წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს პედაგოგიურ ნარატივს – პროფესიული გამოცდილების საფუძველზე შექმნილ რეფლექსიურ ჩანაწერს, რომელიც თანამედროვე მასწავლებლის ყოველდღიურობას, მრავალფეროვან როლებსა და ციფრული ეპოქის გამოწვევებს ასახავს. ნარატივის მიზანია, წარმოაჩინოს ის უხილავი ემოციური და პროფესიული დატვირთვა, რომლის პირობებშიც მასწავლებელს უწევს საკუთარი მისიის, ადამიანური ურთიერთობებისა და პროფესიული პასუხისმგებლობების დაბალანსება. ნარატივი ასევე აჩვენებს პედაგოგიკის როგორც მეცნიერების კომპლექსურობას და არსს თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში, რომლის ილუსტრირებაც მეტაფორული ტექსტებით ადამიანის შინაგანი სამყაროსა და ტექნოლოგიის დამაკავშირებელ ბეწვის ხიდზე გადის.
როგორ შევინარჩუნოთ ადამიანურობა იქ, სადაც ინფორმაციის სისწრაფე ხშირად აღემატება ფიქრის ტემპს? როგორ ვასწავლოთ მომავალ თაობას კრიტიკული აზროვნება, თანაგრძნობა, თანაგანცდა და პასუხისმგებლობა იმ რეალობაში, სადაც ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო აქტიურად ერთვება სწავლა-სწავლების, აზროვნებისა თუ შემოქმედების პროცესში?
წარმოდგენილი ნარატივი სწორედ ამ კითხვებზე ფიქრისა და ანალიზის მცდელობაა. ის მეტაფორულად აღწერს თანამედროვე ადამიანის, უწინარესად კი მასწავლებლის, ცხოვრებას – ცხოვრებას, სადაც ერთდროულად მრავალი როლის შესრულება გვიწევს და ზოგჯერ გვგონია, რომ საკუთარ ხელსაც კი ვეღარ ვიმორჩილებთ (ტექსტში „ხელი“, ერთი მხრივ, ხელოვნური ინტელექტის აკრონიმია, მეორე მხრივ კი გულისხმობს მასწავლებლის და, საზოგადოდ, კაცობრიობის მისიის მთავარ ძალას, რომლის ეთიკური და კეთილშობილური გამოყენებაც დღეს ადამიანისა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის კავშირის ერთგვარი დილემაა).
წარმოვიდგინოთ საცირკო სანახაობა… დედამიწა ტრიალებს, ჯამბაზები და გაწვრთნილი ცხოველები ტრიუკებს ასრულებენ… სცენისა და კოსტიუმების სიჭრელე, ბრწყინვალება, მკვეთრი მუსიკა და შესრულების დინამიკა, რომელიც აშკარად განსხვავდება რეალური ცხოვრების ტემპისგან. აქ თითქოს სამყაროს სწყდები და წუთიერად წყვეტ არსებობას რეალურ დროში, იქამდე, ვიდრე მობილურზე მოსული გამაფრთხილებელი შეტყობინება კომუნალური გადასახადის შესახებ თავს არ შეგახსენებს და რეალობაში დაბრუნებას არ გაიძულებს. მუსიკა, მკვეთრი ფერები და მსახიობები სცენის მიღმა რჩებიან, შენ კი საკუთარ თავს ეკითხები: ახლა რა ვქნა? როგორ მოვიქცე? – რაზეც შენი ცარიელი ჯიბე საიმედოს ვერაფერს გპირდება და ვერც განუგეშებს.
ამასობაში ჟონგლიორების მიერ ჰაერში ატყორცნილი ბურთების სიმრავლე თვალს გჭრის და, საკუთარ თავზე გაბრაზებულს, ისღა დაგრჩენია, ბურთები ნიჭიერად დაითვალო, იმ საბოლოო იმედგაცრუებით, რომ ეს ჯადოქრობა კი არა, ხელის სისწრაფე და ილუზიაა, ილუზია, რომელიც ქმნის შენს წარმოსახვას, ინტელექტს და საბოლოოდ შენი ცარიელი ჯიბის მიზეზი ხდება. მაგრამ, მოდი, ცოტა ხნით, კულისების მიღმაც შევიხედოთ…
– მე წავედი! – მინდა, ჩანთას ხელი დავტაცო და ერთ დროს ყველაზე სათუთად მოპოვებული, მოსწავლეთა ლამის ხავსმოდებული შემაჯამებელი დავალებების ანგარიშები, რომელთა დამუშავებას და ანალიზს რამდენიმე ათეული დღე მოვანდომე, ჯანდაბაში გავაგზავნო.
