შესავალი
სტრესი ნებისმიერ ასაკში ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. თანამედროვე ადამიანი გამუდმებით ეჯახება ათასნაირ გამოწვევას, ცვლილებასა და მოთხოვნას, რომლებიც მისგან ადაპტაციასა და რეაგირებას ითხოვს (American Psychological Association (APA), 2022/2023). ერთ-ერთი კლასიკური განმარტების მიხედვით, სტრესი წარმოადგენს ორგანიზმის არასპეციფიკურ პასუხს მისდამი წაყენებულ მოთხოვნებზე (Selye, 1976).
სტრესი ხშირად უარყოფით მოვლენად აღიქმება, მაგრამ სინამდვილეში ის ყოველთვის საზიანო არ არის. განსაზღვრულ შემთხვევებში სტრესი ადამიანს ახალ გარემოსთან შეგუებაში, სირთულეების დაძლევასა და მიზნების მიღწევაში ეხმარება. სტრესი პრობლემად იქცევა მაშინ, როდესაც ინტენსიურია, ხანგრძლივია ან პიროვნების შესაძლებლობებს აღემატება (Lazarus, 1984).
ბავშვები და მოზარდები სტრესს ისევე განიცდიან, როგორც ზრდასრულები, თუმცა მათი რეაქცია ყოველთვის ერთნაირი არ არის (Matheny, K. B., Aycock, D. W., & McCarthy, C. J., 1993). ზოგიერთ ბავშვს შეუძლია ემოციების მართვა და სირთულეებს შედარებით ადვილად ართმევს თავს, მაშინ როდესაც სხვები უფრო მგრძნობიარედ რეაგირებენ. ამ განსხვავებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ასაკი, პიროვნული თავისებურებები, ოჯახური გარემო, სოციალური მხარდაჭერა და უკვე ჩამოყალიბებული დაძლევის სტრატეგიები (Compas, B. E., Jaser, S. S., Bettis, A. H., et al., 2017).
ასაკისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, სტრესი ბავშვებთან, როგორც უკვე ვთქვით, სხვადასხვანაირად ვლინდება და მოიცავს როგორც ემოციურ, ისე ქცევით და ფიზიკურ ნიშნებს. ბავშვებს ეტყობათ გაღიზიანება, შფოთვა, მოწყენილობა, დაბალი მოტივაცია; ზოგ შემთხვევაში შეინიშნება ყურადღების კონცენტრაციის გაძნელება, აკადემიური შედეგების გაუარესება, ძილის დარღვევა, დაღლილობა და სხვა ფიზიკური ჩივილები. სიმპტომთა მრავალფეროვნების გამო ბავშვებთან სტრესის ამოცნობა ყოველთვის ადვილი არ არის.
ბავშვის განვითარებაზე სტრესის გავლენა უდიდესწილად მის ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზეა დამოკიდებული. ხანმოკლე და მართვადი სტრესი შეიძლება განვითარების ბუნებრივ ნაწილად ჩაითვალოს, ხოლო ხანგრძლივმა და ძლიერმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ემოციურ კეთილდღეობაზე, სწავლაზე, სოციალურ ურთიერთობებსა და ქცევაზე (უზნაძე, ბავშვის ფსიქოლოგია, სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია, 2003).
ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ უფროსებს, განსაკუთრებით – ოჯახის წევრებსა და მასწავლებლებს, რომლებიც ბავშვის ყოველდღიურ გარემოს ქმნიან. მათ შეუძლიათ, დროულად შეამჩნიონ სტრესის ნიშნები, გაიგონ ბავშვის საჭიროებები და შექმნან ისეთი გარემო, სადაც ბავშვი უსაფრთხოებას და მხარდაჭერას იგრძნობს. სწორედ უფროსების ყურადღება და დროული რეაგირება ეხმარება ბავშვს სტრესული სიტუაციებისთვის თავის გართმევასა და საკუთარი რესურსების უკეთ გამოყენებაში.
რა იწვევს ყველაზე ხშირად სტრესს ბავშვებსა და მოზარდებში, როგორ შეიძლება ამ ფაქტორების დროული ამოცნობა და მათი გავლენის შემცირება? წინამდებარე სტატიაში მიმოვიხილავთ სტრესის ათ გავრცელებულ წყაროს, რომლებიც თანამედროვე ბავშვებისა და მოზარდების ცხოვრებაში გვხვდება.
