

ფასეული რესურსების კიდევ ერთი საბადოა გლობალური მოძრაობა „მსოფლიო ომის მიღმა – World BEYOND War“. მის ვებგვერდზე განთავსებულია ყველა სახის ინგლისურენოვანი მულტიმედია რესურსი.

 

ორგანიზაცია გვთავაზობს ფილმების, ვიდეოების, სტატიების ფართო არჩევანს, რომლებშიც ნაჩვენებია ომის სისასტიკე, გავლენა საზოგადოებაზე, ცალკეულ ადამიანებზე და, საზოგადოდ, მსოფლიოზე. შესაძლებელია სამოქალაქო განათლების/გეოგრაფიის/ისტორიის ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება ინგლისური ენის მასწავლებელთან ერთად.

იმედი მაქვს, შემოთავაზებულ რესურსებს სასარგებლოდ მიიჩნევთ და გამოიყენებთ. ჩვენი როლი განსაკუთრებულია წინააღმდეგობის სწორი ფორმებისა და მიდგომების შესახებ მომავალი თაობებისთვის ინფორმირებაში.

 

 

დღის ჩანაწერი წერის სწავლებისთვის

0

წერის სწავლება რთული პროცესია, თუმცა, ჩემს პედაგოგიურ გამოცდილებაზე დაკვირვებით, არ მყოლია მოსწავლე, რომელსაც აზრის წერილობით ჩამოყალიბება არ შესძლებოდეს. ეს იმედით მავსებს და გამუდმებით ვცდილობ, დაწყებითი საფეხურიდანვე  მრავალფეროვანი ინსტრუქციები შევთავაზო ბავშვებს.  ერთ-ერთი წერითი დავალება, რომელიც მათ მთელი გულით შეიყვარეს, დღის ჩანაწერებია.

ნებისმიერი ფორმის წერილობითი აქტივობის შესრულებისას თანმიმდევრულად ვიმეორებ რამდენიმე ეტაპს, კერძოდ:

  1. ინსტრუქციის მკაფიო განმარტება;
  2. მოდელირება – ინსტრუქციის მიხედვით მათ თვალწინ, ზოგჯერ კი წინასწარ, თავად ვწერ დავალებას და ხმამაღლა ვუკითხავ;
  3. შემდეგ თავად წერენ და საკუთარ ნაშრომს კლასის წინაშე კითხულობენ;
  4. ყურადღებიან მოსმენაში მოკლე ჩანაწერები მეხმარება – დღიურში ვინიშნავ საკვანძო სიტყვებს, რომელთა შესახებ განმავითარებელ კომენტარს ხმამაღლა ვამბობ და სახალისო ვიქტორინასაც ვთავაზობ;
  5. თითოეული მოსწავლის ნაშრომში ყოველთვის მოიძებნება ისეთი აზრი, წინადადება ან სიტყვა, რომელიც აღნიშვნასა და წახალისებას იმსახურებს;
  6. რედაქტირება – ორთოგრაფიასა და პუნქტუაციაზე მუშაობაც სახალისო და შედეგიანია, თუ ის ზემოთ აღწერილი პროცესის ნაწილად იქცევა;
  7. კლასში მუშაობის შემდეგ საშინაო დავალების შესრულების – ინსტრუქციისთვის დამოუკიდებლად თავის გართმევის – დრო დგება;
  8. საშინაო დავალებას ზოგჯერ ხმამაღლა კითხულობენ კლასში, ზოგჯერ კი მათ რვეულებს ვაგროვებ და ნაშრომის ქვეშ განმავითარებელ კომენტარებს ვუტოვებ. ამგვარი წერილობითი თუ სიტყვიერი მიმოცვლის უწყვეტი პროცესით წერის სწავლების ახალ ეტაპზე გადავდივართ. ხშირად ჩემ მიერ დაწერილი განმავითარებელი კომენტარები დღის ჩანაწერებად გადაიქცევა ხოლმე.
  9. დროდადრო მოსწავლეების წერილობით ნამუშევრებს ბლოგზე ვაქვეყნებ, რაც მათ მოტივაციას მატებს. ბოლო დროს კი უფროსკლასელებსა და უმცროსკლასელებს ერთმანეთის საშინაო დავალებების წაკითხვისა და კომენტარების დაწერის საშუალებას ვაძლევ.

ყოველდღიური მუშაობა გარკვეული ხნის შემდეგ შესანიშნავ შედეგს იძლევა. ინსტრუქციის გაგება-შესრულებაშიც იწაფებიან და თავადაც უჩნდებათ კლასელებისთვის წერილობითი დავალებების მოფიქრების სურვილი.

დღის ჩანაწერის დადებითი მხარეები

ბავშვებისთვის სასიამოვნოა საკუთარ გამოცდილებაზე, ემოციებსა და დაკვირვებებზე წერა. ამგვარად მასწავლებლებს მათი შინაგანი სამყაროსა და ფიქრების გაცნობა შეგვიძლია. ხშირად ისეთ დეტალებს ტოვებენ წინადადებებს მიღმა, რომლებიც გვაფხიზლებს, ქმედებისკენ გვიბიძგებს. მათ სამყაროს კიდევ უფრო ვუახლოვდებით. დღის ჩანაწერთან ერთად იზრდებიან და ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა დაკვირვებისთვის, მაგალითად, თანდათან იყენებენ მხატვრულ ხერხებს, პარალელებს ავლებენ წიგნებსა და ფილმებთან. დღის ჩანაწერით სამყაროზე დაკვირვებას ეჩვევიან და ესთეტიკური აღქმაც უფაქიზდებათ.

ინსტრუქცია

პირველ ხანებში ხშირად ამბობენ, რა დავწეროთ, არ ვიცითო, ამიტომ ინსტრუქციას ვაძლევ, მაგალითად:

  1. რას ვხედავ?
  2. რას ვგრძნობ?
  3. რა მესმის?
  4. რას ვფიქრობ?
  5. გაიხსენე დღის ერთი ამბავი.
  6. დასვი ერთი კითხვა.

თავდაპირველად დღის ჩანაწერს ამ ქარგის მიხედვით ვწერთ, მერე და მერე კი დაწვრილებითი მითითებები აღარ სჭირდებათ. თუკი ქარგას დავაკვირდებით, ადვილი ამოსაცნობია ჩემი მასწავლებლური ჩანაფიქრი, კერძოდ, ხედვა, შეგრძნება, სმენა, ფიქრი – ამ ყველაფერზე წერა მათ საკუთარი სივრცის აღქმას ასწავლის.

დღის ამბის გამოკვეთაც, ერთი შეხედვით, მარტივია, მაგრამ თავდაპირველად ძალიან უჭირთ. ამბობენ, რომ არაფერი მომხდარა. არადა, ყოველდღიურობა, ჩვეულებრივ დღეებს რომ ვეძახით, სავსეა ამბებით.

კითხვის დასმა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია. დღის ჩანაწერში ეს პუნქტი წიგნ „გედის საყვირის“ გამო გაჩნდა. სემ ბივერი, მთავარი პერსონაჟი ბიჭი, დღიურს წერს და ყოველი ჩანაწერის ბოლოს კითხვებს სვამს. კითხვის დასმით ბავშვის ცნობისმოყვარეობას გავააქტიურებთ და სააზროვნო უნარების განვითარებაში დავეხმარებით.

მეტი სიცხადისთვის დავიმოწმებ ერთ-ერთ გაკვეთილზე მოდელირებისთვის დაწერილ ჩემს დღის ჩანაწერს:

„ცაზე ვარსკვლავებია, ჰაერში – სუსხი. ზამთრის პირმა მოატანა. აცივდა. დღეს ჩემი ძმის საყვარელ მუსიკას ვუსმენდი. ზუსტად იმ დროს, როცა მე ზურაზე ვფიქრობდი, ფანჯარასთან თეთრი მტრედი მოფრინდა. ვიფიქრე, რომ ზურა მოვიდა. ამ ბოლო დროს ვფიქრობ, ადამიანების სულები პეპლებად და ჩიტებად ხომ არ გვევლინებიან.

ვგრძნობ, რომ მისმენთ და მიხარია. ვხედავ კომპიუტერის ეკრანზე აფერადებულ ფარდას, რომელსაც მე და ჩემი შვილები რაჭაში ნაჭრის საღებავებით წელიწად-ნახევარი ვხატავდით. ასე რომ, ჩემ უკან ამბავი კიდია. ამბავს ვხედავ.

რატომ არის ფიფქი მსუბუქი?“

შესაძლოა, დღის ჩანაწერის ქარგა პერიოდულად განახლდეს, მაგალითად, დავწეროთ, როგორი ამინდია, რა გაგვიხარდა ყველაზე მეტად, რა გვეწყინა, ვინ გვენატრება, რას ვკითხულობთ და ვუყურებთ…

მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ავუხსნათ, რომ აუცილებელი არ არის, ყველა კითხვას უპასუხონ ან თანმიმდევრობა დაიცვან. დღის ჩანაწერის ქარგა წერის დროს ჩვენი ფიქრების მამოძრავებელ ძალად უნდა იქცეს. მან არ უნდა შეგვაფერხოს. ასევე, ზოგჯერ ვწერთ პერსონაჟის დღის ჩანაწერებს, რაც სიუჟეტის გააზრებასა თუ პერსონაჟის ხასიათზე საკუთარი მოსაზრების გამოთქმაში გვეხმარება. ისტორიული გმირების დღის ჩანაწერებიც დაგვიწერია, მაგალითად, მეოთხეკლასელებმა სამასი არაგველის დღის ჩანაწერები დაწერეს.

გიზიარებთ ბლოგზე გამოქვეყნებულ დღის ჩანაწერებს, რომელთა ავტორებიც მეოთხეკლასელები არიან.

https://comreadspress.wordpress.com/2023/03/12/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a9%e1%83%90/

ეს დავალება ჩემთვისაც დაუვიწყარი აღმოჩნდა. მახსოვს, თითოეულის ჩანაწერიდან სახალისო ვიქტორინისთვის რა ჩავინიშნე. 10 წლის გოგო-ბიჭებმა  ყოველდღიურობა გულწრფელად და მრავალფეროვნად წარმოაჩინეს. ტყუპების – დათოსა და თაკოს – სახლში დედა ნამცხვარს აცხობს; ნიკოლოზი პატარა ძმას ეთამაშება და სიხარულისგან გავგიჟდიო, წერს; ცოტნე გამათბობელზე ჩამოსკუპებულ ღუნღულა მტრედს აკვირდება; ბარბარე ლიტერატურულ კაფესა და დაბადების დღეს ელოდება; დათუნა მამას საშაურმეში მიჰყავს; გაბრიელი მეგობრის შესახებ წერს, ისეთი თვალებით მიყურებს, ვიცი, მატყუებსო; ანდრია „ჰარი პოტერს“ კითხულობს და თვითმფრინავის გრძელ კვამლს ხედავს; თვითმფრინავი კიდევ ერთი ნიკოლოზის ჩანაწერშიც გაიელვებს; სოფო წიქარას წიგნზე ოცნებობს; სალომე რაღაცას ძერწავს, ჯერ არ გეტყვით, ხვალ გაჩვენებთო, და დაფაზე ახლაც გვაქვს გაკრული მისი გამოძერწილი ლოკოკინა, რომელსაც იაკობ გოგებაშვილის საინფორმაციო ტექსტში ორაგულები შავ ზღვაში თქვლეფენ; ნუცა მუსლიტერატურის მასწავლებელს მოწიწებით უსმენს; დაჩი ხაშურში მიდის და საღამოს ძაღლთან ერთად მთვარეს უყურებს; დემეტრე ცხრა ძმის მონუმენტის სანახავად მარაბდაში მიჰყავთ; ლიზის მამა და დაიკო ოლიმპიადაზე საუბრობენ; გოგა სალიტაზე დარდობს, რატომ არ დადის სკოლაშიო; თამარი უფროს ძმებზე წერს, ბრდღვიალა თვალებით მიყურებენო; საბა აზრებს ემშვიდობება; მეორე საბას დავალება არ აქვს და სანამ სხვები კითხულობენ, კლასის ამბებს დღის ჩანაწერში აღწერს.

