(„თავი“ – სემანტიკური და ფუნქციური ერთეული ქართულ ენაში)
ქართული ენის ლექსიკურ სისტემაში ზოგი სიტყვა განსაკუთრებული სემანტიკური მრავალფეროვნებითა და ფუნქციური დატვირთვით გამოირჩევა. ამ თვალსაზრისით საინტერესოა სიტყვა „თავი“ – ლექსემა, რომელიც ერთდროულად არის მრავალმნიშვნელობიანი სიტყვა, ბევრი იდიომატური გამოთქმის საფუძველი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიტყვაწარმოებაში და, რასაკვირველია, გრამატიკულ ფუნქციასაც იძენს. სწორედ ამიტომ „თავი“ შეიძლება განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც სხეულის ნაწილი, არამედ როგორც ერთგვარი მოდელი, რომლის მეშვეობითაც კარგად ჩანს, როგორ ვითარდება და იცვლება ერთი კონკრეტული სიტყვის მნიშვნელობა.
თავი – მრავალმნიშვნელობიანი სიტყვა
ძირითადი მნიშვნელობით „თავი“ ადამიანის ან ცხოველის სხეულის ნაწილია, თუმცა ქართულში მისი სემანტიკა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, სხვა სომატური ლექსემების მსგავსად, ეს ფორმაც პოლისემიურია (ახასიათებს მრავალმნიშვნელობიანობა). ის განიმარტება ასევე, როგორც:
- ტექსტის, თხზულების გამოყოფილი ნაწილი (თავებად დაყოფა, ბოლო თავი);
- ხელმძღვანელი, წინამძღოლი, წამომწყები (ოჯახის თავი, ჩხუბის თავი);
- რაიმეს დასაწყისი ნაწილი (ვენახის თავი);
- ერთი მთლიანი რამ (ერთი თავი ხახვი);
- ზედა ნაწილი ან ზედა მხარე (კლდის თავი, კარადის თავი)…
ამგვარი სემანტიკური გაფართოება შემთხვევითი არ არის, ადამიანმა სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ცნობიერებაში მთავრის, წინამძღოლის, საწყისის და არსებითის სიმბოლოდ აქცია.
მოსწავლეებს ხშირად უჭირთ იმის გააზრება, როგორ შეიძლება ერთსა და იმავე სიტყვას ამდენი მნიშვნელობა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მაგალითებზე დაფუძნებული გააზრება. მათ შეიძლება შევთავაზოთ წინადადებები და ვთხოვოთ, განსაზღვრონ, რომელი მნიშვნელობითაა გამოყენებული სიტყვა: თავი ასტკივდა; გზის თავი გამოჩნდა; წიგნის პირველი თავი წავიკითხე; სოფლის თავი ჩამოვიდა და მისთ.
ამგვარი აქტივობა ეხმარება მოსწავლეს:
- სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობების გამიჯვნაში;
- პოლისემიის გააზრებაში;
- კონტექსტური აზროვნების განვითარებაში.
თავი – როგორც პიროვნების აღმნიშვნელი
ქართულში „თავი“ ხშირად პირის ნაცვალსახელის ფუნქციითაც გვევლინება და პიროვნებას, ,,თავისთავს“ გულისხმობს. ასეთ შემთხვევებში სიტყვა უკვე ადამიანის შინაგანი სამყაროს, ღირსების, პასუხისმგებლობის ან სოციალური მდგომარეობის აღმნიშვნელად გვევლინება. მაგალითად, გამოთქმებში: თავი გაწირა, თავი შეაკლა, თავი გამოიჩინა, თავი დაიმცირა, თავი შეირცხვინა – „თავი“ თავად პიროვნებას ენაცვლება. საინტერესოა, რომ სხვადასხვა კონტექსტში ლექსემა განსხვავებულ სემანტიკურ ელფერს იძენს:
თავი არ დახარა – შინაგან სიმტკიცესა და ღირსებას გამოხატავს;
თავს უშველა, თავი დააღწია – თვითგადარჩენის იდეას უკავშირდება;
თავის პატრონია – დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის მაჩვენებელია.
სომატური იდიომები ქართული ფრაზეოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფენას ქმნის (ბერძნ. soma – სხეული), ხოლო „თავი“ ამ სისტემაში განსაკუთრებული სიხშირით გვხვდება. საინტერესოა, რომ იდიომებში აღნიშნული ლექსემა მრავალ სხვადასხვა სემანტიკურ სფეროს უკავშირდება. იდიომატურ გამოთქმებში ადამიანის ქცევის, გადაწყვეტილებისა და სოციალური პოზიციის შეფასება ხშირად სწორედ ამ სიტყვის მეშვეობით ხდება:
თავზე გადასდის – რაიმე უხვად აქვს;
თავზე დაისვა – გაათამამა, გაანებივრა, თავის ნებაზე მიუშვა;
თავს არ იღებს – შეუსვენებლად შრომობს;
თავზე დაჰკანკალებს – მზრუნველობას იჩენს, თავს ევლება;
თავი ქუდში აქვს – საიმედოდაა, არხეინადაა;
საქმეს თავი გაართვა – დაძლია, გააკეთა საქმე;
თავი არ აქვს (რისამე) – არ შეუძლია, უნარი არ შესწევს და ა.შ.
| სემანტიკური სფერო | იდიომები |
| თვითგადარჩენა | თავს უშველა, თავი დააღწია |
| ემოციური მდგომარეობა | თავი დაკარგა, თავგზა აებნა |
| ღირსება და სოციალური სახე | თავი მაღლა უჭირავს, თავი დაიმცირა |
| პასუხისმგებლობა და რისკი | თავს იღებს, თავი გაწირა |
| გონება და აზროვნება | თავი აქვს, თავში უქრის, თავში ჩაუჯდა |
მსგავსი ტიპის ცხრილზე მუშაობა მოსწავლეს ეხმარება:
- იდიომების მნიშვნელობის გააზრებაში;
- საერთო სემანტიკური ნიშნების აღმოჩენაში.
სიტყვა „თავის“ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფუნქცია მისი რეფლექსიური გამოყენებაა. ქართულში იგი ხშირად საკუთარ თავზე მიმართულ მოქმედებას გამოხატავს, როცა მოქმედება ისევ თავად მოქმედ პირს უბრუნდება: თავი შეიქო, საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, თავს ვერ პატიობდა, თავს უფლება მისცა…
ფუნქციის გასამიჯნად შედეგის მომცემია ისეთი სავარჯიშოების შეთავაზება, რომლებშიც მოსწავლე კონტექსტის მიხედვით განსაზღვრავს, როდის გამოხატავს თავი სხეულის ნაწილს და როდის – საკუთარ თავზე მიმართულ მოქმედებას.
თავი – ეს ფორმა აგრეთვე ქართული სიტყვაწარმოების ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული საფუძველია. მისგან ნაწარმოები სიტყვები სხვადასხვა სემანტიკის მატარებელია:
თავმოყვარეობა – პიროვნულ ღირსებას უკავშირდება;
თავდაჯერება – შინაგან რწმენასა და ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს;
თავგანწირვა – საკუთარი თავის დათმობის იდეას;
თავქარიანობა – გონივრული კონტროლის ნაკლებობას;
თავშეკავება – ემოციების, სურვილების და ქცევის უნარს.
კონტექსტი მნიშვნელოვანია, ამიტომ მოსწავლემ სიტყვა არა იზოლირებულად, არამედ კონტექსტში უნდა აღიქვას. ამავე დროს, მსგავსი აქტივობები ეხმარება მასწავლებელს, ლექსიკა მხოლოდ განმარტებების დონეზე კი არა, ცოცხალი ენობრივი სისტემის სახით დაანახოს მოსწავლეს. სიტყვა „თავის“ ნიმუში კი კარგი მასალაა კონტექსტის როლის გასააზრებლად და მოსწავლეს ეხმარება: პოლისემიის გააზრებაში, სიტყვათწარმოებითი მოდელების დანახვაში, ფრაზეოლოგიური კომპეტენციის გაღრმავებაში, ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და, რაც მთავარია, იმის გააზრებაში, რომ ენა ცოცხალ, მრავალშრიან და ურთიერთდაკავშირებულ სისტემად აღიქვას.