- დროში შეზღუდვა
დრო ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ელემენტია და დროში შეზღუდვა ნებისმიერ ასაკში შეიძლება სტრესის წყაროდ იქცეს. განსაკუთრებით საყურადღებოა მისი გავლენა ბავშვებსა და მოზარდებზე, რადგან მათ ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული დროის მართვის, ემოციების რეგულაციისა და სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარები.
დროში შეზღუდვასთან დაკავშირებული სტრესი შესაძლოა გამოვლინდეს აჩქარებით, დაბნეულობით, შფოთვით, ყურადღების გაფანტვით ან საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის შეუძლებლობით, თუმცა ბავშვები მსგავს სიტუაციებზე სხვადასხვანაირად რეაგირებენ. ზოგისთვის დროის შეზღუდვა მოტივია მისი უკეთ ორგანიზებისთვის, ზოგისთვის კი, პირიქით, დამატებითი დაძაბულობის წყაროდ იქცევა. ამიტომ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, როგორ მოქმედებს დროის ფაქტორი ბავშვის სწავლის პროცესზე და რა პირობებში შეიძლება იქცეს ის სტრესის წყაროდ.
- სწავლის სირთულეები
სწავლის სირთულეები ბავშვებისთვის სტრესის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წყაროა. სირთულე შეიძლება უკავშირდებოდეს ახალი მასალის ათვისებას, დავალების შესრულებას, სასწავლო მოთხოვნებთან ადაპტირებას, ყურადღების კონცენტრირებას ან კონკრეტული საგნის შესწავლას. აღნიშნული პრობლემები შესაძლოა გამოიხატოს როგორც აკადემიური ჩამორჩენით, ისე შეცდომის შიშით და შეფასებისადმი გადაჭარბებული მგრძნობელობით. ზოგჯერ სტრესის მიზეზია არა თავად სწავლა, არამედ მარცხის განცდა და საკუთარი სასწავლო შესაძლებლობებისადმი უნდობლობა. ასეთ დროს ბავშვს შესაძლოა დაუქვეითდეს მოტივაციაც და სწავლის მიმართ ინტერესიც, რადგან სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანი როლი აკისრია ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებს, მის შესაძლებლობებსა და იმას, თუ როგორ აღიქვამს იგი საკუთარ შესაძლებლობებს (უზნაძე, ბავშვის ფსიქოლოგია, სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია, 2003).
- დაბალი თვითშეფასება
ბავშვები, რომლებიც საკუთარ შესაძლებლობებს არასაკმარისად აფასებენ, ხშირად უფრო მწვავედ განიცდიან ყოველდღიურ სირთულეებს. დაბალი თვითშეფასება შესაძლოა გამოვლინდეს საკუთარ თავში დაურწმუნებლობით, ახალი საქმიანობისთვის თავის არიდებით და კრიტიკისადმი მომატებული მგრძნობელობით. ასეთ ბავშვებს ხშირად ეშინიათ შეცდომის, რაც დამატებით ემოციურ დაძაბულობას იწვევს და ხელს უშლის მათ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში.
4.უარყოფითი კომუნიკაცია
ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ის, თუ როგორ ურთიერთობენ მასთან უფროსები და თანატოლები. კომუნიკაცია არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ ხმის ტონს, გამომეტყველებასა და არავერბალურ გზავნილებსაც მოიცავს. მუდმივი კრიტიკა, დამამცირებელი კომენტარები, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ან იგნორირება შესაძლოა ბავშვისთვის სტრესის მნიშვნელოვან წყაროდ იქცეს. ერთი შეხედვით უმნიშვნელო სიტყვამ, რეაქციამ ან დამოკიდებულებამ შესაძლოა ღრმა ემოციური კვალი დატოვოს ბავშვის თვითშეფასებაზე, საკუთარი შესაძლებლობების რწმენასა და ემოციური უსაფრთხოების განცდაზე.
- ბულინგი და სოციალური უარყოფა
თანატოლების მხრივ დაცინვა, ჩაგვრა, გარიყვა ან სხვაგვარი ძალადობა ბავშვისთვის სტრესის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ წყაროდ მიიჩნევა. ბულინგის მსხვერპლი ბავშვები ხშირად განიცდიან შფოთვასა და მარტოობას, რაც შესაძლოა აისახოს მათ სოციალურ ურთიერთობებზე, აქტივობებში მონაწილეობაზე, გარემოსთან ურთიერთობის სურვილზე. მსგავსმა გამოცდილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ ემოციურ მდგომარეობაზე, არამედ აკადემიურ შედეგებზეც.