ამგვარად, დღის ჩანაწერი წერის სწავლების ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად იქცა და ბავშვები უფრო ვრცელი წერილობითი ტექსტების წერისკენ სიხარულით მიჰყავს.

სასკოლო განათლება – გამოწვევები და პერსპექტივები

0

საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების სისტემები, მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა არსებობს საერთო პრობლემები, რომლებიც ეხება ყველას და არასასურველი შედეგები მოაქვს როგორც ლოკალური, ისე გლობალური თვალსაზრისითაც. კოვიდპანდემია სწორედ ასეთი გამოწვევაა და ზიანი, რომელიც მან მოიტანა, მსოფლიოს ქვეყნებისთვის პრობლემების სათავეში მოექცა მიგრაციასთან, სიღარიბესა და სოციალურ უთანასწორობასთან ერთად.

2020 წლის აპრილში, პანდემიის დასაწყისში, გაეროს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა წევრ ქვეყნებს, ბიუჯეტის დაგეგმვისას კოვიდით გამოწვეული საგანმანათლებლო კრიზისის დასაძლევად აუცილებელი რესურსებიც გაეთვალისწინებინათ. გაეროს, UNICEF-ისა და სხვა ორგანიზაციების მიერ შეგროვებული ფინანსური დახმარება, ათეულობით მილიონი ევრო, კონფლიქტებით დაზარალებული ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებზე გადანაწილდა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი აღიარება პანდემიით გამოწვეული საგანმანათლებლო დანაკარგებისა და მსოფლიოსთვის იმის შეხსენება, რომ 1990 წლის შემდეგ განათლებაში კრიზისულმა სიტუაციებმა გლობალური მასშტაბით მკვეთრად იმატა. კონფლიქტებისგან დაზარალებული ქვეყნები, განათლების გარეშე დარჩენილი ბავშვების მზარდი რაოდენობა, სიღარიბე, პანდემია… აღსანიშნავია, რომ ამ საფრთხეებზე არა მხოლოდ ევროპული, არამედ აზიური და ამერიკული ორგანიზაციებიც რეაგირებენ და პრობლემებს გლობალურ კონტექსტში განიხილავენ.

განათლების სისტემებზე პანდემიის ნეგატიური გავლენის შესამცირებლად საერთაშორისო ორგანიზაციების სწრაფი და ერთობლივი რეაქციები პრობლემის მასშტაბურობაზე მიუთითებს. პრობლემების ანალიზის დროს კვლევები ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ აკადემიურ და სოციალურ-ემოციურ უნარებზე – დანაკარგებს შორის მოიაზრება ჯანსაღ საკვებსა და სუფთა წყალზე/სუფთა გარემოზე წვდომის შემცირებაც, რაც მოსწავლეების ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.

ახლაც კი, როდესაც გვგონია, რომ პანდემია დასრულდა, მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოსწავლეები არ დაბრუნებულან სკოლაში. 2022 წლის ბოლოს UNICEF-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლიდანაც ვიგებთ, რომ, მიუხედავად პანდემიის დასასრულის მოახლოებისა, 23 ქვეყანაში, სადაც 400 მილიონზე მეტი მოსწავლე ცხოვრობს, სკოლები სრულად არ გახსნილა. მაგალითად, ჩინეთში.

პანდემიის დროს სასწავლო პროცესის შეწყვეტა აისახა მილიარდ-ნახევარზე მეტ ბავშვზე, რაც კარგად არის აღწერილი „პანდემიით გამოწვეული სასკოლო დანაკარგების შეფასების კვლევაში“ (ქადაგიძე, 2021). ანგარიშში აღნიშნულია, რომ განათლების ეკონომიკის მკვლევართა შეფასებით, სასწავლო პროცესის ხანმოკლე შეწყვეტაც კი მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენს მოსწავლეების მიღწევებზე (Alban Conto et al., 2020). მსოფლიო ბანკის თანახმად, სკოლების ხუთი თვით საყოველთაო დახურვამ შესაძლოა გამოიწვიოს სასწავლო დანაკარგები, რომელთა ამჟამინდელი ღირებულება 10 ტრილიონ აშშ დოლარს აღემატება (Azevedo et al., 2020) (ციტირებულია ქადაგიძე, 2021).

საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო კვლევების შედეგები პანდემიით გამოწვეულ სასწავლო დანაკარგებს უკავშირდება. ხელმისაწვდომი კვლევები საფუძველს იძლევა, ვივარაუდოთ, რომ, მიუხედავად სწავლების დისტანციური ფორმის გამოყენებისა, მოსწავლეებს სასწავლო დანაკარგები მაინც ექნებათ. ცალკეული კვლევები პანდემიის პირობებში წიგნიერებაში მოსწავლეთა მიღწევების დაახლოებით 70%-ს, ხოლო მათემატიკაში 50%-ს პროგნოზირებს (ქადაგიძე, 2021).

PISA-ს 2018 წლის ანგარიშის თანახმად, კითხვაში მოსწავლეთა საშუალო მაჩვენებლით საქართველო PISA 2018-ში მონაწილე 784–იდან იმ 49 ქვეყანას შორისაა, რომლებშიც მოსწავლეთა მიღწევების საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის 37 წევრი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს. სამი კომპონენტის შეფასების შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოში მოსწავლეებს პირველი კომპონენტის დავალებები განსაკუთრებით უჭირთ. ინფორმაციის მოძიების კომპონენტში ესოდენ მოკრძალებული შედეგი პარალელური და დაბრუნებითი ძიების უნარების განუვითარებლობაზე მეტყველებს.

როგორც მათემატიკაში, ისე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებშიც მოსწავლეთა საშუალო მაჩვენებლით საქართველო PISA 2018-ში მონაწილე 79 ქვეყნიდან იმ 46–ს შორის მოხვდა, რომლებშიც მოსწავლეთა მიღწევების საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს.

ირკვევა, რომ საქართველოში მოსწავლეებს უკვე ჰქონდათ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა წიგნიერებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის. კვლევათა შედეგების შეჯამებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მონაცემები კიდევ უფრო გაუარესდება, ხოლო პანდემიით გამოწვეული დანაკარგები რა სირთულეებს შექმნის სამომავლო პერსპექტივაში, სათანადოდ ჯერ კიდევ არ არის აღქმული სისტემის მიერ.

საერთაშორისო კვლევები ასევე განიხილავს იმ დაშვებას, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ სკოლაში შეიძლება უფრო ნაკლებმა მოსწავლემ იაროს, ვიდრე მანამდე. გლობალური მასშტაბით პრობლემა უფრო მეტად შეეხება ღარიბ ოჯახებს, სადაც ბავშვის შრომა დოვლათის შექმნის მექანიზმად და/ან ოჯახის რჩენის საშუალებად არის მიჩნეული.

2021 წლის OECD-ის ანგარიშში, რომელიც სკოლების დახურვის შესაძლო საფრთხეებსა და ეფექტებზე საუბრობს, ნათქვამია, რომ პანდემიამ კიდევ უფრო გააღრმავა სოციალური უთანასწორობა და სასწავლო შედეგების მიხედვით მოსწავლეთა მიღწევებს შორის მანძილი გაზარდა. მაგალითად, მაღალშემოსავლიან ოჯახებს, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ, მხარდაჭერა გაეწიათ შვილებისთვის არაფორმალური აქტივობებით, სასწავლო დანაკარგების ნაწილი განსხვავებულად შეეხო, ვიდრე ღარიბ ოჯახებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2021 წლის ანგარიში გვთავაზობს რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ ქვეყნებმა საგანმანათლებლო სისტემების პოსტკოვიდური გამოწვევების დროს. მთავარ რეკომენდაციებს შორისაა საგანმანათლებლო სივრცეების ადაპტირება (ტრადიციული საგაკვეთილო სივრცის მოდერნიზაცია), ტექნოლოგიებზე იაფი და უფასო წვდომა (მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის), სასწავლო გეგმების სამეცნიერო ცოდნით გამდიდრება, განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, მასწავლებელთა პროფესიული კავშირების წახალისება და ზოგადი განათლების დაფინანსების ზრდა.

საქართველოს კონტექსტში პანდემიის შემდგომ დანაკარგებთან გამკლავების საშუალებად რემედიაციის პროგრამების გაძლიერება სახელდება, რომლების მიზანს, ერთი მხრივ, პანდემიით გამოწვეული დანაკარგების აღმოფხვრა და, მეორე მხრივ, სისტემის გაძლიერებისა და კრიზისების ეფექტური დაძლევისათვის ლოკალური და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება უნდა წარმოადგენდეს (ქადაგიძე, 2021). ამ რეკომენდაციებს შორისაა დაფინანსების გაზრდა (არათუ შემცირება), სოციალურ კონტექსტზე მორგებული პროგრამების შემუშავება, ეთნიკურ უმცირესობებზე ფოკუსირებული პროგრამები, ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება.

 

 

სასკოლო ინტეგრირებული პროექტების უპირატესობები და მდგრადი განვითარების გამოწვევები

0

ბოლო დროს ხშირად ისმის მოწოდება: „ასწავლო დღეს ისე, რომ ფიქრობდე მომავალზე“. მისი შინაარსი თანამედროვეობის სისტემურ კრიზისებს უკავშირდება. მოსალოდნელ საფრთხეებთან გასამკლავებლად მსოფლიო საზოგადოებრიობის გაერთიანებაა საჭირო. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რისკების შესამცირებლად არაერთი პროგრამა შეიმუშავა. მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სამი ძირითადი კომპონენტის (ეკონომიკური ზრდა, სოციალური პასუხისმგებლობა და გარემოსდაცვითი ღონისძიებები) დაბალანსება, პრობლემების მოგვარება და კრიზისების დაძლევა სწარაფად ვერ მოხერხდება და მომავალი თაობების მზადყოფნას მოითხოვს.

როგორ გადავლახოთ სირთულეები? როგორ ვასწავლოთ ისე, რომ პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდები გავზარდოთ? როგორ მივაღწიოთ მომავლის მდგრადობას?

სასკოლო ინტეგრირებული პროექტები ასეთი საკითხების გადაჭრის გზების დანახვაში ეხმარება მოსწავლეს, რამდებადაც წარმოაჩენს იმ პროცესების ერთიანობას, რომლებიც ჩვენ გარშემო იყრის თავს. შესაბამისად, ინტეგრირებული პროექტი უბრალოდ სხვადასხვა საგნის გაერთიანება კი არ არის, არამედ გაერთიანება საერთო მიდგომის საფუძველზე:

  • ინტეგრირებული პროექტი არის სწავლების ინტენსიფიკაციის საშუალება, საგანთაშორისი კავშირების განხორციელების გზა ახალი ცოდნის აგებისა და უნარების გამომუშავებისთვის. ის ეხმარება მოსწავლეს დისციპლინათაშორისი კავშირების დანახვასა და შესაბამისი მეტასაგნობრივი უნარების გამომუშავებაში;
  • მისი ყოველი ეტაპი შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს, ვინაიდან დასახული მიზნის მიღწევა და პრობლემების გადაჭრა ცოდნის ინტეგრირებული გამოყენების გარეშე შეუძლებელია;
  • შედეგად მოსწავლეები აერთებენ ცოდნას, გამოიმუშავებენ საკუთარ წარმოდგენას სამყაროს შესახებ, გარემოს აღქვამენ როგორც ერთიან, მთლიან პროცესს.

