საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო საგანამანათლებლო რესურსების, ჟურნალ “მასწავლებლის” და ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge–ს, განახლებული ვებვერდის და ჟურნალის წარდგინება გაიმართა.
ჟურნალი ”მასწავლებელი” მასწავლებლის პროფესიული ზრდის ხელშეწყობის, ინფორმირების, გამოცდილების გაზიარების და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. მისი გამოცემა 2008 წელს დაიწყო.
ჟურნალი ზრუნავს, რომ საზოგადოებას უკეთესი სკოლა და მასწავლებელი ჰყავდეს. იგი თანამშრომლობს პრაქტიკოს მასწავლებლებთან და ხელს უწყობს ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებას.
განათლების ექსპერტები ჟურნალისათვის ამზადებენ საგანმანათლებლო რესურსებს, ასევე ითარგმნება უცხოური მასალები, ინტერვიუები უცხოელ ექსპერტებთან, განათლების სფეროში წარმატებული სხვა ქვეყნების გამოცდილებისა და ახალი ინოვაციების გაზიარების თვალსაზრისით.
ჟურნალი „მასწავლებელი” ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. თითოეულ საჯარო სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს გადაეცემა ერთი ეგზემპლარი საჩუქრად.
მიმდინარე წელს, ჟურნალი „მასწავლებელი“ განახლებული დიზაინით წარადგება მკითხველის წინაშე.
ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“ 2012 წელს შეიქმნა და თავისი შინაარსიით ჟურნალის მსგავსად მასწავლებლებისთვის, განათლების სპეციალისტებისთვის, მშობლებისთვის, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლბისათვის და განათლების სფეროთი დაინტერესებული მკითხველისთვის მნიშვნელოვანი რესურსი გახდა.
ინტერნეტრესურსის შინაარსზე მუშაობენ როგორც განათლების ექსპერტები, ასევე ბლოგერები და აქტიურად თანამშრომლობენ სკოლის მასწავლებლები.
ინტერნეტგაზეთს შექმნის დღიდან- დღემდე https://analytics.google.com-ის მონაცემებით, ჰყავს 2, 701, 990 მომხმარებელი, აქედან 1, 222, 961 უნიკალური მომხმარებელია. ვებგვერდიდან ჩამოწერილი სტატიების რაოდენობა შეადგენს 5, 881, 109 .
ვებდგვერდის მომხმარებელთა გეოგრაფია საინტერესოა და მასზე შემოსვლა ფიქსირდება საქართველოს გარდა 151 ადგილიდან.
ჟურნალისა და ინტერნეტგაზეთის ფარგლებში უკვე მეოთხე წელია გამოდის მასწავლებელის ბიბლიოთეკის სერიით მასწავლებლის წიგნი. უკვე გამოცემულია ამ სერიის ხუთი წიგნი და წელს ორი ახალი წიგნი შეემატება.
მასწავლებლებისთვის გამორჩეული ელექტრონული რესურსი მიმდინარე წელს განახლებული ვებგვერდით შეხვდა, რომელიც ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, ნატო ინგოროყვამ საზოგადოებას წარუდგინა და დანერგილი სიახლეები გააცნო. გარდა ამისა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა ისაუბრა ცენტრის კიდევ ერთ ახალ პროექტზე – რეფერირებად ჟურნალზე “განათლების მეცნიერება” რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში ამოქმედდება და მნიშვნელოვანი რესურსი გახდება განათლების მკვლევარებისათვის. .
პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური დაესწრო, რომელმაც ჟურნალის იუბილე მიულოცა.
ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა მადლობა გადაუხადა ავტორებს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც შექმნა, მუშაობდა და დღემდე მუშაობს ამ რესურსების წარმატებისათვის.
ღონისძიებას, ასევე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ჟურნალის ავტორები და ის პედაგოგები ესწრებოდნენ, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ჟურნალის არაერთი რუბრიკის გმირები და რესპოდენტები გახდნენ.