სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ენა, რიტუალი, კერძი

ქვემო ქართლის მიგრაციული თვალსაჩინოებები

კაცობრიობის ისტორია ერთი, დიდი და უწყვეტი მიგრაციის ისტორიაა. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში მიგრაციების ფორმატი და შინაარსი, მიზეზები და შედეგები სულ უფრო მრავალფეროვანი, მრავალგანზომილებიანი გახდა. ამ მხრივ, მიგრაციების ისტორიის შესწავლა და გაანალიზება თანამედროვე მეცნიერების უმთავრესი საკითხი უნდა გახდეს, გამომდინარე იქიდან, რომ  წარსულის კვლევა იმავდროულად მომავლის სირთულეების პრევენციაა, რადგან მიგრაციული რეალობა თანამედროვე მსოფლიოს მარადიული აწმყო და, როგორც ჩანს, მომავალია.

ბოლო ორი საუკუნე განსაკუთრებით გარდამტეხი ცვლილებების მომტანი აღმოჩნდა საქართველოს მიგრაციული სურათისათვის. მეოცე საუკუნის მიგრაციებმა მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოს ეთნიკური, ენობრივი თუ დიალექტური პროფილი.

მიგრაციული პროცესები მეტ-ნაკლებად საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს შეეხო, თუმცა, ზოგიერთი მხარე ერთგვარ მიგრაციულ ჰერბარიუმს წარმოადგენს, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ეთნიკური ეკოლოგია მთლიანად სხვადასხვა ტიპის მიგრაციების შედეგია.

ასეთი რეგიონია ქვემო ქართლი, სადაც ისტორიული მიგრაციის პროცესი განსაკუთრებით მეოცე საუკუნეში გააქტიურდა და დღესაც, მრავალი დემოგრაფიული ცვლილების პარალელურად ვითარდება.

ქვემო ქართლის მიგრაციული პროფილის გასათვალისწინებლად მნიშვნელოვანია ისტორიული გარემიგრაციული პროცესების მიმოხილვა, რომელთაც ამ მხარის ეთნოლინგვისტური შეფერილობა შეცვალეს ან გარკვეული ზეგავლენა მოახდინეს მასზე.

ქვემო ქართლის ისტორიული მიგრაციებიდან აღსანიშნავია გერმანული კოლონიების არსებობა, რომელთაც აქ 1817 წლიდან მეოცე საუკუნის ორმოციან წლებამდე, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე იარსებეს.  ქვემო ქართლში ყველაზე დიდია აზერბაიჯანული თემი, აქ მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი 41.75%-ს აღწევს; ქვემო ქართლში ცხოვრობს სხვადასხვა საუკუნეში გადმოსახლებული სომხური თემი, ბერძნული თემი, რომლის დიდი წილი საბერძნეთში დაბრუნდა, ხოლო დარჩენილთა ძირითადი ნაწილი ქვემო ქართლში ცხოვრობს; ბოშათა მცირერიცხოვანი თემი, ოსური თემი, ასირიული თემი, ასევე პოლონელების, რუსების, უკრაინელებისა და ებრაელების მცირე თემი.

რაც შეეხება შიდამიგრაციებს -აღმოსავლეთ მთიანეთიდან მეცხრამეტე საუკუნეში ქვემო ქართლში გადასახლდნენ მთიულები, ფშავლები, გუდამაყრელები, ხევსურები, ამავე პერიოდთანაა დაკავშირებული მცირე გადმოსახლებები მესხეთიდან, კახეთიდან,შიდა ქართლიდან და სხვა.

1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე საქართველოდან მასობრივად გაასახლეს გერმანელი მოსახლეობა, მათ ადგილას კი ჩაასახლეს რაჭიდან, ზემო იმერეთიდან, ლეჩხუმიდან, საჩხერიდან.

ამ პერიოდის მიგრაციებიდან აღსანიშნავია ეწ. ხევსურთა საქმე, ხევსურების ძალადობრივი გადასახლება: 1951-1953 წლებში კომუნისტურმა რეჟიმმა წინააღმდეგობის მიხედავად ხევსურეთიდან 1500-ზე მეტი ადამიანი გაასახლა.

ქვემო ქართლში ქართული მოსახლეობის ზრდა მეოცე საუკუნის ბოლოს ეკოკატასტროფებთან არის დაკავშირებული. მესტიისა და ლენტეხის რაიონებიდან გადმოსახლება გამოიწვია 1987 წელს ამ მხარეში დატრიალებულმა სტიქიურმა უბედურებამ. ეკომიგრანტები დაასახლეს – ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის, მარნეულის,  თეთრიწყაროს რაიონებში.

1989 წელს აპრილში სტიქიური უბედურების გამო მაღალმთიანი აჭარიდან მიგრანტთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ქვემო ქართლში დასახლდა.

მსხვილი მიგრაციების მიმოხილვა ალბათ საქართველოს სამი უკანასკნელი ომის შედეგებით უნდა დავასრულოთ. აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან და შიდა ქართლიდან იძულებით გადასახლებული მოსახლეობა, ქვეყნის სხვა რეგიონებთან ერთად, ქვემო ქართლშიც დასახლდა.

როგორც ვნახეთ, მრავალწახნაგოვანი მიგრაციული პროცესების შედეგად ქვემო ქართლის რეგიონი ერთგვარ პოლიეთნიკურ და პოლიდიალექტურ სივრცედ ჩამოყალიბდა, სადაც აკულტურაცია, ინტეგრაცია,  თუ კულტურული ინტერფერენცია პარალელურად მიმდინარეობს. გამოვყოფთ სამ მთავარ ასპექტს, სადაც მულტიეთნიკური  გადაკვეთები ყველაზე აქტიური სახით ვლინდება.  ეს სამი მთავარი ასპექტი, რომელიც ენას, რიტუალსა და ყოფითი კულტურის უმთავრეს ნაწილს – კულინარიას წარმოადგენს, მიგრაციის ერთგვარ ცენტრალურ თვალსაჩინოებად, ხილულ წერტილებად გამოიყოფა.

დავიწყოთ ენით, რომელიც ყოფიერების სახლია და თავის თავში ყველა იმ  პროცესს ატარებს, რომელიც ადამიანთა ყოფის შემადგენელი ნაწილია.  ენობრივი და დიალექტური ურთიერთგავლენები თუ ენობრივი თვითიდენტიფიკაციის,  თვითშეგნების, თვითშენარჩუნების პროცესი  ენობრივი გამოხატულების მრავალ წახნაგში მოჩანს.  მიგრაციების ლინგვისტური ლანდშაფტისთვის დამახასიათებელია ორი ურთიერთსაპირისპირო პროცესი – იზოლაცია ( თვითშენარჩუნებისა და თვითიდენტიფიკაციის მიზნით) და ინტეგრაცია, რომელიც სოციალური ურთიერთობის თითქმის ყველა ფორმაში გამოიხატება.

  1. სახელდება, ანთროპონიმები

ანთროპონიმია სახელდების მნიშვნელოვანი, სოციალური პლასტია, რომლის ფორმირება და დინამიკა სოციუმის სურათის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. სწორედ ონომასტიკის ამ ნაწილში აღიწერება და აღინიშნება სოციუმის ცვლილებები, პოლიტიკური თუ სოციალური თავგადასავალი, ეს ერთ-ერთი მთავარი თვალსაჩინოებაა, რომელიც მიგრაციული ცვლილებების კვალდაკვალ გვიამბობს ამ მიგრაციის შინაარსისა და განვითარების შესახებ.

ქართული ანთროპონიმია, ან უკეთ, საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული ანთროპონიმების წარმოშობა თუ ეტიმოლოგია ყველა იმ მნიშვნელოვანი მიგრაციული ცვლილების შესახებ გვიამბობს, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოუცდია. იქნება ეს ბერძნული, არაბული, სპარსული, რუსული, თურქული თუ სხვა წარმოშობის ანთოპონიმები, რასაკვირველია, ქართული წარმოშობის ანთროპონიმებთან ერთად.

თუ ქვემო ქართლის ანთოპონიმულ სურათს გადავხედავთ, ცხადი იქნება მისი მიგრაციული თვალსაჩინოება. ანთროპონიმი ერთი მხრივ კონკრეტული ეთნონიმის, ეთნიკური თემის თვითიდენტიფიკაციის, თვითშენარჩუნების იარაღია, მეორე მხრივ, მიგრაციულ და კულტურულ გადაკვეთებზე მიგვითითებს.

