სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ლევან ალაფაიძე- რატომ აპროტესტებენ ბავშვები სკოლაში სიარულს

ჩვენი სკოლები ბავშვების ინსტინქტების საწინააღმდეგოდ მუშაობენ და არა მათთან თანხმობაში

 

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველა აღიარებს განათლების აუცილებლობას და მის აბსოლუტურ საჭიროებას თანამედროვე საზოგადოებაში, ბავშვებს ეს დიდად არ აღელვებთ – ისინი ჯიუტად ინარჩუნებენ სკოლისადმი, რბილად რომ ვთქვათ, გულგრილ დამოკიდებულებას და მიუხედავად 21-ე საუკუნის სიკეთეებისა თუ გამოწვევებისა, თვალი და გული მაინც თამაშისკენ გაურბით. ბავშვების უმეტესობა კვლავ აპროტესტებს სკოლაში სიარულს. ეს მდგომარეობა, ალბათ, ყველა მშობლისა თუ მასწავლებლისთვის ნაცნობია. ბავშვების პროტესტი მრავალნაირია – ავადმყოფობის სიმულაცია, გაკვეთილის გაცდენა თუ დაგვიანება, სკოლის მოთხოვნების მინიმალურ დონეზე შესრულება (ან თუნდაც ამ მინიმუმის შეუსრულებლობა), დაბოლოს, სკოლის წესების დარღვევა, თუ ამის შედეგად სერიოზულ უსიამოვნებას არ ელიან… აღსანიშნავია კიდევ ერთი რამ: ჩვენგან განსხვავებით, სკოლისადმი ბავშვების პროტესტი გულწრფელია და არ ნელდება. ბავშვებს დღესაც ისევე ეზარებათ, არ მოსწონთ, არ იზიდავთ და არ აინტერესებთ სკოლა, როგორც სასკოლო განათლების განთიადზე. მთავარი კითხვაა „რატომ?“

პროტესტს ისინიც კი გამოხატავენ, ვისაც კარგი ნიშნები აქვს და თავის გამოჩენა მოსწონთ. ასეთი ბავშვები სკოლის გარემოს აპროტესტებენ თავიანთი ცინიკური დამოკიდებულებით და ხანდახან ტყუილებითაც, რომლებსაც იმით ამართლებენ, რომ ეს აუცილებელია სკოლის სულელური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

რა იწვევს ასეთ მტკიცე პროტესტს? განათლება ხომ სასიკეთო საქმეა; ბავშვებს სჭირდებათ ის, რათა საზოგადოებაში წარმატებას მიაღწიონ. საზოგადოებას სასკოლო განათლების სისტემა ძალიან ძვირი უჯდება და ყოველი ბავშვისთვის (განურჩევლად მათი სურვილისა) განათლების მიცემა, უამრავი სკოლის მართვა მათი უამრავი პრობლემითურთ ერთ-ერთი ყველაზე ძნელი საქმეა.

რა გამოდის? რომ ბავშვები უმადურები არიან? თუ ასეა, მაშინ მეც, თქვენც და ყველა, ვინც სკოლა დაამთავრა და სავალდებულო სასკოლო განათლება მიიღო, უმადურნი ვყოფილვართ…

თუ გახსოვთ, ბავშვობაში ჩვენც ასეთივე პროტესტი გვქონდა სკოლის მიმართ. ეს პროტესტი განსაკუთრებით მძაფრი იყო სასკოლო სისტემის ჩამოყალიბებისას, იმ შორეულ დროში, როდესაც სასკოლო განათლება სავალდებულო გახდა. გაცილებით მძაფრი, ვიდრე დღესაა. მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელი სასკოლო განათლების მოცულობა ბევრად უფრო მოკრძალებული გახლდათ, მეცხრამეტე საუკუნის ბავშვების კლასში გასაჩერებლად მასწავლებლები სტანდარტული საშუალებებით იყვნენ „შეიარაღებულნი“: ურჩთათვის – ჯოხებით, ხოლო მორჩილთათვის – ბრძანებით.

სასკოლო გარემოსადმი ბავშვების პროტესტზე უაღრესად საინტერესო ესე აქვს ამერიკელ ბავშვთა ფსიქოლოგს, პროფესორ პიტერ გრეის[1]. ბავშვების ბუნებრივი პროტესტის მიზეზების აღსაწერად გრეი იყენებს „ევოლუციური შეუსაბამობის“ კონცეფციას, რომლის დახმარებითაც ცდილობს ახსნას ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვების ჭირვეულობა ღამით მარტო დაძინებისას – მისი აზრით, ბავშვებს იმიტომ არ უყვართ დაძინება, რომ არ უნდათ ღამით სიბნელეში მარტო დარჩენა. ტერმინი „ევოლუციური შეუსაბამობა“ ასახავს იმ განსხვავებას, რომელიც არსებობს ჩვენს დღევანდელ გარემოსა და ჩვენი ევოლუციური წინაპრების საცხოვრებელ გარემოს შორის.

პროფესორ გრეის თანახმად, ადამიანის როგორც ჰომო საპიენსის განვითარების ისტორიის, დედამიწაზე მისი ცხოვრება-მოღვაწეობის 99%–მა მონადირე-შემგროვებელთა ეპოქაში ჩაიარა. ანთროპოლოგები თანხმდებიან, რომ მონადირე-შემგროვებელთა ცხოვრების წესი ის ერთადერთი სტაბილური სისტემაა, რომელიც კი ჩვენმა სახეობამ ოდესმე იცოდა.

ასე იყო, ვიდრე ადამიანი სოფლის მეურნეობას მიჰყოფდა ხელს (სოფლის მეურნეობა დაახლოებით 10 000 წლის წინ ჩაისახა). ამის შემდეგ ჩვენ მოვხვდით მუდმივად ცვალებად და სულ უფრო სწრაფად მოძრავ კულტურული ცვლილებების ქარბორბალაში. ბიოლოგიური კუთხით, ჩვენ კვლავ მონადირე-შემგროვებელთა სახეობა ვართ, რომლებიც მთელი ძალისხმევით ცდილობს შეეგუოს ცხოვრების დღევანდელ პირობებს.

ხსენებულ ესეში პროფესორი გრეი ამბობს, რომ ჩვილებსა და პატარებს იმიტომ არ უყვართ მარტო დაძინება, რომ მონადირე-შემგროვებელთა ცივილიზაციის ეპოქაში ეს მათთვის შესაძლოა სიკვდილით დამთავრებულიყო. „ურჩხულები საწოლის ქვეშ“ იმ დროს მართლა არსებობდნენ. ესენი იყვნენ ტურები, აფთრები, ვეფხვები და ღამის სხვა მტაცებლები, რომლებიც გამუდმებით დაძრწოდნენ ადამიანთა საცხოვრებლის გარშემო და დაეძებდნენ სუსტ, დაუცველ მსხვერპლს. ინსტინქტები და შიშები, რომლებიც ადამიანს იმ ასობით ათასი წლის განმავლობაში ჩამოუყალიბდა, არ შეცვლილა.

სტატიის ამ ნაწილში პროფესორი გრეი ცდილობს, განათლების სიტემის პრობლემები „ევოლუციური შეუსაბამობის“ კონცეფციის მეშვეობით განმარტოს: „როგორც ამ ბლოგის პირველ ესეში აღვნიშნე, მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც მონადირე-შემგროვებელთა ეპოქაში იღებდნენ განათლებას ბავშვები, სრულიად საპირისპიროა იმ მეთოდებისა, რომლებითაც დღეს ვცდილობთ სკოლებში ჩვენი შვილების განათლებას. ანთროპოლოგების მიერ შესწავლილი მონადირე-შემგროვებელთა საზოგადოების უმთავრესი ღირებულება თავისუფლება იყო. მონადირე-შემგროვებლებს სჯეროდათ, რომ მიუღებელია, პიროვნებას რაიმე დააძალო, რამე გააკეთებინო მისი ნების საწინააღმდეგოდ, ბავშვებს კი ისინი პიროვნებებად განიხილავდნენ. მონადირე-შემგროვებელთა თემში მიღებული არ იყო ქცევის თუნდაც შეთავაზება, რადგან ეს შესაძლოა დაძალებად აღექვათ. მათ სჯეროდათ, რომ ადამიანი საკუთარი ინიციატივით ისწავლიდა იმას, რაც თემის (ჯგუფის, ტომის) კეთილდღეობას წაადგებოდა, რადგან თვითონვე დაინახავდა ამ საქმის სასიკეთო შედეგს და მისი კეთების ხალისს იგრძნობდა.

ასეულობით ათასი წლის განმავლობაში ეს გახლდათ ადამიანთა საზოგადოების მთავარი მაორგანიზებელი პრინციპი. მონადირეთა და შემგროვებელთა ცხოვრება მოითხოვდა ძლიერ პიროვნულ ინიციატივას და შემოქმედებას. ასევე – რწმენას, რომ ადამიანები ერთმანეთს გაუზიარებდნენ მონაპოვარს და ითანამშრომლებდნენ, რადგან უნდოდათ, ასე ყოფილიყო.

როგორც ჩანს, მონადირე-შემგროვებლებს ესმოდათ ეს პრინციპები. მათ კარგად ესმოდათ ისიც, რომ ბავშვები მაშინ ჩამოყალიბდებოდნენ თავისუფალ, ერთმანეთისადმი ნდობით აღსავსე, თანამშრომლობისთვის მზად მყოფ და შემოქმედ ზრდასრულ ადამიანებად, თუ მათ ბავშვობიდანვე მიანიჭებდნენ თავისუფლებას. ვგულისხმობ იმ დროს არსებული თემის იმ მორალურ პრინციპებსა და მოდელებს, რომლებიც მოცემულ ჯგუფსა თუ ტომში იყო მიღებული. ჩვენი ისტორიის უზარმაზარი პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ადამიანები მონადირე-შემგროვებლები იყვნენ, ბავშვებს ყოველდღე, მთელი დღის განმავლობაში, სრული თავისუფლება ჰქონდათ მინიჭებული თამაშისა და გარემოს კვლევისთვის, რაც მათი თვითგანათლების, თვითგანსწავლის გზას წარმოადგენდა. განათლება ყოველთვის თვითმართული გახლდათ. ამიტომაც არიან ბავშვები ბუნებრივად ცნობისმოყვარენი, კომუნიკაბელურნი და თამაშისადმი მიდრეკილნი – ეს ის თვისებებია, რომლებიც წარმოადგენს ბავშვის შესაძლებლობათა სამოტივაციო ძალას თვითგანათლებისთვის. ამ „ბავშვურ“ თვისებებს ხელს უწყობდა, წაახალისებდა და დახვეწაში ეხმარებოდა ბუნებრივი გადარჩევა, სწორედ იმ მიზნით, რომ მომსახურებოდა განათლების ფუნქციას ბავშვობის თავისუფლების პირობებში.

მაშინ, როდესაც ჩვენ ვაძალებთ ბავშვებს, წყნარად ისხდნენ მერხებთან და უსმინონ მასწავლებელს და აკეთონ მხოლოდ ის, რასაც ეტყვიან, მათი სხეული, მათი ყოველი ნეირონი და კუნთი ამის წინააღმდეგია. ის ამბობს: „ეს შეცდომაა. მე მჭირდება, თვითონვე ვაკონტროლო ჩემი აქტივობა; მჭირდება თამაში იმ უნარების გამოყენებით, რომლებიც მნიშვნელოვნად მიმაჩნია; მჭირდება იმ საკითხების კვლევა, რომლებიც მაინტერესებს და მოსაწყენი არ მეჩვენება; მჭირდება, ყურადღება მივაქციო იმას, რასაც აკეთებენ ადამიანები ჩვენ გარშემო და არა იმას, რასაც ეს მასწავლებელი (რომელიც სკოლის გარეთ, რეალურ სამყაროში, ძნელი წარმოსადგენიც კია) მეუბნება. თუ ეს ყველაფერი არ გავაკეთე, მცოდნე, ღირსების მქონე ადამიანი ვერ გავხდები.

მონადირე-შემგროვებელთა ეპოქაში ბავშვი, რომელიც არ იყო მოტივირებული, თავისი ნების შესაბამისად მიჰყოლოდა ცხოვრებასა და განათლებას, ალბათ ცხოვრებისთვის შეუფერებლად, ცუდად შეგუებულად ჩაითვლებოდა.

ასე რომ, ჩვენს ბავშვებს აქვთ ინსტინქტები, რომლებიც მათ თავისუფალი თამაშის, გამოკვლევისა და სოციალიზაციის საშუალებით თვითგანათლებისკენ უბიძგებს. მაგრამ სკოლები დაჟინებით ითხოვენ, დავთმოთ თავისუფლება და ვაკეთოთ ის, რასაც გვიბრძანებენ. სკოლებს არასოდეს უმუშავიათ კარგად და თეორიულადაც კი არ შეუძლიათ, კარგად შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა, რადგან ისინი მუდამ ბავშვის ნების წინააღმდეგ არიან მომართულნი და, შესაბამისად, წინააღმდეგობას იწვევენ“.

რა შეიძლება გავაწყოთ ასეთი „ევოლუციური შეუსაბამობის“ წინააღმდეგ? პროფესორ გრეის აზრით, ჩვენ ორი არჩევანი გვაქვს: შეგვიძლია გავაგრძელოთ ბორძიკი დამთრგუნველი სასკოლო სისტემის მეშვეობით და ბრძოლა ჩვენი ბავშვების ინსტინქტებთან ე.წ. „დამაწყნარებელი“ წამლებისა თუ სხვა საშუალებების გამოყენებით თავისუფლებისადმი მათი სწრაფვის დასათრგუნავად ან მივიღოთ ის,  რაც უმეტესობას დღეს განათლებისადმი რადიკალურ, ხშირად გიჟურ მიდგომად ეჩვენება, მაგრამ სავსებით მისაღები და ჩვეულებრივი იყო მონადირე-შემგროვებელთა ეპოქის ადამიანებისთვის. ეს რადიკალური მიდგომა გულისხმობს, დავანებოთ ბავშვებს თვითგანათლება, ჩვენ კი შევუქმნათ ისეთი პირობები, რომლებიც მათ ამის საშუალებას მისცემს.

იდეა, რომ ბავშვებს შეუძლიათ, თვითონვე მართონ თავიანთი განათლება და ეს კარგადაც გააკეთონ, უმრავლესობას აბსურდული ეჩვენება; ჩვენ განათლების იდეა ისე მოგვაწოდეს, რომ დარწმუნებულნი ვართ, თითქოს ის ზემოდან ქვემოთ მიმართულებასა და იძულებას გულისხმობს. მაგრამ მას, ვისაც სურს, სხვაგვარად შეხედოს განათლებას, უამრავი საინტერესო მაგალითი ელის, რომლებიც ნათელყოფს, რომ განათლებისადმი მონადირე-შემგროვებელთა მიდგომამ შესაძლოა შესანიშნავად იმუშაოს ჩვენს საზოგადოებაშიც.

ასეთი მაგალითი უამრავია სადბერი ველის სკოლაში, სადაც ბავშვებს უზრუნველყოფენ იმ რესურსებით, რომლებიც მათ შესაძლებლობას აძლევს, თვითონვე წარმართონ თავიანთი განათლების პროცესი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რესურსები, რომლებიც შესაძლებელს ხდის სხვადასხვა ასაკის ბავშვების ერთად თამაშს, იმ საშუალებებსა თუ ხელსაწყოებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურისთვის და იმ ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, დაეხმარონ ბავშვებს თვითგანათლების პროცესში.

ბევრისდა გასაკვირად, ამ ყველაფერს შესაძლოა გაცილებით ნაკლები ხარჯი და ძალისხმევა დასჭირდეს, ვიდრე მოითხოვს დღევანდელი, ძალმომრეობაზე აგებული სასკოლო სისტემა. ამ ტიპის დაწესებულებები, სტანდარტული სკოლებისგან განსხვავებით, სიხარულითა და აღმაფრენითაა სავსე.

პროფესორ გრეის კონცეფცია დღევანდელი სასკოლო სისტემის „ევოლუციური შეუსაბამობის“ შესახებ შესაძლოა კრიტიკულად და უცნაურად ჟღერდეს, შესაძლოა, დღეს მისი აღქმა ადვილი არ იყოს, მაგრამ აუცილებელია იმაზე დაფიქრება, რაც მის მოსაზრებებში რაციონალურია და მეტ-ნაკლებად რეალისტურად აღწერს სასკოლო სისტემის ძირითად მახასიათებლებს: ძალმომრეობაზე დამყარებულ განათლების პროცესს, ბავშვებისთვის თავისუფლების მეტ-ნაკლებად შეზღუდვას, მცირე ასაკის ბავშვებს შორის, ნაცვლად თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარებისა, კონკურენციის წახალისებას, შერეული ასაკის მოსწავლეთა ჯგუფების არარსებობას და ერთად თამაშის შეზღუდვას, შემოქმედების შეზღუდვას ან მკაცრ რეგლამენტირებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის ვერტიკალურ და იერარქიულ სქემას და სხვა თავისებურებებს, რომლებიც ხშირად პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის თავისუფალ ნებასა და მის შემოქმედებით ბუნებას.

წყარო:

https://www.psychologytoday.com/blog/freedom-learn/201111/why-children-protest-going-school-more-evo-mismatch

[1] პიტერ გრეი (Peter Gray) – ამერიკელი ფსიქოლოგი, ბოსტონის კოლეჯის პროფესორი, ბავშვის ფსიქოლოგიის სპეციალისტი, სტანდარტული საგანმანათლებლო სისტემის კრიტიკოსი, ავტორი პოპულარული წიგნისა „Free to learn: Why Unleashing the Instinct to Play Will Make Our Children Happier, More Self-Reliant, and Better Students for Life(Basic Books, 2013)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“