შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

რეზო ინანიშვილის ნოველა „წიგნი“ და მისი ისტორიული კონტექსტი

„ჩემი წარმოდგენით, მწერალი უნდა წააგავდეს მწირს, რომელიც ბრძოლის ველზე დადის და წყლულებს უხვევს დაჭრილებს. ეს მწირი, თვითონ გადამტანი ათასგვარი ჭირ-ვარამისა, ნუგეშს უნდა უნერგავდეს სულატკივებულებს, ათბობდეს შეციებულთ და აწყნარებდეს“, – წერს რეზო ინანიშვილი თავისი რთული პროფესიის შესახებ, მისი ტექსტები კი ამ აღწერის დეფინიციაა. ოღონდ ერთს დავამატებდი, თავად მწირი-ექიმიც დაჭრილია, დაჭრილი თავისი ქვეყნითა და მისი ისტორიით, ნათქვამი და უთქმელი ამბებით, რომლებიც პროზის ყველაზე მცირე ფორმას – ნოველას კიდევ უფრო მრავალგანზომილებიან და მრავალშრიან საკითხავად აქცევს.

ჩვენი ქვეყნისთვის რთული და მშფოთვარე დღეების ფონზე, რამდენიმე დღის წინ ჩემი მერვეკლასელი შვილის მეცადინეობის პროცესს ვადევნებდი თვალს. რეზო ინანიშვილის ნოველას კითხულობდა და მივხვდი, რომ დიდად ვერაფერი გაიგო.

სახელმძღვანელოში რამდენიმე სიტყვით არის მოცემული ინფორმაცია 1924 წლის აჯანყების შესახებ, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ამიტომ ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება, ნოველის მთავარი ამბის ახსნა რთული გახდა.

„მე ის კაცი ვარ, – ჩათქმული ღიმილით დაიწყო მუხლებზე ხელებდაბჯენილმა მოხუცმა, – მამაშენის მოკვლა რომ დამევალა. ხომ ხვდები, როდის უნდა ყოფილიყო ეს? ჰო, ოცდაოთხ წელში“, – ასე იწყება ნოველა.

შეგახსენებთ ფაბულას: 1924 წელია და მთავარ პერსონაჟს, უსახელო ბიჭს მწერლის ან მიმართვის ობიექტის მამის მოკვლას დაავალებენ. ბიჭს შურისძიების წყურვილიც კლავს, მამა ბოლშევიკებმა მოუკლეს ვაზიანში, თანაც თავის გამოჩენაც უნდა და ახალი, პრიალა იარაღი ხომ საერთოდ მოსვენებას უკარგავს. ოღონდ ესაა, ბიჭს წიგნის კითხვა უყვარს ძალიან. ჰოდა, შეთქმულებს კი დაჰპირდება, რომ პარტიულ მუშაკს მოკლავს, ჩაუსაფრდება კიდეც მსხვერპლს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში არ კლავს, იმიტომ, რომ მიზანში ამოღებული კაცი არხეინად მოდის, წიგნს კითხულობს და თანაც გემრიელად იცინის. ასე გადარჩება დაპირისპირებულ მხარეთაგან ერთი – სიკვდილს, მეორე კი – მკვლელის სამუდამო დამღას.

იმისათვის, რომ ნოველა კარგად გავიგოთ, აუცილებელია, ყურადღება გავამახვილოთ ისტორიულ კონტექსტსა და ფაქტებზე, კერძოდ, ვაზიანის ბრძოლაზე, 1924 წლის შეთქმულებაზე, მის ჩახშობასა და შემდგომ განვითარებულ სისხლიან რეპრესიებზე, იმაზე, როგორ აიკრძალა 1924 წლის შეთქმულთა სახელის ხსენებაც კი საბჭოთა კავშირში, როგორ დახვრიტეს მატარებლის ვაგონებში გამოკეტილი აჯანყებულები.

არ უნდა დაგვავიწყდეს ის ეპოქაც, რომელშიც რეზო ინანიშვილი ცხოვრობდა – საბჭოთა რეპრესიებიც, 1937 წელი, რომელმაც მომავალი მწერალი ბიჭი უმამოდ დატოვა და ხალხის მტრის შვილის სტატუსით აცხოვრა.

დავიწყოთ ვაზიანის ბრძოლით. 1921 წელს, როდესაც წითელმა იმპერიამ საქართველოს რესპუბლიკის დაპყრობა გადაწყვიტა, ვაზიანი ქართული ჯარის გმირული ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. თებერვლის იმ სისხლიან დღეებში გენერალ კვინიტაძის სარდლობით ვაზიანის სადგურის დაკავება და მტრის უკუქცევა გამარჯვების სიხარულსა და გადარჩენის იმედს აერთიანებდა. 21 წლის მებრძოლი, გივი ღამბაშიძე თავის დღიურებში იგონებს:

„მე ბედნიერად ვსთვლი ჩემს თავს, რომ ასე მშვენიერად ვიხილე მთელი ბრძოლის მიმოსვლა ასე თუ ისე, სამშვიდობოში მყოფმა, ვინაიდგან ჩვენსკენ არავითარი ბრძოლა არც სწარმოებდა. შეტევაზედ გადმოვიდა მტერი ვაზიანთან, საშინელი ტყვიის მფრქვეველთა ცეცხლით და ზარბაზნების მოქმედებით. პირდაპირ ისეთი ხშირი სროლა ასტყდა, რომ ხმები ერთმანეთში ერეოდა. რუსები დიდი ენერგიით გადმოვიდნენ შეტევაზე ისე, რომ ჩვენებმა ბევრი სროლისა და გამკლავების შემდეგ თითქმის სოღანლუღის ხიდამდე დაიხიეს. მაშინ კი ჩვენ დიდი მღელვარება აგვიტყდა, მტერი გვჯობნიდა და თითქმის ზურგს გვივლიდა. წამსვე ჩვენთანაც ერთი ფაციფუცი შეიქმნა, ყველანი საჩქაროდ მოგვამზადეს: თუ ვინიცობაა ჩვენები დამარცხდებოდნენ, იმ შემთხვევაში ჩვენ მოგვიხდებოდა მტკვრის მარჯვენა ნაპირიდგან მტრის გვერდში დაცხება. ტყვიის მფრქვეველები სულ იქით იყო მიშვერილი და მომენტს უცდიდა. ბრძოლა ძლიერ გამწვავდა, ნაპოლეონივით ვიყავი ზევით მაღლობზედ და დავსცქეროდი ბრძოლას, რომელსაც უნდა კინაღამ თბილისის ბედი გადაეწყვიტა. ჩვენ აღტაცებას საზღვარი აღარ ჰქონდა. როდესაც ჩვენები გადავიდნენ კონტრატაკაზედ. რუსებმა უწესრიგოთ იწყეს უკან დახევა. მანძილის გამო ადამიანები პატარა შავ წერტილებათ მოსჩანდა, მაგრამ მშვენიერად ვამჩნევდით მათ, როდესაც გადირბენდნენ პატარა გორაკს, ჰორიზონტზე ერთი წუთით გამოჩნდებოდა მათი აჩრდილი. ჩვენს სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა, მაგრამ სიხარული მწარედ შეგვეცვალა: მტრის მხრიდან მოისმა გაასკეცებული ჭახა-ჭუხი ყველა სასროლი იარაღისა. ამას ვეღარ გაუძლო ჩვენმა ჯარმა და ნელ-ნელა უკან იწყო დახევა. რამდენსაც ჩვენები იხევდნენ, იმდენი ძლიერდებოდა მტრის ცეცხლი. ამან ყველანი ძალიან დაგვაღონა, მაგრამ გამარჯვება მაინც, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ გვხვდა წილათ“.

1924 წლის აგვისტოს აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილი ყველაზე მასობრივი წინააღმდეგობის მოძრაობა იყო. მიზანი – საქართველოს გათავისუფლება საბჭოთა ოკუპაციისგან და მისი დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო. აჯანყება მთელ საქართველოს მოედო, ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთიდან დაიწყო და დასავლეთ თუ აღმოსავლეთ საქართველოს სოფლები და დაბები მოიცვა.

„მე პირადად ალაგს ვეღარ ვპოულობდი და სანატრელ წუთებს, ღამის ორ საათს, მოუთმენლად ველოდებოდი. ნასადილევს გახარებულმა ბავშვმა გაზეთი შემომიტანა – ძია, წაიკითხე, რა კარგი ამბები სწერიაო. გავშალე გაზეთი და ჩემ თვალებს არ დავუჯერე: ჭიათურა 28 აგვისტოს დილით 2 საათზე გამოსულიყო და აჯანყებულ ხალხს ქალაქი დაეკავა. ე.ი. ჭიათურა გამოვიდა 24 საათით ადრე, ვიდრე საჭირო იყო. თავბრუ დამეხვია, კანკალმა ამიტანა, მწუხარებით შეპყრობილმა არ ვიცოდი, რა მექნა! რითი მეშველა?! ამის წამკითხველი მეტყვის – კიდევ იყო გამოსავალი. დიაღ, მეც ვიგრძენი, რომ იყო… მხოლოდ ამისათვის საჭირო იყო ელვის სისწრაფით გვემოქმედა და იმ წუთშივე ყველგან, და განსაკუთრებით თბილისში, აჯანყება დაგვეწყო“ (სოლომონ ზალდასტანიშვილის მოგონებიდან).

საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყება სისხლში ჩაახშო, აჯანყებულებს გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე ხვრეტდნენ ე.წ. სამეულები. ხვრეტდნენ ტყვიამფრქვევებით და მაუზერებით, პირდაპირ ვაგონებში ან წინასწარ გათხრილ ორმოებთან. შორაპნის მაზრაში დახვრიტეს 171 ადამიანი, ქუთაისის მაზრაში – 85, სენაკის მაზრაში – 144, ზუგდიდის მაზრაში – 61, რაჭა-ლეჩხუმში – 41, აფხაზეთში – 11, აჭარაში – 38. შედარებით გადარჩა გურია, სადაც ფილიპე მახარაძე ჩაერია და მხოლოდ 7 ადამიანი დახვრიტეს. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში აჯანყებას ნაკლებად მასობრივი ხასიათი ჰქონდა, რეპრესიები მთლიანად შეეხო ქართლ-კახეთის თავადაზნაურობას. 1925 წლის 15 ივლისიდან 3 აგვისტომდე გაიმართა სასამართლო პროცესი.

ნოველის ფაქიზი დეტალების წვდომისათვის ავტორის ბიოგრაფიული კონტექსტის გათვალისწინებაც გვჭირდება. მწერალი რეპრესირებული მამის შვილია. მისი მამა 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს, მასაც, ისევე როგორც რეპრესირებული ოჯახების სხვა შვილებს, ათეულობით წლის მერე რეაბილიტაციის ყველაზე ცინიკურ ფურცელს გამოუგზავნიან.

„და უცებ – დაიჭირეს. მამაც დაიჭირეს, პაპაც და ბიძაც. დაიჭირეს ქვეყანაც. – რაღაცა გეშლებათო, – თურმე სულ იცინოდა მამა. – ვნახავთო, ვის რა ეშლებაო. პაპა და ბიძა მალე გააცილეს ციხეს, სხვადასხვა ადგილას ჩაკარგეს შორეულში. მამაც იკარგებოდა, დაიკარგებოდა, არავინ არაფერი იცოდა მისი, და უცებ გამოჩნდებოდა, ე. ი. მოვიდოდა ხმა, რომ ისევ ცოცხალი იყო, ისევ თბილისში იყო. ჩვენც თბილისში ვიყავით შეხიზნულნი. ხორცებს იჩქლეთდა და იმდუღრებოდა ბებია, – აწამებენო, აწამებენო. გავიდა წელიწადზე მეტი, თითქოს სულ სიცივე, სიბნელე, ცუდი ამინდები…“ (პატარა ბიჭი გოლგოთაზე).

იქნებ სწორედ იმ ნათელმა, რამაც „ხალხის მტრის“ შვილი იხსნა, წერისა და წიგნის ნათელმა გადაარჩენინა ნოველის ორი პერსონაჟი მწერალს – ერთი უეჭველი სიკვდილისაგან, მეორე კი ძმის, მეზობლის მკვლელის ტვიფრისგან, ძმათა მკვლელობის სიმძიმისგან, რომლითაც გაჯერებული იყო მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს ისტორია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“