კვირა, მარტი 3, 2024
3 მარტი, კვირა, 2024

უკან, საკლასო ოთახში

„ჩემი ცხოვრების კოშმარი”, „ჩემი ბავშვობის ყველაზე მძიმე სატანჯველი”, „დღესაც მაკანკალებს სკოლის გახსენებაზე”, „წლების შემდეგ, როდესაც ჩემს დამრიგებელს შევხვდი, შიშისგან ჩავიკეცე”, „იქ თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ციხეში”, „ყველაზე დაუცველი იქ ვიყავი”, „მასწავლებლებს ჩემი არ ესმოდათ და არ სჯეროდათ”…

 

…მესმოდა ჩურჩული და ხმამაღალი წამოძახილები. ჩვენ 90-იანი წლების სკოლის შვილები ვიყავით, რომლებსაც თითქოს განგებ არ გვინდოდა, სკოლის შესახებ რამე სასიკეთო გვეთქვა, თითქოს წინასწარ შევთანხმდით, კარგი არაფერი წამოგვცდენოდა იქ გატარებულ წლებზე. ჩვენ წინ ისხდნენ ჩვენი მშობლების ასაკის ადამიანები, რომლებიც ბედნიერი ღიმილით იგონებდნენ სკოლას, მის პოზიტიურ გავლენაზე გველაპარაკებოდნენ, უკვირდათ ჩვენი სიტყვები და ამბობდნენ, რომ საუკეთესო წლები სკოლაში გაატარეს, საუკეთესო გამოცდილება იქ მიიღეს, საუკეთესო მეგობრები იქ შეიძინეს…


სამწუხაროდ, ადამიანს დიდხანს მიჰყვება უარყოფითი გამოცდილება და ხშირად ვერ ახერხებს მის დავიწყებას, ახალი გამოცდილებით გადაფარვას, ძველი შიშების დაძლევას, ძველი წნეხისგან გათავისუფლებას. ეს ყველაფერი წარუშლელ დაღს ასვამს მას და სამუდამოდ ილექება მის ცნობიერებაში. ეს გამოცდილება კი თავისუფლად შეიძლება იყოს ვითომდა ჩვეულებრივი ბულინგის ისტორია, როდესაც თანაკლასელები დაგცინიან განსხვავებული აზრის გამო, განსხვავებული ქცევის გამო, განსხვავებული ჩაცმულობის გამო, დაგცინიან იმიტომ, რომ მათი გემოვნების კრიტერიუმებში ვერ ჯდები ან უბრალოდ არ მოსწონხარ და ცდილობენ გატკინონ. ფიზიკურად გეხებიან მასწავლებლის თანდასწრებით, გაკვეთილის მიმდინარეობისას, და ეს არავის აღელვებს შენ გარდა, არავინ მიიჩნევს ამას დამცირებად, გარდა მოძალადეებისა, არავინ რეაგირებს ამაზე და გაკვეთილიც ჩვეულებრივ იწყება და მთავრდება.


ძალადობრივი რუტინა კი გრძელდება – საკლასო ოთახში, სკოლის დერეფნებში თუ სკოლიდან შინისკენ მიმავალ გზაზე. და, რაც არ უნდა პათეტიკური მოგეჩვენოთ, ეს შეუმჩნეველი ძალადობა მიწის გახეთქვაა მსხვერპლისთვის, სირცხვილის ღრმა ჭაა, საიდანა ამოსვლასაც შესაძლოა წლობით ეცადოს, მაგრამ ვერ მოახერხოს, ვერ დააღწიოს თავი ამ საპყრობილეს, ვერ დაივიწყოს დამცირება, რომელიც ზრდასრულობაშიც გაჰყვება მძიმე კომპლექსებად.


სკოლაში ზოგიერთ მოსწავლეს მხოლოდ ერთი ოცნება აქვს და ეს ოცნება სწრაფად გაზრდაა. სკოლის მალე დამთავრება, რომ ვეღარავინ შეეხოს, ვეღარავინ გაბედოს მისი დამცირება, რომ მოძალადე და მსხვერპლი გზაზე აღარასოდეს გადაიკვეთონ, აღარასდროს შეხვდნენ ერთმანეთს. ზოგჯერ ასეთი განწყობითაც მთავრდება სკოლა.


