სამშაბათი, აგვისტო 4, 2026
4 აგვისტო, სამშაბათი, 2026

როგორ ვაქციოთ საბაზო საფეხურის შეჯამება მოსწავლის ხმად

დამრიგებლის დღიური

თანამედროვე განათლების მთავარი გამოწვევა არა მხოლოდ მზა ცოდნის გადაცემა, არამედ იმგვარი გარემოს შექმნაა, რომელშიც მოსწავლე საკუთარი სასწავლო პროცესის თანაავტორი ხდება. როდესაც მოსწავლეს ვუსმენთ, ვენდობით და აზრის გამოთქმის თავისუფლებას ვაძლევთ, შედეგი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს.

თანამედროვე სკოლაში დამრიგებლის როლი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას ან დასწრების კონტროლს. დამრიგებელი არის მენტორი, ფასილიტატორი და მთავარი რგოლი, რომელსაც შეუძლია მოსწავლის შინაგანი პოტენციალის აღმოჩენა და მისი სწორი მიმართულებით წარმართვა.

მსურს გაგიზიაროთ ჩემი კლასის (მე-10 კლასი) მაგალითზე მიღებული უნიკალური გამოცდილება — თუ როგორ ჩავატარეთ საბაზო საფეხურის შემაჯამებელი ინტეგრირებული ფორუმი „გზა სრულყოფილებისკენ — მოსწავლის ხმა“. ამ პროექტის მთავარი სათქმელი და გამოწვევა იყო ის, რომ იგი განხორციელდა საგნის პედაგოგების უშუალო ჩართულობის გარეშე. როგორც დამრიგებელი, თავად გავხდი მოსწავლეთა გზამკვლევი ყველა საგნობრივი პრეზენტაციისა თუ კვლევის მომზადების პროცესში.

როგორც დამრიგებლისთვის, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა იყო თითოეული მოსწავლის ფარული პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება. სწორედ ამიტომ, საგაკვეთილო პროცესისგან სრულიად დამოუკიდებლად, საგნის მასწავლებლების ჩართულობის გარეშე, ჩვენ კლასში დავნერგეთ პროექტული სწავლების ფორმატი. მოსწავლეები მათი რეალური ინტერესებისა და უნარების მიხედვით გადავანაწილე ოთხ ძირითად მიმართულებად — სამ საგნობრივ კლასტერად და მეოთხე — განსაკუთრებულ, ხანგრძლივ პრაქტიკულ პროექტად ხელოვნებაში, რომელიც აბრეშუმზე მუშაობის ურთულეს და ულამაზეს ტექნიკას ეხება. აქ ჩნდება მთავარი კითხვა — რატომ და როგორ დავყავით საგნები კლასტერებად? ჩვენი მიზანი იყო დაგვეძლია საგნების იზოლირებულად სწავლების ტრადიციული მიდგომა. თითოეულ კლასტერში საგნები ერთმანეთთან ლოგიკური, შინაარსობრივი კავშირებითა და საერთო პრობლემატიკით დავაკავშირეთ.

 

 საგნობრივი კლასტერების არქიტექტურა

  • STEM კლასტერი: ჩვენ გავაერთიანეთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, რათა გვეჩვენებინა ერთი და იმავე გლობალური გამოწვევის ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ასპექტები — ამ სინთეზმა საოცარი შედეგი მოგვცა. ამ კლასტერის მომხსენებელი, რომელიც ტექნოლოგიების გავლენაზე საუბრობს, მხოლოდ თეორიით არ შემოიფარგლება — ის თავად, ფიზიკის კანონებზე დაყრდნობით, ქმნის და აწყობს კომპიუტერულ პროგრამებსა და კოდებს. ეს არის ნამდვილი STEM განათლების საუკეთესო მაგალითი.
  • ლოგიკისა და სივრცის კლასტერი: მათემატიკური ლოგიკა და გეომეტრიული სიზუსტე დავაკავშირეთ გეოგრაფიულ სივრცეებსა და სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან, რითაც მოსწავლეებმა დაინახეს, თუ როგორ მუშაობს ციფრები რეალურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
  • ჰუმანიტარული კლასტერი: ენებისა და ჰუმანიტარული მიმართულების სინთეზით, კულტურული და ისტორიული კონტექსტები გლობალურ საკომუნიკაციო ჭრილში გადავიტანეთ. მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე გააცოცხლეს თეატრალური პერფორმანსი „ელიზაბეტური ექო“ და პარალელურად იმსჯელეს ეროვნულ იდენტობაზე — ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის იდეების აქტუალობაზე თანამედროვე კონტექსტში.

ამგვარმა ინტეგრირებამ მოსწავლეებს მისცა უნარი, ერთი პრობლემის გარშემო სხვადასხვა მეცნიერების პრიზმიდან ეაზროვნათ.

 დამრიგებელი, როგორც ფასილიტატორი და Soft Skills-ის მენტორი

ჩემი, როგორც ამ პროცესის ერთპიროვნული ორგანიზატორისა და ფასილიტატორის როლი, არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ იდეის მიწოდებით. თითოეულ ჯგუფთან ერთად, კვირების განმავლობაში, ინდივიდუალურად გავიარე კვლევის დაგეგმვის, მასალების სტრუქტურირების, კრიტიკული ანალიზისა და ციფრული ვიზუალიზაციის ურთულესი ეტაპები. ჩვენ ნულიდან ავიყვანეთ და ავაწყვეთ თითოეული პრეზენტაცია, ვისწავლეთ Soft Skills — გუნდური მართვა, დროის მენეჯმენტი და საჯარო გამოსვლის ხელოვნება. ეს იყო პროცესი, სადაც მოსწავლეები წიგნიდან ფაქტების დაზეპირებიდან გადავიდნენ საკუთარი პროდუქტის შექმნაზე. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია კლასში შემსვლელ პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის.

აქტივობა I დირექციის კითხვარი — 5-წუთიანი ინტერვიუ, როგორც სასკოლო დემოკრატიის ინსტრუმენტი

ფორუმის მსვლელობისას, მას შემდეგ, რაც კოლეგებთან პანელური დისკუსია დასრულდა, მივადექით ღონისძიების ყველაზე საპასუხისმგებლო და უნიკალურ ნაწილს, რომელსაც პირობითად „დირექციის კითხვარი — 5-წუთიანი ინტერვიუ“ ვუწოდეთ. თანამედროვე განათლების სისტემაში ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ სკოლა უნდა იყოს დემოკრატიული სივრცე, სადაც მოსწავლე მხოლოდ პასიური მსმენელი კი არა, არამედ მართვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის სრულუფლებიანი თანამონაწილეა. სწორედ ამიტომ, ჩვენი სკოლის ხელმძღვანელობამ უარი თქვა ტრადიციულ, მშრალ ანკეტურ გამოკითხვებზე და აირჩია პირისპირ, ცოცხალი და ღია დიალოგის ფორმატი.

დირექციამ მოსწავლეებს დაუსვა 6 ძალიან კონკრეტული, კომპლექსური და დამაფიქრებელი კითხვა, რომლებიც ეხებოდა არა მხოლოდ მიღებულ აკადემიურ ცოდნას, არამედ სასკოლო კლიმატს, ღირებულებებს, გამოწვევებსა და სამომავლო ხედვებს. მოსწავლეების მიერ ექსპრომტად გაცემულმა პასუხებმა ნათლად აჩვენა, რომ საბაზო საფეხურის დასრულებისას ჩვენ მივიღეთ არა უბრალოდ „კურსდამთავრებულები“, არამედ მოაზროვნე, კრიტიკული და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები (აღნიშნული ინტერვიუს სრული კითხვარი მოცემულია სტატიის დანართში).

 აქტივობა II: საგნობრივი იმპროვიზაცია — 1-წუთიანი გამოწვევა

მოსწავლეების მიერ დირექციის კითხვებზე გაცემული ბრწყინვალე პასუხების შემდეგ, წინ გველოდა ყველაზე მოულოდნელი, აზარტული და გრანდიოზული ბოლო აკორდი! ამ აქტივობას ეწოდა „საგნობრივი იმპროვიზაცია: 1-წუთიანი გამოწვევა“. საბაზო საფეხურის დასრულების აღსანიშნავად, როლები სრულიად შეიცვალა — ჩვენი მოსწავლეები ნაწილობრივ გამომცდელების როლში გადავიდნენ! სცენაზე ორ ძირითად ძალას მოეყარა თავი. მქუხარე ტაშით შევეგებეთ და სცენაზე ამოვიწვიეთ ორი უძლიერესი გუნდი: ჩვენი გამბედავი მოსწავლეთა ჯგუფი და ჩვენი გამოცდილი, საყვარელი საგნის პედაგოგების ნაკრები გუნდი.

წესები ასეთი იყო: როგორც მოდერატორმა, სათითაოდ წავიკითხე ოთხი კრიტიკული, უცნაური ცხოვრებისეული სიტუაცია. ორივე გუნდს ექნებოდა ზუსტად 1 წუთი საფიქრალად. ამ დროის ამოწურვის შემდეგ, მათ ექსპრომტად უნდა წარმოედგინათ თავიანთი ვერსია, თუ როგორ გადაარჩენს ადამიანს ამ კრიზისში მათი საგნობრივი ცოდნა. ხოლო ჩვენი მკაცრი, მაგრამ სამართლიანი ჟიური — სკოლის დირექცია — აფასებდა ორივე მხარის მიერ ერთ წუთში მოფიქრებულ პასუხებს და ავლენდა, ვინ უფრო ორიგინალურად გაართვა თავი გამოწვევას: მოსწავლეების ჯგუფმა თუ პედაგოგებმა. წამზომის ჩართვამ და აზარტულმა გარემომ სრულიად მოხსნა იერარქიული ბარიერები და დაგვანახა, რომ განათლება შემეცნების საერთო, სახალისო პროცესია (კითხვები მოცემულია დანართის სახით).

 

აქტივობა III: „აზრთა გალერეა — მოულოდნელი თანხვედრა“

ნებისმიერი საგანმანათლებლო სამკუთხედის მყარი საყრდენი ოჯახია. ფორუმის მომზადების პროცესში ჩავატარე რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 14 მშობელი და 14 მოსწავლე. კვლევის ანალიზის შედეგები წინასწარ წარვუდგინე სკოლის დირექციას, თუმცა თავად ფორუმზე მშობელთა ჩართულობის სრულიად განსხვავებული, ემოციური ექსპერიმენტი ჩავატარეთ.

როგორც მოდერატორმა, დარბაზში მყოფ მშობლებს ასე მივმართე:

„ძვირფასო მშობლებო, დღევანდელი დღე თქვენი მხარდაჭერის გარეშე ასეთი ვერ იქნებოდა. წლის დასაწყისში მე თქვენ გკითხეთ, როგორ ხედავდით თქვენს როლს შვილების სასკოლო ცხოვრებაში. სულ ახლახან კი, ბავშვებს შევავსებინე ანონიმური კითხვარი, რომელსაც პირობითად „მოსწავლეთა ხმა“ ვუწოდეთ. მე თავი მოვუყარე როგორც თქვენი კვლევის, ასევე მოსწავლეების კითხვარის შედეგებს, ჩავატარე რაოდენობრივი კვლევა, რომელიც უკვე წარვუდგინე დირექციას. ახლა მინდა პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ. ეკრანზე ხედავთ რამდენიმე ფრაზას, რომელიც უშუალოდ თქვენმა შვილებმა, ჩვენმა მეათეკლასელებმა დაწერეს სრულიად ანონიმურად. ისინი წერდნენ იმაზე, თუ რა სჭირდებათ თქვენგან ყველაზე მეტად მაღალ კლასებში, რა უხარიათ და რა აწუხებთ. ჩემი კითხვა და თხოვნა თქვენთან, მშობლებთან, ასეთია: როდესაც ამ ფრაზებს კითხულობთ, ხედავთ მათში თქვენს შვილებს? მოულოდნელი იყო ეს თქვენთვის თუ ზუსტად იცოდით, რომ მათ ეს სათქმელი ჰქონდათ? გთხოვთ, ვინმემ აიღოს მიკროფონი და გაგვიზიაროს ემოცია — როგორ უპასუხებდით თქვენი შვილის ამ „ხმას“?“

ეკრანზე გამოტანილმა ანონიმურმა, გულწრფელმა ფრაზებმა და მშობლების საპასუხო ემოციებმა დარბაზში საოცარი ატმოსფერო შექმნა. მშობლები ჩაერთნენ არა უბრალოდ ფორმალურ ვორქშოფში, არამედ შვილების შინაგან სამყაროსთან ღრმა, გულახდილ დიალოგში. ამან აჩვენა, რომ კვლევა არ არის მხოლოდ მშრალი პროცენტები — ის ცოცხალი კომუნიკაციის ხიდია.

 მთავარი დასკვნა კოლეგებისთვის

ეს ფორუმი ჩემთვის, როგორც დამრიგებლისთვის, იყო დასტური იმისა, რომ საგნის მასწავლებლების უშუალო ჩართულობის გარეშეც, მხოლოდ დამრიგებლის მენტორობითა და ფასილიტაციით, შესაძლებელია საბაზო საფეხურის სრულფასოვანი საგნობრივი შეჯამება. მთავარია, აქცენტი დავსვათ არა მშრალ ფაქტებზე, არამედ ტრანსფერულ უნარებზე: კვლევაზე, კრიტიკულ აზროვნებასა და კავშირების დანახვაზე.

ფორუმი დასრულდა, თუმცა სკოლაში დარჩა მთავარი — მოსწავლეების თვალებში გაჩენილი ნაპერწკალი, საკუთარი ძალების რწმენა და გაცნობიერება იმისა, რომ მათი ხმა სკოლაში ნამდვილად ისმის.

 

 

დანართი N1: დირექციის კითხვარი — 5-წუთიანი ცოცხალი ინტერვიუ მე-10 კლასის მოსწავლეებთან

  1. ღირებულებები და პიროვნული ზრდა: საბაზო საფეხურის განმავლობაში, აკადემიური ნიშნების მიღმა, რა იყო ის მთავარი ცხოვრებისეული გაკვეთილი ან ღირებულება, რომელიც ჩვენს სკოლაში ისწავლეთ და რომელსაც მომავალში მეგზურად აირჩევთ?
  2. კრიტიკული აზროვნება და ტრანსფერი: დღევანდელ პრეზენტაციებში თქვენ აჩვენეთ საგნების საოცარი ინტეგრაცია (მაგალითად, კოდების წერა ფიზიკის კანონებით). თქვენი აზრით, როგორ დაგეხმარებათ ეს ინტერდისციპლინური ხედვა იმ რეალური, ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც სკოლის კედლებს მიღმა არსებობს?
  3. სასკოლო კლიმატი და მოსწავლის ავტონომია: თუ გქონიათ მომენტი, როდესაც სკოლაში საკუთარი იდეის ან ინიციატივის გატანა გსურდათ და როგორ შეაფასებდით სკოლის გარემოს — რამდენად გაძლევთ ადმინისტრაცია და სასკოლო საზოგადოება თვითრეალიზებისა და „მოსწავლის ხმის“ გაჟღერების თავისუფლებას?
  4. გამოწვევებთან გამკლავება და მედეგობა: ამ წლების განმავლობაში, რა იყო თქვენთვის, როგორც კლასისთვის, ყველაზე დიდი აკადემიური ან სოციალური გამოწვევა და როგორ შეძელით ამ სირთულის გადალახვა ერთობლივი ძალისხმევით?
  5. სკოლის, როგორც თემის, განვითარება: თქვენ უკვე გადადიხართ საშუალო საფეხურზე. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა არის ის ერთი კონკრეტული ცვლილება ან ინოვაცია, რომელსაც ჩვენს სკოლაში დანერგავდით სასწავლო პროცესის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად?
  6. პასუხისმგებლობა და მომავლის ხედვა: ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და გლობალიზაციის ეპოქაში, როგორ ხედავთ თქვენს როლს ქვეყნის განვითარებაში და როგორ ფიქრობთ, რამდენად მოგამზადათ საბაზო საფეხურმა იმისთვის, რომ გახდეთ გლობალური სამყაროს კონკურენტუნარიანი წევრები?

 

 დანართი N2 საგნობრივი იმპროვიზაცია: 1-წუთიანი გამოწვევა

კითხვა საბუნებისმეტყველო კათედრას!

წარმოიდგინეთ, რომ მოხვდით უკაცრიელ კუნძულზე, სადაც არ არის ინტერნეტი, ტელეფონი და ელექტროენერგია. გაქვთ მხოლოდ ერთი ლიმონი, ძველი ბატარეა და სპილენძის მავთული. დაგვიმტკიცეთ, როგორ დაგვეხმარება ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია, რომ კუნძულიდან SOS სიგნალი გავგზავნოთ და ცოცხლები გადავრჩეთ?

 

კითხვა-მათემატიკას, გეოგრაფიასა და სამოქალაქო განათლებას!

წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიოში ყველა კომპიუტერული სისტემა გაითიშა, საათები გაჩერდა, აირია რუკები და ნავიგზაცია, ხალხში პანიკაა.

როგორ დაგვეხმარება მათემატიკური ლოგიკა, გეოგრაფია და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომ პირველივე საათებში ქალაქში წესრიგი აღვადგინოთ და კატასტროფა ავიცილოთ თავიდან?

 

კითხვა-ენებსა და ისტორიას

სასკოლო ეზოში დაეშვა უცხოპლანეტელების ხომალდი. გადმოვიდნენ უცნაური არსებები, ხელში უჭირავთ უძველესი გრაგნილი და რაღაცას გაუგებრად ლაპარაკობენ. მთელი სკოლა მათ უყურებს. როგორ გამოვიყენებთ უცხო ენებს, ქართულ ფილოლოგიას და კაცობრიობის ისტორიულ გამოცდილებას, რომ მათთან მშვიდობიანი მოლაპარაკება დავიწყოთ და დედამიწა ომს გადავარჩინოთ?

 

მომავლის სკოლა 2050 წელს

ზოგადი/კრეატიული თემა

წარმოიდგინეთ, რომ დროის მანქანით გადავფრინდით 2050 წელს. სკოლებში მასწავლებლებს სრულად ანაცვლებენ რობოტები და ხელოვნური ინტელექტი, ხოლო მოსწავლეები სახლიდან საერთოდ არ გამოდიან. დაგვიმტკიცეთ, რატომ არის კლასიკური სასკოლო გარემო, ცოცხალი მასწავლებელი და კლასელებთან ურთიერთობა შეუცვლელი ნებისმიერ საუკუნეში?

 

 

დანართი N3 ფორუმის პროგრამა

დრო  აქტივობა/თემა მომხსენებელი
12:30-12:45 რეგისტრაცია

 

საორგანიზაციო ჯგუფი
 

12:45-13:00

ფორუმის გახსნა/შესავალი სიტყვა მარიტა ჩერქეზიშვილი
მიზნები, მოლოდინები და თემის აქტუალობა ფორუმის ორგანიზატორი, მე-10 კლასის დამრიგებელი

 

13:00-13:05 საპრეზენტაციო ჯგუფების წარდგენა ფორუმის ორგანიზატორი
 

 13:05-13:25

 

 

I ჯგუფის

პრეზენტაცია:

მე-10 კლასის მოსწავლეები:
,,ტექნოლოგიური ლაბორატორია’’-როგორ გვაძლიერებს მეცნიერება?  
 

13:25-13:45

 

 

 

II ჯგუფის პრეზენტაცია: მე-10 კლასის მოსწავლეები:
სტრატეგიული დაგეგმარება-,,სამყაროს ლოგიკა’’.  
 

13:45-14:10

 

III ჯგუფის პრეზენტაცია: მე-10 კლასის მოსწავლეები:
,,კულტურული დიპლომატია’’ – ენა, როგორც ხიდი ეპოქებს შორის.  
14:10-14:20 პროექტი ხელოვნებაში:

„აბრეშუმის გზა ხელოვნებაში — ჩვენი პრაქტიკული გამოცდილება“

 

 
14:20-14:30 კითხვა-პასუხი

,,ფორუმის დისკუსია’’

ფორუმის საორგანიზაციო ჯგუფი
14:30-14:35 დირექციის კითხვარი – ,,5-წუთიანი ინტერვიუ’’ დირექცია და მოსწავლეები
14:35-14:45 ,,აზრთა გალერეა’’ – მოულოდნელი თანხვედრა. მე-10 კლასის მშობლები
14:45-14:55 ,,საგნობრივი იმპროვიზაცია’’ მე-10 კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები
14:55-15:00 ფორუმის შეჯამება-

მედლების გადაცემა

მარიტა ჩერქეზიშვილი

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“