ინტეგრაცია მათ ეხმარება:

  • დამოუკიდებლად შეიძინონ და გაიმდიდრონ ცოდნა – საჭირო ინფორმაციის მოძიება მოითხოვს ლიტერატურაზე სისტემატურ მუშაობას;
  • მოიძიონ მიზნის შესაბამისი ტექნოლოგია და უკეთესად გადმოსცენ სათქმელი – დღეს კვლევითი თუ შემოქმედებითი საქმიანობა ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია. მოსწავლეები მას იყენებენ მასალების შესაგროვებლად, ინფორმაციის სტრუქტურირებისთვის;
  • განიმტკიცონ კომპეტენციები – მოსწავლეები სიღრმისეულად გაიაზრებენ პრაქტიკულ, ცხოვრებისეულ პრობლემებს და გამოიმუშავებენ პრობლემის ერთიანობაში ხედვის უნარს.

ასეთი მიდგომა ერთგვარად ინოვაციურიცაა, რადგან ხელს უწყობს მოსწავლეს გარე სამყაროსა და სოციუმთან ადაპტაციაში, ქმნის მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოს და მაქსიმალურად უწყობს ხელს მისი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებას.

სასწავლო-მეთოდური კუთხით ინტეგრირებული პროექტები მოითხოვს სასწავლო აქტივობების ისე დაგეგმვას, რომ მოსწავლეთა ენთუზიაზმი და ინტერესმა იმატოს და პრობლემა მათ გულამდე მივიდეს, მით უმეტეს, როდესაც საქმე ასეთ აქტუალურ პრობლემებს ეხება.

 

სასკოლო ინტეგრირებულ პროექტებზე მუშაობის ეტაპები

  • მოსამზადებელი ეტაპი პრობლემის წინ წამოწევა, აქტუალიზაცია (პროექტის მიზნისა და ამოცანების გამოკვეთა);
  • დაგეგმვა (პრობლემის გადაწყვეტის გზის მოძებნა);
  • დანერგვა/ კვლევა (მოსწავლეები თავად აღმოაჩენენ ახალ ფაქტებს, აგებენ ახალ ცოდნას და არა მზა სახით იღებენ მასწავლებლის მონათხრობიდან ან საინფორმაციო წყაროებიდან);
  • შედეგების და დასკვნების ფორმულირებ;
  • შედეგების მიმოხილვა და პრეზენტაცია;
  • რაოდენობრივი და თვისებრივი შედეგებისა და პროექტული საქმიანობის პროცესის შეფასება.

მაგალითი: საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრის ერთობლივი პროექტი „მდგრადი განვითარება უსაფრთხო მომავლისთვის“

პროექტის მომზადებისას გათვალისწინებულ იქნა საგნობრივი სტანდარტის მოთხოვნები, შეიძლება ითქვას, პროექტი მიება საგნობრივი სწავლების მიზნებსა და შედეგებს:

  • საზოგადოებრივ მეცნიერებათა სწავლების მიზნები და ამოცანებ: მოსწავლის სამოქალაქო აღზრდა, თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე ორიენტირებული, აქტიური პიროვნების ჩამოყალიბება; მოსწავლისთვის ჰუმანური ღირებულებების ჩამოყალიბება; მოსწავლისთვის სოციალური უნარების (ეთიკის, ეკოლოგიური წიგნიერების, მეწარმეობის, საგანგებო სიტუაციებში რისკის შეფასებისა და უსაფრთხოდ მოქმედების და სხვ.) განვითარება; მოსწავლის დახმარება მსოფლიოს ერთ მთლიანობად აღქმასა და მიმდინარე პროცესებში საქართველოს ადგილის განსაზღვრაში;
  • უცხ.XI 5. მოსწავლე მონაწილეობს ინტერაქციაში; უცხ.XI 7. მოსწავლე იყენებს ზეპირმეტყველების სათანადო სტრატეგიებს; უცხ.XI 14. მოსწავლე განსაზღვრავს კითხვის მიზანს და შესაბამისად იყენებს კითხვის სხვადასხვა სახეობას (გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი); უცხ.XI 17. მოსწავლე გადმოსცემს საკუთარ შეხედულებას, დამოკიდებულებას და ასაბუთებს მას.

პროექტის მიმდინარეობისას, 2 კვირის განმავლობაში, მე-10-11 კლასების მოსწავლეები:

  • განაწილდნენ ჯგუფებად;
  • მოიძიეს ლიტერატურა ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • გაეცნენ მდგრადი განვითარების მიზნებს, მათი შესრულების მნიშვნელობას, მიღწევის გზებს;
  • გაეცნენ ამ მიმართულებით მსოფლიოსა და საქართველოში არსებულ გამოწვევებს და უკვე მიღწეულ შედეგებს (მაგალითად, დამუშავდა „მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების საბაზისო კვლევა: ლოკალიზების პერსპექტივები საქართველოში“ https://idfi.ge/ge/sdg-report-2021-georgia-results, რომელიც აისახა პრეზენტაციებშიც);
  • ხელი შეუწყვეს სკოლის მასშტაბით საკითხის ცნობადობის გაზრდას: მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართეს პრეზენტაციები დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის და უხელმძღვანელეს დებატებს მცირე ჯგუფებს შორის;
  • მეთერთმეტეკლასელებმა შექმნეს ელქტრონული წიგნი ინგლისურ ენაზე მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციისთვის – https://read.bookcreator.com/TFa9b8a9Y7OlpI1oFT7N45z1Ce12/YUtdV-JrT2i9Dcdcz1GW1Q?fbclid=IwAR3ldwyhXYHjucCCJPptDZ2kKl-HTpjXLjZG5EbxH830h5H9n4kTeUC14ag
  • მეათეკლასელებმა მოამზადეს პრეზენტაციები ქართულ ენაზე (რისთვისაც გამოიყენეს ქართულ და ინგლისურ საიტებზე განთავსებული ინფორმაცია) დიზაინის ონლაინ ინსტრუმენტის გამოყენებითhttps://www.canva.com/
  • https://www.canva.com/design/DAFgfVcxRYg/yAWw1H5YOQOUFXODyG3d5w/edit?analyticsCorrelationId=fc092cc0-2ae9-4262-843e-5954397654f7

პრეზენტაციებში აისახა, რა ვითარებაა საქართველოსა და მსოფლიოში მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ხარისხის მხრივ და რა გამოწვევებია აქტუალური ამჟამად.

გაიმართა დისკუსიაც ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც მოსწავლეები გამოეხმაურნენ მოსაზრებას: დღევანდელობის მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მომავალ თაობებს.

მოსწავლეებმა სრულყვეს საგნობრივი ცოდნა და უნარები და გაიუმჯობესეს აკადემიური შედეგები.

პროექტმა ხალისი და ინტერესი შესძინა მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებას, რაც პროექტის რაოდენობრივ და თვისებრივ შეფასებაზეც აისახა.

ინტეგრირებულმა პროექტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა პროექტზე დაფუძნებული სწავლების როლი, დადასტურდა, რომ თუ სასწავლო პროცესში აქტიურად ჩავრთავთ ინტეგრირებულ პროექტებს, მათ შორის – მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ დავალებებს, და ამას მივაწოდებთ როგორც გამჭოლი, ისე სხვადასხვა საგნობრივი კომპეტენციის კუთხით, ამით ხელს შევუწყობთ მომავალ თაობებს, ცხოვრების გამოწვევებს მომზადებულნი შეხვდნენ და იმავდროულად ცოდნა და უნარებიც გაიუმჯობესონ.

გაკვეთილი კლასკომპლექტში

0

2023 წელს  USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში  ჩავატარე გაკვეთილი თემაზე: ქართულიფული, შეკრება- გამოკლება.  1-2 კლასკომპლექტში მოსწავლეებმა შეძლეს გაკვეთილის ბოლოს დაგეგმილი შედეგების რეალიზება.  გაკვეთილი საკმაოდ აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო  დაგეგმილმა, მრავალფეროვანმა აქტივობებმა. ბავშვები საქმიანად ჩაერთნენ აქტივობებში, როდესაც ცდილობდნენ დაესახელებინათ რისთვის გამოიყენება ფული, გახალისდნენ საიდუმლო ყუთში  არსებული ნივთის გამოცნობისას ,ძალიან გაუხარდათ როდესაც ამოიცნეს ყუთში არსებული ფულის ნიშნები.  მოუთმენლად ელოდნენ როდის გადავიდოდით N 5 აქტივობაზე,  ,,მაღაზიობანა’’-ზე. ხალისით მოირგეს მყიდველის და გამყიდველის როლები, ცვლიდნენ როლებს . გამოვყოფდი გაკვეთილზე გამოყენებული რესურსების მრავალფეროვნებას. ამან უზრუნველყო მოსწავლეთა საკმაოდ მაღალი დაინტერესება და შედეგების მიღწევაც. გონივრულად მქონდა შერჩეული აქტივობების ორგანიზების ფორმები და მეთოდებიც.

გაკვეთილის თემა:   ქართული ფული, შეკრება-გამოკლება ქართული ფულის გამოყენებით.

კლასი :   1-2

 საგანი:  მათემატიკა

ჩატარების დრო:   4 მაისი 2023 წელი

სასწავლო მიზნები:  ეროვნული ფულის ნიშნების დასახელებისა და გამოყენების ჩვევების დაუფლება.

1კლასი:    შეკრება-გამოკლება 20-ის ფარგლებში.

2 კლასი:   ათეულების მიმატება 100-ის ფარგლებში

 სტანდარტი:  

 მათ. I.2. მოსწავლეს შეუძლია რიგობრივი რიცხვითი სახელების გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • განასხვავებს და ასახელებს ეროვნული ფულის ნიშნებს (მონეტებს და ბანკნოტებს) 20-ის ფარგლებში.

მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას, განსაზღვრავს განსხვავებას (მაგალითად, “რამდენით გაიზარდა/შემცირდა?”) და აღწერს რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს;

 

მათ. II.2. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვით სახელებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ახდენს შეკრება-გამოკლების დემონსტრირებას მოდელის გამოყენებით, დაადგენს მოქმედების შედეგს (მაგალითად,”რამდენით გაიზარდა, შემცირდა?”)

მათ. II.5. მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • განასხვავებს, ასახელებს და რეალურ/გათამაშებულ ვითარებაში იყენებს ეროვნული ფულის ნიშნებს (მონეტები და ბანკნოტები 100-ის ფარგლებში).

            გაკვეთილის მსვლელობა:

 1 ფაზა –  გამოწვევის ფაზა

აქტივობა;1    კლასის ორგანიზება  და საშინაო დავალების შემოწმება  (5წთ)

აქტივობა : 2   გონებრივი იერიში(5 წთ)

რა იცით ფულის შესახებ, რისთვის გამოიყენება?

2 ფაზა:   ძირითადი ნაწილი

აქტივობა: 3 ,,  საიდუმლო ყუთი“   (3 წთ)

წარვუდგენ ლამაზ ყუთს , რომელშიც ქართული ფულის ნიმუშებია . გამოიცნონ რა არის ყუთში.

მივაწვდი  მოკლე ინფორმაციას ფულის შესახებ. ( ავერსი , რევერსი, კუპიურა , მონეტა)

 

აქტივობა: 4  წერითი დავალება (7 წთ)

1კლასი :    ა)   ამოცანა

ჩანთა 20 ლარი ღირს . რამდენი 5 ლარიანით შეიძენთ ამ ჩანთას?

