სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

შეფასება – მიდგომები და ზოგადი სტრატეგია  (ნაწილი მეორე)

 

ვაგრძელებთ სტატიების ციკლს, რომელიც მომზადებულია Don Kauchak-ისა და Paul Eggen-ის წიგნზე „learning and Teaching: Research-Based Methods“ დაყრდნობით. პირველ სტატიაში ვისაუბრეთ შეფასების ფუნქციებზე, ფორმალურ და არაფორმალურ შეფასებაზე, მათ დამახასიათებელ ნიშნებსა და ზოგად სტრატეგიაზე. ამჯერად მოკლედ მიმოვიხილავთ ავტორთა მოსაზრებებს შეფასების ტრადიციული და არატრადიციული მეთოდების შესახებ.

რამდენად განსხვავდება ეფექტური შეფასების პრაქტიკა სხვადასხვა საგნის მიხედვით საკლასო დონეზე? ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია, რადგან გავლენას ახდენს სწავლასა და მოტივაციაზე, ისევე როგორც კოგნიტიურ განვითარებაზე. მაგალითად, დაწყებითი კლასის მასწავლებლები უფრო მეტად აფასებენ მოსწავლეთა უშუალო აქტივობასა და უნარებს. საბაზო და საშუალო საფეხურებზე შეფასების საერთო ნიშნები დაწყებითი კლასებისგან განსხვავდება – მასწავლებელი შეფასებას აკეთებს ტესტის და არა უშუალო საგაკვეთილო აქტივობის საფუძველზე. საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლები ხშირად თავად წერენ შემაჯამებელი დავალების ტესტებს. სხვადასხვა მასწავლებელს სხვადასხვა მიდგომა და აქცენტები აქვს, ამიტომ უნიფიცირებული ტესტები ვეღარ პასუხობს მათ მოთხოვნებს და ისინიც ამჯობინებენ, შეფასების საკუთარი სისტემა შექმნან. შეფასება საგნების სპეციფიკის მიხედვითაც განსხვავდება. ტრადიციული შეფასების ერთ-ერთ ძირითად მეთოდად ავტორები სწორედ ტესტს განიხილავენ.

მრავალ ქვეყანაში ტესტები ცოდნის შეფასების გავრცელებული მექანიზმია, თუმცა ხშირად კრიტიკის ობიექტიც ხდება. ტესტირების გზით ცოდნის შეფასებას მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავს. ისინი ამბობენ, რომ ტრადიციული ტესტირება უმთავრესად ინფორმაციის ცოდნასა და გახსენებაზეა ფოკუსირებული და არ მოითხოვს გამჭრიახობას აზროვნების პროცესში. ასაბუთებენ, რომ ტრადიციული ტესტირება არ აფასებს მოსწავლეთა უნარ-ჩვევებს, გამოიყენონ შემოქმედებითი აზროვნება ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად. ვინაიდან ქართველ მასწავლებლებს შორის მაღალია ტესტის როგორც მოსწავლის ცოდნის შეფასების მექანიზმის გამოყენების მაჩვენებელი, გაგაცნობთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელთა გათვალისწინებასაც ურჩევენ წიგნის ავტორები მასწავლებლებს ტესტების შედგენის დროს:

  1. მიუხედავად იმისა, რომ კარგად შედგენილი ტესტი მოსწავლის ცოდნისა და გაგების უნარის შესახებ ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, მასწავლებელი უნდა ეცადოს, მოსწავლის შემაჯამელი შეფასებისას მხოლოდ მის შედეგებს არ დაეყრდნოს.
  2. მასწავლებელი უნდა დარწმუნდეს, რომ სწავლება და ტესტირება ერთმანეთს შეესაბამება. ეს გულისხმობს, რომ ტესტში მხოლოდ კონკრეტულ განვლილ მასალაზე უნდა დაისვას აქცენტი.
  3. სწავლებისა და გამეორების დროს მასწავლებელმა საშუალება უნდა მისცეს მოსწავლეებს, ივარჯიშონ ისეთი მაგალითების ამოხსნასა თუ დავალებების შესრულებაში, რომელიც ტესტში იქნება მოცემული.
  4. ტესტის ჩატარების შემდეგ მოსწავლეებმა უმოკლეს ხანში უნდა მიიღონ ინფორმაცია შედეგების შესახებ. მასწავლებელმა უნდა ამოკრიბოს ძირითადი შეცდომები და კლასთან ერთად განიხილოს ისინი. რა თქმა უნდა, განზოგადებით, კონკრეტული მოსწავლის სახელისა თუ სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მიუთითებლად. მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მოსწავლეები სწავლობენ არა შედეგების გაცნობის, არამედ ტესტის ირგვლივ გამართული დისკუსიის შედეგად.
  5. მასწავლებელმა უნდა გამოამჟღავნოს დადებითი მოლოდინი მოსწავლეების მიმართ. ეს გულისხმობს ტესტის იმგვარად აგებას, რომ მოსწავლეებს ნასწავლის გამომჟღავნების საშუალება მიეცეთ.
  6. ტესტის როგორც შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების მოწინააღმდეგენი შეფასების ალტერნატიული მეთოდების გამოყენებას გვთავაზობენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ამგვარი შეფასება პირდაპირ ზომავს მოსწავლეთა აქტივობას ცხოვრებისეული ამოცანების საშუალებით. ალტერნატიულ შეფასებას ავტორები მიაკუთვნებენ:
  7. რეცენზიის დაწერა სკოლის გაზეთზე;
  8. მოსწავლის პორტფოლიოს შედგენას, რომელშიც შევა მისი ნამუშევრები და შეფასდება მისი სუსტი და ძლიერი მხარეები;
  9. წიგნის დაწერასა და ილუსტრირებას პატარა მკითხველებისთვის და ა.შ.

ავტორები ალტერნატიული შეფასების ორ ძირითად მეთოდს გვთავაზობენ – მოსწავლის პორტფოლიოს შეფასებასა და მოსწავლის საგაკვეთილო აქტივობის შეფასებას.

მაგალითად, წარმოვიდგინოთ ასეთი რამ: საშუალო საფეხურზე ქიმიის მასწავლებელი ხედავს, რომ მის მოსწავლეებს უჭირთ მარტივი ექსპერიმენტის ჩატარება, ამასთან, მთავარი პრობლემაა არა ტექნიკასთან მუშაობის უუნარობა, არამედ იმის არცოდნა, რა როდის უნდა გაკეთდეს. ამ პრობლემის ნაწილობრივ აღმოსაფხვრელად მასწავლებელი დროდადრო აწყობს „მოულოდნელი ექსპერიმენტის“ დღეს. მოსწავლეთა ნაწილს ევალება, განსაზღვროს ექსპერიმენტის სავარაუდო შედეგი და ჩაატაროს იგი, ნაწილს კი – დააკვირდეს ექსპერტიმენტის მიმდინარეობას და შეაფასოს, რამდენად სწორად იყო დაგეგმილი და გამოიღო თუ არა სასურველი შედეგი ექსპერიმენტმა. მასწავლებელი, თავის მხრივ, აკვირდება პროცესს. ყოველივე ეს საგაკვეთილო აქტივობის შეფასების მეთოდებს მიეკუთვნება.

საგაკვეთილო აქტივობის შეფასება ის იარაღია, რომელიც უბიძგებს მოსწავლეებს, მოახდინონ ცოდნისა და უნარ-ჩვევების დემონსტრირება განსაზღვრული ქმედებების შესრულებით და შედეგის მიღებით. როგორ მოიქცეს მასწავლებელი, რომ მისი შეფასება უფრო სანდო და ვალიდური გახდეს? ამაში მას სწორი დაგეგმვა დაეხმარება. შეფასების ამგვარი სისტემის შექმნის პროცესში ექსპერტები ოთხ საფეხურს გამოყოფენ:

  1. სასურველი შედეგის განსაზღვრა. შეფასების სისტემის შექმნისას პირველი ნაბიჯი იმის გაცნობიერებაა, რისი შეფასება გსურთ. უნარ-ჩვევის ან პროცესის აღწერა მოსწავლეებს იმის გაგებაში ეხმარება, რას მოითხოვენ მათგან.
  2. შეფასების ფოკუსის ამორჩევა. მას შემდეგ, რაც აქტივობის მიზანი განისაზღვრება, მასწავლებელმა უნდა გადაწყვიტოს, შეფასება პროცესზე იქნება ფოკუსირებული თუ შედეგზე. თავდაპირველად ფოკუსირება პროცესზე ხდება, ხოლო მის დაუფლებასთან ერთად ნელ-ნელა გადადის შედეგზე.
  3. შეფასებისთვის სასურველი გარემოს შექმნა. საგაკვეთილო აქტივობის შეფასების ღირებულება რეალურ ამოცანებთან მის კავშირზეა დამოკიდებული. მასწავლებლის საბოლოო მიზანია, მოსწავლეს მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება შეეძლოს. დროის უსკმარისობამ, ხარჯებმა და უსაფრთხოების გარანტიის არარსებობამ შესაძლოა რეალური პროცედურების ჩატარების საშუალება არ მოგვცეს, ამიტომ შუალედის პოვნაა საჭირო.
  4. შეფასების პროცედურების მომზადება – ბუნებრივი დგომა, თვალებით კონტაქტი, ჟესტების ეფექტური გამოყენება, გასაგები ენა, ადეკვატური ტონი, სათანადო სისწრაფით მეტყველება, კარგად ორგანიზებული თემები, მსმენელთა ინტერესის გაღვიძება და შენარჩუნება – ყოველივე ეს მასწავლებელს შეფასების პროცედურების მომზადებაში დაეხმარება.

ალტერნატიული შეფასების მეორე ყველაზე გავრცელებულ მეთოდად წიგნის ავტორები მოსწავლის პორტფოლიოს ასახელებენ. ისინი მას უწოდებენ „მოძრავ სურათს“, რომელიც მკაფიოდ ასახავს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს. პორტფოლიო ორი ნიშნით განსხვავდება შეფასების სხვა ფორმებისგან. პირველი – მასში ნამუშევრები გროვდება განსაზღვრული ხნის განმავლობაში, რაც საშუალებას იძლევა, თვალი მივადევნოთ მოსწავლის პროგრესს; მეორე – პორტფოლიო რთავს მოსწავლეებს მომზადების, შეგროვებისა და შეფასების პროცესში. მასწავლებელმა დავალებები იმგვარად უნდა დაგეგმოს, რომ პორტფოლიოში სწავლისას მიღწეული პროგრესი აისახოს. ეს ნიმუშები შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მშობლისა და მასწავლებლის შეხვედრაზე და ასევე უზრუნველყოს მოსწავლე გამოხმაურებით.

თუ მასწავლებლისთვის პორტფოლიო მოსწავლეთა შეფასების ძირითადი ინსტრუმენტია, მოსწავლეები ჩართულნი უნდა იქნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მაგალითად, განსაზღვრონ, რა უნდა შევიდეს მასში და როგორ უნდა შეფასდეს. ამით მასწავლებელი გააცნობს მათ საკუთარი ზრდის შეფასების სხვადასხვა ვარიანტს, რაც თვითრეგულირების უნარ–ჩვევის განვითარების კიდევ ერთი გზაა. შესაძლოა, ამან მოსწავლეებს სწორი თვითშეფასების ჩამოყალიბებისკენ უბიძგოს. პორტფოლიოს აქტიურად იყენებენ ქართველი მასწავლებლები. დაწყებითი კლასის ერთ-ერთი მასწავლებელი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მოსწავლეთა უმრავლესობამ პორტფოლიოში ასახული სწავლის პროგრესი საკუთარი სიტყვებით, მაგრამ ობიექტურად აღწერა.

მართალია, ტრადიციული ტესტები და შეფასების ალტერნატიული ფორმები მნიშვნელოვანია, მაგრამ შეფასების სისტემა ამით არ ამოიწურება – მას მიეკუთვნება გადაწყვეტილებებიც ნიშნების დაწერის შესახებ. მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ ისეთ მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხზე, როგორიცაა ქულებით აკადემიური მოსწარების შეფასება და შესაბამისი ფორმების შექმნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“