კვირა, აპრილი 12, 2026
12 აპრილი, კვირა, 2026

დავალება შემოქმედებითი წერისთვის -დღიურის ერთი დღე

0

საინტერესო დავალება ზედმეტი არასდროსაა, მითუფრო, როცა სასწავლო სემესტრის ბოლოა და აღმოვაჩინეთ, რომ კურიკულუმით გათვალისწინებული პროგრამა თითქმის მთლიანად გავიარეთ და ახლა შეგვიძლია მშვიდად, სინდისის ქენჯნის გარეშე ვაკეთოთ ის, რაც გვინდა.

დავალების ფორმატი:

ფოტო წარსულიდან

 დავალების პირობა:

წარმოდგენილია ქართველი მოწყალების დის, ანეტა ანდრონიკაშვილის ფოტო, რომელიც რომელიც  ხომალდ „პორტუგალზე“ დაიღუპა 1916 წელს. მან  თავისი მაშველი რგოლი სხვას გადასცა. ანეტა სულ  რაღაც 24 წლისა იყო…“

1916 წელს ქართულ გაზეთ „სახალხო ფურცელში“ გამოქვეყნდა ცნობა:

 

„დღეს, 27 მარტს, ქაშვეთის ეკლესიაში გადახდილი იქნება პანაშვიდი გემ „პორტუგალზე“ დაღუპულ ანეტა ანდრონიკაშვილის სულის მოსახსენიებლად, რასაც გულითადი მწუხარებით იუწყებიან ნათესავები და ნაცნობები, ბებია, დედა, ძმები განსვენებულისა.“

 

დავალების პირობა:

 

  1. აღადგინე და დაწერე ბოლო დღე გოგონას დღიურიდან:
  2. მონიშნე დღე და რიცხვი.
  3. წერე პირველ პირში.
  4. გამოხატე გოგონას ემოციები, გრძნობები – მსოფლიოში ომია, ის კი თავისი

სახლიდან შორსაა…

  1. ამბავი, რომელიც შეიძლება წინა დღეს მომხდარიყო.
  2. იქნებ რაიმე წინაგრძნობა აქვს? იქნებ პირიქით, მხიარულ განწყობაზეა.
  3. ვინ ენატრება? რაზე ოცნებობს?
  4. გამოიყენე გრძნობა-აღქმის, ემოციების, გრძნობების გამომხატველი ზმნები.
  5. გამოიყენე ზედსართავი სახელები, აღწერე ზღვა, გემი, გოგონას კაიუტა…

 

 

ტექსტის რედაქტირება:

  1. წაიკითხე შენი ტექსტი ყურადღებით და გაასწორე შემდეგი ეტაპების მიხედვით.
  2. მხოლოდ ერთხელ წაიკითხე? საკმარისი არ არის, წაიკითხე სამჯერ, მათ შორის, ერთხელ ხმამაღლა.
  3. გადახედე ტექსტის სტრუქტურას – აბზაცები სწორად გამოიყენე?
  4. ეცადე საკუთარი ნაწერი უცხო თვალით წაიკითხო. რთულია? გეთანხმები,
  5. მაგრამ შესაძლებელია.
  6. ეცადე დააკავშირო შენი თავი – მკითხველი და შენი თავი – მწერალი. როგორც მკითხველს, უნდა მოგეწონოს, რაც დაწერე როგორც მწერალმა.
  7. დააკვირდი წინადადებებს, დასრულებული აზრი გადმოეცი? რამე სიტყვა ხომ
  8. არ გამოგრჩა?
  9. დააკვირდი, ყველა სიტყვა სწორად გიწერია? იქნებ სადმე მექანიკური შენიშვნა დაუშვი?
  10. კიდევ ერთხელ დააკვირდი და გაასწორე გრამატიკული შეცდომები
  11. სასვენ ნიშნებზე რას იტყვი, დარწმუნებული ხარ, რომ სწორად დაწერე?
  12. ახლა, როცა შენი ტექსტი უკვე დაარედაქტირე და ყურადღებით წაიკითხე, შეგიძლია დასვა წერტილი, დაისვენო, რა კარგია, როცა დავალება უკვე დაწერილია.

 

  • დამატებითი ფაქტები ბიოგრაფიიდან:
  • ანა ანდრონიკაშვილი დაიბადა 1891 წელს სოლომონ ანდრონიკაშვილისა და ნადეჟდა ერისთავის ოჯახში.
  • პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე შევიდა მოწყალების დების კურსებზე და წმინდა ნინოს ლაზარეთში დაიწყო მუშაობა.
  • იგი თავისი სურვილით წავიდა პირველ მსოფლიო ომში, მუშაობდა მოწყალების დად
  • მცურავ ჰოსპიტალ “პორტუგალზე”. 1916 წლის 30 მარტს (ძველი სტილით 17 მარტს) “პორტუგალს” ბუქსირით მიჰყავდა რამდენიმე ბრტყელძირიანი ნავი, რათა სანაპიროდან დაჭრილები აეყვანა ხომალდზე. ქალაქ რიზესთან, შავი ზღვის თურქეთის სანაპიროსთან, ხომალდი შეჩერდა, იმ დროისთვის “პორტუგალზე” არ იყვნენ დაჭრილები, მაგრამ იყვნენ ექიმები, მედდები და გემის მომსახურე პერსონალი; “პორტუგალი” მცურავი ჰოსპიტალი იყო და მას ჰააგის კონვენცია იცავდა. ამიტომ გემის ეკიპაჟმა არანაირი თავდაცვითი ზომა არ მიიღო. გერმანულმა წყალქვეშა ნავმა გაუფრთხილებლად გაუშვა ტორპედო, რომელიც სამანქანო განყოფილების მახლობლად მოხვდა ხომალდს და ორ ნაწილად გახლიჩა. გემი ჩაიძირა.
  • პირველ მსოფლიო ომში ანეტას ძმებიც იბრძოდნენ.

( ფოტო – ეროვნული ფოტომატიანე)

 

დილემა ბიოლოგიაში ,,ჩემი დის მცველი“        

0

რა არის ხელოვნური განაყოფიერება?

ვის უნდა ჰქონდეს უფლება ბავშვის გენეტიკურ მასალაზე?

როგორ ფიქრობ, რამდენად ეთიკურია ბავშვის გაჩენა სხვა ადამიანის გადარჩენის მიზნით?

უშვილობის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი ხელოვნური განაყოფიერებაა. დღეს  მრავალი ბავშვი არსებობს, ვინც ამ მეთოდით ჩაისახა. ჩვეულებრივ ცხოვრობენ და უშვილო წყვილებისთვის ბედნიერების მომტანნი არიან. თუმცა, აქვთ თუ არა მშობლებს უფლება შვილი მხოლოდ იმიტომ გააჩინონ, თუნდაც ხელოვნური განაყოფიერების გზით, რომ მან სხვა, დაავადებული შვილი გადაურჩინოს?

ბიოლოგია საოცარი საგანია, თუ სამოქალაქო განათლებასთან შევაერთებთ, ხომ კიდევ უფრო საქმიანი და საინტერესო გაკვეთილი გამოგვივა. ხელოვნური განაყოფიერების მეთოდის გამოყენებას ბევრი ადამიანი, ზოგიერთი რელიგია საერთოდ ეწინააღმდეგება. ბოლო პერიოდში ბიოეთიკაც ძლიერდება. მოსწავლეებსაც შეუძლიათ ამ საკითხებზე მსჯელობა. მით უფრო, რომ საკითხი მეცხრე კლასში ბიოლოგიის კურსში ისწავლება. ამიტომ გთავაზობთ დილემას, ,,ჩემი დის მცველი“.

,,ჩემი დის მცველი“-,,My Sister’s Keeper” ამერიკელმა ნოველისტმა ჯოდი პიკულტიმ 2004 წელს გამოაქვეყნა, ეს მისი მეთერთმეტე ნოველაა. ნაწარმოები დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე, ანისა და მარისა აიალებზე. ნოველის მიხედვით 2009 წელს გადაიღეს იმავე სახელწოდების ფილმი, სადაც მთავარ როლს კამერონ დიასი თამაშობს. სრული ფილმი განთავსებულია Netflix-ზე. ქართული თარგმანი არ არსებობს, ამიტომ გთავაზობთ მოკლე მონათხრობს, რომელიც შეიძლება ასევე შესთავაზოთ მოსწავლეებს.

ნოველის მთავარი გმირი ანა ფიცჯერალდია, მან 13 წლის ასაკში სასამართლოში უჩივლა მშობლებს, რათა მოეპოვებინა უფლება საკუთარ სხეულსა და ორგანოებზე. მის მშობლებს ლეიკემიით დაავადებული ქეითისთვის ანას თირკმლის გადანერგვა სურდათ. თხრობა წარმოსახვით ქალაქ ზედა დარბიში, კუნძულ როდიზე 2004 წელს მიმდინარეობს. ანა ფიცჯერალდის უფროსი და ქეითი, იტანჯება მწვავე ლეიკემიით, მას სისხლისა და ძვლის ტვინის კიბო აქვს. ანა ქეითის სიცოცხლის გადამრჩენად დაიბადება, მხოლოდ იმისთვის, რომ მისი ჭიპლარის ღეროვან უჯრედებს გადაუნერგავენ ქეითს. მკურნალობა წარმატებით სრულდება. შემდეგ ეტაპზე ქეითს თირკმლის უკმარისობა განუვითარდება. ანა 13 წლამდე მზადაა დისთვის ყველაფერი გაიღოს, თუმცა გაიგებს რა რომ ახლა თირკმლის გადანერგვა ხდება საჭირო და ოპერაცია საკმაოდ დიდ რისკს შეიცავს, გადაწყვიტს უჩივლოს მშობლებს. ამიტომ მიმართავს ადვოკატს საკუთარ სხეულზე უფლების მოსაპოვებლად. თავიდან გოგოების დედა, სარა ფიქრობს, რომ ანას მხოლოდ ყურადღების მიქცევა სურს, თუმცა გოგონა არ აპირებს საჩივრის გამოტანას და საქმე მოსამართლემდე მიდის. სარა შვილების გაჩენამდე სამოქალაქო ადვოკატად მუშაობდა, ამიტომ გადაწყვიტს თავად წარადგინოს საკუთარი პოზიცია. მოსამართლე დე სალვომ ერთი წლის წინ  12 წლის შვილი ნასვამი მძღოლის გამო დაკარგა. სასამართლოზე ანას და სარას ერთად ყოფნა არ შეიძლება, ამიტომ მოსამართლე ქირაობს ჯულია რომანოს, რომელიც არასრულწლოვნის წარმომადგენელი იქნება. ჯულია და ადვოკატი კემპბელი ჰაი სქულში შეყვარებულები იყვნენ, თუმცა კემპბელმა მიატოვა. ჯულიამ მიზეზი არ იცის. სინამდვილეში კი ადვოკატი ავარიის დროს იღებს ტვინის შერყევას და შემდეგ ეპილეფსია უყალიბდება. მას მიაჩნდა, რომ გოგონა უფრო მეტს იმსახურებდა და დაშორდა.

ქეითს ერთი  ძმაც ჰყავს, ჯესი, რომელიც უმეტეს დროს უყურადღებოდაა მიტოვებული, დის ავადმყოფობის გამო თითქმის არავინ პატრონობს. უმეტესად მიტოვებულ შენობაში არალეგალური ნივთიერებების გამოყენებით ასაფეთქებლების დამზადებაშია ჩართული. ის არასრულწლოვან დამნაშავედ მიიჩნევს თავს, მამაც უპირისპირდება არასწორი საქციელის გამო.

სასამართლოზე ირკვევა, რომ ანა დის სურვილით მოქმედებს. ქეითი დაიღალა ცხოვრებით, ის მზადაა სიკვდილისთვის და არ სურს და აიძულოს აჩუქოს თირკმელი. ანა ჩვენების მისაცემად დგას, კემპბელს ეპილეფიური კრუნჩხვა აქვს და სწორედ ამ დროს აღმოაჩენს ჯულია მათი დაშორების მიზეზს, ქალს იმედი ეძლევა . . .

გადაწყვეტილებას ანას სასარგებლოდ იღებს მოსამართლე. მეურვეობა კემპბელს ენიჭება. გოგონას საუბარში იკვეთება, რომ მას გადაწყვეტილი აქვს და გადაარჩინო. სასამართლოდან მიმავლები სატვირთოს ეჯახებიან. მეხანძრე-მაშველი ანას დამტვრეულ სხეულს ამოიტანს, ეს მეხანძრე მაშველი ბრაიანია, გოგონას მამა. სავადმყოფოში ექიმები ტვინის სიკვდილს ადასტურებენ, სწრაფი მოქმედებაა საჭირო. დაშავებული კემპბელი ადასტურებს, რომ ექიმებს უფლება აქვთ გადაუნერგონ ქეითს თირკმელი.

სარა და ბრაიანი რვა წელი შვილის აპარატებზე შეერთებულ სხეულთან ატარებენ. ამ დროში ქეითი ბალეტის მასწავლებელი გახდა, ჯესი კი პოლიციის ოფიცერი. ამბავი ქეითის მონოლოგით სრულდება, ის საკუთარ თავს დამნაშავედ გრძნობს, მის სხეულში ანა ცოცხლობს.

მასწავლებლის როლი მოსწავლეებისთვის თავისუფლების მიცემაა, ფიქრის თავისუფლებისა, სადაც ისინი წარმოადგენენ არგუმენტებსა და კონტრარგუმენტებს. ამ ცხრილში კი მოკლე არგუმენტებია.

ხელოვნური განაყოფიერების სასარგებლო არგუმენტები ხელოვნური განაყოფიერების საწინააღმდეგო არგუმენტები
ხელოვნური განაყოფიერება იმ წყვილებისთვის არის სასარგებლო, რომელსაც ძალიან დიდი სურვილი აქვს ჰყავდეს შვილი. ადამიანი ირჩევს ემბრიონს, რომელსაც გადარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს. მრავალჯერადი გაყოფა საფრთხეს შეიცავს დედისთვისაც და შვილისთვისაც.
ხელოვნური განაყოფიერება უშვილო წყვილებს საშუალებას აძლევს შექმნან ოჯახი. გამოუყენებელი ემბრიონების გაყინვა ცოტა ხნით არის შესაძლებელი, შემდეგ კი იხოცებიან.
ჩანასახი შემოწმებულია გენეტიკურ დაავადებებზე. უნაყოფობა ზოგჯერ გამოწვეულია გენეტიკით, რაც ხელოვნური განაყოფიერების შედეგად მემკვიდრეობით გადაეცემა.
გაღრმავდა ადამიანის ცოდნა რეპროდუქციულ გენეტიკაში. ზოგიერთი რელიგიისთვის მიუღებელია ხელოვნური განაყოფიერება, რომლის მიხედვითაც უნაყოფობა ჩვეულებრივი ფენომენია.

 

 

გამოყენებულილიტერატურა:

  1. http://tfssbio.pbworks.com/w/file/fetch/54980708/Biology_for_the_IB_Diploma.pdf
  2. https://moviesanywhere.com/movie/my-sisters-keeper

თაობა

0

ბევრს უთქვამს, რომ, რასაც ბოლო ერთი წლის მანძილზე ვხედავთ საქართველოში, რაღაც ახლის დასაწყისია. ნამდვილად ასეა, ჩვენ ვართ მომსწრენი მენტალური კონფორმისტული არქეტიპების შეუქცევადი დეკონსტრუქციისა. ჩვენს წინ თვალსა და ხელს შუა ფორმირდა მძლავრი პასიონარული საზოგადოება.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენში საზოგადოების პასიონარული ნაწილი ყოველთვის არსებობდა, მაგრამ რაოდენობრივად იმდენად მცირე იყო, რომ წინა ორი ხელისუფლება ძალიან მარტივად ახდენდა ამ ხალხის მარგინალიზაციას, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ცინიკური და დამცინავი განცხადებებით ამ ნაწილის მნიშვნელობის გაუფასურება ხდებოდა და საზოგადოების დანარჩენი (ადვილად მანიპულირებადი) ნაწილიც არასერიოზულად და უნდობლობით უყურებდა მათ. ეს ხალხი, ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები იყვნენ და აკეთებდნენ იმას, რისთვისაც საერთოდ არსებობენ ისინი.

დღეს კი მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია, ჩვენ ვხედავთ მაღალი პოლიტიკური კულტურის და საზოგადოებრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდულ კლასს. ეს ადამიანები ან სტუდენტები არიან, ან – მუშაობენ (ოღონდ, არა – მედიებში და არასამთავრობოებში) და გათვითცნობიერებული პასუხისმგებლობით უთავსებენ ერთმანეთს სწავლა-მუშაობას და აქციებზე სიარულს. მათი რიცხვი იმდენად დიდია, რომ ვერანაირად ვერ ხერხდება მარგინალიზაცია. ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობს სისტემა, მიაკეროს მათ ათასგვარი სტიგმა, მაგრამ ამით მხოლოდ საკუთარ, გონებადაბინდულ ამომრჩეველს თუ ფხანს გულს, რეალურად კი ვერაფერს აკლებს სამიზნეს.

ამ ახალგაზრდებში რაც ცრემლებამდე მომწონს ის არის (და ეს ძალიან დიდი და საეტაპო მენტალური გარდატეხაა), რომ პატრიოტიზმს დაუბრუნეს ავთენტიკური მნიშვნელობა, ერთგვარად ტრენდული გახადეს სამშობლოს სიყვარული. მე მახსოვს, დიდი ხნის მანძილზე, სხვადასხვა ეთნოკომპლექსის გამო, პატრიოტიზმის ნებისმიერი გამოვლინება უკიდურეს სიგოიმედ და რეტროგრადობად ითვლებოდა (პოეზიაში ნებისმიერი სახის პატრიოტული სენტიმენტების გამოვლენაზე ხომ ზედმეტია საუბარი). ამ თაობამ კი ეს ყველაფერი თავდაყიდა დააყენა, დღეს პირიქით – სწორედ პატრიოტობა ითვლება “კაი ტიპობად”, უკიდურესად მოდურია პატრიოტული იდეების ხმამაღალი ვერბალიზაცია და ეროვნული სიმბოლიკების რეპრეზენტირება სხვადასხვა ფორმით (იქნება ეს – ტანსაცმეზე გამოსახვა, სხეულზე ამოსვირინგება და ა. შ.), ასევე მოდური გახდა დიდი ხნის მანძილზე კონსერვირებული და მარგინალიზებული პატრიოტული ლირიკის საუკეთესო ნიმუშების ხელახალი წარმოჩენა (საუკეთესო პოეტებმაც დაიწყეს წერა პატრიოტულ თემაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეს თუ პოეტი პატრიოტულ ლექსს წერს და ორიგინალური რაკურსი ვერ იპოვა, უარეს შემთხვევაში – კლიშეებით დახუნძლულ და ღიმილისმომგვრელად პათეტიკურ, უკეთეს შემთხვევაში კი ემოციურად რედუცირებულ ნიმუშს მივიღებთ, თუმცა კარგი პოეტები ამისგან დაზღვეულნი არიან). ამ თაობამ საბოლოოდ დაასამარა ოიკოფობიის მავნე ბაცილა და ვინც ამათ ეძახის უსამშობლოებს, თვითონაა მერკანტილურ პრივილეგიებზე დახარბებული უსამშობლო კონფორმისტი. ამ თაობამ საკუთარი ჯანმრთელობის და სისხლის ფასად მოიპოვა უფლება, ამიერიდან ნებისმიერი პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა რიდით შესციცინებდეს თვალებში. და უღრმესი მადლობა მათ ამისთვის.

საბუნებისმეტყველო საგნები – რესურსებითა და მათ გარეშე   

0

                       

რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთი ჟურნალისტი დამიკავშირდა და მთხოვა, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების სირთულეებთან დაკავშირებულ კითხვებზე მეპასუხა.  საკითხი იმდენად პრობლემური და კომპლექსურია, თავის და ბოლოს გარკვევა ძნელია, პირველი პრობლემა მეორეს უკავშირდება, მეორე მეხუთეს და ასე უსასრულოდ . . .  ერთ-ერთი რესურსებზე დაბალი ხელმისაწვდომობაა, რაც სხვა მრავალი პრობლემის მიზეზი ხდება. საჯარო სკოლებში, კლასებში, მოსწავლეების დიდი რაოდენობაა, რესურსები კი საკმაოდ ძვირია.  სკოლების დიდ ნაწილში არ არის გამწოვი, ცეცხლგამძლე საფარიანი მაგიდა. ამიტომ ყველაზე მარტივ გამოსავალს ელექტრონული რესურსების გამოყენებაში ვხედავ. ელექტრონული რესურსები ინგლისურ ენაზეა, ამიტომ მოსწავლეებისთვის ვაკეთებ ვიდეოჩანაწერებს და ელექტრონულ ჟურნალში ან მესენჯერის ჯგუფებში ვუზიარებ სამუშაო ფურცელთან ერთად.

ამ წერილში ათი ელექტრონული რესურსის გამოყენების ინსტრუქციაა წარმოდგენილი. ისინი განკუთვნილია ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და ბუნების მასწავლებლებისთვის, სწავლების ყველა საფეხურზე, ასევე ინტეგრირებული სწავლებისთვის. რესურსები დეტალურად არის აღწერილი, რაც, ჩემი აზრით, დახმარებას გაუწევს მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლებაში.

 

  1. https://www.olabs.edu.in/
  2. https://amrita.olabs.edu.in/?sub=96&brch=49&sim=608&cnt=1 სოკოების გამრავლება, სიმულაციაში მუშაობის ინსტრუქცია
  3. https://amrita.olabs.edu.in/?sub=96&brch=50&sim=444&cnt=1 ნაფტალინი სიმულაციაში მუშაობის ინსტრუქცია
  4. https://www.olabs.edu.in/?sub=73&brch=3&sim=439&cnt=1 მეტალების წყალთან რეაქცია სიმულაციაში მუშაობის ინსტრუქცია
  5. https://javalab.org/en/ion_model_en/ იონების მოდელები
  6. https://javalab.org/en/brownian_motion_en/ ბროუნის მოძრაობა

Correction of Near-sightedness & Far-sightedness

  1. https://javalab.org/en/correction_of_near_sightedness_en/ ახლო და შორსმხედველობის კორექცია ლინზით
  2. https://javalab.org/en/covalent_bond_en/ კოვალენტური ბმის წარმოქმნა

Fireworks

  1. https://javalab.org/en/fireworks_en/ ფოიერვერკი
  2. lab -ში მუშაობის ინსტრუქცია

„ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს“

0

„ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს“ – ბესიკ ხარანაულის ლექსების მონუმენტური კრებულის სათაურია, რომელიც თითქოს განსხვავდება მისი სხვა ნაწარმოებებისგან, მაგრამ, რომელშიც, ამავდროულად, პოეტის უნივერსალური ხმა განსაკუთრებული სიძლიერით ისმის.

ლიტერატურათმცოდნეთა თვალსაზრისით, ტექსტი ცნობიერების ნაკადის დინებაა, გრძელი, ძალიან გრძელი მონოლოგი. ავტორი თითქოს ბიბლიური პერსონაჟია.

როგორც შოთა იათაშვილი აღნიშნავს, რომ ტექსტის პერსონაჟის ასაკიც ამაზე უნდა მიგვანიშნებდეს – „მთელი ერთი საუკუნით წინ წასული ბესიკ ხარანაულის გადმოძახილია ეს შეგონებებით სავსე ტექსტი“ [იათაშვილი შ., 2018: 28].

კრებული არ წარმოადგენს ავტონომიურ ტექსტთა ერთობლიობას. ყოველი ლექსი თითქოს აზრობრივად უკავშირდება მეორეს, წინა ტექსტში ფიქსირებულ-შეწყვეტილ კონცეპტს აღრმავებს და აგრძელებს მწერლისათვის დამახასიათებელი, მაქსიმალური სიწრფელით, ნაივურობით, მეტყველების მანერით. ავტორი ისეთ ახლობლად გეჩვენება, თითქოს იშლება საზღვარი მკითხველსა და წიგნს შორის და კი არ კითხულობ, თავად ფიქრობ – ავტორის კვალდაკვალ თუ პარალელურად, ავტორი თავის ტექსტიანად შენში გადმოიღვარა.

ტექსტში ასეთი პასაჟია: მასწავლებელს მოსწავლე ეუბნება, რომ მას არ ეშინია არცა სევდის, არცა სიშიშვლის. პასაჟი ზუსტად გამოხატავს ბესიკ ხარანაულის ტექსტების და, კონკრეტულად, ამ ტექსტის ხასიათს – ავტორი სრულიად შიშველი სევდითა და გრძნობებით გამომზეურდება.

„ცას მიჩნეული“, „ზეახედული“ ბესიკ ხარანაული გვიყვება, „დედამიწის სახურავზე“ მომხდარ ამბებს. საოცრად გულწრფელად, ზედმეტი პათეტიკის გარეშე, ისე, როგორც ეს დიდ მწერლებს შეუძლიათ. წიგნი სავსეა ადამიანური განცდებით, სევდით, სიყვარულით, დარდით და ბრაზითაც. ბრაზი ერთგვარ ლაიტმოტივადაც კი გასდევს ტექსტს, დოლის ხმით გამოხატული, გამაყრუებელი ბრახუნი. სამყაროს შემცნობი ხმაური, ურომლისოდაც რაღაცას დაკარგავდა სამყარო, გახდებოდა უსიცოცხლო. ერთ პასაჟში გვხვდება ხმაურის ფოლკნერისეული აღქმა – მომაკვდავის თავთან დოლის ხმა ისე გაისმის, როგორი ხმაც აქვს ფოლკნერთან კუბოსთვის ფიცრების ხერხვას („სული რომ ამომდიოდა“).

ეს წიგნიც, ისევე, როგორც „წიგნი ამბა ბესარიონისა“ სავსეა აპოკრიფული სიბრძნით, ავტორი ეძიებს ისეთი საკრალური ცნებების არსს, როგორიცაა, სიცოცხლე და სიკვდილი. ეს წიგნი განყენებული ცნებების ძიებაა, ძიება იმისა, რაც ადამიანშია დაფარული.

„ადამიანს მხოლოდ ღმერთზე და ეშმაკზე სმენია, და ეს, ალბათ,

საკუთარი უკიდურესობისთვის.

მომაკვდავმა კი ვიღაც მესამეს,

როგორც მერე გაირკვა,

  • ხახმატის ჯვარს სთხოვა შემწეობა

და სასწაულმაც არ დაახანა“ [ხარანაული ბ. ……].

საინტერესო მოვლენაა ტექსტში ყვავის კონცეპტი, ამ საკრალური აურის ფრინველს კარგად იცნობს ლიტერატურა, ბესიკ ხარანაულის ყვავი ენათესავება ბარათაშვილის ყორანსაც, ედგარ პოს “The Raven”-საც თუმცა ყველაზე ახლოს, ალბათ, მაინც ტედ ჰიუზის „ყვავთან“ დგას. ისევე, როგორც ჰიუზის – „ყვავი, მისი ცხოვრება და სიმღერები“, ბესიკ ხარანაულის ეპოსიც სავსეა მითოსური და ბიბლიური ალუზიებით, ხარანაულის ყვავიც, ჰიუზის ყვავის მსგავსად, „იცვლის სიუჟეტებს, გადაადგილდება დროსა და სივრცეში, ჩნდება და იკარგება“ [რატიანი ზ., „ყვავი, ტედ ჰიუზის საავტორო მითოლოგია“, 7].

