ხუთშაბათი, აგვისტო 6, 2026
6 აგვისტო, ხუთშაბათი, 2026

უსაფრთხო სკოლისთვის

 

4R მეთოდი სექსუალური ძალადობის პრევენციისა და ადრეული რეაგირებისთვის

მოსწავლისთვის უსაფრთხო, ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნა არ არის მხოლოდ ერთი პედაგოგის, დამრიგებლის ან სკოლის ფსიქოლოგის პროფესიული ვალდებულება. ეს არის „მთელი სკოლის მიდგომა“ ინსტიტუციური პასუხისმგებლობა და კომპლექსური სისტემა, სადაც სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს (ადმინისტრაციას, მასწავლებელს თუ ტექნიკურ პერსონალს) მკაფიოდ აქვს გააზრებული საკუთარი როლი ბავშვის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის პროცესში.

საერთაშორისო პრაქტიკასა და საქართველოს მოქმედ საკანონმდებლო სივრცეში აპრობირებულია 4R მოდელი (Recognise, Record, Report, Refer – ამოცნობა, დაფიქსირება, შეტყობინება, გადამისამართება), რომელიც პედაგოგის სამოქმედო ალგორითმს განსაზღვრავს.

4R მეთოდი საერთაშორისოდ აღიარებული ჩარჩოა. ის ასახულია როგორც საერთაშორისო სახელმძღვანელოებსა და კვლევებში, ასევე საქართველოს მოქმედ საკანონმდებლო და მეთოდოლოგიურ დოკუმენტებში. საქართველოში 4R-ის პრინციპები პირდაპირ არის ინტეგრირებული საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დოკუმენტებში ბავშვთა დაცვის რეფერირების (გადამისამართების) ეროვნულ მექანიზმში, რომელიც არის მთავარი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ავალდებულებს სკოლასა და მასწავლებელს, გაიარონ 4R-ის ზუსტად ეს ნაბიჯები:

ამოცნობა (Recognise) – სკოლის პერსონალის მიერ ძალადობის, შევიწროების ან უგულებელყოფის სავარაუდო ნიშნების დროული იდენტიფიცირება.

დაფიქსირება (Record)-ფაქტებისა და დაკვირვებების ობიექტური, ფაქტობრივი აღრიცხვა (ინტერპრეტაციის გარეშე).

შეტყობინება (Report) – ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება სკოლის შიდა ბავშვთა დაცვის ჯგუფისთვის, მანდატურის/ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრისთვის, ხოლო საჭიროებისას სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის (1505) ან პოლიციისთვის (112).

გადამისამართება (Refer) – ბავშვისა და მისი ოჯახის გადამისამართება შესაბამის სპეციალიზებულ (ფსიქოლოგიურ, სამედიცინო, სამართლებრივ) სერვისში.

4R ეტაპი შინაარსი და ინდიკატორები პრაქტიკული მოქმედება მასწავლებლისთვის
1. ამოცნობა-Recognise ქცევითი, ემოციური და ფიზიკური ინდიკატორების შემჩნევა (უეცარი ჩაკეტილობა, აგრესიულობა, აკადემიური ჩამორჩენა, სისტემატური გაცდენები, უმიზეზო შიში, ასაკისთვის შეუსაბამო სექსუალური ცოდნა/ქცევა). ყურადღება მიაქციეთ ქცევის მკვეთრ ცვლილებებს. ნუ ელოდებით, რომ ბავშვი პირდაპირ დაიწყებს ძალადობაზე საუბარს გახსოვდეთ, რომ შიში და სირცხვილი ხშირად დუმილს იწვევს.

 

2. დაფიქსირება-Record ფაქტების ობიექტური დოკუმენტირება. თარიღის, დროის, დაკვირვებული ქცევის ან ბავშვის ზუსტი ციტატის ჩაწერა ვარაუდებისა და პირადი შეფასებების/ინტერპრეტაციის გარეშე.

 

 

აწარმოვეთ კონფიდენციალური ჩანაწერი: „12 ოქტომბერი, 11:00 სთ. მოსწავლემ თქვა: (ზუსტი სიტყვები)“ და არა „ვფიქრობ, მასზე ოჯახში/ონლაინ ძალადობენ“.

 

3. შეტყობინება-Report ინფორმაციის დროული მიწოდება სკოლის ბავშვთა დაცვის პასუხისმგებელი პირის, მანდატურის ან შესაბამისი უწყებისთვის.

ინფორმაციის დროული და ოფიციალური გადაცემა სკოლის ბავშვთა დაცვის პასუხისმგებელი პირის, მანდატურის ან შესაბამისი უწყებებისთვის.

დაუყოვნებლივ აცნობეთ სკოლის შიდა ჯგუფს/მანდატურს / სოციალურ მუშაკს. კატეგორიულად იკრძალება დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება ან ეჭვმიტანილთან დაპირისპირება!
4. გადამისამართება-Refer ბავშვისა და ოჯახის გადამისამართება შესაბამის პროფესიულ სერვისებში (ფსიქოლოგიური, სამედიცინო, სამართლებრივი მხარდაჭერა). ითანამშრომლეთ სკოლის ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან. უზრუნველყავით მოსწავლისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი ატმოსფერო კლასში.

 

 

იმისათვის, რომ 4R მოდელის გამოყენება მკაფიო გახდეს, განვიხილავ ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან აღებულ კონკრეტულ შემთხვევას.

 სიტუაციური აღწერა

მოსწავლე: ლიკა (პირობითი სახელი), 12 წლის

საწყისი მდგომარეობა: აქტიური, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და სოციალური ჩართულობის მქონე მოსწავლე

პრობლემის გამოვლინება: ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ლიკა გახდა აპათიური, გაურბოდა თანატოლებთან ურთიერთობას, უარს ამბობდა ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობაზე, მკვეთრად დაეცა მისი აკადემიური მოსწრება და შესვენებებზე განმარტოებას ცდილობდა.

 

 ნაბიჯი 1: ამოცნობა – ინდიკატორების იდენტიფიცირება

შევამჩნიე ქცევის მკვეთრი დინამიკა. არ გამოვიჩინე გულგრილობა და პრობლემა არ მივაწერე უბრალოდ გარდატეხის ასაკობრივ კრიზისს. ყურადღება გავამახვილე ემოციურ ლაბილურობაზე (ჩაკეტილობა, უმიზეზო შფოთვა) და სოციალურ დისტანცირებაზე.

 ნაბიჯი 2: დაფიქსირება – ობიექტური დოკუმენტირება

დავიწყე დაკვირვების ჩანიშვნა სპეციალურ, კონფიდენციალურ ჟურნალში.

10 ოქტომბერი: ლიკამ უარი თქვა ჯგუფურ პროექტში მონაწილეობაზე და განაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა.

14 ოქტომბერი: მარტივ შენიშვნაზე მოსწავლეს ჰქონდა ადეკვატურობის მიღმა ემოციური რეაქცია (ცრემლები, თვალის კონტაქტის არიდება).

უსაფრთხო, ინდივიდუალურ გარემოში საუბრისას ლიკამ აღნიშნა: ჩემი უფროსი ნაცნობი ინტერნეტში უცნაურ ფოტოებს მთხოვს და ეჭვობს, რომ თუ არ გავუგზავნი, ჩემს საიდუმლოებს სხვებს ეტყვის. მეუბნება, რომ ეს მხოლოდ ჩვენი საიდუმლოა.

მოსწავლის სიტყვები ჩავინიშნე ზუსტად, ციტირებით, ყოველგვარი სუბიექტური შეფასებისა თუ ვარაუდის გარეშე.

 ნაბიჯი 3: შეტყობინება – პროტოკოლის ამოქმედება

თავი შევიკავე დეტალური ჩაკითხვისგან, რათა არ მომეხდინა ბავშვის რეტრავმატიზაცია.

ლიკას მივაწოდე მხარდამჭერი გზავნილი: მადლობა, რომ მენდე. შენ არაფერში ხარ დამნაშავე და მე დაგეხმარები, რომ ეს სიტუაცია მოგვარდეს.

იმავე დღეს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით, ოფიციალურად ვაცნობე სკოლის ბავშვთა დაცვის კოორდინატორს, მანდატურის სამსახურს და სკოლის ფსიქოლოგს.

არ დამიწყია ეჭვმიტანილი პირის ძებნა ან დამოუკიდებელი გამოძიება.

 ნაბიჯი 4: გადამისამართება – მულტიდისციპლინური ჩართულობა

სკოლის ადმინისტრაციამ აამოქმედა რეფერირების მექანიზმი, ჩაერთო სოციალური მუშაკი.

კლასში გავაგრძელე ლიკასთვის აკადემიური და ემოციური უსაფრთხოების გარანტირება, არ შევიმჩნიე განსაკუთრებული შეცოდების პოზიცია, თუმცა შევქმენი მიმღები, სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო.

 

 

სასწავლო პროცესში მასწავლებლებს გვაქვს საუკეთესო შესაძლებლობა იმისათვის, რომ უსაფრთხოების, პირადი საზღვრებისა და ბავშვთა უფლებების თემები არ იყოს მხოლოდ მშრალი თეორია, არამედ გარდაიქმნას ინტერაქციულ, ინოვაციურ და პრაქტიკულ გამოცდილებად.

აქტივობა

სიმულაციური სასამართლო/უფლებების დამცველნი

 

აქტივობა

ციფრული დეტექტივი

აქტივობა

სკოლის უსაფრთხოების რუკა

აქტივობა

სიტუაციური თეატრი“ ფორუმ-თეატრი

მოსწავლეები ინაწილებენ როლებს (მოსამართლე, ადვოკატი, ბავშვთა უფლებების დამცველი, სოციალური მუშაკი) და განიხილავენ რეალურ ცხოვრებასთან დაახლოებულ, თუმცა ანონიმურ ქეისებს (მაგ., ონლაინ შანტაჟი, ბულინგი, პირადი სივრცის დარღვევა). მოსწავლეები იკვლევენ სიმულირებულ სოციალური ქსელის პროფილებს და ეძებენ „წითელ ალმებს“ ონლაინ მანიპულაციის, ემოციური ზეწოლის ან არასასურველი ფოტოების გამოძალვის მცდელობებს კონფიდენციალურობისა და ეთიკის ნორმების დაცვით. მოსწავლეები ჯგუფურად ხატავენ სკოლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის (მათ შორის, სოციალური ქსელების) რუკას. მწვანე სტიკერებით აღნიშნავენ „უსაფრთხო სივრცეებს“ (მაგ, ფსიქოლოგის ოთახი), ხოლო წითელი სტიკერებით იმ ადგილებს/სიტუაციებს, სადაც თავს უხერხულად ან დაუცველად გრძნობენ. მოსწავლეები დგამენ მოკლე სცენარს, სადაც ირღვევა მოსწავლის პირადი საზღვრები (მაგ. უარის უგულებელყოფა, შანტაჟი საიდუმლოს გამჟღავნებით. სცენარის პიკზე წარმოდგენა ჩერდება და მაყურებელ მოსწავლეებს შეუძლიათ, შევიდნენ სცენაზე, ჩაანაცვლონ პერსონაჟი და აჩვენონ უსაფრთხო, სწორი რეაგირების გზა.
მოსწავლეები სწავლობენ არა მხოლოდ იმას, თუ რა არის დარღვევა, არამედ სამართლებრივ და ინსტიტუციურ გზებს, როგორ იცავს სახელმწიფო და სკოლა მოქალაქეს – ბავშვს. მუშაობა მიმდინარეობს რეალური ციფრული გარემოს სიმულაციით. მოსწავლეები ქმნიან „ონლაინუსაფრთხოების მემორანდუმს“ კლასისთვის. მოსწავლეები ხდებიან მკვლევრები და თავად სთავაზობენ სკოლის ადმინისტრაციას „წითელი ზონების“ გაუსაფრთხოების გეგმას. თეორიული მსჯელობის ნაცვლად, მოსწავლეები გამოსცდიან „არას“ თქმის და დახმარების თხოვნის ტექნიკას.

 

4R მოდელის განხორციელებისას სასკოლო ყოველდღიურობაში გასათვალისწინებელი რეკომენდაციები მასწავლებლებისათვის:

არ დაიწყოთ დამოუკიდებელი გამოძიება – ნუ დასვამთ სიღრმისეულ/დამზუსტებელ კითხვებს და ნუ დაუპირისპირდებით სავარაუდო მოძალადეს. იყავით მხოლოდ ემპათიური მსმენელი და პროცესი დაუყოვნებლივ გადაეცით პროფესიონალებს.

ჩაწერეთ მხოლოდ ფაქტები და არა პირადი ვარაუდები – დოკუმენტირებისას გამოიყენეთ მხოლოდ თარიღი, დრო, დაკვირვებული ქცევა და ბავშვის ზუსტი ციტატები სუბიექტური შეფასებების გარეშე.

ნუ მისცემთ ცრუ დაპირებებს კონფიდენციალობაზე – ნუ იტყვით: არავის ვეტყვი, ეს ჩვენი საიდუმლოა. განუმარტეთ ბავშვს, რომ ინფორმაციას გაუზიარებთ მხოლოდ იმ პროფესიონალებს (ფსიქოლოგს, სოციალურ მუშაკს), რომლებიც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

თავიდან აარიდეთ მსხვერპლის დადანაშაულება – ნუ დასვამთ კითხვებს: ფოტო რატომ გაუგზავნე? ან რატომ მაშინვე არ უთხარი უარი? გაუმეორეთ ოქროს წესი: შენ არაფერში ხარ დამნაშავე. პასუხისმგებლობა ყოველთვის იმას ეკისრება, ვინც საზღვრები დაარღვია.

შეინარჩუნეთ ჩვეული, სტაბილური გარემო – ნუ გამოხატავთ გადაჭარბებულ სიბრალულს კლასის წინაშე. შეუნარჩუნეთ ბავშვს ყოველდღიური სასკოლო რუტინა, ხოლო მხარდაჭერა გამოხატეთ ინდივიდუალურად და შეუმჩნევლად.

ბავშვთა დაცვა უწყვეტი და სისტემური პროცესია. როდესაც სკოლაში მოქმედებს 4R პროტოკოლი, მასწავლებლებს აქვთ პრატქიკული ცოდნა, ხოლო მოსწავლეებს ნდობა, სკოლა გარდაიქმნება ინსტიტუციად, სადაც თითოეული ბავშვის უფლება და ღირსება უმაღლეს დონეზეა დაცული.

გამოყენებული ლიტერატურა:

  • საქართველოს მთავრობა (2019). საქართველოს მთავრობის №663 დადგენილება „ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურების დამტკიცების შესახებ“. თბილისი.საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
  • საქართველოს პარლამენტი (2019). საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“. თბილისი. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
  • ჯაფარიძე, ე. 2023. 10 წესი მოზარდებისთვის. სექსუალური შევიწროების პრევენცია, ამოცნობა და უსაფრთხო რეაგირება. გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) საქართველო / გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობისთვის“.
  • Madrid, B. J., et al. 2020. Safe Schools for Teens: Evaluation of a Whole-School Approach to Preventing Child Sexual Abuse and School-Based Violence. Journal of Interpersonal Violence / Child Abuse & Neglect.
  • UNICEF 2018. Child Safeguarding Policy and Procedures: A Practical Guide for Educational Institutions. New York. United Nations Children’s Fund.
  1. UNESCO & WHO (2019). School-Based Violence Prevention: A Practical Handbook for Educators. Paris: United Nations Educational, Scientific and Cultural Organization.
  2. Safe Dates Program (2015). An Evidence-Based Curriculum for the Prevention of Teen Dating Abuse. Hazelden Publishing.
  3. UNESCO (2021). International Technical Guidance on Sexuality Education: An Evidence-Informed Approach. Paris: UNESCO.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“