ოთხშაბათი, დეკემბერი 24, 2025
24 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2025

ცილები – მითი თუ რელობა

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება სასწავლო შინაარსის დაკავშირება მოსწავლეთა ყოველდღიურ გამოცდილებასთან და იმ საინფორმაციო გარემოსთან, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. მედიის, სოციალური ქსელებისა და რეკლამის გავლენა ახალგაზრდების ჯანმრთელობის, კვებისა და სხეულის იმიჯთან დაკავშირებულ წარმოდგენებზე მოითხოვს პედაგოგებისგან ახალ მიდგომებს – როდესაც მეცნიერული ცოდნა ხდება კრიტიკული აზროვნების განვითარების ინსტრუმენტი.

ბიოლოგიის სწავლებისას ეს საჭიროება განსაკუთრებით თვალსაჩინოა ისეთ თემებზე მუშაობისას, როგორიცაა ცილები – ბიომოლეკულები, რომლებიც ერთდროულად წარმოადგენს როგორც ფუნდამენტურ მეცნიერულ ცნებას, ისე მედიისა და მარკეტინგის მიერ ხშირად გამარტივებულ და დამახინჯებულ საკითხს. “პროტეინული დიეტები”, “ცილოვანი კოქტეილები” და “სპორტული კვება” გახდა ყოველდღიური საუბრის ნაწილი, თუმცა ამ ტერმინების მეცნიერული შინაარსი და სიზუსტე ხშირად საეჭვოა.

წარმოდგენილი გაკვეთილის სცენარი X კლასისთვის აერთიანებს ცილის სტრუქტურისა და ფუნქციის სისტემურ შესწავლას კრიტიკული აზროვნების განვითარებასთან და მედიის გზავნილების გააზრებულ ანალიზთან. სწავლების პროცესი აგებულია აქტიური ჩართულობის, დისკუსიისა და კვლევითი დავალებების საფუძველზე. ეს მიდგომა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ ბიოქიმიური ცოდნის გაღრმავებას, არამედ მისი გამოყენების გადატანას რეალურ კონტექსტში – ჯანმრთელობის, კვებისა და ინფორმაციული სანდოობის შეფასების პროცესში.

საგანი: ბიოლოგია
კლასი: X
თემა: ცილები – სტრუქტურა და ფუნქცია
გაკვეთილის ტიპი: ახალი მასალის სწავლება + კრიტიკული აზროვნება
ხანგრძლივობა: 45 წუთი

სასწავლო მიზნები

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ:

  • ცილის სტრუქტურული დონეების (I, II, III, IV)ანალიზს და  დამახასიათებელი ნიშნების ახსნას;
  • თითოეული სტრუქტურული დონისთვის დამახასიათებელი ქიმიური ბმების ჩამოთვლასა და ახსნას;
  • ცილის სტრუქტურისა და მისი ბიოლოგიური ფუნქციის ურთიერთკავშირის გააზრებას;
  • ცილებთან დაკავშირებული მედიის გზავნილების კრიტიკულად შეფასებას ბიოლოგიური ცოდნის საფუძველზე.

საკვანძო სიტყვები/ცნებები

ცილა, ამინომჟავა, პეპტიდური ბმა, პირველადი სტრუქტურა, მეორადი სტრუქტურა, მესამეული სტრუქტურა, მეოთხეული სტრუქტურა, დენატურაცია, ფორმა და ფუნქცია.

საჭირო რესურსები

  • ვიდეო: https://youtu.be/Bsk9hvXDJp8 (ცილის სტრუქტურები)
  • სამუშაო ფურცლები ჯგუფებისთვის (მითები და რეალობა)
  • დაფა/ფლიპჩარტი
  • პოსტიტები ან ფურცლები რეფლექსიისთვის

I ფაზამოტივაცია და წინარე ცოდნის გააქტიურება (7 წუთი)

ეტაპი მასწავლებლის მოქმედება მოსწავლის აქტივობა დრო
მაპროვოცირებელი კითხვა „რატომ გახდა ცილა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული თემა სოციალურ მედიაში და ფიტნეს-კულტურაში?” მოსწავლეები პასუხობენ ზეპირად, აზიარებენ მოსაზრებებს 2 წთ
აზრების კლასიფიკაცია დაფაზე აჯგუფებს პასუხებს კატეგორიებად: ჯანმრთელობა, გარეგნობა, მედია/რეკლამა ასახელებს მაგალითებს (ფიტნესი, დიეტები, დანამატები, ინფლუენსერები) 2 წთ
პრობლემის ფორმულირება „ყველა ეს ინფორმაცია, რომელსაც ვხვდებით, ეფუძნება თუ არა ბიოლოგიურ ცოდნას? რა არის მითი და რა რეალობა?” აფიქსირებს პოზიციას, ფიქრობს კითხვაზე 2 წთ
მიზნის დასახვა „დღეს ჩვენ შევისწავლით ცილის სტრუქტურას და გავიგებთ, რატომ არის ეს ცოდნა მნიშვნელოვანი, რომ არ მოვხვდეთ მედიის მითების ხაფანგში” ისმენს და აკავშირებს თემასთან 1 წთ

 

II ფაზაახალი მასალის სწავლება (20 წუთი)

  1. ვიდეოს ნახვა და აქტიური მუშაობა (12 წუთი)

მასწავლებლის მოქმედება:

  1. ვიდეოს წინ შესავალი (1 წთ):
    • „ახლა ვნახავთ მოკლე ვიდეოს ცილის სტრუქტურების შესახებ (7 წუთი)”
    • „მონიშნეთ თქვენს რვეულებში: (1) ოთხი სტრუქტურული დონე, (2) თითოეულში რომელი ბმები მონაწილეობს”
  2. ვიდეოს ჩვენება (7 წთ)
  3. ვიდეოს შემდეგ სამუშაო (4 წთ):
    • მოსწავლეები ინდივიდუალურად პასუხობენ შემდეგ შეკითხვებზე/ თავიანთ რვეულებში:

შეკითხვები:

  • ჩამოთვალე ცილის სტრუქტურული დონეები
  • დააკავშირე თითოეული სტრუქტურა შესაბამის ქიმიურ ბმებთან
  • რატომ არის ცილის ფორმა მნიშვნელოვანი მისი ფუნქციისთვის?
  1. დამაზუსტებელი დისკუსია (8 წუთი)

მასწავლებლის მოქმედება:

  1. თავმოყრა და შეჯამება (3 წთ):
    • რამდენიმე მოსწავლე ზეპირად აზიარებს პასუხებს
    • მასწავლებელი ზუსტად აყალიბებს ოთხივე სტრუქტურას და შესაბამის ბმებს დაფაზე:
სტრუქტურა ბმები მაგალითი
I – პირველადი პეპტიდური ბმა (კოვალენტური) ამინომჟავების თანმიმდევრობა
II – მეორეული წყალბადური ბმები წყალბადური ბმები
III – მესამეული წყალბადური, დისულფიდური, იონური, ჰიდროფობური 3D ფორმა
IV – მეოთხეული იგივე სუსტი ბმები რამდენიმე ჯაჭვის გაერთიანება (ჰემოგლობინი)
  1. ხაზგასმაფორმა და ფუნქცია (2 წთ):
    • ცილის ფორმა განსაზღვრავს მის ფუნქციას
    • „სტრუქტურის დარღვევა (დენატურაცია) = ფუნქციის დაკარგვა”
  2. დამაფიქრებელი შეკითხვები კლასისთვის (3 წთ):

კითხვა 1: როგორ აისახება ცილის სტრუქტურის ცვლილება ფერმენტის მოქმედებაზე?
პასუხი: სტრუქტურის დარღვევამ (დენატურაცია) შეიძლება გამოიწვიოს ფერმენტის აქტიური ცენტრის დეფორმაცია → ფერმენტი კარგავს სუბსტრატთან დაკავშირების უნარს და კატალიზურ აქტივობას → მეტაბოლური პროცესები ირღვევა.

კითხვა 2: რომელია ყველაზე სტაბილური სტრუქტურული დონე და რატომ?
პასუხი: პირველადი სტრუქტურა (ამინომჟავების თანმიმდევრობა) – ძლიერი კოვალენტური პეპტიდური ბმები. დანარჩენი დონეები (II, III, IV) ეყრდნობა სუსტ ბმებს და ადვილად რღვევა (ტემპერატურა, pH).

III ფაზაჯგუფური მუშაობაცილა: მითები და რეალობა” (15 წუთი)

ორგანიზება:

  • კლასი იყოფა 4 ჯგუფად (თუ კლასი დიდია, შეიძლება 5-6 ჯგუფად)
  • თითოეული ჯგუფი იღებს 1-2 მითს ცილის შესახებ
  • მუშაობენ 8 წუთი, პრეზენტაცია 1.5 წუთი

ჯგუფების დავალებები:

ჯგუფი 1 – „ცილის რაოდენობა

მითი: „რაც მეტი ცილა, მით უკეთესი”

ამოცანა: გამოიკვლიეთ და უპასუხეთ:

  • როგორ ვრცელდება ეს მითი მედიაში?
  • რა არის რეალობა? (ოპტიმალური ნორმა 0.8-2 გ/კგ წონაზე)
  • რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ჭარბმა ცილამ?

ჯგუფი 2 – „ვისთვის არის საჭირო ცილა

მითი: „ცილა მხოლოდ სპორტსმენებისთვის”

ამოცანა:

  • რატომ არის გავრცელებული ეს მოსაზრება?
  • რა არის ცილის ბიოლოგიური როლი ყველა ადამიანისთვის? (იმუნიტეტი, ფერმენტები, ჰორმონები)
  • როგორ განსხვავდება საჭიროება სხვადასხვა ასაკის/აქტივობის მიხედვით?

ჯგუფი 3 – „მცენარეული vs ცხოველური ცილა

მითი: „მცენარეული ცილა არასრულფასოვანია”

ამოცანა:

  • რა არის სრულფასოვანი ცილის განმარტება?
  • რომელი მცენარეული პროდუქტები შეიცავს სრულფასოვან ცილას?
  • როგორ შეიძლება კომბინირებით მივიღოთ ყველა აუცილებელი ამინომჟავა?

ჯგუფი 4 – „ცილოვანი დანამატები და დიეტები

მითი 1: „ცილოვანი კოქტეილები აუცილებელია კუნთებისთვის”
მითი 2: „მაღალცილოვანი დიეტა ყველაზე ეფექტურია”

ამოცანა:

  • რატომ პოპულარულია ეს მითები?
  • შეიძლება თუ არა საკმარისი ცილის მიღება ჩვეულებრივი კვებით?
  • რა რისკები არსებობს ექსტრემალურად მაღალცილოვანი დიეტისას?

სამუშაო პროცესი:

8 წუთიჯგუფური მუშაობა:

  • ჯგუფები ამზადებენ მოკლე პრეზენტაციას (შეიძლება ფლიპჩარტზე)
  • უნდა მოამზადონ: მითის ფორმულირება + რეალობა (მეცნიერული ფაქტები) + დასკვნა

6 წუთიპრეზენტაციები:

  • თითოეული ჯგუფი 1.5 წუთში წარმოადგენს თავის მითსა და რეალობას

1 წუთისაერთო დასკვნა (მასწავლებელი): „ცილა აუცილებელია ორგანიზმისთვის, მაგრამ მისი მიღება უნდა იყოს დაბალანსებული და მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული, არა მედიის მითებზე. ჯანსაღი კვება ნიშნავს ვარიაციას, ბალანსს და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას.”

IV ფაზარეფლექსია და შეფასება (3 წუთი)

რეფლექსია:

მასწავლებლის ინსტრუქცია: „დაწერეთ ერთ-ორ წინადადებაში პასუხი შემდეგ შეკითხვაზე:”

შეკითხვა:
რატომ არის ცილის სტრუქტურის ცოდნა მნიშვნელოვანი ყოველდღიურ ცხოვრებაში?

მოსწავლეები დამოუკიდებლად წერენ პასუხს რვეულში ან პოსტიტზე (2 წთ)

საშინაო დავალება (1 წთ): „მოიძიეთ ერთი მედია-სტატია ან რეკლამა ცილის შესახებ და გაანალიზეთ: რა არის მითი და რა რეალობა? მოამზადეთ 3-5 წინადადება შემდეგი გაკვეთილისთვის.”

შეფასების რუბრიკა (SOLO ტაქსონომია)

კრიტერიუმი Extended Abstract (9–10) Relational (7–8) Multistructural (5–6) Unistructural (3–4) Prestructural (1–2)
1. ცილის სტრუქტურების ჩამოთვლა სრულად და ზუსტად ასახელებს ოთხივე სტრუქტურას და ხსნის მათ შორის სისტემურ კავშირს სწორად ასახელებს ოთხივე სტრუქტურას ასახელებს 2–3 სტრუქტურას, არასრულად ასახელებს მხოლოდ ერთ სტრუქტურას ან უშვებს შეცდომებს ვერ ასახელებს ცილის სტრუქტურებს
2. ბმების ახსნა ყველა ბმას ხსნის ზუსტად და აკავშირებს კონკრეტულ სტრუქტურულ დონეებთან სწორად ხსნის ბმების უმეტესობას და აკავშირებს სტრუქტურებთან ასახელებს ბმების ნაწილს, ახსნა ფრაგმენტულია ასახელებს ერთ ბმას ან ახსნა არასწორია ვერ ასახელებს ან ვერ ხსნის ბმებს
3. სტრუქტურაფუნქციის კავშირი არგუმენტირებულად ხსნის, როგორ განსაზღვრავს სტრუქტურა ფუნქციას (მაგალითებით) ხსნის ფორმისა და ფუნქციის კავშირს ზოგადად ასახელებს სტრუქტურასა და ფუნქციას ცალ-ცალკე უჭირს კავშირის ახსნა, პასუხი ზედაპირულია ვერ აკავშირებს სტრუქტურას ფუნქციასთან
4. სასწავლო მიზნის შესრულება ცოდნა ინტეგრირებული, დამოუკიდებლად გააზრებული და გადატანილია ახალ კონტექსტში სასწავლო მიზანი მიღწეულია, ცოდნა თანმიმდევრულია მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია მიზანი სუსტად შესრულებულია სასწავლო მიზანი ვერ შესრულდა

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“