არა მგონია, ყველაფერი მხოლოდ მასწავლებლების ბრალი იყოს და უსამართლობად მეჩვენება მხოლოდ მათზე ჯოხის გადატეხვა. არც სკოლა მიმაჩნია იმ ადგილად, სადაც პიროვნება ფსიქოლოგიურად მახინჯდება, თუმცა მართლაც არის შემთხვევები, როცა სკოლაში გადატანილმა ძალადობამ ადამიანის ცხოვრება, მისი მომავალი დააზარალა, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასწავლებლის აქტიური ჩარევა და ყურადღების გამოჩენა მსგავსი პრობლემების დროს.


მე მყავდა მასწავლებლები, რომელთა წყალობით სკოლაში წასვლა მიხაროდა, რომელთა გაკვეთილებზე მშვიდად ვიჯექი და სულმოუთქმელად არ ველოდი ზარს. ისეთი მასწავლებლებიც მახსოვს, თავიანთი ფავორიტები რომ ჰყავდათ და ეს სხვა მოსწავლეებს თრგუნავდა. აქ არაფრის მტკიცებას არ ჰქონდა აზრი.


როცა ვფიქრობ, რა უნდა გაეკეთებინა ყველას, რომ ასე დაზაფრულებს არ გაგვეხსენებინა სკოლის წლები, მარტივ პასუხს ვპოულობ: თავისუფლება უნდა გვეგრძნო. ჩვენ, პატარებს, საკლასო ოთახებში გამოკეტილებს, არ უნდა შეგვშინებოდა, თუ განტოლებას ვერ ამოვხსნიდით, შიშისა და სირცხვილისგან ხელისგულები არ უნდა გაგვოფლიანებოდა, უნდა დაგვესვა კითხვები, თუნდაც სულელური, ჩვენთვის უნდა მოესმინათ და დაეჯერებინათ, უნდა გვეგრძნო, რომ სამართლიანი და თანასწორი გარემოს ნაწილი ვიყავით.


საკლასო ოთახში კი ხშირად არის უთანასწორობა და ასეთი დამოკიდებულება მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზეც მოქმედებს. უალტერნატივო ფავორიტების არსებობა სხვა მოსწავლეთა მოტივაციას თრგუნავს და ისინიც ხელჩაქნეულნი ეგუებიან თავიანთ „გამართულ სამიანებს” – ყველა ერთნაირად მებრძოლი და ამტანი ხომ არ არის?


მახსოვს, როცა სკოლა დავამთავრე, ღრმად ამოვისუნთქე და პირველად აღარ შემეშინდა. იმხელა თავისუფლება ვიგრძენი, თითქოს ძალა მომემატა და ახალ ადამიანად დავიბადე.


ამდენ სევდიან ამბავთან ერთად ბევრი ისეთიც ამოტივტივდება, რომელიც მთელ ამ უსიამოვნებებს გვავიწყებს. გვახსენდება, როგორ ვისხედით გაყინულ საკლასო ოთახებში ერთად მასწავლებლები და მოსწავლეები, მათაც სციოდათ და ჩვენც. მახსენდება მათი თვალწასული „კოლგოტკები”, ფრთამოტეხილი ქოლგები და გაქუცული ხელჩანთები, სიცივისგან აწითლებული ხელები, მახსენდება, როგორ ელოდნენ თვეობით თავიანთ სასაცილო ანაზღაურებას, მახსენდება, რომ ხანდახან გვემეგობრებოდნენ კიდეც და ჩვენ მათი გაკვეთილები გვიყვარდებოდა და მერე ყველაზე ბეჯითად მათ საგანს ვსწავლობდით, მახსენდება, რომ ზამთრის ცივ დღეებში საკმაოდ შორ მანძილს გადიოდნენ ფეხით, რათა ჩვენთვის გაკვეთილი არ გაეცდინათ.


ახლა უკვე გამუდმებით ვფიქრობ იდეალურ სკოლაზე, სადაც ჩემი შვილები თავს კარგად იგრძნობენ და სწავლის სურვილი გაუჩნდებათ. სადაც ეყოლებათ ისეთი მასწავლებლები, რომლებსაც ნამდვილად უყვართ თავიანთი საქმე, რომლებიც არასდროს დატოვებენ უყურადღებოდ ძალადობას და სამართლიანი პოზიცია ექნებათ ნებისმიერი პრობლემის მოგვარების დროს. დარწმუნებული ვარ, ასეთ სკოლას მომავალი თაობები უფრო დადებით გაიხსენებენ და მჯერა, ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი