ილია ვადაჭკორიამ ისტორიკოსის პროფესია მამის _ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ შოთა ვადაჭკორიას გზის გასაგრძელებლად აირჩია, მაგრამ მშობლების შეწუხებას მოერიდა და გადაწვიტა ცხოვრებისეულ მოთხოვნებს თავად გამკლავებოდა, ემუშავა და მეცნიერებას მერე ჩაღრმავებოდა. სამუშაოს ძიებაში თურქეთს მიაშურა, თხილი აგროვა, გასამრჯელოთი კომპიუტერი შეიძინა, პროგრამები ისწავლა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის მშობლიურ სკოლაში ბიბლიოთეკარად დაიწყო მუშაობა. ზოგჯერ ასაკოვანი პედაგოგის ჩანაცვლება უხდებოდა და მიხვდა, მასწავლებლობამ დააინტერესა. მერე თანდათან მოემატა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების საათები, ჭანჭათის სკოლას აკეთის სკოლაც მიემატა. გაკვეთილს გაკვეთილი მოჰყვა… ილიას კი საქმის ზერელედ კეთება არც უყვარს და არც შეუძლია.
_ძალიან საინტერესო და მოტივირებული თაობა მოდის. ერთ რამეს ვაკვირდები: ჩვენს დროს მოსწავლეები პირობითად სამ ნაწილად იყოფოდნენ, წარჩინებულები, საშუალო მოსწრების მქონენი და ასე ვთქვათ, ჩამორჩენილები… ახლა მოსწავლეები ან ძალიან კარგად სწავლობენ, ან საერთოდ არ სწავლობენ. ვინც სწავლობს მართლა მაქსიმუმის მიღებას ცდილობს, გაკვეთილიდანაც, სოციალური ქსელებიდანაც. ზოგიერთი მათგანი ისეთია, ზრდასრული ადამიანის აზროვნება და უნარები აქვს, ჩემი ერთი მოსწავლე გურიის ახალგაზრდული პარლამენტის თავმჯდომარეა, მასთან, როგორც ჩემს თანატოლთან, ისე შემიძლია მსჯელობა.
_ გამოდის, რომ მასწავლებლობა თქვენი საქმე გამოდგა?
_ უნივერსიტეტში ერთი ჩვენი ლექტორი ეუბნებოდა ზარმაც სტუდენტებს, თქვენ სკოლის იქით ვერსად იმუშავებთო… წარმოიდგინეთ, მისი დამოკიდებულება და ცოტა არ იყოს, აქედანაც შემექმნა განწყობა, რომ სკოლაში რა მინდა მეთქი. საერთოდაც ასეთი მიდგომა მასწავლებლის პროფესიისადმი ინტერესს აქარწყლებს. ახლა, როცა ვმუშაობ მასწავლებლად და გავიცანი უამრავი განათლებული და პატივსაცემი კოლეგა, იმ ლექტორის უპასუხისმგებლობა სრულად გავიაზრე. მოსწავლეები შემოგყურებენ, გისმენენ, შენ კი უნდა მისცე მათ მაქსიმუმი და თან ისე, რომ ეს ცხოვრებაში გამოადგეთ, მათ მომავალში გასაგნებად აძლევ ცოდნას, უნარ-ჩვევებს… უფრო უკეთესი და მნიშვნელოვანი რამ ვერც წარმომიდგენია. მასწავლებლობაში ჩემი აუსრულებელი ინტერესების რეალიზებაც მოვახერხე: სულ მინდოდა ვიდეოგადაღება მცოდნოდა და ახლა ბავშვებთან ერთად ვქმნით სხვადასხვა ვიდოსიუჟეტებს, გვაქვს ბლოგი, სადაც ვტვირთავთ.
_ პედაგოგები ხშირად ჩივიან არ ვართ დაფასებულები, პატივს არ გვცემენო, თქვენთანაც ასეა?
_ რას ბრძანებთ, ჩვენთან სოფელში, ნამდვილად არ არის ასე, მოსწავლეთა მშობლებისაგან, თანასოფლელებისგან ისეთ მოწიწებას და პატივისცემას ვგრძნობ, ხანდახან 30 წლის კაცისათვის ცოტა უხერხულადაც მეჩვენება.
_ სკოლაში გენდერული ბალანსი ქალთა მხარეს ირღვევა…
_ გაგვიმართლა, აკეთის სკოლაში მამაკაცები უმცირესობაში არ არიან, ცხრანი ვართ და თან უმრავლესობა _ახალგაზრდები. ვმეგობრობთ, სკოლაშიც და სკოლის გარეთაც. მხარს ვუბამთ ერთმანეთს. მამაკაცების ყოფნას სკოლაში, თავისი შედეგები აქვს. ჩვენი სკოლის დირექტორი ამბობს, რომ თქვენმა მეგობრობამ მოსწავლე ბიჭებზე დადებითი გავლენა იქონია, აღარ კინკლაობენ, არ ჩხუბობენ, პირიქით, მეგობრულები გახდნენო. პირველად, მასწავლებლობა რომ დავიწყე, კლასის მართვაში პრობლემებს წავაწყდი, ბიჭებმა შენიშნეს, რჩევები მომცეს, თვითონაც დაელაპარაკნენ მოსწავლეებს და მალე სიტუაცია შეიცვალა. ახლა ფასილიტატორადაც ამირჩიეს, ესეც დიდი პასუხისმგებლობაა და ვცდილობ ყველაფერი მოვასწრო. კოლეგებს თუ რამ დასჭირდათ ჩემგან, მაქსიმალურად მინდა მათი დახმარება.
