კვირა, მაისი 31, 2026
31 მაისი, კვირა, 2026

ახალი საფრთხე თანამედროვე დემოკრატიისთვის

0

მონდომებით ვადევნებ თვალს ჟურნალ „მასწავლებლის“ ავტორის, ცნობილი ფილოლოგის – პროფესორ ცირა ბარბაქაძის წერილებს ხელოვნური ინტელექტის (AI) შესახებ. მეცნიერი, მისთვის დამახასიათებელი სილაღითა და პროფესიონალიზმით, აღწერს ხელოვნური ინტელექტის განუზომელ შესაძლებლობებს, საუბრობს ამ შესაძლებლობების განათლებისა და მეცნიერების სისტემაში შედეგიანად გამოყენების თაობაზე. მოხიბლული ვარ პროფესორის აღმოჩენებით, მასწავლებლებსა და ავტორს შორის მიმდინარე დისკუსიებით. მიხარია, რომ ბევრ პროფესიონალს შრომა შეუმსუბუქდება და დრო გამოუთავისუფლდება შემოქმედებითი საქმეების ბოლომდე მისაყვანად. თუმცა, ქ-ნი ცირაც აღნიშნავს და ჩვენც ყველამ შესანიშნავად ვიცით, რომ დიდ ტექნოლოგიურ ნახტომებს მნიშვნელოვანი საფრთხეებიც ახლავს თან.

არავინ აპირებს ლუდისტური მოძრაობის ჩამოყალიბებას, ტექნოლოგიების განადგურებას. გასაგებია, რომ ჩვენს მომავალზე უზარმაზარი გავლენა ექნება ხელოვნურ ინტელექტს. უბრალოდ, აუცილებელია, მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე არ დავხუჭოთ თვალი და ოდნავ უფრო ცივი გონებით მივუდგეთ დიგიტალურ რევოლუციას, რომელიც ლამის ყოველწამიერად იკრებს ძალას.

შევეცდები, თქვენი ყურადღება ჩემს დარგსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის ურთიერთმიმართების საკითხს მივაპყრო.

ვუპასუხოთ შეკითხვას: რა სიკეთე მოუტანა ახალმა გამოგონებამ დემოკრატიას?

დასავლური სამყაროს უამრავი პოლიტიკური ძალა რესურსების სიმცირეს განიცდის. მოკრძალებულ პარტიებს, სამოქალაქო ჯგუფებსა თუ მოძრაობებს არ აქვთ შესაძლებლობა, მდიდარი სუბიექტების მსგავსი კამპანიები აწარმოონ. ხან კარგი ვიზუალური მასალის შესაქმნელად არ ჰყოფნით ფული, ხან კადრები არ ჰყავთ მონაცემთა ანალიზისთვის. დღეს, ამგვარ გაერთიანებებს, სულ რაღაც 18-20 დოლარად შეუძლიათ ხელოვნური ინტელექტის რომელიმე პროგრამის შეძენა. ერთი ბრძანების გაცემაა საკმარისი და პროგრამა არც თუ ისე უხარისხო პოსტერებს, აუდიოჩანაწერებს, ვიდეორგოლებს დაამზადებს, პოლიტიკური ბრძოლის ორგანიზატორებს რამდენიმე წუთში შეუძლიათ, ხელში ჩაიგდონ თავიანთი მოქმედების მთავარი იარაღი – სააგიტაციო რესურსები. იმავე პროგრამისთვის მიცემული ბრძანებით, ასევე შესაძლებელია უამრავი მონაცემის დამუშავება ქალაქის მოსახლეობის, უბნის გეოგრაფიის, სამიზნე ჯგუფის სტატისტიკური მახასიათებლების შესახებ. ერთი სიტყვით, ხელოვნური ინტელექტი ხელს უწყობს სუსტთა ძლიერი ინსტრუმენტებით აღჭურვას და ამგვარად თანასწორობის წისქვილზე ასხამს წყალს.

თუმცა, ჩვენ ხომ ვიცით, რომ აუდიო-ვიდეო მასალების სინთეზი ბოროტმოქმედებსაც აძლევს ხელს. აშშ-ის 2024 წლის საარჩევნო კამპანია დახუნძლული იყო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი ცნობებით. დავაზუსტოთ! ჩვენ არ ვსაუბრობთ პროპაგანდისტული მიზნით დამზადებულ შარჟებზე, ე.წ. „მემებზე“ და სხვა მსგავს საშუალებებზე. დემოკრატიას საფრთხეს უქმნის ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნილი Deepfake. მაგალითად, წლის დასაწყისში ნიუ-ჰემფშირის შტატის ზოგიერთ საგრაფოში მცხოვრებთა ტელეფონებზე უცნაური ზარის ხმა გაისმა. ახალი ინგლისის მოქალაქეებს პრეზიდენტმა ბაიდენმა დაურეკა და სთხოვა, არ მიეღოთ მონაწილეობა შტატის წინასწარ კენჭისყრაში. ადგილობრივთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ე.წ. რობოქოლი დემოკრატთა წინასაარჩევნო სტრატეგიის ნაწილად მიიჩნია და პრეზიდენტის თხოვნას დაემორჩილა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დემოკრატებს ასეთი სააგიტაციო მასალა არ დაუმზადებიათ. ბაიდენის ყალბი ზარით მოქალაქეთა თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება სცადეს.

AI-ის იარაღებს მონდომებით იყენებს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მისი ყველაზე თვალსაჩინო მანიპულაცია ტეილორ სვიფტს უკავშირდება. რესპუბლიკელმა თავის გვერდზე არაერთი ყალბი ფოტო გაავრცელა, სადაც პოპ მომღერალს ტრამპის მხარდამჭერი მაისური აცვია, კონსერვატიულ დროშას აფრიალებს, ახურავს კეპი წარწერით Make America Great Again. არადა, მოზარდი თაობის კერპი კამალა ჰარისის ღია გულშემატკივარი გახლდათ.

გერმანიაში ხელოვნური ინტელექტით დამზადებულ სააგიტაციო მასალას ჩვენთვის ნაცნობი ფორმა აქვს. ალბათ, ზოგიერთ თქვენგანს მაინც ახსოვს 2010 წელს საქართველოს ერთ-ერთი ტელევიზიით გასული გადაცემა „იმიტირებული ქრონიკა“. საგანგებოდ დამონტაჟებული, გამოგონილ ამბებზე დაფუძნებული საინფორმაციო გამოშვება მოსახლეობას რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის, ხელისუფლების დამხობის, სატრანსპორტო კომუნიკაციების დაბომბვისა და პრეზიდენტის ლიკვიდაციის შესახებ მოუთხრობდა. მაშინ ამ გადაცემის მომზადებას მთელი თვე დასჭირდა, ცალკე დაიწერა სცენარი, ცალკე გამოიყო ჯგუფი, რომელმაც კადრები შეარჩია არქივიდან, ხმების მონტაჟმაც უამრავი დრო წაიღო. დღეს, რომელიმე გერმანელ ულტრამემარჯვენეს შეუძლია, AI-ის პროგრამაში ჩაწეროს: „ვიდეო უნდა აღწერდეს არალეგალურ მიგრანტთა ძალადობრივ ჯანყს რომელიმე ტიპურ, საქსონიურ პატარა ქალაქში“, ველში ატვირთოს რამდენიმე ფოტო, რამდენიმე პოლიტიკოსის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი და სულ რამდენიმე წუთში „იმიტირებული ქრონიკის“ აღმოსავლეთ გერმანული ვარიანტიც მზად არის. სულ რამდენიმე თვის წინ ასეთი ვიდეოებით დაიბომბა ევროპის უმდიდრესი ქვეყნის სოციალური ქსელები, ტელევიზორს აღარც იქ უყურებენ.

წარმოიდგინეთ, რა მოგველის, როცა AI განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადაინაცვლებს.

ერთი სიტყვით, მომავალში რეალობასა და სინთეზურ სიმულაციას შორის ზღვარი რომ არ წაიშალოს, მოსწავლეთა შორის სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის გავრცელება. ყველამ უნდა იცოდეს ხელოვნური ინტელექტით შექმნილი სიყალბის ნამდვილი ცნობებისგან განსხვავება, თორემ დემოკრატიას ტექნოლოგიური საფრთხეც ემუქრება.

არჩევანის თავისუფლება, როგორც დამოუკიდებელი პიროვნების ფორმირების წინაპირობა

0

ერთხელ, ქუჩაში მიმავალი დედა-შვილს შორის საინტერესო და საყურადღებო საუბრის უნებლიე მოწმე გავხდი. 5-6 წლის ბიჭუნა უხალისოდ ატრიალებდა ხელში მისთვის ახლადნაყიდ ბურთს და უკმაყოფილებას ვერ მალავდა: „მე ეს ფერი არ მომწონს, მეორე ფერის ბურთი მინდოდა“. დედისთვის გაუგებარი იყო რატომ გამოხატავდა უკმაყოფილებას ბავშვი და ცდილობდა მისი „ჭირვეულობა“ ჩაეხშო – „მე კი ეს ფერი მომწონს და საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს რა ფერის იქნება, ხომ გიყიდე ახალი ბურთი. შეეშვი წუწუნს“.

მშობლები, როგორც წესი, თვლიან რომ მათ უკეთ იციან თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი მათი შვილისთვის. სწორედ ამიტომ, გარკვეულ ასაკამდე სანამ მოზარდისგან სერიოზულ პროტესტს არ წააწყდებიან, თავად წყვეტენ რა ჩაიცვას, რა ჭამოს, ვისთან იმეგობროს მისმა შვილმა. მანიპულირების შიშით ბევრი ზრდასრული თრგუნავს შვილის მცდელობებს გააკეთოს რაიმე საკუთარი შეხედულების მიხედვით და მტკიცედ დაიცვას საკუთარი პოზიცია თუნდაც უმნიშვნელო საკითხებზე. ასეთი სტრატეგია ხშირად სერიოზული პრობლემების შემქმნელი ხდება დამოუკიდებელი პიროვნების ფორმირების პროცესში.

     რატომ არის მნიშვნელოვანი მივცეთ ბავშვს არჩევანის თავისუფლება:  

  • არჩევანის თავისუფლება ეხმარება ბავშვს განვითარდეს როგორც პიროვნება, ის მისი პიროვნების განვითარების ხელშემწყობი ხდება. პატარები ხშირად უსუსურად და უფროსებზე დამოკიდებულად აღიქვამენ თავს. თუმცა, როცა მათ ეძლევათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად მიიღონ ზოგიერთი, მათი ასაკისათვის შესაფერისი გადაწყვეტილება, უჩნდებათ დამოუკიდებლობის განცდა და საკუთარ თავში მეტი დარწმუნებულობა. ეს კი, თავის მხრივ, ეხმარება მათ პიროვნულ განვითარებაში და მომავალი ცხოვრებისათვის მომზადებაში;
  • ბავშვისთვის არჩევანის თავისუფლების მიცემით ჩვენ, უფროსები გამოვხატავთ პატივისცემას მისი აზრის და სურვილების მიმართ. ეს ეხმარება ბავშვს იგრძნოს თავი მნიშვნელოვნად, ღირებულად და პატივცემულად. გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანია ბავშვის თვითშეფასებისა და საკუთარი მნიშვნელოვნების გაცნობიერებისათვის. მას უნდა ესმოდეს, რომ ოჯახში პატივს სცემენ, როცა აძლევენ შესაძლებლობას მოიქცეს საკუთარი შეხედულების მიხედვით. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია ოჯახისთვის, რომ მის ქმედებებს მოაქვს სარგებელი და სიხარული. სწორი არჩევანის გაკეთებით ბავშვი გახდება უფრო თავდაჯერებული, დარწმუნებული საკუთარ თავში; პოზიტიური შედეგებით კი გაიგებს, რომ საგულდაგულოდ გააზრებულ გადაწყვეტილებას მივყავართ სასურველ შედეგებამდე. ის იგრძნობს სიამაყეს, ძალას. მომავალში კი მას ექნება უნარი მიიღოს გადაწყვეტილება და აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ არჩევანზე;
  • არჩევანის თავისუფლების მინიჭებით ბავშვი გახდება უფრო პასუხისმგებლიანი. როცა მოზარდს ვაძლევთ შესაძლებლობას გააკეთოს არჩევანი, ჩვენ მას ვეხმარებით პასუხისმგებლობის განვითარებაში. პატარა ბავშვებს ყოველთვის არ ესმით, რომ მათ მოქმედებას შეუძლია გავლენა მოახდინოს  სხვა ადამიანებზე. თუმცა, როცა იწყებენ გადაწყვეტილების მიღებას, ისინი ხდებიან, უფრო მეტად პასუხისმგებლიანები  თავის ქცევაზე და სწავლობენ გადაწყვეტილების მიღებას შედეგების გათვალისწინებით. ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ჩვენს თითოეულ არჩევანს აქვს შედეგები და ეს არის ზუსტად ის, რაც უნდა ისწავლოს ბავშვმა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საკუთარი გამოცდილებით. რა თქმა უნდა მოზარდმა შეიძლება დაუშვას შეცდომა, მაგრამ ნეგატიური გამოცდილება ასწავლის მას დაფიქრდეს თავის გადაწყვეტილებაზე;
  • არჩევანის თავისუფლების მიცემით ჩვენ ვეხმარებით ბავშვს კრეატიულობის და აზროვნების განვითარებაში. თუ ბავშვს არ მივცემთ არჩევანის თავისუფლებას, ამით შევზღუდავთ მის შემოქმედებით უნარებს, შევაფერხებთ მის პიროვნულ განვითარებას, დავაკარგვინებთ დამოუკიდებლობის განვითარების შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, ჩვენ, უფროსებს უფრო მეტი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ ორიგინალური, არასტანდარტული გადაწყვეტილებები, რისი წყალობითაც იწყებენ აზროვნებას უფრო შემოქმედებითად. ეს კი საკუთარი შემოქმედებითი უნარების განვითარების და მომავალი ცხოვრებისათვის მომზადების საშუალებას აძლევს ბავშვს;
  • ბავშვისათვის არჩევანის თავისუფლებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ისეთი ქცევითი და ემოციური გამოვლინებები, როგორიცაა ჭირვეულობა, ჟინიანობა, სიჯიუტე. ყოველივე აღნიშნული პატარებში, როგორც წესი, თავისუფლების შეზღუდვით, უზომო კონტროლით და დამოუკიდებლობის ნაკლებობით არის გამოწვეული. ბავშვს სურს რაღაც გააკონტროლოს საკუთარ ცხოვრებაში, მიიღოს პატარა გადაწყვეტილებები მაინც. მივცეთ მას შესაძლებლობა იგრძნოს თავი ძლიერად და უნარიანად, რომელსაც შეუძლია რაიმე გავლენის მოხდენა და უარყოფითი ქცევითი გამოვლინებები შესამჩნევად შემცირდება;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებით ბავშვი სწავლობს თავისი სურვილებისა და ემოციების უკეთ გაგებას. როგორ გაიგებენ მოზარდები რა მოსწონთ სინამდვილეში, თუ ჩვენ ყოველთვის ყველაფერს მათ ნაცვლად გადავწყვეტთ. შემდეგ კი ვსაყვედუროთ და ვწუხვართ იმის გამო რომ „მას არაფერი უნდა“. შესაძლოა მოზარდმა ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში ვერ ისწავლა არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება, რადგან ჩვენ, უფროსები მას ამის საშუალებას არ ვაძლევდით და მის ნაცვლად თავად ვაკეთებდით ყველაფერს;
  • ბავშვისთვის არჩევანის თავისუფლების მინიჭება განამტკიცებს მის კავშირს მშობლებთან. როდესაც უფროსები ვავლენთ ინტერესს ბავშვის მიმართ და ვითვალისწინებთ მის სურვილებს, ეს განამტკიცებს ნდობას და ურთიერთგაგებას ჩვენ შორის, რაც თავის მხრივ, ჩვენ შორის კავშირის განმამტკიცებელიცაა.

იმისათვის რომ ბავშვმა შეძლოს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, დამოუკიდებლად მოქმედება, შევეცადოთ მის ნაცვლად არ გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც განვითარების  კონკრეტულ ასაკობრივ საფეხურზე მას უკვე შეუძლია.

     რა არის ის, რაც არ უნდა გავაკეთოთ უფროსებმა ბავშვის ნაცვლად: 

  • ნუ ვილაპარაკებთ ბავშვის მაგივრად. ალბათ ყველა გავმხდარვართ იმის მოწმე, თუ როგორ პასუხობს დედა უცხო ადამიანის მხრიდან ბავშვისკენ მიმართულ შეკითხვას. მაგ. თუ დედასთან ერთად მოსეირნე პატარას შემთხვევით შემხვედრი მშობლის შორეული ნაცნობი შეკითხვით მიმართავს – „ გამარჯობა საყვარელო, რა გქვია“? მშობელი დაუფიქრებლად იწყებს პასუხის გაცემას და ეუბნება, რომ ამ მშვენიერ პატარას ქვია გიო. ხშირად მშობელი ამას მარტო მაშინ კი არ აკეთებს, როცა ბავშვი ძალიან პატარაა და ჯერ ლაპარაკი არ იცის, არამედ მაშინაც, როცა მეტყველებას უკვე საკმაოდ არის დაუფლებული და თავადაც შეუძლია შეკითხვებზე პასუხის გაცემა. ასეთი მოქმედებით ჩვენ ბავშვს ვართმევთ შანსს უპასუხოს დასმულ კითხვებს დამოუკიდებლად, განივითაროს დამოუკიდებლობა და დარწმუნებულობა საკუთარ თავში. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება დახმარება აღმოვუჩინოთ ბავშვს, ვასწავლოთ როგორ უპასუხოს მისკენ მიმართულ შეკითხვას და გავამხნეოთ, თუ ის მორცხვობს, საშუალება მივცეთ ბავშვს თავად ისაუბროს საკუთარი თავის შესახებ;
  • ზედმეტად ნუ დავეხმარებით ბავშვს. დაახლოებით 2-2,5 წლიდან პატარებს უკვე შეუძლიათ დამოუკიდებლად ჩაცმა, საკუთარი ჭიქის გარეცხვა და სათამაშოების დალაგება. სწორედ ამ ასაკში ბავშვებს სურთ ყველაფერი გააკეთონ დამოუკიდებლად და დაჟინებით მოითხოვენ ამას. სამწუხაროდ ბევრ ოჯახში უფროსები მუდმივად უკან დასდევენ ბავშვებს, ულაგებენ სათამაშოებს, აცმევენ, ღილებს უკრავენ, ხელით აჭმევენ, უმზადებენ სასკოლო ნივთებს და ულაგებენ ჩანთაში, ალაგებენ საწოლს და ამ ყველაფერს 9-10 წლამდე აკეთებენ. ასეთ შემთხვევაში ბავშვს უჩნდება უმწეობის, უსუსურობის განცდა და იწყებს ფიქრს – „მე თავად არაფერი შემიძლია გავაკეთო დამოუკიდებლად. დედის, მამის, ბებიის გარეშე თავს ვერაფერს გავართმევ“. ასეთ შემთხვევაში ბავშვს გაუჭირდება წინააღმდეგობის გადალახვა და ნებისმიერ სირთულეზე რეაგირება ექნება ისტერიული ქცევით, განუვითარდება საკუთარ თავში დაურწმუნებლობა. შეუძლებელია ბავშვი ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ პიროვნებად, თუ მას არ მივცემთ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას. დავრთოთ ბავშვს ნება გააკეთოს ის, რაც მას სურს, თუ ეს საფრთხეს არ შეუქმნის  მის სასიცოცხლო ინტერესებს. რა თქმა უნდა, პირველ ხანებში ბავშვის  მიერ განხორციელებული მოქმედებები იდეალური  არ იქნება, მაგრამ ეს სრულიად ნორმალურია;
  • პატივი ვცეთ ბავშვის გემოვნებას. უფროსები ხშირად ვცდილობთ თავს მოვახვიოთ ბავშვს ჩვენი საკუთარი მუსიკალური გემოვნება, ჩვენთვის მოსაწონი ფილმები, ტანსაცმლის სტილი. ბუნებრივია, რომ ეს კეთილი განზრახვით კეთდება, მაგრამ აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი უარყოფს ბავშვის ინდივიდუალურობას. ხშირ შემთხვევაში საკუთარი გემოვნების თავსმოხვევა სრულიად საწინააღმდეგო, საპირისპირო ეფექტს იძლევა – ბავშვი აკეთებს ან მოწონს ნებისმიერი რამ თუკი ის იმის საწინააღმდეგოა, რასაც ვთავაზობთ ჩვენ, უფროსები. იმისათვის, რომ ასეთ „ხაფანგში“ არ მოვხვდეთ, ვისიამოვნოთ, დავტკბეთ საყვარელი ფილმებით და მუსიკით. ბავშვს კი მივცეთ საშუალება თავად შეარჩიოს მისი მოსაწონი და თავს არ მოვახვიოთ ჩვენი ინტერესები და შეხედულებები;
  • გვახსოვდეს, რომ ბავშვმა უნდა ისწავლოს გადაწყვეტილების მიღება ოჯახის სხვა წევრების სურვილების გათვალისწინებით. ამიტომ, ის განაწყენებული რომ არ დარჩეს, განვიხილოთ სხვადასხვა ვარიანტები;
  • თუ ბავშვის არჩევანი წარუმატებელია, არ ღირს მისი გადაწყვეტილების გაკრიტიკება, შევთავაზოთ გაანალიზოს თავისი არჩევანი – რა დადებითი და უარყოფითი მხარეები, რა პლუსები და მინუსები აქვს მის არჩევანს. თუ ბავშვი დაჟინებით მოითხოვს თავისი გადაწყვეტილების განხორციელებას, მთელი რიგი მინუსების გამოვლენის შემთხვევაშიც კი, შევთავაზოთ დაფიქრდეს სარეზერვო გეგმაზე. აშკარა წარუმატებლობის შემთხვევაში მოვერიდოთ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „ჩვენ შენ გაფრთხილებდით, მაგრამ არ მოგვისმინე“. საყვედურების ნაცვლად შევეცადოთ განვსაზღვროთ შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლის გზები. ცხოვრება ყოველთვის უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს ადამიანებს. ძალიან მნიშვნელოვანია მათი დროულად შემჩნევა და სწორი არჩევანის გაკეთება

დაბოლოს, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ არჩევანის თავისუფლების მიცემა ბავშვისთვის უამრავი სირთულის თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს მისი აღზრდის პროცესში. ამასთან, გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები და განვითარების ყოველ ეტაპზე დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება იმ დოზით მივცეთ, რაც მისი ფსიქიკისთვის ასატანი იქნება. გვახსოვდეს, რომ ჩვენი ამოცანაა დავეხმაროთ ბავშვს განვითარებასა და მომავალი ცხოვრებისათვის  მომზადებაში მისი სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინებით.

 

 

 

აფრებიანი გემი

0

ჩემს მეგობარს ტატუ აქვს. იდაყვის გარეთა მხარეს აფრებიანი გემი ახატია. როგორც მახსოვს, რამდენიმე წლის წინ დაიხატა, თავისუფლების სიმბოლო მინდაო. არადა, თინეიჯერობის ასაკს  გამცდარი იყო. მისი არც ახლა მესმის და ნააზრევს მაშინაც ვერ ჩავწვდი, მაგრამ კაცია და გუნება. ბოლოს და ბოლოს ამ გემთან ერთად მთელი ცხოვრება თავად უნდა გაატაროს.

დერმატოლოგიის მიხედვით ტატუს რამდენიმე კატეგორია არსებობს.

  • ტრავმული ტატუ – როდესაც რაღაც შემთხვევის ან ტრავმის შედეგად საღებავი კანის ეპიდერმისის ღრმა ფენებში აღწევს და სამუდამოდ რჩება. ასეთი რამ, მაგ. მაღაროელებს ემართებათ, ნახშირის მტვერი კანში შეიზილება და, ფაქტობრივად, სამუდამოდ რჩება იქ.
  • სამოყვარულო ტატუ – ეს დაახლოებით ის სახეობაა, რაშის დახატვას, რომ გპირდებიან და პატარა ცხენუკას მიგახატავენ.
  • სამედიცინო ტატუ – შრამის დასაფარად იყენებენ, ან სამედიცინო ინფორმაციის დასაფიქსირებლად. მაგ. სისხლის ჯგუფი, ან ინფორმაცია, რომ ადამიანს დიაბეტი აქვს. ასეთი ამბები პასპორტში იწერება, ზოგან ე.წ. სამაჯურებს ატარებენ, თუმცა ადრე ტატუთი აფიქსირებდნენ, რადგან უფრო სანდოდ ეჩვენებოდათ.
  • კოსმეტიკური ტატუ, იგივე პერმანენტული მაკიაჟი.
  • დაბოლოს, პროფესიული, მხატვრული ტატუ.

 

ეს ბოლო სახეობა ყველანაირ სურათს მოიცავს და სულ მიკვირს იმ ადამიანების, ვინც სხეულზე, ასე არაფრის გამო რაღაცას იხატავს. ნუთუ რამდენიმე წლის შემდეგ არ მოგბეზრდებათ ერთი და იგივე გამოსახულების ყურება? ერთ ჟურნალში  ნამდვილად მომხდარი სასაცილო ამბები წავიკითხე: ვიღაც დანიის მოქალაქეს ხელზე შტრიხ-კოდი დაუხატავს. შემდეგ სუპერმარკეტში წასულა რაღაც საყიდლებზე და იქ აპარატს უცნია… დიახ, გადასახდელმა აპარატმა  მწვანე მუხუდოს ქილად ამოიცნო.

 

თუმცა, საბედნიეროდ მუდმივი აღარაფერია. მათ შორის, ტატუც ლაზერის რამდენიმე სეანსით შეიძლება წაიშალოს.

 

ზოგადად, ტატუს ტრადიცია უძველესი დროიდან მოდის. თუმცა, ცივილიზაციამ მხოლოდ ახლა დაიწყო მისი ლოიალურად მიღება.

 

1996 წელს ალპებში ბრინჯაოს ხანის მუმია იპოვეს, სახელად „ეტსი“. მის ტანზე 61 ტატუ იქნა აღმოჩენილი. მასალა მური იყო.

 

დაახლოებით იმავე დროს, როცა „ეტსი“ თოვლიან ალპებში დასეირნობდა, ძველ ეგვიპტეში ტატუ ქალებს შორის იყო გავრცელებული. ასეთი დასურათებული ეგვიპტელი ქალი ვინმე „ამუნეტი“ ყოფილა, ფარაონის ოჯახთან ძალიან დაახლოებული პირი. ტატუ მუცლის გარშემო აღმოაჩნდა და ფიქრობენ, რომ უფრო რელიგიურ დატვირთვას ატარებდა, ვიდრე დეკორატიულს.

 

იულიუს ცეზარი ტატუირებულ „პიქტებს“ აღწერდა, რომლებსაც ბრიტანეთის კუნძულებზე ებრძოდა. ისინი ლურჯი ყვავილებისგან მიღებული ლურჯი საღებავით იყვნენ შეღებილნი (სავარაუდოდ, ინდიგოთი). თავად ძველი რომაელები, ისევე, როგორც ძველი ბერძნები, ტატუს ბარბაროსობად მიიჩნევდნენ. ძირითადად ტატუს მონების, ჯარისკაცების და პატიმრების დასანომრად იყენებდნენ. ქრისტიანულ სამყაროში ტატუ თავიდანვე მკაცრად იყო აკრძალული. თუმცა, მაგ. შუა საუკუნეების ბოსნია ჰერცოგოვინაში მცხოვრები კათოლიკეები ხელებსა და შუბლზე ჯვარს ისახავდნენ, რათა გამორჩეულ-გამოყოფილები ყოფილიყვნენ იქ მცხოვრები მუსლიმანებისგან.

 

არადა, თავად მუსლიმანებმა და ასევე ინდუსებმა შემოიღეს პრაქტიკა ტატუსთვის „ხნა“  გამოეყენებინათ. „ხნა“ დროებით ტატუს შექმნის საშუალებას იძლეოდა. დღეს მუსლიმანურ ქვეყნებში ძველი ტრადიცია კვლავ შემორჩენილია. ქორწილის წინა ღამეს  ე.წ. „ხნის საღამოს“ აწყობენ, სადაც ბევრს ცეკვავენ და პატარძალს ხელებზე ლამაზ დეკორატიულ დროებით  ნახატებს უკეთებენ.

 

ხნის ფხვნილს ლიმონის წვენს ამატებენ, რათა მჟავა გარემო შეიქმნას და აქტიური ნივთიერების – ლავსონის გახსნა იოლად იყოს შესაძლებელი. მიღებულ კონსისტენციას ამატებენ წყალს და კანზე დაიტანენ. აჩერებენ სადღაც 6 საათის განმავლობაში. უფრო დიდი ხნით გაჩერება სახიფათოა, რადგან ალერგიული რეაქციები შეიძლება განვითარდეს. ლავსონი პრეპარატიდან მიგრირებს კანის ზედა ფენებში და კერატინთან წარმოქმნის ნაერთს. საღებავი კანზე 6 კვირის განმავლობაში რჩება. ხნის წარმომავლობის, გახსნისა და კონცენტრაციის მიხედვით ფერი შეიძლება იყოს მუქი წითლიდან ყავისფრამდე. სხვათა შორის, მაგ. თურქეთში ხნას ფრჩხილებზეც ისვამენ და რაღაცნაირი წითელი ფერის ფრჩხილებით დადიან.

 

ზოგიერთი ტიპის ხნა შეიძლება, ლავსონის გარდა, სხვა დამატებით აქტიურ ნივთიერებებსაც შეიცავდეს. მაგალითად, ე.წ. „შავი ხნა“ შეიძლება შეიცავდეს p-ფენილენედიამინს (PPD). PPD სწრაფად აღწევს კანში და შავად ღებავს, თუმცა შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, შესივება, ძლიერი ქავილი.

 

ძველ ჩინეთში ტატუ ასევე მიუღებელი იყო. თუმცა, ძველი დროის ჩინურ ლიტერატურაში, სადაც ე.წ. ჩინელ რობინ ჰუდებზე იყო მოთხრობილი, ეწერა, რომ მათი სხეული ტატუთი იყო დაფარული. ოფიციალური წყაროებიდან ისიც ცნობილია, რომ ტატუთი ნიშანს ჩინეთში პატიმრებს ადებდნენ. ჰოდა, ეს რომანტიზებული „ჰუდებიც“ ხომ ყოფილი ან გაქცეული პატიმრები იყვნენ.

 

ჩრდილოეთ იაპონიაში ერთი გამორჩეული ტომი ცხოვრობდა, სახელად „აინუ“. ამ ტომის ქალები ინდიგოს საღებავით იხატავდნენ მხრებს, ხოლო პირს ისე იღებავდნენ, რომ ულვაშების შთაბეჭდილება დაეტოვებინა. ეს რაში სჭირდებოდათ, არ ვიცი, ალბათ ტუჩებს თუ იდიდებდნენ.  შემდეგ უკვე ეს საღებავები კაბუკის თეატრში გავრცელდა. იაკუდზას ტატუები კი ისტორიას შემორჩა, როგორც ამბოხი და თავისუფლებისთვის ბრძოლა.

 

სიტყვა ტატუ პოლინეზიიდან მოდის. იქაური სიტყვიდან „ტატაუ“. ეს კი თავის მხრივ ნიშნავდა-მფრინავი მელიის ძვალს. სავარაუდოდ, სწორედ ამ ძვალს იყენებდნენ საღებავის დასატანებლად. თავად პოლინეზიის კუნძულების მცხოვრებლები, ბუნებრივია, თავიდან ბოლომდე, მოხატული იყვნენ.

 

ფილიპინელებისთვის ტატუირება ასევე ტრადიციულ მოხატვასთან ასოცირდებოდა. “Los Pentados” – ასე უწოდებდნენ ფილიპინელებს ესპანელები, რაც გაფერადებულებს ნიშნავდა. მაგელანი წერდა – ამ ხალხს, ტანსაცმლის ქვეშ კიდევ რაღაც აცვიათ, რომლის გახდა ვეღარ ხერხდებაო.

 

ტატუსთვის ძირითადად ჭვარტლს (მურს) იყენებდნენ.  ჭვარტლი შავი ფერის ნადებია, რომელიც ამა თუ იმ ქიმიური ნივთიერების წვის დროს წარმოიქმნება.

 

მაგ. აცეტილენი ქლორის არეში შეგვიძლია დავწვათ. ქლორის მისაღებად ცილინდრში მოვათავსოთ კალიუმის პერმანგანატი, კალციუმის კარბიდი და მცირე რაოდენობით მარილმჟავა. მოხდება მცირე აფეთქება. ცილინდრის კედლები კი ჭვარტლით დაიფარება. ჭვარტლს, იგივე მურს, ტატუს გარდა, ადრე, როგორც საღებავს,  ტოპოგრაფიაშიც იყენებდნენ. დღეს ტყავის ნაწარმებისთვის შავის ფერის საცხს ამზადებენ მისგან. 2KMnO4+16HCl=2KCl+2KMnO4+8H2O+5Cl2

CaC2+2H2O=C2H2+Ca(OH)2; C2H2+Cl2=2HCl+2C

 

ჭვარტლის შემდეგ ყველაზე გამოყენებადი საღებავი ინდიგო და ალიზარინი იყო. მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე ინდიგოს მცენარე ინდიგონოქსიდან გამოყოფდნენ (Indigofera tinctoria). ამისთვის ახლად მოჭრილ მცენარეებს 12-24 საათით ამოთხრილ ორმოში ათავსებდნენ და ორმოს წყლით ავსებდნენ. იწყებოდა დუღილის პროცესი, რასაც თან ახლდა ნახშირორჟანგის გამოყოფა. თავად პიგმენტი კი ხსნარში გადადიოდა და  ყვითლად ღებავდა. ამის შემდეგ ხსნარი ქოთნებში გადაჰქონდათ, სადაც მუდმივი მორევის პირობებში პიგმენტი რეაქციაში შედიოდა ჰაერის ჟანგბადთან და წარმოიქმნებოდა ლურჯი ფერის  ინდიგო.

 

ინდიგოს შემადგენლობა ბაიერმა 1870 წელს დაადგინა და ლაბორატორიაში სუფთა სახით მიიღო. ბაიერის  მთავარი კომპონენტი იზატინი გახლდათ. თუთიის მტვერთან ერთად მისი გამოხდით, ქიმიკოსმა მიიღო ნივთიერება, რომელსაც ინდოლი უწოდა, რომლისგანაც გამოყო ინდიგო.

 

ოდნავ მოგვიანებით კრებემ გაშიფრა ალიზარინის შედგენილობა. ეს უკანასკნელი ანტრაქინონის წარმოებული წითელი ფხვნილია, ქიმიური ფორმულით C14H8O4.  პირველად სინთეზირებულ იქნა ანთრაცენისგან.

 

ჩემს მეგობარს ტატუ აქვს. იდაყვის გარეთა მხარეს თავისუფლების სიმბოლო – აფრებიანი გემი ახატია. თავადაც ასეთია, თავისუფალი და მეამბოხე სულის პატრონი.

თავისუფლება მეც მიყვარს, მაგრამ ამისთვის ტატუს ვერ გავიკეთებ და ისევ გულსაბნევ  გემს დავჯერდები.

 თავისუფლება და პასუხისმგებლობა

0

სიტყვა „თავისუფლება“ უმნიშვნელოვანესია ყოველი ადამიანისთვის, როგორც არა მხოლოდ თეორიული გაგება, არამედ პრაქტიკულად განსახორციელებელი მოცემულობაც, ზრუნვის საგანი – ეს უკანასკნელი ჩვენი იდეალების, ოცნებების, მისწრაფებების ხორცშესხმას უკავშირდება, ანუ სწორედ ესაა მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი, განხორციელება. ჩვენი სასიცოცხლო ინტერესი ხომ ჩვენივე უნიკალური ინდივიდუალობის დამკვიდრებაა და ეს ჩაქსოვილია სწორედ ჩვენს თავისუფლებასა და მის მიღწევაში, ესაა ადამიანის ღირსებისა თუ სიძლიერის მაჩვენებელი. ბევრი რამ ფასდება ამ საზომით: თუნდაც საზოგადოებრივი გარემო (დადებითია, თუ უზრუნველყოფს ადამიანის თავისუფლების მაქსიმალური, ჰარმონიული გამოვლენის საშუალებას, პირობებს).

 

თავისუფლების პრობლემა, ცხადია, არ შეიძლება იყოს მშვიდი, გულგრილი განსჯის საგანი და გამუდმებით იწვევს ვნებათაღელვას, ინტერესთა შეჯახებას, კონფლიქტს, ანტაგონიზმს, ტრაგიზმსა და სიხარულს, პესიმიზმსა თუ ოპტიმიზმს.

 

ჩვენმა ქვეყანამ გადაიტანა ოქტომბრის რევოლუციის თუ სამოქალაქო ომის წლები, დიქტატურა, მასობრივი რეპრესიები, დესპოტიზმი, მოგვიანებით უძრაობა და კორუფციონიზმი, თვითნებობა და ყოვლისდაშვებულობა, რომლებისგანაც დღემდე ვერ გავთავისუფლდით, თუმცა უდიდესი ძალისხმევით, ტანჯვა-წვალებით, ასე თუ ისე, მოვიპოვეთ პიროვნების თავისუფლება, კანონის უზენაესობა. დღემდე აქტუალურია სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირება, რომელმაც უნდა მიგვაღწევინოს საზოგადოების დემოკრატიზაციამდე. ეს უკანასკნელი გულისხმობს საჯაროობას, ტოლერანტობას განსხვავებული აზროვნებისადმი, აზრის, კრიტიკის, მოქმედების თავისუფლებას ნებისმიერ საკითხზე.

 

მოკლედ, პიროვნების რეალური თავისუფლების მოპოვება, დამკვიდრება და დაცვის გარანტია მომავლის საქმეა.

 

ადამიანური ყოფიერება და თავისუფლების პრობლემა

 

თავისუფლება განსხვავებული სპექტრის ცნებაა. ის შეიძლება გამოვიყენოთ ისეთი მოვლენების მიმართ, რომლებსაც, თითქოს, არც ახასიათებთ ის ან, პირიქით, სულ თავისუფალნი არიან, ვერავინ წარსტაცებთ მას („მდინარე მიედინება“, „გალიის ჩიტს უნდა თავისუფლება“). თავისუფლება უფრო სულიერი გაგებაა, მაღალცნობიერი მოცემულობა. თავისუფლება სიმბოლური, პირობითი გაგებაცაა. პატიმარს, გვგონია, არ შეიძლება ჰქონდეს ის, თუმცა ეს ფიზიკურად; მაგრამ დატყვევებული ადამიანის სულმა შეიძლება დაამსხვრიოს სხეულის ბორკილებიც კი (შუშანიკი, მერაბ კოსტავა).

 

ეს ცნება ხშირად იხმარება კლასის, ერის, სახელმწიფოს მიმართ. ამ ჩამონათვალში თუ ჩაგვრა, ექსპლუატაცია იგულისხმება, მაშინ ვამბობთ დამონებული ან დაჩაგრული კლასი, ერი, სახელმწიფო და მათი თავისუფლებაც ამ ჩაგვრის „საკვრელთაგან“ გათავისუფლებას გულისხმობს, ანუ ერის სუვერენიტეტს, მის დამოუკიდებლობას. თავისუფლება ყოველი ერის ბუნებრივი, ნორმალური განვითარების აუცილებელი პირობაა. ამიტომ როცა ხალხი იბრძვის ეროვნული დამოუკიდებლობისთვის, ეს სრულიად კანონზომიერი მოვლენაა. ეს მიემართება სახელმწიფოსაც.

 

თავისუფლება ავტონომიური, გარეგანი პირობებისგან დამოუკიდებელი ქცევაა და იგი მხოლოდ ადამიანს ახასიათებს. ეს ნიშნავს, რომ მარტო ადამიანს აქვს ნება, რომელიც ამ სპეციფიკურ ქცევას განსაზღვრავს, რომელშიც აპრიორია არა გარეგანი ფაქტორები, არამედ ხანდახან მათ საპირისპიროდაც – საკუთარი სურვილი. ამიტომ თავისუფლება ადამიანის ნების თავისუფლების პრობლემაა.

 

ადამიანი და პიროვნება

 

ადამიანის ცნება სხვაა, პიროვნებისა კიდევ სხვა. თავისუფლების ცნებაც სხვადასხვაგვარი ეტიმოლოგიით დაისმის მათ მიმართ.

ადამიანის ცნება მისი არსებობის ამსახველია და ყოველ ინდივიდზე ვრცელდება. ამ სიტყვით ვახასიათებთ ადამიანს, როგორც გარკვეულ ტიპს, სახეობას, რომელიც საკუთარი ბუნებით განსხვავდება ყოველი სხვა ცოცხალი არსებისგან. ანუ ეს ცნება იმ არსებითის, ზოგადისა და აუცილებლის გამომხატველია, რაც მოცემული ცნების ყოველი განსხეულების, კლასის ყოველი წარმომადგენლისთვისაა დამახასიათებელი.

 

სხვადასხვაა ბუნებრივი თუ სოციალური გარემო, რომელშიც გვიხდება ცხოვრება თუ მოღვაწეობა. ისტორიული ეპოქებიც განსხვავებულ პირობებს ქმნის საქმიანობისთვის. სხვადასხვაა სოციალური ფენა, სარწმუნოება, ტრადიცია, რომლებიც დიდ გავლენას ახდენს მათი ცხოვრების თავისებურებაზე. ადამიანის ცნება კი გამოხატავს არა ამ განსხვავებებს, არამედ – ს ა ე რ თ ო ს, რადგან ის ზოგადი კატეგორიაა, სწორედაც ეროვნული, სოციალური თუ ისტორიული განსხვავებების უგულებელმყოფელი. ეს ცნება ადამიანს ანთროპოლოგიურ-ეგზისტენციალურად ახასიათებს.

 

ადამიანს განსაზღვრავენ იმის გათვალისწინებით, რას მიიჩნევენ მის არსებად. ზოგი გონებას მიიჩნევს განმსაზღვრელად და კაცს გონიერ ცხოველს უწოდებს (homo sapiens); სხვა წარმოებით საქმიანობას ანიჭებს უპირატესობას და ადამიანს მწარმოებელ არსებად მიიჩნევს (homo faber); ზოგი კი მას მორალურ არსებად განიხილავს (homo moralis). არისტოტელე ადამიანის არსებად სახელმწიფოში ცხოვრებას მიიჩნევდა და მას „პოლიტიკურ ცხოველს“ უწოდებდა. თომა აკვინელმა იგი განსაზღვრა, როგორც „საზოგადოებრივი ცხოველი“. კ. მარქსი კი ეთანხმებოდა ფრანკლინს, რომელმაც ადამიანს „იარაღის მკეთებელი ცხოველი“ უწოდა. კასირერი ადამიანს ცნობდა სიმბოლოების შემქმნელ არსებად (homo simbolicum). ამ ტრადიციას გავაგრძელებთ, თუ ადამიანს ვუწოდებთ თავისუფალ არსებას (homo liber).

 

ყოველი ზემოთქმული განსაზღვრება ადამიანს ცალმხრივად ახასიათებს და არა მთლიანად. მაგრამ მთავარია, რომ მათში ადამიანი ანთროპოლოგიურ-ეგზისტენციალურადაა განხილული, ანუ ზოგადად, იმის მიხედვით, რა არის მიჩნეული მისი ბუნებისა და ყოფიერების წესის ადეკვატურ შესატყვისად.

 

აი, მოვედით პ ი რ ო ვ ნ ე ბ ი ს ცნებამდეც. მას უკვე განსხვავებული შინაარსი აქვს – ესაა ადამიანური ინდივიდი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი მეობა, ინტერესები და მოთხოვნილებები, მიზნები, სურვილები და საკუთარი შესაძლებლობების საფუძველზე ცდილობს მათ რეალიზაციასა თუ დამკვიდრებას. პიროვნების ცნება შეიძლება სამი ნიშნით დავახასიათოთ:

 

  • ინდივიდუალობა, სხვისგან გამორჩეულობა, განსხვავებულობა;

ყოველი ჩვენგანი ინდივიდია, საკუთარი უნარებითა და მიდრეკილებებით, განვსხვავდებით ჩვენი ნიჭიერების, სურვილების და ა.შ. მიხედვით. ამიტომ ყველას ჩვენი პიროვნული ხასიათი თუ ტემპერამენტი გვაქვს.

  • ინდივიდუალურობის გაცნობიერება;

ინდივიდუალიზმი სამყაროს ნებისმიერი მოვლენის მახასიათებელია. არ არსებობს ორი იდენტური ფოთოლი თუნდაც. მგლების ხროვაში, მაგალითად, ყოველი მგელი ინდივიდია, სხვისგან განსხვავებული. მაგრამ მხოლოდ ამის გამო რომელიმე მათგანი პიროვნებად მივიჩნიოთ, აბსურდია; ე.ი. ცხოველი ინდივიდია, მაგრამ არა პიროვნება. ეს ნიშნავს, რომ პიროვნებად ყოფნის აუცილებელი ნიშანი კი არის ინდივიდუალობა, მაგრამ ეს საკმარისი არაა. პიროვნული ყოფის მეორე აუცილებელი ნიშანი საკუთარი ინდივიდუალობის გაცნობიერებაცაა. ეს კი ნიშნავს თ ვ ი თ ც ნ ო ბ ი ე რ ე ბ ი ს ქონას. ანუ ადამიანი-ინდივიდი მხოლოდ თვიცნობიერებით შეიძლება იყოს პიროვნება. ასეთი ვერ იქნება ფსიქიკურად დეფექტური ადამიანი, რომელსაც დარღვეული აქვს ცნობიერება (თვითცნობიერების არმქონეცაა, თავისთავად); აგრეთვე, ბავშვი, რომელიც ჯერ არაა ამაღლებული თვითცნობიერებამდე, რაც გარკვეული ასაკიდან იწყება, იგივე პატარის პიროვნებად ფორმირების პროცესი.

  • აქტიური მოქმედება საკუთარი მეს განსახორციელებლად, დასამკვიდრებლად;

თვითდამკვიდრება საკუთარი პოზიციისა თუ მრწამსისა სწორედ პიროვნებისთვისაა დამახასიათებელი.

 

მოკლედ, პიროვნება ასე შეიძლება განვსაზღვროთ: ეს არის თვითცნობიერების მქონე ადამიანური ინდივიდი, რომელიც აქტიურად მოქმედებს თავისი ინდივიდუალობის გამოვლენისა და დამკვიდრებისთვის.

 

ორი სახის პიროვნება არსებობს: გამოჩენილი და ჩვეულებრივი. პიროვნებები არიან დიდი ადამიანები, სხვებისგან გამორჩეულნი ნიჭითა და გამჭრიახობით, მტკიცე ნებითა და მიზანსწრაფვით (აქ აღსანიშნავია გამოჩენილი პიროვნებისა და ხალხის ურთიერთობის პრობლემა; მაგალითად, თუნდაც ქართულ სინამდვილეში: მწერალი და საზოგადოება). ხოლო ჩვეულებრივი ადამიანი-პიროვნება, ყველასგან განსხვავებული მიზნებითა და ზრახვებით (აქ უნდა ითქვას პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის პრობლემაზე). ჩვენ ვსაუბრობთ პიროვნების ამ მეორე სახეზე.

 

ადამიანი საზოგადოებაში არსებობს და არც შეუძლია მის გარეშე. მისი განმარტოებულად ცხოვრება, განდეგილობა გამონაკლისია და ატიპიური საზოგადოების განვითარებისთვის. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ განდეგილი მთლიანად მოწყვეტილი როდია საზოგადოებას და გარკვეულ შემთხვევებში, ნაწილობრივ, თუნდაც შეზღუდულად, მაინც სარგებლობს საზოგადოებრივი სიკეთეებით. ასე რომ, ადამიანი საზოგადოებრივ-სოციალური არსებაა და საზოგადოებაში ყოფნა, ცხოვრება თუ საქმიანობა მისი ბუნებრივი და ნორმალური არსებობის საფუძველია. ამაზე არავის დავობს, არამედ სულ სხვა რამეზე…

 

ადამიანს საზოგადოებაში უწევს სხვა ადამიანებთან თანაარსებობა, თანაცხოვრება, თანასაქმიანობა და ამ დროს იგი ეჯახება სხვების ინტერესებსა და მოთხოვნილებებს. ყოველი ადამიანი ამა თუ იმ სახელმწიფოს მოქალაქეა, რომელიმე სოფლისა თუ ქალაქის მცხოვრები, სხვადასხვა დაწესებულებაში საქმიანობს, მიეკუთვნება რომელიმე სოციალურ ფენას და ა.შ. ამიტომ ის ნათლად უნდა აცნობიერებდეს, რომ, საკუთარის გარდა, არსებობს კიდევ სხვათა – დაწესებულების, ქალაქის, სახელმწიფოს ინტერესები და მოთხოვნილებები, ანუ ის საზოგადოებრივი მოცემულობა, რომელსაც ის იძულებულია, ანგარიში გაუწიოს თუ დაემორჩილოს (ან წინ აღუდგეს). ხომ არ გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში (პიროვნულსა და საზოგადოებრივს შორის) ინტერესთა კონფლიქტთან? აი, სადავო საკითხიც.

 

ერთნი ფიქრობენ, რომ საზოგადოება და მის ინტერესებზე ზრუნვა პიროვნებას კლავს. იგი იზღუდება და აღარ აქვს საშუალება, სრულად გამოავლინოს ინდივიდუალური ძალები; მეორენი კი მიიჩნევენ, რომ მხოლოდ საზოგადოებაში შეუძლია პიროვნებას თავის სრულყოფილად გამოვლენა, თვითდამკვიდრება.

 

საზოგადოება, რასაკვირველია, გარკვეულწილად, ზღუდავს პიროვნებას და ამ უკანასკნელს არ შეუძლია, ჰქონდეს აბსოლუტური თავისუფლება, აკეთოს ის, რაც მოესურვება. მაგრამ სხვა გამოსავალი არაა: იგი არსებობს საზოგადოებაში და სხვაგან ვერსად შეძლებს თავის გამოვლენას, რეალიზაციასა თუ დამკვიდრებას. მხოლოდ საზოგადოებაა სარბიელი, პიროვნებას თავის გამოხატვის საშუალებას რომ ანიჭებს.

 

სხვა საკითხია, რომ ყოველი საზოგადოება ვერ უქმნის ერთნაირ პირობებს ინდივიდს, განავითაროს და დაიმკვიდროს თავი, რაშიც მას სჭირდება პირადი თავისუფლება. ასე რომ, ადამიანს სჭირდება გარკვეული უფლებები და მათი შესაბამისი გარანტიები, რომლებიც თავისუფალი აზროვნების საშუალებას მისცემს. მას არ უნდა ავიწროებდნენ: ისტორიულად ვიცით, რომ ადამიანებს სდევნიდნენ, კოცონზეც კი წვავდნენ თავისუფალი, სხვათაგან განსხვავებული აზროვნებისა და მოქმედებისთვის. ამიტომ ზოგი საზოგადოება ადამიანს პიროვნულობას ართმევს, სხვის სათამაშო „ტიკინად“ აქცევს და კლავს კიდეც მას.

 

გამოდის, პირადი თავისუფლება პიროვნებად არსებობის აუცილებელი პირობაა. ეს პირადი თავისუფლება საზოგადოებაში მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი მთავარია პოლიტიკური სისტემა, მისი სტრუქტურა თუ ხასიათი. ამ სისტემის დომინანტი ელემენტია სახელმწიფო, რომელიც ახორციელებს ხელისუფლებას საგანგებო ორგანოების მეშვეობით – გამოსცემს კანონებს, ხოლო კანონები განსაზღვრავს მოქალაქეთა პირად უფლებებსა და მოვალეობებს. სახელმწიფო ძალას იყენებს, თუ მავანი არ დაემორჩილება კანონის სანქციებს. ამისთვისაა მართლმსაჯულების ორგანოები. ანუ ძალდატანება, მოქალაქეთა მიმართ იძულების გამოყენება ყველა ტიპის სახელმწიფოს აუცილებელი შემადგენელი მომენტია, მის გარეშე ის, უბრალოდ, არ არსებობს. ამიტომ სახელმწიფოს იდეა საკუთარ თავში ყოველთვის მოიაზრებს უარყოფითს, ბოროტ ელემენტებს და ვერცერთი სახელმწიფო ვერ იქნება იდეალური.

 

ორი განსხვავებული ტიპის პოლიტიკური რეჟიმი არსებობს: დიქტატურა და დემოკრატია. დიქტატურა კანონით შეუზღუდავ ძალაუფლებას ემყარება და ქვეყანას მართავს არა სამართლებრივი ნორმების დაცვით, არამედ მათი გვერდის ავლით, სწორედაც რომ, დარღვევით. დარღვეულია ხოლმე ადამიანთა ელემენტარული უფლებები: უდანაშაულობის პრეზუმფცია, პიროვნების ხელშეუხებლობა, მისი ღირსება და ასე და ამგვარად. ჩვეულებრივი ამბავია, ნორმირებულია ადამიანზე ფიზიკური ზემოქმედება, დაპატიმრება, წამება. მართლმსაჯულების ორგანოები მოქმედებენ არა სახელმწიფოს მიერ შემუშავებული კონსტიტუციის საფუძველზე მიღებული კანონების, არამედ ფარული ინსტრუქციებისა და მითითებების მიხედვით. ანუ დიქტატურა აკანონებს უკანონობას.

 

დიქტატორული რეჟიმების მრავალი მაგალითი იცის კაცობრიობის ისტორიამ და ამ მხრივ არც ჩვენი თანამედროვეობაა გამონაკლისი. დიქტატურა პიროვნულობის დაუძინებელი მტერია, რადგან ის ადამიანს ართმევს პირად თავისუფლებას. დიქტატურის დროს პიროვნების უფლებები მინიმუმამდეა დაყვანილი: მას წართმეული აქვს აზრის გამოთქმის, პრესის, სინდისის, მოქმედების თავისუფლება; ხოლო დატოვებული – შრომისა და უსიტყვო მორჩილების უფლება. ადამიანს არ შეუძლია, გააკრიტიკოს ოფიციალური აზრი, უნდა მოისმინოს და უსიტყვოდ შეასრულოს ის; მეორეც: არაა დაცული პიროვნების ხელშეუხებლობა, სიცოცხლის უსაფრთხოების გარანტია. მას სულ საფრთხე ემუქრება და უბრალო დაბეზღება თუ დასმენაც მისთვის სერიოზული საფრთხეა უკვე. ასეთ დროს ადამიანი შიშითა და ძრწოლით ცხოვრობს, ცდილობს როგორმე თავის გადარჩენას, გაძლებას, გარემოსთან შეგუებას. იგი ხდება თავკერძა, თავდაცვის უუნარობის გამო – გულგრილი, თავში ჩაკეტილი. სხვისი უბედურება მას უკვე აღარ აწუხებს და კმაყოფილია, რომ უბედურება მას ჯერ არ შეხებია. ანუ ის ხდება ასოციალური, ცხოველს ემსგავსება, კარგავს სახეს, უფერული არსება ხდება, ხმაჩახშობილი და იძულებულია, აკეთოს ის, რაც მისი სინდისის ხმას ეწინააღმდეგება; მისი პიროვნულობაც კვდება და მასაში ითქვიფება.

 

დიქტატურის საპირისპირო რეჟიმს ქმნის დემოკრატია. ეს მმართველობის ისეთი ფორმაა, კანონებს რომ ემყარება და გულისხმობს კანონით შეზღუდულ ძალაუფლებას. დემოკრატიაც ზღუდავს ადამიანის პირად თავისუფლებას: ამ უკანასკნელს არ შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, რაც მოეპრიანება. იგი შეზღუდულია უკვე ქვეყნის კონსტიტუციით, მის საფუძველზე შემუშავებული სამართლებრივი ნორმებით, კანონმდებლობით. ანუ კაცს მინიჭებული აქვს შეფარდებითი თავისუფლება, რომელიც სათანადოდ გარანტირებულია და დაცული მართლმსაჯულების მიერ. დემოკრატია უზრუნველყოფს ადამიანის ხელშეუხებლობას, დამოუკიდებლობასა და თვითმყოფობას, რაც მას საშუალებას აძლევს, გამოავლინოს და დაიმკვიდროს თავი, თავისი პიროვნულობა. გამოდის, პიროვნებად ჩამოყალიბება მხოლოდ დემოკრატიის ფარგლებშია შესაძლებელი.

 

დემოკრატიისთვის დამახასიათებელია პლურალიზმი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ადამიანს მინიჭებული აქვს პირადი თავისუფლება ეკონომიკისა თუ პოლიტიკის სფეროებში; მას აქვს აზრის, სიტყვის, რწმენის და მოქმედების თავისუფლება; მას შეუძლია ჰქონდეს ოფიციალურისგან განსხვავებული, საკუთარი აზრი და გამოთქვას ის საზოგადოების ცხოვრების ნებისმიერ საკითხზე. მისთვის არ არსებობს „ჩაკეტილი ზონები“.

 

დემოკრატია უშვებს სხვაგვარად აზროვნებისა და მოქმედების თავისუფლებას. საჯაროობა და კრიტიკის თავისუფლებაა მისი საფუძველი.

 

დემოკრატიასაც აქვს თავისი ისტორია: ის წარმოიშვა ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში და მისი მრავალი ნიმუში მოგვცეს ძველმა საბერძნეთმა და რომის რესპუბლიკამ. ეს იყო მონათმფლობელური დემოკრატია, რომელსაც აშკარად შეზღუდული კლასობრივი ხასიათი ჰქონდა, რადგან მეტ-ნაკლებად ვრცელდებოდა თავისუფალ მოქალაქეებზე და არ ეხებოდა მონებს. ფეოდალიზმის ეპოქამ უფრო შეზღუდა დემოკრატიის სფერო, ხოლო კაპიტალიზმმა გაარღვია წინა საზოგადოებათა კლასობრივ-წოდებრივ- პოლიტიკური შეზღუდულობანი და დასაბამიც მისცა დემოკრატიის აღორძინებასა თუ განვითარებას. ის ემყარება თავისუფალ მეწარმეობას, კონკურენციას და სასტიკ, დაუნდობელ ბრძოლას საქონლის წარმოებისა და გასაღების სფეროში. მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი არის ამ პროცესებისთვის აუცილებელი ფაქტორი.

 

თუმცა არც კაპიტალიზმს დაუმყარებია სრულყოფილი და ნამდვილი დემოკრატია. კაპიტალისტურმა დემოკრატიამ, რთულ და წინააღმდეგობრივ გზაზე, ვერ გამორიცხა დიქტატურის სისტემის წარმოშობა თავისი განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე. თუნდაც მე-20 საუკუნეში ზოგიერთ კაპიტალისტურ ქვეყანაში გარკვეული დროის განმავლობაში მძვინვარებდა საშინელი დიქტატურა: ფაშისტურ გერმანიასა თუ იტალიაში.

 

მიუხედავად ზემოთქმულისა, კაპიტალისტური ეკონომიკა, თავისი ბუნებით, მოითხოვს დემოკრატიას – აზრისა და მოქმედების თავისუფლებას. ამიტომ განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნები თანამედროვე ეტაპზე ემყარებიან დემოკრატიულ სისტემას: საჯაროობას, არჩევითობას, მრავალპარტიულობას და ა. შ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კაპიტალისტური დემოკრატია იდეალური და სრულყოფილია. მას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, მაგრამ მისი წარმოქმნა, უდავოდ, წინ გადადგმული ნაბიჯია კაცობრიობის ისტორიაში.

 

მმართველობის ეს ორი სისტემაა საინტერესო პიროვნებასთან მიმართებით, მისი ამ „პრიზმაში“ შესაფასებლად. დასკვნები შემდეგია: პიროვნების აუცილებელი პირობა პირადი თავისუფლებაა, რომელსაც უზრუნველყოფს დემოკრატია და არა დიქტატურა. შესაბამისად, პიროვნების თავისუფლებაც მხოლოდ დემოკრატიულ საზოგადოებაშია შესაძლებელი, რადგან დიქტატურა მას პრინციპულად გამორიცხავს.

 

გამოდის, პიროვნების თავისუფლების პრობლემა ისტორიულ-სოციალური საკითხია და დამოკიდებულია საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტრუქტურაზე. ხოლო საზოგადოების პოლიტიკური სისტემა – დემოკრატიული თუ დიქტატორული – განაპირობებს მის ყოფნა-არყოფნას, შესაძლებლობა-შეუძლებლობას.

 

განსხვავება თავისუფლების ორ ასპექტს შორის ნათელია: პრინციპული სხვაობაა ადამიანისა და პიროვნების თავისუფლებას შორის…

 

ადამიანის თავისუფლების პრობლემა, როგორც ვთქვით, ეგზისტენციალურ-ანთროპოლოგიურია; პიროვნებისა კი ისტორიულ-სოციალური. პირველი ადამიანს ახასიათებს დამოუკიდებლად იმისგან, თუ რომელ საზოგადოებაში ცხოვრობს იგი. თავისუფლება ადამიანის ყოფიერების გაშლის წესის სტრუქტურაში ძევს, ადამიანი თავისუფალი არსებაა და მას მისი მოპოვება არ სჭირდება – იგი მას მუდამ აქვს (თავისუფალი ნება ღვთისგან – მ.ი.). ხოლო მეორე ადამიანს არ ახასიათებს. იგი მან უნდა მოიპოვოს, რათა პიროვნებად იქცეს. ეს კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ საზოგადოებაში ცხოვრობს იგი; პიროვნების თავისუფლება განპირობებულია საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური სტატუსითა და აგებულებით.

 

 

 

 

 

 

ჟურნალ “მასწავლებლის” 2024 წლის მექვსე ნომერი გამოიცა!

0

რედაქტორის წერილი, ძირითადად, მთავარი სათქმელის გამო იწერება. მთავარი სათქმელი დღეს იმდენად ვრცელი  აღმოჩნდა, ისეთი რთული იყო რომელიმე ერთი ასპექტის გამოყოფა და მასზე შეჩერება, ვიფიქრე,  რომ ერთი რედაქტორის სვეტი ამისათვის საკმარისი სივრცე  არ იქნებოდა.

ამიტომ, როგორც ზოგჯერ სკოლაში, ჩვენს მოსწავლეებს ვაძლევთ გაკვეთილებს გამეორებით, რედაქტორის წერილიც ერთგვარი გაკვეთილის გამეორება იყოს და გავიხსენოთ საკონცენტრაციო ბანაკში გადარჩენილი  ერთ–ერთი სკოლის დირექტორის წერილი, რომელიც  სამსახურში აყვანილი მასწავლებლებისთვის დაიწერა:

„მე ცოცხალი გადავურჩი საკონცენტრაციო ბანაკს და ჩემმა თვალებმა იხილა ის, რაც არ უნდა ნახოს არც ერთმა ადამიანმა:
როგორ აშენებენ სწავლული ინჟინრები გაზის კამერებს;
როგორ წამლავენ კვალიფიციური ექიმები ბავშვებს;
როგორ კლავენ სწავლადამთავრებული მედდები ჩვილ ბავშვებს;
როგორ ესვრიან და წვავენ ბავშვებსა და ქალებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულები.

ამიტომაც, მე არ ვენდობი განათლებას! მე გთხოვთ, დაეხმარეთ მოსწავლეებს, გახდნენ ადამიანები. თქვენმა ძალისხმევამ არ უნდა მიგვიყვანოს სწავლული მონსტრების, ნამეცადინარი  ფსიქოპათების, განათლებული აიხმანების ჩამოყალიბებამდე. კითხვა, წერა, არითმეტიკა მხოლოდ მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა ეხმარება ჩვენს შვილებს, გახდნენ უფრო   ა დ ა მ ი ა ნ უ რ ე ბ ი!“

აქ უნდა დამესრულებინა, მაგრამ  ბარემ მეორე შიშსაც გაგიმხელთ, რომელიც აქვე გამიკრთა. ჩვენი პროფესია ფორმალურ და არაფორმალურ ავტორიტეტზე დგას. მასწავლებელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეების განათლებისა და  თავისუფლებისთვის, რადგან  ერთხელაც, ჩვენმა მოსწავლეებმა არ გვითხრან, რომ  აღარ გვენდობიან.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები: 

მანანა ბოჭრიშვილი, თინათინ ზარდიაშვილი, ნესტან მიქაძე,  მაია ფირჩხაძე,  ნინო ლომიძე, ქეთევან ოსიაშვილი,  თემურ სუყაშვილი,  ქრისტინე სურგულაძე,  ინა იმედაშვილი, ლელა კოტორაშვილი,  დათია ბადალაშვილი,  დიანა ანფიმიადი, ირმა ტაველიძე, ცირა ბარბაქაძე, თამარ მურუსიძე, მარიამ გოდუაძე, ნათია ნაფეტვარიძე, მანანა სეხნიაშვილი, ლევან ლორთქიფანიძე, ნათია უჩავა.

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

ჟურნალი “მასწავლებელი” #6

ვინ იყვნენ აღმოსავლეთით მოსულნი მოგვნი?

0

(პირველი ნაწილი)

„ხოლო როცა იუდეის ბეთლემში დაიბადა იესო ქრისტე, ჰეროდეს მეფობის ჟამს, აჰა, აღმოსავლეთით მოვიდნენ მოგვნი იერუსალიმს, და თქვეს: სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას“ (მათე, 2:1-2).

სახარებისეული ისტორიებიდან ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა „აღმოსავლეთით“ მოსულ მოგვთა მიერ ახალშობილი მაცხოვრის თაყვანისცემა: სამი წარმართი შორეული მხარიდან ცაზე აკაშკაშებულ ვარსკვლავს მიჰყვება იერუსალიმისკენ, თან ძვირფასი ძღვენი მიაქვს და ეძიებს ღმერთს ჭეშმარიტს.

აღმოსავლეთიდან მოსული „სამი მოგვის“, ან „სამი მეფის“, ან „სამი გრძნეულის“ (ბერძნ. Οι Τρεις Μάγοι) მოულოდნელი გამოჩენა იერუსალიმში და იუდეველთა ტირანი მეფის, ჰეროდეს, სასტიკი რეაქცია მათ მიერ მოტანილ ამბავზე მოკლედ არის მოთხრობილი მათეს სახარების მეორე თავში. იდუმალებით არის მოცული მოგვების წარმომავლობა, მათი მოგზაურობა და ასევე მოულოდნელი გაუჩინარება იუდეის მიწიდან ბეთლემში დაბადებული მაცხოვრის თაყვანისცემის შემდეგ.

ყოველივე ეს კიდევ უფრო ამძაფრებს სურვილს, მეტი გავიგოთ სახარების ამ პერსონაჟებზე.

საიდან მოვიდნენ მოგვნი? რატომ მიენიჭათ პრივილეგია, პირველებს მიელოცათ (ადგილობრივ მწყემსებთან ერთად) ღვთისმშობლისთვის მაცხოვრის დაბადება და თაყვანი ეცათ მისთვის?

უყოყმანოდ რატომ დაიჯერა ჰეროდემ მოგვთა ნათქვამი: „სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას“?

იმდროინდელ რომის იმპერიაში ჯადოქრობა, მისნობა და სხვა ამგვარი პრაქტიკა, მეტადრე უცხოთა (ანუ იმ ქვეყნების მცხოვრებთა, რომლებიც რომის იმპერიის შემადგენლობაში არ შედიოდა), მიჩნეული იყო დამაზიანებლად და სასტიკად იკრძალებოდა (იმპერატორ სულას კანონი „Lex Cornelia de sicariis et veneficiis“, ძვ. წ. 82 წ.). განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობოდა იმ ქმედებათა აღმოფხვრას, რომლებიც რომის პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული და სასტიკად ისჯებოდა.

„ჯადოქრობას და მაგიას“ ებრძოდა ებრაული კანონიც. ებრაელთა წმინდა წიგნის, თორის, მიხედვით: „ნუ იქნება შენ შორის თავისი ვაჟისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი, ჯადოქარი, მომნუსხველი, მარჩიელი, მსახვრალი, გრძნებით შემკვრელი, მესულთანე, მჩხიბავი და მკვდართა გამომკითხველი“ (მეორე რჯული, 18:10-11).

ამიტომ ცოტა უცნაური ჩანს მოგვთა მიღება მეფე ჰეროდეს მიერ და მათთან საუბარი, თუმცა შემდგომში ამბავი ისე გრძელდება, რომ მოგვები ფაქტობრივად უჯანყდებიან ჰეროდეს – ისე უჩინარდებიან ბეთლემიდან, რომ მეფეს არ აცნობებენ ჩვილი იესოს დაბადების ადგილს.

და მაინც, საიდან მოვიდნენ მოგვნი?

მათეს სახარებაში გამოყენებული სიტყვა „მაგები“ (ბერძ. Μάγος, Μάγοι – მათეს სახარება ბერძნულად არის დაწერილი) საკმაოდ ბუნდოვანი მინიშნებაა, რადგან ეს სიტყვა შეიძლება აღნიშნავდეს ასტრონომებს, ბრძენკაცებს ან ჯადოქრებს და გამოიყენებოდეს სხვადასხვა ხალხის მიმართ. რუსი მღვდელი, მამა ალექსანდრ გუმეროვი, წერს: „მათე მახარებელი მოგვებს მოიხსენიებს ბერძნული სიტყვით „მაგოი“ (მრავლობითი სიტყვა „მაგოსიდან“). კლასიკურ ბერძნულში ამ სიტყვას ხშირად განსაზღვრული ერის/ხალხის აღსანიშნავად იყენებდნენ. ჰეროდოტეს ნაშრომებში „მაგი“ მიდიელთა ექვსიდან ერთი ტომის სახელწოდებაა“. მართლაც, ჰეროდოტე თავის „ისტორიებში“ (წიგნი პირველი, 101-ე თავი) „მაგებს“ უწოდებს მიდიელ სასულიერო პირთა (ქურუმთა) ჯგუფს (მიდია დღევანდელი ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა). ისევ ჰეროდოტეს მიხედვით, „მაგები“ გავლენიან სასულიერო კლასს შეადგენდნენ ანტიკური ეპოქის სპარსეთში და ევალებოდათ როგორც მნიშვნელოვანი რელიგიური რიტუალების ჩატარება, ისე ნიშნების ინტერპრეტაცია და ახსნა.

ძველ ბერძნულ ლიტერატურაში „მაგებს“ უწოდებდნენ სპარსელ ან ბაბილონელ ქურუმებსა და ასტროლოგებს, რომლებიც წარმართულ, ქრისტიანობამდელ ტრადიციასთან იყვნენ დაკავშირებულნი.

ვარსკვლავებისადმი მოგვთა ინტერესი კი შესაძლოა მიუთითებდეს ბაბილონზე, რომელიც ცნობილი იყო ასტროლოგებით, თუმცა არსებობს საინტერესო გადმოცემა, რომელიც ბეთლემში მე-4 საუკუნეში აგებულ შობის ეკლესიას უკავშირდება. ამ ეკლესიის მოზაიკაზე მოგვები (მაგები) მაზდეანი (ზოროასტრელი) ვარსკვლავთმრიცხველების სამოსელში არიან გამოწყობილნი. ლეგენდა გვაუწყებს, რომ როდესაც 614 წელს სპარსელებმა ეს მხარე დაარბიეს, შობის ეკლესია იყო ერთადერთი საკულტო ნაგებობა, რომელიც არ გადაწვეს…

შესაძლოა, მოგვთა მიერ მირთმეული ძღვენი დაგვეხმაროს მათი წარმომავლობის გარკვევაში.

სახარებაში ვკითხულობთ: „როდესაც შევიდნენ სახლში, იხილეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას; გახსნეს თავიანთი საუნჯე და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური“ (მათე, 2:11).

ოქრო (χρυσός), გუნდრუკი (λίβανος) და მური (σμύρνα) შესაძლოა არაბეთზე მიანიშნებდეს, რადგან ისინი ბიბლიის სხვა წიგნებშიც არის ნახსნები. კერძოდ, გვხვდება ინფორმაცია, რომ ამგვარი საქონელი აქლემების ქარავნებით ჩამოჰქონდათ შებადან (დღევანდელი იემენი) და მიდიანიდან (ახლანდელი საუდის არაბეთის ჩრდილოეთი ნაწილი და იორდანია-სირიის ტერიტორიები).

ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში, ისევე როგორც დღეს, ოქრო სიმდიდრისა და ძალაუფლების სიმბოლოდ მიიჩნეოდა. გუნდრუკი საკმეველია. რაც შეეხება მურს, ძველად ის გამოიყენებოდა ნელსაცხებლად და მუმიფიკაციისთვის, ხოლო ქრისტიანულ სახისმეტყველებაში ის იესოს სიკვდილის წინასწარმეტყველებად მიიჩნევა. მარკოზის სახარებაში იესოს ჯვარცმის წინ მურით შეზავებულ ღვინოს სთავაზობენ, რომელიც ტკივილგამაყუჩებლის ფუნქციას ასრულებდა: „მიიყვანეს იგი იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს. და მისცეს მას სასმელად მურნარევი ღვინო, მაგრამ არ მიიღო“ (მარკოზი, 15:22-23).

მურს ასევე ურევდნენ ზეთში, რომელიც მეფეების ცხებისთვის იყო განკუთვნილი. ეს მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მაგები იუდეველთა მეფის საპოვნელად იყვნენ მოსულნი. შესაძლოა, ამასთანვე იყოს დაკავშირებული დასავლეთის ქრისტიანულ (კათოლიკურ) ტრადიციაში მოგვთა მოხსენიება „მეფეებად“ – ადამიანებად, რომლებმაც მური იცხეს.

ვის ენდოს მოზარდი?

0

მოზარდებთან ურთიერთობის ხანგრძლივი გამოცდილება ერთი მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების საშუალებას მაძლევს – მათთან ურთიერთობისას ნდობა პრიორიტეტული ღირებულებაა.

სწორედ ნდობა და არა პატივისცემა, მეგობრობა, სიყვარული, ურთიერთგაგება, თანამშრომლობა ან ნებისმიერი სხვა… ერთადერთი ყველაზე სანდო და მძლავრი გარანტია ღირებული ურთიერთობისა არის ნდობა. მოზარდი უნდა ენდობოდეს უფროსს. მოზარდს სასიცოცხლოდ სჭირდება უფროსი, ვისთანაც შეძლებს კითხვების დასმას. უხერხული, მიუღებელი, ეგზისტენციური, საზარელი, უსიამოვნო, ყველანაირი კითხვის დასმას. უფროსი, ვის მიმართაც უპირობო ნდობით იქნება აღჭურვილი. ვინც მას მოუსმენს და მიიღებს ნებისმიერ შემთხვევაში. არ განსჯის. არ დასჯის. არ დაამუნათებს. არ უსაყვედურებს.

მოისმენს და მოიქცევა მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. მასთან შეთანხმებით.

საწინააღმდეგოდ გავრცელებული შეხედულებისა,  ღრმად ვარ დარწმუნებული – მეგობრებს მოზარდები საკუთარ ასაკობრივ კატეგორიაში იპოვიან. უფროსსა და მოზარდს შორის კი ნდობაზე დაფუძნებული კავშირი უმნიშვნელოვანესია თავად მოზარდისთვის და ძვირფასი გამოცდილებაა უფროსისთვის.

 

 

 

16 წლის მოზარდი სვამს კითხვას – რა უნდა ვიცოდე, თუ ნარკოტიკის გასინჯვა დამაინტერესებს?

უფროსის რეაქცია:

  • როგორ ბედავ! ამაზე ფიქრიც არ გაბედო! შენხელა რომ ვიყავი, აზრადაც არ მომივიდოდა. ახლავე ვეტყვი მამაშენს. გამოიკეტები სახლში! არანაირი მეგობრები და გარეთ ყოფნა გვიანობამდე! ეს როგორ გამიბედე! ესე იგი უკვე გაგისინჯავს კიდევაც? ახლავე გამოტყდი!

 

ასე დასამარდება სამუდამოდ მოზარდის ნდობაცა და ურთიერთობის სურვილიც უფროსთან.

ამ გაუგებრობებით, ფორიაქით, ტკივილითა და პრობლემებით სავსე სამყაროში მოზარდი დარჩება საკუთარი თავის ანაბარა. მას ეცოდინება, რომ უფროსთან ან, ყოველ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ უფროსთან დანამდვილებით არ ღირს არაფრის კითხვა, გარკვევა. ის ვერ იპოვის მხარდაჭერას და ვერ მიიღებს თანადგომას მისგან.

ამის ნაცვლად მიიღებს უსარგებლო ჭკუის დარიგებებს, აკრძალვებს, აკრძალვებს, კიდევ აკრძალვებს და ლოზუნგებს. ყოველდღიური ცხოვრება კი, მოგეხსენებათ, ამეებისგან არ შედგება.

 

16 წლის მოზარდი სვამს კითხვას – რა უნდა ვიცოდე, თუ ნარკოტიკის გასინჯვა დამაინტერესებს?

პირველი რეაქცია შოკია. არ შემჩნევის მცდელობა. მერე ფიქრების კორიანტელი – რა ვუპასუხო, როგორი რეაქციაა სწორი…რა ვუთხრა, რა არ ვუთხრა…რა იქნება დამაზიანებელი…რა იქნება მარგებელი…რომელია ის ერთადერთი სწორი, ჭეშმარიტი, ყველაფრის მომგვარებელი პასუხი, რომელიც ერთადერთ ჭეშმარიტ გზაგზე დააყენებს და ყველა საფრთხეს აარიდებს…

და ჩვენ,  რასაკვირველია, ვიცით, რომ ასეთი პასუხი არ არსებობს.

 

ისიც ვიცით, რომ უპირობო მხარდაჭერასა და ნდობით აღსავსე ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს და ეს კითხვა სწორედ ამაზე მიუთითებს. ამ ორ ადამიანს შორის, კითხვის დამსმელ მოზარდსა და სწორი პასუხის მაძიებელ უფროსს შორის, ფასდაუდებელი ურთიერთობაა.

რამხელა შვებაა! მოზარდს შეუძლია დასვას ეს კითხვა და მიიღოს პასუხი.

 

  • დრო მჭირდება, რომ ამ კითხვაზე საპასუხოდ მოვემზადო. კვლევებსა და წყაროებს უნდა ჩავხედო. აუცილებლად გაგცემ პასუხს. მადლობა, რომ გამიზიარე ინტერესი. მადლობა ნდობისთვის!
  • არაფრის. შენ გაგისინჯავს რამე?
  • არა, მაგრამ ვყოფილვარ ისეთ სიტუაციაში, როცა იყო შესაძლებლობა. ყოველთვის გონების სიფხიზლეს ვამჯობინებ, არ მომწონს, როცა გონება დაბინდული მაქვს და სხეულის მართვა ან კონტროლი ჭირს. ნარკოტიკული სშუალებები ამასთან ასოცირდება ჩემთვის. უმართაობასთან. ეს მაშინებს.
  • სიმთვრლესავითაა, თუ იცი?
  • ალკოჰოლის ზემოქმედება ვიცი როგორიცაა, შედარება კი არ შემიძლია, როგორც გითხარი, არ მაქვს გამოცდილება. თუ გაინტერესებს, შემიძლია ვთხოვო სანდო ადამიანს და ის დაგელაპარაკება. ამ სპეციალობის ექიმთან შეგვიძლია დავგეგმოთ ვიზიტი.
  • კარგი. თუ გადავწყვიტე, გეტყვი და წავიდეთ.
  • ერთი დღე მომეცი და ხვალ დავუბრუნდეთ ამ საუბარს, კარგი?
  • ოკ.

 

დიალოგი დასრულდა. უფროსს შვება, მადლიერება, სიხარული, სიამაყე და ფორიაქი – ეს ყველა განცდა ერთდროულად ეუფლება.

თავში ისევ კორიანტელია: „რა კარგია, რომ იკითხა. ნეტავ რატომ დაინტერესდა. კიდევ კარგი, აღელვება არ დამეტყო. მგონი, სწორად ვუპასუხე. როგორ გამიმართლა, რომ მენდობა. რა კარგია, რომ მკითხა…!“

 

მეორე დღეს საუბარი გრძელდება. უფროსი და მოზარდი ერთად განიხილავენ კვლევებსა და წყაროებს, რომლებიც ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებას, მოხმარების შედეგებს ეხება.

საუბრის ბოლოს დასკვნების გაკეთებისა და შეჯამების დროა.

შეჯერებული „პუნქტებია“:

 

  • ნარკოტიკული ნივთიერების თუნდაც ერთჯერადი მოხმარება/გასინჯვა შესაძლოა გახდეს უკუქცევადი დაზიანების მიზეზი.
  • ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ადამიანი ვერ აკონტროლებს ჯეროვნად საკუთარ თავს, ქმედებები და გადაწყვეტილებები შესაძლოა იყოს დამაზიანებელი ან დამღუპველი (როგორც მისთვის, ისე სხვისთვის);
  • დღეს ძალიანაა გავრცელებული კუსტარულად დამზადებული ე.წ. სააფთიაქო ნარკოტიკები. მომხმარებლები ან გამსაღებლები პრეპარატებისა და მინარევებისგან თავად ამზადებენ სინთეზურ ნივთიერებებს. ისინი ძალიან მძიმე დამოკიდებულებას და ჯანმრთელობის სერიოზულ დაზიანებებს იწვევენ.
  • შავ ბაზარზე იყიდება იაფი პრეპარატები. მათი თუნდაც ერთხელ მოხმარება აზიანებს გულ-სისხლძარღთვთა სიტემას, მისი ზემოქმედების შედეგად შესაძლოა განვითარდეს თრომბოზი. თრომბოზი არის სისხლის კოლტი, რომელიც ვენებში ყალიბდება და აფერხებს ვენური სისხლის დინებას. შესაბამისად, შესაძლოა განვითარდეს შეშუპება, ტკივილი, ღრმა ვენების თრომბოზის დროს კი იქმნება ლეტალური (სასიკვდილო) საფრთხე.
  • სინთეზური, იაფი, სააფთიაქო ნარკოტიკების მოხმარების შედეგად ხშირია ინექციის ადგილების დაჩირქება, წყლულები, კანის საფარის სერიოზული დაზიანებები. ორიოდე თვეც კი საკმარისია იმისთვის, რომ დადგეს უკუქცევადი შედეგები – ჯანმრთელობა შეირყეს და დაზიანდეს სამუდამოდ.
  • გავრცელებული ნარკოტიკები შეიცავს მძიმე მეტალს, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გროვდება და ნევროლოგიურ დარღვევებს იწვევს. მომხმარებელს სწრაფად უვითარდება მძიმე სიმპტომები – მოძრაობის შეზღუდვა, პარკინსონიზმი.
  • მოხმარების შედეგად თითქმის გარანტირებულია ფსიქიკური აშლილობები, ქცევითი დარღვევები, ფსიქოზები, ჰალუცინოზი, აგრესია.
  • ნარკოტიკების დასახელებებში ხშირად გვხვდება წინსართი – ბიო ან „ჩაი“. მომხმარებელთა შორის გავრცელებულია მცდარი შეხედულება, რომ ასეთი ნივთიერებები არის „ეკოლოგიურად სუფთა“ ან „უსაფრთხო“. სინამდვილეში უვნებელი და უსაფრთხო ნარკოტიკული ნივთიერება არ არსებობს. მცირეხნიანი, ფრაგმენტული მიღებაც კი იწვევს შფოთვას, უმადობას, მხედველობით და სმენით ჰალუცინაციებს, უძილობას, ძლიერ ტკივილს. ხანგრძივი მიღება შესაძლოა სასიკვდილოც აღმოჩნდეს.

 

ამ ყველაფერზე ღიად საუბრის შემდეგ უსაფრთხოებისა და საკუთარ თავზე ზრუნვის წესებია შესახსენებელი ან შესამუშავებელი. მოზარდის ცხოვრება სავსეა მოულოდნელი, საინტერესო, უჩვეულო, დამაინტრიგებელი, სახიფათო შემოთავაზებებითა და თავგადასავლებით.

მან უნდა იცოდეს მკაფიო, მტკიცე „არას!“ თქმა. ამაში გავარჯიშება და გაწაფვა მნიშვნელოვანია.

 

მოზარდი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ნებისმიერ მდგომარეობაში, ნებისმიერ ადგილას მყოფი შეძლებს დაუკავშირდეს უფროსს და ეს უფროსი ზედმეტი კითხვების, დამუნათების, სასჯელის დაპირების გარეშე გაემართება იქ, სადაც მოზარდია, სადაც მას დახმარება სჭირდება.

მოზარდმა უნდა იცოდეს – ეს უფროსი მას არ დატოვებს გასაჭირში და სწორედ ის უნდა იყოს პირი, ვისაც მოზარდი დაუკავშირდება პრობლემურ სიტუაციაში.

 

 

 თქვი, არჯაკელო

0

 ანა კალანდაძე 100

 „რა გინდ ტრაგიკული მიზეზიც არ უნდა მქონდეს, ლექსს მხოლოდ მაშინ ვწერ, როცა მთელს ჩემს არსებას დიდი სიხარული ეუფლება!..“ – ანა კალანდაძის დღიურიდან

 

2008 წლის მარტის ცა მახსოვს – მთაწმინდაზე, ზღვა ხალხის თავზე თალხივით ჩამომხობილი, ღრუბლებჩალურჯებული და მრუმე. ქარიც მახსოვს, მთაწმინდის პანთეონის კედლებში გზააბნეული ფრინველივით ტრიალებდა და ღმუოდა თითქოს. ჩუმი გვრინით გაისმოდა მისი ხმა და მთელ იმ ამბავს დაუვიწყარი ფინალივით აბოლოებდა.

ანა კალანდაძის დაკრძალვის დღე იყო. მარადისობის ახელილი თვალივით ასცქეროდა ცას პოეტის გაჭრილი საფლავი.

იმ ქარზე – ანას მოტირალ ქარზე მერეც მიფიქრია. ოჯახის წევრებთან და მკითხველებთან ერთად ქარმაც გააცილა. იმ ქარმა, რომელსაც ასეთი კრძალვითა და ვნებით უმღეროდა მთელი ცხოვრება. იქნებ მარტშიც ამიტომ გაიყვანა განგებამ – მარტიც ხომ ქარების და პოეტების თვეა, გაზაფხულის ტკივილიანი და ცეცხლოვანი დაბადების თვე… ანა კალანდაძის ცხოვრება და პოეზია მარტის თვეში დაბოლოვდა – ამ დასასრულით მისი მარადისობა დაიწყო…

 

…ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის,

ყვავილს მომწყვეტს, გაიტაცებს მინდვრად…

დამიყვავე, ქარო, ნუ ხარ მკაცრი:

პატარა ვარ, მოფერება მინდა!

 

. . .

ყველას თავისი ანა კალანდაძე ჰყავს. ვის გულსაც მისი პოეზია ერთხელ მაინც შეხებია, წარუშლელად აღბეჭდია სინაზე, რაღაც სრულიად განსაკუთრებული და მაგიური, არა სუსტი და უმწეო, არამედ მძლავრი სინაზე… ეს ანა კალანდაძის პოეზიის ნიშანია – სიკეთის და მშვენიერების უპირობო აღმსარებელი. პოეზიის დედოფალი უწოდეს, თუმცა თვითონ ყოველთვის აპროტესტებდა, არამხოლოდ თავმდაბლობის გამო, არც ზრდილობის და ღრმა შინაგანი კულტურის, არამედ ალბათ იმიტომაც, რომ ამქვეყნიური გვირგვინებისთვის არ ემეტებოდა ხელქმნილი განძი – პოეზია და მარტოობა. ვინც ჭეშმარიტად მარტოსულია, მან ისედაც იცის, რომ თავის დიდ სამყაროში მეფეცაა და გლახაკიც. ამ იგავმიუწვდომელ თავისუფლებას კი არ გაცვლის არაფერზე. ანას მარტოობაც – დედოფლურიც იყო და ქრისტეს მხევლურიც, ზეცის თაღებში ქროლაც იყო და დედამიწის ცვარ-ნამზე გადარბენაც, წარსულიც იყო და მომავალიც და ყოველივე აწმყოს მარადიულ წამში იკრიბებოდა…

ანა კალანდაძის დღიურებიდან – „ვერავინ ხედავს, როდის და როგორ ვმუშაობ… ვერც შინაურები და ვერც მეგობრები. მესამე თვალისაგან უსათუოდ დამალული უნდა ვიყო. ძალიან დიდხანს შემიძლია ვიფიქრო ერთ რამეზე, ძალიან დიდხანს. შემდეგ გადამაქვს ქაღალდზე… ფანქრით ვწერ. ალბათ, შევეჩვიე, განწყობილება არ მეკარგება ხოლმე. ხშირად წლობით ვატარებ განწყობილებას, სიხარულსა თუ ტკივილს…“.

. . .

ანა კალანდაძის პოეტური დებიუტი 1946 წლის მაისში მწერალთა კავშირის (ახლანდელი მწერალთა სახლი) სარკეებიან დარბაზში შედგა.

ანა კალანდაძის დღიურებიდან: „1946 წლის 24 მაისს მწერალთა კავშირის საქმეთა მმართველი წერილობით მატყობინებდა: გთხოვთ, მობრძანდეთ 25 მაისს, 1 საათზე მწერალთა კავშირში თქვენი ლექსების კითხვა ეწყობაო. მოულოდნელი რამ იყო. შინ არაფერი მითქვამს, არც უნივერსიტეტში იცოდნენ არაფერი.

კითხვა პოეზიის სექციამ მოაწყო. სექციის ხელმძღვანელი ცნობილი პოეტი და მთარგმნელი კონსტანტინე ჭიჭინაძე იყო. რამდენიმე დღის შემდეგ გაზეთში გამოქვეყნებული ცნობა იუწყებოდა: „კითხვა, როგორც წესი, პოეტების ვიწრო წრეში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მოულოდნელად ახალგაზრდა პოეტს ფართო საზოგადოების წინაშე მოუხდა გამოსვლაო“.

ახალგაზრდა პოეტის დებიუტი იმ რანგის მოვლენად იქცა, რომელიც სამუდამოდ აღიბეჭდა მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიაში. მეორე მსოფლიო ომის ჭრილობები ჯერაც ტკივილით იწვოდა, ამ ტკივილებსა და განსაცდელებში სულშეხუთულ სივრცეში კი ახალმა პოეტურმა ხმამ ისე შემოაღწია, როგორც დახშულ ოთახში სუფთა ჰაერმა. იმ დღეს ყველამ იგრძნო, რომ ქართულ პოეზიაში ახალი სახელი დაიბადა. ახალი ზეცა გადაიშალა – ანა კალანდაძე.

 

თავს დამეღვარა მე სიხარული

და დამანახა მთიების ბრწყინვა…

ცისა და მიწის მშვენიერებას

აღმოუცნობი უძღოდა წინა…

ერქვა გვირგვინი მას სხივოსანი –

ხელშეუხები, წმიდათაწმიდა…

იდუმალი ხმით მაუწყა ისევ:

_ კვლავ გავხსნი ციერს, თუ ეს შენ გინდა!

 

თავს დამეღვარა მე სიხარული…

. . .

საბჭოთა ტოტალიტარულ დროში, უღმერთობის ზეობისას, ღვთაებრივისკენ მზერამიპყრობილი პოეტი დიდი გაოგნებაც იყო და დიდი გამოწვევაც. თუმცა ეს მზერა იმდენად სავსე იყო მეხსიერებით, ისეთი ღონიერი იყო ისტორიის და კულტურის განცდით, რომ მისი აკრძალვა და ჩაბნელება წარმოუდგენელი აღმოჩნდა. პირიქით, ანას ხმას, ანას სათქმელს სიმღერას მოწყურებული სოფელივით აჰყვა მთელი ქვეყანა. „შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო…“, „მოდიოდა ნინო მთებით…“, „ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმან…“, „შენ მე ყოველთვის მომცემ წყნარ სადგურს, სულთ დასამკვიდრებს…“, – ანას პოეზია უმრევლო და მიტოვებულ ტაძარში დანთებულ სანთელს ჰგავდა, რომელმაც დროთა განმავლობაში მძლავრი შუქით შემოიკრიბა პოეზიის მომლოცველები.

 

ანა კალანდაძის დღიურებიდან – „მეორდება ისტორია. სამწუხაროდ, დღესაც გვჭირდება მტკიცება იმისა, რომ ჩვენი ჩვენია… საკუთარი, მამა-პაპეული, ღვთითბოძებული მიწა-წყლის შენარჩუნებისთვის, მამულის განუყოფლობისთვის დღესაც ისევე ვიცლებით სისხლისგან, როგორც ეს ადრეულ საუკუნეებში ხდებოდა…

დიდი ილიას მოხევისა არ იყოს, „რაი არნ მტერობა, თუ ერი ერობს!“ თუ ერთმანეთს მხარში დავუდგებით, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, „ყოველი იარაღი, ჩვენ წინააღმდეგ გამოჭედილი, გაცუდდება“, მხოლოდ მაშინ წავა ჩვენი გზა გამარჯვებისაკენ!..“.

 

. . .

ანა სიყვარულის პოეტია. ეს იდეა ყველაფერს მსჭვალავს – სამშობლოს, ღმერთის, სატრფოს, მშობლისა თუ ისტორიის მიმართ ურთიერთობას. ამ სიყვარულის გამოსათქმელად კი ის ენა შეურჩევია, რომელშიც დაშიფრული კოდებივით აღბეჭდილა დამარხული ენის საიდუმლო. თამაზ ჭილაძე წერდა, გიორგი მერჩულეს, ჟამთააღმწერლისა და გალაკტიონ ტაბიძის ლოგიკური ერთიანობით გაშლილი სამყაროა ანას პოეზიაო. ეს ენაც ამ უსაზღვრო სივრცეშია დაბადებული, მერჩულესა და იოანე ზოსიმეს ენობრივი გრავიურა, ფშაურ კილოზე გაწყობილი სატრფიალო ლექსები, თანამედროვე ჰიმნოგრაფიის შედევრებად ქცეული სადიდებლები – ეს ანა კალანდაძის პოეტური ლიტურგიაა, მზერით ზეცისკენ, იქ სადაც დაუსრულებლად დიან ღრუბლები…

 

მათ გადაიარეს ცა პირამიდების,

ხეთა და მიდია…

ზღაპრული ურარტუ, ქართული მინდვრები,

კვლავ საით მიდიან?

რამდენი მწვერვალი გადავლეს უკლებლივ,

კვლავ ფეხქვეშ რაოდენ მწვერვალებს ითვლიან

ღრუბლები… კვლავ საით მიდიან ღრუბლები?

რა ვიცი… მიდიან…

 

. . .

ანა კალანდაძე იმ პოეტების სულიერ-კულტურული მემკვიდრეა, ვისთვისაც ლიტერატურა, სიტყვის მსახურება უპირობოდ ქვეყნის მსახურებასაც ნიშნავს. ამიტომაც იყო ანასთვის ილია ჭავჭავაძე უმთავრესი ორიენტირი, საკუთარ მისიასაც განიცდიდა ისე, როგორც მე-19 საუკუნის მოღვაწეები.

„… როგორი ბრალიც არ უნდა დასდონ შემოქმედს („სად არიან მწერლები?“), რომლის „უღელზე ძნელი არა არის რა ცისქვეშეთში“, იგი მაინც ქვეყნის ჭირის შეძლებისდაგვარად პირველი გამზიარებელია და ამდენად, მაინც „ცხოვრების შუაგულში ტრიალებს“ – ჩაუწერია თავის დღიურში.

პირუთვნელობა, უმაღლესი იდეალების მიმართ ერთგულება, ლამის ბავშვური გულწრფელობა და სიფაქიზე ის ნიჩბებია, რომლებითაც ანა ცხოვრების ამ შუაგულს იგერიებდა და მოძრაობდა მომავლისაკენ. ეს გადამდები პროცესია, ვინც ამას მისი პოეზიით განიცდის, ისიც საიმედოდ შეიჯავშნება შუაგულის გადასალახად.

15 დეკემბერს ანა კალანდაძის დაბადების დღეა. ის 100 წლის გახდებოდა. მართლაც დედოფლური განცდაა – ასი წლის ანა კალანდაძე. მჯერა, ვიდრე ქართული ენა იქნება, იქამდე იცოცხლებს ანას პოეზიაც. რადგან მასში ამ ენის საიდუმლოცაა, მისი უხსოვარი მუსიკა და სინათლე.

ამ პოეზიაში ადამიანად ყოფნის საიდუმლოცაა დაუნჯებული. ერთ პატარა დიდ ლექსში გაცხადებული მთელი საზრისი წარმავალი წუთისოფლისა და მარადისობის შესახებ:

თქვი, არჯაკელო ხვიარა,

ქსანზე ვინ ჩამოიარა?

– რა ვი, ღრუბლებზე ვფიქრობდი

და არა გამიგია რა…

– მეც სხვათა შორის ვიკითხე,

სალაპარაკოდ კი არა…

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნებადართულობის საზღვრების დადგენა და მათი დაცვა

0

ვფიქრობ, სიახლე არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ აღზრდა საკმაოდ რთული პროცესია. ამასთან, ის მეთოდები, ხერხები და საშუალებები, რომლებსაც უფროსები მივმართავთ, ჩვენი სურვილისა და დიდი მცდელობის მიუხედავად, ყოველთვის არ იძლევა სასურველ შედეგს. აღმზრდელთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ღირსეული, რეალიზებული და წარმატებული პიროვნების აღსაზრდელად აუცილებელია რაც შეიძლება მეტი აკრძალვები დავუწესოთ ბავშვს, მოვითხოვოთ მისგან ისეთი ქცევა, როგორიც ჩვენ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ჩვენი ცოდნიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე. აღმზრდელთა მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ რაც უფრო თავისუფლად გაიზრდება ბავშვი, რაც უფრო ნაკლებ წესებს და აკრძალვებს მოვახვევთ თავს, მივცემთ საშუალებას დამოუკიდებლად, ჩვენი ყოველგვარი ჩარევის გარეშე იმოქმედოს, მიიღოს გადაწყვეტილებები, მით უფრო ღირსეული და წარმატებული პიროვნება იქნება მომავალში. უნდა ითქვას, რომ ადრე თუ გვიან აღმზრდელთა როგორც ერთი, ისე მეორე ნაწილი ხვდება, რომ შერჩეული სტრატეგია არც ისე ეფექტიანია და ბავშვის განვითარების გარკვეულ ეტაპზე მასთან ურთიერთობაში გარკვეული ცვლილებების შეტანას ცდილობს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კორექცია საკმაოდ რთული პროცესია და არცთუ იშვიათად სასურველ შედეგსაც ვერ იძლევა, აღმზრდელთა მცდელობა, ცვლილებები შეიტანონ ბავშვთან დამოკიდებულებაში ხშირად წარუმატებლად მთავრდება.

საინტერესოა, რომ ზემოაღწერილი სტრატეგიების გარდა არსებობს კიდევ ერთი გზა, კიდევ ერთი საშუალება ბავშვის აღზრდის პროცესში, ეს არის ნებადართულობის საზღვრების დადგენა და მათი დაცვა. საზღვრების დაწესება, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს აკრძალვებს, მაგრამ აქ არ ვსაუბრობთ აკრძალვების ავტორიტარულ სისტემაზე, რომელიც ხელს უშლის ბავშვის სწორად განვითარებას. პირიქით, ნებადართულობის საზღვრების დაწესება არ ზღუდავს, არ აფერხებს და არც ანელებს ბავშვის განვითარებას. ის მას განუსაზღვრავს „საკუთარ“ და „სხვის“ ტერიტორიას, რითაც უქმნის უსაფრთხო სივრცეს. მოზარდმა იცის, სად, როდის და როგორ არის შესაძლებელი იმის გაკეთება, რაც მას სურს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ნებადართულობის საზღვრების დადგენა და მათი დაცვა:

• ბავშვებს, რომელთა მშობლებს არ აქვთ დაწესებული მათთვის ნებადართულობის საზღვრები, აკლიათ სიცხადე მოთხოვნებში, არიან არასტაბილურები, შეიძლება შეექმნათ სირთულეები, პრობლემები ურთიერთობებში, გაუჩნდეთ შიშები და ფობიები, გახდნენ ინფანტილური და ა.შ. როგორი აზრები, ფიქრები შეიძლება ჰქონდეს ბავშვს, რომელსაც მშობლები ყველაფერს უთმობენ და არანაირ საზღვრებს არ უდგენენ – „დედამ და მამამ დათმეს ისეთი რამ, რის დათმობაც მათ ძალიან არ უნდოდათ. როგორც ჩანს, ისინი სუსტი და არასაიმედო, არასანდო არიან“. ბავშვი, რომელსაც ასეთი აზრები უჩნდება, კარგავს უსაფრთხოებისა და დაცულობის გრძნობას, ქვეცნობიერად აკეთებს დასკვნას, რომ ის მშობლებზე ძლიერია და სახიფათო სიტუაციაში ისინი მას ვერ დაეხმარებიან. ასეთ ბავშვებში ხშირად ვლინდება შიშები, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა და აგრესიული ქცევა;
• თუ მოზარდს არ აქვს მკაფიო წარმოდგენა იმის შესახებ, სად გადის საზღვარი, რაზეა ის პასუხისმგებელი, მას ვერ განუვითარდება საკუთარი თავის კონტროლის უნარი, რის გარეშეც ის ვერ იქნება წარმატებული და ბედნიერი. ნებადართულობის საზღვარზე ბუნდოვანი წარმოდგენა გამოიწვევს იმას, რომ ასეთ მოზარდს მოუნდება გარშემომყოფთა სრული დაქვემდებარება და ვერ გააკონტროლებს საკუთარ თავს;
• ნებადართულობის საზღვრები მნიშვნელოვნად ამცირებს კონფლიქტებს მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში. ამ საზღვრებს ვადგენთ ჩვენ უფროსები ბავშვებთან შეთანხმებით და ვეხმარებით მათ დაცვაში. ბავშვისთვის ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის უნდა გრძნობდეს, რომ დედა და მამა მასზე ძლიერები არიან და მას შეუძლია დაეყრდნოს მათ.

როდის და როგორ დავიწყოთ ნებადართულობის საზღვრების დადგენა – რეკომენდაციები:

• უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ, რომ ბავშვები არ იბადებიან ნებადართულობის მზა საზღვრებით. ისინი მათ ითვისებენ, სწავლობენ მშობლებთან ურთიერთობისა და აღზრდის პროცესში;
• რაც უფრო ადრე დავიწყებთ ბავშვთან საზღვრების გამოკვეთას, დადგენას, მით უკეთესი იქნება. თუმცა, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები და მისი ინდივიდუალური შესაძლებლობები. ოთხი წლის ასაკში ბავშვი უკვე ცხადად იწყებს იმის გაცნობიერებას, თუ რის გაკეთება შეიძლება და რის – არა. სასკოლო ასაკისათვის კი განვითარებას იწყებს თვითკონტროლის უნარი, რაც კარგ პირობებს ქმნის ნებადართულობის საზღვრებში მოქმედებისათვის. საზღვრების დადგენისას მნიშვნელოვანია, გვესმოდეს ისიც, შეძლებს თუ არა ბავშვი მათ დაცვას;
• ნებადართულობის საზღვრების გამოკვეთისას შევადგინოთ ქცევის წესების ჩამონათვალი. მნიშვნელოვანია, რომ ამ წესებს ვიცავდეთ ბავშვთან ურთიერთობაში მყოფი ადამიანები. გამოვრიცხოთ ორმაგი სტანდარტები, რადგან მათმა არსებობამ შეიძლება დააბნიოს ბავშვი;
• გავითვალისწინოთ, რომ „არას“ თქმა ნორმალურია. ამასთან, „არა“ უნდა ნიშნავდეს „არას“ და ბავშვმა ეს არ უნდა აღიქვას, როგორც „მე შენ არ მიყვარხარ“. თუ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ახლა აუცილებელია უარის თქმა ბავშვისთვის, შეგვიძლია ეს თამამად გავაკეთოთ. მაგრამ სანამ უარს ვეტყვით რაიმეზე, დავფიქრდეთ ნამდვილად მნიშვნელოვანია თუ არა ახლა ეს აკრძალვა (მაგ. კანფეტის ჭამა სადილის წინ);
• თუ ბავშვს ჩვენგან ისეთი სიტყვების მოსმენის შემდეგ, როგორიცაა „არა“, „არ შეიძლება“, ეწყება ისტერიკა, ჩვენ მას ტირილის უფლება უნდა მივცეთ. ეს ხომ სრულიად ნორმალურია. მთავარია, რომ ისტერიის მომენტში ვიყოთ ბავშვის გვერდით, მაგრამ არ უარვყოთ ჩვენი ნათქვამი და არ შევცვალოთ ჩვენი გადაწყვეტილება – „მიყვარხარ, მესმის შენი; ვიცი, რომ გინდა ამის გაკეთება, მაგრამ ეს არ შეიძლება იმიტომ, რომ…..“);
• აუცილებელია, მივაწოდოთ ბავშვს ინფორმაცია საზღვრების დარღვევის შესახებ. ბავშვის ინფორმირება უნდა მოხდეს ფაქტების დახმარებით. ფაქტს წარმოადგენს ის, რაც ხდება დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში და რასაც აქვს ვიზუალური მტკიცებულება. ფაქტს არ წარმოადგენს ბავშვის პიროვნული თვისებები. მაგ. ფაქტია – „შენს ოთახში ქაოსი, უწესრიგობა, არეულობა და უსუფთაობაა“. თუმცა, ფრაზა „შენ დაუდევარი ხარ“ არ არის ფაქტი. გამოვიყენოთ ტექნიკა, რომელიც „მე“ – შეტყობინების სახელით არის ცნობილი – „მე არ მომწონს, მე ვბრაზობ, როცა ოთახში ასეთ უწესრიგობას ვხედავ!“, „მოუთმენლად ველოდები, რომ საღამომდე დაალაგებ და მოასუფთავებ შენს ოთახს“;
• წავახალისოთ ბავშვის კონსტრუქციული ქცევა. წახალისება მნიშვნელოვანია მისთვის. განსაკუთრებით ეფექტიანად მოქმედებს ბავშვზე უფროსების, ჩვენ მიერ იმის დაფიქსირება, რამდენად მნიშვნელოვანია მისი კონკრეტული ქცევა ჩვენთვის. გავითვალისწინოთ, ის ფაქტი, რომ ჩვენ ორიენტირებული უნდა ვიყოთ ბავშვის ქცევის და არ მისი პიროვნების შეცვლაზე;
• გავითვალისწინოთ ისიც, რომ ნებადართულობის საზღვრების დადგენა აზრს დაკარგავს, თუ ბავშვს არ ეცოდინება, როგორ დაიცვას საკუთარი საზღვრები.

საკუთარი საზღვრების დაცვის უუნარობამ ბავშვი შეიძლება იქამდე მიიყვანოს, რომ ის თავის გრძნობებსა და მოთხოვნილებებს უმნიშვნელოდ ჩათვლის. ეს კი, თავის მხრივ, უარყოფითად იმოქმედებს მის თვითშეფასებაზე. პირადი საზღვრების სისტემატურად დარღვევა შეიძლება გახდეს მუდმივი სტრესისა და შფოთვის წყარო. თუ ბავშვი არ ისწავლის საკუთარი საზღვრების დაცვას, ის შეიძლება გახდეს ზედმეტად დამოკიდებული სხვა ადამიანების აზრსა და შეფასებაზე, რაც, ბუნებრივია, ხელს შეუშლის დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბებას. ჩნდება რისკი, რომ ბავშვი გახდეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.

საკუთარი საზღვრების დაცვა არის ჩვევა, რომელსაც ბავშვი აუცილებლად უნდა დაეუფლოს. ეს დაეხმარება მას გახდეს საკუთარ თავში დარწმუნებული, ექნება უნარი პატივი სცეს როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებს. საკუთარი საზღვრების დაცვა ბავშვის პიროვნული განვითარების და სოციალური ადაპტაციის მნიშვნელოვანი ასპექტია.

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვს ნებადართულობის საზღვრების დაცვა:

• ბავშვს, რომელსაც შეუძლია ნებადართულობის საზღვრების დაცვა, ესმის საკუთარი ღირებულება და მნიშვნელობა. „არას“ თქმის უნარი, როცა ეს აუცილებელია, ეხმარება ბავშვს, პატივი სცეს საკუთარ გრძნობებსა და მოთხოვნილებებს;
• საკუთარი საზღვრების დადგენისა და დაცვის უნარი ეხმარება ბავშვს დაიცვას თავი მანიპულირებისა და ზეწოლისაგან სხვა ადამიანების მხრიდან, იქნებიან ეს თანატოლები, უფროსი მოზარდები თუ ზრდასრული ადამიანები;
• საკუთარი საზღვრების დაცვის უნარი ჯანსაღი ინტერპერსონალური ურთიერთობის საფუძველია. ბავშვი, რომელსაც შეუძლია, პატივი სცეს როგორც საკუთარ, ასევე სხვა ადამიანების საზღვრებს, შეძლებს გარშემომყოფებთან ჯანსაღი, პატივისცემით განმსჭვალული ურთიერთობების ჩამოყალიბებას;
• პირადი საზღვრების სისტემატურმა დარღვევამ შეიძლება, გამოიწვიოს ნეგატიური ემოციები, სტრესი, შფოთვა. საკუთარი საზღვრების დაცვის უნარი ეხმარება ბავშვს შეინარჩუნოს ემოციური კეთილდღეობა;
• საზღვრების დადგენა და დაცვა ბავშვისგან მოითხოვს გადაწყვეტილების მიღებას. ეს არის მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც გამოადგება მოზარდს ზრდასრულობის ასაკში და რომლის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ნებადართულობის საზღვრების დაცვა;
• საზღვრების დაცვა ძალადობის პრევენციის მნიშვნელოვანი საშუალებაა. ბავშვი, რომელსაც შეუძლია, რომელსაც აქვს უნარი დაიცვას საკუთარი საზღვრები, ნაკლებად ხდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.

ყოველივე ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანია ბავშვის კეთილდღეობის, მისი წარმატებული სოციალიზაციისა და სრულფასოვანი, დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად.

როგორ ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი საზღვრების დაცვა სოციუმში – რეკომენდაციები:

• ავუხსნათ ბავშვს პირადი საზღვრების მნიშვნელობა – მას უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება საკუთარ სივრცეზე, აზრებზე, გრძნობებზე;
• ვასწავლოთ ბავშვს „არას“ თქმა. „არას“ თქმა ეხმარება ბავშვს, დაიცვას თავისი საზღვრები. ავუხსნათ მას, რომ შეუძლია და უნდა თქვას კიდეც „არა“, როცა რაიმე არ მოსწონს;
• ვიყოთ მაგალითი ბავშვისთვის – ბავშვები სწავლობენ უფროსების ქცევაზე დაკვირვებით. ვუჩვენოთ მას, როგორ ვცემთ პატივს ჩვენ საკუთარ და ასევე სხვა ადამიანის საზღვრებს;
• პატივი ვცეთ ბავშვის საზღვრებს – საუკეთესო გზა, რომ ვასწავლოთ ბავშვს საზღვრების დაცვა, არის მისი საზღვრების პატივისცემა. იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს საკუთარი საზღვრების დაცვა, ის უნდა გრძნობდეს, რომ მის საზღვრებს პატივს სცემენ;
• ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი გრძნობების გამოხატვა – იმისათვის, რომ დაიცვას საკუთარი საზღვრები, ბავშვს უნდა შეეძლოს თავისი გრძნობებისა და მოთხოვნილებების გამოხატვა;
• ვასწავლოთ ბავშვს სხვა ადამიანების საზღვრების პატივისცემა – ეს ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია საზღვრების დაცვისას. ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ ყოველ ადამიანს აქვს საკუთარი პირადი სივრცე, საზღვრები და გრძნობები, რომლებსაც პატივი უნდა ვცეთ. ბავშვები, რომლებიც არ იცავენ სხვა ადამიანების საზღვრებს, ვერ შეძლებენ საკუთარი საზღვრების დაცვას.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საზღვრების დადგენა და დაცვა ხანგრძლივი პროცესია და საჭიროებს დიდ ძალისხმევასა და მოთმინებას. ვიყოთ მომთმენი და მხარი დავუჭიროთ ბავშვს ამ პროცესის ყოველ ნაბიჯზე. გვჯეროდეს როგორც საკუთარი, ასევე ბავშვის ძალების და ასეთ შემთხვევაში, ყველაფერი გამოგვივა.

 

დღიურიდან

0

30.11.2024

ხვალ ადვენტი იწყება. დასავლურ ტრადიციაში ეს ლიტურგიკული კალენდრის დასაწყისია, წინასაშობაო პერიოდი. ამ დროს შეძლებისა და სურვილისამებრ ვმარხულობთ, ვკითხულობთ ძველი აღთქმის საწინასწარმეტყველო წიგნებს, ქრისტეს დაბადების შესახებ რომაა (ესაია წინასწარმეტყველს, მაგალითად). ვფიქრობთ ღმერთის ამქვეყნად მოვლინებაზე, მის დაბრუნებაზეც. საერთოდ, ადვენტი სიხარულიანი მოლოდინის დროა.

აი, მე კი მსგავსი არაფერი მაქვს გულში.

ან როგორ მექნება, როცა ჩემ თვალწინ სცემენ, ასისხლიანებენ, იჭერენ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლო უყვართ და მისი დაცვა გაბედეს. მე კი ამას წინააღმდეგობას ვერაფრით ვუწევ, ამ ხალხს ვერ ვიცავ, ვერაფერს ვაკეთებ საიმისოდ, რომ ასეთი სისასტიკით არავინ ჩაწიხლოს.

რანაირად უნდა ვიფიქრო ახლა შობაზე?! რის მოლოდინი უნდა მქონდეს, როცა წინ მხოლოდ გაურკვევლობაა.

საერთოდ, მგონია, ჩემი გული მხოლოდ ერთი რამის სამსახურს იტევს და ერთ რამეზე ფიქრებს: თუ ჩემი ქვეყანაა, მხოლოდ ჩემი ქვეყანა უნდა იყოს, თუ ლიტერატურაა, მხოლოდ – ლიტერატურა და თუ ღმერთია, მხოლოდ – ღმერთი. არ ვიცი, რანაირად შევუთავსო ეს სამი ჯერ ერთმანეთს და მერე – ჩემს სუსტ ჯანმრთელობას.

ჰო, ბარიკადებზე სადგომი ჯანმრთელობა, დიდი ხანია, აღარ მაქვს. და კი, შევაკლავდი თავს ამ ქვეყანას, მაგრამ ვის რაში გამოადგება ჩემი უაზრო თავგანწირვა? ჩემს გამოყვანაზე უნდა გაწვალდნენ და ბრძოლას მოცდნენ. ამით ვერავის დავეხმარები, მხოლოდ ხელს შევუშლი. ამიტომ ვდგავარ იქ, სადაც გონება მკარნახობს და არა იქ, საითკენაც გული მერჩის.

საინფორმაციო ომიც არანაკლები ომია. უფრო სწორად, გადამწყვეტი მნიშვნელობის ომია – ნუ გგონიათ, რომ ბელორუსიასა და ჰონგ-კონგში ჩვენზე ნაკლებად იბრძოდა ხალხი. უბრალოდ, რეჟიმი ადაპტირდა ამ ბრძოლასთან და რაც ფიზიკური ძალით ვერ ჩაახშვეს, პროპაგანდით გაანადგურეს. ამიტომ ვცდილობ, სასარგებლო ინფორმაცია გავავრცელო (რომელი ინფლუენსერი მე ვარ, მაგრამ მაინც) და ყალბი ინფორმაციის გავრცელებას კი ხელი შევუშალო. უსაქმოდ არც აქამდე ვმჯდარვარ – ყველგან, სადაც ჩავსულვარ, ჩემი ქვეყნის ამბავიც ჩამქონდა, დაუსრულებლად ვლაპარაკობ და ვწერ ხან რუსულ და ხან ცენზურის კანონებზე. მაგრამ, ასე მგონია, სრულიად არაფერი გამიკეთებია და, როგორც მოქალაქე, სრულიად უნიათო, უსუსური და გამოუსადეგარი ვარ.

დაწერეს, როგორ უმკლავდებით ბრაზსა და უიმედობასო. ვერ ვუმკლავდები, განვიცდი – რა ვიცი, ჩვენი ქვეყანაა და ვდარდობთ, ჰო, აბა, ომში გახარებულები ხომ არ ვიქნებით?! მით უმეტეს, რომ ეგ განცდები მოქმედებაში გადაგვაქვს – ყველას ისე, როგორც შეგვიძლია.

ჩემმა უკრაინელმა მეგობარმა, ძალიან კარგმა მწერალმა დარიამ, მომწერა გუშინ. რაც პროტესტში ვართ, სულ მეხმიანება და მამხნევებს.

რამე ხომ არ შემიძლია, თქვენთვის გავაკეთოო.

თვითონ ახლაც ლვივშია.

მეტი რაღა უნდა გააკეთო-მეთქი.

იმ დღის იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყნები რომ რუსეთის კლანჭებისგან განთავისუფლდებაო.

ჰო, ჩემი საადვენტო იმედიც ზუსტად ეგ არის.

საადვენტოც და სამერმისოც.

 

1.12.2024

დაიწყო ადვენტის პირველი კვირა. წირვის შემდეგ ამჯერად საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივედი – ვიფიქრე, ნაკლები ხალხი იქნება-მეთქი და ფრონტს გავამაგრებ. ვნახე რამდენიმე მწერალი, ერთიც – ჩემი მეგობრის მეგობარი. ხალხი კი მართლაც ცოტა იყო თავიდან. აი, მერე, მერე სასწაული მოხდა:

ხელმძღვანელობამ ცოცხალი თავით ყური არ შეიბერტყა მოთხოვნებზე და ხალხმა, აბა, თუ ეგრეო, ჩავიდნენ ქვემოთ და გადაკეტეს გზა.

  • ცოტანი ვართ, ვერ გადავკეტავთ, – ამბობდა ჩემი მეგობრის მეგობარი გოგო, – იურისტი ვარ, დამიჯერეთ. ადმინისტრაციული წესით აგვიყვანენ ყველას.

მაინც ჩავედი.

გზა გადაიკეტა. რამდენიმე წუთში კი ვხედავ: მოდიან, მოაქვთ ის ისტორიული ბანერი „არ გაჩერდება ხალხის მდინარე ქვეყნის გულიდან გამომდინარე“.

დედაჩემს მივწერე, სხვა აქციიდან მოვიდნენ-მეთქი, მე მგონი.

ვიცი, გიყურებო, – მომწერა, – კინოფესტივალიდან შემოგიერთდნენო.

კიდევ რამდენიმე წუთში კი გმირთა მოედნიდან დაიძრა ხალხის უზარმაზარი ნაკადი. სმარტფონების ფანრები ენთოთ და ასე მოაპობდნენ სიბნელეს. ჩვენც ავანთეთ აქედან. მერე კიდე მეორე ნაკადიც დაიძრა.

ჩემ წინ ოჯახი იდგა: დედა, მამა, გოგო.

– შეხედე, მოდიან! – გოგომ შესძახა.

– ვინ მოდიან, კაცო? – უცებ ვერ მიხვდა დედამისი.

– აგე, ხალხი.

– ვინ? ჩვენები თუ რობოკოპები?

– ჩვენები, კაცო, რა რობოკოპები!

– „საზმაუ“ ნიშნავს „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, მაგის წინ ვდგავარ, – ეუბნებოდა აქეთ ერთი ბიჭი ტელეფონზე ვიღაცას, – მეტი როგორ აგიხსნა?! პირველი არხი, აი, ერთიანს რომ დააჭერ და გადართავ… არა, მერე გადმოვალთ მანდ. მოდი, ჰო, გმირთა მოედნამდე გადავკეტეთ.

– თემო დააკავეს ადმინისტრაციული წესით, – მიუბრუნდა ის გოგო ისევ დედას, – ჰოდა, ჰყავდათ ერთი მოწმე, ანუ ეს ერთი პოლიციელი, მეორე ხო, ვინც დაიჭირა და კიდე რაღაც ჩვენება დაწერილიც ჰქონდათ. ჰოდა, ამ მოწმეს ეკითხებიან, რომ რატომ დააკავეთო და, არ დაგვემორჩილაო. და, რაში არ დაგემორჩილათო, და, სახლში არ წავიდაო. ნუ, ამაზე გაიცინა თურმე ყველამ. და ეს ჰო, თქვა ამ მოწმემ და დაჯდა ისევ – არადა, არ შეიძლება კანონით, ჩვენებას რომ მისცემ, უნდა გახვიდე დარბაზიდან. და მოსამართლე ეკითხება, რას აკეთებთო?! და ამან, აქ დავრჩები, რომ ჩემი პოზიცია ბოლომდე დავიცვაო. გაუბათილეს ეგ ჩვენება და გამოუშვეს თემო.

იცოდნენ, რომ ცოტანი ვიყავით, დახმარება გვჭირდებოდა, სიბნელე გააპეს და მოვიდნენ – ასე დაიწყო ადვენტის პირველი კვირა, რომელიც, ეკლესიის ტრადიციით, იმედისაა…

გაგრძელება იქნება

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...