ლიტერატურათმცოდნეთა თვალსაზრისით, ხარანაულის ყვავი ერთგვარი ბედის ფრინველია, ხის ტოტზე მოსაღამოე, თითქოს დაჰყურებს ცხოვრებას და მდუმარედ მიითვლის ყოველივეს. მასში თავმოყრილია სკანდინავიური მითოსის, ოდინის ორი ყვავი, ჰუგინი და მუნინი (გრძნობა და მეხსიერება). წარმოდგენილია ყვავის სახის არაკლასიკური გაგება. ყვავი უარყოფითი კონოტაციის მატარებელი პარადიგმაა, ამას მოწმობს არაერთი თქმულება თუ მხატვრული ლიტერატურის ნიმუში.

ბესიკ ხარანაულმა ეს ფრინველი არა უარყოფითი აურის მქონე არსებად, არამედ – სიბრძნის მეტაფორულ-ალეგორიულ სახედ-ენიგმად, მისტიკურ ფრინველად მოავლინა თავის ტექსტში.

ბესიკ ხარანაულის ამ ტექსტში იგრძნობა გურამიშვილისეული ნარატივის ანარეკლები, მიმართვა ყრმათადმი, სულიერი დამოძღვრა და ფსალმუნური მოტივები.

175 წლის კაცი, რომელიც, ამავდროულად, ხის წვერზე გამომსაღამოებელი ყვავიც არის, ბევრის მნახველი და გამგონი, კრებულში ისეთ თემებზე საუბრობს, როგორიცაა სიკვდილ- სიცოცხლე, სიბრძნე, ღირებულებები, ადამიანისთვის დაფარული ცნებები. წიგნი სავსეა მისტერიული მინიშნებებით, როგორებიცაა, ხახმატის ნიშის დამწყალობებით მიხრწნილი მათხოვრის ოცი წლის ჭაბუკად გადაქცევა და მერე საფლავის ქვეშ სიცოცხლე. სიცოცხლის რაობას ავტორი დამახასიათებელი ტრაგიკულ-გროტესკული ინტონაციით გადმოსცემს: „მიხვდი? ცხოვრება ხალისი ყოფილა“ [ხარანაული ბ., 2015: 29].

ერთგან ხარანაული აღნიშნავს, რომ დილა კი არა, ხალისია სიცოცხლე, თორემ დილას ერთნაირად ხვდებიან ფრინველები, ნაგვის მქექავები, ავის მზრახველნი და შეცდენილნი, თუმცა ისინი არ არიან გათენების მეტაფორები.

ლექსში „სახლი, სასახლე, ციხე და გალია“ ბესიკ ხარანაულის პოეტური კრედო ირეკლება:

„პირველამომხდარი მზე რომ

სასახლეს მოადგება, აიქ გაგეღებათ

კარი და მპოვებთ მე – წასულს“ [ხარანაული ბ., 2015: 31].

მზის პირველ ამოხდომაზე სასახლეში „მისულ“ მკითხველს ავტორი „წასული“ ხვდება, მაგრამ ის, რის თქმაც მას სურდა, სასახლის კედლებშია გამჯდარი.

ფრაზა – „მაქვს რამე სათქმელი“ რეფრენად გასდევს ტექსტს. ხის წვერზე მომსაღამოებელ ყვავს, დრუიდების სულიერ ნათესავს, თავადაც მისტიკური ღმერთებისა და ნახევარღმერთების მიწაზე აღმოცენებულ ბესიკ ხარანაულს, ცხადია, აქვს „რამე სათქმელი“.

დავუბრუნდეთ სასახლის პარადიგმას: სასახლე, საიდანაც ავტორი წავიდა, წიგნია, არა მარტო ეს წიგნი, არამედ – ყველა. პოეტმა წარმოსახვით ააგო „სასახლე“, გაუმზადა მკითხველს, კედლები სათქმელით გაჟღინთა, თავად კი, „პირველ მზის ამოხდომისას“, იქაურობა დატოვა, სხვა წიგნში გადაიღვარა.

ასეც უნდა იყოს, ავტორი სასახლის „გიდი“ როდია, ამ „სასახლეში“ გზა თავად უნდა გაიგნო, თავად უნდა იპოვო ის კედლები, რომლებსაც დაუხსომებიათ სათქმელი, თავად უნდა შეძლო მათი მოსმენა.

მახსენდება ზვიად რატიანის ფრაზა:

„ – ლექსში ავტორი

არ უნდა ჩანდეს უფრო მკვეთრად,

ვიდრე სხვის ფოტოზე, სიღრმეში, გამვლელი,

კადრში შემთხვევით მოხვედრილი“ [რატიანი ზ., 2015: 8].

ხარანაულის „წიგნ-სასახლე“ არის ადგილი, სადაც შესულს ყველაფერი უმალ გაგივლით, სულს მოიბრუნებთ, ენასაც ამოიდგამთ და იტყვით „ხედავ, როგორი სქელი კედლებითაა სახლი ნაშენი“ [ხარანაული ბ., 2015: 31].

არსებობს მკითხველი, რომელიც, ასეთი სასახლის დათვალიერებისას, მხოლოდ კედლის სისქეს ამჩნევს.

ბესიკ ხარანაულის „წიგნ-სასახლეში“ ხელოვანი მარტოდმარტო ცხოვრობს – „ახლა თვითეულის დროაო“, ამბობს ავტორი (ხაზგასმულია ეპოქალური ინდივიდუაცია, ერთი მხრივ, პერსონალიზაცია – მეორე მხრივ).

სასახლის პატრონის არქეტიპი, რა თქმა უნდა, ხელოვანია, პოეტი, თავად ბესიკ ხარანაულის ლირიკული ორეული, რომელიც ფიქრობს, რომ ვერაფერ სერიოზულზე ვეღარ წერს. სასახლის გარშემო ხეებია, მათგან ერთი სიცოცხლის ხეა, რომელიც ხელოვანმა უნდა იპოვოს იგი, „შესახლდეს“ მასში და აღარ გამოვიდეს. პარაბოლა გამჭვირვალეა – ხელოვნებაა ეს „სიცოცხლის ხე“, შემოქმედმა უნდა მიაგნოს მას, რათა უკვდავებას ეზიაროს.

არქაული, დიდებული, სასახლის მეორე სართულზე ასული, ნაბიჯს შენც მარჯვნივ გადადგამ, რაკი, პოეტისეული კონცეპტით „კაცი მემარჯვენეა“.

ავტორი სასახლიდან „კაცი“ გასულია, თუმცა სასახლის სტუმარი ნაბიჯებსაც კი მის ქარგაზე, მისი ნებით დგამს. ხელოვანის ძალაც სწორედ ესაა – თავის ტექტს-სამყაროში მარტოს გტოვებს, შეგიძლია შეამჩნიო, რის შემჩნევაც გინდა ან შეგიძლია, თუმცა „უხილავი ძალა“ აუცილებლად გიჩვენებს სწორ გზას. „მეორე სართულზე“ ასული, გაოცდები, არქაულ, დიდებულ სასახლეში უაღრესად თანამედროვედ აღჭურვილი სამზარეულო რომ დაგხვდება (ვფიქრობთ, მინიშნებაა ხელოვანისეულ „ლაბორატორიაზე“). ბესიკ ხარანაულის შემოქმედებაც ასეთია – არქაულობასთან ერთად, საოცარი თანამედროვეობით გამორჩეული.

„ვერაფერს სერიოზულს ვერ ვწერ, ყველაფერს სადღაც რაღაც აქვს

გახეული და ქარი შესდის, შეიძლება,

ჩემი ცხოვრების ანალოგიით“ [ხარანაული ბ., 2015: 33].

ამონარიდში რეფლექსირებულია ხელოვანისეული მოლოდინი ქარიშხლისა, მუდმივი შეგრძნება ქარისა, იმ ფოთოლივით, რომელიც „ჯერ კიდევ ყუნწზე ჰკიდია, თუმცა ქარი უკვე გზაშია“ – ხარანაულის ძველი, ქრესტომათიული ლექსიდან.

წუხილი იმაზე, რომ „ვერაფერს სერიოზულს“ ვერ წერს, ხელოვანის განუწყვეტელი ვნებაა. შეუძლებელია, ეს ქარი ოდესმე დაეხსნას ხელოვანს. ხელოვანი ვერასდროს გახდება ხე, „რომლისგანაც ქარი წავიდა“ – ქარი ის სულია, რომელიც არასოდეს ტოვებს შემოქმედს, თუ დატოვებს, უკანასკნელი განადგურდება, როგორც შემოქმედი.

ცხადია, ბესიკ ხარანაულის შემოქმედება ქარს არ მიუტოვებია, მეტიც, მისი ცხოვრებაც სავსეა ქარით, სხვანაირად შეუძლებელია, რადგან თუკი ვინმეს შეიძლება ეწოდოს ჭეშმარიტი ხელოვანი, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ბესიკ ხარანაულიც.

ლექსი „სახლი, სასახლე, ციხე და გალია“, ჩვენი აზრით, შემოქმედის ბედის პარაბოლაა. ხელოვანისთვის შემოქმედება, ერთდროულად, სახლიცაა, ღარიბული, მაგრამ ყველაზე საიმედო თავშესაფარი, დიდებული სასახლეც, გასაოცარი „ტექნიკით“ ნაგები, ციხეც, სადაც მთელი ცხოვრების გატარება მოუწევს და გალიაც, რომლის დატოვებაზეც ხანდახან ოცნებობს კიდეც, მაგრამ, საბოლოოდ, არაფერი გამოსდის. რთულია შემოქმედის ბედი, „სახელოები არ დაგიწერენ აბრეშუმისანი“ [ხარანაული ბ., 2015: 37], – ამბობს ბესიკ ხარანაული ტექსტის ბოლოს და ამით, თითქოს შემოქმედების გზაზე ახლად დამდგარ „ბედის ნებიერს“ აფრთხილებს, რომ აუცილებლად მოუწევს აბრეშუმის სახელოების აკაპიწება.

ლექსში „დილის ბუნებითი გლოვა ადამიანისა და მასზე ამაღლება“ პოეტი აგონიაში მყოფი ადამიანის სიკვდილთან შეყრას ხატავს. ტექსტის ლირიკული გმირისა და სიკვდილის დიალოგი ვაჟა-ფშაველას პოეტური სამყაროს ალუზიაა: „შენის წესითამც დაილოცები, სიკვდილო, სიცოცხლე შენითა მშვენობს…“[ხარანაული ბ., 2015: 42].

ხარანაულის ლირიკული გმირი ვალს გამუდმებით ახსენებს, ვალს სიკვდილის წინაშე. რომ არა ეს ვალი, წარმოუდგენელი, უინტერესო იქნებოდა ყოფა.

ხელოვანს ამ ვალის გადახდა შემოქმედებით, წიგნით განუზრახავს, რომელსაც ერქმევა „იცოცხლე – რომ მოკვდე“. სათაური ალუზიურად უკავშირდება გაბრიელ გარსია მარკესის მაგიურ რომანს, „იცხოვრე, რომ მოჰყვე“.

ცნობილი ქართველი კრიტიკოსის, მაკა ჯოხაძის კონცეპტით, „ადამიანი ხსოვნაა და რეაქცია“ [ჯოხაძე მ., 2010: 28].

ადამიანში მთავარი ხსოვნაა. სკანდინავიური მითოსის „მთავარ“ ყორანთაგან ერთის სახელიც სწორედ ხსოვნას გამოხატავს ( Munin – „ის, ვისაც ახსოვს“).

ხსოვნა სიკვდილისა, რომელიც ადამიანს არ აძლევს მოსვენებას, აიძულებს, იცხოვროს ისე, რომ „მოსაყოლი შეუგროვდეს“, მხოლოდ იმის ამარა რჩება, რაც ახსოვს. ოთარ ჭილაძეს დავიმოწმებ, რომ ამქვეყნად მხოლოდ ის ეკუთვნის ადამიანს, რაც სამუდამოდ აღებეჭდება მეხსიერებაში.

ამ სამახსოვრო ამბავთა შეგროვების შედეგი იქნება წიგნი „იცოცხლე – რომ მოკვდე“, რომლის გასრულებამდე სიცოცხლის გახანგრძლივებას სთხოვს ლირიკული გმირი სიკვდილს. სიკვდილის პასუხი ტრადიციულია – არ არსებულა ადამიანი, რომელიც სიკვდილს იმავეს არ სთხოვდა, თავად კი არავისთვის, არასდროს, არაფერი გადაუვადებია (გავიხსენოთ ქრესტომათიული პასაჟები დავით გურამიშვილის „დავითიანის“ სიკვდილისა და კაცის გაბაასების ეპიზოდებიდან).

სიკვდილი პირდაპირია, სათქმელს პირდაპირ ბრძანებს – მხოლოდ წიგნებში ხრიან დამიზნებულ თოფს, ცხოვრებაში პირდაპირ ესვრიანო, ეტყვის კაცს.

ზემოთქმულის გაგონებისას, ბესიკ ხარანაული (მისი ლიტერატურული ორეული) „ხმაურს“ იწყებს – ქმნის ქაოსის მუსიკას, აბლაბუდებიდან გამოთავისუფლებული „ისტორიის დოლით“ ატეხს „დიდ რახარუხს“.

ქაოსი ერთადერთი რამაა, რაც ნამდვილია, რაც მართლა ხდება. სწორედ ამ ქაოსის მხატვრული რეფლექსია-იმიტაციაა დოლზე ბრახუნი, ადამიანის მიერ შექმნილი საკრავების ხმაში ურევია „ბუნებისგან მოტაცებული ქუხილი“ [ხარანაული ბ., 2015:43].