ამოხსნა:  20= 5+5+5+5

პასიხი: ოთხი ხუთლარიანით.

ბ)  სახელმძღვანელოდან გვ:87  N8

იპოვეთ სათამაშოებში გადახდილი თანხა:

 

2 კლასი:    ა)  ამოცანა

ვატოს ჰქონდა 50 ლარიანი.  მაისურში მან 30 ლარი გადაიხადა. რამდენი ლარი დარჩა მას?

ამოხსნა:  50-30=20

პასუხი:  დარაჩა 20 ლარი.

ბ)  სახელმძღვანელოდან გვ: 29N2-7

გამოიყენეთ თვლა ათეულებით და შეკრიბეთ

აქტივობა: 5    თამაში ,,მაღაზიობანა“(15წთ)

საკლასო ოთახში  მოწყობილია ვირტუალური მაღაზია.

ა) კატომ იყიდოს 3 ლარიანი მძივი, მიაწოდოს 10 ლარი . საბამ დაუბრუნოს ხურდა.

ბ) საბამ 12 ლარიანი ჩანთა იყიდოს  10 ლარიანი  და 5 ლარიანით. დაუბრუნოს ხურდა.

გ) იყიდოს 10 ლარით 5 ლარით 4 ცალი 1ლარიანით 20 ლარიანი ჩოგანი.      შეძლებს?

დ) კატომ იყიდოს სამი ცალი 5 ლარიანით  12 ლარიანი თოჯინა და 2 ლარიანი კალამი.

ე)   მასწავლებელი იქნება გამყიდველი. შეიძინონ ნივთები. მასწავლებელი არასწორად უბრუნებს ხურდას , ამოწმებს მათ ყურადრებას .

ვ) სურვილისამებრ შეიძინონ ნივთები, გამოითვალონ დანახარჯი და დაუბრუნონ ხურდა.

ზ) დაუშალონ ( დაუხურდაონ) ერთიმეორეს  10ლარიანი -5ლარიან , 2ლარიან , 1 ლარიენებად.     20 ლარიანი – 10 ლარიან და 5 ლარიან კუპიურებად.  50 ლარიანი- 20 ლარიან , 10 ლარიან და 5 ლარიან კუპიურებად.

 

აქტივობა : 6   საშინაო დავალება  ( 3წთ)

დახატონ თავისი დიზაინით , მახასიათებლებით , ნომინალით  ფულის ნიშანი.

შეჯამება: (2წთ)  მოსწავლეები: აჯამებენ გაკვეთილს , რა მოეწონათ, რა იყო მათთვის მნიშვნელოვანი, რა გაუჭირდათ.

 

მასწავლებელი: აღნიშნავს მოსწავლეების დადებით მხარეს, შეაქებს ჩართულობისთვის , მისცემს განმავითარებელ შეფასებას, რაში სჭირდებათ მეტი მეცადინეობა.

 

შეფასების რუბრიკა:   1კლასისთვის

2 კლასისთვის:

 

ამბავი ბიჭისა, რომელიც…

0

წინათქმა

გამარჯობა, საყვარელო მამიკო, – ასე იწყება წერილი, რომელიც 21 წლის ბიჭმა აფხაზეთიდან, რუსეთ-საქართველოს ომიდან, მამას გამოუგზავნა. წერილის დაწერიდან თვე-ნახევარში, 1993 წლის 23 მაისს, ეს ბიჭი 22 წლის გახდა. თვე-ნახევრის შემდეგ, 5 ივლისს, კამანის დაცვისას დაიღუპა. მას შემდეგ 30 წელი გავიდა. სამშობლომ, რომელსაც ბიჭმა უყოყმანოდ შესწირა თავი, თითქოს მიივიწყა ის, არსად მას არ ახსენებდნენ, მისი სახელი გმირთა მოედანზე, გმირთა მემორიალზეც არაა ამოტვიფრული. ასე წაეყარა მივიწყების, სიჩუმის მტვერი ერთი ქართველი გმირის სახელს…

მე კი ამ წლების მანძილზე ყველაზე მეტად ერთი რამ მეფიქრება ხოლმე – ნეტა რას გრძნობდა ეს ბიჭი იმ წამებში, როდესაც უკან მოხედა საკუთარ სიცოცხლეს, საკუთარ მომავალს და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ უნდა დარჩენილიყო. არადა, არჩევანი ჰქონდა – ან მისცემდა საშუალებას, მძიმედ დაჭრილი გაეყვანა თანამებრძოლებს და ამით მათ სიცოცხლესაც რისკის ქვეშ დააყენებდა; ან დარჩებოდა, ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლებდა და სხვებს გადარჩენის შანსს მისცემდა. წამები ჰქონდა გადაწყვეტილების მისაღებად და ასე გადაწყვიტა…

სწორედ ესაა გმირობა. არა თავგანწირული ბრძოლა, არამედ გადაწყვეტილება, როცა გადარჩენის შანსი, იმედი არის, მაგრამ შეგნებულად სწირავ სიცოცხლეს სამშობლოსა და სხვათა გადასარჩენად. ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან ცოტას თუ შეუძლია და ამიტომაც გვყავს ძალიან ცოტა გმირი. ამიტომაც უნდა ვიცნობდეთ თანამედროვე გმირებს.

ზურა

კითხვა უყვარდა ძალიან. დედამისი იხსენებს, სკოლიდან რომ მოვიდოდა, სადილს მოვუმზადებდი და რომ არ გამოდიოდა ოთახიდან, შევსულვარ და დამინახავს, სკოლის ფორმა ნახევრად ჰქონდა გახდილი, იჯდა ასე და კითხულობდა წიგნსო. თანამებრძოლები იხსენებენ, როგორც კი საშუალება მიეცემოდა, კითხვას იწყებდა, სანგარშიც კი კითხულობდა. ეს იყო მისი დასვენება და განტვირთვა ომის დროს.

ცნობისმოყვარე იყო ბუნებით, ყველაფერი აინტერესებდა და ყველაფერი გამოსდიოდა. მეცნიერება უყვარდა, საბუნებისმტყველო საგნები. მის ოთახში ახლაც დევს მისი დახატული ბიოლოგიის გაკვეთილები. არც არავინ სთხოვდა, თვითონ ხატავდა და ასე სწავლობდა.

ზურიკოს დეიდაშვილმა გაიხსენა, როგორ იკრიბებოდნენ ზაფხულის არდადეგებზე სვანეთში ბიძაშვილ-დეიდაშვილები, სულ ბიჭები და ეს იყო ბავშვური სიგიჟეების ხანა. ერთხელაც ზურიკო ჩამოდის მეორე სართულიდან წიგნით ხელში და გვეუბნება გაოცებული, იცოდით, რომ ბაყაყი თურმე კანით სუნთქავსო?! ასეთი იყო, იმ გართობის ჟამსაც ახერხებდა კითხვას და შემეცნებას.

სპორტი უყვარდა. შეუდარებლად თამაშობდა ფრენბურთს და მისი გუნდი ყოველთვის იმარჯვებდა.

ყვავილები უყვარდა, ცხოველებიც. სამყარო უყვარდა და ამ სამყაროს შეცნობა უნდოდა, მაგრამ ყველაზე მეტად ადამიანები უყვარდა, განურჩევლად იმისა, იცნობდა თუ არა, მოსწონდა თუ არა. სწორედ ადამიანის სიყვარულმა გადასძალა და გააკეთებინა საბოლოო არჩევანი.

დედა: როდესაც არ უნდა მიხვიდე, ღიმილით შემოგეგებება, მოგეფერება. თუმცა, თუ დააკვირდები, დაინახავ, რომ მის თვალებში ის სხივი არ არის, რომელიც შვილს გაატანა მარადისობაში საგზლად. მისი თვალები იღიმის, მაგრამ სევდა უძიროდ ტივტივებს მასში…

ერთხელ მეტროთი მივდიოდით. ვაგონის ბოლოს ვიდექით. ზურიკოს ხელი ჰქონდა გადახვეული და მე ამაყი ვიდექი ჩემი შვილის გვერდით. უცებ ზურიკო მოსწყდა ადგილიდან და გაიქცა ვაგონის მეორე ბოლოსკენ, თან ხალხს მიარღვევდა. ვერ მივხვდი, რა მოხდა და მეც გავყევი. დავინახე, როგორ მივარდა ვიღაც ბიჭს და ხელი შეაშველა, რომ არ წაქცეულიყო. იმდენ ხალხში მხოლოდ მან დაინახა, რომ ცუდად იყო ვიღაც და შველა სჭირდებოდა. უცებ გაიყვანა ვაგონიდან. მეც გავყევი და მაშინღა შევამჩნიე, რომ ბიჭი დაჭრილი იყო. ზურიკომ სწრაფად წაიყვანა სადღაც, ისე სწრაფად, რომ ვერ მოვასწარი გააზრება, რა ხდებოდა. ვიჯექი „სამედიცინო ინსტიტუტის“ ბაქანზე და ველოდებოდი, როდის დაბრუნდებოდა. ცოტა ხანში დაბრუნდა. აქვე ცხოვრობდა, უკანა კორპუსში და მივიყვანე ოჯახში, პირველადი დახმარებაც გავუწიეო, მითხრა. მე ვუსაყვედურე, როგორ გაბედე ასეთ არეულ დროს რომ უცნობი დაჭრილი სადღაც, უცნობ ოჯახში მიიყვანე, რას ფიქრობდი, იქნებ შენც საფრთხე გელოდებოდა იქ-მეთქი. ადამიანს უჭირდა და ამდენის ფიქრის დრო არ იყოო, მიპასუხა. ასეთი იყო, როდესაც ვინმეს რამე დახმარება სჭირდებოდა, სხვა არაფერზე ფიქრობდა, არც საკუთარ თავზე.

დღემდე მომდის ხმები, როგორ არ უკადრისობდა სანიტრობას, როგორ მიჰყავდა ტროლეიბუსამდე მოხუცები და შშმ პირები. ალბათ, ამიტომაც ოცნებობდა ექიმობაზეც. ალბათ, ამიტომ ჩააბარა ბიოლოგიის ფაკულტეტზე. სამომავლო პროფესიაც ისეთი უნდოდა ჰქონოდა, მუდამ სხვის სამსახურში ყოფილიყო, მაგრამ არ დასცალდა…

და:

ყველაფერი აინტერესებდა და სწავლა უყვარდა. წუხდა, რამდენი რამ მიშლის სწავლაში ხელსო. როცა ომში წავიდა, წიგნები მაგიდაზე გადაშლილი დატოვა, ხელი არ მოკიდო, რომ დავბრუნდები, გავაგრძელებ სწავლასო. ჩავიდა კიბეებზე, მობრუნდა, ხელი დამიქნია და წავიდა…

ციცინო ჯერვალიძე, ახლობელი:

ერთხელ დილით, სამსახურში წასასვლელად რომ ვემზადებოდი, ეზოდან საუბარი მომესმა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, სანამ დედაჩემმა არ დამიძახა. გარეთ გავედი. ეზოს ბოლოში დედასთან ორი უცნობი ქალი იდგა, ერთი მათგანი ასე 45-46 წლისა, დედას რაღაცას სთხოვდა და თან ეზოს ათვალიერებდა, მეორე სულ პატარა გოგო, 20 წლისა თუ იქნებოდა, შეწუხებული ხმას არ იღებდა. აბა, მოუსმინე შვილო, მითხრა დედამ… ქალმა მუდარის თვალები ახლა ჩემკენ მომართა და ამიხსნა, რომ მისი 22 წლის ბიჭი, თირკმელების უმძიმესი დაავადებით, საავადმყოფოში იწვა, ყოველ მესამე დღეს დიალიზი სჭირდებოდა. აქამდე რაიონიდან დაჰყავდათ, ახლა კი ექიმს უთქვამს, რომ შორი გზა ძალიან დამღლელი და არასასურველი იყო ავადმყოფისათვის და ურჩევია, იქნებ საავადმყოფოსთან ახლოს ეზოიანი ბინა იქირაოთ, რომ დიალიზიდან დიალიზამდე დასვენება შეძლოს და არც ჩაკეტილი იყოსო… გეხვეწებით, არ გვითხრათ უარი, – დაამთავრა ქალმა თავისი სათქმელი და თან ეზოს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი…იმხანად ჩვენთან ცხოვრობდა დედაჩემის ძმისშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, დალი, მისი თანაკურსელი, ლელა გურჩიანი და ლელას ძმა, 18 წლის ზურა. ზურას ძალიან უყვარდა კინოში წასვლა, დაიგულებდა სადმე ახალ ფილმს და მერე იწყებოდა – დალი, კინოში წამოხვალ? -ოოოოოოოჰ! ლელა, შენ? ოოოოოოო! ხათო, შენ რას იტყვი? -ოოოოოოო! სოფ, შენ მაინც წამოდი რა! -კარგი რა ზურა, კინოსთვის მცალია? ხვალისთვის უამრავი საქმე მაქვს გასაკეთებელი….. და თუ იმ დროს ბებოსთან სტუმრად იყო, 6 წლის აჩი უკვე ფეხსაცმელებს იცვამდა, რადგან იცოდა, ზურა ბოლოს მას მიადგებოდა – აჩი, წავედით კინოში და ისიც კუნტრუშით მისდევდა… არ ვიცი, აჩი რას იგებდა იმ ფილმებიდან, ზურა კი ფრიად კმაყოფილი ბრუნდებოდა და გოგოების კითხვაზე, რა ნახეთო, მოკლედ უპასუხებდა, თუ გაინტერესებდათ, წამოხვიდოდითო….

ასეთი მხიარული ეზო გვქონდა, როცა შეჭირვებული ქალი კარზე მოგვადგა…. მას ვუთხარი, რომ თუ ასეთი ხმაურიანი, ხალხმრავალი ეზო მათთვის მისაღები იქნებოდა და თან ოთახებიც მოეწონებოდათ, ჩვენ უარს არ ვეტყოდით… იმ დღესვე მოიტანეს საჭირო ნივთები, მეორე დღეს კი მალხაზიც მოიყვანეს. მიუხედავად მძიმე ავადობისა, მალხაზი მაღალი, წარმოსადეგი, კარგი გარეგნობის ბიჭი იყო.  უმეტესად იწვა ან ეზოში სეირნობდა და როგორც კი თუთის ქვეშ, მისთვის საგანგებოდ მოწყობილ სკამზე ჩამოჯდებოდა, ზურა მაშინვე იქ გაჩნდებოდა, გვერდით მიუჯდებოდა და საუბრით ართობდა…

გადიოდა დრო… მალხაზის მდგომარეობაც დამძიმდა. მხედველობის მკვეთრი დაქვეითება რომ დაეწყო, ოჯახისათვის უთხოვია – ჯერ იქ წამიყვანეთ, სადაც 9 აპრილის ტრაგედია მოხდა, მერე მთაწმინდაზე ამიყვანეთ და მერე სახლში წამიყვანეთ, არ მინდა საავადმყოფოში მოვკვდეო…. არ ვიცი, შეუსრულდა თუ არა პირველი ორი სურვილი, მაგრამ მესამე შეუსრულებელი დარჩა… მალხაზი 9 აპრილიდან ორ თვეში საავადმყოფოში გარდაიცვალა…  ძალიან განვიცადეთ. სამძიმარზე მე და ზურა წავედით. ადვილი წარმოსადგენია, იქ რა ამბავი დაგვხვდებოდა. წამოსვლისას მგლოვიარე დედამ ჭიშკრამდე მიგვაცილა, დედაჩემთან ლოცვებით გაჯერებული მადლობა და მადლიერება დამაბარა… ზურა კი გულში ჩაიკრა და უთხრა – ღმერთმა დაგლოცოს, შვილო და ჩემი მალხაზის დაკლებული დღეები შენ შეგმატოს, მადლობა, რომ ჩემს საცოდავ შვილს საავადმყოფოშიც აკითხავდი, ამხნევებდი და აიმედებდიო… ზურამ დაიმორცხვა, მე კი კიდევ ერთხელ გამოაცა მისმა დიდსულოვნებამ… წამოვედით დათრგუნულები. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია, მხოლოდ ერთხელ ამოთქვა ზურამ – აუ, ბიჭო! რა გმირი ყოფილა მალხაზი, რამდენ რამეს გაუძლო… არაფერი მითქვამს. აბა, მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ ამ 18 წლის ალალგულა ბიჭის, ზურა გურჩიანის სახით, მართლა გმირი იჯდა ჩემ გვერდით…

თანამებრძოლები:

იორამ პაკელიანი, მეგობარიროგორი იყო ზურა? სპეტაკი ადამიანი, ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი. ჩვენ ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით და ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. ზურიკოს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა ყველაფრის – მეგობრობის, ძმობის; მეგობრის გამო გულს ამოიღებდა, თავს გაწირავდა. პატრიოტული სულისკვეთების პიროვნება იყო, ძალიან ნიჭიერი, ნაკითხი, განათლებული… თითქმის სულ ერთად ვიყავით, ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. გამოცდები ჩაბარებული გვქონდა უკვე, ომი რომ დაიწყო აფხაზეთში, მან სოხუმში დარჩენა გადაწყვიტა, თავისი წიგნები და ნივთები ჩემთან გადმოიტანა. მე სოხუმში, „შუქურასთან“ვცხოვრობდი… ვკითხე, რას აპირებ, ხომ იცი, სახლში თუ არ დაბრუნდი, მშობლები ძალიან ინერვიულებენ, ომია, არ იცი, მომავალში რა იქნებამეთქი. თავი ჩაღუნა, წამით ჩაფიქრდა და მიპასუხა – ჩემი ძმები როგორ მიგატოვოთ, როგორ გავერიდო აქაურობას, მაშინ რაღაა ან ვაჟკაცობა, ან ქვეყნის და ძმების სიყვარულიო… ახლაც ჟრუანტელს მგვრის მისი სიტყვების გახსენება… პერიოდულად ვხვდებოდით ერთმანეთს, მისი შენაერთი დისლოკაციის ადგილს იცვლიდა ხოლმე.. მე კამანში გავიზარდე და ძირითადად, სულ კამანში ვიყავი… ვიცოდი, რომ ზურიკოს შენაერთი „სოხუმჰესზე’’ იდგა. კამანის ტრაგედიამდე დაახლოებით 1 თვით ადრე, მე მაშინ პოსტზე ვმორიგეობდი და ჩემი ცვლის გადაბარების შემდეგ, სანგარში ვიწექი, წამთვლიმა. ვიღაცამ გამაღვიძა – თან წყლის წვეთები მეცემა სახეზე. ვხედავ, ზურიკო, სამხედრო ფორმაში, მთლიანად სველი დგას ჩემ წინაშე; „სოხუმჰესიდან’’ მდინარით ჩამოსულა, ღამე… გამიკვირდა – შენ აქ საიდან გაჩნდი-მეთქი და შენ რა გგონია, მარტო შენ ომობო?! ჰესიდან ჩამოვედითო, მიპასუხა ღიმილით; 5 თუ 6 ბიჭი ახლდა. ცვლებში ვართ და ხვალ მინდა სვანეთში ავიდე, დედაჩემი ძალიან ნერვიულობს. ავალ, ვნახავ, დავაწყნარო, რომ კარგად ვარო. 3-4 დღით აპირებდა ასვლას და მერე მოვბრუნდებიო. ვუთხარი, ბიჭო, აღარ მობრუნდე, რა გინდა აქ, ამ ომშიმეთქი… ისე შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, გამებუტა, ზურგი შემაქცია და რომ გადიოდა, ვუთხარი, აქვე, მამიდაჩემთან მაინც გადი, ეგ სველი სამოსი გაიხადე, ცოტა გათბი და მერე წადიმეთქი, არაფრით არ წავიდა, ბიჭებთან ერთად ვარ, რომ გავიგე, აქეთ იყავი, ამიტომ მოვედი შენს სანახავად, ძალიან მომენატრეო… ასეთი სიყვარული, მეგობრობა და ძმობა იცოდა – უსაზღვრო, რომელსაც ომი და უბედურებაც კი ვერ ერეოდა…

მალხაზ კორძაია, ბაგრატიონის ასეულის მეთაური: საჯიშე ბიჭი იყო, ულამაზესი 2-მეტრიანი ვაჟკაცი. მართლაც გამორჩეული და განსხვავებული ყველასგან. სტუდენტი იყო, სწავლა მიატოვა, აკადემიური აიღო და ომში ჩამოვიდა, მე მერხს ვეჯდე და ხალხი ომობდეს, ამას ვერ დავუშვებო. ვაჟკაცურად მოიქცა, როგორც ეკუთვნის ქვეყნის ერთგულ და პატრიოტ ადამიანს. ბრძოლაც ასეთი თავგანწირული იცოდა. ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო. სოხუმჰესს ვიცავდით და ბატალიონის რამდენიმე წევრი გაგვიშვეს ერთ ობიექტზე. 6 დღით მივდიოდით, მაგრამ გაგვიგრძელდა ყოფნა, ლამის ორი კვირა და საკვები გაგვითავდა. ამიტომ მე და ზურიკო წავედით თევზების დასაჭერად. მიუხედავად სიფრთხილისა, მტერმა შეგვნიშნა და სროლა აგვიტეხა. ხელცარიელი ვერ დავბრუნდებოდით, ამდენი ადამიანი უკვე რამდენიმე დღის მშიერი ვერ გავძლებდით. ამიტომ, ფაქტობრივად, ტყვიების წვიმაში ამოვყარეთ მდინარიდან თევზები. დაბრუნებულებმა სასწრაფოდ შევწვით თევზი და როდესაც ჭამა დავაპირეთ, ზურიკომ შეგვაჩერა, შემწვარი თევზის ნახევარი გადმოყარა თეფშზე და წაუღო იქვე მცხოვრებ ქვრივსა და მის შვილებს. ჩვენ ხშირად ვეხმარებოდით ამ ქალს, მაგრამ იმ მომენტში, გულწრფელად ვაღიარებ, ისე გვშიოდა ყველას, რომ არ გაგვხსენებია არავის, ზურიკოს გარდა. თავისი წილი მათ წაუღო და თვითონ მშიერი დარჩა. ასეთი გულიანი ბიჭი იყო, ყოველთვის სხვაზე ფიქრობდა და ყველას ეხმარებოდა.

მე:

იმ ბნელ 90-იანებში რატომღაც შიშის გრძნობა არ მქონდა და საღამოობით, შებინდებულზე ჩვეულებრივ დავდიოდი ხოლმე. ეს შეუნიშნავს ზურიკოს და ერთხელ მითხრა კიდეც, მოერიდე საღამოს და მითუმეტეს ღამით სიარულსო. რა თქმა უნდა, ყურადღება არ მივაქციე. ერთხელაც, საღამოს 9 საათისთვის, იმდროინდელი გაგარინის მოედნისკენ მივდიოდი. მოსახვევში ვიღაცამ დამიჭირა, შიშისგან ვიყვირე და უცებ მესმის – მე ვარ, ნუ გეშინიაო. თან იცინოდა. სიცილი მართლა საოცარი იცოდა. ჯერ თვალები აუციმციმ-აუბრჭყვიალდებოდა, მერე სახე გაუნათდებოდა და ბოლოს გაიღიმებდა. გაგიჟდი-მეთქი, გაბრაზებულმა დავუყვირე. შენ ისე უდარდელად დადიხარ საღამოობით, მინდოდა დაგენახა, როგორ ადვილად შეუძლიათ, რომ შეგაშინონო, მითხრა. მერე ხელი ჩამჭიდა, სახლამდე მიმიყვანა და მთხოვა, თუ სადმე გაქვს წასასვლელი, მე მითხარი და გაგყვები, ოღონდაც ღამით მარტომ არ იაროო.

და ბოლოს…

…იმ თავის ცნობილ წერილში ზურა კი სწერს მამას: ისტორიკოსი კაცი ხარ და გეცოდინება, ხალხი, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა სამშობლოსათვის, გმირებად იქცნენ, ხოლო ისინი, ვინც ამ ომს გაექცა, ლაჩრებად მოინათლნენ. მე არ მინდოდა ლაჩარი მრქმეოდა. არც შენ გაგეხარდება, ვიცი, ლაჩარი შვილის ყოლა. ჰოდა, მოხრილად კი არა, წელში გამართული უნდა დადიოდე, რომ არ ავირჩიე ლაჩარი მრქმეოდა“, მაგრამ მამა სწორედ მისმა არჩევანმა მოხარა წელში, არჩევანმა, რომელიც არა მამის, არა დედის, არამედ სამშობლოს სასარგებლოდ გააკეთა… მამა თავადაც გმირი იყო, უსახელო გმირი. არა ზურიკოს აღზრდისთვის, არამედ იმ ერთი ამბისთვის, რომელიც მე პირადად მისგან მოვისმინე, წლების შემდეგ თავად მიამბო…  1993 წლის 1-ელ სექტემბერს, როდესაც ზურას მოსაძებრად შევიდა კამანში, აფხაზი მეთაური და რუსი გენერალი დახვდა. რუსი გენერალი გაბღენძილად უკმაყოფილო იყო, შენმა შვილმა ეს მინდორი ჩემი ჯარისკაცების გვამით ამივსოო, დააყვედრა… ზურა მდინარის მეორე მხარეს იპოვეს ბიჭებმა და მამას დაუძახეს, ვიპოვეთო. ყელში გაეჩხირა ბურთი, ბღავილი უნდოდა, იმის გამო, რომ ბოლო იმედი გადაეწურა; იმის გამოც, რომ შვილის დაკრძალვას შეძლებდა და სადღაც მზის გულზე არ დარჩებოდა მისი ვაჟკაცი… არადა, ისიც არ უნდოდა, რომ ცრემლი ენახა მტერს, რომელიც გვერდით ედგა. ვერ იტირებდა მტრის წინაშე და… სიმღერა დაიწყო. „გაღმით შენა ხარ, გამოღმით მე“ – წყალგაღმა შვილს უმღეროდა წყალგამოღმა მდგარი მამა და ასე იბრუნებდა სულში ბოღმას, ტკივილს, ცრემლს, უსაშველობას, უსასოობას…

ზურა

1993 წლის 5 ივლისს გამთენიისას შეუტიეს კამანს. სოფლის დამცველები ცოტანი იყვნენ, ბრძოლა განწირული იყო, მაგრამ მაინც იბრძოდნენ. უცებ ტყვიამფრქვევი დადუმდა. ზურამ მეტყვიამფრქვევეს გასძახა, რა გჭირსო. იმან, მჭიდე გაიჭედაო. ვერავინ გაბედა ტყვიების წვიმაში პოზიციის დატოვება. არადა, მეტყვიამფრქვევე და მებრძოლები განწირული იყვნენ, თუ დროზე არ გაასწორებდნენ. ზურამ დატოვა სანგარი, მიირბინა ტყვიამფრქვევთან, გაასწორა და რადგან დრო არ იყო პოზიციის შეცვლისა, თავად დაიწყო ტყვიამფრქვევით ბრძოლა. მტერმა იერიში ტყვიამფრქვევზე მიიტანა და ჭურვმა, რომლითაც ტყვიამფრქვევი ააფეთქეს, ზურიკოც მძიმედ დაჭრა. თუმცა, ბრძოლა არ შეუწყვეტია, მუცელში დაჭრილმა ავტომატი აიღო და იბრძოდა… როდესაც გადარჩენილმა მებრძოლებმა გადაწყვიტეს, უკან დაეხიათ, ტყისკენ და ისე გასულიყვნენ, გადაწყვიტეს დაჭრილი ზურას გაყვანაც. აი, იმ ერთ წამში მიიღო ზურამ დარჩენის გადაწყვეტილება. მიხვდა, რომ მისი გაყვანა გაუჭირდებოდათ, სწრაფად ვერ იმოძრავებდნენ, მტრის სამიზნე გახდებოდნენ ადვილად და შეიძლება, თავადაც ვერ მოესწროთ გასვლა. ჰოდა, გადაწყვიტა, არ დაეყენებინა სხვისი სიცოცხლე რისკის ქვეშ. ხელყუმბარები დამიტოვეთო, სთხოვა თანამებრძოლებს, თქვენ წადით სწრაფად და მე სანამ შევძლებ, გავაჩერებ მტერსო…

შეძლო… იბრძოლა მარტომ და თავისი უკანასკნელი ბრძოლით რეალობად აქცია მეტაფორა – ბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე… მისმა გადაწყვეტილებამ კი სხვათა სიცოცხლე იხსნა და მტერს დაანახა, რომ გმირები არ მარცხდებიან! გმირი შეიძლება მოკლა, მაგრამ გმირს ვერ დაამარცხებ!

ომის შემდგომი ამბები:

…ზურას მშობლიური სკოლა, რომელშიც სწავლობდა, რომელშიც მამა ისტორიას ასწავლიდა, რომელშიც დედა დღესაც ფიზიკას, და კი მათემატიკას ასწავლის, დღეს მისი სახელობისაა. მთელი 28 წელი დასჭირდა ამ პროცესს. 28 წლის განმავლობაში არავინ საუბრობდა ამ საოცარ ბიჭზე. ხანდახან მისი წერილი თუ გამოჩნდებოდა სოციალურ ქსელებში. არადა, ეს წერილი მთელი ისტორიაა, რომელიც გიყვება ზურიკოზე, მის ოჯახზე, სამშობლოს სიყვარულზე, ვაჟკაცობაზე, ადამიანობაზე, მოყვასის სიყვარულზე…

ასეთი სიჩუმე იყო მისი სახელის გარშემო მანამ, სანამ არ გამოჩნდა ბიჭი აფხაზეთიდან, ირაკლი შამათავა, რომელმაც წაიკითხა ეს წერილი, მთელი ღამე ვერ დაიძინა ემოციისგან და მეორე დღიდანვე დაიწყო მუშაობა და ბრძოლა ზურიკოს სახელის გაცოცხლებისთვის. 2021 წლის 1 აპრილს მესტიის რაიონის სოფელ ეცერის სკოლას მიენიჭა ზურაბ გურჩიანის სახელი.

„ვაჟკაც კაცს არ შეშვენის ვაი და ვუი, პირიქით, ისე მოიქეცი, ომში კი არა, სადმე, ლხინში გეგულებოდეს ჩემი თავი. მე თუ მკითხავ, ყველაზე მთავარი საქმე ქართველი კაცისთვის ეს არის აქ დგომა და უტეხი ხალხის დაცვა. მე ამას ქართველი კაცის ვალად ვთვლიწერილიწერილს უყვარს ლამაზი სიტყვები. მე კი ერთს გეტყვი, მე ჩემი თავი მართალი მიმიჩნია შენს წინაშეც და სამშობლოს წინაშეც – დანაშაულია, როდესაც ამ სიტყვების ავტორის შესახებ არაფერი ვიცით. არ ვიცით ჩვენი თანამედროვე გმირის სახელი, რომელმაც თავისი ვალი პირნათლად მოიხადა, ჩვენ კი ჩვენი სიჩუმითა და გულგრილობით ვუმტყუნეთ მასაც და მის სათაყვანებელ სამშობლოსაც…

ბოლოთქმა

გახსოვდეს აფხაზეთი! – ყველამ ვიცით ეს ლოზუნგი, მაგრამ დავფიქრებულვართ, როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენს მეხსიერებაში აფხაზეთი? ან რა არის ჩვენთვის აფხაზეთი?

ჩემთვის აფხაზეთი ზურა გურჩიანის წერილია – სიყვარულით, ერთგულებით, ვაჟკაცობით, ოცნებებით, იმედებით და ტკივილით სავსე წერილი. განსაკუთრებით ბოლო სიტყვები მკლავს, რომ ჰგონია, დაბრუნდება. დარწმუნებულიცაა, რომ თავის წილს მისცემს სამშობლოს და დაბრუნდება. სჯეროდა, რომ ეს მისი მოსაგები ბრძოლა იყო და ამ გამარჯვებით ცხოვრებას შეცვლიდა. თუმცა, მხოლოდ იმ ადამიანების ცხოვრება შეცვალა, რომელთაც თავისი წასვლით ცხოვრება დარდად აჰკიდა სულში…

ვერ დაბრუნდა…

ამიტომაც ესაა ჩემთვის აფხაზეთი, ეს მზიანი სულის ბიჭი, წერილშიც რომ ფრთხილობს ლამაზი სიტყვების გამოყენებას. სასწაულად ნამდვილი…

ამიტომაც აფხაზეთი ჩემთვის ეს წერილია, ნაღდი ბიჭის დაწერილი ნაღდი სიტყვებით. იმ ბიჭისა, რომელსაც გულუბრყვილოდ სწამდა, რომ სამშობლოს სიყვარული ყველაზე მეტია, ყველაზე ძვირფასია და ამიტომაც დაუფიქრებლად დათმო ყველაზე დაუთმობელი – სიცოცხლე…

…და დღეს რომ მთელი მსოფლიო სამშობლოს დამცველთა გმირობას აღტაცებული შეჰყურებს, აღტაცებული საუბრობს, მე ყოველთვის შენ მახსენდები, ზურა! მახსენდები შენი ჩუმი გმირობით, შენი თავდადებით და იმ თავგანწირვით, რომლებზეც ახლაც, 30 წლის შემდეგაც, ცრემლებით ყვებიან შენი თანამებრძოლები…

რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის ძლიერია და ამაყია და იმედიანია ის სამშობლო, რომელსაც შენ ჰყავხარ!

 

P.S. ამ ამბების წაკითხვის შემდეგ თქვენ თვითონ დაასრულეთ სათაური…

წერილში გამოყენებულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მომზადებული მასალა, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით შორენა სიხარულიძეს.

ბალადა გატეხილ ცხვირზე

0

ამ სტატიაში ერთ მომცრო ზომის ძალიან საყვარელ წიგნზე მინდა მოგიყვეთ. გენდერული სტერეოტიპების გაღვივებაში ნუ შემომედავებით, მაგრამ როცა წიგნს „ბალადა გატეხილ ცხვირზე“ ჰქვია, მიხვდებით, რომ მთავარი გმირი ბიჭია. ეს წიგნი საინტერესო იქნება ბიჭებისთვისაც, გოგონებისთვისაც და მოზრდილებისთვისაც. მთავარი ამბები პროტაგონისტის და მისი მეგობარი გოგონას თითქოსდა უცნაური ურთიერთობების ფონზე ვითარდება. ნიჭიერი ნორვეგიელი მწერლის, არნე სვინგენის მთავარი გმირის ცხოვრება საკმაოდ რთულია. ცამეტი წლის ბარტი დედასთან ერთად ღარიბულად ცხოვრობს. დედას ძალიან უყვარს, მაგრამ თავის მოვალეობას ალკოჰოლის ზედმეტი სიყვარულის გამო არასათანადოდ ასრულებს. ბარტსაც ირგვლივ დიდი და მცირე პრობლემები ახვევია, მაგრამ არასოდეს ნებდება, არც ცხოვრების ხალისს კარგავს.

ეს წიგნი ჩვენთვის, მასწავლებლებისთვისაც საინტერესოდ მიმაჩნია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, ერთ-ერთი კი ის გახლავთ, რომ კიდევ ერთხელ დაგვანახებს, რომ უმეტესწილად გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ამა თუ იმ ასაკის, პროფესიის, ეროვნების ადამიანების პრობლემებს სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაში. 13 წლის ნორვეგიელ ბიჭს თითქმის იგივე პრობლემები აქვს, რაც ამავე ასაკის ქართველს, ქართველისთვის არატიპური მშობლისა და ბებიის მიუხედავად, აქაც დავინახავთ ბევრ მსგავსებას, სკოლაში განვითარებული მოვლენებიც ნაცნობია. ასე რომ, კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს პრობლემებზე და მათ მოსაგვარებლად ადეკვატური მოქმედებების განხორციელებისკენაც გვიბიძგებს.

როგორც აღვნიშნეთ, ბარტს პრობლემები ნამდვილად არ აკლია. მოსიყვარულე დედა ალკოჰოლისადმია მიდრეკილები და ზოგჯერ საავადმყოფოშიც ამოყოფს ხოლმე თავს, მამის ვინაობა საერთოდ არ იცის, ღარიბია და ისეთ უბანში ცხოვრობს, თანაკლასელებთან გამხელაც არ სურს, კრივი არ ეხერხება და თავს მაინც არ ანებებს, სიმღერა უყვარს და სახალხოდ ვერ მღერის, სკოლაშიც პრობლემები აქვს… საოცარია, რომ ეს ბიჭი მაინც ახერხებს ყველა პრობლემას თავისებურად ებრძოლოს და რაც მთავარია, მშვიდად და რეალისტურად უყუროს ცხოვრებას, არ დაკარგოს ოპტიმიზმი და რაც ყველაზე საოცარია, იზრუნოს ზოგად პრობლემებზე.

ბარტი გონიერი ბიჭია, ის ერთი წუთითაც არ კარგავს რეალობის შეგრძნებას, მაგრამ ამავდროულად თავისი წარმოსახვითი სამყაროც აქვს, რეალური და წარმოსახვითი სამყაროები მისთვის თანაარსებობენ და მოხერხებულად შეუძლია გარემოების შესაბამისად იმოქმედოს. ზოგჯერ ეს სამყაროები ერთმანეთში აირევა ხოლმე და ბარტი იძულებულია მოიტყუოს. იგონებს, რომ თითქოს სერიული მკვლელების ფოტოებს აგროვებს, სინამდვილეში თანაკლასელებზე შთაბეჭდილების მოხდენა უნდა, რომ აგრესიის მსხვერპლი არ გახდეს, რისიც ძალიან ეშინია. ზოგჯერ დედას აჰყვება ხოლმე უნიჭო ტყუილებში ბებიის თვალის ასახვევად.

ბარტი ასე თუ ისე მშვიდად უმკლავდება თავის პრობლემებს, სანამ მისი პერსონით თანაკლასელი გოგო არ დაინტერესდება. ბარტი გაკვირვებულია, ვერ ხვდება რა განზრახვები აქვს მის მიმართ კლასის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გოგოს, მაგრამ ურთიერთობაზე უარს არ ამბობს, თუმცა ფიქრობს, გაუმხილოს თუ არა თავისი საიდუმლოებები, აცნობიერებს, რომ ადამ ისინი შეიძლება გათქვას, მაგრამ გოგონას მაინც მიენდობა. აქედან იწყება ბარტის უსიამოვნო თავგადასავლები, სხვებისთვის მჟღავნდება სწორედ ის დაფარული მხარეები, რომლებსაც ბარტი საგულდაგულოდ მალავდა. ძალიან უცნაურია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამ მისი პირველივე საიდუმლო გათქვა, ბარტი მაინც აგრძელებს მისთვის თავისი დაფარული გრძნობების, ნიჭებისა თუ ამბების განდობას.

რა შეიძლება ვუწოდოთ ასეთ საქციელს? ალბათ ის, რომ დაფარული ცხოვრება არ არის ნამდვილი ცხოვრება, ტყუილები დროებით შეიძლება დაგვეხმაროს, მაგრამ მასზე მთელ ცხოვრებას ვერ ავაგებთ. ბავშვებს არ უნდა რცხვენოდეს იმ გარემოებების, რომლებიც მათგან დამოუკიდებლად არსებობს, არამედ მათთვის თვალის გასწორება და, თუ შესაძლებელია, გამოსწორებაზე ფიქრი უნდა შეეძლოთ. ბარტი სწორედ ასეთი ბიჭი გამოდგა, ის ჯერ ჩუმად უმკლავდებოდა პრობლემებს. შემდეგ კი, როცა მისი პრობლემები ადამ არცთუ სასიამოვნო ფორმით გაიტანა სააშკარაოზე და ამით ბარტს უსიამოვნებები მოუტანა, ბარტი არც მეგობარზე დაბოღმილა, არც პრობლემებს გაქცევია, ადასთან მეგობრობაც გააგრძელა. თითქოს მიხვდა, რომ გოგო ამას ბოროტი განზრახვით არ აკეთებდა, რომ ამგვარად ადას ის ცხოვრებასთან პირისპირ გამოჰყავდა. თუმცა ეს ჩემი მოსაზრებებია და როცა წიგნს წაიკითხავთ, შეიძლება სხვაგვარადაც იფიქროთ. ერთი რამ კი ცხადია, ადა საბოლოოდ ნამდვილი მეგობარი აღმოჩნდა და ბარტს თავისი ცხოვრების უდიდესი შიშის დაძლევასა და ნამდვილი ტრიუმფის მოწყობაში დაეხმარა.

რომ არა ადა, ბარტი ალბათ ვერაფრით მოახერხებდა თავისი დაფარული ტალანტის, საოპერო ნიჭის გამოჩენას. გოგონამ ჯერ თავის კერპს, მომღერალ ბრინ ტერფელს შეახვედრა სასტუმროში, შემდეგ კი კიდევ უფრო საოცარი საქციელისკენ უბიძგა, სახალხოდ სიმღერის შიში დააძლევინა და მან დიდებულად იმღერა სკოლის ზეიმზე. ერთადერთი ადამიანი, ვინც იცოდა, რომ ბარტს სიმღერა შეეძლო, ადა იყო, მან არ მისცა ბარტს ხელის ჩაქნევის უფლება და საოცარი ოსტატობით დააძლევინა შიში. როგორც ჩანს, თვითრწმენაც რომ გვქონდეს, ზოგჯერ მიზნის მისაღწევად სხვასაც უნდა სწამდეს ჩვენი წარმატების. მიუხედავად იმისა, რომ ბარტი სულაც არ არის სუსტი ნებისყოფის ბიჭი, ფიზიკურადაც იბრძვის, მოხერხებულობაც არ აკლია და საზოგადო საქმეებზე ზრუნვაც შეუძლია, თავისი ყველაზე დიდი ნიჭის გამოვლენაში მეგობარი ეხმარება.

ამგვარად, ეს წიგნი მოზარდების მეგობრობაზეა, როგორ იცხოვრონ მათ არცთუ მარტივ გარემომცველ სამყაროში, სადაც ისინი უამრავ დიდსა თუ პატარა პრობლემას აწყდებიან, როგორ შეინარჩუნონ სულიერი სიმტკიცე, როგორ იპოვონ მიზნისაკენ მიმავალი გზა. მოზარდებისთვის მთავარი ავტორიტეტი, როგორც ჩანს, მაინც მათივე თანატოლები არიან, ნამდვილი აღიარება და მეგობრობა მათთან არის შესაძლებელი. მოზარდებს ზოგადად უჭირთ ემოციების გარეშე, მშვიდად გააანალიზონ მათ ირგვლივ მიმდინარე მოვლენები, მაგრამ ემოციური ფონი ორმაგდება, როცა ისინი თანატოლების მხრიდან შეფასების ობიექტი ხდებიან. ყველა ნიუანსი ძალზე მნიშვნელოვანი ხდება მათთვის: გარეგნობა, სოციალური მდგომარეობა, ჩაცმულობა, საცხოვრებელი. მოზარდებს უჭირთ იმის გაანალიზება, რომ ბევრი გარემოება, რითაც ისინი შეიძლება თანატოლის მიერ შეფასდნენ, მათზე სულაც არ არის დამოკიდებული, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არაფერს ცვლის. მოზარდებისთვის მათი თანატოლის აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება, უფროსების ამოცანა ის არის, როგორ მოვახერხოთ ჩვენი ლოგიკურად ახსნილი მოსაზრებები იმგვარი ფორმით მივიტანოთ მათთან, რომ არ ვეცადოთ თანატოლების მოსაზრებების უშედეგო უგულებელყოფას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სიზმრები და ნათლის სვეტის გამოვლინება აკაკის შემოქმედებაში

0

აკაკი წერეთელთანაც, როგორც ილიასთან, მამულის ცნება, სამშობლოს სიყვარულის გრძნობა საკრალიზებულია.

აკაკი წერეთლის შემოქმედებაში უამრავ ისეთ სახე-სიმბოლოს მოუყრია თავი, რომელთა არქეტიპები თუ ფესვები უძველეს ქრისტიანულ კულტურასა და მწერლობაშია საძიებელი, თუმცა ეპოქისა და მწერლის ინდივიდუალური ხედვის შესაბამისად ტრანსფორმირებულს. ამასთან, ქრისტიანულმა სიმბოლიკამ აკაკისთან მხატვრული ფუნქციაც შეითავსა და განსხვავებული სახით წარმოჩნდა, მაგრამ ძირითადი დანიშნულება და ქრისტიანული შინა-არსი შეინარჩუნა. უფრო მეტიც: მათ ქრისტიანულ, სარწმუნოებრივ შინაარსს ეროვნული შინაარსიც დაუკავშირდა, რაც, მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ეპოქის მწერლობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნიშანია.

აკაკი წერეთლის პროზასა თუ პოეზიაში სიზმარს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია როგორც ამქვეყნიურისა და ზეციურის დამაკავშირებელ რგოლს. მხატვრული თვალსაზრისით ლიტერატურაში სიზმარს ხშირად იყენებენ, თუმცა აკაკი წერეთელის „სიზმრები“ არ არის მხოლოდ მხატვრული ხერხი, ის ხიდის, ლიმინალური ზღურბლის ფუნქციას ასრულებს, თავის თავში აქცევს აწმყოს, წარსულსა და მომავალს, რითაც მარადიულობის ილუზიას ქმნის, დროის ერთიანი, დაუნაწევრებელი მსვლელობა კი ქრისტიანობის განუყოფელი ნაწილია.

