ორშაბათი, აგვისტო 10, 2026
10 აგვისტო, ორშაბათი, 2026

„ფანტაზიის კალათა“ – ბაღისა და ოჯახის პარტნიორობა ბავშვზე ორიენტირებული კურიკულუმის ფარგლებში

თანამედროვე სკოლამდელი განათლება ეფუძნება იდეას, რომ ბავშვი ყველაზე ეფექტიანად მაშინ სწავლობს, როდესაც სასწავლო გამოცდილება მის ინტერესებსა და ყოველდღიურ გამოცდილებას ეყრდნობა. საქართველოში დანერგილი ავტორიზაციის სტანდარტი ყურადღებას ამახვილებს ბავშვზე ორიენტირებულ კურიკულუმზე, სადაც ბავშვი აღიქმება როგორც აქტიური მკვლევარი და არა როგორც ცოდნის პასიური მიმღები.

დღევანდელი ბავშვები სრულიად განსხვავებულ სამყაროში იზრდებიან, სადაც რეალურ თამაშს ხშირად ეკრანი ანაცვლებს. მუდმივი ციფრული სტიმულაციის პირობებში ბავშვებს უჭირთ კონცენტრაცია, დამოუკიდებლად თამაში და ემოციების მართვა. ამ გამოწვევების საპასუხოდ დღის წესრიგში დგება ისეთი სტრატეგიების დანერგვის საკითხი, რომლებიც ბავშვს თავისუფალი თამაშისა და აღმოჩენების სიხარულს დაუბრუნებს.

განვიხილოთ თეორიული ჩარჩო: ბავშვის მოწყენიდან შემოქმედებამდე.

ფსიქოლოგიური პერსპექტივით, მოწყენა განვითარების დასაწყისია. როდესაც ბავშვი მოწყენილია, მისი ტვინი იწყებს ფიქრს, წარმოსახვას და გარემოზე დაკვირვებას. „ფანტაზიის კალათის“ (იმავე „აღმოჩენების ყუთის“) კონცეფცია ეყრდნობა ჟან პიაჟესა და ლევ ვიგოტსკის თეორიებს, რომლებიც ხაზს უსვამენ წარმოსახვისა და სოციალური ურთიერთობის წამყვან როლს განვითარებაში.

სკოლამდელ ასაკში წარმოსახვა ბავშვის მთავარი ინსტრუმენტია სამყაროს შესაცნობად. როდესაც ბავშვი იგონებს პერსონაჟებსა და სიტუაციებს, ის სწავლობს პრობლემების გადაჭრას, ემოციების გამოხატვას და მეტყველების განვითარებას.

როგორ დავეხმაროთ მშობლებს რესურსების მოძიებაში? შევთავაზოთ, მოაგროვონ მარტივი, უსაფრთხო ნივთები: ფერადი ქსოვილები, ხის კოვზები, ქაღალდის რულონები, გირჩები, კენჭები, თოკები და ცარიელი კონტეინერები. შეგროვების პროცესში ჩართონ ოჯახის წევრებიც.

ეკონომიურობა: ავუხსნათ მათ, რომ ეს სტრატეგია არ მოითხოვს ძვირ რესურსებს და ხშირად ბავშვი მუყაოს ყუთით უფრო მეტხანს თამაშობს, ვიდრე ძვირად ღირებული სათამაშოთი. ასევე, განვსაზღვროთ უფროსის როლი. უფროსი უნდა იყოს „დამკვირვებელი და არა მმართველი“.

მშობლებისთვის ყველაზე რთული ინსტრუქციების მიცემისგან თავის შეკავებაა. მათ უნდა ვასწავლოთ, რომ:

. არ მართონ თამაშიარ გასცენ მზა პასუხები და არ „შეუსწორონ“ ბავშვს იდეები.

. გამოიყენონ ღია კითხვები თამაშის წასახალისებლად დასვან შეკითხვები: „ეს როგორ ააშენე?“, „ვინ იცხოვრებს აქ?“, „მერე რა მოხდება?“ – და ა.შ. ეს ბავშვს საკუთარი სამყაროს შექმნაში დაეხმარება.

