თანამედროვე ბაღი არის გარემო, სადაც ბავშვი თამაშობს, იკვლევს, სვამს კითხვებს, იღებს გადაწყვეტილებებს, წყვეტს პრობლემებს და საკუთარ გამოცდილებაზე აგებს ახალ ცოდნას.
სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება პროექტი „ეკო–კაფე: ჯანსაღი საკვების მოგზაურობა“, რომელიც 4-6 წლის ბავშვებისთვის შეიქმნა და პრაქტიკაში დაინერგა.
თუ გვსურს, ბავშვებმა საბავშვო ბაღში არა მხოლოდ აკადემიური უნარები განივითარონ, არამედ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვისაც მოემზადონ, ამგვარი პროექტები სკოლამდელი განათლების ყოველდღიური პრაქტიკის განუყოფელ ნაწილად უნდა იქცეს. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის უწყვეტ, ბავშვზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს, რომელიც საბავშვო ბაღსა და სკოლას განვითარების ერთიან სივრცედ აქცევს.
პროექტი „ეკო–კაფე: ჯანსაღი საკვების მოგზაურობა“ აქტუალურია და სკოლამდელი განათლების კურიკულუმის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან მისი მეშვეობით ბავშვები სწავლობენ:
- ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას;
- ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას;
- თანამშრომლობას;
- გადაწყვეტილებების მიღებას;
- საკუთარი აზრის გამოხატვას.
სკოლამდელი განათლების სტანდარტი და ავტორიზაცია ხაზგასმით ითხოვს, კურიკულუმი გამომდინარეობდეს ბავშვის ინტერესებიდან, ბავშვი იყოს სწავლა-სწავლების პროცესის აქტიური მონაწილე, ოჯახი და თემი – პარტნიორები, სწავლა მიმდინარეობდეს თამაშით, კვლევითა და პრაქტიკული გამოცდილებით.
პროექტი „ეკო-კაფე“ სწორედ ამ პრინციპებზეა აგებული.
პროექტი სამი ფაზისაგან შედგება: 1-ლი ფაზა – დაწყება და დაგეგმვა; მე-2 ფაზა – კვლევა და განვითარება; მე-3 ფაზა – პროექტის დასრულება და შეჯამება. რა თქმა უნდა, პროექტის განხორციელების პროცესში ბავშვებთან ერთად ჩართული არიან მშობლები და თემიც. პროექტის ყოველ ეტაპზე ბავშვი ცენტრალური ფიგურაა, აღმზრდელ-პედაგოგი კი დამკვირვებელი, ფასილიტატორი, მხარდამჭერი.
პროექტი იწყება არა მასწავლებლის მიერ წინასწარ დაგეგმილი თემით, არამედ ბავშვებზე დაკვირვებით, მათი ინტერესების აღმოჩენით, ბავშვების ყოველდღიური გამოცდილებით, მაგლითად: საუზმეზე, კაფესა თუ საყვარელ საკვებსა და ოჯახში მომზადებულ კერძებზე საუბრების მოსმენით.
ადრეულ ასაკში ბავშვის უფლებების სწავლება არ ნიშნავს კონვენციის მუხლების დაზეპირებას. უფლებებზე დაფუძნებული სწავლება გულისხმობს, რომ ბავშვი ყოველდღიურ ცხოვრებაში ეხება და გააზრებულად გამოცდის საკუთარ უფლებებს და მოვალეობებს.
სწორედ ამიტომ პროექტის დაგეგმვის ეტაპზე ბავშვი თავად ირჩევს თემას, სვამს კითხვებს, გამოთქვამს მოსაზრებას, ირგებს როლს, მონაწილეობს გადაწყვეტილებების მიღებაში, გეგმავს აქტივობებს, აფასებს საკუთარ გამოცდილებას. სწორედ ასე ხორციელდება ბავშვის მონაწილეობის უფლება.
ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ არის მხოლოდ სამართლებრივი ტერმინი. ბაღში ეს ნიშნავს, რომ ყოველი აქტივობა ბავშვის კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, უსაფრთხოებასა და განვითარებას ემსახურება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ბავშვი ეჩვევა ჯანსაღ კვებას, ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე, სწავლობს გარემოს დაცვას, თანამშრომლობს თანატოლებთან, იღებს გადაწყვეტილებებს, ანუ სწავლა პირდაპირ უკავშირდება მის ყოველდღიურ ცხოვრებას.
პროექტის მთავარი ღერძია თამაში, როდესაც ბავშვი ხდება მზარეული, მიმტანი, უმასპინძლდება სტუმარს, ადგენს ეკო-მენიუს, ირგებს მოლარის როლს, ის მხოლოდ როლს არ თამაშობს – სოციალურ ურთიერთობებს, პასუხისმგებლობას და პრობლემის გადაჭრასაც სწავლობს. როლური თამაში ბუნებრივად აერთიანებს ყველა სასწავლო მიმართულებას.
პროექტი იწყება კითხვებით და არა პასუხებით.
მაგალითად: რა არის ჯანსაღი საკვები? რაში გვჭირდება წყალი? როგორ ხვდება ვაშლი ჩვენს თეფშზე? რატომ ვახარისხებთ ნარჩენებს? როგორი უნდა იყოს ეკო-კაფე?
ეს კითხვები თავად ბავშვების ინტერესებიდან იბადება და სწორედ ისინი განსაზღვრავენ პროექტის შემდგომ განვითარებას.
პრაქტიკული ნაბიჯები აღმზრდელებისთვის
| I ეტაპი
ინტერესის აღმოჩენა |
II ეტაპი
პროექტის დაგეგმვა ბავშვებთან ერთად |
III ეტაპი
კვლევა
|
IV ეტაპი
ოჯახის ჩართულობა |
V ეტაპი
თემის ჩართულობა |
VI ეტაპი
რეფლექსია |
| აღმზრდელ-პედაგოგი აკვირდება ბავშვების თამაშს.
სვამს ღია კითხვებს. ისმენსმათ იდეებს. ქმნის გონებრივ რუკას. არ სთავაზობს მზა პასუხებს. |
ბავშვები ერთად წყვეტენ:
· როგორი იქნება მათიკაფე; · რა ერქმევა; · ვინ რას გააკეთებს; · რას მოამზადებენ; · ვის მოიწვევენ სტუმრად. ამ ეტაპზე ბავშვები უკვე კურიკულუმის თანაავტორები ხდებიან.
|
ბავშვები:
· აკვირდებიან საკვებს; · სწავლობენ, რა არის ფერადი თეფში; · ამზადებენ სმუზის; · ამზადებენ სალათებს; · ატარებენ ექსპერიმენტებს; · სწავლობენ ნარჩენების დახარისხებას; · ქმნიან ეკო-მენიუს; · აგებენ კაფეს სივრცეს; · სტუმრობენ რეალურ კაფეს.
|
ავტორიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა სწორედოჯახის პარტნიორობაა.
ამ პროექტში მშობლებს შეუძლიათ: • მოიტანონ რესურსები; • მონაწილეობა მიიღონ კულინარიულ აქტივობაში; • იყვნენ მოწვეული მზარეულები; • გაუზიარონ ბავშვებს ოჯახური რეცეპტები; • მონაწილეობა მიიღონ ეკო-კაფეს გახსნაში; • დააკვირდნენ ბავშვების პრეზენტაციებს. ოჯახი აღარ არის მხოლოდ დამკვირვებელი, ის სასწავლო პროცესის სრულფასოვანი პარტნიორია. |
ბავშვებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა, როდესაც სწავლა ბაღის კედლებს სცდება.
შესაძლებელია: · ვიზიტი ადგილობრივ კაფეში; · შეხვედრა მზარეულთან; · ფერმერის მოწვევა; · მეწარმესთან შეხვედრა; · სოფლის მეურნეობის სპეციალისტთან საუბარი. ასეთი აქტივობები ბავშვის რეალურ ცხოვრებას სწავლასთან აკავშირებს, რასაც შემდეგ ის პირად პრაქტიკაში იყენებს. |
პროექტის ბოლოსმნიშვნელოვანია, ბავშვებმა
თავად უპასუხონ ითხვებს: •რა ვისწავლე? •რა გამომივიდა? •რა იყო ყველაზე საინტერესო? •რას გავაკეთებ სხვაგვარად? •როგორდავეხმარე ბუნებას? რეფლექსია სწავლას აცნობიერებს დაბავშვს საკუთარი გამოცდილებისგააზრებაში ეხმარება. |
თანამედროვე სკოლამდელი განათლების მიზანი მხოლოდ ბავშვის სკოლისთვის მომზადება კი არ არის, არამედ ისეთი გამოცდილების შექმნაც, რომელიც მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაეხმარება სწავლის სიყვარულის, დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის განვითარებაში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი „ეკო–კაფე: ჯანსაღი საკვების მოგზაურობა“.
პროექტი აერთიანებს ბავშვის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას, თამაშით სწავლებას, კვლევით საქმიანობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის განვითარებას, ოჯახის, თემისა და საგანმანათლებლო დაწესებულების პარტნიორობას. ამ პროცესში ბავშვი არ არის ინფორმაციის პასიური მიმღები – ის აქტიური მონაწილეა, მკვლევარი, გადაწყვეტილების მიმღები, შემოქმედი და საკუთარი სასწავლო გამოცდილების თანაავტორი.
ამგვარი გამოცდილება მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასკოლო მზაობის განვითარებაში. ბავშვები სკოლაში გადასვლისას უკვე ფლობენ ისეთ უნარებს, როგორიცაა თანამშრომლობა, პრობლემის გადაჭრა, კითხვების დასმა, დაკვირვება, კვლევა, საკუთარი აზრის არგუმენტირებულად გამოხატვა, წესებზე შეთანხმება და პასუხისმგებლობის აღება. ისინი შეჩვეულნი არიან პროექტულ მუშაობას, ჯგუფურ აქტივობებს, როლურ თამაშებსა და შემეცნებით ექსპერიმენტებს, რაც დაწყებით კლასებში სწავლას ბუნებრივ გაგრძელებად აქცევს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ადრეული ასაკიდანვე უყალიბებს ბავშვებს ეკოლოგიურ წიგნიერებას. გარემოზე ზრუნვა, ნარჩენების დახარისხება, ბუნებრივი რესურსების გაფრთხილება, ჯანსაღი კვება და მდგრადი ცხოვრების წესის ელემენტები ბავშვის ყოველდღიური გამოცდილების ნაწილად იქცევა. შედეგად დაწყებით კლასებში ბუნებისმეტყველების, გარემოს დაცვისა და ინტეგრირებული პროექტებით სწავლებისას ეს საკითხები მათთვის უკვე ნაცნობი და პრაქტიკაში გამოცდილია.
ამავე დროს, ბავშვებისთვის უცხო აღარ არის პროექტზე დაფუძნებული სწავლება, თამაშით სწავლა, ექსპერიმენტები, კვლევა, ცხოვრების ჯანსაღ წესზე მსჯელობა და მშობელთა აქტიური ჩართულობა. ისინი უკვე ხვდებიან, რომ სწავლა შეიძლება იყოს საინტერესო, სახალისო და რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული პროცესი, სადაც ოჯახი და სკოლა ერთმანეთის პარტნიორები არიან.
სწორედ ამიტომ მსგავსი პროექტები ქმნის ბუნებრივ და უწყვეტ ხიდს ბაღიდან სკოლამდე. როდესაც სკოლამდელ და დაწყებით განათლებას საერთო ღირებულებები, აქტიური სწავლების მეთოდები და ბავშვის ინტერესებზე დაფუძნებული მიდგომები აერთიანებს, ბავშვისთვის ახალი სასწავლო გარემო აღარ არის სტრესული ან უცხო. პირიქით, ის აგრძელებს უკვე ნაცნობ გზას თამაშიდან კვლევამდე, აღმოჩენიდან ცოდნამდე, საკუთარი გამოცდილებიდან გააზრებულ სწავლამდე.
სწორედ ასეთი პრაქტიკები ქმნის საფუძველს, რომელზეც იზრდება ჯანმრთელი, აქტიური, ეკოლოგიურად პასუხისმგებელი, საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების მცოდნე, თანამშრომლობაზე ორიენტირებული მომავალი მოქალაქე. გთავაზობთ პოსტერს „ეკო–კაფე“, რომელიც აერთიანებს ბავშვზე ორიენტირებულ სწავლებას, გარემოსდაცვით განათლებას და თემთან პარტნიორობას.
პოსტერში წარმოჩენილია:
- ბავშვი როგორც აქტიური მკვლევარი. პროექტი ეყრდნობა ბავშვის ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას და სწავლას უშუალო გამოცდილებით.
- ცხოვრების ჯანსაღი წესი. ეკო-მენიუში შედის ბაღის ბოსტანში მოყვანილი პროდუქტები და ჯანსაღი საკვები, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის კეთილდღეობისთვის.
- ბუნებრივი და მეორეული რესურსები. თამაშისას გამოიყენება ღია მასალები (ხე, გირჩები, კენჭები), რაც ხელს უწყობს ფანტაზიისა და შემოქმედებითობის განვითარებას.
- პარტნიორობის ძალა. მშობლების ჩართულობა რეცეპტების გაზიარებაში და თანამშრომლობა ადგილობრივ ფერმერებთან (თემთან), რაც პროექტს რეალურ ცხოვრებასთან აკავშირებს.
- განვითარების შედეგები. ბავშვებს უყალიბდებათ გარემოზე ზრუნვის ჩვევები, თანამშრომლობისა და პრობლემის გადაჭრის უნარები.
პოსტერი მნიშვნელოვანი რესურსია მშობლებისა და თემის ცნობიერების ასამაღლებლად. ამდენად, სკოლამდელი დაწესებულების მშობელთა საინფორმაციო სივრცეში შესაძლებელია ხშირად გამოიფინოს მსგავსი საინფორმაციო რესურსი, რომელიც გაზრდის მშობლების ინტერესს ბავშვზე ორიენტირებული მიდგომისა და კეთილდღეობის საკითხების მიმართ.
გამოყენებული ლიტერატურა:
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. (2024). სკოლამდელი განათლებისა და აღზრდის სახელმწიფო სტანდარტი. თბილისი: ავტორი.
- United Nations. (1989). Convention on the Rights of the Child. New York: United Nations.
- (2017). Education for Sustainable Development Goals: Learning Objectives. Paris: UNESCO.
- Katz, L. G., & Chard, S. C. (2000). Engaging Children’s Minds: The Project Approach (2nd ed.). Stamford, CT: Ablex Publishing.
- Epstein, J. L. (2019). School, Family, and Community Partnerships: Your Handbook for Action (4th ed.). Thousand Oaks, CA: Corwin.