– დედა, მალე მოხვალ? – თავს მახსენებს ჩემი ნაბოლარა შვილი, რომელსაც ათი დღეა ვპირდები, რომ როგორც კი ჩემს საქმეს მოვრჩები, პარკში წავიყვან და კარუსელებზე ვაქანავებ.
– დღეს თქვენი მორიგეობაა, – ჩემს შეჩერებას ცდილობს კოლეგა, მაგრამ ვიდრე ბოლო სიტყვას დაასრულებდეს, მისი ხმა ექოსავით ჩაუვლის ცარიელ დერეფანს, ბავშვის ჭაჭანება რომ არ არის, იმ იმედით, მორიგეებმა მაინც შემოვუნახოთ სკოლას დანიშნულება. მერე რა, რომ ბავშვები არ არიან… კედლები – მათაც ხომ ყურები აქვთ, თვალებიც… ყველაფერს ხედავენ, ყველაფერი ესმით…
„დედა, მალე მოხვალ?!“ – მეორე შვილის გამოგზავნილ შეტყობინებას გახსნა არ უწერია… უნდა გაიგოს, რომ არ სცალია დედას, ამიტომაც ვერ ნახა მისი შეტყობინება.
ისევ სცენა… ისევ გაკაშკაშებული არენა და აღფრთოვანებული მაყურებელი… კისერზე ყვავილების აცმა მაქვს შემოხვეული. ახლა ბეწვიც ამომსვლია – ეს ტორებია თუ ჩემი ხელები? ვერაფერი გავიგე… ეს დათვის კოსტიუმი ისე მამძიმებს, საკუთარ ხელს ვერ ვიმორჩილებ… არადა, ის პატარა, ყველაზე ცნობისმოყვარე და იმედიანი თვალებით რომ მიყურებს, უნდა ავიტატო. არ ვიცი, ამ მძიმე ტორებით როგორ ავწიო, მაგრამ იმედის გაცრუების პერსპექტივა არც განიხილება.
„ჩხაკ, ჩხაკ“, – ყურებში ყველანაირი ხმა ჩამესმის, კისერს ჟირაფივით ვიგრძელებ, ფოტოგენური რომ ვიყო… და ისიც კისერზე ხელს მხვევს, ისე მეხუტება, თითქოს მეგობარი დათვი ვყოფილიყავი და თავისი ათწლიანი ცხოვრების ბოლო 5 წელი საერთოდ არ ვენახე.
Facebook memory-მ შემახსენა, რომ 20 წელი გასულა ჩვენი ქორწინებიდან… „ნეტავი არ გაახსენდებოდეს…“ ვიიმედებ თავს, თან ხვალინდელი პროექტის პრეზენტაციის დიზაინს ვაწყობ ბავშვებისთვის.
გამიმართლა!
ცრემლით დანამული სანთლების უკანასკნელი ნამწვავიც ამოვიღე ლაჟვარდოვანი სილიდან და საკურთხეველთან მლოცველ, შვილისთვის პანაშვიდის გადახდის თხოვნით მოსულ ძაძით შემოსილ დედას თვალი ვერ გავუსწორე.
დღეს ჩემს პატარა ოთახში ცისკრის ვარსკვლავი გამოჩნდა. თავიდან სულ ერთი ციდა იყო, მაგრამ როგორც კი დამიმარტოხელა და თვალებში ანარეკლად აისახა, მთელი საკანი ატომური ბომბის აფეთქების მომენტისთვის ადამიანის შიშად ქცეული სულის მარადისობის სინათლით აკაშკაშდა.
„მოდი, თხზულება დამიწერე, მასწავლებელმა დამავალა! მაგრამ ისეთი დაწერე, რომ ვერ მიხვდეს, ჩემი დაწერილი რომ არ არის, ადამიანური გახადე, შეცდომებიც დაუშვი…“
– კარგი, სიამოვნებით, ოღონდ მითხარი, რაზე უნდა იყოს თხზულება?
– „კაცობრიობის განვითარების მომავალი მხოლოდ ადამიანის ხელშია“.
– მართალია. ასე რატომ ფიქრობ?
– ამდენი ფიქრის დრო რომ მქონდეს, შენ ხომ არ გეტყოდი!
– გეთანხმები, კაცობრიობის მომავალი შენს ხელშია.
…
ეკრანზე მოციმციმე კურსორს დიდხანს შევყურებდი. მერე ხელი კლავიატურაზე დავდე. ამჯერად დამემორჩილა… გული შეიკუმშა… მონიტორზე სიცოცხლისთვის საჭირო ხაზები ერთიმეორის მიყოლებით აღდგა… პლანეტის მეორე მხარეს ჩატარებული ოპერაცია სიკვდილს ნეირონებივით სწრაფ სიცოცხლედ დაუჯდა.