ხმაურით, როგორც თავად მიგვანიშნებს, „გარდაუვალი გამოღვიძების გამოწვევა“ სურს ავტორს. ხმაურით უნდა განიდევნოს „გლოვის ჯოჯოები“, რათა ადამიანში/ადამიანისაგან დარჩეს ის, რაც ნამდვილია (ქარჩხაძის კონცეპტით, იგისაგან დარჩეს ის, რაც იგიში იგი იყო).

„სიცოცხლის ხის ძიება“, სიკვდილთან ქიშპი კრებულის სხვა ლექსებშიც გრძელდება. ბუნებას მხოლოდ ერთადერთი რამ შეუძლია შესთავაზოს ადამიანს – კვდომა. სიკვდილზე გამარჯვების ერთადერთი გზა შემოქმედებაა (რომაელთა კონცეპტით – „Ars longa, vita brevis“ – „ხელოვნება მარადიულია, სიცოცხლე – ხანმოკლე!“)…

პოეტი მოგვიწოდებს: შექმენი ყოველივე საკუთარი ხელით, მხოლოდ ასეა შესაძლებელი „სიცოცხლის ხის“ პოვნა, „უკვდავების ვაშლის“ ჩაკბეჩა. მხოლოდ შემოქმედს არ ეწევა სიკვდილი. სიცოცხლის ხის ნაყოფის მოპოვება მხოლოდ მათ ხელეწიფებათ, ვინც ბოლომდის ბავშვად რჩება. მეტაფორის არქეტიპი ბიბლიაშია: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში“ [მათე 18:2].

საკრალური რიტუალივით გაიელვებს ამ წიგნში სახლის დალაგების კონცეპტი:

„- მოდი, გინდა სახლი დავალაგოთ?!“ [ხარანაული ბ., 2015: 208].

ამ საქმით, საქმის რუტინათი, დედა სინამდვილეში/რეალობაში აბრუნებს ბესარიონს („ბრძოლა“). სახლის დალაგება შემოქმედებასთან, ქაოსისაგან კოსმოსის შექმნასთან ასოცირდება ბესიკ ხარანაულის ტექსტებში. პოეტი ამბობს ერთგან, რომ ღმერთმა სამყარო ცოცხითა და კალმით შექმნა, „რადგან: ორი რამეა სამყაროში ურთიერთტოლი – მტვერი და ფიქრი“[ხარანაული ბ., 2015: 56].

„სახლის დალაგების“ ხსენება ასოციაციურად გადაგვამისამართებს ხარანაულის კონცეპტუალურ-ქრესტომათიულ ტექსტთან „კარტოფილის ამოღება“.

ბესიკ ხარანაული ის პოეტია, ვისაც შეუძლია ჩვეულებრივი, რუტინული საქმიანობა ისეთ საკრალურ რიტუალად აქციოს, როგორიც უძველესი ღმერთების პანთეონს შეეფერება. ლიტერატურათმცოდნეთა დაკვირვებით, ორივე რიტუალი – სახლის დალაგებაცა და კარტოფილის ამოღებაც დედის სიტყვებით იწყება.

პირველში „მოდი, გინდა სახლი დავალაგოთო“ [ხარანაული ბ., 2015:208], ამბობს დედა, მეორეგან კი – „ხვალე კარტოფილი უნდა ამოვიღოთო“ [ ხარანაული ბ., 2008: 28].

ორივე რიტუალით საკუთარ თავს შეიცნობს ადამიანი, საკუთარ არსს ეძიებს, სამყაროში თავის ადგილს, ხოლო ამ ძიებაში, ამქვეყნად ყველაზე მთავარ და სამძიმო საქმეში დედის ხელი თუ არ ურევია, ისე არ იქნება მართალი, ისე არ გამოვა, ვერ ამოყრი წარსულის ორმოებიდან კარტოფილს, ვერ გადაწმენდ მტვერს, ღმერთის ძიება დედამ უნდა დაგაწყებინოს, რადგან ჯერ კიდევ გამოუცდელს სხვა, თითქოს ბრჭყვიალა, მაგრამ არამთავარი ამბებისკენ გაურბის თვალი. დედისეული დამოძღვრა საუფლო გეზს განსაზღვრავს.

ხეზე მომსაღამოებელი ბრძენი ყვავის მთავარი საქმე, ვფიქრობთ, მაინც შემოქმედ(ებ)ის არსის გაგებაა, შემოქმედისა, რომელიც „ხამს, სამყაროში ერჭოს სარივით“ და ვარსკვლავებს ათვინიერებდეს. თავად ეს ჯადოსნური რიტუალი, ემსგავსება იმ სურათს, თუ როგორ წველიდა დედა ძროხას, ავდარშიც ისე, თითქოს დარი იყო (არქეტიპი ტიციანის ქრესტომათიული სტრიქონია).

ხელოვანის ვალია, მასში იმხელა ძალა იღვრებოდეს ზეციდან თუ მიწიდან, რომ შეძლოს „დედიძმის“ სახლი ციდან ძირს ჩამოიტანოს, ლექსების ბწკალით. სამყაროს არ უნდა მოშორდეს და, ამავდროულად, ზესკნელს უნდა ებჯინოს შუბლი. ბრაზმა არ უნდა გაუაროს, რადგან „მხოლოდ ბრაზია ამინდი“ [ხარანაული ბ., 2015: 57], მხოლოდ ბრაზია საუკუნო, ყველა დროებითი გრძნობა ეფემერულია (ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ „ბრაზი“ ერთგვარ ლაიტმოტივად სდევს წიგნს – დოლზე ბრახაბრუხით გამოხატული).

ღმერთის სახე არასოდეს ტოვებს ხარანაულის შემოქმედებას, თანაც, ისეთი უცნაური შეხვედრებია უფალთან, ისეთი არაჩვეულებრივად ჩვეულებრივი! წარმოიდგინეთ, კაცი მიდიოდეს, უკან ღმერთი მისდევდეს, კაცმა თავი მოაბრუნოს და უთხრას – „დამანებე თავი“ [ხარანაული ბ., 2015: 62] და ეს „თავი დამანებე“ ისე ჟღერდეს, როგორც ლოცვა, ლოცვა ვიღაც ძალიან ახლობლის წინაშე.

ღმერთი თითქოს ბესიკ ხარანაულის ძველი მეგობარია…

ლექსში „პირველი ბოლოში“ სიკვდილის მისტიკური სცენაა დახატული. ავტორი ამბობს, რომ, როგორც კი სიკვდილის მოსვლას შეიგრძნობს თუ იგუმანებს, დალევს „ხაჭოწყალას“. ხაჭოწყალა ფშაური კერძია, დიდებულ ხაჭოერბოს ვერ მიედრება, მაგრამ არსებობს ფშაურ ზეპირსიტყვიერებაში ასეთი ლექსი, რომელიც ერთი ფშაველი მეცხვარისაგან მოვისმინე:

„ტიალო ხაჭოწყალაო, ვინ მოგცა ამდენ ძალაო,

ვერცარა იმან გათიბა, ვინც ხაჭოერბო ჭამაო“.

ქართულ სალიტერატურო კრიტიკაში გამოთქმული თვალსაზრისით, ამ მცირე, იუმორისტული ხასიათის ლექსში, ხაჭოერბო მაძღართა საკვებია, ხაჭოერბოს ჭამით გატაცებულს მთავარი საქმე გაუკეთებელი რჩება, ხოლო ხაჭოწყალას მჭამელი სათიბს დროზე ასრულებს, შრომა კი ფშაველთათვის ღვთიურ საქმიანობად ითვლება.

ხაჭოწყალას დალევის შემდეგ, ავტორის წარმოდგენით, ავა მთის წვერზე შეგულებულ ხესთან, რომ სიკვდილს მიეახლოს. სიკვდილის სცენა კი, ნამდვილი მისტიკაა ხარანაულის ტექსტში – სიკვდილის წინაშე ისე აღვიმართები, როგორც საყვარელი ქალის წინაშეო, ამბობს პოეტი, მკერდს შევიხსნი და მოვეხვევი, გადავიღვრები მასშიო.

პლანეტებისკენ მიმავალ „წარღვნის წყალს“ შეუერთდება, დედამიწის ხსოვნა გაქრება, თუმცა დარჩება ხსოვნა პოეზიისა – პოეზია „სიკვდილში ჩაღვრილ პოეტს“ არასოდეს დატოვებს.

 

 

 

ისევ ფრანგული ფილმების „მსუბუქ განუკითხაობასა“ თუ ყოფიერებასთან ბრძოლაზე

0

ქართველი და უმძიმესი ფიქრი, გარშემორტყმული სოციუმივით, რამ გაყო?! ამისთვის არ ვართ გაჩენილნი?! მაგალითად, 21-ე საუკუნეში მავანს ის შეიძლება ადარდებდეს, საშობაოდ პუდინგი მიირთვას თუ ცხენების შეჯიბრებაზე წავიდეს. ჩვენი კი, ოკუპირებული ტერიტორიებით, რაღაცა ტრაგიკული ატავიზმივითტრანს შევცქერით მსოფლიოს ჩვენი უზარმაზარი კულტურითა და მრავალტანჯული ცნობიერებით. ღმერთისკენ სავალი გზა საკუთარი ცოდვების გააზრებაზე გადის, ასე იპოვი თავსაც და ტრანსცენდენტურ ჭეშმარიტებასაც. ჩვენც ვფიქრობთ, დუღს ჩვენი სულები, „ვიხარშებით“ შიგ და საშველი ვერ გვიპოვია, ქვეყნისა თუ ერთმანეთისკენ სავალი ვერ გვიპოვია. სახარებისეული სენტენციების არავისზე ნაკლებ არ მოგვეხსენება. თუმცა სულ ჩიხში რატომ ვართ გამოსავლის ძიებისას?! ვიცით, რომ კაცი ღვთის წიაღიდან წუთისოფელში სატანჯველად გამოიდევნა.
მაგრამ ან ტანჯვა, ან სიცოცხლით სიამოვნება თანასწორად რატომ არაა?! ერისა თუ ადამიანისა.
ვიღაცა რომ „ვარდებითა და სოსანებით მოფენილ“ გზაზე დადიოდა მთელი ცხოვრება და იქნებ არც საცდური ჰქონია, მაინცდამაინც, წავა, ხომ, წესით, ედემში? კარგი, გასაგებია…

აბა, ცხოვრების ჯოჯოხეთგამოვლილი ისევ ჯოჯოხეთში რატომ უნდა წავიდეს?!
სადაა ღვთაებრივი თანასწორობა და „შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“?!

 

ასეთი ფიქრები ხშირად მწვევია, როგორც ამ სოციუმის მომპალი მარცვლიდან აღმოცენებულ, არაქმედითუნარიანს კი არა, არამედ ქმედითუნარიან მსხვერპლს… და ასეთ დროს ფრანგული კინოსთვის „შემიფარებია თავი“. ვითომ მარტივი გამოსავალია ეს? ვითომ გასართობით ავირიდე საწუთროს წნეხი თუ „ვალების გადახდა“? აბა, მივდიოთ ფრანგების ცხოვრებისეულ აღქმას კინოხელოვნებაში…

…ამ ფილმსაც ვერ ვუყურე დასაწყისიდანვე, ამიტომ სათაური არ ვიცი, მაგრამ ცნობილი კინოა მებაღესა და მხატვარზე. ისევ ჩემი, ახლა უკვე სიმპათია მამაკაცი მსახიობით, რომლის გვარი გავიგე – დანიელ ოტეი (იგივე აუთუილი); ამ ფილმშიც ისევ მდიდრის, ისეც უცნაური და არასტანდარტული ადამიანის, ამჯერად მხატვრის როლშია.

თითქოს, ბანალური თემაა: ცხოვრების „არისტოკრატები და მდაბიოები“, ანუ მათი რუტინის გათვალისწინებით, გარემო პირობებისა, რომლებშიც ისინი წუთისოფელმა ჩააყენა და, შესაბამისად, განავითარა კიდეც მათი პიროვნულობა. მაგრამ რაც შეეხება სულს (რომელიც, ცხადია, განიცდის გარემოს გავლენას და მის შემოთავაზებულ „ფორმას“ იღებს), როცა ის მონათესავეა, სოციალური ფენა ვეღარ განკარგავს ურთიერთობებს. ამ ფილმის რეჟისორის სათქმელიც ესაა – მონათხრობი ორი მსგავსი სულის ადამიანზე; თუმცა ერთს ეს სული დაეხვეწა და განსაკუთრებული აღქმით დაჯილდოვდა, სულგრძელობით, კაცთმოყვარეობით, რადგან ლამაზმა, კომფორტულმა გარემომ მას მისცა ეს პრივილეგია; მეორე სული კი, მებაღისა, „გაურანდავი“ დარჩა, თუმცა „სულთა მბადი წიაღიდან“ წამოყოლილი თუნდაც კლასიკური მუსიკის სიყვარული და ბუნებით აღტაცება მასში ხელშეუხებელია, თუმცა გარემო-პირობებმა, ცხოვრების წესმა მისი აზრი, თვითგამოხატვის ფორმა „უხეშ ყალიბში“ მოაქცია, პრაგმატიზირდა და რომანტიკულობისა თუ იდეალისტობის „შესამოსელი“ განუძარცვა. „ფუნჯო“, ასე მიმართავს იგი მხატვარს, რომლის მებაღეცაა და საოცარი რუდუნებით დაურგავს კომბოსტო-ბადრიჯნებს ეზოში.
ბოლო სიტყვას მაინც სიკვდილი ამბობს და მებაღეც ავადდება. მხატვარი მაშინვე წაიყვანს (საკუთარ თეთრეულსაც კი მისცემს, ტანსაცმელს, რადგან მებაღეს საკუთარი მწირად აქვს, ღარიბია) პარიზში, ცნობილ ექიმთან. აღმოჩნდება, რომ მებაღე განწირულია და ეს უკანასკნელიც, როგორც ყველა განწირული, გრძნობს სიკვდილის სუნთქვას. ბოლოჯერ წავლენ სათევზაოდ, ბოლოჯერ იჭერს მებაღე მსხვილ თევზს… რომ ისევ უკან ჩააბრუნოს წყალში, გაუშვას. იგი მალე კვდება.