- მაღალი მოლოდინები
ზოგჯერ ბავშვები სტრესს განიცდიან მათ მიმართ არსებული დიდი მოლოდინების გამო. თანამედროვე სამყაროში, სადაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ წარმატებას, ბავშვებს ხშირად უჩნდებათ განცდა, რომ გამუდმებით უნდა გაამართლონ სხვისი თუ საკუთარი მოლოდინი. როდესაც წარმატება ერთადერთ მისაღებ შედეგად აღიქმება, ბავშვს უჩნდება განცდა, რომ შეცდომა მიუღებელია, ეს კი აძლიერებს მის შფოთვასა და დაძაბულობას.
- ოჯახური პრობლემები და ცვლილებები
ოჯახური გარემო ბავშვის ემოციური კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. ოჯახში მიმდინარე კონფლიქტები, განქორწინება, ოჯახის წევრთან ხანგრძლივი განშორება, ახალი წევრის დაბადება, საცხოვრებელი გარემოს შეცვლა და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები ბავშვებში შფოთვისა და დაუცველობის განცდას ბადებს.
ბავშვისთვის სტრესულია ის გარემოებებიც, რომლებიც მის ყოველდღიურ ცხოვრებასა და უსაფრთხოების განცდაზე ახდენს გავლენას, მათ შორის პირადი სივრცის ნაკლებობა ან ოჯახის მხრივ ემოციური მხარდაჭერის დეფიციტი. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილური და მხარდამჭერი გარემოს არსებობა.
- ცვლილებებთან ადაპტაციის სირთულე
ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანებს უწევთ ახალ გარემოსთან, ადამიანებსა და მოთხოვნებთან შეგუება. ცვლილებები შეიძლება ნებისმიერ ასაკში იქცეს გამოწვევად, მაგრამ ბავშვებისა და მოზარდებისთვის მათთან შეგუების პროცესი განსაკუთრებით რთულია, რადგან მათ უწევთ არა მხოლოდ გარემოს, არამედ ასაკობრივი განვითარების პროცესში წარმოშობილ ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ ცვლილებებთან ადაპტაციაც.
ახალი სკოლა, ახალი კლასი, ახალი მასწავლებელი, ცხოვრების ჩვეული რეჟიმის მნიშვნელოვანი ცვლილება ზოგისთვის საინტერესო გამოცდილებაა, ზოგისთვის კი შესაძლოა სტრესის წყაროდ იქცეს. ცვლილებებთან გამკლავების უნარი თანდათან ვითარდება და მის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ეკისრება უსაფრთხო გარემოს და უფროსების გონივრულ მხარდაჭერას.
- ციფრული გარემოს გავლენა
ციფრული ტექნოლოგიები თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული სამყარო მრავალ შესაძლებლობას იძლევა, მუდმივი ონლაინ ჩართულობა, ციფრული თამაშები, სოციალური ქსელები და ინფორმაციის დიდი ნაკადი ბავშვებისა და მოზარდებისთვის შესაძლოა სტრესის ძლიერი წყაროდ იქცეს. განსაკუთრებით საყურადღებოა საკუთარი თავის სხვებთან მუდმივი შედარების ტენდენცია, ონლაინ სივრცეში ურთიერთობის თავისებურებები და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. ციფრულ გარემოში ბავშვებსა და მოზარდებს ზოგჯერ დამოუკიდებლად უწევთ გადაწყვეტილებების მიღება, ინფორმაციის შეფასება და სხვადასხვა სიტუაციაზე რეაგირება. რეალურ ცხოვრებაში მიღებული გამოცდილებისგან განსხვავებით, ციფრულ სივრცეში დაშვებულ შეცდომას შეიძლება უფრო ფართო და ხანგრძლივი შედეგები მოჰყვეს, რაც შესაბამისი გამოცდილებისა და მხარდაჭერის გარეშე დამატებითი სტრესის წყაროდ იქცევა. ციფრულ გარემოში მიღებული უარყოფითი გამოცდილება ზოგჯერ ღრმა ემოციურ კვალს ტოვებს და შესაძლოა აისახოს ბავშვის თვითშეფასებაზე, ემოციურ მდგომარეობაზე, სოციალურ ურთიერთობებსა და ქცევაზე.
ციფრულ გარემოსთან დაკავშირებული სტრესის მართვისთვის მნიშვნელოვანია უფროსების მხრივ დროული ყურადღება, გონივრული ჩართულობა და ისეთი მხარდაჭერა, რომელიც ბავშვს ციფრული სივრცის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენებაში დაეხმარება.
