თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში მასწავლებლის როლი დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ მზა ინფორმაციის გადაცემა. მოსწავლეთა მაღალი მოტივაცია და საგნისადმი ინტერესი პირდაპირ კავშირშია იმ მრავალფეროვან გარემოსთან, რომელსაც პედაგოგი საკლასო ოთახში ქმნის. ისტორიის სწავლებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წარსულის გაცოცხლება, ქრონოლოგიური მოვლენების დინამიკის ჩვენება და აქტიურ შემეცნებით პროცესში მოსწავლის ჩართვა.
წინამდებარე სტატიაში განხილულია მასწავლებლის ყოველდღიური შემოქმედებითი ძიების პროცესი, დიფერენცირებული მიდგომების როლი და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირების პრაქტიკული გამოცდილება ისტორიის გაკვეთილებზე.
„მასწავლებელო, დღეს რა აქტივობები გვექნება?“ – ეს არის კითხვა, რომელიც ყოველი გაკვეთილის დაწყებისას მასწავლებლისთვის უდიდესი პასუხისმგებლობისა და მოტივაციის წყაროდ იქცევა.
საკლასო ოთახში შესვლისას მოსწავლეთა ინტერესი და მოლოდინით სავსე მზერა მიანიშნებს, რომ სასწავლო პროცესი სცდება სტანდარტულ სახელმძღვანელოს. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ტრადიციული ტექსტის პარალელურად მრავალფეროვანი დამხმარე მასალის – სამუშაო ფურცლების, რუკების, კროსვორდებისა და ტესტების – გამოყენება საგაკვეთილო პროცესს ბევრად უფრო ეფექტურს ხდის.
პედაგოგიური საქმიანობის ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება მიდასტურებს, რომ მუდმივი პროფესიული ძიება და ინოვაციური საიტების ათვისება აუცილებელი პირობაა მოსწავლეთა საჭიროებებს მორგებული გარემოს შესაქმნელად. სასწავლო თამაშებისა და ციფრული რესურსების შექმნა ნაბეჭდი სახით თუ ვირტუალურ სივრცეში ქმნის მდიდარ საგანმანათლებლო ბაზას, რომელიც მზად არის კოლეგებისთვის გასაზიარებლად.
ისტორიისა და გეოგრაფიის ინტეგრირების საუკეთესო საშუალებაა საქართველოს სხვადასხვა კუთხეზე ორიენტირებული კროსვორდები და შესაბამისობის სავარჯიშოები, ხოლო მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნებისა და გუნდური მუშაობის განსავითარებლად ეფექტურია ე.წ. „გაქცევა ოთახიდან“ (Escape Room) პრინციპზე აგებული საგანმანათლებლო თამაშები, მაგალითად, რომის ისტორიის თემატიკაზე.
პრაქტიკული მუშაობისას ციფრული და ინტერაქციული ინსტრუმენტების გამოყენება შეიძლება გაგვიადვილოს შემდეგმა საგანმანათლებლო პლატფორმებმა:
* Educaplay – ინტერაქციული მულტიმედიური თამაშებისა და რუკების შესაქმნელად https://www.educaplay.com/user/10026381-diana/
* LearningApps – მრავალფეროვანი სავარჯიშოების (შესაბამისობა, კროსვორდი, ქრონოლოგია) ასაწყობად
https://learningapps.org/myapps.php
Genially – პრეზენტაციების, ინტერაქციული პოსტერებისა და საგანმანათლებლო ქვიზების დასამზადებლად
https://view.genially.com/691eb1256f53b4b1832d9d26
Baamboozle – გუნდური საგაკვეთილო თამაშებისა და ვიქტორინებისთვის
https://www.baamboozle.com/mygames
Quizalize – მოსწავლეთა ფორმირებადი შეფასებისა და დიაგნოსტირებისთვის
https://app.quizalize.com/library
JeopardyLabs – ინტელექტუალური თამაშის – „საკუთარი თამაშის“ პრინციპზე აგებული ვიქტორინების შესაქმნელად
https://jeopardylabs.com/browse/
სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი რესურსების სისტემატური ინტეგრირება ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და ხელს უწყობს მასალის სიღრმისეულ გააზრებას. მზა დიდაქტიკური მასალებისა და ციფრული პლატფორმების გამოყენება მასწავლებელს საშუალებას აძლევს, ეფექტურად მართოს დრო და უპასუხოს კლასში არსებულ ერთმანეთისგან განსხვავებულ რამდენიმე სასწავლო სტილს. შემოქმედებითი მიდგომა და საკუთარი პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება კი მტკიცე საფუძველს ქმნის სასკოლო საზოგადოების განვითარებისთვის.
ლიტერატურა
-
ეროვნული სასწავლო გეგმა. (2018). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
Mishra, P., & Koehler, M. J. (2006). Technological pedagogical content knowledge: A framework for teacher knowledge. Teachers College Record, 108(6), 1017-1054