აკაკი წერეთლის მიერ საკუთარ შემოქმედებაში სიზმრების მოხმობა და ხშირად სათაურად გამოტანაც (ლექსი „სიზმარი“, მოთხრობა „ორი სიზმარი“ და სხვ.) იმაზე მიუთითებს, რომ ავტორი შეგნებულად მიმართავს სიზმრებს, რაც არა მხოლოდ მხატვრული სამკაულია, არამედ ეპოქის მიერ ნაკარნახევი საჭიროებაც. კარლ იუნგი არქეტიპებზე მსჯელობისას აღნიშნავს: „…მრავალი ასეთი არქეტიპული ხატი არსებობს, მაგრამ ისინი არ წარმოაჩენენ თავს სიზმარსა თუ ხელოვნების ნაწარმოებში, თუკი მათ საერთო გზიდან გადახვევა არ აამოქმედებს. როცა შეგნებული ცხოვრება ცალმხრივი ხდება ან მცდარი გზით მიემართება, ეს ხატები „ინსტინქტურად“ ამოდიან ზედაპირზე სიზმრებსა და ხელოვანის ან ნათელმხილველის ფანტაზიებში, რათა აღადგინონ როგორც ინდივიდის, ასევე ეპოქის ფსიქიკური ბალანსი“. აკაკიმ იგრძნო საფრთხე, რომ მისი სამშობლო, მისი „ხატი“ ტრადიციული გზიდან უხვევდა, გარეგან თავისუფლებაწართმეული, შინაგან თავისუფლებასაც კარგავდა, ქრისტეს მცნებებს ივიწყებდა, მცდარი გზით მიდიოდა, „გარუსება“ დღითი დღე უფრო და უფრო საშიში ხდებოდა, ქართველთა გულებში რაღაც უხილავი ძალა სამშობლოს ჩანაცვლებას ცდილობდა. სწორედ ამ საკითხების გაცნობიერების კვალდაკვალ ამოტივტივდა მწერლის შემოქმედებაში უძველესი ქრისტიანული არქეტიპი – ნათლის სვეტი. აღსანიშნავია, რომ ნათლის სვეტი აკაკისთან სიზმრებში ვლინდება. ქრისტიანული თვალთახედვით, რაც სიზმრად ეძლევა ადამიანს, ერთი ოცნებაა, მეორე – ჩვენება და სხვა – გამოცხადება. გამოცხადება წმინდა და ნათლით მოსილი სულის ზემგრძნობიარე ჭვრეტაა, რომელიც ამა თუ იმ საკვირველ ღვთიურ საქმეებსა და დაფარულ საღმრთო საიდუმლოებებს წარმოაჩენს“. ვფიქრობ, რომ აკაკის „სიზმრები“, სადაც წარმოჩნდა ნათლის სვეტი, გამოცხადებაა. იგი უფრო მეტია, ვიდრე სიზმარი. ძველი აღთქმის წიგნებში სიზმრები ღვთის ნების გაცხადების ერთ-ერთი საშუალებაა.

„ბაში-აჩუკის“ დასაწყისშივე აღწერილია მოძღვრის სიზმარი, რომელიც ერთგვარი შინაარსია, წინასწარმეტყველებაა ნაწარმოებისა, იგი პირველი წერტილია აქ მოთხრობილი ამბის განვითარებისა. სიმბოლური სახეებითაა წარმოდგენილი საქართველო, მტერი და სამი ჭაბუკი, ეს სიმბოლური სახეები ისეთი სახეებია, რომლებიც ადვილად ასახსნელია, ნაწარმოების მსვლელობის დროს კი ამ სიმბოლურ სახეებს ნელ-ნელა ფარდა ეხდება, ნელ-ნელა კარგავს თავის სიმბოლურობას და რეალურ სახეებად ყალიბდება. ეს რეალური სახეები ზედმეტად რეალურნიც კი არიან, ისტორიულად არსებულნი. ზღაპრული სახეებიდან (გველეშაპი, თეთრი მხედარი და სხვ.) ისტორიამდე – აი, ის გზა, რომელსაც „ბაში-აჩუკის“ მკითხველი გადის. ამ შემთხვევაში ნაწარმოებში მოხმობილ სიზმარს, გარდა მხატვრული ფუნქციისა, კვანძის შეკვრის დანიშნულებისა, უფრო არსებითი როლიც აკისრია, ეს არის ირეალურისა და რეალურის შეკავშირება, ერთგვარი მედიუმობა, შუამავლობა. სწორედ ამ ლიმინალურ ზღვარზე, რომელიც „არც იქითაა“ და „არც აქეთ“, გვევლინება ნათლის სვეტი, სამშობლოს მტრის (გველეშაპის) დამმარცხებელი სამი მეომრის ცხედარზე გადმოსული. „შიგ რომ შევედით, საყდარი ცარიელი იყო, მხოლოდ აღსავლის კარებთან ის სამი მეომარი ესვენა: ამ სოფლით გასულიყვნენ… თავზე ნათლის სვეტი ადგათ და მაღლით გალობა გუნდთა ისმოდა: „წმინდათა თანა განუსვენეო“ და სხვანი“. აქაც, როგორც აგიოგრაფიაში, ნათლის სვეტი მსხვერპლშეწირვის ჟამს ჩნდება როგორც ნიშანი ღვთისა, ან ღვთისჩენა, მოწამის წმინდანად შერაცხვის მაუწყებელი. თუმცა აგიოგრაფიაში რწმენას, უფალს ეწირებიან მსხვერპლად, აკაკისთან კი, როგორც ილიასთან, მსხვერპლშეწირვა სამშობლოსთვის ხდება. ამ ორ მწერალთან მამულის იდეა ღმერთის სიმაღლემდეა აყვანილი. ეს კარგად ჩანს „ბაში-აჩუკში“, სადაც ავტორი საქართველოს ცხოვრების ხედ, სვეტიცხოვლის უძველეს პარადიგმად, ბიბლიურ ცხოვრების ხედ წარმოსახავს: „საქართველოც ჩვენი ცხოვრების ხეა, საკუთარ ქართულ ნიადაგზე დარჩენილი და ზედ ქრისტეს რჯული დამყნილი… ხე, როგორც მცენარე, მოურწყველად ვერ იხარებს; ისე ეროვნების ხესაც ძირის გასამაგრებლად და ფესვების განზე გასადგმელად ოფლთან ერთად ხანდახან წმინდა მოწამეობრივი სისხლიც ეჭირვება სარწყავად“. მამულისთვის, სამშობლოს თავისუფლებისთვის გაღებული მსხვერპლი, მოწამეობა ნათლის სვეტით მტკიცდება, მოწმდება მსხვერპლშეწირვა – „უფალი სამშობლოსთვის“. ეს ნათლის სვეტი კი ის ნათლის სვეტია, ქართული აგიოგრაფიის გმირებს რომ ადგებოდათ ღვთიურ შარავანდედად, ღვთის ჩენას და სასწაულს რომ მოასწავებდა. ეს ნათლის სვეტი არ არის ილიასეული განდეგილის სარკმელში შემოჭრილი მზის სხივი, ხანდახან სვეტად გარდაქმნილი, – იგი მაშინ ჩნდება, როცა მოწამეობა უკვე აღსრულებულია. სიზმარში იხილვება იგი, რაც იმაზეც მიანიშნებს, რომ აკაკის დროინდელ გაუცხოებულ საზოგადოებაში სვეტმა რეალობიდან სიზმარში გადაინაცვლა, რადგან ქართველობამ რწმენა დაკარგა, ის რწმენა, რომელსაც ნათლის სვეტის გამოვლენა აძლიერებდა და კვებავდა ხოლმე.

მოთხრობაში „ორი სიზმარი“ ისევ სიზმრისეულ ჩვენებად გვევლინება სვეტი ნათლისა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოთხრობას მინაწერი აქვს – „მოხუცის მოგონება“, რაც იმის მაუწყებელია, რომ თხზულებაში განვითარებული მოვლენები წარსულის კუთვნილებაა. „ბაში-აჩუკიც“ წარსულს გამოხატავს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ აკაკი ნათლის სვეტს წარსულს მიაკუთვნებს, წარსულ სიზმარს. მწერალს თანამედროვე ეპოქაში არ ეგულება ნათლის სვეტი, რადგან „ორ სიზმარში“ ასახულ გარუსებისა და ეროვნულობის განადგურების პოლიტიკას შედეგი გამოუღია. ეროვნულობის ჩაკვლასთან ერთად ნათლის სვეტიც მიჩქმალულა, გამქრალა.

მოთხრობაში „ორი სიზმარი“ ასახულია ქართველი გიმნაზიელი ყმაწვილის გრძნობა-განცდები. ყმაწვილის თვალით დანახულია და აღქმულია მწარე რეალობა, როდესაც უცხო ძალა, აქამდის მისთვის უცნობი და გაუგებარი, ცდილობს, ჩაუკლას და შეურაცხყოს ყველაფერი ის, რაც მისთვის აქამდე უძვირფასესი და სანუკვარი იყო. გრძნობა-ემოცია ერთმანეთს ცვლის, თუ თავდაპირველად რუსები მას დიდებულ და წმინდა ერად ესახება, მერე და მერე ნაბიჯ-ნაბიჯ აცნობიერებს მათ ვერაგობას, ამის გაცნობიერებაში კი ისევ რუსი მასწავლებელი ეხმარება: ქართული სახარების კედელზე შეხეთქებით. აქ სიმბოლურ-ალეგორიულად არის გააზრებული იმდროინდელი საქართველოს მდგომარეობა, როდესაც რუსეთი არა მარტო ეროვნული სულის ჩაკვლას ცდილობდა, არამედ ქართველთა რწმენასაც უდიერად ექცეოდა. ყველაფერი ეს კი პატარა ბიჭის სიზმრებში ვლინდება, როგორც ყველაზე დაცულ ადგილას, სადაც რუსები ვერ შეაღწევენ. „ბიჭოს!.. აკი ესენი გუშინ ქრისტიანები იყვნენ?! დღეს სამოსელი გადაუგდიათ და კერპთთაყვანისმცემლობას აღიარებენ! „შევწიროთ მსხვერპლი მამონასაო!“ – იძახიან. სისხლიანი დანით ხელში მიარბენინებენ სამსხვერპლოდ გაწირულ ახალგაზრდებს ვიღაც გამხეცებულები!.. ცეცხლი მეკიდება, აგერ სადაც არის გული შემიწუხდება! მაგრამ დაილოცოს ღვთის სამართალი… დაიელვა, ყოველი გაანათლა; დაიქუხა და გავარდა მეხი, მოხვდა ანტიქრისტეს და ისიც თავის თანამოზიარეებით ჩავარდა ქვესკნელში.

შორით გამოჩნდება ნათლის სვეტი და თან მოჰყვება ქრისტე, ცოდვილთა და მართალთა განსასჯელად“ .

ასე მთავრდება მოთხრობა. აქ ნათლის სვეტი წარმოდგენილია ისევე, როგორც ნიკოლოზ გულაბერისძის საკითხავის ერთ-ერთ სასწაულში: აქ ნათლის სვეტი ჯოჯოხეთში ჩადის იესო ქრისტესთან ერთად მართალი სულის გამოსახსნელად. აკაკისთან, ისევე როგორც გულაბერისძესთან, ნათლის სვეტი მამა ღმერთის სახეა. ის „ორ სიზმარშიც“ ნიშანია უფლისა, რომელიც მომავალ აღდგომას და ქვეყნის მტარვალთაგან გათავისუფლებას მოასწავებს.

საინტერესოა ლექსი „სიზმარი“ – აქაც სიზმარში ვლინდება ნათლის სვეტი:

ეს რომ ბრძანა, ნათლის სვეტად

გადმოეშვა ცისარტყელა…

აიტაცა შუქთა შუქი

და მას გაყვა თანვე ყველა!…

რეალობას უპირისპირდება ილუზია, ავტორის სულის სიღრმეებში არსებული ოცნებები და სურვილები სიზმარში ისხამს ფრთებს.

ნათლის სვეტის ცისარტყელად გარდასახვა პოეტისთვის დამახასიათებელია. პოემა „თორნიკე ერისთავშიც“ ცისარტყელა ითავსებს ნათლის სვეტის „დანიშნულებას“.

აკაკი წერეთლის შემოქმედებაში ნათლის სვეტი ვლინდება როგორც ღვთის ნიშანი, როგორც რწმენისა და მომავალი იმედის სიმბოლო, როგორც ღმერთი, როგორც სამშობლოსთვის მსხვერპლად შეწირულ მოწამეთა წმინდანობის მანიშნებ

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...