მხატვარი კი აბსტრაქტული პეიზაჟების მაგივრად, რომლებსაც მებაღე ნაკლებ იწონებდა, ხატავს საგამოფენოდ ახლა უკვე ბოსტნეულს („გთხოვ, დახატო ყველაფერი, რაც მიყვარდა“), რომლითაც მებაღე „ხატავდა“; მის ყვითელ ბოტებს, საშინაო ჩუსტებს, ყველაფერს, წვრილმანებსაც, რომლებშიცაა ალბათ ყოფისა თუ ყოფიერების დიდი საიდუმლო; ზუსტად ისეთ პრაგმატიზმშიც კი, როგორიც მებაღის სიტყვებშია:

– „ყოველთვის თან გქონდეს დანა და თოკის ნაწილი. ყველა სიტუაციაში გამოგადგება!“.

 

აქ კი ფრანგულ „წაწლობაზე

აი, რომ არა აქვს ზღვარი ამ ფრანგულ უცნაურობებს, რა… თუმცა არც ჩვენ ჩამოვუვარდებით ზოგჯერ (ოთარ ჭილაძის „ელისაბედ, ელისაბედ“ გამახსენდა). ბევრი რომ არ ვილაქლაქო ამ გვარიანად შეღამებულზე, „გრძელ სიტყვას მოკლედ ვიტყვი“, – როგორც რუსთველი ამბობს და როგორც ფრანგული კინემატოგრაფის არა ცით, მაგრამ არც მთლად მიწით მონაბერი „სიმსუბუქე“ გვატყობინებს – ფილმი იყო „ქალსა და მამაკაცზე“, ფრანგული ტრადიციით, კონკრეტულ შემთხვევაში კი ორ უდიდეს ფანტომზე ადამიანური უცნაურობებისა. ერთმანეთის გვერდითაა ფსიქოთერაპევტისა და გადასახადების აგენტის კარები. ქალიც შეცდომით მივა „აღსარებაზე“ გადასახადების აგენტთან, რომელიც კარგა გვიან აუხსნის, თავისი დაბნეულობის გამო, რომ ექიმი არაა. სამაგიეროდ, ქალი არ იბნევა და ცოტაოდენი ბრაზის შემდეგ კაცთან ვიზიტებს აგრძელებს. საუბრობენ?! მაგრამ რას საუბრობენ? აი, მისმინეთ: ქალი ჰყვება, თანდაყოლილი გონებაგაფანტულობის გამო როგორ დააინვალიდა ქმარი, როგორც დედამისმა ავარიით მოკლა მამამისი; ჰყვება უუხერხულეს ინტიმურ წვრილმანებს, რაზეც მამაკაცი, ფლეგმატურს ვერ ვიტყვი, მაგრამ კოლოსალური თავშეკავებით უპასუხებს, მორჩილად უსმენს და გამომეტყველებებით თამაშობს როგორც „აროდეს არვინ“. ქმარს ჩემთან სექსუალური ურთიერთობა არ უნდა იმ საბედისწერო მომენტის შემდეგო, სამაგიეროდ, სხვა კაცთან მსგავს ურთიერთობაზე წამახალისებსო. ჩემი თავისუფლება კი მასთან განუშორებლობააო. მოკლედ, ქალი უამბობს ეროტიკულ წვრილმანებზე, კაციც უტყვად და მორჩილად უსმენს, არ აპროტესტებს ახალ-ახალ ვიზიტებს „პაციენტისა“.
– მე მივაღწიე უმაღლეს სიამოვნებას…

მრავალმნიშვნელოვნად, იდუმალი ღიმილით მოუთხრობს ქალი.

– უმაღლესსსსს?!

სიტყვით კი არა, გამომეტყველებით უფრო უბრუნებს სიტყვას კაცი, რომელსაც, მგონი, ბავშვობაში ქოლგა გადაეყლაპა.
ჰოო… ქმარიც ესტუმრება საგადასახადო აგენტს და ის ცოლზე უყვება საკმაოდ თავშეკავებულ, ზომიერების ფარგლებში დელიკატურ მსმენელს.

– რა გინდათ ჩემგან?!

კითხულობს საგადასახადო აგენტი.

– რატომ უსმენთ ჩემს ცოლს?

ფლეგმატურად იკითხავს ინვალიდი, მაგრამ აგენტზე შარმიანი ქმარი.

– მე ის მიყვარს…

უპასუხებს გაბრაზებული სევდიანობით საგადასახადო აგენტი.

ბოლოსკენ ქალი რეკავს საგადასახადო აგენტთან, – რომელთანაც მასთან უკვე გაყრილი ცოლია, რომელიც ახალ ქმარს გაეყარა და ძველთან საჭორაოდ მოვიდა; – „პაციენტი“ სთხოვს, რომ ყურმილი არ აიღოს, ისე მოუსმინოს: ქმარს ეყრება, აგენტის რჩევით, თავის ბავშვობისდროინდელ მოწოდებას, ბალეტს უბრუნდება და ახალ ცხოვრებას იწყებს, მიდის პარიზიდან, ემშვიდობება. აგენტის ყოფილი ცოლი ეჭვიანობს და მიდის (ისევ „გზის“ პარადიგმა).
აგენტი ყოფილი უცნაური „პაციენტის“ რჩევით აღარ იკეთებს ჰალსტუხს, რომელსაც ლამის ძილის დროსაც „ატარებდა“. ცვლის მამამისი ბინის ბავშვობისდროინდელ კონსერვატიულ ინტერიერ-ექსტერიერს, ათანამედროვებს, გადაყრის აკვიატებას – ბავშვობის სათამაშოების კოლექციას. ამ დროს იპოვის იდუმალი, თუმცა ზედმეტად გულახდილი ქალის სანთებელას, რომელსაც ქალი „მამაჩემს“ ეძახდა, მამა კი მის დაბადებამდეა გარდაცვლილი. კაცი გადაწყვეტს, ქალს სანთებელა დაუბრუნოს და რაღაცა სასწაულით ჯაბნის საკუთარ თავს, ხდება ჰიპერმოხერხებული, ქალს პოულობს, ანუ იბრუნებს იმას, რაც, პრინციპში, არასდროს ეკუთვნოდა.

ბოლოს სცენა ასეთია: ქალი მოდის ახალი, თამამი კაბით, რომელიც საგადასახადო აგენტს ძალიან, თუმცა მორიდებულად მოსწონდა. წამოწვება დივანზე, რომელიც ძალიან ჰგავს ფროიდის ფისიქოთერაპიულ სავარძელს და ეწევა. კაცი მიუტანს საფერფლეს და იქვე ჩამოუჯდება. მათ ხომ ასე აკლდათ ერთმანეთი, რომელსაც გულახდილი საუბრებით ასე ივსებდნენ?!

P.S. უამრავი წვრილმანი გამოვტოვე, ნიუანსები, რომლებიც ფაქიზი, მაგრამ სარკასტული იუმორითაა შეკავშირებული, აი, ისე, პუანტილისტურ ტილოს რომ დაშორდები, რათა მთლიანობაში აღიქვა კონტურები.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ ორი, ერთმანეთთან სულიერად ასე ზომაზე მეტად დაახლოებული ადამიანი თითქმის არ ეხება ერთმანეთს.

„ფრანგული წაწლობაც“ მოსულა, ასე გამოდის. ტყუილად უწოდებს ზოგიერთი „პროგრესული“ ამ პოეტურ ტრადიციას ველურობას – მთლად პარიზულიც ამბავი კია!

მოკლედ, – Je t’aime, France!

საქართველოო?!

როცა დარტყმა იმდენია, რომ ტკივილს ვეღარ გრძნობს კაცი; …შიშიც იფანტება, არქაულობის მოყვითალო კვამლივით…

,,რა დავაშავეთ ჩვენ,

ვინც ვერ გავმდიდრდით,

ვერც გავლოთდით,

ვერც დავიხოცეთ?”

იტყოდა პოეტი… ჩვენ?! „ვითარცა ლერწამნი, ქართაგან რხეულნი“. ათეული წლებია გვაქცევენ, მერე კი „გვირტყამენ“, თან დაგვცინიან, თვალში ნაცარს გვაყრიან ამ „აგიზგიზებულ კოცონთან“:

„გშიაააააააა?!

იცეკვეეეეეეე!!!“

 

 

 

 

 

 

„სულიკოს“, „აღმართ-აღმართის“ და აკაკის სხვა არდასავიწყებელი ტექსტების გამო

0

ჩვენს წინა წერილში „ქებათა ქება“ როგორც რიზომა“ გავიხსენეთ ამონარიდი ბიბლიური ტექსტიდან, რომელსაც სოლომონს მიაკუთვნებენ: ვეძებე ღამით ჩემს სარეცელზე ჩემი სულის შეყვარებული, ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე. ავდგებიმეთქი და მოვივლი ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს. მოვძებნიმეთქი ჩემი სულის შეყვარებულს. ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე. შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი ხომ არ გინახავთ ჩემი სულის შეყვარებული? (ქებათა ქება, თავი მე-4).

როცა რუსთაველის, გურამიშვილის, ვაჟას, აკაკის მსგავსი შინაარსის ტექსტების სწავლებაზე მიდგება საქმე, კარგი იქნება, კვლავ გავიხსენოთ სიტყვა „რიზომა“ და „ქებათა ქების (შაირთ შაირის)“ მუდამმოსაგონებელი ტექსტი. კარგი იქნება, მოსწავლეებს აქვე მოვაგონოთ „შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა“ – „ვეფხისტყაოსნის“ თავი, რომლის დასასრულს ტარიელი ასმათს ევედრება, მოდი, მოჯე, თანა წყალი მომიტანე, დაბნედილსა მაპკურებდი, მკვდარი მნახო, დამიტირე, აქა მიწა მიაკვანე. მერე კი მოთქვამს:

ჰაი, ჰაი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო,

იმედო და სიცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო,

ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო!

ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო?!

სატრფოს ძიების ეს მრავალპლანიანი წინაპირობა (სატრფო იმედია, სიცოცხლეა, ცნობიერებაა, სული, გული და ღვთაებრივი მშვენიერება) მომწიფებულ შედეგებამდე რა ოდისეას გაივლის, აკაკის შესწავლამდე, ჯერ კიდევ „ვეფხისტყაოსნიდან“, წესით, უნდა ვიცოდეთ.

ანალიზისთვის გამოგვადგება, კლასი დავყოთ ჯგუფებად და ყურადღება გავამახვილოთ იმგვარ საკითხებზე, როგორიცაა:

ზიარი და განმასხვავებელი ცნებები:

  1. ამაღლებული სიყვარული;
  2. ძლიერი ემოცია;
  3. ბუნებასთან კავშირი;
  4. სხვა ალუზიები;
  5. სიყვარულის იდეალიზაცია.

ძირითადი განსხვავებანი:

  1. ტონი და განწყობები;
  2. შინაარსები;
  3. ურთიერთობათა დინამიკა;
  4. წარმოსახვის ფოკუსი.

რიზომატული თვალსაზრისით, ეს ტექსტები ერთმანეთს ემსგავსება და უკავშირდება სიყვარულის თემის გარშემო, მაგრამ აქვე იქმნება განსხვავებული ფესვები და განშტოებები. ამ ტექსტებისთვის რიზომა იქნება:

  1. სიყვარულის როგორც ცხოვრების ძალის წარმოდგენა – ორივე ტექსტი სიყვარულს აფასებს როგორც სიცოცხლის განმსაზღვრელ ძალას. ესაა ძირითადი „ფესვი“, რომელიც ამ ორ ტექსტს აკავშირებს.
  2. განშტოებები/ტუბურები
    • მაგალითად, „ქებათა ქება“ სიყვარულს აღწერს ჰარმონიული ურთიერთობის, სიხარულის, ფიზიკური და სულიერი გაერთიანების ჭრილში.
    • დავაკვირდეთ, სად და როგორ ვითარდება სიყვარული ტრაგიკული და მარადიული ასპექტის გარშემო და სად განშტოვდება დანაკარგისა და ტკივილის ემოციებით.
  1. მრავალმხრივი კავშირები: ორივე ტექსტში ბუნებისა და სულიერი ელემენტების გამოყენება სიყვარულის სიმბოლოდ შეიძლება მოვიაზროთ როგორც კავშირების ქსელი, რომელიც ტექსტებს უფრო ღრმად აკავშირებს.
  2. სოციალური და კულტურული კონტექსტი:
  • ერთი ბიბლიდან ცნობილი ტექსტია,
  • მეორე კი ოდენ მხატვრული ნაწარმოები.

მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, რიზომული ანალიზის სარგებელი შეიძლება იყოს:

  • მრავალმხრივი კავშირების გამოვლენა: რიზომა საშუალებას იძლევა, ტექსტები მრავალმხრივ შეიკავშიროს, დაუშვას და გამოიკვლიოს ახალ პერსპექტივებს შორის ურთიერთობები.
  • ეს მეთოდი ხელს უწყობს ტექსტების ინტერაქციულ ანალიზს, სადაც არ არსებობს მონოტონური ან ტრადიციული მიკერძოება, არამედ ნათელი და გამოკვეთილია ტექსტური ქსოვილები – ბმა არათუ ტექსტებს, არამედ მათ ნაწილებს შორისაც კი.

მითითებულ ტექსტებზე მუშაობისას ასევე მოგვეთხოვება დავით გურამიშვილის „ზუბოვკის“ გახსენება (მერე რა, რომ მისი „სწავლა მოსწავლეთაც“ ამოიღეს საგამოცდო პროგრამიდან!).

„ზუბოვკიდამ მომავალმან ვნახე ერთი ქალი,

მეტად ტურფა, შვენიერი, მაზე დამრჩა თვალი.

შავ თვალ-წარბას, პირად თეთრსა, ასხდა შავი ხალი,

მისმან ეშხმან დაცამლეწა, შემიმუსრა ძვალი…

აწ შენ, ჩემო საყვარელო, იმყოფები სადა?

ქვეყნად შენგან უკეთესი მე არავინ მყვანდა.

ქვესკნელსა ვარ, ვერა გხედავ, მეგულვები ცადა;

გეაჯები, ნუ გამწირავ, წამიყვანე მანდა!..“

„ზუბოვკის“ მთავარ ფესვად გამოვიტანოთ სამშობლოს დაკარგვის ტკივილი და დანაკარგის ტრაგედია. როგორც ცნობილია, ეს ტექსტი ასახავს ქართველი ადამიანის ემოციურ და მორალურ განწყობას უცხო მიწაზე ყოფნისას, რაც შეიძლება რიზომული ქსელის ეროვნული და პიროვნული განშტოება იყოს.

ახლა ეს ლექსები აკაკის „სულიკოს“ შევადაროთ:

საყვარლის საფლავს ვეძებდი,

ვერ ვნახე!.. დაკარგულიყო!..

გულამოსკვნილი ვჩიოდი:
სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“

წარმოვიდგინოთ, რომ აქ მთავარი ფესვი მარადიული სიყვარულის ძიებაა. განშტოებები კი შემდეგია :

  • ბუნებისა და ადამიანის ერთიანობა;
  • ტკივილიანი ნოსტალგია და დაკარგვის ემოცია;
  • ლექსის მეშვეობით სულის უკვდავების გამოხატვა.

სხვათა შორის, აკაკის ეს ლექსი 1895 წელს დაუწერია, გაცილებით ადრე კი (1876 წლის 1-ელ იანვარს) მან მრავალი კუთხით საინტერესო „აღმართ-აღმართ“ დაწერა. მოვიყვანთ პატარა ნაწყვეტს და დავაკვირდეთ, რამდენი ღირებულებითი პლასტია აქ თავმოყრილი:

„ხმა სიმართლის შეუპოვრად გაისმა,

რომ დღეის-დღის ხმა ისმინოს გაისმა.

ცის მახლობლად ფეხქვეშ ვიგრძენ მიწა მე,

ვსთქვი: „ცხოვრებავ, მეც ერთ კაცად მიწამე!“

და ვიფიქრე: „ჩემი სატრფო სად არი?

ნისლი ჰბურავს, თუ დღე უდგას სადარი?“

გავიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა!

გამიკვირდა! ვსთქვი: „მტერს როგორ მონებდა?“

აკაკის ამ ლექსში მთავარი ფესვი ბრძოლის უნარი და ადამიანის სულიერი სიძლიერეა. ტექსტი გვიჩვენებს ადამიანის სურვილს, დაძლიოს სირთულეები და მიაღწიოს სასურველს, რაც შეგვიძლია რიზომული ქსელის ერთ-ერთ განშტოებად განვიხილოთ. განშტოებები ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:

  • „აღმართის“ სიმბოლო – ცხოვრება როგორც დაუსრულებელი ბრძოლა;
  • დროისa და მორალური გამძლეობის ხაზვა;
  • ლირიკული გმირის სოციოკულტურა და მტკიცე სული, რომელიც პიროვნებას ცხოვრებისეულ მიზანს აძლევს.

სიმართლე, შეუპოვრობა, მარადიულობისთვის ბრძოლა და სიყვარული – იმსჯელეთ ამ ღირებულებებზე. გაიხსენეთ ამონარიდი ვიქტორ ნოზაძის „ვეფხისტყაოსნის“ ღმრთისმეტყველებიდან“, რომელშიც ავტორი იხსენებს გერმანიაში მდებარე ვორმსის ტაძრის სამხრეთ შესასვლელზე მე-14 საუკუნეში შესრულებულ ქანდაკებას, რომელსაც ჰქვია „ქალი – მიწა“. მერე გულდასმით წაიკითხეთ „სულიკოზე“ ერთი წლით ადრე, 1894 წელს დაწერილი ვაჟას „სამეფო სიყვარულისა“. ბარემ ამონარიდსაც მოვიყვანთ:

„მე კი ვიძახდი: სატრფოვ, სადა ხარ,
რად არ მაჩვენებ შენსა სახესა?!“[1]

ერთად დააკვირდით, იფიქრეთ, იმსჯელეთ, აღმოაჩინეთ, გამოყავით და ჩაიწერეთ, რა აქვს ამ ლექსებს საერთო, გაზომეთ, რამდენად ღრმაა მათი საზიაროობა. გამოყავით ვაჟაფშაველასსამეფო სიყვარულისას“ მთავარი ფესვი – სიყვარული როგორც სულიერი და ესთეტიკური ძალა. ვაჟა აქ აღწერს ისეთ სიყვარულს, რომელიც მოიცავს არა მარტო ფიზიკურ მიმზიდველობას, არამედ მაღალ მორალურ და სულიერ ასპექტებსაც.

განშტოებები:

  • სიყვარული, როგორც ღირებულებათა მწვერვალი;
  • ურთიერთკავშირი ბუნებისა და ადამიანისა;
  • სიყვარულის არსებობის დრამა, რომელიც მსხვერპლსა და სიხარულს მოიცავს.

ასევე ძალიან საიტერესოა და საგაკვეთილო პროცესში შეიძლება მსჯელობის თემად იქცეს ხელნაწერთა ინსტიტუტის ვაჟას ფონდში დაცული ხელნაწერი  №128 ვაჟას ავტოგრაფით. შუა გაკეცილი თაბახის ფურცლებისაგან აკინძულ კრებულში მოთავსებული ხელნაწერი, რომელსაც გარედან აწერია: „წვრილი ლექსები ვაჟა-ფშაველასი“, სულ სამ ლექსს შეიცავს. ესენია: „სამეფო სიყვარულისა“, „სიმღერა“ (ათასჯერ მოხველ, იავო) და „შავი ღრუბელი“. აქვეა ვაჟას მინაწერი: „გაგზავნილია „მოამბის“ V №-სათვის 1894 წ.“ ამრიგად, ეს ორი ლექსი ერთმანეთის ახლო ხანებში უნდა იყოს დაწერილი და ვაჟას ისინი ერთადვე გაუგზავნია რედაქციისთვის. მაგრამ რატომღაც სამეფო სიყვარულისა ავტორის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა, „ათასჯერ მოხველ, იავო“ მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ, 1899 წელს დაიბეჭდა გაზეთ „ივერიაში“, „შავი ღრუბელი“ კი 1894 წელსვე გამოქვეყნდა „კვალში“.

უაღრესად საინტერესო იქნება ბავშვების აზრი აღნიშნულ საკითხებზე, მეტადრე მაშინ, თუ ედგარ ალან პოს “Annabel Lee”-ს[2] წავაკითხებთ და მათ მსგავსება-განსხვავებებზეც ვასაუბრებთ.

ტექსტების რიზომული ანალიზით უფრო მკაფიოდ წარმოჩნდება, როგორ ერთიანდება ქართული ლიტერატურის მთავარი თემები: სიყვარული, ბრძოლა, სულიერი ძლიერება და სამშობლოს ერთგულება. ტექსტების ერთმანეთთან დაკავშირებულ, მაგრამ დამოუკიდებელ შრეებზე დაკვირვებით ბავშვები თავად აღმოაჩენენ ცალკეული ტექსტის სხვადასხვა განშტოებას და იმას, თუ როგორ ერწყმიან საბოლოოდ ისინი ერთმანეთს სიყვარულისა და ბრძოლის მარადიულ ქსოვილში.

[1] https://tagiweb.wordpress.com/2012/02/12/samefo-siyvarulisa/

[2] https://www.poetryfoundation.org/poems/44885/annabel-lee

ზღვა და სატრფო ტიციან ტაბიძის პოეზიაში

0

ქართულ ენაში ზღვის სემანტიკური ველის შესწავლა (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) ადასტურებს, რომ ზღვა ჩვენი ბუნების ნაწილია და რომ მისი აღმნიშვნელი სიტყვა უძველეს, არქეტიპულ დონეზე აღდგენილი ლექსემაა. ზღვაოსნობასა და ნაოსნობასთან დაკავშირებული ლექსიკა, მენავეთა იერარქია და თავად ნავის მრვალსახეობა (შესაბამისი ქართული შესატყვისებით) გამოდგება არგუმენტებად, რომ აღნიშნული კონცეპტით გამოხატული ფართო სემიოტიკური ველი ერთგვარი მატრიცაა ქართველის ბუნებისა.

ზღვის მეტაფორას საინტერესოდ ხსნის ზურაბ ქარუმიძე რომანში „ღვინომუქი ზღვა“: „ყველაზე საინტერესო სტიმული ამ წიგნის დაწყებისთვის იყო თბილისის ისტორიის ხუთტომეულის პირველი ტომი. გადაშლი და კითხულობ, რომ თბილისის ტერიტორია გეოლოგიური თვალსაზრისით კაინოზოური ზღვის ფსკერია, რომელიც ჩამოყალიბდა კაინოზოურ ერაში და ა. შ. წარსულის ხედვის ჩვენებური ვარიანტია. მე მომეწონა ეს მეტაფორა. შემდეგ ზღვისა და ქალაქის მეტაფორაა. ეს ახალი არ არის, ჯოისისეულია; აქ იმდენად ქალაქისა და ზღვის მეტაფორა კი არ არის მთავარი, თვითონ ეს წიგნია ზღვა – ღვინომუქი ზღვა. ხატების ასოციაციები, რაღაც უცხოსადმი სწრაფვის, ღიაობის, დამოკიდებულების, ამიტომაც ეს არის გარემოს გარღვევის მცდელობა.

ზღვის მეტაფორა კარგად ნაცნობია მსოფლიო ლიტერატურისთვის. არაერთ შედევრში გაიელვებს მისი ლურჯი სახება, მშვიდი თუ აზვირთებული, გადაცურვისთვის ამგზნები თუ დანთქმის  მომქადე“.

ზღვის განსაკუთრებულ სახეებს გვთავაზობს ტიციან ტაბიძე. გასაოცარი ლანდშაფტი იშლება ლექსში „ასე მგონია, თითქო ვხედავდე“. ლექსს ციტრუსის ბაღისა და ზღვისგან მონაბერი ჰაერის ჯადოსნური სურნელი დაჰყვება, ლაჟვარდის ფონზე ღუის ნარინჯი.

„გადაშლილია თვალმიუწვდენი,

უსაზღვრო სივრცის ციტრუსის ბაღი,

ზღვას გადულახავს თავის ზღუდენი

და ცასთან ერთად შეუკრავს თაღი“.

უმშვიდესი ზღვის სახე ელვარებს  ლექსში „სენტიმენტალური მოგზაურობა“:

„ზღვა ისე იყო მშვიდი და წყნარი,

რომ აღარც მახსოვს, იყო თუ არა!

ერთად გააღო ცამ შვიდი კარი

და ზღვას სარტყელად გადაუარა“.

მშვიდი ზღვის, თეთრი ზამბახების, თეთრი ვარდების სახეებს უაღრესი სისპეტაკე ახლავს. მწუხარე სინაზეს ქმნის შედარება:

„და ისე ყრია თეთრი ვარდები,

თითქო ათასი აქ გედი მოკლეს“.

მწუხარებას ამძაფრებს ქალის სახება. იქნებ სატრფოსი, რომელიც შორია, იქნებ პოეტის სიყვარულის უარმყოფელი ქალისა, ზოგადად ქალისა, ზოგადად სატრფოსი.

სამოთხის ღია კართან დგომის რცხვენია პოეტს სატრფოს იქ არყოფნის გამო, რადგან უსიყვარულოდ სამოთხესაც კი აკლდება რაღაც, ძალიან კაშკაშა („უსიყვარულოდ არ არსებობს თვით უკვდავებაც“).

პოეტებს სჭირდებათ მუზა, ხშირად – ქალის სახე-ხატი. ტიციანის მეუღლის, ნინო მაყაშვილის მოგონებები გვიდასტურებს, რომ ტიციანი მუდამ იყო ასეთი მუზებით გარემოცული, რაც სავსებით ბუნებრივია.

თავად ტიციანი იტყვის: „საქართველოში ყოველ ჭორფლიან ქალს თავის საკუთარი ჰყავდა პოეტი“.

ზღვას სატრფოს ხატება დაჰყვება ლექსს „ევქსინის პონტი“. აქ მითოსური მედეაა სატრფოთა კრებითი სახე: „მედეას ამბით შენ მომაგონდი და ჟრუანტელმა გული დასიცხა“.

მითოსურ ტრფობას გამოიხმობს პოეტი, მედეასა და იასონის ტრფობას, გველეშაპთა დამტკბობი ორფეოსისას, ევრიდიკესთვის საიქიო რომ მოვლო.

ზღვის მღელვარე, აზვირთებული პეიზაჟით სრულდება ლექსი, ზათქისა და ზანზარის აკუსტიკით. ავის მაცნე, როგორც არგონავტთა განგაშის სიმღერა და ჰორიზონტის მარადი ხაზი, ზღვისა და ზეცის შეერთება, შერწყმის, სრულყოფის მეტაფორა.

ვინ იყვნენ აღმოსავლეთით მოსულნი მოგვნი? (მეორე ნაწილი)

0

„ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა; ვუყურებ მას, მაგრამ არა ახლოდან. ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან და იმართება კვერთხი ისრაელისგან, მოწყლავს მოაბის მთავრებს და გაანადგურებს შეთის მთელს მოდგმას“ (რიცხვნი, 24:17)

 

მათეს სახარებაში ვკითხულობთ „1. ხოლო იესუჲს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს: 2. სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა“ (მათე, 2:1-2).

ვინ იყვნენ მოგვები, ხსენებულნი და შემდგომ პატივცემულნი როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ქრისტიანულ ტრადიციებში?

წმინდა წერილი ამის შესახებ ბევრს არაფერს ამბობს. მათეს სახარება ერთადერთი წყაროა, რომელიც აღწერს მათ მოსვლას ბეთლემს, მათ სტუმრობას შობის ადგილას, ღვთისმშობლისთვის საჩუქრების გადაცემას და ახალშობილი იესოს თაყვანისცემას.

მოსალოდნელია, წმინდა წერილი ზუსტად იმას გვამცნობდეს, რომ ქრისტეს ამქვეყნად მოსვლით წარმარმა ბრძენკაცებმა იპოვეს გზა ჭეშმარიტი ღმერთისკენ, გზა ბეთლემისკენ და გაჰყვნენ შობის ვარსკვლავს და სწორედ თავიანთი დიდი სიკეთისა და გულის სიწმიდისთვის გახადა ისინი ღირსი ღმერთმა, რომ პირველებს ეცათ თაყვანი (ადგილობრივ მწყემსებთან ერთად) ბეთლემში შობილი ქვეყნიერების მხსნელისათვის. მოგვების მაგალითმა, რომლებიც, სავარაუდოდ, მაზდეანი ქურუმები და მეცნიერების წარმომადგენლები იყვნენ, ნათლად გვიჩვენა, რომ დიდი და ღრმა ცოდნა ღვთის მადლია, რომელიც ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობამდე მიგვიყვანს.

წმინდა წერილი გვაუწყებს, რომ ყრმა იესოს ეს ბრძენი თაყვანისმცემლები, „აღმოსავლეთით მოსულნი მოგვნი“, ღვთიური მადლით განბრძნობილნი, შემდეგში მონათლა თომა მოციქულმა, რომელიც სპარსეთში სახარებას ქადაგებდა.

ძველად ხალხს სწამდა, რომ დიდი ადამიანების დაბადებასა და სიკვდილს ყოველთვის თან სდევდა ცაზე ვარსკვლავების გამოჩენა ან გაქრობა. მოელოდნენ რა ღვთის განგებულების აღსრულებას, მოგვები თვალს ადევნებდნენ ასეთი ვარსკვლავის გამოჩენას ცაზე ისრაელთა მეფის დაბადებამდე და როგორც კი შეამჩნიეს, მაშინვე მიხვდნენ, რომ იგი უკვე დაიბადა, იუდეველთა სამეფოს დედაქალაქისაკენ გამოეშურნენ, იერუსალიმში იკითხეს ახლად შობილი მეფის ამბავი და ამბობდნენ: „სადა არს, რომელი იგი იშუა მეუფე ჰურიათა?“

წმიდა ეგნატე ღვთისმხილველი წერს: „ეს ვარსკვლავი გაბრწყინდა ცაზე ყველა ვარსკვლავზე უმეტესად, და მისი ნათელი იყო გამოუთქმელი, ხოლო მისმა სიახლემ ყველა მოიყვანა შეშფოთებაში: ყველა დანარჩენი ვარსკვლავი, მზესა და მთვარესთან ერთად, თითქოს შეკრებილიყვნენ საკვირველი ვარსკვლავის გარშემო და ის ყველა დანარჩენ მნათობებს უნათებდა თავისი ნათლით“.

პროფესორ კრისტინ სვენსონის გამოკვლევის თანახმად, მოგვებმა გააგრძელეს აქტიური არსებობა ბიბლიის შემდეგ ეპოქაში. უკვე მე-2 საუკუნეში ისინი მეფეებად მოიხსენიებიან, ალბათ იმის გამო, რომ ერთ-ერთ ფსალმუნში მურის ცხება გახლდათ მეფეთა ნიშანი. მოგვების რაოდენობა სხვადასხვა კულტურაში მერყეობდა ორიდან თორმეტამდე. საბოლოოდ (დასავლური ქრისტიანული ტრადიციით) ეს რიცხვი გახდა სამი, ალბათ იმიტომ, რომ ჩვილი იესოსთვის მირთმეული საჩუქრების რაოდენობა ასევე სამი იყო. „გადმოცემის თანახმად, ისინი იყვნენ მეფენი და მათი სახელებიც კია შემორჩენილი: მელქიორი, გასპარი და ბალთაზარი“ (ეს „მაგიური“ სახელები ლათინური და კათოლიკური ტრადიციიდან მომდინარეობს და დაახლოებით მეშვიდე საუკუნით თარიღდება). VII-VIII საუკუნეების ნაშრომი, სახელად Excerpta et Collectanea, რომელიც მიეწერება ღირს მამა ბედას (Bede the Venerable), გვაუწყებს შემდეგს:

„მოგვები იყვნენ ისინი, ვინც უფალს საჩუქრები მიართვეს. ამბობენ, რომ პირველი იყო მელქიორი, თმათეთრი და გრძელწვერა მოხუცი, რომელმაც უფალს ოქრო მიართვა, როგორც მეფეს. მეორემ, სახელად გასპარმა, ახალგაზრდამ და წვერგაუჩენელმა, წითური კანის მქონემ, უფალს საკმეველი – ღვთისთვის შესაფერისი სურნელება მიართვა, როგორც ღმერთს. მესამე მოგვმა, შავკანიანმა, სქელწვერა კაცმა, სახელად ბალთაზარმა, [უფალს] მური მიართვა, რითაც თითქოს მიანიშნებდა ძეზე, რომელიც უნდა მომკვდარიყო“.

შუა საუკუნეების წმინდანთა კალენდრის ამონაწერი, რომელიც კიოლნში დაიბეჭდა, გვამცნობს: „მრავალი განსაცდელისა და მაშვრალობის შემდეგ სამი მოგვი შეხვდა ერთმანეთს სევაში (ამჟამად ქ. სივასი, თურქეთი) ქრისტეშობის დღესასწაულზე 54 წელს. წირვის დასრულების შემდეგ ისინი მალევე აღესრულნენ: წმინდა მელქიორი – 1-ელ იანვარს, 116 წლისა; წმინდა ბალთაზარი – 6 იანვარს, 112 წლისა, და წმინდა გასპარი – 11 იანვარს, 109 წლისა“.

490 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ზენონმა მოგვთა წმინდა ნაწილები მაშინდელი სპარსეთიდან კონსტანტინოპოლში გადაასვენა. მოგვიანებით მსგავსი (ან იგივე) წმინდა ნაწილები გამოჩნდა მილანში და მილანის ეპისკოპოსის, წმინდა ევსტორგიოსის სახელობის ბაზილიკაში იყო დაცული. გერმანიის (წმინდა რომის იმპერიის) იმპერატორმა ფრიდრიხ ბარბაროსამ, რომელმაც იტალია გაძარცვა, 1162 წელს მოგვთა ნაწილები კიოლნში გადაიტანა და დღემდე იქ არის, საკათედრო ტაძრის ულამაზეს რელიკვარიუმში.

ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ მოგვთა განსხვავებული წარმოშობა (სპარსეთი, არაბეთი და შება-იემენი) და მათი საჩუქრების მრავალფეროვნება ადრეული ქრისტიანობის მსოფლიო ამბიციებს გამოხატავდა ან ისტორიაში მრავალფეროვანი ტრიოს დაბრუნებას ისახავდა მიზნად, როგორებიც იყვნენ ნოეს შვილები: სემი, ქამი და იაფეტი.

შესაძლოა, მოგვთა წარმომავლობისა და ქრისტიანობისათვის მათი მნიშვნელობის საიდუმლო წმ. სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ეპიზოდში იყოს ახსნილი, როდესაც წმინდა მოხუცი ჩვილ იესოს ხელში აიყვანს და იტყვის: „აწ განუტევებ მონას შენსას, მეუფეო, თანახმად შენი სიტყვისა, მშვიდობით. რადგანაც იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარი შენი, რომელიც განამზადე ყველა ხალხის წინაშე, ნათელი წარმართთა გასანათლებლად და შენი ხალხის, ისრაელის სადიდებლად“ (ლუკა, 2:25).

„მოგვები წარმართები იყვნენ. შესაბამისად, სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ფრაზა: „რადგანაც იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარი შენი, რომელიც განამზადე ყველა ხალხის წინაშე, ნათელი წარმართთა გასანათლებლად და შენი ხალხის, ისრაელის სადიდებლად“, – შესაძლოა გამოხატავდეს უფლის მოვლენას „ყველა ხალხის წინაშე“. ალბათ, მნიშვნელოვანია ის დეტალიც რომ მოგვები შორიდან, უცხო ქვეყნებიდან ჩავიდნენ იუდეაში, რადგან ებრაელებს ჰქონდათ ცრუ წარმოდგენა და რწმენა იმისა, რომ მესია არა მხოლოდ მათ წიაღში დაიბადებოდა, არამედ მხოლოდ მათთვის იქნებოდა მოვლენილი ამქვეყნად.

სავარაუდოა, რომ მოგვთა წარმართობა და იუდეასა და ბეთლემში მათ „შორიდან“ ჩასვლა ხაზს უსვამდა მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენას: მხსნელის დაბადებას. იესო ქრისტე მოევლინა ყველას, განურჩევლად ეროვნებისა, რწმენისა და წარმომავლობისა.

„ამიტომაც აუცილებელია, მოგვთა თაყვანისცემის ისტორია წავიკითხოთ მწყემსების თაყვანისცემის ამბავთან ერთად, – ამბობს მამა გრიგოლ გერონიმუსი, – წმინდა მამები გვამცნობენ, რომ ადამიანთა ეს ორი ტიპი, მისულნი ჩვილი ისესოს თაყვანსაცემად, ღმერთისკენ მიმავალ ორ გზას აღნიშნავს: ერთნი მიდიან მასთან გულით, ხოლო მეორენი – გონებით და მეცნიერებით. პირველთაც და მეორეთაც ელის მაცხოვარი; ერთნიც და მეორენიც, უბრალონიც და ბრძენნიც, ღმერთისთვის მნიშვნელოვანნი არიან“.

„უსინათლო, უსახსრებო ჩემი წიქარა“

0

 

(თაფლო ზარიძის პოეზიაზე)

 

„პოეტის სული დროსა და სივრცეში არ განისაზღვრება“

 

ვისაუბრებთ შემოქმედზე, რომლის ნიჭიერებისთვისაც უნივერსალურობაა დამახასიათებელი: ხატავს, წერს პოეზიასა თუ პროზას, ზოგადად, მხატვრულად აღიქვამს და გადმოსცემს სამყაროს. როგორც ხდება ხოლმე ასეთ დროს, თაფლოს ყოველი ნახატი სიცოცხლის პოეტური დითირამბივითაა, ხოლო ყოველი ლექსი „დახატულია“, ანუ აქ აზრით მხატვრობაცაა, არა მარტო სიტყვით. ესაა „ფერწერა“, ფერების მისტიციზმით – მზის ჟანგი და „ძილბურანში წასული“ ლურჯი; ყვითელი, როგორც პოეტის მზიური ჩრდილი და „მზიანი დამიწებაც“, როცა მზე „მკვდრისაა“, ანუ ჩამავალი; „უშობელ ბავშვთა მიწისადმი გრავიტაცია; რკინის წითელი და ანწლების „ვენების სილურჯით“ მწიფობა; ესაა „გრაფიკაც“ – „მტკვარში მეტეხის სველი ნეკნები მეჩვენებიან უფლის თითებად“; თოვლის ძაძები; სიცივის სისხლიანი ლუკმა და ღამეთა ქარვა; ყვითელი სერების სილუეტებით დასერილი ლურჯი მთები და თვალთა ნესტიანი მღვიმეები, ღამურებმა რომ დაისაკუთრეს; ბინდბუნდისფერი ჩიტები, მხრებზე დამსხდრები და დავიწყებისკენ მიმავალი სიყვარულის მწვანე შუქი…

თაფლოს პოეზიაში, თანამედროვეობასთან ერთად, ძირძველი მითოსურ-ბიბლიური სევდაცაა:

„თიხისფერ ფურებს ვუვლიდე…

თიხიდან კი ამოისახებოდნენ ადამიანები,

ჩემგან შორს,

მიაშურებდნენ უდაბნოებს

თაკარა მზეში გამოსაწვავად

და ჩიტების საჩრდილობლებად იქცეოდნენ…“

(„ნეტავ, შემოდგომა ვიქნებოდე“)

ესაა ახალგაზრდა პოეტის უმძაფრესი, უფაქიზესი და ურთულესი, საოცრად ტკივილიანი აღქმა, შეგრძნება სიცოცხლისა, რომელიც თითქოს უგრძესი გზაა, გამოვლილი ადამიანად ყოფნიდან, ღვთისკენ ხელების გაწვდენით, სულის შესაცნობად… არადა, ყველაფერი „ალბათაა“ ამ წუთისოფელში, არა? ვერ გავრკვეულვართ, სად ცხადია და სად სიზმარი („იპარებიან, როგორც ქურდები,/დრონი, გრძნობები და ადგილები,/სავარაუდო არსებობს მხოლოდ და არაფერი – დანამდვილებით…“). „ვიღაც“ ამ შინა თუ გარე ომების ნანგრევებსაც „ხატავს“. უზარმაზარი, მარადიული, პასუხგაუცემელი „რატომ?!“ ჰოდა, გადაგვაქვს ეს ომები – ჩვენ შიგნით თუ ჩვენ გარეთ. ამ საბედისწერო ორომტრიალში კი „არაფერია იმაზე მწარე, ახლა ადგე და ღიმილი მთხოვო“, ამბობს პოეტი, – თუნდაც ჩვენი დღევანდელობა.

თაფლოს პოეზიაში ერთმანეთს შერეული ფერებიცაა, ხანდახან თეთრად „გაციებული, მინავლული“: „ნეტავ, სად მიდიან ის ფერები, / უსიყვარულოდ რომ თოვდებიან?/ ფანჯრებს ეფაკლებათ ლოყები და/ კედლებს ფოთოლივით ვეხეთქები/ და მზეს ვაოცნებებ, კონკებიანს…“ ეს არ არის გაზაფხულის მოუსვენრობა, – თაფლოსთან აზროვნების, მისი ასაკისთვის თითქოს ნაადრევი შემოდგომის სისავსეა. თუმცა განცდათა ეს სიმძაფრე დროზე გამარჯვების საწინდარიცაა ხშირად („ვიღაც იცვლება წლებით,/ ვიღაც დროებას ცვლის…“).

ყველას გვინახავს ვან გოგის ნახატები, ფერები, სავსე სიცოცხლის ვნებით; იგივეა თაფლოს ამ ლექსში:

„ვიპარავ

ვარდისფერ განთიადს

და

ხელისგულებში ვინახავ,

შიშველი ღრუბლები მაცვია

და წვიმის სუნთქვაში ბინა მაქვს…

ვაწებებ

გაცრეცილ მზის ტილოს,

ცისფერი ტალახის ნარჩენებს…

მე უნდა ვიფიფქო თოვლივით,

დამღალოს სამყაროს ტრიალმა.

რომ მქონდეს საზეო მოვლილი…“

(* * *)

 

ობოლი ცრემლის მესაიდუმლე, „ყოფნისა და არყოფნის სიო“ თუ „მანძილი გადაფრენიდან გადაფრენამდე“, თაკარა სხივების ყველასთვის გამნაწილებელი, ქვეყნად გაჩენის სინანულით სავსე ლექსები თაფლო ზარიძისა… რომელ ჩვენგანს არ უფიქრია სიკვდილზე? თაფლოსთან უცნაურია „წუთისოფლის ამ მშვენებისადმი“ დამოკიდებულებაც – თამამიც, მსუბუქიცა და დარდიმანდულიც („მოვა უნაზესი/შავი ტიტასავით/ თხელმხრებმოკანკალე/სიკვდილი…“) – მისთვის „სასაცილოა – გარდაიცვალო“, ამ კოწახურივით დღეთა ცვენაში, მზის რკალს გაქცეული, „სხივნაჭამი მოლაღურების“ ქალაქში, თუმცა „ფრთები ცის კიდესთან შევაჩეროთო“, ესეც მისი ნათქვამია… ასეთი განწყობებით ერთი ნაბიჯიღაა თავგანწირვამდე – „მე ჩემი სული სისხლად დავღვარე,/რომ გამეზარდა შენი ჩინარი…“. ესაა ობოლი ფიქრებით სავსე ლექსთა კელია (მომნუსხველი სულიერი ასკეტიზმი საგრძნობია, აშკარად); ტრაგიკულობა – „ვინც მიყვარს, რატომღაც ის ჩემი მკვლელია“; ყოფასთან შეჭიდებული ფაქიზი სული და სხეული: „ო, როგორ მინდოდა, მიწაზე გამეძლო… ვის შეაკედლებ ცარიელ თვალებს“. ხშირად გგონია, რომ მარცხდები და „უგონოდ შორია საოცარ ზღაპრამდე“, ჩამოყრი „მომავალივით დაღლილ ხელებს“, თითქოს ყველაფერი ამაოა. მაგრამ ასეთ დროს ღმერთი გაჩვენებს, რა არ არის ამაო:

„ვერ ვუმკლავდები – ფიქრები ვჩენჩო,

მოდის ბანცალით მოხუცი გლახა,

  • რა ლამაზია, ღმერთო ჩემოო! –

თქვა და პირჯვარი გადაისახა.“

(„მეტეხთან“)

 

„სიზმრისლოდება სიცხადეაო“ წუთისოფელი; „მზად ხარ, გაიქცე დედამიწიდან“; აქ მითოსური, ნესტიანი წყლების სიღმეებიდან მოფრინდებიან სიმბოლოები, განწყობები, მარადი პარადიგმები. პოეტი გვაუწყებს, რომ არა სხეული – სულის, არამედ სულია მისი სხეულის ტვირთი, ბედნიერებასაც ყოველი ჩვენგანის ფერი აქვს და ჩვენს „სასახლეში დახტის კვიცივით“. სიყვარულიც ხომ ხდება ხოლმე ზოგჯერ ცვილის ბომონივით უტყვი და გოროზი? – „და გზა, რომელსაც გაქცევით მალავ, ისევ ჩემამდე მოგიყვანს, ოღონდ,/საუბედუროდ, ვერ გადაგარჩენ,/ უკვე გამახმო ქარმა გირჩივით,/ვითვლი ნაგროვალ ცრემლიან ფარჩებს/და გამოფიტულ თვალებს ვიჩიჩქნი“ („უჩემოობა“); „ნეტავ, არც დამენახა, სხვისთვის როგორ მიგქონდა ჩემით გულანთებული პოეზიის ყვავილი“. ქრისტიანული სენტენციებით, ტანჯვას მონაქროლი სიხარულის სიმსუბუქეც აქვს – „და ფანჯრებიდან, როგორც მერცხლები, /ჩემი ტანჯული წლები მიქრიან…“ თოვლისფერი ლექსები (ყველა ფერის ერთობაა თეთრი) სისხლის ცრემლებით მტირალ ლირიკულ გმირს ფეხქვეშ უფენს წითელ ყვავილებად ნაქცევ საკუთარ ცრემლებს.

„საარსებეთი“ – ასე უწოდებს თაფლო წუთისოფელს, ჩვენ კი – გაშვილებული შვილები სამშობლოსი, რომელსაც პოეტი ასე მოიხსენიებს: „სასიმღერეთი, ანუ ჩემი და თქვენი ქვეყანა“; აქ არის „ფრთიან ბეჭებზე დახლილი ცეცხლისფერი ტყვიები“, თრიმლიანი ჭრილობები, დამშრალი ზღვები, დამწვარ სულთაგან ავარდნილი ცეცხლით რომ ივსებიან. თუმცა ამ ტრაგიზმში მარად განახლებადი სიცოცხლეცაა:

„მარადიული ხე ვარ –

ყველაფრის ამტანი,

დალეწილი,

დამპალი,

დაობებული,

და მაინც ახალი ყლორტები ამომდიან…

რა დავაშავე…“

ბოროტი ოქსიმორონებიც: „ყველანი რა კარგად არიან,/ ვისაც ჩემი სულის სისხლში/ხელები აქვს ამოსვრილი…“ პოეზიაც ხშირად ჰგავს „ვირებთან ვიოლინოს დაკვრას“, გულწრფელობამორგებული ყალბი ადამიანები რომ ისმენენ და ისე იფერებენ, როგორც „დედოფლობას – ვინმე გონჯი“. ქვეყნისა და, საზოგადოდ, ყოფიერების ტრაგიზმიცაა ეს. თუმცა ამ ტრაგიკულობასაც უდიდესი ძალა მოაქვს სიცოცხლისა, თუნდაც ისეთი, როგორც თაფლო ზარიძისთვის საყვარელ და სანიმუშო ფრიდა კალოს ჰქონდა: „ფრიდა ერთადერთია, რომელიც საკუთარი ძვლებით ხატავდა“; „რად მინდა ფეხები, როდესაც ფრთები მაქვს“ – ეს კი ფრიდას სიტყვებია. მისი წოლისგან დაღლილი სხეულის სილურჯეში ერთგვარი სიგიჟეცაა, ურომლისოდაც „ცხოვრება მუნჯია“… ცხოვრების „თებერვალიც“, „მკვდარი ჩიტების სეზონიც“, ხომ გაივლის, არა?! დროის ბუნება კარგად იცის თაფლომ: ის, დრო, კი არ მიდის – გადის ან იყინება, ან გიჟურად, „ფლოქვების ცვეთამდე, ფეხების მტვრევამდე, კისრის ტეხამდე“, საზარელი, სულისშემძვრელი ჭიხვინით მიგვაჭენებს. ჩვენც ავყვებით ხოლმე ამ სიგიჟეში; ვიცინით, ვიჯერებთ იმას, რაც გვინდა, გვჯეროდეს:

„პეპლებივით აფრინდნენ მინდვრებიდან ყვავილების გოგოები,

ჭეშმარიტი რაინდები კი რკოს კაცუნები არიან…

ხელში ამიყვანე და წამიყვანე,

მეგონა, ვარდ-ყვავილთა ტკბილი სარეცელი მელოდა.

გმადლობ, სიცოცხლევ, ჯოჯოხეთისთვის…

გიჟი ხარ – გიჟი!!!“

თაფლო ზარიძის პოეზიაში ვიპოვით აფორისტულობასაც, რომელსაც პოეტი თავს არ გახვევს, სიმსუბუქით გაწვდის, მაგრამ შენ გჯერა მათი სიბრძნე და გულწრფელობა:

„საჭირო არაა, ფეხებით დაეკიდო,

ისედაც შეგიძლია, ხედავდე უკუღმა…“

„საზარლად ტკბილია ტყუილი“;

„უბედურია მტყუანიც და მართალიც,

ბედნიერება მარადიული სიმართლეა…“

„მთავარია, ისწავლო მარტომ სიარული“;

„ვერაფერი ისწავლა კაცობრიობამ, ღალატის გარდა“.

ჩემს სულთან ძალიან ახლოს მოვიდა თაფლოს პოეზია და ეს მასაც გავუმხილე, განცდები იმდენად იდენტურია. ბევრი „მარადი კითხვა“ მომისმენია. ა) „რატომ არავინ მკითხა, რომ უნდა დავბადებულიყავი?“ – ამას იკითხავდა ახალგაზრდა ფილოსოფოსი არმაზში, ექსკურსიაზე, ღამე რომ გავათენეთ ცეცხლის გარშემო; ბ) მეც გამჩენია არარსებობის აუხდენელ-აუტანელი სურვილი; გ) „ნუ, ნუ გეყვარებით… სიყვარული სიმწარეა“ – ეს კი თაფლო ზარიძეა. სამივე ეს შემთხვევა სიცოცხლეზე შეყვარებულებზეა. სიცოცხლე კი ასეთი მტკივნეულია: „არავინ მოგკლავს, რომ შვება გაგრძნობინოს,/მხოლოდ სულს თუ ჩაგიკლავენ…“

თაფლო ზარიძის პოეზია, ხან „თოვლისფერი“ ლექსებით, ხანაც იისფერი უდაბნოებით (ისევ ამსოფლიური მეტაფორაა ფერიცა და სახელიც), სულისშემძვრელია და ამით სრულიად ამართლებს მისი ავტორის პოეტად ყოფნას: „ღმერთმა იმისთვის გვშვა, სხვა ადამიანთათვის დაგვემტკიცებინა,/ რა არის ყველაზე დიადი…“ მე ეს „დიადი“ თაფლოს ლექსებმა მაგრძნობინა, რომლებსაც „თავი შევაფარე“. „ბინდბუნდისფერი ჩქამი“, „თაკარა მზეები“, „შავ ღამეებად დახეთქილი იისფერი ბროწეულები“, „ყაყაჩოებიანი ნასახლარები“, „კეთროვანთა მიწები, მზით მოვარაყებული ქართლის სათიბები“ – ეს ჩვენთვის ასე ძვირფასი, ასე მტკივნეული, მარავალსაუკუნოვნად განცდილი და მარად ახლებურად აღქმული ქართული სულია, „სიცხისფერი ქვეყანა“, „ძოწისფერი კლდეები“ – ეს ჩვენი უცვლელი ბედისწერაა. ეს ბედისწერა უნდა ვზიდოთ, დავითმინოთ კიდეც და უნდა მივიღოთ, როგორც იდუმალი წყალობა ღვთისა. თაფლოსთვის ღვთის ფერი ცისფერია („ჰაერიდან ჟონავს სიცისფრე…/საცაა დუმილის მარწუხები გაწყალდება,/ცა გაიხსნება“; „ღმერთო, რამდენი სინათლეა/და კაცობრიობას მაინც დახუჭული აქვს თვალები“)…

ნამდვილ პოეტთან ყოველთვისაა ინიციაციური სიბრძნე: სიცოცხლესაც და სიკვდილსაც ერთი „ფესვი“ აქვს, ხანდახან – ერთი ფერიც: „მოლანდებებს მოაქვთ ალისფერი კუბოები…/ჩემი სიცოცხლე ალისფერი გათენებაა“. ჩვენი ცხოვრებაც, „სისხლში აზელილი ნაცარტუტა“, ზოგჯერ „ციდან პოეზიის სისხლად გამოჟონავს“. ეს წითლის ზეიმია, სიცოცხლისა და სიკვდილის ზეიმი, სიკვდილიც სხვა სიცოცხლეში გარდასვლააო, ქართველმა… ჩვენ კი ამ ბოლო „აკორდამდე“ ვდგავართ ჩვენივე „სიზმრების კარიბჭეებთან“, „ყოფნა გვტკივა“ და ეს ტკივილი შეგვაქმნევინებს მაღალ შემოქმედებასაც.

ჩვენ კი არ ვირჩევთ გზებს, გზები გვირჩევენ! სამყარო კი არ გვაქვს ფიქრებში, თავად სამყარომ გაგვიფიქრა და ესაა ჩვენი არსებობაც…

თაფლო ზარიძე ჯერ პატარაა, მაგრამ ის ბობოქარი მუხტი, პოეტი ასეთი სიფაქიზით, ასე ოსტატურად რომ გვაწვდის, პატარა სიტყვას არ იტყვის ალბათ მომავალში… წარმატებები მას, მის „თოვლისფერთვალება ლექსებს“!

 

ციტატები მოყვანილია წიგნიდან: თაფლო ზარიძე, „დროზე მეტი ვარ“, გამომცემლობა „კალმოსანი“, 2020

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...