- ემოციური რეგულაციის სირთულეები
ემოციების ამოცნობა და მართვა ბავშვებისა და მოზარდებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია, რომლის ჩამოყალიბებასაც ყურადღება ადრეული ასაკიდან უნდა დაეთმოს. ემოციური რეგულაციის უნარი ბავშვის ასაკზე, ინდივიდუალურ თავისებურებებსა და მიღებულ გამოცდილებაზეა დამოკიდებული. ყველა ერთნაირად ვერ ახერხებს ძლიერი ემოციების მართვას (იმედაძე, 2004). ზოგიერთ ბავშვს უჭირს ბრაზის, შფოთვის, იმედგაცრუების ან სევდის გამოხატვა და რეგულირება, რაც შესაძლოა ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავების პროცესზეც აისახოს. ემოციური რეგულაციის უნარების განვითარების დროული ხელშეწყობა ბავშვს სტრესულ სიტუაციებთან უფრო ეფექტურად გამკლავებაში დაეხმარება (ქურციკიძე, 2004)
დასკვნა
ბავშვებსა და მოზარდებთან სტრესს სხვადასხვა ფაქტორი იწვევს, თუმცა ეს ფაქტორები ხშირად ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ერთგვარ ჯაჭვს ქმნის. ერთი შეხედვით მცირე სირთულეც კი სათანადო მხარდაჭერის გარეშე შესაძლოა ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ემოციური დატვირთვის წყაროდ იქცეს და გავლენა მოახდინოს მის თვითშეფასებაზე, ურთიერთობებსა და სასწავლო პროცესში ჩართულობაზე. ამ ფაქტორების ამოცნობა მშობლებსა და მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ გაიგონ ბავშვის ქცევის, ემოციებისა და მოთხოვნების უკან მდგომი მიზეზები. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის უკეთ გააზრება, მაგრამ არა მხოლოდ იმის დასადგენად, რა იწვევს ბავშვებსა და მოზარდებში სტრესს, არამედ იმის გასაგებადაც, როგორ ვლინდება ის, რა გავლენას ახდენს ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და როგორ შეგვიძლია სათანადო მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
წინამდებარე სტატია წარმოადგენს სტრესის ძირითადი წყაროების მოკლე მიმოხილვას. თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგეგმება სტატიების სერია – სტრესის 10 გავრცელებული წყარო ბავშვებსა და მოზარდებში, რომლის ფარგლებშიც განვიხილავთ სტრესის გამომწვევ თითოეულ ფაქტორს, გამოვლენის ფორმებს და მხარდაჭერის ეფექტიან გზებს.
მომდევნო სტატია დაეთმობა დროში შეზღუდვას. საინტერესოა, როდის და რა პირობებში იქცევა დროის ფაქტორი მოსწავლისთვის სტრესის წყაროდ, როგორ აისახება ეს მის ემოციებსა და სასწავლო საქმიანობაზე და რატომ რეაგირებენ მოსწავლეები ერთსა და იმავე დროით მოთხოვნაზე სხვადასხვანაირად.
გამოყენებული ლიტერატურა
- იმედაძე, ნ. (2004). რა არის და როგორ მიიღწევა ემოციური რეგულაცია: ლექციები პედაგოგთათვის. თბილისი.
- სტრესის მართვის პრაქტიკული სახელმძღვანელო: სტრესის მართვის ინსტრუმენტები და რჩევები. (თბილისი). CENN, საქართველო.
- უზნაძე, დ. (2003). ბავშვის ფსიქოლოგია, სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია. თბილისი.
- ქურციკიძე, ლ. (2024). სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარება სკოლაში. მხარდამჭერი მიდგომები. თბილისი: Bread for the World (BfdW).
- American Psychological Association (APA). (2022/2023). Retrieved from Stress in America.
- Compas, B. E., Jaser, S. S., Bettis, A. H., et al. (2017). Coping, emotion regulation, and psychopathology in childhood and adolescence (Vol. 143(9)). Psychological Bulletin.
- Lazarus, R. S. (1984). Stress, appraisal, and coping. New York: Springer.
- Matheny, K. B., Aycock, D. W., & McCarthy, C. J. (1993). Stress in school-aged children and youth (Vol. 5). Stress in school-aged children and youth.: Educational Psychology Review.
- Selye, H. (1976 ). The Stress of Life. Rev. ed. New York: McGraw-Hill.


