როცა ფეისბუქზე, წლის ბოლოს, ვაწყდები ხოლმე ჩემი კოლეგების – პოეტების და პროზაიკოსების – სტატუს-ანგარიშებს მკითხველის წინაშე, აქაოდა, ამ წელს ეს დავწერე და ის გამოვეციო, რატომღაც, მეღიმება (ცხადია, სრულიად უბოროტოდ), რაღაცნაირად ცრემლებსაც კი მგვრის მათი ინფანტილიზმი – თითქოს, ვინმეს მხოლოდ ეგ აინტერესებს და სხვა არაფერი. ჰოდა, მეც მაგის თქმას ვაპირებ ახლა და არ ვარ წინააღმდეგი, სხვებმაც გაიღიმონ (სასურველია, უბოროტოდ): ამ წელს გამოვეცი პოეტური კრებული და ახალი პოეტური კრებულიც დავასრულე.
ზოგადად ახალ წელზე პირველ რიგში (ალბათ, როგორც – ყველას) ბავშვობა მახსენდება: მთელი წლის მანძილზე ნანატრი შუქი რამდენიმე საათით რომ მოდიოდა და რაღაც საახალწლო გადაცემებს ვუყურებდით. დედაჩემი უამრავ ნამცხვარს, აჩმას და ერთ მოზრდილ ტორტს აცხობდა, შეგეძლო, დაღლამდე გეჭამა. სოფელში ყველაზე გაჭირვებულ ოჯახსაც ჰქონდა ნამცხვრები და ეგეთები ახალ წლებზე, თუ არ ჰქონდა, მეზობლების მიაწვდიდნენ აუცილებლად. თოფი პირველად ახალ წელს გავისროლე, ბიძაჩემმა მასროლინა თავისი თორმეტკალიბრიანი, მხარი კი მატკინა ცოტა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მას მერე კიდევ ერთხელ ვისროლე თოფი: მუხის კენწეროზე შემოსკუპებულ ბეღურას მოვარტყი, იმხელა მანძილი იყო, უფროსებმა მაგრად შემაქეს… ახლაც მახსოვს, როგორ მჩატედ და ბზრიალით დაეშვა ქვევით, საწყალი… ამ სურათმა ისე იმოქმედა, მას მერე სანადიროდ არასოდეს გავყოლივარ უფროსებს და ცოცხალი არსებისთვის არასოდეს მისვრია. გულჩვილი პაციფისტი სულაც არ ვარ, უბრალოდ, არ მესმის, რატომ უნდა მოვკლა არსება, რომელსაც ჩემთვის არაფერი დაუშავებია და ვერც ვერაფერს დამიშავებს.
ყველაზე არაორდინალური ახალი წელი ამ თვრამეტი წლის წინ მქონდა, როცა სუპერმარკეტის დაცვაში ვმუშაობდი და ახალ წელს მორიგეობამ მომიწია. ლამის, ყველა, ვინც შემოდიოდა მარკეტში, თავის საყიდლებთან ერთად, ალკოჰოლურ სასმელს ყიდულობდა ჩემთვის: ვისკის რაგინდარა სახეობა, არაყი, ლუდი, ღვინო და ა. შ. . მეორე დღეს ისეთი დახუნძლული ავედი სახლში, დედაჩემს, ლამის, გული გაუსკდა, მაგრამ დალევის თავი ვის ჰქონდა, მთელი დღე მეძინა, მეორე დღეს ისევ მორიგე ვიყავი (ყოველ მეორე დღე ვმუშაობდი ოცდაოთხსაათიანი გრაფიკით მათხოვრულ ხელფასზე).
წელს, როგორც უკვე ჩანს, არ გვექნება ორდინალური ახალი წელი, აგერ პიროტექნიკაც აკრძალეს და, რაც მთავარია, აქციებია – ალბათ, ახალ წელს რუსთაველზე შევხვდებით. ასეა, იცვლება ყველაფერი.
ამას წინათ მე და ჩემი შვილი “სითი მოლში” ვიყავით, მაყიდვინა რაღაცები და, რომ გამოვდიოდით, კიდევ მოუნდა ერთი რაღაცის ყიდვა. ჩემთვის ვიფიქრე გველურად (გველის წელი მოდის მაინც): ამას საახალწლოდ ვუყიდი მეთქი, და ვუთხარი, სანტას ვეტყვი და სანტა მოგიტანს ახალ წელს მეთქი.
– კაი, რა, მა! სანტა არა უცხოპლანეტელი! პატარა ხომ აღარა ვარ! – მომიგო წარბშეუხრელად.
ასეა, იცვლება მეთქი ყველაფერი.