_ რა მეთოდებს მიმართავთ, რომ მოსწავლეებს თქვენს გაკვეთილზე ყოფნა აინტერესებდეთ და ეხალისებოდეთ?
_ განათლების თანამედროვე თეორიები და მიდგომები უამრავ შესაძლებლობას იძლევა, რომ საგაკვეთილო პროცესიც და კლასგარეშე საქმიანობაც საინტერესოდ და სასარგებლოდ წარიმართოს. მოსწავლეს უნდა გაუჩინო ინტერესი თემის მიმართ, უნდა დაანახო, მიახვედრო რაში გამოადგება კონკრეტული თემის შესწავლა ცხოვრებაში. ავიღოთ სამოქალაქო განათლება. ამ რამდენიმე ხნის წინ, ტრეფიკინგის თემას გავდიოდით. შევიტანე კლასში შრომითი ხელშეკრულების ფორმები და დამსაქმებლის პირობები, ვთხოვე გასცნობოდნენ და აერჩიათ სასურველი დამსაქმებელი და მასთან შრომით ხელშეკრულებაზე მოეწერათ ხელი. ბევრმა მათგანმა ზერელედ გადახედა პირობებს და ის დამსქმებელი აირჩია, რომელიც მაღალ ანაზღაურებას ჰპირდებოდა, მათ ყურადღება არ მიუქცევიათ შრომით ხელშეკრულებაში პატარა შრიფტით გაკეთებულ კაბალურ პირობებზე, რომელიც დასაქმებულს ტრეფიკინგის მსხვერპლად აქცევდა. ასე მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობამ. 16 მოსწავლიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა წინდახედული. ამის შემდეგ დავიწყეთ თემის გაშლა და მსჯელობა- ანალიზი. ინტერესი მაშინვე გაღრმავდა, ჩართულობა იყო სრული. დარწმუნებული ვარ ეს გამოცდილება არ დაავიწყდებათ და მომავალ ცხოვრებაში გამოადგებათ. საინტერესო დისკუსია გაიმართა მოსწავლეებს შორის, როცა ისტორიის გაკვეთილზე დიდგორის ბრძოლასა და ჰანიბალის ბრძოლას შორის, უფრო ზუსტად, გამოყენებულ საბრძოლო სტრატეგიებს შორის მსგავსება- განსხვავებაზე იმსჯელეს, შემდეგ ორ სხვადასხვა მიდგომის : დამოუკიდებლად მივიდა აღმაშენებელი ასეთი სტრატეგიის შემუშავებამდე თუ ის იცნობდა მსოფლიოს საბრძოლო გამოცდილებას, თავ-თავისი გამზიარებლები გამოუჩნდნენ და არგუმენტებით ამყარებდნენ პოზიციებს. საინტრესო დისკუსია გამოვიდა და ასეთი გაკვეთილები მოსწონთ მოსწავლეებს. ჩართული ვართ სხვადასხვა პროექტებში და იქიდანაც ვიღებთ სასარგებლო რესურსებს. მიყვარს ტრენინგები, რადგან ყოველთვის ახალ პროფესიულ ცოდნას და გამოცდილებას იძენ და მერე ერთი სული გაქვს ეს კლასში როგორ იმუშავებს, როგორ გაართმევ თავს, როგორც პედაგოგი.
_ ილია, მეცნიერებას მასწავლებლობამ სძლია?
_ არა, ნამდვილად ვერ ვიტყვი ასე და მეცნიერულ საქმიანობაზე ისევ ვფიქრობ, ალბათ, დამიდგება ეს დროც. ერთადერთი, რაც მაწუხებს, საჯარო ბიბლიოთეკისა და სხვა სამეცნიერო ბიბლიოთეკების სიშორეა, მაგრამ ამასაც მოევლება. მასწავლებლობა კი სულაც არ შემიშლის ხელს სამეცნიერო საქმიანობაში. პირიქით, ხანდახან ჩემთვის საინტერესო თემებზე მოსწავლეებისაგან ისეთ მოულოდნელ და ხალას მოსაზრებებს ვისმენ, რომ გაოცებული ვრჩები, თან მოგეხსენებათ, გურულებს როგორ უყვართ კამათი და დისკუსია. ჯერჯერობით, სკოლაზეა მიმართული ჩემი ინტერესი. ერთი სული მაქვს გაკვეთილზე დაკვირვების აქტივობებში ჩავერთო. სქემამ სხვაგვარად გამოაცოცხლა სკოლა და პედაგოგები. მომავალ სასწავლო წელს ეს ალბათ, უფრო საგრძნობი იქნება.