ქვემო ქართლის ანთროპომინული სურათის ცვლილებაზე გავლენას ახდენს ლინგვისტური და ექსტრალინგვისტური ფაქტორები, მიგრაციულ პროცესებთან ერთად იცვლება საკუთარ სახელთა გამოყენების ტენდენციაც.

ქვემო ქართლის მოსახლეობის ოფიციალური დემოგრაფიული სტატისტიკა და გვიჩვენებს, რომ ინტერკულტურული ურთიერთობები ანთროპონიმთა შერჩევითაც გამოიხატება და აზერბაიჯანული  თუ სომხური თემი  საკუთარ სახელთა შორის სულ უფრო და უფრო ხშირად ირჩევს ქართულ ან ქართული კულტურისათვის პოპულარულ საკუთარ სახელებს.

„საკუთარი სახელით გარემოს სახელდება ადამიანის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნილებაა. თითქოსდა ამ გზით „ათვისებული“ სამყარო უფრო შინაურია, უფრო „სახლია“ მისთვის“- ვკითხულობთ  მონოგრაფიაში „ფერეიდნული დიალექტი“ ( მ. ბერიძე, ლ. ბაკურაძე 2020, გვ.738), სადაც ფერეიდნული დიალექტური კუნძულის სივრცეში ქართული ტოპონიმური ვერნისაჟი სხვადასხვა კუთხით არის წარმოდგენილი და გააზრებული. ქვემო ქართლის ტოპონიმური სურათი სივრცის ასეთი კოპირებისა თუ მოთვინიერების არაერთ მაგალითს გვთავაზობს.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს რომ მიგრაციული პროცესების კონტექსტში ტოპონიმური სახელდების პროცესის რამდენიმე სახე იკვეთება:

  • ტოპონიმის გადმოტანა უცვლელი სახით:

მიგრაციის საწყისი პუნქტის დასახელების უცვლელი სახით გადმოტანა მიგრაციული პროცესების კვალდაკვალ განხორციელებული სახელდების გავრცელებული სახეა. ქვემო ქართლში ასეთი სახელდების არაერთი მაგალითი გვაქვს, როგორც გარემიგრაციების, ასევე შიდამიგრაციების შედეგად:

მაგალითად:

დიოკნისი( აჭარა ) -ახალი დიოკნისი – ქვემო ქართლი, მარნეული

ხიხანი ( აჭარა) – ხიხანი – ქვემო ქართლი

ქეივანბულგასანი   – არზრუმის მხრის ბერძნებმა „ჩამოიტანეს“ თავიანთი სოფლის სახელი – დღეს ველისპირი ჰქვია

არხოტი – ხევსურეთიდან გადმოსახლებულებმა დაარქვეს თავიანთ სოფელს ქვემო ქართლში

ახალი მულახი

ახალი ხაიში

ასეთი ტიპის სახელდების გამოცდილება აქვს ბერძნული მიგრაციის შედეგად გაჩენილ ბერძნულ და ურუმულ ( თურქულ) ტოპონიმებს:

ახალ სივრცეში ადაპტაციის,  თავის დამკვიდრების, თავის „შინ“ აღმოჩენისთვის პონტოელი ბერძნები ახალ ადგილებს მშობლიური სოფლების სახელებს არქმევდნენ, მაგალითად, თეზს – ავრანლო, წალკას – გუნიაკალა, კოხთას – სანამერი, ქვემო ახალშენს – კირიაკი, ზემო ახალშენს – ბაშკოი, ეძვენა-სოფელს – შიპიაკი, უწყლოს – სანტა, გველფარეხას – კუშჩი, საბატეს – დარაკოვი, გორას-ჯარაიორი.

იმის მიხედვით, მიგრანტი ბერძნები ე.წ. ელინოფილები არიან ( ბერძნულენოვნები), თუ ურუმები ( თურქულენოვნები, ძირითადად, ერზრუმიდან) ტოპონიმთა სახელდებაც ამ ორ ენას, ბერძნული ენის პონტოურ დიალექტსა და თურქულ ენას შორის მერყეობს.

მაგალითად, ბერძნული ტოპონიმია ლივადი ( სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში, სადაც 2002 წლის მონაცემებით ნახევარზე მეტი მოსახლეობა ბერძნული იყო). ლივადი -λιβάδι ( მდელო, მინდორი).

ბერძნული ტოპონიმია სანთა, სოფელი წალკის რაიონში. სანთა/სანტა/სანდა ( Σάντα, ) ძალიან მნიშვნელოვანი ტოპომინია პონტოელი ბერძნებისთვის, ბერძენთა გენოციდისა და განდევნის დროს, სოფელი სანტა, რომელიც ტრაპიზონთან ახლოს მდებარეობს და ახლა დუმანლი ჰქვია,ბერძნებისგან დაიცალა და მიტოვებულ სოფლად იქცა, ხოლო გენოცოდის დროს ბერძენთა წინააღმდეგობის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო. მიგრირებულმა პონტოელმა ბერძნებმა ერთი სანტა საბერძნეთშიც დააარსეს, სოფელი, რომელსაც ნეო სანტა ( ახალი სანტა) ჰქვია.

  • სახელდება წარმოშობის ადგილის, ეთნონიმის, კუთხური წარმომავლობის ან ანთროპომინის მიხედვით:

ასეთი ტიპის სახელდება ასევე ძალიან ხშირია მიგრაციული პროცესების დროს. ქვემო ქართლში მსგავსი წესით ნაწარმოები ტოპონიმების ბევრი მაგალითი გვაქვს:

მაგალითად:

საწერეთლო

ხევსურთა სოფელი

რაჭისუბანი

საიმერლო

ჯავახი

წერეთელი

 

  • სახელდების მესამე ტიპის მაგალითია მიგრაციის საწყისი პუნქტის ლანდშაფტის თუ სხვა მახასიათებლის მიხედვით ახალი ადგილისთვის სახელის დარქმევა.

სახელდების ასეთი მაგალითები მხოლოდ ტოპონიმებს არ მოიცავს, ამ გზით ხდება გადმოსახლებულთა მიერ დაარსებული კულტურული ობიექტების, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების, კომპანიების თუ კომერციული ობიექტებისთვის სახელის შერჩევა. მაგ. შგარიდა- ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი დმანისში.

 

  • სახელდების მეოთხე ტიპი ახალი სივრცისთვის ახალი სახელის დარქმევას მოიცავს, აღწერის, ლანდშაფტური დეტალების გამოკვეთის, ასოციაციური აზროვნების, არსებული ტოპინიმების თარგმნის გზით. ასეთი სახელდება ყველაზე ხშირია და ამ გზით არის შექმნილი ქვემო ქართლის აზერბაიჯანული, სომხური, რუსული და ბერძნული ტოპონიმების დიდი ნაწილი.

მულტიეთნიკური თუ მულტიდიალექტური გარემოსთვის, მიგრაციის პროცესებისა და შედეგების შინაარსის გაგების, მულტიკულტურული არსებობისთვის უმნიშვნელოვანესია რიტუალები, როგორც მიგრაციული დინამიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვალსაჩინოება.

ამ მხრივ ქვემო ქართლში, როგორც საქართველოს ყველაზე მულტიეთნიკურ და მულტიკულტურულ გარემოში არაერთი საინტერესო პროცესისა და მოვლენის შემჩნევა შეგვიძლია.

მიგრანტების არაერთი თაობისათვის დამახასიათებელია რელიგიური რიტუალების შენარჩუნება, ეს ერთგვარი კოლექტიური მეხსიერების, კოლექტიკური თვითიდენტიფიკაციის სახეა.

ამ მხრივ ქვემო ქართლის მულტიკულტურული და მულტირელიგიური სოციალური ლანდშაფტი დიდ მრავალფეროვნებას ამჟღავნებს.

მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების ეკომიგრაციების შედეგად ქვემო ქართლის არაერთ სოფელში ჩამოსახლდნენ მიგრანტები ზემო და ქვემო სვანეთიდან. სვანური ენის, ყოფით კულტურისა და სამეურნეო გამოცდილების გარდა, მიგრანტებმა თავიანთი რელიგიური რიტუალები ჩამოიტანეს. მაგალითად, დმანისის რაიონში უკვე არაერთი წელია სვანური ლამპრობა აღინიშნება. ლამპრობა (სვანურად „ლიმპჲარი“) სვანეთში წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი ადრესაგაზაფხულო, ხალხური დღეობაა და ყოველწლიურად სამჯერ ტარდება.

მულტირელიგიური რიტუალების გაცვლის მაგალითია ნოვრუზბაირამი, როგორც ქვემო ქართლის მოსახლეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი რელიგიური დღესასწაული, რომელსაც მუსლიმ მოსახლეობას არამუსლიმი მოსახლეობაც ულოცავს.

2010 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 მარტი ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. დღესასწაული, რომელიც 20-დან 24 მარტამდე გრძელდება, ხოლო კულმინაციას 21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დროს აღწევს. მიჩნეულია, რომ ამ დღესასწაულის შემდეგ ბუნება გამოფხიზლებას და გამოცოცხლებას იწყებს.

ქვემო ქართლის სომხური მოსახლეობაც ტრადიციულად აღნიშნავს რელიგიურ დღესასწაულებს, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე  პოპულარული და მნიშვნელოვანია ვარდავარის, ფერისცვალების დღესასწაული.

ფერისცვალების სომხური დღესასწაული აღდგომიდან 98-ე დღე აღინიშნება. ვარდავარზე აუცილებელია ეკლესიების ყვავილებით მორთვა და ხორბლისა და ქერის თავთავებისგან შეკრული თაიგულების კურთხევა.

პონტოელი ბერძნებისათვის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რიტუალური თვე აგვისტოა, განსაკუთრებით 28 აგვისტო, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული, რომელიც ქვემო ქართლის, განსაკუთრებით დმანისისა და წალკის ბერძნებთან განსაკუთრებით აღინიშნებოდა. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, საბერძნეთში ემიგრირებული პონტოელი ბერძნები ყოველ წელს, აგვისტოს ბოლოსთვის მშობლიურ სოფლებს უბრუნდებიან და მარიამობის დიდ, ტრადიციულ დღესასწაულში იღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ამ დღესასწაულს ყოველთვის უერთდებ ქვემო ქართლში მცხოვრები ქართული მოსახლეობა.

რელიგიური რიტუალების აღნიშვნის ყველაზე საინტერესო მომენტი კულტურული გაცვლა, ერთმანეთის რიტუალებში თუნდაც ფრაგმენტული მონაწილეობაა, რაც   მულტიეთნიკური და მულტირელიგიური საზოგადოების მშვიდობიან და უკონფლიქტო თანაცხოვრებას უზრუნველყოფს.

ქვემო ქართლის მულტიეთნიკური და მულტიკულტურული გარემო ყველაზე თვალსაჩინოდ ყოფითი რიტუალების ისეთ ნაწილში გამოიხატება, როგორიცაა კულინარია.  ყველა იმ მიგრაციულმა პროცესმა, ისტორიულმა თუ მიმდინარემ, კვალი დატოვა ქვემო ქართლის კულინარიულ მრავალფეროვნებაზე და უნიკალური, მულტიკულტურული კულინარიული გამოცდილება შექმნა.

ქვემო ქართლის გასტრონომიული კულტურა მულტიკულტურულია, გერმანული, აზერბაიჯანური, სომხური, ქართული, ბერძნული, უკრაინული, ქურთული თუ ბოშური კერძები ქვემო ქართლის მდიდარი სუფრის მნიშვნელოვანი ატრიბუტებია. აქაური ქართული სუფრაც მრავალფეროვანია და ერთდროულად ქართლური, იმერული, სვანური, ხევსურული თუ აჭარული სუფრის კერძებისგან შედგება.

ეს რეგიონი მრავალ გამოცდილებას აერთიანებს, როგორიცაა, ლინგვისტური ლანდშაფტის ცვლა, ინტერკულტურული ურთიერთობები, პოლიეთნიკური საზოგადოების ფორმირება. ამ პროცესებზე დაკვირვება ყოველდღიური, საშური, გადაუდებელი საქმეა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი