ორშაბათი, აგვისტო 24, 2026
24 აგვისტო, ორშაბათი, 2026

„ჩუმი მოსწავლის“ ფენომენი და მიდგომები მათემატიკის გაკვეთილზე

ყველა მასწავლებელს ჰყოლია მოსწავლე, რომელიც ჩუმად ყოფნას ირჩევს. ის არასოდეს იწევს ხელს, თავს არიდებს დაფასთან გამოსვლას, კომუნიკაციაში მხოლოდ თვალების კონტაქტით შემოიფარგლება და სიჩუმეს თავშესაფრად იყენებს. საგანმანათლებლო სივრცეში მათ ხშირად „ჩუმ მოსწავლეებს“ (Quiet Students) უწოდებენ. პედაგოგთა ნაწილი მას მცდარად მიაწერს სიზარმაცეს ან საგნის უცოდინარობას. თუმცა, რეალობა ბევრად კომპლექსურია. ამ დუმილის მიღმა ხშირად იმალება მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პერფექციონიზმი, არასწორი პასუხის შიში ან ძლიერი „მათემატიკური“

შფოთვა.

„ჩუმი მოსწავლის“ ფენომენი საკლასო ოთახში და „მათემატიკური შფოთვა“ (Math Anxiety) ხშირად ერთმანეთს ჰგავს, რადგან ორივე შემთხვევაში მოსწავლე პასიურია, თუმცა მათ შორის ფუნდამენტური ფსიქოლოგიური და ქცევითი განსხვავებაა.

მარტივად რომ ვთქვათ, „ჩუმი მოსწავლე“ არის პიროვნული მახასიათებელი და აზროვნების სტილი, ხოლო „მათემატიკური შფოთვა“ არის ემოციური ბარიერი და შიში.

მახასიათებელი მათემატიკური შფოთვა ჩუმი მოსწავლე
რა არის არსი? ემოციური ბლოკი და პანიკა, რომელიც გამოწვეულია მათემატიკური დავალებების ან შეფასებების გამო ხასიათის შტრიხი (ინტროვერსია ან სწავლის სტილი), როცა ბავშვს ურჩევნია მოსმენა და გაანალიზება
სად ვლინდება? მხოლოდ მათემატიკაში (ან ზუსტ მეცნიერებებში) სხვა გაკვეთილებზე მოსწავლე შეიძლება სრულიად ლაღი და აქტიური იყოს სხვა ყველა გაკვეთილზე ბავშვი მშვიდია.
რა ხდება ტვინში? მარკ ეშკრაფტის კვლევით, შიში ბლოკავს. ბავშვმა იცის მასალა, მაგრამ თითქოს ტვინი „გაეყინა“. ტვინი ჩვეულებრივ მუშაობს. ბავშვს არა აქვს ბლოკი, მას უბრალოდ სჭირდება დრო ჩამოსაყალიბებლად.
ფიზიკური სიმპტომები ტესტის დროს ეწყებათ ხელების კანკალი, ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება ფიზიკური სტრესი არ აღენიშნება. უსმენს და აკეთებს ჩანიშვნებს
საკონტროლო შეკითხვა მასწავლებლისთვის „ბავშვს მათემატიკის ეშინია თუ ზოგადად ირჩევს სიჩუმეს?“ „ეს ბავშვი მხოლოდ ხმამაღალ საუბარს ერიდება თუ რეალურად უჭირს ამოცანის გაგება შიშის გამო?“

 

ზოგჯერ „ჩუმი მოსწავლე“ შეიძლება გახდეს მათემატიკური შფოთვის მსხვერპლი თუ მასწავლებელი მას ძალდატანებით გამოიძახებს დაფასთან და კლასის წინაშე სტრესში ჩააგდებს. მეორე მხრივ კი, აქტიური და ექსტრავერტი ბავშვიც კი შეიძლება „ჩუმი მოსწავლე“ გახდეს მათემატიკის გაკვეთილზე, თუ მას ეს შფოთვა დაემატება.

პრაქტიკული მიდგომები და სტრატეგიები „ჩუმი მოსწავლის გასააქტიურებლად“:

  • ინტროვერტი ბავშვისთვის დროის მიცემა (Think-Time):

ტრადიციული გაკვეთილი ხშირად იმ მოსწავლეებზეა ორიენტირებული, რომლებიც წამებში რეაგირებენ. ჩუმ მოსწავლეს, როგორც წესი, ინფორმაციის სიღრმისეული, შინაგანი გადამუშავება სჭირდება. ეფექტური მიდგომა კითხვის დასმის შემდეგ, 3-5 წამიანი პაუზის გაკეთება და კლასისთვის თქმა: „ახლა არავინ უპასუხოს, ყველამ 30 წამი დამოუკიდებლად იფიქროს“. ამ დროს მოზარდს ეხსნება დროის წნეხი და ეძლევა შანსი, საკუთარ ლოგიკაში დარწმუნდეს;

  • ფიქრის გაზიარება ეტაპობრივად (Think-Pair-Share). საჯაროდ, მთელი კლასის წინაშე აზრის გამოთქმა დიდი სტრესია. ამიტომ პროცესი მცირე ნაბიჯებით უნდა დაიწყოს. ჯერ მოსწავლე ამოცანას ხსნის ინდივიდუალურად, შემდეგ თავის იდეას უზიარებს მხოლოდ ერთ მეწყვილეს, ამის შემდეგ ხდება ჯგუფური მსჯელობა. წყვილებში მუშაობისას ჩუმი მოსწავლე თავს უსაფრთხოდ გრძნობს, მცირე აუდიტორიაში თავდაჯერებულობა ემატება და კლასის წინაშე გამოსასვლელად ემზადება;
  • „ჩუმი მოსწავლე“ და ციფრული ინსტრუმენტები:

აქტიურობა ყოველთვის ხმოვან პასუხს არ ნიშნავს. მათემატიკის გაკვეთილზე იდეალური გამოსავალია ინტეგრირებული მცირე დაფები (Whiteboards), სადაც ბავშვები ფორმულას წერენ და მასწავლებელს ვიზუალურად უჩვენებენ. ასევე, თანამედროვე ციფრული პლატფორმებიც (მაგ. Padlet ან Mentimeter) აძლევს საშუალებას ჩუმ მოსწავლეებს, წერილობით ატვირთონ თავიანთი საინტერესო ამოხსნის გზები საერთო ეკრანზე;

  • არავერბალური და პერსონალური უკუკავშირი:

იმის ნაცვლად, რომ ბავშვი კლასის წინაშე შევაქოთ (რამაც შეიძლება ის კიდევ მეტად ჩაკეტოს ზედმეტი ყურადღების გამო), უმჯობესია გამოვიყენოთ პერსონალური მიდგომა: ჯგუფური მუშაობის დროს მასწავლებელი შეიძლება მიუახლოვდეს მის მერხს, თვალი გადაავლოს ნამუშევარს და დაბალი ხმით უთხრას: „ეს პროპორცია ზუსტად დაგიწერია, ძალიან მომწონს შენი ლოგიკა“. ეს მეთოდი მოსწავლის შინაგან თვითრწმენას აგურ-აგურ აშენებს;

  • საკლასო როლების მიზნობრივი განაწილება:

ჯგუფური მუშაობის დროს ჩუმ მოსწავლეს არ უნდა დავაკისროთ „სპიკერის“ როლი, თუ ის ამისთვის მზად არ არის. მას შეგვიძლია შევთავაზოთ „ანალიტიკოსის“, „მონაცემთა მცველის“ ან „გრაფიკული დიზაინერის“ ამპლუა. ის აკეთებს უმნიშვნელოვანეს მათემატიკურ გათვლებს გუნდისთვის, მისი წვლილი თვალსაჩინოა.

მათემატიკის გაკვეთილზე სიჩუმე არ ნიშნავს ვაკუუმს ან ცოდნის დეფიციტს. ხშირად ყველაზე მშვიდ მერხთან იბადება ღრმა ლოგიკური აღმოჩენები. თანამედროვე პედაგოგიკის უმთავრესი მისიაა, საკლასო ოთახი აქციოს ისეთ უსაფრთხო ემოციურ გარემოდ, სადაც აქტიურობის საზომი იქნება არა ხმის ტემბრი და პასუხის სისწრაფე, არამედ აზროვნების ხარისხი, როდესაც „ჩუმი მოსწავლე“ ხედავს, რომ მასწავლებელს მისი უხმო შრომაც კი ესმის, დუმილის კედელი ნელ-ნელა იწყებს მსხვრევას და იბადება უმთავრესი შინაგანი ძალა – რწმენა იმისა, რომ ის საინტერესო და მნიშვნელოვანია.

გამოყენებული ინტერნეტრესურსები:

  1. https://fr.scribd.com/document/897585566/Silent-Pedagody-Ollin
  2. https://www.academia.edu/50364022/Understanding_Silence_and_Rettps://www.cambridge.org/core/journals/language-teaching/article/interaction-and-instructed-second-language-acquisition/78A156EE200F744F5978F99BFB073DBEticence_Ways_of_Participating_in_Second_Language_Acquisition
  3. https://journals.sagepub.com/doi/pdf/10.2304/elea.2008.5.3.310

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“