პარასკევი, დეკემბერი 8, 2023
8 დეკემბერი, პარასკევი, 2023

როგორ გავუმკლავდეთ კლასში დისციპლინურ პრობლემებს

საჯარო სკოლების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების შესასწავლად ჩატარებული ყოველწლიური გამოკითხვა თითქმის ყოველ წელს სკოლების უმთავრეს პრობლემად დისციპლინის ნაკლებობას ასახელებდა. ბოლო ხანს პირველ ადგილზე ფინანსების ნაკლებობამ გადაინაცვლა, თუმცა დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები ისევ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას – მეორე ან მესამე ადგილს. როგორც ჩანს, მოსახლეობას მიაჩნია, რომ დისციპლინა უდიდესი გამოწვევაა მასწავლებლებისთვის.

ეფექტური მენეჯმენტი არ ნიშნავს ყოველ მცირე დარღვევაზე საჯარო რეაგირებას. ასეთმა საჯარო ყურადღებამ შესაძლოა განამტკიცოს კიდეც ცუდი ქცევა. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც იმ მასწავლებლებს ჰყავდეთ სანიმუშო კლასები, რომლებიც ხშირად აძლევენ მოსწავლეებს შენიშვნას. მთავარია გაცნობიერება, რა ხდება და ცოდნა, რისი გაკეთებაა საჭირო პრობლემის პრევენციისთვის.

მოსწავლეთა უმეტესობა მასწავლებლის მოთხოვნისთანავე წყვეტს არასასურველ ქცევას, მაგრამ ზოგჯერ ეს არ არის საკმარისი. ასეთმა მიდგომამ შესაძლოა იმ მომენტში აღკვეთოს მოსწავლის არასასურველი ქცევა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემა პრობლემად დარჩება. ერთ-ერთმა კვლევამ ცხადყო, რომ დაუმორჩილებელი მოსწავლეები იშვიათად ემორჩილებიან მასწავლებლის პირველსავე მოთხოვნას. ხშირად ნეგატიურადაც რეაგირებენ მასზე. საჭირო ხდება მოთხოვნის 4-5-ჯერ გამეორება.

ფსიქოლოგები ცუდი ქცევის სწრაფად აღსაკვეთ რამდენიმე მარტივ საშუალებას გვთავაზობენ:

  • დაამყარეთ კონტაქტი თვალებით ან წესრიგის დამრღვევთან ახლოს მიდით. შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს სხვა არავერბალური სიგნალებიც, მაგალითად, სამუშაოზე მითითება. დარწმუნდით, რომ მოსწავლე ნამდვილად წყვეტს თქვენთვის არასასურველ ქცევას და უბრუნდება სამუშაოს. თუ ასე არ მოიქცევით, ის მიიჩნევს, რომ შეუძლია, თქვენი სიგნალი უგულებელყოს.
  • მოსინჯეთ ვერბალური რეპლიკები, მაგალითად, სახელით მიმართვა (უბრალოდ ახსენეთ მისი სახელი მასალის ახსნისას), დაუსვით კითხვა, იხუმრეთ (მაგრამ არა სარკასტულად), მაგალითად, ასე: „ალბათ მომეჩვენა. გეფიცებით, გავიგონე, როგორ წამოიყვირა ვიღაცამ პასუხი, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან ჯერ არავინ გამომიძახია“.
  • ჰკითხეთ მოსწავლეს, იცის თუ არა, რა უარყოფითი შედეგი მოჰყვება მის ცუდ ქცევას.
  • თუ მოსწავლეები საკლასო პროცედურას არასწორად ასრულებენ, შეახსენეთ წესები და თვალი ადევნეთ, რომ სწორად შეასრულონ. შეგიძლიათ, წყნარად შეაგროვოთ მათი პირადი ნივთები, რომლებიც მუშაობაში ხელს უშლის და უთხრათ, რომ გაკვეთილის შემდეგ დაუბრუნებთ.
  • მშვიდად, კეთილგანწყობილი კილოთი სთხოვეთ მოსწავლეს, ჩამოაყალიბოს წესი ან პროცედურა და მისდიოს მას. საორიენტაციო კითხვებია: „რას აკეთებ? წესს ხომ არ არღვევ? რას უნდა აკეთებდე?“
  • მკაფიოდ, მაგრამ ასევე კეთილგანწყობილი კილოთი მოსთხოვეთ, შეწყვიტოს ცუდი ქცევა. თუ სიტყვა შემოგიბრუნათ, მშვიდად გაიმეორეთ მოთხოვნა.
  • დააყენეთ მოსწავლე არჩევანის წინაშე. მაგალითად, თუ მან, მიუხედავად მასწავლებლის მოთხოვნისა, განაგრძო პასუხების წამოყვირება, მასწავლებელმა შეიძლება უთხრას: „გიორგი, შენ გაქვს არჩევანი: შეწყვიტე წამოყვირება და საპასუხოდ ხელი ასწიე ან გადადი უკან და მე და შენ მოგვიანებით ვისაუბრებთ. რომელი გირჩევნია?“

ბევრი მასწავლებელი ამჯობინებს, უკვე აღწერილი ლოგიკური შედეგები სასჯელის საპირისპირო მოვლენად გამოიყენოს. მაგალითად, თუ ერთმა მოსწავლემ ზიანი მიაყენა მეორეს, შეგიძლიათ, დამნაშავეს მოსთხოვოთ ბოდიშის მოხდა. ბოდიში გულისხმობს როგორც პატიების ვერბალურად თხოვნას, ასევე რაიმე ფორმით ზიანის ანაზღაურებასაც. ეს დამნაშავეს განუვითარებს ემპათიას და სოციალური პერსპექტივით ხედვას, რადგან საზღაურზე დაფიქრება მოუწევს.

