სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ყურსასმენების ბუმი

გარემოს დაბინძურებამ კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე გლობალური ხასიათი მიიღო. დაბინძურების წყარო მრავალგვარია. გარემოს დამაბინძურებლად ითვლება ყველა ის ახალი ფიზიკური, ქიმიური თუ ბიოლოგიური აგენტი, რომელიც ხვდება გარკვეულ ეკოსისტემაში და არ არის დამახასიათებელი მისთვის.
დაბინძურებათა უშუალო ობიექტებია მიწა, წყალი, ნიადაგი, ატმოსფერო, ხოლო არაპირდაპირი – მცენარეები, ცხოველები, მიკროორგანიზმები და ადამიანი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2011 წელს ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზემოქმედების ანალიზი გამოაქვეყნა. ფაქტებმა წარმოაჩინა დიდი განსხვავება ქვეყნებს შორის და ცხადყო, რომ ადამიანთა ჯანმრთელობა შეიძლება საგრძნობლად გაუმჯობესდეს ისეთი ფაქტორების ზემოქმედების შემცირებით, როგორებიცაა დაბინძურება, სახიფათო სამუშაო გარემო, ულტრაიისფერი რადიაცია, ხმაური, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან დაკავშირებული საფრთხე, კლიმატისა და ეკოსისტემის ცვლილება. ახალმა მონაცემებმა აჩვენა, რომ გარემოს გაჯანსაღებით შესაძლებელია მსოფლიოში ყოველწლიურად 13 მილიონი ადამიანის სიკვდილის პრევენცია, გარემოს გაჯანსაღებისკენ მიმართული კარგად გააზრებული ღონისძიებებით კი მხოლოდ ევროპაში სიკვდილიანობის 20%-ის თავიდან აცილება მოხერხდება. მსოფლიოს 23 ქვეყანაში სიკვდილიანობის მიზეზი ასიდან 10-ზე მეტ შემთხვევაში გარემოსთან დაკავშირებული რისკფაქტორებია: დაბინძურებული წყალი, საკვების მოსამზადებლად გამოყენებული მყარი საწვავის წვის შედეგად შენობაში დაბინძურებული ჰაერი, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები… თითქმის არავინ ამახვილებს ყურადღებას ხმაურზე, თუმცა მას გაცილებით შორს მიმავალი შედეგები აქვს.
ბოლო დროს იშვიათად შეხვდებით მოზარდს, აიპოდით ან მობილური ტელეფონის ყურსასმენებით რომ არ სარგებლობდეს. ერთი შეხედვით, ამაში საგანგაშო არაფერია – მოზარდი მუსიკას უსმენს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, როგორ ვნებს ზედმეტი ხმაური ადამიანის ჯანმრთელობას, ადვილად მივხვდებით, რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია ამ თითქოსდა უწყინარ გართობას მოზარდისთვის.
ძლიერი ხმაური სმენისთვის ძალზე საშიშია. მეტისმეტად ხმამაღალი ბგერები შიგა ყურში არსებულ მიკროსკოპულ სენსორულ რეცეპტორებს აზიანებს. სამწუხაროდ, ეს შეუქცევადი პროცესია. დაზიანებული რეცეპტორები ტვინს ბგერით ინფორმაციას ვეღარ გადასცემს.
ხმაურის დონე დეციბელობით იზომება. 90 დეციბელი სიმძლავრის ხმაური სმენას აუარესებს, ხოლო 140 დეციბელის ზემოქმედებამ შესაძლოა აკუსტიკური ტრავმა და სმენის დაკარგვაც კი გამოიწვიოს. მელომანებს აზრადაც არ მოსდით, რამხელა ზიანს აყენებენ თავს.
სმენას ყურსასმენებიც ვნებს, განსაკუთრებით – პატარები. ასეთი ყურსასმენები ფონური ხმაურისგან ყურს თითქმის ვერ იცავს, ამიტომ მუსიკას ხმას უწევენ, რაც ხმაურის დონეს უფრო მეტად ზრდის.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვისი ყურსასმენების გამოყენება – მათი მეშვეობით შესაძლოა სოკოვანი პარაზიტებით გამოწვეული ინფექციური დაავადება გადმოგვედოს, რასაც ყურების ქავილი, დაგუბება, სმენის დაქვეითება მოჰყვება.
მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ყურსასმენები სასარგებლოც კია – ეს მოწყობილობა ელექტროხერხის, შემდუღებელი აპარატისა და სხვა იარაღების მუშაობისას ყურებს ხმაურისგან საიმედოდ იცავს.
პრობლემის აქტუალობა იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეები ვერ აცნობიერებენ – ხმაური ჩვენ გარშემო ისედაც საკმაოდაა: ქუჩაში – ტრანსპორტისა, სახლში – საყოფაცხოვრებო ტექნიკისა, სკოლაში შესვენებაზე – ყვირილი, გაკვეთილზე – ჩურჩული/ხმაური, ამას ემატება ხმამაღალი მუსიკა ყურსასმენებში და საბოლოოდ ვიღებთ სმენის დაქვეითებას, გაღიზიანებულ ნერვულ სისტემას და შერყეულ ჯანმრთელობას.
ამ პრობლემის მოგვარება, ხმაურისგან თავის დაცვა და ამით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება თვით ადამიანის ხელთაა, თუმცა კარგად ვიცით, რომ მხოლოდ შეგონებით ძნელად თუ მივაღწევთ რამეს, ამიტომ პრობლემის უკეთ გასააზრებლად, მოსწავლეთა დაინტერესებისა და მოტივირებისთვის საუკეთესო გზა იქნება მათთვის სასწავლო პროექტის შეთავაზება. მოსწავლეები ხალისით ერთვებიან სასწავლო პროცესში, როდესაც ერთმანეთისგან გამიჯნული სამყაროების – სკოლისა და ყოფის – დაკავშირების შესაძლებლობა ეძლევათ.
სასწავლო პროექტის სავარაუდო სახელი შეიძლება იყოს:
. ხმაურის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე;
. ყურსასმენები – სასარგებლო თუ მავნე;
. გავუფრთხილდეთ სმენას
და ა.შ.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც მოსწავლეებისგან პრობლემაზე ორიენტირებულ კვლევას ვითხოვთ, მათგან ველით პროდუქტს, რომელიც პრობლემის რაობას წარმოაჩენს და კვლევის მეთოდებს შემოგვთავაზებს. ის მორგებული უნდა იყოს მოზარდების გემოვნებას, ინტერესების სფეროს და წარმოდგენილი იყოს მათთვის სასურველი ფორმატით.
ასეთი პროექტის განხორციელებით მოსწავლეებს საშუალებას მივცემთ, გაიაზრონ პრობლემა და გააკეთონ არჩევანი. ამით მიღწეული იქნება ბიოლოგიის საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული ერთ-ერთი მთავარი შედეგი: ადამიანის ჯანმრთელობისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობის გააზრება. მოხდება კვლევითი უნარების განვითარებაც:

. მოსწავლე განსაზღვრავს და ჩამოაყალიბებს კვლევის მიზანს;
. განსაზღვრავს შესაბამისი ინფორმაციის წყაროებს;
. გამოთქვამს არგუმენტირებულ მოსაზრებას/ვარაუდს;
. მოიძიებს და გააანალიზებს შესაბამის ინფორმაციას;
. გამოიყენებს სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
. გამოიყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების დასამუშავებლად და წარმოსადგენად.
გთავაზობთ პროექტის სავარაუდო მონახაზს:
პროექტის სახელწოდება: ხმაურის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
პრობლემის დასაბუთება
ხმაური ჩვენ ირგვლივ ისედაც საკმაოდაა: ქუჩაში – ტრანსპორტისა, სახლში – საყოფაცხოვრებო ტექნიკისა, სკოლაში შესვენებაზე – ყვირილი, გაკვეთილზე – ხმაური/ ჩურჩული, ამას ემატება ხმამაღალი მუსიკა ყურსასმენებში და საბოლოოდ ვიღებთ სმენის დაქვეითებას, გაღიზიანებულ ნერვულ სისტემას და შერყეულ ჯანმრთელობას.
ამ პრობლემის მოგვარება, ხმაურისაგან თავის დაცვა და ამით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება თვით ადამიანის ხელთაა.
პროექტის მიზანი
მოსწავლეებმა გამოავლინონ ხმაურის ძირითადი წყაროები და მათი გავლენა ჯანმრთელობაზე, სხვადასხვა საშუალებით მოიპოვონ ინფორმაცია, შეიმუშაონ რეკომენდაციები და მიღებული შედეგები წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით.

პროექტის პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები

1. შემოქმედებითობა
2. მოპოვებული ინფორმაციის მრავალფეროვნება
3. ინფორმაციულობა
ძირითადი მიმართულებები:
. ქუჩის ხმაურის გავლენა გამვლელებზე;
. ხმაურის გავლენა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (სკოლა, საკონცერტო დარბაზი, კინოთეატრი და სხვა);
. ხმაურისაგან დაცვის საშუალებები და ხერხები;
. ხმაურის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე.
პროექტის რეალიზება
შესავალი და მიმოხილვა: რა არის ხმაური. ხმაურის დონე იზომება დეციბელებით. მოყვანილია ზოგიერთი ხმაურის წყაროს მონაცემები, მაგ.:
ელექტროხორცსაკეპი მანქანა – 110 დბ;
მეტროს მატარებელი – 100დბ;
ხმამაღალი მუსიკა – 120 დბ;
სატვირთო მატარებელი – 80 დბ;
მტვერსასრუტი – 70დბ;
ავტომობილი – 60 დბ;
მოსწავლეთა ხმაური შესვენებაზე – 127 დბ;
მოსწავლეთა ხმაური გაკვეთილზე – 40 დბ.
დასკვნები
მოსწავლეებმა შეიძლება გამოიტანონ შემდეგი დასკვნები:
1. ხმაური ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, აქვეითებს სმენას, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციობას;
2. ხმაურის გაზომვა შესაძლებელია სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით;
3. ხმაურის მავნე გავლენასთან ბრძოლა შესაძლებელია ხმაურის დონის კონტროლით და სპეციალური ღონისძიებების გატარებით
და სხვა.
რეკომენდაციები
მოსწავლეებმა შეიძლება შეიმუშაონ შემდეგი რეკომენდაციები:
1. ვეცადოთ, შევამციროთ ხმამაღალი მუსიკის სმენის, ტელეგადაცემების ყურების ხანგრძლივობა.
2. ყურადღება მივაქციოთ საუბრის ტონალობას: არ ვიყვიროთ, არ ავუწიოთ ხმას.
3. რეგულარულად ჩავიტაროთ სამედიცინო გამოკვლევები.
4. დავრგოთ შენობების ირგვლივ ხეები.
5. ვეცადოთ, არ ვიყვიროთ დერეფნებში და არ ვიხმაუროთ გაკვეთილზე
და სხვა.
პრეზენტაცია
საბოლოოდ მოსწავლეები წარმოადგენენ ელექტრონულ პრეზენტაციას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი