შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

კეთილი ამბები ქართული მწერლობის სალაროდან

(არჩილ სულაკაურის “მტრედების” მიხედვით)

ვერ ვიტყვი, რომ არჩილ სულაკაური მივიწყებული ავტორია, მაგრამ იმდენად ჯადოსნური მთხრობელია, მეჩვენება, რომ სათანადო პატივის მიგება მაინც დავაკელით. როცა ჩემს მოსწავლეთა სულის გასალამაზებლად ვეძებ ხოლმე ტექსტებს, ხშირად მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, შიო არაგვისპირელის, რეზო ინანიშვილის, ნოდარ დუმბაძის, გურამ დოჩანაშვილის, ოთარ ჭილაძის, გოდერძი ჩოხელის, რეზო ჭეიშვილისა და ნუგზარ შატაიძის სამყაროში „ვიჩხრიკები“ ხოლმე. სხვა რამდენიმე ავტორიც მეგულება, ყოველთვის რომ ამოკენკავ მისი სკივრიდან მაცოცხლებელ ამბებსა და იდეებს, მაგრამ ეს ავტორები ამოუწურავი საბადო არიან ადამიანური სიკეთეებისა. არჩილ სულაკაურიც ასეთი სიტყვის მაესტროა. მისი თხრობის მანერა ვირტუოზულობის ბეჭდით გაოცებს. როცა მეექვსე კლასში „ბიჭი და ძაღლი“ უნდა ვასწავლო, წინასწარ ვემზადები ხოლმე პატარების გულიდან გადმოღვრილი საოცარი ემოციების ნაკადებისთვის. ეს მოთხრობა ემოციების ვულკანს აღვიძებს. ასევეა მეშვიდე კლასის პროგრამით გათვალისწინებული „ზევით და ქვევით“, გოგისა და ლიას ბავშვური ურთიერთობის გამაოგნებელი გულწრფელობით გადმოცემულ ამბებს რომ გვიყვება.

ქართული საყმაწვილო მოთხრობების ერთ ძალიან საინტერესო კრებულში ვიპოვე არჩილ სულაკაურის მოთხრობა „მტრედები“.   ასეთი ტექსტები სულის მალამოა როგორც პატარების, ისე დიდებისთვის. მოთხრობა საუკეთესო მასალაა ეროვნულ გამოცდებზე უცხო ტექსტების გააზრებისა და ანალიზის მასტერკლასებისთვის. მწერალი მრავალ მორალურ-ეთიკურ პრობლემასა და ჰუმანისტურ იდეალებს წარმოაჩენს. დავიწყოთ სათაურის დეკოდირებით. სიმბოლური სათაურია „მტრედები“. აღმოსავლურ ქვეყნებში მტრედი წმინდა ფრინველად და ღმერთების მაცნედ ითვლებოდა. ქრისტიანობაში მტრედი სულიწმიდის ჰიპოსტასად ითვლება. ძველ აღთქმაში ნოეს მიერ წარღვნის შემდეგ გაშვებული და ზეთისხილის რტოთი მობრუნებული მტრედი მშვიდობის, კეთილდღეობის სიმბოლოა. წინასწარმეტყველ მუჰამედის მხარზეც გამოსახულია მტრედი, როგორც მასზე გადმოსული ღვთიური სულის სიმბოლო. მწერლები ხშირად გამოსახავენ მტრედს, როგორც სულიერი განწმენდის, კათარსისის, მკვდრეთით აღდგომის სიმბოლოს. გავიხსენოთ თუნდაც ნიკო ლორთქიფანიძის “მრისხანე ბატონი”, რომლის ფინალშიც ცოდვით დაცემის შემდეგ სულიერად მკვდრეთით აღმდგარ ლევან დადიანს მხარზე მტრედები ასხდებიან. რუსთველმაც თავის გენიალურ პოემაში ნესტან-დარეჯანი, როგორც სიმბოლო ღვთიური არსისა, სიახლისა, რენესანსისა, ეზოთერული ცოდნისა,  მტრედად გამოსახა. როცა ზღვათა სამეფოს მეფე მელიქ-სურხავმა ნესტანი დაინახა, თქვა: „სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უცვითა ტრედი“. ანუ ზეციური არსებაა, სულიწმიდა არისო.

არჩილ სულაკაურის მოთხრობის გმირებიც მტრედები არიან. მეორე მსოფლიო ომის პერიოდის თბილისი ცოცხლდება მოთხრობის სიუჟეტში. ლევანი და ნანა თავიანთი კორპუსის სახურავზე გუშაგებად დაუყენებიათ. ისეთი დროა, ყველა ოჯახიდან ფრონტზე არიან გაწვეული ახალგაზრდა მამაკაცები. ბავშვებსა და მოხუცებს უწევთ ოჯახების რჩენა. ლევანი და ნანა თან სკოლაში სწავლობენ, თან ქარხანაში მუშაობენ, კვირაობით კი სახლის სახურავზე მორიგეობენ. მათ ოთხი კვირა დღე გაატარეს ერთად. მწერალმა აჩვენა გაუცხოებული, ერთმანეთის მიმღებლობას მოკლებული ორი ადამიანის დაახლოება და ლამაზი გრძნობით დაკავშირება. მათი სახლის სახურავზე სამტრედე იყო, ლევანის ძმა მტრედებს პატრონობდა, მაგრამ რაც ის ომში გაიწვიეს, მტრედებმა დატოვეს იქაურობა. ახლა ლევანი და ნანა არიან მტრედები. მოთხრობის სევდიან ფინალში სახურავზე ისევ ბრუნდებიან მტრედები. არჩილ სულაკაური ისე ფაქიზად, ისე ფილიგრანული ოსტატობით ჰყვება ამბავს, რომ მკითხველი მთლიანად იძირება სიუჟეტში. საოცარია დიალოგები. ლევანისთვის ნანა ერთი დამღლელი, ენაჭარტალა, მოსაწყენი გოგო იყო, მაგრამ გოგონამ თავისი გულწრფელობით, მზრუნველობით, სინაზითა და კეთილშობილებით ბიჭი იოლად მოხიბლა. სახურავზე ერთად გატარებული დღეები და ცაში ცქერა ორივესთვის ცხოვრების დაუვიწყარ სიურპრიზად იქცა.

თუკი გვინდა, რომ ტექსტის ანალიზის მთავარი სეგმენტი – პერსონაჟის პორტრეტის შექმნა ვასწავლოთ ბავშვებს, ნანას სახე საამისოდ საუკეთესო მასალას იძლევა. ის ცუდად მიიღო ლევანმა, მაგრამ გოგონამ მოახერხა, რომ კეთილგანწყობა არ დაეკარგა ბიჭისადმი, მიუხედავად იმისა, რომ ლევანმა ისიც კი უთხრა, რომ მცოდნოდა შენთან მომიწევდა მორიგეობა, არ წამოვიდოდი, რადგან ბევრი ლაპარაკის თავი არ მქონდაო. ნანა გაეცალა, მაგრამ არ დაიბოღმა ბიჭზე. როცა შენიშნა, რომ ძმის შარვალ-პერანგი ეცვა და ზომით ძალიან დიდი ჰქონდა, სულითა და გულით სთხოვა, მოდი ჩემთან სახლში, სამოსს დაგიპატარავებ და კარგად მოგარგებო. სიმბოლურია ნანას ეს დაპირება. ლევანს სამყარო თითქოს „დიდი აქვს“, არ იცის, რა უნდა, რა უყვარს, რა ეჯავრება, ამბობს, რომ ბედნიერი კაცია, ვინც ეს იცის. ქალ-ვაჟის ასეთი ურთიერთობა „ვეფხსიტყაოსნურია“. ტარიელმა არასოდეს იცის, რა გზას უნდა დაადგეს, ადვილად იბნიდება და კარგავს ორიენტირებს. მას ყოველთვის ნესტან-დარეჯანი აფხიზლებს და აყენებს გზაზე. ნანამ იცის, როგორ „მოარგოს“ ლევანს სამოსიც და სამყაროც, ან როგორ მოერგოს ლევანი სამყაროს. შემდეგ კვირას, როცა უკვე აცივდა, ერთმანეთს პალტოებზე ეკითხებიან. ნანამ თქვა, რომ მან ძველი პალტო გადააბრუნა და გააახლა. ლევანს ჰკითხა, პალტო თუ გაქვსო და როცა ბიჭმა უპასუხა, მაქვს, მაგრამ დაპატარავებულია და ეს ზამთარი როგორმე უნდა გადავაგოროო, ნანამ გამოსავალი მაშინვე მონახა, შესთავაზა, რომ გაუდიდებდა პალტოს, მას აუცილებლად ექნებოდა ე.წ. გამოსაშვები. ნანას საოცარი თანაგრძნობა შეუძლია. ის ლევანის გვერდითაა და ამაგრებს მას, როცა ფრონტიდან ძმის დაღუპვის ამბავი გაიგო. ნანას უძლიერესი წარმოსახვა აქვს. ის და ლევანი სახურავიდან მუნჯური ენით ესაუბრებიან წინ მდგომი, უკვე ჰოსპიტლად გადაკეთებული მათი სკოლის ფანჯარაში გადმოყუდებულ დაჭრილ მეომრებს. ნანამ სიზმარში ნახა, რომ დაჭრილ მეომრებს შორის ლევანის ომში დაღუპული ძმა იყო. ეს სიზმარი ლევანს მოუყვა და აატირა. სკოლაში, ალგებრის გაკვეთილზე ამ სიზმრის გახსენებაზე ტიროდა, მასწავლებელსაც მოუყვა, მაგრამ მან დაფასთან გამოიძახა, გაკვეთილი ჰკითხა და ორიანი დაუწერა. ადამიანები ასეთი გულქვა, არაემპათიური  უმოწყალო და დაუნდობლებიც არიან, იშვიათად კი ნანასავით ფაქიზი სულის მატარებლებიც. ნანას წარმოსახვის, ფანტაზიის საოცარი გამოვლინებაა მოთხრობის ფინალური სცენა. ლევანი ფრონტზე წაიყვანეს, რაც ნანასთვის გამანადგურებელი იყო. დარაჯმა უთხრა, რომ წინა დღეს ბიჭს სკოლაში უძებნია ნანა, მაგრამ ვერ უნახავს. გოგონა საშინლად განიცდის მეგობართან განშორებას, მაგრამ ამ მონატრებას თავისი მდიდარი ფანტაზიით იქარვებს. ის სახურავზე დგას. ჰოსპიტლის ფანჯარაში ახლა თითქოს ომში „დაჭრილ“ ლევანს ხედავს და მას ესაუბრება…დიალოგი საოცრად ემოციურია. „ნანა ფრთების ფარფატმა გამოარკვია“… გოგონამ ცრემლი მოიწმინდა… „სახურავზე მტრედები დაფრინავდნენ, მაგრამ ვინ იცის, ეს ფრთების ფათქუნი მტრედებისა იყო თუ ნანასი? ნანასნაირი სულები ხომ ყოველთვის ახერხებენ ფრენას? მაშინაც კი, როცა ომის კოშმარია, გარშემო ყველაფერი ინგრევა და იწვის…

ნანა საოცრად მამაცი გოგოა. თითქოს რაღაცის ეშინია, ინაზება, ქალურად ჭირვეულობს, მაგრამ სინამდვილეში შინაგანად უშფოთველი, ძლიერი, მამაცი და ამტანია. მას სიყვარული სწყურია. ვასიკო სთავაზობს სიყვარულს, მაგრამ ნანა მის მიმართ გულგრილია, ლევანთან კი ბედნიერია, მისი ყველაფერი ესმის, ცდილობს გაამხნეოს და გააძლიეროს დაბნეული ბიჭი. ნანას საოცრად პოეტური და რომანტიკული სული აქვს. მისი ფრაზა „შემოდგომის მზე რაგინდ თბილი იყოს, ფოთოლცვენას ვერ შეაჩერებს“, პოეტურიც არის და ფილოსოფიურიც. ნანა ადეკვატურად აღიქვამს გარშემო გამეფებულ სიკვდილს, სიღარიბეს, სევდას, სხვათა განსაცდელს. როცა ლევანს ფრონტზე წაიყვანენ და ნანასთან სამორიგეოდ მოსული ვასიკო გოგონაზე სექსუალურ ძალადობას იწყებს, ნანა ახერხებს, რომ მას წინააღმდეგობა გაუწიოს, მასთან და ლევანთან დამეგობრებულ ჰოსპიტლის დაჭრილ მეომრებს, რომელთაც ის და ლევანი მუნჯურ ენაზე თავისუფლად ესაუბრებოდნენ, ნანა უსიტყვოდ მიმართავს თანადგომისთვის და ისინი შორიდანვე ახერხებენ, რომ მოძალადე ბიჭი ჩამოაშორონ საყვარელ მეგობარს.

მტრედივით უწყინარ და გულთბილ გოგონაში უძლიერესი ქალი იმალება, მებრძოლი, მამაცი, ერთგული, სიყვარულით გასხივოსნებული. ნანა ისეთი გმირია, რომ მკითხველის სულს ანათებს, დაუვიწყარ არქეტიპად იქცევა და შემორჩება მეხსიერებას.

მოთხრობის მთავარი სათქმელი ისაა, რომ სიყვარულსა და ერთგულებას უდიდესი ძალა აქვს. ეს იდეა ახალი, რასაკვირველია, არ არის, მაგრამ მას საოცარი ფერებითა და სინაზით აახლებს ავტორი, შარავანდედით მოსავს. საოცარია მოთხრობის მხატვრული ენაც.  კომპოზიციურად ტექსტი ოთხ ნაწილად იყოფა, ოთხი კვირა დღის ამბავია მოთხრობილი და ასეც სათაურდება: “პირველი კვირადღე”, “მეორე კვირადღე”… ეს უჩვეულო დინამიკას აძლევს ტექსტს, ჩვენ თვალწინ იცვლებიან პერსონაჟები, ცვლიან დამოკიდებულებებს, სამყაროს აღქმას, მათ სულებთან ერთად ფაქიზდება მკითხველის სულიც.

სათქმელის ემოციურად გამოსახატავად არჩილ სულაკაური ჯადოსნურ ტროპულ ხერხებს იყენებს, თუმცა ზომიერად, გემოვნებით, ტექსტის მორთვა-მოკაზმვას არ ცდილობს, აჩვენებს გულწრფელ პერსონაჟებს და ამით იპყრობს მკითხველს, ამიტომაც მისი მხატვრული ხერხები უდიდესი ოსტატობის გამომხატველია. აი, ნიმუშებიც: “ნაცრისფერი, დაძენძილი ღრუბლები ნოტიო ჩვრებივით ეკიდა ცაზე” (ნახეთ, რა სინატიფეა, რა ფილიგრანული ოსტატობა ამ ეპითეტებსა და შედარებაში, გაპიროვნებაც აქვე არის და პეიზაჟიც). “შემოდგომის ცივი წვიმის ფრთა სახეში სცემდა მათ”… (საოცარი ემოცია მოაქვს ამ გაპიროვნებას)… როცა სათქმელის გადმოსაცემად და ემოციის გასამძაფრებლად ექსპრესიას მიმართავს, ამბობს: “ნაბიჯების ხმაურმა აავსო მთელი ქუჩა, ნაბიჯების ხმამ ამოავსო ქუჩის ყველა კუნჭული… დედამიწაზე მხოლოდ ნაბიჯების ხმა ისმოდა”… როგორი სიფრთხილით არის გადმოცემული ბიჭის სულიერი ტანჯვა და ტკივილი ომში გმირულად დაღუპული ძმის გამო: “ჩემი ძმისთვის ომი აღარ არსებობს… აღარაფერი აღარ არსებობს მისთვის… დედაჩემი დღე და ღამე ტირის”…

არჩილ სულაკაურის “მტრედები” საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის საუკეთესო რესურსია ტექსტის ანალიზის, სინთეზის, მორალურ-ეთიკურ პრობლემებზე მსჯელობის, პერსონაჟთა პორტრეტების შექმნისთვის. კოლეგებს ვურჩევ, რომ გამოიყენონ ეს მოთხრობა. ასევე რეალურად გამზადებული მასალაა პიესად გადასაკეთებლად და სპექტაკლის შესაქმნელად.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“