არსებობს წესები, რომლებიც სასჯელთან მიმართებით უნდა დაიცვათ:

◦ არ გამოიყენოთ დაბალი მიღწევის სტატუსი (კითხვის დაბალი დონის მქონე მოსწავლეებისთვის დაბალი ნიშნების დაწერა და მეტი საშინაო დავალების მიცემა) სასჯელის ზომად საკლასო წესების დარღვევისათვის. ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ სარგებელი გადაწონის ზიანის რისკს. ეფექტიანი, მზრუნველი მასწავლებელი არასოდეს გამოიყენებს დაბალი მიღწევის სტატუსს, შეფასებას ან რაიმე მსგავს დისციპლინის განსამტკიცებლად. ასეთი სტრატეგია უეფექტო და უსამართლოა. ეს მხოლოდ დაგაკარგვინებთ მოსწავლეს.

◦ საშუალო კლასების ბევრი მოსწავლე არ ასრულებს დავალებებს. გარდა პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივებისა, რა შეიძლება იღონოს მასწავლებელმა ასეთ დროს? ვინაიდან მოსწავლეებს ამ ასაკში ბევრი დავალება აქვთ და მასწავლებლებსაც უამრავი მოსწავლე ჰყავთ, შეიძლება, ხშირად გაკონტროლდეს, რა შესრულდა და რა – არა. შესაძლოა, სარგებლობა მოგიტანოთ მოსწავლეებისთვის დღის გეგმის გამოყენების სწავლებამ. ამასთან, მასწავლებელმა ფაქიზად უნდა მოუაროს ჩანაწერებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში დადგენილი წესების დაცვა. ნუ დაუწერთ მოსწავლეს ნიშანს მხოლოდ იმიტომ, რომ ის საკმაოდ ჭკვიანია. მკაფიოდ აუხსენით, რომ არჩევანი მასზეა: შეუძლია, შეასრულოს დავალება და ჩააბაროს გამოცდა ან არ შეასრულოს და დადგეს იმ შედეგის წინაშე, რაც ამას მოჰყვება. გარდა ამისა, საიდუმლოდ უნდა ჰკითხოთ, ხომ არ არსებობს მიზეზი, რომელიც მუშაობაში ხელს უშლის.

პრობლემებს ვეჯახებით იმ მოსწავლეებთან, რომლებიც გამუდმებით არღვევენ ერთსა და იმავე წესებს, ყოველთვის ავიწყდებათ მასალა ან ჩხუბში ერთვებიან. რა შეიძლება იღონოთ ამ დროს? დასვით ისინი იმ მოსწავლეებისგან მოშორებით, რომლებიც შეიძლება მათი გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ. ეცადეთ, მანამდე აიყვანოთ ხელში, სანამ წესს დაარღვევდნენ, მაგრამ როდესაც წესი უკვე დარღვეულია, შეუპოვრად და მტკიცედ დააყენეთ ისინი დარღვევის შედეგების პირისპირ. ნუ გაცდუნებთ დაპირება, რომ შემდეგში უკეთესად მოიქცევიან. ასწავლეთ მოსწავლეებს, როგორ აკონტროლონ საკუთარი ქცევა, შეინარჩუნეთ მათდამი მეგობრული დამოკიდებულება. ხელიდან ნუ გაუშვებთ მომენტებს, როცა მათთან სხვა თემებზეც შეგეძლებათ  საუბარი და არა მხოლოდ წესის დარღვევის განხილვა.

გამომწვევმა მოსწავლემ შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას. თუ სიტუაცია ფეთქებადი, ეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად აღკვეთოთ იგი. ამ დროს მოგებული არავინ რჩება. მოსწავლეს უნდა მივცეთ შანსი, სახე არ დაკარგოს და დამშვიდდეს. ამის ერთ–ერთი საშუალებაა, ვუთხრათ: „აირჩიე, ითანამშრომლებ თუ არა. ერთ წუთს გაძლევ მოსაფიქრებლად“. თუ მოსწავლე დაგემორჩილათ, ამის შემდეგ მას აუცილებლად უნდა გაესაუბროთ, ოღონდ მოგვიანებით. თუ უარი თქვა, შეგიძლიათ მოსთხოვოთ დერეფანში მოცდა, სანამ კლასი დამშვიდდება და მოსწავლეები კვლავ ჩაერთვებიან მუშაობაში, მერე კი გადით მასთან და პირადად გაესაუბრეთ. თუ პრობლემა პიროვნული ხასიათისაა, უმჯობესია, მოსწავლე სხვა მასწავლებელთან გადაიყვანოთ.

ძალადობა და ნივთების დაზიანება რთული და საშიში პრობლემაა. მის აღსაკვეთად პირველი ნაბიჯია ხელმძღვანელობისთვის დახმარების თხოვნა და მონაწილეებისა და მსხვერპლის სახელების გაგება. შემდეგ უნდა მოიშოროთ სეირის მაყურებლები – მათი დასწრება სიტუაციას უფრო მეტად გაამძაფრებს. ნუ ეცდებით დაუხმარებლად ჩხუბის აღკვეთას. დარწმუნდით, რომ სკოლის ხელმძღვანელობა საქმის კურსშია. წესისამებრ, სკოლებს აქვთ განსაზღვრული პოლიტიკა ასეთი პრობლემების მოსაგვარებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ორნახადის სიყვარულით

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი