„როდესაც ინგლისური ენის მასწავლებელი გავხდი, უკვე ვიცოდი, რატომაც მსურდა დრამის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. დრამა არ ჰგავდა არცერთ სხვა პედაგოგიურ მეთოდს. ტექსტები პირდაპირ „ცოცხლდებოდნენ“, რადგან იძენდნენ ბუნებრივი მეტყველების უნარს, ხოლო მოქმედებები ხორცს ისხამდნენ. მოსწავლეები გამუდმებით კითხულობდნენ, როდის შეძლებდნენ რუტინული გაკვეთილებისგან მოწყვეტას, მე კი ზუსტად ვიცოდი, რას ნიშნავდა ე.წ. შემოქმედებითი აღტკინების მდგომარეობა“ (ბ. ედმისტონი, 2018).
ამ სტატიაში განვიხილავთ უცხოური ენის სწავლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ეფექტურ მიდგომას – დავალებაზე დაფუძნებულ სწავლებას (TBLT), აგრეთვე გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დრამაპედაგოგიკის როგორც იმერსიული სწავლების დანერგვის სტრატეგიას ინგლისურის როგორც პირველი უცხოური ენის სწავლებისას.
ფილიპ კოგინმა (1956) თავის ისტორიულ კვლევაში აჩვენა, რომ ბავშვთა განათლებაში დრამის გამოყენება პლატონის (ძვ. წ. 427-347) პერიოდიდან იღებს სათავეს. მას სწამდა, რომ ბავშვებისთვის სწავლა უნდა იყოს სახალისო და მათ მაქსიმალურად, შეზღუდვების გარეშე უნდა მიეცეთ განვითარების საშუალება. კოგინის აზრით, ადრეულ შუა საუკუნეებში ბენედიქტელი ბერები ჰიმნებს ჟესტიკულაციისა და მოძრაობის თანხლებით გალობდნენ, რაც შეიძლება ლიტურგიკული დრამების აღმოცენების პირველ ნაბიჯებად მივიჩნიოთ. მას შემდეგ დრამაზე დაფუძნებული სწავლების ფორმები სულ უფრო პოპულარული ხდება (კოგინი, 1956).
თანამედროვე სამყაროში, სადაც განათლების შინაარსი და ღირებულებები დრამატულად იცვლება, სწავლების ფილოსოფია სინთეზურად ერწყმის განვითარებად ტექნოლოგიებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი საგანმანათლებლო სფეროს ჰპირდება. მაგალითად, Zammit (2025) ასახელებს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების პრაქტიკულ გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში მალტის სკოლების 40 საჯარო სკოლის მასწავლებელთა პრაქტიკაში, რომლებმაც გაკვეთილის მსვლელობისას გამოიყენეს ისეთი დიდი ენობრივი მოდელი (LLM), როგორცაა Chat Gpt. კვლევაში ნათქვამია, რომ აღნიშნულმა მოდელმა უზრუნველყო პერსონალიზებული უკუკავშირი როგორც განმავითარებელ, ისე შემაჯამებელ შეფასებებში, რასაც თან ახლდა მყისიერი შეფასება და რეკომენდაციები. ასევე მოსწავლეებს შესთავაზა განსავითარებელი დიფერენცირებული სავარჯიშოები, თუმცა კვლევაში აღნიშნულია, რომ ეს დაკვირვებები სუბიექტური იყო და არა სისტემატურად გაზომილი. ამასთან, აღნიშნულ კვლევაში არ არის აღწერილი გაკვეთილებზე გამოყენებული სწავლების დიზაინი და შინაარსი, რაც უფრო მასშტაბური კვლევის სამომავლო პერსპექტივას იძლევა. Crompton et al. (2023, 2024) აღწერს AI აპლიკაციების მნიშვნელობას და ფორმებს საუბრის (კომუნიკაციური სიმულაციები, წარმოთქმის პრაქტიკა), წერის (უკუკავშირის, რეფლექსიური დავალებები) და კითხვის უნარების განვითარების კუთხით, მაგრამ აღნიშნული საკითხები მხოლოდ თეორიულ ჭრილშია განხილული ლიტერატურის მიმოხილვაში და არა პრაქტიკული გამოყენების შედეგების გაზიარებისთვის. ამ თვალსაზრისით, მასწავლებლის ოსტატობაზეა დამოკიდებული, როგორ წარმართავს სასწავლო პროცესს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, რათა დიდაქტიკური პრინციპები და ინგლისური ენის სწავლების ტრადიციული მეთოდები სტატიკურად შენარჩუნდეს და ორგანულად შეერწყას ლიტერატურას, ხელოვნებასა და ტექნოლოგიის მიმღებლობის გამოცდილებას.
Task Based Language Teaching (TBLT) დავალებაზე დაფუძნებული სწავლება არის კომუნიკაციური მიდგომა ენობრივ კონტექსტში, რომელიც აქცენტს სვამს ავთენტურ დავალებებზე როგორც დაგეგმვისა და სწავლების ძირითად ერთეულზე (Ellis, R. 2003). ამ მიდგომით, „დავალება“ არის აქტივობა, რომლის შესრულებისას მოსწავლეები იყენებენ სამიზნე ენას რეალური შედეგის მისაღწევად, ამახვილებენ რა ყურადღებას მნიშვნელოვან კომუნიკაციაზე და არა იზოლირებულ ენობრივ ფორმებზე. ამგვარად, TBLT-ს მთავარი მიზანია, შექმნას ბუნებრივი სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები უცხოურ ენას პრობლემის გადაჭრისა და ურთიერთობის დამყარების ინსტრუმენტად გამოიყენებენ. ეს კი შემდგომში ხელს შეუწყობს:
- ენის ავთენტურ გამოყენებას რეალისტურ კონტექსტში;
- მოსწავლეთა ავტონომიურობას და ჩართულობას მნიშვნელოვანი და მიზანმიმართული აქტივობების მეშვეობით;
- ოთხივე უნარის (ლაპარაკი, მოსმენა, კითხვა, წერა) ინტეგრირებულ განვითარებას;
- ფორმის ნაცვლად შინაარსზე ფოკუსირებას, რაც შეესაბამება კონსტრუქტივისტული და კომუნიკაციური კომპეტენციის თეორიებს.
პრაქტიკა სასკოლო ბაზაზე
ვინაიდან ინგლისურის როგორც პირველი უცხოური ენის სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი კულტურათაშორისი მიდგომაა, გადავწყვიტეთ, სკოლის ბაზაზე ორგანიზება გაგვეწია ღონისძიებისთვის, რომელიც გააერთიანებდა რამდენიმე ენას, კერძოდ, ქართულს, რუსულსა და ინგლისურს. ვიანიდან მარტი ახლოვდებოდა და ღონისძიების მთავარი თემა „ქალი და დედა“ იყო, ინგლისური ენის მიმართულებაში, ბავშვებთან მოლაპარაკების საფუძველზე, მათი არჩევანის მხარდასაჭერად გადავწყვიტეთ, დაგვედგა ლიტერატურული სპექტაკლი – ლუიზა მეი ოლკოტის „პატარა ქალები“, რომლის მთავარ პრიორიტეტად დავისახეთ კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება, კულტურათაშორისი დიალოგის როგორც იმერსიულობის ინსტრუმენტის გამოყენება და ახალი შემოქმედებითი იმპულსების გაღვივება მოსწავლეებში გენერაციული ხელოვნური ინტელექტისა და TBLT-ს მიდგომის გამოყენებით
გარდა ამისა, კვლევის ქვემიზანი იყო იმის დადგენა, რამდენად გააუმჯობესებდნენ სასკოლო სპექტაკლის მონაწილე მოსწავლეები წერის, კითხვის, მოსმენისა და საუბრის უნარებს და ახდენდა თუ არა სწავლების იმერსიული მოდელი, რომელიც ითვალისწინებს რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებში მოსწავლეთა იმიტირებულ ჩართულობას (შედარებისთვის წარმოვიდგინოთ 3D თამაშები ან ვირტუალური რეალობის ნიმუშები) დადებით გავლენას მოსწავლეთა დამოკიდებულებებსა და სასწავლო პროცესის აღქმაზე.
ნაბიჯი 1: კითხვისა და წერის უნარების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით
პირველ ეტაპზე დავიწყეთ ლუიზა მეი ოლკოტის რომან „პატარა ქალების“ ტექსტის კითხვა და ანალიზი. გამოცდილებამ აჩვენა, რომ გაკვეთილში უცხოური ლიტერატურის ინტეგრირება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, ემპათიის, კულტურული ცნობიერების ამაღლებას, ენობრივ განვითარებას და შემოქმედებითი უნარების სტიმულირებას. მუშაობისას მთავარი დაბრკოლება ის იყო, რომ ტექსტის დედანი არ გახლდათ ადაპტირებული კლასის რეალურ საჭიროებებთან და ერთგვარ ბარიერს ქმნიდა მის ასათვისებლად. ამიტომ გადავწყვიტეთ, გამოგვეყენებინა ხელოვნური ინტელექტის „ტექსტის ადაპტაციის ასისტენტი“ (მაგალითად, ChatGPT), რათა მოსწავლეებს პერსონალურად დავხმარებოდით რთული ტექსტების პერეფრაზირებაში ნარატივის მთლიანობის შენარჩუნებით. ამგვარად, ერთგვარად გავზომავდით გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პერსპექტივას და გამოწვევებს ენობრივი უნარების გაუმჯობესების თვალსაზრისით, იმერსიულ სასწავლო გარემოში. ამასთან, მოსწავლეებს დაევალათ ChatGPT-სთვის დაესვათ სოკრატული ტიპის კითხვები იმ საკითხების შესახებ, რომლებიც მათთვის ერთგვარ „აქილევსის ქუსლს’’ წარმოადგენდა. ChatGPT-ს დახმარებით მიღებული ხარაჩოსებური მაგალითების შემდეგ მოსწავლეებმა მოამზადეს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოები, რომლებიც პასიური ფორმით უნდა აეღწერათ. ამას მოჰყვებოდა შეცდომების ანალიზისა და ტექსტის კორექტირების ფაზა, რომელსაც ადაპტირებული ქვიზები ზომავდა. საბოლოოდ, აღნიშნული ღონისძიების შედეგების ანალიზის ფაზაზე, პოსტტესტირებისას, მოსწავლეების უმეტესობამ აღნიშნა, რომ ChatGPT-ს ეთიკურმა გამოყენებამ მათ უბიძგა, კომპლექსური საკითხებისთვის უფრო კრიტიკულად და შემოქმედებითად შეეხედათ.
ილუსტრაცია N1. AI-ის მიერ დაგენერირებული ილუსტრაცია ასახავს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტრადიციულ გაკვეთილში ჩართულობას და გაკვეთილის შემდეგ – მინირეფლექსიას მოსწავლეთა მიერ გაკვეთილის შეფასების უკუკავშირის შედეგებით.
SWELL მეთოდის გამოყენებისას მოსწავლეებს ვყოფთ წყვილებად, ძლიერი-სუსტთან პრინციპით, რადგან ძლიერმა მოსწავლემ უნდა შეითავსოს „ასისტენტის“ (Helper) როლი, ხოლო შედარებით „სუსტი“ ხდება ე.წ ,,მწერალი’’ (Writer). ისინი ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე ასრულებენ დავალებას. ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი ასევე ასრულებს ასისტენტ-მრჩეველის როლს, ხოლო მასწავლებელი რჩება დამკვირვებლად და საჭიროების შემთხვევაში იძლევა უკუკავშირს.
Table N1. This table outlines how each step of the SWELL writing model is enhanced using ChatGPT as a collaborative digital tool. The integration supports students in developing ideas, drafting, editing, and reflecting with both peer and AI assistance
| SWELL Stage | Traditional Activity | AI (ChatGPT) Integration |
| Step 1: Ideas | Brainstorm using WH-questions (e.g., Who? What? Where?). Use maps and clustering. | Students ask ChatGPT to help generate questions or story prompts. E.g., ‘Help me brainstorm a story about Family relationships to enhance Family-related vocabulary. |
| Step 2: Draft | The writer begins drafting using their brainstormed ideas. Focus on idea flow, not correctness. | Students consult ChatGPT for grammar help, rephrasing suggestions, or to continue a sentence. E.g., ‘Does this sound natural?’ |
| Step 3: Read | Writer reads the draft aloud; Helper listens and supports corrections. | Students paste drafts into ChatGPT to check for clarity or awkward sentences. |
| Step 4: Edit | Review for Meaning, Order, Spelling, Punctuation, Style. Collaboratively revise with a partner. | Use ChatGPT to identify grammar issues and improve coherence. E.g., ‘Edit this paragraph for grammar and style.’ |
| Step 5: Best Copy | The writer prepares the final version of the story. Both students’ names are included. | ChatGPT helps polish and format the final copy. E.g., ‘Make this ready for submission.’ |
| Step 6: Evaluation | The teacher provides feedback, and students review it together, revising accordingly. | Students use ChatGPT to understand and revise their work based on the teacher’s comments. E.g., ‘My teacher said this paragraph lacks some structure—can you help?’ |
რატომ მუშაობს ეს სქემა ეფექტურად?
- ხდება სოციალური ინტერაქცია: მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთისგან, რაც ამაღლებს მათ თანამშრომლობით კულტურას.
- იმატებს AI-ს ეთიკური მხარდაჭერა (Scaffolding): ამ მეთოდის გამოყენებისას ხელოვნური ინტელექტი მოსწავლის ნაცვლად კი არ წერს, არამედ კითხვა-პასუხის რეჟიმში ეხმარება მას (ლექსიკური მარაგი, სინტაქსური მინიშნებები და მაგალითები), რათა ამ უკანასკნელმა უკეთ გამოხატოს და განავითაროს თავისი აზრი.
- წერის პროცესი გამდიდრებულია დრამატული კონტექსტით: წერა აღარ არის უბრალოდ მოსაწყენი, აბსტრაქტული დავალება; ის ემსახურება კონკრეტულ მიზანს – სპექტაკლისთვის ტექსტის წერას, ადაპტირებას და სპექტაკლის დადგმას. როდესაც მოსწავლემ იცის, რომ მის მიერ დაწერილი დიალოგი სცენაზე გაჟღერდება, იმატებს მისი მოტივაცია, პასუხისმგებლობა და სწავლისადმი ავტონომიურობა, რაც ჰევტაგოგიურ უნარებს ავითარებს და სამომავლოდ ასეთი მოსწავლე თავად ხდება საკუთარი განვითარებისთვის საჭირო ცოდნის მიღების „სცენარისტი“.
ნაბიჯი 2: მოსმენისა და საუბრის პრაქტიკა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის საშუალებით
მოსმენის უნარების გასაუმჯობესებლად გამოვიყენეთ ElevenLabs Voice Library – ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი ტექსტის მეტყველებად გარდაქმნის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიმუშავებს მაღალი ხარისხის ბუნებრივ ხმას. ამ ინსტრუმენტმა მოსწავლეებს შესთავაზა სამიზნე უცხო ენისთვის დამახასიათებელი გამოთქმის მრავალფეროვანი მოდელები, რაც აადვილებდა მახვილის, რიტმისა და ინტონაციის სიზუსტის დაცვას ზეპირმეტყველებაში. ამასთან, მოსწავლეებს შეეძლოთ, არაერთხელ მოესმინათ „პატარა ქალების“ მიხედვით შექმნილი ადაპტირებული დიალოგებისთვის, რამაც მათ საშუალება მისცა, ევარჯიშათ ბუნებრივ გამოთქმაზე და, ამასთან, გაეუმჯობესებინათ მოსმენის უნარ-ჩვევაც. მრავალფეროვანი ხმებისა და აქცენტების ხელმისაწვდომობამ მოსწავლეებს დაანახა ენობრივი ვარიაციები, ხოლო პერსონალიზებულმა აუდიოფაილებმა შესაძლებელი გახადა ინდივიდუალური ვარჯიში, თვითკორექტირება და თავდაჯერების ამაღლება, რომლის ნაკლებობაც, კვლევების მიხედვით (Żammit, 2025, Crompton et al. 2023, 2024), ერთგვარი ბარიერია უცხოურ ენაზე ინტერაქციის დროს.
კიდევ ერთი გენერაციული AI ინსტრუმენტი InVideo.ai გამოვიყენეთ სცენარის შინაარსის აღსაქმელად და როლების გასანაწილებლად. ამ ხელსაწყოს დახმარებით შეიქმნა მოკლე სიუჟეტური ვიდეოები, რომელთა მთავარი დანიშნულება მოსწავლეთათვის ე.წ. Prompting-ის უნარის განვითარება იყო და რომელთა რელევანტურობა და სიუჟეტებთან კავშირი პირდაპირ ასახავდა მოსწავლეთა მიერ ტექსტის გაგება-გააზრების დონეს. ვიდეოები შესანიშნავად აშუქებდა თემატურ გარემოს, ქნიდა რეალურ განწყობას და პერსონაჟთა ურთიერთქმედების გაცოცხლების საშუალებასაც იძლეოდა, რაც მოსწავლეებს სიუჟეტის ვიზუალიზაციას უადვილებდა და სპექტაკლში შემოქმედებითად ჩართვისადმი მზაობას მატებდა.
ნაბიჯი 3: მისი უდიდებულესობა თეატრი საკლასო ოთახში
ადაპტირებული სპექტაკლი „პატარა ქალების პირობა“ იყო დინამიკური და კარგად სტრუქტურირებული ლიტერატურული წარმოდგენა, რომელიც ენას, კულტურასა და ხელოვნებას აერთიანებდა. მოსწავლეების ინგლისურენოვანმა დებიუტმა აჩვენა არა მხოლოდ მათი ენობრივი პროგრესი, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაც, როგორიცაა თავდაჯერებულობა, თანამშრომლობა, ჯგუფში მუშაობა და სოციალურ-ემოციური სწავლების გარემოც (SEL) შექმნა. სპექტაკლში სიღრმისეული ჩართულობის საშუალებით პატარა მსახიობებმა სწავლების საბაზო საფეხურზევე მარტივად დაძლიეს ფართო აუდოტორიასთან გამოსვლის შიში და მღელვარება, ისწავლეს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და განუვითარდათ სკოლისადმი მიკუთვნებულობის განცდა.
შედეგები
გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სპექტაკლში მოსწავლეთა მონაწილეობის ეფექტურობის გასაზომად ჩატარებული ანკეტურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ინგლისური ენის სწავლებაში დრამაპედაგოგიკის როგორც სწავლების მეთოდის დამკვიდრებამ პოზიტიური გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ინგლისური ენის სწავლის მოტივაციაზე, არამედ გაზარდა მოსწავლეთა თავდაჯერებაც, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების, კრიტიკული ანალიზისა და რეფლექსიის უნარის ჩამოყალიბებას. ამრიგად, საგაკვეთილო პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ეთიკურად სრულიად მისაღები და უსაფრთხო გახდა.
დასკვნა
თეატრი ყოველთვის იყო და იქნება თვითგამოხატვის, შემოქმედებითი საწყისის გამოხატვისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის მძლავრი ინსტრუმენტი, ხოლო თუ ის როგორც „მისი უდიდებულესობა“ საკლასო ოთახშიც შემობრძანდება, ენის შესწავლა ცოცხალ გამოცდილებად გარდაიქმნება. შედეგად კი სწავლა იქცევა იმერსიულ პლაცდარმად, სადაც უსიცოცხლო დავალებები გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებით ფენიქსივით აღდგება და გაცოცხლდება, ხოლო უცხოური ენის ათვისების პროცესი აღიქმება მედიატორად მოსწავლის ცოდნის თეორიულ საფუძველსა და პრაქტიკას შორის.
ამგვარად, დრამაპედაგოგიკისა და ტექნოლოგიების შერწყმა ინგლისური ენის სწავლების პარადიგმაში ხელს უწყობს მოსწავლეთა ფარული ნიჭის გამოვლენას და ავითარებს ისეთ აუცილებელ უნარებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ენობრივ ბარიერებს, შესაბამისად, მოსწავლეს მღელვარებისგანაც ათავისუფლებს. შედეგად კი ტრადიციული საკლასო ოთახი გარდაიქმნება სივრცედ, სადაც ხელოვნება, ტექნოლოგია და სწავლების დიდაქტიკური პრინციპები სინთეზურად ერწყმის ერთმანეთს.
გამოყენებული ლიტერატურა
- Coggin Philip A. (1956). Drama and Education. An Historical survey from Ancient Greece to the present day, London: Thames and Hudson.
- Crompton, H., Edmett, A., Ichaporia, N., & Burke, D. (2024). AI and English language teaching: Affordances and challenges. British Journal of Educational Technology, 55, 2503–2529. https://doi.org/10.1111/bjet.13460
- Edmiston, B. (2018) Foreword. In: K. Dawson and B.K. Lee, Drama-Based Pedagogy: Activating Learning Across the Curriculum. Bristol: Intellect Books, p. xii.
- Ellis, R. (2003). Task-based language learning and teaching. Oxford, UK: Oxford University Press.
- Zammit, J. (2025). Does multilingualism hold the golden key to acquiring the Maltese language? International Journal of Multilingualism, 22(1), 1–26. https://doi.org/10.1080/14790718.2025.2475395