დაეხმართ მშობლებს ამ მეთოდის ყოველდღიურ რუტინაში ინტეგრირებაში, სადაც ის ეკრანის ალტერნატივად იქცევა. ვურჩიოთ, გამოიყენონ ის მაშინ, როცა ბავშვი ტელეფონს ითხოვს. გავუზიაროთ მარტივად აღსაქმელი ილუსტრირებული პოსტერები, რათა ჰოლისტურად აღიქვან ერთი სახალისო სტრატეგიის სარგებლიანობა.

„ოჯახური ფანტაზიის საღამოზე მთელი ოჯახი მხოლოდ მარტივი ნივთებით თამაშობს. ეს აძლიერებს ოჯახის წევრებს შორის ემოციურ კავშირს და ბავშვს მნიშვნელოვნების განცდას უნერგავს. აქვე შესაძლებელია, ბავშვმა ახალი სცენარი, ახალი ამბავი შეთხზას, რომელსაც მშობლები ჩაიწერენ. შემდეგ ბავშვი ამ ამბავს დაასათაურებს,  დაასურათებს და თავის საავტორო წიგნად აქცევს.

აღნიშნული სტრატეგიების განხილვა, მშობლებისათვის რეკომენდაციების მიცემა ბაღისა და ოჯახის მჭიდრო პარტნიორობის საწინდარია.

სკოლამდელ დაწესებულებას შეუძლია, სისტემური მხარდაჭერაც გაუწიოს მშობლებს. მაგალითად:

  • გამოიყენეთ მშობელთა კლუბები ან თემატური შეხვედრები სტრატეგიის დეტალური გაცნობისთვის.
  • სთხოვეთ მშობლებს, გააზიარონ ფოტოები და ისტორიები იმის შესახებ, როგორ გამოიყენეს კალათა სახლში.
  • გაუზიარონ გამოცდილება და გაააცნონ სხვა მშობლებს თამაშის დროს შექმნილი რესურსები.
  • გააზიარონ ბავშვის მიერ თამაშის დროს მიღებული შთაბეჭდილებები და ემოციები.

მშობლები დაინახავენ, რომ ბავშვი არა მხოლოდ ერთობა, არამედ შეიცნობს სამყაროს, სწავლობს პრობლემის გადაჭრას და დამოუკიდებლობას, ივითარებს ლექსიკურ მარაგს, წარმოსახვით და შემოქმედებით უნარებს.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პრაქტიკა აგებს ბუნებრივ ხიდს ბაღიდან სკოლამდე. ბავშვებს, რომლებიც რეგულარულად ერთვებიან მსგავს აქტივობებში, დაწყებით საფეხურზე უკვე აქვთ პრობლემის გადაჭრის უნარი, კვლევისა და ექსპერიმენტის გამოცდილება, საკუთარი აზრის გამოხატვისა და თანამშრომლობის ჩვევები.

„ფანტაზიის კალათა“ არ არის მხოლოდ ნივთების კრებული; ეს არის ფილოსოფია, რომელიც ბავშვს უბრუნებს უფლებას, იყოს საკუთარი სასწავლო პროცესის აქტიური შემოქმედი. საქართველოში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, მსგავსი დაბალბიუჯეტიანი, მაგრამ მაღალეფექტური სტრატეგიების დანერგვა გადამწყვეტია ხარისხიანი და ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შესაქმნელად.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Jean Piaget — ბავშვის კოგნიტური განვითარების თეორია.
  2. Lev VygotskyMind in Society; The Language and Thought of the Child.წარმოსახვისა და სოციალური ურთიერთობის მნიშვნელობა.
  3. საქართველოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტი.
  4. NAEYC (National Association for the Education of Young Children) — სკოლამდელი განათლების პრაქტიკული რეკომენდაციები.
  5. UNICEF Georgia — ადრეული და სკოლამდელი განათლების მეთოდური მასალები.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

უსაფრთხო სკოლისთვის

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“