შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

სვეტი ცხოვლის არქეტიპები ქართულ მწერლობაში

სვეტი ცხოვლის არქეტიპი, პარადიგმა ბიბლიური ნათლის სვეტია, რომელიც მოსეს და მის ხალხს ახლდა უდაბნოში და მფარველობდა. თუმცა მისი პირველსახე სამოთხეში არსებული ცხოვრების ხე უნდა იყოს. ქართულმა სინამდვილემ სვეტი ცხოველი ხისგან შექმნა, ამიტომ ქართველთა ცნობიერებაში მისი არქეტიპი წარმართული ხე უნდა იყოს, რომელი ხეც ღვთაებრივი ნიშნის მატარებელიცაა, ოქროს შიბით იგი ზეცას უკავშირდება და ასტრალური ღვთაებები ამ შიბისა და ხის მეშვეობით უკავშირდებოდნენ ადამიანებს. წარმართული ხის საშუალებით კავშირი უფალთან – ქრისტიანობამ სვეტი ცხოვლის სახეში გარდასახა. სვეტი ცხოველი შეიქმნა როგორც ადამიანის და უფლის მაკავშირებელი, მას მიწასთან კავშირი ხედ ყოფნის დროიდან გამოჰყვა (საკუთარ საფუძველზე, გადანაჭერზე დაფუძნდა), ხოლო მისი ზეცასთან კავშირი სასწაულებრივად განხორციელდა. ასევე, სვეტი ცხოვლის დაფუძნებით, შეიძლება ითქვას, რომ ქართულ შესაქმეს ჩაეყარა საფუძველი. სვეტი ცხოველი მაცხოვრის სახე-სიმბოლოდ იქცა, მან ასევე სამების სახეც გამოხატა. უფლის კვართის საფლავზე მოჭრილი ხე გარდაისახა სვეტი ცხოვლად, ამიტომ იგი უფლის კვართსაც და აღდგომასაც დაუკავშირდა.

 

შემდეგში სვეტი ცხოვლის სახე-სიმბოლო ქართულმა ჰაგიოგრაფიამ მასშტაბურად გაიაზრა. ის უმეტესად ნათლის სვეტით ჩანაცვლდა, იგი უფლის ჩენის, თეოფანიის გამომხატველიცაა. ქართულ ჰაგიოგრაფიაში სვეტი ნათლისა ჩნდება მაშინ, როდესაც მოწამე ან წმინდა მამა განღმრთობის გზაზე დგება, ან უფალს ემოწმებიან, მსხვერპლად ეწირებიან რწმენას.

 

ნიკოლოზ გულაბერისძის შემოქმედებაში სვეტი ცხოველი საქართველოს სულად, ქართული ისტორიის საწყისად გამოცხადდა, მისი სიმბოლოები დაზუსტდა, სვეტის მიერ მომხდარი სასწაულები აღიწერა და, შეიძლება ითქვას, საბოლოოდ ჩამოყალიბდა, შეჯამდა სვეტი ცხოვლის სახე-სიმბოლო, რომელიც არა მხოლოდ წარსულს მოიცავდა, არამედ მომავალიც განაპირობა, გულაბერისძის შემდგომი მწერლობა სვეტი ცხოვლის სახის გააზრებისას მეტწილად მას დაეყრდნო.

 

საერო მწერლობამ, „ვეფხისტყაოსანმა“ სვეტის სახე-სიმბოლო განსხვავებულად გადაიაზრა, რუსთაველმა სვეტის მუდმივი ნიშანი – ნათელი, ადამიანში გადმოიტანა, ადამიანს უწოდა სვეტი, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა „ვეფხისტყაოსანში“ რენესანსული „სულის“ არსებობა, რაც ადამიანის ფიგურის განდიდებაში გამოიხატა.

 

„დავითიანში“ სვეტად მაცხოვარი მოაზრება და ახალი სიტყვაქმნადობით, ეს  სახე-სიმბოლო განსხვავებულად წარმოჩნდა:  „გვესვეტა“, „მესვეტა“ და  სხვა. დავით გურამიშვილთან ნათლის სვეტი ასევე გვხვდება პირველსახის მნიშვნელობითაც, ბიბლიური და ჰაგიოგრაფიაში არსებული სახეებით.

 

მეცხრამეტე საუკუნემ რწმენა ეროვნულობას მჭიდროდ დაუკავშირა. ილია ჭავჭავაძესთან რწმენის მოკლება სვეტი ცხოვლის, ნათლის სვეტის მოკლებით,  იგივე უფალთან დაშორებით გამოიხატა. „აჩრდილსა“  და „განდეგილში“ ეს განწყობა კარგად გამოიკვეთა, „განდეგილში“ ნათლის სვეტის, ნათლის სხივად, უბრალო მზის სხივად გადაქცევით ცხადი გახდა განდეგილი ბერის რწმენის ტრაგედია.

 

აკაკი წერეთელთან ნათლის სვეტმა, მისი შემოქმედების გმირების სიზმრებში გადაინაცვლა, რითაც ხაზი გაესვა იმდროინდელ რეალობაში „სვეტის“, „რწმენის“ ნაკლებობას, ხოლო სიზმრებში მწერლის ოცნებებსა და სურვილებს შეესხა ფრთები.

 

მეოცე საუკუნეში არსებულმა ვითარებამ, საბჭოეთის მარწუხებმა და დასავლურმა ფილოსოფიურმა აზროვნებამ ქართულ მწერლობაზეც იმოქმედა. კ. გამსახურდიასთან „დიდოსტატის მარჯვენაში“ ტაძრის სვეტიცხოვლის სული ლოდების ზესწრაფვით ჩანაცვლდა, სიმბოლომ დაკარგა არსი, სული, ის, რისთვისაც შეიქმნა ტაძარი. გამსახურდიამ ახალი სვეტიცხოველი ააგო, სადაც ღმერთის ადგილი არ აღმოჩნდა, მისი ადგილი დაიკავა „ღმერთთან მებრძოლი“ არსაკიძის, ნიცშეანური „ზეკაცის“ სულმა. უფლის კვართს ერთი დიდი, მოჩუქურთმებული ლოდი გადაეფარა, რომელმაც ნათლის სვეტის ნათებაც დააბრკოლა და ტაძარიც დააცარიელა.

 

გიორგი ლეონიძის შემოქმედებაში ამ მდგომარეობის დაძლევა დაიწყო, ლეონიძემ მძაფრად განიცადა ქრისტეს მცნებებისაგან დაშორებული და გაუცხოებული, „უღმერთო“ საზოგადოების არსებობა. სვეტი ცხოველი მის შემოქმედებაში არქეტიპული სახეებით წარმოჩნდა: ცხოვრების ხითა და შარავანდიანი ხით. „ოლეში“ კი ბალღამის სვეტად გარდაისახა. ეს სახე-სიმბოლო მწერალთან ალუზიურად წარმოჩნდა, რითაც გამოიხატა, რომ იმდროინდელი საზოგადოება ჯერ მზად არ იყო მიეღო და ერწმუნა რეალურად მოვლენილი ნათლის სვეტი, მისი რწმენა საგრძნობლად მყიფე აღმოჩნდა საამისოდ.

 

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართული მწერლობის უფლის ძიება  სიმბოლურად ანა კალანდაძესთან სრულდება, მის პოეზიაში  კვლავ პირვანდელი ბრწყინვალებითა და დატვირთვით ვხვდებით ნათლის სვეტს, თუმცა პოეტურად სვეტი ჩანაცვლებულია სხივით. ანა კალანდაძესთან ჰაგიოგრაფიის სურნელიც შემოდის, ეს ყველაფერი კი  ქრისტიანულ რწმენას ეფუძნება.

 

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ქართულ მწერლობაში, „ქართლის მოქცევით“ დაწყებული, სვეტი ცხოვლის სახე-სიმბოლოს გააზრებამ მთელი საუკუნეები და ეპოქები მოიცვა, შემოქმედთა აზროვნებებში ტრანსფორმირებული და სახეცვლილი მოადგა ჩვენს თანამედროვე ეპოქას. თუმცა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მან ისევ ის დატვირთვა შეიძინა,  რომელიც თავდაპირველად ჰქონდა, რა იდეითაც და სახითაც ჩაისახა იგი ქართულ ჰაგიოგრაფიაში.  ერთგვარი რკალი შეიკრა მეოთხე საუკუნიდან დღემდე და იდეურად ისევ მეოთხე საუკუნეს ვუბრუნდებით.

საინტერესოა როგორ ვლინდება თანამედროვე მწერლობაში სვეტი ცხოვლის სახე, რა გარდატეხები განიცადა ამ უმნიშვნელოვანესმა სახე-სიმბოლომ. ვფიქრობ, ეს უკვე სხვა წერილის თემაა და სიღრმისეულ გაანალიზებას იმსახურებს, მე კი ამ პატარა მიმოხილვას ოთარ მამფორიას ლექსიდან ამონარიდით დავასრულებ, რაც ჩემი აზრით, გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის აღნიშნულ საკითხზე:

„სვეტიცხოველი ჩემთვის სვეტია

და მოკვეთილი არის მარჯვენაც!”.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“