თანამედროვე განათლების მთავარი გამოწვევა მშრალი აკადემიური ცოდნის გადაცემა როდია; გაცილებით ძნელია, მეცნიერული ფაქტების მიღმა მოსწავლემ დაინახოს რეალური ადამიანი, მისი ყოველდღიურობა და ისწავლოს თანაგრძნობა. ბიოლოგია როგორც სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერება ამისთვის საუკეთესო პლატფორმას იძლევა.
როდესაც მოსწავლეებს გენეტიკურ ცვალებადობასა და მუტაციებს ვასწავლით, ხშირად დნმ-ს ნუკლეოტიდურ თანამიმდევრობათა განხილვით შემოვიფარგლებით ხოლმე. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც გენში გაპარული ერთი „ორთოგრაფიული შეცდომა“ კონკრეტული ადამიანის ბედს წყვეტს? სწორედ ასეთი სისტემური დარღვევის მკაფიო მაგალითია დიუშენის კუნთოვანი დისტროფია (DMD) – დაავადება, რომელიც X ქრომოსომასთან არის შეჭიდული, ძირითადად ბიჭებს ემართებათ (სტატისტიკის თანახმად, ყოველი 3500 ახალშობილიდან ერთს) და დისტროფინის – კუნთის ერთგვარი ამორტიზატორი ცილის – დეფიციტს იწვევს.
იმისთვის, რომ მოსწავლეებმა არა მხოლოდ გაიგონ მუტაციის ბიოქიმიური მექანიზმი, არამედ გააცნობიერონ მულტიდისციპლინური მიდგომის, სამედიცინო ეთიკისა და სოციალური მხარდაჭერის ძალაც, გთავაზობთ გაკვეთილის ინტეგრირებულ გეგმას, რომელიც ბიოლოგიასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობას აერთიანებს.
ბიოლოგიის გაკვეთილის გეგმა
თემა: გენეტიკა
საკითხი: ცვალებადობა, გენური მუტაციები და დიუშენის სინდრომი
ესგ–სადმი შესაბამისობა: სასიცოცხლო თვისებები, სტრუქტურა და ფუნქცია, ჯანმრთელობა და დაავადება
მიზნები:
მოსწავლეები შეძლებენ:
- გენეტიკური ცვალებადობის ახსნას მაგალითებით;
- გენური მუტაციის პროცესის და ცილის სტრუქტურასა თუ ფუნქციაზე მისი გავლენის აღწერას;
- დიუშენის სინდრომის გენეტიკური მიზეზებისა და კუნთების მუშაობაზე მისი ეფექტის შესწავლას;
- კრიტიკული აზროვნებისა და ემპათიის განვითარებას გენეტიკური დაავადებების განხილვისას.
საკვანძო კითხვა: როგორ მოქმედებს გენეტიკური ცვალებადობა ადამიანის ორგანიზმზე და რა კავშირი აქვს გენურ მუტაციებს ჯანმრთელობასთან?
სასწავლო აქტივობები
აქტივობა 1. მინილექცია
მასწავლებელი მარტივი და თვალსაჩინო სქემების გამოყენებით ხსნის ფუნდამენტურ ჯაჭვს: გენები/ მუტაციები / ცვალებადობა.
გამოყენებული რესურსი: https://bit.ly/4dMFCic
აქტივობა 2. სქემის ანალიზი (ჯგუფური მუშაობა)
მოსწავლეები აანალიზებენ ქრომოსომულ და გენურ ცვლილებებს (დელექცია, ინვერცია, დუბლიკაციისა, ტრანსლოკაციის, მისენსის, ნონსენსის და ა.შ შეცდომებს). თითოეული ჯგუფი სიტყვიერად ხსნის ლოგიკურ მოდელს: გენი/მუტაცია / ცილის ცვლილება (დისტროფინის დეფექტი) / ფუნქციის დარღვევა.
შედეგი: მუტაციის გავლენის სიღრმისეული გააზრება უჯრედულ დონეზე.
აქტივობა 3. საინფორმაციო ტექსტის განხილვა და დისკუსია
კლასი ეცნობა დიუშენის სინდრომის დეტალურ კლინიკურ სურათს საინფორმაციო ტექსტზე დაყრდნობით (https://bit.ly/43eJthM ), მის ქრონოლოგიას (ადრეული ნიშნები 1-დან 6 წლამდე, გოვერსის მანევრი (ეს მანევრი მიუთითებს მენჯისა და ფეხის კუნთების მნიშვნელოვან სისუსტეზე), ეტლის საჭიროება (12 წლის ასაკში) და სისტემურ გავლენას (ფილტვები, გული, ხერხემალი).
სადისკუსიო პუნქტები: მიზეზები (გენური ცვლილება), სიმპტომები (კუნთების სისუსტე, ფსევდოჰიპერტროფია) და მათი გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
მთავარი აქცენტი: რით შეგვიძლია დავეხმაროთ და როგორ შევუმსუბუქოთ ყოველდღიურობა ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებს?
აქტივობა 4. შემოქმედებითი დავალება
მოსწავლეები ინდივიდუალურად ან წყვილებში ქმნიან საინფორმაციო პოსტერებს ან ამზადებენ ციფრულ პრეზენტაციებს.
თემები: „როგორ მოქმედებს დაავადება ორგანიზმზე“; „ჩვენი მხარდაჭერა – გარემოს ადაპტაცია“.
შედეგი: ინფორმაციის ვიზუალიზაცია და ემპათიის უნარის გააქტიურება.
აქტივობა 5. თანამედროვე კონტექსტი (ინოვაციები მედიცინაში)
მოკლე სამეცნიერო სტატიის ან ვიდეოს მიმოხილვა თანამედროვე გენური თერაპიის (მაგალითად, CRISPR ტექნოლოგია, მიზნობრივი თერაპიები) შესახებ.
სამსჯელო კითხვები: რა იმედს აჩენს გენური თერაპია მართვის თანამედროვე პარადიგმაში და რა ეთიკური კითხვები იბადება მეცნიერების წინაშე?
აქტივობა 6. როლური თამაში
კლასში თამაშდება სცენარი: „მე ვარ მკვლევარი“, „მე ვარ ექიმი ნევროლოგი“, „მე ვარ ოჯახის წევრი/ასისტენტი“. მოსწავლეები სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილავენ მულტიდისციპლინურ მიდგომას (სტეროიდული ფარმაკოლოგია, ფიზიოთერაპია).
შედეგი: ემპათიისა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება.
საშინაო დავალება:
ნახე ვიდეომასალა და ჩაინიშნე სამი ფაქტი მომდევნო გაკვეთილისთვის.
შეფასება და რეფლექსია
პროცესის შეფასება: ჯგუფური მუშაობის, სქემების წაკითხვისა და დისკუსიაში ჩართულობის დონე
შემოქმედებითი ნამუშევრის შეფასება: პოსტერების მეცნიერული სიზუსტე და გზავნილის ჰუმანურობა
ინდივიდუალური რეფლექსია: გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები წერენ მოკლე ესეს/ჩანაწერს: „რა ვისწავლე დღეს გენეტიკური კოდის შესახებ და როგორ შემიძლია ვიყო უფრო ემპათიური და სოლიდარული ჩემს სოციუმში“
დასკვნა
გაკვეთილის ეს გეგმა ნათლად აჩვენებს, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება დიდი ხანია გასცდა ფორმულებისა და ტერმინების მექანიკური დაზეპირების ჩარჩოებს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მაგალითზე მოსწავლეები ხედავენ ცოცხალ კავშირს მოლეკულურ ბიოლოგიასა და ადამიანის ყოფიერებას შორის. ისინი სწავლობენ, რომ თუმცაღა სრული განკურნების გზა ჯერ კიდევ ძიებაშია, სწორი მულტიდისციპლინური მართვით – სიმპტომების ადრეული პრევენციით, ფიზიკური და მორალური მხარდაჭერით – შესაძლებელია პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება (35+ წლამდე და მეტიც).
როდესაც სკოლა ახერხებს, რთული სამედიცინო დიაგნოზი აქციოს არა მხოლოდ ცოდნის, არამედ თანაგრძნობისა და სამოქალაქო შეგნების გაკვეთილად, ჩვენ ვიღებთ საზოგადოებას, რომელიც მზად არის ინკლუზიური და თანასწორი მომავლის მშენებლობისთვის. სწორედ აქ იქცევა ბიოლოგია მეცნიერებად სიცოცხლისა და ადამიანობის შესახებ.
გამოყენებული წყაროები:
https://medlineplus.gov/ency/article/000705.htm
https://www.youtube.com/watch?v=6wLnR7GJakY
https://www.aversi.ge/ka/cnobari/2631/diushenis-kuntovani-distrofia



